შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იღბლის კერა ნანგრევებში(1)


11-07-2024, 22:03
ავტორი Azula
ნანახია 983

იღბლის კერა ნანგრევებში
სიბნელეში გამსჭვალული სხივი მის კალმით ნახატ ნაკვთებს მოეფონა. თვალები შეარხია და გაჭირვებით დააშორა წამწამები ერთმანეთს. გაუცნობიერებულმა ღიმილმა მყისვე დაიპყრო ჩემი ბაგეები. ბრტყელი ზედაპირიდან წამოიწია და გამიცინა.
–როგორი იყო პირველი ღამე ჩვენს სახლში?–თქვა და ყავისფერ იატაკზე ობლად გადაფარებულ თეთრეულს მოავლო ხელი. მე მისკენ მივიწიე და შიშველ გულ–მკერდზე მივეკარი.
–იმდენად ბედნიერი, რომ ბუნდოვნად მახსოვდა იატაკზე რომ ვიწექი.–ვუპასუხე და ნიკაპზე ვაკოცე.
–არ მოგატყუებ, მე კარგად ვიწვალე, მაგრამ ისეთი მაგარი შეგრძნებაა რომ ეს სახლი მე და შენია, ჩვენია, ჩვენი ბუდეა, ჩვენი ნაწვალები, ნაშრომი, მოკლედ,–პაუზა აიღო, ტუჩებზე მაგრად მაკოცა,–მოკლედ, მშია!–თქვა დაჩიმ და ნამძინარევ სახეზე ხელები მოისვა.
–რა კარგად დაიწყე,–თავი გავაქნიე მე და ფეხზე წამოვდექი.–ახტი აბა, ავალაგოთ ჩვენი სამეფო საწოლი.–გავუცინე მე და თბილი ხალათი შემოვიხვიე.
დაჩი წამოდგა, თეთრეული იატაკიდან ავკეცეთ. ჩემი ნივთებით სავსე ჩანთა მუხლებთან დავიდე და კარგად შეფუთული წინა დღის მომზადებული სენდვიჩები ამოვალაგე. იქვე შევექეცით. თან ბევრს ვიცინოდით. თვალს ვერ ვწყვეტდით მართლა ჩვენ ნაწვალებ სახლს. ყავისფერსა და კრემისფერში გადაწყვეტილ კედლებსა და იატაკს. შიდა სივრცეშივე ამავალ კიბეებს და მაღალ ფანჯრებს, საიდანაც სასიამოვნო ნიავი უბერავდა და გამჭირვალე მატერიის ფარდებს არხევდა. ორ სართულიანი სახლი და ეზო მთლიანად ჩვენით ავაღორძინეთ. დაჩის მშობლების ოდესღაც დიდი სურვილი ავასრულეთ და მათი წლების უკან შეძენილი მიწა დავასაქმეთ, ჩვენი კერა შევქმენით, წლების შრომა, წლების ურთიერთობა ამ სახლის კედლებს, თითოეულ აგურსა და ხის ფიცარს ჩავაყოლეთ და იმ სიყვარულით ავაგეთ, როგორიც მხოლოდ მე და მასში მეგულებოდა. გულის ამატკიებელი სიხარული მიტევდა ამ ყველაფრის განცდისა და ხილვისას. მე და დაჩი, ჩვენი 4 წლიანი სიყვარული, ბევრი მონატრება, ბევრი უერთმანეთობა, ბევრი ოცნება, ყველაფერი ხომ ჩვენ გავიარეთ. ახლა კი აქ ვიყავით. ივნისის გემრიელ, მზიან ამინდში, იატაკზე გაწოლილები, სიცილით და ერთმანეთის მოფერებით სულ პირველ მოგონებებს ვკინძავდით ამ კედლებში და სახლის სულიერებას, ენერგეტიკას, აურას, ნელ–ნელა ჩვენს კვალს ვამჩნევდით.
–ჰაა,თეკლა? გჯერა, გოოგო?–სითბო ჩამდგარი თვალებით მიყურებდა და ჩემი ლოყები ხელებში მოექცია.–გოგო, ჩემო ოცნების გოგო, ჩემო ტკბილო გოგო,–მეფერებოდა დაჩი.
უსასრულო აღტყინება, უსასრულო, უმართავი სიხარული მივლიდა მუცელში.
ერთი სული მქონდა, როდის აუვიდოდა ამ კედლებს ჩვენი სიყვარულის სურნელი, როდის განათდებოდა ჩვენი ცხოვრების ყველაზე მშვენიერი ხანის მოგონებებით და როდის გაგვზრდიდა ჩვენც და ჩვენს სიყვარულსაც.
***
მუხლები მიკანკალებდა. ფრჩხილების კვნეტით შევცქეროდი ჩემ წინ საწოლზე მოთავსებულ ტელეფონს და მოსმენილის გადახარშვას ვცდილობდი. ფეხზე წამოვდექი, ლენკას ნომერი ავკრიფე და მის ხმის მოსმენამდე გავირინდე.
–ხო, თეკლუსი,–დაღლილი ხმით მითხრა ლენკამ.
–ლენკა, არ იცი რა მოხდა,–აკანკალებული ხმით მივუგე მას და თვალებში ცრემლების პრიალი ვიგრძენი.
–რა მოხდა, გოგო, რა ხმა გაქვს?–აშკარად წინ წამოიწია ლენკა.
–პოლიციამ დამირეკა, გუშინ შუა ღამით, ცეცხლი გაჩნდაო თქვენს სახლში, მე და დაჩის სახლში, გესმის? საიდან, რანაირად, არ იციან, მადონამ დამირეკა, ხმა გავიგონე წივილისო, ფანჯარაა ჩატეხილი, სავარაუდოდ ხალხი იყო შესული, ვინები, წარმოდგენაც არ აქვს, ცეცხლი რომ გაჩნდა კივილი აუტეხავთ, ვიღაც იდიოტი თინეიჯერები იყვნენ შევარდნილი, სახლი გაუტეხავთ, გესმის? ეგ არ იკმარეს და ცეცხლიც წაუკიდეს, გულგახეთქილი ბავშვები გამორბოდნენო, მადონამ, ისე დავიბენი, ვერც გავეკიდე, ეგრევე სახანძროს დავურეკეო. ცუდად გავხდი გეფიცები, მადონა ამბობს, შემოსასვლელი მთლიანად გაუბედურებულიაო.–ვზლუქუნებდი მე.
–ვაიმე, თეკლა, გავგიჟდი, სათითაოდ გამაგლეჯინა ეგ იდიოტი ბავშვები, რას ჰქვია სახლი გატეხეს, რა ჯანდაბა უნდოდათ,–ანერვიულებული ხმით საუბრობდა ლენკა,–სახლს რა ეშველება ახლა, გოგო? წამოვალ მალე სამსახურიდან და წავიდეთ ერთად, ვნახოთ იქაურობა. რაო მადონამ, ეშველებაო?
–ვაიმე, ცოცხლები რომ დარჩნენ, ეგეც კარგია, უსაშველო არაფერი ჭირსო, მაგრამ გულგატეხილია ძალიან, სულ თავზე ვევლებოდი იქაურობას, და მაგათი შეპარვა როგორ გამომეპარაო, სულ ბოდიშები მიხადა. გადარეული იყო ქალი. რა შენი ბრალია მეთქი, მართლა თავზე ჰყვება ქალი, ამდენი წელია ცარიელ სახლს პატრონობს და კიდევ მაგაზე მომეთხოვა პასუხი? და იმ ცინგლიან იდიოტებს პასუხი ისედაც გაეცემათ. როგორ მანერვიულეს, გული ხელით მიკავია. 5 წელია ფეხი არ მიმიდგამს და ახლა ამ მიზეზით, გაჩანაგებულ სახლს თვალი როგორ გავუსწორო, წარმოდგენა არ მაქვს.–ვტიროდი მე და თითოეული მომენტი, რაც სახლის აგებაში გავიარეთ, თვალწინ მივლიდა.
–შენ არ ინერვიულო, თე, დაჩიმ იცის? ისმის მისგან რამე?
–მე რახან დამირეკეს, მასაც დაურეკავდნენ, დამიბარეს პოლიციაში,ხვალ დილას უნდა წავიდე, მადონამ კი მითხრა, დაჩი უკვე გზაშიაო.–ვთქვი მე და ატკიებულ თავზე ხელი მივიჭირე.
სამი წელია დაჩის ჩრდილიც კი არ დამინახავს, არათუ თავად ის, ახლა მისი ხილვა, თან ამგვარ სიტუაციაში ისე მაშინებდა, როგორც არაფერი. ის სახლი, რომელშიც 4 წელი ვიცხოვრეთ, უამრავი მოგონება გამოვიარეთ, უამრავი ვიტირეთ და ვიცინეთ, რომლის შენებაშიც ერთი წელი მთელი სულით და გულით ვიყავით ჩართული და რომელშიც მთელი ცხოვრების გატარებას ვგეგმავდით,ჩვენსავით განადგურდა. ახლა მის ზღურბლთან ერთად უნდა მივსულიყავით და ჩვენი დანგრეული ურთიერთობის მსგავსად, ისიც გაუბედურებული და დაღარული უნდა გვენახა. გულში მწარე ემოცია მივლიდა და ის აზრები მჭამდნენ, რომელიც დიდი ხნის დავიწყებული მეგონა.
ლენკას ტელეფონი გავუთიშე და რამდენჯერმე ავკრიფე დაჩის ნომერი. იქნებ ჯობდა დამერეკა, ერთად გაგვერკვია ყველაფერი, ერთად მოგვევლო ამ საქმისთვის, ის სახლი ხომ ორივეს გვეკუთვნოდა, ორივესი იყო, ორივეს სახესა და სულს იტევდა. ჩემს თავს მაინც ვერ ვაჯობე და ტელეფონი მოვისროლე. არ შემეძლო მისი ხმის გაგონება, არა, მით უმეტეს ამ სიტუაციაში.
საწოლში გადავიხლართე და ცრემლები კიდევ ერთხელ მომერია, მასში გატარებული დღეები თვალებსა და გულს მიწვავდა. კისერში დიდი ემოციების ბურთს ვაკავებდი და ღრმად ვსუნთქავდი. არ უნდა მეტირა, ყველაფერი კარგად იქნებოდა, სახლსაც ვუშველიდით, თავიდან გავალამაზებდით. სახლს მაინც ვუშველიდით...
***
კოხტად მოვათავსეთ მატრასი ოთახის ცენტრში და ზედ გავწექით. ორი კვირაა დაქანცულები დავათრევთ ნივთებს აქეთ–იქით, მეც და დაჩისაც ქანცი გვქონდა გაწყვეტილი. მთელი გული და სული ჩავაქსოვეთ აქაურობის აღორძინებაში, ახლა კი ვტკბებოდით და რბილ მატრასზე ერთმანეთს ვეკროდით. დაჩის გადაგლისული თვალები მაღლა ჰქონდა აღმართული და ჭერს შეშტერებოდა. მე მის მკერდზე ვასვენებდი თავს და თავადაც ვისვენებდი. თითქმის ბოლოში ვიყავით გასული და ამჟამად საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი თუ ავეჯი უკვე ახალ სახლში გვქონდა გადმოტანილი. ახალ–ახალი კიდევ ბევრი რამ იყო შესაძენი, თუმცა მე ისედაც კმაყოფილი ვიყავი ყველაფრით. ეტაპობრივად შევმატებდით სახლს ნივთებს. დღეს საღამოს მთელი სამეგობრო და ჩვენი დიდი ოჯახი გვყავდა მოწვეული, სახლის საბოლოოდ სისრულეში მოყვანას აღვნიშნავდით და მიუხედავად იმისა, რომ ორივენი დაღლილები ვიყავით, მაინც დიდი სიხარულით ველოდით საღამოს.
ფეხზე წამოვდექი და დაჩი ნახევრად მიძინებული დავტოვე ოთახში. ნაწილობრივ ჩემ მიერ, ნაწილობრივ დედაჩემის მიერ მომზადებული კერძები ლამაზად გადავანაწილე მაგიდაზე. ფართე მისაღებს და ყავისფერ ტონებში გადაწყვეტილ კედლებს თვალი მოვავლე და ყველა დეტალი, რაც კი წესრიგს არღვევდა შევასწორე. საკუთარ თავსაც შევავლე ხელი. თმა გავიშალე, მსუბუქად მოვიკაზმე და დაჩისთან შევედი გასაღვიძებლად.
მივუახლოვდი გულზე გაწოლილს და ზურგზე ვაკოცე.
–მმ,–დაიზმუილა მან და თავი ოდნავ წამოწია.
–ახტი ახლა, მალე მოვა ხალხი, მოწესრიგდი ცოტა.
–ჩამეხუტე ჯერ,–შემევაჭრა ის და ამობრუნდა.
–კაბა დამეკუჭება, ადექი და ჩაგეხუტები,–დაჩიმ ვითომ გაბრაზებულმა შემომხედა და წამოდგა.
–რა ლამაზია ჩემი გოგო,–დამატრიალა ცალი ხელით.
დაჩი არასოდეს იშურებდა კომპლიმენტებს და სულ მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა დღის ყველა მონაკვეთში მისთვის ლამაზი ვყოფილიყავი. მაგრამ ამდენი წლის განმავლობაში ისე შევეჩვიე, უკვე მებუნებრივებოდა მისი უწყვეტი აღფრთოვანება ჩემი გარეგნობის მიმართ. ცხადია, ეს არაფერ შუაში იყო ჩემს ვიზუალურ მონაცემებთან, ამას მასში არსებული უდიდესი სიყვარული იწვევდა.
ნელ–ნელა სახლში შემოიკრიბნენ მე და დაჩის ოჯახის წევრები, მეგობრები, ყველანი იზიარებდნენ ჩვენს ბედნიერებას. დაჩი თვალებმობრჭყვიალე მხვევდა ხელებს და აჟიტირებული ცქმუტავდა.
–ჩვენი პირველი შეკრება ჩვენს სახლში,–იღიმოდა ის.
ჩვენს ლამაზ, თბილ სახლში, პირველი სითბოს ნაპერწკლები იჟღინთებოდა და თითოეული პიროვნება უფრო და უფრო აბევრებდა მე და დაჩის დანთებულ ცეცხლს. ბედნიერება მთლიანად ვაკუუმში გვაყვდა მოქცეული და არც ერთი ნასვრეტი არ მეგულებოდა კედლებში, რომელიც თუნდაც ბედნიერების ერთ ნაწილაკს გააქცევდა ამ სიხარულის ვაკუუმიდან. სანამ...
***
ხელები მუხლებზე მედო და სადად ჩაცმული, ჩანთა მოკიდებული აქეთ–იქით ვარხევდი სხეულს, ნერვიულად. გული მიბაგუნებდა და ტელეფონზე ისტერიულად ვამოწმებდი ტაქსის ადგილმდებარეობას. როგორც კი ეკრანიდან შევიტყვე, რომ ტაქსი ორ წუთში ჩემს სახლთან იქნებოდა, ფეხზე წამოვდექი, გადაწკეპილ თმები სარკეში შევისწორე და ფეხსაცმელების კაკუნით გარეთ გავვარდი.
ტაქსში მოვთავსდი თუ არა, ლენკას მივწერე, რომ სახლისკენ მივდიოდი და ნერვიულობისგან თავი მტკიოდა.
„არ ინერვიულო, თე, საღამოს მე ამოგივლი, ყველაფერი კარგად იქნება!“–მომწერა ლენკამ. ტელეფონი ჩავხურე და ხელებში მოვიქციე. მთელი გზა ფიქრები და აზრები მჭამდნენ. ვიცოდი, რომ დაჩი იქ იქნებოდა, აუცილებლად შევხვდებოდი და მასთან საუბარი მომიწევდა. ერთად მოგვიწევდა ჩვენი სახლის ნახვა და ათასი მოგონების გონებაში ამოფქრვევა. ამ ემოციებს როგორ გავუძლებდი, ამდენ დაგროვილ წელს, ამდენ გაუთქმელ ემოციას და შეგრძნებას როგორ დავაოკებდი არ ვიცი. იქნებ არც მქონოდა რეაქცია? ვინ იცი. სამი წელი თვალითაც არ მყავდა ნანახი. იქნებ გადამიარა, ჩახცრა, განვიკურნე. საკუთარ გულს ვუსმენდი და ვცდილობდი გამომეკვლია, რას ვიგრძნობდი დაჩის დანახვისას. ჩვენ ყველაფერი კარგა ხნის უკან დავასრულეთ, თუმცა რა ვუყო იმ წლებს, იმხელა წარსულს, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა. თავი მტკიოდა ამდენი ფიქრისგან. ვერ ვხვდებოდი, რა მოლოდინი უნდა მქონოდა მისი ნახვისას. თუმცა, ცხადია, ვეცდებოდი არაფერი შემეტყო, ჩვენ ხომ დავიშალეთ, დავცილდით, რატომ უნდა ყოფილიყო პრობლემა მისი ნახვა? ისევე შევხვდებოდი, როგორც სხვა ნებისმიერ ახლობელს, გარკვეული დროის უნახავობის შემდეგ..
თვალწინ ის ჭიშკარი მედგა, რომლის კარიც 5 წლის უკან ხმაურიანად გამოვიხურე და შემდეგ უკანაც კი არ გამიხედავს. თხემიდან ტერფამდე ვთრთოდი და პირი მიშრებოდა. გულამოვარდნილმა გადავაბიჯე ზღურბლს და ეზოში თავში ხელებშეყრილი მადონა დამხვდა.
-ეს რა დამემართა, თეკლა, როგორ შემოგხედო თვალებში, არ ვიცი,–სევდიანად მომიგო მან.
–კარგი ახლა, რა ლაპარაკია,–გადავეხვიე მე,–შენ რა შუაში ხარ,მთავარია ყველაფერი კარგად დასრულდა და ის იდიოტი ბავშვები მშვიდობით არიან.–ამოვიქშინე მე.
–დაჩისაც იმდენი ვუბოდიშე, ეს სახლი მომაბარეთ და რა დღეში დაგახვედრეთ,–არ ჩერდებოდა მადონა. დაჩის სახელის გაგონებაზე გული შემიკრთა. ნუთუ ახლა აქ არის, შიგნით არის და ფიქრიანად ბოლთას სცემს.
–გეკადრება, მადონა დეიდა? მეორედ აღარ გავიგონო მსგავსი არაფერი. რაც მოხდა, მოხდა, ვინაა დაზღვეული, საკუთარ სახლშიც შეიძლება შეგემთხვას, თავად რომ ხარ შიგნით ისე. აქეთ გვაქვს მადლობები მოსახდელი, ამდენი ხანია სახლს უვლი,–გავუღიმე მას და მსუქან ლოყებზე მოვეფერე. თან მთლიანად ვგრძნობდი თრთოლვას, ვფიქრობ, არც სახეზე იქნებოდა ეს ძნელი შესამჩნევი. ციებ–ცხელება მჭირდა და სახეზე შეწითლებულ ლოყებსა და ხელის გულებზე მწარე სიცივეს ვგრძნობდი. როგორ შევსულიყავი სახლში არ ვიცოდი,–დაჩი აქ არის?–ვიკითხე ფრთხილად.

–კი, შიგნითაა, პოლიციელები გაუშვა ახლახანს, სარჩელი არ შეაქვს, ბავშვების მშობლები იყვნენ დილას მოსული და ყველაფრის ანაზღაურებას დაჰპირდნენ. ფერი არ ედო არც ერთს, ანდაც როგორ ედებოდა, აქაურები არიან ისინიც, გულდახეთქილები მოადგნენ დაჩის.
–არ მიკვირს,–ვთქვი გალეული ხმით და განაჩენივით მომაწვა დაჩის აქ ყოფნა. სიმწარემ დამიარა გულში, სისუსტეს ვგრძნობდი ტერფებში, არეული ნაბიჯებით შევიკვლიე გზა სახლის შესასვლელისკენ.
ნამწვის და ხის სუნი მაშინვე მოხვდა რეცეპტორებს, ოდნავი ბუღი, ნისლივით დაგროვილი მტვრის ნაწილაკები თვალებში მეფინებოდნენ. მაშინვე მისაღებისკენ მივაქციე პირი, რომლის კედლებიც დაგლეჯილი ფურცლებივით იყო პირდაღებული. დაჩის სილუეტი მარტივად გავარჩიე. ფანჯრისკენ იყო მიბრუნებული და მადონას მოვლილ და დაწიკწიკებულ ბაღჩას შეყურებდა. ფეხის ხმაზე შემობრუნდა და გულში მწარედ გამიარა ტკივილმა. თრთოლამ, ნერვიულობამ. წარმოიდგინეთ, თქვენს პირისპირ დგას ადამიანი, რომელიც ერთ დროს მთელი არსებით გიყვარდათ, აღმერთებდით მის თითოეულ ნაწილს, ნაკლს თუ უპირატეს მხარეს, მასთან ერთად იღვიძებდით და იძინებდით. ადამიანი, რომელმაც თქვენი თითოეული წარმატების თუ კრახის ისტორია იცის, ყველანაირი სირცხვილი, სიხარული. ბოლოს და ბოლოს, ადამიანი, რომელიც თქვენი ცხოვრების მეგზურად აირჩიეთ და ნებისმიერ წამს თანახმა იყავით ცხოვრების ნებისმიერი მოცემულობა მისთვის გაგეზიარებინათ. სწორედ ასეთი ადამიანი მედგა თვალწინ, ადამიანი, რომელიც უკვე წლებია აღარ მენახა და მისი ხმა, ნაკვთები, მიმიკები, დგომა, ჩემს მეხსიერებაში თითქოს გაცრეცილიყო.
–ვახ,–ამოიგმინა დაჩიმ, ჩემკენ ნელ–ნელა წამოიწია, მომიახლოვდა, ახლა უკვე მარტივად ვარჩევდი მის სახეს, წვერით დაფარულ ყბებს და შეკრულ, სქელ წარბებს, ლამაზ, გრძელ წამწამებს და თაფლისფერ თვალებს.–რამდენი ხანი გავიდა–ა?–თვალები გაუშტერდა დაჩის, ნება–ნება მათვალიერებდა და თითქოს იკვლევდა ჩემს სახეს, თითქოს ეძებდა, ვიყავი თუ არა ის, ვინც მან დატოვა.
–საკმაო დრო იმისთვის, რომ წვერი ამოგსვლოდა,–წავეხუმრე თითქოს, ჩემი თავი შემეცოდა, ისეთი მოწურული და გადაწითლებული ვიდექი, მუცელში ტალღები არ ჩერდებოდნენ.
–შე გაიძვერა,–დაიმანჭა დაჩი და ხელი მომხვია, უარესად გავიყინე,–ჩაგეხუტო, გოგო, რას გაშეშდი.
სიმწრით მოვხვიე ხელები და თავი მის კისერში ჩავრგე. ვერ აღვწერ ამ ემოციას, ამოუთქმელი და გაურკვეველია, ის რაც იმ მომენტში მჭირდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, წლებისწინ უზომოდ საყვარელ მუსიკას, რაღაც მომენტში რომ გადაივიწყებ და მრავალი წლის მერე სადღაც მოისმენ. ოღონდ, ცხადია, ეს ემოცია ამაზე ასჯერ დიდი იყო, თანაც მწარე.
დაჩი ძალიან დელიკატურად გადამეხვია და მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ მასშიც იგრძნობოდა ეს წარმოუდგენელი აღელვება. კარგი ნაცნობივით გამიღიმა და განზე გადგა.
–აბა, რას ვაპირებთ?–ამოვილაპარაკე მე და მტვრის ნაწილაკები ხელით გავფანტე.
–ვესაუბრე დღის, უფრო სწორად ღამის, გმირების მშობლებს, ყველაფერს ავანაზღაურებთო, მათთან თანამშომლობით მარტივად შეგვიძლია აღვადგინოთ დაზიანებული ნაწილები, ასევე, კარგი იქნება თუ სახლის გაყიდვაზეც ვიფიქრებთ. მაშინ, როცა დაშორების გადაწყვეტილება მივიღეთ,–ისე მარტივად საუბრობდა, მე კი გული საგულეს არ მეტეოდა,–ამ სახლის ბედ–იღბალზე არ გვიფიქრია და ვერც ვიფიქრებდით, ახლა საკმაო დრო გავიდა იმისთვის, რომ სახლს ვუპოვნოთ რეალური პატრონი, მიმხედი, ვინც აქ იცხოვრებს და ვიღაც ბავშვები აღარ იფიქრებენ რომ მიტოვებული და სათამაშო ზონაა. ფულს, ცხადია, გავინაწილებთ და ჩვენი კეთილი ნების მიხედვით გამოვიყენებთ. რას ფიქრობ აბა, ამაზე? თუ სხვა აზრი გაქვს მოგისმენ.–საუბრობდა დაჩი , მე კი ათას ემოციასა და შეგრძნებას ვებრძოდი. ამ სახლის გაყიდვა საბოლოოდ დასვამდა წერტილს, საბოლოოდ გააქრობდა ჩვენს ურთიერთობას და იმ კავშირს, რომელიც წლების განმავლობაში გვქონდა, თუმცა რა უფლება მქონდა შედავების, გადაწყვეტილებაც მე მივიღე და ეს ყველაფერიც მე დავასრულე.
–კარგი, როგორც შენ გინდა, ვქნათ ეგრე, მე რაში შემიძლია დაგეხმარო?–ვუთხარი ათრთოლებული ხმით.
–არა მგონია, შენი დახმარება საჭირო გახდეს, რა თქმა უნდა, სახლის საქმეებზე შენ არ გარბენინებ, მაგას თავად მოვაგვარებ,–გამიღიმა მან და ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა.
–გასაგებია,–ვთქვი საცოდავად და ტელეფონის ხელებში ტრიალი დავიწყე. ერთი სული მქონდა როდის გავიდოდი აქედან, სახლში მივიდოდი და ბევრს ვიტირებდი. ყელში ახლაც ვგრძნობდი გაჩხერილი ემოციების ბურთს და ვებრძოდი, არ გამსკდარიყო.
–თუ რამე კონკრეტული საქმე არ გაქვს, შეგვიძლია უკვე წავიდეთ,მე წაგიყვან.აქ საქმე აღარ მაქვს. ბევრი რამე მაქვს მოსაგვარებელი, პირველ რიგში ჩემს მეგობარს სარემონტო კომპანია აქვს და მისივე ჯგუფით ხვალ აქ უნდა მოვიყვანო, ნელ–ნელა წარმოდგენა რომ გვქონდეს რას და როგორ ვაპირებთ.შენც გამოგივლი მათთან ერთად, უკეთესად აუხსნი რა გირჩევნია და როგორ.–საქმიანად ალაპარაკდა დაჩი და სახლს თვალი ისე მოავლო, თითქოს ეს უბრალოდ ვინმე უცხოს სახლი ყოფილიყო და დაჩი იყო მისი გალამაზების საქმის კურსში. საერთოდ ვერ შეატყობდით რომ ამ სახლში ის და მე სიყვარულის ყველაზე ლამაზ ისტორიას ვძერწავდით. გული მომივიდა და გავაანალიზე, მეტად თავს ვერ შევიკავებდი.
–არა, შენ წადი, მე დავრჩები აქ კიდევ ცოტა ხანს, მადონასთან გადავალ, დავილაპარაკებთ,–ვუთხარი პირით კედლისკენ მიბრუნებულმა, გული ვეღარ გაუძლებდა კიდევ დიდხანს დაჩის ცქერას.
–კი ბატონო, როგორც გენებოს, აბა, დროებით,–მომიახლოვდა დაჩი და უგულოდ გადამკოცნა,–მომიკითხე შენები.–მომიგდო მშრალად და კარებისკენ გააბოტა.
დაჩი როგორც კი წავიდა, მუხლებში ჩავიკეცე და ტირილი წამსკდა, გულამოსკვნით ვტიროდი, ათასობით ემოცია თავს მესხმოდა. ძლივს გავედი საძინებლისკენ და კარები შევაღე.
საძინებელს არაფერი ჭირდა, სრულიად დაუზიანებელი და ხელშეუხებლი იყო. ამ ოთახის ჩვეულ ფორმაში დანახვამ გული უარესად გამისივა. თითები მოვავლე საწოლის შორიახლო მდგარ მაგიდას, რომელზეც ჩემი მრავალი ნივთი მქონდა დახვავებული. საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოზე ის ერთადერთი ჩვენი სურათი იდო, რომლის ჩარჩოც საღად გადაურჩა ჩვენს ბოლო ჩხუბს. სურათში ფეხის წვერებზე აწეული, მწარედ ვეხუტებოდი დაჩის. დაჩის ხელში სიგარეტი ეჭირა და თვალებ მოჭუტული შესცქეროდა კამერას, მე კი ორივე ხელით მოხვეული ვცდილობდი მის სიმაღლეს გავთანაბრებოდი. ასეთი ბედნიერი ჩემი თვალები, წლების განმავლობაში აღარ მინახავს.
სურათი ხელში მოვიქციე და დაჩის ლამაზ სახეს თითები გადავავლე. გული მომეწურა. არც ერთი წამით არ ველოდი ჩემს ასეთ ემოციურობას, თითქოს ერთიანად დავბრუნდი იმ დროში, როცა საკუთარი მშობლის ცნობაც კი მიჭირდა მიღებული ტრავმისგან, ტრავმისგან, რომელიც დაჩის დაკარგვამ გამოიწვია. საკუთარი თავის გამხნევება მიჭირდა, თითქოს , მომენტში ვპატიობდი გამოჩენილ სისუსტეს და ჩემს გულსა და გონებას ვაძლევდი საშუალება კიდევ ერხელ მოემგლოვა ჩემი წარსული. ამ განცდების დაშოშმინების შემდეგ კი ისევ ისე დავურბუნდებოდი აწყმოს, როგორც წესია. ეს წამიერი ადამიანური სისუსტეა, გაივლის, ვეუბნებოდი ჩემს თავს. სურათს უკვე ვეღარ ვარჩევდი, იმდენად ამღვრეული მქონდა თვალები.
ვინ იცის, იქნებ საათზე მეტიც ვიდექი ამ მდგომარეობაში. ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა აგონიიდან.
–გისმენთ,–ვთქვი დამძიმებული ხმით.
-გოგო, რა ხმა გაქვს??–გაისმა ლენკას გაკვირვებული ტონი,–ხომ მშვიდობით ხარ? როგორ ჩაიარა?
–ვნახე დაჩი,–ამოვილუღლუღე ძლივს.
–რაო, რაო, რა გითხრა, როგორ შეხვდი, რაზე ისაუბრეთ, რაზე შეთანხმდით, დაფქვი მალე,–დასერიოზულდა ის.
–ტაქსს გამოვიძახებ და წამოვალ პირდაპირ შენკენ, ტელეფონზე არ მალაპარაკო გეხვეწები, ვისაუბროთ რომ მოვალ,–ვუთხარი დაღლილი ხმით.
–კარგი, გელოდები, გკოცნი ,თე,–თბილად მომიგო მან და ტელეფონი დამიკიდა.
სწრაფად გამოვედი ოთახიდან, მინდოდა, აქ მიღებული ემოციები აქვე დამეტოვა და სწრაფად გავცლოდი აქაურობას, სხვა შემთხვევაში, ნერვებს და გულს რომ ავყოლოდი, არ ვიცოდი რა შედეგს მივიღებდი.
ტაქსის მოსვლის თანავე უკანმოუხედავად შევიყუჟე მანქანაში და გულის მწარე ტკივილი დავაიგნორე.
***
ლენკა სახლში შესვლის თანავე გულში ჩამეკრა.
–ჩემი ნანერვიულები, რა სახე გაქვს,–საცოდავად შემომხედა მან და დივანზე დამსვა.
–რას ვიზამ,–ძალით გავიღიმე მე და ღრმად ამოვისუნთქე.
–შეგიძლია საუბარი? მოყევი , რა,–თხოვნით მომიგო ლენკამ.
–მოკლედ, ჯერ სახლით დავიწყოთ. სახლს რა უშავს, დაზიანებები არის, მაგრამ მოუგვარებელი არაფერი, მარტო შესასვლელი და სამზარეულო არის დაზიანებული. ახლა რაც შეეხება ჩემს ყოფილ მეუღლეს,–ჩავიცინე მე,–ისე შემხვდა, თითქოს მისი კარგი მეგობარი ვიყავი, რომელიც კარგა ხანს არ ენახა, რესტავრაცია ჩავატაროთ და გავყიდოთო მერე სახლი, გავიყოთ ფულიო,–უარესად მწარედ გამეცინა მე.–რომ დამინახა წარბი არ შეხრია, გადამეხვია არხეინად, მოკლედ, ბევრი რომ არ გავწელო, თითქოს არაფერი ყოფილა, ვერაფერი ვიგრძენი მისგან.
–ვაჰ, რას მეუბნები,–თვალებგაფართოებული მიყურებდა ლენკა.–ასე მარტივად?
–ასე მარტივად,–დავუმოწმე მე და თვალი ჩავუკარი.
–და შენ?–მომიგო ფიქრიანად.
–რა მე?
–შენ რა იგრძენი?–ამოთქვა ფრთხილად.
–მეკითხები, ჩემი ყოფილი ქმრის დანახვისას რა ვიგრძენი?–ვკითხე ღიმილით, ლენკამაც თავის დაქნევით დამიდასტურა.
–საოცარი ტკივილი, გაუსაძლისი, აგონიაში ჩავვარდი, სხეულს ვეღარ ვიმორჩილებდი. 5 წელი, მეხუმრები? 5–ჯერ 365 დღე და ღამე გავიდა. თვითონ კიდევ ისე შემხვდა, თითქოს კარგა ხნის უნახავი კლასელი ვიყავი, რომელსაც „შევიკრიბოთ ამ დღეებში“–თ ემშვიდობებიან და მერე იკარგებიან. ზუსტად მასე დამემშვიდობა,–უარესად გამეცინა მე,–აბა, დროებით, მომიკითხე შენებიო.
–ყველა თავისებურად უმკლავდება ტკივილის, თე, შენ რა იცი მის გულში რა ტრიალებს. საქართველოდან ისეთი გაბრაზებული წავიდა, ვინ იცის, რა დღეები გადაიტანა, სასწაულად იმოქმედა მასზე თქვენმა ამბავმა. მე არ მიკვირს მისი რეაგირება, ყველას თავის კვალს უტოვებს ტკივილი. შენ ამგვარად გამოხატავ, ის თავისებურად. ცხოვრებაა.–გამიღიმა ლენკამ და მომეხვია.
–კარგი რა, ადამიანი ამდენი წელი შენი მეორე ნახევარი იყოს, ყველაფერს უზიარებდე, გულს ჩუქნიდე და 5 წლის თავზე ასე ხვდებოდე? თითქოს ჰაერში ბუზმა ჩაიქროლა და მეტი არაფერი.–ვბრაზობდი მე.
–ნუ ეგოისტობ. არ იცოდე მაინც რა დღეში იყო ბიჭი, იცი შენ, ყველა სიტუაციაში და ყველაფერში მხარს დაგიჭერ, მაგრამ დაჩის განსჯა მისი გამოხატვის გზების გამო, არ იქნება შენი მხრიდან სწორი, კიდე ვიმეორებ, თავისი გასჭირვებია.
სადღაც, გულის სიღრმეში, ალბათ ვეთანხმებოდი კიდეც ლენკას, მაგრამ ღრმად გამჯდარი ბრაზი მაინც მიბინდავდა თვალებს. ანდაც რა მინდოდა ნეტავ, რა უნდა მეგრძნო მისგან, რა უნდა დამენახა, ცრემლებს ხომ არ გადმოყრიდა ისიც ჩემსვით, ხომ არ გამომეტირებოდა, არ მიმატოვოო, ისე მოიქცა, როგორც დავიმსახურე..
–შეიძლება მართალიც ხარ,–გავტყდი ბოლოს და თვალები ამემღვრა,–მეც ვერ ვარჩევ, დაჩიზე ბრაზით ვლაპარაკობ თუ საკუთარი თავის მიმართ ბრაზით. რაც არის, არის, ახლა აზრი აღარ აქვს საუბარს. გასატეხი გატყდა, სამოქმედოც აღარაფერია, ჯობს წინ მივმართოთ ყველაფერი.–ამოვიგმინე მე და ფეხები დივანზე ავიკეცე.
–იქნებ ასეც ჯობდეს,–გამიღიმა ლენკამ.
–იქნებ ასეც ჯობდეს,–გავიმეორე ლენკას ნათქვამი და ჰაერში იმ მტვრის ნაწილაკებს დავუწყე ძიება, რომელიც დღეს ჩემი და დაჩის სახეებს ჰყოფდა.



№1 სტუმარი მე❤

ძალიან კარგად წერთ და ძალიან საინტერესოა

 


№2  offline წევრი Azula

მე❤
ძალიან კარგად წერთ და ძალიან საინტერესოა

მადლობა<3

 


№3 სტუმარი სტუმარი ვიპნი

მე❤
ძალიან კარგად წერთ და ძალიან საინტერესოა

თქვენ ის ცნობილი ავტორი ხართ ???

ძალიან საიტერესოა ,წარმატებები :*

 


№4  offline წევრი Azula

სტუმარი ვიპნი
მე❤
ძალიან კარგად წერთ და ძალიან საინტერესოა

თქვენ ის ცნობილი ავტორი ხართ ???

ძალიან საიტერესოა ,წარმატებები :*

მე თუ მგულისხმობთ, არა, არანაირი ცნობილი ავტორი არ ვარ ???? ერთადერთი ნაწარმოები მაქვს გამოქვეყნებული და ისიც ადრე და სხვა ნიკით. მადლობა ყურადღებისთვის????

 


№5 სტუმარი მე❤

სტუმარი ვიპნი
მე❤
ძალიან კარგად წერთ და ძალიან საინტერესოა

თქვენ ის ცნობილი ავტორი ხართ ???

ძალიან საიტერესოა ,წარმატებები :*

არა,ავტორი არ ვარ,არც არასდროს დამიწერია რამე,მაგრამ მიყვარს აზრიანად და ემოციურად დაწერილი ისტორიები.წარმატებები❤

 


№6 სტუმარი სტუმარი Wero

გაასაოცრად წერთ. მივესალმები. წარმატებები ველი შემდეგ თავს.

 


№7 სტუმარი სტუმარი Wero

კომენტარებს გადავხედე და მე რომ იყო მწერალი მაგის რომელიმე ნაწარმოები თუ გაახსოვთ? რახანია ვეძენ და ვერ გავიხსენე.((

 


№8 სტუმარი სტუმარი Wero

გაასაოცრად წერთ,მივესალმები.წარმატებები გელოდებით საყვარელო♥️

 


№9  offline წევრი Azula

სტუმარი Wero
კომენტარებს გადავხედე და მე რომ იყო მწერალი მაგის რომელიმე ნაწარმოები თუ გაახსოვთ? რახანია ვეძენ და ვერ გავიხსენე.((

ანასტასია ახალკაცი ჰქვია მაგ ავტორს, მოიძიეთ გუგლში და ნახავთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent