ცივი თვალები (მეხუთე თავი)
- კიდევ კარგი, ქუსლები მაინც არ გაცვია - ტყეში შევედით. ერთი-ორჯერ, წაბანცალდა და ხელკავი გამიყარა. - ეგეთი ბარბი გგონივარ, რომ ტყეში ქუსლები მცმოდა? - არა, ბარბი ნამდვილად ვერ მეგონება გოგო, რომელიც ტყეში მასეირნებს ღამის სამ საათზე. - მალე გათენდება. ხო არ გეშინია? - არა. უფროსთან ერთად თავს დაცულად ვგრძნობ - წავკბინე ასაკზე. აბა, სულ მე გამოვყავდი ლაწირაკი. წარბი ამიწია. ეგ წარბის აწევა ორივეს მაგრად გამოგვდიოდა. - გათხოვილი არ ყოფილხარ? - არ ვიცი, რამ მაკითხინა. რა ჩემი საქმე იყო ან რას შეცვლიდა. - არა, თუმცა სამჯერ მომიტაცეს. პირველად, 17 წლის ასაკში. ბიძაჩემმა მიხსნა. რომელიღაც კანონიერ ქურდს დახმარება სთხოვა და დამაბრუნეს. - ღადაობ? - გაოგნებისგან ყბა ჩამომივარდა. - არა. ცოტახანში, თავისითაც დამაბრუნებდნენ ისეთები ჩავატარე, მაგრამ გურამმა მალე მიპოვნა. მხსნელი ბიძები ორივეს გვყავს. - მეორედ და მესამედ? - მეორედ, 21 წლის ვიყავი, მესამედ შარშან წინ. ბოლო ორი მოტაცებისას, ერთი და იმავე ადამიანი იყო. ნორმალურად არც ვიცნობ. მგონი პრინციპად ექცა, რაღაც პერიოდში ერთხელ, მიტაცოს. არადა, ცოლი ჰყავს. - ესე მგონია, ზღაპარს ყვები. - ელექტრო შოკით მაგიტო დავდივარ. მამინაცვლის გამოც, მაგრამ ეგ სხვა ისტორიაა. - არ მომიყვები? - ვერა - გაეღიმა - რა უცნაურია, რომ ბოლო დროს, ძალიან ბევრს ვლაპარაკობ. ეტყობა, რაღაც კარმულია. მუდამ სხვებს ვესაუბრები მათსავე ცხოვრებაზე, შენთან ჩემსაზე ამოვიდგი ენა. - ესეთ კარგ გოგოს საუკეთესო ცხოვრება უნდა გქონოდა - გულწრფელად ვუთხარი. - მარტო ლამაზი რომ იყო, სხვა საქმეა. ლამაზ ქალებს ცხოვრებასა და სიყვარულში რთულად უმართლებთ, მაგრამ ძალიან ჭკვიანი ხარ. ყველაფერი კარგად უნდა გქონოდა. - ნეტა ცხოვრებაც შენს ლოგიკას იზიარებდეს - გაეცინა - ჭკუას და ინტელექტს არავინ მიმოწმებდა. სულ სხვა მოლოდინი აქვთ, როცა ოთხზომამკერდიანი ქერა ქალი ხარ. ყველას ეცინება. „ლიდია, რა განაღვლებს? ანგელოზს ჰგევხარ“. ანგელოზს არ ვგევარ. ვინმეს გვერდზე ჩავუვლი და სულ სიტყვა „ნაშა“ აკერიათ. ბავშვობიდან, იმის მოლოდინი ჰქონდათ, რომ ან სტრიპტიზიორი გამოვიდოდი ან ანგარებით გავთხოვდებოდი მილიონერზე ან ლექტორებთან დავწვებოდი და წითელ დიპლომზე დავამთავრები სწავლას. წითელ დიპლომზე დავამთავრე. არავის გაჰკვირვებია. იცი რატომ? ყველა ლექტოს ვუყვარდი. ყოველ სემინარზე დავალებებს ვაბარებდი, საშინელი მახსოვრობის უნარი მაქვს, საათობით ვიზუთხავდი წიგნებს და მაინც, მიდი, აბა დააჯერე კურსელები, რომ არავისთან წოლილხარ, არადა, მათ თვალწინ, სახეს იხევდი სწავლით. - მე მჯერა - ვუთხარი. - ვიფიქრე, რახან გარეგნობა ხელს მიწყობს და ჩემგან ნასაში მუშაობას არავინ ელოდება, ჯანდაბას, ეგება მოდელი გამოვიდე-თქო და არაო. დიდი მკერდი გაქვსო. მკერდი, რომელიც ქმრის პოვნაში და გამდიდრებაში უნდა დამხმარებოდა, კარიერისთვის ხელისშემშლელი გამოდგა. - ძალიანაც კარგი. მოდელობა ბანალურია. ეგეთი ლამაზი რომ ხარ, ისედაც ყველა იტყვის „მოდელი ხარ? ააა, რა თქმა უნდა. რატო არა“. აი, ექსტრასენსობა სულ სხვა რამეა. - შენი აზრით, ვინმეს გაუკვირდა? „მთლად ბო*ზი არ გამოხვედი, მაგრამ კარტის გაშლა თითქმის იგივეა“. - ლიდია, კაცი, რომელიც ნაშად გთვლის, ყველა ქალს ნაშად თვლის. გარეგნობას ნუ აბრალებ, ადამიანს დააბრალე. გაეღიმა. - შვიდი წელია ჩვენს შორი განსხვავება და თითქოს სულ სხვა სამყარდან ხარ. ვერ წარმოიდგენ, როგორ გაგიმართლა მოგვიანებით რომ დაიბადე. ან შენ გარშემომყოფებს გაუმართლათ, როცა დაიბადე. - არც ჩემთანაა მთლად მარტივად - მაია ასათიანის გადაცემაში მიწვეული სტუმარივით წარმოვთქვი. თან იმედი მქონდა, რომ გავაცინებდი - იდეალური, ტანი მაქვს, საწოლშიც შეუდარებელი ვარ, ყველა გოგოს ჩემთან უნდა. მე კი მაინცდამაინც ისეთი ქალი მომეწონა, ჩემთან ყოფნისას რომ ჰგონია, თითქოს ბავშვს ასეირნებს. - რამხელა ტრაგიზმია ნიკო - გადაიხარხარა - განსაკუთრებით, იმ მონაკვეთმა შემზარა, ყველას რომ შენთან დაწოლა უნდა და აღარ იცი, სად გაიქცე. - ვხუმრობ. ზოგადად თუ გგონია, დიდი განსხვავებაა ჩვენს სამყაროებს შორის, ცდები. ქალისთვის გა*ბოზება რაცაა, კაცის მუსიკოსობა ზუსტად იგივეა. დიპლომი მე არ ამიღია, სკოლაში ოროსანი ვიყავი, ბარში ვმღერი. ნათესავებს დღემდე ეჭვი აქვთ რომ ალკოჰოლიკი და ნარკოდამოკიდებული ვარ. ბარის მომღერლისგან აბა სხვა რა დადგება. - ფრიადოსნობა სიჭკვიანეში არ დაგეხმარებოდა, წიგნები გეხმარება. ვხედავ რო ძალიან ბევრს კითხულობ, სხვაგვარად, სიმღერების დაწერა გაგიჭირდებოდა. სხვათაშორის, თუ დააკვირდი, გოგოებს გამოჯგიმული ჰალსტუხიანი კაცები აღარ მოსწონთ. ბარის მომღერლებზე გიჟდებიან, რომელიც სცენაზე ხშირად იხდის. - შენ როგორ კაცებზე გიჟდები? - ვიფიქრე, უკვე შემეძლო რამე ცოტა თამამიც მეკითხა. - კაცები მეჯავრება. არაფერი პირადული. - გოგოები მოგწონს? - არა. - კიდევ კარგი, თორემ ანიკო მაგრად დამცინებდა და მე მორიგი სიმღერის დაწერა მომიწევდა ქალზე, რომლისთვისაც შეუფერებელი სქესი მაქვს. - სულელი ბავშვი! - ჩაილაპარაკა. - ქერა ნაშა! მხარში მუშტი დამიშინა. მერე ტელეფონს დახედა. - ნიკო, აქ არ იჭერს. - იმიტომ არ მომწერა ამდენ ხანს არავინ? მეთქი, ობოლი კი ვარ, მარა მთლად ასეთი მარტოსულიც არა. - გავედით, ჩქარა. შეიძლება გვეძებენ და... - ცოტა არაბუნებრივად ანერვიულდა. მთვარის შუქზე გამოვედით. ტელეფონმა ისევ დაიჭირა. - რვა გამოტოვებული ზარი მაქვს - ამოიოხრა ლიდიამ - დიდი ალბათობით, პოლიციაშიც დარეკა ევამ. - რატომ? - ვერ მივხვდი. შეიძლება, ინერვიულო ადამიანზე, მაგრამ ორი საათი ზრდასრული ქალი ვერ იპოვნო და უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადო, ძალიან უცნაურია. - რამდენიმე წლის წინ ვინც მომიტაცა, კახელია. კახეთში მიტაცებდა. - ცოლთან რო მიჰყავდი? - ხო. ევამ ეტყობა ვერ მიპოვა ნომერში და ჰგონია რო მომიტაცეს. მანქანაში გიჟებივით ჩავსხედით. თან გვეცინებოდა. მაგრად გვეცინებოდა. შორიდან, პოლიციის მანქანა დავინახეთ ლიდიას სასტუმროს ეზოში. - მე აქედან გადავალ. - აუ მეც მაინტერესებს დრამები, გავერთობით. - საერთოდ ვერ გავერთობი ნიკო. ისიც არ ვიცი, რა მოვიფიქრო. სად ვიყავი ან რას ვაკეთებდი - მანქანიდან გადავიდა - ერთ, თხუთმეტ წუთში მოდი. ეგრევე ერთად ნუ დაგვინახავენ. ცოტახანს ვიცადე. მერე ისე წავედი, ვითომ არაფერი. გაოგნებული სახით შევყურებდი პოლიციას. - ვინმე მოკლეს? - ვკითხე ბიძაჩემს. კვდებოდა სიცილით. - არა, მაგრამ ევამ ჩათვალა რო ლიდია გაიტაცეს და პნევმატური ამოაძვრინა ჩანთიდან. - იარაღით დადიხარ ბიცო? - ხო, მას შემდეგ, რაც ჩემი ბიძაშვილი შვიდჯერ გაიტაცეს - მერე ლიდიას შეხედა გამწარებულმა - მაგრამ მწარედ მოტყუვდი. - ბოდიში რომ კარგად ვარ. - საპრანჭი კაბა რატო გაცვია? - მერე სახე ახლოს მიუტანა სახესთან - ალუბლის არომატიანი გლოსი გისვია? გლოსს არასდროს იყენებ. მოიცა, მაგ კაბაზე მარტენსის ტალახიანი ბათინკები რატო გაცვია, ტყეში იყავი თუ რა ხდება, გამაგებინე. წარბი სიცილით ავწიე. თოვლივით თეთრი ლიდია გაწითლდა. - ლიდია, მშვენივრად გამოიყურები, პაემანზე ხო არ იყავი? - ვკითხე ეშმაკურად. ისე შემომხედა, ევას პნევმატურით ჩამცხრილავდა მალე. - თქვენი საქმე არაა - ჩაახველა - მე წავედი, მეძინება, თან საწოლზე ჩაძინებული კნუტი დავტოვე, იმედია, მშვიდობა აქვს. პოლიციას შენ გაეცი პასუხი ისტერიჩკა რო ხარ! სიცილს ძლივს ვიკავებდი. - თაყვანისმცემელმა კნუტი აჩუქა - გადმომილაპარაკა ევამ. - რას მელაპარაკები - შევიცხადე - კაი ბიჭია? - ცოცხალი თავით არ ამბობს. ცუდს კაცს ეგ არაფერს გამოართმევდა. გამისწორდა. ჩემს სასტუმროში დაბრუნებისას, მესიჯი მივწერე. „ლიდია,სტრიპტიზიორობა და ნასას მეცნიერობა, ერთნაირად დაგამშვენებდა“. „ოდესმე შევითავსებ“. ჩემი სასტუმროს ვერანდაზე, გეგი, ანიკო და ნატალი სვამდნენ. ცოტა მომბეზდა ამდენი სმა. რაც დრო გადიოდა და ასაკი მემატებოდა, მით ნაკლები ენერგია უნდა ჩამედო ალკოჰოლში. - ბედნიერი ჩანხარ - გაეხარდა გეგის. - ყველაფერმა კარგად ჩაიარა? - მკითხა ნატალიამ. - პეერფექტოო - ვუთხარი იტალიური აქცენტით. აქცენტის მე კი არაფერი ვიცოდი, სერიალებში რაც მქონდა ნანახი, ეგრე - არივედერჩი, ვიძინებ. ტკბილი სიზმრები - გავიბარე და ნომერში ავედი. დღეს ბედნიერად დავიძინებდი. კარგი დღე იყო. ვერ ვიხსენებ, ბოლოს როდის ვიყავი ასეთი გახარებული. ის იყო, ვიბანავე და თეთრ ღუნღულა საწოლში უნდა ჩავსვენებულიყავი, რომ დააკაკუნეს. რაღაც კარმულ ამბავს ჰქონდა ადგილი. კარზე კაკუნი არც საკუთარ სახლში მასვენებდა და არც სასტუმროში. ზღურბლთან მარიამი იდგა. დღევანდელი დღის იუბილარი. პრინციპში, გუშინდელი დღის. უკვე, გათენებულიყო. - რაღაც უნდა გითხრა - კაი ნარბენივით, ძლივს სუნთქავდა. ძალიან ნერვიულობდა - მიყვარხარ. მონო ჰოლში გნახე პირველად, იმის მერე, სხვაზე ვეღარაფერზე ვფიქრობ. - მარიამ - ენა ჩამივარდა. რა უნდა უთხრა პატარა ბავშვს, რომელიც შეყვარბეულია? ვერაფერი. ჩავეხუტე. - ძალიან კარგია, რომ გიყვარვარ. მეც თუ შეგიყვარე, იცი ეგ რას ნიშნავს? - რას? - იმას, რომ ესეიგი ძალიან ცუდი და გარყვნილი კაცი ვარ, ავადმყოფი. - კაცი არა. ბიჭი ხარ - თქვა სლუკუნით - გარყვნილი არა, ყველაზე საყვარელი. - ცოლი მყავს მარიამ - სხვა ვერაფერი მოვიფიქრე. - ნუ მატყუებ ერთი! შენი ასაკის ხალხი შეიძლება გააცურო, მაგრამ მე და ჩემს სადაქალოს გადაქექილი გვაქვს შენი სოციალური ქსელები. ორ წელიწადში, ისევ აგიხსნი სიყვარულს და ლეგალურად ვიქნებით ერთად! - გამომიცხადა და წავიდა. მაგარი პრინციპული თაობაა. ამათგან ბევრი რამე მქონდა სასწავლი. * * * ბლუჩუნას მოვენატრე. თინანო აჭმევდა, ბოლო სამი დღე. ჩემი მოსვლა ასე ცხოვრებაში არავის გახარებია. თინანოსაც ჩავეხუტე. მერე მანანა დეიდას მოწესრიგებაში დავეხმარე. ჩვენს ეზოში, ლოთი თამაზა იდგა და ხურდებს ითვლიდა. მერე ამომხედა. - ლიფტის ხუთთეთრიანები ხო არ გინდათ? მარშუტკის მძღოლი კი ვარ, მარა ბარათებით იხდიან ფულს და ამდენი ხურდა საიდან მიგროვდება? - ამ ქუჩაზე ლიფტი გინახავს? - გამეცინა. - კართან ორლიტრიანი დაგიდე. გქონდეს მაინც - ისევ არაყი დამახვედრა. - გაიხარე ბესო ბიძია - ლოთ თამაზას ვერ ვეძახდი მაინც, მერიდებოდა. არ იყო ლოთი და რატო იფუჭებდა სახელს. ვერც იმას ვეუბნებოდი, დალევას უნდა გადავეჩვიო-თქო. ანიკოს გამოადგებოდა არაყი. სულ იმას იძახდა, ბარაბანშიკს ჯანმრთელი ღვიძლი რად უნდაო. არადა, მაგას უნდოდა პირველი რიგში ჯანმთელობა თორე მე ჯანდაბას, დაწოლილიც ვიმღერებდი. - ზეგ რა გეგმები გაქვს? - მკითხა თინანომ. ჩემი დაბადების დღე იყო. არ დავფიქრებულვარ. აქამდე მეგონა, რომ ჩვეულებრივ, შუადღისას, ბებიასთან აღვნიშნავდი, საღამოს მეგობრებთან ერთად. ახლა, მთელი დღე ლიდიასთან მსურდა. - შეიძლება, სადმე გავიდე. ჩვენ მეორე დღეს აღვნიშნოთ. - მოყევი ახლა, ვისთან მიდიხარ. - ერთი გოგოა. - ანიკომ ჩაგიშვა, რო დამა ქალია. უფრო სწორად, მილფიაო. - გავამილფებ მაგას! - ნერვები მომეშალა. რატო ჭორავდა ჩემს ლიდიას? სახლში შევედი. შინ მაინც სულ სხვაა, რაც არ უნდა მაგარ სასტუმროში ვყოფილიყავი. ერთადერთი, რაც უკვე მენატრებოდა, ლიდია იყო იმ წითელი კაბით და დიდი, ჯლაგუნა ბათინკებით. თაროზე მისი თმის სამაგრი მქონდა შენახული - შავი ვარდი. ზეგამდე თუ ვერ გავძელი და დღეს საღამოსაც ვნახე, ტეხავს ნეტა? რა დღეს ნიკო? ბარში ხარ წასასვლელი. სასეირნოდ რო მიგიწევს გული, სულ სკვერებში უნდა ასეირნო ის გოგო? ხელფასიც ხვალ მერიცხებოდა და ზეგ, მართლა ნორმალურ ადგილას დავპატიჟებდი თვითონ თუ არ გაიგიჟებდა თავს, უბნის ბესეტკაში მოვხსდეთო. ცოტა დავისვენე. ზოგჯერ, საყვარელი საქმეც გღლის. მე თუ მკითხავ, ყველაზე მეტად, საყვარელი საქმის კეთება გღლის, რადგან მთელი სულით მასში ხარ გადავარდნილი და ხვდები, რომ საკუთარი სხეულისთვის ენერგია აღარ გრჩება. საღამოს, ვარჯიშზე გავედით მე და გეგი. ლიდიაზე არაფერი უკითხავს. მიხაროდა. მისთვის უბრალოდ, კლასელი ნიკო ვიყავი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, შესაფერისი ქალი შეუყვარდებოდა თუ შეუფერებელი. კვლავ ნიკოდ დავრჩებოდი. ლიდიას ნახვა ძალიან მინდოდა, მაგრამ არა სპორტულებში და დახეულ ბოტასში. ახალნავარჯიშებზე, ცივი შხაპი მივიღე და ახლა აღაჟღაჟებული მახინჯი ბიჭი ვიყავი. ლიდიას რამდენიმე პარკი მიჰქონდა სახლში. აი, ზოგჯერ ისე მაგრად რომ მოგწონს ვინმე, ზებუნებრივი არსება გგონია და უცებ, დაინახავ ჩვეულებრივი ადამიანივით, ისიც პროდუქტებს ყიდულობს, ქოშინით ადის აღმართზე, რადგან მძიმე ტვირთი მიაქვს. ხვდები, ესეთი უფრო მოგწონს: ყოველდღიური. ალბათ, ჩვეულებრივი ხალხივით, ლიდიაც დადიოდა ტუალეტში, გრიპი ემართებოდა, ცხვირს იხოცდა... მე კი ამ ყველაფრის წარმოდგენამ, უფრო მომაწონა. - მომეცი აქ - მივვარდი და გამოვართვი. შევყოყმანდი, მაგრამ თვითონ იკისრა პასუხისმგებლობა და გადასაკოცნი ინიციატივა გამოიჩინა. ცოტა უხერხულობა იყო. ისე, რა უცნაურია. თითქმის, გვერდი-გვერდ ვცხოვრობდით და სანამ ერთმანეთი არ გავიცანით, სანამ, გიჟივით არ გავხდი ამ ქალზე დამოკიდებული, მანამდე შემთხვევითაც არ ჩაუვლია გზაზე. - სავარჯიშოდ იყავი? - სხვა დროს, ალბათ თავს გაიგიჟებდა, რად მინდა შენი დახმარებაო, მაგრამ რაც დამიმეგობრდა, თავს უფლებას აძლევდა, ზოგჯერ დამყრდნობოდა. - კი. ამდენი ავოკადო რად გინდა? - მიყვარს, თან მარტო ავოკადოს სალათის გაკეთება ვიცი. - მე ყველაფერს ვაკეთებ. ბედნიერი, ვის ოჯახშიც შევალ. გაეცინა. რა მაგარია, მისი გაცინება შემეძლო. არადა, გადაღლილობას ვატყობდი სახეზე. - მძიმე დღე მქონდა. დახმარებისთვის, მადლობა - სახლთან დავულაგე პარკები - შემოხვალ? ბასტეტს მოენატრე. - ვის? - კატას ბასტეტი დავარქვე. ძველეგვიპტელ კატისთავიან ქალღმერს ერქვა. - ვიფიქრე, დავცინებ-თქო, მარა ჩემს ძაღლს ბლუჩუნა ჰქვია და ვის რა სჭირს ჩემი დასაცინი. სიმართლე გითხრა, ძალიან ცუდ ფორმაში ვარ. - არც მე ვარ მეტ გალას ფორმაში - მაღალძირიანი ბათინკი ეცვა, რომლითაც ტყეში შემომყვა პაემანზე, თუმცა არასოდეს აღიარებდა ალბათ რომ პაემანი იყო. მუქი ფერის ჯინსი და ტყავის ქურთუკი ემოსა. ჩემი აზრით, მეტ გალას ნებისმიერ გადაპრანჭულს უნდა შეშურებოდა ლიდიასი. შევყევი. რაღაცნაირად, მომერიდა. ვიფიქრე, იმიტო ხო არ შემიპატიჟა, რომ მივეხმარე-თქო, მაგრამ არ იყო ისეთი გოგო, ხათრის გამო დაეთმო პრინციპები. რაც ალბათ ყველაზე მეტად მომწონდა. ბასტეტი მისი დანახვით კმაყოფილი ჩანდა. მეც მოვეფერე. ხელიდან, მკერდზე და მკერდიდან, მხარზე ამაცოცდა. - ძაან უყვარს მანდ ჯდომა. თავი ფარაონი ჰგონია. დაგაჯდება და უნდა ატარო აქეთ-იქით. - მობრძანდით თქვენი უდიდებულესობავ - მაგრად ვიღადავე. ისეთი სახით მეჯდა მხარზე, თითქოს მისი მონა ვიყავი. - ცივ ყავას დალევ? ეგეც ერთ-ერთია, რაც გამომდის. - დავლევ - გამეღიმა და სამზარეულოს მაგიდასთან მივუჯექი, სანამ ჭურჭელს ახმაურებდა. ბედნიერი ოჯახი. დედა, მამა და აგერ, შვილი მეჯდა მხარზე. - ოჯახს მოგცემ! - შემომიბღვირა. - ვცდილობ, გამიკვირდეს, რომ ჩემს ფიქრებს კითხულობ, მაგრამ მგონი შევეჩვიე. უბრალოდ, უნდა ვეცადო, რამე ბილწი არ წამომცდეს გონებაში. - ჯერ არ წამოგცდენია. ვამაყობ შენით! - ცივი ყავა დამიდგა. ღრმად ჩაისუნთქა, გეგონება, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის თქმა სურდა. გეგონება არა, სურდა... და მე ამ სათქმელის ისე შემეშინდა, პატარა ბიჭივით დავიბენი - ჩვენს შორის არაფერი მოხდება. ძალიან კარგი ხარ, მართლა. შენი დანახვა მიხარია, შენთან საუბარი მიხარია, შენი სიმღერები მაბედნიერებს, თუმცა... ვერა ნიკო. - გასაგებია - ყავა დავლიე. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. - რატომ? - ვერ მოვითმინე. - იმიტომ, რომ ჩემნაირ ქალებს ან ვინმე სი*რი უნდა შეუყვარდეთ, რომელიც მთელი ცხოვრება გაამწარებს ან ვინმე ძალიან კარგ ბიჭს გააუბედურებს. შენ გაუბედურებას ვერ ავირჩევ. ფეხზე წამოვდექი. - ვინმე სი*რი არსებობს, რომელსაც მზად ხარ, რომ ცხოვრება გაამწარებინო? - რა თქმა უნდა, არა. - ყველაზე საშინელი სცენარია - გამეცინა. - რაა? - რა და ყველაზე საშინელი სცენარია. რანაირი ქალი ხარ? ფემინისტების ჯგუფში ჩაგაგდო ჭკუაზე მოსაყვანად თუ რა ვქნა? რამ დაგალაგებინა ეს უაზრო სცენარი, თითქოს ორი ვარიანტი გაქვს ცხოვრებაში და ან შენ იქნები უბედური ან სხვას გააუბედურებ. გმირის სინდრომი კიდე ჩემი მეზიზღება, შენც რო არ აურიო: „მოდი, საკუთარ უბედურებას ავირჩევ და მსხვერპლად შევეწირები, რადგან დაგიცვა“. თუ არ მოგწონვარ ან თუ შეუძლებელია, ოდესმე მოგეწონო, გავიგებ. ჯანდაბას, ვიმეგობრებ შენთან, ჯანდაბას, გონება გამეწმინდება. „სტენკის“ ჩადგმას ისედაც არ გიპირებდი, დამშვიდდი. ყველაზე ჭკვიანი და იდუმალი ქალი ხარ, ვინც კი ოდესმე მინახავს და გთხოვ, ძალით ნუ ატრაგიკულებ ცხოვრებას. მიიხედ-მოიხედე, მეტი დაძაბვა არ სჭირდება. კატა ჩამოვსვი ჩემი მხრიდან. ლიდიას დავაჭეინე და ვაკოცე. ბევრი ვაკოცე ბასტეტს, ლიდიას თითებზეც გადამცდა ერთი-ორი კოცნა - მამიკო მალე დაბრუნდება, არ ინერვიულო. დედიკოსთან გტოვებ. - ვუთხარი კატას - სხვათაშორის, ზეგ ჩემი დაბადების დღეა. დაპატიჟებული ხარ ჩვენს შვილთან ერთად.. სახლიდან გავედი. ხმა არ ამოუღია. მეშინოდა კიდეც, რამე ისეთი არ ეთქვა, რომ სამუდამოდ გადაეკეტა ყველა კარი. - სულელი ბავშვი! - მხოლოდ ეს სიტყვები მომაძახა. გამეღიმა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.