შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კეკე (მესამე)


30-08-2024, 23:44
ავტორი ვე რა
ნანახია 1 015

კეკე

სახლის კარი გააღო და ნოხდაფენილ დერეფანში შეაბიჯა. ქუსლიანები იქვე გაიხადა და აცაბაცა მიყრილი მიატოვა ნოხზე. არც კი უფიქრია, რომ თაროზე თავის ადგილას დაეწყო.
_ შენც გაიხადე!_ ჩვეული სიხისტით გასცა მოკლე ბრძანება და ტანის ისეთი რხევით გააბიჯა ფუმფულა ხალიჩაზე, თითქოს მისთვის ამაზე მეტი სიამოვნება არც არსებობდა ამ ქვეყნად. წარბი ასწია ონომ, აშკარად ხიბლავდა ამ ქალის მოძრაობის ჰაეროვნება. თუმცა, ამის მიუხედავად, ვერაფრით იგებდა, რა ადამიანი იდგა მის წინ. პირველად იყო, რომ ქალი ერთდროულად ამდენად ზედაპირულიდა დაუფიქრებელი ჩანდა და ამასთან ამდენად იდუმალი. ვერაფრით იგებდა, მართლაც კეკე იყო ეს ქალი, თუ ეკატერინე?! უცნაური იმიჯი ჰქონდა მორგებული. ერთი შეხედვით სახის სერიოზული ნაკვთებით საქმიან ქალს ჰგავდა, მაგრამ თავისი ამპარტავნობით და სითავხედით უფრო რიგითი ოლიგარქის ცოლს წააგავდა. საკუთარი სტატუსით გათავხედებულს და ქმრისგან ნაყიდი ხელშეუხებლობით თავში ავარდნილს. მაგრამ ამასთან, სწორედ ეს ქალი იყო წამის წინ საკუთარ მხრებზე რომ ცდილობდა ვიღაც ზორბა ჯეელის აკიდებას. არა, უფრო უარესი, წამის წინ იქით რომ გაიტაცა პოტენციური თავდამსხმელი, შემდეგ გულგრილად დააბა და საკუთარ ფარეხში ობოლი ლეკვივით დაამწყვდია. თანაც თურმე უნდა დაეკითხა კიდეც?! დაფიქრებულმა უნდოდ გახედა მისაღებში მისკენ ზურგით მდგარ გრძელთმიან ქალს და უნებურად ისევ მისი თვალების სილამაზე ამოუტივტივდა გონებაში.

დაიხარა საკუთარი ფეხსაცმელი ფრთხილად მიაწყო კუთხეში და კეკეს საკამოდ ძვირფასი თეთრი ქუსლიანებიც გვერდით მიულაგა. წამით დააკვირდა წყვილ ფეხსაცმელს და უცნაურმა სიმყუდროვის განწყობამ გაურბინა გონებაში. თითქოს მოუნდა კიდეც, ეს მომენტი მისი რუტინული ყოველდღიურობა ყოფილიყო. თავი გააქნია საკუთარი ფიქრებით გაოცებულმა და მისაღებში შეაბიჯა.

_ ხომ დალევთ ბატონო თემურ?_ ჰკითხა მოულოდნელად კეკემ და ისე რომ მის პასუხს არ დალოდებია, მაღალფეხიანი ფუჟერი გაუწოდა.
„კითხვა, რომელიც უკვე პასუხია!“ გაიფიქრა ონომ. „ ფრთხილად უნდა იყო ამ ქალთან კაცი! ტიპური მანიპულატორია!“ ფიქრს გარეთ კი კეთილგანწყობით გაუღიმა და ჭიქა ჩამოართვა.

_ არაფერი ჯობია საღამოს ჭიქა წითელს!_ მხრები გაავარჯიშა კეკემ. _ უკაცრავად, თუ შეიძლება დამელოდეთ, გამოვიცვლი და მოვალ! მთელი დღეა ისედაც შებოჭილად ვგრძნობ თავს!
თავი დაუქნია კაცმა. იმდენად ძალდაუტანებლად და მშვიდად საუბრობდა კეკე, თითქოს ხშირად სტუმრობდა მასთან ჭიქა ღვინოზე.
აივნის ფართო კარი რელსებზე უხმაუროდ გაასრიალა ქალმა და საღამოს გრილ ნიავს წამით შეუშვირა სახე. შემდეგ ონოს ზურგი აქცია და კიბეები სწრაფი ნაბიჯით აიარა.
სახლი ინტერესით მოათვალიერა ონომ. უფრო თეთრი ფერი სჭარბობდა, აქა იქ მკრთალი ნაცრისფერი დეკორებით. სინაზე და სინათლე ამ სახლის პლიუსი უნდა ყოფილიყო.
გაუკვირდა ონოს მკვეთრ ფერებს რომ ვერსად მოჰკრა თვალი, არც ყვავილები და სხვა ქალური დეტალები დაუნახავს. ‘ალბათ ძალიან პრაგმატული, ცივი და უგრძნობი ქალია!“ მინიმალისტური ინტერიერის მიხედვით იქმნიდა ქალზე შთაბეჭდილებას. ოთახში ერთადერთი ფერი სწორედ ის ღვინო იყო, ხელში რომ ეკავა ონოს. ცხვირთან მიიტანა ფუჟერი და ინტერესით დაყნოსა. ყურძენთან ერთად კენკრის მოტკბო სურნელი შეუძვრა ნესტოებში. ესიამოვნა. ტუჩებთან მიიტანა და ოდნავ მოსვა.
_ ტკბილი ღვინო ჰყვარებია ყინულის დედოფალს!_ გაეღიმა უნებურად. მაღლა აწეულ ფუჟერს მიღმა დალანდა კიბეზე ჩამომავალი და გული შეუკრთა.
გრძელი რძისფერი თავისუფალი შარვალი ეცვა კეკეს. უცნაური მატერია იყო, თითქოს ძალად დაეჭმუჭნათ, მაგრამ ეს ფაქტურა სულ არ უშლიდა ხელს რომ კაბასავით ჰაეროვანი და ფრიალა ყოფილიყო.
კვლავ ფეხშველი მოდიოდა ქალი. ცალ ხელში აკეცილი შარვლის ბოლოთი და მოშიშვლებულ მხარზე ჩამოშლილი დაუდევრად აკრული, უფრო კი აბურდული თმით. უცნაურად სრულყოფილი იყო იმ წამს , თუმცა ემჩნეოდა სულ ოდნავადაც კი არ ცდილობდა იმაზე მეტი გამოჩენილიყო, რაც ბუნებრივად იყო. მაკიაჟიც ნაჩქარევად მოეშორებინა, ჯერ ისევ ემჩნეოდა შავი ფანქრის მკრთალი კვალი მწვანე თვალების გარშემო. და ეს კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზს მისი მზერის სიღრმეს.

_ უკაცრავად გალოდინეთ, მაგრამ მოსვლისთანავე რომ არ მოვიშორო სამსახური არ შემიძლია. ზოგჯერ სულს ისე მიხუთავს ეს ყველაფერი, ისეთი შეგრძნებაც კი მაქვს, თითქოს მე მე არ ვარ!_ აფრიალებული ფარდა გადასწია და აივანზე გააბიჯა._ აქეთ მოდით ბატონო თემურ! აქ ბევრად სასიამოვნოა საუბარიც და ფიქრიც! აქ ჰაერია და ღამის თბილისი! მე კი ორივე ძალიან მიყვარს!
ფარდა გადასწია ონომ და აივანს გახედა. იქაც კი ნოხი ეფინა. გაეღიმა და თავისუფლად გადააბიჯა.
ცოტა ხანს გვერდიგვერდ ისხდნენ და ლამაზ ხედს გასცქეროდნენ. შემდეგ ოდნავ წამოიწია კეკე ფეხი შეიკეცა და ნახევარი ტანით მოუბრუნდა სტუმარს.

_ აბა, რაზე გსურდათ საუბარი?
_ მე?_ ისე გაიოცა კაცმა, თითქოს მართლაც სულ შემთხვევით იყო მის სახლში მოხვედრილი.
_ რას მთავაზობთ, ჩემი სტუმრის სანაცვლოდ? ალბათ სულაც არ გსურთ, რომ ყველაფერი მიამბოს!_ ღვინო მოსვა და ისე გაუღიმა ქალმა, გული აუჩქარა. "ღვინის ბრალიაო! " გაუჯიუტდა მის გულში შემძვრალ სიმპათიას კაცი.

_ დაუჯერებლად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ აზრზე არა ვარ ვინ არის ის კაცი!_ მხრები აიჩეჩა ონომ.
_ აჰაა?_ ორაზროვნად ჩაეღიმა კეკეს.
_ანუ ნათლიაჩემის გარდა სხვასაც არ ვეხატები გულზე? ნეტავ რატომ არ მიკვირს?_ უცებ სწრაფად ამოხედა და ისე ახლოს მიიწია მასთან, ონო იძულებული გახდა დისტანციის შესანარჩუნებლად ოდნავ უკან გადახრილიყო.
_რამდენს გიხდის ნათლიაჩემი? გიღირს?_პირდაპირ მიახალა თვალმოჭუტულმა._ შენნაირ კაცს მხოლოდ ფული არ უნდა აკავებდეს მასგან? კიდევ რა საერთო გაქვთ ?
თქვენობითიდან შენობითზე ხასიათის მიხედვით დახტოდა კეკე.

_ საკმარისს! იმდენს მაინც, რომ სტუმრებს ოთახის ჩუსტები შევთავაზო!_ აშკარად ხუმრობდა ონო, მაგრამ ისეთი სერიოზული სახით ირიდებდა თავიდან კეკეს მიერ დასმული კითხვის ნამდვილ არსს, რომ თავად კეკეც კი გააცურა. ცოტა ხანს ინტერესით აკვირდებოდა ქალი წინ მჯდომის შავ, ემოციებგადამალულ, ნისლიან თვალებს. მერე სწრაფად დაიკავა უწინდელი პოზა და სავარძელს მიეყრდნო უდარდელად.

_ არ მაქვს!_ უპასუხა და ტუჩი საყვარლად დაბრიცა. ამ ბავშვურ მიმიკაზეც გააჟრჟოლა ონოს.
“ესეიგი ასე არა?“ გაიფიქრა უცნაური აზარტით. „ აუცილებლად ამოგხსნი ქალბატონო კეკე!“ უფრო საკუთარ თავს მისცა პირობა და ჭიქა ბოლომდე გამოსცალა. სანამ ბოთლი დაიცლებოდა მანამ ისხდნენ ერთმანეთის გვერდით უხმოდ. ისხდნენ სიჩუმეში და სიმყუდროვეში გახვეულები. ისხდნენ და სულაც არაფერზე ფიქრობდნენ. თითქოს აღარც ახსოვდათ ერთად თუ იყვნენ იმ აივანზე. უკვირდა კეკეს, რამდენ ხანს ეძებდა ამ კაცს და ახლა ასე გვერდით მჯდომს ვერაფრით დაურღვია მყუდროება. არც უხერხულობას გრძნობდა ქალი, არც დისკომფორტს. სულაც პირიქით სიამოვნებდა, რომ ერთი საღამო მაინც დაუფრთხო ის აუტანელი მარტოობა მამის სიკვდილის შემდეგ რომ აწამებდა.

ონო კი თავის წინდებს დასცქეროდა გაოცებული და ვერაფრით იჯერებდა, რომ ამ პატარა დესპოტმა ქალმა, ასე მარტივად აიძულა ფეხშველს ევლო მთელი საღამოს მანძილზე. ისე თითქოს სულაც საკუთარ სახლში იყო.

_ მგონი ძალიან გვიანია უკვე!_ დამშვიდობება არ სურდა, მაგრამ აქ ხომ არ დარჩებოდა. არ უპასუხია კეკეს. მისკენ მიბრუნდა, რათა დამშვიდობებოდა და ადგილს მიეყინა. გულზე აკრული ცარიელი ჭიქით ეძინა ქალს. ორივე ფეხი თავისუფლად გადაეკიდა მოწნული სარწეველას სახელურზე, თმა ზურგს უკან გადაეყარა და ისე მშვიდად ეძინა , თითქოს ბავშვი იყო, ამ ქვეყნიური დარდებისგან და საზრუნავისგან სრულებით თავისუფალი. უყურა, უყურა და თავისუფლად გაეღიმა ონოს. ახლა აღარ სჭირდებოდა თავშეკავება და ემოციების დაფარვა. ნიავი უფრიალებდა ოქროსფერ თმას, თითებში მოიქცია ერთი კულული და სახესთან მიიტანა. გაოცდა, ახლაღა აღმოაჩინა, რომ ბუნებრივი ფერის თმა ჰქონდა ქალს. ახლოს მიიწია და სახეზე დააკვირდა და კიდევ ერთხელ გაოცდა. არაფერი ხელოვნური არ იყო მის სახეზე. რბილი დახვეწილი ნაკვთები ჰქონდა. თითქოს ფუნჯით მიხატული ტუჩები.

_ და შენ ხარ ის ქალი, ის ზორბა ტიპი რომ საბარგულში ჩატენე?_ ახლა უადგილოდ გაეცინა. _ჯობია, თუ ფრთხილად ვიქნები შენთან! ფაქტია, ჩვეულებრივი ქალი არ ხარ!
ადგა და ოთახში შევიდა. იქვე დივანზე მიგდებულ რბილ სპილოსძვილისფერ შალს მოჰკრა თვალი. ალბათ პირველი შემთხვევა არ იყო, დაღლილ კეკეს მისაღებში რომ ეძინებოდა. თავი უკმაყოფილოდ გადააქნია. შალი აიღო, აივანზე დაბრუნდა და მძინარე ქალს მზრუნველად მიაფარა. გულში ჩაკრული ჭიქა ფრთხილად გამოაცალა და იქვე პატარა მაგიდაზე დადო. ჰოლში გამოვიდა, ფეხსაცმელი გაუგებარი ღიმილით ჩაიცვა და სახლი უჩუმრად დატოვა. დაკეტილი კარი საგულდაგულოდ შეამოწმა.

სირბილით ჩაირბინა ფარეხში. კედლისკენ გახოხებულიყო კეკეს ტყვე და გამწარებული ცდილობდა თოკის მოშვებას. მის დანახვაზე შეცბა კაცი.
_ ოჰო, გაგიღვიძია, აბა როგორი საქმეა, შენივე დავალება რომ გაგლახავს? სახეზე გეტყობა, მთლად სასიამოვნო არ უნდა იყოს!_ ისეთი მეგობრული ღიმილით ჰკითხა ონომ, თან ისე ფრთხილად წამოაყენა ფეხზე, კაცს გულზეც კი მოეშვა წამით. თუმცა ნაადრევი იყო მისი სიხარული. ონომ მუშტი გამეტებით ჩასცხო მუცელში ჯერაც ხელგაკრულს, ოდნავი სინანულიც კი არ უგრძვნია, გაკოჭილს რომ ურტყამდა. ახლა კეკეს ფარეხში იყვნენ და იატაკის დასვრას მოერიდა, თორემ კიდევ კარგახანს მოიფხანდა მოქავებულ ხელებს. თუმცა არც უამისობა იქნებოდა, როცა ადგილზე მივიდოდნენ.

_ შენნაირ არაკაცებზე ხელის გასვრა როგორ მძაგს ნეტავ იცოდე, მაგრამ..._ საყელოში ხელი ჩაავლო და წინ გაიგდო, თანაც წიხლიც მიაწია წინ წასულს. წაიბორძიკა კაცმა, მაგრამ ქურთუკში წაავლო ხელი ონომ და წონასწორობა შეუნარჩუნა.
_ წამოდი, თემურ თორაძეს აქვს შენთან რამდენიმე კითხვა! ხომ გსმენია თორაძე? თორაძის ხსენებაზე შეკრთა ტყვე. თვალები მოაცეცა, მაგრამ გაქცევის ერთი შანსიც რომ ვერ დაინახა, თავი ჩაჰკიდა უიმედოდ.

სიგრილემ შეაღვიძა კეკე. თვალები გაახილა და გაბუჟებული სხეული შეაფხიზლა. უცებ მოეგო გონს, სავარძელს გახედა და სტუმარი წასული დაუხვდა. ტანიდან ჩაცურებულ პლედს მიაყოლა თვალი.
_ ოჰოო!_ გაეღიმა მოწონებით. უფრო უკეთ შემოიხვია და მისაღებში შეაბიჯა ლამის გათოშილმა. საწოლში შეძვრა და ისე გააგრძელა ძილი, კარიც კი არ შეუმოწმებია, რადგან პლედის მერე აშკარა იყო მის უსაფრთხოებაზეც ექნებოდა იმ უცნაურ კაცს ნაფიქრი.
_ კეკეე! _ ჩაესმა ნაცნობი ხმა და თავი წამოსწია ბალიშიდან._ ის კაცი არ არის!
პუნქტუალური თანამშრომელი იყო მარიამი. ზედმიწევნით გააზრებული და თანმიმდევრული. იმ დილასაც ჩვეულ დროს გამოცხადდა და პირველ რიგში დაუპატიჟებელი სტუმარი გადაამოწმა და რამხელა იყო მისი გაოცება, როცა ფარეხი ცარიელი დაუხვდა.
_ ვინ კაცი?_ სახე შეიჭმუხნა კეკემ. მისი გონება სულაც არასწორი კაცისკენ გადაიხარა და ისევ კმაყოფილს ჩაეღიმა.
_ ის, გვაზავას ძაღლი! აკი საიმედოდ დავაბიო? როგორც ჩანს გაპარულა!_ მოახსენა მშვიდად მარიამმა.
_ რაო?_ ახლა კი მოეგო გონს კეკე და საწოლიდან წამოფრინდა.
_ გაპარულა ? არააა!!! _ თავი გააქნია უარის ნიშნად._ გაპარულა კი არა, გააპარეს! იმ დამპალმა გააკეთა უეჭველი! მე კიდევ ვენდე! დავუჯერე!
საკუთარ თავზე უფრო გაცოფდა, ვიდრე ონოზე.
_ არა, რას ვფიქრობდი ნეტავ? მტერი ჩემი ხელით შემოვუშვი სახლში! _ მარიამი მშვიდად ადევნებდა თვალს საკუთარი უფროსის ბობოქრობას. მის დამშვიდებას აზრი არ ჰქონდა. სანამ არ დაიცლებოდა ბრაზისგან, მანამ არ მშვიდდებოდა ხოლმე. მაგრამ შეცდა. დაბალი კარადის წინ გაჩერდა კეკე და გრძელი ფრჩხილები ავად ააკაკუნა მის პრიალა ზედაპირზე.
_მე შენ გაჩვენებ სეირს შე მატყუარა! შენ თვითონ მოღოღდები ჩემთან!_ დაემუქრა ცარიელ კედელს.
_ რას ვაპირებთ?_ ჰკითხა მშვიდად მარიამმა.
_ სიყვარულის თამაშს წესების გარეშე, ჩემო კარგო! _ ეშმაკურად გაუღიმა კეკემ_ ისეთი სიყვარულის, თავად დიად მთას რომ აიძულებს მუჰამედთან მოსვლას!
მხრები აიჩეჩა მარიამმა. ვერაფერი გაიგო, ვერც მისი სიტყვებიდან და ვერც ამ სიტყვებს მიღმა მიმალული კონტექსტიდან. თუმცა კითხვის დასმა აზრად არ მოსვლია. კარგად იცნობდა კეკეს, როცა ეს ქალი მიზანს ისახავდა, სასურველს აუცილებლად აღწევდა ხოლმე. ასე იყო აქამდე და ახლა რაღა შეუშლიდა ხელს?!

ვე რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent