კეკე ( მეორე)
კეკე #კეკე 2 _ სეხნია, ვერ იცანი არა ვინაა?_ სიცილით გამოხედა თანამეინახემ, კეკეს უცნაური ქცევით გაოცებულ კაცს. _ კეკე კერესელიძეა, K. ჯგუფის მფლობელი. მაგ ქალზე საოცარი ამბები გამიგონია, ამბობენ თურქი მეწილეები ისე დაიფრინა კიდევ კარგახანს ვერ მოსუნავენ საქართველოშიო. ჩვენი გვაზავაც გამწარებული ემალება. აჰა, ვნახე და დავრწმუნდი, მაგის გადაკიდებას, ჯობია ეშმაკი გადაიკიდო! ჩემს კვალზეც გამოსულა უკვე! ნეტავ ვიცოდე ვინაა მაგის ინფორმატორი! _ კეკე? კეკე რა სახელია?_ ალბათ სხვა ვერაფერი დაუწუნა და სახელს მიადგა თემო. _ არ მიყვარს მასეთი უტაქტო და თავხედი ქალები! ამან რა ბიზნესი უნდა მართოს ვერ გავიგე! _ კეკე? ალბათ მოფერებით ეძახდა მასე მამამისი, ეკატერინე ქვია სინამდვილეში. შენც იცი არა რა მაგარი მამა ჰყავდა?_ რაღაცნაირი სევდით ჩაილაპარაკა. _ მოიცადე, კერესელიძე კობა ამ არაადეკვატური ქალის მამა იყო? ნუ გამაგიჟე?_ ისე გაიოცა თემომ, რომ აშკარად ფაქტი იყო თავადაც კარგად იცნობდა მას ოდესღაც. _ ხოო, გული გახეთქვას მაქვს ბრაზით! ვერ მოვუსწარი. ვერ გავაფრთხილე თავის დროზე! არადა მისგან სიცოცხლით ვიყავი დავალებული! ვიყავი რა, ვარ! სამაგიერო, რაც მას ვერ, კეკეს უნდა გადავუხადო! უბრალოდ ჯერ ადრეა გამოჩენა. არ მინდა შარში ტყუილად გავხვიოთ._ ამოიოხრა თემურ თორაძემ, სწორედ იმან, ვისაც ასე ეძებდა კეკე. ბედის უცნაური ხუმრობა იყო, რომ ორივე მეგობარს ერთი საერთო სახელი ჰქონდათ. თემო ონიანს თემურ თორაძესთან წლების მეგობრობა აკავშირებდა. და სწორედ ისე, როგორც მარიამი იყო კეკეს მარჯვენა ხელი და ნდობით სავსე პირი, ონიანიც თორაძესთან მუშაობდა. თუმცა თორაძეს გარდა მისი ნამდვილი სახელი არც არავინ იცოდა, მას ბავშვობიდან ყველა ონოს ეძახდა. მის მშობლებსაც კი ხანდახან ეხამუშებოდათ, როცა ვინმე მათ ვაჟს ნამდვილი სახელით მოიხსენიებდა. _ონო წავიდეთ არა?_ გასასვლელს გახედა თემომ._ მგონი მარტო იყო ის ქაჯი, შარს არაფერს გადაეკიდოს! გამალებით ფიქრობდა კეკე. თავდაცვის სპეციალური კურსი, ძალად რომ გაატარა მარიამმა, აი სად გამოადგა. სიმშვიდეს მოუხმო, ჰაერი ჩაისუნთქა და მოქმედებაზე გადავიდა. სულ რამდენიმე ზუსტი დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგეს და მოულოდნელობისგან გაოგნებული ნიღბოსანი ისე ჩაიკეცა მის ფეხებთან, გონზე მოსვლაც ვერ მოასწრო. თეთრ შარვალზე სინანულით დაიხედა კეკემ. ტალახის შხეფები შესხმოდა ლამის მუხლამდე. _ დეგენერატი!_ კიდევ ერთხელ უთავაზა წიხლი, გულწასულ კაცს. შემდეგ მის გვერდით ჩაცუცქდა და სახეზე მორგებული ნაჩვრეტებიანი სახელდახელო ნიღაბი გადააძრო. _ ეს ვინღა ჯანდაბაა?_ ჩაილაპარაკა გაკვირვებულმა და ახლა ჯიბეები ამოუტრიალა. რა თქმა უნდა ვერაფერი იპოვნა. დაფიქრდა. რა უნდა ექნა? პოლიციის გარევა და ხმაურის ატეხვა არ სურდა და ვერც აქ დატოვებდა. როგორმე მარიამთან უნდა მიეყვანა. მერე ის მოიფიქრებდა დანარჩენს. დარწმუნებული იყო, რომ ნათლიამისის მოგზავნილი ქოფაკი გამოიჭირა. ხოდა ახლა კარგად უნდა დაეკითხა. გაეგო, რა ჰქონდა იმ ბებერ ტურას ჩაფიქრებული. _მომეჩვენა, თუ შენც დაინახე რა გააკეთა?_ გაშტერებული უყურებდა ფიქრებში გართულ თემურს ონო._ ეს ქალი აშკარად ვერაა ძმაო! ამასობაში მოსახვევიდან სწრაფად შემოუხვია შავმა მაღალმა ჯიპმა. მიხერხებული მანევრით მიუყენა გვერდით კეკეს და დაამუხრუჭა. ისევ დაიძაბა ონო, მაგრამ როგორც სჩანს იმ ქერა ალქაჯის თავს მთლად ნორმალური ამბები არ ტრიალებდა, მთლად ისეთი არა ზოგადად ქერა ქალებთან დაკავშირებით რომ წარმოუდგენია ხალხს. მანქანიდან საქმიანი სახით გადმოხტა კეკეს სრულიად საპირისპირო ვარიანტი, სწრაფად მიირბინა ქალთან და ორიოდ სიტყვა უთხრა. მერე ქურდულად მიმოიხედეს ქალებმა, მანქანის უზარმაზარი საბარგული გააღეს, იმ გათიშულ კაცს ერთი მკლავებში დაეჯაჯგურა, მეორე გრძელ ფეხებში და არც მეტი არც ნაკლები პირდაპირ საბარგულში შეტენეს. ხელები გაიბერტყეს და ისე მშვიდად ჩასხდნენ მანქანაში, თითქოს წამის წინ ბუზიც არ აეფრინოთ. _ ახლა რას ვაკეთებთ?_ გახედა ონომ მასზე არანაკლებ გაოგნებულ თემურს. მიუხედავად იმისა, რომ თორაძე კარგად იცნობდა ქალს, მისთვისაც მოულოდნელი იყო ამ გადაპრანჭლული ბარბისგან ასეთი ოინები. _ აზრზე თუ ვიყო გეფიცები ძმაო!_ მხრები აიჩეჩა მან. _ ეს აშკარად მარიამია. ისეთი ინტერესით დაამატა, რომ გულში ეჭვად გაუარა ონოს, რა დროს მარიამია, აშკარაა ტყუილად არ ახსენაო, მაგრამ ამაზე ფიქრის დრო არ ჰქონდა და ეს ფიქრის ნასხლეტი გულს გარეთ გაუშვა. _ მაპატიე მარიამ, მაგრამ არც კი ვიცი რა უნდა მექნა, მაშინვე შენ გამახსენდი!_ მოუბოდიშა კეკემ ქალს, რომელიც უკანა სავარძელზე მიძინებულ ბავშვს უსწორებდა ღვედს. _ მე კიდე ნინა ვერ დავტოვე ვერსად, ასე უცებ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და თან წამოვიყვანე._ მხრები აიჩეჩა მარიამმა._ დღეს ვერა, მაგრამ ხვალ აუცილებლად მოვუვლი! ხვალამდე თავად უნდა გაუმკლავდეთ! _ აუ, ბოდიში რა მარიამ!_ ბავშვს გადახედა კეკემაც._ მოდი ეს მიმაყვანინე სახლამდე და თავისუფალი ხარ მერე! თავი საბარგულისაკენ გადაიქნია და თავადაც გადაიჭირა ღვედი. არც კი შეუმჩნევიათ როგორ აედევნათ უკან მუქი ფერის სედანი. სახლის წინ გააჩერა მანქანა მარიამმა. კარი გააღო და ბავშვი გულზე აიხუტა. _ დარწმუნებული ხარ რომ მარტო თავს გაართმევ?_ ისე ჰკითხა, რომ პასუხში თავად აშკარად იყო დარწმუნებული. კეკემ თავი დაუქნია და მანქანა უსიტყვოდ დაქოქა. _ გადავირევი ახლა!_ გაოგნებისგან აზრზე ვერ მოდიოდა ონო._ ბავშვიც თან ჰყავდათ ბიჭო? _ როგორც ვიცი, ქმარი არ ჰყავს, მარტოხელა დედაა ვითომ?_ ახლა თემოს გადახედა ონომ გაკვირვებით. რა ქმარი და რა მარტოხელობა? ახლა ამის დრო იყო? _ ცოტა ვერა ხარ იცი? რას ბურდღუნებ გამაგებინე! _ მარიამი ნეტავ როგორი ქალია?_ სახლში ანთებულ სინათლეს ასცქეროდა თემური. _ ღმერთო მიშველე, მგონი რაღაც ვირუსია ჰაერში და ყველამ ერთად აურია!_ ჩაილაპარაკა ონომ და გაზს ფეხი დააჭირა. ისევ კეკეს აედევნა უჩუმრად. სადგომის კარი პულტით გააღო და მანქანა მშვიდად შეაყენა. აუჩქარებლად გადმოვიდა. კარი დახურა და ქუსლიანების კაკუნით მიუახლოვდა საბარგულს. კარი ახსნა და ინტერესით ჩაიხედა შიგ. _ რაო, გონს მოვდივართო? ჯერ რომ ადრეა საყვარელო?_ გაშლილი მტევნის კიდე უყოყმანოდ ჩასცხო ყელში და ძლივს გახელილი თვალები კიდევ ცოტახნით დაახუჭინა. ეს არ გაჭირვებია ქალს, მაგრამ აი საბარგულიდან მძიმე სხეულის გადმოთრევა კი ნამდვილად არ იყო მარტივი საქმე. რომელიღაც კინოში ნანახი სცენა წარმოუდგა თვალწინ. მხიარულად გაეღიმა. _ თუ გამივარდები და თავს გაიტეხავ, ჩემი ბრალი არ იქნება! რა ჯანდაბამ გაგზარდა ამხელა?_ ძველი მეგობარივით ესაუბრებოდა უგონოდ მყოფ კაცს. ჯერ ფეხები გადმოაწევინა სათითაოდ. მერე მაჯებში დაებღაუჭა და სცდა ზურგზე წამოეკიდებინა. მოულოდნელად რომ მოესმა: _ უკაცრავად, ხომ არ დაგეხმაროთ?_ ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეკივლა. თვალი ააყოლა წინ მდგომს და ხელთ ის აბეზარი თორაძე არ შერჩა? უფრო სწორედ ონო, მაგრამ კეკემ ეს ხომ არ იცოდა? სანახევროდ წამომჯდარ კაცს ხელი გაუშვა და ისიც მძიმე ბრაგვანით გაიშალა ძირს. _ ვაიმე, მგონი რაღაც ვატკინე?_ ისე გულწრფელად შეწუხდა კეკე, ონოს ეჭვიც არ შეპარვია მის სინანულში. _რას აკეთებთ ქალბატონო კეკე?_ ონომ სცადა მისი ყურადღება ასე მაინც მიეპყრო და აშკარად გამოუვიდა. სწრაფად ამოხედა ქალმა. ცალი წარბი მაღლა ასწია და გულხელი დაიკრიფა. _ ანუ მიცნობ არა? აქ როგორ მოხვდი? სხვის საკუთრებაში შემოპარვა კანონით ისჯება მგონი?! _ დარეკე პოლიციაში თუ გინდა?_ ჩაეღიმა ონოს. ტუჩები ერთმანეთს დააჭირა კეკემ ბრაზით. ძირს დაგდებულ ტიპს გადახედა. არა, მართალია ის იყო რეალურად თავდამსხმელი, მაგრამ კანონის წინაშე თავდამსხმელიც და გამტაცებელიც ორივე ერთნაირი დამნაშავე იყო. _ რას უპირებდი ამ კაცს?_ ისე გამოაფხიზლა ფიქრებში წასული ქალი ონომ. _ უნდა დავკითხო! მაგრამ შენ რატომ გამოედევნე? ხომ არ გეშინია, რომ რამე ისეთს მოყვება, რაც არ გაწყობს?_ წინ დაუდგა თამამად. „ღმერთო რა ლამაზია!“ გაიფიქრა გულში ონომ და მის მწვანე თვალებში არეკლილი საკუთარი თავი ეამა. _ რაო ნათლიაჩემმა, უკვე ვნანობ ნათლობისას გამჭრიახობა რომ დავანათლეო?_ გაეცინა კეკეს._ მგონი მარტო ეს ერთი თვისება მერგო მისგან სასარგებლო! მოულოდნელად ძირს დაგდებულმა კაცმა ოდნავ ამოიოხრა და თავლი გაახილა. _ ოხ, იღვიძებს მგონი!_ სწრაფად გამოფხიზლდა კეკე. ოთახის ბოლოში გაიქცა და წვრილი, მაგრამ მტკიცე თოკი მოარბენინა. მის წინ დაიმუხლა და ხელები ისეთი სიმარდით შეუკრა, ისეთი სამმაგი კვანძი გამოფსკვნა, ნებისმიერ გამოცდილ მეკობრეს რომ შეშურდებოდა. _ არ გაგატან!_ ამოხედა ავად ონოს, როცა ხელები საიმედოდ შეუკრა. _ ცოტა არ იყოს მაშინებ!_ გაეცინა კაცს. _ მაინც რას უპირებ, არ იტყვი? _უნდა გვატყავო! მერე კი ხელთათმანებს შევიკერავ, მაგრამ ეს იმხელა ნიანგია, მგონი ჩექმებიც მშვენივრად გამომივა! _საშინელი იუმორია!_ თავი გადააქნია ონომ. _ რადგან მაინც აქ ხარ, ბატონო თორაძე! მოდი სახლში ამომყევი და ვისაუბროთ ცივილურად!_ მშვიდად შესთავაზა კეკემ._ ყავა დავლიოთ, ან რამე უფრო მაგარი. ეს კიდე ხვალამდე ეგდოს აქ დაბმული! ამის შემდეგ ეცოდინება, რომ ყველა ქერა ბარბი არაა. არადა სწორედ ბარბის უნაკლო თოჯინას ჰგავდა კეკე. ინტერესით ათვალიერებდა ონო მას. ეძებდა რაიმე დეტალს, რასაც მოეჭიდებოდა და იტყოდა, რომ ეს ქალი სრულყოფილება არ იყო. თუმცა უშედეგოდ. _ იმედია საწამლავს არ ჩამიყრი ყავაში! გაეხუმრა ონო ქალს _ საწამლავს?_ გაეღიმა ქალს. _ საწამლავს არა მხოლოდ ჯადოს, რომ თავდავიწყებით შემიყვარო და ასე მაინც გადმოგიბირო!_ საერთოდ არ ჰგავდა მისი სიტყვები იმ წამს ხუმრობას.... ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.