შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიტის (თავი IV)


19-05-2024, 20:24
ავტორი Ketevann
ნანახია 598

”ის ერთი”

ჭიშკართან ტანმღაღალი, მრგვალთვალება ლაქია შემოგვეგება, მშვიდი საღამო გვისურვა და კართან მორიგეობა განაგრძო.
მზე კარგა ხნის წინ ჩასულიყო, თუმცა ჯერ ისევ სასიამოვნოდ თბილოდა. გაზაფხულს ყველაფრისთვის დაერია ხელი. სამყარო იღვიძებდა, ჩვენ კი ძილსა და დაღლილობას ვებრძოდით. წვეულებით გამოწვეულ აღფრთოვანებას გადაევლო და ნაღველი შემომწოლოდა. ასე ხდებოდა მოულოდნელი ბედნიერების შემდეგ. არსაიდან მოსული, უფორმო სევდა ჩემში ფესვებს იდგამდა და სინამდვილიდან ოცნებებში გადამისროდა ხოლმე.
იესესა და ლუკას შორის ვიდექი, ეზოში რომ შევაბიჯეთ და ყველა უცნაურად შეჩერდა. ფიქრებში გართულს, ჯერ ისევ წარმოუდგენლად მეჩვენებოდა იმ სახლში ცხოვრება, ღამით გუშაგები რომ დარაჯობდნენ და ამაზე ფიქრში გართულს უჩვეულოც არაფერი შემიმჩნევია, ამიტომ ვერ გამეგო, რატომ აღარავინ იძვროდა ადგილიდან და გარშემო შეშინებული ვიცქირებოდი.
-სად არის ყველა? - ერეკლე ლაქიას მიუბრუნდა, რომელიც კართან დავტოვეთ.
ამ სახლში ცხოვრების ერთი კვირის თავზე, როცა უკვე ყველა წესი ვიცოდი, მივხვდი, რომ ეზოში შესვლისთანავე მსახური ვალდებული იყო შემოგვგებებოდა, მოსასხამები გამოერთმია და უკანვე გაქცეულიყო. მაშინ კი, არავინ გვეახლა და საერთოდაც, ჩამი-ჩუმი არ ისმოდა არსაიდან.
-ქალბატონთან ერთად თამაშობენ, ბატონო. - თავი დახარა ლაქიამ.
ამის გაგონებაზე ერეკლეს სახე ისე მოექუფრა, გამიხარდა, მისი ბრაზის ობიექტი მე რომ არ ვიყავი.
-ქალბატონი, ესეიგი, ჩვენი და? - იკითხა იესემ, რომლისთვისაც დამღლელ საღამოს ვერაფერი დაეკლო და ჩვენს შორის ყველაზე ენერგიულად გამოიყურებოდა.
-დიახ, ბატონო.
-თამაშობენ? - ვერაფერი გაეგო ნინოს, - რას თამაშობენ?
-ბანქოს, ქალბატონო.
ბანქოს მამაჩემი თამაშობდა ხშირად, მეზობელ კაცებთან ერთად, როცა საქმე აღარაფერი ჰქონდათ და თავშესაქცევად თავისივე ჩამოსხმულ ღვინოს შეექცეოდნენ.
თამაში მასწავლე მეთქი, ვთხოვე როცა 15 წლისას ქსოვა მომბეზრდა, წიგნის კითხვისგან კი თვალები ჩამიწითლდა. ქალებს ბანქოსთან რა ესაქმებათო, უარით გამომისტუმრა მამამ, მე კი ისევ სქელი სვიტრების ქსოვასა და კარ-მიდამოს დასუფთავებას დავჯერდი.
-ჩემი შვილი, ბანქოს თამაშობს? - დიდი ტორები გაშალა ერეკლე ჯაშმა და სახეზე გაოცება დაეხატა, - კიტი?
ლაქიას არაფერი უთქვამს, მხოლოდ თავი დაუქნია დარცხვენილმა.
-რომ გეკითხათ, ეძინა! - თეოდორს გაბრაზებულმა გადახედა ნინომ, რადგან წვეულებაზე გამოაცხადა, კიტის ძინავსო.
ქალი სასწრაფოდ გაიჭრა წინ. მე უკან ავედევნე. კიტის დანახვა ისე მეჩქარებოდა, თითქმის გავრბოდი. თითქოს მთელი ცხოვრება ამ დღეს ველოდი, რომ ის მენახა და ცნობისმოყვარეობა დამეკმაყოფილებინა, საკუთარი ეგო გამომეკვება და დავშოშმინებულიყავი.
დანარჩენებიც ჩვენ მოგვყვებოდნენ. ნინომ სახლს გვერდი აუარა და უკანა ეზოს მიაშურა.
თვალი ვკიდე 10-12-მდე ლაქიას, რომლებსაც წრე შეეკრათ და ატმის ხის ძირში ჩამომსხდარიყვნენ, გაზაფხულის საღამოთი ტკბებოდნენ, ჩვენ კი ჯერ ვერ შევემჩნიეთ. სუნთქვა გამიხშირდა, ნანახმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
მინდორზე კიტი იჯდა, რომელსაც ერთი საუკუნის წინ ამ სილამაზის გამო კოცონზე დაწვავდნენ. მე შემეძლო დამეფიცა, რომ სამყაროში არ იარსებებდა კაცი, რომელიც მისი ნდომის სურვილით მის ფეხებთან არ დაეცემოდა. კიტის თვალებში ბობოქარი ზღვა იყო, რომელზეც წამეკითხა, ნახვით კი არასდროს მენახა. მისი მზერა კი იარაღს ჰგავდა, რომელიც ადამიანს განგმირავს, თუ მოინდომებს.
საკუთარ დებს არ ჰგავდა. მისი სახე არ იყო ყვავილივით ნაზი ... ჰქონდა რაღაც, რაც არავის სხვას. შარმი, ნაპერწკლები თვალებში, სიველურე, უცნაური ღიმილი, რომელიც აქამდე არავისზე მინახავს. ღია ჩალისფერი თმა და თითქმის ამავე ფერის, ხორბლისფერი კანი, ოდნავ მზემოკიდებული ... ეს ფერები კი ერთმანეთს ისე ეზავებოდა, მისტიურ სურათს ქმნიდა და მე დავმუნჯდი, წამით შემეშინდა კიდეც. იმ დღის შემდეგ, როცა მას ვხედავდი, აღფრთოვანება თავიდან მეწვეოდა. ჰგავდა ქალღმერთს, ომისას ან ნადირობის. ის იყო სინათლე და სიბნელე, სიკეთე და ბოროტება, სიტკბო და სიმწარე, მზე და მთვარე ერთ სახეზე.
როგორ შეიძლება, ვიღაც ასე ჰგავდეს ნახატს და თან ასეთი რეალური იყოს? მისი ჰარმონიული, ხავერდოვანი ხმის ტემბრი, არც-ისე წკრიალა, არც ბოხი. აშოლტილი ტანი, მოქნილი სხეული, ფეხები რომელიც თითქმის კისრიდან ეწყებოდა, წელი, მკლავები, მხრები ... ხელოვნების ნიმუშს ჰგავდა. ეს ბავშვურობა და ამავდროულად ქალურობა, ეს სიველურე და საიდანღაც ფრთხილად შემოპარული სისათუთე, რომელიც ხან და ხან ეფინებოდა სახეზე. ის ყველაფერი იყო და შეუძლებელი იქნებოდა, მის იქით ვინმეს რამე ნდომოდა. “ისეთი ლამაზია, ჭკუიდან შეგშლის ...” ვფიქრობდი მაშინ. დაუსრულებლად შემიძლია იმაზე წერა, რაც იმ დღეს პირველად ვნახე და მას შემდეგ ყოველ დღე თავიდან მაცვიფრებდა.
”ალბათ ღმერთს ძალიან უყვარს, რადგან ყველაფერი მისცა, რაც შეეძლო.” ვფიქრობდი მაშინ, როცა სილამაზე ღვთის წყალობად მიმაჩნდა. მალევე მივხვდი, რომ ეს წყევლა იყო. მონუსხული ვუყურებდი, როგორ ირეკლავდა მთვარის შუქს მისი კამკამა ლურჯი, თითქმის გამჭვირვალე თვალები.
-აუ, ეს ისევ მოვიდა, ვინმეს სახლში ვერ გააყოლეთ? - თქვა კიტიმ ტეოს მისამართით და გაიცინა. ისეთ აგონიაში ვიყავი, ხმა თითქოს შორიდან ჩამესმოდა.
თეოდორს საპასუხოდ არაფერი უთქვამს, მხოლოდ თავი გააქნია უკმაყოფილოდ.
-მამა, - კიტის მიმართავდა ერეკლე. ძალიან მამაკაცურმა, ბოხმა ხმამ რეალობაში დამაბრუნა, - რატომ მაგიჟებ?
-მე, მა? - ერეკლეს ახედა კიტიმ. მამაკაცის სიმკაცრე სადღაც გამქრალიყო, კუშტად შეკრული წარბები გაეხსნა და შვილისთვის სითბოთი სავსე თვალები მიეპყრო.
-შენ, მამა, შენ, - ამოიხვნეშა მან, - რადგან საღ-სალამათი ხარ, აღარაფერს დავეძებ.
ამასობაში, მსახურები ფეხზე წამომხტარიყვნენ და დარცხვენილებს თავი დაეხარათ, კიტი კი ერთ-ერთს კაბაზე ექაჩებოდა და დაჯექიო, ანიშნებდა.
-ბავშვო, თავის მოსაჩვენებლად მაინც დაგეძინა, - თქვა ტეომ და ხელები გადააჯვარედინა. მისი მზერა, როგორც ყოველთვის ქედმაღლური იყო, გამომეტყველება კი უტიფარი.
-თავის მოსაჩვენებლად არაფერს ვაკეთებ, მეგობარო. - თვალი ჩაუკრა ძმას.
-ნეტავ იცოდეთ, როგორ დამღალეთ! - ამასობაში სიტყვის ჩაკვეხება სცადა ნინომ, რომელსაც დაღლილობისა და სიბრაზისგან ფერი გადასდიოდა.
-ამხელა გულწრფელობას ვეღარ გაუძლებს ეს სამყარო, ბავშვო, - უკბინა დას ტეომ.
-ცბიერი შენც ეყოფი ამ სამყაროს, თეოდორ. - პასუხი არ დააყოვნა კიტიმაც.
-ეგ სიტყვა აღარასდროს იხმარო ჩემი მისამართით.
-წადი რა, დიძინე. - ხელი აუქნია კიტიმ.
-ამას თავს მოვაძრობ, - ხმამაღლა გამოაცხადა თეოდორმა და მე მეგონა, რომ ამას აუცილებლად იზამდა.
-გეყოფათ, ნუ გამიგიჟეთ ეს ბავშვი! - მკლავზე ხელი ძლიერად ჩამკიდა ნინომ. მე სახეზე გაოგნება მეხატა, რადგან და-ძმა არასდროს მყოლია. ტეოსა და კიტის შორის სიტყვამწარობას, კინკლაობას და ქილიკს მალევე შევეჩვიე, რამდენიმე დღეში კი ის უფრო მაკვირვებდა, თუ არაფერზე კამათობდნენ და ერთმანეთს ცხოველებივით არ კაწრავდნენ, - თქვენ კიდევ, საქმეს დაუბრუნდით. - ლაქიებს მიმართავდა ნინო.
-ერთი ხელიც და .. - თქვა კიტიმ, რომელიც იმ ღამითაც და სხვა ღამეებშიც მზესავით ბრდღვიალებდა, და ქაღალდის დასტა ხელში შეათამაშა.
-ღმერთო, შენ მომეცი გამძლეობა, რომ ჩემი შვილი არ გავპუტო და ყველა დანარჩენიც ზედ არ მივაყოლო, - ხელები ჰაერში აღარპყრო ნინომ, - რაც გინდათ ის ქენით, მე დასაძინებლად მივდივარ, - შემდეგ კი მე მომიბრუნდა, - წამოდი, საყვარელო, ოთახამდე მიგაცილებ.
ნინოსთან ერთად სახლისკენ მივდიოდი და უკან-უკან ვიყურებოდი, რადგან მიჭირდა კიტისთვის თვალის მოშორება. სრულიად მონუსხული ვიყავი და როგორც არ უნდა მდომოდა, ამას ვერ ვმალავდი.
ნინო ოთახში შემომყვა და საწოლზე ჩამოჯდა. დაღლილი ჩანდა.
-დამღლელი დღე გამოვიდა. - გამიღიმა მან, - ხომ გაერთე?
-დიახ, ძალიან.
-გადასარევი დასაწყისი იყო, - კმაყოფილებას ვერ მალავდა, - ახლა ყველამ იცის ვინ ხარ.
-დიახ ... - დავეთანხმე ხმადაბლა და თავი დავხარე.
-არაფრის მოგერიდოს, საყვარელო, ეს ახლა შენი სახლიცაა. ხვალ ყველას უკეთ გაიცნობ. ელენე და მართა ქალაქს დაგათვალიერებინებენ. ვამჩნევ, ორივეს ძალიან მოსწონხარ.
-მეც ძალიან მომწონს .. ყველა.
-ნელ-ნელა დანარჩენებსაც დაუახლოვდები. მართალია ღვთის საჩუქრები არ არიან და პრობლემებს ხშირად ქმნიან, მაგრამ კეთილი გული აქვთ, - გაიცინა ნინომ, - ჩემი შვილები მთელ სამყაროს მირჩევნია, მაგრამ იმას ვამბობ, რაც არის. შენ კიდევ, ჩათვალე, რომ ახლა და-ძმა გყავს, რომელიც არასოდეს გყოლია.
-ყველანი ძალიან ... - შესაფერისი სიტყვა ვერ მოვძებნე მე და ცოტა ხნით შევყოვნდი.
სიმართლეს ხომ არ ვეტყოდი? მეთქვა ყველანი ერთმანეთზე უფრო ლამაზები და ეგოცენტრულები არიან, ჰგონიათ, რომ სამყარო მათ გარშემო ბრუნავს და ღმერთო ჩემო, როგორ მინდა რომელიმეს მაინც ვგავდე და ყველა კუთხე-კუნჭულში არ ვიმალებოდე მეთქი?
-თავისებურები არიან, - ჩემი დაწყებული წინადადება სიცილით დააბოლოვა მან, როცა შეამჩნია, რომ ფიქრებში ჩავიკარგე, - ამაზე არ იდარდო, თუ შეგიყვარეს, ქვეყნის აღსასრულამდე ეყვარები. ეს ნამდვილად შეუძლიათ, - მისი ღიმილი დედას მანატრებდა, - მშობლებისთვის წერილის მიწერა არ დაგავიწყდეს, ალბათ ღელავენ. მე კიდევ, ჩემის მხრივ ვეცდები, დედაშენი ცოტა ხნით ჩვენთან სტუმრობაზე დავითანხმო.
-დიახ, აუცილებლად მივწერ.
-კარგი, დაისვენე, საყვარელო, ენერგია დაგჭირდება, ჩვენთან მარტივი დღეები არ არსებობს.- გამიცინა მან, შუბლზე მაკოცა და ოთახი დატოვა.
ერთი სული მქონდა, ნინო გასულიყო, რომ ჩემი ოთახის პატარა, კოხტა აივანზე გავვარდნილიყავი და დამენახა, ისევ იქ იყო თუ არა კიტი. აივანი პირდაპირ უკანა ეზოს გადაჰყურებდა, სადაც ის იჯდა მსახურებთან ერთად.
ჯერ არ დაშლილიყვნენ, მე კი სკამზე ჩუმად ჩამოვჯექი და გავირინდე. ატმის ხის ტოტებში ჩავიმალე, რომ ქვემოდან ვერავის შევემჩნიე, ჩემგან კი ყველაფერი ხელისგულივით მოსჩანდა.
კიტი მოახლეებთან ერთად ბანქოს თამაშის დროს იმაზე უკეთ ერთობოდა, ვიდრე ადამიანთა უმეტესობა წვეულებაზე. მხიარული იყო, თავისუფალი ... კისკისებდა და ხანგამოშვებით სახეს ხელებში მალავდა. სიცილი თითქოს მკერდიდან ამოხეთქავდა და იქაურობას მალამოდ ედებოდა. მაშინ მე ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ უკვე შემეძლო სხვებისგან განმესხვავებინა. წვეულებაზე ნანახ გოგონებს არ ჰგავდა. ისინი სერიოზულები იყვნენ. მათი ბრალი არ ყოფილა, უბრალოდ ასეთი ეტიკეტი იყო. არ იცინოდნენ, როცა ეცინებოდათ და მათ სახეებს მხოლოდ ხან და ხან, ნაზად და მოწიწებით გაღიმების უფლება ჰქონდა. სწორედ ისე, თავადის ქალებს რომ შეშვენით.
ხის ფოთლებში ვიმალებოდი და იქაურობას ვაკვირდებოდი, როცა ძალიან ხმაღალმა კივილმა მთელი სიმყუდროვე დაარღვია, მე კიდევ შიშისაგან შემაბარბაცა და კინაღამ პირველ სართულზე დამანარცხა.
-კიტიიიიიიიიიი! - კიოდა მართა, რომელიც თავისი ოთახის აივანზე პერანგის ამარა გამოსულიყო და ფეხშიშველი იდგა. ჩვენს ოთახებს ერთი კედელი ჰყოფდა, შესაბამისად აივნებითაც ვმეზობლობდით, - ძალიან ხმაურობ, ნორმალური ხარ?
-აივნის კარი დახურე, მართა, - დის კივილს მშვიდად შეხვდა კიტი. ისე უპასუხა, არც შეუხედავს. ჩასმულ, წითელლოყება დიასახლისთან საუბარს განაგრძობდა.
-პირველი სრულდება! - ისევ კიოდა ის, - არ გეძინება მაინც?
-არა, მართა, წვეულებაზე პირფერობით მე არ დავღლილვარ, ეგ შენ იყავი. - ახლაღა ამოხედა მართას. შემეშინდა, მეც ხომ არ დამინახა მეთქი და თავი მხრებში ჩავმალე.
-არ ვპირფერობდი! ასე ძალიან რატომ გიკვირს, რომ შეიძლება ვიღაცას იქ ყოფნა მართლა სიამოვნებდეს?
-მართა რა ჯანდაბა გაკივლებს? აქ ხალხი დაძინებას ცდილობს. - თავის აივანზე გამოენთო იესე, რომლის ოთახიც მართას გვერდით იყო და რომელსაც ვერ ვხედავდი, მაგრამ ხმაზე ვცნობდი.
-რა მართა, რა მართა? - სულ გადაირია ის, - კიტის აქ პირადი წვეულება მოუწყვია, შენ კიდევ ჩემთან საჩხუბრად გამოხვედი?
-ჩადი მერე და გაერთე, ყურში რას ჩამკივი? - გაბრაზებული ჩანდა ის.
მართამ ერთი წამოიკივლა და აივნის კარი ისე მიიჯახუნა, მეგონა ჩამოიღო. აღარც იესეს ხმა გამიგონია. დავრჩით ისევ ჩვენ და ჩვენს შორის აღმართული ატმის ხე.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექი აივანზე, როცა კიტი დაიღალა და დინას, ყველაზე პუტკუნა მოახლეს, რომელიც საოცარ კერძებს ამზადებდა, თავი კალდაში ჩაუდო. თან რაღაცას უყვებოდა და ისე აცინებდა, ჩემდა უნებურად ვიღიმოდი.
ალბათ არავის გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ ჩემს ოჯახს მსახურები არასდროს ჰყოლია, თუმცა ჩვენს შორიახლოს ერთი თავადი ცხოვრობდა, რომელსაც რამდენიმე ლაქია ჰყავდა. მინახავს, როგორ საუბრობდნენ მათთან .. მბრძანებლური, შეუვალი კილოთი, მე კიდევ გული მეწვოდა, რადგან სიმართლე ის იყო, რომ მეც მათი სამყაროდან ვიყავი და დედაჩემის უცნაური ნაცნობები რომ არა, რამდენიმე წელიწადში მოახლედ დავუდგებოდი რომელიმე შეძლებულ ოჯახს.
აქ ყველაფერი სხვაგვარად იყო. კიტის ისინი უყვარდა, აცინებოდა, ეხუტებოდა, მათ კი, ცხადზე ცხადი იყო, რომ კიტი უყვარდათ და ვინ იცის, დამღლელი დღის შემდეგ რამხელა სიამოვნებას ჰგვრიდათ მისი ამბების მოსმენა, თამაში და გაზაფხულის მშვიდი ღამით ტკბობა.
აივანზე იქამდე ვიჯექი, სანამ არ აიშალნენ. კიტიმ ყველას მშვიდი ღამე უსურვა, რამდენიმე მათგანს გემრიელად ჩაეხუტა კიდეც და ნელი მოძრაობით წამოვიდა კიბეებისკენ. თეთრი, ფარფატა მაქმანებიანი კაბის ბოლოები ხელით ეჭირა და სხეულს უდარდელად მოარხევდა. კიბის კიჩოსთან იდგა, როცა მომეჩვენა, რომ წამით ამომხედა. ცივმა ოფლმა დამასხა და სირცხვილისგან სახე ამელეწა. ნეტავ, თუ იცოდა, რომ აქ ვიჯექი და მას ვუთვალთვალებდი? მაგრამ რა მოხდა, ჩენს აივანზე თუ გამოვედი ცოტა ხნით? “ამ სახლში შენი არაფერია, სულელო” ვეჩხუბებოდი საკუთარ თავს და სახე ხელებში ჩამერგო. რამდენიმე წუთში, კარის ხმა გავიგონე. მისი ოთახი ჩემი ოთახის პირდაპირ აღმოჩნდა.
ღამით ვერაფრით მოვისვენე. საწერ მაგიდასთან ვიჯექი და ჩემი ფიქრები ქაღალდზე გადმომქონდა.
ჯერ არ ვიცოდი, მაგრამ სამივე ბიჭზე უკვე კარგა გვარიანად ვიყავი შეყვარებული.
ვფიქრობდი ტეოს ლურჯ-მწვანე თვალებზე, იესეს ქერა ხუჭუჭებსა და ლუკას ღიმილზე. ვწერდი ელენეზე და მართაზე ... და ბოლოს, კიტიზე, როგორც ყველაზე მისტიურ და თანაც, ყველაზე ნამდვილ ადამიანზე რომელსაც ოდესმე შევხვედროდი.
მაშინ ცხრამეტი წლისა ვიყავი, ნანახი ბევრი არაფერი მქონდა, ახლა კი, დავიფიცები, რომ სამყარო შემოვიარე, მის მსგავსს კი ჯერაც არავის გადავყრივარ.

888

ცხრა საათი სრულდებოდა, რომ გამომეღვიძა. თავი მსუბუქად და მხნედ ვიგრძენი. თითქოს ღამე საწერ მაგიდასთან არ გამეთენებინოს. ცა მოკრიალებულიყო, ჩემი ფანჯრიდან თბილი შუქი ნაზად იღვრებოდა. “რა მოხდება, თუკი ერთხელაც გავიღვიძებ და აღმოვაჩენ, რომ ეს ყველაფერი სიზმარია?” ვფიქრობდი და აივნის კარს ვეჯაჯგურებოდი გამოსაღებად.
ეზოში არავინ იყო, მხოლოდ მოახლეები აჰყოლოდნენ დილის რიტმს და საქმიანად გადი-გამოდიოდნენ.
მოაჯირს დავეყრდენი და სხეული ნეტარებას მივანდე.
კიბის კიჩოსთან იესე გამოჩნდა. აბრეშუმივით თმა მზეზე უელავდა. გულში რაღაცამ სასიამოვნოდ გამკრა. გამეღიმა. ბილიკს ნელი ნაბიჯით გაუყვა და შადრევანთან შეჩერდა. მობრუნდა, რადგან კიტი ადევნებოდა და მისკენ ფეხშიშველი მირბოდა. თმაგაწეწილსა და ნამძინარევს ხელში წიგნი ეჭირა. ძმას მიუახლოვდა თუ არა, გადაშალა და რაღაც აჩვენა. იესეს გაეცინა და ბალიშზე დებისგან აბურდული, ოქროსფერი კულულები კიდევ უფრო აუჩეჩა.
სიცოცხლის სიყვარულით გამოწვეულმა უჩვეულო აღფრთოვანებამ მომიცვა. იესეს შევემჩნიე და მოსალმების ნიშნად ხელი აეწია. კიტი კი , ჩემკენ ზურგით იდგა, თავი მოებრუნებინა და თავისი ცეცხლოვანი თვალები ჩემთვის მოეპყრო. ჟრუალტელმა დამიარა. ნუთუ შევძლებდი, ამ სილამაზისთვის ოდესმე გულგრილად შემეხედა და ერთბაშად არ მოვნუსხულიყავი. “ნეტავ თუ იცის, რა ლამაზია?” გავიფიქრე და მის მზერას სახე ავარიდე. თავი ორივეს მორიდებით დავუკარი და საჩქაროდ ოთახში დავბრუნდი მოსამზადებლად. საუზმის დრო ახლოვდებოდა.
რამდენიმე წუთში, უკვე კიბეზე ჩავრბოდი და ვლოცულობდი, რომ მე არ ვყოფილიყავი ბოლო, ვინც სასაუზმოდ მაგიდას მიუჯდებოდა.
გამიმართლა. დიდი, მრგვალი ბამბუკის მაგიდის გარშემო მხოლოდ ნინო, მართა და ელენე ისხდნენ.
-მშვიდობიანი დილა. - მომესალმა სამივე ერთდროულად, ნინომ კი სკამი ღიმილით გამომიწია და მის გვერდით დამაჯინა.
გოგონებს კოხტად ჩაეცვათ, თითქოს სტუმრებს ელიანო. ჩაის ხვრეპდნენ და პურზე კარაქსა და თაფლს უსვამდნენ.
ეზოდან იესე და კიტი შემოვიდნენ, მათ კი ტეო მოჰყვა. კვლავ საჯირითო სამოსი ეცვა, რომელიც მასზე მეტად არავის უხდებოდა. როგორც ჩანდა, ტეოს დილა დიდი ხნით ადრე დაწყებულიყო.
კიტი ელენეს და მართას მიუჯდა გვერდით. გოგონებს გრძელი ნაწნავი ჩამოეგდოთ მხარზე, მას კი თმა სასაცილოდ აბურდვოდა. გამეღიმა.
-გადასარევი ამინდია, - თქვა ნინომ, - საღამოს გარეთ ხომ არ ვივახშმოთ?
-კი! - სახე გაუნათდა მართას, - არ მჯერა, რომ ზაფხული მოდის!
რამდენიმე წამში ლუკა შემოგვიერთდა. კიბეზე ეშვებოდა და მაისურს გზა და გზა იცვამდა, მე კი ძალიან ვცდილობდი, მისი უბადლო სხეულისთვის როგორღაც თვალი ამერიდებინა.
-დილა მშვიდობის, - თქვა მან ხმადაბლა და სკამზე მოწვეტით დაესვენა. თვალის უპეები ისე შეშუპებოდა, თითქოს სულ არ სძინებიაო.
-გაათენე? - იკითხა ნინომ და შვილს ყველი მიაწოდა, პასუხს კი არ დალოდებია ისე განაგრძო,- ისე, ღამით ვისი კივილი ჩამესმოდა?
-ჩემი, - ხმადაბლა თქვა მართამ. ნინოსი ერიდებოდა, - კიტის პირად წვეულებაზე შევიჭერი, თუმცა ვერაფერს გავხდი.
ყველა გაჩუმდა. მშვიდად ჭამა განაგრძეს, მდუმარებას მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი და ჩაის ხრუპვის ხმა არღვევდა. ვცდილობდი, ჩუმად მეჭამა და თავი არ შემერცხვინა, რადგან თავადური მანერები არ გამაჩნდა და ამის მცხვენოდა.
ჩემს თავთან ბრძოლით ვიყავი დაკავებული, როცა კიტიმ ფეხი საკუთარ სკამზე შემოკეცა, რამაც ნინოს შეშფოთება და კივილი გამოიწვია, მე კი მისმა უმანერობამ თავი ოდნავ უკეთ მაგრძნობინა.
-რას ხედავენ ჩემი თვალები? - დაიკივლა ქალმა.
კიტიმ მობეზრებული გამომეტყველება მიიღო და ის იყო შეპასუხებას აპირებდა, რომ ლუკა სიზმრებიდან საბოლოოდ გამოერკვა, კიტის შეხედა და ხმამაღლა გამოაცხადა:
-აბა, ერთი ხელები გაშალე და ერთმანეთს დააზომე?
მე სიცილის შეკავებას ვცდილობდი, კიტის კი ვერაფერი გაეგო და ძმას დიდი, ბრიალა თვალებით მისჩერებოდა.
-სულ გაგიჟდი?
-გუშინ შენზე ამბობდნენ, ერთი ხელი უფრო გრძელი აქვს, ვიდრე მეორეო. ვფიქრობდი, როგორ არასდროს შემიმჩნევია მეთქი. - საქმის ვითარებაში გაარკვია ლუკამ და ჭამა განაგრძო.
-რაო? - გადაირია ნინო. როგორც ჩანს, გუშინდელი საუბრები გულისყურით არ მოუსმენია, მე კი კარგად ვიცოდი, ლუკა რასაც გულისხმობდა.
-ხო, ასეთი ამბავი გავრცელებულა ქალაქში. - ძმას დაეთანხმა ელენე.
-ასე ხდება, როცა განდეგილივით ცხოვრობ, - მხრები აიჩეჩა ნინომ, - მაინც რაღა უნდა მოგიგონონ, რომ გონს მოხვიდე?
-ავ თვალს არ ენახვება ადამიანი, რატომ შეაწუხეთ? - გაეცინა იესეს და დას ცერად გადახედა. კიტის ყურიც არ შეუბერტყავს, ისე განაგრძობდა პურზე თაფლის წასმას.
-დედა, გუშინ იმდენ რამეს ამბობდნენ, სხვა და სხვა ზომის ხელები პრობლემა გგონია? - მდგომარეობა როგორც ყოველთვის მეტად დაამძიმა მართამ. ასეთი იყო. ვითარებას ამძაფრებდა და უნდოდა ყველას ისევე განეცადა ყველაფერი, როგორც ის გრძნობდა.
-მე გავიგე, მგონი კოჭლიაო. - დააყოლა ტეომ, რომელსაც აქამდე ერთი სიტყვაც არ უთქვამს, მადიანად მიირთმევდა და მაინც და მაინც, არ ვედარდებოდით.
ყველას გაგვეცინა.
-და თქვენ რა გაცინებთ? - მხოლოდ ნინოს არ ეცინებოდა და ხელებს ნერვიულად უსვამდა ერთმანეთს.
-მე სასაცილოდ მეჩვენება. - დაგვიცვა ელენემ.
-ხალხს სიმართლეს რატომ უმალავთ? - ხელები დემონსტრაციულად გაშალა ლუკამ, ისევ იცინოდა, - უთხარით, რომ სინამდვილეში ცალი ნესტო უფრო დიდი აქვს, ვიდრე მეორე.
კიტიმ ოქროსფერი ხვეულები უკან გადაიყარა და გამოაცხადა:
-მეგონა, დედამ უკვე ყველას უთხრა, რომ სულით ავადმყოფი ვარ და ეშმაკი მყავს შეჩენილი, რომელიც სახალხო შეკრებებზე არ მიშვებს.
-ეს, სიმართლეა. - თავი სრული სერიოზულობით დაუკრა დედამისმა. ნინოს ეღიმებოდა, თუმცა არ ტყდებოდა.
-აი, მეც ამას ვამბობ.
ყველას სიცილი აგვიტყდა. ნინოსაც გაეცინა. კიტის გადასწვდა და ხელზე ხელი სიყვარულით მოუთათუნა.

***

აბა, როგორ მოგწონთ? <3 გმადლობთ, ვინც სტიმულს მაძლევთ.



№1 სტუმარი Елка

Момцонс кити гансхвавебули да сакварелиа. Велодеби мотминебит шемдег тавс. Маинтересод да каргад церт

 


№2  offline წევრი Ketevann

Елка
Момцонс кити гансхвавебули да сакварелиа. Велодеби мотминебит шемдег тавс. Маинтересод да каргад церт


მიხარია <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ანუკი

შემდეგი თავი როდის დაიდება?

 


№4  offline წევრი Ketevann

სტუმარი ანუკი
შემდეგი თავი როდის დაიდება?


დღეს, დადასტურებას ელოდება ახალი თავი :) <3

 


№5 სტუმარი სტუმარი ლიკა

Auuu dzaan kaia

 


№6  offline წევრი Ketevann

სტუმარი ლიკა
Auuu dzaan kaia


<3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent