მანქურთი (სრულად)
1989 წელს, 9 აპრილის ტრაგედიიდან ორი თვის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე ორი წლით ადრე, ივნისის თვეში, როცა ბრძოლით გადაღლილ, სისხლით მოსვრილ ქვეყანას სიცხე ეპარებოდა, ღმერთისგან მივიწყებულ, ერთ მივარდნილ სოფელში, ბიზნესმენი კონსტანტინე მახათელის ოჯახში, გვარის პირველი ვაჟი დაიბადა. სიამაყით დასცქეროდა დედის მკერდზე მისვენებულ, ატირებულ ბავშვს შუახნის მამაკაცი და ღმერთს მადლობას უხდიდა, რომ გვარის გამგრძელებელი გამოუგზავნა. თოფი გავარდა იმ დღეს სოფელში, თითქოს ბოლო მოეღო მტრულად გასროლილ ტყვიებს და ბედნიერების ზარი შემოჰკრა მომაკვდინებელმა იარაღმა. აპრილის ტკივილს ებრძოდა საქართველო ჯერ კიდევ. მოუშუშებელ იარებს დასტიროდნენ ძაძით შემოსილი დედები. საფლავებს რთავდნენ ყვავილით მგლოვიარე ქართველები. წუხდნენ ტკივილზე აგებულ გამარჯვებას, ღიმილი ვერ უპობდა სახეს ვერავის. იჯდა თბილისიდან ძალიან შორს კონსტანტინე მახათელი, ხელებში მოექცია თავისი ერთადერთი შვილი და როგორც საგანძურს, ისე ევლებოდა თავს. ღიმილი ერთმეოდა სახიდან ბავშვის უბრალო წამოტირებაზეც კი. არ ეთმობოდა ჯერ კიდევ უსახელო ახალშობილი, ხვეწნით ულოცავდა ხელში რძით მკერდდაბერილ ცოლს, რომელსაც კოპები შეეკრა უკმაყოფილოდ. ახალ ნამშობიარებს მთელი სხეული დაჰბეგვოდა. ხვნეშით ხვდებოდა ძუძუს თავების აუტანელ ტკივილს. ჯერ კიდევ ვერ გამოსულიყო მდგომარეობიდან და ნერვები ეშლებოდა, შვილით შეპყრობილის ყურადღებას რომ ვერ იმსახურებდა. - რა დავარქვათ? - გვერდით მიუჯდა ქმარი. ღიმილს ვერ იკავებდა, ხელები ექავებოდა აღტაცებისგან. - შენ რას ფიქრობ? - ცხვირზე ეფერებოდა შვილს განაბული. თვალები ეხუჭებოდა დაღლილობისგან. - ნოვა ხომ არ დავარქვათ? - კმაყოფილი გაიჯგიმა იდეით თავბრუდახვეული. - ნოვა? - ურწმუნოდ ჩაეკითხა. იცოდა, ერთს თუ იტყოდა, მერე აღარ გადაიფიქრებდა და ეშინოდა, შვილის მომავალი უშნო სახელით არ დაემახინჯებინა. - ნოვა, როგორც რაღაც ახლის დასაწყისი, - თვალები უციმციმებდა. უჩვეულოდ აღგზნებოდა ხმა. ცოლმა გაიფიქრა, ერთად ცხოვრების 10 წლის მანძილზე, ასეთს პირველად ვხედავო. - გოგოს სახელი არაა? - ნოვა ვარსკვლავია, ანნა. უეცრად მოსული, აკაშკაშებული, დამაბრმავებლად ლამაზი და გამორჩეული. ასეთი იქნება ჩვენი შვილი. ასეთი იქნება მისი სახელი. ნოვა მახათელი. ხმა აღარ ამოუღია ქალს. უჩუმრად განაგრძო მიძინებული ბავშვის გამოკვება. ხვდებოდა, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. უშვილობაში გატარებული წლების შემდეგ, ქმარს ასეთი წვრილმანის გამო გულს ვერ ატკენდა. თუმცა მან კარგად იცოდა, რომ ნოვა ორი ვარსკვლავის განადგურებით წარმოქმნილი მშვენება იყო. ის ისევე ქრებოდა, როგორც ჩნდებოდა. გამორჩეულად ტკბილი ბავშვობა ჰქონდა ნოვა მახათელს. ადამიანი ვერ იფიქრებდა, რის გაკეთება არ შეეძლოთ მშობლებს მისთვის. ზედმეტად მიაჩნდათ გადამეტებული ყურადღება მეზობლებს და ზურგს უკან გემრიელად ჭორავდნენ შვილით დაბრმავებულ წყვილს. კონსტანტინე ყელმოღერებული საუბრობდა ყველგან თავის ბიჭზე. შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ ერთხელ მაინც არ ეხსენებინა წარმატებით ნასწავლი ახალი ლექსი. ასე დაიწყო ბაღის ასაკიდან და ასე გაგრძელდა სკოლის დამთავრებამდე. ამასობაში, საქართველომ კუთვნილი თავისუფლება დაიბრუნა. დაღვრემილმა ერმა თავიდან ისწავლა ღიმილი. საუკუნის ცვლილება დაეტყო შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე პატარა ქვეყანას. გალაღებულმა საზოგადოებამ თავისუფალ ცხოვრებას გაუგო გემო. მოკვდა მონობაში გატარებული დაძაბული წლები. თავდახრილი ქვეყანა წელში გაიმართა და კაცს მოწყურებული ქალივით გადაუხსნა მკერდი მშვიდობიან მომავალს. მომავალს, რომელშიც აღარ ელოდნენ მოულოდნელ უბედურებას. სკოლას ამთავრებდა ნოვა მახათელი. მამის საამაყო შვილი გამხდარიყო. ერთხელაც არ მიუცია ოჯახისთვის თვალის დახრის საბაბი, ყოველთვის გამოირჩეოდა თავის თანატოლებში. მეტად მზრუნველი, კეთილი, თუმცა უტყვი გამხდარიყო. ბევრი საუბარი არ უყვარდა და სწორედ ამიტომ, ხშირად აწვალებდნენ თავისი ასაკის ბიჭები. ნელ-ნელა იცვალეს დამოკიდებულება მუდამ წიგნის კითხვაში გართული ბიჭის მიმართ. ჯერ იყო და, ყველას მასთან მეგობრობა უნდოდა, რადგან მახათელების ერთადერთი შვილი თითით საჩვენებელ მოსწავლედ ქცეულიყო. მერე აღიზიანებდათ თავიანთი მშობლების ჭკუა-დარიგებები კარგი განათლების უპირატესობებზე, რომლის მთავარ მაგალითადაც ნოვას იშველიებდნენ. ნოვას ახარებდა ახალ-ახალი ინფორმაციის მიღება და შეთვისება. თავისთვის საინტერესო თემებზე საუბარიც უყვარდა, თუმცა ფუჭად დროს არასდროს ხარჯავდა. ნაკლებად ცნობილ წიგნებს დაეძებდა სოფლის ერთადერთ ბუკინისტთან, რომელიც მისი ყველაზე ახლო მეგობარი გამხდარიყო. ჭაღარაშერეული კაცი ყოველთვის ხელგაშლით ეგებებოდა და წინასწარ გამზადებულ წიგნებს უკვე წაკითხულში უცვლიდა. ნოვას მოსწონდა, უსიტყვოდ რომ ესმოდათ მისი და სწორედ ამიტომ ფიქრობდა, რომ ბევრი ლაპარაკი საჭირო უბრალოდ არ იყო. დარდს მოეცვა უფროსი მახათელი. ის დრო მოსულიყო, შვილს უნივერსიტეტში რომ უნდა ჩაებარებინა. ჯერ კიდევ ვერ გაეანალიზებინა, სად გაფრინდა ამდენი წელი. დაძაბულობა სუფევდა მთელ სახლში, ხმას ვერ იღებდა ზედმეტად ვერავინ. თითის წვერებზე დაიარებოდა ანნა, ქმარი რომ არ გაეღიზიანებინა. პრობლემები შეჰქმნოდა ბიზნესში კაცს, უცხოელ პარტნიორებს ელოდებოდა სოფელში რამდენიმე დღეში. ღელავდა, საქმის ჩავარდნა არ აწყობდა. ამას ემატებოდა შვილთან განშორების მოახლოებული დროც და გულს ვერ უდებდა ვერაფერს. ოთახიდან იშვიათად გამოდიოდა, იჯდა და რაღაცას წერდა გამუდმებით. წიგნებს ჩაჰკირკიტებდა და ამის შემყურე ანნა ფიქრობდა, აი, ვის დაემსგავსა ჩემი შვილიო. - თურქები სამ დღეში აქ იქნებიან, - ბოლთას სცემდა კონსტანტინე, - თარჯიმანი მჭირდება. სად ვიშოვო? უღონოდ აიჩეჩა მხრები ანნამ. წარმოდგენა არ ჰქონდა, რით შეიძლებოდა დახმარებოდა. - ინგლისურად თუ საუბრობენ, მე დაგეხმარები, - წიგნიდან ცხვირი ამოჰყო ნოვამ. შეჩვეული იყო მამის ემოციურობას, მუდამ უარყოფით ენერგიას, რომელსაც ოჯახის თავი უხვად აფრქვევდა თბილ კედლებში. - საერთოდ არ მინდა, რომ მათ დაენახო, ნოვა, - გამაფრთხილებლად სწევს თითს. შიში ეპარება ხმაში. - რატომ? - წინააღმდეგობა იგრძნობა გაურკვევლობით სავსე ერთადერთ სიტყვაში. - ასე აჯობებს. წარმოდგენა არ მაქვს, რა ხალხია. რამე უბედურებას არ გადავეყაროთ. ვერ ვენდობი უცხო ქვეყნის შვილს. - მერე, რომელ უნდობლობაზე აგებულა ბიზნესი, მამაჩემო? - გითხარი, არა-მეთქი. ნუ შემეწინააღმდეგები. - არც მიფიქრია. შემოგთავაზე უბრალოდ, - მხრების აჩეჩვით უბრუნდება წიგნს. ლოყები უხურს სიბრაზისგან. ყელში აწვება უსამართლობის შეგრძნება. ხმამაღლა უნდა იყვიროს, რომ დიდი ხანია გაიზარდა, მაგრამ გაჭირვებით გადაყლაპულ ნერწყვს ატანს საყლაპავში გაჩხერილ სიტყვებს. უხმოდ ეთანხმება ქმრის აკრძალვას სავარძელში მოთავსებული დიასახლისი. სიყვარულით სავსე თვალებით შეჰყურებს ბრაზისგან გადაჭარხლებულ შვილს და, მართალია, გული ეწურება მისი მდგომარეობის გამო, მაგრამ მადლიერია, წინააღმდეგობას რომ აღარ უწევს. ახლა უფრო მეტი მონდომებით ქსოვს პატარა ფაჩუჩებს, რომელსაც მომავალში თავის შვილიშვილს გადასცემს. იმ ღამით არც ერთ საძინებელში შუქი არ ქრება. წიგნის ბოლოში გასულ ნოვას დიდხანს ესმის მშობლების ოთახში ახმაურებული მამის მძიმე ნაბიჯების ხმა. სამი დღის შემდეგ გაქრა მოლოდინი, რომ მომავალი ბიზნეს პარტნიორები ჰორიზონტზე გამოჩნდებოდნენ. ცხოვრებაზე ხელჩაქნეულივით მოთქვამდა ყოველ საღამოს კონსტანტინე. წინასწარ გლოვობდა აუსრულებელ გეგმებს. ამიტომაც გაუკვირდა ნოვას, როცა ერთი კვირის თავზე, მასწავლებლიდან სახლში დაბრუნებულს, ეზოში ხალხმრავლობა დახვდა. უცხო ტანისამოსში გამოწყობილ თურქებს შორის რამდენიმე არაბს ამჩნევს. კანდურათი შემოსილი, სახე დაფარული უცხოელის თვალები ავად ელავენ. კართან მისულს ეღობებიან, საკუთარ სახლში შესვლის უფლებას არ აძლევენ. სისხლი აწვება ბრაზისგან ნოვას, მისი ახალგაზრდა გული, ახალგაზრდული შლეგი ვერ ითმენს წინაღობად ქცეული ადამიანის სხეულს. ხმა უბოხდება შეურაცხყოფილს, თავის მიწაზე სხვა რომ უბედავს რაიმეს აკრძალვას. ქართულად მიუთითებს, ჩამომეცალეო. გაყინული მზერა არ ულღვება არაბს, ცეცხლი უგიზგიზებს შავ თვალებში. - ჩამომეცალე-მეთქი, - ენას არ იცვლის ქართველი. რამდენიმე უცხოელი კრუგში აქცევს ერთმანეთთან მიახლოებულ სხეულებს. თურქი გამოდის ოთახიდან, უხმოდ ათვალიერებს ახალგაზრდას. მისკენ ბრუნდება არაბი და უსიტყვო ბრძანების შემდეგ, გვერდით იწევა ერთი ნაბიჯით. თვალს არ აშორებს თეთრ სამოსში გამოწყობილ ახალგაზრდა კაცს ნოვა. თმის ძირები ეწვის, პროტესტის გრძნობა ჭამს. რამდენიმე ნაბიჯს დგამს წინ და კარს მიღმა უჩინარდება. უკან შემორჩენილი სხვადასხვა ქვეყნის შვილები ერთმანეთში სიტყვას ცვლიან. მისაღებ ოთახში, იქ, სადაც, როგორც წესი, ოჯახის თავი ზის ხოლმე, უცხოტომელი ხვდება. შორიდან ათვალიერებს ულვაშ აპრეხილს, რამდენიმე წამით მათი მზერა ერთმანეთს ეკვეთება. მაშინვე ფეხზე იჭრება კონსტანტინე მახათელი, თავის დაკვრით უხდის ბოდიშს სტუმარს და შვილს თავისი ოთახისკენ მიაცილებს. უკვირს მამის ასეთი მორჩილება, ხმას ვერ იღებს ენაწართმეული. - ოთახიდან არ გამოხვიდე, ნოვა. გამოსვლა არ გაბედო. საღამო ხანს, როცა მახათელების სახლში სიჩუმე ისადგურებს და სამნიღა რჩებიან მხოლოდ, ნოვა ოთახიდან გამოდის და მისაღებში მჯდომ მშობლებს კარიდან აკვირდება. თავზე ხელშემოდებული მამა თავისთვის ბუტბუტებს. ვახშმის მომზადების პირი არ უჩანს საფიქრალში გადაშვებულ ანნას, რომელსაც ქსოვისთვისაც კი მიენებებინა თავი. - როგორ დამთავრდა შეხვედრა? - კითხვის დასმას ბედავს უმცროსი. სიჩუმე გამეფებულ კედლებს მისი მშვიდი ხმა არღვევს. - ეგ შენ არ გეხება. ჭამე და დაიძინე, მასწავლებელი არ გყავს ხვალ? - თავაუღებლად ეპასუხება. - თურქებთან არ გქონდა შეხვედრა? არაბებს რაღა ესაქმებოდათ? - ანნა, - ყურადღებას არ აქცევს შვილის კითხვას, - მაგიდა გაშალე, ადრე დავწვებით დღეს. გაწბილებულ ნოვას ლუკმა არ გადასდის ყელში. გონებიდან ვერ იშორებს გადიდგულებული არაბის თვალებს. იმასაც ვერ იგებს, მუდამ მჭევრმეტყველ მამას პირი რამ ამოუკერა. კარგად არ უნდა დასრულებულიყო შეხვედრაო, გულში ფიქრობდა, თქმით კი, იმ საღამოს, აღარაფერი უთქვამს. გაივლის წლები და უცხო ქვეყანაში გადახვეწილ ნოვას მხოლოდ ერთხელ გაახსენდება იმ საღამოს სუნი, ჰაერში რომ ტრიალებდა დედის ნახელავ საჭმელთან ერთად. იქამდე კი, გათენებამდე, სანამ მამლის ყივილი მთელ სოფელს ფეხზე დააყენებდა, ქალის კივილმა შეაზანზარა უკაცო გზები. შვილის ხელუხლებელ საწოლს ებღაუჭებოდა ბოლო იმედით, რომ სახლიდან ტყვიასავით გავარდნილი, გაგიჟებული კონსტანტინე ნოვას დაუბრუნებდა. რომ შვილის უსხეულობით გაციებული თეთრეული, მალე ისევ მათი ერთადერთი იმედის სურნელით გაიჟღინთებოდა. ამასობაში კი, უკანმოუხედავად გარბოდნენ არაბები ქვეყნიდან. ერთით გაზრდილიყო მათი რიცხვი. მანქანის უკანა სავარძელზე მიეწვინათ მიძინებული ბიჭი. მიდიოდნენ შორს და არ ადარდებდათ მახათელების ოჯახში ჩამომდგარი უბედურების ჟამი. უცხო ენაზე ღრეობდნენ ახარხარებულები, ხმას ვერ იღებდა შეფხიზლებული ნოვა. გონებით ბრუნდებოდა უკან, თავისი სახლის ულამაზეს ეზოში, სადაც ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გაატარა. ფიქრობდა და ვერ იხსენებდა, რატომ ვერ მოახერხა დაყვირება. როგორ შებოჭეს მარტივად, ცხვირზე ააფარეს უსიამოვნო სუნით გაჟღენთილი ნაჭერი და როგორ გაუშვეს მორფევსის სამყაროში. იქ, სადაც ყველაფერი რეალობაზე კარგი იყო. იჯდა მოკუნტული, ცრემლი ერეოდა თვალზე და მაინც ვერაფრით იოკებდა სიბრაზისგან გაბერილ გულს. რაღაც გადაულაპარაკეს ერთმანეთს არაბებმა, თმაზე გადაუსვა ხელი უცხოტომელმა ქართველს. სიცილი მოაყოლეს არაბის მოქმედებას დანარჩენებმა და ნოვა მიხვდა, მათ იცოდნენ, რომ აღარ ეძინა. ნელა გასწორდა მჯდომიარე, პირზე აკრულ ნაჭერს ასველებდა ენით. ხელები სტკიოდა ძლიერად შეკრული ნასკვის გამო. მაშინვე იცნო საჭესთან მჯდომი არაბის თვალები. ღიმილი შეეპარა სარკეში მზერაწასწრებულ უცხოელს. სწორედ მაშინ გაიფიქრა ნოვამ, მამაჩემის შეხვედრას წარმატებით მართლაც არ ჩაუვლიაო. თბილისი, 2024 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ივლისის თვეში, 15-ში, გამთენიისას, ელენე გოკიელი მოუთმენლად ელოდა თავისი მეგობრის გამოჩენას. წუთში რამდენჯერმე ამოწმებდა საათს, უკვე გამოცხადებულიყო რეისზე ჩაჯდომა. - შემოვდივარ, - აღელვებულმა ჩასძახა ადამ გაბრაზებულ მეგობარს. წინასწარ იცოდა, ვერ გაექცეოდა მის რისხვას. რეგისტრატურაში კაცმა გვერდულად გადმოხედა დაგვიანებულ გოგონებს. ხვნეშით გადაამოწმა პასპორტები და ხელით ანიშნა, მიბრძანდითო. სიცილით გაირბინეს თვითმფრინავამდე გზა, აღფრთოვანებულები შეხტნენ დასაკეტად გამზადებულ რკინის მანქანაში. მზერა მოარიდეს სტიუარდესას გამაფრთხილებელ თვალებს და თავიანთი ადგილები დაიკავეს. პირველი საერთო ფრენით გამოწვეულ ბედნიერებას ვერ ერეოდნენ, მონაცვლეობით იხედებოდნენ ილუმინატორიდან და უცვლელ ხედს გაორმაგებული ინტერესით აკვირდებოდნენ. - მაგარი სიცხე იქნება იქ, არა? - იორდანიაა, დავიხრუკებით კიდეც, - სიცილს ვერ იკავებდა ელენე. ერთი სული ჰქონდა, თვითმფრინავი თავის საოცნებო, იდუმალ ქვეყანას როდის ასტუმრებდა. - რაღა დაგიმალო, მეგონა, პირველად უფრო განვითარებულ ქვეყანაში გავფრინდებოდი, მაგრამ ქვიშასაც არაუშავს. - ქვიშა? - სახე ეღრიჯება, - შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს, რამდენად ლამაზ ადგილას მივდივართ. მსოფლიოს ახალი საოცრებებიდან ერთ-ერთი უნდა ვნახოთ. შენი აზრით, აღელვებად არ ღირს? - შენსავით რომ მიყვარდეს აღმოსავლეთი, აუცილებლად ავღელდებოდი, - იცინის. - საშინელი გოგო ხარ, - ეცინება ელენესაც. ზედხედიდან დაბალი შენობების ქალაქი რამდენიმე გადაჯდომის შემდეგ გამოჩნდა. ჰაერში მოლივლივე რკინა ამანის მიწაზე, დედოფალ ალიას საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. პირველები წამოხტნენ ფეხზე, ხელბარგი ჰქონდათ მარტო, ამიტომ მარტივად მოახერხეს გაძრომა და თვითმფრინავის დატოვება. სული შეეხუთა ორივეს, ოხშივარი ასდიოდა ცხელ მიწას. თბილისისგან ბევრად განსხვავებულ ტემპერატურას მოეცვა უდაბნოს ქალაქი. მზისფერი ეჩვენა იმ წამს ელენეს ყველაფერი. სიხარულით შეუტოკდა გული რამდენჯერმე. ნაბიჯის გადადგმა ვეღარ მოახერხა, ერთ ადგილს მიეწება გაოცებული. თვალებს ვერ უჯერებდა. ოცნებას ფრთები შეესხა და მთელი დიდებულებით მის წინ წარმდგარიყო. იდგა ამაყად იორდანიის გული და ტურისტებს ნამდვილ თავგადასავალს ჰპირდებოდა. - სასტუმრომდე როგორ უნდა მივაღწიოთ? - არაბულად აყაყანებულ ბრბოში ქართული გაისმა. გაურკვეველი სიტყვების გაგონებაზე თავი შემოაბრუნა რამდენიმე ადგილობრივმა. მაშინვე ალყაში მოაქციეს დაბნეული გოგონები, თავიანთ ენაზე გაჰყვიროდნენ რაღაცას. მოსწონდა ელენეს ცხოვრების ასეთი ჩქარი ტემპი. თავით ეშვებოდა უცხო წყალში, ხელის გაქნევის გარეშე მიჰყვებოდა დინებას. წარბი არ შეუხრია თეთრ კაბებში გამოწყობილი კაცების გამო, შიში არ ეპარებოდა ღიმილით განათებულ სახეზე. სამაგიეროდ, ადა ეხვეოდა ხელზე შეშფოთებული. გული ეპარებოდა შიშისგან, დამფრთხალი იყურებოდა გარშემო, ვინმემ რამე არ მოგვპაროსო. - ტაქსის გვთავაზობენ, ნუ გეშინია, - უცებ აუხსნა სიტუაცია მეგობარს. ინგლისური უარით გაისტუმრა კლიენტის მაძიებლები. - არაფრით განსხვავდებიან ქართველებისგან, რა. არაფერი უთქვამს ელენეს. ისედაც იცოდა, დიდად მოხიბლული რომ არ იყო მეგობარი ამ მოგზაურობით. არ მოსწონდა სიცხეში ჩაძირული ოქროსფერი ქვეყნები. არ სწყალობდა აღმოსავლეთს. ევროპაშია ჩემი გულიო, ამტკიცებდა, თუმცა საქართველოს ფარგლებს არასდროს გამცდარიყო. პირველად დაედგა ფეხი უცხო მიწაზე და გადაწყვეტილი ჰქონდა ელენეს, ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ მეგობარს მოგზაურობის დასრულებამდე აზრი შესცვლოდა. ყველაფერი იცოდა გოკიელმა აზიურ ქვეყნებზე. დაუსწრებლად ეცნობოდა სანატრელ ადგილებს და წარმოიდგენდა ხოლმე, როგორ დაიარებოდა თავადაც ტრადიციულ ტანისამოსში გამოწყობილი ამანის ქუჩებში. ამიტომაც შეიძინა გამგზავრებამდე შავი აბაია, უნდოდა ბოლომდე შეეგრძნო საოცნებო ადგილის კულტურა. თვალი აარიდა ახალგაზრდა ქალების გამკიცხავ მზერას. დანანებით დახედა არასწორად შერჩეულ ტანსაცმელს და მეგობარს ხელით ანიშნა, უნდა გამოვიცვალოთო. - პრობლემას შეგვიქმნის? - თავით ანიშნა მუხლამდე კაბაზე. - არა მგონია, მაგრამ, ვფიქრობ, ზედმეტად ვაჩენთ კანს. - გეუბნები, რა, შარში გვაქვს თავი გაყოფილი. ასეთ მკაცრ მიწაზე არ უნდა ჩამოვსულიყავით. რომ დაგვიჭირონ და გაგვროზგონ? - ამანი ყველაზე დასავლური ქალაქია მთელ აღმოსავლეთში. ნუ სულელობ, თუ ღმერთი გწამს, - სიცილად არ ეყო ადას ისტერიკა. თუმცა თავადაც შეეპარა შიში, ფეხს აუჩქარა მაშინვე. სასწრაფოდ უნდა მიეგნოთ სასტუმროსთვის, რომ უსაფრთხოდ შეეფარებინათ თავი შესაფერისი ტანსაცმლისთვის. - მე თუ მკითხავ, ამანი იორდანიის სულია, ადა. მთლიანად რომ შევიგრძნოთ, აღმოსავლეთი და დასავლეთი ნაწილი, ორივე უნდა ვინახულოთ. მოგეწონება დასავლეთი, ევროპა რომ გიყვარს, მსგავსი სიტუაციაა, დაახლოებით. წამოსვლამდე გადავხედე, კაფე-ბარებიცაა, კომფორტული უბნებიც და იქ ხალხი მეტად თავისუფლად ფიქრობს, ვიდრე აღმოსავლეთში. - აღმოსავლეთი როგორია? - ფეხი მოინაცვლა ადამ. მთავარ გზაზე გადაუხვია ავტობუსმა. დანიშნულების ადგილს უახლოვდებოდნენ ტურისტები. - აღმოსავლეთი ისეთია, როგორიც მე მიყვარს. კონსერვატიული, მუსლიმანური, სადაც ვიწრო ქუჩებში ღარიბი მოქალაქეები დადიან, გარეუბნებში კი პალესტინელი ლტოლვილების ბანაკებია განთავსებული. - შენ თუ გიჟი არ ხარ, ასეთი ადგილები რანაირად მოგწონს? - ასეთი ადგილებით გრძნობ ადამიანი ქვეყნის მთელ ისტორიას. გათანამედროვებული აღმოსავლეთი მთელ თავის მომხიბვლელობას ვერ მოგახვევს თავს. იყოს ევროპა ევროპული, აზიამ კი თავისი დიდებულება შეინარჩუნოს. - ამათ კანონმდებლობაზე რას იტყვი? ეგეც მოგწონს? - ტუჩი ებრიცება მეგობარს. ვერ იჯერებს, რომ ამ ყველაფრის ასე შეყვარება მართლაც შესაძლებელია. - მე ხომ კანონებზე არაფერი მითქვამს? არ მომწონს შეზღუდვები, განსაკუთრებით სქესის დისბალანსი. დისკრიმინაციები, რომლებსაც აქ ფეხის ყველა ნაბიჯზე უხვად შეხვდები. არჩევანის უფლებას ართმევენ ქალებს აქ, გენდერული თანასწორობის ნიშნული ნულს უტოლდება. თავისუფლად ცხოვრობენ საქართველოში ქალები, მაგრამ შეფარვითი უთანასწორობა არც იქაა ნაკლებად. პირდაპირ არ გეტყვიან, მაგრამ გაგრძნობინებენ. შენ თუ თავს არ დაიშტერებ, მარტივად მიხვდები, რომ თუნდაც ის ფაქტი, განქორწინების შემთხვევაში როგორ განსხვავებულად აღიქვამენ ქალისა და კაცის მდგომარეობას, რამდენ რამეზე მეტყველებს. არ ვლაპარაკობთ და კანონში არ გვიწერია, ქალი დაბლა დგას, კაცი კი - მაღლაო, თორემ, ოჯახების უმეტესობაში, ეგრე არ ხდება? - ალბათ, მართალი ხარ, - გულწრფელად ეთანხმება მეგობრის სიტყვებს. - სამწუხაროდ, მართალი ვარ. უნდა ჩავიდეთ. The Castle Star-ის მეპატრონემ, ჯაფარმა, თბილად მიიღო უცხოეთიდან ჩამოსული გოგონები. წვალების გარეშე შეუშვა თავისუფალ ნომერში. ერთი დღით გაჩერდებოდნენ სასტუმროში, მეორე დღეს მთელი ქალაქის ფეხით შემოვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი. ჯერ ციტადელს მოინახულებდნენ, რომაულ ნანგრევებს, შემდეგ ბიზანტიურ ეკლესიას, ჰუსეინის დიდ მეჩეთს. ჯერაშის მონახულებაც უნდოდა ელენეს. აინტერესებდა ის ადგილი, პეტრას კონკურენტად რომ ქცეულიყო. - ცისარტყელის ქუჩას ვნახავთ? - ტელეფონს აბრუნებს საწოლზე გადაწოლილი ადა მეგობრისკენ. ინტერესი შეჰპარვია მასაც, ბედს დანებდა აღმოსავლეთის მოძულე. ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და გადაწყვიტა, სიამოვნება მიეღო ერთკვირიანი მოგზაურობისგან. - აუცილებლად. მაგის უნახავად როგორ? მზე ჩადიოდა ამანის მთებს მიღმა. სიცივე ცვლიდა სიცხით გადაღლილ ქალაქს. საწოლში ვერ ისვენებდა ელენე, გარეთ მიუწევდა გული. დაღლილობას ვერ გრძნობდა, არ ეთმობოდა ძილში გაცვლილი რამდენიმე საათი. მოსაცმელი მოიცვა, აივანზე გავიდა ჩაის ჭიქით ხელში. შორიდან ეფერებოდა ჰორიზონტზე გადაშლილ მომრავლებულ ბარხანებს. მოსწონდა ირგვლივ გამეფებული უდაბნო, გრილ ნიავს მოყოლილი ქვიშა, უხალხობისგან მიჩუმებული ქუჩები, მუსიკის ხმა, რომელიც მახლობელი დაწესებულებიდან ისმოდა. ვერაფრით გაეგო, როგორ შეიძლებოდა, იდუმალ უდაბნოსა და ნაყოფიერ იორდანეს შორის მოქცეული ქვეყნის კარიბჭე არ მოსწონებოდა ვინმეს. მშვიდად ეძინა ადას, ამიტომ ერთხელაც არ გაუგია, როგორ მოუსვენრად დააბიჯებდა ელენე მთელი ღამის განმავლობაში ოთახში და გათენებას ელოდა. გეგმებს ადგენდა ექსკურსიისთვის, სკამზე გადაკიდებულ ტრადიციულ სამოსს ეფერებოდა ხელით. შანსი რომ ჰქონოდა, სიამოვნებით დაიბადებოდა აღმოსავლეთში. ჯიუტი ხასიათის გამო, უაზრო წესების დარღვევისთვის, ალბათ მალევე გამოასალმებდნენ სიცოცხლეს, მაგრამ ადამიანი სადაც იბადება, იქაურ წესებზე იზრდება და ეჩვევა კიდეც ასეთ ყოფას. გამთენიისას ადას შეღვიძება თავად მოუწია. არ ეთმობოდა გოგონას საწოლი, ცოტაც დამაძინეო, ეხვეწებოდა. არაფრით ჰქნა ელენემ, წყლის დასხმით დაემუქრა. ფრუტუნით წამოდგა ფეხზე სიცხისგან გაბრუებული, სუნთქვა გაუჭირდა პირდაფჩენილს. - დაგესხა ის წყალი, დეჰიდრატაცია მჭირს უკვე. - დასხმა არ გიშველის, უნდა დალიო. - აქ წ*ლის დალევა კრანიდან შეიძლება? - ასეთ სასტუმროებში, როგორც წესი, წ*ლის ფილტრი უდგათ ხოლმე, მაგრამ გარისკვად არ ღირს. გზად ვიყიდოთ. ჩაიცვი მალე, რა. - მაღაზიებში თბილისიდან ჩამოტანილი წყალი ექნებათ? - ჩაიფხუკუნა გაღიზიანებულმა. მზე წამოსდგომოდა მზის ქალაქს თავზე. კომფორტულად გრძნობდა თავს გრძელ სამოსში ელენე. ადა ვერ ეწყობოდა ნაჭრით დაფარულ სხეულს. სული ეხუთებოდა თავსაბურავშიც, რომლის ტარების აუცილებლობაც არ არსებობდა. მეგობრის გაწვალება მოუნდა გოკიელს, დააშინა, თმის გამოჩენა ცოდვად ითვლება აქაურებშიო. ის ვერ გაითვალისწინა ადამ, რომ თანამედროვე ევროპას მისდევდა ტურისტებს მიჩვეული აღმოსავლეთი. აღარ ბობოქრობდნენ უცხოელის უთავსაფრობაზე, თუმცა იყო ადგილები, სადაც „შეუფერებლად“ სიარულს ამრეზით უყურებდნენ. ჰიჯაბი შეუსწორა მეგობარს, თავად ნიქაბი მოირგო აბაიასთან. სარკეში შეათვალიერა საკუთარი თავი. ნამდვილ მუსლიმს ჰგავდა ახლა, მოხატული თვალებით კიდევ უფრო ემსგავსებოდა ქვიშის ხალხს. - მე ასე მოვკვდები, - წუწუნს ვერ წყვეტდა ადა. არ იყო კმაყოფილი ჩაცმულობით, თავისუფლებას ითხოვდა სხვა ტრადიციის ადამიანი. - ვინმეს რომ არ მოეწონოს ეს შენი ჩამოტანილი ტანსაცმელი და ქუჩაში გითრიოს, მე გიშველი მერე? - არ უნდა ჩამოვსულიყავით, ჰოდა. - გშია შენ. ჯერ ხომ არ გამოფხიზლებულხარ, უკვე წუწუნებ. გემრიელ რაღაცებს გაჭმევ და გაგივლის. მოითმინე. ათი წუთი ემშვიდობებოდნენ სასტუმროს მეპატრონეს. მადლობებით აავსეს გოგონებმა გულთბილი მასპინძელი. კიდევ გვესტუმრეთო, პირობა დაადებინა ქართველებს. აღუთქვა ელენემ, აუცილებლად დავბრუნდებიო. სიცოცხლე დუღდა ქუჩებში, დილიდანვე ტურისტებს მოეცვათ სხვადასხვა დაწესებულება. გაკვირვებით გადახედა ადამ ჩვეულებრივ ტანის სამოსში გამოწყობილ ქალებს. თავის შესამოსს დახედა ზემოდან. მიხვდა, მეგობრის დაგებულ მახეში რომ გაება. - უცხოელებს ჩვენსავით არ აცვიათ, ელენე, - გამოსცრა გაბრაზებულმა. განსაკუთრებით ცხელოდა იმ დღეს აღმოსავლეთში. შეეცოდა კიდეც ელენეს ადა, მაგრამ ასე ბევრად უსაფრთხოდ გრძნობდა თავს. - ერთი კვირა ვერ გაგიძლია? ევროპაში რომ წავალთ, გახდილმა იქ იარე. - წყალი ვიყიდოთ, ვიგუდები. მაღაზიაში წ*ლის საყიდლად შესულებს გამყიდველმა ჩაიც მოუმზადა. მეტად კულტურულები, მეგობრულები და თავაზიანები არიანო, გადაუჩურჩულა სითხეს მოწყურებულ მეგობარს. - ამ სიცხეში ჩაის მარტო გიჟი თუ დალევს. სიამოვნებით მოსვა ცხელი სასმელი. ყურადღება დაუფასა შუახნის ქალს. იმანაც კმაყოფილმა გადმოხედა ახალგაზრდებს, ეამა შესაფერისად გამოწყობილი კლიენტების ხილვა. - ხომ არ ვკითხოთ, რის მონახულება ჯობს? - ვკითხოთ, დაგვეხმარება. თავსაბურავი შეისწორა ქალმა, ღიმილით გადმოხედა მიახლოებულ ელენეს. ინგლისურად ჰკითხა, ხომ ვერ დაგვეხმარებითო. თითი აუწია გასაჩუმებლად, ოთახში გაუჩინარდა რამდენიმე წუთს. იქიდან ახალგაზრდა გოგოსთან ერთად დაბრუნდა, რაღაც გადაულაპარაკა არაბულად. - მე გითარგმნით, - დამახინჯებული ინგლისურით მიმართა გოკიელს. თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. ერთ დღეში მოამთავრებთ ამანის სანახაობებს. აქ ბევრს მაინც ვერაფერს ნახავთო, აუხსნა გაჭირვებით. - ნამდვილი სანახაობა თუ გინდათ, პეტრას ეწვიეთ ორ დღეში. ორშაბათს, შუაღამისას, „სანთლების ტურს“ დაესწარით. ბედუინების კარავშიც შეგიძლიათ ღამის გათევა. თბილად ჩაიცვით ოღონდ, საშინლად ცივა უდაბნოში. მადლობებით აავსო ქართველმა დახმარებისთვის. უგემრიელესი ჩაი გაქვთო, უთხრა არაბულად. გაუკვირდა ქალს მშობლიურ ენაზე ალაპარაკებული უცხოელი. ნაზად შეუსწორა შუბლზე ჩამოშლილი თმის ღერები. - არაბული როდის ისწავლე? - გაოცებას ვერ მალავდა ადა. უკან მისდევდა ხალხში გაჭრილ მეგობარს. - რამდენიმე სიტყვა ვიცი. დაინახე, თმაზე რომ შემეხო? არ სჩვევიათ აქაურებს მსგავსი საქციელი. კიდევ კარგი, პირი არ დავაღე. - კეთილი ქალი იყო, ეტყობოდა ისედაც. ჰოდა, საით მივდივართ? არაბული სული იგრძნობოდა ამანის ქუჩებში. მოეწონა ადას ცისარტყელის ქუჩა. ფოტო გადაიღო თითქმის ყველა კუთხეში. უხაროდა ელენესაც მეგობრის აღტაცებული სახე. კმაყოფილი იყო თავისი გადაწყვეტილებით, აქედან დაეწყოთ მოგზაურობა. მერე, რომაული ამფითეატრი მოინახულეს. ქუჩის მოპირდაპირედ, კიბეების დახმარებით, ციტადელამდე მიაღწიეს. აქედან ხელისგულივით მოსჩანდა სამეფო დედაქალაქი. უზარმაზარი ქალაქია ამანი, თუმცა ღირსშესანიშნაობების სიმრავლით ვერ დაიკვეხნის. ერთ ტერიტორიაზე მოქცეული მნიშვნელოვანი ადგილები მალევე მოინახულეს გოგონებმა. წახემსება გადაწყვიტეს. გემრიელი, ტრადიციული საჭმელი დააგემოვნეს. გადაწყვეტილი იყო, დაღამებამდე პეტრაში გაემგზავრებოდნენ. თუმცა მწარედ შეცდნენ გასამგზავრებლად მომართულები. დილით ადრე გადის ავტობუსიო, გამოუცხადეს სადგომზე. - დილამდე ვერაფრით წავალთ? - ტაქსის თუ აიყვანთ. სად გვეჩქარებაო, ხელი ჰკრა ადამ. უჩვეულოდ იყო აფორიაქებული ელენე, სასწაულად უნდოდა დღესვე ამანიდან გასვლა. - პეტრას ყველაზე მაღალ მწვერვალზე უნდა ავიდეთ. მთელი დღე დაგვეკარგება, თუ წინა დღეს არ წავალთ. დილით გასულები საღამომდე ვერ ჩავალთ. სანამ სანთლების ცნობილი საღამო მოეწყობა, ტაძარი ხომ უნდა დავათვალიეროთ? - ჩემი სიკვდილი გინდა, თუ რა ყველაზე მაღალი მწვერვალი? - მოგეწონება, დამიჯერე. - ჯერაშის ნახვა რომ გინდოდა? ორ უკიდურესობას შორის გამოეკიდა ელენეს გონება. ამანიდან პეტრაში თუ ჩავიდოდნენ, იქიდან უკან მოსაბრუნებლად და ჯერაშის სანახავად დრო აღარ რჩებოდათ. ერთადერთი გამოსავალი არსებობდა: ახლა გაეწიათ არქეოლოგიური მარგალიტისკენ, მზის ჩასვლამდე ენახათ ანტიკურობის ერთ-ერთი უდიდესი რომაული ქალაქი და სწორედ ამის მერე, მეორე დღეს, გამთენიისას, პეტრას გზას დასდგომოდნენ. არ მოეწონა ელენეს გეგმის ცვლილება. პირველივე დღე აერიათ მეგობრებს, ვერ გათვალეს ტრანსპორტის სამოძრაო გეგმა. ჯერაში იორდანიის დედაქალაქიდან 45 წუთის სავალზეა. 749 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად განადგურებული ქალაქი 1806 წელს ხელმეორედ აღდგა. წარსულის ამბებს უყვებოდა ვიზიტორებს, სხვადასხვა ქვეყნიდან იზიდავდა თაღების, სვეტებისა და ამფითეატრების, ზევსისა და არტემისის ტაძრების სანახავად. იდგა გაოცებული ქართველი დიდი ამფითეატრის ქვის რიგებს შორის, სუნთქვაშეკრული აკვირდებოდა არქეოლოგიური ქალაქის მომხიბვლელ, ერთი შეხედვით, დაუსრულებელ ადგილებს. განსაკუთრებული პატივისცემა უჩნდებოდა სიკვდილს გადარჩენილი საუკუნოვანი კედლების მიმართ. მოწიწებით ეხებოდა თითოეულ ქვას, წარსულის ამბებს უსმენდა დიდებული ხეივნების გავლისას. დროის მსვლელობისთვის ზურგი ექცია ამაყად წამოჭიმულ ნარჩენებს. თითქოს ცოცხლდებოდნენ დამთვალიერებლების თვალწინ, სული ჩაჰბერვოდათ მიჩუმებულ ამბებს, თავად ჰყვებოდნენ ათასობით წლის წინ მომხდარ ტრაგედიაზე. ერთი წუთით მოეჩვენა ელენეს, რომ სუსტად მონაბერ ნიავს მართლაც აედგა ენა. დაფლეთილი გული გადაეღეღა, საიდუმლოდ უზიარებდა უბედურების განვლილ წამებს. მზე უჩინარდებოდა ნანგრევების ქალაქში. წასვლისკენ მოუწოდეს ტურისტებს, დრო იყო ადგილის ჩაკეტვის. ბოლოები გამოვიდნენ ისტორიული მიწიდან, გული რჩებოდა აღმდგარ გერასაში ელენეს. არ ეთმობოდა ის დღე, სულ მალე რომ გაილეოდა. თვალის დახამხამებაში დაღამდა მეორე დილა აღმოსავლეთში. თავშესაფრის საძებნელად წავიდნენ ორნი, ერთმანეთზე მიკრულები გადაადგილდებოდნენ. მარტივად იპოვეს ღამის გასათევი, თავშეკავებული ღიმილით მიიღო მასპინძელმა გვიანი სტუმრები. ხის საწოლზე ქვეშაგები დაუწყო, მშვიდობიანი ღამე უსურვა დასასვენებლად გამზადებულებს. - ახლა რას იტყვი? მოგწონს აღმოსავლეთი? - არის მასში რაღაც, რასაც ევროპაში ვერ ვიპოვი ალბათ, - ჩაფიქრებული გაჰყურებდა ვიწრო ქუჩებს ადა, - გულღიაა ევროპა, იმას გთავაზობს ბოლომდე, რასაც ისედაც ხედავ. არაფერია მასში დამალული, გასაიდუმლოებული. ხელის გულზე გაქვს გადაშლილი ქვეყნები და იმით ტკბები, რაც ძალიან მარტივია. ასეთი მოლოდინი მაქვს, ყოველ შემთხვევაში. ხოლო აღმოსავლეთი... - წამით დადუმდა აღელვებული. არ უნდოდა აღიარება, ჯერაშის ნანგრევებს დიდი შთაბეჭდილება რომ მოეხდინა მასზე, - იდუმალია აღმოსავლეთი. რაც ზემოთაა, ორ იმდენს ქვემოთ მალავს. განსხვავებულ შეგრძნებებს სჩუქნის დამთვალიერებლებს. მრავალფეროვანია, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ფერი აქვს ყველაფერს. ისტორიითაა მდიდარი, ყველა ქვა თავის ამბავს იტევს. კარგი მთხრობელი იქნებოდა, ენა რომ ჰქონდეს. ასე მგონია, ძალიან ცოცხალია. - აქ ყველაფერი სუნთქავს. დაგიჭერია მნიშვნელოვანი ფაქტი. ხვალ უფრო მეტად მოგეწონება. - იორდანე ხომ არ გვენახა? - შეფარვით გაუზიარა იდეა, გონებას რომ უწამლავდა რამდენიმე საათი. შეეშინდა, არ გაბრაზდეს გეგმის ცვლილების გამოო. - წავიდეთ, - ბედნიერებით გაიჟღინთა ელენეს ხმა. გაუხარდა, დღის დაგეგმვაში მონაწილეობის სურვილი რომ გამოთქვა. საბოლოოდ მოიწამლაო, გაიფიქრა და ტელეფონში მოინიშნა სავარაუდო მარშრუტი, - ნებოს მთაც ვნახოთ მაშინ. კარგიო, ნახევრად ძილში გადასროლილმა უპასუხა. მშვიდად ეძინა იმ ღამით ელენეს. თითქოს აღარსად ეჩქარებოდა მის გულს. კმაყოფილი იყო ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილის მონახულებით. კიდევ უფრო კმაყოფილი იმით, მეგობარიც რომ ჩაითრია უძირო ქვიშაში. გამთენიისას ადა უკვე გამოწყობილი დახვდა. გაკვირვების ოხვრა აღმოხდა პირიდან, ვერ დაუჯერა თვალებს. გრძნობდა, მალე მოვიდოდა ის დღე, აღმოსავლეთის სიყვარულში რომ შეეცილებოდა. ხელი აუწია მეგობარს, არაფრის დიდებით ამ ნაჭრებში აღარ გავეხვევიო. სიცილით დასთანხმდა წინა დღით გაწვალებულს, დაუთმო ამჯერად. სხეული დაიფარეს თავიანთი ტანსაცმლით, სიცხე აღარ უხუთავდათ სულს. წ*ლები მოიმარაგეს გზაში. მადაბაში ავტობუსები ამანის ჩრდილოეთ ტერმინალიდან მიემგზავრებოდნენ. გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე მიასწრეს, ადგილი დაიკავეს უკანა რიგებში. სულ რაღაც ერთი საათი სჭირდებოდა იქამდე მისვლას. მადაბას, იგივე „მოზაიკების ქალაქს“, დამთვალიერებელთა უმეტესობა ნებოს მთაზე ასასვლელად სტუმრობს. ფილაქნებიანი გზები, ვიწრო ქუჩები და უამრავი მოზაიკური სურათი დაუვიწყარ თავგადასავალს ჰპირდებოდა დამთვალიერებელს. - „ავიდა მოსე მოაბის ველიდან ნებოს მთაზე, ფისგას წვერზე, იერიხონის გასწვრივ რომ არის, და დაანახა მას უფალმა მთელი გალაადის ქვეყანა დანამდე“, - ძველი აღთქმიდან მონაკვეთი გაახსენდა ელენეს. გაუცნობიერებლად აღმოხდა ხმამაღლა, კრძალვით შეათვალიერა მის წინ აღმართული მოსეს ღვთაებრივი კვერთხის გამოსახულება, - აღთქმულ მიწაზე ვართ, ადა. ეს ის ადგილია, საიდანაც მოსემ, უდაბნოში 40-წლიანი ხეტიალის შემდეგ, აღთქმულ მიწას გადმოხედა და იქვე აღესრულა. მან იცოდა, რომ ამ მიწაზე ფეხის დადგმას თვითონ ვერასდროს შეძლებდა. უჩუმრად უსმენდა ადა, მოსწონდა მეგობრის მიერ მოყოლილი ამბები. ვერც ერთი გიდი ისე გრძნობით ვერ გადმოსცემდა იმ ყველაფერს, როგორც აღმოსავლეთის ისტორიაში გათქვეფილი, მშობლიურ ენაზე ამღერებული ელენე. ერთხელაც არ შეუწუხებია სიცხეს, შეჰგუებოდა კიდეც მუდამ აწითლებულ კანს. ერთ საათს გაჩერდნენ იქვე, კარგად მოათვალიერეს არე-მარე. ენანებოდათ უკან გაბრუნება, მაგრამ იორდანემდე უნდოდათ მიეღწიათ. ალ-მაჰთასი მოინახულეს. ემოცია ემოციას ემატებოდა, თითის ჩაყოფაც ვერ გაბედეს ქრისტეს ნათლობის ადგილას. თვალწინ წარმოესახათ წარმოდგენებში გაცოცხლებული წარსული. ვერაფრით იჯერებდნენ, რამდენად წმინდა იყო იქაურობა. - ადამიანის ბუნება ვერასდროს მიხვდება, სულიერად რამდენად მიუწვდომელია აქაურობა. ვუყურებთ, ვეხებით, მაგრამ სხვანაირად ფეთქავს გული, როცა იცი, რასთან გაქვს შეხება. ეგრე არაა, ადა? - ტირილი მინდა. ბოლოსღა გაახსენდათ მოგზაურობის ამსახველად წამოღებული ფოტოაპარატი. სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. შეტყობინება აფრინეს თბილისში, რომ ყველაფერი კარგად იყო, რომ აქაურობა მართლაც მადლით იყო გაჯერებული. ნერვიულობდა ელენეს დედა, ვერ მისჩვეოდა შვილის აქეთ-იქით ხეტიალს. ყოველ გაფრენაზე ქმართან მოსთქვამდა, რაღა ტერორისტული აქტებით გაჯერებულ ქვეყნებს გადაეკიდაო. ვერ იხსენებდა, როდის გაიდგა ფესვები გოგონას გულში აღმოსავლეთმა. გამუდმებით უდაბნოზე ითხოვდა წიგნებს, ისტორიას სწავლობდა, ფაქტებსა და მოვლენებს იზეპირებდა. ნელ-ნელა იზრდებოდა მასში მეამბოხე სული, თავწაკრული დარბოდა ოთახებში, ამბებს ჰყვებოდა ბედუინებზე. თავისუფლებას პოულობდა იმ ადგილებში, სადაც სხვები მრავალი აკრძალვით ცხოვრობდნენ. იცოდა ელენემ დედის დამოკიდებულება და ყველანაირად ცდილობდა, ყველა ფეხის ნაბიჯზე შეხმიანებოდა ქალს. ლოცავდა დედის გული შორ გზაზე წასულ შვილს და აფორიაქებული ელოდებოდა მის უკან დაბრუნებას. რამდენიმესაათიანი მგზავრობისთვის მოემზადნენ გოგონები. ცაზე მცხუნვარე მზის ამოსვლასთან ერთად გამოფხიზლდა ქვეყანა. კიდევ უფრო მაღალ ტემპერატურას ჰპირდებოდა დამსვენებლებს. გავირუჯებითო, სიხარულს ვერ მალავდა ადა. იდაყვამდე აექაჩა თხელი მაისური, ფანჯრიდან ანიავებდა გაოფლილ ხელს. წინიდან გადმოსძახა დამტვრეული ინგლისურით მძღოლმა. მაშინვე ხელი შემოსწია შეშინებულმა, არ უნდოდა ვინმეს გაღიზიანება. დანიშნულების ადგილამდე სანამ მიაღწიეს, გამოძინებაც მოასწრეს. პეტრას ვიზიტორთა ცენტრთან შეჩერდა ავტობუსი, შემართებით ჩამოქვეითდნენ, თავის დახრით გადაუხადეს მადლობა ულვაშიან მძღოლს. ყურადღებაც კი არ მიუქცევია კაცს ზრდილობიანი ჟესტისთვის, კარი დახურა მაშინვე და იქაურობას გაშორდა. პეტრას შესასვლელში რუკა იყიდეს. ზერელედ გადახედეს აღნიშნულ ადგილებს. აპირებდნენ, იქ წასულიყვნენ, სადაც ვიწრო ბილიკი მიიყვანდათ. პირველივე ნაბიჯებზე ეგვიპტე გაახსენდა ელენეს. ყვიროდა ხალხი, დილიდანვე ვაჭრობა გაემართათ. ვიზიტორთა ცენტრიდან პეტრამდე ფეხით თითქმის ორი კილომეტრის გავლა მოუწევდათ. ვაჭარი ბედუინები დამთვალიერებლებს ვირებსა და ცხენებს სთავაზობდნენ გადასაადგილებლად. შეეცოდათ მეგობრებს ადამიანებით დამძიმებული ცხოველები. ფეხით გვირჩევნიაო, ზრდილობიანად მოიშორეს არაბები. - გაგიჭირდებათ აქედან მონასტრამდე. კილომეტრებს ფეხით ვერ ივლით, უკან მობრუნებაც ხომ გინდათ? - ყვირილით შესძახა ბედუინმა, ხელით ექაჩებოდა გაძალიანებულ ვირს. - უთხარი, შეგვეშვას, რა, - ქართულად გაჰკიოდა შეშინებული ადა. - მართლა არ გვინდა, - დაუმარცვლა ელენემ. აღმოსავლეთ შესასვლელიდან გაუდგნენ გზას. ნელ-ნელა მიჩუმდა უკან მოტოვებული „ბაზრობა“. მზე ვერ აღწევდა ვიწრო ბილიკზე მიმავლ ადამიანებამდე, კლდეები აღმართულიყო მათ თავზე. - „შეჰყარა მოსემ და აარონმა საზოგადოება კლდის წინ. უთხრა მათ: ყური მიგდეთ, ურჩებო! ამ კლდიდან ხომ არ ამოგიჩქეფოთ წყალი?“ - შენ მთელი ძველი აღთქმა დაზეპირებული გაქვს? - „აღმართა ხელი მოსემ და ორგზის დაჰკრა კლდეს კვერთხი და უხვად იდინა წყალმა“. - ელენე! - როცა ფურცელზე დაწერილი შენ წინ ცოცხლდება, რთულია გაჩუმება, - ადას გაოცებულ სახეზე ეცინება. დროის შეგრძნება დაეკარგათ ორივეს, მოეჩვენათ, რომ 4-5 კილომეტრი მაინც გაევლოთ უკვე. რამდენიმე ადამიანი დაილანდებოდა მათ გარდა. წყალი გამოელია ადას, ტირილის პირას იყო მისული. უნდა დავთანხმებოდით იმ ბედუინსო, ფიქრობდა გულში. მსხვერპლშეწირვის სარიტუალო ნიშანთან შეჩერდნენ. ეს პეტრას ყველაზე მაღალი წერტილი იყო. დამღლელი და დაუსრულებელი გზის გამო აქ ხალხი იშვიათად ამოდიოდა. ასანთის კოლოფებივით ჩანდა კლდეში ნაკვეთი უზარმაზარი ტაძრები, არ ირჩეოდა ადამიანების გამქრალი ფიგურები. არ იყო კარგი გადაწყვეტილება შუაგულ მზეზე ამხელა გზის დაფარვა, გონება ებინდებოდათ სიცხისგან, უკან დაბრუნება განიზრახეს. ბინდი ეპარებოდა კლდეში ნაკვეთ ქალაქს, ქვეწარმავლები დაძვრებოდნენ ჩრდილშეპარულ ქვებზე. შეჩერდა გოკიელი, დასვენება სჭირდებოდა გადაღლილ სხეულს. ჩამოჯდა იქვე, გვერდით მოისვა მეგობარიც. ზემოდან გადმოხედა ლამაზ ხედებს. ხელის გულზე ჰქონდა გადაშლილი მთელი სამყარო. ბუნების წინაშე პატარა ადამიანად იგრძნო თავი. - დიდუბე სუფთა, - ყური დაუგდო ხალხის ყაყანს ადამ. ოდნავღა ისმოდა ქაოსის ხმები. - აქ ცხოვრების ჩვეული რიტმია ეს, - ეცინებოდა ელენეს. - ჰო, ჰო, დიდუბეშიც ეგრეა. იმიტომაც გაჰკივიან ხოლმე ბოლო ხმაზე და წინ გიხტებიან, რომ რომელიმე მარშუტკაში აგტენონ. თბილისური ცხოვრების სტილია ეგეც. ყვირილი, ძალადობა. - მიწასთან ნუ გაასწორე. - ეგრეა და. - ხომ არ დავბრუნდეთ? - ძალიან კი მეზარება, მაგრამ აქ დარჩენის პერსპექტივა არ მომწონს. - სანთლების რიტუალი დაიწყება მალე. ტაძრისკენ მიმავალი ქვაფენილი დიდი, კარგად გათლილი ქვებითაა დაგებული. გვერდით, რომაული არქიტექტურისთვის ჩვეული მრგვალი, მაღალი სვეტებია ჩამწკრივებული. პეტრას იდუმალ სიჩუმეს მხოლოდ დაღლილთა სუნთქვის ხმა არღვევს. გორაკის წვერიდან შორს მოსჩანს ტაძარი. ფარხმალი დაყარონ ლამისაა, იქნებ ბედუინებმა გამოიარონ თავიანთი აქლემ-ვირებითო, ფიქრობდა ორივე. არავინ ჩანდა ჰორიზონტზე, მოვაჭრე ქალების ხმაც მინელდა თანდათან. ორმაგად გაუჭირდათ გზის გაგრძელება. მოძრაობის თავი აღარ ჰქონდათ გადაღლილებს, ნელა ადგამდნენ ნაბიჯებს. - იცოდი, რომ როცა სპარსეთის ყურიდან ქარავნები დაიძვრებოდნენ, ისინი კვირები მაინც უძლებდნენ უდაბნოს მკაცრ პირობებს. სანამ სიკის კანიონამდე და შემდეგ სანატრელ პეტრამდე არ მიაღწევდნენ, საკვებსა და სასმელ წყალს ვერ ეღირსებოდნენ. ამიტომაც ეძახდნენ პეტრას უდაბნოს ოაზისს. - საიდან უნდა ვიცოდე, ელენე? თავი მეც მომთაბარე მგონია უკვე. თუ მაგათ მომთაბარეებს არ ეძახდნენ? - არსებობენ რუალა ბედუინები, რომლებიც მომთაბარე-მესაქონლეები არიან. სამხრეთ-აღმოსავლეთ იორდანიაში ცხოვრობენ. - ნეტა ახლა ვინმემ წყალი გადამასხას თავზე. ბევრი დაგვრჩა? - ფაქტობრივად, განძთსაცავთან ვართ უკვე. მთვარეს ჩაენაცვლებინა მზე, სხივების გაქრობასთან ერთად გაქრა პეტრას სილამაზე. სიჩუმეში ჩაიძირა მისტიკური ქალაქი. აგრილდა და ყოველი შემთხვევისთვის, გაციებისგან თავის ასარიდებლად წამოღებული მოსაცმელები ამოიღეს ჩანთიდან. ქვიშაქვაში ნაკვეთი სამარხის წინ ბედუინები ღამის პეტრასათვის ფანრებს ამზადებდნენ. რამდენიმე ადამიანი ქვიშით სავსე ქაღალდის კოლოფებში სანთელს დგამდა და ცეცხლს უკიდებდა. თუკი სურვილს გამოთქვამდი, ამ პროცესში მონაწილეობის უფლებას მოგცემდნენ, თუმცა სიარულით გადაღლილმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ უბრალოდ სანახაობით დამტკბარიყვნენ. - ახლა უამრავი ტურისტი ჭიშკართან დგას და ღამის ტაძრის სანახავად თავის რიგს ელოდება. ჩვენ კიდევ, აქ ვართ. ამაღელვებელია, არა? - სანახაობით აღფრთოვანებულ მეგობარს შეავლო თვალი. ხმას ვერ იღებდა ადა, სასწაულად მოსწონდა ირგვლივ აკიაფებული ცეცხლის ენები. ოქროსფრად შეღებილიყო ღამის პეტრა, ხელოვნურად შექმნილმა სინათლემ გაიმარჯვა ღამეზე. ლამაზი იყო ქალაქი სიბნელეშიც. ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დაჰნათოდათ შეკრებილებს. ეგ იყო მხოლოდ, ახლა ბოლომდე ვეღარ აღიქვამდა თვალი დილით ნანახს. თითქოს სხვადასხვა რეალობის წინაში დამდგარიყვნენ უცხოელები. - იცი, რატომ ეძახიან აქაურობას „საგანძურს“? მისი დღევანდელი სახელი არაბული ლეგენდიდან მომდინარეობს, რომლის მიხედვითაც, მძარცველებმა შენობაში ნაძარცვი სიმდიდრე გადამალეს. არსებობს მეორე, უფრო არადამაჯერებელი ვერსია, რომელიც მოგვითხრობს, რომ აქ ეგვიპტელი ფარაონები ინახავდნენ მათ საგანძურს. ხედავ ქვაში გამოსახულ ოთხ არწივს? ნაბატეელებს სჯეროდათ, რომ სწორედ მათ უნდა წაეყვანათ გარდაცვლილის სული იმქვეყნად. - ნაბატეელები ვინ არიან? - მოგიყვები, წუწუნს თუ არ დაიწყებ. დიდი ისტორია აქვს პეტრას... - დაიწყე, მიდი. ისედაც მრცხვენია, წამოსვლამდე არაფერი რომ არ წავიკითხე. - გახსოვს, წამოსვლამდე გითხარი, რომ პეტრა იორდანიის შუაგულში, ვადი-მუსას ხეობაში მდებარეობს. ყოველთვის ასეთი არ იყო აქაურობა. ქვიშის მთებს შორის მოქცეული ეს უძველესი და საოცარი ქალაქი დროებითი თავშესაფარი იყო ნაბატეველებისათვის. ერთ-ერთი ლეგენდა ამბობს, რომ ნაბატეელები ნოეს ვაჟის, სემის შთამომავლები არიან. ჰოდა, სწორედ აქ, ამ კლდეებს შორის გადიოდა იმდროინდელი ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქარავნო გზები. სწორედ ამიტომ, პეტრას ხშირად ესხმოდნენ თავს, თუმცა ნაბატეელებმა არა მხოლოდ მოახერხეს თავიანთი მიწის დაცვა დამპყრობლებისგან, არამედ დაიმორჩილეს ის ნაწილი და დამოუკიდებლები დარჩნენ რომის იმპერიის ძალაუფლების დროს. ებრაელები არ უყვარდათ, ტყვეებში ფულს იხდიდნენ, რომ შემდეგ მათი წამება შესძლებოდათ. ლეგენდა არსებობს, რომ ის ებრაელები, რომლებიც მოსემ უდაბნოში გაიყვანა, ნაბატეელებმა არ გაუშვეს თავიანთ ქალაქში. - ლეგენდებითაა სავსე აქაურობა. რანაირად უნდა გაიგო, რომელია სიმართლე? - სწორედ ამიტომაცაა მთელი აღმოსავლეთი ასეთი მისტიკური. თავისი ხიბლი აქვს იმას, რომ ზუსტად არც იცი, რომელი ამბავია ნამდვილი. - თუ ზღაპრები გიყვარს, კი. - ძალიან კარგად ვიცი, რომ ზღაპრებზე გიჟდები. აი, კიდევ ერთი ლეგენდა შენ: ხომ ხედავ ნაგებობის თავზე დამაგრებულ ქვის დიდ ქოთანს? უცნაური არაა, რომ მითოლოგიური და რეალური პერსონაჟების ნაწილების გვერდით რაღაც ჭურჭელია? რატომ გახდა საჭირო დიდებული შენობის გაფორმება ჩვეულებრივი ქოთნით? ბედუინებს შორის არსებობს ლეგენდა, რომ მასში უძველესი საგანძურია დამალული. მათ სჯერათ, რომ საჭიროა კარგი მსროლელი, ვინც დაუმიზნებს და წარმატებით გაარტყამს, რომ იქიდან ოქრო და ძვირფასი ქვები გადმოიყაროს. - ხომ არ გვეცადა? - სიცილად არ ეყო ადას. ამასობაში, გარშემო ცეცხლისფრად განათდა ყველაფერი. ფეხმორთხმით ისხდნენ და ულამაზეს სანახაობას თვალის მოუშორებლად უყურებდნენ. ადას ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს შუაღამისას, ტყეში, კოცონის გარშემო შემომსხდარიყვნენ და ერთმანეთს მითებსა და ლეგენდებს უზიარებდნენ. - სისულელეა თუ რა არის, ეგაა. მერე მიწისძვრა მოხდა და საუკუნეების მანძილზე პეტრა დაკარგულ ქალაქად ითვლებოდა, სანამ 1812 წელს, ახალგაზრდა მკვლევარმა, თავიდან არ აღმოაჩინა „მკვდართა ქალაქი“ და სათავე არ დაუდო ევროპელებისა და უცხოელების უწყვეტ ნაკადს. - ესე იგი, ვიღაც იოჰანს უნდა ვუმადლოდე, რომ ახლა აქ ვზივარ, არა? - რომ გათენდება, უადი-რუმის ჯერი დადგება. - რაო? - ვერ გაიგო მეგობრის სიტყვები ადამ. - უდაბნო-მეთქი, უდაბნო. - ჰო, ახლა უდაბნოში გამყინე. ისე, აქაც აგრილდა უკვე, - ხელი ჩამოისვა დახორკლილ კანზე. - მოიცვი მერე, - ქურთუკი შეუსწორა. მადლობა გაუგზავნა დედას თბილისში, ძალით რომ ჩაუტენა თბილი ტანსაცმელი ჩანთაში. პეტრადან ავტობუსები უადი-რუმის მიმართულებით 5 საათზე, ვიზიტორთა ცენტრიდან გადიოდნენ. ხალხმრავლობის გამო ადრევე გაემართნენ სადგომისკენ, დაგვიანება ერთი დღის დაკარგვას ნიშნავდა. არ იყო საკმარისი ერთი დღე ვარდისფერი კლდის ქალაქში, მაგრამ წინ მკაცრი უდაბნო და ქვიშის ტალღები ელოდათ. მოუთმენლად ელოდა ელენე ოქროს მიწაზე ფეხით შედგომას. ბევრი სმენოდა „მთვარის ველზე“, უნდოდა საკუთარი თვალით ენახა სხვა პლანეტა დედამიწაზე. - ფილმები ხომ გიყვარს? ქვიშაქვისა და გრანიტის კლდეებში ამოკვეთილ ხეობაში წითელი ქვიშით სავსე უდაბნო ბევრი კინო ხელოვანისთვის შთაგონების წყარო გამხდარა. უადი-რუმი თავისი განსხვავებული ელფერის გამო სხვა პლანეტაა დედამიწაზე. - ეგ როგორ? - უკვირს ადას. - როგორ და, ძალიან ჰგავს მარსს, - იცინის ელენე, - ჰოდა, როცა ფილმისთვის კოსმოსში გაჭრა სჭირდებათ ან ისეთ მონაკვეთს იღებენ, სადაც მოქმედება „წითელ პლანეტაზე“ ხდება, ადამიანები სწორედ უადი-რუმისკენ მიეშურებიან. ტურისტულ ცენტრში რამდენიმე ადამიანი თანამგზავრს ეძებდა. გოგონები ჩასვლისთანავე აეკიდნენ უცხოელებს, მარტო გადაადგილების იდეა აშინებდათ. ტური უადი-რუმისკენ რამდენიმე საინტერესო ადგილს მოიცავდა. ელენემ იცოდა, რომ არ იყო საჭირო წინასწარ გაწერილი გეგმით მთელი უდაბნოს შემოვლა, რადგან სანახაობების გარეშეც, ამ ადგილების ზოგადი სიდიადე, სილამაზე და სიჩუმეც კი, რომელიც მთელ ტერიტორიაზე ისე გამეფებულიყო, თითქოს ხალხი წინასწარ შეთანხმდა უსიტყვობაზე, უკვე ღირდა ერთ სიამოვნებად. ისედაც წითელი ქვიშა მზის ჩასვლისას კიდევ უფრო წითლად შეიღება. ცასაც ისეთი ალისფერი მიეღო, თითქოს ყველაფერს სადაცაა ცეცხლი უნდა წაჰკიდებოდა. მიხვდა გოკიელი, რატომ არ ეთმობოდათ ბედუინებს აქაურობა და რატომ ერჩივნათ ქვიშის მდინარე სხვა, მეტად განვითარებულ, მეტად წ*ლიან და ხალხით სავსე ადგილს. ბედუინებს შეაფარებენ თავს საღამოს, მათთან ერთად გაათენებენ იმ ღამეს. უკეთ შეიგრძნობენ ქვიშის ადამიანების ცხოვრების წესს, იმ ყოველდღიურობას გაუგებენ გემოს, რომელსაც უდაბნოს შვილები საუკუნეებია მისდევენ. ქვიშისა და გრანიტის კლდეებს მიღმა უჩინარდება მზე. ცაზე ჯერ მუქი ლურჯი, შემდეგ კი შავი ფერი იწყებს მოჭარბებას. ვარსკვლავები დაჰნათიან კოცონის გარშემო შემომსხდართ. ერთმანეთს ეხუტებიან ნაცნობები, ცეცხლი ვერ ათბობს უდაბნოს სუსხის მიერ მოყინულ ძვლებს. ტრადიციული საკრავის ხმა ისმის შორიახლოს, უფრო ემსგავსება ის საღამო არაბულ ღამეს. საკვებს ამზადებენ მასპინძელი ბედუინები, უხარიათ უცხო ხალხის მათ კარავ ქვეშ განთავსება. - მოგწონს აქაურობა? - მხარზე მიყრდნობილ ადას დაჰყურებს ზემოდან. - დილით უფრო მომწონდა. შუადღისას ქვიშაზე ფეხს ვერ ვდგამდი, მეწვოდა. ახლა ფეხს ვერ ვდგამ, მეყინება. ეს რა უბედურებაა. - ჩაის დავლევთ და გათბები. - არ მიყვარს უცხო ხალხის მიერ მომზადებული ჩაი. რა იცი, რისგან აკეთებენ. - ადა, ნუ ხარ ზიზღიანი. მოგზაურობა გაგიჭირდება, თუ მაგ განწყობას შეინარჩუნებ. აი, მოაქვთ და თავი ასწიე. შუახნის ქალმა ორი ჭიქა ფეხებთან დააწყო. ლამაზად შეღებილ თვალებს შეავლო მზერა ელენემ. თავადაც მოუნდა ბედუინების ხელი ეგრძნო სახეზე. ხელით ანიშნა, ლამაზიაო. თვალის კუთხეების შეჭმუხნით მიხვდა, უნდა გაღიმებოდა. რაღაც უთხრა არაბულად, ვერ გაიგო ქართველმა. ბოდიში მოუხადა მხრების აჩეჩვით. ქალს ისევ გაეღიმა, გაშორდა მეგობრებს. - შენ ძალიან ნუ გაუთამამდები ამ ხალხს. რაც არ უნდა იყოს, მაინც ველურები არიან. - მიჩვეულები არიან უცხოელებთან ურთიერთობას. ფულს აკეთებენ ასე. აქამდე არავისთვის არაფერი დაუშავებიათ, რაღა მე მომდგებიან? - ყველაფერი რაღაცით იწყება, ხომ იცი? - ისედაც საშიში გარემოა, ნუ მაშინებ, თუ ღმერთი გწამს. - ჰოდა, ახლა რომ ვისხდეთ სადმე ევროპაში და ყავას ვსვამდეთ ადამიანურად, არაფრისაც არ შეგეშინდებოდა. - მაგ ამბებს გავცდით მეგონა. - მეც მეგონა, სანამ უდაბნოში არ ამოვყავი თავი. როდის გათენდება, რა. - ჯერ ახლა არ დაღამდა? გრძელი ღამე გექნება შენ, ვგრძნობ. - მშვიდობიანი მქონდეს და გრძელს რა უჭირს. ბოლო-ბოლო, მზე, ადრე თუ გვიან, მაინც ამოვა. - ნეტა ამათ შენი ლაპარაკი ესმოდეთ, - სიცილით გააქნია თავი მათ გარშემო ჩამწკრივებულ უცხოელებზე. ქალები ჩაის სთავაზობდნენ აბუზულებს. - არაბული რომ ვიცოდე, პირდაპირ ვეტყოდი, გიჟები ხართ-მეთქი. - ჩემი აზრით, იმათთვის გიჟი შენ ხარ. ზოგი ამ ცხოვრებაზე ოცნებობს, ადა, შენ კიდევ ამბობ, რომ გიჟები არიან. - ზოგი, ანუ - შენ? - თუნდაც მე. - აქ მართლა იცხოვრებდი? - ვიცხოვრებდი, თუ მეცოდინებოდა, რომ სახლში დაბრუნება შემეძლებოდა. ჩემები მენატრებიან ხოლმე. რამდენი ხანიც არ უნდა გავატარო უცხო მიწაზე, მაინც სახლისკენ მიმიწევს გული. იქ დავიბადე, იქ გავიზარდე და სხვანაირად შეუძლებელიცაა. როგორც არ უნდა მომწონდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნა, ჩემ ენაზე ამღერებული ხალხის მიწა ერთადერთია, სადაც ცხოვრება და სიკვდილი მინდა. ცოდოა ადამიანი თავის სამშობლოს რომ სცილდება. ეგეთ სიცოცხლეს რა აზრი აქვს? - რა ვიცი, აბა. დედაჩემს შეხედე, წლებია არ მინახავს, - ოხვრას ამოაყოლა გული ადამ. სხეულს უთბობდა ცხელ ჭიქაზე შემოჭდილი ხელები. დალევას ვერ ბედავდა ისევ, - ტელეფონზეა ჩამოკიდებული მთელი დღე. ტელეფონის ჩარჩოს ფორმაში გავიზარდე. ჩემ არც ერთ მნიშვნელოვან დღეს ჩემთან არ ყოფილა. არ ვამტყუნებ, არც გაბრაზებული ან ნაწყენი ვარ, გეფიცები. ძალიან კარგად მესმის მისი, ორმაგად რთულია, ყველაფერ მშობლიურსაა მოშორებული. ვერ მუშაობს ხეიბარი მამაჩემი, რჩენა ხომ უნდა? მე კი მაქვს საჩემო ფული, მაგრამ ჩემ გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავთ, იმათ? ყველაფერს მე ვერ ვიზამ. ჰოდა, ასე ხდება, როცა მიდიხარ და უკან ამხელა ოჯახს ტოვებ. გიუცხოვდება ადამიანი, რამდენად ახლობელიც არ უნდა იყოს შენთვის. ცივდება ურთიერთობები, უღიმი და გიღიმის, მაგრამ იმდენად გულწრფელი ვეღარაა ეგ კონტაქტი. ოჯახის წევრებს ნაკლებად ემართებათ ეგ. წარმოიდგინე, რა საშინელებაა, როცა გენატრება, მაგრამ მის გარეშე ცხოვრებას ისე ეჩვევი, რომ ჩვეულებრივი ამბავი გგონია. არადა, რა ჯობს, დილით დედა რომ გიკეთებს საუზმეს, შენთან ერთად რომ ზის სამზარეულოში, ჭორაობთ, ყველაფერზე გელაპარაკება. რაღაცები აწუხებს, შენც გაწუხებს და ორივე რჩევას იღებთ ერთმანეთისგან. რამე რომ გჭირდება, მაშინვე შენთან ჩნდება. ათასობით კილომეტრი ან სულაც თქვენ შორის გაჭიმული ოკეანე კი არ გაშორებთ, იქვეა, ერთი ზარით შორს. არავის ბრალი არაა, ვიცი, მართლა ვიცი, მაგრამ, საბოლოოდ, ჩვენი პრობლემაა მაინც. - ჩემი ლექტორი გვეუბნებოდა ხოლმე მსგავს სიტყვებს დაწყებით კურსზე: სკოლაში რომ არაფერი გასწავლეს, თქვენი ბრალი არაა, მაგრამ თქვენი პრობლემააო. - მართალი არაა? - მართალია. გეძინება, ადა? - თვალები მიებნიდა მეგობარს. - ცოტა. სიცივე მთენთავს. სად ვიძინებთ? - კარავში, სხვაგან სად. კარავში ცხვრისა და აქლემის საშინელი სუნი დგას. გულის რევის შეგრძნება ყელში უჭერს ელენეს, მძაფრი სუნები ერთადერთია, რასაც ვერაფრით უძლებს. ცხვირი შეეჭმუხნათ ორივეს, წარბშეყრილი აყოლებდნენ თვალს ჩაის დამტარებელს, რომელიც წაკუზულიყო და ქვეშაგებს ასწორებდა. ელენეს უნდოდა ეთქვა, თავად მივხედავთ, ნუ წუხდებითო, მაგრამ ხმას ვერ იღებდა შიშით, ვაი და, აქვე არ ვარწყიოო. - შენ არ დაწვები? - ფეხზე მდგომს მიმართა ადამ. პლედში გახვეულს გადაეფარებინა ბედუინების მიერ დატოვებული საბანი. სუნს ვერ იშორებდა ცხვირიდან, სახე ჩაერგო თავისსავე შარფში. - ჯერ კი არ მეძინება, მაგრამ დავწვები. - როგორ ფიქრობ, აქ გველები არიან? - უდაბნოში? რა თქმა უნდა, არიან. - არ შეგიძლია, რომ დამამშვიდო მაინც? - ხმა ებზარება შიშისგან ადას. - დაგამშვიდებ და გეტყვი, რომ კარავში არ შემოგივარდებიან. - ჰო, მადლობა, მაგრად გამოგივიდა. - მიდი, დაიძინე. დილით მზის ამოსვლას ვუყუროთ. - ხვალაც მთელი დღე აქ ვართ? - ხვალ ქვიშაზე ვიცუროთ. მოგეწონება, მართლა. - ყველაფერზე ეგრე ამბობ შენ. - გაჩუმდი და დაიძინე. დიდხანს იწრიალა მაგარ ზედაპირზე ელენემ. ვერაფრით დაიძინა. არ უჭირდა უცხო გარემოში ადაპტირება, მაგრამ პირველად ათევდა ღამეს უდაბნოში. მოსვენებას არ აძლევდა ცხოველების მყრალი სუნი. სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა მოუნდა, უჩუმრად გამოძვრა საბანში გახვეული. პლედი მოიცვა მხრებზე, ნელა გადასწია კარვის კალთები, თავგაყოფილმა შეათვალიერა მიჩუმებული უდაბნო. ცხვირს იქით ძლივს ირჩეოდა ჰორიზონტი. ოდნავღა ბჟუტავდა ცეცხლის ნარჩენები. ნაკვერჩხალს შეენარჩუნებინა სითბო, ხელები მიუშვირა შეციებულმა. ესიამოვნა სხეულში დავლილი შეგრძნება, თავი გადასწია უკან, უკეთ რომ შეეთვალიერებინა ციური სხეულებით მოჭედილი ცა. ზარის ხმამ გაჰკვეთა გაბატონებული სიჩუმე. არემარე მოათვალიერა უეცარი ხმაურისგან შეშინებულმა, ვერაფერი დალანდა ირგვლივ აღმართული კლდეების გარდა. მომეჩვენაო, თავი დაირწმუნა. კიდევ ერთხელ შეხედა გათეთრებულ ცას. უყვარდა ბუნების მიერ შემოთავაზებული სილამაზეები. სიამოვნებას ჰგვრიდა მზის ჩასვლა-ამოსვლის ყურება, ღამით ვარსკვლავებზე დაკვირვება, მთვარის ფაზების მონაცვლეობა. ვერაფერი შეედრებოდა იმ სანახაობას, რასაც ადამიანები ყოველ დღე ხედავდნენ და თვალშეჩვეულნი ვერ აფასებდნენ. ამოიოხრა გაბედნიერებულმა. ღმერთს მადლობა გადაუხადა, ასეთი უღრუბლო ამინდი რომ აჩუქა უდაბნოში მოხეტიალეებს. წამოდგა ფეხზე, სიცივემ დაჯაბნა ვერ შენარჩუნებული სითბო. ზარის ხმა გაისმა ახლოდან. შეშინებული მიაბრუნა თავი გვერდით. სიბნელეში ძლივს გაარჩია მის წინ აღმართული უცხო სხეული. წამოიყვირა მოულოდნელობისგან, აქლემზე შებმულ ზარს შეხედა გაკვირვებულმა. მიხვდა მაშინვე, ქარავანს უნდა გამოევლო აქვე. თავი დაუკრა უდაბნოს შვილს, უკან დაიხია ქართველმა, კარავში მოუნდა გაუჩინარება. ელენეს ნაბიჯს ბედუინის ნაბიჯიც მოჰყვა. შედგა ადგილზე, შიშმა დაუარა სხეულში. დავიყვირებ ახლაო, იფიქრა, მაგრამ სამტროდ მოსულს არ ჰგავდა უცხოელი. არ უნდოდა, ყვირილით საქმე გაერთულებინა. მინავლებულ ცეცხლზე დაფარული სახე გამოუჩნდა კაცს. შეღებილი თვალებით ავად და დაკვირვებით უმზერდა ახალგაზრდა ქალს. შავი კეფიე შემოეხვია თავზე, სახე არ უჩანდა ბედუინს. გაუკვირდა ელენეს, პირველად ნახა შავ თავსაბურავში გამოწყობილი უდაბნოელი. შეუმჩნევლად შეათვალიერა თავით ფეხამდე. აქლემს შემოხვეულ თოკზე ჩაკიდებულ ხელს გაუშტერა თვალი. შორიდანვე დაასკვნა, ახალგაზრდა უნდა იყოსო. ნაზად გაარხია კაცის შესამოსელი უდაბნოს ქარმა. ხელები დაეხორკლა სიცივისგან, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა თვალმოუშორებლად. აშინებდა საეჭვოდ დადუმებული სტუმარი, თუმცა უდაბნოს სტუმრად თავად უფრო იწოდებოდა. - შემიძლია, რამით დაგეხმაროთ? - ხმის ამოღება გაბედა. გაიფიქრა, საუბარი მომიხსნის დაძაბულობასო. იცოდა, მეგობრულები იყვნენ იორდანიაში ბედუინები, მაინც ვერ იოკებდა აწრიალებულ გულს. ბოლოჯერ გაიბრძოლა ნაკვერჩხალზე შერჩენილმა სინათლემ, ქარს გააყოლა თავისი სილამაზე. საოცრად ჩამობნელდა უდაბნოში. შორს იყო მზის სხივები ჯერ კიდევ. ვარსკვლავები მეფობდნენ ცაზე, არ აპირებდნენ პოზიციების დათმობას. მომენტით ისარგებლა ქართველმა, სწრაფად შებრუნდა კარვისკენ, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოასწრო მხოლოდ. ვერ მიხვდა, როგორ აითრიეს ძლიერმა ხელებმა ჰაერში. ფეხები გამოეკიდა აქლემზე გადაწოლილს, ცხვირი აუწვა ცხოველის ბინძურმა ტყავმა. გულის რევის ნაცნობმა შეგრძნებამ მოამუწინა პანიკის ასატეხად დაფჩენილი პირი. არ დააცადა უცხო სხეულმა, მძიმე საგანი დაეშვა ელენეს შუბლზე. გონების დაბინდვამდე გაჰყურებდა შორს შემორჩენილ კარავს, ცაზე ჩამწკრივებული სხეულები რომ ანათებდნენ ზედ. ჯერ კიდევ ვერ აანალიზებდა, როგორ აშორებდნენ ძილში გადაშვებულ მეგობარს. გადაიყარა სინათლეს დამონებული სხეულები ცის კაბადონიდან. მზე ამოიწვერა უმ-დამის თავზე. ძილს დაეხსნენ უდაბნოს სტუმრები, ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს კარვების დატოვება. კუჭი აწრიალებოდათ უჭმელობისგან, მომლოდინედ ჩამწკრივებულიყვნენ საჭმლის რიგში. ისევ სიცხემ მოიცვა იორდანია, ისევ ახმაურდა ვაჭრობაში ჩაფლული მთელი ქვეყანა. ტურისტებით სავსე თვითმფრინავები ტოვებდნენ მიწას, ზემოდან გადმოჰყურებდნენ სხვა ქვეყნის შვილები ქვიშაში ჩაფლულ სილამაზეებს. იქიდან არავინ იცოდა, რომ მათსავით აღმოსავლეთის მოყვარული ადამიანი ღამით ყველაფერ ნაცნობს დააშორეს. მოიტაცეს საქართველოს შვილი და ვერავინ გაიგო მორიგი სტუმრის დაკარგვა, სანამ ადამ უმეგობრო კარავს თვალი არ მოავლო და გარეთ გაჭრილმა უადი-რუმის ტერიტორია კივილით არ დაფარა. თუმცა, არ ესმოდა ელენეს მეგობრის განწირული ყვირილი. ვერ იგრძნობდა მისი გათიშული გონება, რომ რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ, იმ ადგილიდან, სადაც გუშინ დაუღამდა, ძალიან შორს, სრულიად უცხო ადამიანებთან გაუთენდა. უხეშად ჩამოხსნა აქლემს მიახლებულმა ბედუინმა ახალგაზრდა, მხარზე გადაიწვინა გათიშული. შეუმჩნევლად დაუკრა თავი ცხოველზე ამხედრებულს. წარბი არ შეხრია კაცს, უგულო მზერა სტყორცნა მის წინ ასვეტილს. წელში გასწორდა მთელი ღამის ნამგზავრი, ტანსაცმელს დასუნა შეწუხებულმა. მიუხვდა წუხილს ჯერ კიდევ იქ მდგომი თანატომელი, ხელით ანიშნა კარვის შესასვლელთან ატუზულ ქალს, მიხედეო. თავი დაუკრა მორჩილად ქალმა, წ*ლის მოსატანად გაუჩინარდა მაშინვე. ნჯღრევა იგრძნო ელენემ, გასწორება ვერ მოახერხა. შეწუხებულმა ამოიკრუსუნა, სისხლი აწვებოდა თვალებზე. ამოყირავებულმა მოათვალიერა გარემო. ჯერ კიდევ ბუნდოვნად ხედავდა მის წინ გადაშლილ სურათს. გაჭირვებით გაიხსენა ღამით მომხდარი, მაშინღა მიხვდა, შარში რომ გაჰყო თავი. ყური მოსჭრა უცხო ენაზე ალაპარაკებული ხალხის ხმამ. აღარ ესიამოვნა არაბული მის გონებას, ტირილი მოუნდა გაურკვევლობაში მყოფს. ერთი გაიბრძოლა მხარზე გადაწოლილმა, წონასწორობა ვერ შეიკავა გამხდარმა ბედუინმა. სახით დაეცა ელენე, ტკივილი იგრძნო მარჯვენა ლოყაზე. ისედაც თავი უბჟუოდა, წუილის ხმა ორპირი ქარივით უვლიდა ყურებში. წამოდგომა ვერ შესძლო, მთელი სხეულით გაეკრა მიწას. სითბო ესიამოვნა, ნეტავ არავინ ამაყენოსო, გაიფიქრა და ფიქრის დასრულებაც ვერ მოასწრო, ყვირილით რომ დაავლო ხელი თავზე წამომდგარმა კაცმა. ფეხზე დააყენა, მზერა გაუსწორა. მტრულად იმზირებოდა არაბი, წარმოდგენა არ ჰქონდა ელენეს, რატომ მოიყვანეს ბედუინთა საცხოვრებელში. შიში არ შორდებოდა არც ერთი წუთით, მუცელში უვლიდა უცნაური შეგრძნება. ძილი მოუნდა, მორფევსის სამყაროში გაქცევა გადაწყვიტა მისმა ორგანიზმმა. ფეხი მოეკვეთა ძალა წართმეულს, ისევ ქვიშას უმიზნებდა სახეს. ხელი შეაშველა აქლემიდან ჩამომხტარმა, ადამიანურად აიტაცა ხელში. მხარი აღარ „აკადრა“ ახლა, მკლავებზე გადაიწვინა ნაზად. რაღაც გასძახა თანატომელს, სიტყვა ვერ გაარჩია ელენემ. თან ფხიზლობდა, თან - არა. თან გონზე იყო, თან - არა. რეალობას ბლოკავდა მთელი მისი არსება, ერთი წამითაც არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ იქ იყო, სადაც ნამდვილად იყო. ვინ მოიკითხავდა მივარდნილ უდაბნოში? ვინ შეჰბედავდა დიუნების გაკვეთას მის გადასარჩენად? გაგიჟდებოდა დედა შვილის მოლოდინით, გულს გაუხეთქავდა თბილისში ნაფრენი ახალი ამბავი, რომ უდაბნოს შვილმა ელენე მოიტაცა. შებინდებისას, როცა ბედუინებმა ყოველდღიურ საქმიანობას თავი ანებეს და გასათბობად კოცონი დაანთეს, ელენეს კარავში გამოეღვიძა. უჭირდა გარემოს აღქმა, ხელის ცეცებით მოიარა ვიწრო „საძინებელი“. კუჭი აწუხებდა შიმშილისგან, ძილში გაეტარებინა თითქმის ერთი დღე. უკვირდა, თავისუფლად რომ გადაადგილდებოდა. სადმე მიბმულს დატოვებდნენ, ეგონა. დრო ვერ გამოთვალა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რამდენ ხანს დაჰყო მარტომ სიბნელეში. კარვის კალთები გადაწია უცხომ, ცეცხლის სინათლე შემოიჭრა სიბნელეში. არ ესიამოვნა სინათლეს გადაჩვეულ თვალებს უეცარი ცვლილება, რაც შეეძლო უკან მიიწია, მუხლებს მოჰხვია ხელები ძლიერად. დაკვირვებით შეათვალიერა შემოსასვლელში მდგომმა ახალგაზრდა, შეშინებული გოგონა. არადა, არ იყო ელენე ის ადამიანი, მარტივად შეშინებოდა რაღაცების. დამოუკიდებლად მოგზაურობდა თითქმის ყოველთვის და ბევრჯერ ყოფილა საშიშროების წინაში სრულიად მარტო. მაშინაც კი არ შეშინებია, როცა დასაყაჩაღებლად აეკიდნენ ქუჩაში უცხოები. ახლა სხვა შეგნების ხალხთან ამოყო თავი. მათი არც ენა ესმოდა, არც სამყაროსადმი დამოკიდებულება. არ იცოდა, რატომ ნადირობდნენ ტურისტებზე უდაბნოს შვილები და კიდევ უფრო ძაბავდა ის ფაქტი, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ იყო თვითონ იქ, სადაც არ უნდა ყოფილიყო. - ნუ გეშინია, - ინგლისურად მიმართა ბედუინმა. წამიერად მოეხსნა დაძაბულობა გოკიელს, მიხვდა, შეეძლო ვიღაცასთან ესაუბრა. - აქ რატომ ვარ? - მუხლებზე წამოდგა, თვალი გაუსწორა სიბნელეში ჩაკარგულ სახეს. - გშია? - აქ რატომ ვარ? - თუ გშია, შეგიძლია გამოხვიდე. კოცონი ჯერ ისევ ანთია. - არაფერი არ მინდა. ის მაინტერესებს, აქ რატომ ვარ. - მაგაზე მე ვერ გიპასუხებ. არ გცივა? სციოდა, თანაც ძალიან. ღამის უდაბნო ძვლებს უყინავდა, არ ჰყოფნიდა ძველი კარვიდან წამოყოლილი თხელი პლედი. შიში ემატებოდა სიცივეს და შესამჩნევად უცახცახებდა საყრდენად ქცეული მუხლები. არ აპირებდა გასვლას, არაფრის დიდებით არ დატოვებდა თავის სამყოფელს, მაგრამ უპასუხოდ დარჩენილმა უცხოელმა რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ სიბნელეში დატოვა კარავი. თან წაიყოლა სინათლე, რომელსაც ელენეს თვალები ნელ-ნელა ეჩვეოდნენ. პანიკაში ჩავარდა ისევ მარტო დარჩენილი, ჯერ კიდევ აღწევდა გარედან უცხო ხმები. ფეხზე წამოდგა, ღრმად შეისუნთქა გრილი ნიავი. თუ უნდა მომკლან, მშიერი მაინც არ მოვკვდებიო, თავს შეუძახა. გამბედაობა მოიკრიბა და კარვის კალთები გადახსნა. არც ერთ სულიერს მისკენ არ გამოუხედავს. კოცონის გარშემო შემოკრებილი რამდენიმე ადამიანი ხის ჭურჭლიდან წვნიანს ხვრეპდა. არ მოეწონა ჰაერში დატრიალებული საჭმლის სუნი ელენეს. მაშინვე ის გაახსენდა, ადას რომ ეჩხუბა წუნიაობაზე. მოენატრა მეგობარი, მისი წუწუნიც კი სასიამოვნოდ აგონდებოდა ახლა, არადა, სულ რამდენიმე საათი იყო გასული მათი განშორებიდან. ღმერთმა იცოდა მხოლოდ, რამდენ ხანს მოუწევდა იქ ყოფნა კიდევ. ნაცნობმა ქალმა შორიდან დაუქნია ხელი. ვერაფრით იშორებდა იმ აზრს ელენე, რომ ჩვეულებრივ ბედუინს არაფრით არ ჰგავდა. ბედნიერად იღიმოდა ინგლისურად ალაპარაკებული უცხოელი, გვერდით მდგარ სხეულს ხელების ქნევით უყვებოდა რაღაცას. ნაბიჯი ვეღარ გადადგა ელენემ, კარავში შესვლა დააპირა ისევ, როცა მოშორებით მდგარი ქოხმახიდან ნაცნობმა კაცმა გამოყო თავი. თავსაბურავის მიუხედავად, მაშინვე იცნო თავისი გამტაცებელი. უცნაურმა შეგრძნებამ სხეული მოუდუნა. უკვე მეორედ მოუნდა ძილი, თითქოს უდაბნოს შვილი სარივით დაჭიმულ გოგონას მოხატული თვალებით აჰიპნოზებდა. თავი ვერ გაატრიალა მზერა წასწრებულმა. ცეცხლის ალებს ირეკლავდა ბედუინის თვალები, მტრულად იმზირებოდა შორიდან, რენტგენში ატარებდა უხერხულად აწურულ სტუმარს. ვერაფრით მიხვდა მზერის მნიშვნელობას, ისევ თავად გაწყვიტა მათ შორის გაბმული უხილავი ძაფი. ის ქალი მიუახლოვდა ამასობაში, ხელი ჩასჭიდა მეგობრულად, სადღაც წაიყვანა დაბნეული. - რამე უნდა ჭამო. იმ კარავში, სადაც საკვები ეგულებოდათ, არავინ დახვდათ. მალევე მიხვდა ელენე, ბევრნი არ უნდა იყვნენო. კითხვები აწუხებდა და დასმის ეშინოდა. ურწმუნოდ დაჰყურებდა თეფშის მაგვარ ჭურჭელზე გადმოღებულ უცნაურ ულუფას და ვერაფრით გადაეწყვიტა, გაესინჯა თუ არა. იქნებ მწამლავენო, ფიქრობდა გულში. - უსაფრთხოა, - გაიცინა ქალმა, - შეგიძლია თამამად მიირთვა. - აქ რატომ ვარ? - თვალი გაუსწორა ქართველმა. დანებდა აწრიალებულ კუჭს, პირში გადაუძახა პირველ ლუკმას. უცნაური გემო ჰქონდა ბედუინების ნახელავს, ვერც ერთ გემოს ვერ მიამსგავსა. იმასაც ვერ მიხვდა, რას ჭამდა გამწარებული. - სხვა კითხვა არ გაქვს? თავი გააქნია უარყოფის ნიშნად. - არასწორ ადამიანს უსვამ კითხვას, ეგ მე არ მეხება. - აბა, ვის ეხება? - იმას, ვინც ყველაზე მაღლა დგას. - და ვინ დგას ყველაზე მაღლა? - გაიგებ, ნუ ჩქარობ. - ბედუინი არ ხარ, არა? - საიდან მოიტანე? - გაკვირვებით შეკრა შუბლი ქალმა. სიტყვები მოზომა ელენემ, არ გავანაწყენოო უდაბნოს შვილი. - რა ვიცი, - მხრები აიჩეჩა. მართლაც და, რატომ გაუჩნდა ეს კითხვა? საიდან მოიტანა, რომ ეს სანდომიანი ქალი სხვა ქვეყნის შვილია? - აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, - ამაყად გადმოხედა სტუმარს, - აქ მოვკვდები. - გასაგებია, - მომდევნო ლუკმას გაუსინჯა გემო. არადა, გასაგები არაფერიც არ იყო. ელენეს სჯეროდა, რომ თავისუფლებისა და ქვიშის მოყვარული ხალხი უფრო მეტად ველური იყო, ვიდრე ახლა მის თვალწინ გადაშლილი რეალობა უჩვენებდა. ასე ასწავლიდნენ, ასე ისწავლა თავადაც. - ზაფხულის მიუხედავად, ღამით საშინლად ცივა. შენ საწოლთან საბანს დავტოვებ, კიდევ თუ დაგჭირდება რამე, გამაგებინე. გვერდით კარავში ვარ. - ინგლისური სად ისწავლე? - განათლების მიღება თუ გინდა, სადაც გინდა და როგორც გინდა, ყველანაირი ხერხით მოახერხებ. ეგრე არაა? - მაგრამ, უდაბნოში... - ენაზე იკბინა ელენემ. ვეღარ დაამთავრა სიტყვა. უდაბნოს შვილს ვერ ეტყოდა, ცივილიზაციისგან შორს განათლება რანაირად უნდა მიიღოო. ქალს გაეცინა. ირონიით კი არა, გულწრფელად გაეცინა. ალბათ პირველად არ ისმენდა მსგავს აზრს. მიჩვეული უნდა იყოსო, იფიქრა ქართველმა. - თქვენ, განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს, გგონიათ, რომ ყველაფერი იქ მთავრდება, სადაც იწყება. მიჩვეული ხართ ერთფეროვნებას, იმით კმაყოფილდებით, რასაც მარტივად იღებთ. არ უფიქრდებით, რომ სრულიად სხვა ცხოვრებაც არსებობს. უფრო მეტად ბრძოლაზე დამოკიდებული, უფრო მეტად თავისუფალი, ვიდრე თქვენი თავისუფლებაა. უდაბნოში ყველაფერი ისაა, რაც თქვენ გაკლიათ. აქ ხალხი იმას აფასებს, რასაც ბუნება აძლევს. ჩვენ უფრო კარგად გვესმის სამყაროს სილამაზის, ვიდრე თქვენ - შენობებში, მანქანებში, კედლებში გამომწყვდეულთ. შეზღუდულია ეგ თქვენი შეხედულებები, ამას დღითი დღე მიხვდები. - ძალიან ცდები. აქაურობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მე ბავშვობიდან შორიდან ვსწავლობდი თქვენი სამყაროს სიყვარულს. აღმოსავლეთია ის, რაც გულს მიფორიაქებს, სულს მიმშვიდებს, ცხოვრებას მიმრავალფეროვნებს. მაგრამ ერთის სიყვარული მეორეს სიყვარულში ხელს არ მიშლის. თავისი ხიბლი აქვს იმ შენობებს, მანქანებსა და თუნდაც კედლებში გამომწყვდეულ თავისუფლებას. თუ თქვენ იმდენად თავისუფლები ხართ, წესები არ გზღუდავთ? მე ვიცნობ ასეთ ტომებს და ვიცი, მორჩილებაში გაგდით მთელი სიცოცხლე. მორჩილება, თავისთავად კლავს იმ შენ თავისუფლებას, ასე რომ გეძვირფასება. ეგ უდაბნოა შეუზღუდავი და არა თქვენ. მაპატიე, ამას რომ გეუბნები, მაგრამ მთელმა მსოფლიომ იცის, რა კანონებით ცხოვრობენ ბედუინები. ბევრი ნაკლი აქვთ თქვენგან შორს მცხოვრებ ადამიანებს, გეთანხმები, მაგრამ მათი თავისუფლება სხვების უბედურებაზე დაფუძნებული არაა. ცდილობენ არ იყოს მაინც, ყოველ შემთხვევაში. აბა, მე შემომხედე. ახლა აქ რატომ ვარ? ერთკვირიან მოგზაურობაში წამოვედი ჩემ მეგობართან ერთად, მშვიდად გავატარე რამდენიმე დღე და ერთ ღამესაც, შუა უდაბნოში, ვიღაცამ ხელი დამავლო, აქლემზე ბარგივით გადამკიდა და აქ მომიყვანა. რატომ? გაქვს მაგაზე პასუხი? თავი მიენებებინა საჭმლისთვის, ხელში ძლიერად ჩაებღუჯა კოვზი და ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა. თვალს ადევნებდა უცხოელი უცხოელს. ერთხელაც არ შეხრია წარბი სტუმრის სიტყვაზე. ხმა აღარ ამოუღია, ფეხზე წამოდგა მაშინვე. ელენე მიხვდა, შეცდომა დაუშვა თავისი გულწრფელობით. არ იყო ემოციებად დაღვრის დრო, უსულგულოდ გაატყავებდნენ და უდაბნოში გამოკიდებდნენ მის სხეულს ბედუინები. მის კვალსაც ვერ იპოვიდნენ თავისიანები, უდაბნო ჩაყლაპავდა ქართველის არსებობას. ისე დაამთავრებდა, არც ყოფილიყოსო თითქოს. - არ გეგონოს, შენ დამოკიდებულებას უარვყოფ და ვცდილობ, აზრი შეგაცვლევინო, მაგრამ საზღვრებს მიღმა ვინ რას გასწავლით, ჩემი საქმე არაა. ჩვენ ისეთივე დამოკიდებულება გვაქვს თქვენზე, როგორც დანარჩენ სამყაროს - ჩვენზე. უდაბნო გვიყვარს, უდაბნოს ვცემთ პატივს. ის, რაც შენთვის შეზღუდვაა, ჩვენთვის ის კანონია, რომელიც თავისუფლებას გვაგრძნობინებს. ამ აზრით გავიზარდეთ, ასეა თქვენშიც. კარგი იქნება, თუ დანარჩენებთან ასე არ ილაპარაკებ. ცხოველები არ ვართ, მაგრამ რაც გვეკუთვნის, იმას ცხოველებივით ვიცავთ. არ გეტყვი, ყელს გამოგჭრიან-მეთქი, მაგრამ გარისკვად არ ღირს. მე რომ ასე თავისუფლად ვაზროვნებ და გელაპარაკები, იმის დამსახურებაა, რომ ხშირად მაქვს შეხება თქვენ სამყაროსთან. იმ წარმოდგენის ადამიანი არ ვარ, თითქოს მარტო ჩვენ ვცხოვრობთ სიმართლით და ამის იქით არაფერია. მაგრამ მე ჩემი სამყაროს შვილი ვარ, არც ეგ დაგავიწყდეს. უხმოდ დაეთანხმა ელენე. იქ ვერ გაშლიდა ფრთებს, სადაც თავისი ადგილი არ იყო. წამოდგა და კუდში აედევნა უდაბნოს შვილს, უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა თავს უცხო გარემოში მარტო დარჩენილი. - რა გქვია? - უკანმოუხედავად ჰკითხა. - ელენე. შენ რა გქვია? - ტაირა. - ლამაზი სახელია. - მფრინავს ნიშნავს. ჩემ მშობლებს კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდათ. თუმცა, ჩვენში მე ერთადერთი ქალი ვარ, ვინც მართლა გაფრინდა სხვა ქვეყანაში, ამიტომ, მთლად არასწორი სახელიც არ შეურჩევიათ. - მშობლები სად გყავს? - აღარ მყავს. მამაჩემი ავადმყოფობდა, დედაჩემმა ქმრის გარეშე ყოფნას ვერ გაუძლო. ზოგადად, მიჯაჭვულობა, დიდი სიყვარული და ერთმანეთზე გადარევა-გაგიჟება არ იციან აქ, მაგრამ ასე მოხდა. - ოჯახი არ გყავს? არაო, ცივად გააქნია თავი. აღარ ჩასძიებია ელენე, სიცივისგან ტუჩები გალურჯებოდა. ჩაქრობის პირას მისულიყო ცეცხლი, ნელ-ნელა შემოეცალნენ კოცონს გარშემო შემომსხდარნი. კარავში დაბრუნდა, შედარებით მშვიდად დაიგულა თავი. სულ თუ არაფერი, ის მაინც იცოდა, რომ გვერდითა კარავში ტაირას ეძინა. ქოშინით გამოეღვიძა შუაღამისას. ესიზმრა, თითქოს ადა უდაბნოში მარტოდ-მარტო დახეტიალობდა და უმისამართოდ გასძახოდა მეგობარს საშველად. შორიდან უყურებდა ელენე სცენას და პირს ვერ აღებდა, პასუხი რომ დაებრუნებინა. როდის-როდის აღმოაჩინა, ამოჰკერვოდა პირი. ხელები წაივლო შეჭმულ ტუჩებზე, თვალთ დაუბნელდა შეწუხებულს. გამოღვიძებულსაც არ ტოვებდა შიშის შეგრძნება. ოფლით დაეცვარა შუბლი, უფრო მეტად შესცივდა. სითბოს ვერ უნახავდა მატყლის საბანი. წამოდგა პლედმოხვეული, თავი გამოჰყო კარვიდან. ადამიანი არ ჩანდა ახლო-მახლო. შიში შეეპარა უდაბნოს მოყვარულს, სხვანაირი ეჩვენა ქვიშის კალთები. ფერი ეცვალა ერთ დროს საყვარელ ადგილს. ახლა სახლში დაბრუნება უნდოდა მხოლოდ. მტრად მიაჩნდა უმისამართო გზები, რომლებმაც სამშვიდობოს მოაშორეს და აქამდე ძალით მოიყვანეს. ხმა გაისმა შორიახლოს. თვალები მოჭუტა ელენემ, მაშინღა დაინახა ქვიშას შეზრდილი სხეული. გული შეუტოკდა შიშისგან, არ შემამჩნიოსო ბედუინმა. მთელი დღე სიტყვა არ უთქვამს მისთვის არავის, აშინებდა ის დღე, როცა მის შემჩნევას დაიწყებდნენ. გაქცევაზე არ უფიქრია ერთი წამითაც კი. საღად აზროვნებდა ჯერ კიდევ, ზუსტად იცოდა, აქედან წასული, უდაბნოში გააფრთხობდა სულს. ვერ გაიგნებდა გზას და ასე დასრულდებოდა მისი ხანმოკლე, 27-წლიანი ცხოვრება. არადა მისაღწევი ბევრია, გასაკეთებელი ორმაგად ბევრი. ქვიშაზე წამოჯდა ბედუინი, ცას ახედა ჩაფიქრებულმა. უშიშრად გამოიყურებოდა, არც ადგომას და დასვენებას ჩქარობდა. იმდენ ხანს იჯდა თავგადაგდებული, ელენემ იფიქრა, კისერი ეტკინებაო. თავად უკვე გრძნობდა ძარღვების დაჭიმულობას, კიდურებიც ეყინებოდა თანდათან. ჯერ კიდევ შერჩენოდა სისველე შუბლზე, ნიავი ურტყამდა დანამულ სახეზე. ავად რომ გავხდე, რა მეშველებაო, გაიფიქრა. მანამ შეჰყო თავი უკან, სანამ ბედუინი მოტრიალდებოდა და კარვიდან მალულად მომზირალ გოგონას ფაქტზე წაუსწრებდა. ძილის შებრუნების მცდელობისას ელენემ დაასკვნა, რადაც არ უნდა დამიჯდეს, აქედან ცოცხალმა უნდა გავაღწიოო. მერე მშვიდად დახუჭა თვალები, სიმამაცე იპოვა საკუთარ თავში, სიცოცხლისა და გადარჩენის უდიდესი სურვილი და გაღიმებულს დაეძინა. დარწმუნებული იყო, მეორე დილა უკეთესი გათენდებოდა. წინა ღამით ნაპოვნი სიმამაცე მაშინვე აორთქლდა, როგორც კი გამთენიისას ტაირამ შეანჯღრია საბანში გახვეული. ჯერ კიდევ ეძინა მის გონებას, ამიტომ გვიან გააანალიზა ქალის სიტყვები: ბედუინთა შეიხი თავისთან იხმობდა „სტუმარს“. შუახნის მამაკაცი კარვის ბოლოში, ამაღლებულ ადგილზე, ფეხმორთხმით იჯდა. თავსაბურავი წაეკრა, რამდენიმე ზომით დიდი, თეთრი კანდურა მოერგო, ხელებზე ასხმული სამკაულები გამოემზეურებინა. მზე მოჰკიდებოდა უდაბნოს შვილს, სახე აწითლებოდა. შორიდან შეათვალიერა უცხოელი, ხელით უხმო თავისთან. ნელი ნაბიჯით დაიძრა კაცისკენ ელენე. ისე მიდიოდა, მესამე თვალი აუცილებლად გაიფიქრებდა, დასაკლავად გამზადებულ ცხვარს ჰგავსო. გაქცევა მოუნდა ქართველს, თითის ბალიშებში გრძნობდა ჩხვლეტას. - მე გითარგმნი, - გვერდით ამოუდგა ტაირა. არ იცოდა რატომ, მაგრამ შვებამ მოიცვა მისი გონება. გაუცნობიერებლად ენდო ინგლისურად ალაპარაკებულ ქალს, რომელმაც თვალებით ანიშნა, ბელადს თავი მოუხარეო. არ ეპიტნავა პატივის მიგება უცხოელისთვის. გაჭირვებით დახარა თავი, სუსტი ღიმილი აიკრა სახეზე. ენად გაიკრიფა შეიხად წოდებული, აზრის მოკრეფას ვერ ასწრებდა ტაირა. რამდენიმე წუთს უხმოდ უსმინა, მერე მოწიწებით შეაწყვეტინა, გადავთარგმნიო. - აინტერესებს, იორდანიაში საიდან მოხვდი, - ელენეს მიუბრუნდა ქალი, - ვინ ხარ, რომელი ქვეყნის შვილი. რა იცი ჩვენზე, ჩვენს ტრადიციებზე. რამდენად მოგწონს აქაურობა და... - წინადადება გაუწყდა, თვალი გააპარა იმ წამს კარავში შემოსული ახალგაზრდა კაცისკენ. თავიც არ შეუწუხებია კაცს, უსიტყვოდ ჩაუარა ქალებს, შეიხს ამოუდგა მარჯვენა მხარეს. ენიშნა ელენეს, უფროსის მარჯვენა ხელი უნდა იყოსო. ზერელედ შეათვალიერა ნაცნობი, შავი ტანის სამოსი მოერგო იმ დღეს ბედუინს. - და რა? - თვალი მოსწყვიტა გამტაცებელს, ტაირას მიუბრუნდა ისევ. - მზად ხარ თუ არა, რომ სამუდამოდ ჩვენთან დაიდო ბინა, - ავის მომასწავებლად გაისმა წინადადების ბოლო. - უკაცრავად? - შოკისგან შეჰყვირა ქართველმა. წარბი შეკრა შეიხმა, არ ესიამოვნა ტონის ცვლილება. არაბულად ჰკითხა რაღაც თანატომელს, ამ უკანასკნელმაც მხრები აიჩეჩა. რა ხდებაო, მკაცრად ჩაეკითხა ბნედა დაცემულ უცხოელს. - რა ხდება? რას ჰქვია, მზად ვარ თუ არა, რომ სამუდამოდ აქ დავრჩე? - გულისხმობს, რომ ჩვენთან იცხოვრო. - ძალიან კარგად მივხვდი, რასაც გულისხმობს. ახლავე გადაეცი, სისულელეებს მოეშვას და სასწრაფოდ იქ დამაბრუნოს, საიდანაც წამომიყვანეს. - მაგას ვერ ვუთარგმნი, - სუსხი შეეპარა ხმაში. - ისე უთარგმნი, როგორც არაფერი. შენ თუ არა, ტელეფონი მომიტანეთ, მე ვუთარგმნი. - გიჟი ხარ? - გიჟი ვარ ზუსტად. ეგ ზღაპრები მოუყვეს თავის შვილებს, მე თავი დამანებეთ. 21-ე საუკუნეში მოტაცება და ადამიანის უდაბნოში დაბმა აღარ გამიგია. კანონი კრძალავს მაგას, გიჩივლებთ და ყველას დაგიჭერენ. ტყიურები ხართ? რა უბედურება გჭირთ, ადამიანობა დაკარგეთ? შენ ხომ მაინც იცი, სხვა ქვეყნის შვილი აქ ვერ იცხოვრებს. რამდენადაც არ უნდა მიყვარდეს ეს თქვენი უდაბნო, იმდენად მძულხართ ახლა თქვენ. მე ჩემ გზაზე გამიშვით და თქვენ თქვენი ხალხი დააბით აქ ცხოველებივით, გასაგებია? - მოგკლავს, - ჰაერში მოლივლივე დაძაბულობა გაჰკვეთა ერთადერთმა სიტყვამ. ჟრუანტელმა დაუარა ელენეს, თვალი მოატარა მთელ კარავს. რამდენიმე ადამიანი იჯდა შეიხის გარშემო, ვერ გაიგო, რომელმა ახსენა განაჩენივით ის ერთი სიტყვა. თავსაბურავი აეკრათ მთელ სახეზე, თვალებით მეტყველებდნენ მხოლოდ. გამოდის, ვიღაცას კიდევ ესმოდა მთელი ეს დიალოგი და ეს ვიღაც გამაფრთხილებელ სიგნალებს ფარულად უგზავნიდა. - მომკლავს არა კვახი, - თავი ვერ შეიკავა, გემრიელი კურთხევა მიაყოლა ქართულად. პირველად შეიგინა მთელი ცხოვრების მანძილზე, გაუკვირდა გასროლილი სიტყვა. პირზე იტაცა მაშინვე ხელი. გვიან გაახსენდა, მაინც ვერავინ გაიგებდა მის ნათქვამს. კითხვის ნიშნებით სავსე მზერა მიაპყრო ტაირამ. თავი გააქნია ქართველმა. არაფერიაო, გადაუჩურჩულა. საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა შეიხმა, ხელის აქნევით ანიშნა, წადითო. უკუსვლით დაიხია ტაირამ, თავი არ აუწევია მანამ, სანამ კარვიდან არ გამოვიდნენ. მერე წარბები შეკრა, სანდომიანი მზერა გაუქრა სახიდან. მკლავში ხელი წაავლო ელენეს, მოშორებით გაიყვანა სირბილით. - რა ჯანდაბა გჭირს? - მე კი არა, თქვენ რა გჭირთ? - სანამ მას შენთან საქმე აქვს, სანამ აინტერესებ, იქამდე ხარ სრულიად უსაფრთხოდ. მაგას ვერ ხვდები? შენი აზრით, რატომ არავინ გეკარება? რატომ არ გეკითხებიან არაფერს, თვალს რატომ არ გისწორებენ? მხრები აიჩეჩა ელენემ, გარემოს მოავლო თვალი. ქალები სარეცხს რეცხავდნენ შუაგულ მზეზე, კაცები ალაგ-ალაგ მოსჩანდნენ. მართლაც, არავინ იმჩნევდა მის არსებობას ბანაკში. - რაც არ უნდა იყოს, აქ დარჩენას არ ვაპირებ. კარგია, თავგადასავალიც ამას ჰქვია. დავბრუნდები საქართველოში და ყველას მოვუყვები, როგორ გავატარე ორი დღე ბედუინებთან ერთად უდაბნოში. ყველაფერ კარგს ვიტყვი, ცუდს დავმალავ. განსაკუთრებით, მოტაცების ამბავს და ასე დასრულდება ჩემი იორდანიასთან კავშირი. აქ ვერ კი არა, არ დავრჩები. თქვენ რომ სახლში ხართ, მეც მაქვს ჩემი სახლი, სადაც მელოდებიან. დედაჩემმა თუ ეს ამბავი გაიგო, და, დარწმუნებული ვარ, უკვე ეცოდინება, გაგიჟდება ნერვიულობისგან. - საქართველოდან ხარ? - გაოცება გაერია ხმაში, მაშინვე დაიჭირა საეჭვო ნიშნები ელენემ. თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. არც ის გამოჰპარვია მის მახვილ თვალს, როგორ იცვალა ბედუინის სახემ ფერი. შოკოლადისფერი ტაირა სულ მალე ფიფქიას დაემსგავსა. - კარგად ხარ? - ხელი შეაშველა წაბარბაცებულს. პასუხის გაცემა ვერ მოასწრო ქალმა, ხმაური ატყდა მოშორებით. ორივე შეიხის კარვისკენ მიბრუნდა, სიცილით გამოდიოდნენ ბედუინები უფროსის „სახლიდან“. მერე ის გამოჩნდა. შავ კანდურაში გამოწყობილი მაღალი ბედუინი. გუტრა მოეხსნა თავიდან, მზეზე უბზინავდა შავი თმა. გული აუჩქარდა ელენეს. გაიფიქრა, ახლა მაინც შევძლებ მისი სახის შეთვალიერებასო. შორიდან გაარჩია ნაცნობი შავი თვალები. ლამაზად მოეხატა ისევ. ის ღამე მოაგონდა ელენეს. ტუჩის კუთხე აპრეხვოდა. თავშეკავებულ ღიმილთან ერთად სიცივეს ასხივებდა. ბედუინთაგან განსხვავებით, ხორბლისფერი კანი სიცხისგან აწითლებოდა. რითმულად ათამაშებდა ბაგეებს, გაცხარებით კამათობდა გვერდით მდგომ სხეულთან. არ გამოუხედავს მოშორებით მდგარი ქალისკენ, თორემ მარტივად მიხვდებოდა, ქართველის ინტერესის ობიექტად რომ ქცეულიყო. - მას ილიასი ჰქვია, - უკნიდან მოესმა ტაირას ხმა. შერცხვა, რომ გამოიჭირეს. უკან დაიხია მაშინვე, თვალი მოარიდა გამტაცებელს. - ვინაა? - შეიხის რჩეული. არ გირჩევ მასთან ხუმრობას, ჩვეულებრივი ბედუინი არაა. - ეგ რას ნიშნავს? - იმას, რომ მასში აღარაფერია ადამიანური, - ხმას დაუწია ტაირამ, ჩურჩულზე გადავიდა მაშინვე. გაურბოდა თითქოს მასზე ხმამაღლა ლაპარაკს. არ უნდოდა, ყურადღება მიექცია. თავით ანიშნა, გვერდით გავიდეთო. ინტრიგას მოეცვა ელენეს გონება, მაშინვე აეკიდა სალაპარაკოდ მომზადებულ ქალს. - ეგ რას ნიშნავს? აბა, ვინაა? უცხოპლანეტელი? - გაეცინა ქალს. ცივად შეხედა უდაბნოელმა, მზერით ანიშნა, უადგილო იყო მისი ხუმრობები. პირი მოკუმა ელენემაც, მიხვდა, სახუმაროდ არ ჰქონდა საქმე. - დალევ ჩაის? - დავლევ, - თავი დაუქნია მაშინვე. ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდ სწრაფად გადასულიყვნენ მთავარ თემაზე. სამზარეულოში, თუკი შეიძლება, მას ასე ვუწოდოთ, როგორც წინა დღეს, ისევ არავინ დახვდათ. ბედუინების საყვარელი ადგილი არ უნდა იყოს აქაურობაო, დაასკვნა მაშინვე. სითხით სავსე გამჭვირვალე ჭიქა გამოართვა ქალს. ისევ ადა მოაგონდა, ისევ გული ეტკინა მათ შორის გაჩენილი მანძილის გამო. ვინ იცის, რა დღეშია ჩემი დაქალი, იქნებ გულში მლანძღავს კიდეც, აღმოსავლეთში რომ ჩამოვიყვანე და შარში გავხვიეო, ფიქრობდა თავისთვის. - იცი რა არის მანქურთი? - შეთანხმებულივით გადაუჩურჩულა მის წინ მჯდომ გოგონას. დაძაბული ატმოსფეროს შექმნა უნდოდა თითქოს. გამოუვიდა კიდეც, შიშისგან გააცახცახა ელენეს. გონება დაძაბა, სადღაც სმენოდა ეს სიტყვა. ვერაფრით გაიხსენა, იცოდა თუ არა რამე, ამიტომ თავი გააქნია უარყოფის ნიშნად და კომფორტულად მოთავსდა ამბის მოსასმენად. - მეტაფორაა, - მცირე პაუზის შემდეგ უთხრა. ცივი წყალი გადაასხესო თითქოს თავზე, იმედგაცრუებამ წაუჭირა ყელში. - მერე? - კითხვა გიყვარს? - მიყვარს. - იცი ვინაა ჩინგიზ აითმათოვი? - არ მსმენია. - არ მიკვირს. თქვენ ყოველთვის იმას კითხულობთ, რასაც ყოველი მეორე. ახლის ძიების სურვილი არ გაქვთ. საერთოდ არ მშურს, თქვენ ქვეყანაში რომ არ დავიბადე. - არც მე მშურს თქვენი, - თავი ვერ შეიკავა. ყელში ამოსდიოდა გამუდმებული ხაზგასმა ქვეყნებს შორის განსხვავებაზე. - დღეს განსაკუთრებით აგრესიული ხარ. - კიდე კარგად ვარ. მერე? გააგრძელე. - იყო ასეთი ყირგიზი მწერალი - ჩინგიზ აითმათოვი. სულ ახლახან, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. რომანი დაწერა, „და დღე იყო უფრო გრძელი წუთისოფელზე“. ნაწარმოები თურქმენულ ტომებში გავრცელებულ მითზეა აგებული. შუააზიურ ტომებში ერთი ლეგენდა არსებობდა: ჟუან ჟუანების მომთაბარე ტომს ასეთი წესი ჰქონია: ომის შემდეგ ტყვედ წაყვანილებს თავს გადაპარსავდნენ და მჭიდროდ დააფარებდნენ ახალ დაკლული აქლემის ცხელ, სისხლიან ტყავს, მერე ხელ-ფეხ შეკრულსა და მშიერ-მწყურვალს ტოვებდნენ თაკარა მზეზე. რამდენიმე დღეში თმა ამოსვლას იწყებდა და რაკი აქლემის ტყავს ვერ ხვრეტდა, თავის კანში ჩაიზრდებოდა. ეს პროცესი იმდენად მტანჯველი იყო, რომ ბევრი ტყვე ვერ უძლებდა და კვდებოდა, გადარჩენილები კი მეხსიერებას კარგავდნენ. მათ არც საკუთარი წარმომავლობა, არც ოჯახი ახსოვდათ. ავიწყდებოდათ წარსული და საკუთარი ვინაობა. ის იდეალურ, საკუთარ ნებას მოკლებულ და პატრონის ერთგულ მონად იქცეოდა. ასეთ ადამიანებს მანქურთს უწოდებდნენ. ამბობენ, რომ ყირგიზული მანასის ეპოსის მიხედვით, მანქურთად ადამიანის გადაქცევა თურქმენული ტომების მთავარი და სრულიად უნიკალური სადამსჯელო მეთოდი ყოფილა*. მონათხრობით გაოგნებულმა ელენემ ძლივს დაიმორჩილა აკანკალებული ყბები. ჩაი გაუცივდა შოკისგან გაყინული თითების ქვეშ. ვერ წარმოედგინა, ვინმე ასეთი სადისტი როგორ უნდა ყოფილიყო. - ეგ რა შუაშია ამ თქვენ ბედუინთან? - ხომ გითხარი, ის ჩვეულებრივი ბედუინი არაა. ილიასი მანქურთია. კაცი, რომელიც ჩვეულებრივ მონაზე მეტად ფასობს, რადგან, თუ მონას გული მუდამ თავისუფლებისკენ მიუწევს, მანქურთისთვის აღარც თავისუფლება არსებობს და აღარც სხვა ღირებულება. მასში ადამიანობა, ადამიანური გრძნობებია ჩამკვდარი. ისე გაატყავებს ნებისმიერს, წარბი არ შეუტოკდება. - თქვენიანი არაა. თქვენთან არ დაბადებულა. - არა. წლების წინ მოიყვანეს, - თვალი გაუსწორა აბუზულ გოგონას, - ძალიან შორიდან. - გამოდის, ის რიტუალი მასაც ჩაუტარეს? აბა, ლეგენდააო? - სულელი ხარ? - სიცილი წასკდა ქალს. გაბრაზდა ელენე, განა რა ვიკითხე სასაცილოო. - შენ რაც თქვი, იმას ვიმეორებ. - მისთვის აქლემის ტყავი არ ჩამოუცვამთ თავზე, რა თქმა უნდა. ვერ დაინახე, როგორი ლამაზი თმა აქვს? მეტაფორაა-მეთქი მანქურთი, ეგეც ხომ გითხარი? - თუ უბრალოდ მეტაფორაა და მეტი არაფერი, რა შუაშია ეგ იმ კაცთან? ან რატომ არ ახსოვს არაფერი? - შენ რომ წლების განმავლობაში გამოკეტილს გაწამებდნენ, დამიჯერე, თავადვე მიხვიდოდი იმ გადაწყვეტილებამდე, ყველაფერი გონებიდან ამოგეშალა. - ანუ, იმ თქვენ შეიხს რჩეულებთან „განსაკუთრებული“ მოპყრობა ჰქონია. - ჰოდა, ფრთხილად იყავი, რადგან, აშკარაა, თვალი დაგადგა. მანქურთი არაა, ბედუინია, მაგრამ, არ იფიქრო, მისგან რამით განსხვავდება. - კაცი რა დღეში ჩაუგდია, განსხვავდება კი არა, ორჯერ უარესი ყოფილა. - დაუკვირდი, რას ლაპარაკობ. აქ ნურავის ენდობი, ქართველო. მეც კი. არ შეიმჩნია გამაფრთხილებელი სიტყვები. ჯერ ის უნდა გადაეხარშა, რა ხალხთან ამოჰყო თავი. თუ ილიასი ასეთი ცივსისხლიანია, მაშინ არც ელენეს მოკვლა გაუჭირდება. ბოლოს და ბოლოს, რას წარმოადგენს? მისთვის ჩვეულებრივი ხორცის გროვაა და მეტი არაფერი. - გაქცევა არ უცდია? - ვის? ილიასს? პატრონზე შეყვარებული, დამონებული უსულო ზომბები, რომლებსაც მწყემსვაც კი არ სჭირდებათ, გაქცევას არ ცდილობენ. ნუ შეგაცდენს ის ფაქტი, რომ ლაპარაკობს და იღიმის. მთელი ზამთარი უდაბნოში უტანსაცმლოდ აქვს გატარებული. ყველანაირ ტკივილს უსიტყვოდ იტანს. მე თუ მკითხავ, ტკივილს საერთოდ ვერ გრძნობს. ძალიან მიყვარს, - ხმა დაუთბა ქალს, - კარგი ბავშვი იყო. გული მეწურებოდა, ახალ მოყვანილი ტკივილისგან რომ ყვიროდა ხოლმე. რაც შეიცვალა, მეც კი აღარ მცემს ხმას. არადა, მის ჭრილობებს ვწმენდდი ადრე. - ილიასი საიდან მოიყვანეს? - რთული კითხვების დასმა გიყვარს, - მკაცრად გააჩუმა ტაირამ. ამით ანიშნა, ჩვენი დიალოგი დასრულებულიაო. ელენემ გადაწყვიტა, კარავში დავბრუნდები და იქიდან თავს აღარ გამოვყოფო, მაგრამ სამზარეულოს კალთები გადასწია თუ არა, მანქურთად წოდებულს შეასკდა ცხვირით. აქლემის სუნად ყარდა ირგვლივ ყველაფერი. მისდა გასაკვირად, ტკბილი სუნი ასდიოდა უდაბნოელს. უხმოდ გაცლა გადაწყვიტა, თავი დაუკრა, გვერდი აუარა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და უკან მობრუნდა. რაღაც ძალა არ აძლევდა უფლებას, იქიდან წასულიყო. უხილავი ძაფი ხელმეორედ გაება მათ შორის, მაგრამ ცივი სახე არ უთბებოდა ბედუინს. აკვირდებოდა, აკვირდებოდა, აკვირდებოდა და რაც უფრო დაჟინებით აკვირდებოდა, მით უფრო პატარავდებოდა მის წინ გაშეშებული სხეული. ელენე უცნაურ შეგრძნებას ვერ იშორებდა, კითხვები სჭამდა და ზუსტად იცოდა, ილიასი ის ადამიანი არ იყო, ვისთვისაც სიტყვა უნდა შეებედა. აკი გააფრთხილეს, წარბშეუხრელად გაგატყავებსო. არ ღირდა ბედის გამოცდა, ცოცხალი უნდა დაბრუნებულიყო სახლში. აქლემის ტყავისგან განსხვავებით, მის ტყავს მაინც ვერაფერში გამოიყენებდნენ, ამიტომ ისევ მიბრუნდა, კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ახლა უკვე საკუთარმა თავმა კი არა, ბედუინმა შეაჩერა. ილიასის ხმას იმდენად დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, რამდენადაც იმ ფაქტს, რომ არაბი ინგლისურად ალაპარაკდა. - რამით დაგეხმაროთ? - დაბნეულობა არ შეიმჩნია. - შემდეგში კარავი შესაფერისი ტანსაცმლით დატოვე. ქვემოთ დაიხედა. თვალში მოხვდა თბილისიდან წამოღებული შავი ელასტიკი და უმახინჯესი ფეხსაცმელები, რომლებიც ზურგჩანთით მხოლოდ იმიტომ ათრია, რომ იფიქრა, სქელი ძირის გამო უდაბნოს კარგად გადამალახინებსო. დილით, კარვიდან გამოსვლამდე, თავისი პლედი ქვეშაგებზე დარჩა. ახლა გაიაზრა, რატომ სციოდა ფეხებზე განსაკუთრებით. - შუა უდაბნოდან დაუკითხავად რომ არ წამოგეპროწიალებინე, ჩემი ელასტიკების ყურება არ მოგიწევდა, - ენა ვერ დაიმორჩილა, ქართულად წაუსისინა. ეგონა, ბედუინი ჩაეკითხებოდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. შებრუნდა და წავიდა. სიმარტოვეში გაატარა ის დღე. ტაირასაც არ შეუღია კარვის კალთები. როდის-როდის გადაეშვა სიზმრების სამყაროში. ადა ეზმანა ისევ, ისევ უმისამართოდ დაეხეტებოდა ქვიშის ტალღებში და მეგობარს ეძახდა. იდგა მოშორებით ელენე და საყვირლად დაღებული პირიდან ხმა არ ამოსდიოდა. ცრემლები უსველებდა სახეს, გული ეფლითებოდა ათას ნაწილად. წვალობდა, სახეს იხოკავდა, მაგრამ ერთ ადგილს მიყინული ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა. რომ გამოეღვიძა, ოფლში ცურავდა. მძაფრი სუნი ასდიოდა სხეულზე, ტანსაცმლის გამოცვლის დრო მოსულიყო. მზე ამოიწვერა უდაბნოს თავზე. კარავში დაიგულა ტაირა, ფეხმორთხმით იჯდა ქალი და ძაფებს აბამდა ერთმანეთში. ელენეს შესვლაზე თავი ასწია, ღიმილი შეაგება სტუმარს. ეუცხოვა მოჟამული სახის განათება, თავადაც ღიმილი დაუბრუნა უკან. - რამ შეგაწუხა, ქართველო? - ასე რატომ მეძახი? სახელი არ მაქვს? - იმიტომ, რომ ქართველი ხარ. - შენ კიდევ არაბი, მაგრამ სახელით მოგმართავ. - სახელით ერთხელაც არ მოგიმართავს ჩემთვის. - შანსი არ გამჩენია, - თავი იმართლა უცებ. - იტყვი, რამ შეგაწუხა? - შეგიძლია, ტანსაცმელი მათხოვო? - ჰო, რა თქმა უნდა, - ფრთხილად გადააწყო ძაფები, საქმიანად წამოდგა ფეხზე. ხის ავეჯზე დახვავებული კაბებიდან ერთი გამოაძვრინა და გაუწოდა. - დაბანას შევძლებ? - ხვალ დილით გამახსენე, წყალს მოვამზადებ. ხმაურმა მოიცვა ტომი, ხალხის ყაყანმა კარვამდე მიაღწია. არ განძრეულა ტაირა, სამაგიეროდ, ელენემ გაიჭყიტა შეუმჩნევლად. ორად გაყოფილი ადამიანების კედელი აღმართულიყო, მათ შორის თავზე ნაჭერ გადაფარებული კაცი ჩამოატარეს ბედუინებმა. კისერში წაჭერილი ხელი გასწორების საშუალებას არ აძლევდა ტუსაღს, წელში მოხრილი უსწორებდა ნაბიჯს გვერდებში ამომდგარ კაცებს. თავი მოატრიალა ტაირასკენ, კვლავ თავის საქმიანობას დაბრუნებოდა ქალი. - რა ხდება, ხომ არ იცი? - კაცის საქმეში არასდროს ჩაერიო. - არც ვერევი, მაგრამ რას ერჩიან იმ კაცს? - ცნობისმოყვარეობა დაგღუპავს, - უღონოდ ამოიხვნეშა და თავი ასწია, - ამ ცხოვრებაში ყველა თავის წილ შეცდომაზე აგებს პასუხს. გარეთ ადამიანებს ბავშვებზე, ქალებსა და დაუცველ მოხუცებზე ძალადობას არ პატიობენ. დანაშაულად მიაჩნიათ ერთმანეთის კვლა. ჩვენში ყველაზე დიდ დანაშაულად იცი რა ითვლება? ქურდობა. ქურდობა საწყისია ყველა შემდეგი ცოდვის, რადგან თუ ქურდი ხარ, გამოდის, სხვა ადამიანის სიცოცხლესაც მარტივად მოიპარავ. ეგრე არაა? კარგად დაფიქრდი. რა არის სიცოცხლის მოსპობა სხვისთვის, თუ არა იმის წართმევა, რაც შენ არ გეკუთვნის. აქ ბევრ რამეს ვპატიობთ ერთმანეთს, მაგრამ ისეთები, როგორიც ახლა შენი თვალით იხილე, სიცოცხლის ღირსები არ არიან. - უნდა მოკლან? - სისხლი გაეყინა. სულ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, ადამიანი ბოლოჯერ სუნთქავდა, სიცოცხლის წამებს ითვლიდა. - აუცილებლად მოკლავენ. - კი მაგრამ, თქვენ თქვენივე კანონს ეწინააღმდეგებით. ასე მას სიცოცხლეს ართმევთ. რით ხართ მათზე ნაკლები მაშინ? ქურდები არ ხართ თქვენც? - ეს საზღაურია, ქართველო. ის ვალი, რომელიც დაობლებული ბავშვების წინაშე დაიდო ქურდმა და მკვლელმა. ტომში სისხლისღვრას არ ეგუებიან. ასეთი პარაზიტი მალევე უნდა მოიშორო, თორემ გაიზრდება და უფრო მეტს შეჭამს. ჩვენ მას ლუკმას ვუყოფდით, მან კი კეთილგანწყობით ცუდად ისარგებლა. თავი არ შერჩება მხრებზე, იმ წამიდან იცოდა ეგ, როცა სხვის კარავში მალულად იპარებოდა. ყვირილი შემოესმა ელენეს. აქამდე არასდროს სმენოდა ადამიანის პირიდან ამოსული ასეთი განწირული ხმა. სპაზმებმა ყელში სასუნთქი გზები გადაუკეტა, წარმოიდგინა, როგორ აცლიდა ერთ-ერთი ბედუინი მხრებიდან თავს, როგორ უსერავდა დანა კანს ჯერ კიდევ ცოცხალს, როგორ იღებებოდა გარშემო ყველაფერი თბილი სისხლით. ჟანგის სუნი იგრძნო ნათლად, პირი გააწკლაპუნა ზიზღმორეულმა. იმ სისხლის გემო იგრძნოო თითქოს პირში. ნელ-ნელა მიწყნარდა ყვირილის ხმები. ხალხიც დაიშალა, კარვებში განაწილდნენ ისევ. ისე გააგრძელეს საუბარი, თითქოს ერთი წამის წინ ადამიანს არ დაელიოს სული. მიხვდა ელენე, არ იყო სხვისი სიცოცხლე მათთვის მნიშვნელოვანი, ცხოველებივით დააკლავდნენ ყველას ერთმანეთზე, თუკი შეცდომით გადადგამდნენ ნაბიჯს. ხუმრობად ეჩვენებოდა აქამდე ყველაფერი, ახლა გააანალიზა მხოლოდ, ტყუილიაო ნიღაბს ამოფარებული ბედუინების კეთილი სახე. უგრძნობად ექცია უდაბნოში ცხოვრებას ადამიანად წოდებულები. ტაირასკენ მიბრუნდა ელენე, მადლობა გადაუხადა ნაჩქარევად. აღარ მოგაცდენო, უჩუმრად გაიპარა. მუხლებს ვერ იმორჩილებდა, ტანი უცახცახებდა ქარში მოცეკვავე ტირიფივით. ერთადერთხელ მიაბრუნა თავი იმ კარვისკენ, კაცი რომ გაუჩინარდა წუთების წინ. სუნთქვა შეეკრა ადგილზე გაშეშებულს. ნათლად გაარჩია კარვიდან გამოსულ ბედუინში სისხლში ამოსვრილი ილიასი. უარაფრო მზერა ჰქონდა კაცს, თეთრ კაბაზე შეიწმინდა დასვრილი ხელები. წითლად შეიღება არაბის გალაბია. თითები მოისვა ახალ ამოსულ წვერზე, რამდენიმე წამს შეჩერდა ჩაფიქრებული. მერე, თითქოს მზერა იგრძნოო შორიდან, თავი ასწია, მზეზე ქანდაკებად ქცეულ ქალს შეავლო თვალი. ფერი არ ედო სახეზე უცხოელს, გულზე მიებჯინა შავი ჩასაცმელი, ნერწყვს ყლაპავდა პირდაფჩენილი. ეშმაკი გამოეცხადაო თითქოს, ზიზღს ასხივებდა აქამდე ინტერესით აკიაფებული მისი თვალები. მხრებში გაიშალა ილიასი, ხელები წაიღო უკან, თვალი არ მოუშორებია აცახცახებული გოგონასთვის. ხმა არ გაუციათ ერთმანეთისთვის, მიბრუნდა ელენე, გზა გააგრძელა თავისი. რაღაც ჩასწყდა შიგნით, ერთმანეთის მიყოლებით ჩამოინგრა ფანტაზიაზე აგებული წარმოდგენები, რომ ბედუინები კეთილი, სტუმართმოყვარე და განვითარებული ხალხია. კარავში დაბრუნებულმა რამდენიმე ზომით დიდი კაბა მოირგო. იმ რამდენიმე წუთში გადაწყვიტა, არ ღირდა ბედისთვის მიენდო საკუთარი სიცოცხლე. ახლობლების ცხოვრებით თამაშობდნენ ბედუინები, რას უზამდნენ უცხო ქვეყნის შვილს, თუკი მისი ერთი გადაბრუნებული სიტყვა ან ნაბიჯიც კი არ მოეწონებოდათ? ბუნებით დანებება არ სჩვეოდა, შიშს არ მისცემდა უფლებას, საღი აზრი გადაებინდა. დაღამებისას, როცა ყველა თავიანთ კარავში გაიფანტებოდა, დაელოდებოდა ბედუინთა ჩაძინებას, რომელიმე აქლემს შემოახტებოდა და ტურისტული ცენტრისკენ უკანმოუხედავად გასწევდა. იცოდნენ აქლემებმა თავიანთი გზა, დაკარგვის შანსებს ამცირებდა ველურ ბუნებში, ერთსა და იმავე გზის ტკეპნაში გაწაფული ცხოველის თანამგზავრობა. „საწოლი“ გადაასწორა, თავზე თავსაბურავი შემოიხვია. გარეთ გააჭრა ახალი გეგმით აღელვებულმა: ვინმესთვის ტელეფონი უნდა გამოერთმია, სახლში დაერეკა და ეთქვა, რომ ჯერ ისევ ცოცხალია. მალევე უნდა გაეღწია აქედან, დარჩენა აღარ შეიძლებოდა. არავინ იცოდა, როდის მიდგებოდა ჯერი მასზე. აქამდე მშვიდად ელოდა მოვლენების განვითარებას, დროს ვეღარ დაკარგავდა უაზრო ლოდინში, რომ ბედუინებს თავად მოუნდებოდათ მისი აქედან გაშვება. იცოდა, ღამღამობით სანადიროდ დადიოდნენ კაცები. ნაწილი ქალაქში მიდიოდა მაგიდის გასაშლელად და ხელნაკეთი ნივთების გასაყიდად. აქლემის გატაცების გეგმა თუ ჩაფლავდებოდა, მოახერხებდა და რომელიმე ბედუინს უჩუმრად აეკიდებოდა. ისე გადაწვებოდა ბარგივით აქლემზე, როგორც აქ მოყვანისას. მაგრამ იქამდე, უნდა დაერეკა სახლში და დახმარება ეთხოვა, რომ ქალაქში ჩასულს საქართველოში დაბრუნება შესძლებოდა. ნეტავ, ადა თუ წავიდაო, გაიფიქრა და ზარების ნაცნობი ხმა მისწვდა ყურთასმენას. მიხვდა, დროებით გადაიდო ტელეფონის მოძიების გეგმა, რადგან ზარების ხმა უდაბნოში ქარავნის გამოჩენას მოასწავებდა. აფორიაქდნენ ბედუინები დაუპატიჟებელი სტუმრების გამოჩენაზე, კარვებს მიაწყდნენ ქალები, ატირებული ბავშვები შემალეს. თავად შესასვლელთან გამწკრივდნენ, კაცების უკან. შუა გზაზე გაიხიდა ელენე, წინ ვერ წავიდოდა, ვერც უკან მიბრუნდა დაბნეული. ავად შეუღრინა არსაიდან გამოჩენილმა შეიხმა, თავის გადაქნევით ანიშნა, გაგვეცალეო. დამძიმებულ სხეულს ვერ მოერია. ჯერ კიდევ სუსტად გრძნობდა თავს წეღანდელი სანახაობის გამო. შარაზე გამოჩნდნენ აქლემები, კიდევ ერთხელ დაიგუგუნა შეიხის ხმამ. ის იყო, გასაქცევად მოემზადა, წინ გადაუდგა მაღალი სხეული. მოტრიალების გარეშე გამოაცურა ხელი უკან, კაბაზე დაქაჩა ყველასგან მალულად, ერთი ნაბიჯით უკან დაახევინა. ცივად მოაბრუნა თავი, ადგილიდან არ გაინძრეო, გამაფრთხილებლად შეუღრინა. თავის დაქნევაღა მოახერხა. მოშორებით გამოჩნდნენ ბედუინები. აქლემზე შემსხდრები მოემართებოდნენ ბანაკისკენ. სულ სამნი იყვნენ. ელენემ გაიფიქრა, საშოვარზე თუ იყვნენ წასულებიო. დაძაბულობა არ შორდებოდა ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებულ ტომის წევრებს. თითქოს ის სამი რამეს გახდებოდა შეიარაღებული კაცების წინააღმდეგ. ერთ-ერთი ჩამოქვეითდა, თავსაბურავი გადაიწია სახიდან. ღიმილი უპობდა შავ ულვაშს, ალბათ ის ახარებდა, მათ დანახვას ასე რომ აეღელვებინა სხვები. თავი გამოსწია ელენემ, მის წინ აღმართული სხეულის მიღმა დალანდა უცხოტომელი. თვალი მოავლო კაცმა სათითაოდ ყველას და მზერა შეაჩერა უხერხულად კისერმოღრეცილ გოგოზე. შეეშინდა ელენეს, მანამ გასწორდა ილიასის სხეულის უკან, სანამ მანქურთი ბედუინის მზერას თვალს გამოაყოლებდა და ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი ქართველის სახეს წააწყდებოდა. დაწინაურდა შეიხი, დიალოგი გააბა მოსულთან. არავინ განძრეულა ზედმეტად, აქლემებზე წამოსკუპული ბედუინებიც კი არ შერხეულან. უდაბნოს სუნთქვა ესმოდა ელენეს, თავზე წამომდგარი მცხუნვარე მზე კიდევ უფრო ამძაფრებდა შექმნილ სიტუაციას. სიტყვა ვერ გაეგო ქართველს, მოთმინებით ელოდა იმ მომენტს, როცა ილიასი ჩამოშორდებოდა და წასვლის უფლებას მისცემდა. თუმცა, შუა საუბრის დროს მობრუნდა შეიხი, თვალი გაუსწორა კვლავ სხეულის გვერდიდან გამოპარულ თავს და მიხვდა ელენეც, რაღაც ისეთი ხდებოდა, რაც მას ეხებოდა. ოდნავ მიაბრუნა თავი, ტაირა მოძებნა ხალხში. მოშორებით, კარავთან იდგა ქალი. იქიდან აყურადებდა საუბარს. თვალით ანიშნა ელენემ, რაზე საუბრობენო, მაგრამ წარბი არ შეხრია ქალს, თავი გააქნია უარყოფის ნიშნად. კითხვის ნიშნებში დატოვა ქართველი ისევ. მიხვდა გოგონა, აზრი არ ჰქონდა ლოდინს, გაუბედავად ასწია ხელი, კანდურაზე დაქაჩა მსუბუქად. გვერდულად მოაბრუნა თავი ილიასმა. გული შეუტოკდა ელენეს კაცის პროფილის დანახვისას, თითის წვერებზე აიწია ოდნავ, ყურთან მიუახლოვა სახე. ინგლისურად სთხოვა, მითარგმნეო. ცივად გააბრუნა თავი, გაურკვევლობაში დატოვა ცნობისმოყვარეობისგან აჟიტირებული უცხოელი. - გეძებენ, - ჩურჩული მოესმა, - უადი-რუმის უსაფრთხოებაში ხმა გავრცელდა უცხოელი ქალის გაუჩინარებაზე. მიყოლებით ამოწმებენ ბედუინთა ბანაკებს. - ღმერთო, მეძებენ, - იმედი აკიაფდა ელენეს ხმაში. სხეული დაეძაბა ილიასს, კარგად არ ენიშნა უცხო ენაზე ამღერებული ქალის შეცვლილი განწყობა. მიხვდა, შეცდომა დაუშვა საუბრის თარგმნით. კიდევ ერთხელ შეავლო თვალი გარემოს. შანსი ჩავარდნოდა ხელში, უნდა ესარგებლა და „სტუმრებისთვის“ ეთქვა, რომ ის იყო დაკარგული ქართველი ქალი. რადაც არ უნდა დაჯდომოდა, აქედან უნდა გაეღწია და ეს იყო ერთადერთი შანსი, რომელიც ღმერთმა სამი ბედუინის სახით გამოუგზავნა. ნაბიჯი გადადგა გვერდით, ილიასის სხეულს ამოფარებული თამამად, თვალსაჩინოდ გამომზეურდა. კიდევ ერთხელ დაიმსახურა შეიხთან მოლაპარაკე კაცის მზერა. ტომის უფროსმაც კიდევ ერთხელ გადმოხედა ქალს, გამაფრთხილებელი ნიშნები იფრქვეოდა მისი თვალებიდან. ძახილი მოესმა უკნიდან, ტაირას ხმა იცნო. შანსი არ იყო, უკან მიეხედა. კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, ამჯერად წინ. გვერდით ამოუდგა უდაბნოს შვილს. აი, კიდევ ერთი ნაბიჯიც და ყვირილზე გადავალო, გაიფიქრა და ხელის შეხება იგრძნო მხარზე. მტკივნეულად მოუჭირა ბედუინმა, სუსტად წამოიყვირა აფართხალებულმა. - ხმას თუ ამოიღებ, იცოდე, ყვირილში ამოგხდება სული, - ავად წასჩურჩულა. ენა ჩაუვარდა შიშისგან, ნაცნობი კანკალი დაუბრუნდა სხეულში. - შენ მომკლავ? ისე მომკლავ, როგორც ის კაცი? - სისხლში ამოსვრილი კაცი გაახსენდა, მკვლელის თვალები გაცოცხლდა მის გონებაში. - შენ სისხლში ხელის გასვრა არ დამჭირდება. ის მოგიღებს ბოლოს, - თავით ანიშნა თავისუფლებასა და ელენეს შორის გახიდულ არაბზე, გამაფრთხილებლად რომ აეწკიპა წარბი. - აქ რატომ ვარ? - იმიტომ, რომ მას უნდა ასე. - არ გამიშვებთ? - ეგ ჩემზე არაა დამოკიდებული. - შენზე რომ იყოს დამოკიდებული, გამიშვებდი? - ვერასდროს გავიგებთ. - რატომ წამომიყვანე? შენ რომ არ მოგეტაცებინე, ასეთ დღეში არ ვიქნებოდი ახლა, - ცრემლი მოერია გოგონას. სამი დღე გასულიყო ჯერ მხოლოდ. - იმაზე ნუ დარდობ, რასაც ვერ შეცვლი. - არ დავნებდები, იცოდე. ახლა თუ არა, აქედან მაინც გავაღწევ. მე თქვენ უდაბნოში ვერ ვიცოცხლებ. რა მნიშვნელობა აქვს, ის მომკლავს თუ თავად მომეღება ბოლო დარდისგან? - რა არ მოგწონს? რით ხარ უკმაყოფილო? - დედა მენატრება, - გულწრფელად გაანდო ქალმა. იგრძნო, გაუაზრებლად როგორ გადაეზარდა საუბარი ტირილში. მართლაც როგორ ენატრებოდა დედა, მუდამ გაზეთის კითხვაში გართული მამაც. ის სითბო და კომფორტი, რასაც თავისთავად სთავაზობდა ოჯახი. - დედა? - ხმა დაუთბა კაცს. ოდნავ მიაბრუნა თავი უკან, ელენეც მიჰყვა მის მზერას და კარავთან მებრძოლი ქალივით მხრებგაშლილ, წარბშეუხრელ ტაირას წააწყდა. მიხვდა, მთლად გულცივი ვერ იქნებაო ბედუინი. - მართლა მანქურთი ხარ? - ჩუმად დაეკითხა. სწორედ მაშინ, მოდუნებული ხელი მთელი ძალით მოუჭირა სუსტ მხარს, ღმუილი აღმოხდა პირიდან, შეშლილის თვალებით დაჰხედა ზემოდან ტკივილისგან სახე აჭარხლებულ ქალს. შეიხის ძახილი შემოესმა შორიდან, რაღაცას გაჰკიოდა არაბულად. გონება ვეღარ მოიკრიბა ელენემ, სხეული დაემორჩილა ტკივილს და გაითიშა. ქვიშისკენ წასულისთვის ხელი აღარ შეუშველებია უდაბნოს შვილს. დაბეგვილს გამოეღვიძა. მთელი სხეული სტკიოდა, თვალის გახელის გარეშე იგრძნო, მარტო არ იყო კარავში. ქალის ღიღინის ხმა სასიამოვნოდ ედებოდა კედლებს. უცხო ენაზე მღეროდა ტაირა, წყალში ალბობდა ნაჭერს. სიცხე ასწეოდა სტუმარს სტრესისგან, ძვლები სტკიოდა ტემპერატურის მატების გამო. როგორ არ აწყობდა ახლა ცუდად ყოფნა, როგორ ყველაფერს ართულებდა მისი ამ მდგომარეობაში ყოფნა. არ მისცემდნენ მარტო დარჩენის უფლებას. მარტო თუ ვერ დარჩებოდა, ვერც გაპარვას მოახერხებდა. - რა მჭირს? - ღონემიხდილმა ამოიხრიალა. ხველა ამოაყოლა სიტყვებს. ყელი გაშრობოდა. - სიცხე გაქვს. გიმკურნალებ და მალე გაგივლის. დარდი არ გქონდეს. - დედა მინდა, - ტუჩები დაებრიცა სატირლად. მოაგონდა, როგორ უვლიდა დედა ავადმყოფობის დროს. მარტო მისი გვერდით ყოფნაც ჰყოფნიდა ელენეს, რომ განწყობა არ შეცვლოდა და გამოჯანმრთელებულიყო. - დედა მეც მინდა, მაგრამ აღარ მყავს. სხვა დროს აუცილებლად შერცხვებოდა თავისი სიტყვების, გულს მოუკლავდა უმშობლოდ დარჩენილი ქალის ყოფა, მაგრამ ახლა თვითონაც საშინელ დღეში იყო და ვერავის თანაუგრძნობდა. ისიც არ იცოდა დარწმუნებით, შეძლებდა თუ არა ოდესმე თავისი ოჯახის ნახვას. - წავიდნენ ბედუინები? - წავიდნენ. ასე სულელურად აღარ მოიქცე. ერთ კვირაში ომარი ჩამოვა. მის ჩამოსვლამდე, არაფერი უნდა დაგემართოს. - ომარი ვინაა? - ომარი შეიხის ერთადერთი შვილია. პატივსაცემი ბედუინი მთელ იორდანიაში. მის სიტყვას თავს უხრიან, მის სურვილს არასდროს ეწინააღმდეგებიან. - მომილოცავს, მაგრამ მე რა შუაში ვარ? - შენ, ჩემო კარგო, თავში ხარ. ყველაფერს აგიხსნიან. ახლა, მთავარია, გამოჯანმრთელდე. მთელი ღამე ბორგავდა, ვერაფრით შეძლო დაძინება. ერთ პრობლემას მეორე მოჰყვებოდა. არ ესიამოვნა ვიღაც ომარის ასპარეზზე გამოჩენა. მათი ერთ წინადადებაში მოხსენიება უამრავ ეჭვს უჩენდა სიცხისგან გათანგულს. სჯეროდა, კარგს არაფერს მოუტანდა შეიხის შვილი და წინასწარ გლოვობდა ვერ ახდენილ ოცნებებს. კუჭი უწრიალებდა. მთელი დღე იყო, არაფერი ეჭამა. არ მოსწონდა ბედუინთა ნახელავი, მაგრამ უჭმელობა დაასუსტებდა, სისუსტე კი მის გეგმებში არ შედიოდა. თუკი ფიზიკურად და სულიერად გატყდებოდა, მიეჩვეოდა იმ აზრს, რომ მთელი ცხოვრების აქ გატარება მოუწევდა. სიკვდილი ერჩივნა ტყვეობაში ცხოვრებას. ის ვერ გახდებოდა სხვა ქვეყნის შვილი, ის ვერ იქნებოდა მანქურთი. ფიქრებში გადავარდნილი გარედან შემომავალმა ხმაურმა გამოაფხიზლა. ფეხის ხმას მიაყურადა. ამინდის ტემპერატურით თუ იმსჯელებდა, გვიანი შუაღამე უნდა ყოფილიყო. რამდენიმე საათის წასული იყო ტაირა. აკი გააფრთხილა, დილით დაგხედავო. შეიხი ხომ არ აპირებს ჩემთან შემოძრომასო, გააკანკალა წარმოდგენაზე. ისიც კი იფიქრა, იქნებ გარეული ცხოველი დაძრწის ახლო-მახლო და შემჭამოსო. მაგრამ ცის სინათლემ გაჰკვეთა კარავში დაბუდებული სიბნელე და ვარსკვლავების ფონზე ილიასის თავი გამოჩნდა. თავსაბურავის გარეშე დაეხეტებოდა ბედუინი, რაღაც ნაჭერი მოექცია ხელში და გარედან აკვირდებოდა მწოლიარეს. ელენემ იფიქრა, ხმას თუ არ ამოვიღებ, ამ სიბნელეში ვერც გაარჩევს რომ მღვიძავს და წავაო, მაგრამ მარტივი არ იყო უდაბნოს შვილის მოტყუება, შეცვლილ სუნთქვაზე მიხვდა, ეღვიძა ელენეს. თავს ტანი მიაყოლა და ფრთხილად ჩამოჯდა შესასვლელში. - არ გძინავს, ვიცი. - შენ რაში გადარდებს? - სიცხე ისევ გაქვს? - ქალის აგრესიულ ტონს წაუყრუა მანქურთმა. - მაქვს. - ჩემი ბრალია? - ამ ყველაფრის ბრალია. მაგრამ ეს ყველაფერი შენი ბრალია. რატომ მელაპარაკები? ტაირამ მითხრა, რომ ლაპარაკი არ გიყვარს. - ბევრ რამეს ამბობენ, ყველას თუ უსმინე, საკუთარი აზრი დაგეკარგება. - მე შენზე აზრი საერთოდ არ მაქვს. - ეგრე არ ვფიქრობ. იორდანიაში რას აკეთებ? - დაიწყევლოს ის დღე, აქ მოგზაურობა რომ გადავწყვიტე. რა ბედნიერი ვიყავი და ერთ ღამეში გამაუბედურეთ. გამაუბედურე, - წაისისინა. ოდნავ წამოჯდა, ზურგი მიაკრა კარვის „კედელს“. სიცხე ჰქონდა და უკან დახევას არ აპირებდა. პასუხს თუ მოსთხოვდნენ, იტყოდა, რომ მაღალი ტემპერატურა ალაპარაკებდა. - ბოდიში მოგიხადო? - ირონია შეეპარა კაცის ხმას. - მჭირდება? მკითხე ერთი. - არა ერთი მინახავს შენნაირი, ყელგამოჭრილი გადაუყრიათ სანაგვეზე. იმათაც არ ჰქონდათ ჭკუა, მაგრამ იმათ არც სილამაზე ჰქონიათ. - მაგით რის თქმა გინდა? - თუ გინდა რომ გადარჩე, იაზროვნე. უცხოელის ტომში დატოვება არეულობის მეტს არაფერს მოიტანს. წლები ვიბრძოდი, სიმშვიდე რომ შემენარჩუნებინა აქაურებისთვის. წარმოდგენა არ გაქვს, რამდენი ადამიანის დადუმება მომიწია ამისთვის. ნუ მაიძულებ, ხელები კიდევ ერთხელ შევიღებო სისხლით. სუსტებს ასე არ ვებრძვი. განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე უდანაშაულოს ეხება. მიხვდა ელენე, უგრძნობი არ იყო ილიასი, მაგრამ საჭირო თუ გახდებოდა, თუ მისი უფროსი ამას მოითხოვდა, დაუფიქრებლად გაწირავდა ქალის სიცოცხლეს უზრუნველი ცხოვრებისთვის. - ამას რატომ მეუბნები? - რას რატომ გეუბნები? - მაგ ყველაფერს. მაფრთხილებ, მაგრამ იმიტომ არა, რომ შემაშინო. იმიტომ, რომ თავი საფრთხეში არ ჩავიგდო. ვინ ხარ? რანაირი ადამიანი? - განა არ გითხრეს, მანქურთიაო? - ხმა გაუმკაცრდა ბედუინს. ელენეს ყურთასმენას მისწვდა ყბების დაჭიმვისა და კბილების ერთმანეთზე დარტყმის უსიამოვნო ხმა. - შენ როგორ თავისუფლად ამბობ, მე ხელი მომაძრე ლამის. მერე, მართალია რასაც სხვები ჰყვებიან? - შეაპარა მშვიდად. თითქოს ილიასი თავად აძლევდა ნებას, ამდენი გაებედა. თითქოს უნდოდა, მასთან ელაპარაკა, სიმართლე გაეგო, წარმოდგენა შესცვლოდა ქალს. - შენი აზრით? - ხომ გითხარი, მე შენზე აზრი საერთოდ არ გამაჩნია. - თავს იტყუებ, უცხოელო? იმიტომ, რომ მე ნამდვილად ვერ მატყუებ. ვიცი, ვგრძნობ, ტვინში შეგისახლდა ჩემი არსება. - ნამდვილი ნარცისი ხარ, იცი? - სიცხის ფონზე, ბევრს ლაპარაკობ. - შენ კიდევ დასკვნებს აკეთებ შენებურს. მე შენზე არ ვფიქრობ, მაგრამ ერთი შეხედვითაც შემიძლია ვთქვა, რომ არც ისეთი ცუდი ხარ, როგორც ამას ამბობენ. უფრო სწორად, აქამდე ასე ვფიქრობდი, მაგრამ დილით... მე შენი თვალები დავინახე: ჩაწითლებული, ბოროტება ჩამდგარი, ბინდგადაკრული. ხალხს უყვარს რაღაცების გაბუქება, ეს ვიცი, მაგრამ ადამიანის მოკვლა, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ახსნილი, გაუმართლებელია. ვერ ამოიცნობ ადამიანს ბოლომდე. თავად თუ საშუალებას არ მოგცემს, ზედაპირსაც ვერ გასცდები. ამიტომაც ვერ გავიგებ მე, შენი ნამდვილი სახე რომელია. სინამდვილეში როგორი ხარ, თავად თუ იცი? - საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს. არც თავის მართლებას ვაპირებ. აქ არ გაზრდილხარ, ამიტომ იმას ვერ გაიგებ, რასაც შენი გონება ახსნის მერეც ვერ მისწვდება, - ფეხზე წამოდგა, აქამდე ხელში მომუჭული ნაჭერი გადაუგდო გოგონას, - ეცადე, გადარჩე. ვერ გეტყვი, გამიხარდება-მეთქი, მაგრამ არც მეწყინება, აქედან თუ გააღწევ. - შენ? - მიბრუნებულს დააწია კითხვა. აზრს ვერ ჩაწვდა ბედუინი, შეფაკლული გოგონასკენ შემობრუნდა ისევ. - მე? - აქ არც შენ გაზრდილხარ, - საკუთარი წარსული შეახსენა ელენემ, - ოდესმე გიფიქრია აქედან წასვლაზე? - სად უნდა წავიდე? - იქ, საიდანაც ხარ. სახლში დაბრუნებაზე არასდროს გიფიქრია? - ჩემი სახლი აქაა, - ღიმილმა გააპო იქამდე შეჭმუხნილი სახე, - მე სხვაგან წასასვლელი არსად მაქვს. - სამწუხაროა. გამოდის, მანქურთი ყოფილხარ მართლაც, - თავისთვის ჩაილაპარაკა ბოლო სიტყვები. აღარ გააღიზიანა კაცი, თავით ანიშნა, შეგიძლია წახვიდეო. მარტო დარჩენილი გადაწვდა ნაჭერს. ფრთხილად გადახსნა, გაკვირვებული დააჩერდა ნაჭერში გახვეულ პურს. მადლიერებით აღივსო, ნელა გაღეჭა მარილიანი ლუკმა. კუჭი დაუმშვიდდა დაპურებულს. ხოხვით მივიდა გასასვლელამდე, საგულდაგულოდ დახურული კარვის კალთები გადასწია. თავი გაჰყო გარეთ, ღრმად შეისუნთქა უდაბნოს ცივი ჰაერი. თვალი გააპარა ნაცნობი ადგილისკენ, ისევ ქვიშაზე გაწოლილი დაუხვდა უდაბნოს შვილი, ისევ ვარსკვლავებს აჰყურებდა ჩაფიქრებული, ისევ არ შეუმჩნევია, როგორ უთვალთვალებდა მისით შეპყრობილი, მადლიერი და გაბედნიერებული უცხო ქვეყნის შვილი, რომელსაც იმედად ჰქცეოდა თავისი გამტაცებელი. დამღუპავს ადამიანების ასე მარტივად ნდობაო, გამოუტყდა თავს. აკი გააფრთხილა ტაირამ, ჩემი თამადობით, არავის ენდო ტომშიო. ვერ მოიშალა ქართველმა კეთილი გული, მაინც სხვანაირად უცემდა სიკეთის გამოვლინებაზე. მაშინვე ივიწყებდა იმ ერთადერთ მიზეზს, რის გამოც უცხო ადამიანებთან ამოჰყო თავი. ერთადერთ მიზეზს დედის გაუბედურებისა, შვილი რომ მოსტაცა მოხეტიალე კაცმა. რა გქვია, მანქურთ? რომელი ქვეყნის შვილი ხარ, სადაა შენი სამშობლო, მანქურთ? დედაშენს რა ჰქვია, მანქურთ? გათენებამდე უთვალთვალა ბედუინს. გამთენიისას, დასაძინებლად წასული დაიგულა ილიასი. კარავი დატოვა სიფრთხილით. ძლიერად შემოიჭირა თანმხლები პლედი, არ ეთმობოდა საკუთარი ნივთის უკან მოტოვება, თორემ ხელს უშლიდა გადაადგილებაში გრძელი ნაჭერი, ფეხი ერეოდა ისედაც ქვიშაში ჩაფლულს. აქლემთა მოსასვენებელი ელენეს კარვიდან ხუთი წუთის სავალზე, შეიხის საცხოვრებლის გავლით, განაპირას იდგა. შორიდანვე იგრძნობოდა ცხოველთა სიმყრალე. ყელში წაუჭირა გულის რევის შეგრძნებამ, ცხვირი დაიფარა ნაჭრით. უხმოდ შეხვდნენ უცხო სხეულის მათ საცხოვრებელში გამოჩენას აქლემები. თავის წამოწევა არ იკადრეს, მზერა მოარიდეს თითის წვერებზე მალულად, სიფრთხილით მოძრავ ქალს. სხეულში შეჰპარვოდა შიში ელენეს, კანკალს აეტანა. გონება გათიშვოდა ექსტრემალურ სიტუაციაში, ყველანაირად ცდილობდა, ხმაური არ შეექმნა მის არსებობას. ვერ ერკვეოდა აქლემებში, მისთვის ყველას ერთი სახე, ერთი ფუნქცია გააჩნდა. გასასვლელთან ახლოს მდგომს დაავლო ხელი, ნაზად მოეფერა, ნდობის მოპოვება განიზრახა მეტად ჭკვიანი ცხოველის. ჩურჩულით დაუყვავა, ბავშვი ყოფილიყოსო თითქოს. ნებართვა ითხოვა უცხოელმა, ფრთხილად შემოაჯდა ზედ. თავისკენ მოჰქაჩა აქლემის ცხვირზე მობმული თოკი. დაჰყვა ქალის ნებას, ხმაურით წამოიმართა ცხოველი. - კარგი გოგო ხარ, - ხელი მოუსვა ხაოიან კანზე, - ან ბიჭი. მზე მალე ამოიწვერებოდა უადი-რუმის თავზე. ნადირობისთვის გაემზადებოდნენ უდაბნოს კაცები. ჩვეულებისამებრ მიაკითხავდნენ ცხოველთა მოსასვენებელს და როცა ერთით ნაკლები აქლემი დახვდებოდათ, მაშინ ატეხდნენ ხმაურს და გაიგებდნენ ბედუინები, რომ უცხო ქვეყნის შვილმა უდაბნო დატოვა. იქამდე კი, წვალებით გავიდნენ კარვიდან, უკან მოიტოვეს მოსასვენებელი. უჭირდა გზის ჩვენება ელენეს, მიჩვეული არ იყო ცხოველის ტანზე ამხედრებას, სულიერის საშუალებით გადაადგილებას, მის მართვას. მთელი სხეულით გაწოლილიყო აქლემზე, თავთან ახლოს ჰქონდა სახე მიტანილი, ეჩურჩულებოდა, თითქოს ასე ცდილობდა მასთან კავშირის დამყარებას. გულში ეხვეწებოდა ღმერთს, აქედან ცოცხალს გამაღწევინეო. მალევე ჩაუარეს შეიხის კარავს, სუნთქვა შეიკრა ქართველმა, ოდნავ ხმაურიც ჩაახშო და მხოლოდ სამშვიდობოს გასულმა ამოიხრიალა ხმამაღლა, გულაფრიალებულმა შეისუნთქა უდაბნოს გრილი ჰაერი. ეამათ ფილტვებს ჟანგბადი, შიშისგან აჩქარებული გული დაუმშვიდდა, სხეულმაც ნელ-ნელა შეწყვიტა ცახცახი. თუმცა მხოლოდ მაშინ მიხვდა საკუთარი გეგმის სისუსტეს, როცა თვალწინ გადაეშალა უჰორიზონტო სივრცე და სიბნელეში აღმართულმა უდაბნოს კედლებმა გამკიცხავად გადმოხედეს პატარა არსებას, არაფრად რომ ჩაეგდო ბუნების ძალა. - სიკვდილი გადაწყვიტე? - სიჩუმე დაარღვია უდაბნოელის სუსხიანმა ხმამ. ადგილზე შედგა აქლემი, თითქოს მანაც იგრძნო პატრონის უსიტყვო ბრძანება. შემობრუნება ვერ გაბედა ელენემ. შიშისგან მეჩვენებაო იქნებ, გაიფიქრა. ოდნავ წაჰკრა ქუსლი სხეულზე, ერთი ამოიხრიალა აქლემმა, გაფრთხილებასავით მოეჩვენა ქალს ცხოველის გაჯიუტება. მიხვდა, გაება. - „...თავისუფლების ძებნაში მკვდარი“ - თავისთვის დაიჩურჩულა, უდაბნომ ჩაყლაპა მისი ამოოხვრა, დანებებული შემობრუნდა. რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგა ბედუინი. რისხვით ავსებოდა შავი ირისები. თვალს არ აშორებდა უხერხულობისგან აწურულ ქალს, ისიც ჯიუტად რომ უბრუნებდა საპასუხო მზერას. - რამდენად ჯიუტი შეიძლება იყოს ადამიანი? - ნაბიჯი გადადგა მისკენ. იცოდა, გაქცევას ვეღარ შეძლებდა. - რამდენადაც სიცოცხლე შეიძლება უყვარდეს? - ჩაეკითხა. წელში გასწორდა ამჯერად, თავი ასწია. რა სჭირდა მასთან მოსარიდებელი? საკუთარ თავზე ზრუნვა როდის მერე ითვლებოდა ცოდვად? - ამით თუ გამოიხატება შენი სიცოცხლისადმი სიყვარული, ძალიან შემცდარხარ. ნუ შეეჭიდები შენზე დიდს, ვერ გადარჩები. უდაბნო ხელს არ გამოგიწვდის, მისგან დახმარებას ნუ ელი. - შენ დამეხმარები? - წყენა შეეპარა ხმაში. წუხდა, არაფერი რომ არ გამოუვიდა. წუხდა, ამდენად სუსტი რომ აღმოჩნდა. - შენი აზრით, ვინ ვარ? - არ ვიცი, ვინ ხარ, მაგრამ ვიცი, რომ ადამიანი ხარ. ადამიანები ერთმანეთს არ უნდა ეხმარებოდნენ? - ვისგან ელი დახმარებას, ელენე? - კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ცხოველზე ამხედრებულს. თავი ასწია, ახლოდან შეათვალიერა ქალის სახე. სიცივისგან ცხვირი აწითლებოდა, ქარს თმა აეწეწა, თუმცა, იმ წამს, ძალიან ლამაზი ეჩვენა. გული შეუტოკდა გოკიელს, ხელი იტაცა აფრთხიალებულ ორგანოზე. პირველად დასცდა კაცის ტუჩებს მისი სახელი. ასე ფაქიზად, ასე ნაზად, ასე ლამაზად არავის მიემართა ჯერ. - ჩემი სახელი გცოდნია, - ყელი ჩაიწმინდა ჩახველებით. - მცოდნია. შენც ხომ იცი ჩემი სახელი? - ვიცი, ილიას, - თვალი მოარიდა კაცს, - მე ისიც ვიცი, რომ მარტო ვარ ამ ბრძოლაში. ვიცი, მაგრამ შენ ჩემი დახმარება შეგიძლია. ხომ შეგიძლია, აქედან გამიშვა? თუნდაც ახლა. შებრუნდი, კარავში დაბრუნდი და ისე დაიძინე, ჩემზე არ იფიქრო. პირი მოკუმე, თვალი დახუჭე ჩემ საქციელზე და ნება მომეცი, წავიდე. გთხოვ, - ცრემლი გადმოუგორდა სახეზე. პირველად გრძნობდა თავს ასე უსუსურად, თითქოს თოთო ბავშვი იყო და სხვისი დახმარების გარეშე არსებობას ვერ შეძლებდა. - შენ ახლა გინდა, მე თვითმკვლელობაში ხელი არ შეგიშალო, მაგრამ როგორც კი მივბრუნდები და ზურგს შეგაქცევ, აქედან სულ რამდენიმე კილომეტრში ინატრებ, არასდროს გამეშვი. სიკვდილი ასე ძალიან თუ გინდა, ჩვენ ტომში მაგაზე არ გაწყენინებენ. უბრალოდ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. დაელოდე და ის დროც მოვა, როცა შეიხი უარს იტყვის თავის ტომში უცხოელის არსებობაზე. მერე იქნებ თავი წაგაცალონ და შენი ნებაც აღსრულდეს, - კბილებში გამოსცრა გაბრაზებულმა. ნელ-ნელა ევსებოდა მოთმინების ფიალა. ლამის იყო, ხელი დაევლო ელენესთვის და აქლემის ზურგიდან გადმოეთრია. - მერე შენ რა? - წამოიყვირა, - შენ რატომ გადარდებს? მოვკვდები, ვიცოცხლებ, შენთვის მაგას რა მნიშვნელობა აქვს? პირველი ვიქნები, ვინც შენი მიზეზით მოკვდება? - ზედმეტი მოგდის, - ერთხელღა ამოიღრინა გამაფრთხილებლად. - იქ ეჩრები, სადაც შენი ადგილი არაა. აქაც იმიტომ არ ამოვყავი თავი, რომ ჩემ ცხოვრებაში უნებართვოდ შემოიჭერი? გგონია დამავიწყდა, როგორ მომათრიე შებოჭილი, აქლემზე გადაკიდებული, ნაგვის ტომარასავით? - ენა უნდა ამომეძრო თავის დროზე, ამდენს ხომ ვეღარ ილაპარაკებდი? - ამომაძრე მერე, ჭკუა დაგიშლის თუ გონება? - დემონსტრაციულად გამოუყო ენა. გაეცინებოდა კიდეც ილიასს ამ ბავშვურ საქციელზე, მაგრამ ვერაფრით იშორებდა იმ აზრს, რომ შეიძლებოდა რომელიმე ბედუინს გამოღვიძებოდა, ამ სცენას შესწრებოდა და მერე მართლაც დადგებოდა ამ ჯიუტი ქალის აღსასრული. - ელენე! ჩამოდი, დაბრუნდი კარავში და დილით ისე მოიქეცი, თითქოს ეს განთიადი არც ყოფილიყოს. - კი, როგორ არა. ცეკვა-ცეკვითაც ხომ არ გამოგყვე? - იცოდე, ძალით წაგიყვან. - ძალიან არ გამაკვირვო. - ელენე-მეთქი! - მოგეცი მე ჩემი სახელის ხსენების უფლება? - მაგისთვის უფლება მჭირდება? - ყველაფრისთვის გჭირდება, რაც მე მეხება. არ ჩამოვალ! ტყუილად დგახარ. საქმე არ გაქვს? წადი, მიხედე. - ჩემი საქმე შენ ხარ. უშენოდ არსად არ წავალ. - ჰოდა, ვიდგეთ ასე. რამდენიმე წამს სიჩუმე ჩამოწვა. თვალებით ერკინებოდნენ ერთმანეთს, არც ერთი არ აპირებდა დანებებას და ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა მათი ეს უხმო ბრძოლა, რომ არა ერთ ადგილას გაშეშებული აქლემი, რომელსაც მობეზრებოდა უძრავად ყოფნა და სრულიად მოულოდნელად, ფეხი მოიდრიკა, თავი ჩახარა და ისე, რომ ყურადღება არ მიუქცევია მის ტანზე აფართხალებული ქალისთვის, იქვე, ქვიშაზე გაწვა. ხმა ვერ ამოიღო შოკისგან ელენემ, პირდაღებულმა ახედა სიამოვნებისგან გატრუნულ ბედუინს, რომელსაც ვერ გადაეწყვიტა, უნდა გასცინებოდა თუ — არა. - რა იყო ახლა ეს? - აღმოხდა. ნელა გადმოცურდა ძირს, გვერდიდან შეხედა ცხოველს, რომელმაც სულ ერთხელ დაუბრუნა მზერა, მერე კაცს ახედა და ასე აგრძნობინა თითქოს ელენეს, აქ უფროსი ვინ იყო. - ისიც კი შენზე ჭკვიანია, - ხელი გადაუსვა თავზე აქლემს. უხმოდ შეუბღვირა, ქვიშით მოსვრილი პლედი გაფერთხა, მხრებზე შემოიგდო და სწრაფი ნაბიჯით გაშორდა ილიასს. - იცი, რა, - უკან მობრუნდა. უნდოდა ის ბრაზი ამოეღო, გულში საწამლავივით რომ დაგროვებოდა, - რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ შენი ნდობა შემეძლო, რომ თუ ყველა უცხო იყო აქ ჩემთვის, შენ ყველაზე დიდი შანსი გქონდა ჩემი ნდობის მოპოვების, მაგრამ ადამიანები იმდენად ხშირად მიმტკიცებენ საპირისპიროს, დამავიწყდა კიდეც, რომ არ აქვს მნიშვნელობა საკუთარ ქვეყანაში ხარ თუ უცხოეთში, ისინი არასდროს შეწყვეტენ შენთვის იმედის გაცრუებას. - იქნებ, შენი ბრალია? დაფიქრებულხარ, რომ სხვებისგან ზედმეტად ბევრს ითხოვ? - ჩემი ბრალია, მართალი ხარ. რაღაცები მართლაც ჩემი ბრალია, მაგრამ, ილიას, არ შეიძლება, რომ მანქურთი მარტო იმ ადამიანს ეწოდოს, ვისაც სამშობლო დაავიწყდა. ეგ მარტო მაგას არ ნიშნავს, იმასაც ნიშნავს, რომ ყველაფერი ადამიანური გავიწყდება. მათ შორის — თანაგრძნობა. შენ ჩემი მდგომარეობის არ გესმის, სწორედ ამიტომ ხარ ის, რასაც შენზე ფიქრობენ და არა იმიტომ, რომ ამ ველურ გარემოში გადარჩენა შეძელი. ახლა შეგიძლია გაბრაზდე და ხელი მომამტვრიო, მაგრამ მაგით სიმართლეს ვერ შეცვლი. მშვიდად იყავი, ჩემი ზედამხედველობა აღარ დაგჭირდება, გაპარვას აღარ ვეცდები. დაველოდები, როდის მოგბეზრდებით და როდის გამომიტანთ სასიკვდილო განაჩენს, თუმცა ვერ გეტყვი, რომ აქ გატარებული თითოეული დღე ჩემთვის სიკვდილს არ ნიშნავს. მიბრუნდა და უკან მოიტოვა მანქურთად წოდებული. იმ ღამით ილიასი მის კარავთან არ გამოჩენილა. უადი-რუმის უდაბნოში გათენებულ მომდევნო დღეს თავის წამოწევა დაეზარა ელენეს. ჯერ კიდევ საკუთარ სხეულს ეხუტებოდა შეციებული. ხმაურს მოეცვა ვრცელ ტერიტორიაზე გაბატონებული ბედუინთა ტომი. საათი მაინც ვიცოდეო, მოწყენით დახედა მარცხენა ხელის მაჯას. დედის ნაჩუქარი საათი დარჩენოდა უკან, ადასთან. არ შორდებოდა მეგობარზე ფიქრებიც. ვეღარ გაეგო, საკუთარ თავზე ეფიქრა, უცხო ქვეყანაში დარჩენილ მის მეგობარზე თუ მშობლებზე, რომლებიც განგაშის ზარს შემოჰკრავდნენ. ამით დასრულდებოდა ელენეს მოგზაურობა ქვეყნიდან ქვეყანაში, აღარ შეეგუებოდა მის ბოდიალს გულგახეთქილი დედა და იმის მოლოდინში, რომ მის შვილს კიდევ ერთხელ მოიტაცებდნენ, სახლის კარს ჩარაზავდა. იქამდე მაინც, სანამ გოკიელის დასერიოზულებისა და გათხოვების დრო არ მოვიდოდა. იმ დილით ნაცნობი შფოთვით აფორიაქდა მთელი ტომი. სწრაფი ნაბიჯით დაიარებოდნენ კარვიდან კარავში, ყველაფერს ამზადებდნენ მომავალი შეიხის დასახვედრად. შორიდან ადევნებდა თვალს ელენე სამზადისს, გული ეწურებოდა კარზე მომდგარი დღეების გამო. ბედნიერი იყო ყველა. იცინოდნენ, გაუჩერებლად საუბრობდნენ. ქალები კარვებში უჩინარდებოდნენ და საქმეებს შესაბამისად ინაწილებდნენ: ერთი ნაწილი საჭმელს ამზადებდა დასახვედრად. ცეცხლი დაენთოთ რამდენიმე ადგილზე, ღრმა ჭურჭელი შემოედოთ ერთერთზე. ნაცნობი სუნით მიხვდა ელენე, თავიანთ ცნობილ პურს ხარშავენო. დანარჩენზე მიყოლებით მზადდებოდა ბრინჯი, ხორცი, თევზი, ბოსტნეულის კერძები. მრავალფეროვნება შეეტანათ ერთფეროვან საკვებში, წუწუნი არ დასცდენიათ მზადებისგან გადაღლილებს. მათი მონდომებით მიხვდებოდა ადამიანი, მართლაც განსაკუთრებულად უნდა უყვარდეთ ომარი ყველასო. მდიდრულ ხალიჩებს ქსოვდა ქალთა ნაწილი, ცეკვავდნენ ტრადიციული საკრავის თანხლებით, ჩაისა და ყავას სთავაზობდნენ ერთმანეთს. კაცთა ნაწილი წინა საღამოდანვე უდაბნოში გადაკარგულიყო. სანადიროდ თუ წავიდნენო, გაიფიქრა ელენემ, აქლემსაც თავის ადგილს დაუბრუნებდაო ილიასი. ღლიდა ელენეს დილიდან გაუთავებელი ფორიაქი. მოსვენებას ვერ ასწრებდა. რამდენჯერმე შესთავაზეს საქმიანობაში ჩართვა. უარით გაისტუმრა ქალები, ჯერ კიდევ ვერ გამოჯანმრთელებულიყო ბოლომდე. იმიზეზებდა თავის ტკივილს, სახსრების ტკივილს. იჯდა თავისი კარვის შესასვლელში, ქვიშაში ფეხებს რგავდა და მოშორებით საქმეში გართულ ტაირას თვალს აყოლებდა. ქალი რამდენიმე თანატომელთან ერთად კარავს ამზადებდა. კარავი თხისა და აქლემის თმისგან მზადდებოდა, საშინელი სუნი ტრიალებდა მზით დაფარულ ჰაერში. მეორე კვირა ილეოდა ელენეს გატაცებიდან, მაინც ვერ ამბობდა უარს ახალ-ახალი გეგმის დასახვაზე, თუმცა გამთენიისას ვერც ერთი გეგმის განხორციელებას ვერ ახერხებდა. აშინებდა მუდამ წარბშეკრული შეიხის ხილვა, ფეხს უშეშდებოდა ნაბიჯის გადასადგმელად მომართულს. ისიც იცოდა, ილიასი კვლავ ხელს შეუშლიდა და კიდევ ერთხელ წარუმატებლად დასრულებული გაქცევის გეგმა მასში გადარჩენის ყველანაირ იმედს ჩაკლავდა. ომარის გამოჩენის მოახლოებას ბედუინების ინტერესის მატება მოჰყვა უცხოელი ქალის მიმართ. აქამდე შეუმჩნევლად მყოფი ელენე მუდამ ვიღაცის გარემოცვაში ხვდებოდა. ქალები თმას ვარცხნიდნენ, სახეს უხატავდნენ, ხელებზე უცნაურ სუნიან კრემებს უსვამდნენ. სხვადასხვა სახის საჭმელს სთავაზობდნენ. ყველაფერზე თავს აქნევდა უარის ნიშნად. ნერვიულობდა, ლუკმა არ გადასდიოდა ყელში. ჩაის მოსვამდა მხოლოდ და იმაზე ფიქრობდა, როგორ აორთქლდა იმ ღამის შემდეგ ილიასი. თითქოს უდაბნომ ჩაყლაპა ბედუინი, თან წაიყოლა ის შეგრძნებაც, რომელიც მის დანახვაზე სულსა და გულს უფორიაქებდა ელენეს. ნაცრისფერი ეჩვენებოდა ოქროსფრად გაბრდღვიალებული მთები. აგვისტო შემოაბიჯებდა მალე იორდანიაში, კიდევ უფრო ცხელი დღეები დაიწყებოდა უდაბნოში მყოფთათვის. ამასობაში, კაცები დაბრუნდნენ ნადირობიდან. მხარზე შემოგდებული ნანადირევი ჩამოურიგეს ქალებს, თავად გასაწმენდად წავიდნენ, შესაფერისად რომ დახვედროდნენ შეიხის ვაჟს. მკვდარი ცხოველების გასუფთავება დაიწყეს ქალებმა, ახლა ისინი შეწვეს, მოხარშეს, უცნაურ სუნელებში შეკმაზეს. კმაყოფილნი იყვნენ თავიანთი ნახელავით, სიამაყით დასცქეროდნენ ჭურჭელში მოქცეულ საკვებს. ჩამოივლიდა შეიხი ყველაფრის გასაკონტროლებლად, მასაც სახეზე ეწერა შვილის დაბრუნებით გამოწვეული ბედნიერება. სიტყვას არ ამბობდა თავისი მარჯვენა ხელის გაქრობაზე, არც არავინ საუბრობდა ილიასზე. მხოლოდ ელენე აეფორიაქებინა ბედუინის არყოფნას, მგლოვიარე სახეს ვერ ასწორებდა, გული უგრძნობდა, კარგთან არ უნდა იყოს დაკავშირებული მისი უეცარი გაქრობაო. მარტოსულობის შეგრძნება არ ტოვებდა, ტაირაც კი აღარ უმშვიდებდა აფორიაქებულ განწყობას. თითქოს ქალი სრულიად შეცვლილიყო, ნაკლებ დროს ატარებდა სხვა ქვეყნის შვილთან, თავის ხალხთან ყოფნა ერჩივნა, აღარ სტუმრობდა ქართველს. დაღამდა ბოლო მშვიდობიანი დღე ბედუინთა ტომში. მეორე დილა ცვლილებების დასაწყისი იქნებოდა. თითქოს ორგანიზმი შეეჩვია ღამის თენებას ცივ კარავში. მობუზული შეხვეულიყო ბეწვისგან გაკეთებულ ახალ საბანში, ცხვირი ჩაერგო თავსაბურავში. იმ საბანს ნატრობდა, მოსვლისას რომ დაუხვედრა ტაირამ, მერე გაბრაზებულმა რომ გაუძახა გარეთ, თითქოს სხვას უშავებდა ამით რამეს. გულის რევის შეგრძნება არ ასვენებდა, კუჭი უწრიალებდა, ყელი ეწვოდა. მიჩუმდა გარემო, ნაადრევად გაიფანტნენ დასაძინებლად უდაბნოს შვილები. დილისთვის მზადყოფნაში უნდა ყოფილიყვნენ, გამოუძინებელ სახეს ვერ შეაგებებდნენ ომარს. ტაირასთან სალაპარაკოდ დაირაზმა დაძინებამდე. არ მიიღო კარავში ქალმა, მშვიდობიანი ღამე უსურვა, თავი აარიდა მასთან პირისპირ ყოფნას. ეწყინა ელენეს, არ ელოდა ასეთ ფერისცვალებას. ნეტავ, ხომ არ ვაწყენინეო, ფიქრობდა განმარტოებული. ნაცნობი ხმაური შემოესმა. წამოიმართა. ხომ არ მომესმაო, მიაყურადა. განმეორდა ფეხის ხმა კარავთან ახლოს. ამ შუაღამისას სხვა არავინ გაბედავდა უდაბნოს შეწუხებას, იცოდა ელენემ. ნელა წამოსწია ტანი, პლედი შემოიხვია მხრებზე. კარავს გადაუშალა კალთა, შენიშნა ქვიშაზე გაწოლილი სხეული. დამალვას აღარ აპირებდა, ფეხშიშველმა გააჭრა გარეთ. თავი არ წამოუწევია ვარსკვლავების ყურებაში გართულ ილიასს. ყური დაუგდო ფრთხილ ნაბიჯებს, სუსტმა ღიმილმა გაუპო სახე. - საბოლოოდ, მაინც გამოხვედი, - თავი შეაბრუნა. გამხდარი ეჩვენა გვერდით ჩამომჯდარი ქალი. - მელოდი? - მზერა დაუბრუნა ქალმაც. სხვანაირი ეჩვენა ბედუინი. - ვიფიქრე, ერთ დღესაც მოგბეზრდებოდა კარვიდან თვალთვალი. - შეგიმჩნევივარ. - შენი ვერ შემჩნევა შეუძლებელია, - ეუცხოვა კაცის შეცვლილი მზერა, გული შეუტოკდა წამით. რა მემართებაო, გაიფიქრა. ის ნაცნობი უხილავი ძაფი დაბრუნდა მათ შორის. სიჩუმე ჩამოწვა ორ სხეულს შორის. სიტყვის თქმას ვეღარ ბედავდა ვერც ერთი. ქარმა დაუბერა უდაბნოში, ქვიშა შეეყარა სახეზე ელენეს. თვალები ამოევსო, ცრემლები წამოსცვივდა. წამოჯდა ილიასი, ნელა მიატრიალებინა სახე. გააჟრიალა ცივი ხელების შეგრძნებისგან ქალს. ნაზად დაუსვა ლოყაზე თითები, ჭუჭყისგან გაათავისუფლა ელენეს სახე. თვალი გაუსწორა, ცრემლი შეუმშრალა სახეზე დაშვებული. - უნდა გეძინოს, - ჩურჩულმა გაუპო ბაგეები. - გაბრაზებული ხარ? - უნდა ვიყო? - კითხვას ნუ მიბრუნებ! - მაშინ იმას ნუ მეკითხები, რაზე პასუხიც იცი. - არ გაქვს უფლება, მე მიბრაზდებოდე. - შენ არ გიბრაზდები, არც შენ გადაწყვეტილებებზე ვბრაზდები. - საერთოდ არ ჟღერს დამაჯერებლად. - არც ვცდილობ, დამაჯერებელი ვიყო. - რატომ არ გძინავს ღამით არასდროს? - რაღაცას ვიცავ. - იცავ? რას იცავ? - ღიმილით ჰკითხა. იცოდა პასუხი, მისი დაცვა განეზრახა ბედუინს. სცდიდა კაცს. აინტერესებდა, გატყდებოდა თუ - არა. - შენ სიმშვიდეს, - დაუფარავად გამოუტყდა. - თუ მითვალთვალებ, ისევ რომ არ გავიპარო? - ვერ ირგებ სიმართლეს, არა? - ხვალ ომარი ჩამოდის, - უეცრად გადაუხვია თემას. მოსვენება გაექრო მისთვის ამ სიახლეს და თავს ვერ აიძულებდა, მასზე არ ეფიქრა. თავი დაუქნია ილიასმა, ვარსკვლავებს ახედა კვლავ. - ომარი ტომის მომავალი შეიხი, იორდანიაში ყველას გულის პატრონი, სიამაყე, უადი-რუმის ნამდვილი პრინცია. შორსაა გაზრდილი, იშვიათად ჩნდება ჩვენ საზოგადოებაში. ვერ ვიტყოდი, თავით ფეხამდე ბედუინია-მეთქი, რადგან ჩვენ ადათ-წესებს არ აღიარებს. ამიტომაც ვერ ეგუება მამის განსხვავებულ დამოკიდებულებას, ამიტომაც არასდროს მთავრდება მათი კონფლიქტი. მაგრამ ის, უნდა ეს თუ არა, მაინც უდაბნოს შვილია. მოუწევს, ჩამოვიდეს და თავისი მოვალეობა შეასრულოს. ის, რაც დაბადებამდე დაეკისრა. მან უნდა გააგრძელოს ბადავების გვარი. - ბადავი? - ეს „უდაბნოში მცხოვრებს“ ნიშნავს. მათი გვარი საუკუნეებია უდაბნოში არსებობს. ცუდია, რომ ერთ-ერთ მათგანს ეს საერთოდ არ აინტერესებს. - გამოდის, ის გვარითაც კი ბედუინია. - ბედის ირონიაა, არა? - რატომ მიყვები ამ ყველაფერს? - უნდა იცოდე... უნდა იცოდე იმ ადამიანის გვარი, ვისი ცოლიც გახდები. ქუხილმა გაჰკვეთა მშვიდი ცა. თავზე ჩამოემხო თითქოს ცხოვრება ჯერ კიდევ თავისუფალ ქალს. რეალობად ექცა ის შიშები, ომარის სახელის ხსენების შემდეგ რომ არ ტოვებდა. თავის ემოციურობას აბრალებდა ყველაფერს, იქნებ ვტყუიო, თავს იმშვიდებდა. მართალი აღმოჩნდა მისი გუმანი, გათხოვებას უპირებენ უდაბნოს შვილზე. რაღაც მოკვდა იმ წამს მის შიგნით და ის რაღაც ცრემლად გადმოეღვარა სახეზე. ქვითინი აუტყდა უდაბნოს ხიზანს, ახლა ისე, როგორც არასდროს, დაკარგულად იგრძნო თავი. გათენდებოდა დილა საშინელი და ის აღარ იქნებოდა ქართველი ელენე. მოკლავდნენ მასში სამშობლოს ძველს და აიძულებდნენ, ახალი ქვეყნის შვილი გამხდარიყო. უსიტყვოდ წამოდგა ფეხზე, მზერა მოარიდა მასზე მიშტერებულ კაცს. თითქოს უნდოდა, დარწმუნებულიყო მის კარგად ყოფნაში, ხელი ასწია კარვისკენ დაძრული ქალის შესაჩერებლად. ვერ შეძლო შეხება, ხელი არ შეუშალა მისგან გაქცევაში. ომარმა გამთენიისას შეაჩერა თავისი აქლემი. თვალი მოავლო სიჩუმეში ჩაფლულ თავის სახლს. ამოიოხრა შეწუხებულმა, შესამჩნევად იფრქვეოდა წინა დღით დაწყებული სამზადისის სურნელება. ბედუინმა გამოჰყო თავი კარვიდან, თვალების ფშვნეტით გაემართა პირის დასაბანად. შედგა ნაცნობი სახის დანახვაზე, ვერ შეიკავა სიხარულისგან მოძალებული ყვირილი, პირი მოაღო მთელი ტომის გასაგონად. სახეზე ხელი დაისვა შეწუხებულმა ომარმა. ბუზებივით დაეხვივნენ გარშემო ყველანი. ქალები ხელებს უკოცნიდნენ, კაცები მხარზე ეხებოდნენ მისალმების ნიშნად. შორიდან შენიშნა საღამურის ამარა გამოვარდნილი შუახნის მამამისი. ღიმილს გაეპო კაცის ტუჩები, ბავშვივით უხაროდა შვილის შინ ხილვა. ხელით მოიშორა წინაღობად ქცეული ტომის ხალხი, წინ დაუდგა დიდი ხნის უნახავ ვაჟს. კეფაზე მოჰკიდა ხელი ძლიერად, შუბლით ემთხვია შუბლზე, სუნი შეისრუტა ნაცნობი, წმინდა, მშობლიური. შერცხვა საკუთარი ემოციურობის, ნელა გაშორდა ერთი ნაბიჯით, ამაყად ასწია თავი, თვალი გაუყარა თვალში და დაბრუნება მიულოცა ვაჟს. თავის დაკვრით დაუბრუნა პასუხი კაცმა, გვიან შეამჩნია კარვიდან გამოყოფილი ახალი წევრის თავი. თავსაბურავის შემოხვევა დავიწყებოდა ელენეს, მაცდურად ამზეურებდა მხრებზე ჩამოყრილ ოქროსფერ კულულებს. დანახვისთანავე მოიხიბლა ომარი, მზერა ვერ მოსწყვიტა აწითლებულ ქალს. ღიმილი მოჰგვარა მისმა კოპებშეკრულმა სახემ, მიხვდა მაშინვე, მამის ხელი უნდა ერიოს მის აქ ყოფნაშიო. ნაბიჯი გადადგა წინ, უკან ჩამოიშორა ჩახუტების მოლოდინში ხელგაშლილი მამა. კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა კარავს. ენა შეამზადა ამოსადგმელად. არ დასცალდა თავის წარდგენა, სწორედ იმ მომენტში, დაბარებულივით, მაღალმა სხეულმა დაუფარა სანახაობა. სათამაშო წართმეულ პატარა ბავშვს დაემსგავსა მაშინვე, შუბლი შეკრა გაბრაზებულმა. თვალი ააყოლა მასსა და იმ სილამაზეს შორის ჩამდგარ ბარიერს, იცნო ბავშვობის მეგობარი, ცხოვრების თანამგზავრი, ყველა უბედურებაში მისი პარტნიორი, ყველა ბედნიერების მისი ერთადერთი გამზიარებელი. კვლავ გაუნათდა სახე, სიცილში გადაეზარდა ღიმილით აწეული ტუჩები. ხელი შემოჰხვია ილიასს, საპასუხო ჩახუტება დაუბრუნა ბედუინმაც. - ამას ვის ხედავს ჩემი თვალები. ილიას, ნამდვილი კაცი ხარ. - რასაც შენზე ვერ ვიტყოდი, ომარ. კაცები მეგობრებს არ ივიწყებენ. - შენ, მხოლოდ შენ გაპატიებ ასეთ სიტყვებს, ჩემო მეგობარო, - სიცილით შეუშვა ხელი, - საუკუნეა ერთმანეთი არ გვინახავს. მოსაყოლი ბევრია. არ გინდა გაიგო, როგორი თავგადასავლები დავაგროვე უდაბნოდან შორს? - სიამოვნებით, ჩემო მეგობარო, მაგრამ ორი დღეა ეს ხალხი შენ დასახვედრად დღესა და ღამეს ასწორებს. შენ თავს ვერ მოვტაცებ ასე უსირცხვილოდ. - ხომ იცი, ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი არაა. - სამაგიეროდ, მამაშენისთვისაა. მამაშენი კი ჩემთვისაა მნიშვნელოვანი. ვერ ვაწყენინებ. თავი დაუქნია ნირწამხდარმა. სულ არ ეხალისებოდა სუფრაზე ჯდომა, ჭამა, საუბარი და ათას კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ მოვალეობას ვერ გაექცეოდა შეიხის ვაჟი, ილიასი კი ის იყო, ვინც გაქცევის საშუალებას არასდროს მისცემდა. სუფრას არ შეუერთდა ელენე. უარით გაისტუმრა რამდენიმე ქალი. რა მექეიფებაო, ფიქრობდა თავისთვის. თავს აქნევდა მარტო უარყოფის ნიშნად, სიტყვით ვერ აგებინებდა სათქმელს ვერავის. მერე კაბებითა და ფერად-ფერადი თავსაბურავით შეიარაღებულები შეუცვივდნენ. მოულოდნელად დაეხვივნენ თავს, გააზრება ვერ მოასწრო ელენემ სიტუაციის. თავზე ჩამოაცვეს ღია ფერის სამოსი. ლოყებზე ეცა ერთი ბედუინი, შავი საღებავი მოუსვა თვალებზე. ერთმანეთში ყიყინებდნენ უცხო ენაზე, დაზაფრა გაურკვევლობაში ყოფნამ ქართველი. ბედნიერობდნენ სხვები, თავად კი ვერ იღებდა ხალხის ბედნიერებას. უბედურება ჩასდგომოდა მუდამ მოცინარს. იცოდა, რატომაც ამზადებდნენ ასე გამწარებით. საახალწლოდ სუფრაზე დაბრძანებული გოჭივით სასურველი და მიმზიდველი უნდა ყოფილიყო, თავიანთი ბატონის მონა უნდა გამხდარიყო. არავინ აპატიებდა ომარისთვის იმედის გაცრუებას. თავს წააგდებინებდნენ და მერე მისი თავით ფეხბურთს გააჩაღებდნენ შუაგულ უდაბნოში. არავინ დაიტირებდა კიდევ ერთ მკვდარ სხეულს. ყველას მოუყვებოდნენ, რომ დაიმსახურა და იმიტომ, ურჩობდა და იმიტომ, ცოლობა ვერ გაუწია ქმარს და იმიტომ. ხმას ვერ ამოიღებდა, რადგან გასაჭირში ვერავის იმედი ექნებოდა, დამცველი არ ეყოლებოდა. როგორ დამჯაბნესო, ფიქრობდა გულმოკლული. სადღაც გამქრალიყო თავდაჯერებით სავსე მისი ხასიათი. ფერი ეცვალა ქართველს, შიში ესწავლა სამშობლოდან შორს. თავის თავზე არ ფიქრობდა იმდენს, რამდენსაც კილომეტრებით შორს მყოფ მშობლებზე. ადაზეც ეფიქრებოდა ყოველ დღე, ნეტავ თუ მოახერხა აქედან გაღწევა, ნეტავ ის თუ მაინცაა სამშვიდობოსო. თავს ვერ პატიობდა იმას, რაც მისი ბრალი არანაირად არ იყო. - ქალს კითხულობენ, - თვალი ააყოლა თეთრ კაბაში გამოწყობილ ქართველს ტაირამ. სიტყვა არ უთქვამს მისთვის, ვერ უძლებდა იმედგაცრუებით სავსე უცხოელის თვალებს. დაფაცურდნენ სხვები, ბოლოჯერღა შეათვალიერეს თავიანთი ნამუშევარი, ერთმანეთის მიყოლებით დატოვეს კარავი. დარჩნენ ორნი, მხოლოდ მათ ესმოდათ ერთმანეთის ენა, მხოლოდ მათ იცოდნენ, როგორ არ უნდოდა ელენეს ნაბიჯის გადადგმა, კარვის დატოვება და იქ მისვლა, საიდანაც უკან დასახევი აღარ იქნებოდა. ნაზად შეეხო მკლავზე ტაირა, თავი დაუქნია შეუმჩნევლად, წამოსვლა უბრძანა თითქოს უსიტყვოდ. გვერდით გაჰყვა ქართველი. მიდიოდა და სიმძიმეს გრძნობდა ჰაერივით მსუბუქ სხეულში, მიდიოდა და უკან ტოვებდა თავისუფლების 27 წელს, მიდიოდა და სიკვდილს ნატრობდა. - ტაირა, - კარვის შესასვლელთან გაჩერდა ქალი. ხმები გამოდიოდა შიგნიდან. ხმები სიცილის, ბედნიერების, სიხარულის. - რა ხდება? - არ შემიძლია. - რა არ შეგიძლია? - ვერ გავთხოვდები. კალთა გადაიხსნა მათ წინ, ომარის ღიმილიანი სახე გამოჩნდა. გული შეუტოკდა ელენეს, იმის იმედიც გაუქრა, რომ თავად ბედუინი იტყოდა ამ არასასურველ ქორწინებაზე უარს. არ იკითხებოდა მის მზერაში უარის ნიშნები, მზე ჩაესვენა იმ წამს ქართველის ცხოვრებაში. თან წაიყოლა ნათელი დღეების უკანასკნელი სხივები. - აქ რატომ დგახართ? - ინგლისურად მიმართა ორივეს. აღარ გაჰკვირვებია საერთაშორისო ენაზე ალაპარაკებული ბედუინი ქალს. მიხვდა, არასწორი ყოფილა მათ განათლებაზე წარმოდგენები. უდაბნოს შვილებიც იღებდნენ განათლებას, უცხო ქვეყნებში თანაც. - ახლა ვაპირებდით შემოსვლას, - პასუხი დაუბრუნა ტაირამ. თავი დაუკრა კაცმა, თვალი არ მოუშორებია ელენეს გაფითრებული სახისთვის. ერთად შევიდნენ კარავში, უხმოდ შეეგებნენ სტუმრის მისვლას სუფრას შემომსხდრები. ადგილი გაათავისუფლეს ქალისთვის, ხელი არ გაუშვა ტაირას მკლავს ელენემ, გვერდით მოისვა ისიც. თვალი მოავლო მალულად ხალხს, ვერსად დაინახა ილიასი. გული მოეწურა ხელმეორედ, მიხვდა, მარტო დატოვა გასაჭირში. სხვას რას ელოდიო, თავს გაუბრაზდა უსიტყვოდ. ჭიქა ასწია შეიხმა, ამაყად გადმოხედა შვილსა და მომავალ რძალს. არაბულად დაილოცა სუფრაზე, ბედნიერი მომავალი უსურვა „წყვილს“. ჩურჩულით უთარგმნიდა ტაირა შეიხის კეთილ სურვილებს. ცრემლებს ძლივს იკავებდა ქართველი, თავი ჩაეხარა, მასზე მიშტერებულ ომართან კონტაქტს გაურბოდა. ლაღი იყო ბედუინი, სასმელს ეძალებოდა მომავალი ცოლით აღელვებული. მოსწონდა თავჩახრილი ქალის უტყვი მორჩილება. ის, რასაც უდაბნოს გარეთ ვერც ერთ ქვეყანაში ვერ პოულობდა. მოსწონდა მხრებზე დაყრილი თმის კულულები, თავსაბურავიდან ურჩად რომ გამოჰპარვოდა. კაბით დაეფარა სხეული და მაინც გრძნობდა კაცი მთელ იმ მშვენიერებას, ნაჭრის მიღმა რომ იმალებოდა. ხელები უოფლიანდებოდა შეხების სურვილისგან. ახელებდა გონებაზე გამარჯვებული ალკოჰოლი, აკრძალულ აზრებს ბადებდა მასში. განმარტოებისას შეუქო მამას არჩევანი, შენგან ამდენს არ მოველოდიო, გამოუტყდა. ყელი მოიღერა შეიხმა შვილის სიტყვებზე, თავადაც კმაყოფილი დარჩა გადაწყვეტილებით. ეს ჯანმრთელი, ლამაზი და გამორჩეული უცხოელი ბევრ შვილიშვილს აჩუქებდა კაცს. გაჩნდებოდნენ ბადავების გვარის საამაყო გამგრძელებლები და მამის შემდეგ ადგილს დაიკავებდნენ თავიანთ „ტახტზე“. - არ შეიძლება, წავიდე? - სუნთქვა გაუჭირდა ქალს, გულს ურევდა ჭიქების ტრიალი, თავის გაუბედურებით გამოწვეული სხვების ბედნიერება. რაღაც გადაულაპარაკა ქალმა გვერდით მჯდომ ომარს. მზერა შეაგება პარალელურად ელენეს, ტანში გასცრა კაცის თვალების ხილვისას. ვნება ჩასდგომოდა შემთვრალს, სხვანაირად უციმციმებდა შავი სფეროები. თავი დააქნია მსუბუქად, მამას მიუბრუნდა მერე. - შეგვიძლია, წავიდეთ. ფეხზე წამოდგა გაბედნიერებული, ყელში უჭერდა კაბა თავისი სამგლოვიარო ფერით. გავიხდი და დავწვავო, გადაწყვიტა. უკანმოუხედავად გავიდა კარვიდან, ზურგი აუწვა თანამგზავრად აყოლილმა ომარის თვალებმა. - როგორ ფიქრობ, რაიმე შანსი არის იმის, ეს ქორწილი რომ არ შედგეს? - სისულელეს ნუ გააკეთებ, ელენე. ცუდად მოგიბრუნდება არასწორად გადადგმული ნაბიჯი. მადლიერი იყავი, შენ რომ აგირჩიეს. ხელის გულზე ატარებენ მომავალი შეიხის ცოლს. ხელს არ გაგანძრევინებს არავინ, უზრუნველად იცხოვრებ. პატივსაცემ ადამიანთან გაიყოფ სარეცელს. რა არ გასვენებს? - მე შენ განვითარებული აზროვნების ადამიანი მგონიხარ, - სიბრაზე მოაწვა, გესლი ვერ დაიტია საკუთარ თავში, - შენ თუ ასე ფიქრობ, აქ ვისი იმედი უნდა მქონდეს, აბა? წყალს წაუღია ეს თქვენი უდაბნო, წესებითა და სამყაროსადმი არასწორი ხედვებით. ქალი ნივთი არაა, იმას გადაულოცო ვინც უფრო ძლევამოსილია. ნათესავებზე არ ქორწინდებიან თქვენში კაცები და ქალები? რაღა სხვა ქვეყნის შვილს დამავლეთ ხელი, აქ ნაკლები ხალხი გყავთ? - ომარს არავინ ჰყავს. არც დედა, არც ნათესავი გოგონები. მე შენ მოსვლისთანავე გაგაფრთხილე, რომ დიახ, მესმის სხვა ხალხის, მაგრამ არ დაგავიწყდეს, მეც ერთ-ერთი ბედუინი ვარ-მეთქი. ხომ გაგაფრთხილე? უსიტყვოდ ჩამოშორდა ტაირას, კარავში დაბრუნდა და განმარტოებულმა ტანზე შემოიხია თეთრი აბაია. კუთხეში მიაგდო, თვალში რომ არ მოხვედროდა. მერე შეღებილი თვალები ჩამოიბანა, საწოლზე ჩამოჯდა და დაღამებას დაელოდა. იცოდა, ილიასი აუცილებლად გამოჩნდებოდა. ლოდინში ჩაძინებული ფეხის ხმამ გამოაღვიძა. უჩუმრად დაიპარებოდა ვიღაც უდაბნოში, ფეხზე წამოხტა მაშინვე, გარეთ გავარდა ბედუინის სანახავად. მწარედ იკბინა ტუჩზე, როცა ილიასის ნაცვლად ომარმა გაუღიმა. - ვერ იძინებ, უცხოელო? - ღიმილით მიმართა. ხელები ჰქონდა ზურგს უკან გადაჯვარედინებული, თავსაბურავი არ ეკეთა. ღამის შუქს ირეკლავდა მისი გადაპარსული თავი. დაკვირვებით შეათვალიერა ელენემ შეიხის შვილი. იქნებ, მეცადა მისი გადარწმუნებაო, გაიფიქრა იმ წამს, რა წამსაც გაახსენდა, მოგზაურობა უყვარდა უდაბნოს შვილს. აკი ილიასმა უთხრა, არ სწყალობს აქაურ წესებსო. - როცა არასასურველი ქორწილი კარზე მოგვდგომია, შეუძლებელია დაიძინო, - ცივად აჯახა. წარბი არ შეხრია ომარს ქალის უხეშ პასუხზე, ფეხი მოინაცვლა მხოლოდ. - მითხრეს, ფიცხი ყოფილხარ. - მართლა? და ვინ გითხრა? - მამაჩემმა. ცოლის მოყვანას არც მე ვგეგმავდი, მაგრამ შენ... დაგინახე თუ არა მივხვდი, ღირს საკუთარი პრინციპების წინააღდეგ წასვლა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მამაჩემის სურვილიცაა. მე კი მისი სურვილების გათვალისწინება არ მჩვევია. - შენ მე საერთოდ არ მიცნობ. - ცოლქმრობაში შეგვეძლება ერთმანეთის გაცნობა. შენ რა გგონია, ადამიანები ერთმანეთს დაქორწინებამდე კარგად იცნობენ? რამდენხნიანი ურთიერთობაც არ უნდა გქონდეს, ადამიანს ვერ ამოწურავ. სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ წლობით ერთად ყოფნა ვინმეს თავს შეგასწავლის. ერთად ცხოვრება სხვა რამაა. აი, სწორედ ამიტომაცაა წყვილთა უმეტესობა განქორწინებით რომ ამთავრებს. სანამ მეორე ნახევართან ერთად ღამე არ დაიძინებ და დილით არ გაიღვიძებ, ვერ მიხვდები, სინამდვილეში როგორია. პრობლემას ვერ ვხედავ. - შენ თუ ვერ ხედავ, მე ვხედავ, - ცოფიანი ძაღლივით შეუღრინა. სახეს კარგავდა უაზრო დიალოგის გამო. - რომელი ქვეყნიდან ხარ? საიდან მოხვედი? - რამე მნიშვნელობა აქვს მაგას? თქვენი ქვეყნის, თქვენი ტრადიციების შვილი არ ვარ, მნიშვნელობა მაგას აქვს მარტო. - რადგან გეკითხები, აქვს ესე იგი. შენი რელიგია რომელია? რომელი ღმერთის გეშინია? - ჩემთვის ერთი არსებობს მხოლოდ, რელიგიურ ჭრილში ნუ გადავიჭრებით. ვერ ვიქორწინებთ მე და შენ, ხელს შეგვიშლის სხვადასხვა რწმენა. - არც შენ მიცნობ, უცხოელო. ჩემთვის მაგას მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს. არც იმ ტრადიციებს, ასე ზიზღით რომ ახსენებ. მე არ მაინტერესებს ბედუინთა ცხოვრების წესი, დიდი ხანია, აქაურებში აღარ ვითვლები. მამაჩემი რომ შეიხია, იმას არ ნიშნავს, ჩემი მომავალიც აქაა. მაგრამ ილიასი, - წამით ჩაფიქრდა კაცი, - შემაკვდება და უფლებას არ მომცემს, მამის დანატოვარს ზურგი ვაქციო. ის უნდა იყოს მამაჩემის შვილი, მე კი არა. - მე არ მინდა სხვა რელიგიის ადამიანთან ცხოვრება. შენ თუ ფეხებზე გკიდია, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას. ვერ შევთანხმდებით მე და შენ ვერაფერზე. ხარ თუ არა ბედუინი, ეგ შენზე არაა დამოკიდებული. აქ დაბადებული და გაზრდილი ადამიანი სადღაც მაინც გამოაჩენს უდაბნოს შვილობას. შენ შენი ქვეყნის ადამიანი გჭირდება. ვერ გაიხარებს უდაბნოში სხვა კლიმატის მოყვარული ყვავილი. როგორ ვერ ხვდები მაგას? - სამაგიეროდ, კაქტუსი ხარობს მკვდარ მიწაზე. იმას თუ შეუძლია, შენც შეძლებ. მცენარეზე ძლიერი აღარ ხარ? - ტყუილად ვლაპარაკობთ. - ჰოდა, ტყუილად არ ვილაპარაკოთ და მიპასუხე, რომელი ქვეყნის შვილი ხარ-მეთქი, - ტონის ცვლილებამ წამით შიში გააღვიძა ელენეში. უკან გადადგმული ნაბიჯით უპასუხა ომარის ბრაზისგან აწითლებულ თვალებს. - საქართველოდან ვარ. ჰოდა, მისმინე და შეუშვი მაგ შენ თავში, რომ მე ჩემი რწმენის საწინააღმდეგოდ არ წავალ. მე არ ვიქნები მუსლიმი კაცის ცოლი. სხვა შემთხვევაში, სხვა სიტუაციაში, თუ სიყვარული იქნებოდა, დაფიქრდებოდა ადამიანი. გადავლახავდი როგორმე სხვადასხვა ღმერთის სიყვარულს. გაიგე, თქვენი და თქვენი რწმენის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მე, მაგრამ მიტაცებთ და ძალით მაკავებთ არასასურველ ადგილზე. რა ბედნიერ ცხოვრებასა და ცოლქმრობაზეა საუბარი? - ქართველი ხარ? - ხმა შეეცვალა ომარს. რისხვა გაუკრთა თვალებში, მხრებში გასწორდა, უკან წაღებული ხელები მუშტად შეკრული ჩამოყარა წინ. ჩაფიქრდა ცოტა ხანს, - მამაჩემს ამაზე არაფერი უთქვამს. გამორჩა თუ ძალით გამოტოვა? - უფრო საკუთარ თავს ჩაეკითხა. - რამე პრობლემა გაქვთ ჩემ ქართველობაზე? - ტაირას რეაქცია მოაგონდა მაშინვე. - საინტერესოა, ქართველო, თითქოს რა დიდია ეს სამყარო და ამავდროულად, თურმე რა პატარა, არა? - რას ნიშნავს ეგ? - ეგ იმას ნიშნავს, რომ ქორწილი კვირაზე ნაკლებ დროში ჩატარდება. გირჩევ, მოემზადო. - მაგრამ, მე არ მინდა. ჩემ აზრს რატომ არ ითვალისწინებთ? - თუ არ გამოცდი, როგორ გაიგებ, რა გინდა და რა — არა? - რათ გინდა ასე შექმნილი ოჯახი? შეგიყვარდება ვინმე. ან შენ თავს რატომ ინადგურებ, ან მე რატომ მანადგურებ? - რომელ განადგურებაზე მელაპარაკები? მე კიდევ მგონია, ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო იქნები. არ ჰქონდა ლაპარაკს აზრი, მიხვდა ელენე. სხვანაირად უელავდა კაცს სურვილით აკიაფებული თვალები. არ დაანებებდა უცხოელის თავს ვინმეს, ბოლომდე მიიყვანდა მათი ქორწილის ამბავს და მერე სამუდამოდ შემორჩებოდა სიცხეში ჩარჩენილ ადგილს. უდაბნოდან უდაბნოში ოაზისების ძიებაში გალევდა სულს. მოკვდებოდა უცხო მხარეში, იმ ადამიანების გარემოცვაში, მისი ოჯახი რომ ვერასდროს გახდებოდა. როგორ წაიყვანდნენ მშობლები აქედან გათხოვილ ქალს? თავს შეაკლავდა მამამისი, მაგრამ ვინ გაატანდა ბედუინად ქცეულ შვილს? არ დათმობდა შეიხი მომავალ სარძლოს, თავზე ლაფს არ დაასხმევინებდა არავის. მოკლავდა გოგონას და ასე ნაწილ-ნაწილ გადაულოცავდა თავის მშობლებს. უმაღლეს მწვერვალს მიაღწია მთვარემ, განსაკუთრებით მოჭედილი იყო იმ ღამით ცა. მზერით გააცილა ღიღინით მიმავალი ომარი, ცხოვრება შეჰყვარებოდა თავიდან ქორწილის მოლოდინში მყოფს. ვარსკვლავები უბედურ მომავალზე ესაუბრებოდნენ ქვიშაზე გადაწოლილს. თვალები დაეხუჭა, ხელებით უდაბნოს ეფერებოდა და წარმოიდგენდა, როგორ იწვა ხოლმე ილიასი იქ. როგორ უყვარდა კაცს ბუნებასთან პირდაპირი კავშირი. როგორ განცხრომით ნაბავდა თვალებს, სულს იმშვიდებდა და გონებას ანიავებდა. შემაწუხებელი ჭიასავით შემძვრალიყო ელენეს გონებაში უდაბნოს შვილი. თავს ვერ ერეოდა, მასზე ფიქრობდა გამუდმებით. ვერ იაზრებდა, როდის იქცა თავისი გამტაცებელი იმ ერთადერთ ადამიანად, რომლის გარშემოც ტრიალებდა მთელი სამყარო. თვალებს ხუჭავდა და კაცის ხატება არ ამოსდიოდა გონებიდან. იბრძოდა გამწარებით, რადგან არასწორად მიაჩნდა მისი არსებობით დამძიმებული გული. საღად მოაზროვნე ადამიანიდან ვერ იქცეოდა უგონოდ შეყვარებულ, უჭკუო გოგოდ. თუმცა თავს არ უტყდებოდა, გულის სიღრმეში იცოდა, ჩუმ ნაბიჯს ელოდა ქვიშაზე ამღერებულს. ხმა, რომელიც არაბი კაცის მოსვლას მოასწავებდა. - ძილი გაგირბის? - გვერდით მიუჯდა ილიასი. - სიმშვიდის მცველმა მიმატოვა. მის გარეშე ვერ ვიძინებ, - უთხრა გულწრფელად. მთელი ძალებით შეეცადა, ხმაზე არ დასტყობოდა კაცის გამოჩენით მოგვრილი ბედნიერება. - იმას არ უნდა შეეჩვიო, რაც დროებითია. - შენი ბრალია. შენ შემაჩვიე, - ცალი თვალი გააპარა კაცისკენ. მანამ დაუბრუნდა საწყის მდგომარეობას, სანამ ჩუმად მოთვალთვალეს ფაქტზე წაიჭერდნენ. ილიასს გაეღიმა. - სად იყავი? - შემომხედავ? - არა, - თავი გააქნია. შეხება იგრძნო ხელზე, თითი დაუსვა ბედუინმა ნაზად. თვალები დააჭყიტა მაშინვე. სხვანაირად არ გაიგოს ჩემი სიჩუმეო, ფეხზე წამოხტა. - ასე უკეთესია, - ჩაიხითხითა. პირველად გაიგო მისი სიცილი ელენემ. თავადაც პირი გაეხა ბედნიერებისგან. მოეწონა სულ სხვანაირი ილიასი, ასეთი ლაღი და მშვენიერი. - ყოველთვის მაშინ რატომ მიდიხარ, როცა მჭირდები? სახე მოექუფრა კაცს. ნანატრი ღიმილი გაუქრა მაშინვე. ინანა ნათქვამი სიტყვები ელენემ. თავშეკავება მმართებსო, შეუცაცხანა საკუთარ თავს. - ამის თქმა არ მინდოდა. - პეტრაში ვიყავი, - თავის მართლების საშუალება არ მისცა, - რაღაც წამოგიღე. თეთრი ნაჭერი გამოაძვრინა ილიასმა, ხელის გამოწევას დაელოდა. ხელისგულზე დაუდო მსუბუქი ნივთი. შემოაცალა ნაჭერი საჩუქარს, გაოცებული დააშტერდა თმის ულამაზეს სარჭს. - ეს იმისთვის, რომ აღარავის მისცე უფლება, შენი ნების საწინააღმდეგოდ, დაუკითხავად, მხრებზე დაფენილ შენს ლამაზ თმებს თვალი შეავლოს. მადლობის სათქმელად დაღებული პირი მომუწა ქალმა. არ უყვარდა საჩუქრები, მაგრამ დამოკიდებულება შესცვლოდა ყველაფერზე, გული აუჩუყა მის მიმართ გამოჩენილმა ყურადღებამ. ცრემლები გადმოუშვა ღაპაღუპით, პირი მოაღო, ბღავილი ამოუშვა გულიანი. შეცბა ბედუინი, არ ელოდა ასეთ რეაქციას. ვერ მიმხვდარიყო, რამ გამოიწვია ქალის განწყობის ცვლილება. თავი დაიდანაშაულა, იქნებ რაიმე ცუდი მოვაგონე ჩემი საჩუქრითო. სწორედ ამ დროს, ცა გაანათა მეტად უეცარმა და იშვიათმა მოვლენამ. ტირილი შეწყვიტა ელენემ. ორი წყვილი თვალი მიაშტერდა გალაქტიკაში გაჩაღებულ „ომს“. უდაბნოში მდგომი ორი ადამიანი პირადად შეესწრო იმ უიშვიათეს მოვლენას, როცა ადამიანთა თვალისთვის ხილულად იბადება ნოვა - ორი ვარსკვლავის შეჯახებისას წარმოქმნილი სინათლე. - ღმერთო ჩემო, - გაოცებულმა წამოიძახა. თვალი მოსწყვიტა სანახაობას ილიასმა, პირდაღებულ უცხოელს მიაშტერდა უსირცხვილოდ. - იცი რა არის? - ეს ნოვაა, - შეჰყვირა ქალმა. სამყარო დატრიალდა თითქოს ბედუინის თავში, თვალები დახუჭა შებარბაცებულმა. თავბრუდახვეული მძიმედ დაეშვა ქვიშაზე. - ნოვა? - განსაკუთრებული სითბოთი გაიმეორე კაცმა. არაფერი ეგრძნო აქამდე მსგავსი. მალამოდ მოედო ეს ერთი სიტყვა სულზე. ახსნა ვერ მოუძებნა იმ წამს განცდილს. - კარგად ხარ? - ახლოს ჩაიმუხლა ქალმა. ხელი მიადო შუბლზე, ტემპერატურა შეუმოწმა. - კარგად ვარ, კარგად. - რა დაგემართა? - გადავიღალე. - შენ? გადაიღალე? ისეთ რაღაცებს მეუბნები, ტაირას რომ მოვუყვე, ვერ დაიჯერებს. - არ მოუყვე ჰოდა, - ფრთხილად მიმართა ენად გაკრეფილს. ჯერ ისევ ვერ იყო კარგად, თავი დამძიმებოდა შემაწუხებლად. - არაა, ეგ არ შემიძლია. სხვა თუ არაფერი, ჭორაობაზე მეტად არაფერი გვიყვარს ქართველებს. მე თუ გული არ მოვიოხე საუბრით, ისე როგორ? თან, ჩვეულებრივი ბაბა იაგას სტატუსი გაქვს აქ, იქნებ წასვლამდე შენი თავი შევაყვარო კიდეც აქაურებს. ჰა, რას იტყვი? - ვის რა გიყვართ? - სიტყვა დაიჭირა გაოცებულმა. - ქართველებს, ჭორაობა-მეთქი. არ მისმენ შენ? - ქართველი ხარ? - ყვირილი აღმოხდა გაოცებულს. - დღეს უკვე მეორედ მეკითხებიან მაგას. ასე გაინტერესებთ ჩემი წარმომავლობა? - არ უნდა მაინტერესებდეს? - არ უნდა გაინტერესებდეს. რაც უფრო ნაკლები გვეცოდინება ერთმანეთზე, მით უფრო მარტივად დავშორდებით მაშინ, როცა ჩვენი გზები სამუდამოდ გაიყრება. - წასვლაზე ფიქრობ ისევ? - და სულ ვიფიქრებ, სანამ არ წავალ. - ანუ, ქართველი... - ქართველი ვარ, ქართველი. უძრავად მდგომი სამყარო ამოტრიალდა ილიასისთვის. სიცხისგან გათანგულ უდაბნოში ბურუსი ჩამოწვაო თითქოს. ძალიან შორიდან, ძლივს შესამჩნევად, ცხვირში შეუღიტინა უცნობმა სუნმა. არ იცოდა, საიდან მოვიდა ეს მშობლიური შეგრძნება, მოსვენება რომ დაუკარგა იმ წამიდან. არც ის იცოდა, რატომ ასოცირდებოდა შეგრძნება მშობლიურთან, სიტყვა მშობლიურის მნიშვნელობა ხომ ასე უცხო იყო მისთვის. თითქოს მნიშვნელოვანი გაახსენდა რაღაც. რაღაც ისეთი, არასდროს რომ არ უნდა დავიწყებოდა, რაღაც დავიწყებულ ბავშვობასთან დაკავშირებული. ღრმად შეისუნთქა სასიამოვნო სურნელი, ფილტვები ამოივსო ხელშეუხებელი სიწმინდით. თვალები დაეხუჭა. არ უნდოდა, გონება მოსწყვეტოდა ამ სიამოვნებას. პირი გააწკლაპუნა, ნერწყვი მოეძალა ჭარბად. აქამდე მსგავსი არ ეგრძნო არაფერი. გული გაუთბა, სხვანაირად მფეთქავ ორგანოზე იტაცა ხელი. გონება მოიკრიბა, იმ ახალ შეგრძნებაზე კონცენტრირდა მხოლოდ. წამით გააქრო ქართველი ქალის არსებობა, ყური დაუგდო სუნს მოყოლილ გაურკვეველ სიტყვას. იდგა შორს შავებში შემოსილი ქალი, დაბერებული ხელი გამოეწვდინა ბედუინისკენ. - ნოვა, - თაფლად გადმოიღვარა სიტყვა. გაუკვირდა კაცს, სიზმარში ვარ თუ ცხადშიო. თვალს ვერ აშორებდა ქალის ჭაღარა თმას. ხელი გაიწვდინა მისკენ უნებურად, თითებით უნდოდა შეეგრძნო მისგან წამოსული სითბო. - ნოვა, - გაიმეორა ისევ. რატომ მივდივარ მისკენო, შეჩერება სცადა გაკვირვებულმა. წამში იცვალა სურათმა სიუჟეტი, უცხო ენაზე ამღერდა შავოსანი. სიტყვების მნიშვნელობას ვერ არჩევდა გაშეშებული. გულამოსკვნილი აკვნესებდა შორს ვიღაც საკრავს, მოთქმად ექცია მოხუცს ძახილი. - ნოვა, დაბრუნდი, - მშობლიურ სუნს აფრქვევდა დანაოჭებული ქალი. აი, ისევ ეს სიტყვა, იფიქრა კაცმა. ჰაერში აწეული ხელი გაუშეშდა, გაქრა ზმანება, თან წაიყოლა სახლური სითბო. ნელ-ნელა გაშორდა, გაიცრიცა ქალის თაფლისფერი თვალებიც. იგრძნო შეხება, უდაბნოში დააბრუნა ელენეს ხმამ. - ნუ მაშინებ, გაახილე თვალები, - ხელი გაჰკრა. - გქონია ისეთი შეგრძნება, თითქოს გონება გეთამაშება? არც დავიწყების საშუალებას გაძლევს ბოლომდე, არც გახსენების. რაღაც პატარ-პატარა დეტალებით გიბრუნდება, მაგრამ არც იმდენს შვრება, ბოლომდე აღგადგენინოს დავიწყებული. მერე ეგ თითქოსდა უმნიშვნელო შეგრძნებები შენში რაღაც ადამიანურს აღვიძებს. რაღაცას, რაც უკეთესობისკენ გიბიძგებს, ბევრს გაფიქრებს... მანქურთი ვერ იქნები, თუ ეს შეგრძნება თავს არ განებებს. ხანდახან ვგრძნობ, სუნი მიბრუნდება ღრმა წარსულიდან. ვერ ვიხსენებ, ვერ წარმოვიდგენ, ვერ ვიბრუნებ დაკარგულ მომენტებს. არ ვიცი, როდის გადაწყვიტა ჩემმა თავმა ჩემგან დამოუკიდებლად იმ ყველაფრის დავიწყება, რასაც წარსული ცხოვრება ჰქვია, მაგრამ მე რომ გამომეღვიძა, აბაია მეცვა ტანზე, თავსაბურავი მქონდა შემოხვეული, აქლემზე ვიჯექი და თავმოჭრილი კაცის თავი მეჭირა ხელში. ერთი წამით არ მინანია, არ შემშინებია, გულის რევის შეგრძნება არ გამჩენია. თუ მოვლენებს საშუალებას არ მისცემ, შენ გონებაზე ითამაშოს, ბევრ რამეს შეძლებ მაშინ. თუნდაც ყელს გამოჭრი ცოცხალ ადამიანს და შენ გეგონება, ცხოველი დავკალი შესაჭმელადო. აქაურობა ჩემი სახლი იმიტომ არაა, რომ აქ დავიბადე. იმიტომაა, რომ აქ ისე მიმიღეს, როგორც სახლში მიიღებდნენ ადამიანს. სწორედ ამით განვსხვავდებით ჩვენ ერთმანეთისგან. შენ იქ გინდა, სადაც შენი სახლია, მაგრამ მე უკვე იქ ვარ, სადაც ჩემია. - შენი ნამდვილი ოჯახი? იცი მათზე რამე? იცი საიდან ხარ? - არ მისმენ? - ხმას აუმაღლა ბედუინმა. საბოლოოდ გამქრალიყო შორიდან მოსული სურნელი, - ჩემი ოჯახი აქაა-მეთქი. ნამდვილი, ტყუილი, რა მნიშვნელობა აქვს? - აქვს. შენ დაგავიწყდა, რას ნიშნავს გყავდეს ნამდვილი ოჯახი. მე ეს არ დამვიწყებია. როგორც არ უნდა შეგიყვაროს აქ ყველამ, ისე ვერავის ეყვარები, როგორც საკუთარ დედას და მამას, გასაგებია? გიფიქრია მაინც, რა მდგომარეობაში შეიძლება იყვნენ შენი მშობლები? - საკმარისია! - ხმა გაუცივდა კაცს. მიხვდა ელენე, საზღვარი გადაკვეთა. იმას შეეხო, რასაც არ უნდა შეხებოდა. იქ შეტოპა, საიდანაც ცოცხლები არ ბრუნდებიან, - ნუ მიბედავ, ელენე. საკმარისია-მეთქი! გამთენიისას ტაირამ ქვიშაზე მძინარე ქართველი იპოვა. სიცივისგან ცახცახებდა ელენე, ჯიუტად არ შებრუნდა კარავში წუხელ, სიბრაზისგან ცოფებს ყრიდა გათენებამდე. თავზე დაჰნათოდა ახალშობილი ნოვა, თითქოს სწორ გზას კარნახობდა ცაზე გამოკიდებული. სიცხე ვერ დაუგდეს მთელი დღე. კარვის წინ მძიმე ნაბიჯებით თელავდა ქვიშას ომარ ბადავი. წამდაუწუმ აგზავნიდა ბედუინ ქალს მომავალი ცოლის შესამოწმებლად. კარგი ამბები არ გამოდიოდა გარეთ, ბოდავდა სიცხისგან ღონემიხდილი. ახლოს მისვლას ვერ ბედავდა შორიდან მომზირალი ილიასი. ძილი ვერ მიეკარა მის გადაღლილ სხეულს, მთელი ღამე ბორგავდა კარავში განმარტოებული. გუნებას უწამლავდა მრავალი მიზეზი. ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ დაევიწყებინა ის სურნელი, მერე ელენესთან აწეული ტონიც ახსენდებოდა. გულის სიღრმეში იცოდა, მისი ბრალი იყო გაჯიუტებული გოგონას დარღვეული ღამეები, მისი ცუდად ყოფნა, მისი დარდი და მონატრება, რომელიც იორდანიის უდაბნოდან იწყებოდა და შორს, საქართველოში მთავრდებოდა. რომლის წარმომავლობაც პრობლემად ქცეულიყო უდაბნოს შვილისთვის, რადგან მოსვენება დაეკარგა იმ ღამის შემდეგ. თითქოს წარსულმა, ელენეს მოსვლასთან ერთად, ნელ-ნელა დაიწყო გამოღვიძება. - მალე გამოკეთდება, იმედია, - ომარი მიუახლოვდა მეგობარს, - ქორწილამდე არაფერი უნდა აირიოს. - მართლა საჭიროა ეგ? - ვეღარ მოითმინა ილიასმა. აწუხებდა ქორწილის იდეის არსებობაც კი. ვერ ეგუებოდა, ჭკუიდან გადაჰყავდა იმ ფაქტს, კვირაში ნაკლებ დროში ასრულება რომ ეწერა. - რას მეკითხები? ვერ ხედავ, რა ლამაზია? ხელიდან გავუშვა? მართლაც ლამაზი იყო ელენე. ოქროსფერი თმა ჰქონდა, ნამზეურით შეჰფერვოდა თხელი ტანი. კიდევ უფრო გაელამაზებინა უდაბნოში მზის ქვეშ ცხოვრებას. სიცხისგან აწითლებული ლოყები ამშვენებდა მუდამ, მაკიაჟით დამძიმებულ ნებისმიერ სახეს სჯობდა მისი ბუნებრივი სილამაზის ყურება. პირველივე დღეს შეამჩნია ეს ილიასმა. იმ მომენტშივე, რა წამსაც პეტრაში მეგობართან ერთად მოსიარულეს წააწყდა სრულიად შემთხვევით. დაამახსოვრდა სანთლის შუქზე აკიაფებული მისი პატარა სახე, მოცინარი, მხიარული, შუბლგახსნილი და ბედნიერი უცხოელი. სწორედ ამიტომ აეკიდა იმ ღამით ტურისტებს, სწორედ ამიტომ დაავლო ხელი, შესაფერისი სარძლოს საძებნელად წასულმა, შუაგულ უდაბნოში განმარტოებულ ქალს. თითქოს ღმერთმა გამოუგზავნა მისი თავი, თითქოს ასეც უნდა მომხდარიყო, რომ მერე ქვეცნობიერი ამუშავებულიყო ილიასის მიძინებულ გონებაში, ზედაპირზე ამოეტანა მივიწყებული სახეები, სურნელი, რომელიც, რაღაც ძალით, დაწყობილ აზრებს ურევდა. ახლა ის ქალი, ასე რომ უფრთხილდებოდა მოყვანის დღიდან, სხვისი უნდა გამხდარიყო და ბრალი ილიასის გარდა არც არავის მიუძღვოდა. - უკან დაბრუნებას არ აპირებ? - მგონი, ცოტა ხნით დავრჩები. ახლა დარჩენის დიდი მიზეზი მაქვს. ელენეს ფეხზე დადგომის პარალელურად, ქორწილისთვის მზადება დაიწყო ტომში. ომარის დახვედრის წინა დღეები მოგონება იყო, ისე ფორიაქობდნენ ბედუინები. გული ერეოდა უცხოელს სხვების ბედნიერ სახეებზე, იშვიათად გადიოდა კარვიდან და კიდევ უფრო იშვიათად უშვებდა ვინმეს მასთან. დღეები ახლოვდებოდა მომავალი შეიხის ცოლად გახდომის. მოსვენება დაკარგული დააბიჯებდა პატარა სივრცეში, აღარც ღამით უთვალთვალებდა ქვიშაზე ცის ყურებაში, ელენეს ნაბიჯების მოლოდინში გაწოლილ ილიასს. თავს აუკრძალა სიახლოვე უცხო მიწის შვილთან. იჯდა და ელოდა, როდის შეაბიჯებდნენ ერთ დღესაც თეთრი საქორწილო კაბით ხელში, სასაკლაოსკენ წაიყვანდნენ თავისი ფეხით. პლედი ჩაებღუჯა ქვეშაგებზე გაწოლილს. თვალები ეხუჭებოდა, ძილი გაურბოდა შიშისგან დაზაფრულს. დღეები იყო, არ უძინია. აღარ სდარაჯობდნენ მის ძილს, ვეღარ სარგებლობდა ბედუინის კეთილი ნებით. კიდევ უფრო გაერთულებინა სიტუაცია ომარის გამოჩენას, საერთოდ გადაეფიქრებინა თვალის მოხუჭვა. რამე არ დამმართოს იმ შეურაცხადმაო, ფიქრობდა. ზაფხულის მიწურულს კიდევ უფრო აციებულიყო ტრიალ უდაბნოში. ძველი სუნი შერჩენოდა სახლიდან წამოღებულ პლედს, ცრემლი არ შრებოდა მარტოსულობით შეპყრობილს. გულს უკლავდა უცხო გარემო, ვერაფრით რომ ვერ შეიყვარა, ვერ შეიგუა, ვერ დაიახლოვა. ენატრებოდა სახლი, სამზარეულოში მოფუსფუსე დედა, გაზეთით ხელში დივანზე მისვენებული მამა. ის შეგრძნება, რომელიც სახლში დაბრუნებისას შეასკდებოდა ხოლმე. კარში შემოგებებული მშობლები, ანერვიულებული დედის განუწყვეტელი ზარები მუდამ დამჯდარ ტელეფონზე. გრძნობა, რომ სადღაც ელიან, სადღაც უპირობოდ, უანგაროდ უყვართ. რაც უფრო ახლოვდებოდა ქორწილის დღე, მით უფრო უმძაფრდებოდა შიშის გულისამრევი გრძნობა. შიში, რომ დაივიწყებდნენ, მიატოვებდნენ, აღარ მოძებნიდნენ. შიში, რომ იქ მოუწევდა სამუდამოდ ცხოვრება, სადაც არც სიყვარულია, არც სიახლოვე, არც ადამიანური ურთიერთობები. იქ, სადაც ტრადიცია ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა დგას. და შენზე მაღლა დგას ყველა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქალი ხარ. ფეხის ხმა მოესმა. შეეკრა სუნთქვა, თავი წამოსწია უჩუმრად. არავის გაუბედავს კარავში შესვლა, მოსასვენებლად წამოწოლილი ქალის შეწუხება. იქნებ, ომარიაო, შიშმა წაუჭირა მარწუხები. ვიღაც ჩამოჯდა შესასვლელთან. მთვარით განათებულ კარვის კალთებზე ადამიანის ზურგს ნათლად ხედავდა სიბნელეში მობუზული. - არ გძინავს, არა? - მოესმა ხმა. თითქმის კვირა იყო გასული, ყველანაირი კონტაქტი შეეწყვიტა უდაბნოს შვილთან. მაგრამ ახლა მთვარის შუქზე ირეკლებოდა ბედუინის შავი სამოსი, გარედან მისჯდომოდა ელენეს საცხოვრებელს, თავი გადაეგდო უკან ჩვეულებისამებრ. ჯერ კიდევ მანათობელ ნოვას უყურებდა ჩაფიქრებული, - სხვანაირად სუნთქავს უდაბნო შენი ჩამოსვლის შემდეგ. ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდე დაანგრიე, შიში ჩანერგე ადამიანებში. ხვდები მაინც, როგორ მოქმედებ სხვებზე? თითქოს განსაკუთრებული არაფერი და ამ დროს ყველაფერი ქაოტური შენშია თავმოყრილი. მე არასდროს მქონია ძილთან პრობლემა, არასდროს გამითევია ღამე სხვისი კარვის წინ. სხვაზე არ მიზრუნია, საჩუქარი არ გამიმეტებია. მე უფერო, უემოციო, უადამიანო ცხოვრებით ვცხოვრობდი და ეს სრულიად საკმარისი იყო ჩემთვის. უდაბნოს არ უყვარს სუსტი ადამიანები, მე კი სისუსტეს ვერ მივცემ უფლებას, სისხლში გამჯდარი ხასიათი წამართვას. შენ ნელ-ნელა, როგორღაც, ჩემი სისუსტე ხდები. არ მინდა. არ მომწონს. მე არ მახსოვს როგორია, ვიღაც შენთვის მნიშვნელობას იძენდეს. მე არ მახსოვს, როგორ უნდა იზრუნო ადამიანზე, როგორ უნდა გიყვარდეს და უფრთხილდებოდე ვინმეს. მე ის დროც კი არ მახსოვს, აქ რომ მომიყვანეს. გონზე კვირაში ერთხელ მოვდიოდი. ტაირა მივლიდა. სხეულზე იარების მოშუშებას ვერ ვასწრებდი, ახლები მიჩნდებოდა. ფიზიკური ტკივილი ჩემთვის იმდენად ბუნებრივია, რამდენადაც შენთვის დილით გაღვიძება. სახელი არანმა დამარქვა, შენთვის შეიხად წოდებულმა მოძალადემ. ჩვენში სახელებს მნიშვნელობის მიხედვით ანაწილებენ. ილიასი ღვთაებრივ ძალას ნიშნავს, არანი - ცივსისხლიანს. ირონიულია, არა? ტაირა ხშირად მეუბნებოდა, ადამიანი ვერ იქნები, ადამიანები ასეთ ყოფას ვერ უძლებენო. მომწონდა ჩემი გამძლეობით აღფრთოვანებული ადამიანების სახეები, ამიტომ უფრო მეტი დავაკისრე საკუთარ თავს. ვერ გავაანალიზე, როგორ ჩაკვდა ყველაფერი ადამიანური ჩემ შიგნით. მაღიზიანებდა ჩემკენ მომართული კითხვის ნიშნებით სავსე მზერა. ზურგს უკან ჩურჩული, მუდამ იმის ძიებაში მყოფი თანატომელები, ვინ ვარ სინამდვილეში, საიდან მოვედი. არ მქონდა ამ კითხვებზე პასუხი, არც ახლა მაქვს. თავს ვარიდებდი ყველას. წასვლა არ შემეძლო, ჰოდა აქაურობას შევეგუე. მომბეზრდა გამუდმებით ბრძოლა საკუთარ თავთან, სხვებთან. წლები დამჭირდა იმის შესაგუებლად, რომ აქედან ცოცხალს არავინ გამიშვებდა. მერე, დრო რომ გავიდა, როცა ბრაზი ნელ-ნელა გაქრა, ის რაღაცები შევამჩნიე, რამაც უდაბნო სახლად მიქცია. ომარი ჩემი ერთადერთი მეგობარია. აქ არავინ უახლოვდება იმას, ვისიც ეშინიათ. ჩემი უნდა ეშინოდეთ კიდეც, აქვთ ამის მიზეზი. შენი აურა უფლებას არ მაძლევს, ჩვეულებრივად მოგექცე. გაქვს რაღაც, რამაც პირველივე წამიდან ინტერესი გააღვიძა ჩემში. როდის იქეცი ინტერესის ობიექტი იმ ადამიანად, ვისზე ზრუნვაც გადავწყვიტე, ვერ გეტყვი, ელენე. ბოდიშს მოგიხდიდი, რომ ვიცოდე, რამეს შეცვლიდა ჩემი წუხილი. მაგრამ იმ ღამეს, როცა უდაბნოში გამიზნულად „გადაგაწყდი“, ვერ ვიფიქრებდი, აქამდე თუ მოვიდოდით. არ იყო ჩემი განზრახვა შენი იმ დღეში ჩაგდება, მეც რომ ვყოფილვარ. მესმის, რასაც გრძნობ, მეც გამომივლია ეგ. დაკარგულად ბევრჯერ მიგრძვნია თავი. ხომ არის მომენტი, რამდენიც არ უნდა მოგცეს ხალხმა, რამდენი სიყვარული, სითბო და პატივისცემაც არ უნდა გაჩუქონ, მაინც ვერ ხარ ისე, როგორც უნდა იყო. არ მახსოვს, რამდენი წელი გავიდა, ეგ გრძნობა ვერ მოვიშორე. ხანდახან, შორეული შეგრძნებები მიბრუნდება. ვიღაცის ხმა, ვიღაცის სურნელი. სიტყვას ვერ ვარქმევ, რომ აღვწერო. მაშინ ვსუსტდები ყველაზე მეტად. ვგრძნობ, როგორ კვდება ჩემში ბედუინი და მაწუხებს ეგ ფაქტი. ამიტომაც გავურბივარ ყველაფერ ადამიანურს, ამიტომაც ვერ შევძლებ, ავდგე და გაგიშვა. არ შემიძლია, რადგან ეგ იქნება ყველაფრის დასასრული. ყველაფერი კი ასე უბრალოდ ვერ დასრულდება. - თუ გავიქცევი, თუ დახმარებას ვითხოვ, შემაჩერებ? - ხმის ამოღება გადაწყვიტა სიჩუმეში მჯდომმა. პასუხი არ დაუბრუნა ბედუინმა. მოუთმენლად დაავლო ხელი ნაჭერს, გადასწია და სუნთქვა შეეკრა. ღრმად შეისუნთქა ღამის ნიავს გამოყოლილი კაცის ტკბილი სუნი. თვალები ააწაპწაპა გაბრუებულმა, საკმაოდ ახლოს იდგა ბედუინი. სახეზე ეცემოდა კაცის სუნთქვა. თავსაბურავი მოეხსნა ილიასს, მთვარის შუქზე ნათლად ირჩეოდა მისი საუცხოო სახე. მეტად დააკვირდა ელენე, იქნებ ასე მაინც გავიგო, რომელი კუთხის გარეგნობა აქვს უდაბნოს შვილსო. მკაცრ პირობებში ცხოვრებას სრულიად შეეცვალა ილიასის ბავშვური სახე. სუფთა ლოყები უხეშმა წვერმა ჩაანაცვლა, ნათელი თვალები - მკაცრმა გამოხედვამ. ნეტავ, უდაბნომდე როგორი იყოო, იფიქრა ქალმა. ერიდებოდა მასთან წარსულზე საუბარს. გონებიდან არ ამოსდიოდა უდაბნოელთან გამართული ბოლო დიალოგი. - თუ გაიქცევი, მოკვდები. მე კიდევ ამ ლამაზი სახის უდაბნოში დამარხვა მენანება. - შენ ჩემზე საერთოდ არ უნდა დარდობდე. - მაგრამ მე შენზე ძალიან ბევრს ვდარდობ. - მაშინ, წამომყევი, - გაანალიზებამდე წარმოსთქვა აქამდე მრავალჯერ ნაფიქრი. იქნებ, ილიასიც თუ მოინდომებდა აქედან წასვლას, მისთვისაც ყველაფერი გამარტივებულიყო, გაქცევის ილუზია რეალობად ქცეულიყო. - ნუ შეტოპავ. იმას ნუ გააკეთებ, რაც დაგაზარალებს. შენთვის ტკივილის მოყენება არ მინდა. არ მაიძულო! - რა გინდა, რომ გავაკეთო? - გაბრაზდა ქალი. ვერ გაეგო, რას სთხოვდნენ. იქ დარჩენას? იქ ცხოვრებას? სამუდამოდ ბედნიერი ქალის როლის თამაშს? ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების დავიწყებას? იმ ცხოვრების დავიწყებას, რომელიც აქამდე ჰქონდა და რომელსაც აქ ყოფნის შემდეგ, ასჯერ მეტად აფასებდა? - მინდა, რომ იცოცხლო, - ხმა დაუმშვიდდა კაცს, ჩურჩულში გადაუვიდა მუდამ მაღალი ტონი. კიდევ უფრო მიუახლოვა სახე სიბრაზისგან აწითლებულ ქალს. მზერა არ ულბებოდა ელენეს, არ უნდოდა შეემჩნია, როგორ ანერვიულებდა მისი სიახლოვე. - ბევრს ვითხოვ? - წარმოუდგენელს ითხოვ, თუკი იაზრებ, რა სიტუაციაში და სად მთხოვ სიცოცხლეს, - ხმა გაუტყდა, ტუჩები აუცახცახდა. იგრძნო, თვალები აევსო ცრემლით. რატომ იყო ემოციურად ყოველთვის არასტაბილური მის გვერდით? რატომ გრძნობდა სისუსტეს და ყველაზე მთავარი, რატომ არასდროს უნდოდა, რომ მასთან ყოფნისას ძლიერი ყოფილიყო? მოსწონდა, როგორ იცავდა, როგორ ზრუნავდა, როგორ დარდობდა მასზე. მოსწონდა, როგორ დაჰყვებოდა მისი თვალები ტომში ხეტიალისას. როგორ არასდროს იმჩნევდა, რომ ღელავდა და მაინც როგორ ეტყობოდა ყოველთვის, როცა ელენე მის მზერას დაიჭერდა და აფორიაქებული კაცი, მაშინვე სხვა მხარეს გაიხედავდა. - უნდა დავბრუნდე, - თავი გასწია. წამოსადგომად მოემზადა. ხელზე დაჰქაჩა ელენემ, უკან დააბრუნა ისევ. შეტორტმანდა კაცი, თავი ძლივს შეიმაგრა, რომ არ გადაყირავებულიყო. - თუ გთხოვ, ჩემთან დარჩები? - დაუფიქრებლად გაანდო სურვილი. იცოდა, არ დარჩებოდა. არ მისცემდა თავს უფლებას, ასე შეეტოპა. - იმას ნუ მთხოვ, რასაც ვერ შეგისრულებ. - შენც იმას მთხოვ, რასაც ვერ შეგისრულებ. - ხომ იცი, რომ არ შემიძლია? - შენც ხომ იცი, რომ არც მე შემიძლია? - მეთამაშები? - ღიმილმა გაუპო სახე, - შენ მე არ მეკუთვნი, ელენე, - თვალი შეავლო. ხელი წაიღო შუბლზე ჩამოშლილი თმისკენ, ნაზად გადაუწია რამდენიმე ღერი. თვალები დახუჭა ქალმა, მთელი სხეულით შეიგრძნო სუსტი შეხება. გული აუფრიალდა უცნაურად, კიდევ უფრო მეტად მოუნდა ტირილი. - მე არავის ვეკუთვნი. - ვიცი, - ხელი დაუშვა, - სწორედ ამიტომაც ხარ ის, ვისაც ვერ შევეხები. - არ წახვიდე, გთხოვ, - სევდა შეეპარა ქალის სიტყვებს. სასოწარკვეთილება ჭამდა. არ უნდოდა, მარტო ყოფილიყო. არ უნდოდა, ილიასის გარეშე ყოფილიყო. - რატომ არ უნდა წავიდე? - იმიტომ, რომ როცა ახლოს არ ხარ, ვერ ვიძინებ. იმ ღამით, კარვის სხვადასხვა მხარეს გაათენეს. გათენებამდე დარჩენილი რამდენიმე საათი ხელი არ შეუშვიათ ერთმანეთისთვის. მერე, სანამ ხალხით ახმაურდებოდა არე-მარე, სუსტი კოცნა დაუტოვა ძლიერად ჩაჭიდებულ ხელზე. უჩუმრად გაშორდა იქაურობას, ისე თითქოს იქ არც არასდროს ყოფილიყო. მხოლოდ კარავში განმარტოებულმა, მომღიმარმა და გაბედნიერებულმა ქალმა იცოდა, რომ იმ ღამის მერე, მოკვდებოდა და ომარის ცოლი არ გახდებოდა. ორი დღის შემდეგ, გამთენიისას, მოხდა ის, რამაც თავდაყირა დააყენა ელენეს რეალობა: ტომის წევრები შეკრიბა შეიხმა, ხმამაღლა, ყველას გასაგონად გამოაცხადა, საქორწილო რიტუალი ხვალ, გამთენიიდან დაიწყებაო. ტაში შემოჰკრეს ომარის ბედნიერებით გახარებულმა ბედუინებმა. ერთმანეთს მიასკდნენ ახალი დავალების შესასრულებლად დარაზმული ქალები. ამაყად იდგა მოძულებული მამის გვერდით ომარ ბადავი. ღიმილი არ ტოვებდა მის სახეს, ტუჩებს ვერ უყრიდა თავს. მხარზე ეფერებოდა გაჯგიმულ მამას, მადლობას უხდიდა ელენესთვის. ორი ადამიანი ვერ იზიარებდა ხალხის სიხარულს. სახეზე შეჰყინვოდათ იმედგაცრუება, შიში და სასოწარკვეთა. ერთი უჩუმრად უჭერდა ხელს ტანზე ჩამოცმულ თეთრ აბაიას, ყვირილი უნდოდა, პირს ვერ აღებდა გასაპროტესტებლად. დაჭრილი მხეცივით უღმუოდა შიგნეულობა. თვალს ვერ აშორებდა მოპირდაპირე კარვის წინ მდგომ ახალგაზრდა კაცს. სინათლეს, ძალასა და ერთადერთ სწორ რეალობას, ვისი იმედიც ნელ-ნელა შეჰპარვოდა მთელ სხეულში, გონება მოეცვა, გული მოეწამლა, გაუაზრებლად გამხდარიყო მასზე დამოკიდებული. შუბლი შეეკრა მეორესაც, დანა ვერ უხსნიდა პირს. იდგა ხელმომუშტული, მხრებჩამოყრილი, უყველაფრო. იდგა და იცოდა, ვერაფერს იზამდა. იცოდა, უძლური იყო მამა-შვილის წინაშე. ერთმანეთის მიყოლებით ეწვოდა სხეულზე შერჩენილი ნაიარევები. თავს ახსენებდა ყველაფერს, აქამდე გადატანილს. ნაბიჯს ვერ დგამდა წინ, რადგან იცოდა, სამყაროს გადაწვავდა იმ ერთი უცხოელი ქალისთვის. არავის ყელს, არავის თავს, არავის გაითვალისწინებდა ან დაინდობდა. ახლა თუ ნაბიჯს გადადგამდა, ახლა თუ ხმას ამოიღებდა, სისხლს მოიტანდა ყველა მისი შემდეგი ქმედება. მეგობარს გადაუვლიდა, მაგრამ არ აპატიებდა ყავისფერი თვალების ასეთ სევდას, ასეთ შიშსა და ამდენ ცრემლს. მაგრამ ვერ პატიობდა ჯერ საკუთარ თავს, საწყისს ახალგაზრდა ქალის უბედურებისა. თვალს ვერ უსწორებდა მასზე მიკედლებულ უცხოელს, რადგან იცოდა, ვერ შეჰპირდებოდა იმას, რაც ასე ძლიერ უნდოდა. ვერ უშველიდა, ვერ გადაარჩენდა, ვერ გაუშვებდა აქედან ცოცხალს. იდგა ცოცხალი მკვდარი და უხმოდ დაჰყურებდა მომუშტულ ხელებს, ყოვლისშემძლეს და მაინც დამარცხებულს. - შეგიძლია, დამეხმარო? - გიჟივით შევარდა ტაირას კარავში თმაგაწეწილი ელენე. ხელიდან გაუვარდა საქსოვი ძაფი ქალს, გულზე მიიდო აკანკალებული ხელი. - შენი შეშინება არ მინდოდა. - რით შემიძლია დაგეხმარო? - სული მოითქვა ძლივს. - ტაირა, - თვალი გაუშტერა, მუხლებზე დაემხო მის წინ. გაკვირვებისგან წარბი შეკრა ქალმა, არ ელოდა მავედრებელი უცხოელის ნახვას, - უნდა დამეხმარო. უნდა გადამარჩინო. აქედან უნდა წავიდე. ძალიან გთხოვ. ვერ ვიქნები თქვენი ადამიანი, ვერც თქვენი რძალი და თქვენი მომავალი შეიხის ცოლი. დედაჩემს გული გაუსკდება, მამაჩემს ინფარქტი დაარტყამს. შენ ხომ იცი, რას ნიშნავს უმშობლოდ ცხოვრება? არ მაიძულო, მეც განვიცადო. გთხოვ, როგორც ქალი, როგორც სასოწარკვეთილი და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ქალი. ვერ მივიღებ ამ ყველაფერს, ვერ შევურიგდები. რათ უნდა ომარს ისეთი ადამიანი გვერდით, ცოლობასაც რომ ვერ გაუწევს? თავს მოვიკლავ იცოდე. ეგ გინდა? - განა შენი რელიგია თვითმკვლელ ადამიანებს სწყალობს? - როდის მერე გაინტერესებს, რას სწყალობს და რას არა ჩემი რელიგია? რაც ახლა ხდება, არც ეგაა ჩემი კულტურის, ჩემი რწმენის ნაწილი. თუ ეგ შენთვის რამეს ნიშნავს, დამეხმარე მაშინ. - რა გინდა, რომ გავაკეთო? ჩემგან რას ითხოვ? - ტელეფონი გაქვს? თუ გაქვს, მომეცი და ისე მოიქეცი, ვითომ ახლა, აქ და ამ წამს არაფერი მომხდარა. - შენ სულ გაგიჟდი? - წყალი გადაასხესო თითქოს ელენეს, მაშინვე გამოაფხიზლა ტაირას შეშფოთებამ. - და რომელი დალაგებული გაუძლებს ამ ყველაფერს, აბა? - შენ მე ახლა შეუძლებელს მთხოვ. შენ ახლა მეუბნები, რომ უცხოელის გამო საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავიდე. - რომელ ტომზე მელაპარაკები? ვერ ხედავ, რა დღეში ვარ? შენთვის რომ გაეკეთებინათ იგივე, რას იზამდი? დაჯდებოდი და დაელოდებოდი, როდის შეგწირავდნენ იმ ადამიანს, ვისაც იმის შნოც არ აქვს, წავიდეს და საცოლე თავად მოძებნოს? ვისთვისაც არც სიყვარული, არც აზრთა პატივისცემა და არც ადამიანური გრძნობებია ნაცნობი? შენ შეურიგდებოდი ასეთ ყოფას? რა აზრი აქვს სიცოცხლეს, თუ მონობაში უნდა გაატარო? პირველ დღეს თავისუფლებაზე რომ მელაპარაკებოდი, დაგავიწყდა? სადაა თქვენი თავისუფლება? ჩემთან იციან ასე, „ჩემი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც იწყება შენი“. აი, ნამდვილი გაგება მაგ თქვენი შენიღბული არსის. თქვენ ჩემ უფლებებს ზღუდავთ, და მე, ცოცხალი თუ მკვდარი, მაინც გავაღწევ აქედან. აღარ დაუცდია ტაირას პასუხისთვის, გაავებულმა გაგლიჯა კარვის გასასვლელი. უკვე დაეწყოთ მზადება შემდეგი დღისთვის. ომარის დახვედრის წინა დღეები მოაგონდა ელენეს. ახლაც სხვადასხვა სანელებლის სუნი იფრქვეოდა ჰაერში, ახლაც მღეროდნენ, ცეკვავდნენ, მხიარულობდნენ ტომის ქალები. ისევ გაუჩინარებულიყვნენ კაცები სადღაც, ისევ კოცონი დაენთოთ რამდენიმე ადგილზე. აქლემს ატყავებდნენ ბედუინები, სუფრის მთავარ კერძს ამზადებდნენ. თვალი მოარიდა სადისტურ რიტუალს ელენემ. არსად ჩანდა ილიასი, თვალები დაღლოდა მის მოლოდინში. იმასაც მუხლებში ჩავუვარდები, იმასაც დავემუქრები, სახეს დავიხოკავ, შევევედრებიო, ფიქრობდა სასოწარკვეთილი. მერე ომარი შენიშნა კარვის წინ, უკან გადაჯვარედინებული ხელებით აკვირდებოდა სამზადისს. შენიშნა „საცოლე“, ხელი აუწია მისალმების ნიშნად. ზიზღით დაებრიცა ტუჩები ქალს, თვალი აარიდა მისკენ დაძრულ მომავალ „ქმარს“. - საინტერესოა სხვადასხვა ქვეყნის ტრადიცია, არა? ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და მაინც ყველაფერი მაკვირვებს. არ გეგონოს, რომ ამ აქლემს უბრალოდ შეწვავენ, - თავით ანიშნა აგიზგიზებული ცეცხლისკენ, რომლის გარშემოც ქალები ისე ტრიალებდნენ, თითქოს სარიტუალო ცეკვას ასრულებდნენ, - აქლემშია ფარშირებული ცხვარი, ცხვარში ქათამი, ქათამში თევზი, თევზში კი - კვერცხი. ხომ მაგარია? ასეთ რამეს სხვაგან სად ნახავ? დუმილი შეაგება ქალმა. სულაც არ ჰქონდა იმაზე საუბრის თავი, რამდენი ცხოველი შეეწირა მათ მომავალ ქორწილს. - შეგიძლია, სამზადისში ჩაერთო. ისინი შენს აზრს გაითვალისწინებენ. ყველა გოგოს ხომ თავისი საოცნებო ქორწილი უნდა? იქნებ, შენც გაქვს რაიმე მხედველობაში. - მე მხედველობაში ის მაქვს, რომ ეს ჩვენი ფსევდო ქორწილი დასაწყისშივე ჩაიძირება, - წაისისინა ავად. თავი მიებრუნებინა გვერდით, არაფრით უსწორებდა მზერას მასზე მიშტერებულ კაცს. - რატომ ფსევდო? ჩვენთან ყველაფერი ნამდვილად ხდება. - რამდენი წლის ხარ? - მიხარია, რომ ჩემით დაინტერესდი, - ადგილზე წაიცეკვა. შეხედა ელენემ მის მოქმედებას, მგონი, ყველაფერთან ერთად, გიჟიც არისო, იფიქრა, – 35 წლის ვარ. - მერე? 35 წლის კაცს არ შეგიძლია, რომ მამის გადაწყვეტილება უარყო და საცოლე თავად მოძებნო? - რატომ? ცხოვრებაში პირველად, მამაჩემის არჩევანს სრულიად ვეთანხმები. თუ ვინმე უნდა მოვძებნო, მე ისევ შენ მოგძებნი. - რომანტიკას აფრქვევ, რა. - ირონიას ვამჩნევ შენ სიტყვებში. რამით უკმაყოფილო ხარ? - წარბი აწია გაკვირვებულმა. ჩაიფხუკუნა ქალმა, არ არსებობს, მეღადავება ნამდვილადო. - მაგას მართლა მეკითხები? - მართლა გეკითხები. - ვერ ხედავ, უბედური რომ ვარ? - თვალი გაუსწორა ახლა. ეამა ქალის მზერა ომარს, იგრძნობოდა მასში ველური ბუნება. მოსწონდა მებრძოლი ქალები, მათი დამორჩილების პროცესი კიდევ უფრო სასურველს ხდიდა საპირისპირო სქესს. - ქორწინება ბევრ რამეს შეცვლის. მათ შორის, შენ დამოკიდებულებას ჩემ მიმართ. - მაგ იმედით აპირებ ცხოვრებას? - რატომაც არა? უფლება მომეცი და განახებ, რას ნიშნავ ნამდვილ კაცთან ცხოვრება. უფლება მომეცი და დაგარწმუნებ, რომ მაგ ზიზღის სიყვარულად ქცევა შემიძლია. განა წყვილთა უმეტესობა უსიყვარულოდ არ ქმნის ოჯახს? განა ყველას უყვარს ერთმანეთი? სიყვარული დროებითი გრძნობაა, ისე წავა, როგორც მოვა. - საზიზღარი კაცი ხარ და არ იფიქრო, ოდესმე შემიყვარდები. მოკარების უფლებასაც არ მოგცემ. აქედანვე გაფრთხილებ, თავიდან ამოიგდე უაზრო ფიქრები. მოვკვდები და შენთან ერთად ერთ სივრცეში არ ვისუნთქებ, ცხოვრებასა და რაიმე სახის სასიყვარულო ურთიერთობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. კაცები ისე არ იქცევიან, როგორც შენ იქცევი. მამაშენი მეგონა საშინელი, უტვინო ადამიანი, შენ უარესი ყოფილხარ. ახალგაზრდა ადამიანი სწორსა და არასწორს ვერ არჩევ. სახე აელეწა ომარს, ღიმილი ჩამოერეცხა სახიდან. სანდომიანი ადამიანი მაშინვე იქცა ველური უდაბნოს ნამდვილ შვილად. ხელი აუკანკალდა, მუშტი შეკრა სიბრაზისგან. კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ამაყად მდგომ ქალს, სახე მისწია მისკენ, კბილებში გამოსცრა სათქმელი. - ჭკვიანად მოიქეცი, ბევრი არ ილაპარაკო. გაითვალისწინე, ნებისმიერმა სიტყვამ შეიძლება დაგღუპოს. ნუ გააღვიძებ ჩემში იმ ბედუინს, რომელიც გალიის კართან დგას და გაცხოველებული ლომივით გამოსვლის დღეს ელის. - ხომ გეუბნები, ცხოველი ხარ-მეთქი, - სიტყვა ვერ დაიჭირა, ენაზე დაუსხლტა კიდევ ერთი არასწორი წინადადება. აკანკალებული მუშტი აღმართა ომარმა ჰაერში, გააზრებამდე დაეშვა ელენეს ლოყაზე გაშლილი ხელი. წაბარბაცდა, კარვის ძელს დაეყრდნო. ოხვრა აღმოხდა გაოცებისგან დაღებული პირიდან. თავის აწევა ვეღარ მოახერხა, ვერც ხელი მიიკარა გახურებულ ლოყაზე. იდგა თავჩახრილი, შეურაცხყოფილი და მოქნეული სილა ცოცხლად სჭამდა ადგილზე გაშეშებულს. ცრემლი მოერია, ლოყის შიგნიდან იკბინა ძლიერად. არ იტირებდა მის თვალწინ, არც თავდახრილი იდგებოდა არაკაცის წინ. - ზუსტად ასეთი ხარ, - თავი ასწია შენიღბული სიმშვიდით. თვალი გაუსწორა, გაუღიმა გასაღიზიანებლად, - ეს მოქნეული ხელი შენ კაცობაზე მეტყველებს. აქ მთავრდება შენი საუბრები ნორმალურ და მშვიდ ცოლქმრულ ზღაპრებზე. მე არ ვიქნები შენი ცოლი და შენ, ჩემი სიკვდილის მერეც არ იქნები ჩემი ქმარი. ზურგი აქცია კაცს, კარავში შევიდა განრისხებული. მხოლოდ განმარტოებისას მისცა საკუთარ თავს სისუსტის უფლება. მუხლი მოეკვეთა, ქვეშაგებზე დაეშვა აღრიალებული. არ ახსოვდა, ასე თავი ოდესმე თუ ეგრძნო. უცხო ადამიანისგან დაუმსახურებელი სილა სისხლის გემოს უტოვებდა შიგნიდან დაკბენილ ლოყებზე. ვერ მოინელა, ამდენის უფლება რომ მისცა უცხოელს, ვერც პირზე მომსკდარი უამრავი სალანძღავი სიტყვის უკუგდება აპატია თავს. ღმერთმა იცოდა მხოლოდ, რად დაუჯდა გაჩუმება და ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდით ბოლო სიტყვების თქმა. ყელში ამოსვლოდა სხვების დამონებული სახეები. იმას ვერ ისწავლიდა, ვერ შეურიგდებოდა, რის წინააღმდეგადაც მამამისი მთელი თავისი ახალგაზრდობა იბრძოდა. არ გახდებოდა სხვისი მონა, არ შესწირავდა თავს მსხვერპლად უდაბნოს შვილს. არ გაუზრდიათ ასეთი ცხოვრებისთვის, არ იყო მიჩვეული ძალადობას, აწეულ სიტყვას. განსაცვიფრებელი ურთიერთობა ჰქონდათ ელენეს მშობლებს, ერთმანეთის პატივისცემას ყველა გრძნობაზე წინ აყენებდნენ. დედა ეუბნებოდა ხოლმე ხშირად, თუ ადამიანი პატივს არ გცემს, მისგან სიყვარულსაც ნუ მოელი, ორი ადამიანის ნებისმიერი სახის კავშირს საფუძვლად ურთიერთპატივისცემა თუ არ უდევს, დანგრეულია თავშივე ყველაფერიო. როგორ უნდა ეცა პატივი ადამიანისთვის, ქალზე ხელის აწევა რომ არ ეთაკილებოდა? როგორ უნდა გაეხსნა გული მისთვის, როცა თავად სხვა სიტუაციაში, სხვა აზროვნებით, სხვა მენტალიტეტით იზრდებოდა? როცა მთელი შეგნებული ცხოვრება ისეთ მეორე ნახევარზე ოცნებობდა, მის თვალწინ რომ ტრიალებდა. იჯდა და თავს ვერ იღებდა ზემოთ. არ უნდოდა, საკუთარი თავი ასეთი ენახა, ასეთი ხსომებოდა. ასე ძალაგამოცლილს მიუსწრო ილიასმა. დაუკითხავად შეაბიჯა ოთახში, თვალი შეავლო საწოლზე მობუზულ სხეულს. გული მოეწურა მისი დაწითლებული თვალების ხილვისას. ხელი მოემუშტა, ბრაზი მოეძალა. კიდევ ერთხელ დარწმუნდა საკუთარ სისუსტეში, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რამდენად შეჭრილიყო უბრალო ქალის არსება მთელ მის გონებაში. ნაბიჯი გადადგა წინ, უარაფრო მზერა შეაგება ბედუინის ფრთხილ სვლას ელენემ. - ახლა საუბრის განწყობაზე არ ვარ. ყურადღება არ მიუქცევია სუსტი წინააღმდეგობისთვის. მის წინ ჩაიმუხლა, ხელი ასწია შეფიქრიანებულმა. დაელოდა სხეულის რეაქციას და როცა ვერაფერი ამოიკითხა მის თვალებში, ნელა მიადო ხელისგული აწითლებულ ლოყაზე. თვალები მიხუჭა ელენემ, უნებურად დაყვა შეხებას, თავი მიადო თავადაც ხელზე. ეამა სიგრილის შეგრძნება. თვალები აუწყლიანდა ისევ, აღარ გაჰკვირვებია სხეულის რეაქცია. მიჩვეოდა იმ ფაქტს, როგორ მოქმედებდა ილიასის არსებობა მის განწყობაზე. ცერა თითით მიეფერა, თავი ააწევინა ატირებულს. - იმ ხელს მოვაძრობ, რომლითაც შეგეხო, - შეცბა, უსიამოვნო გრძნობამ შეიპყრო. არ ელოდა ბედუინის ასეთ ცვლილებას. თვალები გაუშავდა კაცს, სუნთქვა გაუხშირდა. ავის მომასწავებლად მიაყარა რამდენიმე არაბული სიტყვა. მიხვდა ელენე, კარგს არაფერს უნდა ამბობდესო. - დაინახე? - ქალებისგან გავიგე, - იწყინა ქალის კითხვა. ხელი ჩამოსწია მაშინვე, ამოსუნთქვის საშუალება მისცა უხერხულად ატუზულს. - გამოდის, ყველას დაუნახავს. - გრცხვენია? - წარბი შეკრა კაცმა, - ახლა სირცხვილის დროა? შენ რა გაქვს სამარცხვინო? შენი ბრალია? - იმ ადამიანს ვგავარ, ვისაც სხვების გამო შერცხვება? თუ დაინახეს, ეგ იმას ნიშნავს, რომ მიყურებდნენ და არაფერი გააკეთეს. - ბევრს ნუ მოითხოვ მათგან. ისინი ასე გაიზარდნენ. - შენც მართალი ხარ, მაგათაც თავისი გასჭირვებიათ. - როგორ გგონია, რომ დამენახა, მეც არაფერს ვიზამდი? - თვალი გაუსწორა არეულ მზერას. თვალები ეხუჭებოდა ელენეს, ძლიერი სტრესი მაშინვე ძილის სამყაროში აგზავნიდა მის გონებას. - დარწმუნებული არ ვარ, იზამდი თუ არა რამეს. - მართლა? - ის შენი მეგობარია. თავად არ მითხარი? - ეგ იმას ნიშნავს შენთვის, რომ რასაც გააკეთებს, ჩემთვის ყველაფერი მისაღები იქნება? - არ ვიცი, შენთვის ეგ რას ნიშნავს. აღარაფერში ვარ დარწმუნებული. მეძინება. დავიძინებ, კარგი? უხმოდ წამოდგა ილიასი, უშნოდ დაფარებული საბანი შეუსწორა გვერდებში. შუბლზე კოცნა მოუნდა, კანის სიახლოვეს სთხოვდა გოგონასგან წამოსული სასიამოვნო სურნელი. თავი შეიმაგრა, სისუსტის უფლება არ მისცა საკუთარ თავს. - არასდროს მივცემ უფლებას, რამე გავნოს. არც მას, არც ვინმე სხვას. მათ შორის, საკუთარ თავსაც. არეული გრძნობებით დატოვა ელენე. სამაგიეროდ, ილიასმა იცოდა ზუსტად, რასაც მაშინ გრძნობდა. ომარის კარვისკენ აიღო გეზი. რჯულზე წმინდა იყო მისთვის მეგობრობა, თუმცა ამას არასდროს შეუშლია ხელი, ნათლად განესაჯა არასწორი გადაწყვეტილებები. ილიასისთვის ომარი სწორად გადადგმული ნაბიჯი, თავისი სინდისი, თავისი ანარეკლი იყო. პირველი მოგონება, რომელიც ახსენდებოდა, პირველი სახე, რომელიც რეალობად აღიქვა. მისი გაქნეული ხელი ილიასის შეურაცხყოფას, მასზე გადაბიჯებას ნიშნავდა, რადგან მონად გაყიდულმა უცხოელმა პირველივე დღიდან იცოდა თავისი მიზანი: ღირსეულ შეიხად ექცია ომარ ბადავი. ელენეს სახეზე დაშვებული ხელის სიძლიერე გულში ეკლად ესობოდა ბედუინს. მკაცრად ნაშენებ, ძლივს შერბილებულ ხასიათს პირვანდელ მდგომარეობას უბრუნებდა. ვერ შეიკავა თავი, გონებიდან არ ამოსდიოდა ქვეშაგებზე გაწოლილი გოგონას აწითლებული ლოყა. - რამ შეგაწუხა? - თავი წამოსწია ჩაფიქრებულმა კაცმა. მეგობრის მზერაში ამოიკითხა განკითხვის ნიშნები. ნერწყვი გადაყლაპა გაუაზრებლად, ის ხელი გააცურა უკან, რომლითაც სულ ცოტა ხნის წინ საცოლეს შეეხო. თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ ეპატარავებოდა თავი უსტატუსო ბედუინის წინაშე. - კაცობა რომელ ქვეყანაში დაგრჩა? - ღრენით მიმართა. ხელზე წაივლო ხელი, თითქოს ასე შეეცადა თავის გაკონტროლებას. - რამ შეგაწუხა-მეთქი? - თავდაჯერებულობა დაიბრუნაო თითქოს, ფეხზე წამოდგა ომარიც. - შენმა სახეცვლილმა ნამუსმა შემაწუხა, შენმა არასწორად გაქნეულმა ხელმა. ჩხუბი მოგენატრა? თუ ასეა, თანასწორთან გაიქნიე ეგ ხელი, გეშინია რამის? - სისულელეს ნუ ამბობ. ის მიიღო, რაც დაიმსახურა. ზედმეტად ბევრის უფლება რომ მიეცით, რომ აგრძნობინეთ, მონა კი არა - ჩვენიანია, თავზე ხელი რომ გადაუსვით, სიტყვების შერჩევა რომ დაიწყეთ მასთან, იმიტომაც ამოუშვა პირიდან ის, რაც გონებაშიც არ უნდა გაევლო. - რა მოხდა? - ირონიამ გაუპო სახე, - შენ ღირსებას, შენ სიამაყეს შეეხო? ეგ გოგო მე მოვიყვანე აქ, მე შევუზღუდე ის თავისუფლება, რომელსაც შენ ბოლო მოუღე. გაზომე ყველა სიტყვა, ყველა ნაბიჯი, ყველა ფიქრი თუ აზრი მის მიმართ. გაფრთხილებ და შენ იცი, მე არასდროს არავის ვაფრთხილებ, არ მაიძულო, ის ხელი მოგტეხო, რომლითაც შეეხე. - მემუქრები? - გულიანად გადაიხარხარა, ცრემლი მოიწმინდა სახეზე ჩამოგორებული. მერეღა გაუსწორა თვალი ერთიანად დამშვიდებულ კაცს. შურდა კიდეც მისი სიმშვიდის, თავად შინაგანად დუღდა, - ხომ არ გავიწყდება, ვის ელაპარაკები? ხომ არ გავიწყდება, ვინ ხარ? - რომ გაიფიქრე, უფლება გქონდა ხელით შეხებოდი, რომ გაიფიქრე და ფიქრი არ იკმარე მხოლოდ, მაშინ დამთავრდა შენი ღირსება. ეს შენ არ დაივიწყო, ვინ დგას შენ წინ. ომარი არასდროს აღიარებდა, თავს არ დახრიდა მის წინაშე, მაგრამ მოსვლის დღიდან გამჯდარი ჰქონდა მანქურთად წოდებულის წინაშე შიშის გრძნობა. ომარმა იცოდა, სისხლში მრავალჯერ გაესვარა ხელი ილიასს, იცოდა ისიც, რომ ყველაფერზე წამსვლელ კაცს მხოლოდ მამამისის რიდი ჰქონდა. შურდა ბედუინის შეუვალი ხასიათის და ამასთანავე, აღიზიანებდა თავად რომ ვერ დაიმსახურა მისგან ის დამოკიდებულება, არანის მიმართ რომ ჰქონდა მხოლოდ. სწორედ ამის გამო იყო, უფრო მეტად რომ უნდოდა მისი გამოწვევა, მისი გაღიზიანება. მაგრამ მეტად მშვიდი იყო, არასდროს აძლევდა იმ რეაქციას, რაც თავად სურდა. ამიტომაც ვერ გაეგო, რატომ გახდა უცხოელი იმ ყველაფრის მიზეზი, ახლა რომ ხდებოდა. - ჩემი ცოლი იქნება, ჩემი საკუთრება. რა უფლება გაქვს, დგახარ და ჭკუას მარიგებ? მამაჩემში არ შეგეშალო, ილიას, მე მისნაირი რბილი არ ვიქნები. - საბავშვო ზღაპრად მოგეჩვენება ყველა კოშმარი, თუ კიდევ ერთხელ უდანაშაულო ქალს თითს დააკარებ. მაგ შენ უსაფუძვლო, უზურგო გადიდგულებას ძირშივე მოვთხრი. წყალს ნუ შეუყენებ წლობით ნაშენებ მეგობრობას. შენგან განსხვავებით, მე მას ვაფასებ. - მეგობრებს როდის მერე ემუქრებიან? ვის გამო? ქალის გამო? - ხმას აუწია სიმშვიდე დაკარგულმა. - შენი საქციელის გამო. შეიცვალე ის აზრი, რომ შენი საკუთრებაა, - სახე ახლოს მიუტანა, ერთი ტონითაც არ აუწევია ხმისთვის, - ან არადა ქორწილზე თქვი უარი. მე მას სახლში დავაბრუნებ, შენ კი ისევ დაუბრუნდები ასე ნანატრი ცხოვრების წესს. თავადაც გაუკვირდა ილიასს, თავის შეკავება რომ შეძლო. იცოდა, უმისამართოდ მოქნეული ხელი, პირველ რიგში, ელენეს დააზიანებდა და მის აქ ყოფნას საფრთხეს მეტად ვეღარ შეუქმნიდა. ზურგი აქცია მეგობარს, საპასუხო სიტყვის ღირსადაც აღარ ჩათვალა. თავის უსუსურობაზე გაბრაზებული აღრიალდა ომარი, ვერაფრით გადალახა პირზე შემხმარი უთქმელი სიტყვის სიმწარე. თავმოყვარეობაზე ასხამდა ილიასის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, რომელიც მათ შორის მანძილს ზრდიდა. ორ სხეულს შორის გაბმული მეგობრობის ძაფი ნელ-ნელა, უფრო და უფრო იფლითებოდა. მათ შორის ჩამდგარიყო ცხოვრებისადმი განსხვავებული ხედვა, რომელსაც წლების მერე გამძაფრებულად ეჩინა თავი. ელენეს კი, წარმოდგენაც რომ არ ჰქონდა რა ტრიალებდა გვერდით კარავში, უცნაური სიზმარი ესიზმრა: შუა უდაბნოში მიაბიჯებდა დედიშობილა. დაღლასა და სიცხეს ვერ გრძნობდა, არადა თავზე წამოსდგომოდა მცხუნვარე მზე. მიდიოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, სადამდე აპირებდა სიარულს. არავის ხმა, არავის სუნთქვა, არავის სხეული დაილანდებოდა გარშემო. წამები, წუთები, საათები გასულიყო, შეუსვენებლად მიაბიჯებდა იქამდე, სანამ უეცრად სიმწვანეში არ ამოჰყო თავი. მოწყურებული დაეშურა ამღვრეულ წყალს, თავით გადაეშვა უდაბნოში აღმოცენებულ ოაზისში. ესიამოვნა კანზე მოდებული სიგრილე, აღარაფრად აგდებდა უცნაურად ჯიუტ მზეს, საათების გასვლის მიუხედავად, ადგილი რომ არ ეცვალა. მანამ ნებივრობდა წყალში, სანამ სხეული არ დაუნაოჭდა. დანებდა ბედს, ნელ-ნელა გაშორდა ზღვად ქცეულ მდინარეს. ნაპირზე ჩამოჯდა, ზემოდან დახედა წვეთებით დანამულ სხეულს. თვალი მოავლო არე-მარეს. მოშორებით შენიშნა უცხო სხეული, ისიც დედიშობილა გაწოლილიყო ქვიშაზე. საიდან გაჩნდა ნეტავო, იფიქრა. მისკენ დაიძრა, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა მზის ქვეშ მონებივრე კაცს. არ დაუფრთხია ნაბიჯების ხმას, თვალი გაახილა მხოლოდ, ღიმილით ახედა თავზე წამომდგარ ქალს, ხელი გაუწოდა და მომლოდინედ მიაჩერდა შეფერილ სხეულს. დიდხანს არ უცდია, ხელი შეაგება საპასუხოდ, ღიმილმა გაუპო მასაც სახე. წინ გადაიხარა და გვერდით მიუწვა სასურველს. ღიმილით გამოეღვიძა. კარგად ემოქმედა ბნელი სიზმრების შემდეგ ნათელ ზმანებას. სულაც დაჰვიწყებოდა დილით მომხდარი, გულიც დამშვიდებოდა, ლოყის ტკივილსაც გაევლო. დაღამებულიყო უკვე. ის დრო მოსულიყო, ჩვეულებისამებრ, ილიასი რომ უნდა გამოჩენილიყო. რამდენიმე საათს ელოდა ელენე, სიჩუმე გამეფებულიყო ბედუინთა ბანაკში. არავის ფეხის ხმა არ არღვევდა მომაბეზრებელ სიწყნარეს. არ მოსწონდა შექმნილი სიტუაცია, დავიწყებულად იგრძნო თავი. ილიასის ბოლო სიტყვები მოაგონდა, იქნებ ნაწყენიაო, ისიც იფიქრა. წამოდგა შეციებული, მხრებზე მოისხა თანამგზავრი პლედი. თავად გასწია კაცის მოსაძებნად. ის თუ არ მოდის, ამჯერად, მე მივალ მასთანო, მოიწონა იდეა. ფეხაკრეფით გაიარა მანძილი კარვებს შორის. იცოდა, სადაც ცხოვრობდა ილიასი, ხშირად აკვირდებოდა, როგორ გამოდიოდა და შედიოდა თავის საცხოვრებელში. სულ უნდოდა ენახა, როგორ გამოიყურებოდა შიგნიდან ბედუინის „საძინებელი“ და აქამდე შანსი არ მისცემოდა დათვალიერების. შესასვლელთან შედგა. რაც შეეძლო ხმადაბლა დაუძახა კაცს, არავინ გაეპასუხა. მერე კიდევ რამდენჯერმე შეუძახა უხმო ჩურჩულით, ისევ სიჩუმე მიიღო პასუხად. ასე არაფერი გამოვაო, მიხვდა. ხელი წაიღო კალთის გადასახსნელად და დაუპატიჟებლად შედგა ფეხი კაცის საცხოვრებელში. ბჟუტავდა სანთელი, ოქროსფრად ანათებდა ოთახს. ელენეს კარვის მსგავსად, აქაც ძალიან ცოტა ნივთი დაეწყოთ. კუთხეში, შესასვლელიდან მარცხნივ და ბოლოში, ქვეშაგებზე ილიასს ეძინა. აქ ყოფნის ორი თვე სრულდებოდა თითქმის და აქამდე არ ახსოვდა, ღამით მძინარე ყოფილიყოს კაცი. ნელა მიუახლოვდა მიძინებულს, არ უნდოდა შეეშინებინა და ხმაური გამოეწვია. აქ რომ ენახათ სხვებს, ილიასთან ერთად მოკლავდნენ. თავს გამოუტყდა უკვე, დიდი ხანია, მარტო საკუთარ ტყავზე აღარ დარდობდა. - ილიას, - ხელით შეეხო მხარზე. გაურკვევლად ამოიბურტყუნა მძინარემ. სხეული გაარხია სიმშვიდის დამრღვევის მოსაცილებლად. კიდევ რამდენჯერმე მიუკაკუნა თითით, საგონებელში ვერ ჩააგდო კაცი. მოთმინება ამოეწურა სიცივისგან აკანკალებულს, გაშლილი ხელი ჩაარტყა ზურგში. შოკში ჩააგდო ბედუინის სწრაფმა რეაქციამ, ფეხზე წამოხტა გაავებული, სანთლის შუქზე ვერ გაარჩია აცახცახებული სტუმრის ვინაობა. მაჯაში სწვდა ქალს, პლედი მოაშორა მხრებიდან. თავისკენ მისწია მთელი ძალით, ჰაერში გაუშეშდა აღმართული მუშტი. იცნო ქალის ნაცნობი თვალები, ხელი დაუშვა მაშინვე, მზერა ვერ მოარიდა ენაჩავარდნილს. სიტყვა არ უთქვამთ არც ერთს, გახშირებული სუნთქვის ხმა არღვევდა მხოლოდ სიჩუმეს. ნელა შემოაცალა თითები კანიდან, ნაბიჯით დაიხია უკან. ვერ იჯერებდა, მის მხედველობაში, მის კარავში, მის ცხოვრებაში რომ შეჭრილიყო ეს უცნობი ქალი. - ვერაფრით გაგაღვიძე, - თითები გადაიტარა აწითლებულ კანზე. თვალი გააყოლა მის ქმედებას ილიასმა. ბრაზმა დაუარა სხეულში. ისევ მიუახლოვდა, ისევ შემოჰხვია თითები მაჯაზე. ამჯერად, ფრთხილად, მთელი სინაზით. არ იყო მიჩვეული ასეთ სიფრთხილეს, არ ჰქონდა ცხოვრებაში მსგავსი შემთხვევა. ახლა სწავლობდა ქალთან ყურადღებით, დაკვირვებით მოქცევას. სახესთან ახლოს მიიტანა ქალის ხელი. ტუჩები შეახო იმ ადგილზე, თავად რომ ატკინა. - არადა, სულ რამდენმე საათის წინ გითხარი, არასდროს გატკენ-მეთქი, - კიდევ ერთი კოცნა დაუტოვა მაჯაზე. დაუკითხავად შეძვრა კანის სურნელი მთელ მის არსებაში. ვერ შეეცვალა უცხო ადგილს ელენეს ბუნებრივი სუნი. - აქ რას აკეთებ? - განზე გაიხედა, ხელი შეუშვა ქალს. - არ მოხვედი. თავი ასწია კაცმა, არ ელოდა მსგავს პასუხს. არც ახსოვდა, როდის მიეძინა, არც ის იცოდა, იმდენხანს რომ ეძინა, დაღამებულიყო უკვე. აშინებდა, ასე რომ დაიახლოვა უცხოელმა. უკვირდა, მის განწყობაზე რომ მოქმედებდა ილიასის ყოფნა-არყოფნა. - ვინმე თუ დაგინახავს, არ გაპატიებენ. კარავში დაბრუნდი, - გვერდით დადგა, გასასვლელი გაუთავისუფლა. როგორ უნდოდა, რომ არ გაეშვა. როგორ უნდოდა, იძულებული არ ყოფილიყო, მისგან თავი შორს დაეჭირა, მანძილი გაეზარდა, სიფრთხილე გამოეჩინა. სიამოვნებით დაჯდებოდა, მოუსმენდა, ისაუბრებდა მასთან. ყველაფერი აინტერესებდა, რაც მას ეხებოდა. უნდოდა გაეგო, როგორ ცხოვრობდა აქამდე. რა უყვარდა, რა - არა. რის ეშინოდა, რა უხაროდა და რაზე ოცნებობდა. გაიზიარებდა მის დარდებს, მერე თავად რომ ყოფილიყო მისი მშველელი. გულს გადაუხსნიდა, გრძნობებში ჩაახრჩობდა, ცხოვრებას მასთან ყოფნაში გაატარებდა, რომ სცოდნოდა, გამოვიდოდა, აზრი ექნებოდა. რომ სცოდნოდა, ამ გრძნობის, ამ აკრძალვის, ამ ურთიერთობის ბოლოს სიცოცხლე ელოდათ და არა სიკვდილი. - როგორ გგონია, ამ სიტუაციიდან გამოსავალი არ არსებობს? - გამოსავალი ყველაფრიდან არსებობს. შედეგებზე უნდა იფიქრო. - განა რად უნდა დამიჯდეს აქედან წასვლის მცდელობა? - შენ სიცოცხლედ. - სიცოცხლეს ამ მდგომარეობაში აზრი არ აქვს. - ასე ნუ ლაპარაკობ, - ხმა გაებზარა კაცს. - არ მითხრა, რომ ჩემზე იმდენად დარდობ, ტირილს აპირებ, - ჩუმად გადაიკისკისა. სუნთქვა შეეკრა ილიასს, გული აუფრთხიალდა ელენეს სიცილის გაგონებისას, - შენ რომ ჩემზე დარდობდე, მართლა რომ გაღელვებდეს, ყველაფერს იზამდი, რომ ამ ქორწინებისთვის ხელი შეგეშალა. - რა გინდა, რომ გავაკეთო? გაგიშვა? მართლა გგონია, რომ ქალაქამდე ცოცხალი ჩააღწევ? - მინდა, რომ ჩემთან ერთად წამოხვიდე. წავიდეთ, რა. - მეგონა, დავხურეთ ეგ თემა. - საერთოდ არ გადარდებს ჩემი მდგომარეობა შენ, - გაბრაზდა ელენე. წასასვლელად შებრუნდა. აზრი არ ჰქონდა, ვერ იპოვიდა იქ ნუგეშს, სადაც ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცოდნენ. - სისულელეებს ლაპარაკობ. - ჭკვიანური შენ ილაპარაკე. რანაირად დავიჯერო, რომ მართლა არანაირი გზა არ არსებობს. წავალ, დავჯდები კარავში და იმაზე ვიოცნებებ, რომ გავიყინო და ქორწილის დილას ცოცხალი არ შევხვდე. შენ შეგიძლია მშვიდად ძილი გააგრძელო. იმაზე ნუ იფიქრებ, გვერდით ადამიანი რომ კვდება თქვენ გამო, - თავადვე გრძნობდა საკუთარი სიტყვების სისუსტეს. ტყუილად დგამდა დრამას, წარბი არ შეხრია კაცს. ერთი ამოიოხრა მხოლოდ, მერე კარავს მოავლო თვალი. მზერა გაუშტერა ერთ წერტილს, ტრანსში ჩავარდა თითქოსო, უცებ დაავიწყდა მის წინ მდგომის არსებობა. იყო რაღაც, რაც მოსვენებას არ აძლევდა ილიასს. არსებობდა იდეა, რომელიც კვირები იყო ტვინს უღრღნიდა. ისიც ვერ გადაეწყვიტა, გაუხარდებოდა თუ ეწყინებოდა გეგმის წარმატება. ვერც უცხოელი გაიგებდა სწორად, თუმცა თავადაც არ იცოდა, სწორს თუ ფიქრობდა. მართლაც არსებობდა ერთი გზა, რომელიც წერტილს დაუსვამდა მოახლოებულ ქორწილს. - თუ გეტყვი, რომ არის ერთი გზა ქორწილის გასაუქმებლად? - გასასვლელთან მისულს დააწია. ელვის სისწრაფით დაუბრუნდა ადგილს ელენე, იმედიანად ახედა დადუმებულ კაცს. - გეტყვი, რომ აუცილებლად, სწრაფად და უეჭველად უნდა მითხრა. - არ მინდა, რომ არასწორად გაიგო. - ამოღერღე, ილიას. ამოიხვნეშა. სიტყვებს თავი მოუყარა. კიდევ ერთხელ გაიფიქრა, შეცდომას ვუშვებო. - ბედუინთა ტრადიციებს კარგად იცნობ? - მეტ-ნაკლებად. ეგ რა შუაშია? - ბედუინებისთვის ტრადიცია უპირველესია. ისინი თავიანთ წეს-ჩვეულებებს თაობებს გადასცემენ. არ ივიწყებენ ყველაზე უმნიშვნელოსაც კი, არც სხვებს აძლევენ უფლებას, მათ ტრადიციებს უპატივცემულოდ მოექცნენ. - ეგ ყველგან ეგრეა. რა შუაშია-მეთქი? - აქ ადგილობრივი საზოგადოება ჯერ კიდევ უძველესი ტრადიციებით ცხოვრობს და ქორწინების სიწმინდის კანონებს ყველაზე მკაცრად იცავენ. ქორწინება ახალი ცხოვრების საწყისია, თუკი ურთიერთობა ძირშივე ტრადიციებზეა დაყრდნობილი, სჯერათ, რომ ცოლ-ქმარი მთელ ცხოვრებას ერთად გაატარებს. ქალები ქორწინების გადარჩენისთვის ისე იბრძვიან, როგორც კაცები ომში. ოჯახის ვერ შენარჩუნება პირდაპირ ქალის სირცხვილად ითვლება. ამიტომაც ექცევა დიდი ყურადღება წვრილმანებსაც კი, თუნდაც იმას, რაც შეიძლება შენთვის უმნიშვნელო იყოს. - ძალიან წელავ. სწრაფად მითხარი, რა, - მოუსვენრად ააბაკუნა ფეხები. - იმის თქმა მინდა, რომ იორდანიაში, დიდი და თანამედროვე ქალაქების გარდა, ქორწინება მხოლოდ ახალდაქორწინებულთა ურთიერთობა არაა, ეს ოჯახებს შორის ურთიერთობაა. ანუ ამაში ორი ადამიანი კი არა, მთელი ოჯახი იღებს მონაწილეობას. - მე ოჯახი არ მყავს აქ, დაგავიწყდა? - ეგ არაა ახლა მთავარი. მთავარი ისაა, რომ აქ ნებისმიერი მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია, სახელისა და ღირსების შესანარჩუნებლად, მხოლოდ ქალწულ გოგოზე დაქორწინდეს. - ანუ? - ვიფიქრე, რომ თუ შენ აქამდე ვინმესთან ურთიერთობა გქონია, თუ აქამდე ვინმესთან ფიზიკური კონტაქტი გქონია, შესაძლებელი იქნება ქორწილის გაუქმება. ომარი არ მოიყვანს ცოლად იმას, ვინც, ხომ გესმის, მის ღირსებას საფრთხეს შეუქმნის. - არაქალიშვილებს არ სწყალობთ, გამოდის. - ჰო, რა ვიცი, - თავზე გადაისვა ხელი. ეუხერხულებოდა მსგავს თემაზე საუბარი. არც გაანდობდა ამ აზრს, რომ სცოდნოდა, რაღაც პროცენტი მაინც არსებობდა იმისა, აქ დარჩენა გადაეწყვიტა ქალს. ვერ დააკავებდა სამუდამოდ იქ, სადაც სუნთქვაც კი ეზიზღებოდა. მოკლავდა ზიზღში ცხოვრება და მის გარშემო მყოფებსაც ზიზღის მორევში ჩაითრევდა. - ღმერთო ჩემო, - მხარი იცვალა ელენემ. აქეთ-იქით ნერვიულად დააბიჯებდა. სისხლი სდიოდა დაჭმული ფრჩხილებიდან, ათას რამეზე ფიქრობდა ერთდროულად. - აბა, - უხერხულობის გასაფანტად ჩაახველა. სულაც არ სიამოვნებდა იმაზე ფიქრი, რომ ამ ქალს, მისთვის სასურველ, აკრძალულსა და მიუღწეველ ქალს ვინმე შეიძლება შეხებოდა. რაც უფრო მალე მორჩებოდნენ ამ თემის განხილვას, მით უფრო მალე გაშორდებოდა იქაურობას, რომ მარტო მყოფს ყველაფერზე თავისუფლად ეფიქრა, - გამოვა რამე? - არ გამოვა, - თვალი მოარიდა ქალმა. თავი დაუქნია მხოლოდ. თქმით კი, აღარაფერი უთქვამს. ყველა მისი სიტყვა და განცდა ზედმეტი იქნებოდა ახლა. - რომ მოვიტყუო? - შეგამოწმებენ, ეგეთი სულელებიც კი არ არიან. - იქნებ არიან. - არ არიან, დამიჯერე. - აქ რა, გინეკოლოგიც გყავთ? - აქ არა, ქალაქიდან მოჰყავთ. - ქალაქიდან აქამდე მოსვლას რა დრო სჭირდება? - ერთი დღე მაინც. რატომ მეკითხები? - ჰოდა, ძალიან კარგი. შევძლებ, ერთი დღით კიდევ გადავწიო ქორწილი. მერე რამეს მოვიფიქრებ. - რამის მოფიქრება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, აქამდე მოიფიქრებდი. - შენ ჩემში ეჭვი გეპარება? ერთხელ ხომ ვცადე? კიდევ ვცდი. გაჭირვება მანახე, გაქცევას განახებო, არ გაგიგია? - რაო? - თვალები ააწაპწაპა. გაეცინა ელენეს კაცის დაბნეულ სახეზე. - დაივიწყე. წავედი, ბომბი უნდა ჩავაგდო. აღარ შეუჩერებია კაცს. უკვე ნანობდა, ტყუილი იმედი რომ ჩაუნერგა. ღამეც ისე გაგრძელდა, გათენებას აღარ აპირებდა თითქოს. ძილი ვეღარ შეიბრუნა, მოსვენება დაჰკარგვოდა. სულ იმაზე ფიქრობდა, ნეტავ, ახლა რა ტრიალებს ელენეს თავშიო. ელენე კი, რომელიც, ილიასისგან განსხვავებით, ყველაზე დიდ შვებას გრძნობდა, ღიღინ-ღიღინით უახლოვდებოდა ომარის კარავს. არ ადარდებდა, რომ ამ წყალშემდგარ გეგმას შეიძლებოდა მისთვის სიცოცხლე მოესპო. ვერ აფასებდა შექმნილ სიტუაციას. ჯერ კიდევ ეგონა, ყველაფერი ისე დასრულდებოდა, როგორც მას სურდა. ომარს არ ეძინა. ქვეშაგებზე გაწოლილს თავქვეშ ხელი ამოედო და სანთლის შუქზე წიგნს კითხულობდა. კარავში ელენეს გამოჩენამ ერთდროულად გაახარა და ჩააფიქრა. ბედნიერების ღიმილი გადაჰკვროდა გოგონას სახეზე, ტუჩებს ვერ უყრიდა ადგილს, თითქოს იმის დაფარვასაც არ ცდილობდა, გენიალური გეგმით რომ წარმდგარიყო შეიხის ვაჟის წინაშე. ახსნას ვერ უძებნიდა ელენეს იქ ყოფნას. წიგნისთვის თავი მიენებებინა, წამომჯდარიყო და ქვემოდან აჰყურებდა მშვენიერ ქალს. მშვიდობის მაუწყებელი არ უნდა იყოს ეს ღიმილიო, ფიქრობდა თავისთვის. ამ დროის განმავლობაში მიმხვდარიყო, მარტივად დასამორჩილებელი არ უნდა იყოს ქართველიო. - შემოვიდე? - ასე გვიან რამ შეგაწუხა? - წამოჯდა. თავის დაქნევით იხმო თავისთან. - ვერ დავიძინე. რას კითხულობ? - კობო აბე, - უკნიდან გამოაძვრინა შელახული წიგნი. ეტყობოდა, მრავალჯერ უნდა წაეკითხა მომავალ შეიხს. - შეიძლება? - ხელი გაიწვდინა წიგნისკენ. რა თქმა უნდაო, თავი დაუქნია ომარმა, მაშინვე გადაულოცა თავისი საყვარელი რომანი. - გიყვარს კითხვა? - თითქმის ჩურჩულით იკითხა კაცმა, თითქოს არ უნდოდა ელენე დაეფრთხო. - მე რომ პირველად წიგნების კითხვა დავიწყე, ზაფხულის არდადეგების მერე, სოფლიდან ქალაქში, ჩემ სახლში დაბრუნების შემდეგ, ბებიაჩემის წიგნების კარადა გადავქექე და კობო აბეს „ქალი ქვიშაში“ ვიპოვე. იმ გამოცემას უცნაური ყდა ჰქონდა და მაშინ ვერ გავარკვიე, ქალი მართლა ქვიშაში იჯდა თუ არა, თანაც ნახატი ისე იყო გაფერადებული, - ჩაეცინა მოგონებებში გადაშვებულს, - გეგონებოდა, საბავშვო წიგნი მეჭირა ხელში. მაშინ ინტერნეტს საერთოდაც არ ვიყენებდი. ის კი არა, კომპიუტერი სულაც ახალი ხილი იყო ჩემთვის და აბა, მე საიდან მეცოდინებოდა, რომ სულ მარტივად შემეძლო გამეგო, ხელში საბავშვო წიგნი კი არა, „იაპონელ კაფკად“ წოდებული კობო აბეს საკულტო რომანი ჩამეგდო, - წიგნი გადაფურცლა. ის დრო მოაგონდა, ზაფხულის ცხელ დღეებს მხოლოდ საქართველოში რომ ატარებდა ხოლმე, - მოკლედ, რამდენიმე დღე ვცდილობდი წამეკითხა და ვერც ერთხელ თავი ვერ ვაიძულე, საწყის გვერდებს გავცდენოდი. წიგნი სადღაც კუთხეში მივაგდე და წლები მისკენ აღარც გამიხედავს. ამ წლების განმავლობაში მე სხვანაირად შემიყვარდა უდაბნო, ქვიშა, ოქროსფერი ჰორიზონტი. არც ერთხელ საკუთარი თვალით ახლოდან არ მენახა, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი, შორიდან მაინც შემექმნა წარმოდგენა ოქროს ქვიშებზე. მერე ეგვიპტეზე გადავერთე. მითების კითხვა დავიწყე. დავიწყე იმ ფილმების ყურება, რომლებიც ყველაფერ იმას აერთიანებდა, რაც მაშინ მიტაცებდა. ამასობაში დრო გავიდა და მე იმდენად დიდი გავხდი, დამოუკიდებლად შემეძლო მოგზაურობა. ბავშვობიდან გამოყოლილი სიყვარულის გამო უდაბნო პირველი იყო, რაც მოვინახულე. მერე ისევ სახლში დავბრუნდი, მრავალჯერ გადაკითხული წიგნები ხელმეორედ გადავიკითხე და ჩემ ხელთ არსებული ყველა მასალა რომ ამოვწურე, გამახსენდა, რომ წლების წინ, სახლის რომელიღაც კუთხეში, კობო აბე უნამუსოდ მივაგდე. ძველი წიგნი შეათამაშა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს პირველწყარო ეჭირა ხელში. თითქოს სრულიად შესაძლებელი იყო, რომ წიგნის ვიზუალის გამო ის პირველი გამოცემა ყოფილიყო. - მერე რა მოხდა? - ფიქრებიდან გამოაფხიზლა ომარის ხმამ. წიგნი დაუბრუნა უკან, თვალი მოაშორა ინტერესით მომზირალ კაცს. ესიამოვნა მასთან თავის წარსულზე საუბარი, ადამიანად აღიქვა იმ მომენტში, მაგრამ წუთები დასჭირდა ბოლოს მომხდარის გახსენებას. ლოყა აეწვა მოულოდნელად, ჯერ ისევ გრძნობდა დაუმსახურებელ სილას. - წიგნი ვერ ვიპოვე. არც იმ თაროზე მოიძებნა, საიდანაც თავის დროზე გადმოვიღე, არც იმ ოთახში, სადაც მაშინ ვრჩებოდი ხოლმე. ასეა თუ ისე, წიგნი გაქრა და მომიწია, ელექტრონული ვერსია წამეკითხა. - მერე? მოგეწონა? გაამართლა შენი მოლოდინები? - მოულოდნელობით აღივსო ომარი. აინტერესებდა, რას ფიქრობდა თავის საყვარელ წიგნზე მომავალი ცოლი. საერთო ინტერესის გამოვლინებამ უფრო მეტად მოანდომა მისი თავი, მასთან ურთიერთობა. - მე უდაბნო ძალიან მიყვარდა. მომწონდა მისი იდუმალი და მკაცრი ბუნება. აქ, - წიგნისკენ მიუთითა კაცს, - ქვიშა ცუდი „ტიპია“, უარყოფით როლს თამაშობს და იმაში გარწმუნებს, რომ საერთოდ ყველაფერი, რაც აქამდე გეგონა რომ იცოდი, არასწორად გცოდნია და რომ ერთი შეხედვით უცოდველ მოძრავ მასასაც შეუძლია, ზიანი მოგაყენოს. ქვიშა მოძრაობს და ის იმაზე საშიშია, ვიდრე რომანის ხელში აღებამდე გეგონა. ქალი ქვიშაში ამბობდა, რომ ქვიშას ყველაფრის დალპობა და განადგურება შეუძლია, თუმცა მე და მთავარი პერსონაჟი ჯერ კიდევ არ ვიდექით იმ რეალობის წინაშე, რომელიც ყველაფერს ფარდას ახდიდა, ამიტომ ჯიუტად ვაქნევდით თავს და ვამტკიცებდით, რომ ქვიშა ლამაზია, ყველაზე ცოცხალი უსულოა და ჩვენ შორის ყველაზე თავისუფალია. - ნიკის გულშემატკივრობდი, გამოდის. - ეგ იქამდე, სანამ ერთ გარდამტეხ მომენტში ყველაფერი არ შეიცვალა. მე და ნიკი მივხვდით, რომ ქვიშა თუ არასდროს ისვენებს, გამოდის, არც სხვებს ასვენებს. მოძრავმა მასამ ის თავისუფლება წაგვართვა, რომელსაც თვითონ ასე ესწრაფოდა. - იმედი გაგიცრუვდა? - ასეც ვერ ვიტყოდი. სანამ მე ბოლოში გავედი, ცხრაჯერ მაინც წარმოვიდგინე, როგორ დამთავრდებოდა პერსონაჟთა ქვიშისეული ცხოვრება. იქნებ ამ რომანის ბოლოს საბოლოოდ უნდა გაგვეანალიზებინა, რომ ადამიანი ცხოვრებაში მართლაც ყველაფერს ეგუება ან ყველაფერი ასე იმიტომ დასრულდა, რომ მშიშარა ნიკის, გულის სიღრმეში, უნდოდა, ცხოვრება გაეგრძელებინა ქალთან და „იმედთან“ ერთად იმ ორმოში, რომელშიც მერე თავადაც დაიმარხებოდა. ასეა თუ ისე, მე კი დავასრულე კითხვა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში განვაგრძე ცხოვრება ქვიშის ფსკერზე, იქ, სადაც ოქროსფერი მარცვლები იმაზე უფრო მეტია, ვიდრე გარე სამყაროში წყალი. იქ, სადაც ავადმყოფი ძიუმპეი წყლიან წყალზე ფიქრობს და ოცნებობს. ჰოდა, როცა წიგნი დავხურე, მივხვდი, მე რომ ეს წიგნი წლების წინ წამეკითხა, ჩემს მეხსიერებაში დაილექებოდა როგორც თავგადასავალი, რომელმაც წამართვა უფლება, მყვარებოდა უკიდეგანოდ დიდი და მოძრავი უდაბნო, თავისი უჰორიზონტო ჰორიზონტითა და ოქროსფერი ტალღებით და ჩემი ბავშვური წარმოდგენისთვის იმდენად მძიმე გასაანალიზებელი იქნებოდა აბეს სიღრმისეული ფილოსოფია ქვიშებზე, რომ აღარასდროს მომინდებოდა უდაბნოში მოხეტიალეს ოაზისის აღმოჩენა. მერე ვეღარც ნიკი ძიუმპეის გავუგებდი და ვეღარც ქვიშაში ჩაფლულ ქალს, რომელიც მთელი ამ რთულად გადასატანი არსებობისა და უჩვეულოსთან შეგუების პერიოდში, ერთადერთი ნათელი წერტილი იყო უიღბლო კოლექციონერის გამომშრალ ცხოვრებაში. ეს კოლექციონერი ხომ ქვიშასთან ერთად, ფაქტობრივად, ამ ქალის ტყვეც გახდა. - მე ასე არასდროს შემიხედავს ამ ყველაფრისთვის. - ეგ იმიტომ, რომ შენ ისედაც იმ გარემოში ცხოვრობ, რომელიც შენთვის თავისუფლებაა და არა მონობა. აქაურობა გარე სამყაროსგან მილიონი ნიშნით განსხვავდება. სწორედ ამიტომაცაა, ვერანაირად რომ ვერ გავუგეთ ერთმანეთს. - „განა სამყარო საბოლოო ანგარიშით ქვიშას არ ჰგავს? ქვიშა როცა მშვიდადაა, არაფრით არ ავლენს თავის არსს. სინამდვილეში ის კი არ მოძრაობს, თვითონ მოძრაობაა ქვიშა“. - აქამდე ალბათ დაგეთანხმებოდი, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩემი წარმოდგენები 180 გრადუსით შეიცვალა. - უდაბნოს ნუ დაადანაშაულებ იმ ყველაფერში, რაც ახლა შენ თავს ხდება. - მე ამაში ერთი ადამიანის გარდა არც არავის ვადანაშაულებ, - თავისთვის ჩაიბუტბუტა ელენემ. - ნიკი ძიუმპეისთვის ქალი ქვიშაში ერთდროულად ხსნაც იყო და სასჯელიც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შენ წიგნის მთავარი პერსონაჟი ხარ. ვინაა შენი მხსნელი და სასჯელი? ვინაა შენი „ქალი ქვიშაში“? კითხვამ ჩააფიქრა ქართველი. აქამდე თავი წიგნის პერსონაჟთან არასდროს გაუიგივებია. ომარის ბიძგმა მიახვედრა, მართლაც ჰქონია მსგავსება ნიკი ძიუმპეისთან. ერთ დროს საყვარელი უდაბნო მისთვის სასჯელი გამხდარიყო, მაგრამ ვინაა მისი მხსნელი და რატომ აიგივებს ამ სიტყვას უდაბნოს შვილთან? რატომ ევსება სხეული სითბოთი, როცა წარმოიდგენს, მისი გადარჩენა ბედუინს შეუძლია? აი, ახლაც, დგას მომავალი შეიხის წინაშე და ისეთ ძალას გრძნობს, ისე აქვს ზურგი სხვისი არსებობით გამაგრებული, ჰგონია, პირს მოაღებს, იმ ყველაფერს იტყვის, რასაც გონებაში გაიფიქრებს და არ შეეშინდება ერთი წამითაც კი, რადგან ილიასი სადღაც იქვე, რამდენიმე კარვის მოშორებით ეგულება. - ჩემი თავის მხსნელი თავად მე ვარ. ჩემ ქვეყანაში ქალებს დამოუკიდებლობას ასწავლიან. გადავრჩები და ამაში საკუთარი თავი დამეხმარება. - ხმამაღალი განაცხადია. მომწონს, - კმაყოფილმა ჩაიღიმა, - შენც მომწონხარ. ისიც მომწონს, როგორი ამაყი და დაუმორჩილებელიც ხარ. - მოკლედ, - ხმა ჩაიწმინდა ქალმა, - რაღაცის სათქმელად მოვედი. - მთელი გონებით გისმენ, - ინტერესი აღევსო კაცსაც. - ცოლად ვერ მომიყვან. - თითქოს რამე ახალს მეუბნებოდე. დანებდი უკვე, დროა. - ცოლად ვერ მომიყვან და ახლავე გეტყვი რატომაც. აქამდე არ მახსოვდა, მაგრამ დღეს გონებაში რაღაც ამომიტივტივდა. მე ბავშვობიდან სხვანაირად მიყვარდა უდაბნოც და მისი შვილებიც, სწორედ ამიტომ, წლებია თქვენს წეს-ჩვეულებებს ვსწავლობ. - მერე? - შიში იგრძნო ომარმა. მიხვდა, კარგს არაფერს უქადდა ქალის სიმშვიდე. - მე ვიცი, რომ თქვენ მხოლოდ ქალიშვილებზე ქორწინდებით. - რის თქმას ცდილობ? - ირონია შეეპარა ხმაში. - იმის, რომ ვერ დავქორწინდებით. ქალიშვილი არ ვარ. რამდენიმე წუთს გამეფებული სიჩუმე საუკუნედ მოეჩვენა ელენეს. ჯიქურ მიშტერებოდა თვალებში კაცს. ელოდა, როდის აფეთქდებოდა, როდის დაიხვევდა თავზე მთელ უდაბნოს, თუმცა უცნაურად დუმდა ომარი. ტუჩებს აცმაცუნებდა, თვალს არ ახამხამებდა და თითქოს განზრახ აწვალებდა კიდეც პასუხის მოლოდინში დადუმებულ ქალს. ელენემ იფიქრა, გავბრუნდები და წავალ, იქნებ ნათქვამის გადახარშვისთვის დრო სჭირდებაო, მაგრამ უკან გადადგმული ნაბიჯი გაუშეშდა, როგორც კი ყურთასმენას კაცის ხარხარი მისწვდა. - რა გაცინებს? - სისხლი მოაწვა სახეზე. - მომწონხარ-მეთქი, ხომ გეუბნები, - სული მოითქვა ომარმა, ხელი ჩამოისვა სახეზე. - რა შუაშია? გიჟი ხომ არ ხარ შენ? ვერ გაიგე, რაც გითხარი? - გავიგე და ვაფასებ შენ მონდომებას, მაგრამ შენ მე მამაჩემი ხომ არ გგონივარ? აქ დავიბადე და მესმის, სხვა წარმოდგენის გგონივარ, მაგრამ მე მთელი შეგნებული ცხოვრება საზღვარგარეთ გავატარე. მინახავს ბევრი შენნაირი, ბევრი შენგან განსხვავებულიც. ჩემთვის ადამიანებს სხვადასხვა ელფერი აქვთ და მე ყველა მათგანი მომწონს. ამიტომაც არ არსებობს მიზეზი და ფაქტი, რომელიც შენზე უარს მათქმევინებს. მე ვერ დაგპირდები, რომ აქ ის თავისუფლება გექნება, რომლითაც აქამდე ცხოვრობდი, მაგრამ გპირდები იმას, რომ შენში არ ჩავკლავ იმ მებრძოლ ხასიათს, ასე რომ მომწონს თავადაც. ახლა წადი, გამოიძინე და ბევრი არ იფიქრო. ხომ ხედავ, ბევრ ფიქრს სწორ აზრამდე ვერ მიყავხარ. ზურგი აქცია ომარმა, პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა. ისევ გადაშალა წიგნი შეწყვეტილ გვერდზე და თავი მაშინაც არ აუწევია, როცა დაბნეულმა, გაბრაზებულმა და, ამასთანავე, გულდაწყვეტილმა ელენემ აცახცახებულმა გააჭრა გარეთ. იდგა ილიასი საკუთარი კარვის წინ, შორიდან ადევნებდა თვალს და უკვე იცოდა, მზის ამოსვლასავით გარდაუვალი იყო მათი ქორწილი. გამთენიისას მეგობრის კარავს მიადგა ომარი. დილამდე მოუსვენრად დააბიჯებდა. იცოდა, პრობლემას შეუქმნიდა ქალის თავში გაჩენილი ახალი აზრი. ძირშივე უნდა მოეკვეთა იმის შესაძლებლობა, რომ ეს ამბავი მამამისის ყურამდე მიაღწევდა, თორემ სიცოცხლეს შესწირავდა და არას დიდებით დაუშვებდა ამ ქორწილს. არადა, ტვინში შეჰპარვოდა ქალის არსებობა ომარს, საათებს ითვლიდა მასთან განმარტოებამდე. რაღაც აზარტულ თამაშს დამსგავსებოდა ქალის დამორჩილება. წაგება არ სჩვეოდა და არც ახლა დაუშვებდა, უცხოელს დაემარცხებინა. - რაღაც შენ თავს არ გავხარ, - ეჭვით გადახედა უძილობისგან გადაღლილ მეგობარს. ბოლო შეხვედრის შემდეგ თავს არიდებდნენ ერთმანეთს. პირველად იდგნენ ასე უხერხულად ერთმანეთის წინაშე და ომარი ხვდებოდა, რაღაც შეცვლილიყო იმ ძველ ბედუინში. ილიასს წვერი მოზრდოდა, უსწორმასწოროდ მოეხვია თავსაბურავი. დაკვირვებული თვალი მარტივად შეამჩნევდა სადარდებლისგან შეკრულ შუბლზე გაჩენილ ნაოჭებს. ომარი ყველაზე კარგად იცნობდა ბედუინს. იცოდა მისი თვისებები, ვერასდროს რომ ვერ ნიღბავდა საკუთარ რეალობას და ამიტომაც აკვირდებოდა ასე. ელოდა, როდის გასცემდა თავს, როდის გამოტყდებოდა და იმ დარდის მიზეზს გაუმხელდა მეგობარს, ამ მდგომარეობაში რომ ჩაეგდო. - რამ შეგაწუხა დილაადრიან? - თავი არ მიუბრუნებია კაცისკენ, ჰაერს ესროლა გულცივად სიტყვები. - დახმარება მჭირდება, ილიას, - პირადმა წუხილმა გადასწონა მეგობრის პრობლემების მიმართ ინტერესი, - კარგი რამ არ მოელის ამ ქორწილს, თუ ის ქალი როგორმე არ დავაშოშმინეთ. მოკლედ უამბო წინა ღამის დიალოგი. მიჩუმდა ცოტა ხნით, მეგობრის სიტყვას დაელოდა მოთმინებით. დარწმუნებული იყო, ზურგს არ შეაქცევდა მუდამ მის გვერდით მყოფი კაცი. ყბა დასჭიმვოდა ილიასს, სისხლი მოაწვა თვალებზე. იგრძნო, გული დაუმძიმა ომარის პირიდან უხეშად გაჟღერებულმა წინადადებამ. მუშტი შეკრა, ხელი რომ არ გაექნია. არ უნდა შემჩნეოდა სახეზე დაძაბულობა, ამჯერად მაინც არ უნდა გაეშიფრა მეგობარს მისი გრძნობები. იცოდა, ყველაზე დიდ პრობლემად იქცეოდა მისი დამოკიდებულება, აკრძალული გზებით გულში რომ შეჰპარვოდა. - ჩემგან რას ითხოვ? - ხმა ჩაიწმინდა, თვალი თვალში გაუყარა ამჯერად. - მამის ყურამდე არ უნდა მიაღწიოს ამბავმა, რომელიც გუშინ გავიგე. თვალი ადევნე, არაფრით დაუშვა ელენესა და მამაჩემის გზის გადაკვეთა ქორწილამდე. ეს ქორწილი უნდა შედგეს. არავის მივცემ უფლებას, ხელი შემიშალოს. იმ ქალის სურვილმა ღამეები თეთრად მათენებინა, - ჩურჩულზე გადავიდა ომარი. თითქოს ცოდვით სავსე აღსარებას აბარებდა მეგობარს, ღრმად გამჯდარ სურვილებს უზიარებდა ძმად წოდებულს. ყურები დაუგუბდა ილიასს, კანკალს გაუძალიანდა სიბრაზე შეპყრობილი. მაინც ვერ შეძლო შემდეგი სიტყვების უთქმელად დატოვება. - ქორწილი გააუქმე. უცებ გამოერკვა ომარი, წყალი გადაასხესო თითქოს, უკან დაიხია ერთი ნაბიჯით. სანდომიანი მზერა მხეცის გაუხდა, რამდენჯერმე გაიმეორა გულში მისი ნათქვამი. გონს მოეგო, სახე დაუმშვიდდა წამიერად. ირონია შეეპარა ღიმილიან მზერაში, იმ წამს გაიაზრა მეგობრის სიტყვებიც. საკუთარ ფიქრს გაუძალიანდა, უკუაგდო საწამლავივით მოდებული აქამდე უცნობი გრძნობა. უხმოდ უყურა რამდენიმე წუთს. წარბი არ შეხრია მის წინ მდგომს, თავადაც დაკვირვების ობიექტად ქცეულიყო. ახლა ყველაზე მეტად უნდოდა, კანში შესძრომოდა ილიასს, მისი ფიქრები გაეშიფრა, გულისნადები გაეგო. იქნებ მაშინ მაინც გაფანტვოდა ის აზრი, რომ აკრძალული გრძნობები დაჰპატრონებოდა კაცს. - გაიმეორე, - არც მან დააკლო სიბრაზე ხმაში. - მე შენ რამდენჯერმე გითხარი, - უკან არ დაიხია. იცოდა, ვეღარ შეძლებდა სიტყვის წაღებას, - მოეშვი თავქარიან ცხოვრებას და ისე მოიქეცი, როგორც ეს ჩვენ ადათ-წესებს შეეფერება-მეთქი. შენ არ ხარ უბრალო ბედუინი, ომარ. წლები გავა და იმ ტომის სათავეში ჩადგები, მამაშენმა რომ აქამდე ომებით მოიტანა. იმ ხალხს უწინამძღვრებ, ხელებში რომ შემოგჩერებია. გაუჩენელს რომ გააჩენენ შენთვის, თავს რომ გასწირავენ დაუფიქრებლად. შენ არჩევნის საშუალება არასდროს გქონია, რადგან იმ მისიით დაიბადე, ასე რომ გძულს. ვინ გითხრა, რომ უფლება გაქვს, ყველაფერს ზურგი აქციო და არსაიდან მოტანილ გრძნობებს სხვების ცხოვრება გადააყოლო? - შენ... - ეჭვის ჭია აწვალებდა, ტვინი დაუმძიმა უეცარმა ფიქრებმა. ის დღე მოაგონდა, ელენესა და მას შორის აუღებელი ციხესიმაგრესავით რომ ჩადგა, პირველივე დღეს წინაღობად რომ ექცა, - არ მაიძულო ის ვიფიქრო, რაც ცუდად დაგამთავრებს. - გინახავს ტყვეობაში ბედნიერებას სახლი დაედოს? ჭირივით მოედება შენი ახირების შედეგები მთელ ტომს. მხოლოდ შენ არ შეგეხება ქორწილს მოყოლილი უბედურება, ტომი აირევა. მე წლები დამჭირდა ქაოსის, არეულობის, უბედურების განსადევნად. ადამიანთა სიცოცხლე შევწირე იმ ადგილს, სადაც ახლა დგახარ. მე ვიქნები შენი პირველი გულშემატკივარი ყველა სწორად მიღებული გადაწყვეტილებისას და შენი პირველი მტერი არასწორად გადადგმული ნაბიჯის დროს. - არაა, არაა, - წაიღიღინა კაცმა. თითქოს არც უსმენდა იმ სიტყვებს, გაფრთხილება რომ უნდა ყოფილიყო მისთვის, - სხვა რამ გაწუხებს შენ. ეს არ ჰგავს იმ ლექციებს, აქამდე უხვად რომ მისმენია. რაღაც შეიცვალა. შენი გული, შენი ბრაზი, შენი საქციელი. საერთოდაც, შენ... ილიასმა იცოდა, ყველაფერს მიმხვდარიყო ომარი. გონებაში შეიჭრა ქართველი ქალის ხატება. მაშინვე მიხვდა, აქ მთავრდებოდა მათი ამბავი. ამბავი, ჯერ რომ არ დაწყებულიყო. - ჩემი ქალი შეგიყვარდა? - საბოლოოდ გააჟღერა ხმამაღლა ეჭვი. თანხმობად მიიღო მეგობრის დუმილი, თუმცა ვერაფერი ამოიკითხა მის გაყინულ მზერაში. თავს კარგად იჭერდა ილიასი, მაგრამ ხვდებოდა ბედუინი, უარყოფა უკვე ნიშნავდა თანხმობას. ეს თანხმობა კი ყველაზე მეტად აბრაზებდა. - მე და შენ ყოველთვის ყველაფერს ვიყოფდით. იფიქრე, მასაც გაგიყოფდი? იფიქრე, იმის უფლებას მოგცემდი, ჩემი საცოლე გყვარებოდა? იმ გულს ამოგიღებ, რომელშიც ეგ გრძნობა გიტრიალებს. იმ თავს მოგაჭრი, რომლითაც მასზე ფიქრს ბედავ. სიცოცხლეს წაგართმევ, გაიგე?! - ეს შენ გაიგე, რომ ფუჭ სიტყვას შენთვის, მაგ შენი ნაფერები თავმოყვარეობისთვის, ძირის გამოთხრა შეუძლია. - ანუ, არც უარყოფ, - სიმწრით ჩაეღიმა ომარს. - ჩემი უარყოფა არაფერს შეცვლის. უარი თქვი ქორწილზე. შეიცოდე საკუთარი თავი და შეიცოდე სხვაც. მხოლოდ ასე გადარჩები. - საკუთარ სიცოცხლეზე იდარდე, მანქურთ, - ბრაზისგან აკანკალებული ყბა ვერ დაიმორჩილა. რაღაც შეიცვალა იმ წამს. მთელი ტომისთვის მანქურთი იყო ილიასი, მისჩვეოდა იმ აზრს, არაადამიანად რომ თვლიდნენ. იყო ომარიც, მეგობრად მიიღო, კაცურად ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი, არც ერთხელ, არც ერთ წამს მის თვალში მანქურთად არ ქცეულიყო. მისი პირიდან ამ ერთი სიტყვის გაჟღერება უკვე ნიშნავდა იმას, რომ მეგობრობის ის წლები ნაცრად ქცეულიყო და ძაფი, რომელიც აქამდე ჯერ კიდევ ერთმანეთისკენ ექაჩებოდათ, საბოლოოდ გამწყდარიყო. ხმაურმა დაარღვია თვალთა უხმო ორთაბრძოლა. მამის ხმა იცნო აღრიალებულ კაცში ომარმა, გვერდი აუარა ძველ მეგობარს. მტერი ხომ არ შემოგვესია ისევო, გაიფიქრა ილიასმა. უკან აედევნა, კარავი დატოვეს ერთად. შეიხის საცხოვრებელთან რამდენიმე ბედუინს მოეყარა თავი. ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა. დაწინაურდა ომარი, მამას ამოუდგა გვერდით. მზერით აგრძნობინა, უნდა ეთქვა ყველაფერი. - მაშ, შენ საკუთარი წარმომავლობა დაგვიწყებია, ომარ, - ხმას ვერ დაუდაბლა გაგონილით აღშფოთებულმა. ვერ მიმხვდარიყო ომარი ვერაფერს, ჯერ კიდევ გაოცებით აცეცებდა თვალებს. ხელი აიქნია შეიხმა, თითქოს ამას ელოდნენ კაცებიცო, მიტრიალდნენ და ერთი მიმართულებით დაიწყეს სვლა. ილიასს რომ ჩაუარეს გვერდით, მხოლოდ მაშინ შენიშნა კაცმა შეიხის კაბის უკან შეყუჟული ნაცნობი ქალის სხეული. თვალს აპარებდა ტაირა შვილივით გაზრდილისკენ. მზერა დაიჭირა თუ არა, მაშინვე მიხვდა, შეცდომა დაუშვა მის წინაშე. ერთიღა ამოისუნთქა კაცმა, ყვირილით გაემართა ელენეს კარავთან მიახლოებულებისკენ. წინ გადაუდგა, შესვლის უფლება არ მისცა თანატომელებს. - შეიხის ბრძანებაა, - თავი დახარა ერთ-ერთმა. იცოდა, სიტყვა არ უნდა შეებედა ზედმეტად კაცისთვის. „შეიხის ბრძანებაა“ თავის მართლებასავით გაჟღერდა იმ წამს. - უკან გაბრუნდით, - ავად შეუღრინა ოთხივეს. - ურჩობას ბედავ? - ახლოს მიეჭრა ტომის თავიც. ხელი მოიქნია შორიდან, თავისი შეაგება ბედუინმა. უფლება არ მისცა, მისთვის დაერტყა. - ქალისთვის რამის დაშავების უფლებას არ მოგცემთ, - გამაფრთხილებლად გაიჟღერა მისმა სიტყვებმა. ხელი წაიღო უკან, თვალს არ უჯერებდა შეიხი. ვერაფრით დაეჯერებინა, წინააღმდეგობის გაწევა რომ გაებედა უბრალო მონას. - ეგ შენ არ გეხება. გვერდით გაიწიე. ჩოჩქოლს აეღელვებინა ელენეც. უხმოდ ყლაპავდა ცრემლებს. ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავდა, რომ გარეთ გაეხედა და გაეგო, რა ხდებოდა. იმას მიმხვდარიყო, დამთავრებულიყო მისი საქმე. ესმოდა, როგორ ყვიროდნენ უცხო ენაზე და მაინც ისე გასაგები იყო ყოველი სიტყვა მისთვის, თითქოს ქართულად ლაპარაკობდნენო. - მისგან რა გინდა? - უცხოელ ქალს უფლებას არ მივცემ, გვარი შემირცხვინოს. უნდა შევამოწმო, მართალია თუ არა ის, რაც გავიგე. - და რა გაიგე?! - უბიწო არ ყოფილა, - ძლივს წარმოთქვა მოხუცმა. - რომ ვიტაცებდი, მაგის გარკვევა ვერ მოვასწარი, ვწუხვარ. - შენი დრო არ მაქვს, ილიას. ჩამოშორდი. მოქნეული ხელის აცილებაზე საქმეს მერე გავარკვევთ. - კარავში ვერავინ შევა. ომარ, - მზერა მოაშორა შეშლამდე მისულ შეიხს, თვალით მოძებნა მამის კარავთან ატუზული ომარი. იდგა და ნაბიჯს ვერ დგამდა წინ, საკუთარი მომავალი რომ დაეცვა. ზუსტად იცოდა, ჩანასახშივე დასრულდა ქორწილის ამბავი. მამა არ მისცემდა უფლებას, შერცხვენილ ქალზე დაქორწინებულიყო, ხოლო მისი გამოაშკარავება კიდევ უფრო დაამდაბლებდა თავის ღირსებას ილიასთან შედარებით. სწორედ ამიტომ, წამის მეასედში სხვანაირად აუძგერდა გული. თავი ასწია, განრისხებული მზერა მიაგება ილიასს, ანიშნა, არ ჩამოგრჩებიო, რამდენიმე ნაბიჯით დაფარა მანძილი მათ შორის და მთელი ტომის გასაგონად იყვირა, ქორწილი აღარ შედგებაო. - ომარი ცოლად არ მოიყვანს ქალს, რომელიც ქალწული არაა, - მამას ჩახედა თვალებში, - მე არ მოვიყვან ცოლად ქალს, რომელიც სხვას ეკუთვნის, - მეგობარს შეხედა ახლა და თითქოს ასე, ზედმეტი სიტყვის, ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე ანიშნა მამას, რომ მის ერთგულ მონას სხვისი ქალი შეჰყვარებოდა. სახე აელეწა შეიხს. ის დრო მოაგონდა, ჯერ კიდევ ყმაწვილი რომ მიჰგვარეს ფეხებთან. ხედავდა მის თვალებში დაუშრეტელ აგრესიას, ახალგაზრდობის ჩაუქრობელ ცეცხლს და იცოდა, კარგი მეომარი გამოიწვრთნებოდა მისგან. წლები შეალია, რომ ალში გამომდნარი რკინა საკუთარ ნებაზე მოეგრიხა. ის ფორმა, ის მისია, ის ცხოვრება მიეცა, რაც თავად სურდა. მრავალ გამოცდა ჩაბარებულს ერთხელაც არ შეურყევია ის ნდობა, უხვად რომ ჩაუდია პატრონს მასში. არა კაცი, არა ქალი, არა ბავშვი და არა სხვა სამშობლო ვერ შეუცვლიდა იმ იდეას, რა იდეითაც ახლიდან გაიზარდა უკვე გაზრდილი. თვალები იყო მისი უტყუარი სარკე. ერთი ჩახედვა კმაროდა, მაშინვე იცოდა, თავსაც გასწირავდა მისთვის, რადგან პრიორიტეტად ექცია კაცის სიცოცხლე და ვერავის ჩაენაცვლებინა მისი მნიშვნელობა მონის ტყვედ ქცეულ გულში. უყურებდა ახლა თვალებში და აქამდე შეუმჩნეველს გარკვევით ამჩნევდა: სხვა ადამიანის არსებას მოეცვა კაცის გონება. მის მიმართ გაჩენილ ბრაზსა და აგრესიას ისე დაუფარავად აფრქვევდა, აღარც უცდია თავის მოჩვენება, მაშინვე ანიშნა, შენი დრო დამთავრდაო. ღრიალი ვერ შეიკავა ნაღალატევმა, დაჭრილი ლომივით აბღავლდა. ენიშნა ომარს მამის ასეთი მდგომარეობა. კმაყოფილმა გახსნა აქამდე დაჭიმული შუბლი. მიხვდა, დამთავრდა ორ სხეულს შორის წლობით ნაშენები ურთიერთობა. ბოლო მოსულა მანქურთის, რადგან ასეთ თვითნებობას არ აპატიებდა ტომში არავინ. - თავიდანვე უნდა გამეთვალა,- ყვირილს არ წყვეტდა შეიხი. უდაბნოში გამოშლილი ხალხი უკან შებრუნდა კარავში. იცოდნენ, იმ საქმეში ვერ ჩაერეოდნენ, სადაც ილიასი ფიგურირებდა, - უნდა მცოდნოდა, რომ შენი წარსული სადღაც თავს აუცილებლად იჩენდა. რაო, მისმა წარმომავლობამ დაგავიწყა შენი სამშობლო, უმადურო მონავ? იფიქრე, უფლება გქონდა, ეგ თვალები სხვისთვის დაგეთმო, ეგ გული სხვისი არსებით ამოგევსო? მე მოგეცი ის ყველაფერი, რაც ახლა გაქვს. მე გაქციე იმად, რასაც ახლა წარმოადგენ. მონას არ უნდა მისცე იმდენი გაქანება, იფიქროს, რაღაც ეკუთვნის. ჩემი ბრალია, ჩემი, - მეორედ მოქნეული ხელი დაეშვა ილიასის ლოყაზე. ნაბიჯი არ მოუნაცვლებია კაცს, გასწორდა მხრებში. - ვინ იცის, რამდენჯერ მიგემია შენი ხელის სიძლიერე, - ტუჩიდან წამოსული სისხლი მოიწმინდა. ტომის კაცებს დაუძახა შეიხმა, ბრძანა ილიასის შეპყრობა. უფრო გამძაფრებულმა ხმაურმა უბიძგა ელენეს, ნაბიჯი გადაედგა წინ. კარვის გასასვლელს მიუახლოვდა, ცალი თვალით შეათვალიერა სიტუაცია. დაინახა, როგორ დაესივნენ მის იმედს, მის გულშემატკივარს, საყვარელ ადამიანად ქცეულ კაცს. გარეთ გააჭრა მაშინვე, ხელი ჰკრა მის წინ ჩოჩქოლში ჩაბმულ ბედუინს და ხელზე ჩამოეკონწიალა ილიასს, ვინმეს რომ არ წაერთმია მისი თავი. - უკან დაბრუნდი, - ცალი ხელით მებრძოლმა იღრიალა. კარვისკენ უბიძგა ელენეს, მაგრამ ვერაფრით მოიშორა გაჯიუტებული გოგონა. - არ მიგატოვებ, - ცრემლი მოერია, ქვემოდან ახედა წამებში დამშვიდებულ სხეულს, რომელსაც სახეზე დასტყობოდა ელენეს სიტყვებით გამოწვეული გაოცება. როდის იქცა ეს ორი ადამიანი ერთმანეთის იმედად? როდის გაჭირდა ხელის გაშვება იმდენად, რომ საფრთხის წინაშე დააყენეს გაურკვეველი მომავალი? პირზე ხელი იტაცა ელენემ, რა წამსაც ილიასმა ამოიგმინა და ტკივილისგან მოკრუნჩხული მის ფეხებთან დაეშვა. მტრულად ახედა გვერდით მდგომ ბედუინს, შეშის ნაჭერი რომ ეკავა ხელში. რას აკეთებო, უყვირა, მაგრამ რას გაიგებდა უცხო ქვეყნის შვილი. მაშინვე წამოაყენეს, ყურადღება არ მიუქცევიათ აფართხალებული სხეულისთვის, არც ილიასის სიტყვებმა გაჭრა, დასუსტებული რომ ღრიალებდა, ხელი გაუშვითო. ბრძანა შეიხმა მათი დაშორება, სხვადასხვა კარავში გამოკეტეს, მცველი მიუჩინეს ორივეს. იმ ღამით ორკაციან კრებაზე გადაწყდა, რომ მეორე დღეს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდნენ მოღალატეებს. გამთენიამდე ისმოდა ილიასის ყვირილი. ვერავინ იგებდა რას ამბობდა მოღალატედ შერაცხული მანქურთი, ორი ქალის გარდა. ორივე მათგანი სხვადასხვა კარავში იჯდა და ცრემლებს უხსნიდა გზას. ერთს ვერ გაეგო, როგორ სრულებოდა მათი სიცოცხლე ასე უმოწყალოდ, მეორე თავს იდანაშაულებდა და ვერ პატიობდა, კეთილი განზრახვა შვილად გაზრდილის სიცოცხლედ რომ უნდა დაჯდომოდა. გამთენიისას, ცრემლი შეიმშრალა ტაირამ. სამზარეულოდან ილიასის საყვარელი საკვები გამოიტანა და კარავს სიამაყეშერეული ნაბიჯით მიუახლოვდა. კარვის წინ მდგომმა ბედუინმა წინააღმდეგობა გაუწია, შენც მოგკლავენ და ჩემ თავსაც ზედ დაგაყოლებენო, მაგრამ შეუვალი იყო ქალი, წარბი არ შეხრია, თავის გაქნევით ანიშნა, გამეცალეო. დანებების ნიშნად ამოიოხრა კაცმა, გვერდით გადგა ერთი ნაბიჯით. ტაირამ ვერ შეძლო, მაშინვე შესულიყო. ცრემლები აწვებოდა თვალებზე და სასტიკად არ უნდოდა, დანებებული ენახა. რამდენიმე წუთს შეიცადა, მერე მხრით გადასწია კარვის კალთა და სანთლით განათებულ ოთახში შეაბიჯა. ილიასი ელოდაო თითქოს, ძილი არ მიჰკარებოდა, საწოლზე წამომჯდარიყო, თვალს არ აშორებდა საჭმლით ხელში გაშეშებულ დედობილს. - მას მიუტანე, მე არ მშია, - სახელის უხსენებლად მიანიშნა ელენეზე. არ იჩნევდა, მაგრამ ისე დარდობდა, ერთი სული ჰქონდა, რაიმე ამბავი გაეგო მასზე. თუმცა, არაფერი იცოდა ტაირამ, მისი გონება მხოლოდ ილიასს დასტრიალებდა და სხვა ვერაფერზე ფიქრობდა. ჯერ ვერ გაეანალიზებინა, რომ მის სიტყვას ერთი კი არა, ორი ადამიანისთვის გამოეტანა განაჩენი. - არ გკითხავ, როგორ ხარ-მეთქი. ასე მგონია, მაგის უფლება დავკარგე, - ქვეშაგებზე დაემხო მუხლებით, ახლოს მიუტანა რკინის ჭურჭელზე მოთავსებული საჭმელი. ზედაც არ შეუხედავს, თითქოს ამით სჯიდაო ქალს. - მე შენთვის რამე მიწყენინებია? - ხმა ძლივს დაიმორჩილა კაცმა, - რამე დამიშავებია? - რას ამბობ? - ხელები გაასავსავა მაშინვე. - მე კარგი არასდროს ვყოფილვარ, ვიცი. ბევრი დამიშავებია, ბევრი მიუტევებელი ცოდვა მაქვს მხრებზე, ტომში ჩემი ყველას ეშინია და მე ერთი დღეც არ მიცხოვრია ისე, საპირისპირო დამემტკიცებინა ვინმესთვის. შენ კარგად იცი, რამდენად მეორეხარისხოვანია ყველას აზრი ჩემთვის. ისიც ხომ კარგად იცი, ამ ქვეყნად მხოლოდ შენ რომ მიყვარდი? გულში დანა გაურჭესო თითქოს, ქვითინი აუვარდა ქალს. აქამდე არც ერთხელ, არასდროს ეთქვა მისთვის, რას გრძნობდა სინამდვილეში. იმ დღეს ამ სიტყვების გაგება სასიხარულოც იყო და სატანჯველიც. - საკუთარი თავი რომ არ მიყვარს, ხომ იცი? არც საკუთარ სიცოცხლეს რომ ვაფასებ, ეგეც ხომ იცი? ჩემნაირი ადამიანები ერთი დღით მეტადაც არ უნდა სუნთქავდნენ ამ ჰაერს და იცოდე, ხელს არ გავაქნევ იმისთვის, რომ გადავრჩე. მაგრამ, ის? - სუნთქვა გაუხშირდა კაცს. იმაზე ფიქრიც ამძიმებდა, მარტო რომ იყო ელენე კარავში, არათუ ის, ბოლო დღე რომ უთენდებოდა მის საყვარელ ქალს. ქალს, რომელმაც შეძლო და გულის იმ ადგილამდე მიაღწია, არასდროს არავინ რომ არ ყოფილა, - ელენეს აქ ყოფნა ჩემი ბრალია. ეს ჩემ გამოა დღემდე ტყვეობაში. მე რომ ასე გავიზარდე, იმიტომაც მეგონა, ყველა ადამიანი თავისუფლებას ვიღაცის მონობაში ჰპოვებდა, მაგრამ, ხომ ხედავ, კარგი არაფერი მოაქვს ასეთ სიცოცხლეს. მე რომ ვსუნთქავ, ცოცხალი მქვია? მე კარგი, ავდექი და ყველანაირი კონტაქტი გავწყვიტე შენთან. ისევ იმიტომ, რომ შენთან სიახლოვე მასუსტებდა, იმას მართმევდა, რის გამოც მაცოცხლებდნენ. საფრთხეს გიქმნიდა ჩემი არსებობა შენც და წერტილი დავსვი. მე დავაშავე, მაგრამ ამ ამბავში ელენე ყველაზე სუფთაა. რა უფლებით აგდებ სხვა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ? - ხმას აუწია გაუაზრებლად. ვერც მიხვდა, როგორ წამოიჭრა ფეხზე, - რით ხარ ქურდზე ნაკლები? შენ ხომ იცი, ქურდობა ყველაზე დიდ ცოდვად ითვლება ჩვენში. ქურდია ისიც, ვინც სხვის სიცოცხლეს იპარავს, რადგან შენ არ გაქვს უფლება სხვისგან ის წაიღო, რაც შენ არ გიჩუქებია. - მე...არ...ვიცოდი, - ენა დაება ნერვიულობისგან, - არ მეგონა, ასე თუ მოხდებოდა. იმ ღამეს გავიგე, ელენე ომარს როგორ ელაპარაკებოდა. მეგონა, ეშველებოდა, მაგრამ მეორე დილით სიმშვიდე ისე შემაწუხებლად გამეფებულიყო, მივხვდი, აზრი არ ჰქონდა ამდენ მცდელობას. მეგონა ვეხმარებოდი, მეგონა ორივეს გეხმარებოდით. თქვენი საუბარი გავიგე. გავიგე, ომარმა რომ გითხრა, ელენე შეიხამდე არ უნდა მივუშვათო. მე ვიცოდი, არ გინდოდა შენ ეს ქორწილი. ვიცოდი და იმიტომაც მივედი მასთან. მეგონა, გაუშვებდა. გეფიცები, არ მიფიქრია. - მეხმარებოდი? მე შენთვის დახმარება მაშინაც არ მითხოვია, სისხლისგან რომ ვიცლებოდი. მოუშუშებელი იარები სიკვდილს მაგებებდა და შენ რამდენჯერაც ხელიდან გამოსტაცე ჩემი თავი, იმდენჯერ ვიფიქრე, არასწორი იყავი. შეხედე ახლა ჩვენ მდგომარეობას, სიკვდილზე უარესია უსუსურობის განცდა, როცა მისი გადარჩენა გინდა და ვერ შველი. როცა განაჩენი შენივე ხელით გამოუტანე და შენ გამო კვდება. მაგრამ მაშინ არ ვიცოდი, - ხმა დაიდაბლა უეცრად. ტაირას მოეჩვენა, რომ წლობით ნაგები კლდეები მის თვალწინ ჩამოინგრა. - არ იცოდი...? - არ ვიცოდი, სხვა ქალის სიყვარული თუ შემეძლო. - გიყვარს? - ყურებს ვერ დაუჯერა. აქამდე უცნობ მდგომარეობას აკვირდებოდა და მის თვალწინ მდგომ ადამიანში ვეღარ ხედავდა უგულო მანქურთს. - დაეხმარე მას, - სხეული მოუდუნდა. წინააღმდეგობის გაწევის ყოველგვარი სურვილი დაკარგა. ქარივით იჭრებოდა მის გონებაში ელენეს არსებობა. ყოველ გამოჩენაზე სისუსტე ეპარებოდა სხეულში. უნდოდა, ყველაზე მყარი კლდე ყოფილიყო და სუსტი ხესავით ქანაობდა მის წინაშე, - გადაარჩინე. უფლება არ მისცე, რამე დაუშავონ. უნდა იცოცხლოს, აქედან შორს, თავის სამშობლოში. დედასთან უნდა დაბრუნდეს. დაეხმარე. ემოცია დაცლილი წამოიმართა ფეხზე. ვეღარ გაეგო, რა შეეძლო გაეკეთებინა. სწორად გადადგმული ნაბიჯი არასწორი აღმოჩნდა, ვინ მისცემდა გარანტიას, ახლაც ასე რომ არ დაასრულებდა? თვალებით მოესიყვარულა ახალგაზრდა კაცს. მოსვენებას არ აძლევდა ელენეს ტომში გამოჩენის დღიდან გაწყვეტამდე მისული შუბლის ძარღვი. გონებას დაპატრონებული სინდისის ჭია, რომელიც ერთსა და იმავეს ჩასძახოდა. იქამდე მიჩუმებული ენა, რომელსაც ახლა გამოეღვიძა და ერთი სული ჰქონდა, სიცოცხლე ჩაჰბერვოდა. სააშკარაოზე გამოიტანდა წლობით ნანახ საიდუმლოს, თავდაყირა რომ დააყენებდა ბედუინთა ცხოვრებას. სასწორზე შემოაგდებდა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანს და წინასწარ ვერავინ განსაზღვრავდა, რას მოიტანდა სინათლეზე გამომზეურებული ეს სიმართლე. - იცი, მე არასდროს მჯეროდა სისხლის. სულ ვფიქრობდი, ბედისწერა ადამიანს დაბადებიდან თან სდევს და რამდენჯერაც გზიდან გადაუხვევ, იმდენჯერ საწყის პოზიციაზე დაგაბრუნებს, რადგან ის უნდა მიიღო, რაც თავიდანვე გეკუთვნოდა. მაგრამ ერთ მომენტში ვიფიქრე, ყველა ადამიანს ერთნაირი ბედი ხომ არ აქვს? იქნებ, გამონაკლისი აქაც არსებობს და წლები წყალშემდგარი რწმენით ვცხოვრობდი. ამდენ ადამიანში, ამდენ ქალში, შენ მაინც ის აირჩიე. ვერაფერს განსაკუთრებულს ვხედავდი, სანამ არ მითხრა, რომელი ქვეყნის შვილი იყო. მერე მივხვდი, თურმე მართალი ვყოფილვარ. ცხოვრებაა ეგეთი, ყოველთვის სწორად ვერ ივლი. ბედი იქ დაგაბრუნებს, საიდანაც გზას აცდი, თუნდაც ამას მრავალი წელი და საზღვრის ცვლილება დასჭირდეს. - რას გულისხმობ? - გული უცნაურად აუფრიალდა ილიასს. თითქოს იმ საწყის წერტილს მიუახლოვდა, ხშირად რომ ექაჩებოდა უკან. თითქოს რამდენიმე წუთიც და გონებაში გაჩენილ სიბნელეს ნათელი მოეფინებოდა. - რაღაც მკარნახობდა, მისი გამოჩენა შენ ცხოვრებაში დიდ კვალს დატოვებდა. - რას გულისხმობ-მეთქი, - მოუთმენლობისგან ძარღვ დაბერილს ყვირილი აღმოხდა. ტაირას უცნაურად ჩაეღიმა. დილის პირველი სხივის გამოჩენას მოჰყვა ტომში ხმაური. უჩვეულოდ დადუმებულ ილიასს რამდენჯერმე შეაკითხეს კარავში. ერთ წერტილს მიშტერებული დუმილს არ არღვევდა და მხოლოდ გაღებული თვალები აუწყებდა სხვებს, რომ ცოცხალი იყო. ლანგარზე მოთავსებული წინა დღის საკვები ხელში მოექცია. უბრალო პურს დაჰყურებდა და ვერ იხსენებდა, რატომ უყვარდა ასე ძალიან. ნაცნობ სურნელებას სასიამოვნოდ აფრქვევდა, კაცის გონებას სიმშვიდეს ანიჭებდა და მაინც, შიმშილის მიუხედავად, არ ეთმობოდა გასაქრობად. ილიასი ფიქრობდა, ყველაფერს გავიღებ, ოღონდ ახლა ამ მდგომარეობიდან არ გამომიყვანაო, მაგრამ კარავში მოსიარულე ხალხი ნელ-ნელა უკარგავდა ძლივს შენარჩუნებულ სიმშვიდეს. - როგორ მივედით ამ მდგომარეობამდე, ჰა? - ომარის ხმა მისწვდა ყურთასმენას. ერთხელ გახედა მხოლოდ. უსიტყვო, უყველაფრო მზერით დააჯილდოვა მეგობრად წოდებული და საწყის პოზიცია დაუბრუნდა ისევ. - გახსოვს, აქლემები რომ მოვიპარეთ და უდაბნოში დავიკარგეთ? მაშინ მამაჩემმა ისე გცემა, მეგონა დილამდე ვერ გადარჩებოდი. შენ ყვირილს მთელი ღამე მასმენინებდა. გამაფრთხილა, რომ შემდეგ ჯერზე შენ ადგილას მე ვიქნებოდი. მერე მე ჩუმად გავიყვანე აქლემი და დილამდე არ დავბრუნდი. მაინტერესებდა, იყო თუ არა იმის გამკეთებელი, რასაც შემპირდა. იმ ღამესაც შენ გცემეს. იმიტომ, რომ ჩემი თავი შენ მოგაბარეს და შენ ვერც კი გაიგე, როგორ დავტოვე ტომი. მე ისევ მეორე კარავში ვიჯექი და უხილავი ცეცხლით ვიწვოდი. გინდა გითხრა, რას ვფიქრობდი მაშინ? ვფიქრობდი, რომ კიდევ მილიონჯერ მოვიპარავდი აქლემს, თუ მამაჩემი ერთხელ მაინც ჩამთვლიდა იმდენად ძლიერად, რომ თავის გაქნეულ ხელს ჩემთვის გაიმეტებდა. სუსტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ შენ ფონზე ყოველთვის ვიჩაგრებოდი. მერე მე ვეკითხებოდი: „რატომ?“ და ის მპასუხობდა, - „იმიტომ, რომ ატანა შეუძლია“. მთელი შეგნებული ცხოვრება მონის ჩრდილქვეშ ვცხოვრობდი და მეგონა, ამაზე მეტად ვეღარაფერი შეურაცხმყოფდა. თურმე, სად ვყოფილვარ. მთელი ცხოვრება რომ მომპარე, საკმარისი არ იყო? ხმა ამოიღე, ილიას, - სიმშვიდე შენარჩუნებული სახე ჩამოინგრა იმწამს. - წარსულის გახსენება სინდისს გიმშვიდებს? - პურს მოაგლიჯა ერთი ლუკმა, დასუნა ისევ და მერე შეჭამა მხოლოდ. კუჭი დაუმშვიდდა, გონება — ვერ. იმაზე ეფიქრებოდა, ტაირამ თუ შეძლო ელენესთვის საჭმლის შეტანაო. - ჩემ სინდისს დამშვიდება სჭირდება? შენ ვის სინდისზე საუბრობ, მანქურთ? - მაგას რომ მეძახი, თავს უკეთ გრძნობ? - ნუ მაღიზიანებ, ილიას, თორემ, გეფიცები... - რას მეფიცები? - სიმწარენარევი ღიმილი ვერ დაფარა კაცმა, - ჩვენ მეგობრობას? მთელი ცხოვრება ფარული შურით გიცხოვრია, რომელი გულით გწამდა მეგობრობის? - მე ჩვენი მეგობრობისთვის ერთხელაც არ მიღალატია. - მართალია. არ გიღალატია. ვიღაცას ან რაღაცას რომ უღალატო, ის ვიღაც ან რაღაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს შენთვის. შენ არ იცი რა არის მეგობრობა. ნუღარ ვისაუბრებთ. ადრე თუ გვიან, ეს მაინც მოხდებოდა. - არ მოხდებოდა, ის ქალი რომ არა. - ის ქალი, - ლუკმა გაეჩხირა ყელში, ავად შეუტოკდა დამშვიდებული სახე, - ყველაზე დიდ მადლობას იმსახურებს ჩემგან, რომ აქამდე სიბნელეში მყოფი სინათლეზე გამომიყვანა. გაეშვი, ომარ. არ მოგიტანს არაფერს მისი აქ ყოფნა. უფლება მიეცი, წავიდეს. მე ხომ გყავარ? შეგიძლია, მთელი ეგ ბოღმა ჩემზე ანთხიო, მაგრამ მას შეეშვი. - ახლა, - ხმა ჩაიწმინდა კაცმა. გულს ურევდა ილიასის თხოვნა, მისი შემწყნარებელი ხასიათი. ერჩივნა, კვლავ გულცივ მანქურთად ქცეულიყო, რომ უფრო გამარტივებოდა მისი დასჯა, - როცა ვიცი, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებ მის სიცოცხლეს, ორმაგი სიამოვნებით შევაგებებ სიკვდილს და პირობას გაძლევ, ბოლო წამამდე შენზე ვიფიქრებ. დაგაცდი, რომ გლოვამ შეგიჭამოს სიყვარულით სავსე გული და მერე შენც მის გზას გაგიყენებ. იმასაც მოეთხოვება, ვინც შენზე ზრუნავს, - ხელუხლებელ ლანგარზე მიანიშნა, - ყველას მოგიკლავ, ვინც შენთვის რაღაცას ნიშნავს. არადა, მანქურთი ყოფილიყავი მართლა, არ ჯობდა? გული მოიოხაო თითქოს, კმაყოფილი შებრუნდა წასასვლელად. ზურგს უწვავდა მეგობრის ჯერ კიდევ ცოცხალი თვალები და მაინც, ისე ამაყად მიაბიჯებდა, ყელში აწვებოდა გამარჯვების მწარე გემო. სუნთქვას ართმევდა ფაქტი, რომ სძლია, დაამარცხა, მართალი გამოდგა. რომ ერთხელ მაინც, ცალმხრივ ბრძოლაში გამარჯვებული თავად დარჩა. - იმ ღამით, ვიცოდი აქლემი რომ წაიყვანე. მამაშენმაც იცოდა. იმიტომ არ მცემა, რომ ყურადღება ვერ მოგაქციე. იმიტომ მცემა, რომ დავუმალე. არ დაუშვებდა, მასზე წინ ვინმე დამეყენებინა. უნდოდა მეთქვა, რომ ვიცოდი და დარწმუნებულიყო, ჩემი ერთგულება არ შეცვლილა. ჩემი ერთგულება მაშინ არა, ახლა შეიცვალა. ცნობისთვის, - ღიმილით ამოხედა ერთ ადგილზე მიყინულს. კიდევ ერთხელ გაღეჭა პური, გულის სიღრმემდე ჩაიტანა მშობლიური გემო და უცნაურად გაბედნიერებულმა, მოულოდნელად, თვალი ჩაუკრა ომარს, - ადამიანისგან სამუდამოდ ვერ წაიღებ იმას, რაც მისია. ძალით ნაგებმა სიამაყემ ვერ გაუძლო და ვინ იცის, მერამდენედ, ხილულად ჩამოინგრა. - გამოიყვანეთ, - ღრიალით მიადგა ელენეს კარავს ომარი. ელენემ იცოდა, ადრე თუ გვიან მასაც მიაკითხავდნენ. შემზადებული შეხვდა კარავში ბედუინთა გამოჩენას. წარბი არ შეუხრია ერთხელაც. ტუჩები დაეჭამა ნერვიულობისგან, წყალი სწყუროდა. სიცხისგან, სხეულზე, თითქოს ცეცხლი წაჰკიდებოდა. მუხლი ეკვეთებოდა და მაინც გადაეწყვიტა, აუკანკალებლად მდგარიყო მტრის წინაშე. - ერთი რამეა, რასაც ბედუინები არავის პატიობენ: ქურდობა. ქურდია ადამიანი, თუ მას შენგან ის მიაქვს, რაც ნებით არ ეკუთვნის. ქურდობაა მეორესთვის ბედნიერების წართმევაც, შენ მე სწორედ ეგ წამართვი. შენმა არსებობამ მე ერთგული მეგობარი დამაკარგვინა და საზღაური შესაბამისი იქნება. სიცოცხლე იქნება შენი დანაშაულის საპირწონე. ადამიანი ვერ... - „იცოდე, მხოლოდ ერთი ცოდვა არსებობს, მხოლოდ ერთი – ქურდობა, ყველა სხვა ცოდვა ქურდობის ვარიაციაა… კაცს როცა ჰკლავ, მის სიცოცხლეს იპარავ… კაცის ცოლს ქმრის ყოლის უფლებას ჰპარავ, ბავშვებს – მამას, როცა ცრუობ, სიმართლის გაგების უფლებას ჰპარავ ვიღაცას, როცა თაღლითობ – სამართალს“, - სიტყვა გააწყვეტინა ომარს, - თავის დროზე ყურადღება არ გავამახვილე, რადგან საკუთარი თავისთვის საფრთხის შექმნა არ მინდოდა, მაგრამ რადგან თავი ისედაც შარში მაქვს გაყოფილი, ისე არ მოვკვდები, რომ არ გითხრა. ვის აბოლებთ? - რა?! - ქართულად ნათქვამი ბოლო სიტყვები ვერ გაიგო ომარმა. იმასაც არ ელოდა, ხმის ამოღებას თუ გაბედავდა ქალი. - ვის ატყუებთ-მეთქი, ვის? თქვენი მთავარი კანონი ავღანელი მწერლის იდეაზე გაქვთ აგებული, არ იცოდი? მოპარულს უფრო ჰგავს, რადგან თქვენ ის არ ხართ, კანონის წესით განსაზღვროთ ადამიანთა უფლებები. ჩემი აქ მოყვანით, თქვენ მე თავისუფლება წამართვით. ტაირამ მითხრა პირველ დღეს: „ჩვენში ყველაზე დიდ დანაშაულად იცი რა ითვლება? ქურდობა. ქურდობა საწყისია ყველა შემდეგი ცოდვის...“ მაშ, ქურდები გამოდიხართ თუ არა? თქვენივე კანონის საწინააღმდეგოდ იქცევით და შემდეგ, სამართალს სხვის ქმედებაში ეძებთ. - რა უფლებით... - შიში გაუკრთა ხმაში. - კითხვა ხომ გიყვარს? - მეორედ გააწყვეტინა კაცს. ბრაზით ამოიხრიალა ომარმა, ადუღებულ ჩაიდანს ემსგავსებოდა უკვე, - ეგეთი წიგნი არსებობს, „პატარა პრინცი“. თავისუფალ დროს წაიკითხე, ბევრს ისწავლი. ერთი ასეთი მონაკვეთია, ყურადღებით მომისმინე და საკუთარი ტომის პრობლემაც გაითავისე: „ისევე, როგორც სხვა პლანეტებზე, პატარა პრინცთანაც საღი ბალახის გვერდით სარეველა ხარობდა. კარგ ბალახს კეთილი თესლი ჰქონდა, სარეველას - ბოროტი. ... თუკი საქმე ვარდს ან ბოლოკს ეხება, ნებაზე უნდა მიუშვა, დაე, იხარონ. მაგრამ თუ სარეველაა, რაწამს იცნობ, ძირშივე უნდა მოთხარო. ასე რომ, პატარა პრინცის პლანეტაზე საშინელი თესლიც იყო. დიახ, ბაობაბზე მოგახსენებთ. იქაური მიწა ასეთი თესლით იყო სავსე. ჰოდა, ბაობაბს ხელი წამსვე თუ არ მოუთავე, მერე ვეღარაფერს გახდები, მთელს პლანეტას მოედება. თუკი პლანეტა პატარაა, ბაობაბი კი ბევრი, პლანეტა შეიძლება გაიხლიჩოს“. შენ, მამაშენი და თქვენნაირად მოაზროვნე ადამიანები, მარტო ამ ტომის კი არა, მთელი მსოფლიოს სარეველა ბალახი ხართ. ძირშივე რომ არ მოგთხარეს თავის დროზე, იმიტომაც გაიდგით ფესვი და ადამიანთა გონება უკურნებელი შხამით მოწამლეთ. სიტყვას აუწონავი ძალა აქვს. სიტყვით იმართება ყველა. მარიონეტებით გარშემორტყმულხარ, გგონია, ცხოვრება გინახავს, გიმოგზაურია, ათასნაირ ადამიანს შეხვედრიხარ და მაინც, ერთი პატარა უუნარო კაცი ხარ, ქალზე აღმართული ხელით რომ ცდილობს მამას კაცობა დაუმტკიცოს. შენნაირებს ჰაერში ჭამენ ჩემ ქვეყანაში. მე თუ შენი შემეშინდება, მაშინ ვიქნები სიკვდილის ღირსი, მაგრამ შენგან გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი სასაცილოა და მეტი არაფერი. ახლა იცოდე, ჩემი ნებით მოგყვები, რადგან აქ ცხოვრებას, ყოველდღე შენი ლაჩრული, შელახული სახის ყურებას, უდაბნოში უგვამო სიკვდილი მირჩევნია. მამაჩემი იამაყებდა ჩემით, ჩემი სიმტკიცით. რას ვიზამთ, ხასიათში მოგვდგამს ქართველებს უშიშრობა. მტერს არ უჩოქებდნენ ჩემი წინაპრები. სად შევედრები ცაზე მაღალს, მაგრამ ნაკლები სიმტკიცე არც მე გამაჩნია. აბა, დიდხანს ვაპირებთ ასე დგომას? ისედაც თვეებია, უდაბნოში გასეირნებაზე ვოცნებობ. ნერწყვი მძიმედ გადაუშვა ომარმა. თითქოს ფერი დაეკარგა მთელ იმ ძალისხმევას, ქართველის დასჯისთვის რომ უნდა გაეღო. წამით ჩაფიქრდა, რამდენად დაუკმაყოფილებდა შელახულ ეგოს ქალის სიკვდილი, მისცემდა თუ არა იმ შვებას, რაც ასე სწყუროდა. ერთადერთ რამეზე ფიქრობდა მხოლოდ, როგორმე დასუსტებული ენახა ილიასი, რომ საკუთარი თავისთვის ეპატიებინა ყველა ის უთქმელი სიტყვა, გადაუდგმელი ნაბიჯი, რამაც მამის თვალში დაადაბლა და უყველაფრო კაცად აქცია. - შეწყვიტე საკუთარ უსუსურობაში სხვების დადანაშაულება, - მოესმა უცებ. თითქოს კაცის აზრები წაიკითხაო, შეუვალი კედელივით ამაყად იდგა ელენე, - თუ ვინმესთვის რამე გაქვს დასამტკიცებელი, ეგეც შენ სისუსტეს ნიშნავს. - ენა ჩაიგდე, - დაგუბებულმა ბრაზმა იხეთქა. ბინდი გადაჰკვროდა კაცს, გონებიდან არ ამოსდიოდა ქალის სიტყვები. მანტრასავით იმეორებდა ერთსა და იმავეს და თავს იწამლავდა ვერმორეული ფიქრებით. უყურებდა და ამჩნევდა, სახე შესცვლოდა ელენეს. ახლა მის წინაშე ქალი კი არა, ბავშვობის მეგობარი, მტერი და მოყვარე იდგა, ნაცნობი სიმშვიდით უღიმოდა და მხოლოდ ამ ღიმილით ამარცხებდა შეიხის ვაჟს. ცეკვით თელავდა შელახულ ღირსებას და ამ დროს, ადგილიდან არ იძვროდა. ვეღარ ერეოდა აცახცახებულ სხეულს, ლამის სისხლად გადმოღვროდა ნაგროვები ბოღმა. მეორედ აღმართა ხელი ელენეზე, თუმცა ამჯერად, დარწმუნებული იყო, რომ ქალს კი არა, ილიასს ურტყამდა. სჯაბნიდა კაცს, სხვისი ფორმა რომ მიეღო და ახარებდა ფაქტი, ხელის შემბრუნებელი რომ აღარ ჰყავდა. ოხვრა აღმოხდა რამდენჯერმე ქალს. მუხლზე დაჩოქილი უძლებდა ძლიერი ხელის სიმწარეს. ენით ილოკავდა ტუჩის კუთხიდან წამოსულ სისხლს, რკინის გემოთი ავსებოდა პირის ღრუ. გულისრევის შეგრძნება გასჩენოდა, ძალა გამოსცლოდა და მაინც ერთ რამეზე ფიქრობდა მხოლოდ, არაფრით დაენახვებინა სისუსტე სხვისთვის. თავზე ნაჭერ ჩამოცმული გამოიყვანეს კარვიდან. ორი ბედუინი გვერდში ამოსდგომოდა. მოწყვეტილ სხეულს მთელი ტომის დასანახად მიათრევდნენ. ელენეს გონება ერთმეოდა, მაგრამ უცნაური შეგრძნება არაფრით ტოვებდა. მგონი, გავგიჟდიო, ფიქრობდა, მაგრამ ვერაფრით ერეოდა სხეულში შეჭრილ ბედნიერებას. არ ფიქრობდა იმაზე, რა იქნებოდა ბოლოს. მხოლოდ ის მოსწონდა, რომ მისი ტყვეობის დასასრული დაიწყო. - შენ, სამუდამო ბინას დაიდებ უდაბნოს გაუვალ ქვიშებში. შენი სხეულის თითოეული ნაწილი მას შეეზრდება და აღსრულდება ბუნების დაუწერელი კანონი. უდაბნო ისე მიგიღებს, როგორც საკუთარ შვილს. მის კლანჭებში მოქცეული ვერ შეძლებ თავისუფლების დაბრუნებას. ქვიშა წაგართმევს იმას, რაც აქამდე შენი გეგონა. და თითოეული ფიქრი საბედისწერო იქნება შენთვის, რადგან ყოველი წამი, ყოველი წუთი სიკვდილს მიგაგებებს. მაშინ დააფასებ იმ ყველაფერს, რაც აქ გქონდა და ასე ძალიან გძულდა. ეს იქნება შენი სინანულის ბოლო გაელვება, ბოლო წუხილი. ამის შემდეგ შენ არსებას აღარავინ გაიხსენებს. სამუდამოდ დასრულდება შენი ცხოვრება, რადგან მომგონებელი არ გეყოლება. შენი ოჯახი ვერასდროს გაიგებს, რა ბედი გეწია სამშობლოდან შორს. ისინი იფიქრებენ, ცოცხალიაო და მთელ ცხოვრებას შენ ძებნას შესწირავენ. სწორედ ესაა მთელი ამ მსხვერპლის საწყისი. სწორედ ამით იკვებება დამპალი სიცოცხლე. ამაყად გადახედა შეკრებილ საზოგადოებას ომარმა. მოწონების ნიშნად ცერი აუწია მამამ, თავით ანიშნა მერე, დროზე დაამთავრეო. ხელის მოძრაობით გაიცა ბრძანება, ხისგან შეკრულ გადამტანზე შეაგდეს ქალის სხეული. გვერდით მიუჯდა ომარი, თავადვე ეთავა უცხოელისთვის სიცოცხლის მოსპობა. - წავიდეთ? - იკითხა ერთ-ერთმა. - დაძარი. ბრძანება შეასრულა თუ არა, ჩოჩქოლი ატყდა ხალხში. ელენეს ვერ გაეგო, რა ხდებოდა. ხის ტრანსპორტმა სვლას უმატა. წონასწორობის შენარჩუნება უჭირდა. ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა, სხეული უმოწყალოდ ეხლებოდა კედლებს. - თავს ხომ კომფორტულად გრძნობ? - ირონიით ჩაეცინა კაცს. უკეთ მოკალათდა ქალის თავთან. - მახსოვს, - ღრიალმა გაჰკვეთა მდუმარე უდაბნო. - რა? - მოულოდნელობისგან შეჰყვირა ტუსაღმა, თავზე ჩამოფარებული, აყროლებული შავი ნაჭრიდან უშედეგოდ ცდილობდა რაიმეს დანახვას. ილიასის ხმამ ენერგია მოჰმატა სხეულში. გული მოებჯინა ყელში, ცრემლების შესაკავებლად რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა. - მე მახსოვს, ელენე, - არ წყვეტდა ყვირილს. ჯერ კიდევ ახლოდან ესმოდა ხმა ელენეს და ასე ხვდებოდა, შორს არ უნდა ვიყოთო. შეკრული ხელების გათავისუფლებას ცდილობდა, იკლაკნებოდა ბედუინთა მკლავებში მომწყვდეული. ძალა გამოსცლოდა უჭმელს, პირი გაშრობოდა გაუწყლოებულს. - ტყუილად ბორგავ, უცხოელო, - ავად შეუსისინა ყურთან ომარმა. ათასში გამოარჩევდა მის ბარიტონს, საგრძნობლად რომ შეცვლილიყო იმ დღის შემდეგ. ზიზღით გაჟღენთოდა ყოველი სიტყვა, თავს არ იკავებდა, ზედ ანთხევდა გადატყავებულ მუხლებზე დამხობილს, - ვერ დაგეხმარება. ის საკუთარ თავსაც ვეღარ დაეხმარება. - ელენე, - არ ცხრებოდა ხმა უკვე შორიდან. ცრემლებად იღვრებოდა ქალი და მაინც, სიცოცხლის სურვილად სწვავდა ილიასის შორეული ხმა. თითქოს ძალას იკრებდა უკან ჩამორჩენილი ტომის ბედუინი. კაცი, მანქურთად წოდებული. სამშობლოდან ძალით წამოყვანილი, ბავშვობა გამწარებული, ცხელ უდაბნოში სხვა ქვეყანას მიკედლებული, ნაწამები, გაუტეხელი, ადამიანთა სისხლით ხელებშეღებილი, მებრძოლი და მაინც ადამიანად დარჩენილი „არაბი“ კაცი. - მალე მასაც უკან მოგაყოლებენ, - ხმა გაებზარა აქამდე უდრეკად მდგარ ომარს. ის დღეები მოაგონდა, სროლას რომ ასწავლიდა ენაჩავარდნილ ახალტომელს და ისიც, საპასუხოდ, სამზარეულოდან შუაღამისას ჩუმად მოპარულ პურს რომ უწილადებდა ხოლმე, ყველა ტყვიას მის მაგივრად რომ ეღობებოდა, სხვებთან წარბშეკრულს მხოლოდ მასთან რომ ეფინებოდა სახეზე ღიმილი. უსმენდა და გული უკვდებოდა სამშობლოსთან ახლოს მდგომი კაცის განწირულ ყვირილზე. ყველაზე მაღლა იდგა თავმოყვარეობა შეიხის ვაჟისთვის. მიაფურთხებდა სხვა ყველა წესს, მაგრამ სხვას ვერ აპატიებდა მასზე მიფურთხებას. - ელენე, - სუსტადღა მოისმა შორიდან. სუნთქვა შეიჩერა, სმენა დაძაბა. ნელა მიირწეოდა აქლემზე გამობმული „ურემი“ უდაბნოს სიღრმეში. გაბატონებული სიცხე ურჩად ეთამაშებოდა გონებაზე. ქვიშის ხრაშუნისდა მიუხედავად, ნათლად მოესმა ილიასის ბოლო სიტყვები: - ჩემი სახელი გამახსენდა. ძალა იგრძნოო თითქოს მივარდნილ სხეულში, ერთიანად მოედო ცეცხლი მთელ ტანზე. წელში გასწორდა, ძლივს ჩაგუბებული ნერწყვით გაისველა პირის გამშრალი ღრუ. ღრმად ჩაისუნთქა და ამოსუნთქვას ამოაყოლა განწირული ღრიალი: - რა გქვია, მანქურთ? - ნოვა, - მოესმა ექოდ, - ნოვა მახათელი. „ვინა ხარ შენ? მამლუქი? ქართველი? სადა არის შენი სამშობლო? არ გინდა გაიგო, როგორ არიან, სად არიან შენი მშობელი დედა, მამა... სად არის შენი ქოხი, შენი ტეხურა. არ მოგგონებია ისინი შენ ამ შორეულ ქვეყანაში? ეეეჰ, დრო გადიოდა. შენ შეეჩვიე ახალ ცხოვრებას. ბედმა გაგიღიმა. საბრალო მონიდან დიდების მწვერვალს მიაღწიე. ეხლა კი... სად არის დიდება? ეს არის ჩემი დიდება, ჩემი სიმდიდრე, ჩემი საუნჯე, ჩემი სამშობლო“... შორს, ძალიან შორს, რუტინა დაურღვევლად მზე ჩაესვენა. მანათობელი სხეულის ბოლო სხივმა ღიმილი მოჰგვარა ტყვე ქალს. აქლემზე შემომჯდარი ბედუინიდან რომელიღაცა ქალის საშველად ემზადებოდა. . - სერ, ზარია თქვენთან. - სხვა დააკავშირე, მძინავს. - სერ... - მძინავს-მეთქი. - ხომ გაგვაფრთხილეთ, დაკარგულ უცხოელზე ცნობა თუ მოვა, მაშინვე გამაგებინეთო? - მერე? - იპოვეს. . სოფლის გზას ეჭვნარევი მზერით გაჰხედა. გზაჯვარედინზე მდგომმა ვერაფრით გადაწყვიტა, რომელ მხარეს წასულიყო. ვინმე მაინც გამოჩნდეს, სწორ გზას ვკითხავო, ფიქრობდა, მაგრამ მკვდართა სამყოფელს ჰგავდა იქაურობა, კაცის ჭაჭანება არ იყო გზაზე. აქა-იქ შემორჩენილმა ნასახლარებმა აფიქრებინა, კარგა ხნის მიტოვებული უნდა იყოს ეს სოფელიო. კიდევ ერთხელ დახედა საწყლად მოციმციმე რუკას ტელეფონში და ამოიოხრა. დაღამებას იწყებდა. ოქტომბრის დასაწყისს განსაკუთრებით იგრძნობოდა გრძელი ზაფხულის დასასრული. დღეებს ნელ-ნელა შეჰპარვოდა სიმოკლე. მალე თვალთახედვა გაჭირდებოდა და კიდევ უფრო გაძნელდებოდა ადგილის პოვნა. სამარშრუტო ტაქსი მეორე დილამდე აღარ გამოივლიდა და მოუწევდა, ის ღამე ქუჩაში გაეთია. ფიქრმა შეაშინა. შიშის დასტურად, შორს მგლის ყმუილის ხმა გაისმა. ერთი შეჰკივლა, ნაბიჯს აუჩქარა და იმ ერთადერთი სახლის კარს მიადგა, რომლის ფანჯრიდანაც სანათის შუქი ირეკლებოდა. კარზე, მოთმინებადაკარგულმა, რამდენჯერმე ძლიერად დააკაკუნა. სუნთქვა შეიკრა, კარს ყური მიადო. მეორე მხრიდან ფეხის ნაბიჯის ხმა გაისმა. ქალმა შვებით ამოისუნთქა. ამ საღამოს ცხოველის ვახშმად გახდომას გადავურჩიო, იფიქრა და მასპინძელთან შესაგებებლად, სახეზე ყველაზე მეგობრული ღიმილი აიკრა. კარი შუახანს გადაცილებულმა ქალმა გააღო. შავი თავსაბურავიდან შუბლზე ჩამოცურებული თეთრი თმა უკან შემალა და ცნობისმოყვარეობით ავსებული ყავისფერი თვალები ახალგაზრდა, დაუპატიჟებელ სტუმარს შეაგება. - რით დაგეხმაროთ? - ტკბილი ხმით მიმართა. ქალმა თვალი ძლივს მოაშორა მეტად ნაცნობ მზერას. ნერწყვი ხმამაღლა გადაყლაპა. სწორ ადგილას მივსულვარო, გაიფიქრა. - კონსტანტინე მახათელს ვეძებ. ხომ არ იცნობთ? ქალმა წარბები აზიდა. კიდევ ერთხელ ყურადღებით შეათვალიერა გოგონა და რომ დარწმუნდა, ნამდვილად არ იცნობდა, მხოლოდ მაშინ უპასუხა, ჩემი ქმარიაო. - შეგიძლიათ, დაუძახოთ? - აღელვებისგან ყელის ჯირკვლები დაებერა ქალს. - სახლში შემოდით, - ხელით მიიპატიჟა. სახლს სიცარიელისა და წუხილის სუნი ასდიოდა. კედლებში გამჯდარი მარტოსულობა ოთხივე მხრიდან აკვირდებოდა ახალმოსულს. აკი, წლები გასულიყო, ამ სახლის ზღურბლზე უცხოს არ გადმოებიჯა. ნეტავ, საიდან გაიგო ჩვენი ადგილსამყოფელიო, მისაღებისკენ წასული ფიქრობდა მასპინძელი და ვერაფრით აეხსნა გვიან საღამოს უცხოს გამოჩენა. - რამეს დალევთ? საიდან მოდიხართ? - ოოო, - ღიმილით აღმოხდა უცხოს, - მე ძალიან, ძალიან შორიდან მოვდივარ. თქვენთან რომ მომეღწია, მრავალი ომის გადატანა მომიხდა. - ასე რა ძალამ გაწვალა? - სკამი გამოსწია, ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ ორნი. - ენით აღუწერელმა. ბატონი კონსტანტინე ხომ არ შემოგვიერთდება? - ანნა, ვინ არის? - მეორე ოთახიდან კაცის უხეშმა ხმამ ნაცნობი გრძნობით აღავსო სტუმარი. თვალზე მომდგარი ცრემლი თავის გადაწევით უკუაგდო და ფეხზე წამომდგარი შეეგება იმ წამს ოთახიდან გამოსულ კონსტანტინე მახათელს. კაცს, რომელსაც ცხოვრების უსამართლობა შუბლზე გაჩენილ ნაოჭებზე ეტყობოდა. - ჯერ მეც ვერ გამირკვევია, - თავისთვის ჩაიბურდღუნა ქალმა და ფეხზე წამოდგა თავადაც. - ამ გვიან რამ შეგაწუხათ? - დივანზე ჩამოჯდა კაცი. დასაყრდნობად გამოთლილი ჯოხი გვერდით მოიდო და მტკივან ფეხზე ხელი რამდენჯერმე გაისვა. - ბატონო კონსტანტინე, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრათ. არც კი ვიცი, საიდან და როგორ დავიწყო. - ბოლოდან დაიწყეთ, - ცივად გაეღიმა კაცს. - კარგით, - თითქოს ხუმრობას ვერ მიუხვდაო, მაშინვე წელში გასწორდა ქალი. გული ბოლოჯერ აუფრთხიალდა, ყელში გაჭედილი ნერწყვი ბოლოჯერ გადაუშვა სასულეში მძიმედ. ბოლოჯერ ჩაისუნთქ-ამოისუნთქა და როგორც იყო, ამოთქვა, - თქვენი შვილი ვიპოვე. . გაივლის წლები და მოგზაური ქალის ცხოვრებაში, მტკივნეულ იარად დაჩნეული ის რამდენიმე კვირა, კარგი ზღაპარი იქნება შთამომავლობისთვის. ფეჩის გარშემო შემომსხდარი ბავშვები, ზამთრის რომელიმე ცივ თვეს, ვინ იცის მერამდენედ, აუცილებლად მოსთხოვენ მოხუც ბებიას ამბის მოყოლას. ისიც ხელგაშლილი შეეგებება პატარების სურვილს, ხმას ჩაიწმენდს, გონებას დაძაბავს და შელამაზებულად მოყვება ამბავს იორდანიაში მოგზაურობაზე. ბავშვები გაოცებით შესძახებენ გატაცებული ქალის თავგადასავალზე, ერთსა და იმავე კითხვას დასვამენ უცვლელი ინტერესით და გულისყურით მოისმენენ მათზე პასუხებს. იქამდე კი, 2024 წლის ოქტომბრის თვეში, რომელიღაცა რიცხვის რომელიღაცა დღეს, სარკის წინ მდგარი, შუახნის ასაკს გადაცილებული ქალი, ნაზად გადაკეცავს წლობით მოუხსნელ თავსაბურავს. თვალს გაუსწორებს საკუთარი თავის დაბეჩავებულ ვერსიას და პირველად ამდენი ხნის შემდეგ, ღიმილს გაუბედავს დანგრეულ ცხოვრებას. ვინ იცის, მერამდენედ შეაღებს ტკივილით სავსე ოთახის კარს და შიგ ჩაგუბებულ მწუხარებას უმისამართოდ გაუხსნის გზას. ხელს გადაუსვამს უცვლელ თეთრეულს, ბალიშს ჩაიხუტებს და ვერ შემორჩენილ სურნელს ფილტვებში დაიმარხავს. ასე დაელოდება იმ წუთს, როცა შემოსასვლელი კარი გაიჭრიალებს და ერთი ადამიანის ნაბიჯის ნაცვლად, ორის ხმა გააყრუებს მდუმარე კედლებს. . - ბებო, ბებო, იპოვა იმ ქალმა ის ბედუნინი? - ბედუინი, უტვინო. - ჰო, ჰო, ბედუინი. იპოვა? - იპოვა, ბებო, - ღიმილით დაუსვა შოკოლადით მოსვრილ პირზე ხელი. - მერე, როგორ იცნო, რომ ეგ იყო? - ბებო, გვითხარი, ჰა. - სულ ასე როგორ ამთავრებ, ბოლოს რა მოხდა? - ბებოოოოოო...... . მე არასდროს დამვიწყებია უდაბნოს გზებზე გადამხდარი ის თავგადასავალი და ამბავი იმაზე, თუ როგორ გადავარჩინეთ ერთმანეთი უცხო ქვეყანაში დაკარგულმა ორმა სულმა. ——————— შენიშვნა: *-ით მონიშნული მონაკვეთის ძირითადი ნაწილი აღებულია ინტერნეტწყაროდან და გაშინაარსებულია ჩემ მიერ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.