შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომკიდე ხელი - თავი მეთექვსმეტე


27-07-2024, 11:25
ნანახია 374

31 დეკემბრის დილა სხვაგვარი სიხარულითა და მოლოდი- ნითაა აღსავსე. თაფლისა და ნიგვზის ტკბილი სურნელი, მადასა და დაღამების უსაზღვრო სურვილს რომ აღძრავს, ცხვირს სასიამოვნოდ ელამუნება და წამში გავიწყებს ყოველივე ავს. წელიწადის არცერთი ბოლო დილა არ გათენებულა, უჟმური ხასიათით აღსავსე რომ ყოფილიყო; მახსოვს, დედა სამზარე- ულოში როგორ ფუსფუსებდა და ე.წ. საახალწლო ნამცხვრის კრემს ამზადებდა შესქელებული რძით, რომლის ქილის კედლების კოვზით მოპრიალება და შერჩენილი მასით ყელის ჩაკოკლოზინება ამ დღის ერთ-ერთი თანმდევი მოვლენა გახლდათ.
არანაკლებ მნიშვნელოვანი ატრიბუტია ქართული ტრა-დიციული ნუგბარი- გოზინაყი, რომელსაც დედა თეფშზე სერვირებისათვის რომბებად ჭრიდა და თითოეულ თეფშზე რვა მათგანს ათავსებდა. ცხელი გოზინაყის დაჭრის შემდეგ, ასე ვთქვათ, უფორმო კიდეებს ცალკე დააწყობდა გასასინჯად, რომელსაც წამში მუსრს ვავლებდი ხოლმე.
ეს წვრილმანები ხდის ამ ყველასათვის სასიამოვნო მოგო- ნებებთან ასოცირებულ დღეს ასე განსაკუთრებულს.
როგორც, ჩემ გარდა, დედამიწაზე მცხოვრები დაახ. რვა მილიარდი ადამიანისათვის, ჩემთვისაც სასწაულად იწელებოდა 31 დეკემბრის ოცდაოთხი საათი. სულ ვფიქრობდი, რომ ამ დღეს ყველაფრის მოსწრება იყო შესაძლებელი, თუმცა ღამის თორმეტი საათის მოსვლის თითოეული წუთით მოახლოებისაგან აგზნებული სხვა საქმეზე კონცენტრირებას ვერასოდეს ვახერ- ხებდი, რაც მგონი სრულიად ბუნებრივია.
იმ წლის 31 დეკემბერი განსაკუთრებით სასიამოვნოდ მახსენდება. მიუხედავად იმისა, რომ არც ზედმეტად აღვგზნებულიყავი თოვლის ბაბუს მოლოდინში და არც სასწაულების მოხდენის იმედი მქონდა, საღამოს მეგობრების ნახვა და ამ ზოგისთვის მცირე, ზოგისათვის კი გრანდიოზული დღესასწაულის მათთან ერთად გატარება ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებდა; იმაზე დიდს, ვიდრე ამ კულმინაციური მომენტისათვის სასიამოვნოდ გამაღიზიანებელი ცდაა.
სამი დღით ადრე სანდროს, ნუცასა და გუგასთან გავგზავნე ელექტრონული „მოსაწვევები“. ორ დადებით და ერთ უარყოფით პასუხს ველოდი, ალბათ, მარტივი მისახვედრია, ვისგანაც. დედაც მაფრთხილებდა, არ გინდა, სირცხვილია, რას იტყვის მისი ოჯახიო, მაგრამ,საბედნიეროდ, სამივე დადებითი პასუხი მომივიდა 27 დეკემბრის დილას.
და ახლა 1996 წელს გამოშვებული, ძველი ტელევიზორის წინ რადიატორის გვერდით მოკალათებული, წითელ სვიტერში გამოწყობილი მშვიდად ველოდი დარჩენილი 73 წუთის გასვლასა და ხანმოკლე ბედნიერების წუთებს, რომლებიც, ამ 73 წუთთან შედარებით, ათჯერ ჩქარა გაირბენდა და მკერდს შიგნით უკმარისობის განცდას დამიტოვებდა. იმ უკმარისობის, რომ საკმარისად ვერ შევიგრძენი ერთად ყოფნის ჯადოსნური, მიმზიდველი წუთები, რომელნიც სულში გადამდნარ ოქროდ ჩაიღვრებოდა და ამ ენით აღუწერელი შეგრძნებით ვერასოდეს ვიჯერებდი გულს.
ეს წინასწარ გამეაზრებინა და ვცდილობდი, გულცივად შევხვედროდი ფაქტს.
კომედია „მარტო სახლში“ ყოველწლიურ, თუმცა უკვე იდიოტურ ტრადიციად მიმაჩნდა და 31 დეკემბრის საღამოს მისი ცქერისაგან თავის არიდებას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ვცდილობდი, მაგრამ არასოდეს გამომდიოდა ერთი მარტივი მიზეზის გამო: ლოდინის, ერთ ადგილზე ცმუკვისა და უსაქმურობისაგან დაღლილს სხვა არჩევანი უბრალოდ არასოდეს მქონდა.
ფანჯრის მინები ათასფრად ირეკლავდნენ ქუჩის მოციმციმე დეკორაციებს და საახალწლო, ბედნიერი აურით სავსე ქალაქს კიდევ უფრო მყუდრო იერს სძენდნენ.
თბილისი მყუდრო ქალაქია.
რვა საათსა და ორმოცდათორმეტ წუთზე კარზე ზარი გაისმა.
ჭუჭრუტანაში „რეიჩელ ბროსნაჰენის“ ქერა თმა გამოჩნდა, ბეწვის ქუდითურთ.
-გამარჯობა, მერი! თორმეტისთვის მოგაკითხავ, დე! იქამდე ვმუშაობ. აბა, მე ვინ დამასვენებს!
-დამდეგს გილოცავთ!
-მეც გილოცავ, ძვირფასო! აბა, დროებით!- თვალი ჩამიკრა და ბეწვის შავი ქურქით შემოსილი კიბეებზე ჩაკაკუნდა.
-გამიხარდა, რომ მოხვედი!
-მერი, მოვიდნენ სტუმრები?-დედამ გამომძახა სამზა- რეულოდან.
-ჰო!.. უფროსწორად, ჯერ ყველა არა, გაბრიელია.
სამზარეულოდან თეთრ სვიტერსა და ჯინსის შარვალში შემოსილი, ინტერესით თვალებანთებული დედა გამოვიდა. თავი გააქნია, რითაც მანიშნებდა:„აჰა, ესეიგი, ეს ის არისო.“
-უი, მართლა, გაიცანი, ეს დედაჩემია, თამთა!
-ჯერ, მართალია, პირადად არ გიცნობ, მაგრამ ბევრი მსმენია მერისგან შენზე. სასიამოვნოა ძალიან!
ოჰ, რამხელა ტყუილი თქვა!
-არ მგონია, მერი ჩემზე ბევრს გესაუბრებოდეთ, მაგრამ ჩემთვისაც სასიამოვნოა!
დედა ვერაფერს მიხვდა.
მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ჯერ ერთ თვალთან მივიტანე, მერე მეორესთან; ახლა მარცხენა და მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითები გადავაჯვარედინე და ჰაერში, დედას თვალების გასწვრივ ავწიე.
დედამაც საპასუხოდ თავში ხელი წაიშინა.
თითი ტუჩებზე მივიდე, „ჩუმად იყავი-მეთქი“ ვანიშნე და გაბრიელს მისაღები ოთახისაკენ გავუძეხი.
დივანზე დავსხედით.
-ნუცა მოდის?-შემეკითხა.
-კი. არ მეგონა, თუ დამთანხმდებოდა.
-გაერთობა ცოტა.
-ჰო.
-მომიახლოვდი.
-უკაცრავად?
ფრაზა საკმაოდ უცნაურად ჟღერდა და ვინატრე, დედას ყური არ მოეკრა.
-მინდა, დაგინახო.
-რა?
-მომიახლოვდი, არ გიკბენ.
შვიდი სანტიმეტრით მივჩოჩდი.
-გეშინია?
-არა, უბრალოდ ვერ ვხვდები, რას აკეთებ...
-მოდი.
მივუახლოვდი.
დავიძაბე.
-ხელი მომკიდე.
უსიტყვოდ დავემორჩილე. მისი მკაცრი ტონი საშუალებას არ მაძლევდა, სხვაგვარად მოვქცეულიყავი.
-ახლა ჩემი ხელი შენს თავზე, თმაზე მოათავსე.
-რას აკეთებ?!
-დაინახავ.
კვლავ შევასრულე მოთხოვნა.
თმაში გაყინული ხელი ჩამიცურა. მოულოდნელი შეგრ- ძნებისაგან შევკრთი.
ცივმა ოფლმა დამასხა და შუბლზე პაწია წვეთებად გამოჟონა.
თმიდან სახის მიმართულებით თითები ნელა დამისვა და პირველად თვალის ფოსოებს შეეხო ბალიშებით, მერე ცხვირს ჩამოატარა და ყვრიმალებს ჩამოჰყვა. ღაწვებზე თითები ფრთხილი მოძრაობით ჩამოაცურა და ტუჩებს მიუახლოვდა. ტუჩებს ნაზი მოძრაობით შეეხო და ნიკაპთან შეჩერდა.
-ნუ კანკალებ.
არაფერი მიპასუხია.
სახეზე ღიმილმა გადაურბინა.
-მერი, მერი!.. რომელი საათია?
-ათის შვიდი წუთია.
-მოსვლას არ აპირებენ?
-არ ვიცი, ალბათ, აგვიანდებათ...
და მთელი საღამოს მასთან ერთად დროის მარტო გატარების შიშით შეპყრობილი ტელეფონს ვეცი. ნუცასთან დარეკვა მომერიდა. ალფაბეტის მიხედვით, კონტაქტების სიაში პირ- ველად გუგა შემომხვდა.
-ალიო!
-ჰო, მერი!
-სად ხართ ამდენ ხანს?!
-დანარჩენები არ ვიცი, მე სადარბაზოში ვარ და ლიფტს ველოდები.
-ხუთთეთრიანი გაქვს?
-კი.
-გელოდები.
ოდნავ დავმშვიდდი, მაგრამ ახლა ნუცას, როგორც ჩემი სქესის წარმომადგენლის, დანახვა ყველაზე მეტად გამიხარებდა გულს.
ცხრა საათსა და თერთმეტ წუთზე ზარის ხმა გაისმა.
-მე გავაღებ!- დაიძახა დედამ და გასაღები გადაატრიალა.
კარის მიერ შეკავებული სიცილ-ხარხარის ხმა ახლა მკაფიოდ გაისმა და მთელი ოთახი გამოავსო. მერე კვლავ შემოსასვლელ კარს დაუბრუნდა და სადარბაზოში გაიჭრა. ნუცა მხოლოდ ოდნავ იღიმოდა.
-შემოდით, ბავშვებო!- სიხარულით მიეგება დედა ნაცნობ სახეებს.
-დამდეგს გილოცავთ!- სანდრომ სახლში რამდენიმე კანფეტი ზარ-ზეიმით შემოყარა.
ნუცას რჩევა გაეთვალისწინებინა და, თხელი ქურთუკის მაგივრად, სქელი ნაცრისფერი პალტო მოესხა.
თან ფრანგული სუნამოს სურნელი შემოიტანა.
ყველა დივანზე მოთავსდა.
გაბრიელის დანახვისას სანდროს კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა ბაგეზე, გუგასა და ნუცას კი გაოცებისაგან ხველება აუტყდათ.
-არაა საჭირო გაკვირვებული სახეების დამალვა, ისედაც ვხვდები,- პასუხად მოესმათ.
ნუცას ძველებური, მიამიტური და სიხარულით აღსავსე სახე სადღაც გამქრალიყო, წარსულს ჩაჰბარებოდა. ახლა მხოლოდ ნაზი ღიმილი გადაჰფენოდა სახეზე და ღაწვები ვარდისფრად შეჰფაკვლოდა.
ყველა ამჩნევდა, თუმცა თქმა არავის გაუბედავს.
დუმილი ჩამოვარდა.
-მერი, რა ლამაზი ნაძვის ხე გაქვს! შეიძლება ვნახო?
-კი, სანდრო.
აციმციმებულ საშუალო ზომის ნაძვის ხეს მიუახლოვდა და მარჯვენა ხელში ამ ხნის განმავლობაში ჩაბღუჯული მწვანე ირმებით გაფორმებული ფუთა მის ძირში „შეუმჩნევლად“ მოათავსა.
-მეც ვნახავ, რა!- აჰყვა ნუცა და მანაც მსგავსი მოქმედება გაიმეორა, თუმცა უფრო ფრთხილად.
-საჩუქრების დროა!- ომახიანი ხმით გამოაცხადა ჩემი რეაქციით დაინტერესებულმა, თეთრიპერანგითა და ლურჯიშარვლითშემოსილმა გუგამ და გვერდზე მჯდომს წითელი საახალწლო შეფუთვა მომაწოდა.
საშუალო ზომის პაკეტი ხელში ავატრიალე.
-„ნაჩქარევად შეფუთული, მაგრამ აკურატულად, ქალის მიერ,ალბათ, დედას. ჰო, გვერდზე ფრჩხილის ლაქის კვალიც ეტყობა.“
თითებში სირბილე მომხვდა.
-„რბილია. ალბათ, საახალწლოდ გაფორმებული სვიტერია ან რამე მსგავსი. გუგას შერჩეული არ იქნება, ბიჭებს სხვაგვარი გემოვნება აქვთ.“
შეფუთვა ფრთხილი მოძრაობით გავხსენი და ქაღალდიდან წითელი, შესაფუთი ქაღალდის მსგავსი, ცოტა სულელური ორნამენტების მქონე სვიტერი ამოვაცოცე.
-უი! რა ლამაზია! მადლობა გუგა!
-ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა.- კმაყოფილმა გუგამ იმით, რომ არ ჩაიჭრა დედის მიერ შერჩეული საჩუქრით, შვებით ამოისუნთქა.
წითელი, თეთრირმებიანი სვიტერი დიდად არ მეხატა გულზე, თუმცა არც იმდენად შემძულებია, რომ ზედმეტად გამომეხატა ჩემი განწყობა მის მიმართ. გაბრიელმა ბარძაყზე მიჩქმიტა. გუგაც მიხვდა, რომ არც ისეთი აჟიტირებული ვიყავი, როგორც თავად მოელოდა და ყურები ჩამოყარა.
-მერი! თოვლის ბაბუმ მგონი საჩუქარი დაგიტოვა ნაძვის ხის ქვეშ.- სულელური ღიმილით მომმართა დივნის ბოლოს მჯდარმა სანდრომ.
-თოვლის ბაბუმ თუ სანდრომ?
-რაც გინდა, ის დაარქვი და გახსენი.
მწვანე შეფუთვა ახლა ნაზად აღარ გამიხსნია, უხეშად გავგლიჯე.
-საღებავების მთელი სეტი! მადლობა თოვლის ბაბუს!
სანდროს ჩავეხუტე.
აშკარა იყო, მეორე საჩუქარმა პირველზე ბევრად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და გუგა კიდევ უფრო დაასევდიანა. მართლაც, ჩემი ყოველდღიური „შემოქმედებისათვის“ მეორე მათგანი ბევრად გამოსადეგი და ჩემთვისაც ბევრად გასახარი იყო.
თუმცა არავის შეეძლო ჩემს გულში ღრმად ქექვა და სურვილების ამოკითხვა. არც ველოდი, რომ ასე იქნებოდა, თუმცა ყოველი შეფუთვის გახსნის წინ რაღაც ფრჩხილისოდენა იმედი იღვიძებდა ჩემში, რომ რომელიმე მეგობარს შეეძლო ერთი, არა სანუკვარი, თუმცა ნამდვილი სურვილის შესრულება. ბედნიერება ხომ მართლაც წვრილმანებშია.
ახალი წლის საღამო სევდის სურნელით განიმსჭვალა.
თოვლის ბებო ნუცისაგან გი დე მოპასანის „ლამაზი მეგობარი“ მერგო.
ასე თუ ისე, დაკმაყოფილებული დივანზე ჩამოვჯექი და ღიმილით გადავავლე თვალი სახლს.
-არ გეგონოთ, მე არ გამხსენებიხართ. დღეს საღამოს თითოე-ულს მიუვიდოდა სახლში საჩუქარი. რომ დაბრუნდებით ნახეთ და დამირეკეთ,-მივმართე ბავშვებს.
ზარმა სრულიად უცერემონიოდ დარეკა.
-მე გავაღებ!- გამომძახა სამზარეულოში მჯდარმა დედამ და ჩქარი ნაბიჯით გაეშურა კარისაკენ.
-მერი, კიდევ ელოდები სტუმარს?
-არ მეგონა, კიდევ ერთი მოულოდნელობის მომსწრე თუ გავხდებოდი...-ჩემ გასაგონად ჩაიბუტბუტა გაფითრებულმა გუგამ.
ისინი მხოლოდ ჩემ გასაგონად არ იყო ნათქვამი.
-მერი! მგონი თოვლის ბაბუმ დაგიკაკუნა.
-ჩემზე უკეთ არ იცი, რომ არ არსებობს და ბავშვებისთვის გამოგონილი, სულელური რამაა?
-იქნებ არაა?
-მერი! შენთვისაა!- გაისმა სადარბაზო კარიდან.
-რა არის?
-არ ვიცი, რაღაც უშველებელი ყუთია.
შეფუთვის სიმძიმით გაწამებულმა დედამ დიდ, ხავერდის სავარძლებს შორის ძლივს გამოატარა ჩემხელა ყუთი.
მარცხენა ყურში კვლავ სასიამოვნოდ ჩამესმა ბოხი ხმა:
-ეს ჩემგან.
ყველამ ერთდროულად დავაფჩინეთ პირი.
-რა კეთილი ხარ! ჯერ დღეს გაგიცანი და უკვე...
ლურჯ ღრმა ზღვაში სიცოცხლის ნაპერწკალი გაკრთა.
ჩემში იმედის ნაწილი ოდნავ გაიზარდა მოცულობით.
ალბათობა იმისა, რომ შესაფუთი ქაღალდის მოხსნის შემდგომ ის შემრჩებოდა, რაც მსურდა, უფრო ნაკლები იყო, ვიდრე წინა სამ შემთხვევაში, თუმცა საჩუქრის ზომა, იმედის ზომის პირდაპირპროპორციული ყოფილა.
ქაღალდი მოვხსენი.
-კიდევ ერთი ფენაა.
წებოვანი ლენტი ფრთხილად მოვაშორე, თუმცა შესაფუთი ქაღალდის პატარა, დაახლოებით გერმანიის ფორმის ნაწილი მაინც მიჰყვა თან. ქვემოდან მუქი ფერის ყუთმა ამომხედა.
-ვეღარ ვითმენ!
და მთლიანად გადავფხრიწე შეფუთვა.
შავმა ყუთმა თვალები გამისწორა. ნელა გავხსენი, თითქოს მეშინოდა იმედების წყალში ჩაყრისა და გაცრუების. ცალი თვალით ჩავიჭყიტე, თუმცა, სიბნელის გარდა, ვერაფერი შევნიშნე. რომ გადავხსენი, მეორე, ამჯერად ლურჯი ფერის ყუთმა შემომხედა.
კვლავ იგივე განმეორდა. უკვე ბრაზი მომერია.
-რა არის ეს?- გულმოსულმა ვიკითხე.
-გახსენი და ნახავ,-პასუხად ესღა მივიღე და მეც რა გზა მქონდა, მუყაოს ნაფლეთების აქეთ-იქით ფანტვა განვაგრძე.
ჩემხელა ყუთი თვალსა და ხელს შუა საწუწნი კანფეტივით დაპატარავდა და ხელისგულისხელა ყუთად გადაიქცა. ოთახი მუყაოს ნაგლეჯებითა და შესაფუთი ქაღალდის ნაფლეთებით მიმოიფანტა, რომლებიც სასწაულად ჰგავდნენ ევროპის, აზიის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკისა და სამხრეთ აფრიკის ქვეყნებს. ჩრდილოეთ აფრიკაში ვერცერთი ქვეყნის ფორმას ვერ გაიმეორებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ საჰარას უდაბნოში მდებარე ქვეყანათა ვერტიკალური, სწორი ხაზით აღნიშნულ საზღვართა ფორმა არცერთ ნაგლეჯს არ გააჩნდა. ეს კი ძირითადად იმ მიზეზით იყო გამოწვეული, რომ მოუთმენლად ვფხრეწდი მათ და ბრაზმორეულს, იმედგაცრუებულს და გამასხარავებულს მათ ფორმაზე დაკვირვების ხალისი არ მქონდა.
თითქმის დარწმუნებული ვიყავი, ხელისგულისოდენა ყუთი ცარიელი დამიხვდებოდა და საბოლოოდ წამიხდებოდა ნირი.
უგერგილოდ გავხსენი და სასაყვედუროდ მოვემზადე, რომ ყუთიდან მჭიდროდ დაკეცილმა, ლურჯი ფერის ქსოვილმა ამოჰყო თავი.
„საზოგადოება“ გაირინდა საიდუმლოს ამოხსნის მოლო- დინში.
პაწია კოლოფიდან ქსოვილი ამოვაძვრინე.
„ოჰ, ნეტავ ის იყოს, ნეტავ ის იყოს...“- გავიფიქრე და იმის შიშით, რომ სურვილი არ ამიხდებოდა, თვალები დავხუჭე.
ქსოვილი გავშალე.
თვალების გახელა ისე არ გამიჭირდებოდა, ქუთუთოებზე ლოდები რომ მწყობოდა, ვიდრე იმ წამს, როდესაც ხელში გაშლილი ბამბის ქსოვილი მეჭირა და რწმენა იმისა, რომ „ის ის იყო“, ერთდროულად მიქრებოდა და მიასმაგდებოდა.
შევემზადე, რომ ტყუილად ვიყავი აგზნებუღლი და ეს ყველაფერი ერთი დიდი იმედგაცრუების წინაპირობა იყო.
ზეწოლისაგან დაბუჟებული ქუთუთოები მივუშვი. სინათლე სწრაფად და თბილად შემოიჭრა. თითქოს მაცნობა, რომ წინ დიდი სიხარული, დიდი სიამოვნება მელოდა და იგი უკვე ხელთ მეპყრა.
უშიშრად ვტყორცნე მზერა ჩაბღუჯულ ნივთს.
-ჯანდაბა!..-ბოლო ხმით ვიკივლე.
ლურჯი მაისური გავშალე წარწერით „London“. ბიგ ბენის, თაუერ ბრიჯის და „ლონდონის თვალის“ გამოსახულებები თვალებში შემომციცინებდნენ და ისეთ ემოციებს ბადებდნენ ჩემს სხეულში, რომელთა მხოლოდ შეგრძნებაც გვამახსოვრდება ხოლმე და დროთა განმავლობაში მოცემული მომენტის გახსენებისას კვლავ აენთება ხოლმე სხეულში წამიერად.
-რა გაგიხარდა ასე, მერი?- კართან მისულს გაოცებით მკითხა სამზარეულოში მჯდარმა დედამ.
-ნახე რა!- მაისური გავშალე.- ხომ მაგარია?
-და თუ ასე გინდოდა, ვერ მეტყოდი? გიყიდიდი.
-ვერ ხვდები?
-რას უნდა მივხვდე!
-არც არაფერს.-სააბაზანოს კარი უსიხარულოდ გავაღე და მაისური გადავიცვი.
ადამიანს ბედნიერების რამდენიმე წამის დანგრევა სულ რამდენიმე სიტყვითაც შეუძლია. თუმცა ამას რატომ ვაკეთებთ არ ვიცი.
ნუთუ ასეთი სასიამოვნოა ვისამე გულის ტკენა და ასეთი რთულია სამი წუთით თავის შეკავება?
არ ვიცი.
უბრალოდ ჩამმწარდა, მეტი არაფერი.
ალბათ, მეც ასე ვამწარებდი ხოლმე სხვების სიამოვნებას.
ტირილი სულ არ მომნდომებია, უბრალოდ აღარც არანაირი სიხარული არსებობდა და მთელი წლის ლოდინის შემდეგ გულში გაღვივებული პატარა იმედის ნაპერწკალი ჩაქრა, ნახშირსავით ჩაიწვა, ჩაიფუფქა და ოდნავ გულის კედლებსაც მოსდო ალი, თუმცა უმნიშვნელო, უხილავი.
მეგონა, მხოლოდ ბედნიერება იყო წვრილმანებში, თუმცა გავიგე, რომ უბედურებაც წვრილმანებში ყოფილა.
-მერი, რას აკეთებ ამდენ ხანს?
-მოვდივარ, ნუცა!
მოკლესახელოებიანი თხელი მაისური შალის სვიტერის შემდეგ საკმაოდ არასასიამოვნო აღმოჩნდა და მკლავები სიცივისაგან ერთიანად ამეწვა.
-გავიყინე... მოგწონთ?- მშრალად ვიკითხე.
-კი, ძალიან ლამაზია!
-დარწმუნებული ვარ, ლამაზი იქნება.
-მართლა, დიდი მადლობა!- ჩავეხუტე.
თავიდან მოშორება არ უცდია.
გულმკერდის არეში სითბო ვიგრძენი, თანაც უზომოდ დიდი.
-საჩუქარი თქვენთვისაც მაქვს.
-უი, მართლა?
-მერი, ყუთის ქვეშ მგონი კიდევ უნდა იდოს რაღაც.
-რა არის?
-შენთვის, ნუცასთვის, გუგასა და სანდროსთვისაა.
-და რა არის?
შეფუთვიდან ოთხი პატარა ყუთი ამოვაძვრინე.
-შვეიცარიული საათებია. გუგასა და სანდროსთვის ლურჯი ფერისაა, ნუცასთვის - წითელი, მერისთვის კი სპეციალურად შევუკვეთეთ, შერლოკ ჰოლმსის გამოსახულებითაა ციფერ- ბლატი.
კინაღამ ვიკივლე.
-ღმერთო ჩემო!-ჩავილაპარაკე.
-მადლობა!-წინა, ნაკლებად საამაყო საქციელით დარცხ- ვენილმა გუგამ თავი ჩახარა.
-არაუშავს.
-მაპატიებ?
-არც მწყენია.
-მადლობა.
-აი ძალიან დიდი მადლობა! მართლა!- სანდროს თვალები აუწყლიანდა.
ისეთი შეგრძნება დამრჩა, თითქოს მისგან მეტს მოელოდნენ და დაუკმაყოფილებლები დარჩნენ.
„წვეულების“ ბოლოს ტკბილი სუფრა გაიშალა. ბროლის ბოკ- ლებში შამპანური აშუშხუნდა და საახალწლო განწყობამაც იმატა. დედაც შემოგვიერთდა. სულაც აღარ ახსოვდა. მერე რა, არაუშავს-მეთქი, გავიფიქრე და სრულიად დავივიწყე მომ- ხდარი.
შამპანიური მოგვეკიდა, ლოყები აგვიღაჟღაჟდა, ეშხში შევე- დით. ავმღერდით, ავცეკვდით, გავმხიარულდით. მთვრალებს ყოველივე სადარდებელი გადავავიწყდა და ამქვეყნიურებად ვეღარ ვგრძნობდით თავს. ნუცას სასმელმა გუნება გამოუკეთა და სიცილში აგვყვა. თორმეტის ნახევრისათვის გუგა წამოდგა და ყველას სახელით მომმართა:
-კარგი აბა, მერი, თამთა დეიდა, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისა და მასპინძლობისათვის, მაგრამ მეტს ვეღარ ვუძ-ლებთ და უნდა დაგტოვოთ.- რევერანსი გააკეთა, პალტო აიღო და დასძინა: - საჩუქარზე პირად მოსაზრებასა და მადლობას წერილობით გამოგიგზავნით.
მერე მშობლებს დაურეკეს და რუზრუზით გალაგდნენ სადარბაზოში ერთმანეთზე ჩამოყრდნობილნი.
თორმეტს ოცდასამი წუთი აკლდა. თბილისის ქუჩებიდან უკვე ისმოდა ფეიერვერკების მძლავრი ხმა და ღრუბლიანი ცაც ათასფრად იყო განათებული. გაბრიელის დედა ჯერ არსად ჩანდა.
დავრჩით მხოლოდ მე და ის.
-ჩურჩხელა გინდა?-შევთავაზე.
-არა, მადლობა.
ჩაფიქრდა.
მესმოდა. მის ყოველი აზრი და ფიქრი ხელისგულზე მქონდა გადაშლილი და გამალებით ვფურცლავდი. მაინტერესებდა ყოველი ფრაზა, ყოველი სტრიქონი.
სახე მოექუფრა, თვალებზე ხელები მიიფარა და ქუთუთოები ფრჩხილებით ამოიკაწრა.
-მერი!..
-არ მითხრა.
-ხომ გააკეთებ ამას?
-არ მომიწევს.
-ხომ მოხვალ ჩემს დასაფლავებაზე.
-ჩუ! ძალიან, ძალიან ადრეა ჯერ!
-შემპირდი.
-არა.
თუმცა ვხვდებოდი, არც ისე ადრე იყო, როგორც შორიდან ჩანდა. უფრო გონება მკარნახობდა, ვიდრე გული. შინაგნად ამის შეგრძნება მადუმებდა.
-კარგი, მაშინ, თუკი შენზე ადრე მოვკვდები, ხომ მოხვალ ჩემს საფლავზე და გაიცინებ?
-კი, მაგრამ...
-ჩუ!- პირზე ხელი მომაფარა.- აი ასე! ახალ წელს გილოცავ, მერი!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent