კიტის (თავი VI)
სალამი, მეგობრებო. წინა თავის დადასტურებას ზუსტად 2 დღე ველოდი. ახლა დაიდო და ძალიან, ძალიან ქვემოთ ჩავარდა. იმიტომ გწერთ, რომ გამოგრჩებოდათ და ჯერ ის წაიკითხეთ, სანამ ამას დაიწყებდეთ. ”აყალმაყალი” ნინოს დაჟინებული მოთხოვნით, გოგონებთან ერთად ფრანგული ენის შესწავლა დავიწყე. მასწავლებელი ჩვენთან ყოველ დღე მოდიოდა. დიდი, ჩასმული ქალი იყო, სახეზე ვარდისფერი პუდრა ჰქონდა შეფრქვეული, ლოყაზე კი უზარმაზარი ხალი წამოსკუპებოდა. გრძელ, ყვავილებიან კაბებს მოხდენილად აფრიალებდა. ნაძალადევად ლაპარაკობდა, თუმცა კი თავისი საქმე კარგად იცოდა. მე დილეტანტი ვიყავი, წესისამებრ ვერაფერს გამოვთქვამდი და დამახსოვრებაც მიჭირდა, ამიტომ მთელ დღეებს მასალის ათვისებას ვანდომებდი. საღამოობით, როცა ცა ჩამავალი მზის სხივებით გადაწითლდებოდა, ეზოში ვსხდებოდით და დავალებას ერთად ვამზადებდით. გაკვეთილები კიტისაც ჩვენთან ერთად უტარდებოდა, თუმცა დასრულებისთანავე სადღაც ქრებოდა და თავისი იდუმალი საქმეებით გახლდათ დაკავებული. ჩვენთან ერთად არასდროს მეცადინეობდა. საერთოდ, არ ვიცი სწავლას როდის ასწრებდა, რადგან სახლში არასდროს ჩერდებოდა,მაგრამ ყოველთვის მზად იყო. გაკვეთილზე ხუთი წუთის დაგვიანებით შემორბოდა, მასწავლებელს გულიანად მოიკითხავდა, ყველაფერს წყალივით ჩაარაკრაკებდა და ისევ სადღაც აორთქლდებოდა ხოლმე. არ ვიცი, ჯირითის დროს მეცადინეობდა თუ, ვინ იცის .. რას აკეთებდა კიდევ საიდუმლოდ. ნინოს სული მის ძებნაში ხდებოდა. მთელი დღე, დილიდან საღამომდე ეძებდნენ. დაღამებისას კი, შემოვიდოდა თავისი ღიმილიანი, მანათობელი მზერითა და ჩალისფერი კულულებით, ისე, თითქოს არც არსად გამქრალიყოს. -ჩემი პატარა ჭკუის კოლოფი. - ეუბნებოდა მასწავლებელი და თავზე კოცნიდა. მე კი ვამჩნევდი, როგორ ღიზიანდებოდა მართა. კიტი ძალიან უყვარდა, მასზე სულ ღელავდა, თუმცა ასე მეგონა, გამუდმებით ეჯიბრებოდა. ბრაზობდა, როცა კიტის მეტად აქებდნენ, გარბოდა და მთელი დღეები თავს წიგნებიდან აღარ სწევდა. მე თუ მკითხავთ, ისიც მოსწონდა, რომ კიტი წვეულებებზე არ დადიოდა და საერთოდ, ასეთი ცხოვრებით დაინტერესებული არ იყო. ასე დისთვის კონკურენციის გაწევა არ უწევდა და შეეძლო, ყველაზე ლამაზი და ელეგანტური თვითონ ყოფილიყო. იმ დღეს, გაკვეთილის შემდეგ სამზარეულოში ვისხედით, ნინოს უცხო სიტყვების დაფთარი ეჭირა და კითხვებს გვისვამდა. მართა კი, ამჯერადაც კიტის გამო დრტვინავდა. -არ ვიცი, როდის მეცადინეობს! - ამბობდა ის და მხარდაჭერის იმედად მე და ელენეს გადმოგვცქეროდა. თუმცა, ელენე მობეზრებულად ატრიალებდა თვალებს, მე კი, რა თქმა უნდა, ხმას არ ვიღებდი. -რა მნიშვნელობა აქვს, დედიკო? - ეცინებოდა ნინოს, - მთავარია, მეცადინეობს. -ჰო, მაგრამ ... ხომ შეიძლება ერთხელ ჩვენთან ერთადაც ისწავლოს? მაგალითად, როცა საღამოობით ეზოში ვსხედვართ და ლილიას მასალის ათვისებაში ვეხმარებით. გვერდით ისე ჩაგვივლის, ვითომც არ ვარსებობთ. -ზოგს უბრალოდ მარტო მეცადინეობა ურჩევნია. - უღიმოდა ნინო. შვილის განაწყენება არ სურდა, რადგან მართა ამ სახლში ერთადერთი იყო, ვინც პრობლემებს არასდროს ქმნიდა. -მთელი დღე სადღაც დადის. კაცმა არ იცის, სად. -საყვარელო, ზოგიერთ ჩვენგანს უბრალოდ მეტი დრო სჭირდება ახალი ინფორმაციის ასათვისებლად, ზოგს ნაკლები. რატომ გწყინს? -არ მწყინს, უბრალოდ ... მაინტერესებს, სად იყო დღეს მთელი დღე? - არ ცხრებოდა მართა. სწორედ ამ დროს, სამზარეულოში იესემ შემოაბიჯა თავისი საყვარელი ფორთოხლის წვენის ჩამოსასხმელად და შემთხვევით, ჩვენს დიალოგს შემოესწრო. -სად იყო და, დღეს მთელი დღე ჩემთან ერთად გაატარა. - დას შეხედა უცნაური ღიმილით. თითქოს, თვალებით ეუბნებოდა, მორჩი, აზრი არ აქვს, ტყუილად ირჯებიო. -ყველგან რატომ დაგყავს? - მართა განსაკუთრებით გაღიზიანებული მეჩვენა იმ დღეს. -და რატომ არ უნდა დამყავდეს? - მკაცრი იყო იესეს ხმა, აღარც ეღიმებოდა, - შენც წამოდი, მთელი დღე თავზე წიგნები რომ დაგიწყვია და აქეთ-იქით დადიხარ. ამას ერთი ქალი მასწავლიდა, რომელიც ნინომ ჩემთვის მანერების შესასწავლად დაიქირავა. წარმატებული მოსწავლე ვიყავი. ნაზი, ნატიფი მოძრაობები სწრაფად ავითვისე და ძალიანაც მომწონდა. მართა კი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ზეპირად იცოდა, რადგანაც დაბადებიდან შეიასწავლიდნენ იმას, რასაც მე ახლა ვეუფლებოდი, მაინც ჩემს ყველა გაკვეთილს ესწრებოდა და ყველაფერს თავიდან იმეორებდა. -საქმეც იმაშია, რომ მე არ მინდა, - ხელები დამონსტრაციულად გაშალა მან, - ჯეროვანი საქმეებით გახლავარ დაკავებული. ენებსა და მუსიკას შევისწავლი ... ლიტერატურასაც. -ვიცი, რასაც შეისწავლი, - წვენი მოსვა იესემ და ქერა ხუჭუჭები უკან გადაყარა, - კიტი მთელი დღეა “ფაუსტით” დამსდევს. თქვა და ღიღინ-ღიღინით დაგვტოვა, მართას კი სახეზე ალმური მოედო. საერთოდ, მე ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ იესე განსაკუთრებულად ექცეოდა უმცროსს. ყოველდღიურად განიხილავდნენ რაღაცას, კითხულობდნენ, შემდგომ კი ამაზე მშვიდად მსჯელობდნენ. უკანა ეზოში, ერთი ადგილი უყვარდათ, წიგნებს გაიტანდნენ და შეეძლოთ დაღამებამდე ესაუბრათ. შეიძლება ითქვას, რომ მათ კავშირს შორიდან ვაღმერთებდი. კიტისა და თეოდორის ურთიერთობას კი, ნამდვილად არც-ერთი შევნატროდით. მათი ყვირილის ხან და ხან ღამით მაღვიძებდა. დერეფანში იდგნენ და კაცმა არ იცოდა, რაზე ჩხუბობდნენ. მეგონა, რომ საბოლოოდ ერთმანეთს აუცილებლად გაგუდავდნენ. მხოლოდ ის იყო საკითხავი, თუ როდის. რამდენიმე დღეში კი, იმდენად შევეჩვიე, მათი ჩხუბის ხმა ღამით იავნანად ჩამესმოდა. ყოველ დღე, როცა საათი 5-ს უჩვენებდა და ყველა საკუთარი საქმით იყო დაკავებული, მე სასეირნოდ იმ მიწაზე მივდიოდი, სადაც პირველად კიტის შევხვდი. ჩემს წინ მარტოობა გადაიშლებოდა ხოლმე და საკუთარ თავს ყველაფერზე დაფიქრების საშუალებას ვაძლევდი. ყოველ დღე, სწორედ ამ დროს, კიტი კვლავ ჯირითობდა. სადღაც შორს, თვალს მოვკრავდი წაბლისფერ ულაყს. არ ვიცი, იცოდა თუ არა, რომ იქ ვიყავი, თუმცა არც-ერთხელ არ მოსულა ჩემს სიახლოვეს, არც კი შემოუხედავს. მე კი, დიდხანს არ ვუტყდებოდი საკუთარ თავს იმაში, რომ ყოველ ჯერზე იმედი მქონდა მასთან გამოლაპარაკების. შორიდან შევცქეროდი ლაღ, ამქვეყნიური სურვილებისგან დაცლილ სხეულს და მონუსხულს, მებრალებოდა ყველა, ვინც მას ვერ ხედავდა და ვერ უსმენდა. უცებ კი, ხელს ქაღალდს დავტაცებდი და სწორედ მათთვის ვწერდი, ვის შორისაც ეს ამბავი ხდებოდა, თუმცა თვალსა და ხელს შუა გამოეპარათ. 888 თეთრ, უზარმაზარ გალავლიან სახლში ჩემი ცხოვრების პირველი კვირა იწურებოდა, როცა ნინომ წერილი მიიღო. საღამო ხანს, როცა გაზაფხულის წვიმა არაფერს ინდობდა და ცა თავზე ჩამოქცევას გვიპირებდა, ლაქიამ ცისფერი კონვერდი მოარბენინა, ნინოს გადასცა და როგორც სჩვეოდა, საჩქაროდ გაგვეცალა. ჩვენ ბუხართან ვისხედით. მაისი იდგა, თუმცა იმ საღამოს შესამჩნევად ციოდა. ლუკა ხუმრობდა, ხითხითებდა და ყველას ხმამაღლა გვაცინებდა. ჩემს გულში სიმშვიდესა და უსაფრთხოებას დაესადგურებინა. -მაინც ვის გავახსენდით ამ ამინდში? - ღიმილით იკითხა ნინომ და წერილის წასაკითხად საძინებელში ავიდა. ყურადღება არავის მიგვიქცევია. საამისოდ ძალიან დაღლილები ვიყავით. არაფერი გვიკითხავს, ისე მივაშურეთ ჩვენ-ჩვენს ოთახებს და თავი ძილს მივეცით. მხოლოდ მეორე დღეს, როცა ნინო უჩვეულოდ ცუდ ხასიათზე იდგა, ხმას არ იღებდა და აქეთ-იქით მდუმარედ დადიოდა, წინა საღამოს მომხდარმა დაგვაეჭვა. -დე, ვინ მოგწერა გუშინ? - ათასმეერთედ იკითხა მართამ. ნინო კვლავ არაფერს ამბობდა. მხოლოდ საღამოს, როცა ყველანი, ერეკლეს გარდა, სავახშმოდ დავსხედით და ოჯახი კვლავ ერთ მუშტად შეიკრა, ნინომ მშვიდად დაიწყო: -გუშინ წერილით მაუწყეს, რომ შაბათს უზარმაზარი მეჯლისი იმართება კატერინა გერლიანის სახლში. ჩვენ კი, ყველანი, ვალდებულები ვართ დავესწროთ, - ხელები გადააჯვარედინა მან და ყველას თვალი მოგვავლო, - ვიმეორებ, ვალდებულები ვართ. მართამ სიხარულის ტაში შემოჰკრა. დანარჩენებს ხმა არ ამოუღიათ. მე კი, თან მიხაროდა, თანაც მეშინოდა, თუმცა მიუხედავად შერეული ემოციებისა, იქ ყოფნა მინდოდა. -მეჯლისს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადამიანები დაესწრებიან, მათ შორის, იქნებიან თავადი იაშვილებიც, რომელთა უფროსი ვაჟი, გიორგი იაშვილი დიდი ხანია ელენეს მომავალ მეუღლედ მოიაზრება. დუმილი ჩამოვარდა. ვერავის გაეგო რა ემოცია უნდა გამოეხატა. ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. ნუთუ, უკვე ყველამ იცოდა ვინ იქნებოდა მათი მომავალი მეუღლე, ჩემს გარდა? ცივმა ოფლმა დამასხა. -ვინ მოიაზრა? - ჩემი ფიქრები თავბრუს მახვევდნენ, როცა კიტიმ დუმილი დაარღვია. მისი ხმა მშვიდი იყო, მღელვარება არ ეტყობოდა. სახე ხელისგულზე ჩამოედო და დედამისს მისჩერებოდა. -მამაშენმა, ერეკლე ჯაშმა და თავადმა იაკობ იაშვილმა, კიტი. - მიუგო ნინომ. ნაკვთები ოდნავ უკრთოდა. ვხედავდი, როგორ ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას. -და თვითონ ნეფე-პატარძალმა რაო, მოიაზრეს თუ ვერ მოასწრეს ჯერ? -კიტი, - გაუღიმა ნინომ, - დედიკო, შაბათს დილიდან სახლში იქნები, ფეხს არსად გაადგამ. ამჯერად შენსას ვერ გაიტან. მეჯლისზე ჩვენთან ერთად წამოხვალ და ისე მოიქცევი, როგორც ჩვენს ოჯახს შეშვენის. აღარ ვაპირებ იმის ატანას, რომ ჩემი შვილი ყველას დავრდომილი ჰგონია. -მართალია, - თქვა ერეკლემ, რომელიც სასადილო ოთახში იმ წამს შემოვიდა და კედელს მხრით მიეყრდნო, მზერა კი უმცროსს მიაპყრო, - არც იფიქრო, რომ ამჯერად გამოძვრები. შენს თვითნებობას მკაცრი შედეგები მოჰყვება. ეს იცოდე. მის კუშტ მზერას ჯერ ისევ ვერ შევგუებოდი. თვალებში ვერ ვუყურებდი, ყოველთვის სახეს ვარიდებდი და აღარ ვიცოდი, სად შევმძვრალიყავი. -მე ვსაუბრობ გაუგებრად, თუ თქვენ დაყრუვდით? - მშობლების სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია კიტის, თითქოს არაფერი გაუგონიაო, ისე განაგრძობდა საკუთარი აზრების გადმოფრქვევას. -სიტყვები! - დაიღრიალა ერეკლემ. მეგონა, მისი ხმა თეფშებს დალეწავდა. ადგილზე შევხტი და კიტის შევხედე, რომელსაც სახეზე კვლავ სიმშვიდე მოჰფენოდა. რამდენიმე წამს დუმილი ჩამოწვა. ერთმანეთის სუნთქვაც კი გვესმოდა. წინ ტეო მეჯდა, რომელმაც სახეზე ხელები ნერვიულად ჩამოისვა და ამოიგმინა. ვხედავდი, მართა როგორ ექაჩებოდა კიტის კაბაზე და გაჩუმებას თვალებით ევედრებოდა. -გავიმეორებ, - ამოიხვნეშა კიტიმ და სკამზე გადაწვა, - ელენეს როგორ მოსწონს ეს ამბავი? -ელენე დიდი გოგოა, საკუთარ თავს თავადვე მიხედავს. - თქვა ნინომ და ქმარს ანიშნა, მის გვერდით დამჯდარიყო. მარტო შვილთან გამკლავება უჭირდა. კიტი მშვიდი, მაგრამ აგრესიული იყო. მის ტონში უცნაურმა ნოტებმა გაიჟღერა, როგორიც აქამდე არასდროს მსმენოდა. -მართალია, - იღიმოდა ელენე, თმა უკან გადაეწია და ულამაზეს სახეზე შუქი კუთხიდან ეცემოდა, - ჩემი დროც დადგა. შემეძლო დარწმუნებით მეთქვა, რომ ეს ამბავი ახარებდა. მართალია, თვალები ოდნავ ნაღვლიანი ჰქონდა, თუმცა მთლიანობაში იმ ადამიანს არ ჰგავდა, ვინც დაოჯახების წინააღმდეგი უნდა ყოფილიყო. -სერიოზულად? - კამკამა ზღვისფერი თვალები ელენეს შეანათა კიტიმ. ხელები სახიდან ჩამოეღო და დოინჯი დაეჭირა. შფოთავდა. მე წვენი მოვსვი, რადგან მღელვარებისგან ნერწყვი აღარ გადამდიოდა და სახეზე მიწის ფერი დამდებოდა. დაძაბულობა ჰაერში იგრძნობოდა. ყურში იესეს მძიმე სუნთქვა ჩამესმოდა, წინ კი ტეოს ამღვრეულ თვალებს ვეფეთებოდი. -ამდენ ხანს იმიტომ იცდიდნენ, რომ ჩვენ წინააღმდეგნი ვიყავით ელენესი და საერთოდ, ნებისმიერი თქვენგანის მოუმწიფებელ ასაკში დაოჯახებისა. ახლა კი, დრო დადგა. - სიმშვიდეს ძლივსღა ინარჩუნებდა ნინო. შეშინებული მეჩვენა. -მე წინააღმდეგი არა ვარ. - გაიღიმა ელენემ და ჭიქა ღვინო მაღლა ასწია. -რას მეუბნები? კიდევ კარგი გვითხარი, რომ წინააღმდეგი არა ხარ, - ცინიკური ღიმილი მოერგო კიტის. ასე სჩვეოდა, როცა ემოციებით სავსე იყო და ამის გადაფარვას ცდილობდა,- რომც იყო, ამათ გგონია ადარდებთ? -სიტყვები! - კვლავ დასჭექა ერეკლემ. თვალები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე და ტუჩები მოვმუწე, შიშისგან რომ არ მეყვირა, - “ამათ” რომ ადარდებდათ, იმიტომ ვიცდიდით 24 წელიწადს! გგონია, ასე ვინმე იქცევა? რას მოელი, გინდა ყველანი შინაბერები დამირჩეთ? თანაც, შენთვის აზრი არავის უკითხავს! - ღრიალებდა ის. მწყობრიდან გამოსულიყო, წითელი ფერი დასდებოდა და სახე გიჟს მიუგავდა. -კიტი ... - თქვა ტეომ ხმადაბლა. თვალები ისე ამღვრეოდა, რომ არ მცოდნოდა, ვიფიქრებდი მთვრალია მეთქი. -მორჩი, კიტი, - დას უღიმოდა ელენე. სახეზე მღელვარება შეეტყო, - თანაც, პატარა დის შვილები ხომ გინდა? - სიტუაციის განმუხტვას შეეცადა ის. ამის გაგონებაზე, კიტის თვალები ერთი ორად გაუფართოვდა და ნატიფი თითები გაოცებისგან ჩამოსვა სახეზე. ღრმად სუნთქავდა. გულმკერდი შესამჩნევად აუდ-ჩაუდიოდა და სიმშვიდეს ვეღარაფრით ინარჩუნებდა. -რა მაგარი ამბავია! - ფეხზე წამოხტა მართა და ელენეს გადაეხვია, - არ მჯერა, რომ ნიშნობისთვის სამზადისს დავიწყებთ! - ისეთი გახარებული ჩანდა, ანათებდა. მართა ასეთი იყო. ყოველთვის შეეძლო დაძაბულობა განემუხტა. -ვიღაცას მაინც უხარია, - ხელი აიქნია ნინომ და ერეკლეს შეხედა. ასე იქცეოდა, როცა შვებას ვერსად ჰპოვებდა. თვალები ყოველთვის სიყვარულით ჰქონდა სავსე, როცა ქმარს უყურებდა. -ყველას უხარია, - გადაიკისკისა ელენემ, - უბრალოდ ჩემს და-ძმებს ძალიან ვუყვარვარ და ჩემს გარეშე ამ სახლში ცხოვრება არ წამრმოუდგენიათ. ხმას არავინ იღებდა. თითქოს ენა ჩავარდნოდათ. -20 წუთის სავალზე იცხოვრებ, - თქვა მართამ, როცა შეამჩნია, რომ სრულ ჭკუაზე მხოლოდ თვითონ იყო, - გამიგია, რომ გიორგი იაშვილი ძალიან სიმპატიურია, - მომავალი სიძით აღფრთოვანებული გახლდათ ის, - თანაც იმდენ გოგოს უყვარს! -კიდევ რა გაგიგია, სულელო? - თქვა კიტიმ, რომლის სახეც აღარ იყო ძველებურად მშვიდი. მე ვიცოდი, ბოლო სიტყვას რაც მოჰყვებოდა და თვალები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს. -კიტი! - ერთდროულად დასჭექეს ნინომ და ერეკლემ. სკამიდან გადავვარდებოდი, მაგიდისთვის ხელი რომ არ ჩამეჭიდა, - როგორ ბედავ! ერეკლეს ხელი მოემუჭა. მწყობრიდან ბოლომდე გამოსულიყო. საკუთარ თავს არ ჰგავდა. ნინოს მისთვის ხელი ჩაეჭიდა და ცერა თითს კანზე უსვამდა. იმედოვნებდა, რომ ასე მის დამშვიდებას შეძლებდა, თუმცა, ერეკლე უფრო და უფრო ცოფდებოდა და ჩვენც უფრო და უფრო ვიძაბრბოდით. -კიდევ ერთხელ განვმარტავ, - ყველაფრის მშვიდობიანად დასრულება ერთხელ კიდევ სცადა ნინომ, - ქალაქში ყველამ იცის, რომ წინააღმდეგნი ვართ ჩვენი ქალიშვილების 24 წლამდე დაოჯახების! ამიტომაც, აქამდე არავინ გვაწუხებდა! გგონიათ, ასე ბევრი იქცევა? 17 წლისას ელენე უკვე მყავდა! -მართალია, - თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია კიტიმ, - ოცდამეხუთე წელს უკვე ყროლდება საქონელი. მეც ასე გამიგია. - ძმებს მიუბრუნდა, - თქვენ? ხმას რომ არ იღებთ, თქვენც ასე გაგიგიათ? ერეკლეს ყბის ძვალი ეჭიმებოდა. ვერ გაეგო როგორ მოქცეულიყო. მის ადგილას, მამაჩემი ოთახამდე თმით მიმათრევდა და კარს გასაღებით ჩამიკეტავდა. -ჩვენგან რას ითხოვ? - ვერაფერი გაეგო ლუკას და მთელი დიალოგის განმავლობაში, როცა მე ფერები გადამდიოდა და სუნთქვა მეკვროდა, ჩუმად იჯდა. -სულ ცოტა ტვინს, - ხელები გაშალა კიტიმ და ფეხზე წამოდგა, - სულ ცოტას. კიტი მდგომარეობას მეტად ამძიმებდა, მისი სიტყვები უფრო და უფრო უხეში ხდებოდა, სახე კი არეული. -ბუნტისთავო! - ღრიალებდა ერეკლე. ფეხზე წამოხტა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. მწყობრიდან ისე გამოსულიყო, ნინოსაც შეეშინდა და გვერდით ამოუდგა, - ოთახში, სწრაფად! -მართლაც სასტიკად დავისაჯე, - გაჩერებას არ აპირებდა კიტი, - ნამდვილად მეძინებოდა. -გაჩუმდით! - წამოდგა იესეც, - ელენე არაფერს აპროტესტებს, შენ რაღამ გაგაგიჟა? -მართალია, შენ რა გაწუხებს? - აყვა მართაც. ყველა წამოიშალა. მხოლოდ მე ვიჯექი მაგიდასთან და შეშინებული ხან ერთს შევცქეროდი, ხანაც მეორეს. -სახლიდან ფეხს არ გაადგამ მანამ, სანამ ნებას მე არ დაგრთავ. თუ საჭირო გახდება, კართან სადარაჯოდ თვითონ დავდგები! - კედელს ხელისგული მიარტყა ერეკლემ. -იმაზე რას იტყვი, მამა, სახლიდან შაბათსაც რომ არ გამიშვა? - თქვა მაშინ, როცა კიბისკენ მიაბიჯებდა თავისებური, მოხდენილი მოძრაობებით და იმ წამსაც, როგორც ყველა დანარჩენს წამს, ყველაზე ლამაზი იყო. -შაბათს, წინ წაგვიძღვები! - მიაძახა ნინომ, - ხვალ კი მთელი დღე სარკის წინ იტრიალებ, რადგან მკერავი საგანგებოდ შენთვის მომყავს! იმ ღამით ძილი არ მომკარებია. ალბათ, არც სხვებს, რადგან ნაშუაღამევს გამუდმებით კარის ხმა ჩამესმოდა. ხან ვინ გადიოდა ოთახიდან, ხანაც ვინ შედიოდა. სარკმელი ღია დამეტოვებინა, ჰაერს სიგრილისა და მიწის სუნი ასდიოდა. ცა ვარსკვლავებით მოჭედილიყო, მე კი ფიქრისგან თავი მისკდებოდა. ღამის სიბნელეში ჩანთქმულ ქალაქს გავცქეროდი და ბრაზი მიპყრობდა. ვერ ვიტანდი, როცა რაღაც არ მესმოდა. მაგალითად, ვერაფრით ვიგებდი რატომ აწყობდა კიტი ამ ტანტრუმებს, როცა თავად ყველაზე უკეთ იცოდა, რომ ამას კარგი არაფერი მოჰყვებოდა, მხოლოდ იმას მიაღწევდა, რომ მშობლებს მწყობრიდან გამოიყვანდა, ბოლოს კი დაისჯებოდა. თუ ეს მეც კი მესმოდა, მასაც ხომ უნდა სცოდნოდა? რას მიაღწია ამ საღამოს, როცა დას სულელი უწოდა, მშობლებს ყრუები, ძმას უტვინო, ელენეს კი აყროლებული საქონელი? ვერაფრით გამეგო რა აცოფებდა, მითუმეტეს მაშინ, თუკი ელენე არ იყო დაოჯახების წინააღმდეგი? ანდაც საერთოდ, რატომ უნდა ყოფილიყო? თანაც, მართა ამბობდა, რომ შესანიშნავი ბიჭი გახლდათ გიორგი იაშვილი. სხვა რა უნდა სდომოდა რომელიმე მათგანს? ლამაზი, ზრდილობიანი, ძლიერი და თანაც, თავადი. ასეთი კაცისთვის ცხოვრების 10 წელიწადს დავთმობდი. მხოლოდ მე კი არა, დანარჩენებიც. დედაჩემმაც ხომ სწორედ ამისთვის გამომგზავნა თავადი ერეკლე ჯაშის სახლში? აქ ღირსეული და თანაც შეძლებული საქმროს პოვნის იმედად გამომიშვეს. ჩემს ოჯახს შველა სჭირდებოდა. მე კი - ქმარი. ახლა, ამ ამბიდან დიდი ხნის შემდეგ, როცა საფრანგეთის პატარა სოფელში, ყავახანაში ვზივარ და მასზე ვწერ, ძრწოლა მიტანს და ტირილი მინდება. როგორ შემეძლო, ასეთი სულელი ვყოფილიყავი. ჩემივე გონებისა და ფიქრების ალყაში მოქცეუილს მხოლოდ იქამდე გახედვა შემეძლო, სადამდეც უფლებას მაძლევდნენ. დილით, მამლის ყივილამდე წამოვდექი და კიბეებზე ჩავირბინე. ყველა ფეხზე იყო. უძილობისგან თვალები შეშუპებოდათ და სახე არეოდათ. სახლში რამდენიმე უცხო ადამიანიც დამხვდა, რომლებიც გოგონებს ზომებს უღებდნენ და ძვირფასი ქსოვილები აქა-იქ მიეყარათ. -მოდი, საყვარელო, ელენეს შემდეგ შენ ხარ. - გამიღიმა ნინომ. ოთახს თვალი მოვავლე. უძილობისგან თავბრუ მესხმოდა. კიტი ვერსად დავლანდე და რადგან დრო ჯერ კიდევ მქონდა, ეზოში იმ იმედით გავედი, რომ თვალს სადმე მოვკრავდი. კართან პირდაპირ იესეს, ტეოსა და კიტის გადავაწყდი. -რა ამპარტავანია, ამჩნევ? - ამბობდა კიტი და იესეს თეოდორისკენ მიანიშნებდა, რომელიც უკმაყოფილო სახით იდგა და ხელები გადაეჯვარედინებინა. არ ვიცოდი, რაზე საუბრობდნენ. -ყვავმა ყვავს უთხრა, შავი ხარო. - ჩაახველა იესემ. ისე, ვითომც მე არაფერი მითქვამსო და მოსალმების ნიშნად ხელი ამიწია. მე შემაჟრჟოლა. თამამად შემეძლო მეთქვა, რომ იესეს ქერა კულულებზე შეყვარებული ვიყავი. -მაგ ანდაზის აზრი იცი, ხომ? - ვერ გაიგო კიტიმ. -ვიცი, კიტი, კარგად ვიცი, - თავი დანანებით გადააქნია იესემ, - ერთმანეთზე უფრო ქედმაღლები ხართ და ერთმანეთსაც იმიტომ ხოცავთ. -ვიღაცამ ამ ოჯახში სიმართლე თქვა. - ხელები ცაში აღაპყრო ტეომ. -შენ რაღა გიხარია? -მე ყველაზე კარგად ვიცი ვინცა ვარ, ბავშვო, - მისი ხმა ისე სასიამოვნოდ ჟღერდა, გავინაბე, - მაგრამ შენ! აი, შენ ... - თითი სახესთან მიუტანა უმცროსს, - სულ ამის უარყოფას ცდილობ! -სისულელეა. - ხელი აიქნია კიტიმ. -მაშინ მითხარი, რატომ არ დადიხარ წვეულებებზე? რატომ არასდროს იქცევი დანარჩენებივით? არა, - მას მიუახლოვდა ტეო, - მოდი, მე გეტყვი. იმიტომ, რომ გგონია, შენი ღირსი არავინაა. გგონია, რომ მათზე, ყველაზე მაღლა დგახარ. თავს იმისთვისაც არ იწუხებ, რომ ხანდახან, კვირაში ერთი დაწყევლილი დღე სხვებთან ერთად გაატარო. ამის ნაცვლად, გირჩევნია ყველას აფიქრებინო, რომ ავადმყოფი ხარ, რომელსაც არსად აჩენენ! -რას ბოდავ? - გადაირია კიტი, - იმას კი არ გეუბნებით, ცუდი ადამიანები არიან მეთქი. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ მათ სხვა რამ უნდათ, მე კი სხვა. ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს. თუ ქედმაღლობა იმას ნიშნავს, რომ ცხოვრება ქმრის პოვნა და მისი ფრთის ქვეშ მშვიდად ძილი არ მგონია, მაშინ ჰო ... გამოდის, ქედმაღალი ვყოფილვარ! - ხელები გაშალა მან. -მეც ამას ვამბობ. - თავი დააქნია ტეომ. -ბოდიში, თუ რაღაც მეტი მინდა! -რაღაც მეტი კი არა, კიტი, ბევრად მეტი გინდა. - თავი უკმაყოფილოდ გააქნია იესემ. ნერვები მწყობრში არც-ერთს ჰქონდა. ალბათ, ჩემსავით ღამენათევები იყვნენ და ახლა ჯავრს ერთმანეთზე იყრიდნენ. -ჩემს სურვილებს რატომ ერჩი? - გადაირია ის. -შენი სურვილები ხრამში გადაგჩეხავენ, კიტი. - ტონს აუმაღლა იესემ. კიტის ასე არასდროს ესაუბრებოდა. მე გამიკვირდა. ძალიან გაბრაზებული ჩანდა. -იესე, რა ჯანდაბაა? -ბოდიში უნდა მოვიხადო იმის გამო, რომ საკუთარ დაზე ვღელავ? ბოდიში, თუ მინდა შენც სხვა ქალებივით გათხოვდე, შვილები გყავდეს და მშვიდად ცხოვრობდე. სულ არ მინდა იმაზე ვფიქრობდე, ვიღაცის გაუხედნავი ცხენით ხრამში ხომ არ გადაჩეხილა მეთქი. -ეგოისტი ხარ და მშობლებისგან არაფრით განსხვავდები, - სახეზე ხელები ჩამოისვა უმცროსმა, - მათსავით მხოლოდ საკუთარ სურვილებზე ღელავ ... იმას კი ვერ იაზრებ, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისე მოხდება, როგორც მე მინდა! -იცი, ყველგან რატომ დამყავხარ? იმიტომ, რომ როცა ჩემთან ერთად არ ხარ, მკვდარი მგონიხარ! როგორც შენ იქცევი, კიტი, ასე არავინ იქცევა! საერთოდ არავინ! როცა მივხვდი, რომ კამათს აზრი არ ჰქონდა, ხელი მოგკიდე და იქ დაგათრევ, სადაც მე დავდივარ. - ტონს უფრო და უფრო უწევდა ის, - ყოველ დღე, როცა დედა გეძებს და მეკითხება ხომ არ ვიცი, სად ხარ, გგონია არ მადარდებს და არ ვფიქრობ ამჯერად სად ჯანდაბაში დაიარები? საღამოს, როცა სახლში ვბრუნდები, არ მინდა შენს ოთახს ჩუმად ვამოწმებდე და თუ არ დამხვდები, ვფიქრობდე, რომ სადღაც, რომელიღაც მიწისქვეშა დაჯგუფებაში 10 მამაკაცთან ერთად ბანქოს თამაშობ. - დას თვალებში ჩაშტერებოდა იესე, - ჰო, რა იყო, გეგონა არ ვიცოდი? მერე ფულს იგებ, რომელიც არაფერში გჭირდება. უბრალოდ მოგწონს, როცა ხალხს, განსაკუთრებით კაცებს საკუთარ უპირატესობას აგრძნობინებ! სიჩუმე ჩამოვარდა. კიტის ცოტა ხანს ხმა არ ამოუღია, მხოლოდ გაოცებული მიშტერებოდა იესეს და ხელებს ხან მუშტავდა, ხანაც შლიდა. მე ცივმა ოფლმა დამასხა. “კიდევ რამდენი რამ არ ვიცი?” ვფიქრობდი მე და თვალები გაოცებისგან ბუდიდან მივარდებოდა. “ვზივარ, მათზე ვწერ, მგონია რაღაც ვიცი, სინამდვილეში, ეს ზღვაში წვეთიც კი არ არის.” -ყოველთვის ვბრუნდები. - თქვა ბოლოს კიტიმ. -შენ ეგ არ იცი, კიტი. - სახეზე ხელები ნერვიულად ჩამოისვა მან, - ვერ ხედავ, ელენე რა ბედნიერია? -ელენე სულელია და ბედნიერიც იმიტომ არის. -აჰა ... სწორედ ამას ვამბობ,- ხელი აიქნია იესემ, - ამპარტავანი და ქედმღალი ხარ. გგონია ყველაფერი იცი, სხვა ქალები კი ნამდვილი სულელები არიან, რადგან მშვიდი ცხოვრება უნდათ. უნდათ შვილებს ზრდიდნენ, ასწავლიდნენ, ქმრებს სახლში ხვდებოდნენ და საღამოს, სავახშმოდ გაწყობილ სუფრასთან სხდებოდნენ. -და მერე? - მხრები აიჩეჩა უმცროსმა, - მერე? როგორ მოვიქცე თუ ის არ მაბედნიერებს, რაც ელენეს? -ღმერთო ჩემო! - იესეს თვალები ამღვრეოდა და შუბლი ოფლით დანამვოდა. -რა იყო, იესე, ჩემთვის საქმროს ძიება ხომ არ დაგიწყია? -სიამოვნებით! ისევ გაჩუმდნენ. ტეო ხან ერთს შესქეროდა, ხან მეორეს. არ ეგონა, დიალოგი ასე თუ გამწვავდებოდა და როგორც ჩანდა, ჯერ ვერ მოეფიქრებინა რა ერთქვა. -საერთოდ რატომ მეგონა, რომ თქვენი იმედი უნდა მქონოდა? - კიტის თვალებში ნაპერწკლები ჩაუქრა. -ჩემი იმედი უნდა გქონდეს, კი, იმაში, რომ სიამოვნებით გაგაყოლებდი ცოლად ვინმე გადასარევ ადამიანს, ვისთან ერთადაც ბედნიერს გნახავდი! -შენ მე ვერასდროს ვერავის გამაყოლებ და ვერც იმას გადაწყვეტ, როგორ ვიცხოვრო. - ხმას აუწია კიტიმ. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ახლა მათი ყვირილის ხმა სახლშიც ისმოდა. -ერეკლე გადაწყვეტს, მე კიდევ, მხარს დავუჭერ, იმიტომ რომ არ მინდა სადმე მოკვდე, ან მოგკლან. -ამას სამყაროს შეცვლის იდეით შეპყრობილი იესე მეუბნება, რომელიც რაღაც იატაკქვეშეთის დაჯგუფებეში წევრიანდება და უნდა გადატრიალება მოაწყოს! - ძალიან გაცხარდა კიტი, - და ისე, რომ იცოდე, სიკვდილზე ბევრად უარესი რამეებიც არსებობს! თავბრუ დამეხვა. ნეტავ რამდენი რამით იყვნენ დაკავებული, რის შესახებაც არაფერი ვიცოდი? ნუთუ მათი ცხოვრება მხოლოდ საუზმე, სადილი და ვახშამი მეგონა? “რა სულელი ვარ, ნამდვილი სულელი!” ვფიქრობდი და კაბას ნერვიულად ვექაჩებოდი ქვემოთ. -ეს სხვა რამეა ... - თქვა იესემ და თავი გააქნია. -რა თქმა უნდა, სხვა რამეა, - ჩაიცინა მან, - იმიტომ რომ ბიჭი ხარ, მე კიდევ შენსავით არ გამიმართლა და ჩემი დანიშნულება წინასწარვე განსაზღვრულია. მიუხედავად იმისა, მინდა თუ არა ეს მე! -ხან და ხან მნიშვნელობა არ აქვს რა გვინდა, კიტი, რაღაცები უბრალოდ ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს! მშვიდი და უსაფრთხო ცხოვრება კი ყველას უნდა! -შენ? - უკვე ყვიროდა კიტი, - შენ რატომ არ გინდა? -გეყოფათ, - ხმა აიმაღლა ტეომ, - ბოლო ხმაზე ყვირით! ეზოში ნინო გამოვარდა, თვალები შუბლზე ასვლოდა გაოცებისგან. სხეულზე ნახევრად შეკერილი კაბა მოერგო, რომელსაც მხოლოდ ცალი სახელო ჰქონდა და ქსოვილს ჩვენკენ წვალებით მოაქანებდა. -რა ღრიალია, - გადაირია ის, - ყოველ დღე შეიძლება ამ სახლში ვიღაც ჩხუბობდეს? რა ვერ გაგიყვიათ? ხმას არც-ერთი იღებდა. -კიტი, დროზე, შიგნით! ყველა შენ გელოდება! ნინომ კიტის ხელი ჩაჰკიდა და თითქმის ძალდატანებით წაიყვანა სახლისკენ. მე ადგილიდან არ დავძრულვარ. საკუთარ ფიქრებში თავგზააბნეული, ჩემს ფეხსაცმელს დავყურებდი და ვცდილობდი წარმომედგინა კიტი, რომელიც მამაკაცებთან ერთად ბანქოს თამაშობდა, ანდაც იესე, რომელიც საიდუმლო დაჯგუფებებში რევოლუციის მოსაწყობად ერთიანდებოდა. ტეო კი, ტეო თვითონ იყო საიდუმლო. მასზე არაფერი ვიცოდი. იესე ბალახზე ჩამოჯდა. თეოდორი თავს წამოდგომოდა და ძმას წარბაწეული დაჰყურებდა. -რა? - ახედა იესემ, რომელსაც ნერვებმა უმტყუნა. -მხოლოდ ის, რომ ხვალ მაგრად ინანებ. - მხრები აიჩეჩა ტეომ და ბილიკს ჩაფიქრებული გაუყვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.