შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიტის (თავი I/Pilot)


16-05-2024, 17:48
ავტორი Ketevann
ნანახია 824

“საიდანაც ყველაფერი დაიწყო”

ლოდინად გადაქცეული, მდიდრულ ეტლში ვიჯექი და ჩემს გარშემო სამყარო ქანაობდა.
გიყვებით გაზაფხულის იმ მშვენიერ დღეზე, როცა მზე შუბის ტარზე იდგა, მე კი საკუთარ თავად ყოფნის შიში მაშეშებდა და გაყინული ხელებით კაბის კალთას ვებღაუჭებოდი.
არ ვიცოდი რამდენ ხანს მოვდიოდი, სად ვიყავი ან საით მიდიოდა ეს გზა, რომელსაც ვადექით.
ყურებში შუილის გადასაფარად, გონებაში ხმამაღლა გავკიოდი დედაჩემის სიტყვებს ”ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა შენი შიშებისთვის, ლილია” ეტლში ჩაჯდომისას საგზალივით რომ გამომაყოლა. სინამდვილეში კი მან არაფერი იცოდა ჩემს შიშებზე, ღამ-ღამობით საწოლის ქვეშ რომ იმარხებოდნენ და იღვიძებდნენ მზის პირველ სხივზე.
სულ ცოტა რამ შემეძლო მეთქვა იმ ოჯახზე, რომელსაც უნდა შევკედლებოდი.
თავადი ერეკლე ჯაში და მისი ცოლი, ნინო, ჩემი ოჯახის მეგობრები იყვნენ, თუმცა არაფერი გახლდათ ნათელი იმაზე, თუ როგორ და სად დამეგობრდნენ ისინი და არც თვალით მენახა რომელიმე მათგანი. თუმცა, ის წერილები მინახავს, რომლებსაც ნინო დედაჩემს სწერდა. მრგვალი, ლამაზი ასოები, რომელსაც დედა გაჭირვებით კითხულობდა და მე მიხმობდა დასახმარებლად.
ქალი თავის მდიდრულ ცხოვრებაზე ყვებოდა, რომელიც მე ზღაპრად მეჩვენებოდა, დედაჩემი კი მარწმუნებდა, რომ თავადები ასე ცხოვრობენ. გვიამბობდა მათ 6 შვილზე, სამ ვაჟსა და სამ ქალიშვილზე, რომლებიც ამ წერილებთან ერთად ... ჩემთან ერთად იზრდებოდნენ და დამოუკიდებელ ადამიანებად იქცეოდნენ.
ღამ-ღამობით, ჩემს დახეულ ზეწრებში გამოხვეული, წარმოვიდგენდი, რომ ისინი ჩემი დები და ძმები იყვნენ. მათთან ერთად დავრბოდი უზარმაზარ, ყვავილებით მოპენტილ ეზოებში და ვკრავდი თაიგულებს. ჩემი კიკინაც ისეთივე ლამაზი იყო, როგორიც მათი, კოხტად გაბანტული. მერე, წლები მომემატა და ადამიანურმა სევდამ მთლიანად გადამყლაპა, ჩემი ოცნებები უკვალოდ გაქრა და ფერადი ბაფთებისა და ფართოფოთლიანი ხეების ნაცვლად სიბნელემ დაისადგურა.
მივდიოდი და ვერ წარმოვიდგენდი, რა მელოდა. მაშინ მე არაფერი ვიცოდი პაექრობაზე და-ძმებს შორის. არაფერი ვიცოდი ინტრიგებზე, ტყუილზე, ამპარტავნებასა და ტანჯვაზე. ყველაფერთან ერთად კი არც იმ უპირობო სიყვარულზე ვიცოდი რამე, რომელიც მათთან ცხოვრებისას გამოვცადე.
ბევრი რამ წამეკითხა მათ უფროს ვაჟზე, ლუკაზე, რომელიც აშენებდა მიწის კოშკებს და იზრდებოდა ჩემთან ერთად. უყვარდებოდა შეუფერებელი ქალები და ქმნიდა პრობლემებს.
ვკითხულობდი ელენეზე, რომელმაც ყველაფერი იცოდა და თითით საჩვენებელ მართაზე, რომლის გამოც ნინო ღმერთს მადლობას ყოველ დღე სწირავდა.
შემდეგ იესე იყო, რომელიც მზეს ჰგავდა და ეძებდა თავგადასავლებს, რის გამოც უსიამოვნება მუდამ თან სდევდა.
მათ თეოდორი მოჰყვებოდა, რომელსაც ტეოს ეძახდნენ და რომლის ქედმაღლობაც წინასწარ მაშინებდა.
ბოლოს კიტი იყო, ნაბოლარა. მას ნინო ყველაზე იშვიათად ახსენებდა და ამბობდა, რომ ის პრობლემებს კი არ ქმინდა, არამედ თვითონ იყო პრობლემა.
ისინი მე არ მგავდნენ. კუთხეში დამალვა და ამბების გამოგონება არ უყვარდათ. მათი სიტყვა ხმამაღალი იყო. საკუთარ თავად ყოფნა არ აშინებდათ და არც დღის შუქი სჭრიდათ თვალებს. მათ საწოლებში არ ბინადრობდნენ ღამის კოშმარები. ყოველ შემთხვევაში, ასე მეჩვენებოდა მანამ, სანამ იმაზე დიდ ურჩხულს არ ჩავხედე თვალებში, ვიდრე წარმოდგენა შემეძლო.
-ყველა ოჯახში ერთი ქოთანი ლობიო დუღს, - მეუბნებოდა დედა, - შენ კი არა, ერთმანეთსაც არ ჰგვანან ეს ბავშვები.
მაგრამ ეს “ბავშვები” ბავშვები აღარ იყვნენ და აღარც მე ვიყავი პატარა გოგო, რომელსაც ბედნიერებისთვის ის წერილებიც ჰყოფნიდა, დედაქალაქიდან თვეში ერთხელ რომ უგზავნიდნენ.
-ყველაფერზე დაეთანხმე და თავი დაუკარი, - მიხსნიდა დედაჩემი, - კითხვების დასმისა ნუ შეგრცხვება, სანდომიანი ქალია ნინო. შეეჩვევი და საწყალი დედაშენი აღარც გაგახსენდება. თავადის ოჯახში გგზავნი, არაფერი მოგაკლდება. მხოლოდ წერილი მომწერე, რომ ნერვიულობით სული არ ამომხდეს.
დედაჩემს მაშინ ეგონა, რომ ფული ყველა პრობლემის გადაჭრის გზა იყო.”ფული ჯოჯოხეთს ანათებს” ეუბნებოდა ხოლმე მამაჩემს და ჩუმად ისწორებდა დახეული კაბის კალთას.
”ნეტავ ნინოს შვილებმა ჩემი სახელი მაინც თუ იციან ?” გზად საკუთარ თავთან სჯა-ბაასი გავაბი და ეცოდინებათ-მეთქი, გადავწყვიტე ბოლოს. გუშინდელივით მახსოვს როგორ დავპატარავდი, როცა აღმოვაჩინე, რომ მათ ჩემი არსებობის შესახებაც არაფერი იცოდნენ, არამცთუ ჩემი სახელი. თუმცა, ამაზე მოგვიანებით ... როცა მათ ზღაპრულ სამყაროში ერთად ჩავაღწევთ და აღმოვაჩენთ, რომ სულაც არ ყოფილა ისეთი ზღაპრული, მე რომ მეგონა და თურმე, ვერც ფული ანათებს ჯოჯოხეთს ისე, დედაჩემს რომ წარმოედგინა.
”მართა გვირილებზე გიჟდება, ქოთნები მინდვრის ყვავილებით გაავსო” - ამბობდა ნინო იმ წერილში, რომელმაც ჩვენამდე პირველ აპრილს ჩამოაღწია. “რა იქნება, თუ ყველაფერი, რასაც ის ამბობს მართალი არ არის? მაგალითად, დედაჩემს ჰგონია, რომ ვარდი ჩემი საყვარელი ყვავილია. მე კი, მათ მხოლოდ იმიტომ ვაქებ, რომ თვითონ უვლის ასე გულმოდგინედ. დედამ არც ჩემს ღამის კოშმარებზე იცის რამე და არც იმაზე, რომ დარდებს ფურცლებში ვახრჩობ.” მზერა მოკრიალებული ცისთვის მიმეპყრო და თავს ფიქრებით ვირთობდი. ასეა, მშობლები შვილებს არ იცნობენ. მე კი, მაშინ მხოლოდ ის ვიცოდი, რასაც მათზე ნინო ყვებოდა.
-არ შეშინდე, იმ ოჯახში ადგილი შენთვისაც მოიძებნება. ხომ ხედავ, ნინო იწერება, მე და ერეკლე მოუთმენლად ველოდებითო. - ამაში კი მართალი აღმოჩნდა დედაჩემი.
სადღაც, იმ დიდი სახლის პატარა კუნჭულში, დასამალი ადგილი ჩემთვისაც მოიძებნა.
იმ უსასრულო გზაზე, მოხუც მეეტლესთან ერთად ... როცა ჩემს დარდებს პურის მარცვლებივით ვფანტავდი და დრო საკუთარ თავთან დიალოგში გამყავდა, მე არავინ ვიყავი.
ახლა მეჩვენება, რომ ცხოვრება სწორედ იმ დღეს დავიწყე.
მანამდე თითქოს არც არაფერი ყოფილა.
არაფერი ყოფილა იმ უზარმაზარი, თეთრი გალავნის იქით, რომელთანაც ეტლი შეჩერდა და მეეტლემ მოსვლა მაუწყა.



* * *

მოგესალმებით. ამბავი, რომელზეც ვწერ ნაწილობრივ დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე და მიმდინარეობს მე-19 საუკუნის საქართველოში, ბატონ-ყმობის გაუქმებამდე. დიდი ხანია გონებაში მიტრიალებს და გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა.
ეს პატარა საპილოტო თავია. თუ მოგეწონებათ და გენდომებათ, მალევე დავდებ შემდეგსაც.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent