შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ქმარი ( სრულად )


3-09-2024, 20:21
ავტორი Antonio Gover
ნანახია 6 455

- ნახე რა სიმპათიურია, -ტელეფონი აუფრიალა ცხვირწინ ახალ პროექტზე მომუშავე და საქმეში თავიდან ფეხებამდე ჩაფლულ ცისიას მაკამ, ცალი თვალით დახედა ტელეფონს ცისიამ, სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ფოტოზე ოცდათხუთმეტიოდე წლის შავგვრემანი მამაკაცი იყო გამოსახული.
- შემეშვი რა, არველაძის სახლის დიზაინი მაქვს დასამთავრებელი, უფროსი გაგიჟდება კვირის ბოლომდე რომ ვერ ჩავაბარო, -ხელი აუკრა ტელეფონზე და ისევ კომპიუტერს მიუბრუნდა.
- აუუ შენ რა უჟმური ვინმე ხარ, -საძაგლად გაწელა მაკამ სიტყვები, და წასვლის მაგივრად იქვე მაგიდაზე ჩამოუჯდა, რა კაცს გაჩვენებ და რეაქცია არ გაქვს.
- რა კაცი მაკა, კაცის თავი მაქვს ახლა? თანაც რა აქვს გასაგიჟებელი.
- რას ჰქვია რა აქვს, ნახე, შეხედე რა ტანი აქვს, რა კუნთები, -ახლა სხვა ფოტო მიაფარა პირდაპირ თვალებზე, სხვა რა გზა ჰქონდა ცისიას, უფრო ყურადღებით შეათვალიერა, ფოტო აუზზე იყო გადაღებული წელსზემოთ შიშველ კაცს ხელში ხუთიოდე წლის ბიჭუნა ეკავა და ბავშვს ისე უცინოდა სახე აშკარად რაღაც სახალისოს ეუბნებოდა.
- ჰო არაუშავს, შემეშვი ახლა, წადი და იმუშვე სანამ შემოსულა თენგო, -ძალით ჩამოაგდო მაგიდიდან და იქვე მდგარ ყავის ჭიქას გადასწვდა, ზიზღით მოსვა უკვე გაცივებული სითხე.
- იცი ვინ არის? ნინიკოს ქმარია ლუკა, -წასვლამდე კიდევ ერთი მეტად საჭირო ინფორმაცია გაუზიარა მაკამ.
- სერიოზულად? -ცისიამ მის გვერდით მდგარ ცარიელ მაგიდას გადახედა, უკვე სამი თვე იყო რაც ნინიკო მათ განყოფილებაში გადმოვიდა სამუშაოდ, იქნებოდა ასე ოცდაათი წლის, პუტკუნა, გრძელთმიანი და ულამაზესი თვალებით, ხალისიანი გოგო იყო, კონტაქტური, თუმცა ძალიან ბევრი ლაპარაკი უყვარდა, რამდენჯერმე ცისიათან დაახლოებაც სცადა მაგრამ ცისიას არც დრო ჰქონდა და არც სურვილი მასთან ჭორაობის, ამ ბოლო დროს საქმეც იმდენი ჰქონდა...
- შენც გაგიკვირდა არა? -რაღაცნაირად ირონიულად გაიცინა მაკამ.
- გამიკვირდა ოღონდ ის არა შენ რომ გგონია, -მეამიტურად გაუღიმა ცისიამ, -ისარ მიკვირს ნინიკოს რომ როგორც შენ ამბობ უსიმპათიურესი და უსექსუალურესი ქმარი ჰყავს, ის მიკვირს შენ რა გესაქმება მის ქმართან.
- კარგი რა არ გიხდება დედა ტერეზას როლი, -მაკა დანებებას არ აპირებდა, -ვერ ვხვდები მასეთ არასანდომიან გოგოს ასეთი კაცი რატომ ან როგორ ჰყავს ქმრად, თან სამი შვილი ჰყავთ თურმე, ტყუპი გოგონები და პატარა ბიჭი მგონი ხუთი წლისაა.
- რა იყო, მანიაკივით აგროვებ ინფორმაციას ნინიკოს ქმარზე?
- ეჰ, შენ ვერ გაიგებ, ახლოდან რომ გყავდეს ნანახი ასე აღარ ილაპარაკებდი.
- შენ იცნობ?
- მთლად ახლოს არა, წინა თვეში ნინიკომ რომ დაგვპატიჟა დაბადების დღეზე, შენ რომ არ გეცალა, მაშინ გაგვაცნო, უნდა გენახა როგორი იყო, დარბაზში რომ შემოვიდა ყველა ქალი დორბლმორეული უყურებდა, ეტყობა რომ ვარჯიშობს, ფართო მხრები აქვს, წვრილი წელი, ძალიან მამაკაცურია და დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი ექნება.
- რა ექნება დიდი? -ცისია რომელიც ისევ არველაძის სახლის დიზაინზე ფიქრობდა და გონებაში მხოლოდ ნახაზები უტრიალებდა, ვერ მიხვდა რა იგულისხმა მაკამ.
- რა და , სხვა რა.
- გაგიჟდი? ცოტა ჩუმად არავინ გაიგოს, -წამოიწია და ტუჩებზე ააფარა ხელი თან ოთახი მოათვალიერა ხომ არავინ გვისმენსო, ისღა აკლდა ვინმეს ეჭორავა ცისია ნინიკოს ქმრის პენისზე საუბრობდაო, მაკას სხვა აღარაფერი უთქვამს, რომ მიხვდა ცისიას მეტად ვერ ავიყოლიებო ახალი საკბილოს მოსაძებნად წავიდა, ცისიამ კი საქმეს ვერაფრით დაუდო გული, მანამ ვერ მოითმინა სანამ სოციალურ ქსელში ნინიკოს ანგარიში არ მოძებნა და მის განთავსებულ ფოტოებს არ გადაავლო თვალი, სრულიად ჩვეულებრივი ოჯახი ჩანდა, ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ცხოვრებით, ლუკა მართლაც არ იყო ხელწამოსაკრავი გარეგნობის მქონე კაცი, თუმცა ისეთი არაფერი ჰქონდა რაც ცისიას გააგიჟებდა.
ის იყო და ის, ცნობისმოყვარეობა რომ დაიკმაყოფილა ისევ საქმეს მიუბრუნდა და არავინ გახსენებია, მანამ სანამ სამი დღის შემდეგ შვებულებიდან გამოსული ნინიკო არ დახვდა ოფისში, თანამშრომლები გარს შემოეკრიბა ად გატაცებით ყვებოდა როგორი არაჩვეულებრივი შვებულება გაატარა ქმართან ერთად, ბავშვები დედამთილს დავუტოვეთ და მთაში განმარტოებით მდგარ კოტეჯში გავატარეთ ეს დღეებიო, თურმე წინასწარ დაუგეგმავს ყველაფერი და არც ვიცოდი ისე მიმიყვანა იქამდეო.
ცისია დაინახა თუ არა კარგა ხნის დაქალივით გადაეხვია, მოკითხა, ქმრის ნაჩუქარი ბეჭედიც აჩვენა და სანამ მუშაობას დაიწყებდა იმის მოყოლაც მოასწრო თუ როგორ იბანავეს მდინარეში შიშვლებმა, ბედნიერი იყო, აღფრთოვანებული, დაუფარავად აქებდა ქმარს, შვებულების დროს გადაღებულ ფოტოებს აჩვენებდა ყველას, ყვებოდა ლუკა რამდენად მოსიყვარულე, მზრუნველი და რომანტიული იყო მის მიმართ, გაბრუებული მიუჯდა ცისია მაგიდას, შესვენებამდე როგორღაც გაიყვანა დრო, შემდეგ კი საპირფარეშოში ჩაიკეტა და სოციალური ქსელი გახსნა, ნინიკოს პროფილი მოძებნა და ფოტოებს დაუყვა, უამრავი ახალი ფოტო ჰქონდა ატვირთული, ეზოში, ტყეში, მდინარეზე, სახლში გადაღებული, თუმცა ერთი რამ შენიშნა, მას და ლუკას იშვიათი ერთობლივი ფოტოები ჰქონდათ, ან საკუთარი სელფები ედო ნინიკოს ან მისივე გადაღებული ლუკას ფოტოები, ერთ-ერთ ფოტოზე გაუშტერდა თვალი ცისიას, გახსნა, გაადიდა... მდინარიდან ამოდიოდა ლუკა, გარუჯულ, მკერდზე მაცდურად უბზინავდა წყლის წვეთები, მოკლე, სველი შორტი ძლიერ, დაკუნთულ ბარძაყებზე ჰქონდა შემოტმასნილი, მისი უბისკენ რომ გაექცა მზერა და ნეტავ მართლა დიდი აქვს თუ არაო რომ გაიფიქრა, თავისივე ფიქრებზე გაეცინა, მერე რატომღაც უსიამოვნო შეგრძნება გაუჩნდა, რაღაც გულისრევის მაგვარი, ის რომ უკვე ერთი წელია ქმარს იყო გაშორებული და სიგიჟემდე ენატრებოდა კაცის მოფერება და ალერსი იმას არ ნიშნავდა რომ თანამშრომლის ქმრისთვის დაედგა თვალი და მასზე ბინძური ფანტაზიებით გამოეტენა გონება.
საკუთარ თავს პირობა მისცა რომ ასეთ სისულელეს გულში აღარ გაივლებდა და ასე თუ ისე დამშვიდებული დაუბრუნდა სამუშაოს, თუმცა არც ნინიკო და არც სხვა თანამშრომელი გოგონები საშუალებას არ აძლევდნენ დაევიწყებინა, ყოველ დილით სამსახურში მოვიდოდნენ თუ არა ნინიკო ახლი ამბით ხვდებოდათ, ყვებოდა რა საჩუქარი გაუკეთა ქმარმა, როგორი სიურპრიზი მოუწყო, როგორ მოამზადა მათთვის რომანტიული ვახშამი და აბაზანა ვარდის ფურცლებით, როგორ დარგო ბაღში მისი საყვარელი ვარდები... როცა ნინიკო არ იყო გოგონები განიხილავდნენ წყვილის სოციალურ ქსელში ატვირთულ ახალ-ახალ ფოტოებს.
იქნებ მართლაც ცისიას მარტოობის ბრალი იყო რომ ასე ღრმად ჩაებეჭდა გონებაში ლუკას პერსონა, უკვე ერთი თვე იყო გასული მას მერე რაც ნინიკო შვებულებიდან დაბრუნდა და უკვე სიზმრებშიც კი ხედავდა მის ქმარს, დაძინებამდე წარმოიდგენდა ხოლმე თითქოს თვითონაც ჰქონდა ისეთი იდეალური ოჯახი როგორიც მათ ჰქონდათ, ჯერ მხოლოდ ოცდაექვსი წლის იყო, სამი წლის წინ დაქორწინდა კაცზე რომელიც ეგონა რომ სიგიჟემდე უყვარდა თუმცა ის სიყვარულიც და რომანტიკაც რის გამოც ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს ქორწინების პირველივე თვეებში გაქრა, ეცადნენ, ურთიერთობის შენარჩუნებას, ეცადნენ მაგრამ არ გამოუვიდათ, ან საკმარისად მონდომებულები არ აღმოჩნდნენ, პირველად ცისიამ გააჟღერა აზრი განქორწინების შესახებ, ახლაც ნათლად ახსოვს საბას მორყეული სახე და ამღვრეული მზერა, ეს ნამდვილად გინდაო? ასე ჰკითხა მაშინ საბამ, ნამდვილად მინდა ისევე როგორც შენო უპასუხა, საბას აღარაფერი უთქვამს, მეორე დღესვე ჩაალაგა ბარგი და სახლიდან წავიდა მერე კი ქვეყნიდანაც, აგერ უკვე ერთი წელი იყო რაც საფრანგეთში იმყოფებოდა...
-
- გოგონი გამოფხიზლდი, -მაკა ედგა თავზე და მსუბუქად ანჯღრევდა, -გაიღვიძე თორემ თენგო თუ შემოვიდა და დაინახა რომ გძინავს ცუდად იქნება საქმე.
- მეძინა? -გაოცებულმა ასწია თავი.
- გეძინა, რა გჭირს, ასე რამ დაგღალა.
- წუხელ ძალიან ცხელოდა და ვერ დავიძინე, ხომ იცი კონდიციონერი არ მაქვს და...
- კონდიციონერი კი არა ეს ნახე? -ტელეფონი მიუტანა ცხვირთან, რა თქმა უნდა ისევ ლუკას ფოტოს აჩვენებდა, ამჯერად სპორტ დარბაზში გადაღებულს, შავი, მოკლედ შეკრეჭილი თმა, გაოფლილი დაკუნთული სხეული...
- გეყოფა, უკვე სტალკერივით იქცევი, ერთხელაც შეგამჩნევს ნინიკო როგორ დააფრიალებ აქეთ-იქით მისი ქმრის ფოტოებს და როგორ გიჟდები მასზე და უსიამოვნება მოგივათ, -გაღიზიანებულმა მოიშორა მაკა და ფეხზე წამოდგა რომ როგორმე თავი დაეღწია მისგან.
- რა ჩემი ბრალია, თითონ სულ მასზე ლაპარაკობს ხოლმე, გუშინ თვითონ მაჩვენებდა ფოტოებს, ჩემი ქმარი და ჩემი ქმარი აკერია სულ პირზე, ჩვენც ადამიანები ვართ ბოლოს და ბოლოს, გვაინტერესებს მართლა არსებობენ თუ არა ასეთი იდეალური მამაკაცები და თუ არსებობენ მან რით დაიმსახურა, მე რატომ...
- გამარჯობა გოგონებო, თქვენთან საქმე მაქვს, -ოთახში შემოსულმა განყოფილების უფროსმა, ბატონმა თენგომ შეაწყვეტინათ საუბარი, დაინახეს თუ არა ყველა მაშინვე ერთ ადგილზე მოგროვდა, -ეს თვე ძალიან ნაყოფიერი იყო ჩვენი განყოფილებისთვის, ყველას მუშაობით კმაყოფილი ვარ, ცოტა განტვირთვა არ გვაწყენდა ამიტომ ხვალ საღამოს ყველას რესტორანში გეპატიჟებით, იცოდეთ ქმრები ან შეყვარებულები აუცილებლად უნდა წამოიყვანოთ თან.
იმ წუთას ოთახში შემოსულ ნინიკოს შეხედა ცისიამ და მის სახეზე არ გაჭირვებია მკვეთრად გამოხატული უკმაყოფილების შემჩნევა...
- აუცილებელია რომ ქმრებიც წამოვიდნენო, -ისეთი სახით ჰკითხა უფროსს ნინიკომ მაშინვე იეჭვა რომ სადღაც იქვე ძაღლის თავი იყო დამარხული.
- აუცილებელია, თუ არადა თვალით არ დამენახოთო, -ნახევრად ხუმრობით და თვალის ჩაკვრით უპასუხა თენგომ და ოთახიდან გავიდა.
- რა იყო ქმარს გვიმალავ? ნუ გეშინია არ წაგართმევთ, -ჩვეულებისამებრ აკაკანდა მაკა, ნინიკომ მხრები აიჩეჩა და ნაძალადევად გაიღიმა.
- რაღაც ვერ არის კარგად ლუკა და მაგიტომ ვთქვი, მგონი გაციებულია, ეს ორი დღეა, მაღალი სიცხეები აქვს, იმედია ხვალ საღამომდე გამოკეთდება.
- იმედია, -მრავალმნიშვნელოვანი ხმით თქვა მაკამ და წარბ აწეულმა გადახედა ცისიას...





იმ დღეს ადრე წავიდა ცისია სამსახურიდან, თენგოს უარი არ უთქვამს და რამდენიმე საათით ადრე გაუშვა, უყვარდა ცისია და პატივს სცემდა მისი პროფესიონალიზმის და შრომისმოყვარეობის გამო.
სახლში სანამ მივიდოდა მაღაზიებში გაიარა, ახალი კაბა იყიდა, ფეხსაცმელი, საცვლები, ფრჩხილები და თმა მოიწესრიგა, ძალიან უნდოდა რომ საღამოს ყველა დაეჩრდილა, უნდოდა ყველაზე განსაკუთრეთრებული შთაბეჭდილება მოეხდინა, განსაკუთრებით კი მასზე... ლუკაზე...
- რას ამბობ, გაგიჟდი? -ლიფტის სარკისებრ კედელში არეკლილ საკუთარ ორეულს მიმართა საკუთარ თავზე გაბრაზებულმა, -არავითარი ლუკა, შეიგნე ბოლოს და ბოლოს, სხვისი ქმარია, სხვისი.
ისიც კი იფიქრა რომ რესტორანში არ წასულიყო, თუმცა თენგომ ისე მკაცრად გააფრთხილა ყველა მისი წყენინება არ უნდოდა, ისიც კმაროდა რომ მარტო მოუწევდა მისვლა, სხვა რა გზა ჰქონდა, არც ქმარი ჰყავდა და არც შეყვარებული, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, კაბა და ახალი ფეხსაცმელი ჩაიცვა, სარკეში რომ შეათვალიერა საკუთარი თავი კმაყოფილი დარჩა, ჩამოსხმული სხეული და მიმზიდველი, მაცდური ფორმები ჰქონდა, წაბლისფერი, ოდნავ ხვეული თმა ტალღებად ეფინა მხრებზე, მწვანე თვალები უციმციმებდა...
- გისმენთ, -ეკრანისთვის არც დაუხედავს ისე უპასუხა ტელეფონს.
- ცისია... როგორ ხარ? -ნაცნობი ხმა რომ მოესმა, ხმა რომელიც ერთ დროს აგიჟებდა და თავგზას უბნევდა შეცბა თუმცა ესიამოვნა გაგონება, მართალია საბას მიმართ აღარაფერს გრძნობდა თუმცა იმ დროის ხათრით რაც ერთად გაატარეს ყოველთვის ცდილობდა მასთან ნორმალური ურთიერთობა შეენარჩუნებინა.
- კარგად ვარ საბა, შენ როგორ გიკითხო, დიდი ხანია არ გაგხსენებივარ, როგორ მიდის შენი საქმეები საფრანგეთში? -სრულიად მშვიდად და თავისუფლად უპასუხა, უცნაურად, უხერხულად ჩაახველა საბამ.
- ახლა საქართველოში ვარ და შენი ნახვა მინდოდა, დალაპარაკება მინდა შენთან, ამ საღამოს გეცლება რომ ორიოდე საათი დამითმო?
- საქართველოში ხარ? დიდი ხანია ჩამოხვედი?
- ერთი კვირაა აქ ვარ, რაღაც საქმეებს ვაგვარებდი და...
- დღეს არ მცალია, იმედია რამე სერიოზული საქმე არ გაქვს, რესტორანში მივდივარ თანამშრომლებთან ერთად.
- კარგი მაშინ ხვალ იყოს, დაგიკავშირდები და შევთანხმდეთ, -ისე გათიშა საბამ ტელეფონი არც კი დამშვიდობებია, გაუკვირდა ცისიას მისი ასეთი საქციელი, ნეტავ რა საქმე უნდა ჰქონოდა მასთან, თუმცა ასე თუ ისე მაინც გაუხარდებოდა მისი ნახვა.
მაკამ რომ დაურეკა და უთხრა ეზოში გელოდებიო ბევრი აღარ გაუჭიანურებია სამზადისი, ერთხელ კიდევ შეათვალიერა საკუთარი თავი სარკეში და სახლიდან გავიდა, მაკა რომელიც თავისი მინი კუპერის საჭეს უჯდა არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მკვეთრი მაკიაჟი ჰქონდა გაკეთებული და წითელი, თამამად გულამოღებული კაბა ეცვა.
- მშვენივრად გამოიყურები, -მოწონების ნიშნად ცერა თითი აუწია ცისიამ.
- ვიცი, -ამაყად მოიღერა ყელი მაკამ, -დღეს ნინიკოს ქმარს თვალები უნდა დაუბრმავოს ჩემმა სილამაზემ, უბრალოდ მიყურე და ნახე როგორ ადვილად და მარტივად შევაბამ.
- კიდევ იგივეს ამბობ, -ცისიამ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი, -ლუკა სხვისი ქმარია, სხვისი ქმარი, ეს ორი სიტყვა არაფერს გეუბნება?
- რომ მეუბნება ზუსტად იმიტომ ვარ ასეთი აჟიტირებული, რაც უფრო ძნელი შესაბმელია კაცი მით მეტად შევდივარ ხოლმე აზარტში.
- აქ მხოლოდ მის შებმაზე არ არის საქმე ხომ ასეა? შენ უბრალოდ გინდა დაამტკიცო რომ იდეალური კაცები არ არსებობენ და ნანიკოს ქმარი მითუმეტეს არ არის ასეთი იდეალური.
- ამდენს ნუ ფიქრობ თუ ღმერთი გწამს, -მაკამ უდარდელად აიქნია ხელი, -თანაც შენ საერთოდ რა შუაში ხარ, მოდუნდი გაერთე, იქნებ შენც იშოვო ვინმე და...

უხმოდ იჯდა ცისია და მაკას უაზრო და დამღლელ საუბარს უსმენდა, შვებით ამოისუნთქა რესტორნამდე რომ მიაღწიეს, გარემო ულამაზესი იყო, თენგოს ცოტა ზედმეტადაც კი მოექაჩლებინა თავი, სასიამოვნო მუსიკა, არაჩვეულებრივი კერძები...
- ნინიკო არ ჩანს, -გვერდით მიუჯდა თუ არა მაკა ქორივით გადაავლო თვალი იქაურობას და მერე ცისიას მთელი ძალით გაჰკრა მუჯლუგუნი, -არ გესმის? ნინიკო არ ჩანს.
- ნინიკოს არყოფნა უფრო გაღელვებს თუ მისი ქმრის? -ირონიული ტონი ჰქონდა ცისიას თუმცა მაკას არაფერი შეუმჩნევია.
- რა თქმა უნდა ორივესი, ნინიკოს არყოფნა თავისთავად ნიშნავს ლუკას არყოფნას, ვინ იცის კიდევ როდის მომეცემა ასეთი კარგი შანსი მასთან დასაახლოვებლად.
- გეყოფა ძალიან გთხოვ, უკვე მომბეზრდა, -ცისიამ ღვინით სავსე ჭიქა გამოცალა და ნაძალადევი ღიმილით მოავლო თვალი დარბაზს, არ იმჩნევდა თუმცა თვითონაც არანაკლებ უკმაყოფილო იყო იმის გამო რომ ლუკა ვერ ნახა, არადა ერთი სული ჰქონდა როდის გაიცნობდა, როდის ნახავდა ახლოს, სადღაც გულის სიღრმეში იმის იმედი ჰქონდა რომ თუ ახლოდან ნახავდა, გაიცნობდა, დაელაპარაკებოდა აღმოაჩენდა რომ სულაც არ ყოფილა ისეთი მომხიბვლელი და საოცარი როგორსაც აღწერდნენ და როგორ შთაბეჭდილებებსაც ფოტოები უქმნიდა, იმედი ჰქონდა რომ ბოლოს ად ბოლოს შეძლებდა მასზე ფიქრი შეეწყვიტა თუმცა როცა დაინახა როგორ შემოვიდა დარბაზში...
- მოვიდა, მოვიდა, ნახე რა სიმპათიურია, შეხედე როგორ უყურებენ ჩვენი გოგოები, -მაკა ისე იყო აჟიტირებული ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა, მართლაც რომ ზედმეტად სხვანაირი და მიმზიდველი იყო ლუკა, შავი კლასიკური შარვალი და იდაყვებამდე აკეცილი თეთრი პერანგი ეცვა, მოკლე შავი თმა ჰქონდა და ოდნავ შესამჩნევი ჭაღარა საფეთქლებთან, დიდი შავი თვალები და მეტყველი მზერა, სწორი ცხვირი, ვნებიანი ტუჩები, მის სხეულს ჩამოაყოლა მზერა ცისიამ, დაძარღვულ მკლავებს რომლებიც დიდი მაკაცური ხელებით და გრძელი ლამაზი თითებით ბოლოვდებოდა...
- ცისია გაიცანი ჩემი მეუღლე ლუკა, -ნინიკოს ხმამ გამოარკვია უცაბედი ეიფორიიდან და დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით აუწითლდა ლოყები, ნელა ასწია თავი, ლუკას მზერას შეეჩეხა და მაშინვე აარიდა თვალი, ხელი გაუწოდა და მისი შეხება რომ იგრძნო, ციებიანივით გააცახცახა, ზედმეტად დიდხანს გაიჩერა ხელში მისი ხელი ლუკამ ან ცისიას მოეჩვენა ასე.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, -ოდნავ ხრინწიანი ხმა ჰქონდა ლუკას, თბილი და ისეთი უნებურად რომ აღძრავდა ნდობას ადამიანში.
- ჩემთვისაც, -თავდახრილმა ჩაილაპარაკა ცისიამ.
- წამოდი დანარჩენებსაც გაგაცნობ, -უცბად გაშინაურებულმა მაკამ, მკლავში გამოსდო ხელი ლუკას და იქვე მდგარი გოგონებისკენ წაიყვანა ისე რომ ნინიკოსთვის რომელიც გაცოფებული უყურებდა ყურადღება არ მიუქცევია, ნინიკო ცისიას გვერდით დაეშვა სკამზე.
- ვერ ვიტან მაკას, ცუდად უჟუჟუნებს ჩემს ქმარს თვალებს, -ჩაიბურტყუნა და ღვინით სავსე ჭიქას წაეტანა, ხმა არ ამოუღია ცისიას, საკუთარ თითებს დაჰყურებდა რომლებსაც ჯერ კიდევ ჰქონდა ლუკას სხეულის სითბო შერჩენილი, ჰაერში გაბნეულ, სასიამოვნო, გრილ სურნელს ისუნთქავდა.
- ცისია არ გესმის რას გეუბნები? -ნინიკო უკვე მეორე ჭიქა სასმელს მიირთმევდა და ლოყებაწითლებული თვალებით ჭამდა თენგოსთან და რამდენიმე სხვა თანამშრომელთან საუბარში გართულ ლუკას რომელსაც მაკა გვერდიდან არ შორდებოდა.
- რა მითხარი? რამე მკითხე? -როგორც იქნა გამოერკვა ცისია.
- ერთი გამაგებინა სად დაფრინავ, იმას ვამბობდი რომ მაკა ზედმეტად აშკარად ეარშიყება ჩემს ქმარს, დარწმუნებული ვარ შენც შეამჩნევდი.
- არ შემიმჩნევია მაგრამ ასეც რომ იყოსდარწმუნებული ვარ სენი ქმარი მაკას ზედაც არ შეხედავს ასე რომ დამშვიდდი, ჩემი აზრით არაფერი გაქვს სანერვიულო.
- ასე ფიქრობ? -თვალები მოჭუტა ნინიკომ და დაეჭვებულმა შეათვალიერა ლუკა, -რატომ ფიქრობ ასე?
- კარგად დააკვირდი და მიხვდები, ლუკას საქციელი, გამოხედვა, ჟესტები, იმაზე მიუთითებს რომ ერთი სული აქვს როდის დააღწევს თავს მაკას.
- სერიოზულად?
- კი, როგორც ქალი არ იზიდავს.
- ასე ერთი შეხედვით როგორ მიხვდი? რამდენი ხანია ჩემი ქმარია და მე ვერ ვხვდები მისი გამოხედვა და ჟესტიკულაცია რას ნიშნავს.
- აივანზე გავალ, აქ ძალიან ცხელა, -სიტყვა ბანზე აუგდო ცისიამ და წამოდგა, იქვე მდგარი პატარა მრგვალი მაგიდიდან სასმლით სავსე ბოთლი აიღო და თან გაიყოლა, როგორც კი გავიდა მოაჯირს მიეყრდნო ზურგით და შვებით ამოისუნთქა გრილი ნიავი რომ მიელამუნა სახეზე, ღია კარიდან კარგად ჩანდა რა ხდებოდა დარბაზში, იდგა და თვალს ადევნებდა როგორ ერთობოდნენ, როგორ სვამდა ნინიკო და როგორ ჭამდა თვალებით ყველას ვინც მის ქმართან მიახლოებას გაბედავდა, უყურებდა ლუკას, მის ყოველ მოძრაობას აკვირდებოდა, უყურებდა და თან დროდადრო სვამდა, აშკარა იყო რომ საერთოდ არ აღელვებდა გოგონების გადამეტებული ყურადღება თუმცა ისიც აშკარა იყო რომ ნინიკოსაც არ უყურებდა და ექცეოდა ისე როგორც ცოლებს ექცევიან ქმრები, თუნდაც ეს ცოლები საყვარელი და სასურველი ცოლები არ იყვნენ.
- მე რა შუაში ვარ, მათი ურთიერთობა არანაირად არ მეხება, არ არის ჩემი საქმე, ჰო, სიმპათიურია თანაც ძალიან, მიმზიდველია მაგრამ ჩემთვის არ არის, არა, -გამწარებულმა დასცხო ხელი მოაჯირს, უკვე აღარ შეეძლო ასე დგომა და ყურება თუ როგორ ერთობოდნენ, ფეხსაცმელი გაიხადა, გრძელი კაბა აიწია და იქვე მდგარ ხის საზურგიან სკამზე დაჯდა ფეხმორთხმით, მწარედ ჩაეღიმა როცა მიხვდა რომ არავის შეუმჩნევია მისი არყოფნა, არავის მოუსაკლისებია, თვალები დახუჭა, თავი უკან გადასწია და ეცადა ცოტა მოდუნებულიყო, ჭარბად მიღებული ალკოჰოლიც თავისას შვებოდა, ვერაფრით მშვიდდებოდა, მთელი სხეული უხურდა იმის წარმოდგენისას რომ მამაკაცი რომელიც ასე აღელვებდა ერთი ხელის გაწვდენაზე იყო და მას არაფრის გაკეთება არ შეეძლო მასთან დასაახლოვებლად.
არ იცოდა რამდენ ხანს იჯდა ასე გაუნძრევლად ყველასგან განმარტოვებით, ვერც იმას მიხვდა როდის ჩაეძინა, თვალდახუჭული, შავ სიფრიფანა კაბაში გამოწყობილი, ფეხმორთხმით მჯდარი ქალღმერთს ჰგავდა, უცხოს და მიუწვდომელს, ღრმად სუნთქავდა, მშვიდად, სიზმარი ეგონა გვერდით სითბო, შეხება და სასიამოვნო სურნელი რომ იგრძნო, მოეშვა, მოდუნდა, არ უუცხოებია წელზე ძლიერი მკლავი რომ მოეხვია და მიიზიდა, მის ნებას დაჰყვა, მხარზე დაადო თავი სასიამოვნო სურნელი რომ იგრძნო სიამოვნებისგან ამოიოხრა...
- უნდა გაიღვიძო, ასე გაცივდები და თან თითქმის ყველა წავიდა უკვე, გაახილე ეგ ლამაზი თვალები, -თითქოს შორიდან ჩაესმოდა უკვე ნაცნობი ხმა და ამ სასიამოვნო სიზმრიდან გამოფხიზლება არ უნდოდა, სიზმარში მაინც ხომ შეეძლო იმის გაკეთება რაც სურდა, სიზმარში არ არსებობდა საზღვრები, სიზმარში არავინ გაკიცხავდა იმის გამო რომ სხვისი ქმარი სიგიჟემდე სასურველი იყო მისთვის...
- არ მინდა გაღვიძება, არ გამაღვიძო გთხოვ, სიზმარში მაინც იყავი ჩემთან, -ჩაილაპარაკა, ხელები მოხვია და მთელი ძალით ჩაეკრა მკერდში, ესმოდა როგორ გამალებით უცემდა გული, მერე თითების ნაზი, რიტმული მოძრაობა იგრძნო თმაში და ისევ ჩაეძინა, ღრმად, ტკბილად, უშფოთველად...





წვიმის ხმა და ფარდების შარიშური ჩაესმოდა, გრილი ნიავი სასიამოვნოდ ელამუნებოდა სხეულზე, თავს კარგად გრძნობდა, მშვიდად უსაფრთხოდ, თვალის გახელა და გამოფხიზლება არ უნდოდა, ვაიდა თუ თვალს გაახელდა ეს ხმა, ეს სურნელი და ეს განცდა თითქოს მარტო არ იყო გამქრალიყო, დიდხანს იწვა ასე ნახევრად ძილღვიძილში მყოფი და ბალიშს ეხვეოდა რომელსაც საოცრად სასიამოვნო სურნელი ასდიოდა, მერე ნელ-ნელა დაიწყო გამოფხიზლება და თვალის გახელამდე ეუცხოვა გარემო, დაფეთებული წამოჯდა როცა მიხვდა რომ სახლში არ იმყოფებოდა, შეშინებულმა, გულამოვარდნილმა მოათვალიერა საძინებელი, მერე ფანჯარას გახედა რომლიდანაც მოღრუბლული წვიმიანი დღე მოსჩანდა, დღის თორმეტ საათს უჩვენებდა საწოლის მოპირდაპირე მხარეს კედელზე დაკიდებული საათი...
- ჯანდაბა, სამსახურში დამაგვიანდა, მომკლავს თენგო, -ხმამაღლა წამოიყვირა ად გამწარებული წამოხტა საწოლიდან, ადგა და მაშინღა მიხვდა რომ ფაქტობრივად შიშველი იყო, ქვედა საცვალი ეცვა მხოლოდ და მამაკაცის გრძელი, ფართო მაისური, ნერვიულად ჩამოისწორა გვარიანად აბურდული თმა და იქვე სავარძელზე ლამაზად გადაფენილი კაბა რომ დაინახა შვებით ამოისუნთქა, ფეხსაცმელი არსად ჩანდა თუმცა ვინ დაეძებდა ახლა ფეხსაცმელს, თუმცა ჩანთაც არსად ჩანდა...
- რა გავაკეთე? -კეფაზე შემოიჭდო თითები და ღრმად ამოიოხრა თვალდახუჭულმა, ბევრი არაფერი ჰქონდა შერჩენილი მის მეხსიერებას გუშინდელი საღამოდან, რესტორანში მისული მალევე განმარტოვდა აივანზე, ბევრი დალია, საკმაოდ ბევრი იმისთვის რომ სკამზე მჯდარს ჩასძინებოდა, მერე კი... მერე... ხმა ახსოვდა, თბილი და გულშიჩამწვდომი, ძლიერი ხელების შეხება ახსოვდა სხეულზე, მისი სურნელი... ახსოვდა როგორ ირწეოდა მის მკლავებში, ახსოვდა როგორ დაჰყურებდა ზემოდან იმ ულამაზესი შავი თვალებით და როგორ უღიმოდა...
- ლუკა, ლუკა იყო, ნინიკოს ქმარი, -სასოწარკვეთილს აღმოხდა და ღონემიხდილი მიეყრდნო ტანსაცმლის კარადას, -ეს როგორ... რანაირად... აქ როგორ მოვხვდი? ახლა რა უნდა ვქნა?
კაბას იცვამდა და თან გაუგებრად ბუტბუტებდა გონებაარეული, უჩუმრად გამოაღო საძინებლის კარი და ოთახიდან გავიდა, დერეფანს გაუყვა ფეხაკრეფით, მხიარული რიტმული მუსიკა რომ მოესმა ერთ ადგილზე შედგა და გაირინდა, ოდნავ შეღებულ კარში შეიჭყიტა თუმცა ვერაფრის დანახვა მოახერხა, ცნობისმოყვარეობამ აიძულა ოთახში შესულიყო, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ფართო, ნათელ მისაღებ ოთახში აღმოჩნდა, იქაც არავინ იყო, მუსიკის ხმა აშკარად სამზარეულოდან გამოდიოდა, ფრთხილად მიუახლოვდა ღია კარს, პირზე ნერწყვი მოადგა ახლად მომზადებული საჭმლის სასიამოვნო სურნელი რომ იგრძნო და მაშინღა გაიაზრა როგორ შიოდა...
იმისთვის რაც სამზარეულოში დახვდა ცისია ნამდვილად არ ყოფილა მზად, სუნთქვა შეეკრა და ერთ ადგილზე გაშეშდა ქურასთან მდგარი ლუკა რომ დაინახა, ფეხშიშველი იყო ლუკა, სპორტული შარვალი და თხელი გრძელმკლავიანი მოსაცმელი ეცვა, ასეთ ფორმაშიც საოცრად გამოიყურებოდა, მუსიკას უსმენდა და ღიღინ-ღიღინით ამზადებდა ომლეტს, ისეთი შინაურული გარემო იყო, ისეთი ოჯახური სიტუაცია... უყურებდა ცისია და ახლა უკვე ზუსტად იცოდა რაც ჩაიდინა, თავს საშინლად გრძნობდა, სხვის ქმართან ერთად გაატარა ღამე, ნეტავ ახლა სად იყო ნინიკო, ან ბავშვები რატომ არსად ჩანდნენ, სახლში არაფერი იყო ისეთი რაც იმაზე მიუთითებდა რომ ლუკას ცოლშვილი ჰყავდა, თუმცა რა სისულელეა, თავის სახლში ხომ არ მიიყვანდა ლუკა, იმ სახლში სადაც ცოლშვილთან ერთად ცხოვრობდა, ეტყობოდა ეს სახლი ასეთი შეხვედრებისთვის ჰქონდა გათვალისწინებული, ვინ იცის რამდენი საყვარელი ჰყავდა აქ მოყვანილი და ცისია მისი მორიგი მსხვერპლი გახდა, საწყალი ნინიკო, ნეტავ თუ იცოდა ეს ყველაფერი...
- დილა მშვიდობის? -ლუკა არ შემობრუნებულა ისე მიესალმა, ალბათ მისი დაჟინებული მზერა თუ იგრძნო, პასუხი რომ ვერ მიიღო ნელ-ნელა შემობრუნდა და გაუღიმა ცისიას, გაუღიმა ისე თბილად და მომხიბვლელად რომ საერთოდ აურია თავგზა, მიხვდა ცისია, აქ თუ კიდევ გაჩერდებოდა თუნდაც რამდენიმე წუთით, უარეს შეცდომას დაუშვებდა, იმაზე დიდს და გამოუსწორებელს რაც გუშინ დაუშვა, შეეშინდა, ძალიან შეეშინდა იმის რომ ვერ შეძლებდა საკუთარ თავთან გამკლავებას და იმწამს ის გააკეთა რაც ყველაზე სწორად მიიჩნია, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, შებრუნდა და უკანმოუხედავად გაიქცა...
სახლში შემოსასვლელი კარის საკეტი ღია დახვდა, გამოაღო აივანი გაიარა, რამდენიმე კიბე ჩაირბინა და თავსხმა წვიმაში ფეხშიშველი გაიქცა ჭიშკრისკენ, დასველდა, კაბა სხეულზე მიეკრო, თუმცა ვერაფერს გრძნობდა, ერთადერთი იმაზე ფიქრობდა რომ რაც შეიძლება მალე უნდა წასულიყო აქედან, რაც შეიძლება მალე უნდა გასცლოდა ლუკას და იქნებ გამქრალიყო ის ჯოჯოხეთური მიზიდულობა მის მიმართ რომ ჰქონდა, ის იყო კარს ხელი წაავლო რომ ფეხის ხმა მოესმა, მერე გახშირებული სუნთქვა იგრძნო ყელთან, საკუთარი მოსაცმელი მოახურა ლუკამ, მკლავში ჩასჭიდა ხელი და თავისკენ შეაბრუნა, ზემოდან დაჰყურებდა შეშინებულს, მობუზულს და სიცივისა და დანაშაულის გრძნობისგან ერთიანად დაპატარავებულს.
- სად გარბიხარ, თანაც ასეთ მდგომარეობაში? -ერთდროულად გაკვირვებული და თან მხიარული ხმა ჰქონდა, ეტყობოდა რომ ძლივს იკავებდა ღიმილს, საყვარლად უციმციმებდა თვალები.
- მე... მე უნდა წავიდე, -ძლივს ამოღერღა ორიოდე სიტყვა ცისიამ.
- სად აპირებ წასვლას? -ისე გაიკვირვა ლუკამ თითქოს ცისია საკუთარ სახლში ყოფილიყოს, სად მიდიხარ ასეთ მდგომარეობაში, ფეხშიშველი ხარ, თან არაფერი გაქვს.
- რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია აქაურობას მოვშორდე, ხელი გამიშვი, ახლავე, -ცისია მისგან განთავისუფლებას შეეცადა თუმცა არაფერი გამოუვიდა.
- რას გაურბიხარ, ან ვის? -მშვიდი, თბილი ხმა ჰქონდა ლუკას, გამომცდელად უყურებდა თვალებში ერთი წამითაც კი არ სწყვეტდა მზერით კონტაქტს, თითქოს აჰიპნოზებდა, მის მონუსხვას და დამორჩილებას ცდილობდა, გამოსდიოდა კიდეც თანაც ძალიან კარგად, მთელი სხეული უთრთოდა ცისიას, ვერ ხვდებოდა ასე რატომ მოქმედებდა მასზე ლუკას სიახლოვე, ფაქტობრივად არ იცნობდა მას, აქამდე არანაირი ურთიერთობა არ ჰქონიათ, რატომ არ შეეძლო მისთვის წინააღმდეგობის გაწევა...
- გამიშვი გთხოვ, -საცოდავად ამოიტირა და წვიმას შეერია მისი ცრემლები, სახე შეეცვალა ლუკას, უკმაყოფილოდ შეჭმუხნა წარბები, დაიძაბა, ხელი გაუშვა ცისიას და მერე ნაზად, ძალიან ნაზად შეეხო ლოყაზე, მოეფერა და უნებურად თვალები რომ დახუჭა ცისიამ თვითონაც ვეღარ მოითმინა, ხელში აიტაცა და მთელი ძალით მიიკრა სხეულზე.
- ახლა სახლში შეგიყვან გესმის? ასე ვერ გაგიშვებ, გაშრები, გამოიცვლი ისაუზმებ და მერე თვითონ წაგიყვან იქ სადაც მეტყვი, არ ვაპირებ ძალით გაგაჩერო აქ, არაფერს გავაკეთებ ისეთს რაც შენ არ გენდომება, შენ უკანასკნელი ხარ ვისთვისაც რამის დაშავებას შევძლებ, -ასე ლაპარაკით და მოფერებით გაბრუებული შეიყვანა სახლში, საძინებელში შევიდა და საწოლზე დასვა, თავისი შარვალი და მაისური გამოიღო კარადიდან, საწოლზე დაულაგა, გაპარვა არ სცადო მაინც არ გამოგივა, ვერსად გამექცევი, გამოიცვალე და სამზარეულოში გამოდი ვისაუზმოთო დაუბარა და ოთახიდან გავიდა.
- ღმერთო ასეთი რა დავაშავე, რატომ ვარ ასეთ დღეში, -გულაღმა გადავარდა საწოლზე ცისია და ცრემლიანი თვალები მიაპყრო ჭერს, -ახლა რა უნდა გავაკეთო.
ერთხანს ასე გაუნძრევლად იწვა, მერე მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას, ამ წვიმაში ვერსად წავიდოდა, წარმოდგენა არ ჰქონდა სად იყვნენ, თანაც როგორც ჩანდა ლუკას სულაც არ ჰქონდა ცუდი გეგმები მასთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში ერთი შეხედვით ასე ჩანდა, ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო გაიფიქრა, გამოიცვალა და სამზარეულოსკენ წავიდა.
- მოხვედი? დაჯექი ვჭამოთ, ჩაის დალევ თუ ყავას, -ლუკა ღიმილით შეეგება და სკამზე მიუთითა, უხმაუროდ, მშვიდად ისაუზმეს, ცისიას უამრავი კითხვა ჰქონდა მასთან თუმცა საუბრის დაწყებას ვერ ბედავდა, ლუკა ღიმილით სთავაზობდა თავის მომზადებულ საჭმელს, არაფერი ზედმეტი არ მომხდარა, არაფერი ისეთი რაც ცისიას უხერხულობას შეუქმნიდა, სამზარეულოდან მისაღებში რომ გადაინაცვლეს მაშინღა ამოიღო ხმა.
- შეგიძლია სახლში წამიყვანო?
- ასე ძალიან გეჩქარება? -ეშმაკურად გაუღიმა ლუკამ და დივანზე მიუთითა, -მგონი ჯობს დავსხდეთ და მკითხო რაც გაინტერესებს, შემიძლია ყველა კითხვაზე გიპასუხო.
- ყველა კითხვაზე? -ცისია უხერხულად ჩამოჯდა დივნის კიდეზე.
- ნებისმიერზე.
- შეგიძლია მითხრა გუშინ... წუხელ... მე უბრალოდ... -ლოყები აუწითლდა, ენა დაება, თითები აუთრთოლდა, ლუკამ ვერაფრით შეძლო სიცილის შეკავება.
- გასაგებია, გაინტერესებს ერთად ვიწექით თუ არა, შეგიძლია მშვიდად იყო, ჩვენს შორის არაფერი მომხდარა, უბრალოდ ჩემი მაისური ჩაგაცვი რადგან კაბა გაიხადე და...
- ღმერთო როგორ მრცხვენია, -ლოყებზე აიფარა ხელები და ამოიოხრა.
- სასირცხვილო არაფერი გაგიკეთებია, უბრალოდ ზედმეტი დალიე, ეს არის და ეს.
- როგორ თუ არაფერი გამიკეთებია, იმდენი დავლიე რომ დილით თანამშრომლის ქმრის საწოლში გამეღვიძა, შენი აზრით ეს არაფერია?
- ჰმ, თანამშრომლის ქმარი? დარწმუნებული ხარ რომ შენთვის მხოლოდ ეს ვარ და სხვას არაფერს ვნიშნავ? შენი გამოხედვა, შენი სხეულის რეაქცია როცა გიახლოვდები სხვა რამეს მეუბნება, -ირონიული ხმა ჰქონდა ლუკას, ბრაზით უელავდა თვალები, ვერ ხვდებოდა ცისია რას ნიშნავდა მისი ასეთი რეაქცია, როგორ შეეძლო ასე მოქცეულიყო, როგორ შეეძლო ასე მოქცეოდა ცოლშვილს, უნებურად სიბრაზემ შეიპყრო, საკუთარ თავზე გაბრაზდა იმიტომ რომ ასეთი სუსტი იყო, ლუკაზეც გაბრაზდა...
- მეჩვენება თუ ჩემზე ბრაზობ, -ცივად გამოსცრა კბილებში, -ვერ ვხვდები რა უფლება გაქვს, ერთმანეთს არ ვიცნობთ, როგორ შეგიძლია ასე მოიქცე, როგორ შეგიძლია ასე დაუფარავად მეარშიყო როცა სახლში ცოლშვილი გელოდება, ასეთი რა ადამიანი ხარ.
- გეყოფა ზედმეტი მოგდის, -ხმას აუწია ლუკამ, -ისეთ რამეს ნუ იტყვი რასაც შემდეგ ინანებ, -ყველაფერი ისე არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ჩემზე არაფერი იცი.
- ის ვიცი რაც საკმარისზე მეტია, -მწარედ გაეცინა ცისიას და თვალები აუწყლიანდა, -სხვისი ქმარი ხარ და ამით ყველაფერია ნათქვამი...





- ესე იგი შევთანხმდით? -საეჭვოდ მშვიდად მჯდომ ცისიას თვალებმოჭუტულმა, გამომცდელი მზერით შეხედა ლუკამ და თან მაგიდაზე მის წინ ცივი წვენით სავსე სურა და ჭიქები დააწყო.
- შევთანხმდით რომ მოგისმენ და მერე ორივე ჩვენ-ჩვენი გზით წავალთ, დღის დასრულებამდე სამსახურში მისვლა უნდა მოვასწრო და როგორმე დაგვიანების მიზეზი ავუხსნა, თორემ ცუდად მექნება საქმე, -ძალიან ცდილობდა ცისია რომ ურყევი, მტკიცე და სერიოზული ყოფილიყო თუმცა რამდენად გამოსდიოდა არ იცოდა.
- სამსახურზე ნუ იდარდებ, უკვე ველაპარაკე თენგოს და მოვაგვარე, არაფერს გეტყვის, ხვალ დილით მიხვალ და ჩვეულებრივად განაგრძობ მუშაობას.
- რას ნიშნავს მოაგვარე? როგორ მოაგვარე? ან საერთოდ რატომ ერევი ჩემს საქმეებში, ვინ მოგცა უფლება რომ ჩაერიო, -ძლივს იკავებდა ცისია თავს რომ არ აფეთქებულიყო, ეს ყველაფერი უკვე ძალიან ზედმეტი ხდებოდა მისთვის, ზედმეტად სწრაფად შემოიჭრა ლუკა მის ცხოვრებაში, ისე რომ მისთვის არაფერი უკითხავს...
- მადლობის მაგიერია? -ლუკაზე საერთოდ არ მოქმედებდა ცისიას ბრაზისგან ანთებული თვალები, ღიმილით შესცქეროდა საყვარლად სახეაწითლებულს.
- მადლობაც უნდა გადაგიხადო?
- სხვა თუ არაფერი თენგოს ბუზღუნს და წუწუნს მაინც გადაგარჩინე.
- საიდან იცნობ? -მაინც ვერ მოითმინა ცისიამ რომ არ ეკითხა.
- დიდი ხანია ვიცნობ, ნინიკოს რომ სამსახური დასჭირდა თენგო დაეხმარა რომ კომპანიაში დაეწყო მუშაობა, მერე თქვენს განყოფილებაშიც გადმოიყვანა და როცა პირველ დღეს სამსახურში მოვაკითხე სახლში რომ წამეყვანა შენ დაგინახე...
- მე? ანუ შენ...
- ჰო, პირველად დაახლოებით სამი თვის წინ შეგამჩნიე, დაგინახე თუ არა მაშინვე მომხიბლე, მაისის დასაწყისი იყო, გრილოდა, ცისფერი გრძელმკლავიანი კაბა გეცვა, თმა გაშლილი გქონდა, სხვა თანამშრომლებთან ერთად გამოხვედი სამსახურიდან, ქალღმერთივით მოდიოდი მათ შორის, ისე გამოირჩეოდი, ისეთი განსხვავებული იყავი, ისეთი შესანიშნავი... მას მერე გონებაში ხარ, მთელ ჩემს არსებას მოედე და ვერაფრით ვახერხებ შენზე ფიქრს დავაღწიო თავი, პირველად ხდება ჩემს ცხოვრებაში რომ ასე ძალიან მიზიდავს ვიღაც და სიმართლე რომ გითხრა მომწონს, ძალიან მომწონს ის რასაც შენს მიმართ ვგრძნობ...
უსმენდა ცისია ლუკას რომელიც უკან თავგადაწეული, თვალდახუჭული, ბაგეზე ღიმილმოდებული აღწერდა იმ წამს როცა ის პირველად დაინახა, უსმენდა და საშინლად სტკიოდა გული, რა იქნებოდა ეს ყველაფერი მაშინ მოესმინა როცა მათ შორის სხვა ქალი არ იდგებოდა, სხვა ქალი რომელსაც ლუკას ცოლი ერქვა, მისი შვილების დედა, ეს დაუძლეველი წინაღობა იყო ცისიასთვის, თუმცა რაც მეტ დროს ატარებდა მასთან, რაც მეტს უსმენდა, რაც მეტს უთმობდა მით მეტად უქრებოდა მისთვის წინააღმდეგობის გაწევის სურვილი...
- გაჩუმდი, არ მინდა მოსმენა, -მთელი ხმით იყვირა და ყურებზე აიფარა ხელი, -გაჩუმდი, ძალიან გთხოვ ნუ მაიძულებ ამ ყველაფრის მოსმენას.
უცნაური რეაქცია ჰქონდა ლუკას, არ გაბრაზებულა, პირიქით, რატომღაც ესიამოვნა მისი საქციელი, მაგიდაზე მდგარ სურას დასწვდა.
- დალიე გაგაგრილებს, -წვენით სავსე ჭიქა მიაწოდა, უარის ნიშნად თავი გააქნია ცისიამ.
- ვერაფერი გამაგრილებს სანამ ასე ჩემს წინ იჯდები.
- ანუ აღიარებ რომ გაღელვებ, -თვალებში ეშმაკური ნაპერწკლები აენთო ლუკას და ტუჩის კუთხე მაღლა აუწია ძლივსძლივობით შეკავებულმა ღიმილმა, გაწითლდა ცისია, მიხვდა როგორც გამოუვიდა ნათქვამი.
- ეს არ მიგულისხმია, მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ ნერვებს მიშლი და თუ ახლავე არ დაიწყებ მოყოლას ავდგები და წავალ, ისედაც ვერ ვხვდები რატომ დავრჩი.
- იმიტომ ხომ არა რომ ცნობისმოყვარეობა გკლავს, ამას დამატებული ინტერესი ჩემს მიმართ და მიზიდულობა რომელსაც ვერაფერს უხერხებ...
- ზედმეტად თავდაჯერებული ხარ.
- სულაც არა, უბრალოდ ვხედავ როგორ გაღელვებს ჩემი სიახლოვე, მოგწონვარ, გიზიდავ, თრთი როცა გეხები, ხმა გეცვლება, თვალებს ნაბავ და გინდა ჩემი შეხება არასდროს დასრულდეს...
- გეყოფა, გაჩუმდი, -თვალები დახუჭა ცისიამ და თითები მაგრად მოუჭირა სავარძლის სახელურს, შეკრთა როცა ყელზე ცხელი სუნთქვა იგრძნო, მერე კი ტუჩების შეხება ლოყაზე, ვინ იცის რამდენჯერ უოცნებია ამ მომენტზე, რამდენჯერ წარმოუდგენია მასთან სიახლოვე, რამდენჯერ დასიზმრებია როგორ უკოცნიდა შიშველ სხეულს, როგორ უსრესდა მკერდს იმ გრძელი, თლილი თითებით, როგორ...
- მგონი შენ გირეკავენ, -ლუკას ხმამ გამოაფხიზლა და ფართოდ გაახილა თვალები, მამაკაცი მისგან მოშორებით, მის მოპირდაპირედ იჯდა და ანთებული თვალებით უყურებდა, სულ რამდენიმე წამის წინ მის შეხებას გრძნობდა, ვერ ხვდებოდა ცისია როდის მოშორდა ან თვითონ რამდენ ხანს იჯდა ასე გათიშული, სიმწრისგან ტუჩი მოიკვნიტა და ტელეფონს დასწვდა, საბა ურეკავდა.
- გისმენ, -ისე უპასუხა გაბრუებულმა საერთოდ არ გახსენებია რომ უნდა შეხვედროდა.
- დღეს უნდა შევხვედროდით, შენს ზარს ველოდი, -უკმაყოფილო ხმა ჰქონდა მამაკაცს.
- აჰ, ის შეხვედრა? სულ გადამავიწყდა, ხვალ რომ იყოს?
- მირჩევნია დღეს გნახო, თუ არ გცალია რომ გამოხვიდე სახლში მოგაკითხავ.
- არ გინდა საბა, არ ვარ ახლა სახლში, რომ მოვიცლი დაგირეკავ.
- სახლში არ ხარ? სად ხარ, სამსახურში?
- დღეს არ ვმუშაობ.
- ღამე სახლში არ გაგითენებია? სად დარჩი, ვისთან? -უცნაური ბრაზი და გაოცება შეეპარა საბას ხმას, ეუცხოვა ცისიას მისი ასეთი დამოკიდებულება.
- ეს შენი საქმე არ არის, დიდი ხანია შენ აღარ გეხება სად და ვისთან გავათევ ღამეს, დაგირეკავ როცა მოვიცლი, თუ მოვიცლი, -ტელეფონი ისე გათიშა პასუხს არ დალოდებია.
- ჩემი ქმარი იყო, ყოფილი, -თვითონაც არ იცოდა რატომ დაიწყო იმ თემაზე საუბარი სრულიად უცხო ადამიანთან რაზეც ჯერ არავისთან ესაუბრა, -საფრანგეთში ცხოვრობს, ახლახანს დაბრუნდა, ჩემთან შეხვედრა უნდა და რატომღაც მიაჩნია რომ მას უნდა ვაბარებდე ანგარიშს როდის და ვისთან გავატარებ ღამეს, სასაცილოა და მეტი არაფერი, არასდროს გვქონია ცუდი ურთიერთობა, განქორწინების შემდეგაც კი, ახლა კი ვერ ვხვდები რა უნდა ჩემგან.
- იქნებ უნდა რომ შერიგდეთ, -ჩაფიქრებული ჩანდა ლუკა, თვალმოუშორებლად უყურებდა ცისიას, თითქოს რაღაც გადაწყვეტილების მიღებას ცდილობსო.
- შერიგება? გამორიცხულია.
- ნამდვილად გამორიცხულია, -მტკიცედ განაცხადა ლუკამ და რომ დაინახა როგორ შეხედა ცისიამ მაშინვე სხვა თემაზე სცადა საუბრის გადატანა, -მგონი რაღაც კითხვები გქონდა ჩემთან.
- ჰო, სულ მთლად ამერია თავგზა, შეგიძლია დაიწყო, ან გააგრძელო იქიდან სადაც გაჩერდი, ოღონდ ზედმეტი რომანტიული გადახვევების გარეშე.
- არადა სულაც არ ხარ ისეთი არარომანტიული როგორადაც თავს მაჩვენებ.
- ლუკა!
- კარგი, კარგი, -ხელები გაშალა და მხიარულად გაიცინა, სჯობს თუ იქიდან დავიწყებ მოყოლას რაც ყველაზე მეტად გაინტერესებს, ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები, იქნებ როგორმე მოვახერხო და შენი ნდობა დავიმსახურო, ნინიკოს ძმა თორნიკე და მე ბავშვობიდან ვმეგობრობთ, საბავშვო ბაღიდან ვიცნობთ ერთმანეთს, ნინიკო ჩემზე შვიდი წლით უმცროსია, მისი დაბადებაც კი მახსოვს, ჩვენი მშობლები მეგობრობდნენ და ჩვენც ერთად გავიზარდეთ, მისთვის როგორც ქალისთვის არასდროს შემიხედავს, თუმცა ვამჩნევდი რომ ჩემს მიმართ გულგრილი არ იყო, არასდროს მიმიცია საბაბი რომ ჩემზე სხვანაირად ეფიქრა და ისიც არ მაწუხებდა თავისი გრძნობით თუმცა მე ხომ ვიცოდი...
ერთხელ დაახლოებით ექვსი წლის წინ ატირებული მოვიდა ჩემთან, როგორმე უნდა დამეხმარო თორემ თავს მოვიკლავო, მეუბნებოდა, ვაიძულე ყველაფერი მოეყოლა ჩემთვის, ორი თვის უკან თორნიკეს დაბადების დღეზე აგარაკზე ვიყავით გასართობად ასულები და იქ ვიღაც უცნობ ბიჭთან დაწოლილა, მე დამადანაშაულა, დაბადების დღეზე ვიღაც გოგო რომ მოიყვანე და შეყვარებულად გამოაცხადე ვიეჭვიანე შენზე, გონება ამერია, ბევრი დავლიე დავთვერი და ჩემი ნებით შევყევი იმ ბიჭს საძინებელშიო, ორსულად ვარ და ჩემებმა რომ გაიგონ მომკლავენ, მამაჩემი არ მაცოცხლებსო.
ამ ყველაფერს მიყვებოდა თორნიკე რომ დაგვადგა თავს და თან ის ბიჭი მოიყვანა, რამდენიმე დღის წინ ორსულობის ტესტი უპოვია საძინებელში მერე კი ნინიკოს და მისი დაქალის მიმოწერა უნახავს, მოკლედ რომ გითხრა, ბავშვის მამამ ნინიკოს ცოლად შერთვაზე უარი განაცხადა, თუმცა ახლა რომ ვუფიქრდები მასზე დაქორწინება არც ყოფილა ნინიკოს მიზანი, თქვა ბავშვს მივხედავ, გვარს მივცემ თუმცა ცოლის მოყვანას არ ვაპირებო, თანაც მასზე კი არ მიძალადია, თვითონ შემათრია საძინებელშიო, კინაღამ მოკლა თორნიკემ და ლამის ნინიკოც ზედ მიაყოლა თუმცა არაფრის შეცვლა არ შეგვეძლო, მათი მამა სხვა გაგების კაცია, უყოყმანოდ მოკლავდა ნინიკოს ეს რომ გაეგო, ან ყველაზე მცირე ბავშვის მოშორებას აიძულებდა, ერთადერთი გზა რჩებოდა...
- გმირობა გადაწყვიტე და შესთავაზე რომ შენ მოიყვანდი ცოლად? -მოსმენილით გაოგნებულმა ცისიამ ძლივს მოახერხა ხმის ამოღება.
- გმირობის რა გითხრა, იმ მომენტში მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ დახმარება სჭირდებოდა, თუმცა სიმართლე რომ გითხრა არ მინანია, არც შემდეგ და არც ახლა ვნანობ, ჩვენი პატარის ცოტნეს გამო, რომლისთვისაც მე ვარ ერთადერთი მამა და რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს.
- ბიოლოგიური მამა სად არის?
- ბავშვის დაბადებამდე წავიდა საზღვარგარეთ და აღარ გამოჩენილა.
- ესე იგი ნინიკო სინამდვილეში...
- ფიქტიური ცოლქმარი ვართ, ჩვენს შორის არაფერი ხდება და არც არასდროს მოხდება, თუმცა ცოტნე ჩემი შვილია, ამას ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლის.
- ტყუპები? მეგონა ის გოგონებიც თქვენი შვილები იყვნენ.
- გასაგებია, ესე იგი ჩემზე ინფორმაციას აგროვებ, ეს მომწონს, -ეშმაკურად ჩაიცინა ლუკამ.
- სულაც არა, -მაშინვე იუარა ცისიამ, -უბრალოდ თანამშრომლები საუბრობდნენ და...
- ტყუპები თორნიკეს შვილები არიან და ხშირად რჩებიან ხოლმე ჩვენთან, ნინიკო ძალიან უყვართ.
- ნინიკოს კი შენ უყვარხარ, ალბათ იცი ეს.
- ვიცი და მანაც იცის, -თავი ჩაღუნა ლუკამ და ამოიოხრა, -ისიც იცის რომ შენზე სიგიჟემდე ვარ შეყვარებული, ყველაფერი იცის რასაც შენს მიმართ ვგრძნობ...




სამსახურის ეზოში გაჩერებულ ავტომობილში იჯდა და ვერ გადაეწყვიტა შესულიყო თუ არა, იმ დღეს ლუკას და მას ბევრი აღარ უსაუბრიათ, ლუკამ მალევე წაიყვანა სახლში და ჩვეულებრივად კარგი მეგობარივით, მომავალ შეხვედრამდეო დაემშვიდობა, შემდეგ შაბათ-კვირა დაემთხვა, შაბათს ყოფილი მეუღლე ესტუმრა და დიდი ამბით გამოუცხადა ვქორწინდები და ქორწილში გპატიჟებ მაგრამ თუ ისურვებ შემიძლია ქორწილი ჩავშალოო, სიცილ-სიცილით გააცილა სახლიდან საბა და მერე დიდხანს იჯდა იატაკზე ფეხმორთხმით და ტიროდა, ის არ ატირებდა რომ საბა ქორწინდებოდა, საკუთარ თვაზე ეშლებოდა ნერვები და კიდევ იმაზე რომ ვერაფრით ივიწყებდა ლუკას, თუმცა უნდოდა კი დავიწყება? ორი დღე სახლში იჯდა ცისია და ფიქრობდა, ფიქრობდა, ფიქრობდა...

ლუკას არ დაურეკავს და არ გამოჩენილა, ეტყობოდა რომ დროს აძლევდა დასაფიქრებლად, ელოდა, არ აჩქარებდა, მაგრამ არ იცოდა ცისიამ რა უნდა გაეკეთებინა, სიგიჟემდე უნდოდა მასთან ურთიერთობა, თუმცა ლუკამ გასაგებად უთხრა, ნინიკოსთან დაშორებას ვაპირებ მაგრამ არავინ უნდა გაიგოს რაც სინამდვილეში ხდება, რაც არ უნდა მოხდეს ნინიკო ყოველთვის ჩემს ყოფილ ცოლად დარჩება ცოტნე კი შვილადო, სადაც ამდენი ხანი ვეხმარებოდი ვერც ახლა ვუღალატებო, ესმოდა ცისიას მისი, ესმოდა რატომ აკეთებდა ლუკა ამ ყველაფერს და მის ასეთ საქციელს აფასებდა თუმცა რომ წარმოიდგენდა თუ ლუკასთან ურთიერთობა ექნებოდა, ხალხი როგორ შერაცხავდა მას სხვისი ოჯახის დამანგრევლად, როგორ დაადანაშაულებდნენ ათას საზიზღრობაში...
- ათი ხდება, -ჩაილაპარაკა და ღრმად ამოიოხრა, ჯერ მაინც არაფერი ჰქონდა სადარდებელი, მერე კი... მერე მოიფიქრებდა როგორ უნდა გამკლავებოდა სიტუაციას.
როგორც იქნა გაბედა ავტომობილიდან გადმოსვლა, შეშინებულმა მიმოიხედა ირგვლივ და მერე საკუთარ თავზე გაეცინა, ისე იქცეოდა თითქოს დანაშაული ჰქონოდა რამე, იქნებ ჰქონდათ კიდეც თუმცა ეს მხოლოდ მას და ლუკას ეხებოდათ, არავის სხვას.
- შენ მაშინაც ფიქრობდი ლუკაზე როცა სხვისი ქმარი გეგონა, აღიარე რამდენჯერ გაგითავებია მასზე ფიქრში, აღიარე როგორ გიზიდავდა ყოველთვის, -ხმამაღლა უთხრა თავის თავს და როცა დაინახა როგორი გაკვირვებული უყურებდა დაცვის თანამშრომელი მაშინღა მიხვდა ცეცხლი მოეკიდა სახეზე, თავდახრილი შევიდა შენობაში, ლიფტთან თენგო დაინახა და გადაწყვიტა კიბეებით ასულიყო თუმცა სანამ შებრუნდებოდა მანამდე შეამჩნია უფროსმა და ღიმილით, ხელის დაქნევით იხმო.
- როგორ ხარ? როგორ დაისვენე? -ირონიის და სიყალბის ნატამალი არ იყო თენგოს ხმაში თუმცა მაინც ეჭვით შეხედა ცისიამ.
- კარგად ვარ, გუშინდელ გაცდენას რაც შეეხება...
- არანაირი პრობლემა არ არის, -შეაწყვეტინა და თან გზა დაუთმო ლიფტიდან გასვლისას, ლუკასგან ძალიან ვარ დავალებული, ყველაფერი ამიხსნა თქვენს შესახებ, მისმინე ცისია, არ მინდა იმის გამო რაც ხდება თავი უხერხულად იგრძნო, შენც და ლუკაც იმსახურებთ ბედნიერებას, ბევრს ილაპარაკებენ, გაგჭორავენ, გულსატკენ რაღაცებსაც გეტყვიან მაგრამ თუ თქვენი ურთიერთობა რამედ გიღირს ყურადღებას ნურავის მიაქცევ, ნინიკოს ხვალვე გადავიყვან სხვა განყოფილებაში, შენ კი ჩვეულებრივად გააგრძელებ მუშაობას, დაიმახსოვრე, არ გაქვს იმის ვალდებულება ვინმეს რამე აუხსნა გესმის?
- მადლობა, -მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოახერხა, აწყლიანებული თვალებით ახედა თენგოს რომელიც ღიმილით უყურებდა, მერე კი მხრებში გაიმართა ნაძალადევი ღიმილი აიკრა სახეზე და სამუშაო ოთახის კარი შეაღო, შევიდა თუ არა ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, ყველა ადგილზე იყო და ყველა ნინიკოს გარშემო იყო შეკრებილი, რომელმაც ირონიული ღიმილით გადმოხედა ცისიას და თვალი აარიდა, არავინ მისალმებია, მაგიდას მიუჯდა და მუშაობა დაიწყო, ისე მოვიდა შესვენების დრო ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს არავის მისთვის, მის ზურგს უკან ჩურჩულებდნენ, იცინოდნენ, ლაპარაკობდნენ და როგორც კი ვინმეს მზერას შეეჩეხებოდა მაშინვე გრძნობდა არაკეთილგანწყობას.
- მოიცადე შენთან ერთად წამოვალ, -ქუჩის გადაღმა მდებარე კაფისკენ მიმავალს უკან აედევნა მაკა.
- მეგონა არ მელაპარაკებოდი, -ცივად მიუგდო ცისიამ და გზა ისე გააგრძელა არც შეუხედავს მისთვის.
- როგორ არ გელაპარაკები, უბრალოდ მათთან ერთად არ მინდოდა... ხომ გესმის...
- არაფერი არ მესმის მაკა, ვერ ვხვდები რა ხდება, დღეს მთელი დღე ჩემს ზურსუკან ჩემზე ჭორაობთ ყველა ად ითან ისე მიყურებთ თითქოს კაცი მყავდეს მოკლული.
- მოკლული არა მაგრამ...
- მაგრამ რა?
- დავსხდეთ და ყველაფერს მოგიყვები, -კარი გაუღო მაკამ, შეატარა და უკან მიყვა, ყავა შეუკვეთა ორივესთვის და კუთხის მყუდრო მაგიდას მიუსხდნენ.
- აბა, დაიწყებ თუ არა, -ცისიამ ნერვიულად ააკაკუნა თითები მაგიდაზე, ატყობდა მაკას ერთი სული ჰქონდა მთელი ჭორები გადმოელაგებინა, არც შემცდარა, ბევრი არ დაუყოვნებია, მაშინვე დაიწყო.
- პარასკევს ხომ არ მუშაობდი, ჰოდა მაგ დღეს ნინიკო ცოტა გვიან მოვიდა სამსახურში, ცუდად გამოიყურებოდა, უმაკიაჟო და უძილარი იყო, რა თქმა უნდა ვკითხეთ რა ჭირდა, თავიდან ვითომ არ უნდოდა თქმა მაგრამ მერე გამოგვიტყდა.
- უკვე ვიცი რასაც გეტყოდათ, -მწარედ გაეღიმა ცისიას, მიხვდა რაც აქამდე მოხდა არაფერი არ იყო და ახლა იწყებოდა ნამდვილი ჯოჯოხეთი.
- გვითხრა მგონი ქმარი მღალატობს და ერთ-ერთ თანამშრომელზე მაქვს ეჭვიო.
- პირდაპირ ასე გითხრათ?
- კი, ასე თქვა, ლუკას გონებას ურევს, უნდა რომ დაგვაშოროს და ბავშვი უმამოდ დამიტოვოს, მგონი ჯადო გაუკეთა ისე ყავს გადარეულიო.
- და თქვენ მაშინვე დაასკვენით რომ ის თანამშრომელი მე ვიყავი?
- არა, რა თქმა უნდა მაშინ შენზე არავის გვიფიქრია, თუმცა ყველა ერთმანეთს ვუყურებდით ეჭვით, ძალიან შეგვეცოდა ნინიკო, ისეთ დღეში იყო... იდეალურ ოჯახს მინგრევსო, ლუკა ისე მიყვარს თუ მიმატოვებს თავს მოვიკლავო...
- მერე? -ცისია ახლა უკვე დამშვიდებული, უემოციოდ უსმენდა მაკას.
- დღეს დილით რომ მოვედით ნინიკო უკვე სამსახურში იყო, დაელოდა ყველა როდის შეიკრიბებოდადა გამოგვიცხადა გავარკვიე იმ ქალის ვინაობა, ცისია ყოფილაო, თურმე დაუნახავს ლუკა ჩემსწასაყვანად რომ მოვიდა და მას შემდეგ კუდში დასდევდაო, ავიწროვებდა და ყველანაირად ცდილობდა ხელში ჩაეგდოო...
- ჯანდაბა, არადა სულაც არ ჩანდა ეს გოგო ასეთი არანორმალური, -ცისიას გულიანად გაეცინა და უკვე შეგრილებული ყავა მოსვა.
- მოიცა, ანუ ამბობ რომ არაფერ შუაში ხარ და მოიგონა? -მაკა გაოგნებისგან პირდაღებული მიაშტერდა.
- რომ გითხრა არაფერ შუაში ვართქო ტყუილი გამოვა თუმცა არც ისეა საქმე როგორც ნინიკო ყვება, ლუკას ვუყვარვარ და მგონი მეც მიყვარს.
- ანუ ესეიგი... ჯანდაბა აქეთ მოდიან, -ფანჯრიდან ჩანდნენ კაფისკენ მომავალი გოგონები რომლებსაც ნინიკო შუაში მოექციათ და ალბათ ახლაც ცისიას ჭორავდნენ.
- მოდიან და მოვიდნენ, -უდარდელად აიჩეჩა მხრები.
- მე უკანა კარიდან გავალ, -მაკა წამოხტა და უკანა გასასვლელისკენ გაიქცა, ორი წუთიც და გოგონები დარბაზში შემოვიდნენ, კარგად ხედავდა ცისია როგორ შეამჩნია ნინიკომ და როგორ წამოვიდა მისკენ.
- სხვისი ქმრების ქურდიც აქ ყოფილა, -ჩაილაპარაკა მის მაგიდასთან რომ ჩაიარა, შეკვეთა მისცეს თუ არა გოგონები მარტო დატოვა და ცისიასკენ დაიძრა, ნებართვის უთხოვნელად მიუჯდა მაგიდას მის მოპირდაპირედ.
- რა გინდა ნინიკო? -ცისია წინასწარ იყო მომზადებული და არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა უფლებას რომ გაეღიზიანებინა და მასზე ემოქმედა, ისედაც დარწმუნებული იყო ყველას ყური აქეთ ჰქონდა მოპყრობილი.
- კიდევ მე რა მინდა? -წამში ჩამოიხსნა, საყვარელი გულუბრყვილო გოგოს ნიღაბი და როგორც ბოროტი ალქაჯი ისე წარსდგა მის წინაშე, -მეკითხები რა მინდა? შეიძლება ლუკამ შენს გამო მიმატოვოს და კიდევ მე რა მინდა? რაღა მაინცდამაინც მას დაადგი თვალი, ასე ძალიან მოგწონს სხვისი ქმრები?
- ლუკა შენი ქმარი არა არის, არც შენი და არც არავისი, -მოკლედ მოუჭრა ცისიამ და ნიშნისმოგებით გაუღიმა, იგრძნო როგორ გაცეცხლდა ნინიკო.
- რას ნიშნავს ჩემი ქმარი არ არის? ჩვენ ოჯახი გვაქვს, შვილი გვყავს, ერთმანეთი გვიყვარს, გვიყვარდა... ახლა კი... ახლა მოდის ჩემთან და მეუბნება რომ შენ შეუყვარდი, ჩემი ქმარი მეუბნება რომ ჩემთან დაშორება უნდა რათა შენთან ერთად იცხოვროს, მეუბნება რომ...
- საკმარისია, გეყოფა, გაჩუმდი, -ხელის აწევით შეაწყვეტინა ცისიამ, -სანამ კიდევ რაღაც სისულელეს იტყვი მანამდე სჯობს იცოდე რომ ყველაფერი ვიცი.
- რას გულისხმობ? -ნინიკომ ფერი დაკარგა და მხრებში მოიხარა.
- იმას ვგულისხმობ რომ თქვენს ურთიერთობაზე ლუკამ ყველაფერი მომიყვა, ფიქტიური ცოლ-ქმარი ხართ, არ უყვარხარ და თქვენს შორის არაფერი ხდება.
- მაგრამ მე მიყვარს, ყოველთვის მიყვარდა, -საცოდავად ამოიკნავლა და ცრემლები წამოუვიდა თუმცა ცისიას არ შეცოდებია, არ სჯეროდა მისი გულწრფელობის.
- ვიცი რომ გიყვარს, თუმცა მასზეც ხომ უნდა იფიქრო, ბოლოს და ბოლოს ამდენი წელია შენს გამო შენი ცხოვრებით ცხოვრობს.
- ვიცი რომ შენზე გიჟდება, თავიდანვე ვიცოდი, ჩემთვის არ დაუმალავს, -მოულოდნელად გულწრფელობის ხასიათზე დადგა ნინიკო, -მითხრა რომ ბოლოს და ბოლოს მის ცხოვრებაშიც გამოჩნდა ის ერთადერთი, მერე გავიგე რომ ის შენ იყავი, ამიტომ ვიქცეოდი ასე, ამიტომ ვცდილობდი დამენახვებინა შენთვის როგორი იდეალური ოჯახი გვქონდა, ვფიქრობდი თუ ნახავდი როგორ გვიყვარდა ერთმანეთი მე და ლუკას მას ყურადღებას აღარ მიაქცევდი, თუმცა მგონი პირიქით გამომივიდა, საკუთარი ხელით გავითხარე სამარე, მე თვითონ დაგაინტერესე, ყოველ დღე ცხვირში გჩრიდი ჩემს იდეალურ ქმარს.
- ვწუხვარ ნინიკო, მე...
- არ დაგითმობ, არავითარ შემთხვევაში არ დაგითმობ, -მოულოდნელად მთელი ხმით იკივლა და ფეხზე წამოხტა, შეშლილი სახე ჰქონდა, გაოგნებული უყურებდა ცისია, ვერ ხვდებოდა რამდენიმე წუთში რამდენჯერმე როგორ შეეძლო ასე რადიკალურად შეცვლა.
- დაჯექი ყველა ჩვენ გვიყურებს, -კბილებში გამოსცრა და დარბაზს მოავლო თვალი, ყველა მათ უყურებდათ, ასეა, სანახაობა იზიდავს ადამიანებს, ალბათ ერთი სული ჰქონდათ გაგრძელება ეხილათ.
- ლუკა ჩემი ქმარია, შენ ვერ წამართმევ, არ დაგითმობ, ჩემია გესმის? -მთელი ხმით იყვირა ნინიკომ და გამეტებით მოუქნია ხელი, თვალები მაგრად დახუჭა ცისიამ, ტკივილს ელოდა თუმცა არაფერი მომხდარა.
- აქ ვარ შენთან, გაახილე თვალები, ყველაფერი კარგად არის, ნაცნობი და უკვე მონატრებული ხმა რომ მოესმა შვებით ამოისუნთქა, ლუკა ედგა თავზე ნინიკოს კი ვიღაც მაღალი, ჩალისფერთმიანი ბიჭი მიათრევდა გასასვლელისკენ.
- ვინ არის, სად მიჰყავს? -ფეხზე წამოდგა ცისია, გაეცინა ლუკას.
- იმის მერე რაც გააკეთა კიდევ მასზე ნერვიულობ? მისი ძმაა, ნუ გეშინია არაფერს დაუშავებს, უბრალოდ დაელაპარაკება და შეაგნებინებს რომ არ უნდა მოგიახლოვდეს.
- შემეცოდა, მგონი...
- დახმარება სჭირდება, პროფესიონალის დახმარება, თორნიკე ყველაფერს მოაგვარებს, შენ არაფერზე არ იფიქრო იმის გარდა რომ სიგიჟემდე მომენატრე.
- მართლა? -წითელი ფერი მოედო ცისიას სახეს, თვალები დახარა, საშინლად ესიამოვნა ლუკას სიტყვები, ღიმილით დასცქეროდა ლუკა ზემოდან.
- მართლა, მგონი საკმარისი დრო მოგეცი იმისთვის რომ დაფიქრებულიყავი და თუ გინდა პასუხს ნუ მეტყვი ისედაც ვიცი.
- იცი? როგორ...
- ყველაფერს შენს თვალებში ვკითხულობ, შენც ისევე გინდა ჩემთან ერთად ყოფნა როგორც მე შენთან, მოდი წავიდეთ აქედან, ერთი ძალიან ლამაზი ადგილი მინდა გაჩვენო, ოღონდ იცოდე ახლა თუ ხელს ჩამჭიდებ უფლებას არ მოგცემ რომ როდისმე გამიშვა.
ხელი გაუწოდა, მის თითებს დახედა ცისიამ, მერე მზერა გაუსწორა და როცა მის თვალებში საკუთარი თავი დაინახა აღარ უყოყმანია, ხელი ჩასჭიდა, წამოდგა და მთელი ძალით ჩაეკრა მკერდში.
-
დასასრული



№1 სტუმარი სტუმარი ნატალია

ძალიან საყვარელი ისტორიაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent