შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოუხელთებელი ( სრულად )


23-09-2024, 12:44
ავტორი Mariapipinova
ნანახია 3 966

(სვეტა კვარაცხელია)


კარგად მოვლილი და დავარცხნილი პოლიტიკური ბიძების «გამონათქვამებმა» მთელი პრესა და ტელეეთერი წალეკა და უკვე გვგონია, რომ ეს არის ნამდვილი ცხოვრება. არადა, ეს მხოლოდ გაპრიალებული აბრაა, რომელზეც პირობითი ნიშნებია, ხოლო უფრო დიდი სინამდვილეები სხვაგან არის. იქ, სადაც ორი ლარის საშოვნელად ასეულობით მამაკაცი მზეზე დილიდან საღამომდე იხრუკება, სადაც ქალისსახედაკარგულ ოჯახის დედებს მთელი დღის ვაჭრობისა და «შავ-წითელი» ბოსების გასტუმრების შემდეგ, რამდენიმე ლარი რჩებათ, სადაც პატარა მაწანწალები ათასგვარი «ჩალიჩითა» და «მუშაობით» საქმეებს აკვარახჭინებენ. არც სხვა დიდი სინამდვილე მოჩანს ზედაპირზე. ძვირფასი მანქანებით მქროლავი მინისტრები და ე.წ. კანონიერი ქურდები დიდ საქმეებს «აგვარებენ», ფეშენებელურ რესტორნებში ტევა აღარაა, ყიდულობენ და ყიდიან თანამდებობებს, მეგობრებს, პრინციპებს… მაფიოზებისა და ნახევრადმათხოვრების ქვეყანაში ოფიციალური და შინაურული რეალობა ერთმანეთისაგან მეტისმეტად შორს დარჩა.

სწორედ ამ ფონზე გადავწყვიტე, ერთი კონკრეტული «თბილისელი ლტოლვილი» ბიჭუნას მაგალითზე, თვალი გავადევნო ჩვენს ირგვლივ გათამაშებულ ცხოვრებისეულ დრამას. მოგითხრობთ პატარა ზურიკოს თავგადასავალს, რომლისნაირი თბილისში უამრავია, და თანაც იგი, ისევე როგორც ყველა, რაღაცით განსხვავდება დანარჩენებისაგან. ეს არის, თუ პოლიტიკური დევიზის პერიფრაზს გავაკეთებთ, «რეალური ბიჭი რეალური პრობლემებით». ვინ იცის, იქნებ თქვენც ხვდებით ხოლმე მას იქ, ბაზარში…

თებერვლის სუსხიანი დღეა, 2001 წელი… ბაზრიდან, როგორც ყოველთვის, ათასგვარი პროდუქტით დატვირთული მოვდივარ. ლამის მკლავები ჩამომაწყდეს. უცებ უკნიდან მესმის:

_ ლამაზო, ლიმონი არ გინდა? იაფად მოგცემ!

მივიხედე _ პატარა ბიჭია, ათ წელსაც არ მისცემს კაცი. გავროშივით ქუდი ახურავს.

_ არა, არ მინდა, _ გადავაქნიე თავი.

_ დეიდა, თორმეტი ცალია, ლარად მოგცემ, _ მიმართვის ფორმა უცებ შეცვალა, როცა მიხვდა, რომ «ლამაზოს» ასაკის აღარ ვიყავი.

_ ლარი რა ამბავია! _ «პროტესტი გამოვთქვი».

_ ორმოცდაათი თეთრი მომეცი, _ დაყარა ფარ-ხმალი.

შემეცოდა. პარკები მიწაზე დავალაგე და ჩანთიდან საფულე ამოვიღე. ლარიანი მივაწოდე. გამომართვა და ჯიბეში ჩაიყო ხელი. _ ხურდა არ მინდა, შენი იყოს, _ ვუთხარი.

_ დიდი მადლობა, ქალბატონო! _ ჩქარა-ჩქარა მომაყარა და გაიქცა.

გზა გავაგრძელე. ცოტა რომ გავიარე, ვიგრძენი, ვიღაც ხელებში მწვდა… ისევ ბიჭი იყო.

_ მაიტა, მეტრომდე მიგატანინებთ.

_ დიდი მადლობა, ბიჭი, ნუ შეწუხდები, «მარშუტკით» მივდივარ, _ გამოვიჩინე ზრდილობა.

_ რა მადლობა. მე მიჩვეული ვარ. მოხუც ქალებს ვეხმარები ხოლმე.

კინაღამ სიცილი წამსკდა, მეც იმ მოხუცი ქალების ბედი რომ გავიზიარე. ვერ მიხვდა, რატომ გამეცინა.

_ რა გქვია?

_ ზურიკო.

_ რამდენი წლის ხარ, ზურუკო?

_ შვიდის. ამ ზაფხულს რვის გავხდები.

_ რომელ თვეში?

_ აგვისტოში.

_ აუჰ! ლომი ყოფილხარ!

_ მა რა! _ მხრები ამაყად ასწია და თვალებში შემომცინა. წვრილი, წყლიანი ცისფერი თვალები ჰქონდა, ქუდიდან ქერა კულულები და პაწია ცხვირი მოუჩანდა, ერთი ბეწო.

_ სად ცხოვრობ?

_ ნახალოვკაში, ზემოთ.

_ კარგი ადგილია?

_ ისე რა, სოფელივითაა.

_ მშობლები გყავს?

შეყოყმანდა.

_ მყავს.

_ მუშაობენ?

_ კი, _ მითხრა და ხმაში შეეტყო, იტყუებოდა. აღარ ჩავეძიე. უცებ თავში რაღაც აზრმა გამიელვა.

_ ზურიკო, ხვალ გექნება ლიმონი?

ბიჭი თითქოს შეცბა.

_ გინდა? _ უკვე შენობით მომმართა.

_ ჰო, კიდევ მინდა.

_ რად გინდა ამდენი ლიმონი? _ შეეჭვდა.

_ მჭირდება… წამლისთვის, _ დავაყოლე და გადავხედე.

_ მექნება, _ საქმოსანივით მტკიცედ მიპასუხა.

_ მოდი, მაშინ ხვალ დილით შევხვდეთ, კარგი?

_ კაი, _ აიჩეჩა მხრები.

_ სად შევხვდეთ?

_ რა ვიცი, მე სულ აქ ვარ.

_ ამხელა ბაზარში სად გიპოვო, ბიჭო? _ გამეცინა.

შევთანხმდით მეორე დილით, 11 საათზე, მეტროს ამოსასვლელთან უნდა შევხვედროდით.

_ თერთმეტზე? _ მკითხა.

_ ჰო. რა იყო ადრე ხომ არ არის?

_ ადრე? არააა, რა ადრე! _ ისე თქვა, ვიფიქრე, ეს ბავშვი ნამდვილად ექვს საათზე დგება-მეთქი. «კარგი ბიჭი ჩანს», _ გავიფიქრე ჩემთვის.



***

ასე გავიცანი ზურიკო. იგი თბილისელია. უფრო სწორად, ლტოლვილების შვილია, მაგრამ თბილისში დაიბადა. დედამისი ორსულად იყო, აფხაზეთში ომი რომ დაიწყო. კელასურიდან არიან. სოფელია ასეთი სოხუმთან.



***

მეორე დღეს, ზუსტად 11 საათზე, ზურიკო დათქმულ ადგილზე დამხვდა. ხელში ათიოდე ლიმონი ეჭირა. შევამჩნიე, ჯიბეებიც გამოტენილი ჰქონდა. მადლობა გადავუხადე.

_ რამდენი მოგცე ამაში? _ ვკითხე.

_ ეს ისე მოგიტანე, საჩუქრად.

_ აბა, აბა, ეგეთები არ გამაგონო! _ ხმა გავიმკაცრე და ლარიანი დავაძრე.

_ დედას გეფიცები, საჩუქრად მოგიტანე! _ გულწრფელად მითხრა და ქუდი გაისწორა.

_ საჩუქარი სხვა დროს იყოს, ახლა გამომართვი!

დარცხვენით აიღო ფული. მადლობა არ დავიწყებია.





***

ჩვენ დავმეგობრდით. ახლა ხშირად ვხედავთ ერთმანეთს. უკვე დღეებიც კი ზეპირად იცის _ როდის მივდივარ ბაზრის «დასალაშქრად». დგას ხოლმე მეტროს ამოსასვლელთან და მშვიდად მელოდება. მაწანწალა პატარების კვალობაზე ცოტა «უცნაურად» გამოიყურება _ თითქმის ყოველთვის სუფთად აცვია და ხელ-პირი დაბანილი აქვს. «ბაზარომანებს» (ასე ეძახის იგი ბაზარში მოვაჭრეებს) არ უყვართ ზღმურტლიანი ბიჭები», _ მიხსნის. დედა ავადმყოფი ჰყავს. ლოგინად არის ჩავარდნილი. «ჭლექიანია. სიარული არ შეუძლია», _ მეუბნება.

_ მამა?

ერთხანს ჩუმად იყო.

_ მამაჩემი ციხეშია, რუსთავში ზის.

_ რისთვის? _ ვეკითხები თანაგრძნობით.

_ იჩხირავდა და… _ აღარ გააგრძელა.

საუბარი სხვა თემაზე გადავიტანე _ რითი ირჩენ თავს, რას საქმიანობს.

_ ბაზარში ვმუშაობ, _ სერიოზული ტონით მეუბნება.

_ რას მუშაობ?

_ხან რას, ხან რას, _ აღარ აკონკრეტებს. ძირითადად, მათხოვრობს. უკვე დაოსტატდა. იცის, ვის რამდენი და როგორ სთხოვოს. ყველაზე მეტად ახალგაზრდა გოგონები სწყალობენ. როგორ? აი, ასე: მივა, ჩამოქაჩავს კაბის კალთას, ან შარვლის ტოტს და «ლამაზო» (ეს სიტყვა კარგად ჭრის) მაიტა ათი თეთრი. მე კარგი ხელი მაქვს, მალე გათხოვდები. გოგონები გულიანად კისკისებენ და ზოგი ოცდაათ თეთრსაც აძლევს.

_ ალბათ, ორ-სამჯერ უნდათ გათხოვება, _ ხითხითებს ზურიკო. _ ლიმონი საიდან მოგაქვს? _ ვკითხე.

ცალი თვალი მოხუჭა, ამომხედა. «ბავშვთა სამყაროს» წინ, კიბეზე ვდგავართ. ეს არის ჩვენი «ურთიერთდიალოგის» ადგილი.

_ რა ვიცი. ხან საიდან, ხან საიდან, _ არ აკონკრეტებს.

_ და მაინც?

_ ვიპარავ ხოლმე, _ ახლა უკვე არ შემომხედა და ისე მითხრა. _ ფულსაც იპარავ?

_ არა, ფული არასდროს მომიპარავს, _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა. მივხვდი, მართალს ამბობდა, მაგრამ ხმაში ისეთი სევდა გაერია, იფიქრა, მაინც არ დამიჯერებსო.

_ მჯერა, _ მეტი დამაჯერებლობისთვის თავი დავუქნიე და გავუღიმე.



* * *

ზურიკო ზამთარში უკეთესად შოულობს ფულს, ვიდრე ზაფხულში, რადგან სიცხისგან შეწუხებულ ადამიანებს სულაც არ სცხელათ მისთვის, მაგრამ, სამაგიეროდ, რაღაც-რაღაცებს ჩუქნიან. იგი დადარაჯებულია. ესეც «მუშაობის» ერთგვარი სტილია. როცა ხედავს, რომ «მოხუც» ქალებს მძიმე ჩანთები მიაქვთ, მიდის და ზრდილობიანად სამსახურს სთავაზობს _ ტვირთის გაჩერებამდე მიტანას. ზოგი ეჭვით ეკიდება უჩვეულო წინადადებას და უფრო გულმოდგინედ ჩააფრინდება ხოლმე თავის ბარგი-ბარხანას. _ ეშინაით, არ წავართვა და არ გავიქცე, _ თავს ეშმაკურად აქნევს. ასეთებს ზურიკო ცალი მხრიდან მოუკიდებს ხოლმე ხელს ჩანთაზე «ნდობის მოსაპოვებლად». ლოცვა-კურთხევას ხომ ყველა ჯერზე იღებს და გარდა ამისა, «მიხვედრილი» ქალბატონები ხურდასაც აძლევენ, ან რამე პროდუქტს: ვაშლს, მსხალს, პომიდორს… ცოტა-ცოტას, რასაც თვითონ ყიდულობენ. ზოგი იმდენად ურწმუნო თომაა, რომ წყევლა-კრულვით იშორებს ბიჭს და სათოფეზეც არ უშვებს ჩანთებთან…

ბაზარში ბევრი იცნობს ზურიკოს. «პატივს მცემენ» _ მეუბნება დიდი კაცივით. იდაყვებით დაყრდნობია მუხლებს, თითები ერთმანეთში ჩაუხლართავს და სადღაც შორს იყურება. «მეც ვეხმარები. ხანდახან ცივ წყალს მოვუტან ხოლმე». მისი სამოქმედო სარბიელი ბაზრობის წინ მდებარე გადათხრილი ტერიტორიაა. ვაჭრებიც გულუხვები არიან ხანდახან. ჩუქნიან რამე-რუმეებს. მეც ახლა სულ ზურიკოს ნაცნობ მოვაჭრეებთან «ვურთიერთობ». მან იცის, სად უკეთესი ყველი იყიდება, კარტოფილი. ვისი სასწორი არ ტყუის, ვინ კარგი ადამიანია, ვინ _ ცუდი. ისინიც, ზურიკოს «ხათრით», პროდუქტს «თავის ფასში» მაძლევენ. ბიჭიც კმაყოფილია… მეც.



***

_ დედა მკურნალობს? _ ჩემი «ვერაგული» პროფესიით ვსარგებლობ და «ფარულ» ინტერვიუს ვაგრძელებ.

_ ჰო, რა, როგორც ვახერხებ, _ გული ამოაყოლა ნათქვამს, _ წამლებს ვყიდულობ ხოლმე. ექიმმა გამოუწერა. რომ დალევს, მერე აღარ ახველებს.

თვალებში შევხედე. იგი უკვე აღარ არის პატარა. ცხოვრებაგამოვლილი კაცია, ზრდასრული. ასეთი ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ სულაც არ ჩანს გულჩათხრობილი. არც თვალები აქვს დარდიანი. ეგ არის მხოლოდ, მუდამ დაღლილი მზერა აქვს.

_ ერთხელ, იცი, კინაღამ პოლიციაში ამოვყავი თავი, _ აგრძელებს მოყოლას.

_ რანაირად? _ ვითომ შევშფოთდი.

_ თავიდან მეტროში «ვმუშაობდი». უფრო სწორად, იქ მინდოდა «მემუშავა». მაგრამ ვიღაც ორი ბიჭი გამომიდგა. აუჰ! როგორ მცემეს! დიდები იყვნენ. ვერ მოვერეოდი. თან ორი ერთად. რაც მე მაგათ ვაგინე! მერე უცებ პოლიციელები მოცვივდნენ და გამსკვანჩეს.

მაგრამ, ზურიკო რისი ზურიკო იყო, თავი ვერ დაეძვრინა. «ნაძალადევი-ვაგზლის მოედნის» ხაზი იმ ბიჭების ყოფილა თურმე, ამიტომაც აუტეხეს ჩხუბი, მაგრამ პოლიცია რომ გამოჩნდა, უცებ «აითესნენ», ზურიკო კი პირდაპირ «ლომის ხახაში» აღმოჩნდა, თუმცა მალე გაუშვეს. მოატყუა პოლიციელები _ ფულის წართმევას მიპირებდნენო. მაშინ ჯერ კიდევ არ იცნობდნენ მას. შვიდი წლისაც არ იყო.

_ ახლა ძმაკაცებივით «მეზდრსტებიან», _ ჩაიცინა და იქვე დაგდებული კენჭი გაისროლა დაკეტილი ჯიხურებისკენ.



***

იმ დღეს ძველებურად შევხვდით ერთმანეთს. ხელში რუსული ჟურნალი მიჭირავს, «ლიზა». ამ შეხვედრებით მე უკვე ჩემს საქმეს ვაკეთებ. ზურიკომ არც კი იცის. გაზეთებს არ კითხულობს. მგონი, კითხვაც არ იცის. ჯერ ამითი არ დავინტერესებულვარ.

_ მაჩვენე, _ ხელს მიწვდის და ჟურნალს მართმევს. ათვალიერებს. _ აი, ასეთი ცოლი უნდა მოვიყვანო, _ თითს ადებს ერთ შავთმიან მანეკენს.

დავხედე.

_ ჟურნალიდან გადმომხტარი გოგო რად გინდა ბიჭო, ჰა? _ სიცილს ვერ ვიკავებ, _ მაგრამ, ისე, მაგარი ქალია, _ მაინც ვუწონებ არჩევანს.

_ მა რა! მაგარია! შენ გგავს, _ დააყოლა.

ისევ გამეცინა.

_ შენ იცი, მე შენხელა ბიჭი რომ მყავს? _ მივუტრიალდი.

_ ჰო-ო? _ იჭვნეულად ამომხედა თვალმოჭუტულმა, _ რა ჰქვია? _ _ ირაკლი, _ გავუღიმე.

ერთხანს ჩუმად იყო.

_ კარგი ბიჭია?

_ მაგარი. შენ გგავს, _ დავუბრუნე «ხურდა».

მორიდებით ჩაიღიმა.

_ ხომ გამაცნობ?

_ გაგაცნობ. აი, ამ დღეებში ჩემთან დაგპატიჟებ და გაგაცნობ.

_ ამ დღეებში არა, _ მოიღუშა.

_ რატომ?

_ ახლა ფული არა მაქვს, _ თავი ჩაღუნა.

_ ფული რად გინდა?

_ აბა, უსაჩუქროდ ხომ არ მივალ? _ ხელები გაშალა, ხმაში გაკვირვება დაეტყო.

არაფერი მითქვამს. ვიცი, ამ ასაკის ბიჭები როგორ ცდილობენ ვაჟკაცობის დამტკიცებას. ჩემი შვილიც ასეთია. ამიტომ ხმა არ ამომიღია. გაცნობა მომავლისთვის გადავდეთ.

_ გინდა, ცოტა ფულს მოგცემ? _ ვაგრძელებ საუბარს.

_ არა. მე ქალებისგან ფულს არ ვიღებ.

ჩაიჭრა… მაგრამ, არა, არ ჩაჭრილა. როცა მათხოვრობს, მაშინ «მუშაობს». ხოლო ისე ფულის აღება, ისიც ახლობელი (ამის თქმა კი ვერ გაბედა) ქალისაგან, «გაუტყდა».

_ მე ქალი ვარ, ბიჭო? _ მოჩვენებითად გავბრაზდი.

_ არც გოგოებისგან, _ «გამოასწორა».

_ სულელო, ჩვენ ხომ ძმაკაცები ვართ. მერე რა? მე რომ არ მექნება, შენ უნდა მომცე…

_ კარგი, როცა არ გექნება, მოგცემ, _ დიი კაცივით მიპასუხა და ისევ ჩვეული მზერით შემომხედა (თვალმოჭუტულმა).

სიცილით მოვკვდი.

_ რა ეშმაკი ხარ. ნამდვილი ჭინკა! _ მხარზე მოვხვიე ხელი…





* * *

შაბათს კარგ ხასიათზე მეჩვენა. თვალები უბრწყინავდა.

_ დღეს რაღაც მხიარულად გამოიყურები, აბა, მომიყევი, რა ჩაიდინე? _ თმაში მსუბუქად მოვქაჩე ხელი.

_ ფული გავაკეთე.

_ როგორ?

_ მეზობელი «გავასუფთავე» წუხელ.

გული შემეკუმშა.

_ რას ჰქვია, «გაასუფთავე?» _ ხმა გამიცივდა.

_ სათბურში შევიპარე, პომიდორი დავკრიფე. ერთი ცალიც არ დამიტოვებია, _ გაწითლდა.

არ მეგონა, მაწანწალა ბიჭებსაც თუ შეეძლოთ გაწითლება.

_ ცუდი ქალია, _ თავს იმართლებს, _ ერთხელ დედამ სამი ცალი პამიდორი სთხოვა, ძალიან მოუნდა. გაიწყვიტა ყველაფერი, არა მაქვსო. რომ დამწიფდება, ჩემი ხელით მოგიტანო. არ მოიტანა. თანაც დიდი ძაღლი ჰყავს, ნამდვილი კინგ-კონგი. ჰმ, ერთი კვირაა, იმ ძაღლის შემოჩვევაზე «ვმუშაობ». როგორც იქნა, მოვათვინიერე. ჰოდა, შევიპარე წუხელ. კინგ-კონგს ძეხვი «დავუგდე», მე კი მთელი პამიდორი გავკრიფე. ერთი ცალიც არ დამიტოვებია. აი, ამხელები იყო! იცი, რამდენი გამოვიდა? _ 21 კილო!

_ მართლა? მერე სად წაიღე?

_ ცოტა სახლში დავტოვე, დანარჩენი ამ დილით ბიჭებს ჩამოვუტანე ბაზარში და ჩავაბარე. ორი რეისი გავაკეთე. რვა ლარი მომცეს.

_ ვა! შენ რა მაგარი ვინმე ხარ! _ შევაგულიანე, _ მასე მოუხდება მაგ შენს მეზობელს! _ თან ჩემი თავის მიკვირს. იმის მაგივრად, შვილის ტოლა ბიჭს «ნოტაციებს» ვუკითხავდე, ასეთ საქციელს ვუწონებ. თითქოს ჩემს გულში იჯდაო, უცებ მეუბნება.

_ უცნაური ტიპი ხარ.

_ რატომ? _ გაოცებული ტონით ვკითხე.

_ რა ვიცი, აბა, შენხელები ამ დროს ჭკუის სწავლებას მიწყებენ. შენ კი… _ უხერხულად გადააქნია თავი და ისევ გაწითლდა.

_ ჩვენ ხომ ძმაკაცები ვართ, _ «ვიმართლე» თავი, _ «დაარტყი ხელი!» _ ვაჟკაცურად გამომიწოდა პატარა «თათი». მეც დავურტყი… «ძმაკაცურად»…



* * *

ორში ზურიკოს დაბადების დღე იყო. მინდოდა, რაღაცით მესიამოვნებინა მისთვის. გადავწყვიტე, სადმე კაფეში წამეყვანა.

_ მე ყველგან კი არ შემიშვებენ, _ ამომხედა თვალმოჭუტულმა.

_ ნუ გეშინია, შეგიშვებენ. ლომების «პარადი» მოვაწყოთ, _ ვანუგეშე.

იდეა მომივიდა _ ისეთ ადგილას შემეყვანა, სადაც ყველაზე მეტად ეკრძალებოდა და სადაც ყველაზე მეტად სურდა შესვლა.

_ ორივეს გამოგვყრიან, _ იცინის.

მხარზე ხელი დავარტყი გამხნევების ნიშნად და… წავედით. შესასვლელთან მწვადის სუნი დგას.

_ მზად ხარ? _ ვეკითხები ღიმილით. თავი დამიქნია.

ხელი ჩავკიდე და ვიწრო კიბეს ჩავუყევით. ორი საფეხურიც არ ჩაგვივლია და უცებ… ვიღაც თავსაფრიანი დედაკაცი გამოქანდა წივილით:

_ ახლავე დაიკარგე აქედან, შე სალახანა!

ზურიკომ უკან დაიხია. ხელი მოვუჭირე და გავაჩერე.

_ რაშია საქმე, ქალბატონო? _ შესაშური გაკვირვებით შევხედე ქალს.

_ აქ მაწანწალების ადგილი არ არის! _ თავსაფრიანმა ხელი ჰაერში გააქნია.

_ რატომ ამბობთ ასე, ამ ხნის ქალი! ეს ბავშვი ჩემი შვილია, _ მოვხსენი ტყუილების გუდას თავი.

დედაკაცს თვალები შუბლზე აუცვივდა.

_ აქ ცირკი არ არის, გენაცვალე. წადით და სხვაგან იხუმრეთ, _ მომახალა მკვახედ. _ სულაც არ ვხუმრობ, ქალბატონო. ზურიკო მართლა ჩემი ბიჭია _ შვიდი წლის წინ დაკარგული და ძლივს ნაპოვნი, _ შევაცოდე თავი და ნაზად გავუღიმე.

ვიგრძენი, როგორ შეეყინა ქალს სიტყვები ენის წვერზე, უნებურად განზე გაიწია და გზა დაგვითმო:

_ შებრძანდით დარბაზში. ახლავე მოგემსახურებით, _ შეარბილა ტონი და ფლოსტების ფლატუნით შეგვიძღვა შიგნით.

ზურიკოს გადავხედე. თვალი ჩამიკრა. ხელზე ხელი მოვუჭირე და წარბები ავწკიპე… დავსხედით. ირგვლივ ბუზების ჯარი გნიასებს.

_ მოითხოვე, რაც გინდა, რაც გენატრება. ფული მაქვს, _ ხელზე ხელი დავადე და თავი დავუქნიე.

ერიდება.

_ მიდი, მიდი, ნუ გრცხვენია! _ ვამხნევებ.

თავსაფრიანი კვლავ გამოჩნდა. თვალები ცნობისმოყვარეობით აქვს სავსე.

_ რა მოგიტანოთ, შვილო?

_ კარგი რა გაქვთ?

_ მწვადი, ხინკალი, ჩაშუშული… _ დაიწყო ჩამოთვლა.

_ დღეს ჩემი ბიჭის დაბადების დღეა, რასაც თვითონ მოისურვებს… _ გაზვიადებული მომხიბვლელობით ვუღიმი თავსაფრიანს…

მწვადი, ხინკალი, სალათა, ცხელი ხაჭაპური, კოკა-კოლა და… ბანანი, ხუთი ცალი… ზურიკო ხარბად შეუდგა ჭამას. არ გასულა ათი წუთი და ჩვენი ნაცნობი კვლავ გამოჩნდა. სკამი ხმაურით გამოსწია და ხვნეშით დაეშვა ზედ.

_ ეჰ, სიბერეს რა ვუთხარი, სულ არ შემიძლია. ამ სიცხემ ხომ ბოლო მოგვიღო, _ დაიწყო. «დაიწყო» _ გავიფიქრე მეც.

_ არ ვიცოდი, ამ საცოდავს დედა თუ ჰყავდა… _ გააგრძელა.

_ არც ზურიკომ იცოდა, ქალბატონო. ორი დღეა, რაც გაიგო, _ მივიღე საწყალი სახე. თავსაფრიანის თვალები კვლავ შუბლისკენ დაიძრა.

_ თქვენ ლტოლვილები ხართ? _ ჩურჩულით მეკითხება რატომღაც.

_ ჰო. ბავშვი ერთი წლის იყო, სოხუმიდან რომ გამოვიქეცით, _ ვალაგებ გუდიდან ტყუილებს.

_ მერე ისე მოხდა, ავცდით ერთმანეთს მე და ჩემი ქმარი… გრძელი ისტორიაა. არ ღირს მოყოლა, _ ცეცხლზე წყალს ვასხამ.

_ როგორ გავხართ ერთმანეთს! _ დაირტყა თავსაფრიანმა მუხლზე ხელი, _ რა კარგი დედა გყოლია, შვილო. ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოს! _ აქოთქოთდა, _ ჭამე, შვილო, ჭამე, ღმერთმა შეგარგოს, _ ილოცება.

ზურიკოს ათივე თითი ქონში აქვს მოთხვრილი. გემრიელად იქნევს პატარა ყბებს. ქალს სამზარეულოდან გამოსძახეს. წავიდა. დროებით.

_ ახლა ნახე, აქ რა მოხდება! _ ხითხითით მეუბნება ზურიკო.

_ რა უნდა მოხდეს? _ ავწიე წარბები.

_ ნახავ! _ საჩვენებელი თითი გაფშიკა.

სამზარეულოში ქაქანი ატყდა. მივხვდი, რაც ხდებოდა. ხან ერთი წინსაფრიანი გამოყოფდა თავს, ხან _ მეორე… ავივსეთ თანაგრძნობიანი მზერებით მეც და ზურიკოც. ლამის იყო, მეც დავიჯერე ჩემი ტყუილი. აზარტში შევედი:

_ შენი ხელით მაჭამე ერთი ნაჭერი, _ ვეუბნები.

მიხვდა. აიღო მოზრდილი ლუკმა და პირდაპირ თითიანად ჩამჩარა პირში.

_ ნელა, ბიჭო, არ დამახრჩო! _ ვიცინი.

ვუყურებ ბავშვს და სიამოვნება მეუფლება _ ისე მადიანად ილუკმება.

_ შეგერგოს! _ ვუღიმი და ქოჩორს ვუჩეჩავ.

_ ნელა, არ დამახრჩო! _ გამომაჯავრა ხითხითით.

_ დედაშენი როგორ არის? _ გამახსენდა მოულოდნელად.

სახე მოექცა. ჭამა შეწყვიტა, ხელები შარვალზე შეიწმინდა და საცოდავად ამომხედა. გულმა რეჩხი მიყო.

_ რა, მოხდა რამე? _ ხმა შემეცვალა.

_ დედაჩემი სულაც არ არის ჭლექიანი. მოგატყუე, _ გაჩუმდა.

ახლა მე ვიგრძენი, როგორ ამიცვივდა თვალები შუბლზე.

_ აბა, რა ჭირს?

_ არაფერი. ლოთობს და შავი «კალგოტკებით» დადის, _ დახარა თვალები.

ეს «შავი კალგოტკები» მენიშნა. ჩუმად ვარ. აგრძელებს:

_ ადრე ერთი კაცი მოდიოდა ჩვენთან. დედა სულ მიმტკიცებდა, ოჯახის მეგობარიაო. ერთხელაც, ღამე, შინ რომ დავბრუნდი, კარი შევაღე და… ოჯახის კი არა, ოთახის მეგობარი აღმოჩნდა, _ სიმწრით გადააქნია თავი და დიდი კაცივით ამოიოხრა. გული მომიკვდა.

_ ისე, როგორ გექცევა?

_ ცუდად. ყოველ საღამოს ფულს მთხოვს. 20 ლარზე ნაკლები რომ მივუტანო, სახლში არ მიშვებს. ვაგზალზე ვერ გავათენებ, პოლიციელები მაშინვე ბავშვთა სახლში მიკრავენ თავს. ქუჩაში ხომ არ ვივლი. რამდენჯერ გარეთ გამითენებია, დერეფანში. რაც ის კაცი არ მოდის, სულ სვამს.

გუნება გამიფუჭდა. თან არ მინდა, ეს დღე ცუდად დაამახსოვრდეს… ისევ თავსაფრიანმა გვიშველა. კვლავ გვეწვია და ამბავი დაიწყო:

_ ისე, კარგი ბიჭია. სხვებს არ ჰგავს, _ დადნა შაქარივით, _ მაგრამ ერთი-ორჯერ ისე გამაბრაზაა! ოხ! თუ გადამირჩებოდა, არ მეგონა!

_ რა ქნა ასეთი, ქალბატონო? _ ახლა მე დავიწყე ჩურჩული.

_ მოვუყვე დედაშენს შენი გმირული ამბები? _ «ჩაშვების» ხასიათზე მოვიდა თავსაფრიანი. _ მითხარით, მითხარით, მინდა, ყველაფერი ვიცოდე მასზე, _ ირიბად გადავხედე ჩემს «შვილს». _ არა, შვილო, კარგი ბავშვია, _ მთლად მოლბა თავსაფრიანი, ცალი ფეხი (ფლოსტიანი) ჰაერში ოდნავ ასწია და ზედ დაიხედა, _ მაგრამ ხომ იცი დღევანდელი ცხოვრება. ამ მათხოვრებმა შეგვიკლეს ხელში. აწუხებენ, კაცო, კლიენტებს. თქვენმა ბიჭმა კი… ო-ო-ო! როგორ გამაბრაზა მაშინ… პირველად რომ შემოვიდა (გვერდი მოინაცვლა ქალმა და უფრო მოხერხებულ პოზაში გააგრძელა თხრობა), ვერც მივხვდი, მაწანწალა თუ იყო, ისე სუფთად ეცვა. აქეთ-იქით იყურებოდა. ვის ეძებ, ბიჭო-მეთქი. ჩემს ძმას, აქ სადილობსო. შევუშვი. გავიდა ცოტა ხანი, შევდივარ დარბაზში და რას ვხედავ! გაუშვერია ხელი და არ მათხოვრობს? აბა, დავუცაცხანე, შენი მოწონებული! მაშინვე გასასვლელისკენ გავარდა, მაგრამ… (აქ თავი გადააქნ-გადმოაქნია), სტაცა ხელი ჩვენს ორლარიან ხაჭაპურებს, ეგერ, ჟარონაზე რომ გვილაგია და გაშპა. სად გაეკიდები! ის კი არა, ხაჭაპურები, ხომ იცი, ცხელი როა, დაეკრო ერთმანეთს და რომ მოქაჩა, მთელი ჟარონა ძირს გადმოვარდა. რამხელა ზარალი ვნახეთ მაშინ! _ შეცხადების ნიშნად მოიკვნიტა ქვედა ტუჩი და ზურიკოს თითი დაუქნია.

ის კი ჩუმად იცინის, თან მეოთხე ბანანს ფცქვნის.

_ მერე კაი ხანს არ გამოჩენილა, _ გაასავსავა ხელები თავსაფრიანმა და ფეხი ფეხზე გადაიდო, _ ერთხელაც შემოიხედა. ჯერ შეგვამოწმა, აბა, თუ მიცნობენო. რას არ ვიცნობდი! დავიფრინე მაშინვე. მაინც მოახერხა ეშმაკობა. ცოტა ხანში ტყვიასავით შემოვარდა და შემოსასვლელში ლუდის კრანი რომ დგას, არ მოუშვა უცებ? დაგვაქცია მოკლედ. ეშმაკები არიან მეგრელები, ეშმაკები, _ მოჩვენებითი ალერსით შეახურა მთელი სამეგრელო. «მეგრელები» ყურში მომხვდა.

_ მეგრელი ქართველი არ არის, ქალბატონო? _ დავიწყე საქმის გარჩევა.

_ თვითონ ამბობენ ასე, შვილო, _ იმართლა თავი.

_ შენ მეგრელი ხარ, ბიჭო? _ წარბშეკრული მივუბრუნდი ზურიკოს.

_ მე ქართველი ვარ და ევროპელი, _ პათოსით ამბობს ზურიკო და გაშლილ ხელს გულზე ირტყამს.

სიცილი ამიტყდა. ზურიკოსაც.

_ რა კარგი ბავშვია, _ ყასიდად იღიმის ქალი, _ ნამდვილი პოლიტიკოსი გამოვა! _ დაუსვა დაიგნოზი.

_ არა, ჩემი შვილი ექიმი უნდა გამოვიდეს! _ ვაგრძელებ თამაშს, _ სიბერეში ავად რომ გავხდები, მომარჩენს, _ მოვპარე დუმბაძეს ფრაზა და ზურიკოს მომავალსაც მტკიცედ გამოვუტანე განაჩენი…

…ორი საათი მაინც ვისხედით. თავსაფრიანსა და ბუზებს ბზუილი არ შეუწყვეტიათ. ბოლოს მოვუკარი თავი ჩემი ტყუილების გუდას, დავემშვიდობეთ ჯერ კიდევ მოზუზუნე მასპინძელს, ბუზებსაც და გასასვლელისკენ გავემართეთ.

_ აწი გამოიარე ხოლმე ჩვენთან, _ ეპატიჟება ქალი…

მივდივართ და უკან მოგვყვება თავსაფრიანის ლოცვა-კურთხევა და თეთრი წინსაფრებით შეიარაღებული ქალების ცნობისმოყვარე მზერა. ხელიხელჩაკიდებულები გამოვდივართ. ვიცინით. გულიანად. ორივე კმაყოფილი ვართ… სახეზე გვაწერია…



* * *

შაბათი დღეა. მარტო ვარ. შინ რაღაცას ვსაქმიანობ. უცებ ტელეფონის ზარი გაისმა. პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებიდან მირეკავენ. ზურიკოა დაკავებული ქურდობისთვის. მე მიბარებენ. ბავშვთა ინსპექტორი ესა და ეს… გავქანდი. წვიმს… ძლივს მივაგენი პოლიციის შენობას. პირველი, ვინც განყოფილებაში შესვლისას თვალში მომხვდა, ფაშფაშა, ოქროში ამოვლებული ქალი იყო, რომელიც მოუსვენრად იჯდა სკამზე და ბეჭდებით დახუნძლულ თითებს მაგიდაზე ათამაშებდა.

_ თქვენი საბუთები! _ მარჯვენა ხელი შუბლთან მიიტანა ინსპექტორმა. დავაძრე ჩემი ჟურნალისტის მოწმობა და ცხვირწინ ავუფრიალე პოლიციელს. ამას კი არ ელოდა. შეცბა. და მერე როგორ! ვერ მივხვდი, რა იყო მისი შეშფოთების მიზეზი. ყველაფერი ნათელი გახდა, როცა მოგვიანებით ზურიკო ვნახე…

_ რაშია საქმე, რა ჩაიდინა ასეთი?

_ ფული მოპარა ამ ქალბატონს.

_ არ არსებობს! _ კატეგორიულად უარვყოფ.

«ოქროში ამოვლებულმა» ორაზროვნად გამომხედა.

_ თქვენ რა ხართ მისი? _ მეკითხება ინსპექტორი.

_ ახლობელი… ერთადერთი, _ დავამატე.

_ გაწყდა ამათი ჯიში! ფეხს ვერ დაადგამ თბილისში, ლტოლვილს რომ არ დააბიჯო! _ «გასკდა» ფაშფაშა…

მოგვიანებით ზურიკო მიყვება:



* * *

იმ დღეს დილიდან დაითარსა. ლარიც ვერ გააკეთა. ამინდიც გაფუჭდა. ნამდვილი თავსხმა იყო. კუჭი აეწვა შიმშილისაგან. ფული ვერ გაიმეტა ხაჭაპურისთვის. უაზროდ დაყიალობდა. მერე იქვე, მაღაზიაში შევიდა, იქნებ რამე დავითრიოო. დაითრია. გამყიდველს კბილის ჯაგრისების დასტა აწაპნა, მერე ჩამოუარა გალუმპულ «ბაზარომანებს» და თითო ოც თეთრად გაყიდა. ესეც ლარი და ოცი თეთრი. ცოტაა. უცებ ის ქალი შეამჩნია. ფაშფაშა. ჩანთებით დატვირთული სპილოს ნაბიჯებით მიაბოტებდა. ხელებში ეცა:

_ მოგეხმარებით, ქალბატონო, გაჩერებამდე მიგატანინებთ, _ მოიშველია მრავალნაცადი ფრაზა. «ფაშფაშამ» უნდობლად გადახედა.

_ დაიკარგე აქედან! _ არ დაანება ჩანთები.

ზურიკო არ მოეშვა. ბოლოს ქალი დანებდა და სთხოვა, აქვე ახლოს ვცხოვრობ, სამშობიაროსთან და ბარემ სახლამდე მიმატანინე ნავაჭრიო.

_ ორმოცდაათ თეთრს მოგცემ, თან გაჭმევ, _ უთხრა.

გაუხარდა. დაავლო ხელი ტვირთს და უკან მიჰყვა «ფაშფაშას». შევიდნენ იტალიურ ეზოში. მეორე სართულზე ასვლა ცოტა გაუჭირდა, მაგრამ რას დაეძებდა. ფულის გულისთვის ამ «სპილოსაც» აიტანდა, თუნდაც კუკიაზე. ქალი კარგა ხანს იჩხრიკებოდა ხელჩანთაში. გასაღებს ეძებდა. როგორც იქნა, იპოვა, მოარგო კარს. გადაატრიალა. შევიდნენ. «ფაშფაშამ» ხელჩანთა სკამზე მიაგდო. «აი, სასახლე-ე-ე!» _ გაიფიქრა ზურიკომ.

_ აგერ დაჯექი. არა, ჯერ აბაზანაში შედი, ხელები დაიბანე და მერე დაჯექი. გაჭმევ! _ უბრძანა. თვითონ კი მაცივრის კარი გამოაღო.

გულუხვი აღმოჩნდა: გამოალაგა ცივად მოხარშული დედალი, ნიგვზიანი ბადრიჯანი, პამიდორი, ყველი… ბიჭმა ნერწყვები გადაყლაპა. გემრიელად შეუდგა ჭამას… მალე მორჩა. მადლობა გადაუხადა «ფაშფაშას» და დაელოდა, ფულს როდის მისცემდა. ქალმა საფულე ამოიღო, გახსნა და… ისევ ხელჩანთას ეცა. ამოყარა ყველაფერი, გადაატრიალა, გადმოატრიალა… ბოლოს იქუხა:

_ სად წავიდა ჩემი ფული! შენ მომპარე, ბიჭო?!

_ მე… არა, დეიდა, ხელი არ მიხლია, _ მუხლები აუკანკალდა.

_ ახლავე დააბრუნე და არაფერს გეტყვი. თორემ პოლიციას გამოვუძახებ, იცოდე!

ზურიკოს ფული არ აუღია, მაგრამ პოლიციაში მაინც ამოყო თავი…



* * *

_ მეტი არავინ ყოფილა სახლში! _ თითქოს ცხელი კარტოფილით აქვს პირი გამოტენილიო, ისე ატრიალებს ენას «ოქროში ამოვლებული».

_ საფულე რომ დაკარგულიყო, ვიფიქრებდი, ამომივარდა-თქო. ცარიელი იყო, მარტო ხურდები ჩაუტოვებია ამ ჯიბგირს, ამას! ამომაცალა, სანამ მეორე ოთახში გავიდოდი. მეც რამ გამიყვანა იქით, როგორ ვენდე ამ ლაწირაკს! უარესი მეკუთვნის! _ არ ცხრება «ფაშფაშა».

ვცდილობ, ავუხსნა ინსპექტორს, რომ ზურიკო მათხოვარია, თითქმის უპატრონო, მაგრამ…

_ იგი ფულს არ მოიპარავდა! _ გადაჭრით დავასკვენი.

_ რატომ გგონიათ, რომ არ მოიპარავდა? _ პოლიციელმა თავი გვერდზე გადააგდო და შერლოკ ჰოლმის მზერით შემომხედა.

_ ვინც მათხოვრობს, ის ფულს არ იპარავს! _ ვაფრქვევ სიბრძნეს.

_ მაჩვენეთ ბავშვი, დაველაპარაკო! _ მოვითხოვ.

ინსპექტორს სახე მოექცა. ცუდად მენიშნა. გავიდა და ცოტა ხანში შემოიყვანა. შემოიყვანა და… ფერი მეცვალა. რა ვნახე! ახლა მივხვდი, რატომ შეშფოთდა იგი, როცა ჩემი პირადობის მოწმობას დახედა. ნაცემი, სახედალურჯებული, ტირილისგან თვალებდასიებული ზურიკო ცახცახებდა. შიშისგან.

_ ეს რა გიქნიათ! _ აღმომხდა სიმწრით. _ თქვენ არა გყავთ სახლში პატარები! ასეთი უშვილოები და უძიროები როგორ ხართ ეს პოლიციელები! _ არ დავინდე ქართული პოლიცია. ვატყობ, როგორ ვუწევ ნელ-ნელა ხმას.

_ ხვალვე გაგწერთ გაზეთში! მთელ განყოფილებას! _ «ვიშიშვლე» ჩემი მთავარი «იარაღი».

_ დაწყნარდით, ქალბატონო. ხელი მომიხვდა, გაქცევა უნდოდა. არც სახელი გვითხრა, არც გვარი. თქვენი ტელეფონი ძლივს ვათქმევინეთ. _ თავი იმართლა პოლიციელმა.

ვცდილობ, დავწყნარდე. ხელს ვიშვერ ზურიკოსკენ. ბავშვი გამოქანდა და ჩამეხუტა. ვიგრძენი, როგორ დამისველდა მკერდი. სლუკუნებს. მალე სლუკუნი გულამოსკვნილ ტირილში გადაიზარდა. უხარია, რომ აქ ვარ, მის გვერდით. «ნუ ტირი. ახლა უყურე, ამათ რას დავიფრენ» _ ვუჩურჩულე ყურში, მინდა გავამხნევო.

_ ნუ გეშინია, ახლავე გავარკვევ ყველაფერს! _ ვამბობ ხმამაღლა.

_ ქალბატონო, იქნებ სხვაგან შეინახეთ ფული, კარგად გაიხსენეთ, _ რაც შეიძლება ზრდილობიანად მივმართე «ფაშფაშას».

_ როგორ გეკადრება, გენაცვალე! სკლეროზი კი არ მჭირს. პატივი ვეცი, ორ ლარს დავპირდი მოხმარებისთვის (გულში მეცინება. ორი ლარის მიმცემი რომ ყოფილიყო, იმ წვიმაში ტაქსით წავიდოდა შინ), ვაჭამე, ვასვი. ამან კი… სხვაგან სად უნდა შემენახა. ტრუსიკში ხომ არ ჩავი… _ უცებ სიტყვა გაუწყდა. სახე ეცვალა და ხელი უნებურად მკერდისკენ გააქანა.

წამით გახევდა. მერე სკამზე გვერდულად შეტრიალდა, ხელი ძუძუებში ჩაიყო და… «იპოვა ამ ძროხამ», _ გავიფიქრე ზიზღით. ლოყაზე შემოიკრა ხელი:

_ ჩემი სიკვდილი! ჩემი სიკვდილი! ეს რა დამემართა! ეს რა დამემართა! ვაი სირცხვილო! ვაი სირცხვილო! _ ორ-ორჯერ იმეორებდა ერთსა და იმავეს.

_ მაპატიე, გენაცვალე, მაპატიე! სულ დამავიწყდა. ნამდვილი სკლეროზი მაქვს! _ მოჩვენებითად ცრემლნარევი ხმით ქაქანებს «ოქროში ამოვლებული».

ექვსი ნომერი (დაახლოებით) ლიფიდან ამოაცურა ოთხად გაკეცილი ათლარიანები, დემონსტრაციულად ასწია ჰაერში, დაგვანახა და მაგიდაზე დააგდო:

_ ცეცხლში დასაწვავი! ეს რა დამემართა!

_ დათვალეთ, ქალბატონო, ხომ არ გაკლიათ? _ გველის გესლზე უარესია ჩემი ირონია.

არ იმჩნევს.

_ როგორც ჩანს, დროა, ექიმს ეჩვენოთ! _ ჩავუნისკარტე და მრავლისმეტყველად გადავხედე პოლიციელს.

ქალმა დაკეცილი ფულიდან ათლარიანი გამოაძრო და ზურიკოს გაუწოდა:

_ აჰა, შვილო. მაპატიე. ეს რა დღეში ჩავვარდი ამ ხნის ქალი! ბოდიში, გენაცვალე, ბოდიში. მაპატიეთ! _ სხვა სიტყვას ვერ პოულობს.

ზურიკო არ განძრეულა. ქალი წამოდგა და ბავშვს ფული შარვლის ჯიბეში ჩაუკუჭა. ზურიკო ეწინააღმდეგება.

_ აიღე! _ მკაცრად ვეუბნები.

_ ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ ბავშვს ვინ აუნაზღაურებს მორალურ ზარალს? _ დავიწყე ზნეობრივი კოდექსის «კითხვა». _ სული დაუმახინჯეთ რვა წლის ბიჭს, ამხელა ტრავმა მიაყენეთ და ფულით გინდათ, გამოისყიდოთ? უცხოეთში იცით, რა გელოდათ ამის გულისთვის? იქ მარტო სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის იხდიან ათასობით დოლარის ჯარიმას! _ იერიშით გადავედი მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე…



* * *

…სიტუაცია დაწყნარდა. უკვე ახსნა-განმარტება იწერება. არ მაინტერესებს. გასასვლელისკენ ვიწევ. უცებ ზურიკოს ეძახიან _ თავისი ორი ლარი და ათი თეთრი უნდა დაუბრუნონ, «ჩხრეკისას» რომ ამოაცალეს. მიბრუნდა. მისცეს. მოტრიალდა, მაგრამ რატომღაც შეყოყმანდა. მოულოდნელად მაგიდასთან მივიდა, თავისი ხურდა ზედ დაყარა, მერე «ოქროში ამოვლებულს» თვალი თვალში გაუყარა და…

_ ძროხა! ბებერი ძროხა! _ გულიანად მიახალა.

_ ეს _ ჯარიმა სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის! _ პოლიციელისკენ მიხვეტა ხურდა და ჩემკენ გამოიქცა.

უჰ! რა მესიამოვნა! მალამოსავით მომეცხო ზურიკოს «კომპლიმენტი». აი, სანახაობა! ზურიკოს ნამდვილი გამარჯვებული გლადიატორის სახე აქვს.

«ხომ მაგარი ვარ!» _ ამოვიკითხე მის მზერაში.

_ მაგარი ხარ, მაგარი! _ ვერ დავმალე აღფრთოვანება.

_ რას იზამთ, მაწანწალა ბავშვია, ეპატიება, _ ვერ შეველიე ირონიას და გაოგნებულ ინსპექტორს ჰოლივუდის ღიმილი ვესროლე. გამარჯვებულის იერით ჩავავლე ზურიკოს ხელი და… დღის სინათლეზე გამოვიყვანე.

ხასიათი გამოგვიკეთდა. ამინდიც გამოსულა. სოლიდარობას გვიცხადებს, ალბათ. ხუმრობა საქმე ხომ არ არის. ჩვენ, ეს-ესაა, დიდი ომი გადავიხადეთ _ მივედით, ვნახეთ, გავიმარჯვეთ. სამართლიანად…



* * *

_ მართლა წამიყვან? _ თვალმოჭუტულმა ამომხედა ჩვეული მზერით.

_ ვნახოთ. ვეცდები, რამე მოვახერხო. ციხეში შესვლა არ არის ადვილი, _ თავს ვიზღვევ…

…გავიდა რამდენიმე დღე. მივდექი, მოვდექი, ზოგი კაბინეტში შევაწუხე, ზოგსაც მობილური «ავუტალახიანე» და ბოლოს მაინც გავჩარხე. მივდივართ. მე და ზურიკო. მიმყავს მამამისის სანახავად. ჩავსხედით წითელ «იკარუსში» და გავუყევით «კუდიგორის გზას»…

საკმაო ხანს გვიწევს ლოდინი. ჯერ ერთ კაბინეტში შეგვიყვანეს, მერე მეორეში, ხან აქ მოვაწერეთ ხელი, ხან _ იქ… თავი ამერიკის ციხეში მგონია. ბოლოს, როგორც იქნა, გაგვიყვანეს იზოლირებულ ოთახში. რაღაცამ გაიტკაცუნა, რაღაცამ გაიჩხაკუნა, დაიჭრიალა, მერე გაიჩხრიალა და ისიც გამოჩნდა…

გავოცდი! მთლად ზურიკოა, ზედგამოჭრილი! ისეთივე თმა, ისეთივე თვალები, ისეთივე ტუჩები… ასე მგონია, გაზრდილ ზურიკოს ვუყურებ. ჩემთვის არც შემოუხედავს. შეჩერდა, ცალი თვალი მოჭუტა და გამომცდელი ღიმილით გამოხედა ზურიკოს. ბავშვი ადგილიდან მოსხლტა და კისერზე შეახტა. თვალზე მომდგარი ცრემლი უკან ჩავაბრუნე. «ახლა გულჩვილობის დრო არ არის!» _ გავაფრთხილე «მე».

ბოლოს ჩემთვისაც მოიცალა:

_ ეს შენა ხარ, ჩემი შვილის ამალთეა, ლამაზო? _ ძველბიჭური ტონით კბილებში გამოცრა «დიდმა ზურიკომ». «ლამაზო» მენიშნა _ აი, თურმე საიდან გაჩნდა ზურიკოს ლექსიკონში ეს სიტყვა.

_ ამალთეასი რა მოგახსენოთ, მაგრამ ეს ნამდვილად მე ვარ! _ რაც შეიძლება რიხიანად ვპასუხობ, თან მუხლები მიკანკალებს. არამკითხე მოამბე! რა მინდა აქ, ვინ მეკითხება… _ ვტუქსავ საკუთარ თავს.

_ კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა, დაიკო! _ კვლავ გაიღიმა და ხელი გამომიწოდა.

_ იყოს! _ კვერს ვუკრავ.

…კარგა ხანს ბაასობენ. მერე უცებ მომიტრიალდა:

_ ეს ბავშვი რომ ბავშვთა სახლში მოხვდეს, ბევრს ავიტან კუკიაზე! _ საჩვენებელ თითს მუქარით იქნევს.

კვლავ ნაცნობი ფრაზა. ეს სიტყვები, ალბათ, ჩემი მისამართით არ არის ნათქვამი. იმედია.

_ ხომ მაგარი ბიჭი მყავს? _ ისევ ღიმილმა გაუნათა სახე.

_ ძალიან. მაგარია! _ ცოტა მომეშვა და მეც გავინათე პირი ღიმილით.

_ მა რა! გენები თავისას შვება! _ დამტვრეული ქართული აქცენტით ლაპარაკობს «დიდი ზურიკო». ესეც ლტოლვილების აფხაზური მემკვიდრეობაა. ან რუსული იციან, ან _ მეგრული. ქართული _ ინგლისურის დონეზე, ან _ ჩინურის.

_ ერთი ეს «სროკი» ჩავამთავრო და მერე მე ვიცი. ყველაფერს ვხარშავ. ჯერ დედაშენს მივხედავ, მერე შენთვის მოვიცლი, მამიკო. ცოტაც გაიჭირვე. პატომ ია ზნაიუ _ დააგვირგვინა «ძმების» ენაზე. _ ქურდობა კაი საქმე რომ ყოფილიყო, ვერავინ დამასწრებდა.

_ რას ამბობთ, ზურიკო სულაც არ ქურდობს. წესიერი შრომით ირჩენს თავს! _ დავიცავი და ის იყო, უნდა დამეწყო მოყოლა, რომ… ზურიკოს მუდარით სავსე მზერას გადავაწყდი. მაშინვე მივხვდი. მათხოვრობა არ უნდა ვახსენო. მეც მკვეთრად გადავუხვიე გზიდან და გეზი შევცვალე:

_ ვაჭრებს ეხმარება, რაღაცებს ყიდის, მოხუცებს მფარველობს. მეც! _ დავაყოლე. «გმადლობთ», _ მანიშნა ზურიკომ თვალებით. «არაფრის», _ ღიმილია ჩემი პასუხი…

_ ახლა უკვე დიდი ბიჭია. უნდა ისწავლოს. სულ ქუჩაში ხომ არ ივლის. აი, კომპიუტერის სწავლა უნდა. მეც დავეხმარები, _ ენად გავიკრიფე.

_ ჯიგარი გოგონა ხარ, ლამაზო, _ დამაკლო ასაკი «დიდმა ზურიკომ», _ «სპასიბა. გადამეხადოს.



* * *

შეხვედრა ზუსტად ერთი საათი გაგრძელდა. ზურიკოს ტიტინი არ შეუწყვეტია. არ მახსოვს, ამდენი ოდესმე ელაპარაკოს. მოუყვა, როგორ «დავახურე» პოლიციელებს თავზე ყველაფერი მის დასაცავად; როგორ «შეამკო» მაშინ «ფაშფაშა» და ჯარიმა როგორ გადაიხადა ამისთვის. თან გულიანად იცინის.

_ ორი ლარი მივუთვალე, სულ ხურდები, _ ხითხითებს.

_ საიდან ამდენი ხურდა? _ დაინტერესდა «დიდი ზურიკო».

_ ამან მასესხა, _ ჩემკენ გადმოაქნია თავი და მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა.

უყურე შენ! მეც გამამათხოვრა. წარბიც არ შეუხრია, ისე უცებ იპოვა გამოსავალი. «რა ეშმაკია!» _ ვფიქრობ ჩემთვის.

გაოცებული დავრჩი. ეს ბავშვი ისე ბუნებრივად იტყუებოდა, ლამის იყო, ეჭვიც კი შემეპარა, მართლა მე ხომ არ ვასესხე ის ფული-მეთქი…



* * *

უკვე წასვლის დროა. «დიდი ზურიკო» გამოემშვიდობა პატარას. მეც ხელი გამომიწოდა. ჩამოვართვი. არ მიშვებს. თვალი თვალში გამიყარა და…

_ მქონდეს შენი იმედი, მიხედავ? პრისმოტრიშ?

ვცდილობ, არ ჩავიჭრა. რა იმედი მივცე, მე თვითონ არა მაქვს ჩემი თავის იმედი. თვალები ჯიქურ გავუსწორე, რამდენიმე წამი ვუყურებ, მერე ჯოკონდას ღიმილი მოვიშველიე, კაი მამაკაცივით იქით მოვუჭირე ხელზე ხელი, დამშვიდობების მიზნით ჰიტლერივით იდაყვში მოვხარე მარჯვენა და უსიტყვოდ გამოვტრიალდი.

_ დედაშენს გადაეცი, მე დავბრუნდები-თქო და ცოტა აზრზე მოვიდეს! _ კისერში ხელი წაავლო ზურიკოს და თავისკენ მიიზიდა. ბავშვმა თავი დაუქნია.



* * *

გაჩერებაზე ვდგავართ. ხმას არ იღებს. მოიწყინა. როგორც ჩანს, დამძიმდა ემოციებით. რაღაც უნდა მოვიფიქრო. გამახსენდა! ზოოპარკში ხომ გია მუშაობს, ჩემი მეზობელი, ატრაქციონს ატრიალებს. მართალია, ფული ცოტა მაქვს, სამაგიეროდ იმედი მაქვს დიდი _ «მეზობელო კარისაო» _ ჩავიღიღინე.

უცებ მკლავზე მომქაჩა:

_ შენ რა იცოდი, მე რომ კომპიუტერის სწავლა მინდოდა? _ თვალები ფართოდ გაუხელია და ცნობისმოყვარედ მიყურებს.

_ ჰმ, მე ყველაფერი ვიცი, _ გამოვნახე ტყუილის ახალი ფორმა. _ შენ რა, არ იცი, ტელეპატი რომ ვარ? სხვის აზრებს ვკითხულობ. აი, ახლაც ვიცი, რას ფიქრობ. გინდა, გითხრა? _ ირიბად გადავხედე. თვალები მოჭუტა:

_ მიდი რა! დაგიჯერე, აი! _ ცოტა გამხიარულდა.

_ მართლა, მართლა. გითხრა?

_ კარგი, მითხარი, _ დამნებდა. პირი დააღო მოლოდინში და გამომცდელად შემომხედა.

_ ნეტა ახლა ეს ქალი ზოოპარკში წამიყვანდესო!

ხარხარი აუტყდა. კარგა ხანს იცინოდა, კინაღამ ჩაბჟირდა.

«ასე, შე კაცო», _ გავიფიქრე.

_ აი, ხომ გამოგიჭირე! არაფერზეც არ ვფიქრობდი! _ ნიშნის მოგებით მეუბნება.

_ ამ წუთში, რა თქმა უნდა, არ ფიქრობდი, მაგრამ პირველი, რასაც გაიფიქრებდი, ეგ იქნებოდა, _ საძირკველს ვუმაგრებ ჩემს ტელეპატობას. როგორც იქნა, გამხიარულდა. მერე მთელი გზა ენა არ გაუჩერებია.

_ კარუსელზე უნდა მაკატაო? _ არ მეშვება.

_ კარუსელზე კი არა, ატრაქციონზე! _ ვიხელთე დრო და გადავდგი პირველი ნაბიჯი მის სწავლა-განათლების გზაზე.

_ ეგ რაღაა?

_ რაღაა და… კარუსელი, _ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.

_ კარუსელი კი არა, ატრაქციონი! _ ზუსტად გამომაჯავრა და თან «შემისწორა» მშობლიური ენა. კვლავ ახითხითდა.



* * *

როგორ გაუძვირებიათ ზოოპარკი! შესვლა 50 თეთრიო! თან ერთი კაცი. მთლად გაგიჟდნენ! ბავშვებიც კაცებში გადიან თურმე. რაღას ვიზამდი. შემოვივლე თავზე ლარიანი და შევედით. ახლა ირაკლი რომ მხედავდეს… კიდევ კარგი, სოფელშია.

_ არა უშავს, ამათ ჯავრს სულ გიაზე ვიყრი! _ ვეუბნები.

ჩემი მეზობელი ადვილად მოვძებნეთ. მოკლედ ავუხსენი სიტუაცია, გავაცანი ზურიკო და… დაიწყო ნამდვილი ატრაქციონი… როგორც კი წრის ერთი ჯერი დამთავრდებოდა, ზურიკო კითხვით სავსე თვალებს შემომანათებდა, ჩამოვიდე თუ არაო.

_ სანამდეც გაგიხარდება, იჯექი. მე არსად მეჩქარება. აქაურობა შენია! _ ვაჩუქე ზოოპარკი თავისი ატრაქციონით.

_ რა მაგარი ტიპია! _ მეუბნება გია და ზურიკოს გასცქერის.

_ კი, კარგი ბავშვია და ამიტომაც მწყდება გული, _ შევჩივლე მეზობელს.

_ მშობლები არ ჰყავს?

_ როგორა არა, მაგრამ…

_ ეტყობა, არც ერთი არგია და არც მეორე… _ აღარ დაამთავრა ფრაზა.

მხრებს ვიჩეჩავ. არ მინდა ამ თემაზე საუბარი. ისიც მეყოფა, «სვიდანიაზე» რომ ვიყავი იქ, დახურულ კარს მიღმა…

ამასობაში გახდა ცხრა საათი. გიამ მთელი ზოოპარკი მოატარა ზურიკოს. მაიმუნებზე გაგიჟდა.

_ ჩემსავით სულ ხელებში უყურებენ ყველას! _ კვდება სიცილით.

სახე გაბადრული აქვს, ენით აუწერელი კმაყოფილებით ავსებია თვალ-ტუჩი… სანამ თვითონ არ მითხრა, მეტი აღარ მინდა, წავიდეთო, ხმა არ ამომიღია. ლოყები წითლად აქვს შეფაკლული, თმ ოფლით დასველებია. წვეთები ჩამოსდის ყურის ძირებში.

_ კაი იყო?

უსიტყვოდ მიქნევს თავს. ლაპარაკის თავიც არა აქვს. დაიხუნძლა შთაბეჭდილებებით. ერთხანს მდუმარედ მივდივართ. უცებ ვიგრძენი, როგორ შემოაცურა ჩემს ხელისგულში თავისი პატარა თითები და სათუთად ჩამკიდა ხელი.

_ რა იყო, ზურიკო?

თვალმოჭუტულმა ამომხედა:

_ ჯიგარი ხარ, ძალიან ჯიგარი! _ მითხრა და გაწითლდა.

მისი პატარა თითები მოხერხებულად მოვიმწყვდიე ხელში და გულში გავეპასუხე: «ეჰ. შენც კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ, აბა, ბედი არ გწყალობს». ხმამაღლა კი არაფერი მითქვამს, მხოლოდ გავუღიმე.



* * *



მოდის… ეს რაღაა! რაღაცას მოათრევს. ცოტა რომ მოახლოვდა, დავინახე: უზარმაზარი საზამთრო მიუხუტებია მუცელზე და ძლივს მობაჯბაჯებს, ერთი ათი კილო იქნება. უყურე შენ! რა მაწაკი ბავშვია! შევპირდი, დღეს ჩემთან წაგიყვან და ირაკლის გაგაცნობ-თქო. ეს კიდევ ძღვენით მოდის! მოვკლავ!

_ რა არის, ბიჭო, ეს?!

_ ბოცო, _ განმანათლა.

_ გაგაბოცოვებ მე შენ! რად გინდოდა ამხელა გორიალა საზამთრო! _ დავუცაცხანე.

_ აჰა! _ დამიგორა ფეხებთან. _ ეს ირაკლის!

_ ჰოდა, თავად მიუტანე. ძაღლი ვინც მოკლა, იმან გადაათრიოს, _ დავიბანე ხელები.

_ მე ვათრევ, ნუ გეშინია, _ მამშვიდებს, როგორც ფსიქიატრი პაციენტს.

ჰმ! თავი გადავაქნიე. ელაპარაკე ახლა ამას! ვერაფერს ვიზამ. ხარჯი გაწეულია…

ერთხანს ჩუმად ვსხედვართ. შეისვენოს ცოტა.

_ ზურიკო, სკოლაში არ გინდა, იარო?

_ რა მინდა სკოლაში! _ შეიცხადა.

_ წერა-კითხვას გასწავლიან, ხატვას, სიმღერას…

_ ეგენი ყველა ვიცი! _ გვერდზე გაიხედა და ხელი ჩაიქნია.

_ შენ გინდა თქვა, რომ კითხვა იცი?

_ მა რა! ქართულად, რუსულად და ინგლისურადაც.

ენა ჩამივარდა. ვერ ვიჯერებ, მაგრამ ისე დარწმუნებით ამბობს, ძნელია ეჭვი შეიტანო მის ნათქვამში.

_ გინდა, წაგიკითხო, იქ რა წერია? _ ხელს იშვერს ბავშვთა სამყაროს შენობის თავისკენ. თავი დავუქნიე.

_ ბავ-შთა სა-მყა-რო, _ საკუთარი წესებით «წაიკითხა» წარწერა.

_ ბავშთა სამყაროს მოგცემ მე შენ! ვის ატყუებ, შე ჭინკა! _ მოვჩეჩე ქოჩორი, _ აბა, რამდენი ვ არის იმ წარწერაში? _ ჩავეძიე.

_ რამდენი? ერთი, _ გაკვირვებით მიპასუხა, განა რამდენი უნდა იყოსო, თან ცალი თვალი მოჭუტა.

_ ერთი კი არა, ორია. ესაა, კითხვა ვიციო?

_ ორი? ორი ვ რად უნდა, შეცდომა მოსვლიათ. არ ცოდნიათ ქართული, _ ხითხითებს…



* * *

_ მალე მივალთ? _ მოუთმენლად მეკითხება გზაში.

_ ოც წუთში.

_ აუჰ! რა ამბავია!

ერთი სული აქვს, როდის ჩათავდება გზა. სანამ ნუცუბიძის ბოლომდე ჩავაღწიეთ, ერთი ხუთჯერ მაინც გამიმეორა შეკითხვა. ირაკლიც მოლოდინშია. ორი დღეა, სოფლიდან ჩამოვიდა და დიდ ამბავშია…

ქოშინით ავედით მეცხრე სართულზე. სახელური ჩამოვწიე. შევედით ჩემს დანგრეულ ბინაში. რემონტი დავიწყე ჯერ კიდევ შარშან. დავიწყე და დარჩა ასე, დაწყებული, შპალერჩამოხეული კედლებით. ასე იცის უფულობამ…

_ შემოდი, _ ვეპატიჟები თავის საზამთროიანად. ირაკლი რაღაცას ხატავს. ჩემს ხმაზე თავი ასწია.

_ აი, ეს არის ზურიკო. ეს კი ირაკლია, _ გავაცანი ერთმანეთს. _ ჩამოართვი, ბიჭო, ხელი, რას დაგიღია პირი! _ ვუჯიკე ირაკლის.

ძალიან მორცხვია, რა ეშველება! უხერხულად ჩამოართვა ხელი და თვალი საზამთროსკენ გაექცა.

_ ხომ კაი ბიჭია? _ ვეკითხები ირაკლის.

_ არა, საზამთრო უკეთესია, _ ხითხითებს ზურიკო და აქეთ-იქით იხედება. «ბუდეს» ათვალიერებს.

_ ო-ო-ჰ! ვიცნობ უკვე! _ აიმრიზა ირაკლი.

_ საიდან? _ ეს უკვე ზურიკოს ხმაა.

_ დედაჩემის მოთხრობიდან _ «ჩამიშვა» ჩემმა სისხლმა და ხორცმა.

_ მასე მეც გიცნობ.

_ შენ საიდან?

_ დედაშენის მონათხრობიდან.

_ დე, ჩემზეც წერ მოთხრობებს? _ გაიკვირვა.

_ ვწერ, აბა არ ვწერ? _ სასხვათაშორისოდ ვიძახი და სკამზე ვეშვები.

_ ეს შენ! _ უცებ ზურიკომ ჯიბიდან შავი ფერის ხელის კომპიუტერი დააძრო და ირაკლის გაუწოდა. _ საჩუქრად, _ დაამატა.

_ ვა! რა მაგარია! მადლობა! _ გაუბრწყინდა თვალები.

სამზარეულოში გავედი. ზურიკო შემომყვა, იდაყვზე ხელი მომქაჩა და ჩურჩულით მეკითხება:

_ შენც ლტოლვილი ხარ? _ შეცდომაში შეიყვანა ჩემმა გადატყავებულმა კედლებმა. გულიანად გამეცინა.

_ არა, მე რემონტი მაქვს, _ ჩურჩულითვე ვპასუხობ.

ისევ ოთახში გავიდა. ახლა ტელევიზორს შეაცქერდა.

_ ამ ტელევიზორში «შავ მარგალიტს» ანახებენ? სერიალს? _ იკითხა.

ვიცინით. პირველი უხერხულობა გაიფანტა.

_ დე, დღეს ჩვენთან უნდა დარჩეს? _ ახლა ირაკლი მეჩურჩულება.

_ საღამომდე, შვილო. მერე წავა თავის სახლში, _ ვეფერები.

ზურიკოს ყურადღება უკვე პიანინომ მიიქცია. ახლოს მივიდა, ფრთხილად ახადა სახურავი და კლავიშებს ხელი გადაუსვა.

_ უკრავ? _ გადახედა ირაკლის.

_ ცოტას. ჯერ მეორე კლასში ვარ. შენ?

_ მე უფრო ცოტას.

უცებ მარტივი აკორდებით აღებული «ლამბადა» გაისმა. გავიტრუნე. მერე _ «შალახო»…

_ ახლა შენ დაუკარი, _ მიუბრუნდა ირაკლის და განზე გადგა. ირაკლიმ დაიმორცხვა, მაგრამ არ «ჩამორჩა» ზურიკოს და «ჭრელო პეპელა» დააგუგუნა. ეს მისი «საფირმო» ნომერია.

_ შენ საიდან იცი დაკვრა, ზურაბ ბატონო? _ დავინტერესდი.

_ დედაჩემმა მასწავლა. ადრე მუსიკის მასწავლებელი იყო. ფანდურზე უკეთესად ვუკრავ.

_ მღერი კიდეც?

_ აბა?!

_ ყოჩაღ! _ შევაქე, თან რაღაც ჩამწყდა გულში.

აფსუსია! პატრონი არ უნდა ჰყავდეს?..



* * *

ბიჭები მშვენივრად შეეწყვნენ ერთმანეთს. მალე ნამდვილი სანახაობა დაიწყო: ირაკლიმ აივნიდან შემოათრია სათამაშოებით გატენილი შაქრის ტომარა და ზედ ფეხებთან დაუპირქვავა ზურიკოს. ბავშვმა გაოცებისაგან ჯერ პირი დააღო, მერე თვალები გაუფართოვდა და ბოლოს სათამაშოების გორასთან ანგარიშმიუცემლად ჩაიკეცა _ ამდენი ერთად ასე ახლოს, ალბათ, არასდროს უნახავს. მანქანების კოლექცია, ქინდერის სერიები, პლასტმასის ჯარისკაცები, პისტოლეტები… ზოგი კარგადაა შენახული, ზოგიც _ შელახული, ზოგის კი მხოლოდ ჩონჩხია დარჩენილი, ან ცხვირ-კუდი. ზურიკო ხანს ერთს წაავლებს ხელს, ხან _ მეორეს, მერე მესამეს გადაწვდება _ მოკლედ, ყელამდეა ჩაფლული სათამაშოებში, როგორც მაუგლი ოქროს მონეტების გროვაში. თვალი ვერ ძღება, რომელს მოჰკიდოს ხელი, არ იცის, რომელი ჯობია, ვერ აურჩევია, მაგრამ… არც ერთხელ უთხოვია, მაჩუქეო, არც ხელი წასცდენია მოსაპარად… თუმცა, არც თქმა იყო საჭირო და არც ქმნა. ირაკლის არ შეშლია სტუმრის პატივისცემა…



* * *

უკვე მაგიდას უსხედან. წინ ფლომასტერები დაუყრიათ და ხატავენ. მე სამზარეულოში ვტრიალებ. გავედი. ერთი ვნახო, რა შედევრებს ქმნიან.

_ რას ხატავთ? _ გამოვიჩინე ცნობისმოყვარეობა.

_ უცხოპლანეტელს, _ თავაუღებლად მპასუხობს ირაკლი.

_ ყოჩაღ! მაგარი ბიჭები ხართ, _ შევაგულიანე. _ იფ, იფ! რა კარგად დაგიხატავს, _ ვათვალიერებ რობოტის მსგავს უცხოპლანეტელს.

_ მე ვასწავლე, დე! _ ეღიმება ირაკლის. ფლომასტერი კბილებში გაუჩრია. ნახატები თითქმის გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს.

_ შენ კიდევ სკოლაში არ გინდა სიარული. ი-ი-ჰ! _ თავში მსუბუქად წამოვარტყი ხელი.

_ სკოლაში არ დადიხარ? _ გაოცდა ირაკლი.

_ არა.

_ რამდენი წლის ხარ?

_ რვის.

_ მერე? მე მეორე კლასში ვიყავი რვა წლის.

_ მერე რა!

_ არაფერი. ისე, მართლა, დე! რა აუცილებელია სკოლა! მეც არ ვივლი, კარგი? _ იღრიჭება ირაკლი.

_ ხო! ამოუდექი ძმაკაცივით გვერდში და ყიდეთ ორივემ, რაც ამქვეყნად ლიმონია! რა გინდათ სკოლაში! _ შემოვკარი ტაში.

ორივე გულიანად ხითხითებს…



* * *

დრო შეუმჩნევლად გავიდა. ვისადილეთ. საზამთროსაც გავკარით კბილი.

_ გმადლობთ, _ თქვა ზურიკომ და წამოდგა.

_ გაიზარდე. ახლა ეზოში ჩადით, შვილო. ბიჭებს გააცანი შენი სტუმარი, _ ვთავაზობ ირაკლის.

_ არა, არ მინდა, _ ერიდება ზურიკოს.

_ რა ვიცი, წამოვიდეს, _ ცალი მხარი აიჩეჩა ირაკლიმ. ზურიკო ფეხს ითრევს.

_ მიდი, მიდი, ნუ გრცხვენია. შუბლზე კი არ გაწერია, ლიმონს რომ ყიდი, _ გავეხუმრე… წავიდნენ. აივნიდან გადავხედე. ირაკლის მხარზე გადაუხვევია ხელი ზურიკოსთვის და საქანელებისკენ მიდიან. ამასობაში გადავქექე ირაკლის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ამოვარჩიე და ზურიკოსთვის გადავდე. ესენი კარგად ექნება…



* * *

მოსაღამოვდა. ქაქანით ამოვიდნენ გაოფლილები, სახეალეწილები.

_ რა ხდება?

_ ფეხბურთი ვითამაშეთ, დე. წავაგეთ, _ ქოშინებს ირაკლი. _ არადა, რვით ექვსს ვიგებდით.

_ აი, თქვე დოყლაპიებო! _ არ დავინდე არც ერთი.

_ ირაკლიმ პენალტი დაარტყა და… აახაია! _ ხითხითებს ზურიკო.

_ აახაია? ეს რას ნიშნავს? პირველად მესმის.

_ ააცილას, _ მიხსნის ირაკლი.

_ აუჰ! მომჭერი თავი, ხომ? _ შევიცხადე.

კვდებიან სიცილით.

_ დე, იცი, ბიჭებს როგორ მოეწონათ ზურიკო? მარცხენა ფეხით ურტყამს პენალტებს. გააგიჟა სუყველა! ხვალაც ჩამოიყვანეო, მთხოვეს. დარჩეს რა, ჩვენთან? დარჩები? _ მიუბრუნდა ზურიკოს. უარის ნიშნად თავი გადააქნია.

_ დედაჩემი მომკლავს. უნდა წავიდე, _ გულსაკლავად ამოთქვა.

_ კარგი. როგორც გინდა, _ დათმო ირაკლიმ. მერე განზე გამიყვანა და ჩურჩულით მეკითხება:

_ დე, რა ვაჩუქო?

_ რა ვიცი, შვილო. რაც გინდა, ის აჩუქე.

_ შეიძლება? _ ნებართვას მთხოვს.

_ სათამაშოები შენია. რასაც გინდა, იმას უზამ!

გაიქცა. აიღო კომპიუტერის კასეტები, აარჩია ერთი და ზურიკოს შეაჩეჩა.

_ შენი იყოს. ეს სუპერმენია (ეს მისი საყვარელი კასეტაა).

_ რად მინდა? მე კომპიუტერი არ მაქვს, _ უკან დაუბრუნა.

ირაკლი წამით შეყოყმანდა.

_ მაშინ… კომპიუტერიც წაიღე. მე დედაჩემი მაინც ახალს მიყიდის.

_ არც ტელევიზორი მაქვს, _ მხრები აიწურა ზურიკომ. ირაკლი ერთხანს დაფიქრდა.

_ იეს! ვიცი, რაც უნდა გაჩუქო! _ უცებ აღმოაჩინა ჩემმა «არქიმედემ», წაავლო ხელი ზურიკოს და სათამაშოების გროვასთან მიიყვანა… დიდხანს არჩიეს. ზურიკოს ერთ «მერსედესზე» ძალიან დარჩა თვალი. დიდია, ბრინჯაოსფრად შეღებილი. ირაკლის არ გამოპარვია. აიღო და უყოყმანოდ ისიც პარკში ჩაუდო. ზურიკო უძალიანდება.

_ აიღე. დედას გეფიცები, მე უკვე აღარ ვთამაშობ ამეებით, მომბეზრდა, _ გულწრფელად ეუბნება.

დაბნეულმა ზურიკომ მე გადმომხედა. «შეიძლება?» _ მკითხა თვალებით.

_ აბა, თვალების ჭუტვას თავი დაანებე! დაიუტ, ბერი! _ მივბაძე მამამისს…

მერე ახლები ჩავაცვით ჩვენს სტუმარს და გაჩერებამდე ჩავაცილეთ.

_ კიდევ ხომ მოხვალ? თბილისის ზღვაზე წაგვიყვანს დედაჩემი! _ შეპირდა ირაკლი. ზურიკო ჩაჯდა რაფში… ირაკლი დიდხანს უქნევდა ხელს მიმავალ მანქანას…

_ დე, ისეთ «მერსედესს» კიდევ ხომ მიყიდი? _ მეკითხება მოულოდნელად. მაინც დაწყდა გული.

_ გიყიდი შვილო, ორს გიყიდი, სამს, ოთხს… _ დაეჭვებით შემომხედა, რას მატყუებო.

მე კი არ ვიტყუებოდი…



* * *

იმ საღამოს ირაკლიმ გვიანობამდე შეკითხვებით გამაწამა: «რატომ მათხოვრობს, დე? დედამისი ცემს ხოლმე? რა კარგი ბიჭია, არა? კიდევ ხომ მოიყვან? როგორ მეცოდება იცი, დე?..» ლამის იყო, თავზე დაგვათენდა…



* * *



_ ვა, რონალდოს ფორმა გაცვია? ჩვენ ბოდიში! _ მოწონება ტუჩებით გამოვხატე. კვასკვასა წითელი ფერის სპორტული მაისური და ტრუსები აცვია, რვალარიანი.

_ საიდან?

_ მამაჩემის ძმაკაცმა მიყიდა. აქ შემხვდა გუშინ. გამიწყალა გული, რამე უნდა გაჩუქოო. მეც ეგ ავირჩიე.

_ მაგარია. გიხდება, _ გავფშიკე ცერი.

არაფერი უთქვამს. რაღაც მოწყენილი მეჩვენება.

_ რა გჭირს?

_ არაფერი, _ უხასიათოდ ჩაილაპარაკა.

როგორ არაფერი! ცხვირი გაქვს ჩამოშვებული. აბა, მომიყევი წვრილად, რა ხდება! _ მოვითხოვე კატეგორიულად.

განზე იყურება და მარცხენა ფეხის წვერს ათამაშებს.

_ გუშინ საღამოს ძაღლმა მიკბინა, _ ხმა შეეცვალა.

_ რას ამბობ! როგორ, სად, როდის?.. _ მივაყარე ავტომატის ჯერივით, _ აბა, მიჩვენე! ძალიან გაქვს?

_ ისე, რა!

_ შემახედე, შე საძაგელო, სადამდე გეხვეწო! _ გავბრაზდი ბოლოს.

_ ო-ო-ჰ! შეხვეული მაქვს. რა გახსნის ახლა ამას.

აიწია შარვლის მარჯვენა ტოტი და სახვევის შეხსნა დაიწყო. შეიხსნა და ფეხი გამოსწია, კარგად რომ მენახა. კინაღამ გული წამივიდა, ისე ჰქონდა ბარძაყზე ხორცი გამოგლეჯილი. ნეტა, როგორ დადის ასე ღია ჭრილობით!

_ კი მაგრამ, სად იპოვე, ბიჭო, ძაღლი, ასე რომ დააკბენინე თავი! _ შეძრწუნებას ვერ ვმალავ. არ შემიძლია ასეთი რამეების ყურება.

_ აქ დაბოდიალობს ხოლმე, ერთი შავი ძუკნაა. ახლახან დაყარა ლეკვები. ვაჭმევდი ხანდახან. წუხელ კიდე, რო ვნახე, ლეკვებით იყო. ერთი მომეწონა ძალიან, სულ შავი იყო, შუბლზე კი თეთრი ზოლი ჰქონდა. ვიფიქრე, მივეფერები-მეთქი, მოვკიდე ხელი და არ მეცა უცებ? ძლივს ამაგლიჯეს.

_ ძალიან გეტკინა? _ შევწუხდი. ლამისაა, ვიტირო.

_ პირველ წამს ვიგრძენი ცო-ტა (თითით მაჩვენა) წვა, მერე ვაფშე არ მტკიებია, რა! _ ზრდასრული ბიჭივით გააქნია ხელები.

_ ახლავე უნდა წავიდეთ ექიმთან! _ მივიღე გადაწყვეტილება.

_ რა ექიმთან! ხომ არ გაგიჟდი! რა მინდა ექიმთან!

_ შენ რასაც გეუბნებიან, ის გააკეთე. ახლავე ადექი და გამომყევი, თორემ…

თვალმოჭუტულმა შემომხედა. არ ვიცი, რა დაინახა ჩემს «თორემში», ერთი კია, მაშინვე წამოდგა და მორჩილად დამიდგა წინ.

_ ნემსი გაგიკეთებია ოდესმე? _ შევარბილე ტონი.

_ არა.

_ გეშინია?

_ რისი?

_ ნემსის.

_ ჰმ! ნემსის კი არა, მგლის არ მეშინია.

_ მაშინ წავედით.



* * *

მიმღებში ვიღაც თეთრხალათიანი ქალი თვლემს. ალბათ, ექთანია. ექიმი მოვითხოვე. ქალი უცნაურად ჩიფჩიფებს, თან წარამარა კბილზე იკიდებს ხელს. შევამჩნიე, საუბრის დროს როგორ უყანყალებს პროთეზი. «ემანდ არ გადმოუვარდეს»! _ გავიფიქრე.

_ სადღაც აქ არის. მალე შემოვა, დაელოდეთ.

_ ქალბატონო, ბავშვი ძაღლმა დაკბინა. ლოდინის დრო ნამდვილად არა მაქვს, _ სიმკაცრე შევმატე ხმას. შენც არ მომიკვდე, წარბიც არ შეიხარა.

_ თქვენნაირი მდგომარეობით მოდის აქ ყველა, ჩემს სანახავად კი არა! _ გაკაპასდა.

არ ღირს კამათის გაგრძელება. ველოდებით. კარგა ხანი გავიდა, ექიმი კი არა და არ ჩანს.

_ როგორ ფიქრობთ, კიდევ დიდხანს უნდა ველოდოთ? _ დავკარგე ბოლოს მოთმინება.

პროთეზიანმა, როგორც იქნა, იკადრა და ტელეფონის ყურმილს გადაწვდა…

_ მე ვარ. მანდ არის?

_ …

_ უთხარი, ჩამოვიდეს. ძაღლის ნაკბენია.

დაკიდა ყურმილი.

_ თქვენ ყველა პაციენტს ასე ექცევით, ქალბატონო? _ ვერ ვიკავებ თავს.

სათვალის ზემოდან გაოცებული მზერა მესროლა.

_ უკაცრავად! რითი ხართ უკმაყოფილო? _ ირონიულად მეკითხება.

_ იმით, რომ მე ნახევარი საათის წინ მოვითხოვე ექიმი, თქვენ კი მხოლოდ ახლა იძახებთ მას, _ ახლა კი «ნამეტნავად» ავუწიე ხმას.

_ თქვენ სად მუშაობთ, გენაცვალე? _ ისევ ირონიით.

_ ჟურნალისტი ვარ! _ «მივახარე» ნიშნის მოგებით. ერთი წამით გახევდა.

_ მერე, მასე გეთქვა თავიდანვე, შე ქალო! _ «გაუხარდა».

მოუსვენრობა შეეტყო. ჯერ მაგიდის უჯრა გამოაღო, ვითომ რაღაცას ეძებდა, მერე კარადას ეცა, იქაც ვერაფერი იპოვა, ბოლოს საპროცედუროს კარი შეაღო და ოთახში გაუჩინარდა. არ გასულა წუთიც და ოდნავ შეღებული კარიდან გამოგვძახა:

_ აბა, შემოდი, ბიჭუნა, მოგამზადებ, სანამ ექიმი მოვა.

ზურიკომ მუდარით ამომხედა.

_ მეც შემოგყვები, ნუ გეშინია.

_ არ მეშინია, მაგრამ მაინც შემოდი.

ზურიკო სკამ-ლოგინზე გაწვა და თვალები დახუჭა.

_ მთელი ჩემი ცხოვრება ამ საავადმყოფოში გავატარე. ავადმყოფი არასდროს დამიტოვებია უყურადღებოდ. ეს ყველამ იცის და სულ «პადარკებით» მოდიან. ერთხელ ერთმა ბიჭმა მითხრა, დეიდა, თქვენ ისეთი ყურადღებიანი ხართ, ისე შემაყვარეთ თავი, ვერ მოვისვენებ, პატივი რომ არ გცეთო და 20 ლარი მაჩუქა, _ ქაქანებს ქალი, _ მოიტანენ ხოლმე ყვავილებს, ან «ბამბანერკას». ვის რათ უნდა დღეს შენი ყვავილები და კამფეტები. არ ჯობია, ერთი-ორი ლარი ჩაუკუჭო ჯიბეში ადამიანს? მაინც ხომ იმდენი ეხარჯებათ მაგ საჩუქარში! ჩემთვის კიდე, მადლია, პურს მაინც ვიყიდი ან შაქარს, _ გაუტია.

«მიგიხვდი, ჩემო მოხევევ, რა ნესტარითაც ხარ ნაჩხვლეტი», _ გამახსენდა ილიას «მგზავრის წერილები»…

ამ დროს კარი ხმაურით გაიღო და ჯერ ღიპი შემოვიდა, მერე _ კაცი, ნახევრადგამელოტებული თავით.

_ აბა, რომელს გვიკბინა ძაღლმა? _ ხელებს იფშვნეტს და თან გვათვალიერებს, _ დედას თუ შვილს?

_ შვილს, შვილს, _ ჩემ მაგივრად პასუხობს ღიმილად ქცეული ექთანი.

_ ჭრილობა დაუმუშავეთ რაიმეთი? _ მომიბრუნდა ღიპიანი.

_ ა-რა, _ დავიბენი უცებ.

_ როდის უკბინა?

_ გუშინ საღამოს.

_ მერე, აქამდე სად იყავი, კაცო? _ მხოლოდ ახლა მიიღო საქმიანი იერი ექიმმა.

_ სამწუხაროდ, მხოლოდ დღეს გავიგე, _ ავიწურე მხრები.

_ კი მაგრამ, თქვენ ამ ბავშვის დედა არა ხართ? _ დაიწყო დაკითხვა.

_ არა.

_ აბა? დეიდა? _ არ მეშვება «ღიპი».

_ არა, არც დეიდა.

_ აბა ვინ ხართ, მეზობელი?

_ მეგობარი ვარ. _ გულწრფელად ვპასუხობ.

_ ა-ა-ა. გასაგებია, გასაგები, _ ჩაილაპარაკა გაოგნებულმა. თუმცა, აშკარად ეტყობა, არაფერიც არ არის გასაგები.

_ თქვენ თუ გყავთ შვილი? _ აგრძელებს დაკითხვას.

_ თქვენ ბავშვის მდგომარეობა გაინტერესებთ, თუ ჩემი? _ გავიწყვიტე მოთმინების ძაფი და შეტევაზე გადავედი.

«ღიპმა» ხმა გაკმინდა. მერე საპნიანი წყლით მობანა ჭრილობა, მერე რაღაცით დაუმუშავა და… შეხვევა დაიწყო.

_ რას შვრებით, არ უნდა გაუკეროთ? _ შევშფოთდი.

_ სამი დღე ძაფების დადება არ შეიძლება. ტეტანუსზე აცრილია?

_ არა მგონია.

_ ჰოდა, მით უმეტეს. სამი დღის შემდეგ, თუ ყველაფერი კარგად იქნება, გავკერავთ. ძაღლი შინაური იყო?

_ არა, მაწანწალა.

_ სად მოხდა დატაკება? _ დეტექტივივით იკითხა ექიმმა.

_ ბაზრობაზე.

_ ბაზრობაზე? იქ რა…

_ იქვე ცხოვრობს, _ გავაწყვეტინე.

_ მაშინ მოუწევს მუცელში ნემსების კეთება. მინიმუმ თხუთმეტი მაინც დასჭირდება.

_ აუჰ! _ გული შეუღონდა ზურიკოს, _ რა ამბავია!

_ აბა! ასეა! სხვანაირად არ გამოვა მაგ საქმე. ეს ყველაფერი კი ფული ჯდება. ხომ ხედავთ, სახელმწიფო არაფერს გვაძლევს. ამ წამლების ყიდვა კი ბევრი გვიჯდება. არც იშოვება, რომ იცოდეთ. ბინტი რომ ბინტია, ისიც ჩვენი საყიდელია.

_ კი მაგრამ, მე ჟურნალისტი ვარ და ვიცი, რომ ცოფზე მკურნალობა უფასოა! _ ვაგრძელებ შეტევას.

_ იცით, ჩემო კარგო, რომ ამ წამლებს მე საკუთარი ჯიბიდან ვყიდულობ? კი არ მჩუქნიან! ისიც მეყოფა, ლტოლვილებს რომ ვემსახურები სამადლოდ!

«აგაშენა ღმერთმა! მეც მანდა ვარ!» _ გავიფიქრე გახარებულმა და ვატაკე:

_ ჰოდა, ზურიკოც დევნილია.

_ დევნილი? საიდან გამოდევნეს? _ ვერ მიხვდა ექთანი.

_ ლტოლვილია, ქალბატონო, ანუ დევნილი. ეს ერთი და იგივეა.

_ ახ! ეს გაზეთების ენაზე, ალბათ, არა? _ «გაუნათდა» გონება ქალს და პროთეზი კვლავ «შეისწორა».

ექიმს ნირი წაუხდა. აშკარად. დანა პირს არ უხსნის. დგას გამეხებული და ამპულას ხსნის.

_ მომიტანოს ცნობა, რომ ლტოლვილია… თუ დევნილი! _ დაამატა მკვახედ.

_ კი ბატონო! _ თაფლის სანთელივით დავდნი.

_ მომსახურების ფული მაინც გადაიხადეთ. თქვენც ხომ არა ხართ ლტოლვილი, _ ტილივით გათავხედდა ექიმი.

რას ვიზამ. ჩემი სული მის ხელშია. ბავშვს არაფერი ავნოს.

_ ახლა მთლად უპატივცემულოდ ნამდვილად არ დაგტოვებთ… ინტერვიუს გავაკეთებ თქვენზე, _ დავაკონკრეტე მომსახურების გადახდის ფორმა.

ექიმმა ამოქაჩა ამპულიდან წამალი, მერე მოიმარჯვა შპრიცი, ორივე ხელით მაღლა ასწია და ჰაერი გამოუშვა…

_ აბა, ბიჭი. ცოტა გეტკინება, მაგრამ უნდა მოითმინო, _ და ჩაარჭო მუცელში. ზურიკო მხოლოდ დაიჭყანა. არც დაუყვირია, არც დაუკვნესია.

_ ე! ეს ვინ ყოფილა! მალადეც! _ აღტაცებაში მოვიდა «ღიპი» და ზრდილობის გულისთვის ძლივს გაიღიმა.

_ მორჩა! დაბანა სასტიკად არ შეიძლება. არავითარ შემთხვევაში. აწი ივლით ყოველდღე. ზეგ ჭრილობასაც გავკერავთ. იმ ძაღლს თუ დაიჭერთ, შეიძლება ამდენი ნემსი არც დასჭირდეს, _ მოკლედ მოჭრა და საპროცედურო დატოვა.

ზურიკოს სახე და ხელები გაუოფლიანდა. ექთანი არ გვშორდება. შაბაშის მოლოდინშია, ალბათ. გავხსენი ჩანთა, ქალი ხელებში მიყურებს. «რით განსხვავდება ახლა ეს ქალი ზურიკოსაგან? არაფრით», _ გამომაქვს დასკვნა, ვიღებ ჩანთიდან ცხვირსახოცს და ბავშვს ოფლს ვწმენდ. ექთანს მოლიდინი გაუცრუვდა…



* * *

მესამე დღეს გავეშურეთ მიკროოპერაციის გასაკეთებლად. ნაკერები უნდა დაადონ. ექიმი კარგ ხასიათზე ჩანს. ალბათ, რომელიღაც «არალტოლვილი» პაციენტი გაატყავა. როგორც ჩანს, წუხანდელი ნაქეიფარია. ახლა კი ისეთი ლუდის სუნი ასდის, უდავოა, დილიდანვე «პახმელიას» ამარცხებდა.

არ მინდა, გაკერვის პროცესს დავესწრო. არ შემიძლია, რა ვქნა! მაგრამ ზურიკო არ მეშვება. ჩაუბღუჯავს ჩემი ხელი და არ მიშვებს. ზურგით დავდექი. დაარჭვეს გამაყუჩებლები და ღიპიანი საქმეს შეუდგა. უცებ ზურიკომ სიმწრით დაიყვირა და ისეთი გინება მიაყოლა, სართულების დათვლა ვერ მოვასწარი.

_ მდაა! ალბათ, ვერ მოასწრო გაყუჩება. ვაცალოთ ცოტა. _ ხელები ზურგსუკან დაიწყო ექიმმა და ფანჯარასთან მივიდა.

_ თქვენ დიდი ხანია, გათხოვილი ხართ? _ ხელების ფათური დაიწყო ჩემს წარსულში ღიპიანმა.

_ ისე რა, _ არ ვაკონკრეტებ.

_ რამდენი შვილი გყავთ? _ ახლა ცხვირიც ჩაყო შიგ.

_ ერთი.

როგორც იქნა, დაამთავრა. ხუთი ნაკერი დაადო.

_ ამ ძაფებს ახსნა არ სჭირდება. კეტგუტია, თავისით გაიწოვება. ხომ ხედავთ, ესეც ვიშოვე ამ გაჭირვების დროს… თქვენი გულისთვის, _ დააყოლა და გამიღიმა.

«ეს კაცი, მგონი, მე მეპრანჭება,» _ დავასკვენი.

_ ჩვენ უკვე სამი ნემსი გავიკეთეთ, არა? ესე იგი, ხუთი კიდევ დაგვრჩა.

წარბები შევჭმუხნე.

_ რატომ ხუთი? _ დავიწყე ვაჭრობა.

_ რვაზე არ შევთანხმდით?

_ არა. თავიდანვე თხუთმეტზე იყო საუბარი, _ ხმა უკვე ოფიციალური გამიხდა.

_ ჰოო, რაღაც ასე მახსოვდა.

_ მე დავაზუსტებ მაგას! _ გაისმა მუქარა ჩემი მხრიდან.

_ არა, იყოს თხუთმეტი. ჯანდაბას!

_ ექიმო, მე გადავიხდი მკურნალობის ფულს, ოღონდ მხოლოდ ნახევარს. მეტის საშუალება ნამდვილად არა მაქვს. ამ ბავშვს კი არავინ ჰყავს ჩემ მეტი. უნდა შეხვიდეთ ჩემს მდგომარეობაშიც.

_ რაზეა ლაპარაკი, ჩემო კარგო. ჟურნალისტი, ამისთანა მშვენიერი გოგონა. როგორ გაწყენინებთ! _ მხარზე გადამხვია ხელი. «უყურე შენ! ეს ბებერი არშიყი, რა დღეშია!»



* * *

გარეთ რომ გამოვედით, ზურიკომ ხელში გამოკრული ცხვირსახოცი მომაჩეჩა.

_ ეს რა არის?

_ მანდ ფულია. ჩემი.

_ საიდან?

_ ვაგროვებდი, რაც მომრჩებოდა დედაჩემისგან. კომპიუტერის სასწავლად მინდოდა. მერე ვახურდავებდი და ვინახავდი. 32 ლარია. რა ვიცი, თუ საკმარისი იქნება…

_ ეს ფული, ჩემო ძმაო, შენთვის შეინახე, _ გავბრაზდი. _ შენ რა გგონია, მაგათ მე თავს დავაჩაგვრინებ? შენ მაგაზე არ იდარდო. მე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო.

ვგრძნობ, სიარული უჭირს. სხვა გზა არ არის, ხელში უნდა ავიტატო.

_ აუჰ! რამხელა მუტრუკი ყოფილხარ! _ გავეხუმრე, მოხერხებულად გადავიწვინე მკლავებზე და გაჩერებისკენ გავემართე ჩემი «მძიმე ტვირთით».



* * *

დღეს ბოლო ნემსის გასაკეთებლად მიმყავს. ირაკლიმ ერთი კვირაა, შემჭამა, მეც მაყურებინე, როგორ ითმენს მუცელში ჩხვლეტასო. ხათრი ვერ გავუტეხე და შევუსრულე თხოვნა. ბიჭების შეხვედრა უსიტყვო გამოდგა. მხოლოდ გაუღიმეს ერთმანეთს.

_ რა იყო, ენა გადაყლაპეთ, თუ გამარჯობა დაგავიწყდათ! _ დავუცაცხანე.

ზურიკომ ცისფერი თვალები მოჭუტა და მორიდებით ამომხედა. ირაკლიმაც იგივე გაიმეორა. უხერხულად ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს.

_ ეს ზურიკოა, ეს _ ირაკლი! _ დავიწყე გაცნობა თავიდან.

ხითხითი აუტყდათ. უხერხულობაც გაიფანტა. თუმცა, ზურიკო არ ჩერდება, მხრები უცახცახებს სიცილისაგან.

_ რა გაცინებს, ბიჭო? _ მეც მეცინება მექანიკურად.

_ ალბათ, ჩემს ყურებზე იცინის, კვახის ფოთოლივით რომ მაქვს! _ გაიღიმა ირაკლიმ, ორივე ყურზე მოიკიდა ხელი და გარმონივით გაწელა. ამ დღეებში თმა გადავხოტრე და პარტყუნა ყურები მკვეთრად გამოუჩნდა.

_ შენც ტილები გყავდა? _ ყურებამდე ჩაეხა ზურიკოს პირი.

ახლა ირაკლისაც გადაედო სიცილი.

_ არა, ბიჭო! რა ტილები. მე ყოველ ზაფხულს ასე ვიხოტრავ. მევასება და იმიტომ! _ ძველბიჭურად მოუქცია ბოლოს.

_ რას ნიშნავს «შენც»? კიდევ ვის ჰყავს ტილები? _ იჭვნეულად ვეკითხები.

_ არც არავის, _ ხმაში შეცბუნება შეეტყო. _ ეს ისე ვთქვი, სიტყვაზე, _ და… სახეზე ღიმილი უცებ მოისხიპა.

_ ერთი აქ მოდი და ეგ შენი გოგრა თავი მაჩვენე! _ საჩვენებელი თითით მოვიხმე ჩემკენ.

ირაკლი მოემზადა. გაფაციცებით მიყურებს. ერთი სული აქვს, როდის დაიწყებს ხარხარს.

_ სულ ცხრა ნომერი ტილებია. არ უნდა შემოწმება, _ დაყარა ფარ-ხმალი თვალმოჭუტულმა.

სიცილი მაშინ უნდა გენახათ. მეც კი ვერ შევიკავე თავი.

_ კარგი, ეგრე იყოს. არ შევამოწმებ, მაგრამ მოგიწევს «ხოტორ-ხოტორ-ხრისა». შევთანხმდით?

_ წამალი არ შეიძლება? _ დაიჯღანა და მეხვეწება.

_ უ-უ-ჰ! არ გინდა, ბიჭო! _ უცებ სახესთან ახლოს მიუახლოვა ტუჩები ირაკლიმ. _ ერთხელ მეც წამისვა ეგ წამალი დედაჩემმა და ისე ამეწვა, ყურებიც კი გამიწითლდა (დამოწმების ნიშნად მთელი სისწრაფით მოისრისა ცალი ყური). ჯობია, ჩემნაირად გადაიხოტრო. ბარტეზივით ვიქნებით.

ორივე გულიანად იცინის.

_ გუშინ ჩამოვივარცხნე და შვიდი ცალი გადმოვარდა. იცი, რამხელები იყო? გატუნტულებულ გოჭებს ჰგავდნენ! _ უყვება ირაკლის.



* * *

_ ეს ბავშვები რავა ერთნაირები არიან… ძმებივით, _ გაოცება ვერ დამალა ექიმმა. _ შენია?

პასუხის ნაცვლად გავუღიმე. უხსენი ახლა, ამ სიცხეში _ არა, ბატონო, ეს ჩემია, ეს კი სხვისი-თქო. ამდენს რა ილაპარაკებს!

_ ესენი ჩემი ბიჭები არიან, _ მოკლედ მოვჭერი ბოლოს და ორივეს ერთდროულად გადავუსვი თავზე ხელი.

_ აკი ლტოლვილიაო?

_ ლტოლვილია, ლტოლვილი, თანაც დევნილი ლტოლვილი, _ მობეზრებული ადამიანის ტონით ჩავილაპარაკე, _ ცნობა ხომ მოგიტანათ, _ დავამატე.

პასუხი არ გაუცია. დღეს რაღაც ვერ არის ხასიათზე. არც უფულობაზე ჩივის, არც მთავრობაზე, არც ცოფიან ძაღლებზე…

ირაკლი თვალებგაფაციცებული უყურებს, როგორ შეჰყავს ექიმს შპრიცი პატარა, გალეულ მუცელში და როგორ იჭყანება ზურიკო ჩხვლეტისაგან. დღეს ცოტა ზედმეტიც მოუვიდა დაჭყანვა. ალბათ, ირაკლი რომ გაამხიარულოს. რა ეშმაკია! ირაკლის გადავხედე. ისიც ზუსტად ისე იჭყანება, თითქოს ეს-ესაა, მასაც ნემსი დაარჭვესო. მეცინება. ყოველთვის ასე განიცდის სხვის ტკივილს…

მორჩა. ყველა პროცედურა ჩამთავრებულია.

_ უღრმესი მადლობა, ექიმო. მე მგონი, ვალში არ ვრჩებით ერთმანეთთან, არა? _ შემპარავი ღიმილით ვეკითხები ღიპიანს.

თანხმობის ნიშნად მხრები ასწია, ხელები ფართოდ გაშალა და თავი უკან გადააგდო. «აბა, რა მეთქმისო».

_ ღმერთმა ნუ შეგვახვედროს ერთმანეთს, _ ჩამოვართვი ხელი, _ ასეთ ამბავში, _ მოწყალედ დავამატე და ზურგი ვაქციე.

მოვხვიე ხელი ჩემებს და წავასხი გაჩერებისკენ.



* * *

_ ეკლესიაში ნამყოფი ხარ? _ ვეკითხები ზურიკოს «მარშრუტკაში».

_ არა. თუმცა, ერთხელ კი, მგონი. მამაჩემმა წამიყვანა, მაგრამ მაშინ სულ პატარა ვიყავი. აი, ამხელა (ხელებით მომიზომა). არც კი მახსოვს წესიერად.

_ პირჯვარი თუ იცი, როგორ უნდა გადაიწერო? _ დაინტერესდა ირაკლი.

_ არა.

_ მე გასწავლი, _ დაფაცურდა მაშინვე.

მთელი გზა, სანამ ქაშვეთამდე მივაღწევდით, ირაკლი უხსნიდა, რა პრინციპით უნდა გადაეწერა პირჯვარი და რისი აღმნიშვნელი იყო ამ პროცესის თითოეული მომენტი…

ეკლესიას რომ მივუახლოვდით, ბავშვებს ხურდა ფული მივეცი, მათხოვრებისთვის რომ ჩამოერიგებინათ.

_ თითოს _ თითო! _ მკაცრად გავაფრთხილე.

საინტერესო მომენტი იყო. ზურიკო, თვითონ მათხოვარი, სხვა, მისნაირ მათხოვრებს მოწყალებას ურიგებდა…

_ დე, მეტი ხურდა არ გაქვს? _ მეკითხება ირაკლი.

_ რად გინდა, შვილო, ხომ მოგეცი?

_ ყველას არ შეხვდა და რა ვქნა! _ შეწუხებული მპასუხობს.

_ ყველას სამყოფი სად არის, ბიჭო, გადაირიე? _ დავუწიე ხმას, _ სხვებს სხვა მომსვლელები მისცემენ.

შევედით. ჰაერი სანთლის სუნითაა გაჟღენთილი.

_ გადაიწერე, გადაიწერე! _ სასწრაფოდ უჩურჩულა ირაკლიმ.

ზურიკო ერთხანს დაიბნა ამდენი ხატისა და ანთებული სანთლის დანახვაზე. მერე სცადა პირჯვრის გადაწერა, მაგრამ… ირაკლის სიცილმა დაარღვია ეკლესიის მყუდროება.

_ რა გაცინებს, შე საძაგელო! _ ჩუმად ვუბრაზდები.

_ შეხედე, დე, რო-გორ გა-და-იწე-რა! _ იჭაჭება ირაკლი და სიტყვებს ძლივს აბამს ერთმანეთს.

ზურიკოს ხუთივე თითი მიუტყუპებია ერთმანეთისთვის და ხან თმაზე დაიდებს ხელს, ხანაც _ მუცელზე. ირაკლი ძლივს დავაწყნარე.



* * *

_ ეს რა არის? _ მეკითხება სუნთქვაშეკრული.

_ ეს ხატია, _ ვპასუხობ ჩურჩულით.

_ ვისი?

_ წმინდა მარიამის. გაგიგია?

_ კი. ეს?

_ ეს წმინდა გიორგია, თეთრ ცხენზე ამხედრებული. იცი?

_ ესეც გამიგია. ეს ვისი ხატია?

_ ესა?.. ეს მეც არ ვიცი, _ ავიწურე მხრები. _ რა მნიშვნელობა აქვს, სანთელი ნებისმიერ ხატთან შეგიძლია დაანთო… და სურვილიც ჩაიფიქრო, თან პირობა უნდა დადო, რომ ყოველთვის კეთილად და ჭკვიანად მოიქცევი. არავის მოატყუებ, ცუდ საქცელს არასდროს ჩაიდენ.

თავი დამიქნია. საოცრად დაძაბულია. ხან ზევით იყურება, ხან _ ქვევით. მეშინია, თავბრუ არ დაეხვას.

_ ამ ჯვართან კი სანთელს მიცვალებულებს უნთებენ, _ მივიყვანე კუთხეში, შავარშიაშემოვლებულ ქვის მაგიდასთან.

_ ახლობლები ხომ გყავს გარდაცვლილები?

კვლავ დამიქნია თავი თანხმობის ნიშნად და წამჩურჩულა:

_ მაშინ სამი სანთელი მინდა.

_ ერთიც საკმარისია, ყველა ერთად უნდა მოიხსენიო, _ მეც ვჩურჩულებ…



* * *

_ ვის დაუნთე სანთელი? _ ეკითხება ირაკლი გარეთ გამოსვლისას.

_ ჩემებს: ბებიას, ბაბუას და მამიდას.

_ რა დაემართათ? _ ახლა მე დავინტერესდი.

_ აფხაზეთში დაიღუპნენ. ომი რომ დაიწყო, თურმე მამიდა ავად ყოფილა ჭლექით, ლოგინიდან ვერ დგებოდა. ამიტომ ბაბუამ და ბებიამ არ მიატოვეს. მერე ამბავი მოვიდა, სამივენი დახოცესო… მამაჩემი მომიყვა.

«აი, თურმე, საიდან მოდის ჭლექის ისტორია», _ გავიფიქრე და ირაკლის გადავხედე. ბავშვს სახე შეძრული აქვს. «ახლა ამ ამბით გამომილაყებს ტვინს», _ გული შემიწუხდა, როცა წარმოვიდგინე, რა შეკითხვებს მომაყრიდა ღამით, ძილის წინ.

_ ახლა კი გავქანდეთ «ნიკალაში»! _ რაც შეიძლებოდა, ხმამაღლა წამოვიძახე და კბილები ავაკაწკაწე, ვითომ ძალიან მშია. _ აბა, ვის უნდა კატლეტი?

_ მე! _ ამყვა ირაკლი.

«მეც», _ არ თქვა ზურიკომ, მაგრამ მიმახვედრა.

_ მაშინ წავედით! _ დავრაზმე ორივე და ნაბიჯს ავუჩქარეთ.



* * *

ავიღეთ სამი კატლეტი პიურეთი, თითო ნაჭერი ხაჭაპური, თითო ნამცხვარი, სამი კოკა-კოლა და სამი ნაყინი. ირაკლის თვალი ვერ ძღება, ყველაფერი უნდა, რასაც ხედავს. იმას კი ვერ ხვდება, რომ ამდენს, უბრალოდ, ვერ მოერევა. მეც ჭკუა ვიხმარე:

_ ჯერ ესენი ავიღოთ, შვილო, დანარჩენები მერე, თუ კიდევ მოგინდებათ! _ დავარიგე ჩვილი ბავშვივით.

სავსე სინი ძლივს მივათრიე მაგიდასთან. დღეს შედარებით ცოტა ხალხია. ალბათ, ჯერ კიდევ დილაა და იმიტომ. ზურიკო გახევებული ზის. აქეთ-იქით იყურება.

_ რა გემართება, ზურიკო? _ ვეკითხები.

_ რა კარგია აქ. ასეთ ადგილას პირველად ვარ. ერთი ჩამომატარა ეხლა ოხ… რა ფულს გავაკეთებდი?!

_ ნუ სულელობ, დაიწყე ჭამა! _ თეფში ახლოს მივუწიე.

_ და კიდევ, ჩემი ოცნებაა, ერთი კაზინოში შემიყვანა. იქ ბევრი მაყუთი ტრიალებს… მაგრამ ვინ შეგიშვებს.

_ გიცდია, რო? _ მეღიმება.

_ უჰ! რამდენჯერ!

_ ე! დანა-ჩანგალი არ უნდა იხმარო? _ ტუჩები მოპრუწა ჩემმა.

_ გამსახურდიამ თქვა, ხელსა და პირს შუა მოციქული საჭირო არ არისო! _ ნიშნის მოგებით გაეპასუხა ზურიკო. ეს, ალბათ, მამამისმა ასწავლა.

_ ტყუილია! _ არ დანებდა ირაკლი. _ გამსახურდია პრეზიდენტი იყო, მაგას არ იტყოდა. დედი, ხომ საჭიროა დანა-ჩანგალი? _ ახლა მე მომიბრუნდა.

_ საჭიროა, საჭირო.

_ მერე… მე არ ვიცი დანის ხმარება, _ შეწუხდა ზურიკო.

_ მე გასწავლი! _ კვლავ გამოიჩინა ენთუზიაზმი მისმა «პედაგოგმა».

_ ოღონდ ახლა არა! _ მკაცრად მოვითხოვე. _ როგორც იცი, ისე ჭამე! _ დავუყვავე ბავშვს და ირაკლის ვანიშნე, სხვა დროისთვის გადავდოთ-მეთქი…

რას ერჩი, ჩანგალს მშვენივრად იმარჯვებს. ირაკლის სიცილი წასკდა. შევხედე.

_ ეხლა ჩარლი ჩაპლინივით რომ ააცეკვოს კატლეტი, რა მაგარი იქნება, არა, დე? _ გაახსენდა ფილმი.

_ მეც მაქვს ეგ კინო ნანახი. მოხარშულ შნუროკებს რომ ჭამს, არა? _ აჰყვა ზურიკოც.

_ ჭამის დროს ლაპარაკი არ შეიძლება!

_ არ ვლაპარაკობთ, ვიცინით, _ კმაყოფილია თავისი ენაკვიმატობით ირაკლი.

აქ ყველაფერი გემრიელია. მუსიკაა ცოტა მოსაწყენი.

_ ნაყინიც მივაყუმბაროთ? _ ეკითხება ირაკლი თანამეინახეს.

_ ჯერ ეგ ხაჭაპური დაამთავრე! შეხედე ზურიკოს, როგორ მოასუფთავა თეფში. ლამაზი ცოლი ეყოლება. შენ კი მახინჯი შეგხვდება! _ დავმოძღვრე.

_ ასიანი! _ დამემოწმა ეშმაკურად. _ ჯანდაბას, იყოს მახინჯი, მეტი აღარ მინდა, რა? _ თითით ყელი გამოიგლიჯა.

აღარ ვაძალებ…

_ მორჩა? _ დავსვი საყოველთაო შეკითხვა.

_ მორჩა, _ დამიდასტურეს, სკამები გაახრიგინეს და წამოდგნენ.

_ ახლა სად მივდივართ? _ შემომაპარა ირაკლიმ.

_ სად და სახლებში.

_ ცოტა ხნით ჩვენთან წამოვიდეს, დე, ხომ შეიძლება? _ მანიშნებს ზურიკოზე.

_ რას მეხვეწები, წამოვა, აბა, რას იზამს. საღამომდე დრო აქვს. თან ტილების წამალიც წავუსვათ. ამასაც გავუწითლოთ ყურები, კარგი? _ თვალი ჩავუკარი და სამივენი ავუყევით რუსთაველს.

უცებ ზურიკომ მკლავზე მომქაჩა. გადავიხარე:

_ დიდი მადლობა, ნატა, ჯიგარი ხარ! _ პირველად მომმართა სახელით. ახლაღა შევნიშნე. ეს პირველი შემთხვევა იყო.

_ მადლობა ირაკლის უთხარი. დღევანდელი დღის იდეა მას ეკუთვნის, _ თავიდან ავიცილე სამადლობელი, მერე კმაყოფილმა ორივეს ჩავკიდე ხელი და მიწისქვეშა გასასვლელში გავუჩინარდით.



* * *

რაღაც ძალიან დააგვიანა. ადრე ასე არ მოქცეულა, ყოველთვის დროზე მოდიოდა ხოლმე. დღეს კი… რაღაცაშია საქმე. უკვე ნახევარი საათია, ველოდები. დრო თითქოს გაიწელა… აი, ისიც! როგორც იქნა, გამოჩნდა! მაგრამ, მგონი, მარტო არ უნდა იყოს. ეს ვინღაა? აჰა! ალბათ, დედამისია. საინტერესო ვიზიტია. რატომღაც უსიამოვნოდ მომხვდა გულზე. ნეტავ, რა უნდა? კოხტაპრუწა ჩანს. მშვენიერი აღნაგობისაა, წვრილკანჭება. უმკლავებო, მოკლე შავი კაბა აცვია, იმდენად მოკლე… მეტი რომ არ შეიძლება. მზეზე გარუჯულა. უხდება. თმა ყვითლად აქვს შეღებილი. აი, წარბები კი სულ დაუპუტავს, ღერა-ღერა _ ერთი წვრილი ზოლიღა დაუტოვებია. ეს კი ვულგარულ იერს აძლევს…

მომიახლოვდნენ. ზურიკოს თვალებში შიში ამოვიკითხე. ჯერ არ ვიცი, როგორი სახე უნდა მივიღო, როგორ დავხვდე «მომხვდურს». ჩემთვის ხომ უცნობია მისი ვიზიტის მიზანი. გადავწყვიტე, დაველოდო «იერიშს» და ამიტომ პირდაპირ ზურიკოს მივმართე. ჩემს მაჯის საათზე მივანიშნე საჩვენებელი თითით:

_ შენ მთელი 40 წუთით დაიგვიანე, მეგობარო! _ და ნაძალადევად გავიღიმე. შემდეგ კი შევხედე ზურიკოს გვერდით მდგომს.

_ ალბათ, იცი, ვინცა ვარ, არა? _ თავიდანვე შენობით, ამასთან, აგდებულად მომმართა, გახსნილი ჩანთიდან კევი დააძრო და პირისკენ გააქანა.

_ არ არის ძნელი მისახვედრი, _ ჯიქურ ვუპასუხე.

_ ის თუ იცი, რისთვისაც მოვედი? _ აშკარად მტრულადაა განწყობილი ჩემ მიმართ. ჯერ არ ვიცი, რა ამბავია ჩემს თავს!..

_ აი, მაგას კი ვერ ვხვდები, _ გავაღვივე ცნობისმოყვარეობა. მგონი, არც მე მომდის თვალში.

_ ეხლავე გაგაგებინებ! _ გამწარებული ღეჭავს კევს, _ რას დასდევ ამ ბავშვს კუდში დედა ტერეზასავით, სხვა ვერავინ ნახე? რაის სკოლაო, რაის კომპიუტერიო… ვინ გექაჩება ენაზე? და საერთოდ, გამაგებინე, რა გინდა ჩემი ოჯახისგან?

_ თქვენი კარგად ყოფნა, სხვა არაფერი, _ კარგად შექეიფიანებულ თანამეინახესავით მოვედი ლოცვა-კურთხევის ხასიათზე.

_ შენ სად მუშაობ, ჭირიმე, ერთი მითხარი! _ არ უწევს ტონს.

_ უშიშროების სამინისტროში, მაიორი ვარ! _ უშიშრად დავაფრქვიე პირველი, რაც ენაზე მომადგა.

ეს საიდანღა მომაფიქრდა! რას მივედები! მაგრამ უკვე გვიანაა, პირზე მომდგარ სიტყვას უკან ვერ ჩავაბრუნებ. და გავუბერე:

_ ბავშვთა განყოფილების ინსპექტორი ვარ (ყოჩაღ! ეს კარგად გამომივიდა!).

არ ესიამოვნა. ფერიც კი ეცვალა. შევამჩნიე, როგორ დაუწყო ფეთქვა ძარღვმა ყელზე, ლავიწის ძვალთან.

_ ჩვენ ახალი აღმზრდელობითი მეთოდი შევიმუშავეთ… ამერიკელებთან ერთად (ჩავრთე მთელი ამერიკა ჩემს «მეთოდებში») და ვნერგავთ საქართველოში. დავიწყეთ მაწანწალა ბავშვებით. თქვენ ხომ არ გგონიათ, მარტო ზურიკოს დავდევ კუდში? მის გარდა ხუთი მყავს კიდევ (მიდი, მიდი! _ შევაგულიანე ჩემი თავი). ჩემ გარდა სხვებიც მუშაობენ ამ საკითხზე (ჩავრიე მთელი უშიშროება ჩემს ამერიკულ «სისტემაში»). ვცდილობთ, ჩამოვაყალიბოთ ბავშვები ნამდვილ მოქალაქეებად, დავაყენოთ გზაზე, გავზარდოთ ჯენტლმენებად (ახლა უკვე აგიტაციას ვეწევი. ნეტავ რევოლუციონერები თუ მუშაობდნენ მასებზე ასე?). ყველა ბავშვის ოჯახი შესწავლილი გვყავს. ასე რომ… _ აღარ დავამთავრე. ყველაფერი ნათქვამია. «აჰა, გაები ჩიტო, მახეში?» _ გავიფიქრე ნიშნის მოგებით. და მხოლოდ მაშინ მივხვდი უეცრად, რატომ მერჩოდა ეს ქალი _ ზურიკოს გამო. ალბათ, ჰგონია, რომ მე ასეთი მეთოდებით მას შვილს ვართმევ. სულელი! ეგ რამ აფიქრებინა!

_ იცით, _ მოულოდნელად შეცვალა ხმაც, ტონიც და მიმართვის ფორმაც, _ მე არ მეგონა, ასე თუ იყო… ვიფიქრე, ბავშვის გადაბირება ხომ არ უნდა-მეთქი. სწორად გამიგეთ. ეს ერთი შვილი მყავს და ხომ იცით… _ აღარ გააგრძელა.

_ თქვენ თუ რამის გარკვევა გნებავთ, წამობრძანდით ჩემს კაბინეტში და იქ ვისაუბროთ… სხვა რამეებზეც! _ ჩემი ხმა რიხიანად ჟღერს.

კიდევ ერთხელ შევათვალიერე. «რა გრძელი და ლამაზი თითები აქვს», _ გავიფიქრე.

_ არა, რას ბრძანებთ. მე დღესაც არ მინდოდა წამოსვლა, მაგრამ… ისე გამამწარა წუხელ, ისეთი რამეები მითხრა და მიძახა… ამ დილით სულ კინწისკვრით წამოვათრიე, თქვენ რომ მენახეთ.

სახე ნელ-ნელა დაუწყნარდა და, როგორც იქნა, აგრესიული გამომეტყველება გაუქრა.

_ მე თქვენ შესახებ გუშინდლამდე არაფერი ვიცოდი. წერილი მომიტანეს ჩემი ქმრისგან და იქიდან გავიგე. ამას ხომ ვერაფერს ათქმევინებ, რომ კვდებოდეს, ისეთი უჯიშოა! გაწყდა ამათი ჯიში! _ შეუკურთხა გულიანად ზურიკოს მთელ მოდგმას.

_ რაც შეეხება… _ ენა დაება, _ მე მინდოდა… ძაღლმა რომ უკბინა, არც კი ვიცოდი. მთელი სამი დღე სახლში არ ყოფილა, ღამეც კი არ გაუთევია შინ. ისიც არ ვიცი, სად იყო, ვისთან. არაფერს არ მიჯერებს, სულ თავის ნებაზე დადის. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე, _ მთლად მოისაწყლა თავი.

_ მე, ჩემო კარგო, ბავშვების აღზრდა მაქვს დავალებული, მათი მშობლების კი არა! _ რაც შეიძლება, ცივად ვპასუხობ, _ თქვენ დედა ხართ და უნდა იცოდეთ, როგორ მიუდგეთ შვილს. ამას სხვა ვერ გასწავლით, _ ბოლომდე ულმობელი ვრჩები.

ერთხანს უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ზურიკო პირდაღებული მისჩერებოდა ხან დედამისს, ხან _ მე. აშკარად დაბნეულია. როცა შეამჩნია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად მთავრდებოდა, ცოტა გამოცოცხლდა.

_ ახლა კი ჩვენ წავალთ, _ გავუღიმე ქალს, _ თქვენ თქვენს საქმეებს მიხედეთ, ჩვენ კი დღეს ახალ ეტაპზე გადავალთ, არა, ზურიკო? _ გადავხედე პატარას და ხელი გავუწოდე. მაგრად ჩამჭიდა მარჯვენა. ვიგრძენი, ნერვიულობისაგან როგორ ჰქონდა გაყინული თითები. შემეცოდა.

_ ჰო, მართლა. მე არ ვიცი, ამჟამად თქვენ რას საქმიანობთ, _ მოვიკატუნე თავი, _ მაგრამ ადრე რომ მუსიკის მასწავლებლად მუშაობდით, ჩემთვის ცნობილია. ასე რომ, თუ გაგიჩნდეთ სურვილი, დაუბრუნდეთ ძველ საქმიანობას, შემომეხმიანეთ. შეიძლება, ადგილი შოვნაშიც დაგეხმაროთ, სკოლაში ან საბავშვო ბაღში, _ მომაფიქრდა უცებ (არ ვიცი, რამდენად შევძლებ ამის გაკეთებას, მაგრამ ოღონდ დამთანმხდეს და ერთი მასწავლებლის ადგილს თუნდაც მიწიდან ამოვთხრი).

_ კარგი მაშინ, მე წავალ, _ «ააფრიალა თეთრი ნაჭერი» ზურიკოს დედამ დაზავების ნიშნად, _ საღამოს დროზე მოდი შინ, არ დააგვიანო, _ მიუბრუნდა შვილს.

ზურიკომ თავი დაუქნია. თვალებში მხიარული ნაპერწკლები გაუკრთა…



* * *

ცოტა გავიარეთ. მეც არ ვიცი, საით მივდივართ. ყველაფერი ამომვარდა თავიდან. უაზროდ ვადგავართ გზას.

_ იცი, დედაჩემს რა ლამაზი სახელი ჰქვია? _ მეუბნება უცებ.

_ არ ვიცი? _ გადავხედე.

_ ნანა. ხომ კარგი სახელია?

_ უჰ! ძალიან. საერთოდაც კარგი ქალია, ლამაზი. შენ კი, თურმე, არ უჯერებ. სად გასწავლიან, კი მაგრამ, შვილმა დედას არ დაუჯეროსო? _ დავტუქსე მსუბუქად.

_ მაგი ცუდად იქცევა. შენ არ იცი. შენ ბევრი რამე არ იცი! _ მოიღუშა.

_ გცემს ხოლმე, არა?

_ მამაჩემის ტყავის ქამრით. ადრე უფრო მერეოდა, ახლა დიდი ვარ და აღარ ვუჩერდები, ეგრევე გავრბივარ ხოლმე. _ ამას გარდა… _ შეჩერდა, თვალმოჭუტულმა შემომხედა, ვუთხრა თუ არაო.

_ მითხარი, რისი თქმა გინდა. ხომ იცი, არავის ვეტყვი. იქნებ შემიძლია დაგეხმარო, _ მოვუჭირე ხელზე ხელი.

_ შენ იცი, სად არის თბილისში ბავშვთა სახლი, სულ პატარა ბავშვების სახლი?

_ ვიცი, როგორ არ ვიცი. იქ რა ხდება?

_ შენ რომ მიხვიდე, ხომ შეგიშვებენ? _ სუნთქვა გაუხშირდა.

_ აბა რას იზამენ! _ ვუდასტურებ.

_ მე ორჯერ ვიყავი და არ შემიშვეს.

_ კი მაგრამ, იქ რა გინდოდა? _ ვგრძნობ, როგორ დავიძაბე.

გაჩერდა. ხელი გამიშვა და გამომცდელად შემომხედა.

_ ნუ წელავ, მითხარი, რა ხდება! _ უკვე თხოვნაზე გადავედი.

_ იქ… დედაჩემმა… ბავშვი ჩააბარა… გოგო… სამი კვირის.

უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. ვიგრძენი, როგორ დამბურძგლა.

_ ვისი ბავშვი?

_ თავისი. ჩემი და.

_ როდის?

_ მითხარი, ხომ არავის ეტყვი?

_ არა, ზურიკო, ვის უნდა ვუთხრა. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ.

_ არც მამაჩემს, არც დედაჩემს, ხო?

_ პირობას გაძლევ.

_ შარშან ზამთარში გაუჩნდა გოგო. ნოემბერში. მამაჩემი უკვე ციხეში იყო. მერე საავადმყოფოდან რომ გამოვიდა, თქვა, ბავშვი მკვდარი დაიბადაო. მე კი გავიგე, ერთ ქალს რომ ელაპარაკებოდა ტელეფონით, ჩვილ ბავშვებში ჩავაბარეო, ახლა მისი რჩენის საშუალება არა მაქვს, ცოტა ხანს იყოს და მერე გამოვიყვან, ცოტა რომ წამოიზრდებაო.

_ მერე? _ ჩემს ხმას ვერ ვცნობ.

_ მერე არც კი მისულა. მე ვიყავი ორჯერ, მაგრამ არ შემიშვეს. რამდენჯერმე ვთხოვე, წამიყვანე სანახავად-მეთქი. შენ იქ არაფერი გესაქმებაო. მოასწრებ მის ნახვას, მამაშენი რომ გამოვა ციხიდან, გამოვიყვან და სულ აქ იქნებაო. ახლა ჩვენ ძლივს ვარსებობთ, იმას რა ვაჭამოო…

_ აქამდე რატომ არ მითხარი?

_ რა ვიცი, აბა! _ აიჩეჩა მხრები.

_ გინდა, ახლავე წავიდეთ?

_ მინდა! _ გაუნათდა სახე.



* * *

ჩვილ ბავშვთა სახლში სიწყნარეა. თეთრხალათიანი ქალები გამოგვეგებნენ. თავაზიანად მიმიღეს. ერთი მათგანი ექიმის კაბინეტში შემიძღვა. ზურიკო დერეფანში დავტოვე. ექიმს ავუხსენი ჩემი მისვლის მიზეზი. ქალებმა ერთმანეთს გადახედეს და ცოტათი შეცბუნდნენ.

_ იცით, ის ბავშვი რამდენი ხანია, გარდაიცვალა, _ შეწუხებული სახით მითხრა ერთ-ერთმა მათგანმა.

_ როდის? _ რაღაც ჩამწყდა გულში.

_ იანვარში. საცოდავი, ავადმყოფი იყო, უსუსური. სულ ხაოდა. ტირილიც კი არ შეეძლო. ფილტვები ჰქონდა თავიდანვე ძალიან სუსტი. რამდენჯერმე შევუთვალეთ დედამისს, მოსულიყო და მიეხედა ბავშვისთვის, ან გაშვილების უფლება მოეცა, ან მკურნალობის ფულზე ეზრუნა, მაგრამ… არც კი შემოგვეხმიანა. ჩვენ ვერაფერი შევძელით. თუ გნებავთ, ისტორიას გაგაცნობთ.

_ არა, არის საჭირო. გმადლობთ, ქალბატონო.

უხმოდ გამოვტრიალდი. ზურიკო კვლავ დერეფანში მელოდება. კიდევ კარგი, შიგნით არ შევიყვანე. ვფიქრობ, რა ვუთხრა…

_ რაო? _ მოუთმენლობა ეტყობა ხმაში.

_ იცი, ზურიკო, შენი დაიკო ვიღაცას უშვილებია. მდიდარ უშვილო ცოლ-ქმარს და მოსკოვში წაუყვანიათ. კარგ ოჯახში იზრდებაო, მითხრეს, _ უმოწყალოდ ვცრუობ. სხვა რა დამრჩენია. პაუზა გაიწელა…

_ ვიცოდი, ეგრე რომ იქნებოდა! ვიცოდი, ვიცოდი, ვიცოდი! _ ანგარიშმიუცემლად იმეორებდა ერთი და იმავეს.

_ მასე მოუხდება დედაჩემს! წავიდეს ახლა და იპოვოს! ღირსია! _ წამოიყვირა აცახცახებულმა უცებ, ხელიდან გამისხლტა და ეზოში გავარდა.

ჭიშკართან ძლივს დავეწიე და საყელოში ჩავავლე ხელი. ვცდილობ, დავაწყნარო. ვთხოვ, შინ გამომყვეს, ირაკლისთან. ირაკლი ახლა უებარი წამალი იქნება მისთვის. როგორც იქნა, დიდი მუდარის შემდეგ დავიყოლიე. ჩავსხედით ტაქსიში და ირაკლის მივაშურეთ…





* * *

შაბათია. კარზე ძლიერმა ბრახუნმა გამომაღვიძა. «ნეტავ ვინაა ამ დილაუთენია?» _ გავიფიქრე და მაშინვე მაღვიძარას შევხედე. ათის ნახევარია. კაი დილაუთენია კი ყოფილა! ბრახუნი განმეორდა. სწრაფად წამოვხტი, ხალათი მოვიცვი და ფეხშიშველი გავქანდი კარისკენ.

_ ვინ არის? _ გავძახე «გამოღმიდან».

ხმას არავინ იღებს. გავიხედე სათვალთვალოში. შენც არ მომიკვდე. ვიღაცას ხელისგული აუფარებია ზედ. მივხვდი, ვინმე შინაური რომ იქნებოდა და უყოყმანოდ გადავატრიალე გასაღები. კარი გამოვაღე თუ არა, უცებ შავი ცელოფნის პარკი ამიფრიალდა ცხვირწინ. შიშისა და მოულოდნელობისგან შევხტი, თუ შევკივლე, არ მახსოვს.

ზურიკოა.

_ უჰ! შენ რა გითხარი, როგორ შემაშინე! რა არის, ბიჭო, ეს?! რა მოგითრევია, რა სუნი აქვს?!

_ ეს თევზია, შენ რომ გიყვარს, _ პირი ყურებამდე ჩახევია კმაყოფილი ღიმილისგან.

_ რა ყველის ვაჭარივით იკრიჭები, შე მაიმუნო! ამ დილაუთენია რომ დამადექი თავზე, ხეზე გეძინა? _ მოჩვენებითად ვუწყრები.

_ შემო, შემო, თორემ გავიყინე! _ ჩავავლე მკლავში ხელი და შემოვიყვანე. _ მოყევი ახლა, ვის აწაპნე ეს თევზი. დედააა! რამდენია-ა-ა?! _ აშკარად მიხარია.

_ არავის! პროსტა დავიადე! _ უკვე ყურებიანად იღიმება და სახეგაბრწყინებული ირაკლის საწოლზე ჯდება.

_ პრივეტ! რა დროს ძილია, ბიჭო, აშენდა ქვეყანა! _ დაჰკრა ხელი წვივზე საბნის გარედან. გაბადრული ირაკლი წამოხტა და პირდაპირ ზურგზე შეახტა.

_ ჰე, მოყევი ახლა, რით გამახარებ! _ შევახსენე.

_ კაროჩე, სანაპიროზე ხო იცი, ანკესებით რომ თევზაობენ, პივნოი ბართან. ხოდა, იქ ჩავიარე. ადრე იყო ძალიან. ერთი ბიჭი იდგა და ეს აცმა ეჭირა. დავითვალე. ვხედავ, კაი თორმეტი ცალია. იფ! ვიფიქრე, ეს ახლა კაი ღომთან ერთად ხოშიანი სადილი გამოვა-თქო. მივედი. ძველი ნაცნობივით მივესალმე. ისიც მომესალმა. რამდენად ყიდი-მეთქი, ვკითხე. ხუთ ლარადო. ხუთი რა ამბავია, ოთხი არ გეყოფა-თქო? ჯანდაბას, იყოსო. მაშინ ჩამიდე ცელოფანში და მაიტა-მეთქი. ჩამიდო. გამოვართვი. ახლა მე წავალ და ოც წუთში ფულს მოგიტან, კაცურად, ოღონდ ერთი პირობით-მეთქი: ოთხი ლარის ზევით რაც მომრჩება, ჩემი იყოს-თქო. ერთი კი გაიქაჩა, რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ არ ვაცალე: რა არ მენდობი-მეთქი? _ შევეკითხე. გაიხედ-გამოიხედა. იფიქრა, ეს მარტო არ იქნება და აქ სიტყვაზე არ დამიწყონ გამოჭერაო. არიქა, არავინ მცემოსო და კიო, მითხრა, რავა არ გენდობიო. ხოდა, სიტყვა სიტყვაა, ოც წუთში ფული აქ იქნება-მეთქი. მოვტრიალდი და წამოვედი. წამოვედი და წამოვედი-ი-ი, _ იცინის.

ირაკლიც მისჩერებია გაბრწყინებული სახით, ბაძავს მიმიკებით, თითქოს ეს ყველაფერი თვითონ ჩაიდინა, ისეთი სახე აქვს…

_ კი მაგრამ, ის კაცი რომ მოატყუე და სიტყვა გატეხე, ეს არაფერია? _ შევაგდე ნამუსზე.

_ მერე რა, ის კიდევ დაიჭერს. დიდი ამბავი, _ შერცხვა ცოტა.

_ სირცხვილი შენი. ადამიანს პატიოსნად ნაშოვნი ლუკმა პირიდან გამოგლიჯე, მე მომიტანე, რომ მასიამოვნო. როგორ გგონია, ყელში გადამივა?

_ მე და ირაკლის ხომ გადაგვივა, _ ეშმაკურად მომიჭრა.

ხითხითებენ. მოდი ახლა და ელაპარაკე! ხელი ჩავიქნიე და სააბაზანოში შევედი.



* * *

შუადღეა. ბაზრიდან ვბრუნდები. ორივენი შინ დავტოვე, თან გავაფრთხილე, ჩემს მოსვლამდე ეზოში ფეხი არ გაადგათ-მეთქი. ბინას მივუახლოვდი თუ არა, მესმის ხმები: «მაღალი!» «არის მაღალი!» «დაბალი!» «არის დაბალი!» გამიკვირდა. შევაღე კარი და რას ვხედავ: ირაკლის გამოუფენია კარტი, დაულაგებია ერთმანეთის მიყოლებით შეტრიალებულად და თამაშობენ «ფორტუნას».

_ რას შვრებით, ლომებო? _ აშკარად გაოგნებული ვარ, ეს რამ მოაფიქრათ.

_ ვთამაშობთ. მე ვითომ წიფურია ვარ, ზურიკო კი ახალი სიძეა და აბა, თუ მოიგებს! _ ჭყლოპინებს ირაკლი.

უცებ სიგარეტის სუნი ვიგრძენი. ცუდად მენიშნა.

_ ირაკლი, ჩვენთან იყო ვინმე მოსული, შვილო?

_ არა?! სულ მარტო ვიყავით, _ იგი ისევ თავის სტიქიაშია.

_ როგორ არა! დენის კაცი იყო! _ იყვირა ზურიკომ და ირაკლის თვალი ჩაუკრა.

ის ბოთე კი ვერ მიხვდა.

_ არა, დე, არავინ არ ყოფილა! რატომ ატყუებ დედაჩემს, ა? _ შეუტია.

_ მობრძანდი ერთი ახლოს! _ თითით მოვიხმე «ჩვენი ძმა».

მომიახლოვდა და საწყლად ამომხედა. არ დავინდე:

_ შენ რა, სიგარეტს ეწევი? _ ცივად შევეკითხე. ირაკლიც შეცბა.

_ ხანდახან.

_ რამდენი ხანია?

_ ორი თვე იქნება.

_ იტყუები!

_ მამას გეფიცები!

_ რატომ ეწევი?

_ ბოლი რომ გამოვუშვა, იმიტომ, _ თავხედურად იცინის.

ერთხანს გავჩუმდი. ვფიქრობ, როგორი სვლა უფრო მისაღები და მომგებიანი იქნება ასეთ მომენტში. ირაკლი დაძაბული გვიყურებს. ის არც შემიმოწმებია, ვიცი, არ მოწევდა. გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე:

_ ზურიკო, ერთი რამ დაიმახსოვრე. თუ შენ ჩემთან და ირაკლისთან მეგობრობა გინდა, დღეიდან არც ერთი ღერი სიგარეტი არ უნდა მოსწიო, სანამ დიდი ბიჭი არ გახდები. გესმის? თუ არადა, თვალით არ დამენახო. მე არ მიყვარს ცუდი ბიჭები!

_ დედი, ახლა აპატიე, რა, მეტს აღარ მოწევს. ხომ არ მოწევ? _ ირაკლი მიუახლოვდა ზურიკოს და ლოყაზე ხელისგული მიადო.

_ ცოდოა, არ ეჩხუბო, _ მეხვეწება. ცდილობს, როგორმე «შეარბილოს» სიტუაცია. მუხლებზე ჩამომიჯდა და თითქმის ჩურჩულით მეუბნება:

_ იცი, დე, მეც მინდოდა მოწევა და არაფრით არ მომცა! _ დიდად «გაკვირვებული» ტონით გააგრძელა. _ მეც გამასინჯე-მეთქი და არაო. აი, რატო არა-მეთქი. იმიტო, რომ შენ კაი ბიჭი ხარო. შენ ცუდი ხარ-მეთქი (გაფშიკა საჩვენებელი თითი)? მე ქუჩის ბიჭი ვარ, მე რას მედრებიო, _ ასე მითხრა. არადა… ახლა ხომ არაა ქუჩის ბიჭი, ჰა, დე? შენ ხომ უვლი? მითხარი, რა!

თავს ვუქნევ.

_ კარგი. ამ ერთხელ მიპატიებია, მაგრამ ეს იქნება პირველი და უკანასკნელი! _ ბოლომდე ვინარჩუნებ სიმკაცრეს.

_ ურა-ა-ა! ვაშა-ა-ა! _ მუშტები ჰაერში აიქნიეს და ყვირილით გაცვივდნენ აივანზე.

უცებ კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა. ანგარიშმიუცემლად გავაღე, არც მიკითხავს, ვინ არის-მეთქი… ორი უცხო ტიპი დგას. ერთს მარჯვენა ხელი კედელზე მიუბჯენია და სათვალის ზემოდან უტიფრად გამომცქერის. მეორე ოდნავ განზე დგას. შედარებით თავაზიანი ჩანს.

_ ვინ გნებავთ?

_ ნატა თქვენა ხართ?

_ დიახ.

_ ჩვენ სიტყვა დაგვაბარეს შენთან, დაიკო… ზონიდან.

_ ზონიდან? რა ზონიდან? _ უცებ ვერ მივხვდი.

_ გუჯას ზონიდან, _ ცინიკურად მეუბნება სათვალიანი.

_ ა-ა-ა! გასაგებია. მობრძანდით, ზურიკოც ჩვენთანაა.

შემოვიპატიჟე დაუპატიჟებელი სტუმრები. გუჯა ხომ ზურიკოს მამას ჰქვია. არ მესიამოვნა ვიზიტი. ვგრძნობ, არც ისე კარგ საქმეში მაქვს ცხვირი ჩაყოფილი.

_ ბიჭებო, თქვენ ცოტა ხანს გარეთ გადით, კარგი? ჩვენ საქმე გვაქვს, _ ვთხოვე ბავშვებს. ისინიც უხმოდ გაიკრიფნენ სადარბაზოში.

_ გისმენთ. რით დავიმსახურე ზონის ასეთი ყურადღება? _ ვცდილობ, ოდნავ ოფიციალური ვიყო.

ერთი, ჩემ წინ რომელიც ზის, სწორედ ის, სათვალიანი, აშკარად კაიფშია. თვალები დანისლული აქვს წამლისგან. საფეთქელთან ძარღვი უტოკავს. უტიფრად მათვალიერებს. მეორე ოდნავ მოშორებით მოკალათდა სავარძელში. ის «ფხიზელია», ამასთან, უფრო ზრდილობიანად გამოიყურება.

_ შენ, ჩემო დაიკო, ჩვენმა ძმამ კაცურად მიგიღო. გენდო. ბავშვიც კი ჩაგაბარა. ხომ იყო ასე? _ კბილებში გამოსცრა სათვალიანმა.

_ მერე? შემეშალა რამე? _ ჩავიცინე.

_ მეტი რაღა უნდა შეგეშალოს, ჩემო მშვენიერო ქალბატონო, შენი ჭირიმე. ჩვენ ძმურად იქცეოდი გვეგონა. შენ კიდე უშიშროების მაიორი ყოფილხარ. ხომ გესმის, რისი თქმაც მინდა… ხო აზრზე ხარ, რას ვამბობ…

თავი უსიტყვოდ დავუქნიე და შვებით ამოვისუნთქე. «თუ მარტო ეგ არის პრობლემა, ამას კი მოევლება», _ გავიფიქრე. ახლა ის ზრდილობიანი ჩაერთო საუბარში:

_ დაიკო, ცუდად ნუ გაგვიგებ. ხომ იცი, ჩვენ საძმოს არ უყვარს ეს ორგანო, ძაღლობა და მამაძაღლობა. იტოგში, რაღაც-რაღაცები უნდა გაირკვეს, რა! პანიმაეშ? _ დაიწყო თავის კანტური «ფხიზელმა».

_ რა თქმა უნდა, «პანიმაიუ», _ გადავედი მეც «შავ ბაზარზე», _ არ არის საჭირო ამდენი ალია-ბალია. მე, თუ ჩემს სიტყვას ენდობით, არც მაიორი ვარ უშიშროების და არც რიგითი ჯარისკაცი. ეს ტყუილი ზურიკოს დედასთან დამჭირდა. იქ რაღაც ქალური სიტუაცია შეიქმნა. ხომ გესმით, და მეც «ვინუჟდენი» გავხდი ასეთი «ხოდი» გამეკეთებინა (მთლად «გავშავდი»), თორემ ერთი უბრალო კომპიუტერის მასწავლებელი ვარ. ეგ არის და ეგ. თუ გნებავთ, შეამოწმეთ ჩემი საბუთები (არც ჩემი ჟურნალისტობა ვახსენე, მაგათთვის არც ეს იქნებოდა დიდად მოსაწონი).

შორს დაიჭირეს. ასეც ვიცოდი. ეგ ხომ არაკაცური საქციელია. მერე ღიმილით მოვუყევი, რაც იყო, როგორც იყო, რათა დამემტკიცებინა, რომ მაგ საქმეში «სუფთა» ვიყავი და, როგორც იქნა, «საძმო» დავაშოშმინე. როცა ყველაფერი გაირკვა, აუტყდათ ჩემი ხელების კოცნა ხან ერთს, ხან _ მეორეს და სანამ კარამდე მივაცილებდი, სულ გულზე იდებდნენ გაშლილ მარჯვენას ბოდიშისა და მადლობის ნიშნად. ოღონდ მადლობას რაში მიხდიდნენ, არ ვიცი.

_ ხომ ვართ ძმები? _ გასვლის წინ მეკითხება წამლით გაბრუებული.

პაუზა გავწელე.

_ არა ვართ? _ გამიმეორა შეკითხვა და ეშმაკურად შემომხედა.

_ აბა, რა გითხრათ, ორი კაცი ქალთან საქმის გასარჩევად მოდიხართ და რა ძმობაზეა ლაპარაკი, _ შევუშვი «ძველი ბაზარი».

ჩაიცინეს, არაფერი უთქვამთ, კიდევ ერთხელ დამიკოცნეს ხელები და წავიდნენ.



* * *

_ რა უნდოდათ? _ შეშფოთებული მომვარდა ორივე.

_ ბუს კვერცხები! თქვენი საქმე არ არის! ზურიკო, შენ მიეცი მაგათ ჩემი მისამართი?

_ არ-ა, რა ვიცი, მისამართი არ მითქვამს. უბრალოდ, გამომკითხეს, სად ცხოვრობსო და მეც ავუხსენი. მაგრამ ეს გუშინწინ იყო. მერე არც კი მინახავს, _ იმართლებს თავს.

_ კარგი, რაც იყო, იყო. არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. დახურეთ კარი!

ეს, ალბათ, სულ დედამისის ოინებია. არა მგონია, მამამისს დაეჯერებინა «ცუდი» ცოლის მონაყოლი ჩემ შესახებ. ოხ! რა არიან ეს ქალები! (სხვათა შორის, იმ დღესვე ვნახე ერთი ჩემი უბნელი, რომელიც კარგად ერკვევა ასეთ საქმეებში და მოვუყევი. გაიცინა, ასიანი იმ ქალის მოგზავნილია, «ფრაერები» იქნებოდნენო. ზუსტად გამომიცნია). გავბრაზდი, მაგრამ ახლა ეს პრობლემა სულაც არ მაწუხებს. ახლა ზურიკო მინდა ერთ რამეში დავითანხმო… და პირდაპირ ვატაკე:

_ ზურიკელა, სკოლაში არ გინდა, იარო?

_ არა კაცო, რა მინდა სკოლაში!

_ შენ არ გინდა, ზურიკელას უნდა! _ გავაგრძელე შეტევა.

_ ა-რა! ნაღდად არ მინდა! აჰ! აჰ! გთხოვთ, ქალბატონო ნატა, მეტი აღარ გაიმეოროთ ეს სისულელე! _ ირაკლი სიცილით იჭაჭება. ზურიკოს ხელები წინ აუფარებია და განზე ისე იყურება ცხვირაპრეხილი, თითქოს საჭმელს იწუნებსო.

_ მომისმინე, ზურიკო! მე უკვე ველაპარაკე მასწავლებელს. მხოლოდ ერთი კვირით. არც ჩანთა გექნება, არც _ წიგნები. უბრალოდ, მიხვალ, დაჯდები გაკვეთილებზე და მარტო მოუსმენ. არც ისწავლი, არც დავალებებს დაწერ. მხოლოდ მოუსმენ. მინდა ნახო, რანაირია სკოლა. იქნებ მოგეწონოს! ერთი კვირის შემდეგ კი როგორც შენ იტყვი _ ან დარჩები, ან წამოხვალ. ჩემი ხათრით, კარგი?

თვალმოჭუტულმა ამომხედა. მერე ირაკლის გადახედა. მერე გაიღიმა, თავი გადააქნია, მერე ამოიოხრა და «ამოუშვა»:

_ შენი ხათრით, თუ გინდა, ერთი წელიც ვივლი ტყვილა იმ სკოლაში, მაგრამ რა ხეირია, რო? და სიგარეტსაც არ მოვწევ… არასდროს… ასიანი… სიტყვას გაძლევ!

_ იმ მეთევზეს რომ მიეცი, ისეთ სიტყვას? _ გამოვიჭირე.

_ არა, პატიოსან სიტყვას, ნაღდ სიტყვას! _ თამამად შემომხედა.

_ დაჰკა ხელი! _ გავუშვირე მარჯვენა. მძლავრად დაჰკრა.

_ მეც, რა, მეც! _ ჩაგვიხტა შუაში ირაკლი და თავისი მარჯვენით გაამაგრა ჩემი და ზურიკოს «ალიანსი».



* * *



ერთი სიტყვით, ზურიკო სკოლაში მივიყვანე. უფრო სწორად, მივაბარე მესამე კლასში სულ ხუთი დღით. ვნახოთ, რას იზამს. იქნებ მოეწონოს კიდეც… კი არა მგონია, ამ საქმიდან რამე გამოვიდეს, მაგრამ მაინც ვცდი…

ისე აგიხდეთ ყველა ნატვრა!



* * *

ირაკლის სკოლა შეგნებულად გამოვრიცხე. ვიფიქრე, უცხო ბავშვებში რომ დავსვამ, უფრო მორიდებული იქნება-მეთქი.

სკოლაში გამოწკეპილი გამოცხადდა. ტანსაცმელი მე და ირაკლიმ შევურჩიეთ. ახალი ფეხსაცმელები აცვია (14 ლარი), თეთრი პერანგი (3 ლარი), ჯინსის შავი ფერის შარვალი (10 ლარი). სულ ეს არის და ეს მისი ახალი «ავლა-დიდება».

მასწავლებელი თბილად შეხვდა. თავზე გადაუსვა ხელი.

_ იმედია, ჩვენ გავუგებთ ერთმანეთს… რას იტყვი, ზურიკო? _ალერსით შეეკითხა.

_ არაფერს, _ ჩაილაპარაკა, თან სადღაც განზე გაიხედა.

_ ო-ხო-ხო! როგორი ეშმაკები უცეკვავს თვალებში. ეტყობა, კარგი ხვითოა, აი! _ ღიმილით გადააქნია თავი დამრიგებელმა. _ ვნახოთ, რა იქნება.

_ ვნახოთ, რა იქნება, _ გავიმეორე მისივე სიტყვები.

ამასობაში ზარიც დაირეკა.



* * *

სიმართლე გითხრათ, კვირის ბოლომდე შეგნებულად არ მივედი სკოლაში. მაინტერესებდა, რას მოიმოქმედებდა დამოუკიდებლად. ივლიდა, თუ არა.

პარასკევს კი, კარგი მშობელივით გამოვეცხადე დამრიგებელს. ჩემს დანახვაზე ქალს ფერი დაუბრუნდა სახეზე.

_ კიდევ კარგი, მოხვედით, კიდევ კარგი, თორემ მეტის ატანა აღარ შემეძლო. წა-ი-ყვა-ნეთ! _ ამ სიტყვების გაგონებისას «ცისფერი მთები» გამახსენდა, «გრენლანდია».

საკლასო ოთახს თვალი მოვავლე. ზურიკოს პერანგი ამოჩაჩვია. თმა გაბურძგნილი აქვს და ბოლო მერხთან, კუთხეში მიყუჟულა, თან უდიერად იცინის.

_ ხომ გეუბნებოდი, არ არის აქ ჩემი ადგილი-მეთქი, _ მომაძახა უცებ აგრესიულად და ოთახიდან გავარდა.

_ მოკლედ, რა არ ჩაიდინა! ჩამოთვლაც კი მიჭირს. ეს დღეები პირდაპირ ჯოჯოხეთად მიქცია მეც და ამ ბავშვებსაც, _ თითქმის მოთქვამდა მასწავლებელი, _ ამ ხნის ქალი მოვიყარე, 30 წელია, სკოლაში ვასწავლი და ჯერ ასეთი შემთხვევა არ მქონია. ცელქი ბავშვების მეტი რა მყოლია, ძნელად აღსაზერდელებიც შემხვედრია, მაგრამ (აქ მხრები აიჩეჩა) ასეთი მოუხელთებელი არაფერი მინახავს! მაშინ, შვილო, ასაკიც მიწყობდა ხელს, ჯანიც მომდევდა. ახლა სადა მაქვს ამისი თავი, ნამდვილად ვერ მოვერევი… მაგი რომ ჩემს კლასში სწავლობდეს, ან ეგ იქნება და ან ჴ მე! _ გადაჭრით დაამთავრა დამრიგებელმა.

თავი უხერხულად ვიგრძენი. ნეტავი შემევლო ამ დღეებში! ვინანე, ასე უყურადღებოდ რომ დავტოვე «მოსწავლეც» და მასწავლებელიც.

_ მომიყევით, ქალბატონო, რა ჩაიდინა, _ ვთხოვე მორიდებით.

_ რომელი ერთი მოგიყვეთ, შვილო. უკვე ამერია ერთმანეთში, რა როდის იყო. ერთხელ თვითმფრინავები გაუშვა შუა გაკვეთილზე.

_ ეგ ორშაბათს იყო, მასწავლებელო! _ აყვირდნენ ბავშვები.

_ ა! ხომ ხედავთ! გადამირია ესენი! ვერ ვცნობ ჩემს კლასს. ისეთი ბუნჩულები იყვნენ, ისეთი წყნარები. ახლა კი… ძლივს ვახერხებ ამათ მოთოკვას!..

და დაიწყო მოყოლა…

* * *

ისტორია პირველი

ორშაბათი. პირველ გაკვეთილზე გაძლო. წყნარად იჯდა. მეორე გაკვეთილზე აცმუკდა. გვერდით მჯდომ გოგონას რვეული წაართვა, ფურცლებად დახია და თვითმფრინავების გაკეთებას შეუდგა.

_ ზურიკო, რატომ არ ხარ ყურადღებით? _ შეეკითხა მასწავლებელი.

_ არ მაინტერესებს და იმიტომ, _ იყო პასუხი.

_ არ გინდა, რამე მაინც ისწავლო?

_ რად მინდა შენი სწავლა, როცა აგერ, აეროპორტის დირექტორი ვარ, _ მკვახედ მიუგო და ყველა თვითმფრინავი მორიგეობით გადააფრინა კლასში.



ისტორია მეორე

სამშაბათი. რუსული ენის გაკვეთილს ახალგაზრდა გოგონა ატარებს. იგი ბავშვებს ეკითხება:

_ აბა, ვინ მეტყვის, როგორ იქნება რუსულად ვაშლი?

ზურიკომ ხელი აიწია.

_ შენ ჩემი მოსწავლე არ ხარ, ასე რომ, არ შეგეკითხები, _ ცივად უთხრა მასწავლებელმა.

_ იაბლოკო, _ პასუხობენ ბავშვები.

_ ეპლ, _ ინგლისურად თარგმნის ზურიკო.

ასე _ ყველა შეკითხვაზე მოსწავლეები პასუხს რუსულად სცემენ, ზურიკო კი ინგლისურად.

_ ზურიკო, შენ თუ ამდენი ინგლისური იცოდი, რატომ აქამდე არ დადიოდი სკოლაში? _ გაბრაზდა ბოლოს მასწავლებელი.

_ რომ ვიცი, იმიტომ, _ მიუგო მშვიდად და იმ დღესვე გადაწყვიტა, შური ეძია მასზე.



ისტორია მესამე

ოთხშაბათი. შუა გაკვეთილია (კვლავ რუსულის). მასწავლებელი დაფაზე წინადადებას წერს. უცებ კლასში ჩოჩქოლი ატყდა. გოგონებმა შეჰკივლეს კიდეც. ნატალია პავლოვნა (ასე მიმართავენ მოსწავლეები) მოტრიალდა.

_ რა ამბავია? _ გაოგნდა ქალი.

ყველა ერთდროულად ზურიკოს მიაჩერდა.

_ ზურიკო, რაშია საქმე! ადექი ზეზე! _ უბრძანა.

ზოზინით წამოდგა.

_ არაფერი, მასწ, ცდებს ვატარებ.

_ რა ცდებს ატარებ, იქნებ ჩვენც გაგვიზიარო!

_ რამდენ ხანს გაძლებს ბაყაყი უჰაერო სივრცეში, _ წარმოთქვა, მერხს ქვევიდან დახუფული ქილა ამოაძვრინა და მაღლა ასწია. ქილაში გამომწყვდეული ბაყაყი გულაღმა ამოტრიალებულა და ხელ-ფეხს უმწეოდ აფართხალებს. აბა, კივილი მაშინ უნდა გენახათ… შეშინებული მასწავლებელი პირველი გავარდა კლასიდან.



ისტორია მეოთხე

ხუთშაბათი. დამრიგებელი მათემატიკას ხსნის. მოულოდნელად ზურიკო ეკითხება:

_ მასწ! ეს ქართული და მათემატიკა რომ ყოველდღე ტარდება, ხატვა და სიმღერა რატომ არ გვაქვს ყოველდღე?

ყველა ხმამაღლა იცინის ახალი ოინის მოლოდინში.

_ იმიტომ, რომ ასეა საჭირო, _ მასწავლებელი ახსნას აგრძელებს.

ცოტა ხანში სტვენის ხმა გაისმა.

_ ზურიკო, რატომ მიშლი ხელს, რატომ ხმაურობ?

_ იმიტომ, რომ ასეა საჭირო, _ უდარდელად პასუხობს.

_ მაგას არ სჯობია, მომისმინო, იქნებ დაგრჩეს რამე მაგ თავში.

_ მე არ მომწონს თქვენი გაკვეთილი. ძალიან უინტერესოდ ხსნით.

_ მაშინ შენ ახსენი საინტერესოდ.

_ საინტერესოდ კი არა, გასაგებად უნდა ახსნათ. ესენი ჯერ პატარები არიან. ამათთან საინტერესო ახსნა იგივეა, რაც უინტერესოდ ახსნა. ეს ბავშვები ჯერ იმ ასაკში არიან (გაფშიკა საჩვენებელი თითი), რომ მხოლოდ გასაგებად უნდა აუხსნათ.

_ კი, მაგრამ, შენ რა, ბავშვი არა ხარ?

_ მე არა ვარ ბავშვი, მე კაცი ვარ! _ ისეთი მტკიცე ტონით უთხრა, გაოგნებული დამრიგებელი სკამზე ჩამოჯდა.



ისტორია მეხუთე

პარასკევი და… კულმინაცია.

ზარი დაირეკა. მესამე გაკვეთილი იწყება. არის ერთი ღრიანცელი, გამაყრუებელი წივილ-კივილი. შემოდის დამრიგებელი. ბავშვები უცებ მიჩუმდნენ. ავის მომასწავლებლად მოეჩვენა ეს სიჩუმე.

_ რაშია საქმე, ბავშვებო, რამე ცუდი ხომ არ მოხდა? _ იკითხა შეშინებულმა ქალმა.

ამ დროს კარადიდან (კედელში ჩაშენებული საკიდრები) ბრახუნის ხმა მოისმა.

_ ვინ არის მანდ? _ შეშფოთდა მასწავლებელი.

_ გიორგია ჩაკეტილი!..

_ გიორგი ჩაჭედეს, მასწ!..

_ ზურიკომ ლურსმნით ჩაჭედა!.. _ აყვირდა ყველა ერთხმად.

ზურიკო კი მშვიდად იჯდა ბოლო მერხზე და უმისამართოდ იღიმებოდა.

ერთი პატარა ბიჭი თურმე იმ დღეებში გამუდმებით აჯავრებდა, შენ დაუსწრებელი მოსწავლე ხარ, შემოგზავნილი, არც ჩანთა გაქვს და არც წიგნებიო. ჯერ უთმინა, მერე წაარტყა ერთი-ორი, მერე ყურებიც «დაახია». იმან კიდევ მასწავლებელთან ჩაუშვა. ზურიკო კი ადგა და «ჩამშვები» სამაგალითოდ დასაჯა. შესვენებაზე მოკიდა ხელი აბეზარ ბიჭს, შეაგდო კარადაში, იქვე დააძრო, ვინ იცის, საიდან, ქვა და ლურსმანი (იქნებ შინიდანაც წამოიღო) და ბავშვი კარადაში ჩალურსმა…



* * *

აი, ასეთი «საგმირო» საქმეები ჩაიდინა ზურიკომ სკოლაში ხუთი დღის განმავლობაში. ამგვარი ოინებით კი, როგორც მასწავლებელმა აღნიშნა, მან მთელი კლასი კალაპოტიდან ამოაგდო. ცოტა არ იყოს, შევფიქრიანდი. ეშველება კი ამ ბავშვს რამე? ხომ არ შევეშვა საერთოდ? ზედმეტად ხომ არ გათამამდა? არადა… ან, იქნებ… ფიქრები ერთმანეთში ამერია.

გარეთ გამოვედი. ძებნა დავუწყე. ჭიშკართან დამდგარა და მელოდება. ფეხსაცმლის ჭვინტით მიწას აწვალებს, ხელები ჯიბეებში ჩაუწყვია.

_ ყოჩაღ, როგორ მასახელე! დიდი მადლობა! _ გაღიზიანებული ვარ, თან სწრაფად მივდივარ.

_ არ მინდა სკოლაში და რა ვქნა!

_ აბა სად გინდა, ქუჩაში?

_ შენთან მინდა. შენთან და ირაკლისთან, _ ამომხედა მუდარის თვალით. _ არ შეიძლება შენ იყო მასწავლებელი და შენ მასწავლო? ყველაფერს დაგიჯერებ, დედას გეფიცები! _ მოჭუტა თვალები. როგორც ხავსს, ისე ჩამჭიდა ხელი და იმანაც აუჩქარა ნაბიჯს.



* * *

შაბათ-კვირას სამეგრელოში მომიწია წასვლამ. სრულიად მოულოდნელად გადავწყვიტე, ირაკლი და ზურიკოც თან წამეყვანა. ნებართვის აღება არ დამჭირვებია _ დედამისი ორი კვირაა, შინ არ მისულა და კაცმა არ იცის, სად დადის. ასე რომ, მოვკიდე ორივეს ხელი და ჩავსვი ზუგდიდის მატარებელში.



* * *

დილის ექვს საათზე უკვე ადგილზე ვიყავით. მატარებელი პირდაპირ ჩემს სოფელში ჩერდება. ჯერ კიდევ ბნელოდა, ამიტომ ვაგზლის მოსაცდელში დავიცადეთ, სანამ ინათებდა. თორემ ისეთი წყვდიადი იდგა, თვალთან თითს ვერ მიიტანდი. როგორც ჩანს, დენი აქ იშვიათი მოვლენაა. პირველი, რაც ვაგონიდან ჩამოსულმა ვიგრძენი, შპალების სუნით გაჟღენთილი ჰაერი იყო, ნესტიანი, მძიმე. და კიდევ ჭრიჭინების ხმა _ ძალიან ნაცნობი და ძალიან შორეული…

მალე ინათა. ამინდს კარგი პირი უჩანს. სამივენი ლიანდაგს დავუყევით. ასე ყველაზე მოკლე გზაა ჩემს სახლამდე. ზურიკო პირველადაა სოფელში. ადრე არ განუცდია ეს სიამოვნება და ცნობისმოყვარედ აცეცებს თვალებს აქეთ-იქით. ირაკლი შედარებით მშვიდადაა. მართალია, ორი წელია, აქეთ არ ვყოფილვარ, მაგრამ მაინც «სტაჟიანივით» იქცევა ზურიკოს დასანახად.

_ მალე მივალთ? _ ვერ ისვენებს ზურიკო.

_ აი, ოცამდე რომ დაითვლი, მივალთ, _ პასუხობს ირაკლი და თვალს მიკრავს.

მალე შპალები დამთავრდა და მოასფალტებულ გზაზე გადავინაცვლეთ. ერთი კილომეტრ-ნახევარი მაინც უნდა გავიაროთ ფეხით. აბა, სადღაა ტაქსი. ტაქსი კი არა, მთელი გზა ისე გავიარეთ, ერთი მანქანაც არ შეგვხვედრია. ჩამკვდარია სოფელი. არც ჩაის ფაბრიკის ძველებური გუგუნი ისმის, არც მარცვლეულის საწარმოს ელევატორების ხმაური. არაფერი აქ არ მუშაობს…

_ კიდევ ბევრი დარჩა? _ გულმა არ მოუთმინა ზურიკოს.

_ აი, ახლა ცხრამეტამდე დაითვალე და მივალთ, _ ხითხითებს ირაკლი.

როგორც იქნა, გამოჩნდა სახლები. აქ, გზის პირას, სულ სიმინდის ყანებია. თუმცა, ვხედავ, ერთი-ორი ფიცრული ოდა ჩაუდგამთ კანტი-კუნტად. «კარგია, თუ ასე მრავლდება სოფელი», _ გავიფიქრე ჩემთვის.

საამო ნიავი ქრის, თბილი. აი, ჩემს შუკაშიც შევუხვიეთ.

_ კიდევ შორსაა შენი სახლი? _ უკვე მერამდენედ იკითხა ზურიკომ. ვერ ითმენს.

_ ახლა თორმეტამდე დაითვალე და… _ უკვე მერამდენედ ცდილობს მის მოტყუებას ირაკლი.

გზაზე არავინ შეგხვედრია. მართალია, მზე მხოლოდ ახლა ამოიწვერა, მაგრამ ჩემს ბავშვობაში ასეთ დროს სოფელი დიდი ხმაურით იღვიძებდა. კიდევ ერთხელ მოვუხვიეთ და ჩემს ეზოსაც მივადექით.

_ შო-თი-კო! _ დავიწყე ყვირილი. შოთიკო ჩემი ძმისშვილია, ოთხი წლის.

_ შო-თი-კო! _ ამყვა ირაკლიც.

მერე ჭიშკრის საკეტიც გავაჩხაკუნეთ, ხმაურით გავაღეთ, მერე ისევ დავკეტეთ და როგორც იქნა, გავაგონეთ.

ჯერ მამაჩემი გამოჩნდა, მერე _ ჩემი რძალი, მერე ჩემი ძმა და ბოლოს, ჩემი დედინაცვალი. ატყდა მხიარული შეცხადება ჩემს დანახვაზე. მამაჩემმა ბიჭებს გადახედა. უცებ დაიბნა, ვერ მიხვდა, რომელი იყო მათ შორის ირაკლი. ხუმრობა ხომ არ არის, ამდენია ხანია, არ უნახავს,

_ ეს მეორე ვინღაა? _ გადმომხედა ცალი თვალით.

_ ეს მეორე ირაკლია, _ ვიცინი გულიანად. ეტყობა, ირაკლის სიმაღლემ მოატყუა.

_ ეს კი მისი მეგობარია, _ წარვუდგინე ზურიკო.

ბოლოს ნახევარად შიშველი შოთიკოც გამოჩნდა, ნაცრისფერთვალება, ქერაკულულებიანი, ფეხშიშველი გამოტანტალდა პარმაღზე…



* * *

ჩემები მაშინვე დაფაცურდნენ. თეამ ცომის მოზელა დაიწყო.

_ რად გინდა ცომი, თეა, პური ვიყიდოთ, არ სჯობია? _ ვთხოვე ჩემს რძალს.

_ რას ამბობ! სად არის პური! შენ თბილისში ხომ არ გგონია შენი თავი! აქ პურისთვის ხალხი ცენტრში დადის. შენ რომ იცოდე, არც ღირს ყიდვა. ერთი ბეწოა. ფქვილი უფრო იაფი ჯდება ჩვენთან. თუ გაქვს საშუალება, რა თქმა უნდა.

_ და ვისაც არა აქვს საშუალება?

_ ის მჭადს და ღომს აკეთებს. ბევრს დიდი ხანია, პურის გემოც კი დაავიწყდა.

_ მერე, რაზე უნდა გამოაცხო, გაზი მაინც თუ გაქვთ?

_ გაზი კი არა, ნავთი არ იშოვება. სალიარი გვისხია ლამპებში. დენზე ხომ საერთოდ არ ვლაპარაკობ. ხალხი თევზაობს და ნადირობს კიდეც.

_ რაზე ნადირობენ, ნუ გადამრიე?!

_ ერთმანეთზე. სახლი არ დატოვეს გაუქურდავი. რასაც მოიხელთებენ, ყველაფერი მიაქვთ. თეთრეული, სიმინდი, ქვაბებიც კი. ფეხი რომ დაგრჩეს უშნოდ გამოყოფილი, იმასაც აგწაპნიან.

უცებ გაოფლილი ზურიკო შემოვარდა.

_ რა იყო, ბიჭო, რამ დაგაფეთა?

_ აუჰ! იქ, ეზოში რამდენი ლიმონია, იცი? _ აქოშინებული ძლივს სუნთქავს.

გამეცინა. უკან, ყანაში მანდარინია გაშენებული. ერთი 40 ძირი მაინც იქნება. ცოტა ლიმონის ძირებიცაა. აბა, ზურიკოს რა გამოეპარებოდა. ერთ წუთში მოირბინა მთელი კარ-მიდამო.

_ ბევრი ასხია? _ შევეკითხე ღიმილით.

_ ქვეყნის. მაგი რომ ახლა თბილისში მომცა… უხ! რა ფულს გავაკეთებდი! _ გაატკაცუნა თითები საღერღელაშლილმა.

_ ლიმონი და მანდარინი ჯერ მწვანეა. ლიმონს კი არა, ხილს უყურე, შე ბოთე. ნახე, რამდენია. ამდენი ხილი გინახავს ოდესმე ხეზე? _ შევაგულიანე.

ირაკლი უკვე ყურძნის ტალავერზე შემოსკუპულა და ოდესით იტკბარუნებს პირს.



* * *

ერთი საათიც არ იყო გასული, უკვე ნახევარმა სოფელმა იცოდა ჩემი ჩამოსვლის ამბავი. მეზობლები მორბოდნენ, მეხვეოდნენ დიდი ხნის უნახავს, როგორც დაკარგულ შვილს.

_ შენ გაიხარე, შვილო, როგორც მე გამახარე შენი ჩამოსვლით, _ თვალცრემლიანი ამბობს ჩემი დედინაცვალი, _ საუკუნეა, არ მინახავხარ. ასე შეიძლება, გოგო? _ საყვედურით ასავსავებს ხელებს.

_ მომიყევით ერთი, რას ჭამთ, როგორ ცხოვრობთ. თუ მუშაობთ რომელიმე? _ ყველაფერი მაინტერესებს.

_ რა ვიცი, დედა, რას ვჭამთ. რასაც ღმერთი მოგვცემს. აგერ, ახლა ლიანას სიძემ დაფნის პაკეტების «ცეხი» გახსნა და იქ ვშოულობთ ორ კაპიკს. ერთი ოცი მეზობელი მაინც დაასაქმა მაგ გახარებულმა, _ მოიწმინდა ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი.

_ მეც დამასაქმეთ ერთი, ტყუილად რომ ვზივარ, _ გამოვიდე თავი მათი ფუსფუსის შემხედვარემ.

_ შენ, თუ გინდა, შეშაზე წაგიყვან მერე. აგერ, ტყეში ავიდეთ. ნაჯახის მოქნევა ხომ არ დაგავიწყდა? _ მეუბნება ჩემი ძმა.

_ რას მაშინებ, თუ იცი. წამოვალ, აბა რას ვიზამ. შენზე ნაკლებად კი არ შემიძლია მუშაობა, _ შევმართე წარბები.

შოთიკო გვერდიდან არ მცილდება. ამოუჩრია იღლიაში ირაკლის ნაჩუქარი სათამაშოები და დიდრონი თვალებით მომჩერებია. საკმარისია, სადმე თვალს მოვეფარო, მაშინვე ყვირილით იკლებს იქაურობას:

_ ნატა მამიდა! ნატა მამიდა!

_ რას გადაეკიდე, ბიჭო, ამ გოგოს. გადი, ირაკლისთან ითამაშე! _ Aშემოუწყრა თეა.

_ არა, ამასთან მინდა! _ ჯიუტად აქნევს თავს პატარა და ჩემს ჩამოტანილ წითელ პულოვერს იზომებს, იქნებ ჩამაცვანო.

_ ერთი სათამაშო ვერ გვიყიდია ბავშვისთვის. შენ რომ მაშინ ჩამოუტანე, ახლაც იმით თამაშობს. შეხედე, როგორ გაიხარა! ესაა ცხოვრება? _ ხელი ჩაიქნია ჩემმა დედინაცვალმა.



* * *

შუადღემ მოატანა. სოფელში კვლავ სიწყნარეა. ერთადერთი ლიანა დეიდას სახლიდან ისმის ხმაური. იქ «ცეხი» მუშაობს. გადავედი მათთან. ერთი სული მაქვს, ყველა ვნახო. დაფნის მტვერში ამოგანგლული ქალები სიხარულით მეგებებიან. ზოგიერთს ვერც ვცნობ. ალბათ, ახალი რძლებია, ან უკვე წამოჩიტული გოგონები. კაცს იშვიათად თუ ნახავ სოფელში. მამაკაცების უმრავლესობა რუსეთშია გადახვეწილი ფულის საშოვნელად, ქალები კი თბილისში დადიან სავაჭროდ, ან _ თურქეთში. ყველაფერი შეცვლილია. სოფელი ტყესავით არის გამეჩხერებული.

დავუყევი სოფლის გზას. მინდა, ყველას შევუარო, მოვიკითხო. ვიცი, გაუხარდებათ. აგერ, ნათელას ეზოც გამოჩნდა. «ბიცოლამ» (ასე შეარქვეს მას ჯერ კიდევ მაშინ, როცა ახალგაზრდა იყო და ეს სახელი დღემდე შემორჩა) ჩემს დანახვაზე ეზოს დაგვა მიატოვა და ჭიშკრისკენ გამოქანდა.

_ ამას ვის ხედავს ჩემი თვალები, ჩემი ხუთოსანი გოგო (იგი მასწავლებელია) შენ შემოგევლე, შვილო! _ გადამეხვია, თან ბოდიში მომიხადა, სახლი ისეთი არეული მაქვს, ვერ შეგიპატიჟებ. ხომ იცი მარტოხელა ქალის ამბავი, ვერაფერს ვასწრებო. ახლა ვიღაც ლტოლვილები შეუკედლებია და ისინი ეხმარებიან ყანის დამუშავებაში. ისე დააწკრიალეს ეზო-კარი, მეზობლის კაცებმა ნათელას «აღორძინება» შეარქვეს თურმე.

ბიჭები გვერდით მომყვებიან. შოთიკოც თან მოგვდევს. აგერ, ლამარას სახლიც. ლამარა ჩემი კლასელის დედაა. კიბეზე ჩამომჯდარა. ხელი დავუქნიე. ვერ მიცნო, მაგრამ მიხვდა, სოფელში «უცხო ხილი» რომ ვიყავი და ისიც ჭიშკრისკენ გამოიქცა.

_ რომელი ხარ შენ! _ ხელი მოიჩრდილა.

_ ნატა ვარ.

_ რომელი ნატა, გოგო?

_ მეუნარგიების.

ხელი შემოირტყა სახეზე, ჩამეხუტა და აქვითინდა. უცებ სახლიდან ახალგაზრდა გოგო გამოვიდა.

_ ეს ჩემი რძალია, ინგა.

_ რას ამბობ! რა კარგი გოგოა! _ გადავკოცნე.

ლამარამ შინ შემიპატიჟა. უარი ვითხარი. ახლა ინგა გადამეკიდა, პირველად ხარ ჩვენთან და გინდა თუ არა, შემოდიო, არ მომასვენა. ლამარა უკვე ხმას არ იღებს. ერთხელ მითხრა და მორჩა. მივუხვდი ჩემს ტკბილ მეზობლებს. არა აქვთ საშუალება, სანატრელ სტუმარს თუნდაც მცირედით გაუმასპინძლდნენ და იმიტომაც გამორბიან ჭიშკრისკენ. როგორი დაჩიავებულია ხალხი, დაპატარავებული უსახსრობისგან. რა თქმა უნდა, მდიდარი ოჯახებიც არიან სოფელში, მაგრამ ძალიან ცოტა. ისინიც ბევრჯერ გაქურდეს, განსაკუთრებით, «მხედრიონის» შემოსევის დროს. მაშინ ზოგი მოკლეს, ზოგი დააუთოვეს და ზოგიც… ვინ იცის…



* * *

«ჩამოვლა» დავამთავრე. ამასობაში სადილობის დრომაც მოატანა. უკან ვარ გასული, ეზოში, ნარგავებს ვათვალიერებ. უცებ შოთიკო გამოიქცა.

_ მამიდა, მამიდა, ხორცი არ გინდა? დედამ ხორცი დაკლა. _ ბავშვს თვალები გაბრწყინებია. როგორც ჩანს, მისთვის დიდი დელიკატესია «ხორცი». გული ჩამწყდა.

თეამ თვალის დახამხამებაში გაშალა მაგიდა. სუფრა ერთობ ღარიბულია. შემწვარი წიწილა, ტყემლის საწებელა, ცხელი ღომი, ოდესის ფელამუში და ხილის არაყი _ ეს არის და ეს. არადა, ერთ დროს როგორ ცხოვრობდა ჩვენი ოჯახი…

_ რად გინდოდა, რატომ დაკალი ეს ქათამი, _ ვსაყვედურობ ჩემს დედინაცვალს.

_ რას ამბობ, შვილო, ათასში ერთხელ ჩამოდიხარ და ერთი სკლინტიანი წიწილაც არ დავკლა? ასე უნდა გხვდებოდე მე შენ? უღონობას რა ვუთხარი, შვილო, მაგრამ რა ვქნათ. ჭყინტი ლობიო უკვე მოილია. ძროხაც აღარ იწველება ჯერ. რაც არის, ეს არის. ახლა ამას დამჯერდით როგორმე, _ მწუხარედ გადააქნია თავი.

ამ დროს ძახილი მოისმა. ეს ლიანა დეიდაა. ხელში ერთი თავი ხმელი სულგუნი უჭირავს. კერძი შემოემატა სუფრას. მამაჩემმა დაიწყო სადღეგრძელოები. ბლომად არაყი დავლიე. კარგ ხასიათზე დავდექი. მეც მომეძალა სადღეგრძელოები. ჩემი ძმაც ამყვა, ჯემალი. ვუჭახუნეთ და ვუჭახუნეთ ჭიქები ერთმანეთს. მერე ბავშვებიც ვამღერეთ.

_ ნატა, გახსოვს პარას ინდაური რომ მიახრჩვე? _ სიცილით იხსენებს ლიანა დეიდა.

რა დამავიწყებს. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. ვითომ ჩემს ძმას ქორწილს ვუხდიდი, შევდენეთ გოგო-ბიჭებმა მეზობლის ინდაური ყანაში, მერე წავუჭირე მავთული კისერში და მოვგუდე. პარამ რომ ეს ამბავი გაიგო, ისეთი წიოკობა ატყდა, მთელი სოფელი შეიყარა. ბებიაჩემს ჩემი «გმირობა» ერთი ინდაურის ფასად დაუჯდა, მაგრამ მაშინ იმდენი გვქონდა…

_ ეს ჩვენი მთავრობა რომ სულ სამეგრელოს მოსალოდნელ დესტაბილიზაციას გაიძახის, მართალია? _ ვეკითხები მამაჩემს.

_ ვაი, ისე დაევსოთ მაგათ თვალები, როგორც ჩვენ დაგვავსეს, _ ქოთქოთებს ჩემი დედინაცვალი, _ ვის სცალია, შვილო, არეულობისა და ქუჩაში გამოსვლისათვის. ხალხმა ლუკმა-პური როგორ იშოვოს, იმაზე ფიქრობს. ვისა აქვს ახლა მაიმუნობის თავი?! მაგათ მარტო ეგ თავისი დესტაბილიზაცია ადარდებთ, თორემ ჩვენ შიმშილითაც რომ ამოვწყდეთ, ჩუმად თუ ვიქნებით, მგონი, პირიქით, გაუხარდებათ!



* * *

მზე რომ გადაიხარა, ბავშვებიანად ტყეში წავედით შეშის მოსატანად. ბავშვობის შემდეგ არ ვყოფილვარ აქეთკენ. სულ დაბურულა აქაურობა. ღრმად შევედით ტვერში. უცებ ირაკლი აწიკვინდა. თურმე, ეკალ-ბარდებში გახლართვია ტანსაცმელი. ძლივს გამოვაძვრინე. ზურიკო უარეს დღეში ჩავარდა. ცალი ფეხსაცმელი კინაღამ ტლაპოში დატოვა. რა გარეცხავს ახლა ამას!

უზარმაზარი ხეებია ირგვლივ. ძირითადად რცხილა და თხმელა. ესეც იმიტომ ვიცი, რომ მათი მეგრული დასახელება («ცხიმური» და «თხომური») ძალიან ჰგავს ქართულს. სულ დიდტანიანი ხეებია, გაშლილ მკლავებს ვერ შემოაწვდენ. მზის სხივი ოდნავ თუ ატანს მათ კენწეროებში. აქ ხეებს არ ჩეხავენ. ეცოდებათ. არჩევენ, რომელიც უკვე ხმელია, იმ ტოტებს ჩამოსხეპავენ ხოლმე. კარგა ბლომად შეშა მოვაგროვეთ და სასიამოვნოდ მოთენთილები დავბრუნდით შინ. ბავშვებმა გზის პირას აქა-იქ შემორჩენილი მაყვალიც დაკრიფეს. მე ომბალო მოვაგროვე. გავახმობ და მერე ტყემლის საწებელს ამით შევკაზმავ.



* * *

დაღამდა. ცაზე ვარსკვლავები აკიაფდა. აქა-იქ ლამპის შუქმა გამოიბჟუტა.

_ კი მაგრამ, შუქი სულ არ მოდის? _ გაოცებულმა ვიკითხე.

_ კი, მოვა 12 საათზე და ასე, სამზე წავა, ან სულ არ მოვა. არც ტელევიზორია ჩვენთვის და არც გაზეთი.

მამაჩემს თვალები დაეთხარა ჩემი მიტანილი გაზეთების კითხვით. აბა, ლამპის შუქზე რა უნდა გაარჩიო კაცმა!..

ჩვენი წასვლის დროც მოახლოვდა. ავიყარენით. მე მგონი, მთელი სოფელი მაცილებს. ზოგმა საგზლად ყურძენი მომიტანა, ზოგმა _ კარალიოკი, ჩემმა დედინაცვალმა ჩანთა მურაბებითა და დაკონსერვებული აჯაფსანდალის ქილებით ამივსო.

_ ეს სად ვათრიო, ადამიანო, არ გეცოდები?

_ აგერ, ლომივით ბიჭები მოგდევს გვერდზე, შე ქალო, რამ შეგაშინა. იმათ ათრიონ, _ ღიმილით გადახედა ზურიკოსა და ირაკლის.

ფელამუშიც კი ჩამიდეს. თეამ სახელდახელოდ ერთი დიდი ხაჭაპური გამოაცხო, ბავშვებს მოშივდებათ გზაშიო. ჩემს ძმას არაყი არ დავიწყებია. ჩემი გამოხდილია, თბილისელებს დაალევინეო, _ მითხრა.

ერთი ათი კაცი მაინც გამოგვყვა სადგურამდე. ირგვლივ კვლავ სიბნელეა. ქუჩაში სულიერი არ ჭაჭანებს. არც ერთი მანქანა. სრული უმოძრაობაა…

როგორც იქნა, ჩამოდგა ზუგდიდი-თბილისი. მატარებლის სიგნალმა გააყრუა იქაურობა. ძლივს ავდგი ფეხი ვაგონის კიბეზე. მატარებლის დაძვრამდე ფეხი არავის მოუცვლია. თავი მაქვს ფანჯარაში გაყოფილი და ვემშვიდობები ახლობლებს. შემხვედრმა სატვირთომ გრუხუნით ჩაირახრახა. ჩვენც დავიძარით. ხელს ვუქნევთ ყველას, მოვდივართ თბილისში და მურაბებთან, ფელამუშთან და კარალიოკთან ერთად, თან მოგვყვება ჩემიანებისა და მეზობლების ლოცვა-კურთხევა, ცრემლიანი თვალები და ნაღვლიანი მზერა.



* * *

ვინ არის შენი მტერი და შენი ენაო, სწორედ ჩემზეა ნათქვამი. ზურიკოს და ირაკლის შევპირდი, მცხეთობაზე წაგიყვანთ-მეთქი. რა მალაპარაკებდა. ახია ჩემზე. შაბათს ისეთი უამინდო დღე გათენდა, თქვენი მოწონებული. ჯერ იყო და, პარასკევს ღამით ქვეყანა დაიქცა, ისე იწვიმა. შაბათს კი, აბა, რაღას გამოიდარებდა. დილიდანვე ეტყობოდა, რა უჟმური ამინდიც იქნებოდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო _ სიტყვა ნათქვამი მქონდა. სპორტულად გამოვიპრანჭეთ და წავედით. თავიდანვე გავაფრთხილე ორივე: არ დამიწყოთ ახლა იქ _ ეს მიყიდე, ის მიყიდე. ფული ძალიან ცოტა მაქვს-მეთქი. მორჩილად დამთანმხდნენ.

_ ზურიკო, დედაშენი გამოჩნდა? _ შევეკითხე გზაში.

უარის ნიშნად თავი გადააქნია.

_ შენი აზრით, სად შეიძლება იყოს?

_ აბა, რა ვიცი. ამდენი ხნით არასდროს დაკარგულა, _ აიჩეჩა მხრები.

_ ხშირად იკარგება ხოლმე?

_ ეხერხება ეგეთი რაღაცები. ხან ორი დღით, ხან _ სამი. ახლა კი ორ კვირაზე მეტი გავიდა.

_ იქნებ გაგვეკითხა სადმე?

_ აბა, მე რა ვიცი, სად გავიკითხო. მაგის ამხანაგებს ისე თუ ვიცნობ, სახეზე, თორემ არც ვიცი, სად ცხოვრობენ. გუშინ მეზობელმა კაცმა გამაშაყირა, დედაშენი ალბათ, თურქეთში დატასაობსო. უხ! დიდი რომ ვყოფილიყავი, ვცემდი.

_ ვერ მოადე ერთი გემრიელად? _ ჩაერთო ლაპარაკში ირაკლი.

_ როგორ დამერტყა. ის ჩემზე დიდია, მომერეოდა.

_ აბა, ბიჭო, შენზე პატარას ხომ არ უნდა დაარტყა! მე რომ ვყოფილიყავი, კოკიუნაკს ჩავუტარებდი.

_ ეგ რაღაა? _ დაინტერესდა ზურიკო.

(გამეცინა. ირაკლი აიკიდოზე დადის და ერთ-ერთი ილეთის სახელი მოიშველია).

_ რა არის და ესაა, _ ჩაავლო უცებ მკლავში ხელი, თითები გადაუგრიხა და მიწაზე გაშხლართა.

_ ირაკლი! არა გრცხვენია, დედა? _ შევშფოთდი.

ის კი გახარებულია, ასე ადვილად რომ გამოუვიდა «კოკიუნაკი».

ზურიკოს, როგორც ვატყობ, სულაც არ სწყენია.

_ ვა! როგორ გააკეთე? მოდი, რა კიდევ ერთხელ ჩამიტარე და მეც ვისწავლი, _ შეეხვეწა.

არ დავანებე. ვის გაუგია შუა ქუჩაში ჭიდაობა!



* * *

მცხეთაში ზღვა ხალხი ირევა. მცხეთობაა დღეს. როგორც ჩანს, ესენიც ჩემსავით არიან გადარეულები. საკმაოდ ცივა. სვეტიცხოვლამდე კარგა მანძილის გავლამ მოგვიწია ფეხით. მე თითქმის დავიღალე. მგონი, ირაკლის შესცივდა კიდეც.

_ ეხ! არ უნდა წამოვსულიყავით. ცივა, _ ჩაილაპარაკა ირაკლიმ. გადავხედე. ტუჩები გალურჯებია. მიკვირს, ასეთი ჭკვიანური აზრი როგორ გაჭაჭანდა მის თავში.

_ ცოტა ჩქარა ვიაროთ და გავხურდებით, _ შემოგვთავაზა ზურიკომ. ფეხს კი ავუჩქარეთ, მაგრამ ისეთი ტალახია, ყველაფრის ხალისი გეკარგება ადამიანს.

ტაძარში შესვლა ზღაპარია. ცხვირს ვერ შეყოფ შიგნით. გადავწყვიტეთ, სანთლები როგორმე ეზოში მაინც აგვენთო, ეკლესიის კედლებთან და ახლომახლო გარემოს დათვალიერებით დავკმაყოფილებულიყავით.

ორივეს მჭიდროდ ჩავკიდე ხელი. ვიფიქრე, ამ ჯგლეთაში ბავშვები არსად დამეკარგოს-მეთქი. ზურიკოსი არ მეშინია, ისეთი კვაჭია, გაიგნებს გზას, მაგრამ ირაკლი? ნამდვილი სისიბაბოა, ტირილით გასკდება, რომ ვერ მიპოვოს. ირგვლივ უამრავი ნუგბარი გამოუტანიათ. რამდენსაც გინდა, იმდენ ბუტერბროდს, ხაჭაპურს, ფუნთუშას და ათას მამაძაღლობას იყიდი. რა თქმა უნდა, თუ ფული გაქვს.

_ დედა, მშიერი კუჭით ხომ არ შეიძლება ეკლესიაში შესვლა? _ ეშმაკურად მეკითხება ირაკლი.

შეკითხვა უპასუხოდ დავტოვე.

_ შეხედე, დე, იმ მსუქანას, როგორ ჭამს?! _ არ ცხრება და ხელით მანიშნებს ერთ ფაშფაშა ქალზე, რომელიც გულიანად ილუკმება.

_ ეს ქალი, ეტყობა, ბულკების ყლაპვაში მსოფლიო ჩემპიონია, _ ხითხითებს ზურიკო. _ ორი მოკბეჩით შეჭამა იმხელა ბულკი.

_ რაღაცა ვერ ვერთობით, _ გამოვხატე უკმაყოფილება.

_ აბა, მშიერი ადამიანი როგორღა უნდა გაერთოს, _ აიჩეჩა ირაკლიმ მხრები და ალმაცერად გადმომხედა.

გამეღიმა. ავდექი და თითო ხაჭაპური და ფორთოხლის წვენი ვუყიდე ორივეს.

გადავწყვიტე, სანთლების რიგში ჩავმდგარიყავი. ბიჭები ერთ განმარტოებულ ადგილას დავაყენე და გავაფრთხილე, ჩემს მოსვლამდე ფეხი არ მოიცვალოთ-მეთქი. ცოტა შემაგვიანდა. ერთი ოცი წუთი მაინც. უკან რომ მოვბრუნდი, პირკატა მეცა. არც ერთი ადგილზე არ დამხვდა. სად გინდა ახლა ეძებო ამდენ ხალხში შენი ზურიკო და ირაკლი. ვერ გადამირჩებიან ეს მატრაბაზები! ვბრაზობ.

აქეთ ვეცი, იქეთ ვეცი, მაგრამ, შენც არ მომიკვდე _ არც ერთი ჩანს და არც მეორე. დაძახებას აზრი არა აქვს. ამდენ ხალხში რას გააგებინებ. კარგა ხანს ვიბორიალე. უკვე შიშმა შემიპყრო. ავფორიაქდი. იქნებ პოლიციას მივმართო? ამ ფიქრებში ვარ, რომ უცებ, როგორც ზღაპრებში ხდება ხოლმე, სიმღერის ხმა შემომესმა. რაღაც მეცნაურა. უკან მოვიხედე _ ერთ ადგილას ხალხი წრედ შეკრულა. გულმა რეჩხი მიყო. ახლოს მივედი.

_ რა კარგი ბიჭები არიან, რავა გვანან ერთმანეთს. თქვენ შემოგევლეთ, _ მესმის ვიღაც ხანში შესული ქალის ხმა.

_ ცოდო არ არიან ახლა აი ბაღნები? შევარდნაძე მოუკვდა მის დედას! უნდა გამეიყვანო ახლა იმ ეკლესიიდან და აყურებიო ამათ საცოდაობას! _ არ ცხრება გულჩვილი ქალი.

_ მარტო შევარდნაძე რა შუაშია, ქალბატონო. მთავრობაა დამნაშავე, _ აუბა მხარი ერთმა ულვაშიანმა კაცმა.

წინ წავიწიე. «ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი-ი-ი!» _ ვუახლოვდები ნაცნობ ხმებს. გული გამალებით მიცემს. ნელ-ნელა გავწი-გამოვწიე სანახაობის მოყვარენი და, როგორც იქნა, წინ მოვექეცი. მოვექეცი და… რას ვხედავ!.. კუზიანს სამარის მეტი ვერაფერი გაასწორებსო, ზურიკოზეა ნათქვამი. დგანან ორივენი გზის პირას, ზურიკოს მოუხდია ქუდი, დაუდიათ შუაში, ფეხებთან და ყელმოღერებულები მღერიან ერთ ხმაში. ირაკლის ბედნიერებისაგან სახე გაბრწყინებია. «დაუკარი-ი-ით, რომ ძველ ხანჯალს…» დაიწყო ისევ პირველი კუპლეტი «დუეტმა». სირცხვილით ადგილიდან ვერ ვიძვრი. როგორ მინდა, ორივე შუაზე გავხიო, მაგრამ… ახლა რომ ვთქვა ამ ხალხთან, ჩემი შვილები არიან-მეთქი, კიდევაც გაგიჟდებიან. ჩამქოლავენ ალბათ. ეს სულ ზურიკოს ოინებია. იმისგან არ მიკვირს, მაგრამ ეს ჩემი დოყლაპია რამ გადარია? არადა, უყრიან და უყრიან კეპში ხურდებს, არავინ იშურებს… ზოგმა ქაღალდის ფულიც კი გაიმეტა. ეს ყველაფერი კი ჩემ თვალწინ ხდება, ისიც ამისთანა ზეიმის დროს.

ბოლოს ვეღარ მოვითმინე. როგორც კი დაამთავრეს სიმღერა, გაცოფებული ვეცი ორივეს:

_ მოკლედ, დროს უქმად არ კარგავთ, არა? _ დავუცაცხანე.

გარშემომყოფებმა იფიქრეს, ეს ალბათ, «კომკავშირული» დავალებით არის მოსული, სიტუაციებს აკონტროლებსო და აქეთ-იქიდან შემომიტიეს:

_ დაანებე, ქალო, თავი მაგ ბავშვებს. მიუშვი, იმღერონ, ცოდონი არიან, _ ზოგმა დამისტვინა კიდეც.

უკან გამოვიძურწე, თან ვანიშნე ორივეს, ახლავე გამომყევით-მეთქი. მათაც დასტაცეს ქუდს ხელი და სირბილით ამედევნენ. რაც შეიძლება ჩქარა მივდივარ, როგორმე გავერიდო აქაურობას. მეშინია, ნაცნობმა არავინ შემამჩნიოს. კარგა მანძილი უხმოდ გავიარეთ. ირაკლი შეშინებული ჩანს. იცის, რომ მოხვდება. ზურიკო კი უდარდელად იღიმება. ხალხი მაინც ბლომად ირევა. მისდა უნებურად გვეჯახებიან. ისე ვერ გაივლი. აბა, ახლა კი მოგეცა ლხენა! განრისხებული მოვუტრიალდი ორივეს:

_ რას ნიშნავს ეს ყველაფერი? იქნებ ამიხსნათ რომელიმემ, რაში დაგჭირდათ ეს მასკარადი? ირაკლი, არ გრცხვენია, შვილო? იმისთვის ვიკლავ თავს, რომ მათხოვრად იქცე? გამეცი პასუხი, ნუ დამუნჯდი! _ ცოფებს ვყრი.

_ კარგი რა, ნატა. ჩემი ბრალია. აპატიე, _ შემეხვეწა ზურიკო.

_ შენ რა გგონია, შე… (თავი დროზე შევიკავე). შენ კი გეპატიება, რაც გააკეთე? თუ მართლა უპატრონო გგონია შენი თავი და ყველაფრის უფლება გაქვს? _ ახლა ზურიკოს დავესხი თავს.

_ აქ ისეთი კარგი და კეთილი ხალხი ყოფილა, უფრო ბევრი ფულის მოგროვებაც შეიძლებოდა, შენ რომ არ მოსულიყავი, _ არ დაიხია უკან ზურიკომ, _ შეხედე, რამდენი გვაქვს. ახლა ყველაფრის ყიდვა შეგვიძლია. მერე რა მოხდა. ნუ ბრაზობ, რა, გემუდარები. გვაპატიე, გთხოვ, ჩემი ხათრით, _ ზურიკომ ფული ჯიბეში გააქანა, ყელი გამომიწია და ცალ მუხლზე ჩაიჩოქა ღიმილით. ის იყო, პირი დავაღე რაღაცის სათქმელად, რომ უცებ ზურიკო ადგილიდან მოწყდა და შურდულივით გავარდა. ვიფიქრე, ჩემგან გარბის-მეთქი, მაგრამ უკან რომ მივიხედე, შევაჩნიე, ვიღაც მოზრდილ ბიჭს მისდევდა. ირაკლიც გაეკიდა. იმ ბიჭს ჯერ ზურიკო შეახტა ზურგზე, მერე ირაკლი და მიწაზე გააგორეს უცნობი. ატყდა ერთი ბღლარძუნი. კივილი მოვრთე. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ბიჭმა, როგორც იქნა, გაითავისუფლა თავი და სირბილით შეერია ხალხის ტალღას. თავით ფეხებამდე ტალახში ამოსვრილი ჩემი რაინდები კი ნელ-ნელა წამოდგნენ, ძლივს ითქვამდნენ სულს… ხურდები ამოეყარათ ჯიბიდან, მიწაზე იყო მოპნეული. შემეცოდა ბავშვები. დავიწყე ხურდების აკრეფა და თან შეკითხვები დავაყარე. უცებ ზურიკოს ხელებში ჩემი საფულე დავლანდე. ახლა კი მივხვდი, რაშიც იყო საქმე. ჩანთა მოვიძიე უმალ. ადგილზე იყო, მაგრამ «ხელმარჯვე ოსტატს» მართლაც რომ ოსტატურად გაუხსნია ელვა-შესაკრავი და დიდი მზრუნველობით მიუთვისებია ჩემი საფულე.

_ კი მაგრამ, საიდან მიხვდი, საფულეს რომ მაცლიდა? _ დავინტერესდი.

_ ვიცანი შენი კაშელოკი. თან ის ბიჭიც ვიცი, მარშრუტკებს თირავს ხოლმე. 26 ნომერზე მუშაობს. ლტოლვილია, «ყორანას» ეძახიან, _ დიდი კაცივით მპასუხობს.

_ შენ სადღა გარბოდი? _ ახლა ირაკლის მივუბრუნდი.

_ მეც დავინახე, როგორ გაგიხსნა სუმკა.

_ მერე, მაშინვე ვერ თქვი?

_ რა ვიცი, ჯერ შემეშინდა. მერე ზურიკო რომ გაიქცა, მეც გავთამამდი, _ დარცხვენილმა გაოფლილ თმაზე გადაისვა ხელი.

_ აჰა! ახლა ხომ გამოვასწორეთ დანაშაული. ახლა ხომ გვაპატიებ? _ გამარჯვებული ღიმილით ამომხედა თვალმოჭუტულმა ზურიკომ.

_ ჩემი ხელით გაგაგზავნი ბავშვთა სახლში! _ ყასიდად დავემუქრე, _ აბა, აწი მიყურე მე შენ!

_ კარგი, რა? რას ერჩი იმ ბავშვთა სახლის ქალებს, დაგიშავეს რამე? ჩემი იქ გაგზავნა ნამდვილი უსამართლობა და უგულობა იქნება. ერთ კვირაში საგიჟეთში გააგზავნიან სუყველას, ისეთ რამეებს გავაკეთებ! _ იცინის ზურიკო. _ არ სჯობია, ჩვენი ფულები დავთვალოთ? _ ამ სიტყვებით ჩაიყო ჯიბეში ხელი და ხურდები ააჩხრიალა. ირაკლი ბედნიერი სახით სიცილით იცინის. გამოცოცხლდა.

_ არ გადამრიოთ ახლა და აქ ფულის დათვლა არ დაიწყოთ! _ შემოვწყერი ორივეს, _ ახლავე წავედით შინ.

_ ასე მშივრები? სახლამდე ვერ მივაღწევთ, _ აწუწუნდა ირაკლი.

როგორც იქნა, დავსხედით ავტობუსში. ბავშვები გამალებით შეუდგნენ ფულის დათვლას. «ნამღერმა ქონებამ» თითქმის 16 ლარი შეადგინა. ვაი, სირცხვილო!



* * *

_ ახალი ამბავი მაქვს შენთვის. ორი. რომლით დავიწყო, კარგით თუ ცუდით? _ ღიმილით შემეკითხა ზურიკო.

_ ცუდით, _ მოკლედ მოვუჭერი. ცუდ გუნებაზე ვარ. ამინდიც ჩემსავით უხასიათოდაა.

_ კაროჩე, დედაჩემი გამოჩნდა, _ აქ ცოტა შეყოყმანდა და ხელები მოისრისა.

_ მერე, ეგ ცუდი ამბავია, შე შტერო?! _ გამიკვირდა.

_ ჯერ მოიცა, არ დამიმთავრებია. ჰოდა, მოათრია ვინცხა რიჟა რუსი. სუფთა ვანია. ეს ვიღაა-მეთქი, ვკითხე. ესაო, ჩემი სპონსორიაო. ახლა ვიზას მიკეთებს და მერე გერმანიაში წავალ სამუშაოდო. ცოტა ფულს დავაგროვებ და ერთ წელიწადში შენც თან წაგიყვანო, ასე მითხრა, _ დაამთავრა ზურიკომ.

_ ახლა სად არის დედაშენი?

_ რა ვიცი, დიდხანს არ დარჩენილა. ეგრევე წავიდა. ჭკუით იყავიო. კიდევ შემოგივლიო. შენთან მოკითხვა დამაბარა. გაგიხარდა, არა? _ სიცილი დაიწყო.

_ ნუ მაიმუნობ. მართლა რომ წავიდეს, მარტო რა უნდა ქნა? _ მე უკვე ფიქრებში წავედი.

_ არ დავრჩები მარტო!

შევხედე. ალბათ ჩემი იმედი აქვს. არ ჩავეძიე. დე, ასე იყოს. ბოლოს და ბოლოს, წამოვიდეს ჩვენთან. სადაც ერთი, იქ _ მეორე. მამამისის გამოსვლამდე რაღაცა იქნება.

_ იცი, რატომ არ დავრჩები მარტო? _ გამომცდელად შემეკითხა.

_ რატომ? _ კითხვას კითხვა დავუხვედრე.

_ აი, სწორედ ამას ეხება მეორე ამბავი. ანუ, კარგი ამბავი.

_ ხო-ო! ეგ სულ გადამავიწყდა. აბა, ერთი ჩამოკაკლე, რა ამბავია! _ ყურები ვცქვიტე.

_ ჩვენ ერთი ნათესავი გვყავს აქ, თბილისში. მამაჩემს ბებიად ეკუთვნის.

_ როგორ, ეკუთვნის?

_ აი, როგორ გითხრა, _ მოჭუტა ცალი თვალი, _ მამაჩემის ბაბუის დაა, აქეთაა გამოთხოვილი. ქმარი მოუკვდა. შვილი კიდე არ ჰყავს. დედაჩემი სულ შაყირით ახსენებდა მამაჩემს, შენი ბერწი ბებობილიო. მაშინ არ ვიცნობდი, ახლა კი…

_ მერე, მერე? _ საუბარმა რაღაც საინტერესო მიმართულება მიიღო.

_ მერე და, ამ ქალმა ჯერ კიდევ შარშან უთხრა დედას, ჩემთან გადმოდით, მაინც მარტო ვცხოვრობ, მეც მომიარეთ და თუ ჭკვიანად იქნებით, ბინას ამ ბიჭს დავუტოვებო. ჩემზე უთხრა. მეტი მაინც არავინ მყავს ქვეყანაზე, რაღა სახელმწიფოს ვაჩუქოო. დედაჩემმა კი ფეხები გააჭიჭინა, ახლავე ჩამწერე და მოგივლი, თუ არადა, არ მინდაო. შენ რომ ხვალე მოკვდე, მერე ამ ბინას ვინ მომაშავებსო. ისიც გაბრაზდა, უმადური ყოფილხარო და სახლიდან გამოაგდო შენი ნანა!

_ აბა, რას იზამდა! _ ვერ დავმალე აღშფოთება.

_ მაიცა. ჯერ სადა ხარ! _ გაშლილი ხელი ისე აიფარა წინ, თითქოს მართლა მაჩერებდა, _ მერე დედაჩემმა ერთი-ორჯერ გამგზავნა, დაენახვე, იქნებ შეუყვარდე და ბინა დავითრიოთო. მე კიდე, ხო იცი ჩემი ამბავი, ეგ შენი ბინა სულ ფეხებზე მეკიდა, მაგრამ ისეთი საწყალი ქალი იყო, მეცოდებოდა. ნამცხვარი და შოკოლადი მიმქონდა ხოლმე. ერთი ბეწოა, გაწრიპული, ძლივს დაფახფახებს.

_ რა ჰქვია იმ ბებოს?

_ რა ჰქვია და… მოიცა… ხო, გამახსენდა. ლუბა ჰქვია. ადრე თურმე პურს ყიდდა მეტროსთან. ახლა რევმატიზმმა შეაწუხა და ასე თქვა, ფეხზე დიდხანს ვერ ვდგებიო.

_ სად ცხოვრობს?

_ აქვე, ახლოს. რა ჰქვია იმ უბანს, არ ვიცი. ნინოშვილის ქუჩაზე.

_ ჰო, რა მნიშვნელობა აქვს. მერე, მერე, გააგრძელე.

_ ხოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, გუშინწინ ლუბა ბებია ისევ მოვიდა. ჰმ, უნდა გაცინო ახლა. ეს შენ გიყიდე საჩუქრად, 10 ლარი მივეციო. რაღაც გაზეთში გახვეული გამომიწოდა. გავხსენი. რაცხა ძველი მოქსოვილი პულავერი იყო, ეტყობოდა, ნახმარი რომ იყო. დიდის ამბით დაუუთოვებია, დაუკეცია და მომიტანა. მეც ვითომ ვერ მივხვდი. მადლობა-მეთქი (წელში მოიხარა და ხელი მკერდზე დაიდო დიდი მოწიწებით), ვუთხარი.

_ რა ქნას ბიჭო, ცოდოა! _ შევიწყალე ლუბა ბებია.

_ არაფერი, კაცო. ვინ რას ამბობს. მეც ახლა სულ ნაირნაირები მაცვია, თუ რა. გამომადგება. თბილია და ზამთარში ჩავიცვამ.

_ გუშინ რაო, რა მინდაო, ჩემთან წამოდიო?

_ ჰო, ჩემთან იცხოვრეო. მე შენი არაფერი მინდა, ოღონდ მარტო არ დამტოვოო. ეშინია თურმე, ღამე ძილში არ გაიპაროს. თანაც, «გამაცადინებო» (კვდება სიცილით). შენ ასე ნუ მიყურებ, მე ძველი პე-და-გო-გი (ხაზი გაუსვა სიტყვას) ვარო. დაწყებით კლასებში ვასწავლიდიო.

ზურიკომ ხითხითი დაიწყო, თან გააგრძელა:

_ შენ დედაშენს არ უსმინო, არ არის კარგი ადამიანი, მაგარი ხვითოაო. ანდერძს დავწერ შენს სახელზე ისე, რომ ნანას ა-არა-ფერი (ხმა დაიწვრილა) ერგოსო, _ გამოაჯავრა დიდ ბებიას.

_ მაგას რა სჯობია. რამდენი ხანია, კარგი ამბავი არ გამიგია, _ ძლივს გავიღიმე.

_ შენ რაღა გჭირს?

_ რა ვიცი, რა არ მჭირს. ყველაფერი მჭირს, რაც უ-ზე იწყება: უხასიათობა, უფულობა, უშუქობა, უწყლობა და ყველა უ-ბედურება.

_ მაგი მეც მჭირს ხანდახან, მაგრამ ცხვირი კი არ ჩამომიშვია. უ-ს დედაც ვატირე. ბევრს თუ იფიქრებ, მალე დაბერდები. გაიგე? ა! შემომხედე, რა ჭკუამხიარული ვარ! ნუ გეშინია. მე, ვერ ხედავ, ამ «სიბერეში» ბებობილი რომ გამომიჩნდა? _ ისევ ახითხითდა.

_ გინდა, წავიდეთ, გაგაცნობ, _ უცებ მოუვიდა იდეა.

_ სად? ვინ? _ იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, უცებ ვერ მივხვდი, ვისზე მეუბნებოდა.

_ პედაგოგი ლუბა, ანუ მამაჩემის ბებია, _ განმიმარტა.

_ ა-ახლა არა, დრო არ მაქვს.

_ ახლა არა. აი, თუნდაც, ხვალ, _ კვლავ მოჭუტა თვალები და გამომცდელად გამომხედა.

_ კარგი, ხვალ შეიძლება. მოიცა, მე რა შუაში ვარ? _ როგორც იქნა, დავიდა ჩემამდე.

_ ისე, პროსტა, არ გაინტერესებს?

_ კი მაინტერესებს, მაგრამ… რა ვიცი, უხერხულად არ გამოვიდეს.

_ რა უხერხულად! გაუხარდება კიდეც, ხმის გამცემს რომ ნახავს. ზუსტად ჩემნაირი ჭკუისაა. შენ მოგეწონება. ნამცხვარი ვუყიდოთ და კამფეტები. ტკბილეულობა უყვარს.

_ კარგი, წავიდეთ. მაშინ ხვალ ისევ აქ შევხვდეთ ერთმანეთს, არა? _ ავხედე «ბავშვთა სამყაროს» შენობას.

შევთანხმდით.



* * *

ცრის. საკმაოდ ცივა. იმდენი მაცვია, კომბოსტოსავით ვარ შეხვეული. კარგა ხანია, ერთ ადგილს ვტკეპნი. ზურიკო კი არ ჩანს. რატომღაც შეაგვიანდა. საათს დავხედე. სამი დაიწყო.

«რა პარაზიტი ბავშვია!» _ თავს ვაქნევ… უცებ დავინახე, როგორ შურდულივით გამოვარდა ჯიხურებს უკნიდან. ერთიანად სისხლში იყო მოთხვრილი.

_ რა იყო, რა მოხდა! რა დაგემართა? _ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი.

_ წამო, ჩქარა, გეხვეწები. იქ… ერთი ბიჭია. მე მგონი, მოკვდა. არ ვიცი… _ სწრაფად მომაყარა.

ფეხები ამიკანკალდა. ვიგრძენი, გული როგორ გამიხდა ცუდად. მაჯაში ჩამავლო ხელი და წამათრია. მეც გავიქეცი. ბორჯომის ვაგზლისკენ აუხვია. დარბაზში აქა-იქ ირევა ხალხი. მოშორებით მიწაზე დაგდებული ბიჭი შევაჩნიე. ასე, თხუთმეტიოდე წლის იქნებოდა. პერანგი ამოჩაჩოდა. შიშველი წელი უჩანდა. ძლივს მივაღწიე იქამდე. ხელით შევეხე, გულდაღმა ეგდო. გადმოვატრიალე. სახეზე ფერი არ ედო. სიცოცხლის ნატამალი არ ეტყობოდა. ყვრიმალზე თითი დავადე. მგონი, სადღაც რაღაც ფეთქავდა. ცხვირი გასისხლიანებული ჰქონდა და გასიებული. როგორც ჩანს, რაღაც მძიმე ჩაარტყეს. შევაჯანჯღარე:

_ ბიჭი, ბიჭი! _ დავიწყე ძახილი, იქნებ გონს მოვიდეს-მეთქი. თავი გვერდზე გადაუვარდა.

_ ჩაპო, გესმის? მე ვარ, ზურიკო! _ ახლა ზურიკომ შეახო ხელი.

_ წადი, ვინმეს დაუძახე. ჩვენ ამას ვერ მოვერევით, _ დავსაქმე ზურიკო, თან ბიჭი კარგად შევათვალიერე, დაჭრილი არ იყოს-მეთქი.

_ ვის დავუძახო? _ დაიბნა.

_ ვისაც გინდა, რა ვიცი. ვისაც ნახავ. თუნდაც პოლიციას.

…რამდენიმე წუთის შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანამ გონდაკარგული ჩაპო, მე და ზურიკო საავადმყოფოში გაგვაქანა.



* * *

ჩაპო, მართალია, გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ ექიმებმა ტვინის შერყევა დაუდგინეს. თანაც, საკმაოდ ძლიერი. მოუწევს რამდენიმე დღე საავადმყოფოს კედლების ხეხვა. მე დავაფრიალებ ჩემს პირადობის მოწმობას. მეშინია, ბავშვს არაფერი დააკლონ. საწყალი დედამისი! რა დღეში ჩავარდება, ამ ამბავს რომ გაიგებს!

როგორც იქნა, ზურიკო დავიმარტოხელე.

_ მომიყევი ერთი, რა ხდება, ვაჟბატონო! ვინ არის ეს ჩაპო და რა დააშავა? _ ჯერ კიდევ ვერ დავწყნარებულვარ.

დაიწყო მოყოლა:

ჩაპო მის მეზობლად ცხოვრობს, ნახალოვკაში. 14 წლისაა. მამა მოუკვდა. ობოლია. დედა ქუჩაში დგას და ვაჭრობს. ხილ-ბოსტნეულს ყიდის. ჩაპოც ვაჭრობს, ოღონდ _ ქამრებითა და პასტებით. ახალი დაწყებული აქვს მუშაობა და ჯერ ყველაფერში ვერ გარკვეულა. ორი დღის უკან ჩამოუვლიათ ბიჭებს «წილის» ასაღებად. ჩაპოს კი არ მიუცია: «მე თქვენი დაყენებული არა ვარ აქ. არავისი არაფერი მმართებს. ვისაც აქვს მოსაცემი, იმან მოგცეთო».

_ შენც ასე გთხოვენ «წილს?» _ შევეკითხე ზურიკოს.

_ მე ახლა ვეღარ მიბედავენ. გაიგეს მამაჩემის ამბავი და საერთოდ არ მაწუხებენ. ის კი ერთი საწყალი ბიჭია… მერე ჩემთან მოვიდა. მომიყვა ყველაფერი და მთხოვა, იქნებ დამეხმაროო. მე თვითონ ძლივს რაღაცას ვაკეთებ, მაგათ რაღა მივცეო. შემეცოდა. ავედი უბანში. ვნახე ერთი-ორი კაი ბიჭი და მოვუყევი. დღეს ჩამოვედით ვაგზალზე. იცი, რამდენი შეგროვდნენ? ჩვენ ერთი რვა ვიყავით, ისინი კი თხუთმეტნი მაინც იყვნენ. დაიწყეს საქმის გარჩევა. ის ვალერა, ვინც ფულს ითხოვს, მაგარი ვირი ვინმეა. ვერაფერს შეაგნებინებ. მეკუთვნის და მორჩაო, მოუჭრა ჩვენებს. მერე, რა ვიცი, უცებ გაიწიეს ეთრმანეთზე. ზოგი ვაშველებდით. ბოლოს ისე აირია ყველაფერი, ვინ ვის ურტყამდა, ვერ გაიგებდი. ამ დროს ჩაპო დავარდა. უცებ! რაზ და გაიშხლართა. იმ ვალერამ ჩაარტყა რაღაც. ვერ დავინახე, რა ეჭირა. დანა არ იყო. არც იარაღი ჰქონდათ. დავიწყე ყვირილი, მივვარდი ვალერას. იცი, რამხელა ბიჭია? აი, ამხელა (ხელით მოზომა). ერთი მთხლიშა ცხვირში და მეც იქვე გამაგორა. როცა წამოვდექი, ყველანი გაქცეულები დამხვდნენ. ჩაპოსთან მივედი. როგორ შემეშინდა, იცი? მკვდარი მეგონა, სულ სისხლი სდიოდა.

_ რა უნდა ვქნათ ახლა, პოლიცია ამას ასე არ დატოვებს.

_ არ ვიცი.

ამ დროს პოლიციელები დაბარებულებივით გამოჩნდნენ. ორნი იყვნენ. ერთს პაპკა ჰქონდა ამოჩრილი, მეორე გასაღებს აჩხრიალებდა ხელში. ალბათ, ექიმმა თუ გამოიძახა.

_ ნეტავ, მიხვდებოდეს ისე შენი ჩაპო და არ იტყოდეს, რა მოხდა! _ ვინატრე.

_ არ იტყვის. არ იცი, როგორი მაგარი ბიჭია. მოკვდება და არ იტყვის.

_ ჰო, მაგრამ რაღაც ხომ უნდა თქვას? ჩვენ ხომ არ ვიცით, რას მოიგონებს? _ საგონებელში ჩავვარდი.

«ახლა ჩვენც დაგვკითხავენ ალბათ», _ ამის გაფიქრებაზე უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა.



* * *

ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდა. ჩაპოს უთქვამს, ვიღაც ბიჭები ჩხუბობდნენ, გინების ხმა ისმოდა, მისაშველებლად მივვარდი და რაღაც მაგარი მომხვდაო. მერე არაფერი მახსოვსო. არ ვიცი, ვინ არიან, ვაგზალზე იმდენი ხალხი ირევა, მე რა ვიცი, ვინ იყვნენო.

მერე მეც დამიძახეს. დაახლოებით იგივე გავიმეორე. თითქოს მოლაპარაკებულები ვიყავით. ჩაიწერეს ჩემი მისამართი, ტელეფონი, თუ რამე იქნება, გამოგიძახებთო…

_ შენ იცი, ის ვალერა სად ცხოვრობს? _ გადავხედე ზურიკოს, ქუჩაში რომ გამოვედით.

_ ვიცი, მერე რა?

_ წამო, მივიდეთ მის მშობლებთან.

_ გაგიჟდი? იქ რა გინდა? _ შეიცხადა.

_ რა მინდა და ბავშვი რომ ასეთ დღეში ჩააგდეს, კეთილი ინებონ და მკურნალობის ფული გადაიხადონ.

_ უჰ! მაგენი ისეთი ძუნწები არიან, რას გადაიხდიან! _ შორს დაიჭირა ზურიკომ.

_ შენ მიმიყვანე და თუ არ გადაიხდიან, მაგასაც განახვებ…

ავასკდით აღმართს (ადგილს შეგნებულად არ ვასახელებ). კარი ვალერას მამამ გაგვიღო:

_ გამარჯობათ, მე პოლიციის სამმართველოდან ვარ. მაიორი მეუნარგია. თქვენი ვაჟი შინ არის? _ რაც შეიძლებოდა, ოფიციალური სახე მივიღე.

_ ჯერ არ მოსულა, _ გაკვირვებული დარჩა ოჯახის უფროსი, _ რაშია საქმე? რა დააშავა?

წვრილად მოვუყევი, რაც მოხდა. ბოლო სიტყვა ჩემზეა:

_ ჯერ საქმე არ არის გახსნილი. ეს ჩემზეა დამოკიდებული. თუ თქვენ ბიჭის მკურნალობის ფულს გადაიხდით, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება, _ სანდომიანი ღიმილით ვეუბნები ვალერას მამას.

მან უნდობლად შემომხედა.

_ არა, მე კი არ ვითხოვ ფულს. ახლა თქვენ წამოხვალთ საავადმყოფოში, დაელაპარაკებით ექიმს, თანხაზეც შეუთანხმდებით და იქ გადაწყდება ყველაფერი, _ ჩავაგდე მანდილი.

მამამისი უსიტყვოდ დამყვა. ჩავსხედით მის მანქანაში და გავგრიალდით…

ექიმმა გულდასმით მოგვისმინა. ყველაფერი მოგვარდა. 300 ლარში გამოვლენ ვალერას მშობლები. ეს დიდი შეღავათია. ზურიკოც იოლად გამოძვრა და მეც შვებით ამოვისუნთქე.



* * *



ამ ამბის გამო ზურიკოსთან დიდი შეხლა-შემოხლა მქონდა. მაგრად ვეჩხუბე და გავაფრთხილე, თუ ასე გააგრძელებდა, თვალით არ დამნახვებოდა. შედეგი?

…კვირაზე მეტია, ზურიკოს ვერ ვპოულობ. მთელი ბაზარი გადავქექე, ვის არ მივმართე, ვის არ ვკითხე, მაგრამ მის ასავალ-დასავალს ვერ მივაგენი. ცამ ჩაყლაპა, თუ მიწამ, არავინ იცის. რა მეშველება? ვგრძნობ, როგორ მეწურება გული. თითქოს დამძიმებული ვარ. იქ, სიღრმეში, რაღაც მაწუხებს, ძალიან მაწუხებს. მისამართიც რომ არ ვიცი? რა სულელი ვარ. როგორ ერთხელ მაინც არ დავინტერესდი, სად ცხოვრობდა. ახლა მამამისს ხომ არ დავადგები ციხეში. გამწეწავს კიდეც… ცრემლები მახრჩობს. რამდენი ღამეა, არ მიძინია… პოლიციაშიც ვიყავი, ბავშვთა სახლებიც «გადავქექე», მაგრამ… თქვენც არ მომიკვდეთ. აორთქლდა ბავშვი. ვინმემ ხომ არ… ამის გაფიქრებაც არ მინდა. სიმწრისაგან ლამისაა, თითები დავიჭამო…

კიდევ ერთი კვირა გავიდა. ახალი ვერაფერი შევიტყვე. ვეძებ გამწარებული. კივილის ხასიათზე ვარ. თითქოს ქვები მხრებზე. თითქმის ყოველდღე ბაზარში გავდივარ, იქნებ სადმე თვალი მოვკრა, ან იქნებ რამე გავიგო. არა და არა. მორჩა. დაიკარგა. ავად ხომ არ გახდა? ხომ არ დაჭრა ვინმემ? სადმე ხომ არ ჩააგდეს? უსიამოვნო კითხვები არ მშორდება. რა ვქნა, რა წყალში ჩავვარდე… ირაკლიც ჩემ დღეშია. გამუდმებით ზურიკოზე მეკითხება. დაიტანჯა ბავშვი… მე უკვე ყველანაირი იმედი გადამეწურა. ახია ჩემზე. ბოლოს და ბოლოს, მომეკიდა ხელი და წამეყვანა ჩემთან, შინ. სადაც ერთი, იქ _ მეორე. რა მოხდებოდა. რასაც მე ვჭამდი, იმას ვაჭმევდი მასაც. მერე მამამისიც გამოვიდოდა ციხიდან და რაღაც იქნებოდა. ჩემი ბრალია, ჩემი!.. თვალცრემლიანი გავემართე სამაშრუტო ტაქსებისკენ. ეს პირველი შემთხვევაა, ბაზრიდან რომ ხელცარიელი ვბრუნდები. არაფრის ყიდვის თავი არა მაქვს, არც ხალისი. ძლივს ჩავჯექი მანქანაში. ცრემლიანი თვალებით ვერაფერს ვხედავ. გვერდით ქალი მიზის. მეკითხება:

_ ცუდად ხომ არა ხართ, ქალბატონო? ვალიდოლი მაქვს…

_ არა, გმადლობთ, _ დალაპარაკების სურვილიც არ მაქვს. საკუთარ ხმას ვერ ვცნობ…

გზა არ დაილია. ერთი სული მაქვს, შინ როდის მივალ. შევწვები ლოგინში, იქნებ გავთბე მაინც. როგორც იქნა, ავაღწიე მეცხრე სართულამდე. გასაღები ძლივს მოვძებნე ჩანთაში, მერე ძლივს მოვარგე კარს, მერე ძლივს გადავატრიალე, ჩამოვწიე სახელური და ის იყო, ოთახში უნდა შევსულიყავი, რომ უცებ ზურგს უკან მესმის:

_ ლიმონი არ გინდა, ლამაზო, იაფად მოგცემ…



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან კარგი იყო თბილი საინტერესო, ,ტკივილით და ცოდვამადლით გაჯერებული ისტორია , სადაც ადამიანობა და არა ადამიანობა პაექრობს, ის დრო ,როდესაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

 


№2 სტუმარი ანათეა

ეს ისტორია გაგრძელებას.იმსახურებს

 


№3  offline წევრი Mariapipinova

ანათეა
ეს ისტორია გაგრძელებას.იმსახურებს



დავდებ მეორე ნაწილსაც < 3
--------------------
M.P

 


№4 სტუმარი სტუმარი მაია

ეს ისტორია სვეტა კვარაცხელიასია და აქვს გაგრძელება საუკეთესო დასასრულით

 


№5  offline წევრი Mariapipinova

სტუმარი მაია
ეს ისტორია სვეტა კვარაცხელიასია და აქვს გაგრძელება საუკეთესო დასასრულით


კი ასეა !
--------------------
M.P

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent