შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის ბნელი მხარე (თავი-8)


8-04-2024, 13:58
ავტორი ანუბისი
ნანახია 2 169

8 8 8 8

იმ დილით ისეთ ხასიათზე გამომეღვიძა, თანაც იმდენად რთულ ამოცანასთან ასოცირდებოდა ჩემთვის მიშოსთვის თვალებში ჩახედვა და მასთან საუბარი, გადავწყვიტე მაღალი ტემპერატურა მომემიზეზებინა და სამსახურში საერთოდ არ წავსულიყავი.

მას შემდეგ რაც, Imagine-ში დავიწყე მუშაობა, ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც შინ დასარჩენად ტყუილის თქმა გადავწყვიტე, თუმცა ჩემი გონება იმდენად იყო არეული და შეშინებული, ალტერნატიულ ვარიანტს ვერც კი განიხილავდა.

საბედნიეროდ, უფროსებმა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაითვალისწინეს და უფლება მომცეს ერთდღიანი შვებულებით მესარგებლა. ამ ამბით გახარებულმა, სწრაფად მოვილიე დილის თავის მოწესრიგების პროცედურები, წყალი გადავივლე და ისფერ, აბრეშუმის ხალათში გამოწყობილი, ნახევრად სველი თმით კვლავ საწოლში შევძვერი.

დღევანდელ დღეს არსად ვგეგმავდი გასვლას. მიუხედავად შესანიშნავი ამინდისა, გადაწყვეტილი მქონდა დრო მთლიანად შინ გამეტარებინა, ამიტომ ტუმბოზე დატოვებულ ჩემს ლეპტოპს დავწვდი, ჩავრთე და ეკრანზე განთავსებული ის ფაილი გავხსენი, რომელშიც ჩემი მოგზაურობის კადრები მქონდა დახარისხებული.

პირველად დუბაის ფოტოებს მივადექი, რომლებიც დაახლოებით ერთი წლის წინ მქონდა გადაღებული. ამ ქალაქმა, მიუხედავად შემაწუხებელი სიცხისა, ჩემში წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ყველაზე საოცარი მაინც ის იყო, რომ სასტუმროში, სადაც გაჩერებული ვიყავი, ნომერი ოთხმოცდამეცამეტე სართულზე მქონდა აღებული და თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ერთი ხელის გაწვდენაზე ღრუბლების შეხება შემეძლო.

კადრებში ცათამბრჯენ –ბურჯ-ხალიფას ასოცდამეოთხე სართულზე გადაღებულ სურათსაც გადავაწყდი, სადაც ჩემს უკან, ხელოვნური კუნძულები, უდაბნო და მრავალსართულიანი ნაგებობები ჩანდნენ. მახსოვს იგი ერთ-ერთ შემთხვევით ნანახ, კორეელ ტურისტ გოგონას გადავაღებინე, ვისაც, ჩემდა საბედნიეროდ, საკმაოდ ორიგინალური ფოტოგრაფიული ხედვა აღმოაჩნდა, რადგან სურათი მართლაც იდეალურად გახლდათ გადაღებული. შენახული მქონდა აგრეთვე პალმის კუნძულებზე გადაღებული “სელფები” და ამავე კუნძულებზე მდებარე სასტუმრო “ატლანტისის” დელფინარიუმსა და აკვარიუმში გადაღებული ვიდეო-რგოლები. მახსოვს, ერთი ღამით ძალიან მინდოდა ამ სასტუმროში ღამის გათევა, რადგან ყოველთვის მაინტერესებდა როგორი შეგრძნება იყო წყალქვეშა ნომერში ძილი, თუმცა სამწუხაროდ, ჩემი საფულისთვის, ზედმეტად დიდი დანაკლისი იქნებოდა იქ გატარებული ოცდაოთხი საათიც კი, ამიტომ გადავწყვიტე სურვილები გვერდზე გადამედო და თავი შემეკავებინა.

დუბაის შემდეგ, უკვე იაპონიაში გადაღებულ ფოტოებზე გადავედი, სადაც არა მარტო, არამედ უკვე მიშოსთან ერთად ვმოგზაურობდი. რამდენიმეწამიანი თვალიერების შემდეგ, ერთ ერთ სურათში, მიშომ რომ გადამიღო, ჩემს უკან იაპონიის დროშა შევნიშნე. სწორედ ამან გამახსენა ის მზის ფორმის კულონი, რომელიც მან მაჩუქა იაპონურ ბაღში და საწოლიდან სასწრაფოდ წამოვდექი, ჩემი სამკაულების ზარდახშაში მის საპოვნელად. ძებნა დიდხანს არ დამჭირვებია. როგორც კი ზარდახშას, ზემოდან რომ მოცეკვავე ბალერინა ჰქონდა დამაგრებული, თავი ავხადე, თვალში მაშინვე მომხვდა სასურველი ნივთი, რომელიც უნდა მეღიარებინა, ყველაზე ლამაზი იყო იმ ყელსაბამებს შორის, რაც კი ოდესმე მქონია. თავადაც არ ვიცი რატომ, მაგრამ თუკი ადრე მისი გაკეთების სურვილი არასდროს, არც ერთხელ არ გამჩენია, დღეს დაუფიქრებლად შევიბი ყელზე და ის-ის იყო კვლავ საწოლში დაბრუნებას ვაპირებდი, რათა ფოტოების თვალიერება გამეგრძელებინა, რომ ზარის ხმაც გავიგე ჩემს კარზე.

რამდენიმე შემთხვევას თუკი არ ჩავთვლით, ძირითადად ადრიანი სტუმრები არასდროს მაწუხებდნენ ხოლმე, ამიტომ ცოტათი გამაბრაზა ჩემი იდილის დარღვევამ, მაგრამ გავაღე თუ არა კარი და სადარბაზოში ქაღალდის პარკებით ხელში მდგომი კალე დავინახე, ბრაზის შეგრძნება წამებში გაქრა, თანაც უკვალოდ.

-როგორ მიხვდი რომ ახლა ზუსტად შენი ნახვა გამიხარდებოდა? -ვკითხე მაშინვე როგორც კი თავზე მაკოცა და ზღურბლს გადმოაბიჯა.

-კარგია, ერთი ნათესავი მაინც რომ შემრჩა ისეთი, ვისაც ჩემი ნახვა უხარია

-რატომ სხვებთან ასე ცუდად გაქვთ საქმე? -სამზარეულოსკენ წასულს სიცილით მივყევი უკან.

-ნათესავებს მხოლოდ ფულის სასესხებლად რომ ახსენდები, მერე კი ყელში ამოგივა და სიტყვიერად ერთ ადგილას გაუშვებ, ძირითადად სამუდამოდ ამახსოვრდებათ ხოლმე -იგიც ამყვა სიცილში -მაგრამ მათზე გული არასდროს დამწყდება, მირჩევნია ჩემგან შორს იყვნენ

-მართალიც ხარ . . . ეგ რა მოიტანე? -ხელში დაჭერილ ქაღალდის პარკებზე ვანიშნე, რომელიც სწორედ იმ წამს შემოდო სამზარეულოს მაგიდაზე.

-ტკბილეულია. რადგანაც დღეს ჩვენი რესტორანი დაბადების დღისთვისაა დაჯავშნილი, მხოლოდ მიმტანები მუშაობენ და ორივენი ვისვენებთ, ვიფიქრე ვინახულებ-მეთქი

-დაბადების დღისთვის? -გაოცებულმა კითხვა შევუბრუნე -დილით ნოლანებს თავისუფალი დღე ვთხოვე, მაგრამ არაფერი უთქვამთ იმაზე, რომ ისედაც ვისვენებდი

-ეს ორი დღე, ქალაქში არ იყვნენ და ალბათ ჩვენს დირექტორსაც გადაავიწყდა გაფრთხილება. არა უშავს, დღეს გაიგებენ

-ძალიან კარგი, გაცდენებში აღარ ჩამეთვლება -მივუგე თუ არა, მაგიდას მივუჯექი, რათა პარკიდან პირველივე სასუსნავი ამომეღო, რომელიც ხელში მომყვებოდა -ამ თვის ბოლოს, მაინც ერთკვირიანი შვებულება მინდოდა მეთხოვა, რიოში ვაპირებ წასვლას

-ანუ ბრაზილიური შვებულება მოიწყვე

-ასე გამოდის

-სამსახურში თავისუფალი დღე რატომ აიღე? -თავადაც გვერდით მომიჯდა -რამე მოხდა?

-ისეთი არაფერი -თვალი მაშინვე ავარიდე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სიმართლე, შუბლზე მანათობელი, წითელი ასოებით მეწერა. ჩემმა ამგვარმა რეაქციამ, კალეს გონებაშიც აღძრა ეჭვები.

-ნამდვილად არაფერი? -გამომცდელად ჟღერდა შეკითხვა მისი მხრიდან -ასე უბრალოდ სამსახურს არასდროს აცდენ ხოლმე

ლამის პიროვნების გაორება დამემართა. ჩემს ერთ ნაწილს პასუხის გაცემა სურდა, მეორე კიდევ ამას ძალიან უფრთხოდა. ერთის მხრივ, სიგიჟემდე მინდოდა ვინმესთვის გამეზიარებინა, რასაც ახლა ვგრძნობდი და ეს ვინმე კალე ყოფილიყო, მეორეს მხრივ კი მერიდებოდა ამაზე საუბრის წამოწყება.

-იცი როგორ მოვიქცეთ? -ბოლოს მაინც ვიპოვე ისეთი გამოსავალი, რაც ჩემი და მიშოს პატარა, რომანტიკულ მომენტზე მოყოლას გამიმარტივებდა -მოდი შენ ის მითხარი, რატომ აიგნორებ ყველა ქალს, ვისაც შენთან ურთიერთობა მოუნდება, მე კი გეტყვი რის გამო მოვატყუე ერქოლე და ტეო, თითქოს დღეს მაღალი ტემპერატურა მქონდა

-აჰა, ესე იგი მოატყუე კიდეც -ჩემს მიერ მოკბეჩილ შოკოლადის ფილას, პატარა ნაწილი მოატეხა და წამსვე გაიქანა პირისკენ

-ჰო, ხანდახან ცუდი გოგო ვარ ხოლმე. კარგი, რას იტყვი დავდოთ შეთანხმება?

კალემ ღრმად ამოიხვნეშა. როგორც ჩანდა, შინაგანად ჩემი იდეით დიდად აღფრთოვანებული არ გახლდათ, თუმცა რატომღაც მაინც თანხმობაზე წამოსვლა ამჯობინა.

-კარგი, დავთანხმდები ორმხრივ გულწრფელობას -დანებების ნიშნად ასწია ხელები მან -თუმცა ერთი პირობა მაქვს – პირველმა შენ უნდა თქვა რა მიზეზით დაიწყე ტყუილების თქმა

ამჯერად უკვე მე აღარ დავრჩენილვარ აღფრთოვანებული მისი იდეით. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე საკუთარ თავში როგორმე გამბედაობა მეპოვნა, ამაზე უპრობლემოდ წავსულიყავი და თავს გადახდენილი ამბავი ისე მომეყოლა, რომ სახეზე ის ემოციათა ზღვა არ დამტყობოდა, ჩემს შიგნით, აზვირთებულ ტალღებს რომ ისროდა ნაპირისკენ.

-არც კი იცი, როგორ მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ მიშოს ნახვას გავურბივარ -შოკოლადი მაგიდის ზედაპირზე დავდე, რადგან ვიგრძენი ჭამის გაგრძელების სურვილი აღარ მქონდა. კალეს სახეზე გაურკვევლობა გამოისახა.

-გაურბიხარ? და რის გამო?

-გუშინ სანაპიროზე შევხვდით ერთმანეთს -დაძაბულმა დავიწყე მოყოლა, თუმცა გადავწყვიტე ის ამბები გამომეტოვებინა, რაც ჩემი ავარიის რეალურ მიზეზებზე შევიტყვე. ვიცოდი ამით გავანერვიულებდი, მე კი არ მინდოდა ეს მომხდარიყო, მით უმეტეს მაშინ, როცა უკვე ყველაფერი თითქმის მოგვარებულად ითვლებოდა.

-რისთვის შეხვდი?

-მითხრა რაღაც საქმე მაქვსო. მოკლედ, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ისაა, რომ საუბრის ბოლოს, მოულოდნელად ადგა და მაკოცა

ზუსტად ის მოხდა, რასაც ასე ველოდი. ჩვენს შორის ხანგრძლივი დუმილი ჩამოვარდა. კალეს ჩაფიქრებული სახის ყურება, კიდევ უფრო მიმძაფრებდა შინაგან დაძაბულობას, თუმცა ხმის ამოღებას თავადაც ვერ ვბედავდი.

-რა იგრძენი? -მკითხა ბოლოს. ამ შეკითხვით, თითქოს შხამში ამოვლებული წვეტიანი ისარი გამიყარა პირდაპირ გულში. მახსენდებოდა ის შეგრძნებები რასაც, მიშოს კოცნის მომენტში განვიცდიდი და მათი სიმძაფრე თავადაც მაფრთხობდა.

-ვცდილობდი ამისთვის წინააღმდეგობა გამეწია . . . კარგი, კარგი ვის ვატყუებ? თუ გულწრფელობაა, გულწრფელობა იყოს -თავი ჩავხარე ამის თქმისას, თან შუბლზე გაშლილი ხელის გული მოვისვი -სინამდვილეში მეც არ მინდოდა გაჩერებულიყო კალე. მომწონდა, რასაც აკეთებდა და ეს, ფსიქოლოგიურად ძალიან მთრგუნავს

-ისეთი შეგრძნებაა, თითქოს აკრძალული ხილი გასინჯე და მისი გემო გონებაში ღრმად ჩაგებეჭდა, არა?

-დაახლოებით ეგეთი . . . გეფიცები, უკვე ისიც კი მიკრავს სუნთქვას, რომ ჩემს წრეში ტრიალებს და მასთან ყოველდღიურად მიწევს შეხვედრა

-მოდი ახლა იცი რას ვიზამ? -ღიმილით დამადო ხელზე, ხელი კალემ, რითაც ოდნავი სიმშვიდით დამუხტა ჩემი აფორიაქებული სული -საკუთარ საიდუმლოს ავხდი ფარდას და ამ გზით სხვა რამეზე გადაიტან ყურადღებას, თორემ შენი ასეთი სახის ყურება მეც კი მაწუხებს

-ჰო, ეგრე სჯობს -მის ამ სიტყვებზე, თავადაც გამიჭირდა ღიმილის შეკავება. ამასთან ერთად, მომწონდა ზედმეტ კითხვებს რომ არ მისვამდა და ამ ამბავს ძალიან არ ეძიებოდა. ისეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა, თითქოს ზუსტად ხვდებოდა რა სახის დამოკიდებულება მესიამოვნებოდა მისგან ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და თვითონაც ზუსტად ასე იქცეოდა.

-გაინტერესებდა რატომ ვპასუხობდი იგნორით ქალების მიერ გამოჩენილ ინიციატივას ჩემდამი

-ჰო, ეგ მართლა საინტერესოა

-პასუხი მარტივია მარიტა, უბრალოდ არ მინდა ვინმეთი მოვიხიბლო და მასთან სერიოზული ურთიერთობის სურვილი გამიჩნდეს

-და რატომ? - წამოწყებული თემით დაინტერესება, ალბათ დიდი ასოებითაც კი მეწერა თვალებში.

-იმიტომ, რომ შვილი არასდროს მეყოლება -მიპასუხა ყოველგვარი დაყოვნების გარეშე და ჩემს ენას დიდი ბოქლომიც დაადო თავისი აღიარებით -რაც ეს გავიგე, მხოლოდ ისეთ ქალებთან ვიჭერ საქმეს, ვისაც სერიოზულ ურთიერთობებსა და ოჯახურ ცხოვრებაზე გული ერევათ და ისეთი თვისებები აქვთ, რაც ადამიანში არ მომწონს, რათა ასე ორმხრივად ავიცილო გართულებები. არ მინდა ჩემდამი ვინმემ რამე იგრძნოს და არც მე მინდა ეს გრძნობა გამიჩნდეს, რადგან მერე შეიძლება მასთან ერთად მომავალზე დავიწყო ფიქრი, მომავალი კი სიბნელითაა მოცული. არ დავუშვებ ვინმემ ჩემი მიზეზიც დაკარგოს დედობის შანსი, ხვდები?

-მაგრამ კალე, დღეს უამრავი საშუალებაა იმისთვის, რომ . . .

-ვიცი რასაც იტყვი -სწრაფად გამაწყვეტინა სათქმელი მან -თუმცა მაგ კუთხით ყველანაირად გამოკვლეული ვარ და ვერც ხელოვნური განაყოფიერებით მიიღწევა შედეგი. ამას უკვე შეგუებული ვარ და ძალიან გთხოვ, სიბრალულით სავსე მზერის გარეშე ჩავამთავროთ ეს საუბარი, კარგი?

ხმა აღარ ამომიღია. ეს ის სიტუაცია იყო, როცა სიტყვები ყველაფერს კიდევ უფრო დაამძიმებდა. სიბრალულს მოჭარბებულად ვგრძნობდი, თუმცა ყველაზე ნაკლებად მინდოდა ეს მეჩვენებინა, რადგან სხვის სიბრალულით სავსე გამოხედვას თავადაც ვერასდროს ვეგუებოდი ხოლმე.

მოსმენილმა მართალია ჩემი ამბავი ცოტათი გადამავიწყა, მაგრამ ამავდროულად უარესადაც დამამძიმა. ვცადე წარმომედგინა, თუ როგორ მოვიქცეოდი მე, მსგავს სიტუაციაში და იმ დასკვნამდე მივდიოდი, რომ თვითონაც უარს ვიტყოდი ჯანსაღ, ჩამოყალიბებულ ურთიერთობაზე, ნებისმიერ ქალთან.

-მიდი, ის შამპანიურის ბოთლი გახსენი ლეომ რომ მოგიტანა და ჩემთვის აპირებდი ჩუქნას. რაღაც დღეს დალევის ხასიათზე ვარ

-ვწუხვარ, მაგრამ ვერ გავხსნი -ხელებით იქსი გამოვსახე უარის ნიშნად -ეგ ბოთლი, ბარდაჩოკში მედო იმ ღამით, როდესაც ლეო შემომეჭრა მანქანაში და ზუსტად მას გადავალეწე თავზე

-ჩემს ნაჩუქარ თავდაცვის საშუალებებს ხომ მუდამ თან ატარებ? -მზერაც და ტონიც მეტად სერიოზული გაუხდა ამის თქმისას, რამაც უნებლიე ღიმილი მომგვარა.

-დავატარებ კალე, დავატარებ, ნუ ღელავ

-შენ კი ნუ დამცინი. ეგ შენი ლეო, ნებისმიერ დროს შეიძლება გამოძვრეს ხვრელიდან და ამისთვის მზად უნდა იყო

ყელზე დაკიდებულ კულონს თითებით წავეთამაშე. ბავშვობიდან მქონდა ეს ჩვევა –თუკი რამე სამკაული მეკეთა, მას მუდამ გაუცნობიერებლად ვეთამაშებოდი ხოლმე, განსაკუთრებით კი ამას მაშინ ვაკეთებდი, როდესაც რამეზე გამალებით ვფიქრობდი, ან ვდარდობდი.

-არა მგონია ლეო კიდევ გამოჩნდეს ჩემს ცხოვრებაში -იმედიანი სახით ჩავიხედე კალეს მოტანილ პარკში ამის თქმისას და იქედან, პლასტმასის ჭიქაში ჩასხმული ყავაც ამოვაძვრინე, თავზე, ქაფისგან გული რომ ჰქონდა დახატული.

-მმმმ . . . ეს, ჩემს კორპუსში რომ ყავის სახლია იქ იყიდე, არა?

-ჩემნაირად მაინც ვერ ამზადებენ -სიცილით შეიქო თავი კალემ -თუმცა იქაც არა უშავს. ხუთიდან სამ ვარსკვლავს მივცემდი

-საკუთარ შემოქმედებას ნარცისულად აქებ

-მხოლოდ მე არა. გუშინ, ჩვენმა იაპონელმა სტუმარმა, ჩემი მომზადებული კაპუჩინო რომ გასინჯა, ჩაის ფული ასი დოლარი დამიტოვა

-ვინ იაპონელმა სტუმარმა?

-ერქოლესა და ტეოს მეგობარმა, იუნგიმ. მის გარდა კიდევ ბევრ იაპონელს იცნობ?

-მოიცა, ეგ კიდევ ბათუმშია? - ყავა ცოტა ხნით გვერდზე გადავდე.

-გუშინ დაბრუნდა. აქამდე საქართველოს სხვა კუთხეების მონახულებით იყო დაკავებული. როგორც მითხრა, სვანეთი იმდენად მოსწონებია, კინაღამ საცხოვრებლადაც დარჩენილა იქ

-უცნაურია ამდენი ხნით რომ შემორჩა საქართველოში

-ეგ კი არა, მთელი ზაფხული რჩება აქ -მერე ჩაფიქრდა და სახე სწრაფად მოეღუშა -მგონი არასწორია მასზე რომ გესაუბრები, იმის მერე, რაც თქვენს შორის მოხდა

-ჩვენს შორის, ხუთწუთიანი ფლირტის გარდა, არც არაფერი ყოფილა კალე -გამამხნევებლად გავუღიმე -შეგიძლია მაგაზე არ ინერვიულო

მანამ, სანამ კიდევ რომელიმე ჩვენგანი ამოიღებდა ხმას, სამზარეულოში კალეს მობილური აზუზუნდა. თავდაპირველად ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, თუმცა როდესაც ჩემმა თვალებმა მისი გაკვირვებული სახე დააფიქსირეს, კიდევ ერთხელ მომიწია ჩემი ლატეს სმისთვის თავი დამენებებინა.

-რა ხდება, ვინ რეკავს?

კალეს გაოცებული ღიმილი, ჯერ კიდევ განათებულ ეკრანს დაჰყურებდა.

-წარმოდგენა არ მაქვს რატომ, მაგრამ ლოლა მირეკავს, ვიდეო-ზარით -მომიგო მან, რითაც ჩემს სახესაც ანალოგიური გამომეტყველება მოჰგვარა.

-ლოლიტა?

-მეც მიკვირს, მაგრამ ახლავე გავიგებ რა ქარმა გადმოაგდო -თქვა თუ არა, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე გაუსვა თითი ზარის საპასუხო ღილაკს და სულ მალე, მისი ტელეფონის ეკრანზე ლოლას სახეც გამოისახა.

-გისმენ ლოლა

-დღეს მარიტას ხომ არ შეხმიანებიხარ? -ყველანაირი მოსალმების გარეშე, ისეთი ანერვიულებული ტონით ჰკითხა, მაშინვე ჩამეღვარა გულში სითბო. ახლა უკვე ვხვდებოდი მისის ზარის მიზეზს –ჩემი მობილური საძინებელში მქონდა დატოვებული, ლოლამ კი სავარაუდოდ დაკავშირება ვერ შეძლო და ჩემზე ძიება ჰქონდა გამოცხადებული, მთელი საერთო სანაცნობო წრის მასშტაბით.

-მეც ვურეკავდი და არ მპასუხობს -ტელეფონი ხელში ისე დაიჭირა კალემ, რომ მის უკან არაფერი გამოჩენილიყო, თან თვალი ჩამიკრა -მეტიც, სახლშიც მივაკითხე მაგრამ არ იღებს, მობილურის ხმა კი შეგნიდან მესმის

-ჯანდაბა, სერიოზულად?! ახლა სად ხარ?

ამჯერად, კამერის ხილვადობა გათიშა კალემ, მიკროფონიც გამორთო და ჩუმი ფხუკუნი აუტყდა. ამ ყველაფერზე თავადაც მეცინებოდა, თუმცა აღარც ლოლას წვალება მინდოდა დიდხანს.

-კარგი, ნუღარ აშინებ. უთხარი, რომ ჩემთან ხარ

-მომენტს ნუ მიფუჭებ

-ოო, კალე გეყოფა-მეთქი -სიცილით წავიწიე მისკენ, ტელეფონი წავართვი, მერე კი, გამორთული კამერაც და მიკროფონიც, ერთმანეთის მიყოლებით ჩავრთე -აქ ვარ ლოლიტა, გისმენ

სიტუაცია რომ ბოლომდე გააანალიზა, გაბრაზებული მზერა რამდენიმე წამის განმავლობაში არ მოშორებია მის სახეს. როგორც ვატყობდი, არა მხოლოდ კალეზე, არამედ, ორივე ჩვენგანზე ერთნაირად ბრაზობდა იმ წამს.

-სად ჯანდაბაში გაქვს ტელეფონი?! -მკითხა ბოლოს -ან, ეგ შენი ნათესავი რამ ააცანცარა?

-საძინებელში დამრჩა, ჩვენ სამზარეულოში ვზივართ -თავადაც ვერ ვწყვეტდი სიცილს მისი სახის შემხედვარე.

-უკვე იმდენი ხანია კავშირზე გამოსვლას ვცდილობ, ლამის მანქანაში ჩავჯექი და ბეშუმიდანაც კი წამოვედი შენს გამო

-ბეშუმიდან? -ჯერ ლოლას მივაპყარი გაკვირვებული მზერა, შემდეგ კი კალეს, ვინაც ზუსტად იგივენაირი მზერა დამიბრუნა საპასუხოდ.

-ჰო, ბეშუმში ვარ, ჩემს აგარაკზე. ვიფიქრე დღეს სამსახურში წასასვლელი არ ვარ და ცოტა დავისვენებ-მეთქი, მაგრამ აქ მარტოს ძალიან მომეწყინა

-თუ ეგრეა, დაბრუნდი. მარტომ მანდ მართლა რა უნდა აკეთო?

-მე კი არ დავბრუნდები, თქვენ ჩამოხვალთ ჩემთან -თვალი ეშმაკურად ჩამიკრა ლოლამ -სამირას უკვე ველაპარაკე და მძღოლიც გავუგზავნე აქამდე რომ ჩამოიყვანოს. ახლა საჭირო ნივთები მოაგროვე და შენთანაც გამოვუშვებ მანქანას

-მაგრამ ლოლიტა, დღეს შინ ყოფნა მქონდა გეგმაში -ვცადე შევწინააღმდეგებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი მანამ ვერ მოისვენებდა, სანამ თავისას არ გაიტანდა.

-არა უშავს, სამაგიეროდ კარგ დროს გავატარებთ -ტონზეც კი ეტყობოდა, რომ ძალზედ აჟიტირებული იყო -საჭმელებს მე მოვამზადებ, ეგ შენი ხუმრობებში უნიჭო ნათესავი კი მწვადის შესაწვავად გამოიყოლე თან. ასეთი რამები კაცებს მაინც უკეთ გამოსდით, თანაც ამდენ ლამაზ ქალს, გუნდში ერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელიც გვესაჭიროება, უსაფრთხოდ რომ ვიგრძნოთ თავი

-სულელურ მიზეზებს ნუ იგონებ -საუბარში ღიმილით ჩაერთო კალე -არანაირი დაცვა არ გჭირდება, უბრალოდ რახან მეც აქ ვარ, მოგერიდა მხოლოდ მარიტას დაპატიჟება და ახლა ცდილობ მწვადის შეწვა, პირადი უსაფრთხოება და მსგავსი უაზრობები მოიმიზეზო

-მისმინე ცისფერთვალებავ, შენი წამოსვლა რომ არ მინდოდეს, არაფრისი და არავისი არ მომერიდებოდა

-კალე, ხომ გიყვარს წყნარი ადგილები? თუთიყუშიც წამოიყვანე, თუკი მისი მარტო დატოვება არ გინდა -ახლა უკვე მეც გადავედი მისი დათანხმების მცდელობაზე, რადგან თუკი თავად დავთანხმდებოდი წასვლის იდეას, ძალიან მინდოდა იგიც ჩვენთან ერთად ყოფილიყო.

-მიყვარს, მაგრამ . . .

-არანაირი მაგრამ! -ლოლას კატეგორიულმა ტონმა, მაშინვე გადაფარა მისი ხმა -მარიტა, მაგ შენს ნათესავს გადაეცი ნუ იპრანჭება და ჩემი მოწვევა მიიღოს, თორემ არც ისე გონივრულია იმ ადამიანის გაბრაზება, ვინც მისი ხელფასის დარიცხვაზეა პასუხისმგებელი

-ეს უკვე შანტაჟია

-რაც გინდა ის დაუძახე, მაგრამ დამიჯერე, დღის ბოლოს მადლობას მეტყვი წამოსვლა რომ დაგაძალე. ერთი სიტყვით, მანქანას გიგზავნით და მოემზადეთ -გვითხრა თუ არა, ხმის ამოღებაც აღარ დაგვაცადა ისე გაწყვიტა ვიდეო-კავშირი.

ტელეფონი მაგიდაზე დავდე და კალეს ინტერესით გავხედე. მინდოდა მზერაში მაინც ამომეკითხა ის, თუ რას აპირებდა წამოსვლასთან დაკავშირებით, მაგრამ ბევრი რომ ვერაფერი გავარკვიე, გადავწყვიტე ეს თავად მეკითხა:

-გინდა წამოხვიდე, თუ არა?

-და შენ გინდა? -კითხვა ოსტატურად შემომიბრუნა -ისეთი ლეკვის თვალებით მიყურებ, შემოხედვაც კი მიჭირს

-ლოლიტას მართლა ძალიან უნდა შენი წამოსვლა. ის, რომ მისი ზარს, შენი აქ ყოფნა დაემთხვა არაფერს ნიშნავს. სურვილი რომ არ ჰქონოდა, სიტყვასაც არ დაძრავდა შენს წამოსვლასთან დაკავშირებით

-რომ არ წამოვიდე, საინტერესოა რას იზამს? -იკითხა ინტერესით.

-რას და პირობას აასრულებს. ამ თვეში ხელფასს სპეციალურად დაგიგვიანებს, ან საერთოდ არ მოგცემს და მეორე თვეში გადაგიტანს

-ჯანდაბა, როგორ მეზიზღება ეს სუბორდინაცია და სამსახურეობრივი იერარქია

-ანუ ეგ რას ნიშნავს? -ინტერესმა თვალები ორი ზომით დიდიც გამიხადა -წამოსვლა გადაწყვიტე?

კალემ ჯერ მსუბუქად დამიქნია თავი, მერე კი, ჩემს დატოვებულ შოკოლადს თვითონ დაუწყო ჭამა.

-მოვდივარ, მაგრამ მხოლოდ შენს გამო. ლოლას ბავშვური მუქარები აქ არაფერ შუაშია

-ლოლა არ მოგწონს, არა? მასზე ფარული აგრესიით საუბრობ

კალემ ჯერ ღრმად ამოიხვნეშა, მერე კი ხელზე, ხელი ისე დამადო, ჩემთვის მზერა წამითაც არ მოუშორებია.

-ჩვენ არ ვირჩევთ ვინ მოგვეწონება და ვინ არა, მარიტა. ეს გრძნობა უნებურად მოდის–ადამიანი ან მოგწონს, ან არა

-შეეცადე მაინც კარგი კუთხიდან შეხედო. დამიჯერე, ძალიან ბევრ დადებითს აღმოაჩენ

-კარგი, კარგი -ხელის გულები ასწია დანებების ნიშნად -მეტაფორულად რომ ვთქვათ, ხანდახან აზარტულიც კია ტალახში ბრილიანტების ძიება.



2013 წელი 1 ივნისი . . .

ორდღიანი ლოდინის შემდეგ, ექიმებმა როგორც იქნა თათას მონახულების უფლება მომცეს. მართალია ჯერ კიდევ სუსტად იყო და არც მადა ჰქონდა მთლად სახარბიელო, თუმცა კიდევ ერთი დღის მოთმენა უკვე ჩემს ძალებს აღემატებოდა, ამიტომ გადავწყვიტე, რაც შეიძლებოდა მალე მენახა, იმაში საკუთარი თვალით დასარწმუნებლად, რომ მის თავს ყველაფერი წესრიგში იყო.

პალატაში მხოლოდ თათა ჰყავდათ განთავსებული, რაც ჩემთვისაც კომფორტული გახლდათ. მინდოდა მასთან განცალკევებით მესაუბრა ყველაფერზე, რაც ბოლო დღეებში მოხდა, ჩვენი კამათის მიუხედავად მხარში ამოვდგომოდი და ყველანაირად მეზრუნა იმაზე, რომ მსგავსი სისულელის გაკეთება თავში აზრად აღარასდროს მოსვლოდა. სპეციალურად დაყენებული, მხიარული სახეც მოვიშველიე, რათა მეგობრისთვის არაფერი მეგრძნობინებინა ისეთი, რაც ფსიქიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაუმძიმებდა. საჩუქრებიც კი მივუტანე დიდი, ფუმფულა დათუნიისა და მისი საყვარელი შოკოლადების სახით, თუმცა გამომეტყველება, რომელიც ჩემი პალატაში შესვლის დროს მიიღო, ნამდვილად არ ჰგავდა იმ კეთილგანწყობილი ადამიანის გამოხედვას, ვისაც მეგობრის ვიზიტი ოდნავ მაინც გაუხარდა. პირიქით, ეს მზერა იმდენად მტრული და სიძულვილით აღსავსე მეჩვენა, ლამის ტკივილისგან გამიქვავა მთელი სხეული. თათასგან, რომელიც ჩემთან ერთად რომანტიკული კომედიების ყურებაში ათენებდა და ყველაფერში მხარში მედგა, თითქოს აღარაფერი დარჩენილიყო და ახლა, მისი სხეულში ჩასახლებული სრულიად სხვა არსება მიმზერდა.

-შეიძლება შემოვიდე? -ენის ბორძიკით ვიკითხე ასეთი დახვედრით დაბნეულმა. მართალია, წვეულებიდან წამოსვლის დღეს ცოტა ვიკამათეთ, თუმცა არ მეგონა ჩემდამი ბრაზი, ზუსტად ისეთივე დოზით თუ ექნებოდა გულში ჩარჩენილი, როგორც თავდაპირველად.

-ცუდ დროს კითხულობ, უკვე შემოხვედი

-შენი საყვარელი ტკბილეული მოგიტანე -დათუნიას იატაკზე, კარის გვერდით მივუჩინე ადგილი, ხოლო შოკოლადები საწოლზე დავუდე და თავადაც შორიახლოს გავჩერდი. მთელი გულით ვნატრობდი, მის ჩემდამი მომმართულ მზერაში მცირედი ცვლილებები მაინც შემემჩნია მაგრამ ეს, არა და არ ხდებოდა.

-ტკბილეული არ მინდა -თავი გააქნია თათამ და მუცელზე ხელები ფრთხილად დაილაგა. მისი ბინტით შეხვეული ვენები კიდევ ერთხელ მახსენებდნენ, რომ ფაქტობრივად იმ ქვეყნისკენ მიმავალი ეტლიდან ჩამოსვეს და ახლაც კი ტანში მზარავდა ამის გაცნობიერებისას.

-მაგრამ ეს შოკოლადი ძალიან გიყვარს

-მარიტა, უმორჩილესად გთხოვ ნერვებს ნუ მიშლი -ცალი წარბი მრისხანედ აზიდა მაღლა -მოკიდე ხელი იმ ხარახურას, რაც მოათრიე და გადი ჩემი პალატიდან!

გულში მწარე ჩხვლეტასთან ერთად, ბრაზიც ვიგრძენი. რატომ მექცეოდა ასე უხეშად? საერთოდ რას ჰგავდა მისი საქციელი? რის გამო მესაუბრებოდა ისე, თითქოს მოსისხლე მტერი ვყოფილიყავი და არა მისი მეგობარი?

-თათა, ხვდები მაინც რას აკეთებ? -ვკითხე, როგორც კი გონებაში გაჩენილი შეკითხვების ქარიშხალი ოდნავ დავაცხრე -შენ თუ კიდევ იმ ადამიანის გამო აპირებ ჩემთან ჩხუბს, ვის გამოც ამ მდგომარეობამდე მიხვედი, მართლა აღარ ვიცი როგორ მოგიყვანო გონს

-ახლა მე აზრი გკითხე და არ მახსოვს?

-ასე ნუ იქცევი, გთხოვ

-აბა როგორ გინდა მოვიქცე? -კვლავ ზიზღნარევმა გამომეტყველებამ დაიდო ბინა მის სახეზე -ყოველთვის იქ ეკვეხები ხოლმე, სადაც არ უნდა იყო. შენ ხარ იმის მიზეზი, რომ იმ ბიჭმა, ვინც მიყვარს, ჩემთან ყოფნა არ მოინდომა!

-მე რა შუაში ვარ, გეკითხები მე რა დავაშავე?! -უკვე ნერვებმა მიმტყუვნა და ხმის ტემბრი ვერც თავად დავარეგულირე -მტრად იმის გამო გადამეკიდე, რომ მაგ ტიპს მხოლოდ ერთხელ დაველაპარაკე, ხუთი წუთით?

-საუბარსა და ფლირტს შორის, დიდი განსხვავებაა -საწოლიდან წამოიწია, ჩემი მოტანილი ტკბილეული აიღო და იგი პირდაპირ სახეში მესროლა. საბედნიეროდ, სწრაფი მანევრირების წყალობით, დროულად მოვასწარი გვერდზე გაწევა, თორემ შოკოლადი, ტუმბოს ქვეშ შევარდნის ნაცვლად, ჩემს ცხვირზე დატოვება და ჩალურჯების კვალს.

რამდენიმე წამის განმავლობაში, გაშტერებული ვიყურებოდი, მისი არაადეკვატური საქციელის გავლენის ქვეშ მყოფი. შოკოლადის სროლისთვისაც რომ თავი დამენებებინა, მისი მოსაზრებები და ბრალდებები, ნამდვილად ჭკუიდან გადასული ადამიანისას უფრო ჰგავდა, ვიდრე ნორმალურისა და ჩამოყალიბებულის.

-თათა, კიდევ ერთხელ გიმეორებ, ჩემსა და იმ მიშოს შორის არაფერი ყოფილა -ვცადე საკუთარი სიმშვიდით მაინც დამესტაბილურებინა ეს საგანგაშოდ არეული სიტუაცია -გევედრები, შენც ნუღარ იდარდებ მასზე. ვერ დაინახე რა ცუდი ადამიანია? არაფრად ადარდებს სხვისი გრძნობები. შენს გარდა, ალბათ კიდევ ბევრ გოგოს მოქცევია და მოექცევა ასე. ნუთუ ამის მერე მისდამი კიდევ გრძნობ რამეს?

თათამ საფეთქლებზე მიიჭირა თითები. რამდენიმე წამის განმავლობაში, თვალდახუჭული იმასაჟებდა იმ ადგილებს. მერე მზერა ჩემკენ მომართა და გესლიანად გამიღიმა.

-თუკი არ გინდა მაგ შოკოლადზე უფრო მძიმე რამ მოგხვდეს თავში, აქედან მოუსვი. გაფრთხილებ, არ ვხუმრობ!

-თათა, არასწორად იქცევი

-ფეხებზე მ’კიდია რა არის სწორი და რა, არასწორი! -ლამის მიკივლა მან -წარსულიდან არც ერთი ადამიანის დანახვა აღარ მსურს, მათ შორის არც შენი!

ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, მაგრამ ვიგრძენი, რომ მაინც არ მყოფნიდა. იმდენად ძლიერად იმოქმედა მოსმენილმა სიტყვებმა, თითქოს კარგად ალესილი, ბასრი ხანჯლები ყოფილიყვნენ, რომლებიც უმოწყალოდ მისერავდნენ ისედაც დასერილ გულს.

-ესე იგი, მეგობრობას წერტილს იმ ადამიანის გამო უსვამ, ვისთვისაც სულ ერთია რა მოგივა? შენს სანახავადაც კი არ მოსულა თათა

-იყო მოსული! -სწრაფად გამაწყვეტინა სიტყვა -მაგრამ რაზე ვისაუბრეთ და როგორ, ეს უკვე შენ აღარ გეხება. ერთადერთი, რაც მინდა ისაა, რომ თავის კრავად მოჩვენება შეწყვიტო და ჩემი ცხოვრებიდან მოუსვა!

-განსჯის უნარი გაქვს დაკარგული. არც კი იცი რას ლაპარაკობ

-მშვენივრად ვხვდები რასაც ვამბობ და შეწყვიტე ეგ მასკარადი -მერე ხელით კართან დადებულ დიდ დათუნიაზე მანიშნა და კვლავ ალაპარაკდა:-ამას ხელი მოკიდე და სამ წამში, ორივენი კარს იქით იყავით!

-თათა . . .

-თათა შენთვის აღარ არსებობს! -კიდევ ერთხელ ამაღლდა მისი ხმის ტონი -გეფიცები, ახლავე თუ არ წახვალ, ბოლო ხმაზე ვიყვირებ და ყველანი აქ შემოცვივდებიან

ფარ-ხმალი საბოლოოდ დავყარე. უკვე აღარანაირი იმედი აღარ მქონდა, რომ მასთან ცივილიზებულად დალაპარაკებას შევძლებდი. თათას თვალები უზარმაზარი ზიზღით მაშტერდებოდნენ და ამასთან უკვე ისეთივე უძლური ვიყავი. როგორც ჭიანჭველა, სპილოს წინაშე.

დათუნია, რომელიც დიდი გაჭირვებით მოვიტანე აქამდე, კვლავ გულში ჩავიხუტე და კარის სახელურს, ცრემლებისგან დაბინდული თვალებით მივუახლოვდი. უკან აღარ მიმიხედავს, ან კი რა აზრი ჰქონდა ამის გაკეთებას, როცა ვიცოდი, კვლავ ის სიძულვილით სავსე მზერა უნდა დამენახა, რასაც აქ მოსვლის მომენტიდან ვხედავდი. არც კი დავმშვიდობებივარ. არც თვითონ შეუწუხებია ამით თავი. ერთადერთი, რაც გასვლისას მომაძახა, ის იყო, რომ თუ კიდევ ერთხელ მნახავდნენ მისი თვალები, უკვე ასეთი თავაზიანი აღარ იქნებოდა.

არაფერი მიპასუხია. თავს იმდენად დამცირებულად ვგრძნობდი, მინდოდა ჩემი წასვლა მაინც გამოსულიყო ღირსეული, ამიტომ კარი უხმოდ გამოვიხურე, ღრმად ჩავისუნთქე და ფუმფულა დათუნიაზე მიხუტებული, არეული ნაბიჯებით გავუყევი დერეფნის ბოლოსკენ მიმავალ გზას.

იმ დღის შემდეგ, თათა ერთხელაც აღარ მინახავს ახლო მანძილიდან. მხოლოდ რამდენიმე კვირის მერე გავიგე, რომ საქართველოში აღარც იყო და მშობლებთან ერთად, ამერიკის რომელიღაც შტატში გადასულიყო საცხოვრებლად.



8 8 8 8

ბეშუმი იმაზე ბევრად უფრო საოცარი აღმოჩნდა, ვიდრე ეს აქამდე მქონდა წარმოდგენილი. მარადმწვანე წიწვის ტყეებით მდიდარი ეს მხარე, იქაური სიმშვიდე და სასიამოვნოდ წყნარი გარემო, სწორედ ის იყო, რაც ქალაქის ხმაურით გადაღლილს ძალიან მჭირდებოდა.

დანარჩენ სახლებს შორის, შავ ყვავებში შერეული, ერთადერთი თეთრი ყვავივით გამოირჩეოდა ლოლას ორსართულიანი, სამკუთხედი გადახურვის მქონე კოტეჯი. მას ლამაზი, რიკულებიანი აივნები და მრგვალი ფორმის ფანჯრები ამშვენებდნენ. შიდა ეზო, მთელი თავისი მცენარეებითა და დეკორაციებით, შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომ ამ ადგილს რეგულარულად, თანაც საფუძვლიანად უვლიდა ადამიანის ხელი.

ეზოს აღმოსავლეთ მხარეს, გასართობი მოედანი ჰქონდათ მოწყობილი, სასრიალოებითა და საქანელებით, რაც, როგორც ვივარაუდე, ლოლას ბავშვობის დროინდელი გასართობი ადგილი უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება დასავლეთ მხარეს, აქ უკვე ქვის სკამ-მაგიდები იდგა, ხოლო მაგიდის შუაგულში, ოთხკუთხედად ამოჭრილ, მინით გადახურულ სივრცეში, დეკორატიული ცეცხლი გიზგიზებდა. სწორედ აღნიშნულ მაგიდას შემოვსხდომოდით მე, სამირა და ლოლა მაშინ, როდესაც ჩვენგან რამდენიმე ნაბიჯით მოშორებული კალე, მაყალს დასტრიალებდა თავს და მწვადის შამფურებს გამუდმებით ატრიალებდა აქეთ-იქით.

საღამო ხანი იდგა. ეზოში ოდნავ გრილი, სასიამოვნო სიო უბერავდა. გარესამყაროსგან მთლიანად მოწყვეტის მიზნით, ტელეფონიც კი მქონდა გამორთული და გოგონებთან ერთად, ნელ-ნელა ვსვამდი ასი წლის დაძველების კონიაკს, რომელიც, როგორც თვითონ ლოლამ აღნიშნა, მამამისის სანაქებო კოლექციიდან ჰქონდა მოპარული, სპეციალურად ამ დღისთვის.

სულიერი სიმშვიდის მხრივ, აშკარა უკეთესობას განვიცდიდი. ბუნების სიწყნარე მიწევდა დახმარებას იმაში, რომ ისეთ თემებზე ფიქრით არ გადამეღალა გონება, რაც ერთიანად მაფორიაქებდა. ჩემი ნება-სურვილის შემთხვევაში, ალბათ თვეობითაც კი დავრჩებოდი ამ ადგილას, თუმცა ფაქტი, რომ ხვალიდან სამსახურსა და ჩემს მოვალეობებს უნდა დავბრუნებოდი, კვლავაც უცვლელი რჩებოდა.

ლოლას, დიდ, გორგოლაჭებიან სადგამზე, თავის მიერ მომზადებული ნაირ-ნაირი კერძები ჰქონდა დალაგებული. საუბედუროდ, მათთვის ხელის ხლების უფლების მოცემას მხოლოდ მაშინ აპირებდა, როდესაც კალე,] ბოლოს და ბოლოს მწვადსაც შემოამატებდა ჩვენს პატარა სუფრას.

-თავიდანვე რომ მცოდნოდა, რაც მოხდებოდა, მანქანას სადმე გავაჩერებინებდი და ერთ ლობიანს მაინც ვიყიდდი -უკმაყოფილება ეწერა სახეზე სამირას, ვისთვისაც, როგორც ეტყობოდა, კონიაკის სულაც არ იყოს საკმარისი შიმშილის მოსაკლავად. არც მე ვიყავი უკეთეს დღეში. ლოლას მომზადებული კერძები, საერთო ჯამში ისეთ სურნელს აფრქვევდნენ, ძალზედ რთულად ამოცანად მეჩვენებოდა ვმჯდარიყავი და მათთვის გულგრილად მეყურებინა.

-კარგით რა, ორივეს ისეთი გამომეტყველება გაქვთ, თითქოს კვირების განმავლობაში ჰყავდით დაბმული და გაშიმშილებდნენ -წყენით გადმოგვხედავ მან, მეც და სამირასაც. შემდეგ კალეს მიუტრიალდა და სკამის საზურგეს ცალი მკლავით ჩამოეყრდნო.

-მალე იქნება, შეფ?!

-კიდევ ხუთი წუთით დამაცადეთ -შუბლიდან ოფლის წმენდით გაეპასუხა კალე, თან კმაყოფილი ღიმილით გამოხედა -ისე, მომწონს შენნაირი ვეგეტარიანელები, მხოლოდ თვითონ რომ ამბობენ უარს ხორცის ჭამაზე და საკუთარი მოძღვრებით სხვებს არ უბურღავენ ტვინს

-ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ცისფერთმალებავ -საპასუხოდ ლოლამაც გაუღიმა -მე არ მინდა, მაგრამ სხვამ გემრიელად მიირთვას

მათი საუბრის მოსმენისას, ინსტიქტურად შევეხე ჩემს მზის ფორმის კულონს. მისი ყოველი შეგრძნება ყელზე, იმ დღეებს მახსენებდა, რომელიც მე და მიშომ გავატარეთ იაპონიაში. მიუხედავად ამისა, სანამ მეფარიშვილი ვერ მხედავდა, ამ ყელსაბამის მოხსნა მაინც არ მსურდა, ამიტომ, ფიქრების მოსაშორებლად, მას უბრალოდ ხელი გავუშვი და საუბარში ჩართვა ვცადე:

-არავის ვაკრიტიკებ, მაგრამ ადამიანები მართლაც ვართ დამნაშავეები ცხოველებს რომ საკვებად ვიყენებთ

-აბა, აბა -თეატრალური მწუხარებით გადააქნია თავის სამირამ -საწყალი ცხოველები, რა გემრიელად იჭმება მათი ხორცი

მის სიტყვებზე, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სასტიკად ჟღერდნენ, მაინც ყველას გაგვეცინა. პირადად უკვე შეჩვეულიც კი ვიყავი ასეთ რამეს, რადგან მისთვის დამახასიათებელი შავი იუმორისის შესახებ, გაცნობის პირველივე დღიდან ვფლობდი ინფორმაციას.

ამასობაში კალემაც დაასრულა მწვადების შეწვის ხანგრძლივი პროცედურა და აწ უკვე გამზადებული, ვერცხლისფერ სინზე დაწყობილი შამფურები, ფრთხილად დაგვილაგა მაგიდაზე. ახლა უკვე მასპინძლისგანაც გვქონდა ოფიციალური ნებართვა მისი მომზადებული კერძები დაგვეგემოვნებინა და ჩვენც დაუყოვნებლივ შევუდექით ვახშმობას.

ლოლას სალათები, ტკბილეული და გამაგრილებელი სასმელები, დახვეწილად მომზადებულთან ერთად, ძალიან გემრიელიც იყო. სუფთა ჰაერზე, მადაც ერთიორად იზრდებოდა და დალევის სურვილიც. ჩვენს შორის, ყველაზე მეტს მაინც სამირა სვამდა. როგორც ჩანდა, ძალიან მოხიბლულიყო ასი წლის დაძველების კონიაკით და ამ მიზეზით, ჭიქას, ჭიქაზე ისე ცლიდა, ორწუთიან შესვენებასაც არ აკეთებდა.

-იდეალური ადგილია მთელი ზაფხულით აქ დასარჩენად -ღიმილით აღნიშნა საჭმლით პირგამოტენილმა სამირამ. საუბრის ტონზე და აწითლებულ ცხვირსა თუ ლოყებზე უკვე ნათლად ეტყობოდა, რომ სასმელი საკმაოზე მეტად მოჰკიდებოდა.

კალე ძალიან ცოტას სვამდა. აგრეთვე მეც. მხოლოდ ლოლა და სამირა გახლდნენ ისეთები, ვინებიც თრობისკენ მიისწრაფვოდნენ, თანაც გამიზნულად.

-როდესაც დედა ცოცხალი იყო და გავაბრაზებდი, მამაჩემი მის მაგივრად მსჯიდა და ზაფხულობით აქ აღარ მიშვებდა ხოლმე -მელანქოლიურად ჩაეღიმა ამ სიტყვებზე ლოლას -საბრალო ქალი, ჩემი მშობელთა კრების შემდეგ, სულ დამამშვიდებლების შუშებით ხელში დარბოდა

-არც მიკვირს -სამირას ტუჩებსაც მოსდგომოდა ღიმილი -თექვმეტი წლის ასაკში, უკვე მასწავლებელთან გქონდა სექსი

-მხოლოდ სპორტის მასწავლებელთან. დანარჩენები არ მიზიდავდნენ

-ალბათ სპორტში ყოველთვის კარგი ქულები გყავდა -კონიაკის ჭიქები, სათითაოდ ყველას შეგვივსო კალემ, როცა ეს თქვა, შემდეგ კი, შეკრული წარბებით მიუტრიალდა სამირას -იქნებ ამ ადამიანს საერთოდ არ სურდა გამეგო, რომ მასწავლებელთან ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა

-დამშვიდდი, ლოლა არასდროს არაფერს მალავს -კიდევ ერთი ჭიქა კონიაკი დაიმატა. ალკოჰოლის დოზა მასში ნელ-ნელა უფრო და უფრო ტოვებდა კვალს, რაც ჩაწითლებულ თვალის უპეებზეც ეტყობოდა -ეს თვითონ ვარ, ვინც ძალიან ბევრ რამეს არ ამბობს

-მოდი მეტი აღარ დაისხა, კარგი? -რა წამსაც შევატყვე, რომ სასმისის შევსება ჰქონდა განზრახული, ჭიქაზე გაშლილი ხელის გული გადავუფარე.

-რატომ, საუბრის ხასიათზე რომ მაყენებს იმიტომ? -მკითხა და პასუხსაც არ დაელოდა ისე წამოდგა ფეხზე, კონიაკის ბოთლთან ერთად -მოდი ახლა ყველანი გავჩუმდეთ და ჩემი ერთ-ერთი, ყველაზე ექსტრემალური სექსუალური გამოცდილების შესახებ გიამბობთ

-ოჰოო, მე სიამოვნებით მოვისმენ -განაცხადა ლოლამ მხიარულად, თუმცა მე და კალე, ოდნავადაც არ ვიზიარებდით მის პოზიციას. სრულიად შესაძლებელი იყო, სამირას ხვალ დილით გაეღვიძა და ყოველი წინადადება ენანა, რაც კი ნასვამ მდგომარეობაში ჰქონდა ნათქვამი.

-მოდი ცოტა გავისეირნოთ -სკამიდან წამოვიწიე, რათა მისი შეჩერება მეცადა, თუმცა ამ უკანასკნელმა ტუჩებთან მიტანილი საჩვენებელი თითით მანიშნა გაჩუმდიო, ხოლო ლოლამ კვლავ საწყის ადგილას დამაბრუნა. ამასობაში, სამირამაც მოსვა ბოთლიდან საკმაოდ მოზრდილი ყლუპი და წამოწყებული საუბარი განაახლა:

-ვფიქრობ, ძალიან რომ არ დაიზაფროთ, ჯობს საკუთარ თავზე მესამე პირში ვისაუბრო

-სამირა . . .

-კალე, ახლა ჩემი მიკროფონია ჩართული, ამიტომ გთხოვ მოკეტო -მკაცრად შეუბღვირა ამის თქმისას, თან მზერა ჩემკენ ისე მომართა, თითქოს ყველაფერს ზუსტად ჩემს გასაგონად ყვებოდა -მოკლედ, ეს ყველაფერი იმ ლამაზ ღამით მოხდა, როდესაც ერთმა სულელმა გოგონამ, შინ მალე დაბრუნების მიზნით გადაწყვიტა მოკლე გზით წასულიყო და ღამით სახიფათო ჩიხებში მარტოს ებოდიალა -მერე მზერა ყველას სათითაოდ შეგვავლო და ბოლოს იგი ლოლაზე გააჩერა -იმ ჩიხში, სამწუხაროდ გოგონა მარტო არ ყოფილა. იქ, ორ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს გადაეყარა. გარშემო სხვა არავინ იყო, ღირსეულმა ჯენტლმენებმა კი დრო იხელთეს, გოგონას თავიანთი მზრუნველი ხელები ჩაავლეს, სადარბაზოს სარდაფში ძალის გამოყენებით ჩაიყვანეს და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ტანჯავდნენ. ჯერ იყო და თავიანთი ბინძური არაყი ასხეს პირში და ტანსაცმელზე, შემდეგ სიგარეტი მოწიეს და იგი პირდაპირ მის მკერდზე ჩააქვრეს, ეკითხებოდნენ რა ფერის საცვლები ეცვა კაბის შიგნით, მერე კიდევ . . .

-ასე ნუ ხუმრობ სამირა! -საუბარი ლოლამ გააწყვეტინა, ვინც სავარაუდოდ, ვეღარ მიმხვდარიყო, მოსმენილი ისტორია ალკოჰოლის ზემოქმედების დამსახურებით იყო შეთხზული თუ სიმართლეს შეესაბამებოდა. მეც სრულ გაურკვევლობაში ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, დასაჯერებელი იყო ის, რაც მესმოდა, თუ არა.

-ვინ გითხრა, რომ ეს ხუმრობაა? -იკითხა მან წყენით, მაგრამ მერე შეკრული წარბები კვლავ გახსნა და ალაპარაკდა -მოკლედ, დიდად რომ აღარ გადაგღალოთ, იმ ღამით მაგ ტიპებმა თავიანთი გასაკეთებელი გააკეთეს. ერთი წინიდან მიადგა მაგ გოგოს, მეორეს უკნიდან უფრო გაუსწორდა. ერთხელ არ იკმარეს და რამდენიმე წუთის შემდეგ, მეორე წრეზეც წავიდნენ

-იაზრებ რასაც ყვები? -სამირასთან ერთად დანარჩენებსაც გადავხედე. მათაც ზუსტად ჩემნაირად შოკირებული სახეები ჰქონდათ. .

-ვიაზრებ, ვიაზრებ -იმოდენა ბრაზი და სისხლიანი შურისძიების სურვილი ჩანდა სამირას გამოხედვაში, დამეფიცებოდა, ასეთი რამ აქამდე არც ერთი სხვა ადამიანის მზერაში არ მქონდა შემჩნეული -გიკვირთ, არა? ადრე მეც ყველაფერს ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი და წარმოდგენაც არ მქონდა, ადამიანის მხეცურ ბუნებას თუ ამდენად ღრმად შეეძლო შეტოპვა. სანამ ეს მოხდებოდა, ერთი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი ვნახე –მწერალ გოგონაზეა, ვინც შთაგონებისთვის ქალაქგარეთ მდებარე ტბის სახლს იქირავებს, სადაც ერთი კილომეტრის რადიუსზე, მოსახლეობაც კი არაა. ერთ დღესაც, ამ გოგოს ბენზინგასამართ სადგურზე მომუშავე ნაბი*ვრები შეუვარდებიან სახლში, რომელთაც ასევე ნაბი*ვარი პოლიციელი ეხმარება და ხუთი კაცი, ერთ ქალს, რიგრიგობით გააუპატიურებს

დავინახე როგორ ნერვიულად მოისვა კალემ შუბლზე ხელი. ლოლაც ქანდაკებასავით გაექვავებინა მოსმენილ ისტორიას და ერთადერთი, რაც მის ცოცხალ მდგომარეობაში ყოფნაზე მიანიშნებდა, ეს თვალების პერიოდული ხამხამი იყო.

-შემდეგ ეს მწერალი გოგო როგორღაც გაქცევას მოახერხებს, რათა მოძალადეებმა არ მოკლან -კლავ განაგრძობდა ის -გარკვეული დროის გასვლის მერე კი თითოეულ მათგანზე შურს იძიებს და სასტიკი წამებით კლავს. ძალიან მინდოდა მეც ზუსტად მისნაირად მოვქცეულიყავი. მინდოდა ორივენი იმ დონემდე მიმეყვანა, რომ ბოლო ხმაზე ღრიალით ეთხოვათ პატიება და მათ ხვერწნა-მუდარაზე რომ შემებრალებინა, ირონიული ღიმილით მეპასუხა. სამწუხაროდ, დღემდე არ მაქვს წარმოდგენა ასე ვინ მომექცა. ჭკუიდან მშლის ის ფაქტი, რომ ვერაფერს ვუშავებ მათ, ვინც ცისარტყელას შვიდივე ფერი ჩააქრო ჩემს ცხოვრებაში

დაძაბული დუმილი ჩამოვარდა. ზუსტად ვიცოდი, არც ერთი ჩვენგანი არ ელოდა სიტუაციის ასე განვითარებას და მსგავსი შემზარავი ამბის მოსმენას. პირადად მე, მცირედ ეჭვს ვებღაუჭებოდი, რომ ყოველივე ეს, სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანის ფანტაზია შეიძლებოდა ყოფილიყო და არა, მახინჯი რეალობა.

-ეგ ფილმი მეც მაქვს ნანახი -ჩვენს შორის კალე აღმოჩნდა ის ერთადერთი, ვინც გაბედა და მდუმარება დაარღვია -მესამე ნაწილში, ეგ მწერალი გოგო, იმდენად იშლება ჭკუიდან, რომ საკუთარ ფსიქოთერაპევტსაც კი კლავს, ვინც ყველაზე რთულ დროს, კარგი მეგობარივით ედგა მხარში. მაგ გოგო, აქამდე მხოლოდ შურისძიებამ მიიყვანა და ფილმიც იმას გვასწავლის, რომ სამაგიეროს გადახდა, ჩვენთვისვეა საზიანო

მწარედ ჩაეცინა სამირას. იმ მომენტში, ბოთლში უკანასკნელი ყლუპი ჰქონდა დარჩენილი, რომელიც სწრაფად გადაუშვა ყელში, ცარიელი ჭურჭელი სადღაც ბალახებში მოისროლა, უმისამართოდ და გამჭოლი მზერა მიაპყრო კალეს.

-ჩემს ზურგზე სადმე ანგელოზის ფრთებს ხედავ? -გაისმა ცინიკურად -მორალურად რა არის სწორი და რა, არასწორი, ეს შენზე კარგად ვიცი . . . მაგრამ ის, რომ ჩემი მომავლის გეგმები ერთიანად ჩამომანგრიეს თავზე, ამას დაუსჯელს არ დავტოვებდი, მათი პოვნა რომ შემეძლოს. არ აქვს მნიშვნელობა, მერე ჭკუიდან შემიშლებოდი თუ გონებიდან

-და შენს ყოფილს, ვისზეც მე და მარიტას გვიამბობდი, ამის გამო დაშორდი? -შოკი, სიბრალული, ინტერესი –ერთობლივად იკითხებოდა ლოლას თვალებში.

-მე და დემეტრე, ოჯახის შექმნასაც ვაპირებდით -სახეზე სევდიანი ღიმილით, კლავ თავის მიტოვებულ სკამს დაუბრუნდა სამირა. თუკი მხედველობაში მის ჩაფიქრებულ გამომეტყველებას მივიღებდით, გონების ძალით წარსულში მოგზაურობდა-ვოცნებობდი ზღვის პირას მოწყობილ, ლამაზ ატმოსფეროში მოგვწერა ხელი. მე მზესუმზირების თაიგული მჭეროდა, თავზე კი ზღვის ვარსკვლავებისგან გაკეთებული გვირგვინი მქონოდა დამაგრებული. მინდოდა მისგან ორი შვილი მყოლოდა და ორივე ისე აღმეზარდა, რომ მომავალში მათით მეამაყა. ახლა შემომხედე ვინ ვარ. ვარ ადამიანი, ვისაც არასდროს ეღირსება სიმშვიდე მანამ, სანამ იმ ორ ნაძირალას არ იხილავს თავის მუხლებთან გართხმულს

საუბარში რამდენჯერმე თვითონაც დავაპირე ჩართვა, მაგრამ გავაღებდი თუ არა პირს რაღაცის სათქმელად, იმ წამსვე ვჩუმდებოდი, რადგან სიტყვები, რომლებიც ამ სიტუაციას მოუხდებოდა, არა და არ მწიფდებოდა ჩემს ტვინში.

ყველანი დაბნეულები ვიყავით. ბუნებრივიც იყო ჩვენი ასეთი მდგომარეობა. მართალია, სამირას მუდამ ოდნავ უცნაურ ადამიანად მივიჩნევდით, თუმცა თავში აზრადაც არავის მოგვსვლია, რომ შეიძლებოდა ასეთი შემზარავი რამ ჰქონოდა გადატანილი.

-რა იყო, რა სახეები ჩამოგტირით? -ღიმილიანი მზერა მოატარა თითოეულ ჩვენგანს სამირამ -დაახლოებით ასე იყურებოდნენ დემეტრე და მიშო, ეს რომ მოვუყევი. ამან უკვე დამღალა და ახლა შებრალებები, სევდიანი თვალები და “ვაიმე ეს რა მოგსვლია” არ გამაგონოთ, თორემ ამ შამფურებზე, მწვადის მაგივრად თქვენ აღმოჩნდებით წამოცმულები

მოულოდნელად, კალე ფეხზე წამოდგა და ოდნავ მოშორებით განმარტოვდა. ჩვენგან, მას მხოლოდ მე და ლოლამ გავაყოლებთ თვალი. სამირა ისე არხეინად იჯდა, თითქოს ამ ქვეყნად არაფერი აინტერესებდა და ცოტა ხნის წინაც, მხოლოდ დაძაბული ფილმის შინაარსი მოეყოლა.

ყურადღების სხვა რამეზე გადასატანად, ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და ჩავრთე. რა დროს ამაზე ფიქრი იყო, მაგრამ ნერვებზე მაინც უარყოფითად იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ მიშოსგან არანაირ გამოხმაურებას არ ჰქონოდა ადგილი –არც ზარის და არც შეტყობინების სახით.

ფეხზე ინსტიქტურად წამოვდექი და თავადაც კალესკენ გავეშურე. ზუსტად ვიცოდი ახლა რაც სჭირდა –მოსმენილ ისტორიას მასზე იმდენად ძლიერ ემოქმედა, დამშვიდებას განმარტოების გზით ცდილობდა. ჩემი მიახლოვებისას არც კი განძრეულა. განდეგილივით ეულად, გულხელდაკრეფილი იდგა და პერიოდულად, ღრმა ამოსუნთქვებს აკეთებდა.

-მისმინე, შეიძლება ეს არც არის სიმართლე და . . .

-სიმართლეა მარიტა, სიმართლე -არც კი მაცალა დაწყებული წინადადების დასრულება -ვერ ხედავ, როგორი დამოკიდებულებისაა ყველა მამაკაცთან გარშემო? ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს მაგ ამბების მერე. ირგვლივ, თითოეული მამრობითი სქესის წარმომადგენელი სძულს

-და შენ? მითხარი, კარგად ხარ?

-არა, არ ვარ კარგად -მაშინვე გააქნია თავი, თან მწარედ ჩაეცინა -გულისამრევია ასეთი ამბების მოსმენაც კი. ცოტა ხნის წინ , სამირას იმას ვარიგებდი, რომ შურისძიება ადამიანის სულს უფრო ამძიმებს, მაგრამ როდესაც ასეთი ტიპების შესახებ მესმის, მინდება ფსიქოპათ მკვლელად ვიქცე და თითოეულ მათგანს წამებაში ამოვხადო სული

გამაჟრჟოლა მის ამ სიტყვებზე. მართალია თავადაც იმ აზრზე ვიყავი, რომ მოძალადე ადამიანები ყველაზე უარესს იმსახურებდნენ ცხოვრებისგან, თუმცა წამება, ან მოკვლა, მაინც ისეთ რამებად მეჩვენებოდა, რასაც, რაც არ უნდა მომხდარიყო გონებაში არასდროს გავივლებდი.

-ყველანი უნდა დავმშვიდდეთ -მაგიდასთან დარჩენილებს გავხედე ამის თქმისას, ვინებიც, უმეტესწილად უხმოდ ისხდნენ თავიანთ სკამებზე -სამირასთან არაფერი უნდა შევიმჩნიოთ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც გამოფხიზლდება

თავი უხმოდ დამიქნია, თუმცა თქმით სიტყვაც არ უთქვამს. ორივე ჩვენგანმა ვიცოდით, რომ იმ ღამით, მხიარულება აღარ გვეღირსებოდა და თუკი გავიღიმებდით, ეს ღიმილი, აუცილებლად ყალბი იქნებოდა.

-ჰეი თქვენ ორნი -ფიქრებში ჩაძირულები, ხმამაღალმა ძახილმა დაგვაბრუნა რეალობაში. თითქმის ერთდროულად მოვტრიალდით ამ სიტყვების გაგონებაზე. მაგიდასთან დარჩენილი ლოლა, გამომცდელად გვათვარიელებდა, თან მომლოდინე მზერაც აღბეჭდვოდა სახეზე -საზოგადოებაში ჩურჩული უზრდელობაა, მოდით და აქ ისაუბრეთ

კალემ მე გამომხედა, მე კი, მას. შეიძლება ახლა არც ერთს არ გვსურდა ლოლას სიტყვების დაჯერება, თუმცა წინააღმდეგობა მაინც არ გაგვიწევია.

მაგიდასთან ჯდომისას, ყველანაირად ვცდილობდი სახეზე არაფერი შემტყობოდა, თუმცა რამდენად წარმატებული იყო ჩემი მცდელობა, უკვე არ ვიცოდი. იმ ღამით ყველანი ყალბები ვიყავით, იმ ღამით აღარაფერი იყო ლამაზი, იმ ღამით ჩვენი მხიარულება წყალში ჩაიძირა და თითოეული მათგანი ღრმა ფიქრებში წაგვიყვანა. იმ ფიქრებში, სადაც ცხოვრებისეულ უსამართლობასა და სიმახინჯეს პირველი ადგილი ეკავა.





8 8 8 8

ბეშუმიდან საკმაოდ ადრიან დილით დავბრუნდით, რის გამოც, მაშინვე საძინებელს მივაშურე და მთელი ხუთი საათის განმავლობაში იმდენად გათიშულს მეძინა, გამოღვიძებულზე შევამჩნიე, რომ კვლავ იგივე პოზაში ვიწექი, როგორშიც თავიდან ჩამეძინა.

პირველი, რაც თვალების გახელისას ვიგრძენი, ეს შიმშილის გრძნობა გახლდათ. მაცივარში საკვების დიდი არჩევანი ნამდვილად არ მქონდა. ერთადერთი, რისი ჭამაც შემეძლო, ეს არაქისიანი ბუტერბროდები იყო, ბანანის კრემით, ამიტომ, წამოვდექი თუ არა საწოლიდან, მაშინვე სამზარეულოს მივაშურე და საუზმის მომზადება დავიწყე.

წუხანდელი ამბები, ჯერ კიდევ უსიამოვნოდ მიწიწკნიდა გულს. დაზუსტებით არც ვიცოდი, ახსოვდა თუ არა სამირას ის, რაც წინა ღამით ილაპარაკა. უფრო მეტად იმ მოსაზრებისკენ ვიხრებოდი, რომ ყველაფერი იდეალურად დაამახსოვრდა, რადგან მანქანაში, მთელი გზა ისე ჩუმად იჯდა, ხმა ერთხელაც კი არ ამოუღია.

ფიქრებში გართულმა, პერიფერიული მხედველობით დავინახე, თუ როგორ ამოყარა ტოსტერმა პურები. ხელი რომ არ დამწვოდა, ისინი ორი თითით გადმოვიტანე წინასწარ მომზადებულ თეფშზე, შემდეგ ხილის წვენით შევავსე მინის ჭიქა და უკვე მაგიდას უნდა მივჯდომოდი სასაუზმოდ, რომ უდროო ზუზუნის ხმაც გაისმა ჩემს ტელეფონზე. ზარის ადრესატის ვინაობის გაგებამ, გულწრფელად ვიტყვი ოდნავი დაბნეულობა მომგვარა. ეკრანზე სამირას ფოტო ეხატა, ვინც WhAsapp-ით ცდილობდა ჩემთან დაკავშირებას. შეიძლება გუშინდელი ღამის შემდეგ წარმოდგენაც არ მქონდა რა უნდა მეთქვა მისთვის, თუკი თავის მიერ მოყოლილ ამბებზე წამომიწყებდა საუბარს, მაგრამ გამბედაობა მაინც მოვიკრიბე და ყურმილი მანამ ავიღე, სანამ ყოყმანი გულში კიდევ ერთხელ შემომეპარებოდა.

-გისმენ სამირა -მობილური ხმამაღალ კავშირზე ჩავრთე და ბუტერბროდს პატარა კუთხე მოვაკბიჩე.

-მარიტა! -მისი ხმა, დასაწყისშივე ძალზედ აღელვებული მომეჩვენა, თუმცა მიზეზს ვერაფრით მივხვდი.

-გისმენ, მოხდა რამე?

-წარმოდგენა არ მაქვს სად ვარ! მიახლოებით ლოკაციას ჩაგიგდებ და უნდა მიპოვო. ნავიგატორი ზუსტ ადგილმდებარეობასაც არ მიჩვენებს, იმდენად მიყრუებულია აქაურობა

-ერთი წამით, ერთი წამით -ლუკმა გადავყლაპე თუ არა, ბუტერბროდის თეფში მაშინვე გავწიე გვერდზე -რას ნიშნავს წარმოდგენა არ გაქვს სად ხარ? ნაბახუსევიდან ჯერაც ვერ გამოხვედი?

-რა ნაბახუსევი მარიტა, იმ შეშლილმა დემეტრემ მანქანაში ჩამდო და სადღაც, მიყრუებულ ადგილას ჩამომიყვანა. ახლა ოთახში ვარ ჩაკეტილი, რომლის ფანჯრებზეც გისოსებია აკრული და აქედან გასვლის ალბათობა ნულის ტოლია

დაახლოებით ხუთი წამი მაინც დამჭირდა, რათა მიღებული ინფორმაცია ჩემს ტვინს ბოლომდე გადაეხარშა. როგორც კი შექმნილი სიტუაცია გავიაზრე, ტელეფონს სასწრაფოდ დავტაცე ხელი და წინა ხედვის კამერა ჩავრთე.

-სამირა, ვიდეო-ზარზე გადმოდი და მაჩვენე ირგვლივ რა ჩანს

-აზრი არ აქვს -მითხრა თუ არა, ეკრანზე მაშინვე მისი სახე გამოისახა -აქ დაძინებულ მდგომარეობაში წამომიყვანა და გზაც კი ვერ დავიმახსოვრე. არც გარშემო ჩანს რამე შენობა. მხოლოდ გაშლილი მდელოა და აქა-იქ ხეები. კიდევ, ჭრელი ძროხა ბალახობს დაახლოებით ხუთას მეტრში, თუკი ეს რამეში დაგეხმარება

-ჯანდაბა! მანდ რატომ წაგიყვანა?

-შენი აზრით რატომ?

-ასეთი პრიმიტიული გზებით ცდილობს ურთიერთობის აღდგენას?

-არავისთან არ ვაპირებ ურთიერთობა აღვადგინო! -ბრაზისგან ხმას აუწია მან -ჩემთვის წართმეული ეს ტელეფონიც ისე ამოვაცალე, ვერ მიხვდა, ამიტომ ლოლას დაურეკე და იქამდე მიპოვეთ, სანამ შეამჩნევს, რომ ჯიბეში რაღაც აკლია

ენაზე მომდგარი დასამშვიდებელი სიტყვების ხმამაღლა გაჟღერება ვეღარ მოვასწარი. ამაში ხელი ჯერ კარის ძლიერი ჯახუნის ხმამ შემიშალა ყურმილიდან, შემდეგ კი ეკრანზე, სამირასთან ერთად გამოსახულმა, ვიღაცის სახის მეოთხედმა ნაწილმა. კავშირი რომ მოულოდნელად გაწყდა, სწორედ მაშინ გავიაზრე, რომ ეს ადამიანი, აუცილებლად დემეტრე იქნებოდა, ვინაც ტელეფონზე საუბრისას შემოუსწრო “თავის მძევალს” და მყისვე მიიღო შესაბამისი ზომები.

ამის შემდეგ, დარეკვა კიდევ რამდენჯერმე ვსინჯე, თუმცა დაკავშირება ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე. ერთადერთი ხელჩასაჭიდი, რაც მქონდა, ეს მიახლოებითი ლოკაცია იყო. იმ მომენტში, ყველაზე მძაფრად ვიგრძენი ჩემი მანქანის დანაკლისი. სხვა გზა არ მქონდა –ტაქსი უნდა გამომეძახა და ისე წავსულიყავი, რადგან, ჩემდა საუბედუროდ, ლოლაც არ მპასუხობდა ზარებზე.

ჩემი დაუკმაყოფილებელი შიმშილის გრძნობაც და საუზმეც, სამზარეულოში დაუდევრად მივატოვე და ოთახისკენ გავიქეცი, გამოსაცვლელად. ტანსაცმლის არჩევა არ დამიწყია –ის გადავიცვი, რაც ხელში პირველად მომხვდა, თავი შეძლებისდაგვარად მოვიწესრიგე, ზურგჩანთაში საჭირო ნივთები ჩავყარე და კვლავ სამზარეულოში გავიქეცი, რათა იქ დატოვებული ტელეფონით ტაქსი გამომეძახა. სწორედ ამ დროს შემომესმა კარზე ატეხილი ძლიერი კაკუნიც. ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო, რამაც დღეს ჩემი აფორიაქება გამოიწვია. ერთი ვერსიაც კი არ მქონდა იმისა, თუ ვინ შეიძლებოდა მდგარიყო ზღურბლს მიღმა, ან რატომ არჩევდა კაკუნს, ზარის დარეკვას. მიუხედავად ამისა, შიშს მაინც მოვერიე, ის აზრი მოვიშორე გონებიდან, რომ მომსვლელი შეიძლებოდა ლეო ყოფილიყო და სათვალთვალოში ფრთხილად გავიჭყიტე. სადარბაზოში მის ნაცვლად, მიშოს სახის დანახვამ ისე გამაკვირვა, ლამის მკლავზეც კი ვიჩქმიტე, ხომ არ მძინავს-მეთქი. ტვინმა სწრაფად გადმომცა სიგნალი, რომ მზის ფორმის კულონი ჯერ კიდევ ჩემს ყელს ამშვენებდა, ამიტომ იგი სწრაფად მოვიხსენი, შორტის ჯიბეში დაუდევრად ჩავიტენე და მხოლოდ ამის შემდეგ გავბედე საკეტის გადატრიალება.

კარი გავაღე თუ არა, მისი სახის ახლო მანძილიდან დანახვამ, კლავ ჩვენი კოცნის სცენა მომაგონა. მცირედი თავბრუსხვევაც ვიგრძენი ამის გამო. შემდეგ უხერხულობის განცდაც დამემატა, თუმცა თავად მას, საერთოდ ვერ ვამჩნევდი გამომეტყველებაზე ვერანაირ ემოციას. პირიქით, იმდენად მხნედ გამოიყურებოდა, წამით ეჭვიც კი შემეპარა, ის კოცნა ჩემი წარმოსახვის ნაყოფი ხომ არ იყო-მეთქი.

-საით გაგიწევიათ, მის? -ეჭვნარევი ღიმილით მათვალიერებდა იმ წამს, იგი -ფეხზე ბოტასები გაცვიათ, მგონი სადღაც მიდიოდით

-საქმე მაქვს -დაბნეულმა მივუგე. ზუსტად იმ მომენტში გამახსენდა, რომ ჯერ ტაქსიც კი არ მყავდა გამოძახებული -შენ რისთვის მოხვედი?

მიშოს ჩაეცინა და ზღურბლს ისე გადმოაბიჯა, ჩემთვის აზრის კი არ უკითხავს.

-რისთვის მოვედი და ხელის შემშლელის გასანეიტრალებლად -მითხრა თუ არა, უმალვე დამიწყო ჯიბეებზე ხელების ფათური -ტელეფონი სად გაქვს?

-რას აკეთებ?! ან რა ხელის შემშლელის განეიტრალება?

-დემეტრემ დამირეკა -შემოსასვლელი კარი მიხურა, გასაღებით საიმედოდ გადაკეტა და ეს უკანასკნელი, ჯიბეში ჩაიდო -თურმე სამირას მოუმართავს შენთვის დახმარების თხოვნით და შემოგირბინე, რათა სისულელე არ გააკეთო

მისმა სიტყვებმა, ყველაფერი განთიადივით ნათელი გახადა. ახლა უკვე ვხვდებოდი, რატომაც დააკაკუნა ჩემი სახლის კარზე –სურდა შევეჩერებინე, თუკი სამირასთან წასვლას და მის უკან წამოყვანას შევეცდებოდი. იმ ფაქტის გამო, რომ დემეტრეს თხოვნით იყო მოსული და არა ჩემს მოსანახულებლად, სილის გაწვნის სურვილმა, ლამის ხელის გულების ქავილი დამაწყებინა. საბედნიეროდ, როგორღაც გამოვიმუშავე საიმისო თავშეკავება, ეს არ გამეკეთებინა და პირდაპირ სამზარეულოსკენ გავეშურე ტელეფონის მოსატანად.

-მე სად წავალ, ამას მხოლოდ თავად ვწყვეტ მიშო, შენ კი ახლა მგონი სამსახურში უნდა იყო

-ვერსად ვერ წახვალ მარიტა, შენი სახლის გასაღები მე მაქვს -ასხმა გამომწვევი სახით შეათამაშა ხელში -სანამ სამსახურში წასვლის დრო არ მოგივა, ამ ბინაში მე და შენ ერთად ვიქნებით და დროსაც მხიარულად გავიყვანთ

-ლოლიტას უკვე დავურეკე და საქმის კურსშია -ვიცრუე. მინდოდა კოვზის ნაცარში ჩავარდნის მთელი სიმწარე ეგრძნო, თუმცა როგორც ჩანს არ გამომივიდა:

-ნუ იტყუები პინოქიო. ლოლა ახლა თათბირზეა, ნოლანებთან ერთად და ზარზე არ გიპასუხებდა

არგუმენტებგამოლეული, მაგიდასთან სწრაფად მივედი და ჩემს მობილურს დავტაცე ხელი. მართალია არ ვიცოდი, ასეთი სიტუაციაში როგორ უნდა გამომდგომოდა რამეში მისი ქონა, თუმცა მიშომ რომ ესეც წამართვა და საკუთარ ჯიბეში მიუჩინა ადგილი, ცხადად ვიგრძენი, როგორ ჩაქრა იმედის ის ბოლო ნაპერწკალი, სუსტად, მაგრამ მაინც რომ ბჟუტავდა ჩემს გულში.

-შენი აზრით რას აკეთებ? -ვცადე მის ჯიბეში ხელი ჩამეყო, მაგრამ არ დამანება, ორივე მაჯა გამიკავა და თავისთან ახლოს მიმწია.

-მეგობარს ვაზღვევ, რათა საყვარელ ქალთად მარტო დარჩეს და აზრზე მოიყვანოს. შენ სად გარბიხარ, გინდა მურმანის ეკანის როლში გამოხვიდე?

-სამირას არ უნდა იქ ყოფნა! და საერთოდ, ეს ადამიანის მანქანაში ჩაგდება და სადღაც, გაურკვეველ ადგილას წაყვანა, მეგონა ოთხმოცდაათიან წლებში ჩაბარდა წარსულს

-მორჩი მწარე კომენტარებს -უფრო ახლოს მიმიზიდა მიშომ, თან მარჯვენა ლოყასთან მომიტანა ტუჩები -ძალიან მიჭირდა შენგან შორს ყოფნა, მაგრამ ამდენს ხანს მაინც ვცდილობდი დასაფიქრებლად პირადი სივრცე მომეცა. მითხარი, ეს დღეები თუ გენატრებოდი?

-და გვაქვს ისეთი ურთიერთობა, რომ ერთმანეთი გვენატრებოდეს?

-აი ესაა ყველა ქალის მთავარი მინუსი -ეშმაკური ღიმილით შემიშვა მაჯაზე შემოხვეული ხელები მან -გულწრფელობა ნაკლებად გახასიათებთ. აი მაგალითად მე რომ დამისვა იგივე კითხვა, გეტყოდი, რომ ძალიან მომენატრე, რომ ვერც იმ კოცნას ვიგდებ თავიდან და ვერც შენს ტუჩებს, რომ სიგიჟემდე მინდა კიდევ ერთხელ შეგეხო და თავს უფრო მეტის უფლებაც მივცე. ასე რთულია ამის თქმა?

-ეს უკვე ფსიქოლოგიური ზეწოლაა -წარბის აწევით გავაპროტესტე, თუმცა რამდენიმე წამში ვინანე საერთოდ რომ დავძარი სიტყვა, რადგან პირიდან ისეთი გატეხილი ხმა ამომივიდა, მისმა ჟღერადობამ თავადვე შემაშინა.

მიშო სიტყვის უთქმელად გავიდა მისაღებში. უკან რომ გავყევი, დივანში, ტელევიზორის პულტით ხელში ისე შინაურულად დამიხვდა, ვინმე იფიქრებდა, ყოველდღიური სტუმარი იყო ამ სახლში.

-მოდი, გვერდით დამიჯექი, რამეს ვუყუროთ -ისე მანიშნა დივნის თავისუფალი სივრცისკენ, რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ მასპინძელი ის იყო და არა, მე.

-უკეთესი იდეა მაქვს, გასაღები და მობილური დამიბრუნე, მერე კი იცი კარი საითაცაა

-სტუმრის გაგდება ცუდი საქციელია -სატელევიზიო არხი შეცვალა მიშომ. ეკრანზე რომ ჩემთვის კარგად ნაცნობი მსახიობები გამოისახნენ, მეფარიშვილმა ჯერ მე გამომხედა კმაყოფილი სახით, მერე კი პულტი გვერდით დაიდო. როგორც ჩანდა, გრეის ორმოცდაათ ელფერზე შეეჩერებინა არჩევანი, თანაც სპეციალურად.

-ეს წესი მაშინ მოქმედებს, თუკი სტუმარს თავად დავპატიჟებ. როცა გაუფრთხილებლად მოდის, თვითონ იქცევა ცუდად

-რა მექნა? უცებ გავიაზრე, რომ ვადაგასული დესერტის ჭამის ხასიათზე ვიყავი და პირველი შენ გამახსენდი -თავისთვის დამახასიათებელი, დემონური ღიმილით ამომხედა -კიდევ თუ გაქვს, მომიტანე

-არ ვიცოდი, თუ შემოვლას აპირებდი, თორემ აუცილებლად მოვიმარაგებდი

ამ დროს ეკრანზე, ფილმში მიმდინარე ინტიმური კადრებიც გამოჩნდა. ხმამაღლა აწეული ტელევიზორის გამო, ოხვრის ხმა მთელ მისაღებში ექოსავით გაისმა, რამაც ისეთი უხერხულობა მაგრძნობინა, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში რომ არ მეგრძნო. არ ვიცი რატომ, მაგრამ მუხლებში სისუსტე ვიგრძენი. ყველაზე ნაკლებად ის მინდოდა, მეფარიშვილს ეს ყველაფერი შეემჩნია, ამიტომ, თუკი იგი დივნის ერთ თავში იჯდა, მე ბოლოში მივიყუჟე და ეკრანს წარბშეკრული შევაცქერდი.

-არ გინდა სხვა რამეზე გადართო? -გვერდზე არც გამიხედავს ისე ვკითხე.

-ნუ ღელავ, მე ქორწინებამდე სექსის წინააღმდეგი ვარ და თუ რამე მოგინდება, ქამარს ხელს მაგრად მოვუჭერ

-მიშო!

-უბრალოდ ერთი რაღაც მაინტერესებს -გვერდულად გამომხედა -გრეი ამ გოგოს მართლა უკეთებს რამე ისეთს, რომ ასეთი ნასიამოვნები სახე ჰქონდეს, თუ მსგავს ოვაციებში იმიტომაა, რომ მანამდე არავინ შეხებია?

-გინდა თქვა, რომ შენ უკეთ შეგიძლია?

-კითხვებს ასე პროვოკაციულად ნუ სვამ მარიტა -მართალია არ ვუყურებდი, თუმცა ხმის ჟღერადობით ვიგრძენი იღიმოდა.

-პროვოკაციული შენი საქციელია. აქ მოდიხარ, გასაღებსა და მობილურს მართმევ, სამირასთან არ მიშვებ და ამას იმით ამართლებ, რომ შეყვარებულ წყვილს ხელს შევუშლი

-დემეზე და სამირაზე არაფერი იცი

-ცდები, ყველაფერი ვიცი, მათ შორის ის მიზეზიც, რის გამოც დაშორდნენ

თუკი აქამდე მიშო ტელევიზორს თვალს არ აშორებდა, ჩემი სიტყვების შემდეგ ფილმი უმალ დააპაუზა და გამომცდელი მზერით შემათვალიერა. როგორც ვვარაუდობდი, ბოლომდე ვერ იჯერებდა, რომ მათი ტრაგიკული ისტორია შეიძლებოდა მეც მცოდნოდა.

-ანუ, უკვე საქმის კურსში ხარ -მითხრა ბოლოს, თანაც ისეთი ტონით, აშკარა გაოცებას რომ მალავდა თავის უკან.

-გუშინ გავიგეთ, ლოლიტას აგარაკზე. ნასვამი იყო და ყველაფერი მოყვა

-ჰო, ეს მის საქციელს ჰგავს -ჩაფიქრებული გამომეტყველებით, რამდენიმე წამის განმავლობაში დაშტერებოდა იატაკს. საუბარი მხოლოდ მაშინ განაახლა, როდესაც თავი კვლავ ზემოთ ასწია -კარგი, თუ ეგრეა, თავადაც უნდა ხვდებოდე, ჩარევის აუცილებლობა რომ არაა

-სამირას აღარ უნდა დემეტრეს არსებობა თავის ცხოვრებაში. ეს საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რათა ურთიერთობა შეწყდეს

-სამირას შენზე ბევრად უკეთ ვიცნობ და დამიჯერე, მისი სულის მკურნალობა მხოლოდ დემეტრეს შეუძლია -ამის თქმისას, შევატყვე როგორ სწრაფად მოეღუშა სახე. მის ტუჩებზე ტკივილნარევმა ღიმილმაც დაიდო ბინა -უკეთესი იქნებოდა ადრე გაგეცნო. ძველი სამირა სრულიად სხვანაირი იყო

-მაინც როგორი?

-ობოლი იყო, არც დედა ჰყავდა, არც მამა და არც ვინმე ნათესავი, მაგრამ ცხოვრების ყოველი დღე მაინც ისე უხაროდა, მისი ეს პოზიტივი გარშემო მყოფებსაც ედებოდათ ხოლმე. ძველი სამირასგან, მხოლოდ სახელი და გვარია დარჩენილი

უნებლიე ღიმილი მომგვარა მისმა სიტყვებმა. ვცადე თავადაც წარმომედგინა, თუ როგორი იქნებოდა ეს ადამიანი მის ცხოვრებაში მომხდარ მთავარ ტრაგედიამდე და მართლაც ვიგრძენი მცირედი გულისწყვეტა ახლა რომ გავიცანი და არა, მაშინ.

მეფარიშვილმა ფილმის ყურება განაგრძო. ეკრანიზაცია უკვე იმდენად უხერხულ მომენტებზე იყო მისული, ტელევიზორს თვალი განზრახ ავარიდე და მაჯის საათს დავხედე. ზუსტად ორ საათში უკვე სამსახურში უნდა ვყოფილიყავი. სამირას მიერ გამოგზავნილ ლოკაციაზე მისვლა, ავტომატურად ნიშნავდა სამუშაო დღის გაცდენას, რაზეც საწყის ეტაპზე საერთოდ არ მეფიქრა. სამწუხაროდ, მიშოს წყალობით, წასვლაში ხელის შემშლელ ფაქტორს, მხოლოდ ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობები არ წარმოადგენდნენ.

-შეგიძლია ლიმონიანი წყალი მომიტანო, პიტნითა და ყინულით? -მკითხა მან მოულოდნელად, რითაც წამსვე მიიქცია ჩემი გაფანტული გონების ყურადღება. უკვე სახიფათოზე სახიფათოდ მივიჩნევდი შექმნილ სიტუაციას. მართალია მიშოსთან ერთად უკვე სამი ქვეყანა მქონდა მოვლილი და ერთადაც უამრავი დროის გატარება გვიწევდა, თუმცა ის ფაქტი, რომ ახლა ჩემს სახლში იჯდა, თანაც ასე შინაურულად, ძალზედ მიფორიაქებდა გონებას.

-არც ლიმონი მაქვს და არც პიტნა -მივუგე მშრალად -წყალი მაცივარშია და შეგიძლია დაისხა. ისედაც ცივია და ყინული არ სჭირდება

-რატომ ხარ ასეთი დაძაბული?

-სულაც არ ვარ!

-ჩემი მოტყუება რთულია -ტელევიზორის ეკრანი ჩააბნელა, პულტი საწყის ადგილას დააბრუნა და ჩემთან ახლოს გადმოჯდომის შემდეგ, ხელი დივნის საზურგეს გადაადო -ყველაფერი სახეზე გაწერია

-იცი, ვგიჟდები დედუქციისკენ მიდრეკილ კაცებზე, მაგრამ ახლა შენი ინტუიცია ცდება

ჩემი ამ სიტყვების საპასუხოდ, მეფარიშვილს აღარაფერი უთქვამს. ნაცვლად ამისა, უფრო მეტად მომიახლოვდა, დივნის საზურგიდან ჩამოღებული ხელი, ამჯერად ჩემს წელს შემოხვია და ისე სწრაფად გადამისვა კალთაში, თვალის დახამხამებაც კი ძლივს მოვასწარი. უხერხულობისა და დაძაბულობის შეგრძნება, რომელიც ფილმის ჩართვის დროს მეწვია, თურმე არაფერი ყოფილა იმასთან შედარებით, რასაც ახლა განვიცდიდი. მეტისმეტი იყო ეს ყველაფერი და ჩემი ემოციური მდგომარეობა ამას უკვე ვეღარ უძლებდა.

რა თქმა უნდა, ფიზიკურად ჩემზე ძლიერი იყო, ამიტომ თავის დახსნის მცდელობაში მწარედ ჩავფლავდი. ერთადერთ გამოსავლად, საუბრით მოგვარება მრჩებოდა. სხვა ალტერნატივა უბრალოდ აღარ იყო.

-მიშო, რა გინდა ჩემგან?

-რა უნდა მინდოდეს? -უკვე ჩემს გაშლილ თმაში დაასრიალებდა თითებს, რითაც უფრო მეტად მირევდა თავგზას.

-მეც ზუსტად ეგ მაინტერესებს

-მხოლოდ და მხოლოდ სიმშვიდე მინდა. ამას კი მაშინ ვეღირსები, როდესაც შენ იქნები ჩემს გვერდით

-ხვდები რა არადამაჯერებლად ჟღერს შენი სიტყვები, იმის ფონზე, რაც ჩვენი ათწლიანი ნაცნობობის მანძილზე გამოვიარეთ?

-არადამაჯერებლად ისიც ჟღერს რომ, ორი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად ვხედავდი ერთი და იგივე სიზმარს შენზე, მაგრამ ფაქტია სიმართლეა -დაასრულა თუ არა წინადადება, ჯიბიდან ჩემი მობილურიც ამოიღო და გამომიწოდა -ვიბრაციით ვიგრძენი, ვიღაცამ შეტყობინება გამოგიგზავნა, შეგიძლია ნახო

ეკრანს მხოლოდ მაშინ დავხედე, როდესაც მისი მუხლებიდან წამოვხტი და მოშორებით გავედი. ემოციურ ფონზე თვალები მიჭრელდებოდა და ტელეფონშიც ყველაფერი, ერთმანეთში არეული საღებავებივით იდღაბნებოდა. მიუხედავად ამისა, მხედველობის დაძაბვა მაინც დამეხმარა, რათა შეტყობინების ავტორის სახელი და მოწერილი სიტყვები ამომეკითხა. ტექსტური შეტყობინება სამირასგან იყო გამოგზავნილი და მასში ერთადერთი ის ეწერა, რომ მისი მოძებნა არავის ეცადა მანამ, სანამ თავად არ დაგვირეკავდა და ამის შესახებ პირადად არ გვთხოვდა.

რა თქმა უნდა, მაშინვე ეჭვი შემეპარა იმაში, რომ ეს ნამდვილად მისი მოწერილი იყო. ვცადე კიდეც გადამერეკა, თუმცა ოპერატორის ხმამ აბონენტის მიუწვდომლობის შესახებ მაცნობა.

მთელი ეს დრო, მიშო დაკვირვებით ადევნებდა თვალს ყველა ჩემს ქმედებას. მის ტუჩებზე დამჩნეული ღიმილი მარწმუნებდა, რომ დაახლოებით უკვე იცოდა, რის გამო დავდიოდი ოთახში ასე უთავბოლოდ.

-აიძულა ამ შეტყობინების მოწერა, არა?

-რომელი შეტყობინების? -სახის მშვიდი მიმიკა, ოდნავადაც არ შესცვლოდა მეფარიშვილს.

-სამირა მწერს არაფერი მოიმოქმედო, სანამ თავად არ დაგიკავშირდებიო, მერე კი მობილურიც ითიშება. ეს მისი ნებით გაკეთებულს არ ჰგავს

მიშო ერთხანს უმოქმედოდ იჯდა, მერე კი მტკიცე უარის ნიშნად გადააქნია თავი.

-მენდე, სამირას ვერავინ აიძულებდა ის შეტყობინება მოეწერა, რომელიც სხვამ უკარნახა. არც დემეტრე გამოაგზავნიდა რამეს მისი სახელით

მიშოსგან მოშორებით, დივანზე მოწყვეტით დავჯექი და თვალებდახუჭულმა, თავი მის საზურგეს გადავადე. ძალიან დაბნეული ვიყავი. აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ან ვისი სიტყვები იყო დასაჯერებელი. უნდა მეღიარებინა, მიშოს ნათქვამი საკმაოდ გულწრფელად და დამაჯერებლად ჟღერდა, თუმცა მეორეს მხრივ, არც სამირას ხმა მავიწყდებოდა, როდესაც დახმარების სათხოვნელად დამირეკა. ამის გამო, ლამის იყო გაორება დამწყებოდა.

-სამირას დღემდე უყვარს დემეტრე -თითქოს შორიდან ჩამესმა ჩემს გვერდით მჯდომი ადამიანის სიტყვები -შენ მათზე ბევრი არაფერი იცი, მე კი მთელი ბავშვობა ვაკვირდებოდი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათნაირი წყვილი დღეს დიდი იშვიათობაა

-იშვიათობა რა მხრივ?

-თუნდაც ერთგულების მხრივ. დემეტრეს, მისდამი იმდენად დიდი გრძნობა აქვს, ყველაზე ლამაზი, სექსუალური ქალიც რომ მიუყვანო და ლოგინში სრულიად შიშველი ჩაუწვინო, თითსაც არ დააკარებს. არც კი მოუნდება ამის გაკეთება

-ეგ უკვე ზღაპარია -უნდობლად გავხედე -ასეთი რამები დღეს ფილმებშიც აღარ ხდება

-რეალობაა მარიტა -ისეთი დაჟინებული მზერით შემომხედა, ნებისყოფა არ მეყო და თვალი ავარიდე -როცა ქალი სისხლში გყავს გამჯდარი, ამ დროს ტვინი უკვე სხვაზე ვეღარ ფიქრობს. ვერც კი წარმოგიდგენია, როგორ უნდა მოეფეროს სხვას, როცა უკვე მისი გემო იცი, მისი კანის სურნელი, მისი ტუჩების სითბო. თუკი ქალის მიმართ ასეთ რამეს არ იგრძნობ, არც მომავალი უნდა დაუკავშირო. ეს ვინმე ისეთთან უნდა გააკეთო, ვისაც შენი პრინციპების მუხლებზე დაჩოქებაც კი შეუძლია, თუკი საჭირო გახდა

ერთადერთი, რაც მისმა საუბარმა მაგრძნობინა, ეს მსუბუქი თავბრუსხვევა იყო, რომელსაც მართალია არა რეალურად, თუმცა აბსტრაქტულად მაინც შევიგრძნობდი. უკვე სულს მიხუთავდა ამ ადამიანში ისეთი ახალი თვისებების აღმოჩენა, რაზეც შემდეგ მთელი დღე მეფიქრებოდა ხოლმე. ვგრძნობდი, რომ ჭაობი, რომელიც ჩაძირვით მემუქრებოდა, ნელ-ნელა უფრო და უფრო ახლოს მოდიოდა ჩემთან, მე კი ერთ ადგილს ქანდაკებასავით მილურსმული, ვერც წინ ვახერხებდი ნაბიჯის გადადგმას და ვერც უკან.

-მორჩა, წავალ მოვემზადები -აფორიაქებულმა მხოლოდ ეს ვუთხარი საპასუხოდ და წამოვდექი კიდეც ფეხზე -იმედია მერე მაინც მომცემ გასაღებს და სამსახურში შენი წყალობით არ დავაგვიანებ

-სამსახურში წასასვლელად ჯერ ადრეა -ისე ეღიმებოდა, როგორც ჩანდა უკვე მიმხვდარიყო, რატომ ავდექი დივნიდან ასე მოულოდნელად -იქამდე დრო საკმაოდ გვაქვს. თუ გინდა, ბამბის ნაყინზე დაგპატიჟებ, ეშმაკის ბორბალზე დაგსვამ, ბევრ გულის ფორმის ბუშტს გიყიდი წარწერით “Love”. ტიპური თინეიჯერული პაემანი გვექნება

-ოც წუთში მზად ვიქნები და აქედან პირდაპირ სამსახურში წავალთ, თუნდაც ნაადრევად! -ვუთხარი მკაცრად, მერე კი სწრაფად მივტრიალდი და ჩემი საძინებლისკენ გავეშურე, რათა ის ღიმილი ვერ დაენახა, რომელიც, მისი ხუმრობის ტონით წარმოთქმული სიტყვების გააზრებამ გამოიწვია ჩემში . . .



№1 სტუმარი სტუმარი მარიკა

მარიტააა გადადგი ნაბიჯი, თორემ მიგაკალკ დივანს????

 


№2 სტუმარი Ana-maria

ძალიან მომწონს ეს ორი მარიტა და მიშო. მგონი ახალი წყვილიც გვეყოლება დემეტრე და სამირა. წარმატებები

 


№3 სტუმარი სტუმარი თამო

მგონი ეშველება მალე მიშოს.მომწონს ეს ორი ერთად.ასევე დემეტრეც და სამირაც.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნანა

უმაგრესია. ცპტა დააჩქარეთ და დინამიური გახადეთ. მ8დოზე ვგიჟდები

 


№5 სტუმარი სტუმარი ნათია

აუ მალ მალე რაა იმხელა პაუზაა მავიწყდება წინა თავები

 


№6 სტუმარი სტუმარი მილა

მომწონს ეს წყვილი.როდესაც მარიტა აღიარებს რომ მ ართლა უყვარს იმედია ბევრი მარიტას და მიშოს მომენტი იქნება ????

 


№7 სტუმარი Sally

სამირას ამბავმა იქ მყოფები კიარა მეც შემძრა ((( წარმოუდგენელია ამ ყველაფრის გადალახვა, თუმცა იმედია ისევ შეძლებს სიცოცხლის ხალისის დაბრუნებას გარშემომყოფების დახმარებით

ძალიან მაინტერესებს რა დაემართა თათასაც...

კალეს თემაც საინტერესოდ გაიშალა

მოკლედ, ერთ კულმინაციამდე მივყავართ მგონი ამ ყველაფერს და ველი მომდევნო თავებს ^^

 


№8 სტუმარი ნესტან

მოკლედ მარიტას არა მეც შოკი მქონდა შაკირას აღიარებაზე,კალეც შემეცოდა ძალიან,ლოლა თავქარიანია თავისღავს გაართობდ,იმედია შაკირა და დემეტრე აეწყობიან...მარიტა კი ჯიუტობს მიდი კი გადმოდის შეტევაზე და იქნებ გაამართლოს მორჩეს მარიტა ჭირვეულობას გაარკვიოს საკუთარ თავში ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????????????????

 


№9  offline წევრი მაო Mao

მომწონს, ჩამითრია და ყოველ თავს ველოდები. ყოველ ჯერზე ვპირდები ჩემს თავს რომ სანამ ბოლომდე არ დაიდება აღარ გავრკარები ???? რადგან არ მყოფნის საერთოდ, არა და თითქოს პატარა თავები არაა, მაგრამ ცოტაა მიშოს და მარიტას მომენტები. საკენკივითაა.... ყოველ დღე შემოვდივარ და ვამოწმებ გაგრძელება ხომ არ დაიდო.. მარიტა მოდი გონზე, აკოცე გაკოცოს და აწვალე, ალაპარაკე..

 


№10  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან კარგი ისტორიაა ძალიან.

 


№11  offline წევრი მაო Mao

ნესტან
მოკლედ მარიტას არა მეც შოკი მქონდა შაკირას აღიარებაზე,კალეც შემეცოდა ძალიან,ლოლა თავქარიანია თავისღავს გაართობდ,იმედია შაკირა და დემეტრე აეწყობიან...მარიტა კი ჯიუტობს მიდი კი გადმოდის შეტევაზე და იქნებ გაამართლოს მორჩეს მარიტა ჭირვეულობას გაარკვიოს საკუთარ თავში ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????????????????

სამირას რომ შაკირას ეძახი ???????? ძაან საყვარლობაა, უკვე ჩემს თავში გადავარქვი მეც სახელი ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent