შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

05:30 (სრულად)


9-08-2024, 18:36
ავტორი Margo Tokyo
ნანახია 6 992

ცა ნომერი 17

„სიზმრებს და ქაღალდის ნავებს,
ისევ ქარი აქანავებს“


„ღამის მატარებელში სიგარეტის კვამლია,
ღამის მატარებელში ღამე შეუვალია“


„გიყიდი ისეთ კაბას, რომ შრიალებდეს ქარში“

„ორი ფინჯანი მთვარე და ვარსკვლავების ჯემი“

- გაჩუმდით-მეთქი!

საქსოვი ჩხირებით ქსოვდნენ აბრეშუმის ღრუბლებს მზის სხივები და ღიღინებდნენ მანამ, სანამ მზის საყვედურნარევ თვალებს არ წააწყდნენ.
ჯერ ერთმანეთს გადახედეს, მხრები აიჩეჩეს, შემდეგ ისევ მას - ალისფრად რომ უნათოდა მზერა და ბოლოს ისევ ერთმანეთისკენ გააპარეს თვალები.
ასეთი არასდროს მინახავსო, მხარი გაჰკრა ერთმა მეორეს და განაგრძო ქსოვა დაბალ ხმაზე ღიღინით.

- ორმაგი ნალექი, - საქმიანად დაჰკრა ხელი ფაფუკ მაგიდას მთვარემ.
- აღარ გვაქვს, - ღრუბელი გადაატარა წვეთებად ქცეულ მაგიდას მომცრო ზომის ვარსკვლავმა და ინტერესით ჩაეკითხა, - ცხელი ლავა?
- მოგაკლდათ ჭექა-ქუხილის ხელი, - გააქნია თავი იმედგაცრუბულმა და ხელები ჯვარედინად დაიწყო ზურგზე, - არ მინდა, ბატონო, ცხელი ლავა! ცივი არაფერი გაქვთ?
- წვიმის წვენი, ბატონო, ნატურალური! - ღიმილიანი გამომეტყველება არ შორდებოდა მომსახურების სფეროში მომუშავე ვარსკვლავს.
- გრადუსი დაუმატე და დაასხი, - გვერდულად დაეყრდნო მაგიდას და შეთქმულივით უჩურჩულა უხერხულად აწურულს, გულის ჯიბეში ჩაჩურთულ ხელსახოცს რომ აწვალებდა.
- კი, მაგრამ... მომკლავს!
- გითხარი, წამოდი ჩემთან, დაგასაქმებ-მეთქი. იცი მაინც, რამდენი მყავს დასაქმებული? ყველა კმაყოფილია!
- ინტროვერტი ვარსკვლავი ვარ, ბატონო. არ მიყვარს, როცა მიყურებენ.
- ეეე-ჰ, შენ მე მკითხე, ყველა ფოტოს მიღებს, - ამოიოხრა მთვარემ და ნელი ნაბიჯებით გაუყვა ღრუბლიან გზას აბობოქრებული მზისკენ.
ნება-ნება სვამდა საწრუპიდან გრადუსიან წვიმის წვენს.

- ამას აქ რა უნდა?! - დასჭექა დოინჯშემოყრილმა მზემ.
დაზაფრულმა ამოხედეს სხივებმა ერთიანად გაჭარხალებულს და უხმაუროდ განაგრძეს ქსოვა, აქაოდა ჩვენ არაფერი დაგვინახავსო.
- მომესალმე მაინც, ჩემო ძვირფასო! - ახალგაზრდულად იღიმოდა მთვარე.
- როგორ გაბედე აქ მოსვლა, სულ დაკარგე ნამუსი?!
- ოსემ მომახსენა, უფროს შვილზე დარდობსო, - საქმიანად მოიხსნა მზის სათვალე მთვარემ, - რა სჭირს ჩემს შვილს?
- ოსე! - წყრომით გადახედა შუათანა შვილს მზემ.
- რა? - უდანაშაულო მზერა შეანათა დედას.
- რამდენჯერ გაგაფრთხილე, სახლში არ მომიყვანო-მეთქი?! - ჯერ შუათანა შვილს დააცხრა, შემდეგ მოღიმარ მთვარეს, - რამდენჯერ გაგაფრთხილე, ნუ ამოდიხარ მაშინ, როცა შენი ამოსვლის დრო არ არის!
- ყველა როგორ მერჩის, - ყალბი დამწუხრებით ამოიოხრა მთვარემ.
- არავის უყვარხარ! - ჯიბრიანი გაუხდა ტონი მზეს.
- მე არავის ვწვავ!
- მე არ ვაფარებ ხელს ქურდებს და ავაზაკებს!
- მე არ ვიწვევ გლობალურ დათბობებს!
- მე... მე... მე არავის ვახსენდები მაშინ, როცა ცუდ ხასიათზე არიან! - აგიზგიზებულ ცეცხლს ემსგავსებოდა მზე.
- ახლა ეგოზე დამარტყი?! - თვალები დაუწვრილდა მთვარეს. - გაიგონეთ, ბავშვებო?
- ჩადი, სანამ შეგამჩნიეს!
- ღრუბელს ამოვეფარები და ისე მითხარი, რა სჭირს, - საქმიანად ჩაესვენა მოვარსკვლავებულ დივანზე და ღრუბლების კედელი აღრმართა მასსა და მზეს შორის.
- აქედან წასვლა უნდა. დანებებას აპირებს, არაფერი გამომივაო, გესმის? - უჩურჩულა თვალცრემლიანმა.
- მყარად დგას?
- სხვა აზრის მოსმენაც არ უნდა, სულ დაკარგა რწმენა, - ტანში გასცრა მზეს.
- ნეო, რამდენჯერ გაგაფრთხილე, გადაუსვი ვარსკვლავების ჯემი-მეთქი! - მცირეხნიანი დუმილის შემდეგ წყრომით გადახედა უმცროს შვილს მთვარემ.
- რა ტყუილად მქონდა იმედი, რომ რამე ნორმალურს იტყოდი!
- ვიცოდი, რომ შენ ათქმევინე ოსეს, - ღრუბლები სულ ოდნავ გადაყარა და მიუახლოვდა მზეს.
- შენ რა, დალიე? - უხერხულად აიწურა მზე.
- ეგ შენ აღარ გეხება, ძვირფასო!
- არც არასდროს შემეხება, საბედნიეროდ!
- მაგრამ მაინც მე გახსენდები, როცა პრობლემას ვერ წყვეტ, - ჩაეღიმა მთვარეს, - აი, ეს განსხვავებაა ჩვენ შორის. შენ მაშინ ახსენდები ხალხს, როცა რამე უხარიათ. მე მაშინ, როცა დახმარება სჭირდებათ.
- მაღიზიანებ!
- ოთხი მილიარდი წლის წინაც გაღიზიანებდი, მაგრამ სამი შვილი გვყავს! - გაუცინა ლაღად. - კარგი, ნუ ბრაზობ. უკვე მოვიფიქრე. დარიანების გოგო უნდა გავაცნოთ.
- როგორ? - დაიბნა მზე.
- ეგ მე ვიცი.
- გადააფიქრებინებს?
- ეგენი ავდარსაც უკან აბრუნებენ, რას ამბობ!
- კარგი გოგოა? - ფიქრიანი გაუხდა მზერა მზეს.
- კარგი გოგოაო შენზეც მითხრეს, მაგრამ ხარ?
- არ ვარ ხუმრობის ხასიათზე, იცი?
- მე რომ ვარ, არ არის საკმარისი?
- შენი აუტანლობა წლებთან ერთად იზრდება!
- შენი ხასიათი კიდე ფუჭდება, - ნიშნისმოგებით ჩაუკრა თვალი მთვარემ იმ ერთადერთს, ვისაც დაუთმობდა თავის ადგილს ცაზე.
- რატომ გგონია, რომ გადააფიქრებინებს? - ჩაერთო კამათში ნეო.
- მე ვთქვი, მგონია-მეთქი? - მხრები აიჩეჩა მთვარემ.
- აბა, რა თქვი! - მწყობრიდან გამოვიდა მზე, - ვიცოდი, რომ ამის იმედი არ უნდა გვქონოდა!
- მე გეუბნები, სიყვარული გადააფიქრებინებს-მეთქი, თავისთავად.
- რატომ ხარ დარწმუნებული, რომ შეუყვარდება? - ფეხზე წამოდგა ოსეც.
- შენი წონა ჭაღარა მაქვს თავზე, შვილო!
- არ გაქვს, მამა, ჭაღარა!
- მეტაფორა, ჰიპერბოლა, ალეგორია... ჩაიჭრები, ეგრე, ოსე, გალაქტიკაში! - თავი გააქნია მთვარემ, - უკვე უყვარს, მაგრამ ჯერ არ იცნობს, - დაამატა დარწმუნებით.
- რომ შეუყვარდეს, რატომ გგონია, რომ გადაიფიქრებს? - ვერ ისვენებდა ნეო.
- სადაც სიყვარულია, იქ სიბნელის ადგილი აღარ რჩება, ნეო, - თავზე გადაუსვა ხელი ყველაზე უმცორსს, - დედაშენამდე არ ვიცოდი რა იყო სინათლე. პირველად ვნახე, როცა შემიყვარდა. როცა გიყვარს, შენი სინათლეც უფრო იმედიანია. შენი სიბნელეც ნათელია.
- ერთად რომ აღარ ხართ, მაინც? - ჩაეკითხა ოსე.
- ხომ მოვდივარ ხოლმე?
- საკმარისია?
უპასუხოდ დატოვა კითხვა მთვარემ.

- რთულია ღამე, ოსე. რთულია ათასი იმედდაკარგულის ყურება, შვილო.

განსაკუთრებით მცხუნვარე იყო მზის ცრემლები იმ დღეს, როცა ღრუბლებს ამოფარებული უსმენდა მთვარეს.

„ისევ 17 ნომერ სახლში
მოგაკითხავ როცა მომინდება კოცნა.
შენ კი შემომხედავ უჩვეულოდ მორცხვად
და შემომხვევ ხელებს, როგორც ცისარტყელებს...“


დაბალ ხმაზე ღიღინებდა ქსოვაში გართული სხივი და გულისყურით უსმენდა ასტროლოგიური პროგნოზის წამყვანის სიტყვებს; „არ არის გამორიცხული, აგვისტოს ერთ წვიმიან დილას იპოვო ის, ვისაც უყავრხარ, მაგრამ ჯერ არ გიცნობს. ათი აგვისტოს ღამეს მიირთვით ვარსკვლავების ჯემი და თან იქონიეთ ორი ფინჯანი მთვარე.“


*

„ვიყურები ვაგონის დაბურული ფანჯრიდან, დაბრუნების მიზეზებს ალბათ ვეღარ მოვძებნი“

*

თბილისი - ბათუმის მატარებელში ჩასხდომა დასრულდა.
ტემპერატურა - 4 გრადუსი (დიდი გამყინვარების დასაწყისი, მამონტების გადაშენების პერიოდი)
სიჩქარე - 29 კმ/სთ (კუს განვითარებული სიჩქარე, როცა გველი მისდევს)
ბავშვების რაოდენობა - 5
მტირალა ბავშვების რაოდენობა - 2 (ვერც დატოვებ ვერსად, მატარებელი რამდენიმე წუთით ჩერდება, თან მშობელიც გიყურებს)
ყურსასმენების მდგომარეობა - გაფუჭებული (ვღიღინებ გონებაში)
წიგნი - გზაში და პლაჟზე კითხვა არ შემიძლია.
ინტერნეტი - არ იჭერს (ვიწყებ უცნაური ფიგურების ხატვას, წინადადებების აწყობას, სათაურების მოფიქრებას, პერსონაჟების შექმნას - არცერთი გამომდის)

მე რომ დავიბადე, იმ დღეს მაგრად წვიმდა. შუა ზამთარია, ვერც გაამტყუნებ, უნდა ეწვიმა კიდეც, მაგრამ ამინდს აზრი ჩემთვის რომ ეკითხა, თოვლზე არ ვიტყოდი უარს. ალბათ, მაინც, მადლობა მაქვს გადასახდელი, რომ იმ უსიერ დღეს ამინდი პასიურ-აგრესიულ ქმედებას ახორციელებდა და უძრავად არ იდგა, როგორც ზამთრის მოსაწყენ დღეებში სჩვევია, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ, მაგალითად, ჩემს დაბადების დღეებზე, როდესაც ამინდი კვლავ პასიურ-აგრესიულად გამოხატავს თავის ემოციებს, სტატისტიკურად უფრო მეტი ადამიანი ილანძღება, ვიდრე ზაფხულის რომელიმე გვალვიან დღეს. საერთოდაც, ზაფხული იდეალური დროა დასაბადებლად, მაგრამ დიდად არავინ ზრუნავს ამ საკითხზე. რატომ წინასწარ არ ფიქრობენ მშობლები შვილის სამუდამო დაბადების დღის თარიღზე? მე თუ მკითხავთ, არც რიცხვზე ფიქრით იმძიმებენ გონებას და იმეტებენ თავიანთ შვილებს პირველიდან რვა რიცხვამდე დასაბადებლად (შესაბამისად, თავიანთი ოქროს დაბადების დღე არც კი ახსოვთ). დამეთანხმებით, ალბათ, რომ ყველაზე რენტაბელურ დღეს პლასტმასის კუბიკებით თამაში ერთგვარი შეურაცხყოფაა მშობლებისა და სტუმრების მხირდან მაშინ, როცა შეგეძლო ბევრად მეტი გამოგემუშავებინა (კაპიტალიზმის ეპოქაში დაბადებული ბავშვის გონება სხვანაირად მუშაობს).

ზოგჯერ მგონია, რომ საინტერესოა ჩემი მოსმენა. განსაკუთრებით მაშინ, თუ სარკესთან ვდგავარ, ან აბაზანაში ვესაუბრები ბალზამ-შამპუნების პუბლიკას. ზოგჯერ ისეც არის, ერთი აზრიც არ ტრიალებს ჩემს გონებაში. განსაკუთრებით მაშინ, თუ ხალხთან ერთად ვარ (ხალხი - არსებითი სახელი; ერთზე მეტი ადამიანის ერთობლიობა, შესაბამისად, ორის). არა, გატყუებთ. ტრიალებს, მაგრამ დაჭერას ვერ ვასწრებ. ანკესით ვდგავარ. ველოდები, ველოდები, ველოდები, მერე თითქოს რაღაც ეჭიდება, მეც ვეჭიდები. აი, რაღაცას ვხედავ. მგონი ეგ არის, დავიჭირე, მაგრამ არა. ისევ გამექცა. თითქოს ვიღაცამ გადაარჩინა (ან უბრალოდ ჩემი გონება ძალიან ნელა მუშაობს, მაგალითად ახლა, როცა იმ გეგმას ვსახავ, რომელიც წესით დასახული უნდა მქონდეს. პ.ს ფუფა, იმედია ჩემს გონებას არ კითხულობ).

ზოგჯერ მინდა, უფრო საინტერესო ვიყო, მაგრამ საკუთარი თავის ინტერესიც მეკარგება ხშირად თუ არა, არც იშვიათად ანუ სადღაც შუაში. ზოგჯერ მგონია, რომ ძალიან საინტერესო ვარ, მაგრამ ამის დანახვა ყველას არ შეუძლია, ისევე, როგორც რეჰანის. რატომ რეჰანი და არა ოხრახუში? ქინძი? იმიტომ, რომ ზაფხულის სალათს ყველაზე მეტად რეჰანი უხდება, მაგრამ მისი ყიდვა ბევრს არ ახსენდება. კულინარიის გურუები ამტკიცებენ, რომ სალათა ძმრის, ზეთის, მწვანე მწვანილებისა და ლიმონის წვენის გარეშე სალათა არ არის, მაგრამ, მე თუ მკითხავთ, თქვენი ბრალი არ არის, ასე რომ ფიქრობთ. რეჰანის გემო რომ გაიგო, ჯერ მისი ფერის დანახვა უნდა შეგეძლოს. ფერს რომ ხედავდე, ზაფხულის სალათს “მწვანეს” არ დაუძახებდი და შესაბამისად, გეცოდინებოდა, რომ ზაფხულის სალათა არაფერია რეჰანის გარეშე, მაგრამ რეჰანიც ისეთივე აუტსაიდერია მწვანილებში, როგორც დღის ვარსკვლავი ღამის ვარსკვლავებში, ან მე ჩემს ცხოვრებაში.

ზოგჯერ მინდა, უფრო მყარი რწმენა მქონდეს, მაგრამ საკუთარი თავის მეკარგება ხოლმე. სულ ვიღაცას ვეძებ, რომ მას სწამდეს და მე არა, მაგრამ ბოლოს მაინც მე მიწევს მწამდეს, რომ გამომივა. ხშირად მაშინ მწამს, როცა უკვე გამოსულია და მაშინ ვერა, სანამ გამომივა, შესაბამისად, არ შემიძლია მწამდეს საკუთარი თავის. სტატისტიკურად, ასე უფრო გამოდის ხოლმე, მაგრამ არის შემთხვევები, როცა - არა. იმედგაცრუებაც არის, მიღწეულით კმაყოფილებაც. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მიყვარს, მაგრამ ბოლოს ისეც ხდება, რომ მარტო ეგ წუთი და ორმოცწამიანი კმაყოფილება მრჩება. გამოდის, ის ემოციები უფრო მიყვარს, გამოსვლამდე რომ მაქვს და არა ის, გამოსვლის შემდეგ რომ მოდის. გამოსული აღარ მიხარია იმდენად, როგორც მოლოდინი, რომ გამოვა-არ გამოვა და მაინც გამოვა.

ზოგჯერ თავს ვაჯერებ, რომ უინტერესობაშიც არის საინტერესო და ისევ უინტერესობა სჯობს ქაოსს. აი, ქაოსი და არეულობა არ მიყვარს. რომანტიკული პათოსით უთქვამთ, რომ ქაოსი მიმზიდველია, რომ ქაოსში იბადება ყოველგვარი მშვენიერება, მაგრამ არა, ქალბატონო, დიახ, თქვენ, ქერათმიანო, რომელიც ხმაურით მიირთმევთ მარილიან კრეკერს და ოდნავადაც არ გადარდებთ, რომ კრეკერის ნამცეცები ვაგონის იატაკზე იყრება. ხომ შეგეძლოთ, არ დაგეყარათ და საქმე შეგემსუბუქებინათ სხვისთვის? მაგალითად, მეეზოვეებისთვის, რომლებიც დილის შვიდზე და ღამის თორმეტზე თქვენს დაყრილს ასუფთავებენ. სიმართლე გითხრათ, ერთგვარ სასჯელს ჰგავს ფანჯრიდან შემოსული ცოცხის მონოტონური შრიალის ხმა, მაგრამ ვიღაც იმიტომ აშრიალებს ამ ცოცხს და ვიღაც იმიტომ იტანჯება შრიალის ხმების მოსმენით, რომ ქუჩა სუფთა დახვდეს მას, ვინც კრეკერის ნამცეცებს ვაგონის იატაკზე ყრის.

სიტყვა ქაოსი ამოიღეთ-მეთქი ლექსიკონიდან, მინდოდა მეთქვა იმ მგზავრებისთვის, ახლა ჩემთან ერთად რომ იყინებიან თბილისი - ბათუმის მატარებელში, მაგრამ ჩუმად ვზივარ, ფანჯარასთან. ჩემს გვერდით ნუსა ზის, მის გვერდით უცნობი ქალი, ასე ოცდაცამეტ წლამდე, ხელში მურაკამის წიგნი “ქარი/პინბოლი” უჭირავს და ნერვიულად ფურცლავს. იქნებ იმიტომ, რომ სიცივეა? იქნებ იმიტომ, რომ ეშინია ცუდად არ დასრულდეს? ან იქნებ, ცუდი დასასრული უნდა? სტატისტიკურად რამდენ ადამიანს უყვარს ცუდი დასასრულები? (მე არა). მინდა გამოველაპარაკო და იმ დამთხვევაზე ვესაუბრო, რომ ამხელა მატარებელში მაინცდამაინც ის მოხვდა ჩემ გვერდით, ვინც მურაკამის კითხულობს. იშვიათი დამთხვევაა, ან არის კი დამთხვევა? რამდენია იმის ალბათობა, რომ მატარებელში ვინმე დოსტოევსკის კითხულობდეს? ნული ან ოთმოცდაცხრამეტი. რატომ? იმიტომ, რომ დოსტოევსკია. იმიტომ, რომ ალიგიერია. იმიტომ, რომ სერვანტესია. და რამდენია იმის შანსი, რომ შენ გვერდით ვინმე მურაკამის კითხულობდეს? ნული ან ნულზე ოდნავ მეტი. რატომ? იმიტომ, რომ მურაკამია და იმიტომ, რომ მურაკამი შენი საყვარელი ავტორია... ფეხზე ადგომაც უხერხულია, ვერ შევაწუხებ. როგორი შესაწუხებელია? ქალი მურაკამის კითხულობს. არა, ამ ცოდვას ვერ ჩავიდენ, უხერხულია. იქნებ არ მოსწონს? რომ არ მოსწონდეს, ხომ იქნება დამსახურებული შეწუხება? მაგრამ თუ მოსწონს?.. ორმოცდაათი ორმოცდაათზეა, იქნებ სამოცდაათი ოცდაათზეც, მაგრამ ფაქტი, რომ მურაკამი უჭირავს და არა, მაგალითად, ზედმეტად დაფასებული ბესტსელერი, როგორც მგზავრობის (რატომღაც) ერთადერთი ატრიბუტი, მაინც იმსახურებს იმ მცირეოდენ პატივისცემას, რომ არ წამოვდგე და კითხვა არ შევაწყვეტინო. რაღა დაგიმალოთ და, დიდად არ ვწყალობ გადაფასებულ რომანებს. ტორუ ვატანაბესი არ იყოს, მეც მგონია, რომ წიგნმა დროის გამოცდა უნდა ჩააბაროს. ყველაზე მთავარი, ალბათ, მაინც ის არის, შინაარსი რამდენ ხანს გაგყვება. თვეში ერთხელ მაინც რომ შეგახსენოს თავი წაკითხულმა, უკვე ნიშნავს, რომ ავტორს საქმე იდეალურად შეუსრულებია - შენთვის. (ამან ჩემი ერთი კურსელიც გამახსენა. მატარებლით მგზავრობისას ხელში ერთ-ერთი ბესტსელერი ეჭირა და კითხულობდა. რომანების (იგულისხმება წიგნი) გარეშე ცხოვრება არ შემიძლიაო, ძალიან გადაჭრით მითხრა. დამაინტერესა. ჯერ ანოტაცია წავიკითხე, შემდეგ ათ გვერდამდე. საკმარისი იყო ჩემი აზრის ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად. მინდოდა რამდენიმე ავტორი მერჩია, მაგრამ უკვე განწირული იყო.)

ფანჯარასაც არა უშავს, მაინც მოგებული ვარ. ვერ ვიტყოდი, რომ ჯეკპოტი დამეცა, მაგრამ უარესიც შეიძლებოდა. ჩემი ჯეკპოტები ყოველთვის ასეთია - უარესზე უკეთესი და უკეთესზე უარესი. აი, უარესში ფუფა ზის. ჩვენ პირდაპირ, ორ უცხოელს შორის, რომლებიც გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში და შეუბრალებლად უფრთხობენ კორეულ ჟურნალში ამოკითხულ ძილის რეჟიმს, რომლის მიხედვითაც, შუა დღეზე საათი და ოცდახუთი წუთი უნდა ეძინოს, რათა სამოცდათვრამეტი წლის ასაკში ნაოჭების ბოტოქსის ფული დაეზოგოს. უკეთესში ნუსაა, ორივე გვერდს მურაკამის მკითხველი უმშვენებს. აი, რაც შეეხება ჩემს ბედს, საილუსტრაციოდ ერთ ამბავს გავიხსენებ. ერთ-ერთ შეხვედრაზე, სადაც ასამდე ადამიანს მოეყარა თავი, გათამაშდა ოცი საჩუქარი, რომელთაგან ცხრამეტი ძვირადღირებული იყო, მეოცე - უკოფეინო ჩაი. ოთხმოცდაერთი პოტენციური გამარჯვებულიდან წილად მხვდა ბედნიერება (გამართლებას ვერ ვუწოდებ), სახლში წამეღო კარკადეს ჩაი, ხოლო დანარჩენ ცხრამეტს - მოგზაურობა, ბინა, მანქანა, სამოცი მილიონი და ასე შემდეგ. აი, ასე გამოიყურება უიღბლო ჯეკპოტი. თან ჯეკპოტია, თან დიდად იღბლითაც ვერ დაიკვეხნი, მაგრამ ხელცარიელ წამოსვლას ისევ უკოფეინო ჩაი სჯობს, რომელსაც არაფერში გამოიყენებ, რადგან ჩაი არ გიყვარს და რომც გიყვარდეს, ვერც ნერვებს დაგიმშვიდებს (იმიტომ, რომ არ გაქვს), მაგრამ იტყვი მაინც, რომ მოიგე.

უკეთესი იქნებოდა, ჩემი მეგობრებისთვის დამეჯერებინა და პირველ კლასში ამეღო ბილეთი, მაგრამ რით ვარ მეორე კლასში მსხდომ საზოგადოებაზე ნაკლები? გავიჭირვოთ, ადამიანები არა ვართ? თან ფულიც დაიზოგება (კაპიტალიზმი კომფორტზეც უარს გათქმევინებს, ასეთი დროა).

ან უბრალოდ ცხოვრებაში ყველა ოხრახუშად ვერ იბადება, ზოგი რეჰანია - უიღბლო იღბლიანი, საშუალოზე დაბალი ხელფასით.

კონდუქტორმა რომ გვითხრა მოემზადეთო, მაშინ ბოლოჯერ შევავლე თვალი ფანჯარას. სადგურში შედიოდა მატარებელი.
დასასვენებლად მიდიოდნენ მგზავრები და მე სხვისი ცხოვრების შეცვლის გეგმას ვაწყობდი გონებაში.
ან იქნებ ჩემიც შემეცვალა რეჰანების რევოლუციით.


* * *

- ჯავახას დის ქორწილი ყოფილა კვარიათში, იცოდით? - საზეიმოდ გამოგვიცხადა ფუფამ მაშინ, როცა ქანცგაწყვეტილი ვეზიდებოდით ჩემოდნებს ტაქსიდან. - ალოო!
- უკაცრავად? - ნახევრად გადმოტანილი ჩემოდანი ისე დასცა ნუსამ, წამითაც არ შეწუხებულა ტაქსისტის თითქმის ნაღრძობი ფეხის მდგომარეობით.
- რატომ აღელდი, ნუსიკო? - ბოროტულად ჩაიქირქილა ფუფამ და შეთქმულივით ჩამიკრა თვალი.
- აქამდე რატომ არ მითხარი?
- როდის მეთქვა, მატარებელში?
- თუნდაც!
- წიფის გვირაბში ჩახტებოდი ჩემოდნებიანად, არ გიცნობდე, მაინც, - დამცინავად ჩაიფრუტუნა ფუფამ.
- ასე როგორ გამიმეტე, შენ რა ადამიანი ხარ! - სიმწრის და შუადღის ოფლი ერთდროულად ასხამდა ნუსას და არც ის ფარშევანგისკუდიანი მარაო შველოდა, მატარებლის სადგურზე რომ შეაჩეჩა ერთმა არა[პოსტ]საბჭოთა აზროვნების, არ გაგიკვირდებათ და კაპიტალისტმა ბებომ, რომელსაც სელპაკში ხურდის დაბრუნებას, ორმაგ ფასში მარაოს გაყიდვა ერჩივნა.
- მშვენიერი, რატო მეკითხები?
- გააფრინე, ხო? ის არსება აქ დაძრწის და მე ახლა ვიგებ?
- სჯობდა ჩემგან გაგეგო, ვიდრე...
- ვიდრე?! - წარმოსახვითმა ინდოელმა ოპერატორმა დააფიქსირა ნუსას მომაკვდინებელი მზერაც.
- რა ვიცი, ჩვენ გვერდით არის მაგათი სახლი და... - უდანაშაულოდ აიჩეჩა მხრები ფუფამ და ისეთი საყვედურით გადმომხედა, როგორც დახრჩობამდე მისული უყურებს “ქენდი ქრაშის” მოთამაშე მაშველს.
- არ არსებობს! არ არ-სე-ბობს! ჩაალაგეთ, მივდივართ, ახლავე!
- მოიცა, მოიცა... სად მივდივართ, მთელი ხელფასი მაქვს გადახდილი, დროზე სასტუმროში! - დრამატული [წამნახევრიანი] სიჩუმე ისეთი ენთუზიაზმით დავარღვიე, როგორც კაპიტალიზმის ეპოქის საამაყო წარმომადგენელს შეეფერებოდა და დარწმუნებულიც ვიყავი, რომ სელპაკის (და “ხურდაში” მარაოს) გადამყიდველი ბებო ჩემით იამაყებდა, - ვინ არის ჯავახას და და რატომ მაიძულებს გლობალური დათბობის ეპიცენტრში დაბრუნებას? პინგვინის კამერა იმისთვის არ გამომიწერია “ამაზონიდან” და მერე იმიტო არ მითრევია ნასოსთან ერთად, რომ აივანზე გავშალო და ჩავწვე!
- ჯავახასთან შეხვედრა ანერვიულებს, ვერ ხედავ? სუ წითელია... მარა ვერ აღიარებს, სუსტია, რა ქნას?! კაი, მიდი, პანთენოლი დაასხი, ჩავაქროთ სიყვაარულიი... -ბოროტულად ღიღინებდა ფუფა და ისეთი ხმაურით მიარბენინებდა თავის ოცკილოიან ჩემოდანს, თითქოს ვინმე (მაგალითად, თორი) წართმევას დაუპირებდა.
- უი, მართლა, ნუსიკო? - გავიკვირვე სამსახიობო ოსტატობით, რომელიც ერთი პროცენტითაც არ გამაჩნდა და თვალი სამსართულიან სახლს ავაყოლე, - მე არ ვიცი ეგ ამბავი და ყოველ შემთხვევაში, არც მაინტერესებს მანამ, სანამ ამ დეგენერატ ჩემოდანს არ ამაზიდინებს ვინმე მეორე სართულზე! - დავამატე ყალბი გულგრილობით.
ვიცოდი თუ არ ვიცოდი, სხვა დატვირთვის ამბავი იყო, ფაქტი კი ერთი - ყველაფერი მაშინ დასრულდა, როცა მე ნუსას მეზობლად გადავედი საცხოვრებლად. არა, არა, ჩემი ხელი არაფერში ერია, უბრალოდ ასე დაემთხვა. ისიც ბედად დაემთხვა, რომ მე კითხვების დასმა არ მიყვარდა. ვუსმენდი მაშინ, როცა სურდა, რომ მომესმინა, შესაბამისად, არასდროს გვისაუბრია იმ თემაზე, ასე ძალიან რომ ეზარებოდა ნუსას.

- გუკა მოვა და დაგვეხმარება, - მზაკვრული ღიმილით მობრუნდა ჩვენკენ ნუსა.
- ვინ გუკა! - ფეხზე წამოხტა ფუფა.
- კაი, ნუსიკო, რა საჭიროა გუკას ჩამოყვანა თბილისიდან, ასეთს ავზიდავ ოცს!
- არ მჯერა, რომ სპირიდონი დამიპატიჟე! - ცოფებს ყრიდა ფუფა, - არ მჯერა, რომ უკადრებელი იკადრე და ჩვენს მეგობრობას... დამეხმარე, - თვალების ბრიალით გადმომხედა ბოლოს.
- ამ... შებღალვა გაუკეთე?! - მზექალა შანიძის თავდაჯერებით დავუქნიე თავი ფუფას. - ან კატერით გადაუარე... ან არა, არა, პარაშუტით, თემატურია! ბანანით... ბანანით გადაუარე!
- არ გაგიგოთ, ნუ ეძახით ეგრე! - სასოწარკვეთილი ზმუოდა ნუსა.
- ჩემი თვალით ვნახე მისი პირადობა, ეგრე ქვია და რა არი, უტყდება? - ბოროტების სავანე ჩაუდგა თვალებში ფუფას, რაც ნიშნავდა იმას, რომ შემაკავებელი ორდენიც ვერ დააკავებდა მის შხამს - სპირიდონისკენ მიმართულს.
და თუ რატომ ეზარებოდა ასე ძალიან, ესეც სხვა დატვირთვის ამბავი გახლდათ.
- ნუ ამბობ მაინც, სირცხვილია! მის ნივთებში იქექებოდი, ფუფა! - პანთენოლის შეფუთვის ფერი გახდა ნუსა.
- და საერთოდ, რა უნდა აქ სპირიდონს? მეგონა მარტო ჩვენ ვიქნებოდით! - ჩავერიე, როგორც თეთრი დროშა წითელი მოტივებით, - თუ არ ვცდები, წამოსვლამდე თეორიულად ხელმოწერილი რეგლამენტიც ამას ითვალისწინებდა, ხო ასე იყო?
- ნამდვილად ასე იყო! - მხარი ამიბა ერთკაციან პროტესტში ფუფამ.
- ის უნდა, რაც ჩვენ! - მარტივად მომიჭრა ნუსამ.
- ბოდიში? მაგან რა იცის, ჩვენ რა გვინდა? - შემომეშველა შუადღის პლაჟზე ჩაძინებულ ადამიანს დამსგავსებული ფუფა.
- დასვენება რომ გვინდა, ფუფა?! - მწყობრიდან გამოდიოდა ნუსაც.
- მისგან... მისგან!
- რატომ გადაეკიდეთ ვერ გავიგე, მშვენიერი ბიჭია!
- ფუ, პოტენციურ შეყვარებულს მშვენიერ ბიჭს რომ ეძახის... დამაყარა, გამცრა! ლეღვის ნახარში გადაასხი ბარემ, უკეთესად გაირუჯება! - სახე დაემანჭა ფუფას.
- აი, რა შუაშია?!
- არა, სადღაც მართალია...გოგო რომ ბიჭს ამ ეპითეტისთვის გაწირავს, ის მზის დამცავის ნაცვლად ლეღვის ნახარშსაც წაუსვამს ზურგზე, ან უარესი, SPF 20-ს მზვარე ბულვარში, - ჩავერიე მჭვერმეტყველური გამომეტყველებით. (მზვარე - არსებითი სახელი; იგივეა, რაც უჩრდილო. სასურველია ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოიყენოთ სიტყვების სიიდან ერთ-ერთი.)
- გუკა რომ მოვა, თავი აკონტროლეთ. განსაკუთრები შენ, ფუფა. ძალიან მეწყინება, იცოდე, - უიმედოდ გადმოგვხედა და ბორბლების ჭრიალით წაიყვანა თავისი მონაცრისფრო ჩემოდანი სასტუმროსკენ.
- განსაკუთრებით შენო, ფუფა, ხედავ? - მხრებში გავსწორდი რაღაცნაირად მოურიდებლად და როგორც ავტორიტეტს შემეფერებოდა, ქედმაღლურად განვაგრძე გზა, - ისე უნდა გააკეთო საქმე, ძალიან არ ყვიროდე! - დამრიგებლურად გადმოვხედე ბოლოს.
- შენ მერე მოგხედავ, მაცადე! - ისეთი ავისმომასწავებელი კმაყოფილებით ჩაეცინა, ეჭვიც არ შემპარვია, რომ მანიაკმა წამოგვიყვანა ყელის გამოსაჭრელად ზღვაზე, - აა, გეწყინება, ნუსიკო? არა უშავს, ამიტომ ჩამოგიყვანე კვარიათში, მშვენიერი ცივი წყალია, კამკამა, - მაინც არ დატოვა უპასუხოდ.
- არ ვხუმრობ!
- არც მე, როცა ვიძახი, სპირიდონი არ არის ის კაცი, ვინც მინიმუმ ბარგის და მაქსიმუმ ცხოვრებისეული ჭაპნის ზიდვაში დაგეხმარება!
- მე გეუბნები რამეს დათუნა რომ გიყვარს? - მობრუნდა გაღიზიანებული.
- ვა, სად დაარტყა? - რიტორიკულად ჩავეკითხე საკუთარ თავს, სხვა მსმენელი მაინც არ მყავდა ამ ეტპაზე.:)
- სწორად აღნიშნე, მიყვარს. თან ეგღა მაკლია დათუნა დადვაძე გამილანძღო და მე გისმინო! - ნუსას იპონზე დაგდების ხმაც გაისმა და გამარჯვებული სახით გადმომხედა ფუფამ.
- ან რა სახელია საერთოდ დათუნა, ორი წლის ბავშვია? პედოფილი ხარ, ფუფიკო? - ვალში არ დარჩა ნუსა.
- იი, კომპლექსი კი არ აქვს, სახელი გადაიკეთოს და პირადობა მანქანის კაპოტში ჩამალოს, ვითომ სახლში დარჩა, ბტნ პლცლო?! - სრული სიზუსტით გააჯავრა პოლიციის მანქანასთან დაყუდებული გუკა (ოჯახში სპირიდონი), და მეც, საბოლოო დარტყმის წარმატებულად მიყენებისთვის ოლიმპიური ოქრო დავკიდე ფუფას, როგორც შეყვარებულისა და საბრძოლო სიტყვების არჩევაში უბადლოს. - აი, აი, მირეკავს! შენ გაახსენდი საერთოდ? არა! ბეჰეჰ! კაი არ იტირო, ნუსიკო! .. ხო, დათუნა, ჩამოვედით... და რატო არ გამაფრთხილე, რომ ოთახი პირველ სართულზე მექირავევინა? ვინ ამატანინებს ამას მეორეზე? მე ხო გთხოვე, ზოგჯერ ჩემ ნაცვლად იფიქრე-მეთქი? ხო იცი, ოცდაათს რომ გადაცდება ტემპერატურა, ჩემი ტვინი ფუნქციონირებას წყვეტს!
- ახლა დღეში სამოციმილონჯერ უნდა დაგირეკოს? ჩემ გვერდით არ იძინებ! - ზუზუნებდა ხიშტების პრემიაზე გასული ნუსა.
- ესმის და დაგცინის, ალბათ, ხვდები, რატომ... - ეშმაკურად აწკიპა წარბები ფუფამ.
- მოსდე ხო მტკვრის მარჯვენა სანაპიროს?
- მარცხენა დამრჩა!
- მორჩებით თუ დავრეკო სახანძროში? - დამწვრის სუნი მეცა მე.
- სპირიდონი მომიკითხეო, და-თუ-ნამ.
- მოვა და მოგიკითხავს ვიდეო ქო-ლით, და-თუ-ნა, - კუბრიკის ტყუპებივით გაუცინა ნუსამ.
- არ ავყვეთ პროვოკაციას, დათუ, შურს შენ რომ ლამაზი სახელი გქვია! - დაამშვიდა ეგოშელახული შეყვარებული ფუფამ.
- ნუ ბოდავ!
- როგორი იდეალური დღეა... და თან პირველი... - ვიღიმოდი აღსაზრდელებით კმაყოფილი, - დამარცვლა და შეყვარებულების დატოლება გცოდნიათ, გილოცავთ მეორე კლასში გადასვლას.


*

ალბათ, ყველას გაინტერესებთ, როგორ განვითარდა სიტუაცია სამოცი კილო ბარგისა და დაუპატიჟებელი სტუმრის პირობებში. ალბათ, იმასაც იფიქრებდით, რომ დაბოღმილმა ფუფამ თავისი შეყვარებული აფრინა თბილისიდან, რათა ოცკილოიანი ჩემოდანი მეორე სართულზე ნეკა თითით აეტანა, მაგრამ - არა.
არა, როგორ არა.. მცდელობა ჰქონდა, მათ შორის დაშორების, მაგრამ სპირიდონს როგორ გავახარებო გამოაცხადა და იმავე წამს დაუზავდა მის ზღვაში ჩასახრჩობად წამოსულ შეყვარებულს.
რაც შეეხება ბარგს... სასტუმროს დიასახლისის ქმარს, რომელსაც სულაც არ ეხალისებოდა ფუფას პრეტენზიების მოსმენა, ზემო[მრავალჯერ]ხსენებულმა პიროვნებამ აიძულა, რომ ჩვენი ბარგი ოთახში დაებინავებინა უკიდურესი სიფრთხილითა და მოწიწებით (რასაკვირველია, განსაკუთრებული მოწიწება მისი ბარგის შემთხვევაში უნდა გამოემჟღავნებინა).


- ფუფა, შენ რომ გაგიცანი იმ დღეს, არნოლდ შვარცნეგერი დაბადებულა, იცოდი? - არცთუ ისე დიდი ინტერესითა და კმაყოფილებით ვფურცლავდი ოთახში დატოვებულ 2013 წლის კალენდარს, რომელსაც თარიღების ქვემოთ საინტერესო ფაქტები ეწერა, როგორიცაა, მაგალითად, არნოლდ შვარცნეგერის დაბადების დღე.:)
- უი, მართლა? - ისეთი მონდომებით წამოიწია საწოლზე ფუფა, თითქოს ჩვენი ბავშვობის მეგობარი ყოფილიყო შვარცნეგერი, რომელიც მეხუთე კლასში სხვა ქვეყანაში გადავიდა საცხოვრებლად, დიდ წარმატებას მიაღწია და ლუზერები დაგვივიწყა.
- ჩემს დაბადების დღეზე გაიცანით ერთმანეთი, ეს ისე, ცნობისთვის! - დოინჯშემოყრილი და წარბშეკრული დაგვყურებდა ზემოდან ნუსა, როგორც ორი ერთზე დაბულინგებულ ბავშვებს სჩვევიათ.
- მერე არ გრცხვენია? - ამოვხედე სრული სერიოზულობით.
- ოჰ, ვისი?
- შვარცნეგერის, რასაკვირველია.
- რატომ უნდა მრცხვენოდეს? - დაიბნა ჩემი ვერბალურ ნაწილში ჩაჭრილი მეგობარი.
- იმ დღეს, როცა შენ და შვარცნეგერი ტორტზე სანთლებს აქრობდით, იმ კაცსა და ტორტს შორის ოცდაათი წლით პატარა გერლფრენდი იდგა და შენ... შენ, ამ ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე გოგომ, სპირიდონისკენ გაიხედე... - უკიდეგანო მწუხარებით გავაქნიე თავი.
- ამან დაასრულა და შენ დაიწყე, ხო? - იმ ნაგაზივით დამიღრინა, პატრონსაც რომ ვერ ცნობს.:)
- დავიწყე არა, გავაგრძელე, ნუსიკო, - უდანაშაულოდ შევუსწორე შეცდომა.
- მე ვისვენებ და როცა ვისვენებ, ვდეტოქსირდები ნეგატივისგან, არ მაცადო ამოსუნთქვა! - ბალიშიდან თავი წამოყო ფუფამ.
- დაგასვენებთ მე თქვენ, პირანიებს რომ ვაჭმევ თქვენს დეგენერატ თავს! - ოლიმპიური სიმშვიდით გვესროლა უკანასკნელი მუქარა და მომდევნო ორი საათი იგნორის რეჟიმზე გადაგვიყვანა.
- მიდი, მიდი, ჩემიც ნახე, ვინ დაიბადა, - მთხოვა ფუფამ.
- სტალონე, დუტა სხირტლაძე და შენ, კაია?
- არ არი ცუდი ტრიო, ხო იცი შენ?!


*

„თან დაგეძებ, თან რაღაც სისულელეს გწერ, ან გიპოვნი, ან ვერ“

„თან დაგეძებ, თან რაღაც სისულელეს გწერ, ან გიპოვნი, ან ვერ“

„თან დაგეძებ, თან რაღაც სისულელეს გწერ, ან გიპოვნი, ან ვერ“

*

ზღვაზე ყოფნისას, ერთი თავისებურება დამჩემდა. ყოველ დილით, ექვსის ნახევარზე, მაშინ, როცა ყველას ეძინა, სანაპიროზე ვიჯექი, ანანასის წვენს ვსვამდი, მაიკერუს ვუსმენდი და დამკას ვთამაშობდი.
ისეთი ლამაზი იყო ვარსკვლავებს მოწყვეტილი, მზის ამოსასვლელად მომზადებული ცა, ამ ეპითეტისთვისაც კი მენანებოდა, მაგრამ არც ის ვიცოდი, რისთვის შემედარებინა და რა სიტყვებით აღმეწერა ის, რაც არც ფოტოზე და არც ნახატზე არ ჩანს ისეთი, როგორიც არის.

იმ დღის ოქროსფერშეპარული გამჭირვალე ზღვა, რომელსაც ღრუბლებგადაყრილი ცისთვის მოეპარა ფერი, ჩემი აზრით, რომანტიკულ ურთიერთობაში უნდა ყოფილიყო ზემოხსენებულ ცასთან, ისე, რომ ვერავის გაეგო მათი ამბავი.
რატომ? რატომაც არა. უსულო საგნების გაპიროვნება და მათზე კეთილშობილი თვისებების მიწერა უფრო საინტერესოს ხდის შფოთვით დაავადებული რეჰანის ცხოვრებას, რადგან აუტსაიდერ მწვანილს შეუძლია ყურადღება გადაიტანოს და მინიმუმ ათი წუთი იფიქროს ცისა და ზღვის გასაიდუმლოებულ ურთიერთობაზე. მაგრამ არა, არ გირჩევთ, გული გეტკინებათ, როგორც მე იმ დღეს, როცა ერთ-ერთი სცენარის წარმოდგენისას დავიფქრდი იმაზე, რომ ცისა და ზღვის ურთიერთობას ბუნება, სახელად ლიანა, რომელიც ძალიან მკაცრი და კატეგორიულია და არასდროს გადავა თავის სიტყვას, ეწინააღმდეგება, ამიტომ ვერასდროს იქნებიან ერთად.
და დავსევდიანდი.

მახსოვს, იმ მომენტში კიდევ ორ რამეზე ვფიქრობდი. პირველი - ნეტავ არსებობდეს ისეთი მექანიზმი, რომელიც სამუდამოდ დამამახსოვრებინებს ამ კადრს და ერთფეროვნების, სიბნელის, მოწყენილობის ჟამს, ისეთივე სიცხადით ამოიღებს გონების ყუთიდან, როგორც ახლა მე ვხედავ მას; და მეორე - ნეტავ ეს ორას ორმოცდაათ მილილიტრიანი წვენი არ დამთავრდეს-მეთქი.
კიდევ ბევრ რამეზე შემეძლო მეფიქრა და, ალბათ, ვფიქრობდი კიდეც, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, იმ შესაძლო განვითარებაზე წამითაც არ მიფიქრია, რაც იმ დღეს მოხდა;


- ასეთი ქვა ხო არ გინახავს? - თავზე წამომადგა უცხო სხეული, რომელიც ხელში არაფრით განსაკუთრებულ ქვას ათამაშებდა.
- ასეთი? - რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ნამდვილად მე მეკითხებოდა და არა, მაგალითად, ქალთევზას, ან არ ვიცი, ვინმე სხვას, მაშველს, რუს ტურისტს, მედუზას და ასე შემდეგ. რატომ მე? დავპანიკდი.
- ზუსტად.
- ზუსტად ასეთი? - ჩავეკითხე ინტერესით და ცალი თვალით ავხედე მოლურჯო ქვას, თეთრი წინწკლებით.
- უზუსტესად ასეთი, - მითხრა ძალიან დარწმუნებით.
ვერ შევათვალიერე, შემრცხვა. მორცხვი ვიყავი მზერებში. თვალის აყოლება ძალიან უხერხულია, რა წესია? ბიჭი ქვას ეძებს და შენ ათვალიერებ? არა, როგორ შეიძლება? წაბლისფერი თმა ჰქონდა, თვალი მოვკარი:)
არავისდა გასაკვირად, შორტი ეცვა, როგორც ყველა სულიერს პლაჟზე.

- არცერთი ქვა რომ არ არის ერთნაირი, არ იცი? - დიდი ქვალოლოგივით გავსწორდი მხრებში.
- მართლა? - გაკვირვება დაეტყო მის ტონს.
- უმართლესად, - დავუქნიე თავი ისე, თითქოს ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს ავხადე ფარდა. (ან ისე, როგორც იმ ერთ გიჟ ფიზიკოსს უსმენს ის ერთი მეზობელი და სხვა არავინ.)
- საიდან ამდენი? - მომიჯდა გვერდით.
- პროფესია, - კვლავ დიპლომიან ქვალოლოგს დავემსგავსე მე.
- რა ხარ?
- მჩხიბავი, შეთავსებით ტაროლოგი, - სრული სერიოზულობით დავაბრეხვე მსოფლიოში ყველაზე დიდი იდიოტობა, როგორც ჩემს იუმორის სტილს შეეფერებოდა ანუ გავაქციოთ ადამიანი მანამ, სანამ მეორე წინადადებაზე გადავა.:)
- მართლა?
მისმა შემაშფოთებლად მძიმე გაკვირვებამ კინემატოგრაფიის ორი შედევრი გამახსენა; პირველი - ციხიდან გაქცევა და მეორე - გაქცევა შოუშენკიდან, მაგრამ ჯერ არ გარბოდა.
- არა.
- კარგია, - შვებით ამოისუნთქა და ქვა კვლავ ხელში აათამაშა, - რატომ გგონია, რომ მეორე ასეთს ვერ ვიპოვი? - ჩამეკითხა ეჭვით.

ლამაზი ხმის ტემბრი ჰქონდა, მშობლიურ ენასთან გაუცხოვება დაჰკრავდა ოდნავ.

- არასდროს შემხვედრია ერთნაირი ქვები, სულ ესაა, - მხრები ავიჩეჩე ისე, როგორც ჩემს ფილოსოფიის ლექტორს სჩვეოდა.
- მე მინდა, რომ შემხვდეს.
- ეძებ?
- არა, - მზერით ვგრძნობდი, მიყურებდა.
- თუ არ ეძებ, როგორ გინდა? - წარბები ამექაჩა შუბლისკენ.
ვის გადავეყარე ამ დილაუთენია? ბეჭედს მაინც ეძებდეს, ვიფიქრებდი, ბეჭდების მბრძანებლის ოვერდოზი აქვს-მეთქი, როგორც მე, იმ ზაფხულს, ზედიზედ სამჯერ რომ ვუყურე ყველა ნაწილს.
- აი, ასე. თავისით უნდა შემხვდეს, - მომიჭრა ძალიან მარტივად.
- სახლში მოგაკითხოს? - დავცინე ჩემი ჭკუით.
- რომ ვიჯდე სანაპიროზე და თავისით დავინახო. ვერა?
- ეგ მინდა არ არის, - ხელი ჩავიქნიე იმედგაცრუებულმა.
- აბა, რა არის?
- რომანტიზება, - დავუსვი დიაგნოზი.
- ვახ, რატო? - გაეცინა.
სიცილის დროს ორივე თვალის ჭრილი დაუწვრილდა.
- მინდა და რომანტიზება განსხვავდება ერთმანეთისგან, - ოდნავი აღშფოთება დამეტყო სახეზე, როგორც იმ ბუნების მასწავლებელს, პლანეტების რაოდენობას რომ ვერ პასუხობს მოსწავლე.
- არა, რატო, მართლა მინდა.
- რამდენი ხანია?
- ასე... ოთხი წელი იქნება, - თითქოს რაღაც მნიშვნელოვანს იხსენებსო, შეყოყმანდა. უცნაური დაკვირვებით შემომხედა, ტელეფონი ამოიღო და ეკრანს დახედა. გაეღიმა. ისევ ჩააბრუნა ჯიბეში და მზერა გამისწორა.
გავიხედე.
ერთი შეხედვით ნაცნობი გარეგნობა ჰქონდა. სადღაც მყავდა ნანახი, მაგრამ სად? ფიზიკურად, ვერსად. მემახსოვრებოდა. თან მე ხო სახლიდან არ გავდივარ, ამიტომ ვიცნობ მხოლოდ მარკეტებისა და აფთიაქების მოლარეებსა და კონსულტანტებს.
ალბათ, ინტერნეტში? იქნებ ტიკტოკერია? უკვე ცუდია. არა, არანაირი პრობლემა არ მაქვს ამ აპლიკაციასთან, მაგრამ ბიჭი ტიკ-ტოკერი რედ ფლეგია, ათიდან ათია მაგრამ ოთხი:)
- უბრალოდ მართლა გინდა? - ფიქრების გაქცევა რომ დამეტყო, მანაც შეამჩნია, მაგრამ არ შევიმჩნიე.
- მინდა, ხო. უბრალოდ მართლა მინდა, - იმდენად გამოკვეთილად გაიმეორა ჩემი სიტყვები, ირიბი დაცინვის სუნი მეცა და უფრო თამამად გავუსწორე მზერა, რომელიც სასიამოვნოს არაფერს უქადდა. ეგრე რა? გამაბრაზე ცოტა და გამოგხედავ, რად გვინდა ეს მზე, ზღვა და რომანტიკა, - რომ ველოდები, იმას არ ნიშნავს, რომ არ მინდა, - დაამატა ბოლოს.
- არ არის ეგ მინდა. როცა რაღაც გინდა, აკეთებ. ახლა საკმარისად არ გინდა. აი, რომ გინდოდეს, აუცილებლად დაისახავდი მიზნად და მანამ არ გაჩერდებოდი, სანამ შენ მინდას არ მიაღწევდი.
- მანამ არ გავჩერდებოდი, სანამ ლურჯ ქვას არ ვიპოვიდი თეთრი წინწიკლებით? - რაღაცნაირი ჩაფიქრებით აზიდა წარბები.
- თუნდაც. მინდა მინდაა, რა მნიშვნელობა აქვს, რა გინდა, მთავარია გინდოდეს. არ გინდა შენ მეორე ასეთი, - მზერით ვანიშნე ქვისკენ, - უბრალოდ მოგწონს იდეა, რომ უნდა იპოვო.
- არ ვფიქრობ, რომ რომანტიზებაა, - გააქნია თავი. მსუბუქად იღიმოდა, ხან ქვას ათვალიერებდა, ხან მე - გიჟ ფიზიკოსს, რომელსაც არავინ უსმენს იმ ერთი მეზობლის გარდა.
- როგორ არა. არის, - ვიწყინე საკუთარი აზრის დაწუნება. - ამ... აი, წარმოიდგინე, მაგალითად... აი, დილიდან იწყებ სამსახურს, რომელიც გეზიზღება. მუშაობ დიდხანს... შვიდი... არა, ათი საათი! მაგრამ იცი, რომ საღამოს, როცა სახლში დაბრუნდები, მაცივარში დაგხვდება ტორტი. ხო გიყვარს ტორტი? - ჩავეკითხე უკიდეგანო ენთუზიაზმით და მანამ არ გავაგრძელე, სანამ თანხმობის ნიშნად თავი არ დამიქნია. - მოკლედ, გელოდება მაცივარში გადანახული ტორტის დიდი ნაჭერი, თან კარგად გადანახული, კონტეინერში, ისე, რომ ბისკვიტი არ გამოშრეს და კრემს მაცივრის სპეციფიკური სუნი არ აუვიდეს... შენი ნანატრი ტორტის ნაჭერი! - უკიდეგანო ენთუზიაზმს დავუმატე ამავე რაოდენობის გამაბუქებელი საშუალება. - რას აკეთებ შენ? - იმ ერთ მასწავლებელს დავემსგავსე, ჩამჭრელ კითხვებს რომ უსვამს ბავშვებს ამავე მიზნით.
- ვე..ველოდები საღამოს? - ეჭვით ამომხედა.
- თან როგორ ელოდები? უფრო დიდი მოლოდინი რომ არ არსებობს, ისე! შენ იცი, რომ უსაშინლესი დღის შემდეგ სახლში გელოდება ოცნების ტორტი და შენ რომ ეს იცი, იცი, ამ დროს რას შვება შენი გონება? - მისტიკური მჭევრმეტყველებით გადავხედე, - ენდორფინებს გამოყოფს და სტრესს თრგუნავს. რომანტიზებაა, როცა იცი, საშინელი დღის შემდეგ შეგეძლება ჭამო ტორტი, რომელიც შეიძლება აღარც ჭამო სახლში რომ დაბრუნდები!
- რას ქვია, ტორტი იყოს და არ ვჭამო? - გულუბრყვილოდ გაიკვირვა და მეც კვარიათის ზღვაში ჩამეყარა ჩემი მისტიკური მანტიით შემოსილი მჭევრმეტყველური აზრები, რომლებზეც მთელი ჩემი პიროვნება იყო დაშენებული.
- არ ჭამო, ხო. იმიტომ არ ჭამო, რომ შენ ამ ტორტის ნაჭერს ჭამდი იმ ათი საათის განმავლობაში, როცა საშინელ სამსახურში მუშაობდი. აი, ეგ არის რომანტიზება, როცა შენს კუჭს კი არა, ტვინს კვებავ იმედით.
- როცა იმედი გაქვს, რომ იპოვი იმ ქვას, რომელიც ერთხელ ნახე და დაგეკარგა?
მძიმედ დასაკვირვებელი თვალები ჰქონდა, ღია ყავისფერი, მუქი ოქროსფერი:)
- ეგეთი იყო? - მზერით ვანიშნე ობიექტისკენ.
- დაახლოებით.
- ჰმ... იმედი... - ჩავფიქრდი, როგორც ტომოგრაფიის პასუხის წამკითხველი ექიმი, - იმედი შეიძლება მინდაც იყოს და ოცნებაც. გააჩნია, როგორია შენი როლი, პასიური თუ აქტიური. პასიურ შემთხვევაში, შენს ძალებს აღემატება და მასზე ხდები დამოკიდებული.
- ჩემი დაკარგული ქვის პოვნის იმედი პასიურია თუ აქტიური?
ხელებს ეყრდნობოდა, გამჭირვალედ მიყურებდა, რაღაცას ეძებდა და ეგ რაღაც მისი დაკარგული ქვა სულაც არ იყო.
- შეგეძლო აქტიური ყოფილიყო, მაგრამ გააპასიურე, ვერ ხვდები? არ ეძებ, არადა შეგიძლია იპოვო, ამიტომ დიალოგის დასაწყისში დავბრუნდები და გეტყვი, რომ არ გინდა!
- და ოცნება რაღაა? - ამჯერად თვითონ მოირგო ჩამჭრელი მასწავლებლის როლი და ალმაცერად გადმომხედა.
- ოცნება მინდასა და რომანტიზებას შორის არის. მესამე ბორბალს ჰგავს, ან რეჰანს მწვანე მწვანილებში, - გაგვეცინა ორივეს. რას გადავეკიდე ამ რეჰანს? მიჩივლებს. - გიყვარს რეჰანი?
არა! ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ!
- მწვანილები დიდად არ მიყვარს, ძალიან წვრილად დაჭრილი შეიძლება... რეჰანი მომწონს, კარგია, - ამიხსნა ისე, თითქოს ყოველი გამვლელი ინტერესდებოდეს მისი რეჰანისადმი სიყვარულით.
- ბოდიში, მაგრამ... რეჰანზე საუბრისას ან აღმატებითში უნდა ისაუბრო, ან საერთოდ არ, - გულზე მომხვდა რაღაცნაირად, მე ხომ რეჰანების რევოლუცია მქონდა მიზნად დასახული, თან ცოტა მეხამუშა უჭმელი ბავშვის წიკების მოსმენაც.
- მწვანილებში ყველაზე მეტად მომწონს-მეთქი, რომ გითხრა, ხო შეიძლება? - ოდნავ დააფრთხო ჩემმა გადაჭარბებულმა დამცველობითმა ხასიათმა.
- ეგრე დაგეწყო, კაცო, ეს მომწონს, კარგია... რა მოსატანი იყო საერთოდ, - გამეცინა დამზავებლურად (დამზავებლური - სიტყვა, რომელიც სავარაუდოდ არ არსებობს, მაგრამ დღეიდან კი. ვიყენებთ მაშინ, როცა რეჰანისადმი გამოვლენილ შეურაცხყოფას წაიღებენ უკან.)
- ნესვი თუ საზამთრო?
- ნესვი, რა თქმა უნდა!
- აა, თან რა თქმა უნდაო, საზამრთოს სიყვარულს არ უშვებ?
- აი, საზამთრო „მომწონს, კარგია“, ნესვი მიყვარს და პატივს ვცემ, ვუყურებ ისე, როგორც ოჯახის წევრს და დამსახურებულ ხილს ხილებს შორის.
- ეგეთი ლეღვია, გეშლება, - გააქნია თავი.
- ლეღვი გიყვარს? - თვალებში ყველა ვარსკვლავი გამომესახა.
- ლეღვი ადამიანი რომ იყოს, ქალი იქნებოდა და ცოლად მოვიყვანდი, - შეიფერა ჩემი აღფრთოვანება.
- ეე, კაცია, რას ამბობ, რატო მიისაკუთრე?
- გაიკითხე აბა, ფრანგულში არი მდედრობითი! - გამარჯვებული ჩაცინებით დაუხვდა ჩემს გადაჭარბებულ გაღიზიანებას.
- ჯერ მარტო სახელს დაუკვირდი, - მხრებშიგამართულმა დავიკაპიწე მკლავები, - ლე-ღვი, როგორ შეიძლება ლ და ღ, თან „ლე“ და „ღვ“ ერთად იყოს, როგორც ქალის სახელი! მასკულინობა ყვირის, არ გესმის?
- რამდენი გვამია შენს სახელზე? - ჩამეკითხა ინტერესით.
- რა გვამი?
- ხილს ისე იცავ, კაცს რაპუნცელის კოშკში გამოკეტავ!
- შენ ახლა წითელი ხაზი გადმოკვეთე, იცი?! - თეორიულად გავავარჯიშე მოდუნებული ძვლები.
- მეშინოდეს, ხო?
- მე კაცის გამო არ ვჩხუბობ, - თვალი გავუსწორე უამაყესად.
- უი, რატო? - შემბრალებლურად გადმომხედა. (ეჭვი მაქვს, არც ეს სიტყვა არსებობს, მაგრამ იგივეა, რაც „უი, რატო, შენ მოგიკვდი“)
- კაცის გამო ჩხუბი რომ გიწევს, უკვე არასწორად აგირჩევია ეგ კაცი, - ავუხსენი ძალიან მშვიდი ღიმილით.
- კაცი რომ ჩხუბობს ქალის გამო?
- სისულელე. არ დაიჯერო, - დავცინე პროფესიონალურად.
(დაცინვა პროფესიონალურად - სიტყვათა წყობა, რომელიც არ არსებობს, მაგრამ დღეიდან კი. იგივეა, რაც ადამიანის ეგოზე ბანანით, კატერით, პარაშუტითა და შეზლონგით გადავლა)
- რა არ დავიჯერო, ქალის გამო რომ ჩხუბობს? - არ დამაკლო ირონია.
- ქალის გამო კი არა, თავისი თავის გამო ჩხუბობს იმ შემთხვევაში, თუ ქალს „ცუდად“ გახედა ისევ თავისი სქესის წარმომადგენელმა მუტრუკმა და ამან თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, ვუიმი ჩემს ქალს კი არა, მზერა მე როგორ მაკადრაო, ან იმ შემთხვევაში, თუ ზემოხსენებულმა მუტრუკმა ქალს შეურაცხყოფა მიაყენა! ანუ ვის გამო იწყება ჩხუბი? ისევ და ისევ კა-ცის! - გამარჯვების დოინჯი შემოვირტყი წელზე, - ჩხუბი ვიცი წესებით, რინგზე, როგორც სპორტის ნაწილი, დანარჩენი ყველა გოიმობაა.
- ბიჭმა შენ გამო რომ იჩხუბოს, არ მოგეწონება? გოგოებს მოსწონთ ეგეთი რაღაცები, - დაგვცინა საგოგოეთს, - არ უარყო, იცოდე, ვიცი რო ეგრეა.
- ის, რაც სიტყვით არ გვარდება, ჩხუბით საერთოდ ვერ მოგვარდება, შესაბამისად, არც ღირს ცხოველების დონემდე დაშვება, - დავასერიოზულე საკითხი.
- და ქალებიც რომ ახალისებენ ძალადობას, უარყოფ? - გადმომხედა გამომცდელად.
- ახსენო მოძალადე და მიუწერო მხოლოდ კაცი ან ქალი, არ არის სწორი. ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს პასიური და აქტიური როლები. ჩვენთან, ჩვენს ქვეყანაში, კაცი აქტიური მოძალადეა და ეს არის ყველა დღეზე ნათელი ფაქტი, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ პასიურ მოძალადეებად ქალები გვევლინებიან.
- და რას გულისხმობს პასიურად მოძალადე?
დიდხანს არ მიფიქრია მაგალითზე, მრავლად იყო ასეთი ჩვენს საზოგადოებაში, გადაჭარბებულიც არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე.
- ერთი მეზობელი მყავდა, ასე ოცდახუთ წლამდე. დასთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა, მამა გარდაცვლილი ჰყავდა. შარშან ცოლი მოიყვანა, ერთი შეხედვით მშვიდად ცხოვრობდნენ, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ გავიგე, რომ დაუჭერიათ ცოლზე სისტემატური ძალადობის გამო. არავინ იცოდა ეგ ამბავი, წარმოდგიდგენია? იცი, რატომ არ იცოდა არავინ? პასუხი უმარტივესია... - მზერით ვგრძნობდი, ინტერესით მისმენდა, - ყველა იქ მცხოვრები ქალი დუმდა და იმიტომ. აი, ასე. ის სცემდა, ესენი უყურებდნენ. არადა, შენც ისეთივე მოძალადე ხარ, როცა იცი, შენი შვილი სხვაზე ძალადობს და არაფერს აკეთებ. ისეთივე და უარესი მოძალადე ხარ, როცა იცი, შენს შვილზე ძალადობენ და არაფერს აკეთებ იმიტომ, რომ ხალხში ბედნიერი ოჯახის ილუზია შექმნა. თვალს ხუჭავ მანამ, სანამ სისხლი არ დაიღვრება და როცა დაიღვრება, მაინც მოძალადე გირჩევნია, სისხლიანი ხელებით! მთელი ტრაგედიაც ეგ არის, რომ სავსეა ქვეყანა პასიურად მოძალადე ქალებით, რომლებიც დუმილს ირჩევენ მაშინ, როცა მათი ხმაა გადამწყვეტი და როცა სისხლი იღვრება, ასეთი ქალები იცი, პირველად რა კითხვას სვამენ? რა დააშავა ასეთი ცოლმა? იქნებ უღალატა და იმიტომ მოხვდა? იქნებ იმსახურებდა?
- მე მაინც მგონია, ხმის ამოღების ეშინიათ. ტრავმაა ერთგვარი. ჯერ მამის და ძმის ეშინია, შემდეგ ქმრის, ქმრის ოჯახის, მერე შვილის... არ არის მარტივად გასაძლები წნეხი.
- შეიძლება ეგეც არის, მაგრამ ეგეთ კაცებს ისევ ქალები ზრდიან, როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს ამის გააზრება, - სიმწრით ჩამეცინა მე, - ბავშვის გაზრდაში ვინ გეხმარებაო და ზოგჯერ ჩემი ქმარი ეთამაშებაო, ასეთი პასუხი რამდენჯერ მომისმენია, იცი? სასაცილოა, თითქოს ის ბავშვი მარტო ქალის იყოს! ქმარი წელიწადში ერთხელ რომ გაასეირნებს, ისე უხარიათ, სამყაროს აგებინებენ, ქმარი დამეხმარაო. ასეთი ქალები ბედნიერი არასდროს არიან და ასეთი ქალების უბედურებას ყოველთვის მარტივად სწავლობენ ბავშვები... მე თუ მკითხავ, კაციც და ქალიც თანაბრად დამნაშავეა, ზოგჯერ ერთი უფრო, ვიდრე მეორე, მაგრამ მაინც ადამიანურ დონემდე დავდივართ ბოლოს და არა სქესის. უკეთესი იქნება, პატივისცემა იყოს ის პირველი განცდა, რომლის ათვისებაც შეეძლება ბავშვს, რომ ისეთებად არ გაიზარდონ, ადამიანის სიძულვილამდე რომ მიიყვანონ სხვა.
- მაგალითად შენ, ხო? - გაეღიმა ისე მშვიდად, მარტო ღიმილიც ეყოფოდა ყველა დასათანხმებელ სიტყვას.
- ხალხის მასა მხოლოდ მაშინ მიყვარს, როცა ფეხბურთს ვუყურებთ და მორჩა! - გამეცინა საკუთარ კატეგორიულობაზე, - ადამიანები მომწონს, ცალკეულად. ხალხი არა. მეზიზღება, როცა შენი ყოველი ქმედება, როგორი კარგიც უნდა იყოს, დასაწყისშივე განწირულია. ცხოვრებაში რაც არ უნდა გააკეთო, მინიმუმ ერთი ადამიანი მაინც იარსებებს ისეთი, ვისაც არ მოეწონება ის, რაც გააკეთე. ამაზე ფიქრი... წარმოიდგინე, რაც არ უნდა გააკეთო, გესმის? მაინც ვერ იქნები ბოლომდე კარგი და სუფთა იმიტომ, რომ ვიღაცას სადღაც მაინც არ მოსწონხარ და მაინც ეპარება ეჭვი შენს კეთილ ზრახვებში.
- ახლა არ მითხრა, რომ გადარდებს, - გულწრფელად გაუკვირდა ჩემი ჩუმი აღიარება.
- არა, ეგ ცალკე საკითხია. თეორიულად, იმაზე ფიქრს, რომ ადამიანებს ასე უმიზეზოდ არ მოვწონვართ, გულს აცრუებამდე მივყავართ მაინც. გულგრილობამდე, უფრო.
- ბედნიერი ადამიანების შურთ, მაგრამ ის არ იციან, რომ ბოლომდე ბედნიერი არავინაა, - გაეცინა.
- არ მგონია, რომ ვინმეს ვინმესი შურს. უბრალოდ კარგის თქმა არ შეუძლიათ. შური სხვა რამეა, სხვა პრობლემაა... ისე მარტივად ჩაუმწარებენ ადამიანს მთელს დღეს, ოდნავადაც არ დაფიქრდებიან, იცი?.. ერთხელ, ტრანსპორტში ქალი ამოვიდა, ორმოცდაათ წლამდე იქნებოდა, ძალიან ცუდად მომმართა მხოლოდ იმიტომ, რომ გადაჭედილ ავტობუსში უბრალოდ მისთვის არასასურველ ადგილას ვიდექი და ჰო, ყველა დაღლილი, გათიშული ვდგავართ, როგორც საშუალო კლასის წარმომადგენლებს შეგვეფერება. მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება იმ ქალის ზიზღიანი სახე და სიტყვები, მაგრამ იმ ქალს ჩასვლის წამიდან აღარ ემახსოვრებოდა არც თავისი ქმედება და არც მე, მთელი დღის ხასიათი რომ გამიფუჭა, - გამეხსნა ძლივს გაკერილი ჭრილობა, - მე კიდე, ყოველთვის ერთ რამეზე ვფიქრობ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამოდის, მგონია, რომ ჩემი პოტენციური ახლობელია. აი, ხომ შეიძლება, გავიდეს დრო და ის ადამიანი, რომელიც ჩემ გვერდით იჯდა მთელი ორმოცი წუთი, ჩემი მეგობარი გახდეს? ან ქალი, რომელიც უხეშად მომექცა, ჩემთან სტუმრად მოვიდეს? როგორ უნდა ჩამხედოს თვალებში?! - ავიზვირთე, როგორ შტორმგამოვლილი ტალღა.
იღიმოდა ძალიან მკრთალად. იღიმოდა თვალებით.
- გატეხილი ფანჯრის თეორიაზე გსმენია? - მკითხა მცირეხნიანი დუმილის შემდეგ. თავი გავაქნიე უარის ნიშნად.
- თუ ადგილი ბინძურია, ხალხს აღარ ერიდება ნაგვის დაყრა, - მაჯებსდაყრდნობილი, უკან გადაიწია და გამიღიმა, - ძალიან სუფთა ქუჩაზე რომ დადგას ადამიანმა ფეხი და დაინახოს, არავინ ყრის ნაგავს, შენი აზრით, მაინც დააბინძურებს? მე მგონია, რომ არა. შერცხვება მხოლოდ იმიტომ, რომ არავინ აკეთებს ამას. მასისგან განსხვავებული იქნება, ეგ რომ გააკეთოს. ვიღაც შეამჩნევს და გააკრიტიკებს, ხვდები, ხო?.. ადამიანები ისე იქცევიან, როგორი მოქცევაც გასდით, როგორც მათ ექცევიან, რასაც მიჩვეულები არიან და ძირითადად, ცუდად მოქცევას არიან მიჩვეულები.
- საიდან მოდის ამდენი ზიზღი?
- პოლიტიკურად და ეკონომიკურად არეული ქვეყნის სინდრომია, ალბათ.
- შეიძლება ეგეც არის, მაგრამ როცა ამდენად დაუნდობელი ხარ სხვების მიმართ, ჩემი აზრით, არც ეკონომიკურ და არც პოლიტიკურ სტაბილურობას იმსახურებ, საერთოდ არაფერს იმსახურებ გადაშლილი წიგნის გარდა, - წარბებშეკრული ვახეთქებდი ქვას ქვაზე, - დამიჯერე, ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ მქონია გაჭირვების მომენტი, მაგრამ არასდროს არავისთვის მითქვამს, რომ უშნოა, მსუქანია, სუსტია, დიდი ცხვირი აქვს, დაბალია, რომ რაღაც არ უხდება... მეზიზღება, როცა ადამიანები თავს აძლევენ უფლებას, სხვისი გარეგნობა დაიწუნონ, პლასტიკურ ქირურგიამდე მიიყვანონ და შემდეგ იმის გამო გააკრიტიკონ, რომ “აწყობილია”. მეზიზღება, რომ ამ სამყაროში გარეგნობა უფრო მეტია, ვიდრე შენ, შენი აზრებით, შენი გრძნობებით. მეზიზღება, როცა ჩვენი გემოვნება ბოდიშის მსხვერპლია. რატომ ვიხდით ბოდიშს იმის გამო, რომ ვიღაც ისეთს ვუსმენთ, ვინც სხვას არ მოსწონს? იცი, რამდენი მალავს თავის რეალურ გემოვნებას? თავს აწონებენ ისეთი ფილმებით და მუსიკით, რაც მასობრივად აღიარებულია. აი, რომ თქვა, ტარანტინოს ვუყურებ და “ფინქ ფლოიდს” ვუსმენ, ვა შენ რა მაგარი ხარ? მაგრამ რომ თქვა, ინდურ ფილმებს ვუყურებ, თან ბოდიშიც უნდა დააყოლო.
- არ მინდა ბოდიშები გახდევინო, მაგრამ ინდურ ფილმებს მართლა ხო არ... - ჩაახველა უხერხულად.
- აი, აი, ნახე, რა! - რისხვის დამტეხად ვიქეცი წამებში.
- კაი, ვიხუმრე, რა გჭირს, - ხმით გაეცინა და პატარა ნაცრისფერი ქვა ჩვენკენ წამოსული ტალღისკენ მოისროლა.
ტალღის შხეფებმა ჩვენამდე მოაღწია.
- ჩაყლაპა, - მითხრა ისე, რომ თვალი არ მოუშორებია ქაფიანი ტალღისთვის, დამშვიდებული რომ ეჯახებოდა ქვებს.
- ლოგიკურია, - აღვნიშნე ცოტაოდენი დაცინვით.
- ისეთივე ლოგიკური, როგორც სიკვდილი, - ზედმეტად დასერიოზულებულმა გამისწორა მზერა, - მე იცი, რა მაღიზიანებს? დახმარების თხოვნას. არა იმიტომ, რომ თავის დამცირებაა სხვას სთხოვო დახმარება. არ მიყვარს, როცა სხვას ვაწუხებ. გულის სიღრმეში, არავის მოსწონს, როცა თავის დროს გითმობს, როცა კომფორტის ზონას ტოვებს, მაგრამ ვერაფერს გეუბნება, არადა უნდა გითხრას. არ მომწონს, როცა ადამიანები სათქმელს მალავენ და ძალიან ხშირად მალავენ. როცა ადამიანს იცნობ და გგონია, შენ მიმართ დადებითად არის განწყობილი, ამ დროს მიიხედავს და აღმოაჩენს, რომ ძალიან არ მოსწონხარ.
- ჩვენც ვმალავთ, - ახლაც, ამ წუთშიც ვმალავთ ძალიან ბევრს.
- ჰო, იმიტომ, რომ ბევრს პირფერობა ურჩევნია გულწრფელ სიმართლეს, ცოტაოდენი დისკომფორით.
- ეგ ზოგჯერ მეც მირჩევნია, - გამეცინა ჩემს უსუსურ თავზე, - გულწრფელობა და პირდაპირობა ყველაზე დასაფასებელია, მაგრამ ზოგჯერ, ფსიქოლოგიურად ძალიან რომ გიჭირს, აღარ გინდა არც მწარე სიმართლე და არც ის რეალობა, რომელშიც ცხოვრობ. იყოს ცოტაოდენი ტყუილი და კორვალოლი, ჯანდაბას! - დრამატულად ჩავიქნიე ხელი.
- რაზე ოცნებობ? - მკითხა მოულოდნელად.
- არ ვოცნებობ.
- კაი, ახლა, - დამცინა უნდობლად.
- უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ ვოცნებობ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ახდეს.
- ეგ როგორ?
- ოცნება პერმანენტული მოლოდინია და სხვა არაფერი. დღე რომ იყოს, ორშაბათი იქნებოდა, - გამეცინა.
- რატომ? - ძალიან სერიოზულად მოეკიდა ჩემს წამოჭრილ თემას, რომლის თავი და ბოლო, ალბათ, ვერცერთს გაგვეგო.

- ყველა ორშაბათს ელოდება, რომ რაღაც გარდატეხა მოახდინონ ცხოვრებაში. რაღაც ახლის დაწყებას ან ახალ წელს აიძულებენ, არადა პირველიდან ხუთამდე საცივში აქვთ თავი, ან ორშაბათს, რომელიც საერთოდ არაფერ შუაშია სიახლესთან. უბრალოდ ორშაბათია, რა. რა დააშავა ორშაბათმა? ღმერთმა კვირას დაისვენა, ორშაბათის ბრალი ხო არ არი, მაგრამ არა, ვარჯიში, ახალი სამსახური, პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავება, ახალი მიზნები და სიცოცხლის სურვილი აუცილებლად ორშაბათს უნდა დაიწყონ. არადა ხო იცის, რომ არც იმ ვარჯიშის დამწყებია და არც ის პასუხისმგებლობის გრძნობა გამოუმუშავდება, დაბადებიდან რომ არ ჰქონია? მაგრამ არა, მოსწონთ პირველი-ორი ნაბიჯის გადადგმა „მინდასკენ“, მერე რა, რომ საღამოს სამი ნაბიჯი აქვს უკან გადმოდგმული და ნავარჯიშებზე დონატები ნაჭამი? ჰოდა, ოცნებაში მიუწვდომლობა ხიბლავთ და ეგეთი მიუწვდომელი დღეა ორშაბათი. რომანტიზებაა ოცნებაც, მაგრამ ორშაბათისგან განსხვავებით, ხანგრძლივი. მთელი ცხოვრება მიჰყვებათ ის აუხდენელი და არა საღამომდე, დონატებამდე, ხომ გესმის. ბერმუდის სამკუთხედს ჰგავს. უახლოვდები და იკარგები.
- და თუ ახდა? - ეცინებოდა ჩემს მონდომებაზე, რომ დამერწმუნებინა, ოცნება არ ღირს.
- ახდენილი ოცნების სიმწარე იცი, რა არის? აგიხდა და მიხვდი, აღარ გინდა. ახდენილი არ მოგწონს. ვერ გამოდგა ისეთი აღმატებული, შენი ოცნება რომ იყო შენს ფიქრებში.
- საერთოდ არაფერზე ოცნებობ? - ვერ იჯერებდა მაინც.
- რომელიმე კუნძულზე რომ ჩავრჩე კაი საოცნებოა, რატო არა, - ავიჩეჩე მხრები უდარდელად.
- მართლა რომ ჩარჩე?
- ვერა. გამორიცხულია. არ მინდა. აი, რომ მინდოდეს, ჩავრჩებოდი, მაგრამ კი არ მინდა, უბრალოდ ვოცნებობ.
- ანუ ოცნება არ უნდა ახდეს... - მოჭუტული თვალებით მიყურებდა, ალბათ, ისევ იმ კინემატოგრაფიის შედევრებზე ფიქრობდა.
- თუ გინდა აუხდენელი ოცნების აღმატებული ემოციით იცხოვრო, არა, - მოვუჭერი მოკლედ.
- თუ ვოცნებობ... პირობითად, ფრენაზე?
- პირობითად იფრენდი?
- დავუშვათ, კი, - დამაჯერებლად დამიქნია თავი, აქაოდა ახლა მაგრად გამოგიჭერო.
- მაშინ თქვი, მე მინდა ფრენა.
- როგორ ვიფრენ?!
- მე ვოცნებობ ვიყო არწივი, იცი, რას ნიშნავს? - ჩავეკითხე ისე, როგორც ნევროზიანი დეიდა გაჯიუტებულ ბავშვს.
- არ ვიცი, მაგრამ არწივად ყოფნაზე ვინმე სულიერი ოცნებობს? - ყველა კილო სარკაზმი ჩააქსოვა ერთ წინადადებაში.
- პირობითად-მეთქი! რომც იოცნებო, უცებ არ გახდე! - გავუშინაურდი და დავიწყე აგრესიული მეს გამომჟღავნება.
- თუ მინდა ვიყო არწივი? - ეცინებოდა ჩემს ანტენებად ქცეულ თმაზე.
- კარგი ფსიქიატრის ნომერს მოგცემ, - გავუღიმე თანაგრძნობით.
- თუ მინდა ფრენა?
- პირობითად თუ მართლა?
- მართლა.
- ახლავე შეგიძლია. ხედავ იმ პარაშუტს? - ხელით ვანიშნე კვარიათის ცაზე გამოკიდებული მოწითალო ფერის პარაშუტისკენ.
- შენ რაც გინდა, ყველაფერს აკეთებ? - ვერ ისვენებდა.
- თუ გულით მინდა, ალბათ, ვაკეთებ. თუ არ მეზარება. თუ მეზარება, ანუ საკმარისად არ მინდა და ამის აღიარება, რომ რაღაც არ გამომდის იმიტომ, რომ საკმარისად არ მინდა, ცოტათი თვითშეფასებას მიგდებს, მაგრამ ეგ რა არი, ზოგჯერ საერთოდ არაფერი არ მინდა, - ქრისტეფორე კოლუმბის პათოსით ვაღიარე ჩემი ნიჰილიზმისადმი მიდრეკილება.
- ზოგჯერ არც მე მინდა, თუ დაგამშვიდებს, - ყველაზე მსუბუქად ჩამოაყოლა ხელი ჩემს მოშიშვლებულ ხერხემალს, იმაზე დიდხანს, ვიდრე შეეძლო ვინმეს.
განგაშის სიგნალი ამენთო ტვინში.
არ აღელდე... არ აღელდე. არ დაგეტყოს. გოიმი ხო არ ხარ? არა, გოიმი რა შუაშია? საერთოდ არაფერ, მაგრამ სხვა სიტყვა არ მოგდის ტვინში. დეგენერატო... კარგი, შემეშვით, ნუ ამირიეთ გონება!

- ვერ დამამშვიდებს, მაგრამ კარგია, - ამოვიბლუკუნე ბნედადაცემულმა.
- რამდენი დღეა, რაც აქ ხარ? - მკითხა ორი წუთის (ჩემთვის ათას ოთხასი მილიონი წლის) შემდეგ.
- მეოთხე დაიწყო.
- დასასვენებლად, ხო?
- წესით, ჰო, მაგრამ რაღაც ექსპედიციით ჩამოვედით... დასრულდა უკვე, - კვლავ შემოვიცვი მისტიკური მანტია.
- ხო?
- საიდუმლო მისიაა, ვერაფერს გეტყვი, - გავაქნიე თავი კატეგორიულად. ფაქტობრივად ვუთხარი, არაფერი მკითხო, ერთი ქვას ვერ გატეხ, მეორე ჩემს სიტყვას-მეთქი.
- რას ემსახურები? - იღიმოდა ისე, მე რომ არ შემემჩნია. ვხვდებოდი ტემბრით.
- მე კაქტუსს, ჩემი მეგობარი ნემოს.
- ეგ როგორ?
- როგორ და...

საიდუმლო მისია სამ წამში დავფქვი.

*

ოპერაცია “ნემო” დაიწყო იმ დღეს, როცა გუკა (ოჯახში სპირიდონი) სერიოზული მიზნით აპირებდა ჩამოსვლას. დიახ, არ მოგესმათ, მას ეყო იმის გამბედაობა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე უშიშრად შემოედგა ფეხი, ანუ იქ, სადაც მისი დაუძინებელი მტერი - ფუფა ისვენებდა. (მეც ვემტერებოდი ზემოხსენებულ პიროვნებას, თუმცა პასიურად, რადგან აქტიური როლი ფუფამ დამასწრო. (სერიული მკვლელების დოკუმენტური ფილმებიდან საკმაოზე მეტი თეორიული ცოდნა გვქონდა დაგროვილი იმისთვის, რომ როლები სწორად და გეგმის მიხედვით გადაგვენაწილებინა).
ბევრი ვეხვეწე ფუფას, ოპერაციისთვის “კაქტუსი” დაგვერქმია, როგორც ეკლიანი და ეკლებიანი სიყვარულის სიმბოლო, რომ შემდეგ, მომავალში, ნუსას რომელიმე შვილისშვილს სერიოზული რომანი ან “ვათპადის” დონის ისტორია მაინც დაეწერა იმ ამბავზე, რომლის მოხდენასაც ვაპირებდით, მაგრამ ვერანაირი გარეშე თუ არაგარეშე ძალის ჩარევით ვერ გადავაფიქრებინე, რადგან ყოველ ჯერზე წვრილ-წვრილად მიხსნიდა, რომ “ე ს ე ნ ი” შავ ზღვაში დაკარგულ თევზებს ჰგავდნენ და არა დომენიკოსა და ანამარიას და სიმართლე გითხრათ, იმდენად რეალური არგუმენტი იყო, ვერცერთ ჯერზე ვერ შევეწინააღმდეგე.
მართლა ჰგავდნენ... (თევზებს)

- ყველაფერი მოვაგვარე, - აჯაფსანდალი ქვაბიდან ისეთი სიცხადით ამოყო თავი ფუფამ, შიშისგან ადგილზე შევხტი, - ჩ-შშ! გოგო! ნუ ჩამოიყვანე ხალხი სარფის გამშვები პუნქტიდან!
- მანდ რას აკეთებ, გააფრინე? - გულგახეთქილმა მხოლოდ ახლა გავისიგრძესიგანე რას გრძნობდა ჰარი პოტერი, დემენტორი რომ გამოეცხადა მატარებლის ვაგონში.
- არავინ უნდა დაგვინახოს! - დამიქაჩა თვალები.
- რატო, შვილო, საყვარლები ვართ? თან არც არავინ არის აქ!
- ჯერ ერთი, ცოტა მისტიკურობა რომ შევძინოთ ამ საქმეს, მგონი არაფერი დაშავდება, ხო? და მერე მეორე, ამ გიფსოს კედლებს ყველგან ყურები აქვთ, აგური კი არ არი! ღამის ოთხზე მესამე სართულის ტანია ვალერი მელაძეს რომ უსმენდა, ეგ მაინც არ გაგიგია? შემერყა აურა!
- კი, გავიგე, მაგრამ რომ აუვარდი, ეგ უკეთესად, - გავაქნიე თავი დატრავმულმა.
ან როგორ არ გავიგებდი, ლამის სახანძრო და სასწრაფო დაგვაყენეს თავზე მეზობლებმა ოკუპანტი ტანიას და ოკუპირებული ფუფას ხმამაღალი “შელაპარაკების” გამო, რომელიც თვალსა და ხელს შუა გადაიზარდა ისტორიული მოვლენის რეპრეზენტაციად, თუმცა ჩვენს ვერსიაში ომის ბოლოს ტანია იყო გალახული, შელახული და ოკუპირებული.
- ნუ ახლა... აჭარულების ჭამას, ისტორიის წიგნი გადაეშალა ამ არდადეგებზე, არ მოხვდებოდა ის “ვეშოლკა”, - წამითაც არ ნანობდა ჩადენილს.
- ტანია კი არა, დღეს საღამოს სისხლი რომ დაიღვაროს, დაგვიჭერენ, ფუფა, - შეუფერებლად შევშინდი მე.
- მე პირადად, მეგობრის გამო “სროკზეც” წავალ, - არადამაჯერებლად პათეტიკური გაუხდა ხმა.
- მეგობრის გამო თუ გუკას გასამწარებლად?!
- არ მხიბლავს ფაქტი, რომ მიცნობ. რაღაცნაირად კაი ტიპი აღარ ვჩანვარ მერე, - წარბშეკრულმა ამომხედა.
- არც ხარ, შვილო, - დამამშვიდებლად გადავუსვი თავზე ხელი.
- სპირიდონის სახე უნდა გადავიღო, მანეკენის ხელს რომ დავახვედრებ! - კვლავ ბოროტების ყველა სავანე ჩაუდგა თვალებში.
- ზედმეტია უკვე, ფუფა.
- დავიწყოთ იქედან, რომ ეგ ხელი ძლივს ვიშოვე, ნახევარი საათი ვეხვეწე კამერების გამყიდველს და მერე მეორეც, ზედმეტი ის არ არის, სამ გოგოს რომ ეპატიჟება პაემანზე და მერე მიბედავს... მე! მე მიბედავს ბეჭედზე კითხვების დასმას? არა, მითხარი, რომ არ დამენახა შუა ბარნოვზე, სად მივდიოდით მერე? ვღუპავდით გოგოს!
- ეს “პაემანი” რაღაც არ გიხდება, - დამემანჭა სახე.
- ხო, არა? მეც მეუცნაურა რომ ვთქვი, ყური მომჭრა ოდნავ.
- აღარ თქვა.
- ჰო, კარგი, წავედი. ათასი საქმე მაქვს. შავი პარკი უნდა ვიყიდო.
- რად გინდა? - დამექაჩა თვალები რაღაც სისხლიანი იდეის გაჟღერების მოლოდინში.
- ერთი ნუსასთვის, რომ შეგვეწინააღმდეგოს უცებ გავახვევთ და მეორე გუკასთვის, გვამს უპარკოდ ხო არ გადავაგდებთ, რაღაცნაირად უხერხულია...
- გოგო! - შემოვირტყი თავში ხელი. სახსრებით ვგრძნობდი, დღეს ციხე თუ არა, იზოლატორი მაინც არ აგვცდებოდა.
- არავითარ შემთხვევაში, მე მაგას ვაჩვენებ, - მხრებში გაიმართა მკვლელი კოვბოი.
- ფუფა, ნუსა მოგვკლავს, - შევახსენე ჩვენი მეგობრის არსებობა ჩვენსავე ცხოვრებაში.
- ნუსას აქეთ მოვკლავ!
- მგონი საზოგადოებისთვის საშიში ხარ, - ვიცი, ხო, სიტყვა “მგონი” ზედმეტი იყო.
- გოგო, ეს აჯაფსანდალი არ ჭამო, - გამაფრთხილა ცოტა ხნის შემდეგ.
- რატო?
- რაღაცნაირად ამჟავებული სუნი აქვს, გუკას ვაჭამოთ!
- ფუფა! - დავუბრიალე თვალები, თუმცა იდეა მომეწონა.
- ვუიმე, ხო, კაი! - ამიქნია ხელი მობეზრებულად, - დათუნა მირეკავს, ჩაიკმინდე ხმა!
- რა სალაპარაკო გიძლებთ, მე არ ვიცი! - ვფრუტუნებდი ანჩხლი სიდედრივით, - რადიაცია მომატებულიაო, დღეს შემხვდა ნიუსი... რატო არ იქნება, გენაცვალე, რაც წამოსული ვართ ტელეფონი არ გაუგდია ხელიდან... აჰა, ახლა სპიკერზეც ჩამირთო, არ მაცადო დამსწრეების გარეშე ამოსუნთქვა.
- რა დღეში აქვს ამ გოგოს ნერვები? - გამოეხმაურა ჩემს წუწუნს ჩემი მეგობრის უბადლოდ არჩეული შეყვარებული, - მომისმინე, ფიფქიას დედინაცვალო, საქმე მაქ შენთან, ოღონდ “ჩესნად” მიპასუხე.
- ფუფა, ნუ მეძახის! ტყუილად ვიცავ სპირიდონთან?
- დათუნა, ნუ გადამკიდებ, გეხვეწები. ისედაც შიდა განხეთქილება აქვს ადგილი, კიდე დაყოფა და ზურგში დანის ჩარტყმა გვინდა?
- რა არი, გოგო, არსად გასაშვები თქვენ არ ხართ! - დაგვცინოდა შორიდან, აბა ახლოდან ვინ გააბედინებდა:)
- რა გაცინებს, დათუნა? მე აქ ტრაგედიას ვლაპარაკობ და შენ იცინი? - არ დააყოვნა საპნის ოპერის დადგმა ფუფამ.
- ვაიმე, ამას ვის გადავეყარე?
- არ ვიცი ერთი? - ავუბი მხარი უბადლოს.
“მესამე ბორბლობას” ის დადებითი აქვს, რომ შეგიძლია ხან ერთს დაეთანხმო მეორის ლანძღვაში, ხან მეორეს - პირველის, მართალია ამით ვერანაირ ცხოვრებისეულ სარგებელს ვერ მიიღებ, მაგრამ ისინი იჩხუბებენ და შენ გაერთობი.

- კაი, კაი, მაცადე... ფუფა, არ ჩაერიო, საქმე მაქვს ადამიანთან! - სიტყვის სათქმელად გაღებული პირი უმალვე დაახურინა ფუფას, - ჩემი ჯერ-ჯერობით მოქმედი შეყვარებული მეუბნება, რომ კარგად იკვებება. მიდასტურებ?
- კვების ახალ რაციონზე ვართ გადასული, - ვუპასუხე უპრობლემოდ.
- ჯანქი, ხო?
- არა, შიმშილი, - კუჭი ამიწრიალდა მე.
- მანდ არ დამხვდე, ფუფა!
- უ, შენ რა შპიონი ბავშვი ხააარ? - მკვლელი თვალებით გადმომხედა ფუფამ და ეჭვი მაქვს, მესამე შავ პარკსაც წამოაყოლებდა ხელს.
- კაი, ხო, ვიხუმრე, რატო იძაბებით? ჩილ, რილააქს, წყვილი! იკვებება ეს, დათუნა... სისხლით, სხვისი ნერვებით და მარილიანი ზღვით, არ ინერვიულო!
- საიდან მოიტანე რომ ვშიმშილობ? - იდაყვი ჩამარტყა ფერდში.
- მეტკინა, შეურაცხადო!
- შენ გამო ნიძლავი წავაგე, - მიქაჩავდა თვალებს “შენ მოხვალ სახლში” მშობელივით.
- ჭამაზე დანიძლავდით? ვუიმი, სად შეგვიძლია! - ჩამოვიღვენთე სიყვარულით, ან ოცდათხუთმეტი გრადუსით.
- ექიმის დანიშნულ რაციონს თუ დავარღვევ, ერთი თვე არაფერზე ვიწუწუნებ-მეთქი, დავპირდი!
- მოიცა, რა, ჩამოვიდეს, გვაჭამოს ნორმალურად, მომბეზრდა ეს თმიანი აჯაფსანდალი და ბუფეტის პიცა! - ფულიან ოჯახს მიკედლებული ბავშვივით ავიჩეჩე მხრები, - ისე, თავიდანვე რომ იცი, არ ხარ გამკეთებელი, ან სხვას რატო ატყუებ, ან საკუთარ თავს?
- ზოგჯერ მთების გადადგმის ხასიათზეა ადამიანი, მაგრამ დგამს? - ისეთი არგუმენტით შემომიტია, მთების ზანზარი გავიგეთ შუა კვარიათში.


ყველაფერი იქედან დაიწყო, რომ შუა ბარნოვზე ფუფამ ნუსას თაყვანისმცემელი, (რომელსაც არც არაფერი აკლდა შეყვარებულამდე და პრინციპში, იყო კიდეც, უბრალოდ ჩვენ არ ვაღიარებდით ისევე, როგორც აფხაზეთის დამოუკიდებლობას), გამოიჭირა სხვა გოგოსთან ერთად. რასაკვირველია, პირველი ფიქრი ნათესაური კავშირის დამყარებას გულისხმობდა, მაგრამ ფუფას პროექტორივით თვალებს, რომელსაც სხეულის ენაც კარგად ესმოდა, იმიტომ, რომ ფასიანი კურსი ჰქონდა გავლილი და ინგლისურენოვანი სერტიფიკატი აღებული, არაფერი გამოეპარებოდა.

აღიძრა რა სისხლის სამართლის საქმე, დაიწყო გამოძიება, ოპერაციაში ჩაერთნენ მეძებარი ძაღლები, მათ შორის ფუფას ბებიის თუთიყუში დოდო, გადმორეკა შერლოკ ჰოლმსმაც, ტერორისტულმა ორგანიზაციამ თავის თავზე აიღო ჯერ არ ჩადენილი დანაშაულიც, პარალელურად ფუფამ გადარეკა ყოფილ კურსელთან, რომლის საერთო მეგობრის დაუოჯახებელი მამიდის მეზობელი გახლდათ გუკას ოჯახი და კვანძიც ასე გაიხსნა.

ზემოხსენებული მამიდის აქტიურმა ჩართვამ გამოძიებაში, რომელიც მოიაზრებდა მეზობლებში ირიბ გაკითხვ-გამოკითხვასა და ოჯახის ყველაზე პატარა წევრის (ამ შემთხვევაში, გუკას ძმისშვილის) მოსყიდვას შვეიცარიული შოკოლადებით, ეჭვები დაადასტურა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გუკა (ოჯახში სპირიდონი) ნუსას პარალელურად ხვდებოდა ვინმე კატო მგალობლიშვილს, თაკო კოდუასა და ნინი რურუას.
რა თქმა უნდა, ნუსასთვის ყველაფერი წვრილ-წვრილად უნდა მოგვეყოლა იმ წამსვე, რა წამსაც ამ ინფორმაციამ მოაღწია ჩვენამდე, მაგრამ იმ დღეს, როდესაც ფუფამ თქმა დააპირა, გაირკვა, რომ გუკას (ოჯახში სპირიდონს) ბეჭდის არჩევა ჰქონდა განზრახული...
ორწევრიანმა კომისიამ (რომელსაც შემდგომში მესამე წევრი (დათუნა) დაემატა, რასაკვირველია, ნეპოტიზმით) გამოიტანა ვერდიქტი მწარე შურისძიების, ანუ გუკას დასჯის, ფუფას სიტყვებით “გაბანძების” სახით.
როგორ? - ისე, რომ ნუსას არაფერი გაეგო.
რომ გაეგო, “გაბანძების გეგმა” დაწყებამდე დასრულდებოდა და მე, ფუფას სხეულში შურისძიების ცეცხლით ანთებულ დრაკონს ვერაფერს მოვუხერხებდი.
ქალაქი გადაიწვებოდა.


*

“აი ვთქვათ
წარსულ მოგონებებს გავეკიდე ცად,
და ვიქეცი გაფრენილი წლების თვლად
თუ დამტოვებ ისევ შეყვარებულად”


*

სპეცოპერაცია “ნემოს” განსახორციელებელი საღამო იყო, ფუფა რომ წამომადგა თავზე.
უკან მოჰყვებოდნენ დათუნა და ურუშა. ეს უკანასკნელი ჩვენი გეგმის იმ მხარეს წარმოადგენდა, რომლის შესახებაც აქამდე არ მისაუბრია, რადგან გადამალული მძევალივით ვუფრთხილდებოდით ჩვენი გეგმის უმთავრეს კოზირს და მასთან ერთად მის სიყრმის მეგობარ - ურუშასაც.

- ნუსა სად წაიღე? - შემზარავად შეშფოთებული დამიდგა გვერდით და ცარიელ პარკში ჩაყო თავი ფუფამ, - რატომ არ არის გახვეული პარკში?! გაგექცა, ხო? ვიცოდი, რა! გეუბნებოდით? ხო გითხარით, გაექცევა-მეთქი!
- გავატანე, - ავტორიტეტული “შპილით” დავუხვდი შემოსწრებულებს და ვეცადე ყურადღება არ გამემახვილებინა ჩემს სუსტად წარმოჩენის მცდელობაზე, რადგან ამის დრო არ იყო, მაგრამ სრული სიზუსტით დავიმახსოვრე და ცხოვრების რომელიმე მონაკვეთში მაინც წამოვაძახებდი!
- ვის? - თვალები გადმოსცვივდა ბუდიდან ფუფას.
- სპირიდონ მამასახლისს! ვის გავატანდი? - აღმაშფოთა უნდობლობამ და ზემოხსენებული ავტორიტეტის გაუფასურებამ

ყველაფერი კი ჩემი ბოდიშით დაიწყო.

*

“ანდა ვთქვათ,
მოვინდომო ისევ ხეტიალი გზად
თეთრი შუბლი დაგიღარო ეჭვებად
თუ დამტოვებ ისევ შეყვარებულად…”


*

- ბოდიში ნუსა, მაგრამ ეს უნდა გავაკეთო, - დამწუხრებულმა ვუთხარი მაშინ, როცა ერთადერთი ლამპიონით განათებულ ქუჩაზე მარტო ვიდექით და ხელში მხოლოდ შავი პარკი მეჭირა.
- რ..რაა? - ბლუკუნით დაწყებული სიტყვის დიაპაზონი მაშინ გაიზარდა, შავი მერსედესი ჩვენს ფეხებთან რომ გაჩერდა.
- ნუ ყვირი, მარჯვენა ყური რომ მტკივა მთელი დღეა, არ იცი?! - ვიწყინე უყურადღებობა.
- ეს რა ხუმრობაა? - გაოგნებული ხან მე მიყურებდა, ხან ნაცნობ მანქანას.
- რა დროს ხუმრობა და ფლეშმობია, ნუსიკო, გელოდება ადამიანი.
- აქედან აორთქლდეს, საერთოდ არ მეცინება! - აუწია ხმას, ადრესატამდეც რომ მისულიყო და ფოსტალიონის როლი არ შემესრულებინა, - კვარიათის ყველა ბუჩქის მიმიკრია იმიტომ არ გავმხდარვარ, ბოლოს ამას რომ ჩავუჯდე მანქანაში!
- მესმის შენი, - შემრიგებლური დავიჭირე მე, - დაგამშვიდებ და გეტყვი, რომ გაგების დონეზე მესმის, მაგრამ თუ ახლა არ ჩაჯდები ამ მანქანაში, მალე სპირიდონი დაგადგება ბრილიანტის ბეჭდით და მინიმუმ თავს მოგჭრის და მაქსიმუმ თავს მოგვჭრი! ამიტომ გთხოვ, ჩაჯდე, თორე ფუფა მოვა და ძალით ჩაგტენის. ამ შავ პარკს ხო ხედავ? - მზერით ვანიშნე ჩემხელა პარკზე, - ხალიჩა ვერ იშოვა და ეს იყიდა, რომ გაგხვიოს... წესით და რიგით, შენ ახლა ეს ყველაფერი არ უნდა გაგეგო, მაგრამ შენი გადასაწყვეტია... მართალია ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ, მაგრამ გიტოვებ თავისუფლებას... ცოდნის.
- თქვენ... რა... თქვენ რა... გააფრინეთ?!
- ყველაფერი ჩემთან ერთად დაგეგემეს, - მანქანიდან გადმოსვლა ინება გეგმის მთავარმა კოზირმა.
- და ამის მერე გგონიათ, რომ მე ამის მანქანაში ჩავჯდები და საერთოდ გგონიათ, რომ თქვენ გვერდით დავიძინებ? - შფოთვითი კომიდან ჯერაც არ იყო გამოსული ნუსა, ნემოს ფერს დამსგავსებული გვიყურებდა ორივეს.
- იმიტომ არ გვიწვალია ამდენი, დღეს ჩვენ გვერდით რომ დაიძინო, ნუსიკო, - სასხვათაშორისოდ აღვნიშნე მე.
- ეს შერყეულია, შენ რა გაცინებს? - გამწარებული მიუბრუნდა ჯავახას, - წლები გავა, დაბრუნდები ვითომ არაფერი, ბოდიშს მოიდი და მეც გაპატიებ?!
- ბოდიშის მოხდას არც ვაპირებდი, - ჩაახველა ჯავახამ.
- აბა რას აპირებდი? - გააჯავრა ნუსამ.
- ხელის...
- რა ხელის!
- მათხოვებ შენს ხელს წამნახევრით?
- გააჩნია რამდენს გადაიხდი, ამის ხელზე დღეს დიდი მოთხოვნა... მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი კარგად მაქვს ნასწავლი, თავს არ დაგაგოიმებინებ,- ჩავერიე მე, როგორც კაპიტალ... კარგი, ხო.
- შენ გაჩუმდი, შენი ხმა ნუ მესმის! - დამიქაჩა თვალები ნუსამ.
- კაი, ბატონო, ჩუმად ვარ. შემიძლია აფორიზმები წაგიკითხოთ “ვეფხისტყაოსნიდან” და სიყვარულის ხასიათზე მოგიყვანოთ... მაგალითად, “სიყვარული აგვამაღლებს, ვით ეჟვანნი ამას ჟღერენ” და ასე შემდეგ!
- გეყოფა!
- მე კი მეყოფა, მაგრამ არ სჯობს, რომ ერთმანეთთან მოაგვაროთ ის, რასაც ფუფა თქვენ გარეშე მოაგვარებს? რა გინდა, აჩეხოს ის ბიჭი?
- არ მჯერა, რომ ამას აკეთებთ და ასე იქცევით, - სიმწრის ცრემლები აწვებოდა ნუსას. ოდნავ შემეცოდა, მაგრამ ვიცოდი, მერე უფრო შემეცოდებოდა, გუკასთან თანაცხოვრების შედეგად წარმოშობილი ცრემლების მოსაწმენდად “სელპაკის” ქარხანაში მუშაობაც რომ ვერ შეაძლებინებდა.

- არა უშავს, ჩვენც არ გვჯეროდა, მექალთანე მუტრუკი რომ იყო ეგ შენი გუკაჩო და ახლა შენც არ დაიჯერებ, რასაც გეტყვი! სმენა იყოს და გაგონება, ვხსნი! - მკაცრი დირექტორის იმიჯი მოვირგე წამებში, - ეგ შენი თაყვანისმცემელი გუკა, სინამდვილში თაყვანს შენ კი არა, კიდე სამ ქალს სცემდა და დამიჯერე, ეგ ქალები ოჯახის წევრები ნამდვილად არ იყვნენ! - გესლიანად ჩავიცინე მე და ნუსას ფერდაკარგული სახის მიუხედავად, იმავე ენთუზიაზმით განვაგრძე ამბის თხრობა, - შეგვეძლო ეს ამბავი აქამდე გვეთქვა და შენც დაგესრულებინა ეს მასკარადი, მაგრამ... მაგრამ... ასე მარტივად? ვერა, ნუსა. ეს საქმე ცოტა მაღლა წყდება, ფუფას, ფუფას ბებიის თუთიყუში დოდოს და მისი კურსელის გაუთხოვარი მამიდის დონეზე... გუკას ჩვენ მივხედავთ და არასდროს დავავიწყებთ ამ დღეს, შენ კი ამ ბიჭს გაყვები სალაპარაკოდ. ვიმეორებ, სა-ლა-პა-რა-კოდ! - დავუქაჩე თვალები ორივეს, - ახლა, ალბათ, გაგიჩნდება კითხვა, საიდან მოვიდა ჩვენამდე ეს გულდათუთქული ადამიანი და ბარემ აქვე გეტყვი, მერე რომ არ მახსნევინო კიდე! ერთი კვირაა, რაც დაბრუნდა ქვეყანაში, შენი ნახვა სდომებია თურმე და ფუფას დაურეკა, ფუფამ წვრილ-წვრილად მოახსენა შენი და გუკას ამბავი, მაგრამ მეამბოხე ადამიანს ერთი სპირიდონი დააკავებდა? ისე, ჩემთვის არ უნდა გეთქვა, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი შენი ყოფილი რომ იყო? - სერიოზულად ვიწყინე მე, - მოკლედ, დროა ეს დრამა დაასრულოთ და ბოლოს და ბოლოს თქვენს ქორწილში ერთი კაი სეზონური ლიმონათი დამალევინოთ! მე აქ ამისთვის ვარ, აბა, ჯავახას დას სულ არ უნდა გათხოვება! - დავასრულე უგრძელესი მონოლოგი საკუთარი თავით კმაყოფილმა და მივხვდი, რომ მეჯვარეობას არც არავინ შემომთავაზებდა ამის მერე. უფრო ქალების სუფრის თამადა:)
- ეგეც.. ეგეც მომატყუეთ? არამზადებო! შეშლილებო! - ყვიროდა ნუსა.
- ეგრე ძალიან თუ დარდობ, გავათხოვებ, გეფიცები, ოღონდ შენ მშვიდად ჩაჯექი მანქანაში, - თეთრი დროშის აღმართვა მოვუწონე პოტენციურ სასიძოს.
- რაზე უნდა გელაპარაკო, გიორგი? რა უნდა ამიხსნა?
(უიმე, აი, თურმე, რატომ ეძახიან ჯავახას... - ჩუმად ვფიქრობდი ჩემთვის.)
- იმაზე უნდა გელაპარაკო, რაც შენ დამისრულე, ნუსა!
- რა მომიბრუნებს მე გულს?
- მოსმენა! სმენის პრობლემა გაქვს ახლაც, იცი? - შესაშური სიმშვიდით დაჰყურებდა ზემოდან ცრემლებად დაღვრილს.
ვიდექი, როგორც მესამე ბორბალი. როგორც რეჰანი, ქინძსა და ოხახუშს შორის.
- საკმარისად ბევრი ვნახე და მოვისმინე! - არ თმობდა პოზიციებს.
- და რა მოისმინე? ვის მოუსმინე? შენ უნდა იხდიდე ბოდიშს, ნუსა! მე უნდა ვბრაზობდე შენზე, რომ არცერთი წამით დაიჯერე ჩემი სიმართლე, იცი? - აუწია ხმას ჯავახამ.
- ვაიმე, ნუ ყვირით, ჩამეყრება გეგმა წყალში! - დავფაცურდი მზაკვარი მეზობელივით, ინტრიგებს რომ ხლართავს კორპუსში, - მოკლედ, ან წახვალ, ან დარჩები და ნახავ როგორ დაგინთებს გულს შუა სასტუმროში ის მოღალატე წურბელა. თუ მაინც არ წახვალ, იცოდე, ჯიბეში ნიშადური მაქვს და მაინც გაგაყოლებ!
- მოიცა, რა?
გაოგნებულმა გადმომხედეს და სულ ეს იყო.

*

- მოკლედ, ასე იყო ეს ამბავი, - კარგი რეჟისორივით ამაყად გადმოვხედე შეკრებილებს, - რთულია იყო საუკეთესო არა და, სწორი მეგობარი, ჩემო ფუფიკო. მართალია, ჩვენ არ ვიცით, როგორ დაასრულებენ... შეიძლება ცუდად, შეიძლება კარგად, მაგრამ მისი სურვილი რომ არ ყოფილიყო, ვერანაირი ძალა ვერ აიძულებდა წასვლას... ძალიან კარგად იცოდა ნუსამ, რომ ჩემს კაბას არც ჯიბე ჰქონდა და არც არარსებულ ჯიბეში იდო ნიშადური. ისიც იცოდა, რომ ნიშადური ადამიანს კი არ აძინებს, აფხიზლებს, მაგრამ ვითომ დამაჯერა, რომ ვითომ დაიჯერა, - გამეცინა ჩემს ეშმაკობაზე, - აი, მანდ მივხვდი, ის გააკეთა, რისი გაკეთებაც უნდოდა, მაგრამ საკუთარ თავს ვერ უტყდებოდა... ასე რომ, ჩვენ კი არ დავაძალეთ, დავეხმარეთ ირიბად ეღიარებინა, - გადავუსვი თავზე ხელი ცრემლებად ქცეულ ფუფას, ძალადობის ცეცხლით რომ იწვოდა და მე დიპლომატიურად ჩავუფერფლე, - სწორი და არა საუკეთესო იცი, როდის ხარ? ვერ ნათქვამ სურვილებს რომ დაუნახავ თვალებში ისე, როგორც დედა ხვდებოდა სტუმრად ყოფნისას, ის ნამცხვარი რომ გინდოდა, რომელზეც მორიდების გამო უარი თქვი.


***

კარგა ხანია გადასცდა საათის ისრები დილის ექვსის ნახევარს, მაგრამ აქა-იქ თუ შეამჩნევდით დამსვენებლებს.
ამინდი ირეოდა, მზე საიმედოდ ეფარებოდა ახლადმოქსოვილ ღრუბლებს.
მთვარესაც მალავსო თითქოს, ისე გამუქდნენ ღრუბლები.


- იმ ტიპს რა ბედი ეწია? - დაინტერესდა მთავარი ამბით.
- აჰ... არ გამახსენო! - თვალები ავატრიალე იმ მომენტის გახსენებისას, ლამის ციხეში რომ გამოგვაჯინეს, - რომ დავეჭირეთ თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის, არ გამიკვირდებოდა.
- ნუ მაინტრიგებ, - გაეცინა და მხარი გამკრა სულ ოდნავ.
- ფუფამ დაურეკა, გულითადი სალამი უძღვნა, ყველაფერში დაგეხმარები, შენ ოღონდ აქამდე მოდი, სიძედაც მიგიღებო, - ტყუილების ის მცირე ნაწილი ჩამოვუთვალე, რომლებიც ფუფას პირით გაჟღერდა.
- დაუჯერა, ხო? - მასაც და მეც გულით შეგვეცოდა ყველასგან მოტყუებული მატყუარა სპირიდონი.
- გუკამ კი არა, ლამის მეც დავიჯერე, - შევაქე ფუფას აფერისტობის უნარი, - შემოიყვანა სასტუმროში, ცეცხლი დაანთებინა, სერენადა ამღერა... ეს აღფრთოვანებული დამსვენებლები ვიდეოებს უღებდნენ, იყო ერთი ამბავი და ოვაციები... მერე ფუფამ უთხრა, შენ ზურგით დადექი, დაიჩოქე, მე ნუსას ჩამოვიყვანო... ისიც დადგა მუხლებზე... - დრამატული სიჩუმით დავძაბე სიტუაცია.
- მერე, მერე? - იცინოდა ის.
- მერე ჩამოათრია მანეკენი. ჯერ მანეკენის ხელი უნდოდა მარტო, მაგრამ არ ათხოვა კამერების გამყიდველმა კაცმა და მთლიანად გამოატანა. გამოაწყო კაბაში და დაუყენა სპირიდონს. ესეც დაჩოქილი მობრუნდა და რაც დახვდა, შენს ფანტაზიას მიანდე, - ბოროტულად ჩავიქირქილე მე.
- არ არსებობს! - ხარხარებდა, - რეაქცია?
- მერე იმ დანთებულ ცეცხლს დაემსგავსა ეს ჩვენი უწყინარსახიანი სპირიდონი... ფუფა გვერდით გავწიე, სანამ იმ ცეცლში გამოწვავდნენ ჯორდანო ბრუნოსავით და კომპრომატებით დავადექი დაჩოქილს. ისიც კი იკადრა, მე არ ვარო, ეთქვა, წარმოგიდგენია?! ხოდა, აქ შენი დასაგოიმებელი არავინ არ არი, ჩემო მეგობარო, აბა, შენი ცეცხლიანად აიბარგე, სანამ ეს ვიდეო დაგიდე-მეთქი, მოვახსენე. თავს ხო არ მოიჭირდა? ადგა და წავიდა.
- გიჟები ხართ! - აღფრთოვანებული გვაქებდა მე და ჩემს დაბადებიდან ხუთ წამში სამშობიაროს იტაკაზე დავარდნილ მეგობარს.
- ვიდეოს ატვირთვამდე ოცი პროცენტი იყო დარჩენილი, ფუფას რომ შევუსწარი. მერე გენახა სიგიჟე, ეგ ვიდეო რომ ენახა ხალხს! ეგ შეურაცხადი, ეგ უძინართა მზეში გადარჩენილი პელე! - ბარემ მივალანძღე დეგენერატი ფუფა.
- შენ? შენ ვინ ხარ?
- ო... მე ... - ვზუზუნებდი კარგახანს ჩაფიქრებული, - მე მაგრად ვთამაშობ დამკას, - და ამოვაძვრინე ჯიბიდან ჩემი პატარა “Epoch Co-ს” დამკა. 1977 წლის, იაპონური.
- შენს თავს ეთამაშები? - ჩაეღიმა რაღაცნაირი სითბოთი. (ან შეცოდებით)
- ხშირად.
- გიყვარს?
- მომწონს. შენ?
- დიდი ხანია აღარ მითამაშია.
- ვითამაშოთ? - და დავიწყე ქვების დალაგება.
- რომ წააგო, ხო არ იტირებ? - ეჭვნარევად ამომხედა, - კაი, ნუ მიყურებ ეგრე.
- მარცხი ვის უყვარს? - ავზიდე ორივე წარბი.
- იქნება ვინმე.
- მე არ მიყვარს, როცა ვმარცხდები, მაგრამ არ ვბრაზდები, როცა სხვისი მოგება დამსახურებულია.
- მოგება მოგებაა, ისევე, როგორც ფაქტია ფაქტი. თამაშის შინაარსით დიდად არავინ ინტერესდება, ძირითადად შედეგია გადამწყვეტი, - რაღაცნაირი გულისწყვეტით ჩაილაპარაკა და შავი ქვა აათამაშა ხელში.
- შავები მე ვარ, - ხელიდან ავართვი შავი ქვა, მხედარი.
- რატო?
- მიყვარს შავებით თამაში!
- მეც! - არ ჩამომრჩა გაჯიუტებაში.
- ჩემი დამკაა! - სულ სხვა საფეხურზე ავიყვანე ჩემი არამიწიერი სიყვარული ქვების მიმართ.
- სტუმარს პატივი უნდა სცე, - მომიჭრა შესაბამისად.
- ვერა, არა!
- კაი, გითმობ, გოგო ხარ.
- არავითხარ შემთხვევაში! - ჭირიანივით დავაგდე შავი ქვა.
- ველოდი ამ რეაქციას, - თვალი ჩამიკრა და კმაყოფილმა მიისაკუთრა ჩემი შავები.
- კარგი, იყოს ასე... კი ბატონო, დანდობას არ ელოდო!
- როგორ გეკადრება, - გამიცინა.
- მოიგე? პატივს გცემენ. წააგე? ფაქტია, წააგე. არავის აინტერესებს, რატომ წააგე. წააგე და ეგ არის მოცემულობა. ან კრიტიკის მსხვერპლი გახდები, ან უბრალოდ არავინ შეგამჩნევს. თამაშების ყველაზე დიდი ტრაგედია ეგ არის, ჩემი აზრით. წაგებულს შეუმჩნეველს ხდის, - სამი სვლის გაკეთების შემდეგ ამოვიღე ხმა.
- თუ წაგაგებინეს? - მომიკლა თეთრი.
- ყველამ ყველაფერი იცის გულის სიღრმეში, - მეც მოვუკალი.
- მანდ ვერ დაგეთანხმები, - გააქნია თავი უარყოფის ნიშნად, - მოცემულობას მაინც არ ცვლის, მაინც წაგებულის სტატუსი მოგაქვს სახლში.
- ვისთანაც წააგე, მან ხომ იცის?
- ის ფიქრობს, რომ იმსახურებს, მილოცვებს იღებს, ისტორიაში გამარჯვებულის სტატუსით შედის და რატომ უნდა დაიღალოს თავი იმაზე ფიქრით, რომ არ იმსახურებს?
- ერთი კაცი გვყავს. მე ღმერთის მეგობარი მგონია, ეგ კაცი. ჰოდა, მაგ კაცმა თქვა, “დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით.” მე ეგ წამი, ნამუსი მგონია. შეიძლება მილოცვებს იღებ მთელი დღე, მაგრამ იმ წამს მაინც ვერ გაექცევი, როცა იცი, რომ არ დაგიმსახურებია. მე თუ მკითხავ, დაუმსახურებელ მოგებას, დაუმსახურებელი წაგება სჯობს. იცი, რატომ? უსამართლოდ წაგებულს არ უწევს იდგეს უსამართლოდ მოგებულის ადგილას, - და მაშინ, პირველად გავუსწორე მზერა მოურიდებლად. სულ ერთი წამით. აღარ მიყურებდა, ალბათ, იმიტომ, რომ მე მას ვეღარ ვუყურებდი, - შენი სვლაა.
- და რა უნდა ქნას უსამართლოდ წაგებულმა?
- თავი მაღლა ასწიოს და “დააქამბექოს!” - მისტიკური (უფრო გიჟი ფიზიკოსის) სახით გადავხედე და სწრაფადვე ავაცალე მეფე, - გეგონა ჩამკეტავდი? ფუკა!
- ეე, ფუკას ვართ? - აღშფოთდა ჩემი ოპონენტი.
- ჭინჭყლი ხარ?
- დასაწყისში უნდა გეთქვა!
- კაი, არ იტირო, არ მინდა, აჰა!
- არა, აიღე. რას ქვია, - უარესად აღშფოთდა ეგოშელახული.
- ჯოკერი ხიშტის გარეშე გითამაშია? რა აზრი აქვს დამკას ფუკის გარეშე?
- მაშინ მე ამას მოვკლავ, - შეიწირა ჩემი თეთრი დედოფალი.
- უკან კვლებს ვართ? - წამოვიყვირე დანაკარგით გადაშფოთებულმა. ვის ვაპატიებდი მე ჩემი ქვის კვლას? სისხლი უნდა ამეღო ახლავე!
- რატო არა?
- აი, ეგ უნდა შეგვეთანხმებინა, - შევუსწორე ყოვლისმცოდნე მასწავლებელივით.
- ისევე, როგორც ფუკა, - ჩამიკრა თვალი კმაყოფილმა.
- არა, მეგობარო, ეგრე არ გამოვა. ფუკა და დურაკაში შემობრუნება არის დაუწერელი წესი. ცხადზე უცხადესი! ისეთი ცხადია, ფურცელზე დაწერით მელანს არ აფუჭებენ, - არ ვეშვებოდი ჩემს შეგირდს.
- აბა, მარცხი არ მაბრაზებსო? - შემომიბრუნა მთელი ნატრაბახები ფილოსოფია.
- არა, რა შუაშია? - შევიცხადე “როგორ მაკადრე” მზერით, - შეიძლება ბრძოლა მომიგო, მაგრამ ომი არ დასრულებულა! ჰეჰ, ეგრე მარტივად რომ ვნებდებოდე...
- კაი, კეისარ, გააკეთე სვლა, - დამცინა ზედმეტად ხმამაღლა.
- არა, რაღაც გცოდნია, ვერ დაგიკარგავ. კარგი ტაქტიკაა სასაზღვრო ხაზზე ქვების განლაგება, ყოჩაღ, მაგრამ ვწუხვარ, უნდა მოგიკლა...
- უი, ეგ არაფერი, მე ამ ორის მოგიკლავ ერთად.
- უხ, შენი! - შესამჩნევად მომეშალა ნერვები, - არა, არ ვბრაზობ, მართლა. მე შავი ქვების მოგება სულ გამახარებს! - ისევე, როგორც ოსტატს შეგირდის წარმატება.
- აღიარებ, რომ ვიმსახურებ?
- რა თქმა უნდა... ის კი არ ვარ... რეალობადაკარგული!
- საყვარელი ხარ, - გამიწელა ორივე ლოყა.
პირველი კომპლიმენტი რომ არა, ვიფიქრებდი პლაჟზე კეთილმა ბიძიამ მიპოვა-მეთქი... მგონი, მთვრალი ვარ. ანანასის წვენში ცოტა ჯინ-ტონიკი ხო არ გაურიეს?

- რომ ვიგებ, თუ ხვდები? - მკითხა ბოლოს, ენა რომ ვერ ამოვიდგი.
- არა უშავს, მაინც შავი ქვების მხარეს ვარ, - დაბნეულმა ამომხედა და მივხვდი, უნდა განმევრცო, - ხომ არის ხოლმე, როცა გაუცნობიერებლად ვირჩევთ მხარეებს. მაგალითად, უყურებ ფეხბურთს, აზრზე არ ხარ ვინ თამაშობს, მაგრამ წითლების მხარეს ხარ. თამაშებში ფერები და რიცხვები რაღაცნაირად საკუთრების განცდას იწვევს, არა? მიუხედავად შავი ქვების მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემისა, ზოგჯერ თეთრი ქვებითაც ვთამაშობ და შავი რომ მიგებს, დიდად გული არ მწყდება. რაღაცნაირად შვილივით არის, დამარცხებულსაც მიხარია მისი გამარჯვება.
- გიფიქრია ოდესმე შავი ქვების გადაყვარებაზე?
- მიფიქრია. მაინტერესებდა თეთრიც ისე თუ შემიყვარდებოდა, როგორ შავი, მაგრამ არ გამოვიდა. ისევე, როგორც მარცხენა ხელის სიყვარული. აი, მარცხენა ხელზე მეტად მარჯვენა მიყვარს, ამიტომ ბავშვობაში ვცდილობდი ცაცია ვყოფილიყავი, რომ მარჯვენა აღარ მყვარებოდა ასე განსაკუთრებულად. ვვარჯიშობდი კიდეც, მაგრამ არც ეგ გამოვიდა, მაინც დამეჩაგრა მარცხენა, - საოცარი გულისწყვეტით გავანდე ბავშვობის საიდუმლო.
- ბურთს რომ შევეხე პირველად, მეგონა, ბურთი ისე ითამაშებდა, როგორც მე მომინდებოდა. მაგრამ ბურთიც დამოუკიდებელი პიროვნება ყოფილა. ზოგჯერ არ უნდა შენთან თამაში, - კიდევ ერთი ქვა ჩაყლაპა ტალღამ.
უსიტყვოდ მივხვდი, საითაც მიჰყავდა.
- გიფიქრია თავის დანებებაზე?
- მიფიქრია, ახლაც, ამ წამსაც ვფიქრობ, მაგრამ გულწრფელი სურვილი არასდროს მქონია. გავაკეთებდი კიდეც, ალბათ, ცუდად რომ არ ვხვდებოდე წარმოდგენისას, - სევდიანად ჩაეღიმა.
- შენი თავი შენში გიპოვია... საკუთარი საქმის სიყვარული საკუთარი თავის პოვნას რომ ჰგავს, არ იცი?!
- წარუმატებელი ფეხბურთელების მეტი რა არის, - არიდებული მზერა იტევდა ყველა შიშს ერთად.
- ყველაზე წარმატებული გინდა, რომ იყო?
- არის ვინმე, ვისაც არ უნდა?
- იმედია არის, - ჩამეცინა მის სიტყვებზე.
- ფაქტია, რომ ვიღაც უფრო დიდი ნიჭით იბადება. სიტყვა ფეხბურთზე, პირველი ვინ გახსენდება?
- გინდა, რომ შენ იყო ის, ვინც გაახსენდებათ?
- დავუშვათ, ჰო. დანაშაულია? - წარბაწეულმა გადმომხედა.
- არა, მაგრამ გააჩნია შენი მასშტაბები სადამდე მიდის, - გამეცინა ისევ, - ყველა ეპოქას ჰყავს თავისი ლეგენდა. ის, ვინც პირველი ახსენდებათ. ისეთებიც ჰყავთ, პირველი რომ ახსენდებათ, მაგრამ არა ყველას. აი, მაგალითად, ქართველს რომ დაუსვა ეგ კითხვა, დიდი ალბათობით ყიფიანს გიპასუხებს, უცხოელი თინეიჯერი მესის ან რონალდოს, ცოტა ასაკოვანი პელეს, - ხელიდან ავაცალე ის ქვა, მოლურჯო, თეთრი წინწკლებით, - ლეგენდები უკვადავებიც არიან და მოკვდავებიც, შენ რომელი გინდა იყო?
- ჩემს სურვილზეა? - მოჭუტული მზერით ჯერ ქვას დახედა, შემდეგ მე. უწვრილესი ხაზები გაუჩნდა თვალთან ახლოს. უცნაურად ამომხედა, დამამახსოვრდა.
- აბსოლუტურად!
- დავუშვათ უკვადავი, მერე? - იღიმოდა ისიც.
- უკვდავი ლეგენდა რომ გახდე, აუცილებელი არ არის, სულ იმარჯვებდე. უკვდავი სახელი რომ დაგრჩეს, წარმატებულად კი არა, სწორად უნდა ითამაშო და უფრო სწორად იცხოვრო. იცი, რა კარგად ჩანს ვინ რას თამაშობს და რატო? ყველაფერი, მათ შორის სპორტიც, სპორტსმენებიც, კარგ წიგნებს გვანან, რომელმაც დროს უნდა გაუძლონ... რონალდინიომ თავისი ფეხბურთი შექმნა, თავისი სამყარო. ისე კი არ ითამაშა, როგორც ასწავლეს, როგორც სხვები თამაშობდნენ, სხვები აათამაშა თავის სტილზე. მარადონა ისეთია, ფეხბურთს კი არა, ბრძოლას მოგანდომებს, რომ ის შეცდომა არ გაიმეორო, რაც მან დაუშვა, მაგრამ მაინც სწორი დარჩა. პიროვნება იყო ეგეთი. მართალი. იმდენად სწორი, ფეხბურთსაც მის სისწორეს დაუტოლებდი და ერთხელ მაინც უყურებდი მის თამაშს, სულ რომ ფეხბურთი გეზიზღებოდეს.
- არის ხოლმე, როცა მთელს თავიანთ ცხოვრებას დებენ და მარცხდებიან. იჭრებიან, - ირიბად აღიარა ყველაზე დიდი შიში. რა გასაკვირია, მე უარესად მეშინია. ან არის ვინმე, ვისაც წაგებული ცხოვრების არ ეშინია?:)
- ახლა რომ გაჩერდე, ახლა რომ იფიქრო, რომ არ გავჩერდე, დრო ტყუილად დაიკარგებაო... ხომ ფიქრობ ხოლმე? - ჩავეკითხე, სანამ გავაგრძელებდი.
- ვფიქრობ ხოლმე, - ამოიოხრა ღრმად. იგულისხმა “ხშირად”, ვიდრე “ხოლმე.”
- თუ მაქსიმუმი არ ჩადე, ვერასდროს გაიგებ, ის დრო, ის შრომა უმიზნოდ დაიკარგებოდა თუ არა.
- მარტივი ჭეშმარიტებაა, თეორიულად მარტივი, პრაქტიკულად რთული.
- გააჩნია საიდან შეხედავ. არის ხოლმე, იშრომებ, ენერგიას ჩადებ და არ გიფასდება. გული გვიცრუვდება, მაგრამ გვავიწყდება, რომ შრომა უკვალოდ არ ქრება. იმ წამს თუ არა, სადღაც, ოდესმე მაინც იჩენს თავს და გაფიქრებინებს, რომ არ მეშრომა, ასე მარტივი არ იქნებოდაო.
- რამდენი ფეხბურთელი გაქრა ისეთი, რომ იფიქრებდი, ხალხს მათი სიყვარული არასდროს გაუნელდებაო.
- მაგალითად?
- ჩვენი ყოფილი კაპიტანი, ლეშკა.
- ვისი ბრალია, მერე? - ავენთე წამებში.
- ვისი?
- თავი დაანება! - ფეხზე წამოვხტი.
- არ გაუმართლა, - მიპასუხა მშვიდად.
- შრომა არ ჩადო, არ დაიხარჯა საკმარისად!
- არა, რას იძახი? - აღშფოთდა უარესად.
- იცი, სად დანებდა? ოცდაათი წლის ასაკში რომ შესთავაზეს თამაში და უარი თქვა. სახლში დაჯდა. სმა დაიწყო. ეგ არ უნდა გეშლებოდეს, როცა ამხელა ხარ!
- ტრავმა ჰქონდა!
- ერთი ტრავმა თუ გიწყვეტს ამდენს, მაშინ არც იმსახურებ სხვა დიდ ამბებს!
- არ გესმის, - გააქნია თავი.
- ოცდაათი წლის ასაკში რომ არ დაესრულებინა ოცი წლის ნაშენები კარიერა, ოცდაცამეტი წლის ასაკში იმ კმაყოფილებას იგრძნობდა, შრომის დაფასებას რომ სჩვევია მხოლოდ. არ იბრძოლა!
- რომ ებრძოლა რას მოიგებდა? - ხმას აუწია სულ ოდნავ, ორივე წარბი ავზიდე და მივახვედრე, მეც მაგრად ვყვირი-მეთქი.
- ვერასდროს გავიგებთ, რომ არ დანებობდა, რა იქნებოდა, მაგრამ ალბათობა გეუბნება, რომ “შეიძლება.” როცა ჩერდები, შენს გვერდით ერთი სიტყვა იწერება მხოლოდ. იცი, რომელი? “შე-იძ-ლე-ბო-და.” როცა მოძრაობ, თუნდაც არ შეგეძლოს, ჯერ კიდევ არის შესაძლებელი. უფრო მეტად შესაძლებელი, ვიდრე შეუძლებელი.
- დანებებას უფრო მეტი ძალა უნდა, ვიდრე გაგრძელებას. ჩათვალე თავს იკლ*ვ, როცა იმას გაურბიხარ, რის გამოც იცხოვრე, - მძიმედ ამოიოხრა.
- თავის მოკ*ლა გამოსავალია.
- ბევრი არ დაგეთანხმება, სიძლიერეაო, გიპასუხებენ, - ჩაეცინა მას.
- ყველა რომ დამეთანხმება, ანუ სადღაც, რაღაც იდიოტობას ვამბობ და საერთოდ, აუცილებელი არ არის, მასა გეთანხმებოდეს, სწორი რომ იყო, - ვიწყინე მე.
- ოჰ, ნუთუ?!
:)
- სად თამაშობ? - ვკითხე ბოლოს.
- არ გეცოდინება.
- რა არი კომპლექსი გაქვს?
- დამიჯერე, არ გეცოდინება, - ჩაეცინა.
- ვითომ რატომ?! - არ დავიხიე უკან.
- ვიცი.
- კაი, კაი. იყოს ეგრე, - დავნებდი.
ალბათ ამიტომ გახსნა ცა სატირლად, მემილიონეხარისხოვან კლუბში რომ თამაშობს.

- ამოსული მზე უკან გააბრუნეს, - აღნიშნა სევდიანად.
ცა მოიქუფრა. სხივის კვალიც კი აღარ ეტყობოდა.
- მზე აუცილებლად ქალია, - ორივე ხელს დავეყრდენი მე.
- მზე და მთვარე გაშორებული ცოლ-ქმარი არიან, სამი შვილით, - გაეცინა.
- სამი რატო?
- აი ასე, უბრალოდ... ქართულ რეალობას უხდება.
- არ შერიგდებიან? - დავინტერესდი.
საბრალო რეჰანს ცუდი დასასრულები არ უყვარდა.
- ვინ იცის...
- როდის მიდიხარ? - დავუსვი ყველაზე ცუდი შეკითხვა, რისი დასმაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა.
- დღეს, მალე, - ჩემმა კითხვამ გამოაფხიზლაო, საათს დახედა. აგვიანდებოდა. მოუსვენრობა შეეტყო.
- ამ... ჰო, - ჩავილაპარაკე უხერხულად და კენჭებს დავუწყე თამაში.
- შენ?
- ჩვენ დავრჩებით რამდენიმე დღე. ვიმსახურებთ დასვენებას, - გავახსენე “ის” ამბავი.
- ისეთი საქმე გააკეთეთ, შეიძლება წითელი ცირკულარით გეძებენ უკვე, - ხმამაღლა გაეცინა. მეც.
- ეგეც არ არი გამორიცხული. თუ რამე, იცოდე, სისხლში არ მაქ ხელები.
- ახლა უკვე მშვიდად წავალ, - გაეცინა ისევ.
ფეხზე წამოდგა. მეც.
- შენი სახელი მითხარი, - ვუთხარი წასასვლელად მომზადებულს.
- პოლო.
- პოლო? - გავიმეორე ისე, თითქოს ყველაზე უცნაურ სიტყვას ვამბობდი პირველად. - მართლა პოლო გქვია?
- უმართლესად, - გამიღიმა ისე, ამ კადრის დამახსოვრებასაც რომ ვისურვებდი იმ მექანიზმით.
- ჩემი არ გაინტერესებს? - ოდნავი გულისწყვეტით ვკითხე.
- არა. არ მაინტერესებს, - მიპასუხა ძალიან მშვიდად და წავიდა.
შეურაცხყოფილი კომოდივით ვიდექი მანამ, სანამ მობრუნებულმა, ძალიან ჩუმად არ გაიმეორა ჩემი სახელი, ლენე.

წვიმას თავისი სურნელი აქვს.
თავისი სველი სურნელი, გრილი, მძაფრი, ნოტიო... ნეტავ რას მახსენებს?
სველი ქვების სურნელს? სველი, მარილიანი ქვების?
ან იქნებ, სველი ხის ქერქის სურნელი აქვს წვიმას...
გირჩის? გირჩის მურაბის სიტკბოს არა, ხიდან ჩამოვარდნილი გირჩის...
საზამთროს? ახლად გაჭრილის, უეცრად რომ ამოვარდება ნაპრალიდან.
ზღვის მარილიან სურნელთან არეული წვიმის სურნელი, ოდნავი ცრემლით.
ცა ჩამოვიდა.


*

რამდენიმე დღიანი დასვნების მცდელობა სრულ მოწყენილობაში რომ გადაიზარდა მხოლოდ იმიტომ, რომ არანაირი საქმე და საიდუმლო მისია აღარ გვქონდა, ნება ვიბოძეთ “ჩარლის ანგელოზებმა” და ავიბარგეთ.
ამჯერად მატარებლის კონდიციონერით სისხლის გაჩერებას დათუნას გაფუჭებული მანქანით გადაცხელება ვარჩიეთ და გზაში მინიმუმ ოთხჯერ გავჩერდით პროფილაქტიკის პოვნის იმედით, მაგრამ ხან თონის პური, ხან ნაზუქი, ხან ჩურჩხელა, ხან ჰამაკი, ხან თიხის ნივთები გამოვაყოლეთ ხელს და ასე, მეტნაკლებად მშვიდობიანად ჩამოვაღწიეთ მანქანის სალონზე უარესად ადუღებულ ქალაქში.

სიმართლე გითხრათ, დიღმის გადასახვევს რომ გავცდი, უკვე უკან დაბრუნებაზე ვფიქრობდი, მაგრამ ვინღა დამაბრუნებდა ჩემი პინგვინის მტვერდადებული კამერით, რომელიც ფუფამ არ გამაბერინა, პატარა ბავშვები არიან და წაგართმევენო.:) მართალიც იყო, ყველაფერი წაგვართვეს, რისი წართმევაც შეეძლოთ, რასაკვირველია ქართველობის გარდა.

ნუსას და ჯავახას “ჰანიმუნი”, ან “ლაპარაკი”, ან “გარკვევა-გამორკვევა”, ან არ ვიცი რა დავარქვა, მთელი ამ დროის განმავლობაში წარმატებულად გრძელდებოდა და მგონი კონსესუსამდეც მივიდნენ. ყოველ შემთხვევაში, გაურკვევლობა ერთი უმარტივესი ხერხით - გულწრფელი საუბრით აღმოფხვრეს. მარტივი ეძახე და, რა რთულად განსახორციელებელია?:)


- რა ხდება, რატო დაინგრა სადარბაზო? - მუდამ გულშეწუხებული მეზობლის იმიჯით შევვარდი ფუფას სახლში.
- თამაშია, საქართველო - საბერძნეთი, მოდი, ლენე, დროზე! - დიდი მონატრებით შემომიპატიჟა ერთი დღის უნახავმა დათუნამ.
- აუ, რატო არავინ მითხრა ბილეთს ყიდვა რომ უნდოდა? - თავი მივეცი პერმანენტულ წუწუნს, - ხო შეიძლება ერთხელ რამე გამახსენოთ და ჩემს ცხოვრებაში რამე სასარგებლო როლი შეასრულოთ? გადაღლილი ვარ და მავიწყდება!
- დალიე გლიცინი! - მონახა გამოსავალი ფუფამ.
- მადლობთ!:)
- თუ მოვიგეთ, ევროპაზე გავდივართ! - დასამაგრებელს ჰგავდა დათუნა, - დგვარელები თამაშზე არიან, მე ტელევიზორით ვუყურებ, რა დრო დამიდგა! თან ეგ რა არი, დიტოც რო წაიყვანა!
- დგვარელები ვინ არიან? - ინტერესით გადავხედე ფუფას.
- ო, ეგ გრძელი ამბავია, მეც ახლა ვერკვევი ქრონოლოგიაში, მოგიყვები მერე, - მიპასუხა ისე, რომ თვალი არ მოუშორებია ეკრანისთვის.

- გოლია... მიშველე, ფუფა, გოლია! - გვანჯღრედა დათუნა ორივეს.

- ნაკრების აღმოჩენა, დებიუტანტი, ჩვენი შემტევი, პირველი გოლის ავტორი... პოლო მისირელი! - კომენტატორის ხმამ დაანგრია სახლის კედლები.
გაგიჟებულმა ავხედე მოახლოებულ კადრს და ყველაზე ნაცნობ სახეს ყველაზე უცნაური სახელით.


*

- რატომ არ მითხარი? - შეტევაზე გადავედი მაშინვე, როცა უცნობი ნომრის ვინაობა დავადგინე.
- რატომ ვერ მიცანი, ლენე? - საოცარი გულისწყვეტით მკითხა.
- უნდა გეთქვა...
- უნდა გეცნე...
- ახალი ყოფილხარ ნაკრებში, მეპატიება... აი, შენ არა. უნდა გეთქვა.
- უნდა გეცნე, ლენე. ნაკრებიდან არა, - იღიმოდა ის.
- საიდან, პოლო?
- ხო... - ყურზე მიდებული ტელეფონიდანაც დავინახე როგორ შეიცურა თითები თმაში. ამოისუნთქა. - გახსოვს, რომ გითხარი, ოთხი წლის წინ ქვა დამეკარგა-მეთქი?
- ჰო? - თვალები შუბლზე ამივიდა გაკვირვებისგან.
- ისიც გითხარი, იმედი მაქვს, ზუსტად იმ ქვას ვიპოვი-მეთქი.
- მერე?
- მოგატყუე, - ჩაეცინა.
- ჰა?
- არ ვეძებდი ქვას, ლენე.
- აბა, რას, პოლო? - სხეული მიკანკალებდა დაბნეულობისგან.
- ერთ გოგოს...
- როგორ? - საკუთარი ხმა ვერ ვიცანი.
ოფლით დამეცვარა ის ხელი, რომლითაც მეჭირა ტელეფონი.
- ოთხი წლის წინ, ჩემმა ბიძაშვილმა დამირეკა, წერეთელზე გამოდი, ფეხბურთს ვთამაშობთო. საღამო იყო, ათი საათი. მეტროში ჩავედი. მაგრად მეზარებოდა ვაჟადან წერეთელზე გასვლა, მაგრამ უარი მაინც არ ვუთხარი. ცარიელ ვაგონში შევედი... და დავინახე. ჯერ ჩემს გასწვრივ იდგა, მერე მეგობრებმა დაუძახეს და მათთან დაჯდა, ჩემ პირდაპირ. ჩემზე ანიშნა ერთმა. წამიერად გამოიხედა და გაიხედა. მეწყინა, რომ გაიხედა. ისე მეწყინა, ვაგონიდან რომ გამოვედი მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ სახელი უნდა მეკითხა. მინდოდა, რომ მეკითხა, მაგრამ ვერ ვკითხე, არ ვკითხე. იმ დღის შემდეგ, ბევრჯერ “მინდოდა” მისი ნახვა. თვალებმა ისე დაიმახსოვრა, წამებში ვიცნობდი ორი წლის მერეც, სადმე რომ დამენახა, მაგრამ არ ჩანდა. მინდოდა, რომ მენახა. ვეძებდი... თვალებით, ყველგან, მაგრამ ვერსად ვიპოვე.

გავიყინე.
ყველა ემოცია გაიყინა ჩემთან ერთად.
ვგრძნობდი ცრემლებს, ცხელს.

- “ნუ მიყერდნობის” ეყრდნობოდი, - ამოვიღე ხმა ძალიან ბევრი წუთის შემდეგ, - ჯერ შენ გასწვრივ ვიდექი, “ნუ მიეყრდნობის” ვეყრდნობოდი. არავინ იყო ჩვენ გარდა ვაგონში. გიყურებდი. პირველი ის გავიფიქრე, ფეხბურთს უნდა თამაშობდეს-მეთქი. შემდეგ მეგობრებმა დამიძახეს. მათკენ წავედი და გვერდით დავუჯექი. შენზე მანიშნა ერთმა. ამოვიხედე და გავიხედე. შემრცხვა. შენც მიყურებდი.
- არ მეტყვი, რა გითხრა? - იღიმოდა ისე, როგორც პირველი გოლის გატანისას.
- ამ... არა, - ცრემლიანი სიცილი წამსკდა გახსენებისას.
- მითხარი, - მძიმედ სუნთქავდა.
- არა!
- მაინც გავიგებ!
- ხო ხვდები, რასაც მეტყოდა... - დავიმორცხვე მე.
- შენგანაც მოვისმენდი... - შეიფერა მან.
- არა!
- კი ბატონო!
- პირველივე წამიდან მეცნობოდი. საკუთარი თავი ვერ დავაჯერე, რომ სადმე მყავდი ნანახი. პირველი შემთხვევაა, როცა ერთი ნახვით, ერთი წამით ადამიანის სახე დავიმახსოვრე, იცი? - გამოვუტყდი.
- ეს იმ კითხვის პასუხად ჩავთვალო, ხო შეიძლება?
- შეიძლება...

ერთ დღეში შეიძლება მოხდეს ის, რაც მზადდებოდა ბევრი წლის წინ, მაგრამ არ მოხდა მანამ, სანამ ამის დრო არ დადგა.

ათი აგვისტო, დილის ექვსის ნახევარი.

სადღაც, ცაზე, რაღაც შენთვის მზადდება.

შეიძლება შენ ხარ ის, ვისაც მთელი ცხოვრება ელის, რომ მოუსმინოს.

შეიძლება შენ ხარ ის, ვისზეც დაძინებისას ფიქრობს.

შეიძლება შენ ხარ ის, ვინც უყვარს, მაგრამ ჯერ არ გიცნობს.


*


“შენ რომ შეგეფერება ზუსტად ეგეთი ტიპიაო, თუ როგორ უთქვამს, ნუსას?:)” - მომივიდა მესიჯი შუა ღამეს.

“შენი სტილიაო, ჯერ ერთი:) ვერ იციტირა სწორად”

“ექვსის ნახევარზე შენი კორპუსის სახურავზე დაგელოდები”

“ფრთხილად იყავი, მესიჯების წაშლაც არ მიყვარს:)”

“იმ ამბების მერე აქეთ უნდა მეშინოდეს წესით, არა?:))” - დამიბრუნა პასუხი წამებში.

“ჭკვიან კაცს შეეშინდებოდა, ჩემი თუ არა, ფუფასი მაინც ;)”

“ფუფამ ისეთი ჩაატარა, მადლობა, აღარ მინდა”

“რა ხდება ექვსის ნახევარზე?”

“მზე და მთვარე შერიგებას აპირებენო, ეგრე გავიგე:)”

“ჰო? საიდან?”

“ჩემმა ძმამ დამირეკა, შენმა გოლმა მშობლები შეგვირიგაო და მაგათ ვერ შევარიგებთ?:))))”

“ძმა გყავს?!!!!! ვინ დავსტალკე კაცო, მე?:))))))”

“ჰაჰაჰა, მეც არ გამიკვირდა, რატო მილაიქებენ ოთხი წლის წინანდელ ფოტოს-მეთქი?”

“უხ, მაინც დამეჭირაააააააააა!!!”

“ხვალ გაგაცნობ ორივეს, შეეშვი ინსტაგრამს, მიჭედავს უკვე:)”

“ვიპოვე:)))) ოსე და ნეო?!! დოკუმენტური ფილმისთვის წინასწარ გათვალეს ხო თქვენი სახელები?!”

“ექოზე გამოისახა ჩემი წარმატებისადმი მიდრეკილება;)”

“ნეტა ის თუ ჩანდა, ცხარე ცრემლით რომ ტიროდი, გაგრძელება არ მინდაო:)”

“რამდენი ცრემლიც გადმომივარდება, უნდა დამითვალო და დამცინო? ბოროტო.”
“არ იყო ეგ ცრემლი. ტალღის შხეფი ჩამივარდა თვალში!”
“დეზინფორმაცია არ გაავრცელო, იცოდე!! არ მიტირია!!”
“სად დაიკარგე, უკვე სტატის წერ, ხო?! მე შენ გენდე და გული გადაგიშალე:)))”

“არაუშავს, შეგიძლია იტირო. ჩემს დანახვაზეც რომ გადმოყარო ცრემლები, არ მეწყინება, პირიქით<3”

“თვითშეფასების ამაღლება გინდა ჩემს ხარჯზე? ისიც გეყოფა, ცნობილი ფეხბურთელის გვერდით რომ დადებენ შენს ფოტოს:)”

“ჩვენს ჩვიდმეტ ნომერს თუ გამაცნობ, აუცილებლად დადებენ:)”

“ვიღაცა ურევს.......”

პასუხის წაკითხვა ვერ მოვასწარი, ზარი რომ შემოვიდა ტელეფონზე.
კმაყოფილმა გადავიხარარე და გავუთიშე.

“მიპასუხე, რომ გირეკავ”
“ნუ მითიშავ, თორე ავტობუსის მეორე სართულიდან გადმოვხტები”
“ყველას ვეტყვი ნაკრების თავდამსხმელი რომ ვერ იცანი:*”

პათეტიკური!” - დავუბრუნე პასუხი.

“შეგეშინდა?;)”
“არანაირად”

“კაი და, ის თუ იცი, მე და შენ შემთხვევით რომ არ შევხვედრილვართ?:)”

“როგორ?” - ისეთი სისწრაფით წამოვხტი საწოლიდან, სულ დამავიწყდა ჰემოგლობინი რომ მაქვს უდაბლესი და სამყარო ჩემთვის ყოველი წამოწოლილი მდგომარეობის დატოვებისას ბრუნავს.

“ჯავახა თავის ყოფილს სტალკავდა ოცდაოთხი შვიდზე და შემთხვევით შეგამჩნიე”

“რაა?!!”- ახლა მოიცა! რას ნიშნავს?!

“აა, მერე ვინ დამეხმარა ეგ გაინტერესებს?:))))”
“შენი ნომერი ვინ ჩამიგდო თამაშის მერე, ეგეც?”
“ვინ მითხრა, ექვსის ნახევარზე პლაჟზე იპოვიო?”
“საკუთარ თავს დამკას ეთამაშება და მიდი, შენ მაინც ეთამაშე, ცოდოაო?”
“ვინ მომწერა, თბილისში დავბრუნდით და ცოტა ძაან მოწყენილიაო?:)))”


გამარჯობა, მე ფუფა ვარ... არა, არ ვარგა, წავშალოთ! სად არის წაშლა?! გამარჯობა, მე ის ვარ, რომ დავპირდი, მაგარს გაგიჩალიჩებ, დამელოდე-მეთქი... არც ეს ვარგა. ლენე, წამიშალეეე! როგორ იწყებდა ეს გოგო? ბოდიში, მეგობრებო, ახალი ვარ და ცოტა მიჭირს წერით კომუნიკაციაში შემოსვლა, ლაპარაკი მიყვარს ძაან:) მე რომ დავიბადეო? მოიცა, ასე დაიწყო? ჩვენში დარჩეს და, ძაან ვერ არი ეს გოგო. კაი. მე რომ დავიბადე, იმ დღეს მაგარი მზე იყო, იწვოდა ქვეყანა, ჰოდააა...


დასასრული.


მადლობა maikeru-ს ინსპირაციისთვის, ზაფხულის გალამაზებისთვის <3

„მერე ვიჯექით შენთან
მე და ფიქრები ჩემი
ორი ფინჯანი მთვარე
და ვარსკვლავების ჯემი“



№1  offline წევრი penguin

ახალი ფავორიტი ისტორია მაქვს❤️იმდენად სასიამოვნო და ,,ტკბილი" წასაკითხი იყო,მადლობა შენ მარგო❤️ამ და სხვა კარგი ისტორიებისთვის????????

 


№2 სტუმარი სტუმარი მარია

სასწაული იყო. მადლობაამ ემოვიებისთვის????????????

 


№3  offline წევრი ფარვანა

ცოდვა გამხელილი სჯობსო და შენს “ვერონაში” კი ვარ, მაგრამ აქამდე შენი არაფერი წამიკითხავს და…
არ ვიცი, არ ვიცი, მაგრამ ეს რა ლამაზი ამბავი იყო?! ახლობლური, უთბესი, გადმომდები აურით და ლამაზად ჩაქსოვილი სიმართლით ყველაფერ დანარჩენთან ერთად.
ისეთი კომფორტული იყო კითხვის პროცესი, იმდენად ახლოს იყო ლენე თავისი განცდებით…
ისე, ჩემმა ოქროს დაბადების დღემაც არარენტაბელურად ჩაიარა და ჩემს დაბადების დღესაც წვიმდა. თუმცა არა, სიმართლე რომ გითხრა, იმ ჩემს თურმე ოქროს დაბადების დღეზე რომელზეც მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა რომ ოქროსი იყო, და რომ საერთოდაც რამე მსგავსს გამოჰყოფდნენ, ბებიაჩემის ნაჩუქარი სამზარეულოს ატრიბუტიკით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. კარგა ხანს ვიზლიპნებოდი ტალახში ჩემს დაქუსთან ერთად. მოკლედ, რას ვიზამთ… :დდ
ინტროვერტ ვარსკვლავობაზე და თვალებით კონტაქტის “სიყვარულზე” ჯობია არაფერი ვთქვა, თორე უკვე ვიძაბები. :დ
მურაკამი?!>>>>>>
მაგრამ ამ ეტაპზე ნესვზე მეტად საზამთრო მომწონს დაა…
“თან მე ხო სახლიდან არ გავდივარ, ამიტომ ვოცნობ მხოლოდ მარკეტებისა და აფთიაქების მოლარეებსა და კონსულტანტებს.”
მეთქი what’s going onnnnnn
დააა
პოლოს და ლენეს ხაზი იყო უღუნღულესი, გავთბი! ისევე როგორც იყო მეგობრობა ამ ამბავში და მათი ფერების, სინამდვილის მნიშვნელობა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში.
კიდევ რა შეიძლება რომ გითხრა…
ძალიან ბევრი ბევრი ასეთი ლამაზი, სიყვარულს რომ დაატარებენ თან იმ მზის, მთვარისა, და მათი შვილების მეთვალყურეობის ქვეშ ჩანაფიქრები ამბები დაგეწეროს კიდევ. იმის რწმენით რომ არის ნასულდგმულები, ვისი ახლომახლო ყოფნისაც რომ არ გჯეროდეს ამდენად ლამაზად, ღრმად რომ ვერ აირეკლებოდა ალბათ ამ შენს უტკბეს ამბავში ის შენი, ავტორის ანარეკლი, ასეთი ლამაზი ადამიანი რომ იკითხება თითოეულ ხაზში შენი სახით.
მადლობა! <3
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№4  offline წევრი Margo Tokyo

penguin
ახალი ფავორიტი ისტორია მაქვს❤️იმდენად სასიამოვნო და ,,ტკბილი" წასაკითხი იყო,მადლობა შენ მარგო❤️ამ და სხვა კარგი ისტორიებისთვის????????

მიხარია ძალიან, მადლობა შენ!! <33333
სტუმარი მარია
სასწაული იყო. მადლობაამ ემოვიებისთვის????????????

მადლობა დიდი!!! heart_eyes

ფარვანა
ცოდვა გამხელილი სჯობსო და შენს “ვერონაში” კი ვარ, მაგრამ აქამდე შენი არაფერი წამიკითხავს და…
არ ვიცი, არ ვიცი, მაგრამ ეს რა ლამაზი ამბავი იყო?! ახლობლური, უთბესი, გადმომდები აურით და ლამაზად ჩაქსოვილი სიმართლით ყველაფერ დანარჩენთან ერთად.
ისეთი კომფორტული იყო კითხვის პროცესი, იმდენად ახლოს იყო ლენე თავისი განცდებით…
ისე, ჩემმა ოქროს დაბადების დღემაც არარენტაბელურად ჩაიარა და ჩემს დაბადების დღესაც წვიმდა. თუმცა არა, სიმართლე რომ გითხრა, იმ ჩემს თურმე ოქროს დაბადების დღეზე რომელზეც მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა რომ ოქროსი იყო, და რომ საერთოდაც რამე მსგავსს გამოჰყოფდნენ, ბებიაჩემის ნაჩუქარი სამზარეულოს ატრიბუტიკით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. კარგა ხანს ვიზლიპნებოდი ტალახში ჩემს დაქუსთან ერთად. მოკლედ, რას ვიზამთ… :დდ
ინტროვერტ ვარსკვლავობაზე და თვალებით კონტაქტის “სიყვარულზე” ჯობია არაფერი ვთქვა, თორე უკვე ვიძაბები. :დ
მურაკამი?!>>>>>>
მაგრამ ამ ეტაპზე ნესვზე მეტად საზამთრო მომწონს დაა…
“თან მე ხო სახლიდან არ გავდივარ, ამიტომ ვოცნობ მხოლოდ მარკეტებისა და აფთიაქების მოლარეებსა და კონსულტანტებს.”
მეთქი what’s going onnnnnn
დააა
პოლოს და ლენეს ხაზი იყო უღუნღულესი, გავთბი! ისევე როგორც იყო მეგობრობა ამ ამბავში და მათი ფერების, სინამდვილის მნიშვნელობა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში.
კიდევ რა შეიძლება რომ გითხრა…
ძალიან ბევრი ბევრი ასეთი ლამაზი, სიყვარულს რომ დაატარებენ თან იმ მზის, მთვარისა, და მათი შვილების მეთვალყურეობის ქვეშ ჩანაფიქრები ამბები დაგეწეროს კიდევ. იმის რწმენით რომ არის ნასულდგმულები, ვისი ახლომახლო ყოფნისაც რომ არ გჯეროდეს ამდენად ლამაზად, ღრმად რომ ვერ აირეკლებოდა ალბათ ამ შენს უტკბეს ამბავში ის შენი, ავტორის ანარეკლი, ასეთი ლამაზი ადამიანი რომ იკითხება თითოეულ ხაზში შენი სახით.
მადლობა! <3

ამ კომენტარის კითხვა იყო ჩემთვის ისეთი, როგორიც შენთვის ყოფილა თურმე ეს ისტორია <3 ვზივარ, თვალებში გულები მაქვს გამოსახული და ვიღიმი დაშტერებული :დ <3 ძალიან დიდი მადლობა, ერთი სიამოვნებაა ასეთი შეფასებების კითხვა!! <3 <3 <3
ინტროვერტი ვარსკვლავი და მურაკამი >>>>>>>>
მთელი ბავშვობა საზამთრო მერჩივნა ნესვს, მაგრამ მერე აზრზე მოვედი ;) აჰაჰჰააჰაჰ!! არც ჩემს ოქროს დაბადების დღეს მოჰყოლია შუშხუნები, ჩემსიმაღლე მიკი მაუსით გადავაგორეთ და დევს ახლაც ზალაში :დდდ
და ჰო, მადლობა, რომ ასე ლამაზად დაინახე ყველაფერი. მე რომ მინდოდა, ისე <3

 


№5 სტუმარი ნესტან

ძალიან მომეწონა რა მაგრა ვიხალისე ლენა და პოლოზე ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????

 


№6 სტუმარი სტუმარი maco maco

ათი აგვისტოს ღამეს მიირთვით ვარსკვლავების ჯემი და თან იქონიეთ ორი ფინჯანი მთვარე.“ მივირთვი გემრიელად ❤️ მადლობა

 


№7 სტუმარი Saly

შენ ის გოგო ხარ, ვინც ამ ჯგუფის ფარგლებს უნდა გაცდეს ❤️

 


№8  offline წევრი Margo Tokyo

ნესტან
ძალიან მომეწონა რა მაგრა ვიხალისე ლენა და პოლოზე ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????

მადლობა, მიხარია, რომ მოგეწონათ <3
სტუმარი maco maco
ათი აგვისტოს ღამეს მიირთვით ვარსკვლავების ჯემი და თან იქონიეთ ორი ფინჯანი მთვარე.“ მივირთვი გემრიელად ❤️ მადლობა

<3 <3 <3 მადლობა!
Saly
შენ ის გოგო ხარ, ვინც ამ ჯგუფის ფარგლებს უნდა გაცდეს ❤️

ლამაზი გრძნობაა უცნობი ადამიანისგან მსგავსი სიტყვების მოსმენა. მადლობა თქვენ! <3

 


№9  offline წევრი Mmarriamkk

აუ რა კაი იყოოოო❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent