შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის ბნელი მხარე (თავი-7)


31-03-2024, 17:07
ავტორი ანუბისი
ნანახია 2 433

8 8 8 8

არ ვიცოდი რატომ, ან რა დამსახურებისთვის, მაგრამ ბავშვობიდან ვგრძნობდი, რომ რაღაც უხილავ ძალას, ძალიან უნდოდა ამ ქვეყნად კიდევ დიდხანს მევლო. მახსოვს, ექვსი წლის ვიყავი, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს, სკოლაში წასულს, მილიმეტრებში ამაცილ ჩემკენ მთელი სისწრაფით გამოვარდნილმა ავტომობილმა. ათი წლის ასაკში, სახლში მარტო მყოფი, სამსახურიდან მამას ჩვეულებრივზე ადრე დაბრუნებამ გადამარჩინა, შემთხვევით ჩართულ მდგომარეობაში დატოვებული გაზით გაგუდვისგან. ჩემს მეთხუთმეტე დაბადების დღეზე, ორი წუთით გამოვასწარი შეიარაღებულ მძარცველს, ვინც გვიან ღამით, დიდ სუპერმარკეტში შეიჭრა და წინააღმდეგობის გაწევის მიზეზით, ორი კონსულტანტი მოკლა. პარიზში მოგზაურობისას, გაქირავებიდან გამოყვანილ მანქანაში მჯდომი, სასწაულებრივად გადავურჩი გიჟური სიჩქარით მოძრავ მოტოციკლისტთან შეჯახებას. შემდეგ საყინულის ოთახის ინციდენტი იყო, ბოლოს კიდევ ავარია, რომელშიც ზუსტად ისევე გავიმარჯვე მოსალოდნელ უბედურებაზე, როგორც ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილში.

ზუსტად არ მახსოვს კიდევ რამდენ ასეთ ხიფათითა და ფათერაკებით სავსე სიტუაციაში ამოვყავი თავი და არც ის ვიცოდი, ცხრიდან რამდენ სიცოცხლე მქონდა დახარჯული, თუმცა განგებას მაინც მადლობას ვწირავდი, რომ ჯერ კიდევ ცოცხალთა რიგებს ვეკუთვნოდი.

უნდა ითქვას, საკმაოდ რთული სარეაბილიტაციო პერიოდის გავლა მომიწია ავარიის შემდეგ. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ სრული ერთი კვირის განმავლობაში, საავადმყოფოს კედლებში მომიწია ყოფნა. ამ დროის მანძილზე, მიშოზე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ორი დღის მანძილზე დაინტუბირებული იყო, შემდეგ კი სტაბილური მდგომარეობის სტატუსით გამოიყვანეს ნარკოზიდან. მის მონახულებას, თავის ტრავმისა და შინაგანი სისუსტის გამო ვერც თავად ვახერხებდი და რომც მომეხერხებინა, ამის უფლებას არც ექიმები მომცემდნენ, თუკი უწინდელივით ჩუმად არ შევიპარებოდი პალატაში.

ამ ერთი კვირის განმავლობაში, ლოლა, კალე და სამირა, ყოველდღიურად მოდიოდნენ ჩემი და მიშოს მოსანახულებლად. რამდენჯერმე ნოლანებმაც შემოიარეს, აურაცხელი საბოდიში სიტყვებით. ბონუსად, ყველაზე ძვირიანი ტკბილეულითა და საჩუქრებით აგვავსეს, თან ის ხარჯები, რასაც დაზღვევა არ ფარავდა, მთლიანად საკუთარ თავზე აიღეს. ამასთან, ერთკვირიანი შვებულებაც გვიბოძეს საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, ხოლო ჩვენი მოვალეობების შემსრულებლად, დროებითი კადრები აიყვანეს.

საავადმყოფოში ყოფნისას, ერთი რამ მიკარგავდა მოსვენებას. თავიდან არ ამომდიოდა ის კადრი, როცა შეჯახებამდე რამდენიმე წამით ადრე, მიშო მთელი ტანით გადამეფარა წინ, თუმცა ჯერაც ვერ ვხვდებოდი რეალობა იყო ეს, თუ ჩემი წარმოსახვის კიდევ ერთი ნაყოფი. ვინ მოთვლის რამდენჯერ მომინდა ეს კითხვა თავად მისთვის დამესვა. რამდენჯერ მოვიმარჯვე ხელში, ავარიას სასწაულებრივად გადარჩენილი ჩემი ტელეფონი, რათა მიშოსთვის დამერეკა, ან მიმეწერა, თუმცა აკრებილ ტექსტებს, გამუდმებით ვშლიდი ხოლმე, ხოლო პასუხგაუცემელი კითხვები, კვლავაც შემაწუხებლად ტრიალებდნენ ჩემს არეულ გონებაში.

კლინიკიდან ისე გამომწერეს, მიშოსთან ერთხელაც არ მისაუბრია. მართალია გამოწერის დღეს ვგეგმავდი მის მოსანახულებლად შესვლას, რადგან ექიმის მიერ დანიშნული, რამდენიმედღიანი წოლითი რეჟიმის გამო, ამას სხვა დროს ვერ მოვახერხებდი, თუმცა როგორც მითხრეს, იმ მომენტში, ექთნებს რომელიღაც გეგმიურ გამოკვლევებზე ჰყავდათ გაყვანილი, ხოლო შემდეგ ლოლამაც გამომიარა, სახლში წასაყვანად და მასთან პალატაში შესვლა ვეღარ მოვახერხე.

ზუსტად ერთი კვირის თავზე, ჩემი სამსახურში დაბრუნების დღეს, მიშოც გამოწერეს საავადმყოფოდან. რესტორნის თანამშრომლებმა, ეს ამბავი ძმები ნოლანებისგან გავიგეთ, რომლებმაც ისიც დაამატეს, რომ ჩვენი დირექტორი, იქედან პირდაპირ ქალაქგარეთ გამგზავრებულიყო და მისი მოვალეობის შემსრულებელს, ივლისის ბოლომდე მოუწევდა მიშოს ადგილას ყოფნა.

ჩემს მანქანას რაც შეეხება, იმდენად იყო დასახიჩრებული, მისი შეკეთება, ალბათ ღირებულებაზე ორჯერ მეტი დამიჯდებოდა, ამიტომ, რა ნაწილებიც ვარგისი იყო, კალემ ინტერნეტის მეშვეობით გამაყიდინა, ხოლო თავად მანქანამ, ჯართის განყოფილებაში გადაინაცვლა. იმ დამღლელ, ტურისტებით გადაჭედილ თვეში, ერთადერთი სასიხარულო ამბავი ის გახლდათ, რომ ერქოლემ და ტეომ, Imagine-ს თვიური შემოსავლის გაზრდასთან დაკავშირებით, ანაზღაურება ყველას ათი პროცენტით გაგვიზარდეს და თუკი მოგება ჩვეულებრივზე ოცი პროცენტით მეტი იქნებოდა, პრემიებსაც დაგვპირდნენ.

ივლისის ოცდახუთი რიცხვი იყო. სამუშაო დროის დასრულების შემდეგ, მე და სამირა, ლოლას სახლში, კერძოდ მისი საძინებლის საწოლზე გულდაღმა გაწოლილები ვათვალიერებდით კოსმეტიკის კატალოგს და შიგადაშიგ თუ გავხედავდით ჩვენს მასპინძელს, თავის ახალ, წითელ კაბაში გამოწყობილი, ტიკ-ტოკში გამოსაქვეყნებელი ვიდეოს გადაღებით რომ იყო გართული. მარჯვენა მხარეს, კედელში დატანებული ღია, ორფრთიანი კარიდან უზარმაზარი, მთლიანად ვარდისფერში გადაწყვეტილი გარდერობის ოთახი მოჩანდა, სადაც ლოლას, ცალ-ცალკე ჰქონდა დახარისხებული ფეხსაცმელები, ჩანთები, ტანსაცმლის დასაკიდად გამოყოფილი სივრცეები და სამკაულების ზარდახშები. იქაურობა, მთელი თავისი სიდიდით, სიდიადითა და ტანსაცმლის მრავალფეროვნებით, გოგონების ფერად სამოთხეს, მათ ახდენილ ოცნებას ჰგავდა. ლოლაც ხშირად არეკლამებდა ხოლმე საკუთარ გარდერობის ოთახს ტიკ-ტოკის ვიდეოებში, ტვირთავდა სხვადასხვა საღამოს კაბებში გამოწყობილ მოძრავი სურათების ნაკრებს, რათა ხალხის ხმათა უმრავლესობას გადაეწყვიტა, რომელი იყო მათგან საუკეთესო.

პაემნისთვის, წვეულებისთვის, აუქციონისთვის, თუ სხვა რომელიმე ღონისძიებისთვის, ლოლა არჩევანს იმაზე აკეთებდა, რომელი „ლუქიც“ ყველაზე დიდ მოწონებას დაიმსახურებდა მის გამომწერებს შორის. აგრეთვე აქვეყნებდა კომიკური შინაარსის კონტენტს, სხვადასხვა ცნობილი ფილმების ანალოგ მონაკვეთებს, რის გადასაღებადაც სპეციალურადაც კი ქირაობდა დასს თეატრიდან, თავისი ვიდეოგრაფის თანხლებით. სწორედ ამიტომ იყო, რომ მისი გამომწერების რიცხვი მილიონ-ნახევარს აღწევდა და სოციალური ქსელიდან საკმაოდ სოლიდური ანაზღაურებაც შესდიოდა.

ვინაიდან გადაღებისას ყველა დეტალს ითვალისწინებდა, ეს პროცესი მისთვის მუდამ ხანგრძლივი იყო ხოლმე. სწორედ ამიტომ, ახლაც ოცი წუთის განმავლობაში პოზირებდა კამერის წინ და არც გაჩერებულა მანამ, სანამ თავისთვის სასურველი შედეგი არ მიიღო.

-ესეც ასე, ახალი საჩუქარი ჩემი ერთგული გამომწერებისთვის -მხიარული სახით შემობრუნდა ჩვენკენ ლოლა. თავის სამოსში იმდენად ლამაზად გამოიყურებოდა, კიდევ ერთხელ ვიგრძენი გულისწყვეტა, რომ ეს ადამიანი, თავის სილამაზესა და სხეულს, ასე უდიერად „ჩუქნიდა“ ყოველ მეორე იდიოტს, ვინც კი ვიზუალური მონაცემებით მოხიბლავდა.

-საჩუქარი რატომ? -ჟურნალიდან თავი წამოყო ჩემს გვერდით გაწოლილმა სამირამ.

-იმიტომ, რომ ვათამაშებ. ხომ იცი, გოგონებს როგორ უყვართ გათამაშებაში მოგებული ინფლუენსერების ტანსაცმელი?

-მე არ მიყვარს

-შენ არც არაფერი გიყვარს, რაც წესით ქალს უნდა უყვარდეს

-ტყუილია, ყავა უყვარს -მაშინვე გამოვესარჩლე სამირას და თვალი ღიმილით ჩავუკარი.

ლოლამ ფრთხილად გაიხადა თავისი წითელი კაბა, მას კვლავ საკიდზე მიუჩინა ადგილი და მხოლოდ შავი ფერის შიდა თეთრეულში გამოწყობილი, ხვნეშით მოგვიწვა გვერდით.

-თქვენი არ მესმის -დაიწყო მან და მაღლა, ცხენის კუდად აკრული გრძელი თმა მხრებზე ჩამოიშალა -ახალგაზრდა გოგონები ხართ, არც ჭარბი წონა გიშლით ხელს და არც სიმახინჯე, რათა მამაკაცი გყავდეთ, თქვენ კიდევ წევხართ და კოსმეტიკის ჟურნალებს ფურცლავთ

-მორჩა, ისევ დაიწყო -მის სიტყვებზე თვალები გადაატრიალა სამირამ, რაზეც მალევე მიიღო საპასუხო დარტყმა ლოლასგან:

-შენ საერთოდ გაჩუმდი! იმდენად კაცთმოძულე ხარ, ალბათ ბედობის დღესასწაულზე რომ გესტუმრო, კარს არც კი გამიღებ, იმის შიშით, ბევრი კაცი დამებედებაო

ამაზე, მეც და სამირასაც ისეთი სიცილი აგვიტყდა, კარგა ხანს ვეღარ გავჩერდით. მხოლოდ ლოლა არ იცინოდა და დაბღვერილი სახით შემოგვცქეროდა ხან ერთს, ხანაც მეორეს.

-აზრი არ აქვს რაა თქვენთან ლაპარაკს -დაასკვნა ბოლოს -ჯობს, ავდგები და მესამე მეგობარსაც გავიჩენ. იქნებ ის მაინც გათხოვდეს, რომ მის ქორწილში ხელისმომკიდე ვიყო. წარმოიდგინეთ რა მაგარი იქნება — მოკლე, თოვლისფერ კაბას ჩავიცვამ, თავზე ყვავილების გვირგვინს გავიკეთებ და ხელის მოწერის ცერემონიაზე, ფერიებივით გამოწყობილ, პატარა, ლამაზ გოგონებთან ერთად, საქორწინო ბილიკზე მიმავალ პატარძალს, კალათიდან ამოღებული ვარდის ფურცლებს დავუბნევ წინ

-ერთი ტიკ-ტოკის ვიდეო, ხელისმომკიდის ამპლუაშიც უნდა გქონდეს, არა?

-მარიტა ნერვებს მიშლი! რაც იმ ავარიის დროს დაგაკლდა, მე ნუ დამამატებინებ

-ავარიაზე გამახსენდა -მაშინვე სამირას გავხედე ამის თქმისას -ხომ არ იცი მიშო სად დაიკარგა? ნოლანებმა მხოლოდ ის თქვეს, ქალაქგარეთაა მნიშვნელოვან საქმეზეო, თუმცა კონკრეტულს არავინ არაფერს ამბობს

-მე საიდან უნდა ვიცოდე? -მხრები აიჩეჩა -საავადმყოფოში მხოლოდ ძველი მეგობრობის ხათრით ვნახულობდი, ახლა კი მისი ამბებით დემეტრე დაინტერესდეს. ისიც მეყოფა, რომ იმ პალატაში ზედმეტად ხშირად მომიწია ორივე მათგანთან შეხვედრა

-მიშოს ამბებით რატომ ინტერესდები? -დაეჭვებული თვალებით მიყურებდა ლოლა -ადრე სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყავი, თუკი მთელი დღის განმავლობაში არსად გადაგეყრებოდა

-იმიტომ ვინტერესდები, რომ ეს ინციდენტი ორივეს ერთად შეგვემთხვა და ადამიანურად მაინტერესებს სად არის და როგორ

-მეც არაფერი ვიცი -თავი გააქნია ლოლამ -რამდენიმე დღის წინ მოკითხვა მინდოდა, დავურეკე კიდეც, მაგრამ გამორთული ჰქონდა

-უცნაურია

-ჰო, ვიცი -დამეთანხმა იგიც. ჩვენ სამში, მხოლოდ სამირა არ ინტერესდებოდა ამ ყველაფრით და კვლავ უდარდელად განაგრძობდა ჟურნალის თვალიერებას.

დამთხვევების არასდროს მჯეროდა. მით უმეტეს ასეთი სამიზნეში მორტყმული დამთხვევების, თუმცა ის ფაქტი, რომ ჩემს ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა და მას ის ზედმეტსახელი დაეწერა, რომლითაც მიშო მყავდა კონტაქტებში შეყვანილი, რამდენჯერმე თვალების დახუჭვისა და გახელის შემდეგაც უცვლელი რჩებოდა.

ტელეფონი ხელში ისე ავიღე, გოგონებისთვის არაფერი მითქვამს. ჯერ თავადაც ვერ მოვსულიყავი გონს იმის გამო, რომ მიშოს სახელის ხსენება და მისი გამოჩენა, სულ რაღაც სამი წუთის ინტერვალში მოხდა. მეორეს მხრივ, ლოლას მითქმა-მოთქმის მოსმენა არ მსურდა, ვინც, ზუსტად ვიცოდი, ამ ყველაფერს ბუზიდან— სპილოდ გადააქცევდა, ამიტომ, შეტყობინებას, სადაც მიშო მეკითხებოდა, შემეძლო თუ არა ახლავე შევხვედროდი, უჩუმრად მივაფარე ხელი და საწოლიდან სწრაფად წამოვდექი.

-გოგოებო, მე რაღაც საქმე გამომიჩნდა, ერთი საათით უნდა გავიდე

-ხომ შევთანხმდით, რომ დღეს ორივენი ჩემთან რჩებოდით?

-ვრჩები კიდეც ლოლა, უბრალოდ ცოტა ხნით ჩემს ბინაში შევივლი, მგონი დილით გაზქურა დამრჩა ანთებული, თან რაღაც პირად ნივთებსაც წამოვიღებ -სასწრაფოდ გამოვაცხვე ტყუილი და ჩემი ტვინი გულში შევაქე კიდეც, ასე სხარტად მუშაობის გამო.

-მალე დაბრუნდი, ამასთან მარტო დიდხანს ნუ დამტოვებ -ვედრების ტონით მომაძახა სამირამ და რამდენიმე წამში, თავში ბალიშიც მიიღო ლოლასგან, თავისი სიტყვების გამო.



* * *
შეხვედრა სანაპიროზე დამითქვა, თუმცა რატომ მაინცდამაინც იქ, ამით არ დავინტერესებულვარ. უბრალოდ მის გაზიარებულ ლოკაციას მივყევი და როგორც კი ზღვასთან ახლოს მჯდომი, თეთრ პერანგში გამოწყობილი სილუეტი შევნიშნე, სწრაფი ნაბიჯებით დავიძარი მისი მიმართულებით.

უცნაური იყო ამდენი ხნის შემდეგ მიშოსთან შეხვედრა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს საუკუნე აღარ მყავდა ნანახი. იმ მომენტში, გოაზე გატარებული ჩვენი ბოლო საღამო მომაგონდა, როცა ზღვის ნაპირას, ერთმანეთის გვერდიგვერდ ვისხედით და ჩამავალი მზის სხივების ფონზე ვსაუბრობდით. მართალია, ახლა უკვე ღამე იყო და დაისიც უკვე კარგა ხნის დასრულებული გახლდათ, თუმცა რატომღაც მაინც დე-ჟა-ვუს შეგრძნება დამეუფლა.

ღამით, მით უმეტეს ზღვასთან ახლოს, ოდნავ აგრილებულიყო, რის გამოც, ჩემს ზურგამოღებულ, ალუბლებიან სარაფანში ოდნავ შემცივდა, თუმცა გონება იმდენნაირი ფიქრით მქონდა დატვირთული, ამას დიდად ყურადღებას არც ვაქცევდი.

ჩემგან ზურგით მჯდომ მიშომდე მისასვლელად, დაახლოებით ასიოდე სანტიმეტრი მქონდა დარჩენილი, როდესაც მის სმენას, ნაბიჯების ხმა მისწვდა და ნახევარი ტანით მოტრიალდა უკან. თავიდან ფეხებამდე ჩამომატარა მზერა მეფარიშვილმა, თითქოს ცდილობს ტანსაცმელზე მიმაგრებული მოსასმენი მოწყობილობა მიპოვოსო. შემდეგ კვლავ ჰორიზონტის ხაზს გახედა და ზღვიდან მონაქროლი გრილი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.

-დაჯექი, რაღაც მნიშვნელოვანი საქმე მაქვს -მითხრა და ხმის ტონითაც მიმანიშნა, რომ ვითარება სერიოზული იყო.

-მოხდა რამე?

-რა აღარ მოხდა -მწარედ ჩაეცინა, როგორც კი გვერდით მივუჯექი -მახსოვს, ეგ კაბა ერთხელ ეგვიპტეშიც გეცვა

ტანსაცმელზე ინსტიქტურად დავიხედე. მე, ვისაც ხშირად ისიც არ მახსოვდა, რა მოვამზადე ვახშმად გასულ ღამით, ძალიან მეუცნაურა, რომ მიშოს გონება, ასეთ პატარა წვრილმანებსაც ინახავდა, ამდენი ხნის გასვლის შემდეგაც კი.

-დაუჯერებელია ეგ რომ გახსოვს. იქ გადაღებული სელფები მაქვს შენახული, თორემ ამას თვითონ ვერაფრით გავიხსენებდი

-არც ის გახსოვს, რატომ მოგიწია მაშინ პარიზში წასვლის გაუქმება და ჩემთან ერთად, ეგვიპტეში გამგზავრება?

-მახსოვს -ღიმილი მომადგა ამის თქმისას -სანაზლეო წავაგე, რომ თვითმკვლელთა ტყეში არ შემეშინდებოდა

-და პირველივე ხიდან ფოთლის ჩამოვარდნისას, ლამის მთლიანად ჩემს კისერზე გადმოინაცვლე

-აზვიადებ

-ბავშვობიდან მიყვარდა ჰიპერბოლები

-კარგი, შეეშვი ხუმრობას და მითხარი აქ რისთვის დამიბარე -სასწრაფოთ დავიჭირე ოფიციალური ტონი. რატომღაც მთელი ჩემი გონება უფრთხოდა ამ ადამიანთან შინაურულ კონტაქტში შესვლას, თუმცა რისი მეშინოდა ასე ძალიან, ეს თავადაც არ ვიცოდი.

მიშომ არაფერი მიპასუხა. რამის თქმის მაგივრად, ცოტა ხანში ჯიბიდან ტელეფონი ამოაცურა. გალერია გახსნა და მანიშნა ეკრანისთვის მეც შემეხედა.

-ახლა ერთ ვიდეოს გაჩვენებ და დასკვნები თვითონ გამოიტანე -სერიოზული ხმა ჰქონდა მას. მზერა კიდევ უფრო სერიოზული.

-რა ვიდეოა?

-უყურე და მიხვდები

-წინასწარი მონახაზი მჭირდება

-ნუ გეშინია, პორნოს არ გირთავ -მომიგო თუ არა, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე გაუშვა ვიდეო-რგოლი და მეც დიდი ყურადღებით დავიწყე იმაზე დაკვირვება, თუ რა მოხდებოდა მასში.

ეკრანზე შეხედვის თანავე Imagine-ს საპარკინგე ზონა მოხვდა ჩემი მხედველობის არეალში. თითქოს განსაკუთრებული არაფერი იყო, ირგვლივაც სიმშვიდე სუფევდა, თუმცა მალევე რაღაც სხვაც შევნიშნე და მხედველობა დავძაბე. ავტოსადგომზე დაყენებულ მანქანებს შორის, ერთ-ერთი ჩემი იყო, მას კი ვიღაც საეჭვო, კაპიუშონიანი ტიპი მიახლოვებოდა და მარცხენა ბორბალთან ისე ჩამუხლულიყო, თითქოს მტაცებელი, მსხვერპლის გამოვლას ელისო. ზუსტად ვერ მივხვდი ეს ტიპი რას აკეთებდა, თუმცა ხელში რომ რაღაც საგანი ეჭირა და ამ საგნის გამოყენებით, პერიოდულად ჩემს მანქანას უტრიალებდა, ჩანაწერიდან ეს საკმაოდ კარგად გავარჩიე.

-მიშო, რა ხდება აქ? -ვკითხე იმ გრძნობით აღვსილმა, რომ აუცილებლად რაღაც ცუდის მოსმენა მომიწევდა და ასეც მოხდა:

-ის ხდება, რომ შენი ავარია შემთხვევითი არ იყო. მე უბრალოდ ცუდ დროს, ცუდ ადგილას აღმოვჩნდი

-რას გულისხმობ? რას ნიშნავს შემთხვევითი არ იყო?

მეფარიშვილმა ტელეფონი შეინახა და გამჭოლი მზერა მესროლა.

-წინასწარ განზრახულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე -ისე მშვიდად თქვა, თითქოს ძილის წინ ლამაზ ზღაპარს ყვებაო -ხომ გახსოვს ის ტიპი, მანქანაში ჩაჯდომამდე რომ დავინახეთ ორივემ? საეჭვოდ რომ იქცეოდა და ავტოსადგომის დატოვებისას, უკან-უკან იყურებოდა?

ჩემმა ტვინმა, თითქოს პაზლის აწყობა დაიწყო იმ მომენტში. გამახსენდა კაპიუშონიანი, იდუმალი ადამიანი, ვისთვისაც, იმ დღეს მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ მიმიქცევია და მივხვდი, რომ კამერაზე ჩაწერილი პიროვნება, სხვა ვერავინ იქნებოდა, თუ არა იგი.

-მოიცა, მოიცა -ღრმად ჩავისუნთქე, რათა აფორიაქებულს, საუბრის გასაგრძელებლად ძალა მქონოდა -გინდა თქვა, რომ სამუხრუჭე სისტემა თავისით არ მოშლილა და ამაში მაგ ადამიანის ხელი ურევია?

-ზუსტად . . . ტოპ-სიახლე კი ის არის, რომ ეგ ტიპი ლეოს მითითებას ასრულებდა

აი, ამის მოსმენის შემდეგ კი ნამდვილად ჩამივარდა ენა. მართალია, თავადაც უცნაურად მეჩვენებოდა ჩემი მანქანის ასე მოულოდნელი მწყობრიდან გამოსვლა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ადრე მსგავსი სახის პრობლემას არასდროს ვყავდი შეწუხებული, თუმცა საქმე რომ ასე ბინძურ, ჩახლართულ და წინასწარ განზრახულ ბოროტებასთან მექნებოდა, აშკარად ვერ წარმოედგინა.

-ხუმრობ, არა?

-საერთოდ არ ვხუმრობ და ახლა უკვე ისიც მესმის, რატომ გაერიდა ამ ქალას. შენთვის თავის დანებება არასდროს ყოფილა მის გეგმებში

-მაგრამ ეს რატომ გააკეთა? ჩემი მოკვლის მცდელობა უკვე ზედმეტად მაოცებს -შოკისგან აზრებს ძლივს ვუყრიდი თავს და მათი სიტყვებად გადაქცევაც კი მიჭირდა.

-ფსიქოპათია მარიტა. არ შეუძლია იმ ფაქტის ატანა, რომ დედამიწაზე არსებობს ქალი, ვინც მოუნდა და მისი არ გახდა. თუ თავისას ვერ ისწორებს, ურჩევნია საერთოდ არ არსებობდე

-ჰოო? და რომ მოვმკვდარიყავი თავს მშვიდად იგრძნობდა? -ბრაზი იმდენად მახრჩობდა, გონებაში ათჯერ მაინც წარმოვიდგინე, როგორ გავუტეხავდი ცხვირს ლეოს, ამ გულისამრევი ქმედების გამო -კარგი, კარგი, ახლა ის მითხარი, შენ საიდან იცი ეს ყველაფერი? რა მიზეზით ადებ ხელს მაგ ადამიანს?

-შენი აზრით, მთელი ეს პერიოდი რით ვიყავი დაკავებული? -მკითხა მან, თან ისეთი ორაზროვანი მზერა მესროლა, ჩემთვის უკვე ყველაფერი დღესავით ნათელი გახდა.

-აჰა, ანუ როდესაც ნოლანები ამბობდნენ ქალაქგარეთ არისო, შენ სინამდვილეში გამოძიებას ედექი სათავეში

-ეგ ძალიან ხმამაღალი ნათქვამია -ოდნავი ღიმილით გამომხედა -მაგრამ საავადმყოფოში წოლისას, საკმაოდ ბევრი დრო მქონდა იმისთვის, რომ ბევრი რამ მომჩვენებოდა საეჭვოდ

-ერთი რამ არ მესმის -მოხრილ ფეხებს, მკლავები შემოვხვიე და ნიკაპით მარცხენა მუხლს დავეყრდენი -ჩანაწერი იმდენად კარგი რაკურსით არის გადაღებული, იმ ადამიანის სახის გარჩევაც თავისუფლად შეიძლება, მე კი მანქანა ისეთ ადგილას გავაჩერე, რესტორნის კამერები მაგ ტიპს ასე ნათლად ვერაფრით ვერ დააფიქსირებდნენ. მაქსიმუმ მისი ზურგი დანეახათ და მორჩა.

მეფარიშვილმა თანხმობის ნიშნად დამიქნია თავი. როგორც ჩანდა, ამ ამბის უკან კიდევ რაღაც იმალებოდა. რაღაც ისეთი, რაც აიზბერგის ქვედა მხარესავით იდუმალებით იყო მოცული.

-რესტორნის წინ რომ პატარა უბნის მარკეტი დგას, ხომ გაქვს შემჩნეული? -მკითხა მან. სახეზე ეტყობოდა, ამოცანის პასუხი სწორედ ხსენებულ მარკეტთან იყო კავშირში.

-ჰო შემჩნეული მაქვს, მერე?

-მისი მეპატრონე ერთი მოხუცი კაცია, ახლოს ვიცნობ. მარკეტში თავის არასრულწლოვან შვილისშვილს დააწყებინა მუშაობა და ეჭვი ჰქონდა, რომ ფულს პარავდა. ერთ დღეს მთხოვა სათვალთვალო კამერები მეშოვნა და საკუთარი ხელით დავუყენე ერთი შიგნით, მერე გარეთ. ეგ ჩანაწერი, სწორედ იმ მაღაზიის კამერამ გადაიღო. როგორც ჩანს, იმ ადამიანს წარმოდგენა არ ჰქონდა ამის შესახებ, თორემ სახეს უფრო კარგად შენიღბავდა.

ღრუბლები, რომელიც მთელ ამ ისტორიას ბუნდოვანს ხდიდა, ნელ-ნელა გადაიყარა და უკვე თვალნათლივ შევძელი არსებული სურათის წარმოდგენა. როგორც ჩანდა, წინასწარ დაგეგმილ მკვლელობას სასწაულებრივად ვიყავი გადარჩენილი, ხოლო მიშო, ჩემი მფარველი ანგელოზის როლში გამოდიოდა, ვინც უბედურების მოხდენისგან მიხსნა.

-არ ვიცი . . . არც კი ვიცი რა ვთქვა . . . აიქიუ აღარ მყოფნის, რათა იმ ლეოს ფსიქოლოგიას ჩავწვდე

-დამშვიდდი, ახლა უკვე პოლიცია ეძებს

-კარგი რაა, უკვე საზღვარგარეთაა და იქაური პოლიცია დიდად არ შეიწუხებს თავს, ეს ზუსტად ვიცი

-საქართველოშია მარიტა. ის ადამიანი, ვინც შენი მანქანა დააზიანა, უკვე დაკავებულია და მან აღიარა, რომ ლეოს გამგზავრების ამბავი ფეიკ-ნიუსი იყო. მაგ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, პირადადაც კი შეხვედრია გონიოში, რათა შეპირებული თანხის ნახევარი მიეღო, საქმის საბოლოოდ დასრულებამდე

-ამით ასე დაინტერესებული რატომ ხარ? -თავში იმდენი კითხვა მიტრიალებდა, უკვე აღარ ვიცოდი რომელი ერთი დამესვა, თუმცა საბოლოო არჩევანი მაინც ყველაზე აქტუალურზე შევაჩერე -ვერ გამიგია, რატომ მეხმარები?

-დაგავიწყდა იმ მანქანაში რომ ერთად ვიჯექით?

-არაფერი დამვიწყებია. პირიქით, ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს და ერთი კითხვა არ მასვენებს -უზარმაზარი ტვირთის თრევისგან დაღლილი ადამიანივით ამოვიხვნეშე. რატომღაც ჩავთვალე, ახლა უკვე შესაფერისი დრო იყო იმ საუბრისთვის, რომლის წამოწყებაც აქ მოსვლის მომენტიდან მინდოდა და მტკიცედ გადავწყვიტე წამიც აღარ დამეკარგა:

-შეგიძლია ერთი რამ მითხრა?

მიშომ მხრები უდარდელად აიჩეჩა, რითაც მანიშნა პრობლემა არააო.

-მინდა კითხვა დაგისვა და იმ ადამიანების ხსოვნას გაფიცებ, ვინც შენთვის ძვირფასნი იყვნენ, რომ რაც არ უნდა გკითხო, სიმართლეს იტყვი

-მტკივნეულ ადგილას მირტყამ, არა?

-მაპატიე, მაგრამ სხვა შემთხვევაში შეიძლება მომატყუო -თავი დამნაშავესავით ჩავხარე. მეც არ მესიამოვნა მიშოსთვის ოჯახის ტრაგედიის შეხსენება, თუმცა თავს მხოლოდ იმით ვინუგეშებდი, რომ მას შემდეგ ძალიან დიდი დრო იყო გასული და გული იმდენად აღარ ეტკინებოდა.

-და ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია წამოღებული გაქვს?

-რა კონსტიტუცია? -გვერდულად გავხედე. ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, ან რა შუაში იყო ეს ჩვენს საუბართან.

-რამეზე ხომ უნდა დავიფიცო, რომ ვიტყვი სიმართლეს, სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა?

-ნუ მაიმუნობ რაა -სიცილით ავატრიალე თვალები -უბრალოდ დაიფიცე

-კარგი, ჩემთვის საყვარელი ადამიანების ხსოვნას გეფიცები გულწრფელი ვიქნები

მიშოს პირდაპირ თვალებში შევხედე. შეიძლება ენას მოეტყუებინა, თუმცა ადამიანის თვალები არ იტყუებოდნენ და მეც ზუსტად მათში ამოვიკითხე ზუსტად იგივე, რაც სიტყვიერად მოვისმინე, რამდენიმე წამის წინ.

-მოდი, აღარ გავწელავ და პირდაპირ გკითხავ

-გისმენ -მომლოდინე სახით შემომაცქერდა და მეც აღარ დამიყოვნებია დიდხანს:

-შეჯახებისას მართლა გადამეფარე წინ, თუ უბრალოდ ტრავმის გამო მომეჩვენა ეს ყველაფერი?

მიშომ ღიმილით გახედა უკიდეგანო ზღვას და ქვედა ტუჩს კბილები მოსდო. როგორც ჩანდა, ასეთ შეკითხვას ნაკლებად ელოდა, თუმცა ვინაიდან დაიფიცა, უკან დასახევი გზა უკვე მოჭრილი ჰქონდა.

-არა, არაფერი მოგჩვენებია -მითხრა მან და ამ პასუხით, ჩემს გონებაში ყველაფერი რევოლუციურად ამოაყირავა. ვიგრძენი როგორ დამასხა ხელის გულებზე ცივმა ოფლმა. უჩვეულო თავბრუსხვევაც ვიგრძენი და პულსაციის შესამჩნევი ცვლილებაც. წამით ისიც კი ვიფიქრე, რომ ეს სიტუაცია ჭკუიდან შემშლიდა, თუმცა დროულად შევძელი საკუთარი თავის მწყობრში მოყვანა.

-რის გამო გააკეთე ეს? -იმდენად ოფიციალური ხმით ვკითხე, ვერავინ მიხვდებოდა რეალურად რას ვგრძნობდი, ან რა მძვინვარე ქარიშხალი ტრიალებდა ჩემს გულში რამდენიმე წამის წინ.

-იმის გამო, რომ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს. შენ თბილ ლოგინში, შვილებით, შვილისშვილებით და შვილთაშვილებით გარემოცულმა უნდა დახუჭო თვალები, სახეზე ღიმილითა და იმ შეგრძნებით, რომ ამ ქვეყნად ყველაფერი გააკეთე, რისი გაკეთებაც გინდოდა

-და შენ?

-რა მე? -გაეღიმა -ხომ ხედავ, ცოცხალი ვარ, გელაპარაკები, ცოტა ხნის წინ ნერვებიც მოგიშალე

-მშვენივრად იცი რასაც ვგულისხმობ. რამე რომ დაგმართნოდა?

-იმაზე ლაპარაკი არ მიყვარს, რაც არ მომხდარა

-საკმარისია რა! -ფეხზე განერვიულებული წამოვხტი. უკვე წყობიდან გამოვყავდი იმ ფაქტს, რომ ეს ადამიანი, დღითიდღე უფრო და უფრო მირევდა ტვინს -შენგან ვერაფერზე ვიღებ პასუხს! უკვე მეორედ მაყენებ ისეთ მდგომარეობაში, როცა მთელი დრო იმაზე ვფიქრობ, თუ რატომ მოიქეცი ასე

-პირველი რომელი იყო? -კვლავ ეღიმებოდა. როგორც ჩანდა, ჩემი რეაქცია ძალიან ამხიარულებდა, თუმცა იმდენად ვიყავი გაღიზიანებული, ენას მაინც ვერ ვაჩუმებდი.

-როცა საყინულის ამბების მერე, კლინიკაში ის სიტყვები მითხარი

-რომელი, საავადმყოფოს ხალათში, აწეწილი თმითა და მაღალი ტემპერატურითაც გიჟურად ლამაზი რომ ხარ? -ისეთი თვალებით შემომხედა ამის თქმისას, ვინატრე მიწას პირი გაეხსნა, ან ალისას მსგავსად სადღაც, გაურკვეველ ადგილას აღმოვჩენილიყავი, ოღონდ კი ის უხერხულობა არ მეგრძნო, რასაც ახლა სხეულის თითოეული ნაწილაკით ვგრძნობდი.

-ჰო, ზუსტად ეგ

-ვხედავ გულში ჩაგრჩენია

-გეყოფა ჩემთვის ტვინის არევა მეფარიშვილი! ბოლოს და ბოლოს მითხარი, რის მიღწევას ცდილობ?!

მიშო ფეხზე წამოდგა და ცოტა ხნით მღელვარე ზღვას მიაშტერდა. შემდეგ მაჯაზე თითები ნაზად შემომხვია და ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა.

-გაინტერესებს რის მიღწევას ვცდილობ?

-თანაც ძალიან

-მინდა მესამედაც ჩაგაგდო ისეთ მდგომარეობაში, რომ ჩემი საქციელისთვის ახსნის მოძებნა გაგიჭირდეს -თქვა თუ არა, ერთი ხელით მაჯები გამიკავა ზურგს უკან, მეორე წელზე შემომხვია და ჩვენს შორის მანძილი დასაშვებზე მეტად შეამცირა. სანამ კიდევ მოვასწრებდი ხმის ამოღებასა და რამე შეკითხვის დასმას, მისი ტუჩები უკვე თავდავიწყებით კოცნიდნენ ჩემსას.

იმდენად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, რამდენიმე წამით სრულიად პარალიზებული ვიდექი მეფარიშვილის წინ. წინააღმდეგობის გაწევის სურვილი მხოლოდ მაშინ გამიჩნდა, როდესაც გონებამ ყველაფერი ბოლომდე გადახარშა, თუმცა რატომღაც ესეც ვერ გავაკეთე. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო ხარბად, ვნებიანად და მომთხოვნად მკოცნიდა. მეზიზღებოდა საკუთარი თავი ასეთი უმწეობის გამო, თუმცა ამაზე მეტად, იმის გამო მეზიზღებოდა, რომ მიშოსთან სიახლოვე არანაირ უსიამოვნო გრძნობას არ მიტოვებდა. პირიქით, მსიამოვნებდა კიდეც და ვინ მოთვლის რამდენჯერ მომინდა პროცესში თავადაც ავყოლოდი.

წარმოდგენაც არ მქონდა რა მემართებოდა. მისი სურნელი, მისი ბაგეებიდან წამოსული სასიამოვნო სითბო, ენა, რომლითაც მაცდურად ეხებოდა ჩემს ენას, თითქოს მთიშავდა და გარშემო ყველაფერს მავიწყებდა.

ლამის უსასრულობამდე გაგრძელდა ეს ყველაფერი. იმდენად დიდხანს არ მოშორებია ჩემს ტუჩებს, მეგონა ამას არც არასდროს გააკეთებდა, თუმცა საბოლოოდ მაინც გაჩერდა, მაჯებზე მოჭერილი ხელი ფრთხილად ამიშვა და სუნთქვაგახშირებულმა შუბლზე, შუბლი თვალებდახუჭულმა მომადო.

ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს თვალებში შემოხედვას გაურბოდა. ამ ადამიანისგან მსუბუქად წამოსული სუნამოს არომატი თავბრუს იმდენად მახვევდა, თავს ძლივს ვიკავებდი, რომ პერანგის საყელო არ ჩამომეწია და მეფარიშვილის კანიდან მთელი ეს არომატი ერთიანად არ ამომესრუტა.

-მუდამ იღბლიან ნაბი*ვრად ვთვლიდი -თქვა მან ჩურჩულით, ისე, რომ დახუჭული თვალებისთვის მდგომარეობა არ შეუცვლია.

-ვის?

-იმას, ვინც ერთ დღეს შენი ცხოვრების მამაკაცი გახდებოდა. ვფიქრობდი, მის ადგილას საწოლიდანაც არ ავაყენებდი-მეთქი

-მიშო, ცოტა ხნის წინ რა გააკეთე? -გავაჟღერე ის შეკითხვა, რომელიც მთელი ეს დრო მიტრიალებდა გონებაში, თუმცა მის ხმამაღლა წარმოთქმას ვერ ვბედავდი.

მეფარიშვილმა ჯერ თვალები გაახილა, მერე კი ნახევარი ნაბიჯით მომშორდა. მომინდა პასუხი სწორედ მის მზერაში ამომეკითხა, თუმცა იქ სრული ქაოსი იყო და განვლილი ეპიზოდი ჩემთვის კვლავ გამოცანად რჩებოდა.

-რაც ცოტა ხნის წინ გავაკეთე, შენც მოგეწონა მარიტა

-არა! -მაშინვე გავაქნიე თავი უარყოფის ნიშნად. ფეხებითაც რომ დავეკიდე, მაინც არ გამოვტყდებოდი იმაში, რომ მისი ასეთი საქციელი ჩემთვისაც არ იყო უსიამოვნო შეგრძნებების მომტანი -ქალი კოცნის გემოს მაშინ გრძნობს, როდესაც ამას თავისთვის სასურველ ადამიანთან აკეთებს. ეს გაუგებრობის გარდა არაფერი ყოფილა!

-ვგრძნობ, როცა იტყუებიან

-როგორც ჩანს, რაღაცას არასწორად გრძნობ

მიშოს მზერა ისეთი ღრმა და დაჟინებული გახდა, მთელი ნებისყოფის მოკრება დამჭირდა, რომ ამ მზერისთვის ღირსეულად გამეძლო და თვალი მორცხვი გოგოსავით არ ამერიდებინა.

-რაც არ უნდა თქვა, იმ შეგრძნებებს მაინც ვერ გადაფარავს. მაგ ტუჩების გემო ბოლომდე შევიგრძენი და . . .

-და რა? -შინაგანად ვგრძნობდი, რომ ეს დიალოგი უკვე საკმაოზე მეტად მძაბავდა.

-და მივხვდი, რომ შენი ყოველი დანახვისას მომინდება ეს კიდევ ერთხელ გავიმეორო -თქვა თუ არა, ჩემს ყურთან დაიხარა, შიშველ ზურგზე თითები ნაზად ჩამომიტარა და სანამ უკანმოუხედავად წავიდოდა, ჩამჩურჩულა:- მორჩა მარიტა, იმ აზრებს, რომ არანაირი შანსი არ მაქვს, სანაგვეზე ვისვრი და შენზე ნადირობას ვიწყებ . . .





****ეგვიპტე****

მიშოსთან ერთად ეგვიპტეში მოგზაურობა, ყველაზე ხანგრძლივი და უცნაური გამოდგა მათ შორის, რაც კი აქამდე ერთად გვემოგზაურა. ჩემი დადებული პირობა, რომ ფრანგულ შვებულებას გავაუქმებდი, თუკი თვითმკვლელთა ტყეში ერთხელ მაინც შემეშინდებოდა, ჩემსავე საზიანოდ დასრულდა და ევროპის ნაცვლად, აფრიკის კონტინენტზე ამოვყავი თავი, მიშოსთან ერთად, თანაც გაცილებით უფრო დიდი ხნით, ვიდრე ეს თავდაპირველად ჰქონდა დაგეგმილი. ვინაიდან, აქ უკვე არა ექსკურსია-მძღოლი, არამედ მეც რიგითი ტურისტი ვიყავი, ჩემი ხარჯებით დავაფინანსე ჩემივე საჭიროებები.

მართალია, კუთვნილი შვებულება სულ სხვაგვარად წარმომედგინა და ფრანგული ენის ნაცვლად, ირგვლივ არაბული საუბარი მესმოდა, თუმცა არც აქაურობას გაუცრუებია ჩემთვის იმედები. ყველაზე გასაოცარი მაინც ის იყო, რომ იმ მიწაზე მედგა ფეხი, სადაც ოდესღაც ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ცივილიზაცია არსებობდა. მახსოვს, სკოლის მოსწავლეობის პერიოდში ძალიან დაინტერესებული ვიყავი ეგვიპტის კულტურით, მუმიფიცირების რიტუალის დეტალებით, მითოლოგიითა და ზოგადად ყველაფრით, რაც კი ამ იმპერიას ეხებოდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ საფრანგეთზე გული დიდად არ მწყდებოდა და ვცდილობდი ყოველი წუთი მაქსიმალურად გამომეყენებინა, რათა აქ ყველაფერი მენახა, რისი ნახვაც კი ღირებული იყო.

არ ვიცი აქაური ჰაერი მოქმედებდა ჩემზე, თუ თურბოლენტურ ზონაში მოხვედრამ გადამიბრუნა ტვინი, მაგრამ იმ დღეებში, მიშოს ჩემს გვერდით ყოფნაც კი არ მიქმნიდა დისკომფორტს. უბრალოდ საკუთარ თავს ჩავაგონე, რომ ამ შვებულებით მაქსიმალურად მესიამოვნა, ნერვები არაფერზე მომეშალა და როგორც მილიარდელის ქალიშვილს, მიშოც ჩემს სექსუალურ, პირად დაცვად წარმომედგინა, ვინც გვერდით ჩუმად მედგებოდა, ზედმეტად ხმასაც არ ამოიღებდა და საჭიროების შემთხვევაში, მძიმე ჩანთების წამოღებაში გამიწევდა დახმარებას.

ვინაიდან, ეგვიპტისთვის ორი კვირა გამოვყავით და დროც თავზე საყრელად გვქონდა, ტური შარმ-ელ-შეიხით დავიწყეთ. მართალია, იქაურობას ჩემში ისეთი გრძნობები არ გამოუწვევია, როგორც გოას პლაჟებს, თუმცა ვერ უარვყოფდი, ამ საზღვაო კურორტისთვის ერთი დღის დათმობა ნამდვილად ღირდა. შემდეგი უკვე ქაირო იყო, სადაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ეგვიპტის მუზეუმმა მოახდინა. იმდენად დიდიც, რომ მიშომ ძლივს მოახერხა ჩემი გარეთ გაყვანა და იმ ეგვიპტური არტეფაქტებისთვის მოწყვეტა, რომელთაც მუზეუმის თანამშრომლებისგან მალულად ვუღებდი ფოტოებს, ჩემი სამოგზაურო ალბომისთვის.

დასამახსოვრებელი იყო აქლემებით სეირნობა. აგრეთვე უდაბნოში ბედუინებთან ვახშმობა, რომლებიც სულაც არ აღმოჩნდნენ ისეთი უცნაურები და საშიშები, როგორებიც აქამდე ჩემს წარმოსახვებში იყვნენ. შემდეგ უკვე მსოფლიოს შვიდ საოცრებაში მოხვედილი ნაგებობების ჯერიც დადგა. გიზაში ჩასვლისას, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ძველ დროში მოვხვდი, სადაც ფარაონები თავიანთი დიადი, მდიდრული გვირგვინებით დააბიჯებდნენ, თავს ღმერთების შთამომავლებად თვლიდნენ და უზარმაზარი სასახლეებიდან, სიამაყით შეჰყურებდნენ თავისსავე სიცოცხლეში დაწყებული სამარხების მშენებლობას, რომლებიც საბოლოოდ, მათი სხეულების სამუდამო სამყოფელი უნდა გამხდარიყო.

მახსოვს, სულგანაბული ვიდექი სამი უზარმაზარი პირამიდის წინ. მათ ფონზე მართლაც ლილიპუტებივით ჩანდნენ, პატარა, საფეხუროვანი ფორმის სამარხები, რომლებიც, ჩემი ვარაუდით, მმართველების ცოლებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი.

საოცარი გახლდათ ეს შეგრძნება. ირგვლივ, უამრავი სხვადასხვა ეროვნებისა და კანის ფერის ტურისტი ირეოდა, რომლებიც ინტენსიურად იღებდნენ სამახსოვრო ფოტოებსა და ვიდეოებს, ამ მრავალსაუკუნოვანი ნაგებობების ფონზე. საკმაოდ კონტრასტულიც იყო იქაურობა — თუკი ერთ მხარეს ჩადრში გახვეული ქალი ჩაივლიდა, მეორე მხარეს შეიძლებოდა ნახევრად შიშველ, პირსინგებიან და უზარმაზარი ტატუირებით სხეულმოხატულ გოგონასაც კი გამოევლო, რაც მართლაც რომ ორი უკიდურესობის შეგრძნებას მიჩენდა.

აქ მოსვლის მომენტიდან მოყოლებული, მიშოც ჩემს გვერდით, ჩემსავით ხმაამოუღებლად შეჰყურებდა რამდენიმე მეტრის მოშორებით აღმართულ ხეოფსის, ხეფრენისა და მიკენის უზარმაზარ პირამიდებს, რომელთა შორის, სიდიდით ყველას ფარაონ ხეოფსის საძვალე ჭარბობდა. არ ვიცი, კონკრეტულად რაზე ფიქრობდა მეფარიშვილის ტვინი იმ მომენტში, თუმცა ფაქტი იყო ნანახს იგიც ჩემსავით მოეჯადოვებინა.

-მგონი ერთი ადამიანის დასაკრძალად, ასეთი სიდიდის ნაგებობა მართლა ზედმეტია -რამდენიმეწამიან დუმილს, ბოლოს მისმა სიტყვებმა მოუღო ბოლო, რაზეც ოდნავ ჩამეღიმა.

-ეგ წადი და იმ ფარაონებს უთხარი, საკუთარ თავებს რომ ღმერთების შთამომავლებად და მათ თანასწორებად თვლიდნენ

-ერთი რაღაც მაინტერესებს -ცნობისმოყვარე მზერით მომიბრუნდა ის -საიდანღაც მსმენია, რომ ეგვიპტელები თავიანთ ქვეყანას კემეტს ეძახდნენ, რაც შავ მიწას ნიშნავს

-ჰო, მერე?

-ეს იმიტომ ხომ არ ხდებოდა, რომ ქურუმები უამრავ ეგვიპტურ წყევლას ქმნიდნენ, მძარცველების დასაშინებლად, რათა ფარაონების სამარხები არ გაეძარცვათ?

-არა, ეგ არაფერ შუაშია -თავი გავაქნიე -უბრალოდ ეს იქედან გამომდინარე იყო, რომ ნილოსი ყოველ წელს დიდდებოდა და მიწაზე შავ ტალახს ტოვებდა. ზედმეტსახელი — “შავი მიწაც” სწორედ აქედან გამომდინარეობს.

დავასრულე თუ არა წინადადება, მიშომ იმ წამსვე გადმომხედა იდუმალი ღიმილით, რისი მნიშვნელობაც მანამ ვერ ავხსენი, სანამ თავად არ ამოიღო ხმა:

-როგორც ჩანს, ჩემს ექსკურსია-მძღოლობას ვერც აქ აცდი -თავზე მორგებული თეთრი კეპი გაისწორა მან -ისე, ისტორიას სკოლაში კარგად სწავლობდი?

-ყველაზე მეტად მიყვარდა -მივუგე და გიზის პირამიდებს, მობილურით, მართკუთხა ფორმის ფოტო გადავუღე -სხვათა შორის, ამ ნაგებობების აშენებას, შიგნიდან უფრო მეტ დროს ანდომებდნენ, ვიდრე გარედან, მაგრამ იმედი არ გქონდეს, რომ მის დასათვალიერებლად შიგნით შემოვალ

-რატომ, დახურული სივრცის გეშინია, თუ კატაკომბების სტილის ნაგებობების?

ენას კბილი მაგრად დავაჭირე. არ ვიცოდი მეთქვა თუ არა ხმამაღლა ის, რაც რეალურად მაშინებდა, თუმცა ბოლოს მაინც სიმართლის თქმა გადავწყვიტე, რამე სულელური ტყუილის მოფიქრებას.

-არც ერთის და არც მეორესი. ეგვიპტური წყევლების შიში მაქვს

-რაო? -სიცილი წასკდა -ანუ პირამიდაში თუ შემოხვალ დაიწყევლები?

-ეგ არ მიგულისხმია. უბრალოდ შეიძლება რამე ისეთი გავაკეთო, ან ისეთ რამეს შევეხო, რასაც საუკუნის წყევლა ადევს -გვერდულად გავხედე ამის თქმისას -მიდი, რაღას უცდი, შეგიძლია დაიწყო სიცილი

ჩემდა გასაკვირად, მიშომ ამაზე არ გაიცინა, თუმცა ოდნავშესამჩნევი ღიმილი მის სახეს მაინც დიდხანს არ მოშორებია.

-ასეთი რამების რატომ გჯერა?

-ტუტანხამონის აკლდამის წყევლის შესახებ თუ გსმენია რამე? -ვეცადე სერიოზული არგუმენტი მომეყვანა, რათა ჩემი ფიქრები ზედმეტად სულელური არ გამოჩენილიყო.

-ნაწილობრივ, მაგრამ ეგ რა შუაშია?

-იმ შუაშია, რომ იმ აკლდამაზე უძველესი წყევლა ამოქმედდა, რომელმაც ყველა დასაჯა, ვინც კი შიგნით შევიდა. უცნაურად არ გეჩვენება, რომ ადამიანი, რომელმაც აკლდამის პოვნისა და გახსნის ექსპედიცია დააფინანსა, პაწაწინა კოღოს ნაკბენს ემსხვერპლა?

-თუკი ეგ სიმართლეა, რატომ მას არ დაემართა არაფერი, ვინც პირველი შევიდა აკლდამაში? როგორც ვიცი, მაგ კაცმა საფლავის აღმოჩენის შემდეგ კიდეგ ათწლეულები იცოცხლა და აღმოჩენილ არტეფაქტებზე მუშაობდა

პასუხი ვერ გავეცი. როგორც ჩანდა, ჩემი მოსაზრება, სპილოს წინ მდგომი ჭიანჭველა აღმოჩნდა მიშოს ძლიერ არგუმენტთან, რამაც მართალია კამათის გაგრძელების ხალისი დამიკარგა, თუმცა ჩემი სიტყვიდან მაინც არ გადავსულვარ.

-რაც არ უნდა იყოს, შიგნით შემოსვლაზე მაინც უარს ვამბობ -განვაცხადე მტკიცედ -შენ თუ სურვილი გაქვს, შედი და დაათვალიერე

-ჰო, შენ კი მანამდე ვინმე სიმპათიურ, დაკუნთულ ტიპს გაიცნობ, როგორც გოაზე, არა?

ბრაზისგან წარბები ჩემდაუნებურად შემეკრა. რახან მასთან ერთად სამსახურეობრივი მოვალეობის გარეშე ვიყავი წამოსული, არანაირი უფლება არ ჰქონდა ჩემთვის საკუთარი წესები მოეხვია თავს და ამაზე ხმამაღლაც გამოვთქვი პროტესტი:

-მერე შენ რა? -კითხვის დასმისას წინ დავუდექი და თვალებში უტეხად ჩავხედე -თუ მომინდება, გავიცნობ კიდეც და ვნებიან ღამესაც გავატარებ მასთან, ნებართვა შენგან უნდა ავიღო?

-როგორც ჩანს, ძალიან მოწადინებული ხარ ვინმესთან ღამის გატარებაზე -ირონიულად ჩაეცინა მიშოს -მიდი, გაიარე და შესაფერისი კანდიდატი მოძებნე, დარწმუნებული ვარ უარს არავინ გეტყვის

-თუ სურვილი გამიჩნდება, ასეც მოვიქევი -მივუგე გესლიანად -შენ კი მგონი თავს ზედმეტის უფლებას აძლევ

მიშომ წამით თვალები დახუჭა და თავი გადააქნია. ჩემმა სიტყვებმა ისეთი რეაქცია მისცა, ერთი ვარაუდიც კი არ გამიჩნდა, რა უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი, თუმცა მოულოდნელად რომ ორივე მკლავზე ხელი მომკიდა და თვალებში სიმკაცრე ჩაუდგა, ოდნავ მეც ავღელდი.

-მისმინე, ახლა არც საქართველოში ხარ და არც რომელიმე პატარა კუნძულზე, მშვიდობიანი მოსახლეობის გარდა რომ ვერავის იპოვი -გამაფრთხილებელი ტონი ჰქონდა მას -შენს ვარდისფერ სათვალეში, ალბათ არანაირი ადამიანური მანკიერება არ ჩანს და ვერც იმას ხვდები, რომ ყველას ნდობა არ შეიძლება, მით უმეტეს როცა უცხო ქვეყანაში და უცხო კონტინენტზე ხარ

-ისე ნუ მელაპარაკები, როგორც უტვინო ბავშვს -გაღიზიანებულმა, ოსტატურად დავიხსენი თავი მისი ხელებისგან -არავის დახმარება არ დამჭირდება და საქართველოშიც უვნებლად ჩავალ

-დამიჯერე, ძალიან თვალში საცემი გარეგნობა გაქვს იმისთვის, რომ აქაურებისთვის შეუმჩნეველი დარჩე -კვლავ გამაფრთხილებელი ტონი ჰქონდა მიშოს, თუმცა მაინც სასიამოვნო მოსასმენი აღმოჩნდა ის სიტყვები, რაც მისგან გავიგონე -ცოტა აზრზე მოდი და ბრმად ნურავის ენდობი. ყველა ჯენტლმენურად არ მოიქცევა, როდესაც ხელის გასაწვდენ მანძილზე, ლამაზი უცხოელი ქალი ჰყავს

ამ თემაზე, მეტად ხმა აღარ ამოუღია მიშოს. მასთან ერთად არც მე. უნდა მეღიარებინა, ეგვიპტეში არანაირ ისეთ თავგადასავალს არ ვგეგმავდი, როგორც გოაზე მქონდა, რეიმონდთან, თუმცა ქვეცნობიერი მუდმივად მიშოსთან შეწინააღმდეგებისკენ იყო მიდრეკილი, ამას კი საკმაოდ ბევრჯერ მივუყვანივართ კამათის ფაზამდე, ისევე როგორც ახლა.

პირამიდების შიგნიდან დათვალიერებაზე, საბოლოოდ მაინც მოახერხა მიშომ ჩემი დათანხმება. მართალია თავდაპირველად დიდი სურვილი არ მქონია, თუმცა შემდეგ უკვე ძალიან მადლიერი ვიყავი განგების, რომ აქ შემოსვლა დამაძალეს.

ვინაიდან ეს მრავალსაუკუნოვანი ნაგებობები, შიგნიდან ყველა ერთნაირად იყვნენ მოწყობილნი, მხოლოდ ხეოფსის საძვალის მონახულება გადავწყვიტეთ, რომელიც თავისი მოცულობითა და სიდიადით, მართლაც ნათლად უსვამდა ხაზს ამ ფარაონის ძლევამოსილებასა და სიმდიდრეს.

შიდა სივრცე, სიძველის სუნით იყო გაჟღენთილი. ვიწრო გვირაბს, რომელშიც თავდახრილი მიწევდა სიარული, მთელ სიგრძეზე გასდევდა ხის ძელებით დაჭედილი ბილიკი. იგი თითქოს ძველ წელთაღრიცხვაში გვაბრუნებდა და ისეთ ილუზიას მიქმნიდა, თითქოს გვირაბის ბოლოს, ოქროს ტახტრევანში დაბრძანებული ფარაონი უნდა მეხილა, ვისაც გარს მონები ეხვივნენ და გრძელღეროიანი, დიდი ფოთლებით მარაოს მსგავსად უნიავებდნენ.

ამ გვირაბის გავლის შემდეგ, წელში გამართვა უკვე შესაძლებელი იყო და დიდ, ხის კიბეს უკვე ზემოთა სართულისკენ მივყავდი, სადაც კიდევ ერთი ვიწრო გასასვლელი გაეკეთებინათ. აი მისი გავლის შემდეგ კი ხელმარჯვნივ უკვე ის ოთახი იყო, სადაც ფარაონის სარკოფაგი ესვენა. იგი მთლიანად ქვისგან დაემზადებინათ და მისი არც თუ ისე პატარა ნაწილი დაზიანებულიც იყო.

მართლაც რომ შეუდარებელი გამოდგა პირამიდის შიგნით მიღებულია შთაბეჭდილებები. ხალხი თითოეულ დეტალს ტელეფონის კამერით აფიქსირებდა, თუმცა მე ერთი კადრის გადაღებაც ვერ მოვახერხე, რადგან ტელეფონი ისედაც მიჯდებოდა და არც Power bank მქონდა თან.

გარეთ რომ გამოვედით, სიცხე ისევ შემაწუხებლად მომედო სხეულზე, ეს კი სიგრილიდან გამოსულს, ძალიან არ მესიამოვნა. ერთადერთი, რაც ეგვიპტეში მაღიზიანებდა, სწორედ ზედმეტად ცხელი ტემპერატურა და საოცრად ჩახუთული ჰაერი იყო, რაც მთელი ამ დღეების განმავლობაში მაწვა მხარებზე შემაწუხებელ ტვირთად.

-ამას სუვენირად წამოვიღებ -მომესმა გვერდიდან მიშოს ხმა. ამ უკანასკნელს, ხელში პატარა ქვა ეჭირა და ზემოდან ისეთი ინტერესით დაჰყურებდა, თითქოს მისი გეოლოგიურად გამოკვლევა სურსო.

-ეგ საიდან აიღე? -დავინტერესდი -არ თქვა, რომ პირამიდას მოატეხე

-არა, აი იქ ეგდო -მომიგო თუ არა, მანიშნა კიდეც ადგილისკენ, სადაც მტვერსა და კიდევ ბევრ ასეთ ქვას შენიშნავდით.

გამეღიმა. მივხვდი საქმე რაშიც იყო და ცრუ ილუზიებისგან დაცვის მიზნით, გადავწყვიტე ეს მისთვისაც ამეხსნა:

-შენ გგონია ეგ ქვა მართლა პირამიდიდან ჩამოვარდა?

-რატომ არა? ზუსტად იგივე ფერი და სტრუქტურაა

-ასეც უნდა იყოს

-რას გულისხმობ? -აშკარა დაბნეულობა გამოიწვია მასში ჩემმა სიტყვებმა.

-იმას, რომ ადრე ბევრ ტურისტს მიჰქონდა სუვენირად პირამიდის ქვები. წარმოიდგინე, ყველამ რომ ამ ნაგებობას პატარა ქვა მოატეხოს, ვინც კი წლის განმავლობაში სტუმრობს და სუვენირად წაიღოს შინ, კიდევ რამდენ ხანს იარსებებენ გიზის პირამიდები? ჰოდა ასეთი რამ მოიფიქრეს –ზუსტად ისეთივე ფერისა და სტრუქტურის ქვებს ხელოვნურად ამზადებენ და პირამიდის გარშემო ყრიან, რათა ხალხს ნაგებობიდან ჩამოცვენილი ეგონოს, სუვენირის სახით ისინი წაიღონ და თავად პირამიდა აღარ დააზიანონ. ასე ერთი მხარეც კმაყოფილია და მეორეც

რამდენიმე წამის განმავლობაში მიშო ხმას არ იღებდა და ჩაფიქრებული სახით დაჰყურებდა თავის ხელში მოქცეულ ქვას. შემდეგ გაეცინა, იგი კვლავ იქ დააგდო, საიდანაც აიღო და ამჯერად მე შემომხედა ღიმილიანი სახით.

-ჩემი მოსიარულე ენციკლოპედია ხარ, იცი?

-მაგ წინადადებაში სიტყვა “ჩემი” ზედმეტია -თვალი ჩავუკარი და გვერდიც ავუქციე -თუ მოდიხარ, გაინძერი. საღამომდე სფინქსის ნახვაც უნდა მოვასწროთ, მერე კი საჭმელად მივდივარ

-მე გეპატიჟები -მხიარულად მომიგო მიშომ და უკან მართლაც რომ პირადი დაცვასავით გამომყვა . . .

ფარაონის ძლიერების სიმბოლოდ აღიარებული, ლომის თავიანი და ადამიანის ტანიანი, ოცმეტრიანი ქანდაკება, კვლავაც ძველებური ქედმაღლობითა და სიამაყით გადმოჰყურებდა მის სანახავად შეკრებილ ტურისტებს.

ქანდაკების შუბლზე, ჯერ კიდევ შემორჩენილი კობრის სიმბოლო, ვერსიას მიჩენდა, რომ იგი თავის დროზე, ბათქაშით დაფარული და კაშკაშა ფერებით მოხატული უნდა ყოფილიყო, დღეს კი აღარც ეს ფერები ჩანდა და აღარც სფინქსის ცხვირი, რომელიც დროსა და სიძველეს დაეზიანებინა. აი აქ უკვე მიშოს წავართვი ტელეფონი და რამდენიმე სამახსოვრო ფოტო გადავუღე ადგილსაც და საკუთარ თავსაც, მერე კი ისინი ჩემს WhatsApp-ზე გადავაგზავნე და გალერიიდან უმალვე ამოვშალე.

სწორედ იმ დროსა და იმ მომენტში, ერთი რამეც გავაცნობიერე. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ზუსტად თავგადასავლებს მოჰქონდათ. აუხსნელ სიხარულს მჩუქნიდა მოგზაურობა, უცხო კულტურების გაცნობა და ის შეგრძნება, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, თანდათანობით კი მსოფლიოს ყველა წერტილს მოვივლიდი, რომელიც ჩემში მცირედ ინტერესს მაინც აღძრავდა.



* * * *

ნუბიაში ყოფნისას, ერთ-ერთ ძალზედ საინტერესო, ზღვის პროდუქტების პროფესიონალურად მომზადებაში განთქმულ რესტორანს ვესტუმრეთ, რომელსაც უზარმაზარი, ხახადაღებული თევზის ფორმა ჰქონდა.

უკვე მეორე კვირა იწურებოდა, რაც ეგვიპტეში ვიმყოფებოდი და იმდენი გასაოცარი ადგილი მქონდა მოვლილი, სივას მარილიანი ტბებიდან დაწყებული, ქალაქ მემფისით დამთავრებული, ფოტოების რაოდენობა ათასსაც კი აჭარბებდა.

ამ რესტორანში საჭმელად წამოსვლა ჩემი იდეა გახლდათ. პირველი, რამაც მომხიბლა, ეს ცოცხალი მუსიკა იყო, ხოლო მეორე ის, რომ დაწესებულებას სპეციალური სცენაც ჰქონდა მოწყობილი, სადაც ყოველდღიურად, საღამოს საათებში, კლიენტებს საშუალება ჰქონდათ აღმოსავლური ცეკვების პროფესიონალურად მცოდნე გოგონების გამოსვლისთვის ეყურებინათ. ასეთი სტილის ცეკვები ბავშვობიდან მიზიდავდა და უნდა ითქვას, უამრავ იუთუბ-ვიდეოსაც ვუყურებდი, რათა სამოყვარულო დონეზე იგი მეც შემესწავლა. თხუთმეტ წუთში, სწორედ ეს აღმოსავლური ცეკვების წარმოდგენა უნდა დაწყებულიყო, რასაც ისევე მოუთმენლად ველოდი, როგორც მთელი დღის მშიერი, ჩემს მიერ შეკვეთლ ფუა-გრას.

ამ კერძის ეგვიპტეში გასინჯვა ყოველთვის ძალიან მინდოდა, რადგან მას იქ ჩვენს ხელთაღრიცხვამდე ორიათას ხუთასი წლის წინათაც კი ამზადებდნენ და საკმაოდ ცნობილ, მოთხოვნად დელიკატესადაც ითვლებოდა.

რესტორნის ინტერიერი საკმაოდ სადა, ორიგინალური და დახვეწილი გახლდათ. მაგიდები და სკამები მთლიანად მინისგან იყო დამზადებული, რომლებიც ლამაზად მოეხატათ 3D გამოსახულების სხვადასხვა წყალმცენარეებითა და ზღვის ბინადარი ცხოველებით. ფანჯრებს დიდი, მრგვალი ფორმები ჰქონდათ, კედლები მენთოლისფერში იყო გადაწყვეტილი, ხოლო ჭერიდან ჩამოშვებული ნათურებისთვის ზღვის ვარსკვლავების ფორმები მიეცათ.

მიშო რატომღაც უხასიათოდ ჩაჰყურებდა მობილურს, თუმცა მისგან განსხვავებით, მე მშვენიერ განწყობაზე ვიყავი. ხასიათი კიდევ უფრო გამომიკეთდა, როდესაც ოფიციანტმა როგორც იქნა ჩვენი შეკვეთა მოიტანა და მე ნანატრი ფუა-გრა დამიდო წინ, ბაქლავასთან და ალუბლის წვენთან ერთად, ხოლო მიშოს, მხოლოდ ერთი ჭიქა კარკადეს ჩაი.

-დარწმუნებული ხარ, რომ არ გშია და არც ტკბილი გინდა რამე? -ვკითხე როგორც კი მიმტანი თავის საქმეს მორჩა და მარტო დაგვტოვა.

-არ მშია -მომიჭრა მოკლედ. უხასიათობა სახის ყველა მიმიკაზე ეტყობოდა.

-თუ ადამიანს რამე მჟავე მოუნდება, შენს გამომეტყველებას უნდა შეხედოს ამ წუთას

მიშოს ოდნავ ჩაეღიმა, თუმცა ეს ღიმილი, მის სახეზე დიდხანს არ დარჩენილა.

-იუმორი აშკარად დახვეწას საჭიროებს

-ზოგადად, ვისზეც ხუმრობენ, იმას ნაკლებად ეცინება ხოლმე

-ვატყობ პასუხები ყველაფერზე გაქვს მომზადებული -მითხრა თუ არა, მაშინვე წინ დადებულ მენიუს ჩახედა, უკმაყოფილო მზერით -აქ ჩამოთვლილ ტკბილეულს ან თაფლი აქვს გარეული, ან ნუში, ან კიდევ ფინიკი, მე კი სამივე მეზიზღება

-ნუში გეზიზღება? -თვალები გამიფართოვდა, რადგან ვერ წარმომედგინა ადამიანი, ვისაც ჩემთვის ამდენად გემრიელ რამეზე, შეეძლო ეს სიტყვები ეთქვა.

-მეც ზუსტად ასე გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ იაპონური სამზარეულო გეზიზღებოდა

-შენი ნებაა, მაგრამ ეცადე მაგ ამჟავებული სახით მადა არ დამიკარგო

-შეგიძლია სხვა ადგილას გადაჯდე -უდარდელად მოსვა თავისი კარკადე მან, თან ჩვეული, ირონიული მზერა მომაპყრო -შენი მადისთვის აშკარად ასე სჯობს

მეფარიშვილის აგდებულმა ტონმა, ნერვებზე ძალიან იმოქმედა. მართალია იმ მომენტში ყველაფრის ალაგება და სხვა მაგიდასთან გადასვლა ჭირივით მეზარებოდა, თუმცა სიამაყემ საშუალება არ მომცა, ჭამა კვლავ მის გვერდით გამეგრძელებინა, ამიტომ, თეფშებსა და წვენს ხელი მშვიდად მოვკიდე და ისე, რომ სიტყვაც არ მითქვამს, გვერდითა მაგიდაზე გადავინაცვლე. არც მიშოს გაუკეთებია რაიმე კომენტარი. თავისი ჩაის სმა ისე უდარდელად განაგრძო, თითქოს აქ თავიდანვე მარტო ყოფილიყო მოსული. ამან ისედაც გაღიზიანებული, უფრო მეტად გამაღიზიანა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ამ ადამიანს ყველაფერი ფეხებზე ეკიდა და საკუთარ ცხვირს იქეთ, საერთოდ ვეღარაფერს ხედავდა.

მაშინ პირველად ვინანე დაპირების ჩემი ნაწილის შესრულება და ეგვიპტეში ჩამოსვლა. საერთოდ რას ვაკეთებდი იქ მიშოსთან ერთად? ვინ ვიყავით ერთმანეთისთვის? როგორ გამოჩნდებოდა ეს სხვის თვალში, ან რა მნიშვნელობა ჰქონდა სხვის აზრს, როცა ჩემს თვალშიც აღარ ჩანდა ნორმალურად?

საშინელ ხასიათზე დავდექი. საკუთარი თავისადმი გაჩენილმა ბრაზმა, ლამის ადგომისა და უკანმოუხედავად წასვლის სურვილიც გამიჩინა, თუმცა გონს დროულად მოვედი, თავი არ შევირცხვინე და ვახშმობა ზუსტად ისეთივე უდარდელი გამომეტყველებით განვაგრძე, როგორც მიშოს ჰქონდა იმ წამს.

რაც არ უნდა ყოფილიყო და ვისთან ერთადაც არ უნდა ვყოფილიყავი იქ, ეგვიპტემ ჩემში მაინც დაუვიწყარი ემოციები აღძრა. ასეთი მძაფრი, მისტიური შეგრძნებები მას შემდეგ აღარ გამომეცადა, რაც უნივერსიტეტში, მთელი წლის ნაგროვები სტიპენდიითა და კაფეში მუშაობით გამომუშავებული თანხით, ბალის ერთკვირიანი ტური ვიყიდე. მახსოვს მაშინ თვრამეტი წლის ვიყავი და იმ ტურისტულ ჯგუფშიც ყველაზე უმცროსაც ვითვლებოდი, ვისთან ერთადაც ამ საოცარ კუნძულს ვესტუმრე, თუმცა არასდროს დამავიწყდებოდა იქაური პლაჟები, ორიგინალური არქიტექტურის მქონე ტაძრები და ფოტოების გადასაღებად ვარგისი საუკეთესო ადგილები, რომელთა შორისაც, უპირობო ლიდერი ჩემთვის „სამოთხის კარიბჭე“ გადმოდგა.

ახლა უკვე აბუ-სიმბალის დიდებული ტაძარი მელოდა წინ. უნდა მეღიარებინა, იგი ეგვიპტეში ერთადერთი ღირშესანიშნაობა იყო, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცოდი, თუმცა იმის შესახებ ნამდვილად გამაჩნდა ცნობები, რომ ეს ოცდათორმეტი საუკუნის წინ აგებული შენობა, ოცი საუკუნის განმავლობაში ქვიშაში იყო ჩაფლული, დიდი და პატარა ტაძრებისგან შედგებოდა და სამოცდაოთხი მეტრით მაღლა მდებარეობდა იქედან, სადაც იგი თავდაპირველად ააშენეს.

დრო საკმაოდ ნელა გადიოდა. კერძის ჭამა, სანახევროდ უკვე დასრულებული მქონდა, როდესაც ჩემს სმენას მუსიკის ხმა მისწვდა და სახეზე უნებურად მომადგა ღიმილი. როგორც ჩანდა, უკვე იწყებოდა ის ნანატრი შოუ, რისთვისაც ამ ადგილას გადავწყვიტე ვახშმობა. სულ მალე, ამაში თვითონაც დავრწმუნდი. ზუსტად მაშინ, როცა სცენის განათება ოდნავ ჩაბნელდა, იატაკზე ღია ცისფერი შუქები ალიცლიცდა და იქ, ამავე ფერის ბრჭყვიალა ბიუსჰალტერსა და გრძელ კაბაში გამოწყობილმა, შავგრემანმა გოგონამ გამოაბიჯა, თავზე დადგმული შანდლების გვირგვინით, ანთებული სანთლებით რომ იყო მორთული.

იქ შეკრებილ კლიენტთა ყურადღება, ელვის სისწრაფით გადავიდა სცენის, უფრო სწორად გოგონას მხარეს. მეც მაშინვე შევწყვიტე ვახშმობა. ასეთ წარმოდგენას, ტელევიზორის, ან კომპიუტერის ეკრანის გარეთ, რეალურ ცხოვრებაში პირველად ვხედავდი, ამიტომ ჩემი მზერა, ბოლომდე მოცეკვავისკენ გახლდათ მიმართული. მისი ლამაზი, ნაზი და ამავდროულად თამამი მოძრაობები, ჩემში დიდ აღფრთოვანებას იწვევდა. ამ სანახაობის შემყურემ, რამდენიმე წამში ტელეფონი მოვიმარჯვე, კამერის რაკურსი გავასწორე და ვიდეოს გადაღება დავიწყე. ალბათ ბოლომდე გადავიღებდი კიდეც ამ წარმოდგენას, რომ არა ის, რაც შემდეგ მოხდა. ცეკვის შუა ნაწილში, გოგონამ თავისი შანდალი იატაკზე დადო, სხეულის მოხდენილი რხევით ჩამოვიდა სცენიდან, სტუმრებს შორის გზა ცეკვა-ცეკვით გაიკვლია, საბოლოოდ კი იმ მაგიდას მიუახლოვდა, სადაც მიშო იჯდა და სწორედ იქ განაგრძო ქარის მელოდიაზე აცეკვებული ხესავით მოძრაობა.

მეფარიშვილი მშვიდად იჯდა, სკამის საზურგეს მიყრდნობოდა და მოცეკვავეს ისეთი მედიდური მზერით ათვალიერებდა, როგორც პლანტატორი, ბაზარზე გასაყიდად გამოყვანილ მონას. მათ შემხედვარეს, გადაღება უკვე შემეწყვიტა და ინტერესით ვადევნებდი თვალს მოვლენების შემდგომ განვითარებას. ამაზე უფრო თამამ და გამომწვევ სვლას, გოგონასგან უკვე აღარ მოველოდი, თუმცა როდესაც მან მიშოს კალთაზე დაიკავა ადგილი, მისი ტუჩებისკენ დაიხარა და ამდენი ხალხის თანდასწრებით, მოურიდებლად აკოცა, მივხვდი, რომ ჩემი ქალური ლოგიკა მთლად კარგადაც ვერ მუშაობდა.

ამ სცენას თვალი სასწრაფოდ ავარიდე და ღრმად ამოვისუნთქე. თავი რომ კვლავ გავატრიალე, მოცეკვავე უკვე წამომდგარიყო მეფარიშვილის მუხლებიდან და ცეკვა-ცეკვით, ამჯერად კვლავ სცენისკენ მიიწევდა.

ხალხის ოვაციებსა და შემაწუხებელი აპლოდისმენტების ხმას დასასრული არ უჩანდა. მხოლოდ მიშოს სახეს ვერ მაჩნევდი ვერანაირ ემოციას. ეს უკანასკნელი, ისეთი გაყინული მზერით იჯდა საკუთარ მაგიდასთან, ერთია ვერსიაც კი არ მიჩნდებოდა იმის შესახებ, თუ რაზე ფიქრობდა იმ მომენტში.

მოცეკვავე კვლავაც აგრძელებდა თავის ცეცხლოვან გამოსვლას, ამჯერად თავზე დადგმული შანდლით, თუმცა მისთვის გადაღების განწყობა უკვე აღარ მქონდა. სრულიად შესაძლებელი იყო კიდევ გასჩენოდა სურვილი, ჩემი კადრები, მსგავსი ინტიმური გამოსვლებით გაეფუჭებინა, ამიტომ, ამჯერად მხოლოდ რიგითი მაყურებლის პოზიციას ვჯერდებოდი. როგორც ალღო მკარნახობდა, ტაძრის სანახავად წასვლა მარტოს მომიწევდა, რადგან მეფარიშვილს მორიგი თაყვანისმცემელი გამოსჩენოდა მოცეკვავე გოგონას სახით და სავარაუდოდ მასთან მოინდომებდა დროის გატარებას, მანამ, სანამ კვლავ საქართველოში დავბრუნდებოდით. ასე, რაღაც მხრივ უკეთესიც კი იყო ჩემთვის. თუკი ამ ადამიანის ყურადღება ვინმე სხვაზე გადავიდოდა, აღარც მის გვერდით ყოფნა მომიწევდა ოცდაოთხი საათით და აღარც იმ უცნაური დამოკიდებულების ატანა, მუდამ რომ ვგრძნობდი ხოლმე მეფარიშვილის მხრინდა.

ფუა-გრას პორცია იმდენად ნოყიერი აღმოჩნდა, მისი ბოლომდე შეჭმა ვერ შევძელი. აღარც დესერტის დაგემოვნების სურვილი გამჩენია. მხოლოდ წვენი დავაყოლე ჩემს ვახშამს, წყურვილის მოსაკლავად და სასწრაფოდ მოვითხოვე ანგარიში, რათა იქაურობას რაც შეიძლებოდა მალე გავცლოდი.

სანამ მიმტანი ანგარიშის ჩეკს მომიტანდა, საპირფარეშოში გავედი თავის მოსაწესრიგებლად. გარეთ საშინელი სიცხე იყო, ამიტომ პირველი რაც გავაკეთე, ეს მხრებზე ჩამოშლილი თმის მაღლა აწევა იყო. შემდეგ უფერული ტუჩსაცხი გადავისვი და სარკეში საკუთარი თავი შევათვალიერე. ამინდისთვის შესაფერისი თხელი, ალუბლებით მოხატული, მოკლე სარაფანი მეცვა, თუმცა დღევანდელი ტემპერატურისთვის ესეც კი ზედმეტი იყო. მიუხედავად ამისა, თავდაპირველი გეგმებისთვის ზურგი მაინც არ შემიქცევია. ამ ქვეყანაში, უკვე ჩემი ყოფნის ბოლო დღეები იწურებოდა და ვცდილობდი თითოეული წუთისთვის რაღაც ისეთი დატვირთვა მიმეცა, რომ შემდეგში უქმად გატარებულად არ ჩამეთვალა.

ონკანში მოშვებულ წყალში ხელები სწრაფად გადავიბანე და ხელსახოცით გავიმშრალე. მერე ჩანთა გადავიკიდე და წასასვლელად მომზადებული, უკვე კარისკენ გავეშურე, რომ ეს უკანასკნელი, მოულოდნელი გაღების გამო, კინაღამ ცხვირში მომხვდა. პრევენციის მიზნით უკან სწრაფად გავხტი. ვიფიქრე შემომსვლელს შემოვატარებ და მერე თავად გავივლი-მეთქი, თუმცა შიგნით შემოსულ პიროვნებაში რომ მიშო ამოვიცანი, გაოცებისგან იატაკს ისე მივეყინე, როგორც მარმარილოსგან გამოთლილი ქანდაკება.

რამდენიმე წამის განმავლობაში, ამ გაოცებამ ხმის ამოღების საშუალება არ მომცა, მაგრამ მოვახერხე თუ არა აზრზე მოსვლა, მაშინვე მოვახდინე რეაგირება:

-მგონი ვიღაცას მარსის ისრისა და ვენერას სარკის* ერთმანეთისგან გარჩევის პრობლემა აქვს (*მამაკაცისა და ქალის აღმნიშვნელი, ასტროლოგიური სიმბოლოები. ხშირად გამოიყენებენ მამაკაცებისა და ქალების საპირფარეშოების კარზე, როგორც სქესის აღმნიშვნელ ნიშნებს).

-ცდები, მაგ ორს ერთმანეთისგან მშვენივრად ვანსხვავებ -ზურგს უკან კარი მიხურა. გამოხედვა ისეთი ღრმა და იდუმალი ჰქონდა, მაშინვე ვიგრძენი, რომ მისი აქ შემოსვლა, რაღაც კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა.

-თუ ასეა, ქალების საპირფარეშოში რას აკეთებ? -თვალებში ინტერესით ჩავხედე, თან სარკასტული ღიმილი მომადგა სახეზე -თუკი იმ მოცეკვავე გოგომ დაგიბარა, რომანტიულ წუთებს აღარ ჩაგიშლით, წავალ

-სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე, ქალთან ასეთი სახის ურთიერთობას უფრო ჰიგიენურ ადგილას ვამჯობინებ, ვიდრე ეს რესტორნის საპირფარეშოა

-ჰოო, სასტუმროს ნომერი, სურნელოვანი სანთლები, ვარდის ფურცლები. მშვენიერ დროს გაატარებთ

-ვარდის ფურცლები და სანთლები? -სიცილით დაეყრდნო ნიჟარას და მის წინ დაკიდებულ დიდ სარკეში ჩაიხედა -ისეთი მოსაწყენია, დაკრძალვის ცერემონია გამახსენდა

-აქ რატომ შემომივარდი? -საუბრის თავდაპირველ თემას დავუბრუნდი. ვგრძნობდი ასე თუ არ მოვიქცეოდი, ეს დიალოგი უფრო და უფრო შორს წაგვიყვანდა იმისგან, რაზეც რეალურად უნდა გვესაუბრა.

-შენ თვითონ სად იპარებოდი? -სარკიდან წარბაწეულმა გამომხედა -როგორც მახსოვს, საერთო გეგმები გვქონდა

-ეგ მანამ, სანამ ის გოგო ყველას თანდასწრებით დააგემოვნებდა შენს ტუჩებს. დარწმუნებული ვარ, საპასუხო ინიციატივას ელოდება, ამიტომ ნუ ალოდინებ, მე კი ჩემი გზით გამიშვი

-არსადაც არ წახვალ -კარისკენ წასულს დამეწია და მკლავში ხელის ჩავლებით მიმაბრუნა თავისკენ -უცნობი ქალის ერთი უბრალო კოცნის გამო, საკუთარ გეგმებს არ შევცვლი. იქ ერთად წავალთ

-არ მინდა შენთან ერთად წამოსვლა -არც კი ვიცოდი რატომ ვჯიუტობდი, თუმცა ფაქტი იყო საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი.

მიშო მხოლოდ ერთი წამით იდგა უმოქმედოდ ჩემს წინ. შემდეგ უკვე იდუმალი ღიმილი გადაეფინა სახეზე, გასასვლელ კართან მივიდა და იგი შიგნიდან გადარაზა. მართალია არ ვიცოდი ამას რატომ აკეთებდა, თუმცა რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, ზუსტად ვიცოდი არ მომეწონებოდა.

-მკითხე აქ რატომ შემოხვედიო, არა?

-კარგი მახსოვრობა გაქვს

ზუსტად ამ დროს, კარის სახელური დაიწია, მერე კი კაკუნის ხმაც გაისმა. როგორც ჩანდა, რესტორნის რომელიმე კლიენტს, საპირფარეშოთი სარგებლობა სურდა.

-არ გაინძრე -გამაფრთხილებელი ტონით მითხრა მიშომ, როგორც კი შეამჩნია კარის გასაღებად წავიწიე. პრევენციისთვის, თითები უწინდელივით ჩემს მკლავს შემოხვია, ხოლო მეორე ხელით მაჯა დამიჭირა და ისე ძლიერად შემბოჭა, თავის დახსნის ალბათობა ერთ პროცენტზე ძირს დაიყვანა.

-თუ რამის თქმა გინდა, ეს გარეთ გააკეთე. ჩვენს გამო ხალხი ფერხდება

-ჩშშშ -ტუჩებზე ცერა თითი ამაფარა მან, თან ჩემს სარაფანს შეავლო მზერა -ამ კაბაზე დახატული ალუბლები იცი რა სურვილს მიღვიძებს?

-რას, ალუბალი გინდება?

-ჰო, მაგრამ დასაწყისისთვის მინდა ბოლომდე გაგაშიშვლო, ის ალუბლები შენს შიშველ სხეულზე დავაწყო და პირდაპირ იქედან დავაგემოვნო

გავშრი. დაახლოებით ხუთი წამის განმავლობაში გონებაში მიშოს სიტყვებს ვატრიალებდი და მის ქარვისფერ თვალებს მზერას არ ვაშორებდი. ბოლოს ბრაზი ვიგრძენი. ამ უკანასკნელმა, ყელში იმდენად ძლიერად წამიჭირა, თავი ძლივს შევიკავე, რათა ხმის ტონისთვის არ ამეწია.

-შენ რა, იმ კარკადეში რამე ჩაგიყარეს? -მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ვერაფერს გავხდებოდი, თავის დახსნის მიზნით, მაინც ავფართხალდი მის მკლავებში. რა თქმა უნდა, ჩემს მცდელობას სასურველი შედეგი არ გამოუღია.

-მოდუნდი -ამჯერად ჩემს ყურის ბიბილოს წაეთამაშა ტუჩებით და აქედან სულ მალე ვიგრძენი, როგორ გადაინაცვლეს მისმა ხელებმა წელის მიმართულებით. რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ მეხუტებოდა. მის თბილ სუნთქვას, საკუთარი კანით ვგრძნობდი და თუ აქამდე მიშოს მხრიდან შებოჭვა არ მაძლევდა გამოძრავების საშუალებას, ახლა უკვე განცვიფრება მიბლოკავდა ამ უნარს.

გაქვავებული ვიდექი იმ მომენტში. ერთადერთი რასაც ვაკეთებდი, ეს თვალების პერიოდული ხამხამი იყო. კარზე ძლიერი, დაუსრულებელი კაკუნის ხმაც თითქოს პარალელური სამყაროდან ჩამესმოდა და უკვე აღარც მას ვაქცევდი ყურადღებას.

-შეგიძლია მითხრა ახლა რას გრძნობ? -მკითხა მან ხმადაბლა. წარმოდგენაც არ მქონდა რა ხდებოდა ჩემს თავს იმ წამს, მაგრამ თუკი ეს მეფარიშვილის მორიგი სპექტაკლი იყო, უნდა მეღიარებინა ოსკარსაც კი იმსახურებდა, როლის პროფესიონალურ დონეზე შესრულებისთვის.

-ვგრძნობ, რომ შენს თავს არ ჰგავხარ -მივუგე დამსხვრეული ხმით. ვერ ვიტყვი კონკრეტულად რა ძალამ დამიბრუნა ლოგიკური აზროვნების უნარი, თუმცა აქედან ძალიან მალე, გონებაში არსებული სიბნელე, თითქოს კაშკაშა მზის სხივებმა გაანათეს და მეც უკვე აღარ გამჭირვებია მივმხვდარიყავი, რა მიზანს ემსახურებოდა მისი ასეთი საქციელი. სიტუაციის გააზრებისას, ჩემი სახე, ავტომატურად გადაერთო ირონიული გამომეტყველების “რეჟიმზე”. როცა მე და მეფარიშვილი ერთ ჭერქვეშ ვიყავით, სხვანაირად უბრალოდ არც შემეძლო.

-გასაგებია, აი თურმე რას ცდილობ . . . სკოლის ასაკიდან მოყოლებული, მუდამ ყველაზე ლამაზი, სექსუალური ქალები დაგდევდნენ კუდში და შენი მამაკაცური ეგო ვერ ეგუება მეც რომ არ ვცდილობ შენს ლოგინში შეთრევას. სწორედ ამიტომ ტესტავ, მოახდენს თუ არა შთაბეჭდილებას ჩემზე ეს სიახლოვე

-გთხოვ, მომენტს ნუ აფუჭებ

-მკითხე ახლა რას გრძნობო -მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე ისე განვაგრძე -ჰოდა გეტყვი —მინდა ხელი რაც შეიძლება მალე გამიშვა და ეს უკანასკნელი შემთხვევა იყოს, როცა ამდენად ახლოს მოხვედი ჩემთან

როგორც აღმოჩნდა, ამ წინადადებას მართლაც საკმაო დიდი ძალა ჰქონდა, რადგან მისი გაჟღერებიდან ძალიან მალე, ჩემს წელზე შემოხვეული მიშოს მკლავები, უკვალოდ გაქრნენ და მანაც ერთი ნაბიჯით დაიხია უკან.

-მითხარი, ამ ორმა კვირამ ვერაფერი შეცვალა, არა? -ეჭვისგან დაწვრილებული თვალებით მიყურებდა ის. მომეჩვენა, რომ სადღაც ღრმად, ტკივილიცა და სევდაც მოუჩანდა -ქალბატონ მარიტას, ჩემზე კვლავ ისეთი ალერგია აქვს, ლამისაა არსებობისთვისაც კი მოვუხადო ბოდიში. ის ხომ პატიოსნების განსახიერებაა და ადამიანს შეცდომის დაშვებას არ პატიობს?

-ხედავ? ახლაც კი ირონიული ხარ. რომ იცოდე, შენს გამო საუკეთესო მეგობარი დავკარგე. შენს გამო აღარ მოინდომა ჩემთან ურთიერთობა!

-ჩემს გამო? -მეტად მკაცრი იერი მიიღო მისმა სახემ -სამყაროში მომხდარ ყველა უბედურებაში მე რომ არ მადანაშაულებდე, მიხვდებოდი, რომ ნამდვილი მეგობარი, პირველივე შესაძლო შემთხვევის თანავე, ფეხებზე ვერ დაგიკიდებდა. როგორც ჩანს, თქვენ ორში, მხოლოდ შენ იყავი მეგობარი

-გაჩუმდი! არაფერი იცი!

-საკმარისზე მეტიც ვიცი -ნიჟარასთან მივიდა ის, ცივი წყალი მოუშვა და ხელებში დაგუბებული სითხე პირზე შეისხა, ისე, თითქოს რამეზე ნერვიულობს და ამ გზით დამშვიდებას ცდილობსო -ერთ რჩევას მოგცემ —არასანდო ადამიანები მანამ მოიშორე, სანამ ისინი თავად გააკეთებენ ამას

-შენი რჩევები შენთვის შეინახე! -მივახალე ბრაზიანად. შინაგანად ჯერ კიდევ ვკანკალებდი იმ ყველაფრის გამო, რაც მიშომ, აქ შემოსვლის მომენტიდან დაატრიალა და სწორედ ამიტომ ვიყავი ასეთი უხეშიც.

-კარგი, დღეიდან მეცოდინება, რომ ჩემთვის უნდა შევინახო -დემონურად მაცდური ღიმილით გამომხედა სარკიდან, თან ონკანში მოშვებული წყალიც მოკეტა -ჯობს ადამიანურად საუბარი მათთან ვცადო, ვისგანაც ანალოგიური დამოკიდებულება წამოვა და იმ სამყაროში განვაგრძო ცხოვრება, სადაც მხოლოდ სიძულვილს ვხედავ შენს მზერაში

მეტად აღარაფერი გამიგია მისი პირიდან. არც თავად გამჩენია პასუხის გაცემის სურვილი. ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, უკვე აშკარა იყო, რომ აბუ-სიმბალის ერთად ნახვა, ბედის წიგნში არ გვეწერა, ამიტომ, ყოველგვარი ზედმეტი კომენტარის გარეშე მივედი კართან, საკეტი სწრაფად გადავატრიალე და გარეთ ისე გავვარდი, მიშოსთვის ერთი სიტყვაც არ მითქვამს. ერთადერთი, რაც ჩემს სმენას მისწვდა, ეს საპირფარეშოს კართან მდგომი, ჩადრში გახვეული ქალების სიტყვები იყო, რაც მართალია, არაბული ენის არცოდნის გამო ვერ გავიგე, თუმცა მივხვდი, რომ შეურაცხმყოფელ შინაარსს შეიცავდა, რადგან სავარაუდოდ, ჩემი და მიშოს იქ ერთად დანახვით, იმისგან რადიკალურად განსხვავებული რამ წარმოიდგინეს, რაც სინამდვილეში ხდებოდა.

მაგიდაზე დატოვებული ანგარიში, რაც შემეძლო სწრაფად გავასწორე და რესტორანი უკანმოუხედავად დავტოვე. არ დავინტერესებულვარ იმით, თუ სად იყო, ან რას იზამდა მიშო. თვალიც კი აღარ მომიკრავს მისთვის საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ. იქაურობას რომ მალე გავცლოდი, დაწესებულების პარკინგზე მდგომ, პირველივე ტაქსის მანქანაში მოვთავსდი და მძღოლს, აბუ-სიმბალის ტაძრამდე მიყვანა ვთხოვე.

როგორც აღმოჩნდა, დანიშნულების ადგილი იქედან არც თუ ისე შორს იყო, რადგან ჩემი თავდაპირველი ლოკაციიდან დაძვრის მერე, ათ წუთში უკვე სასურველ მისამართზე ვიმყოფებოდი.

საშინელი სიცხის მიუხედავად, გარშემო უამრავი ტურისტი ირეოდა. არც მიკვირდა. ვფიქრობდი, რომ ეს იყო ადგილი, რომელიც ეგვიპტეში მოგზაურობის დროს, არც ერთ ადამიანს არ უნდა დაეტოვებინა ყურადღების მიღმა. ჩემს წინ, ამაყად აღმართულიყო კლდეში ნაკვეთი, ოთხი უზარმაზარი ფარაონი, რომლებიც, მარჯვნიდან და მარცხნიდან, თითქოს დარაჯებივით იცავდნენ ტაძრის შესასვლელ კარს. გარკვეული დროით უხმოდ, სულგანაბული მივშტერებოდი ეგვიპტის ამ უკვდავ ღირშესანიშნაობას. შემდეგ უკვე მეც ის გავაკეთე, რასაც იქ თავმოყრილთა დიდი ნაწილი აკეთებდა და რამდენიმე სამახსოვრო ფოტო გადავუღე თვითონ ტაძარსა და მიმდებარე ტერიტორიას.

ხალხის ნაკადის ერთი ნაწილი, უკვე შესასვლელისკენ მიიწევდა. რახან სასურველი კადრების აღბეჭდვა უკვე დასრულებული მქონდა, გადავწყვიტე მეც მათ რიგებს შევერთებოდი, თუმცა ორი ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული, როცა ჩემს ხელზე მაგრად ჩავლებულმა თითებმა შემაჩერეს. უკან გაკვირვებული მოვტრიალდი. ჩემს წინაშე, დაახლოებით თორმეტი-ცამეტი წლის, ფირუზისფერ კაბაში გამოწყობილი, შაქრისფერი გოგონა იდვა, ვისაც, მხრებზე ჩამოშლილი ნახშირისფერი, ტალღოვანი თმა, ლამის წელამდე სწვდებოდა.

დამეფიცებოდა, რომ ცხოვრებაში არასდროს მენახა ასეთი სპეციფიური ვიზუალის მქონე ბავშვი. მისი ყოველი სახის ნაკვთი, ერთიმეორეზე იდეალური იყო, თუმცა ყველაზე მეტად, მაინც თვალები იქცევდა ყურადღებას. წყლიანი, ლამაზი ჭრილის მქონე, ღია იასამნისფერი თვალები ჰქონდა, რაც მანამდე, არც ერთი სხვა ადამიანისთვის არ მქონდა შემჩნეული. ვფიქრობდი კიდეც, რომ ამ ფერის თვალები, ბუნებაში არც არსებობდა, თუმცა ახლა, როდესაც რეალობა საპირისპიროში მარწმუნებდა, ტუჩებზე მომდგარ ღიმილს ვერაფრით ვიკავებდი.

-ტურისტი ხართ, არა? -მკითხა გოგონამ ინგლისურად. ხმას ზუსტად ისეთივე სუფთა და ლამაზი ჰქონდა, როგორც გარეგნული მხარე. ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ ადგილობრივი იყო, თუმცა ეროვნებით ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო ეგვიპტელი.

-ჰო, ასეა -გავუღიმე და ხელზე ჩავლებული თითები ფრთხილად გავაშვებინე -გასაკვირია ინგლისურად ასე უაქცენტოდ რომ საუბრობ

-სულაც არ არის გასაკვირი -თავი გააქნია მან -ბევრ ტურისტს ვხვდები, მათ ხელზე ვმკითხაობ ხოლმე. გინდა შენც გიმკითხაო?

-მკითხაობა? -მაქსიმალურად შევიკავე თავი გაცინებისგან. ამას ნამდვილად არ მოველოდი. როდესაც ეს ბავშვი ჩემთან მოვიდა, პირველი აზრი, რამაც თავში გამიელვა ის იყო, რომ ამდენ ხალხში, შემთხვევით მშობლებს ჩამორჩა და მათ მოძებნაში დახმაების თხოვნა სურდა, სიტყვები, რასაც მეუბნებოდა, კიდევ სრულიად აცდენილი გახლდათ ჩემს თავდაპირველ მოსაზრებას -არ მითხრა, რომ სამკითხაო ბროლის ბურთებიც გაქვს

-თუკი ასე არასერიოზულად მიუდგები, წავალ -გახსნილი წარბები, სინათლის სიჩქარით შეკრა გოგონამ და დააპირა კიდეც წასვლა, თუმცა ამჯერად მე ვიყავი ის, ვინც ხელზე, ხელის ჩავლებით შეაჩერა. რაც არ უნდა სკეპტიკურად ვყოფილიყავი განწყობილი მკითხაობისა და ყოველგვარი ასეთი რამის მიმართ, მაინც არ მსურდა პატარა გოგონა ნაწყენი გამეშვა.

-არა, მოიცა, ნუ წახვალ. უბრალოდ გამიკვირდა, ასეთი მცირეწლოვანი მკითხავი არასდროს მინახავს

-დღეში ასჯერ მაინც მესმის ის, რაც ახლა თქვი

-კარგი, მაშინ მოდი მაშინ ასეთი კომენტარებისგან თავს შევიკავებ -კიდევ ერთხელ გამეღიმა და თვალებში ჩავხედე. უზომოდ მსიამოვნებდა ამ თვალების ყურება, თანაც მაშინ, როდესაც ვაცნობიერებდი, რომ შეფერილობა ბუნებრივი იყო და არა სპეციალური ლინზების დამსახურება -რაზე უნდა მიმკითხაო?

გოგონა წამით შედგა, მერე კი თავით იქითკენ მიმანიშნა, სადაც ტაძრისკენ მიმავალი ბილიკის მარცხენა მხარეს, პატარა, ჭრელი კარავი იყო გაშლილი.

-აქ ძალიან ცხელა, ჯერ იქ შევიდეთ

-შენი კარავია?

-კი, ჩემია -თავის დაქნევითაც დამემოწმა -მკითხაობის თემას მე არ ვირჩევ, იგი თავად უნდა ამოირჩიო

გონებაში საკუთარ თავზე გამეცინა. ადრე ვინმეს რომ ეთქვა, ეგვიპტეში წახვალ და პატარა, მკითხავი გოგონას კარავში დაკარგავ დროს, იმის მაგივრად რომ იქაურობა დაათვალიეროო, ალბათ მაშინვე არანორმალურთა კატეგორიაში ჩავწერდი, თუმცა როგორც ჩანდა, საკუთარი თავი უნდა ჩამეწერა აღნიშნულ კატეგორიაში.

ჩანთაში მალულად ჩავიჭყიტე. ფული საკმარისად მქონდა, მაშინაც კი, თუკი ამაში ორმოცდაათ დოლარზე მეტს მომთხოვდა, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი იქაურობას და ზედმეტი ფიქრის გარეშე შევყევი გოგონას კარავში.

იქაურობა ზედმეტად ჩვეულებრივი, ყოველგვარი ზედმეტი ნივთისგან თავისუფალი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მართლა მქონდა იქ მინის ბურთების, სამკითხაო ბანქოსა და უცნაური გამოსახულებების მქონე, კამათლის ქვების ნახვის მოლოდინი. შიგნით მხოლოდ ორი მომცრო ზომის პუფი, ერთი ხის დაბალფეხიანი მაგიდა და ბამბუკისგან მოწნული კალათა იდო, რომელიც სხვადასხვა ჯიშისა და ფერის ყვავილებით იყო სავსე. ამის გამო, კარავში მეტად სასიამოვნო სურნელი იდგა, რამაც დადებითად დამმუხტა პირველივე წამიდანვე.

-დაჯექი -ხელით თავისუფალი პუფისკენ მანიშნა გოგონამ, როგორც კი თავად ერთ-ერთ მათგანში მოთავსდა. იასამნისფერი თვალები დიდი ინტერესით მიმზერდნენ და ისეთ გრძნობას მიტოვებდნენ, თითქოს ჩემი სხეულის მიღმა, პირდაპირ სულის სიღრმეებში შეეძლოთ შეხედვა.

-უნდა ვაღიარო, ცოტა სხვანაირ გარემოს ველოდი -მოვთავსდი თუ არა მის პირდაპირ, არანაკლები დაჟინებით მივაცქერდი. გოგონას ისე ჩაეცინა, თითქოს ჩემს გონებაში ზედმიწევნით ამოიკითხა რასაც ვგულისხმობდი.

-ჯადოქრების ბურთები, ტაროსის ბანქო(?) და მსგავსი რამები საჩემო არ არის

-აბა რა არის საშენო? -გულწრფელად დავინტერესდი -ამას როგორ აკეთებ?

-სიზმრები, გუმანი, ინტუიცია, მეექვსე გრძნობა . . . ღრმა ბავშვობიდან ვამჩნევდი, რომ ისეთი არ ვიყავი, როგორიც სხვები

-რა როგორ?

-თუნდაც შეხებით -მხრები ისე აიჩევა, თითქოს ამას დამოუკიდებლადაც უნდა მივმხვდარიყავი -ზოგჯერ, ადამიანს რომ ვეხებოდი, რაღაც პატარა ფრაგმენტებს ვხედავდი. მერე ვიგებდი, რომ ამ შეხების დროს დანახული კადრები, მათ მომავალში ხდებოდა

არაფერი მითქვამს. ზოგადად, ყოველთვის მიჭირდა ხოლმე მსგავსი რამების დაჯერება, თუმცა ამის ხმამაღლა გამოხატვისგან მაინც თავი შევიკავე და ისეთი მზერა დავიჭირე, თითქოს მის სიტყვებში მართლა ღრმად ვიყავი დარწმუნებული.

-კარგი, მოდი მე პირად ცხოვრებაზე მითხარი რამე -ინტერესით გავუწოდე ხელის გული ამის თქმისას -ძალიან მაინტერესებს, ნორმალური ოჯახი მექნება, თუ კატებთან ერთად მომიწევს სიბერის გატარება

-ნება შენია -ისე მიყურებდა, როგორც ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანი, ვისაც უამრავი რამ ჰქონდა ცხოვრებაში გამოვლილი და არა ისე, როგორც პატარა გოგონა. მერე გადმოიხარა, ჩემს მიერ გაწვდილი ხელის გული თავისაში მოიქცია, რამდენიმე წამით დააცქერდა, თვალები ნელა დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა.

-გონება ყოველგვარი ზედმეტისგან გაათავისუფლე და ყვავილების არომატი ღრმად შეისუნთქე. ეს მოგადუნებს და უფრო გაამარტივებს შენი მომავლის სარკეში ჩახედვას.

მის ნებას უხმოდ დავყევი. არომატის ღრმად შესუნთქვიდან მალევე, თითების შეხებაც ვიგრძენი საკუთარ ხელისგულზე. რამდენიმე წამის განმავლობაში, ისინი უმისამართოდ დასრიალებდნენ აქეთ-იქით. შემდეგ ერთ ადგილას გაჩერდნენ და ზუსტად ამ დროს, კარავში ჩამოვარდნილ მდუმარებაში გოგონას ნაზი ხმაც გაისმა:

-ყველაფერი ძალიან ჩახლართულია. ბევრად მეტად, ვიდრე ეს ძირითადად ხდება ხოლმე

-რას გულისხმობ? -მიუხედავად იმისა, რომ თვალები დახუჭული ჰქონდა, ისეთი შეგრძნება მიჩნდებოდა, თითქოს ჩემი სახის ყოველ მიმიკას იდეალურად ხედავდა.

-ნისლში პატარა წერტილი ჩანს. მისთვის შენ სინათლესთან ასოცირდები, შენთვის კი იგი სიბნელეა. მაცდური წყვდიადი, რომლისაც ისე გეშინია, გამუდმებით მისგან გაქცევას ცდილობ

გულში გამეცინა. მართალია ერთი სიტყვისაც კი არ მჯეროდა, თუმცა მაინც მართობდა ამ ყველაფრის მოსმენა.

-სინათლე როგორ შეიძლება ვიყო მისთვის, ვინც ჩემთვის წყვდიადია? -ვეცადე ისეთი ტონით მეკითხა, რომ ხმაში უნდობლობა არ დამტყობოდა. გოგონამ თვალები გაახილა და მსუბუქად ჩაეღიმა.

-ადამიანები ერთმანეთისთვის ანგელოზებიც ვართ და დემონებიც, დაგავიწყდა?

-გასაგებია, გასაგები, ანუ ნისლში დანახული პატარა წერტილი, ადამიანის მეტაფორა იყო

-შეიძლება ასეცაა, შეიძლება არა

-გაუგებრად და გამოცანებით საუბრობ, ისე, როგორც ყველა ნათელთმხილველი -ვუთხარი თუ არა, ხელისგული ღიმილით გავითავისუფლე -მაგრამ ის ფაქტი ნამდვილად მახარებს, რომ ჩემი მომავლის სარკეში კატები ვერსად დაინახე

-დაიმახსოვრე, ყველაფრის ათვლის წერტილი, უცხო მიწა იქნება

რაც უფრო მეტს ვისმენდი, ჩემს ტვინში წარმოქმნილი არეულობაც მით უფრო იზრდებოდა გორგალზე დახვეული ძაფივით. ვცდილობდი რამე ერთი კონკრეტული დასკვნა მაინც გამოეტანა ამ სიტყვებიდან, რაღაც ისეთი, რაც ცოტათი მაინც მომეყვანა აზრზე, თუმცა ჩემი აიქიუ, ნათელთმხილველური სიღრმეების ჩაწვდენაში ცოტათი მოიკოჭლებდა, ამიტომ, საბოლოოდ მცდელობაზე ხელი ავიღე და გადავწყვიტე ყოველგვარი გაააზრების გარეშე მესმინა მისთვის.

-გასაგებია, კიდევ ჩანს რამე?

-როგორც გითხარი, ყველაფერი ძალზედ ბუნდოვანი და ჩახლართულია, მაგრამ დამიჯერე, დადგება დღე, როდესაც შენთვის შავი, თეთრად გარდაიქმნება

-კარგი, კარგი, მგონი უკვე საკმარისია -ზრდილობიანი ღიმილით ვცადე სიტუაციის განმუხტვა. უკვე ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ ერთი სიტყვის მოსმენაც აღარ მინდოდა იმის შესახებ, რაც ჩემს მომავალ პირად ცხოვრებას ეხებოდა -ყველაფრისთვის გმადლობ, ახლა მითხარი რამდენი უნდა გადაგიხადო

-ფული? -თავი ოდნავ გადახარა მან და იასამნისფერი თვალებით გვერდულად გამომხედა -ადამიანის შინაგანი სამყაროს, მათი ფიქრებისა და მომავლის დანახვა თავად მსიამოვნებს და რაც მსიამოვნებს, იმაში ფულს არ გამოგართმევ

უნდა ვაღიარო, ძალიან გამიკვირდა ის, რაც მოვისმინე. თავში ერთადერთი კითხვა მიტრიალებდა –რატომ კარგავდა დროს ასეთ რამებში, თუკი ყოველგვარ ამას, შემოსავლის წყაროდ არ თვლიდა? როგორც ჩანდა, ეს გოგონა, იმაზე უფრო უცნაური იყო, ვიდრე თავდაპირველად მომეჩვენა.

-თუკი ასეა, შენი დრო რით უნდა ავანაზღაურო?

-ხომ ხედავ, დრო თავზე საყრელად მაქვს. წამოდი, აქაურობას დაგათვალიერებინებ, თვალებში გატყობ, რომ ყველაფერი გაინტერესებს ამ ადგილის შესახებ

-მაგაში ნამდვილად გეთანხმები -მის მსგავსად, პუფიდან მეც წამოვდექი -თავადაც ესქკურსია-მძღოლად ვმუშაობ და ძალიან მაინტერესებს, სხვა როგორ გიდობას გამიწევს

კარავიდან რომ გამოვედით, სიცხე იმაზე შემაწუხებელი გახდა, ვიდრე ეს შიგნით ყოფნის მომენტში იყო. კლდეში გამოკვეთილი, ფარაონის უზარმაზარი ქანდაკებები, კვლავაც უწინდებურად მედიდური მზერით გადმოჰყურებდნენ ადამიანებს. ამ ადგილის მისტიურობა ისე მითრევდა, ჩემზე უკვე სიცხეც კი ვეღარ მოქმედებდა შემაწუხებლად. იასამნისფერთვალება გოგონა, მხიარულად მოაბიჯებდა ჩემს გვერდით. რამდენჯერმე მისკენ მიმართული, გამვლელ-გამომვლელთა დაჟინებული მზერაც შევნიშნე. ალბათ ისინიც ჩემსავით ფიქრობდნენ, რომ უჩვეულო სილამაზე ჰქონდა და თვალიც ამიტომ უშტერდებოდათ ხოლმე მასზე.

-ჰო მართლა, მე მარიტა ვარ. შენ როგორ მოგმართო? -ინტერესით გავხედე. როგორც ჩანდა, მხოლოდ იმ წამს გამახსენდა, რომ მისი სახელი არ ვიცოდი.

-დავინა მქვია . . . ეგვიპტეში პირველად ხარ, არა?

-ჰო, ასეა

-თეთრი უდაბნოს მონახულებასაც მოასწრებდი. როგორც ამბობენ, ათი ათასი წლის შემდეგ, იქაურობა აღარც იარსებებს

-ვნახე, მაგრამ ჩემი აზრით, საჰარას უდაბნო ბევრად უფრო ლამაზია

-ვფიქრობ, ქაირო სხვა რამის გამო უფრო მიმზიდველია

-მაგალითად?

-იყო დრო, როცა თავადაც იქ ვცხოვრობდი -ისეთი სახე მიიღო, თითქოს გონების თვალით, შორეულ წარსულში იყურებაო -იქაურებისთვის, განტვირთვის ყველაზე საუკეთესო საშუალება, ხიდზე განთავსებულ სკამ-მაგიდებთან ჩაის სმა და ნილოსის ხედით ტკბობაა. მეც ძალიან მიყვარდა ამის კეთება. იმის ყურებაც კი, როგორ დაატარებდნენ ქუჩის გამყიდველები მოძრავი ეტლებით სხვადასხვა სასმელებს

-აქაურობაზე რას მეტყვი? -სიარულის პარალელურად, თანდათან უფრო ვუახლოვდებოდით დიდ ტაძარს.

-რა გითხრა? აბუ-სიმბალი გამოცანებითაა სავსე. გამოგიტყდები და ზოგჯერ მეშინია კიდეც, როდესაც ამ უზარმაზარ ქანდაკებებს ვუყურებ

გამეღიმა ამის მოსმენისას. ის მომენტი გამახსენდა, როდესაც მიშოს, პირამიდის შიგნიდან დასათვალიერებლად ცოცხალი თავით არ მივყვებოდი, რაღაც სულელური შიშების გამო და მივხვდი, რომ მე და დავინა, რაღაც მხრივ ერთმანეთს ვგავდით.

-მოდი რაც გაგახსენდება ის მომიყევი, კარგი? ადგილობრივები ყოველთვის უფრო მეტ ინფორმაციას ფლობენ, ვიდრე ტურისტები

გოგონა გარკვეული დროით უხმოდ მოაბიჯებდა ჩემს გვერდით. ხმა მხოლოდ მაშინ ამოიღო, როდესაც სხვა ადამიანების მსგავსად, ტაძრის შესასვლელ კარს მივუახლოვდით და ცოტა ხნით იქვე შედგა.

-აქაურობა ორი ტაძრისგან შედგება -თვალით მანიშნა მან იქითკენ, საიდანაც მისტიური ფარაონები გადმოგვყურებდნენ -რომელიც უფრო დიდია, იგი რამზეს მეორეს განდიდებისთვის აიგო, ხოლო პატარა, ქალღმერთ ჰათორის ტაძარი– დედოფალ ნეფერტიტის მოსაგონრად. დღესდღეობით ორივეს იუნესკო იცავს

-როგორც ვიცი, ეგვიპტელები ტაძრებს არა მარტო ადამიანების, არამედ რაღაც მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის მოსაგონრის სტატუსსაც ანიჭებდნენ. აბუ-სიმბალი რის მოსაგონრადაა აგებული ამ მხრივ?

-მგონი, ქადეშის ბრძოლაში ფარაონის გამარჯვების უკვდავსაყოფად -მითხრა თუ არა, ადგილიდანაც დაიძრა და ხალხის ნაკადს, ტაძრის შიგნით შეჰყვა. მალევე მეც მის კვალს გავყევი და უკვე ორივენი შიდა სივრცეში აღმოვჩნდით.

შიგნით შესვლისას, მართალია ოდნავ აგრილდა, თუმცა ხმაური ბევრად უფრო შემაწუხებელი გახდა. ყველაზე არაკომფორტული ის იყო, რომ ყოველი მხრიდან სხვადასხვა ენაზე საუბარი ჩამესმოდა, რომელთა დიდი ნაწილიც, ჩემთვის სრულიად გაუგებარი გახლდათ.

გარშემო თვალები ინტერესით მოვატარე. შესასვლელს მჯდომიარე ქანდაკებები იცავდნენ, რომელთა ზემოთ, როგორც დავინამ მითხრა, შევარდნისთავიანი ღმერთი –”რა” იდგა. არანაკლებ მოხიბლული დამტოვა ნეფერტიტის სახელზე აგებულმა ტაძარმაც, რომელიც მართალია იმაზე მცირე ზომისა იყო, ვიდრე რამზესის, თუმცა ეს მის სილამაზეზე გავლენას მაინც ვერ ახდენდა.

ტაძრის შესასვლელთან, დედოფლისა და ფარაონის ათმეტრიანი ქანდაკებები იდგა. ამის დანახვამ ოდნავ გამაკვირვა, იმდროინდელი ტრადიციებისთვის, ეს მეტად უჩვეულო გახლდათ, რადგან მიაჩნდათ, რომ ფარაონის გვერდით ყველა და ყველაფერი ჭიანჭველად უნდა გამოჩენილიყო. ამის შესახებ, ჩემს პატარა ექსკურსია-მძღოლსაც დავუსვი შეკითხვა, ვისი აზრითაც, ქანდაკებათა თანაბარი ზომები, ნეფერტიტის მიმართ, ფარაონის დიდი სიყვარულის გამოხატულება უნდა ყოფილიყო.

შიდა კედლები, რელიეფური გამოსახულებებით იყო გაფორმებული, სადაც ასახული იყო, თუ როგორ სწირავდნენ ძღვენს ღმერთებს ნეფერტიტი და რამზესი.

-სადღაც 1964-1968 წლების შუალედში, აბუ-სიმბალს ადგილი შეიცვალეს და სხვა ადგილას გადაიტანეს -კვლავ ალაპარაკდა დავინა, რითაც მორიგი შეკითხვაც დაბადა ჩემს გონებაში.

-ჰო, მსმენია, რომ ორივე ტაძარი ნაწილებად დახერხეს და რამდენიმე მეტრის მოშორებით თავიდან ააშენეს, თუმცა არ ვიცი ამის მიზეზი რა გახდა

-კაშხალის მშენებლობა იყო მიზეზი -მომიგო დაუფიქრებლად, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ეს ბავშვი, ლამაზთან ერთად, იმაზე ბევრად უფრო ჭკვიანი და განათლებული იყო, ვიდრე მისი ასაკის სხვა გოგონები, თუ ბიჭები -კაშხალის მშენებლობის გამო, აქაურობის მთლიანად წყლით დაფარვის რისკი იყო, ამიტომ პრევენციული ზომები მიიღეს. არავის აწყობს ოცდაათი ათასი წლის წინანდელი ნაგებობების განადგურება, თან მაშინ, როდესაც მხოლოდ მას, მილიონობით ტურისტი სტუმრობს წლის განმავლობაში.

-კარგი, კიდევ ერთი შეკითხვა და ამით დავასრულებ -სიცილით გავხედე, რაზეც თავადაც ვერ შეიკავა თავი და გაეცინა.

-მიყვარს ცნობისმოყვარე ტურისტები, მიდი მკითხე

-გამომყევი

დავინა, ტაძრის იმ განყოფილებაში გადავიყვანე, სადაც შესასვლელში, ოთხი გვერდიგვერდ მსხდომი ქანდაკება იდგა. აქედან ერთ-ერთი დაზიანებული იყო, ხოლო დანარჩენი სამი, გაცილებით უფრო კარგად გამოიყურებოდა.

-გაინტერესებს ამ ქანდაკებებს რა დატვირთვა აქვს? -თითქოს ჩემი ფიქრები წიგნივით გადაშალა და წაიკითხაო, ისე მკითხა მან.

-ცნობისმოყვარე ტურისტი ვარ, დაგავიწყდა?

-არა, არ დამვიწყებია -გაეღიმა და ღრმად ჩაისუნთქა. მერე მზერა ჩემი შეკითხვის ობიექტს მიაპყრო და კვლავ ალაპარაკდა:-ეს ქანდაკებები, ღმერთთა თანასწორებად ითვლებიან. ხედავ ამ დაზიანებულს?

-ჰო, მერე?

-შენობა ისეა აგებული, რომ გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობისას, აისის მზის სხივები ტაძრის ინტერიერში იჭრება და ოთხიდან სამი ღვთაების ქანდაკებას ანათებს. მხოლოდ ეგ მეოთხე დაზიანებული რჩება სიბნელეში, რადგან იგი ქვესკნელის ღმერთს პტაჰს ეკუთვნის და წყვდიადში უნდა იყოს გახვეული.

-გასაოცარი ხარ, იცი ეს? -გაბრაზებული ვუყურებდი და თავში მუდამ ის აზრი მიტრიალებდა, რომ ასეთი ბავშვების სიმრავლე, სამყაროს ნამდვილად შეცვლიდა უკეთესობისკენ.

-ისევე, როგორც გიზის პირამიდები, არა?

-თუნდაც -გულწრფელად გამაღიმა მისმა შედარებამ.

-სამყაროს დროის ეშინია, დროს კი პირამიდების . . . არავინ იცის კიდევ რამდენ ხანს იდგებიან -ისე წარმოთქვა მან, თითქოს რაღაც აბსტრაქტულს ესაუბრაბაო და ტაძრიდან გასავლელი კარისკენაც დაიძრა.

ის დღე, საკმაოდ სასიამოვნოდ გავატარე დავინასთან ერთად. შეიძლება მისი არც გვარი ვიცოდი, არც წაემომავლობა და არც ის, ვინ იყვნენ მისი მშობლები, თუმცა ეს არც გამხდარა საჭირო, რათა ჩემს ეგვიპტურ შვებულებაში, მასთან გატარებული საათები, ყველაზე მრავლისმომცველთა სიაში ჩაწერილიყო. ჩვენი ექსკურსიის შემდეგ, ვახშამადაც კი დავპატიჟე ერთ-ერთ პატარა, თუმცა საკმაოდ მყუდრო რესტორანში, სადაც დიდი დრო დავყავით და უამრავი ადგილობრივი დესერტი გავსინჯეთ. ზოგადად, ბავშვებთან ურთიერთობაში საუკეთესო არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ამ გოგოს გვერდით, საკუთარ თავს თვითონ ვთვლიდი ბავშვად, მას კი გამოცდილ, ჩამოყალიბებულ ადამიანად, ვისგანაც უამრავი რამის სწავლა შემეძლო. დღის დასასრულს, გოგონას ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადე, დავემშვიდობე და კვლავ ტაქსის გამოყენებით გადავწყვიტე ჩემს სასტუმრომდე მისვლა.

ამდენი სიარულისგან უკვე ძალიან ვიყავი დაღლილი. დღეისთვის უკვე აღარაფერს ვგეგმავდი, გარდა ჩემს ნომერში შესვლისა და კარგად გამოძინებისა, რათა ხვალინდელი მარშრუტი დასვენებულ გონებაზე შემედგინა.

ჩემი სასტუმრო, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობდა და ვარსკვლავების რაოდენობით ნამდვილად არ გახლდათ ჩამორჩენილი. იქაურობა, მცენარეთა სიმრავლის გამო, ერთ დიდ, ზღაპრულ ოაზისს წააგავდა, სადაც ცხელი ტემპერატურიდან შემოსულ დამსვენებლებს, სასიამოვნოდ შეეძლოდ განტვირთვა.

სასტუმროს ფოიეში რომ შევედი, უკვე საღამოს ცხრა საათი იყო დაწყებული. ვინაიდან გარეთ ვივახშმე, საჭმლის ნომერში მოატანის კუთვნილი სერვისით გადავწყვიტე აღარ მესარგებლა და მხოლოდ გამაგრილებელი სასმელის ამოტანა ვითხოვე მიმღებში. იქ მსხდომი ადმინისტრატორი გოგონებიდან, ერთ-ერთმა მაშინვე გადარეკა ბარის განყოფილებაში, რათა შეკვეთა მიეცა, ხოლო მეორემ, რაღაც თეთრი კონვერტი დამიდო დახლზე, ღიმილიანი სახით. ორივე მათგანს, ზუსტად ერთნაირი, ღვინისფერი მაისურები ეცვათ, სასტუმროს ლოგოთი და სახელწოდებით.

-ეს რა არის? -ვკითხე ინტერესით. ველოდი, რომ პასუხი ან ფასდაკლების ვაუჩერი იქნებოდა სასტუმროში კვებაზე, ან ბარის განყოფილების მომსახურების საერთო ანგარიში, ან რამე ამდაგვარი, თუმცა რაც მოვისმინე, ამან ძალზედ გაკვირვებული დამტოვა:

-ეს იმ მამაკაცმა დაგიტოვათ, ვისთან ერთადაც აქ ჩამოხვედით -კვლავ თავაზიანობის ეტიკეტით გაჯერებული ღიმილით მაცნობა მან -ნომერი ერთი საათის წინ დაცალა და გვთხოვა ეს გადმოგვეცა

-წავიდა? კი მაგრამ სად?

-ვერ გეტყვით, ჩვენთვის მეტი არაფერი დაუბარებია -მხრები აიჩეჩა მეორე გოგონამ, ვისაც ზუსტად იმ წამს დაემთავრებინა ბარის განყოფილებისთვის ჩემი შეკვეთის გადაცემა.

აღარაფერი მიკითხავს. ან კი რა უნდა მეკითხა? თავადაც გაკვირვებული ვიყავი იმით, რაც ამ წამს გავიგე, ამიტომ, სწრაფად მოვკიდე ხელი იმ კონვერტს, რომელიც ადმინისტრატორმა გოგონებმა გადმომცეს და საკუთარი ოთახისკენ გავეშურე, წამოწყებული ფიქრების მშვიდ გარემოში გასაგრძელებლად.

შიგნით რომ შევედი, სიცარიელე ვიგრძენი. ისეთი სიცარიელე, ჩემთვისაც რომ რთული ასახსნელი იყო. სანამ გავარკვევდი რა დატოვა ჩემთვის მიშომ, მთელი დღის ნასიარულებმა, გადავწყვიტე ჯერ წყალი გადამევლო. ასეც მოვიქეცი და აბაზანაში ერთსაათიანი ნებივრობის შემდეგ, პირსახოცშემოხვეული, მხრებზე ჩამოყრილი სველი თმით დავბრუნდი ოთახში და კონდინციონერიც დროებით გავთიშე, რადგან ირგვლივ უკვე საკმაოდ გრილოდა. ამის შემდეგ, წამიც აღარ დამიყოვნებია ისე ავიღე ხელში, ჩემთვის დატოვებული კონცერტი და საწოლზე ჩამომჯდარმა გავხსენი.

ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც შიგნით საკუთარ ფოტოებს მოვკარი თვალი. ზოგი თეთრ უდაბნოში იყო გადაღებული, ზოგი შარმ-ელ-შეიხში, სადაც ჩემს ლაჟვარდისფერ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი, აუზის კიდესთან ვიჯექი და გვერდზე ვიყურებოდი. ზოგიერთში სფინქსის ფონზეც ვიყავი გამოსახული, ზოგზეც კი საჰარას უდაბნოში, სადაც აქლემზე შემომჯდარი, ქარისგან აფრიალებული გაშლილი თმითა და სპეციალურ, შავ მოსასხამში გამოწყობილი, მართლაც რომ მისტიურ არსებას ვგავდი ფილმიდან.

თითოეული კადრი, სხვადასხვა ადგილას იყო აღბეჭდილი და რაც მთავარია, ყველა ისე გახლდათ გადაღებული, მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. ყოველი ეს მოულოდნელი სურათი, ისეთი ორიგინალური ფოტოგრაფიული ხედვით გადაეღო და იმდენად კარგად გამოვიყურებოდი მასში, ლამის ტელეფონი ხელშიც კი ავიღე, რათა მიშოსთვის დამერეკა, მადლობა გადამეხადა და ისიც მეკითხა, რატომ, ან სად აორთქლდა ასე მოულოდნელად, თუმცა ეს აზრი თავიდან მალევე მოვიშორე. გულიც, გონებაც და ჩემი სხეულის ყველა უჯრედიც შეთანხმებულად მთხოვდნენ, ამ ადამიანთან ურთიერთობა არანაირი კუთხით არ დამეთბო და სულიერად, მისგან თავი რაც შეიძლებოდა შორს დამეჭირა. ზოგჯერ მეგონა, ისიც კი მაფორიაქებდა, რომ მეფარიშვილი უბრალოდ არსებობდა და იმავე პლანეტაზე დააბიჯებდა, რომელზეც მე. მიუხედავად ამისა, უცნაური სიცარიელის შეგრძნებას მაინც ვერაფერს ვახერხებდი. სწორედ ამ შეგრძნებით სავსე ვიჯექი სასტუმროში ის ღამე, მომდევნო დღეც, როცა გარეთაც კი არ გავსულვარ, რათა საქართველოში დაბრუნებამდე კიდევ მომწმესწრო რამის ნახვა, შემდეგ კი უკვე თვითმფრინავში, სადაც ალაგალაგ, უხასიათოდ გავხედავდი ხოლმე ჩემს გვერდითა სკამს, მიშოს ნაცვლად, ამჯერად სრულიად სხვა ადამიანი რომ იჯდა . . .



№1 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან მომწონს ძალიან ამათი ამბები განსაკუთრებიგ კი მიშო მომწონს.მარიტაზე ვბრაზობ მინდა გამოვაფხიზლო დააგვიანდა რაღაცეების მიხვედრა და დატანჯა მიშო თუმცა უკვე იმედია მიხვდება რაღაცეებს.შემდეგს ველიი

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

სიამოვნებით ვკითხულობ????????

 


№3 სტუმარი სტუმარი გვანცა

ძალიან სასიამოვნო ისტორიაა. მიშოზე ვგიჟდები.

 


№4 სტუმარი Елка

Гаихарет момецона далиан. Момецона мишос мокмендеба укварс да ракнас. Микварс ориве

 


№5  offline წევრი მაო Mao

პირველი თავების ვაიბი მოიტანა, რის გამოც ეს ისტორია შემიყვარდა... იმ მომენტს ველი როდის დართავს ნებას მიშო შეეხოს ტატუზე. მიშოს ქიმიები მომწონს და ჰეეე გამოაღვიძეთ ეს გოგო

 


№6 სტუმარი სტუმარი თეა

ძალიაან საინტერესოაა ... ველოდებით შემდეგ თაავს და იმედიაა ძალიაან აღარ გვალოდინეებთ ♥️

 


№7 სტუმარი სტუმარი ხათუნა

ვერ გამიგია, ასე რატომ გაუკვირდა ამ გოგოს ან მიშოს კოცნა, ან ის რომ - მიშო გადაეფარა ავარიის დროს. ეგვიპტეში ისეთი ნამიოკები უთქვამს და გაუკეთებია ამ ბიჭს. ეს გოგო იდებილებს თავს? მოსაბეზრებელია მისი ე.წ. მიუხვედრებლობა რაა. მიშო მომწონს. ის კალეც. ის ლეო კი ტიპიური მანიაკალური ფსიხოზით დაავადებულია. ბევრი ფულიანი ქართველი დადის ეგეთი .სამწუხაროდ.

 


№8  offline მოდერი ანუბისი

სტუმარი ხათუნა
ვერ გამიგია, ასე რატომ გაუკვირდა ამ გოგოს ან მიშოს კოცნა, ან ის რომ - მიშო გადაეფარა ავარიის დროს. ეგვიპტეში ისეთი ნამიოკები უთქვამს და გაუკეთებია ამ ბიჭს. ეს გოგო იდებილებს თავს? მოსაბეზრებელია მისი ე.წ. მიუხვედრებლობა რაა. მიშო მომწონს. ის კალეც. ის ლეო კი ტიპიური მანიაკალური ფსიხოზით დაავადებულია. ბევრი ფულიანი ქართველი დადის ეგეთი .სამწუხაროდ.



"-გასაგებია, აი თურმე რას ცდილობ . . . სკოლის ასაკიდან მოყოლებული, მუდამ ყველაზე ლამაზი, სექსუალური ქალები დაგდევდნენ კუდში და შენი მამაკაცური ეგო ვერ ეგუება მეც რომ არ ვცდილობ შენს ლოგინში შეთრევას. სწორედ ამიტომ ტესტავ, მოახდენს თუ არა შთაბეჭდილებას ჩემზე ეს სიახლოვე". –აი ამ ამონარიდში კარგადაა გაშლილი, თუ რა და როგორ იფიქრა ეგვიპტეში მომხდარზე.

და კიდევ, როდესაც ადამიანთან 10 წლის განმავლობაში გაქვს ცუდი ურთიერთობა, ერთ და ორ კვირაში არ ხდება მისი დალაგება, ამიტომ ვცდილობ მოვლენები რეალურად ავსახო და რეალურს დავამსგავსო.
პირველივე დღეს, სიყვარულის და ერთგულების ფიცს დისნეის პრინცესები უდებენ პრინცებს, მე კიდევ მოვლენების ასე დაჩქარება არ მიყვარს ❤️❤️ ყველაფერი გამოუვათ მიშოს და მარიტას, თანაც ისე ლამაზად გამოუვათ, რომ გაოცებულიც კი დარჩებით, მაგრამ მიმიყვანეთ იქამდე, აღარ დარჩა ბევრი smile ❤️


ძალიან დიდი მადლობა ყველას, შეფასებისთვის და იმისთვის, რომ მომყვებით ❤️❤️❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი ნინა

ძალიან ვისიამოვნე, მაგრამ ძალიან გვიან დებთ და ლოდინით დავიღალეთ

 


№10 სტუმარი სტუმარი ანნა

გიჟივით ველოდები შემდეგ თავს, ერთი სულიმაქვს წავიკითხო გაგრძელება მალე დადეთ

 


№11 სტუმარი :დდდ

ჩემი ნერვული სისტება ველად გაჰქონდა ნიავსა, ლოდინისაგან საწყალი, იძახდა წიავ-წიავსა.

 


№12 სტუმარი სტუმარი მილა

საოცრებაა.დიდი ხანია ასეთი ისტორია არ წამიკითხავს.ისე დეტალურად და ფრთხილად გადმოგვცემს ყველაფერს.იმედი მაქვს როდესაც ყველაფერი დალაგდება უცებ ჰეფი ენდი არ იქნება და დანაკლისის შეგრძნება არ მექნება

 


№13 სტუმარი სტუმარი ანნა

როდის იქნება ახალი თავიიი ? ველოდებიიიი მოუთმენლააად უკვე რამდენი დღეაააა

 


№14 სტუმარი სტუმარი Nata

როდის ველოდოთ გაგრძელებას?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent