შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სახლი მთაში ( თავი 8)


7-11-2024, 00:28
ავტორი Linda Gavasheli
ნანახია 1 646

თავი 8

მარიამი სიბნელეში უმისამართოდ გარბოდა, ფიქრობდა თუ ტყემდე მივიდოდა ადვილად დაიმალებოდა, ის ხომ ხუთი თითივით იცნობდა იქაურობას, მაგრამ მიუხედავად მცდელობისა მინდორი თითქოს არ მოკლდებოდა, ძალა კი თითქმის აღარ ჰქონდა.
- არ მომეკარო მანიაკო - იყვირა გოგონამ და თავის გათავისუფლება სცადა ანდრეას მკლავებიდან.
- გეგონა ასე მარტივად შეგრჩებოდა? - ძლივს ამოთქვა აქოშინებულმა ბიჭმა. - ასეთი სულელი გეგონე?
- ავადმყოფი ხარ? გამიშვი! - მკლავებში მთელი ძალით ჩააფრინდა გოგონაც.
- ასეთი თამაში როგორ წამოიწყეთ - დანანებით დახედა ბიჭმა - ერთმანეთზე უარესები ხართ ყველა!
- მოკვლას მიპირებ მანიაკო? - სასოწარკვეთა და შიში ჩაუდგა გოგონას თვალებში. ის იმ წუთში ანდრეაში სულ სხვა ადამიანს ხედავდა და მართალიც იყო. იმ მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანისგან არაფერი დარჩენილიყო.
- რა მოკვლას - ხელი ცივად გაუშვა დაბნეულმა ანდრეამ, როცა დაინახა მარიამს მართლა ეგონა, რომ რამის დაშავებას აპირებდა.
- აბა რატომ მომსდევდი - თქვა მარიამმა, როცა დარწმუნდა საკმარის დისტანციაზე იყო მისგან და ბიჭი მიახლოებას აღარ აპირებდა.
- რატომ გაიქეცი? - მთელი სიმშვიდე მოიკრიბა ანდრეამაც კითხვის დასასმელად.
- უცნაურად მიყურებდი და შემეშინდა.
- რისი შეგეშენდა.
- იქნებ ავადმყოფი მანიაკი ხარ! მე რა ვიცი...
- მე ვარ ავადმყოფი მანიაკი და შენ ჯანმრთელი?! - დაკაწრულ მკლავებზე დაიხედა ბიჭმა.
- კარგი, კმარა! შემეშინდა და მორჩა! - კოპები შეყარა გოგონამ - რაზე აპირებდი ლაპარაკს?
- შენს ბიძაშვილებზე...
- ახლა რაღა მოხდა...
- მარიამ რომ გავიგო რომ ეს სპექტაკლის ნაწილია, რომ გავიგო იცოდე...
- რა სპექტაკლის? - გააწყვეტინა სიტყვა მარიამმა.
- რომ გავიგო იცოდე!..
- რა სპექტაკლისმეთქი! - ისევ შეაწყვეტინა გოგონამ.
- რატომ ჩამოხვედი?
- ვერ გავიგე?
- მაინც და მაინც ახლა რატომ ჩამოხვედი ?
- ვალდებული არ ვარ ანგარიში ჩაგაბარო!
- მიპასუხე!
- არ ვაპირებ შენთან ჩემი პირადის განხილვას...
- პირადი არც მაინტერესებს! მაინც და მაინც დღეს ჩამოხვედი და დღესვე შენს ბიძაშვილებსაც გაახსენდათ, რომ მამა-პაპისული სახლი გაიყიდა?
- მე მადანაშაულებ რამეში? - გულწრფელად გაუკვირდა გოგონას - მე რა შუაში ვარ მაგათ ჩამოსვლა არ ჩამოსვლასთან?
- ამის გარკვევას ვცდილობ ზუსტად.
- მათ ჰკითხე მერე, მე რას მეკითხები?
- შენგან მინდა გავიგო!
- არ ვიცი! - მხრები აიჩეჩა გოგონამ - ჩემგან არ აუღიათ ნებართვა.
- არც იცოდი - დააზუსტა ანდრეამ.
- არა!
- რატომ არ მჯერა შენი?!
- საკუთარ თავს ჰკითხე მე რატომ მეკითხები?!
- მარიამ, თამაშის ხასიათზე არ ვარ!
- არც მე! ვერ ვხვდები რაში მადანაშაულებ... რა უნდა გაიგო ამოღერღე ბოლო-ბოლო რისი თქმა გინდა!
- არაფრის, ამ ერთხელ დავიჯერებ, რომ არაფერ შუაში ხარ. - ანდრეას ეჭვის ჭია კი არა ჭიები ღრღნიდნენ, მაგრამ გადაწყვიტა... გადაწყვიტა ამ ერთხელ მაინც არ აჰყოლოდა. იქნებ ცდებოდა?! შემცდარა კიდევაც. მაგრამ მაშინ არ აინტერესებდა. მაშინ სხვა ტკივილის მსხვერპლი იყო. ძველმა იარებმა გადასძლია. იქნებ წარსულისთვის აღარ უნდა მიეცა უფლება ემართა?! იქნებ დრო იყო ახლა, ამ დროში ეცხოვრა, ეს სახლიც ხომ ამისთვის უნდოდა... აქ მაინც ყოფილიყო საკუთარი თავისგან შორის, იმ ხალხისგან შორს ვინც აიძულებდა ის ყოფილიყო ვინც მათ გვერდით იყო. –‘’რა ჯანდაბა გჭირს ანდრეა?!’’ - გულში ეკითხებოდა საკუთარ თავს და საკუთარ გაორებულ ბუნებაზე ბრაზობდა. რატომ არ შეეძლო ან ერთი ყოფილიყო ან მეორე. ან რატომ გამოეჩხირებოდა ხოლმე მისი ეს კაცთმოყვარე ნაწილი თუ არ შეეძლო ამად დარჩენილიყო. შუაღამე იდგა, მაგრამ ღამის სიბნელესაც არ შეეძლო მისი სახიდან ამ გაორებული ბუნებით გამოწვეული ცვლილებების დაფარვა.
- მართლა ავადმყოფი ხარ! - დაასკვნა მარიმმა - კიდევ ვერ მოინელე, რომ ქმრად გამოგაცხადე?
- ეგ არაფერ შუაშუა... - ფიქრებიდან გამოერკვა ბიჭი.
- მაშინ რა ხდება ადამიანურ ენაზე ამიხსენი.
- არ მინდა შენში იმედი გამიცრუვდეს ეს არის და ეს.
- ჩემში? - გაუკვირდა მარიამს - ზედმეტად აპირადულებ ყველაფერს. არ მაინტერესებს რას იტყვიან მეზობლები, როცა წახვალ. რაც უნდა ის იფიქრონ და თქვან, ერთადერთი ის მადარდებს ვინმე ენაჭარტალამ დედაჩემს არ დაურეკოს, დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა... ვიცი, რომ არ დარჩები. მაგრამ თუ არ მომყიდი პირობას გაძლევ სახლის შენს ნახევარსაც საკუთარივით მოვუვლი... - ეს ყველაფერი კი ისე ჟღერდა მარიამის მხრიდან თითქოს ზავის დადებას სთავაზობდა.
- ეჭვიც არ მეპარება - მრავალმნიშვნელოვნად თქვა ანდრეამ და გოგონას შეხედა. პირველად შეამჩნია, რომ მარიამს საოცრად ლამაზი თვალები ჰქონდა. გადაკალმული წარბები, ხშირი, გრძელი წამწამები და ნათელი, თაფლისფერი თვალები.
- ასე ნუ მიყურებ!
- როგორ?
- როგორც!
- კარგი - თავი ჩახარა ბიჭმა - არ წავიდეთ?
- არა, სანამ ბოლომდე არ მეტყვი რა გიტრიალებს მაგ სულელ თავში იქამდე არა. - ანდრეა აქამდეც შეუმკიათ ეპითეტებით, მაგრამ სულელი თავი გაქვსო ჯერ არავის ჰქონდა ნათქვამი.
- დაივიწყე არ აქვს მნიშვნელობა...
- დავივიწყებდი ერთ ჭერქვეშ რომ არ გვიწევდეს ცხოვრება, მინდა ვიცოდე როგორ აზროვნებ.
- ცუდად! - მოკლედ მოუჭრა ბიჭმა.
- სულ ეს არის?
- კი.
- კარგი ერთი. შეფერხებები რომ გაქვს ტვინში მაგას უკვე მივხვდი...
- სულ შეურაცყოფები უნდა მაყენო?
- არა, რატომ?! კომპლიმენტებსაც გეტყვი ხოლმე ხანდახან, როცა კარგ ხასიათზე ვიქნები.
- კარგ ხასიათზე ხარ როდესმე?
- არასდროს! - თქვა მარიამმა მოჩვენებითი ჩაფიქრების შემდეგ.
- გასაგებია - გაიცინა ბიჭმა - წავიდეთ სანამ ისევ ვიკამათებთ რამეზე.
- რატომ მითხარი რომ სულელი მეგონე? - არ ეშვებოდა მარიამი. - მართლა მაინტერესებს რა იფიქრე... იმედია - ეჭვნარევად შეხედა გოგონამ მას - არ ფიქრობ რომ მე ჩამოვიყვანე... ასე ფიქრობ! რა თქმა უნდა! - იმედგაცრუება დაეტყო ხმაში - ყოჩაღ ანდრეა! სწორად გამოიცანი, აბა რა!
- კარგი შეწყვიტე, ამის გამო ბოდიშს არ მოგიხდი... სრული უფლება მქონდა მეფიქრა...
- შენი ბოდიში არ მჭირდება! სახლში წამიყვანე და თავი შორს დაიჭირე ჩემგან შენი ფიქრებიანად! - მანქანისკენ დაიძრა გოგონა, ის მართლა იმედგაცრუებული იყო და ანდრეაც გრძნობდა ამას, მაგრამ მისი შეჩერება აღარ უცდია.
- მანიაკი გეგონე - უთხრა გოგონას მას შემდეგ რაც მანქანაში ჩასხდნენ.
- შემაშინე და იმიტომ. მე კი შენთვის მიზეზი არ მომიცია.
- სიტუაციამ მომცა.
- ეგ ჩემი ბრალი არ ყოფილა...
- რატომ უნდა დამეჯერებინა?
- იმიტომ, რომ მატყუარა არ ვარ.
- ერთმანეთს არ ვიცნობთ.
- მე გენდე და შენგანაც იგივეს ველოდი...
- აღარასდროს ენდო უცხო ადამიანებს...
- მადლობა! პირველ რიგში შენთან დაკავშირებით გავითვალისწინებ ამ რჩევას.
- კარგი.
- კარგი?! მხოლოდ კარგი?! - სიბრაზემ ჩაანაცვლა ისევ იმედგაცრუება გოგონას ხმაში - გასაგებია! თქვენი აღმატებულება როგორ იტყვის, რომ შეცდა და როგორ მოიხდის ბოდიშს!
- შევცდი მარიამ, ბოდიში - საჭეს თითების გათეთრებამდე უჭერდა ანდრეა, მისი ნერვების სიმყარის ზღვარიც არსებობდა და მარიამი როგორღაც ახერხებდა მუდმივად ზღვარზე ევლო განსაკუთრებით მაშინ როცა ‘’თქვენს აღმატებულებას“ ეძახდა და ამ სიტყვებში ზიზღს და ირონიას აქსოვდა - ეს საკმარისია?!
- თუ იმიტომ ამბობ ამას რომ გგონია სახლის ნახევარს მოგყიდი ძალიან ცდები.
- გავიგე, რომ სახლი არ იყიდება და სიცოცხლეს გამიმწარებ თუ დავრჩები, ყველაფერი გავიგე.
- და მაინც რჩები.
- მაინც ვრჩები - დაეთანხმა ბიჭი და მანქანა გააჩერა.
- ავადმყოფი ტვინი რომ არ გქონდეს უფრო ადვილად ასატანი იქნებოდი.

***

მარიამის დილა შუადღეს დაიწყო. სხვანაირად ვერც იქნებოდა წუხანდელი დღის შემდეგ. ტელეფონს დახედა, კიდევ რამდენიმე გამოტოვებული ზარი და ესემესი. - არა! დილას ვერ გავიფუჭებ! - გაიფიქრა გოგონამ და სამზარეულოსკენ წავიდა. გულიკო ბებია რაღაც ძალიან გემრიელს ამზადებდა. ნაცნობი სურნელი იდგა, მაგრამ ნამძინარევი მალევე ვერ გამოერკვა რას აცხობდა მოხუცი.
- კექსი - სიხარულით შემოჰკრა ტაში გოგონამ - როგორ მიყვარდა შენი გამომცხვარი ტკბილელული ნეტა იცოდე - ისე მოეხვია მოხუცს თითქოს მეზობლი ან და შორეული ნათესავი კი არა მისი ნამდვილი ბებია ყოფილიყო.
- ვიცოდი რომ გაგეხარდებოდა ბებია. რძეც ცხელია და ისაუზმე.
- რძე - თითქოს ბავშვობაში დაბრუნდა მარიამი. რამდენი წელი იყო გასული მას შემდეგ რაც დილა რძით აღარ დაუწყია. ალბათ მას შემდეგ რაც სოფელში აღარ ჩამოსულა, ან რაც წამოიზარდა. დაფიქრდა, მაგრამ ვერაფრით გაიხსენა. სოფლის რძე უყვარდა, მაგრამ ქალაქში ყუთებში და პლასტმასის ბოთლებში დაბეჭდილ რძეებს ვერაფრით აუღო ალღო. ვერ ხვდებოდა რა მოსწონდა ხალხს იმ წყალ-წყალა რაღაცის, რძის ფხვნილის გემო რომ ჰქონდა. მერე დაფიქრდა და გაახსენდა, რომ სახლში განსხვავებული ფორმის მინის ბოთლები და ქილები ჰქონდათ, რომლებზეც დედა ამბობდა მაწვნის არისო. რა თქმა უნდა მინის ქილაში იქნებოდა რძის ნაწარმი საბჭოთა ეპოქის დროს, რაც უნდა გასაკვირი იყოს მაშინ ხომ უფრო მეტი ყურადღება ექცეოდა ხარისხს. საბჭოთა კავშირზე ფიქრმა ‘’ტიგრანა’’ გაახსენდა და თავისთვის ჩაეცინა - მართლაც რა უნდოდა წვენებში. თავის თავზეც ასევე ფიქრობდა რამდენიმე დღის წინ, როცა მოიჯარე გამოჩნდა. დარწმუნებული არ იყო, რომ სწორ გადაწყვეტილებას იღებდა. დარწმუნებული არ იყო, რომ შეძლებდა, რომ გაძლებდა, მაგრამ მაინც გადადგა ნაბიჯი ისე, რომ უკან დასახევი გზა არ დაიტოვა. იპოთეკით ნაყიდი ბინა გააქირავა ბანკის ვალის გადასახდელად, ბარგი ჩაალაგა და წლობით დაკეტილი სოფლის სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა.
- ის ბედოვლათი არ გამოჩენილა? - სასხვათაშორისოდ იკითხა და ჭამა განაგრძო.
- ქალაქში წავიდნენ ბებია, ჩემი გურამიც გაყვა, ასე თქვა მესერი უნდა მოვხსნა და წესიერი ღობე გავაკეთოო.
- ჩემს მხარეს ხელი არ დააკაროს თორემ მოვკლავ მაგ უბედურს, რამეს თუ აკეთებს არ უნდა შემითანხმდეს?! - გაცხარდა გოგონა.
- აკეთებს ბებია, ხო არ აშავებს, ასე რატომ აითვალწუნე ეს ბიჭი.
- იმიტომ, რომ ქედმაღალი, ამპარტავანი იდიოტია - მიაყარა ეპითეტები მარიამმა და გულიკო ბებიას სახის დანახვისას მიხვდა, რომ გადააჭარბა - წუხელ იცი რა მითხრა?! შენ უთხარი იმ იდიოტებს, რომ ჩამოსულიყვნენო.
- არა ბებია, მაგას როგორ გეტყოდა... - მაშინვე მიხვდა გულიკო ბებია ვინ იდიოტებს გულისხმობდა მარიამი.
- ზუსტად ასე მითხრა! უფრო სწორედ არ მითხრა მაგრამ, მითხრა რომ ასე იფიქრა.
- მოდი ბებია მის ადგილზე დადექი რას იფიქრებდი...
- ჩემს ადგილზეც მშვენივრად ვგრძნობ თავს, არაფერში მჭირდება მისი ადგილი - ეწყინა მარიამს გულიკო ბებიას მცდელობა გაემართლებინა ბიჭი.
- გულიკო ბიცოლა, გულიკო ბიცოლა - საუბარი შეაწყვეტინათ ძახილმა.
- მოხვედი მამუკა?! - ისე კითხა კაცს მოხუცმა თითქოს მის წინ არ მდგარიყო - გურამიმ დამიბარა მოვაო და უპატივცემულოდ არ გაუშვაო.
- ჯერ საქმეები მაქვს გულიკო ბიცოლა, მაგრამ უკანა გზობას აუცილებლად გამოგივლით.
- კარგი ბიცოლა, გურამიც მოვა ამ დროში და სუფრა ჩემზე იყოს.
- გურამი ბიძიამ გოჭებიც წამოიყვანეო, მაგრამ არ არიან ისეთები, რომ ყიდულობს ხოლმე და მომდევნო შაბათ-კვირას წამოვუყვან.
- წიწილები ხო არიან კარგები არ დამღუპო იცოდე, ბოვშებს ველოდები ამ ზაფხულს.
- კი ბიცოლა, ახლად დაჩეკილებიც მყავს და წამოყვინჩილებულებიც, აირჩიე რომლებიც გინდა. - მამუკას სოფელში ყველა იცნობდა, დასავლეთიდან ყავდა ცოლი, სამეგრელოდან. იქიდან მოყავდა ხოლმე წიწილებიც და გოჭებიც. მოივლიდა სოფელს მოიკითხავდა ვის რამდენის ყიდვა უნდოდა და ყოველი გაზაფხული ასე იწყებოდა. გურამი ბიძია განსაკუთრებულად უყვარდა, გულიკო ბიცოლაც. უბრალო, პატიოსანი და მშრომელი ხალხი იყვნენ და ამ უბრალოებასაც სცემდა პატივს და მათთან თავს ვალშიც გრძნობდა. ადრე როცა გაუჭირდა, გურამი ბაბუა დაუდგა გვერდით. მაშინ ჯერ კიდევ არ იცნობდა კარგად, ახალი დაწყებული ჰქონდა საქმე და არც საქმეს იცნობდა კარგად. ფულს წინასწარ არ იხდედა, სიმამრი ჩაუდგა თავდებში და ისე მოყავდა გოჭები, ყიდდა და ფული შემდეგ მიჰქონდა. ერთი ასეთი წამოყვანაც იყო და ერთი მანქანა გოჭები დაეხოცა. მაშინ არ იცოდა, რომ ვეტერინართან უნდა გაევლო ჯერ კონსულტაცია, მოეკითხა აცრილები იყვნენ თუ არა და სხვა დიდი თუ მცირე ნიუნსები გაეთვალისწინებინა. გურამი ბაბუაც ელოდებოდა თავის შეკვეთას. გოჭების ამბავი, რომ გაიგო შეფიქრიანდა. სამყაროში სადაც სხვისი ჭირი, სხვისი პრობლემაა მთელი საღამო იჯდა და ფიქრობდა ახლა რა უნდა ექნა წვრილ შვილის პატრონს. დილას ინათა თუ არა მეზობლის ბიჭი გაგზავნა - უთხარი მოვიდეს ჩემთანო. დაელაპარაკა, დააიმედა და წინასწარაც მისცა თავისი შეკვეთის ფული და სახურავის შესაცვლელად გადადებულიც ასესხა, იმ ხალხთან პირი არ შეირცხვინო ბიძია და მე როგორც მოგეცეს საშუალება ისე დამიბრუნეო. იმ დღეს თითქოს მეორედ დაიბადა მამუკა. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, მაგრამ სიკეთე არ დავწყნია ბიჭს. გურამი ბაბუას არ უყვარდა საჩუქრად არაფრის დატოვება, არც ფასზე იცოდა შევაჭრება, მაგრამ პრივილეგიას იტოვებდა პირველს აერჩია ჩამოყვანილი წიწილები იქნებოდა თუ გოჭები. მამუკაც თავის მხრივ არასდროს ეუბნებოდა გასაყიდ ფასს, ამის გამო საყვედურებიც მიიღო. გურამი ბაბუამ შემთხვვეით გაიგო, რომ ის ფასი დიდი ხანია აღარ ღირდა აღარც წიწილები და აღარც გოჭები, რა ფასსაც მამუკა ეუბნებოდა. დატუქსა ბიჭი, ცხოვრება წვალებაა შვილო, შენ წვალობ, ოჯახს წყდები, ამხელა გზაზე მიდი-მოდიხარ, საწვავის ხარჯი გაქვს, საკვების ხარჯი, ვეტირინარს ფულს უხდი... უმადური კაცი არ ვარ შვილო, ვხედავ რომ დაინახე სიკეთე, მაგრამ მეორედ რომ მასე ქნა აღარ ვიყიდი შენგან არაფერსო.
- რა საყვარლები არიან - თქვა მარიამმა პატარა, ყვითელი წიწილების დანახვისას - რა ღირს?
- ესენი შეკვეთით მყავს ჩამოყვანილი - უთხრა მამუკამ - აი, ესენი მყავს მეტობაში - ოდნავ წამოზრდილებზე ანიშნა მარიამს.
- ესენიც საყვარლები არიან.
- ბებია ცოტა მოზრდილები ვიყიდოთ, რომ კვერცხის დადება მალე დაიწყონ - დაარიგა გულიკო ბებიამ გოგონა. - მიდი მამუკა აურჩიე და ჩვენს ანგარიშზე ჩაწერე, მოვა გურამი და გაგისტუმრებთ მერე.
- რას ამბობთ გულიკო ბებია მასე არ მინდა.
- მე მინდა. - თქვა ქალმა და მასთან წინააღმდეგობას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან მამუკაც მის მხარეს დადგა. მარიამმა ერთი ფიქრი იფიქრა საერთოდ არ გამოვართმევო, მაგრამ არ სურდა, რომ უხეშად გამოსვლოდა და დათანხმდა.

***

- გურამი ბაბუა რა გითხრა მარიამმა რატომ ჩამოვედიო - ჰკითხა ანდრეამ მოხუცს. ის ჯერ კიდევ წუხანდელი აზრების ტყვეობაში იყო და ჰაერივით სჭირდებოდა მეტი გაეგო მარიამის მიზნების შესახებ.
- არაფერი უთქვამს შვილო, მხოლოდ ის თქვა სხვა გზა არ მაქვს, ეს ერთი წელი აქ უნდა ვიცხოვროო. შენ რას აპირებ, რა ილაპარაკეთ წუხელ?
- თავისი წილის გაყიდვა არ უნდა, სხვაზე რაზე უნდა გველაპარაკა?!
- ერთ ჭერქვეშ ცხოვრება არ იქნება ლამაზი, ხალხი გაიგებს და რა იქნება ჭორი და რა მართალი აღარ ექნება მნიშვნელობა, იმდენი ითქმება...
- მისთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ რას იფიქრებს...
- ახლანდელ ახალგაზრდებს არ აინტერესებთ სხვისი აზრი, ჩემი შვილიშვილებიც ასე არიან, ჩამოვლენ და გონიათ აქაურობაც ქალაქივით არის. მერე რაღაცას მოკრავენ ყურს და გული მოსდით, იმან ჩემზე ეს როგორ თქვაო. არ იჯერებენ ადამიანის ნათქვამს, არ გაუგიათ სადაც ჩახვალ იქაური ქუდი უნდა დაიხუროო. მარიამიც ასეა, ახლა ამბობს ამას და მერე გვიანი იქნება სინანული.
- სიანანული?! არ იცნობდეთ მაინც - გაიცინა ბიჭმა - მას მხოლოდ გაბრაზება შეუძლია...
- ეჰ, შვილო - ამოიოხრა კაცმა - ჩემი ხნის რომ იქნები მეტი გეცოდინება ცხოვრებაზეც და ადამიანებზეც. ხანდახან რაც ჩანს იმის მიღმა უნდა გაიხედო, რომ ადამიანის დანახვა შეძლო.
- ისეთი ხასიათი აქვს, არაფრის დანახვის სურვილი აღარ მაქვს - თქვა ბიჭმა, მაგრამ ამ სიტყვებს გულწრფელობა აკლდა. მან წინა ღამით მარიამის თვალები დაინახა. მხოლოდ თვალები არა, თვალებს მიღმაც დაინახა რაღაც, თითქოს სულის ნაწილს ირეკლავდა მზერა, თითქოს ეს აძლევდა ელფერს, თითქოს ამის გამო იყო ასეთი მშვენიერი...
- აცადე ბაბუა, დრო სჭირდება, გაიაზრებს ყველაფერს, დამშვიდდება და დაილაპარაკეთ მერე... ისიც უთხარი ქალაქის ბინა, რომ დათმე ამ სახლისთვის, უნდა იცოდეს მაგანაც...
- ეგ არ უთხრათ! - აღარ დაასრულებინა აზრი მოხუცს, ისე შეაწყვეტინა სიტყვა ანდრეამ.
- რატომ შვილო?
- მისი ამბავი რომ ვიცი ამასაც არასწორად გაიგებს და უარესად გაჯიუტდება.

***
- ირა რაღაც უნდა გამირკვიო - დაურეკა ანდრეამ მარჯვენა ხელს და საუკეთესო მეგობარს.
- ისევ იმ სახლს ეხება საქმე? - სიცილი გაერია ბიჭის ხმას - ახლა რაღა მოხდა.
- მარიამს ეხება საქმე.
- რისი გარკვევა გინდა?
- ყველაფრის!
- მაინც?
- ყველაფრის - გაიმეორა ბიჭმა - რასაც შეძლებ ყველაფერი გაარკვიე.
- ბევრი რამ შეგვიძლია...
- ჰოდა ბევრი გაარკვიე. - გაღიზიანება დაეტყო ანდრეას ხმას.
- დილას შევხვდი იმ ხალხს...
- მერე? - მაშინვე მიხვდა ბიჭი ვის გულისხმობდა ირაკლიმ.
- კონტრაქტი გავატანე წასაკითხად...
- რას ფიქრობ?
- ასეთების მეტი რა გვინახავს ძმაო, ნორმალური ლაპარაკი ვერ შეირგეს და მომიწია კბილების ჩვენება, ახლა იციან ვისთან აქვთ საქმე.
- იმედია არ გადაამლაშეთ.
- შენი ნომერი მთხოვეს, მაგრამ არ მივეცი, ვუთხარი თუ საჭიროდ ჩათვლის თავად დაგირეკავთმეთქი.
- იმედია აქ არ ჩამომაკითხავენ.
- არამგონია გაბედონ.
- იმედი მაქვს...
- ჰო, მართლა ხვალ არ დაგავიწყდეს შენები ჩამოდიან...
- მახსოვს, მახსოვს - გაიმეორა ბიჭმა და ტელეფონი გათიშა.

***
ალეკო და დათო მთელი დღე თათბირობდნენ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. სიძე პოლიციელი არ აღმოჩნდა, მაგრამ ხალხი ვისთანაც კომუნიკაცია მოუწიათ ‘’ხელწამოსაკრავადაც’’ არ მოეჩვენათ. ირაკლი მათი გადასახედიდან შარვალ-კოსტუმში გამოწყობილ განსგსტერს უფრო გავდა ვიდრე ოფისის თანამშრომელს. მეტი უნდა გაერკვიათ. კონტრაქტის დასაწყისში გარკვევით ეწერა სახელი, გვარი და პირადი მონაცემები, პირველ ეტაპზე ეს საკმარისი იყო ძიების დასაწყებად. ამ საუკუნეში ყველაზე მეტად ინფორმაცია და საჭირო კონტაქტები ფასობს. დათომ რამდენიმე ზარი განახორციელა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ანდრეას ფესვები აფხაზეთსა და რუსეთში უნდა ეძებნა. მიღებული ინფორმაციით კმაყოფილი არ დარჩენილა, მაგრამ შემდეგი ნაბიჯის გათვლა შეიძლებოდა.

***
- არ უნდა შემთანხმებოდი ღობის შეცვლას თუ აპირებდი? - ეზოში შემოსვლა არ აცადა გოგონამ ანდრეას ისე გადავიდა შეტევაზე.
- რა უნდა შეგითანხმდე მარიამ? - მშვიდად გახედა ანდრეამ ჩაწოლილ მესერს და სიძველისგან გამომპალ ბოძებს.
- უნდა შემითანხმდე როცა რამის გაკეთებას აპირებ! - გაიმეორა გოგონამ. - ისე იქცევი თითქოს არ ვარსებობ!
- ფიქრობ რომ ასე უნდა დავტოვოთ?! კარგი.
- არა, ასე არ ვფიქრობ.
- აბა რაშია პრობლემა?
- არაფერს მითანხმებ და იმაში.
- კარგი გავითვალისწინებ! - ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა ბიჭს სახეზე. - უბრალოდ დრო დავზოგე.
- მეც დავზოგე დრო - ვალში არ დარჩა მარიამი.
- რას გულისხმობ?
- წიწილები ვიყიდე...
- წიწილები - წარბის აწევით თქვა ანდრეამ.
- წიწილები - გაიმეორა მარიამმა.
- ჩემს სახლში...
- სახლში არა, ეზოში.
- ჩემს ეზოში
- ჩვენს ეზოში, - შეუსწორა გოგონამ.
- გამორიცხულია!
- უკვე ვიყიდე.
- აქ ვერ მოიყვან!
- მოვიყვანე და თავსაც მშვენივრად გრძნობენ. - უკანა ეზოში მოფუთფუთე ყვითელ წიწილებზე და მოზრდილ ვარიებზე ანიშნა მარიამმა.
- გასაგებია - მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა ანდრეამ. ადგილი სადაც მის წარმოდგენაში აუზი უნდა ყოფილიყო მომავალ ქათმებს დაედოთ ბინა. - ანუ ასე...
- ასე!
- კარგი!
- კარგი!
ანდრეამ ღრმად ამოისუნთქა, ზურგი უსიტყვოდ აქცია მარიამს, გურამი ბაბუას და გულიკო ბებიას დაემშვიდობა და საჭეს მიუჯდა.
უნდა წამოსულიყო. ახლა მისგან რაც შეიძლება შორს უნდა ყოფილიყო, რომ რამე ისეთი არ ექნა, რასაც მერე ინანებდა.

***

მარიამი მთელი დღე დადიოდა გამარჯვებული იერით ეზოში:
- "ვნახოთ სადამდე გაუძლებ ქალაქის ბიჭუნავ" - ფიქრობდა და შინაგანად ემზადებოდა რა ფასს ეტყოდა წილის გამოსასყიდად. მან ხომ არაფერი იცოდა შეთანხმების შესახებ, რომელიც სამოთახიანი, ახლად გარემონტებული ბინით აძვირებდა სახლის ნახევარს.
- ‘’იმედია რამე გონივრულს მეტყვის’’ - ჩაილაპარაკა თავისთვის და გურამი ბაბუას მიადგა წიწილების გამოსაკვებად ღერღილი, რომ ეთხოვა.
- სად უნდა დააბინაო ბაბუა? - კითხა მოხუცმა.
მართლაც სად უნდა დაებინავებინა ამაზე საერთოდ არ უფიქრია. ეზოს მოავლო თვალი. მის ბავშვობაშიც ყავდათ წიწილები, ქათმები, იხვები, ბატებიც და პირუტყვიც, მაგრამ მაშინ მათთვის გამოყოფილი სადგომიც ჰქონდათ, რომელიც უპატრონობას ცამოექცია.
- გურამი ბაბუა აივანზე რომ მოვუწყო დროებით საბუდარი რა იქება ვითომ?
- მაგი არ ქნა ბაბუა თუ არა ვეღარ მოიცილებ მერე მანდედან.
- სამაგიეროდ იმ საძაგელს მოვიცილებ, რომ აუჩემებია ჩემი სახლია და აქ უნდა ვიცხოვროო. ვნახოთ ერთი სადამდე გაძლებს.

- ამ საქმეში ჯიბრი არ ივარგებს ბაბუა, თან არაა ცუდი ადამიანი და იქნება მორიგებაზე იფიქროთ.
- კაი გურამი ბაბუა რას ამბობთ, საქართველოში, რომ კაცი აუქციონზე სოფლის სახლს იყიდის, როგორ შეიძლება წესიერი ადამიანი იყოს.
- მთლად ნუ გაატან შვილო წყალს. აქ დაბადებული და გაზრდილი, რომ იყოს შეიძლება არც ეყიდა, მაგრამ კარგი გგონია შენ მაგი?! აგერ ხედავ რამდენი გამოკეტილი ჭიშკარია?! უკან აღარავინ ბრუნდება.
- მე დავბრუნდი!
- რამდენი ხნით შვილო. მოვა ზამთარი და შენც გაიხურავ კარს, მომდევნო ზაფხულს კი ან შეძლებ ჩამოსვლას და ან ვერა.
რაღაცაში მართალი იყო გურამი ბაბუა. წლები ისე წავიდა ერთი კვირითაც ვერ ახერხებდა ჩამოსულიყო და სახლისთვის დაეხედა. კორონას დროს, როცა ყველაფერი დაკეტილი იყო და ხალხმა სოფელს მიაშურა მისთვის არც მაშინ იყო დასვენება. მაშინ თან სტუდენტი იყო, თან სპარში მუშაობდა. სწავლა, რომ ონლაინ რეჟიმზე გადავიდა ღამის მორიგედ დაიწყო მუშაობა, ყოველ ღამე მუშაობდა და დღე ეძინა, რადგან ემიგრაციაში წასული დედა მხოლოდ იმდენს ახერხებდა, რომ სწავლის ფული გადაეხადა. პანდემიამ სრული პარალიზება გამოიწვია, დაგროვილ ვალებს და ბინის ქირას კი გადახდა უნდოდა. ახლაც ხომ იგივე სიტუაციაში იყო. მაიამ ოპერაცია გაიკეთა და ვეღარ შეძლო პროცენტების ხდა. მარიამის სასაცილო ხელფასი კი რას გასწვდებოდა ამდენს. მოჯადოებული წრიდან გამოვიდა, კონსულტანტობა მიატოვა და პროფესიული კუთხით ნახა ონლაინ სამსახური. ანაზრაურება დიდი არ იყო, მაგრამ სოფელში ცხოვრებას ეყოფოდა და ეს დაწყევლილი ‘’სამუშაო გამოცდილებაც“ დაუგროვდებოდა, რომელსაც თითქმის აკვნიდან ითხოვდნენ დამსაქმებლები.
უცნაური ქვეყანაა საქრთველო ამ მხრივ, თუ ახლობელი ან ნათესავი გყავს იმ სფეროში, სადაც დასაქმება გსურს შეუძლია გზა გაგიკვალოს, მიუხედავად იმისა პროფესიონალი ხარ თუ არა, მაგრამ თუ ‘’ პატრონი’’ არ გყავს მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას ვალდებული ხარ გქონდეს დიპლომ(ებ)ი , სერთიფიკატები, გავლილი გქონდეს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, მინიმუმ სამ ენას ფლობდე სალაპარაკო დონეზე, იცოდე კომპიუტერული პროგრამები, შეგეძლოს სტრესულ გარემოში მუშაობა და შენის პარალელურად აკეთო ოცი თანამშრომლის საქმე, რადგან დამსაქმებელს კადრი არ აჰყავს, ან შენს ‘’კისერზე’’ ზუსტად ეს ახლობლობით გზა გაკვალული თანამშრომლების ვალდებულებებია გადმოსული და ჰო, კიდევ, ვინ ჯანდაბა ხარ ხმის ამოღების უფლება რომ გქონდეს! თუ რამე არ მოგწონს გზა დიდია. ესეც ჩვენი დასაქმება და დამსაქმებლები. მარიამიც ზუსტად ისეთივე მსხვერპლი იყო კერძო სექტორის კაბალური კონტრაქტების, როგორიც სხვა ათასობით მისი თანატოლი ჩვენი ყოველდღიურობიდან.
- რაო რა თქვა სად ვცხოვრობდი აქამდეო.
- აფხაზეთიდან არის შვილო, იქ დაიბადა მაგრამ მერე მოსკოვში გადავიდნენ საცხოვრებლად...
- რუსია? - სიტყვა შეაწყვეტინა გოგონამ მოხუცს.
- რუსი რანაირად არის შვილო. აფხაზეთი საქართველოა.
- აფხაზეთი კი არის საქართველო, მაგრამ მოსკოვია რუსეთი. ახლა გასაგებია საიდან აქვს ოკუპანტური გამოხტომები... - დოინჯი შემოირტყა გოგონამ - ჩამოვიდეს ერთი მაგას ვუჩვენებ როგორ უნდა ოკუპაცია!
გურამი ბაბუას აღარაფერი უთქვამს, ან რა უნდა ეთქვა, ყველაფერი ისედაც ცხადი იყო. მარიამისთვის მიზეზს მნიშვნელობა არ ჰქონდა, ის ყოველთვის ეძებდა საბაბს მასზე გაბრაზებულიყო და როცა ადამიანს სურს, ნებისმიერი მიზეზი მიზეზია.


----
შემდეგი თავი ასე მალე აღარ იქნება, უფრო სწორედ ამის შემდეგ ახალი თავები 2-3 დღის ინტერვალით დაიდება და თან უკვე დადებულებსაც სჭირდებათ რედაქტირება laughing მოკლედ შაბათს ან კვირას იქნება მეცხრე თავი blush



№1 სტუმარი ნანამია

მარიამს ცოტა ,, ფსიქოლოგიური პრობლემებიც" ხომ არა აქვს...არავისი არ ესმის... ახალგაზრდებს კი,,უქრით" თავში , მაგრამ ეს სხვა დონეა აშკარად...

 


№2  offline მოდერი Linda Gavasheli

ნანამია
მარიამს ცოტა ,, ფსიქოლოგიური პრობლემებიც" ხომ არა აქვს...არავისი არ ესმის... ახალგაზრდებს კი,,უქრით" თავში , მაგრამ ეს სხვა დონეა აშკარად...

ვნახოთ ჯერ ახლა დაიწყო ისტორია laughing დრო გვიჩვენებს sweat_smile

 


№3 სტუმარი სტუმარი ნათია

ანტიგმირია ეს გოგო რა :(

 


№4 სტუმარი ნათ

Linda Gavasheli
ნანამია
მარიამს ცოტა ,, ფსიქოლოგიური პრობლემებიც" ხომ არა აქვს...არავისი არ ესმის... ახალგაზრდებს კი,,უქრით" თავში , მაგრამ ეს სხვა დონეა აშკარად...

ვნახოთ ჯერ ახლა დაიწყო ისტორია laughing დრო გვიჩვენებს sweat_smile

მალე დადე რაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent