მეორე სიცოცხლე (ნაწილი I)
-გილოცავთ, საქმე ოფიციალურად დახურულია სამინისტროს ერთ-ერთ კაბინეტში შეკრებილი სპეციალური ოპერაციების გუნდი მეთაურის მიმართვას ოვაციებით შეხვდა, შემდეგ კი მშვიდად დაიშალა. -ალექსანდრე, შენ რჩები, საქმე მაქვს. ვერანდაზე გავიდნენ, მამაკაცმა სიგარეტის კოლოფი გაუწოდა ალექსს და მშვიდად დაარტყა რამდენიმე ნაფაზი. -მეგონა შვებულება მეკუთვნოდა. ზაზამ წარბები აზიდა -ეს საქმე დაგაინტერესებს. -ზურაბ ვაჩნაძე და მისი ოჯახი ხომ გახსოვს?-რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ განაგრძო. -რა თქმა უნდა,-კბილებიდან ჩუმად გამოცრა. -წამოდი, კაბინეტში გავაგრძელოთ,-მხარზე ხელი ფრთხილად დაჰკრა ზაზამ. -ახალ ოპერაციას უნდა ჩაუდგე სათავეში,-დაიწყო როგორც კი კაბინეტში შევიდნენ,-ზურაბის ოჯახში გგზავნით, მისი ქალიშვილი უნდა დაიცვა. -გამორიცხულია,-ირონიულად გაიცინა ბიჭმა,-მე არც პირადი დაცვა ვარ, არც ძიძა, მითუმეტეს იმ გოგოსი. ის იყო ალექსანდრემ წამოდგომა დააპირა, ზაზამ რომ შეაჩერა. -ეგ გოგო ლევანი ბერიძის დაკავების ერთადერთი გზაა,-მისი ხსენებისას ალექსი წამოენთო, თვალებში ზიზღი ჩაუდგა,-ამდენი წელია დავდევთ და მის წინააღმდეგ ჯერ კიდევ არანაირი სამხილი არ გვაქვს, ძველ საქმეებს უნდა დავუბრუნდეთ. -სამი წლის წინ მომხდართან ახლა მიბრუნებას რა აზრი აქვს? ეგ საქმე ისე ჩაიფარცხა, ნა*****რ გეგეშიძეს შეაწმინდეს ხელი, დანარჩენი ყველა გამოძვრა. -იმიტომ რომ გოგომ ხმა არ ამოიღო,-მშვიდად მიუგო ზაზამ,-მამამისმა დახმარება მთხოვა. როგორც ჩანს, ლევანი ისევ გააქტიურდა. უნდა რომ მისი ქალიშვილი დაიცვას, ლევანი არ გაჩერდება სანამ ზურაბს არ გაუსწორდება და მისი პარტნიორის მკვლელობისთვისაც შურს არ იძიებს. -ხმა არ ამოიღო? -აი ასე, არავინ დაადანაშაულა,-ხელები გაშალა ზაზამ,-მტკიცებულებები მხოლოდ გეგეშიძის ბრალეულობის დამტკიცებას ეყო და ეგეც სპეცოპერაციისას დაიჭრა, მეორე დღეს კი ჩაძაღლდა. ზაზამ უჯრიდან საქაღალდე ამოიღო და წინ დაუდო. პირველივე გვერდიდან ნაცნობი სახე უყურებდა. შავთმიანი გოგონა ყავისფერი თვალებით, გრძელი წამწამებით, პატარა ცხვირითა და სავსე ტუჩებით. საკმაოდ ლამაზი იყო. ზუსტად სამი წლის წინ მისი სახე ყველა საინფორმაცოში ტრიალებდა, როგორც ცნობილი ბიზნესმენის გატაცებული ქალიშვილი. -კარგად შეისწავლე მისი ისტორია, არც ისეთი მარტივი იქნება მასთან ურთიერთობა. ხვალ მათთან გადახვალ. საერთოდ არ ეპიტნავებოდა გატუტუცებული გოგოს ძიძობა. თუმცა ლევანის გამოჭერას წლებია თავადაც ცდილობდა, ამიტომ დიდხანს აღარ უყოყმანია, ფაილი გამოართვა და კარისკენ დაიძრა. -ალექსანდრე, გუნდს გაბარებ, შეგიძლია წაიყვანო როცა დაგჭირდება-სიტყვა დააწია ჩაფიქრებულმა ზაზამ. ალექსიმ თავი უსიტყვოდ დაუკრა და კარში გაუჩინარდა. *** საღამოს ლუდის თანხლებით აივანზე საქაღალდემომარჯვებული იჯდა. ელა ვაჩნაძე, დაბადებული 2001 წლის 3 აპრილს. -კი, ნამდვილად ძიძობას მიპირებენ,-მშრალად ჩაეცინა. 3 წლის წინ გაიტაცეს მამამისის და ლევანი ბერიძის სამშენებლო კომპანიებს შორის დაპირისპირების გამო, მას შემდეგ, რაც თითქმის 1 წლიანი მოლაპარაკების შემდეგ მიწის ნაკვეთების გადანაწილებაზე ვერანაირი გზით ვერ შეთანხმდნენ. ამას გარდა, ზურაბმა უარი განუცხადა ლევანის ბავშვობის მეგობრისა და პარტნიორის შვილს, ირაკლი გეგეშიძეს ქალიშვილის მითხოვებაზე, რის გამოც ოჯახმა მეორე მტერიც გაიჩინა. ზურაბისთვის ჭკუის სასწავლებლად ელა ვაჩნაძე გაიტაცეს. ზუსტად 2 თვე მისი ადგილმდებარეობა არავინ იცოდა. არც ვაჩნაძეებთან გამოსულა არავინ კონტაქტზე რაიმე მოთხოვნით. საბოლოოდ გოგონა ვაჩნაძეებთან ანონიმურად მისულმა წერილმა იხსნა, სადაც მისი ადგილმდებარეობა ეწერა. სპეცოპერაციისას გარდაიცვალა ირაკლი გეგეშიძე, დაცვის ერთი წევრი და ლია ბარბაქაძე, რომელიც ლევანი ბერიძის ვილაში მოახლედ მუშაობდა. ალექსანდრემ ხელები მომუშტა, ყვრიმალები დაებერა. ელა ვაჩნაძემ საავადმყოფოში 6 თვე გაატარა სხეულის მძიმე ტრამვების გამო. ოთხი ჩამსხვრეული და არასწორად შეხორცებული ნეკნი, მოტეხილობები, ჭრილობები სახესა და მთელს სხეულზე, გაუპატიურება. თვითმკვლელობის ორი მცდელობა. არანაირი თანამშრომლობა გამოძიებასთან. 2 წელზე მეტია საზოგადოებაში არ ჩანს. ალექსიმ ფაილი მაგიდაზე მოისროლა და შუბლი ნერვულად მოისრისა. გამორიცხულია 2 თვის განმავლობაში რამე არ შეემჩნია. როგორმე ელა ვაჩნაძე უნდა აელაპარაკებინა. *** დილას ადრე ვაჩნაძეების აგარაკისკენ გაემართა, სადაც იმ უბედური შემთხვევის შემდეგ დასახლდნენ. სახლს დიდი გალავანი არტყავდა, ყოველ კუთხე-კუნჭულში კამერები დაემონტაჟებინათ. მანქანით მისთვის გაღებული კარი გაიარა და დაინახა, როგორ გამოვიდა მასთან შესაგებებლად ზურაბ ვაჩნაძე. -ალექსანდრე ბარბაქაძე, არა? -დიახ,-გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება. -მე ზურაბ ვაჩნაძე ვარ, ეს ჩემი მეუღლეა, ნინო,-გვერდით მდგარ ქალზე მიუთითა,-ზაზამ მითხრა რომ ჩვენს საჭიროებებზე დეტალური ინფორმაცია გაქვს. -ასეა,-მშვიდად მიუგო ალექსანდრემ. -ელას მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება,-ისედაც სევდიანი თვალები კიდევ უფრო აუწყლიანდა ნინოს,-ხომ გესმით, ისედაც ძალიან ბევრი გადაიტანა და კიდევ რამე რომ მოხდეს... -არავის მეთვალყურეობა არ მჭირდება,-ქალის ცივი, თუმცა სუსტი ხმა გაისმა და ალექსიმ თავი ავტომატურად მიატრიალა ხმის პატრონისკენ. მოულოდნელად ელდა ეცა, სიფერმკრთალისა და აშკარა მოუვლელობის მიუხედავად, ელა ვაჩნაძე ნამდვილ ნიმფას ჰგავდა. ჩვეულებრივ ჯინსსა და ფართო მაისურში იყო გამოწყობილი. თავაწეული იდგა გამართული, თუმცა ალექსის მახვილ თვალს მის თვალებში ჩამდგარი შიში მაინც არ გამოპარვია. ელამ დაჟინებული მზერა მამაკაცისკენ მიმართა და წამიერად შეცბა მისი ცივი გამოხედვისა და საოცრად ღრმა, ლურჯი სფეროების დანახვისას. ალექსანდრემ კიდევ ერთხელ გაიაზრა, რომ მისი მიზანი არც ისეთი მარტივი მისაღწევი იქნებოდა. -ელა, ეს ალექსანდრეა, თავის საქმეში გამოცდილი და სანდო ადამიანი. დროებით დაგვეხმარება, რომ უსაფრთხოდ იყო,-წამოიწყო ზურაბმა. -აზრი არ აქვს მამა, უკვე გითხარი. მხოლოდ ერთადერთ რამეს გთხოვთ - მარტო ყოფნას. მეეჭვება ბატონმა ალექსანდრემ ჩემს ამ სურვილს პატივი სცეს,-გესლიანად ამოთქვა გოგონამ. მზერა ისევ იქვე მდგომ უცხო მამაკაცზე გადაიტანა და სწრაფადვე დააიგნორა უცნაური გრძნობა, რაც მისი გამოხედვისას ეუფლებოდა. "ასე ნუ მიყურებ"-გონებაში შეუღრინა ალექსს. -დასკვნების გამოტანამდე შეგვიძლია საუბარი ვცადოთ. მე ალექსი ვარ,-ხელი მეგობრულად გაუწოდა, თუმცა ავად გაუღიმა. ელა კაცს ჩანაფიქრს მიუხვდა. იმასაც მიხვდა, მისი შიშები კარგად ცნობილი რომ იყო ალექსანდრესთვის და გამოწვდილი ხელის დანახვისას ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. ზურაბი და ნინო სიტუაციას გაოცებულები აკვირდებოდნენ. -მოდი ელა, უბრალოდ მეგობრული ჟესტია,-ირონიული ღიმილი სახიდან არ მოუშორებია, ისე გადადგა მისკენ ნაბიჯი. გოგონამ უკან დაიხია. არათუ უცხოების, საკუთარი ოჯახის წევრების შეხებასაც გაჭირვებით უძლებდა. თუმცა ალექსის პირველივე გამარჯვებას არ დაუთმობდა. გაუბედავად გაუწოდა ხელი. კაცმა მისი პატარა ხელი მჭიდროდ მოიქცია საკუთარში და ღიმილით დახედა. ელას სუნთქვა შეეკრა, სისუსტე იგრძნო, სწრაფად გამოაცალა ხელი, შეტრიალდა და უკანმოუხედავად წავიდა კოტეჯისკენ. ალექსანდრეს გააზრებული ჰქონდა, ელა ყველასგან შეცოდებას რომ იღებდა და მისი ცივი ხასიათიც მხოლოდ თავდაცვის მცდელობა რომ იყო. ამიტომ არ აპირებდა, ქალის ახირებებს აჰყოლოდა და ადრე გადატანილი ამბების გამო მისთვის პრივილეგიები მიენიჭებინა. ასე ვერ გატეხავდა. -მასთან საუბარი რთულია, ამ პერიოდში ძალიან შეიცვალა-ცივად თქვა ზურამ და დაამატა-ბიბლიოთეკაში ავიდეთ. აგარაკი ერთი ორსართულიანი სახლის, მოშორებით მდგარი ხის კოტეჯისა და უზარმაზარი გამწვანებული ეზოსგან შედგებოდა. ყველაფერი გემოვნებით იყო გაკეთებული. ერთი შეხედვით იმასაც იფიქრებდით, ვიღაცას ზედმეტი დრო ჰქონდა და არ იცოდა რაზე დაეხარჯაო. როგორც ეზოს, ისე სახლის დეკორაციების თითოუელ დეტალზე აშკარად ბევრი იყო ნაფიქრიც და ნამუშევარიც. ზურაბი ალექსს ბიბლიოთეკაში შეუძღვა და სავარძლისკენ მიუთითა. თვითონ პატარა მაგიდისკენ დაიძრა და ალექსანდრეს ვისკი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. სასმელი თავად ჩამოისხა ჭიქაში და მშვიდად დაიწყო. -გეგეშიძესთვის ვიცოდი თავადვე რომ უნდა გამომეჭრა ყელი იმისთვის, რაც ელას დამართა. მოგვიანებით ყველა იქ მყოფ მოძალადესაც გავუსწორდი. ლევან ბერიძის შემთხვევაში საქმე სხვანაირადაა. ვიცი რომ ყველაფერში მისი ხელი ურევია, მაგრამ კონკრეტულად რის გამო უნდა მოვთხოვო პასუხი და რა დოზით, ეგ არ ვიცი. ელა არაფერს ამბობს, თითქოს ის 2 თვე არც არასდროს მომხდარა. თუმცა მის მერე ძველი ელა აღარც მინახავს. სახეზე ხელი ჩამოისვა და ჩაფიქრებულმა გააგრძელა-ლევანის სისხლით უსაფუძვლოდ ხელს ვერ გავისვრი. ვიცი, ბევრ სიბინძურეშია გარეული მაგრამ მეტი დეტალი მჭირდება. -ლევანი ბერიძე იშვიათი ნაძირალაა-დაუდასტურა ალექსანდრემ. -გარკვევაში უნდა დამეხმარო. გენდობი. რახან ზაზამ შენ გამოგგზავნა, მიზეზიც ექნება. -ლევან ბერიძის გამოჭერისთვის საკუთარი ინტერესები მამოძრავებს. რაც შეეხება ელას, ერთი თხოვნა მაქვს- დარწმუნებული ვარ, ძალიან გაჯიუტდება. ამდენი ხანი ჩაკეტილია, უცხო ადამიანს თავის გარემოცვაში მარტივად არ შეეგუება. დრო უნდა მომცეთ და მისი პრეტენზიები დააიგნოროთ. -დიდი ტრამვა გადაიტანა, გულს ნუ ატკენ,-მუქარით შეხედა ზურამ. -ეგ ყველაზე ნაკლებად მინდა-მშვიდად მიუგო და წამოდგა. *** ელა სახლისგან მოშორებით, ცალკე კოტეჯში ცხოვრობდა, რომლის აშენებაც მას შემდეგ ითხოვა, რაც მისმა მშობლებმა მისი თვითმკვლელობის მცდელობებისგან შეშინებულებმა, ცალკე საცხოვრებლად გადასვლაზე კატეგორიული უარი უთხრეს. რადგან მარტო ყოფნას აქაც მშვენივრად შეძლებდა, დათანხმდა და წელიწადზე მეტი იყო, რაც ხის კოტეჯი მის სამფლობელოდ ქცეულიყო. მიუხედავად დიდი ფართისა, კოტეჯი შემაშფოთებლად ცარიელი იყო, მინიმალური რაოდენობის ავეჯითა და დეკორაციების თითქმის არარსებობით. ელას ძირითადი გასართობი უამრავი წიგნი და წინა საუკუნის გადმონაშთი, ძველისძველი პლეიერი და ყურსასმენები იყო. ახლაც საწოლზე იწვა, საყვარელ მელოდიას უსმენდა და დაისის ფერებს აკვირდებოდა, როდესაც კარზე ჩუმი კაკუნი გაისმა, რამოდენიმე წამში კი კარი დაუკითხავად შემოგლიჯეს და უკვე ნაცნობი ფიგურა თავზე წამოადგა. -რა ჯანდაბას აკეთებ-წამოიკივლა და შეშფოთებული წამოჯდა. ალექსანდრემ ყურიც არ შეიბერტყა, საქმიანად განაგრძო ოთახის თვალიერება და ყველა კუთხის დეტალური შესწავლა. -შენ გეკითხები!-ახლა უკვე ფეხზე წამოიჭრა ელა, სიბრაზისგან ლოყები აწითლებოდა. -მაინტერესებს სად ვიცხოვრებ ეს პერიოდი. აქაურობის დეტალური შესწავლა მჭირდება-მშრალად მიუგო და გამჭოლი მზერით გახედა, შემდეგ კი საქმეს მიუბრუნდა. ელას შეაკანკალა. -ჩემს კოტეჯში და მითუმეტეს ოთახში არაფერი გესაქმება. დაუკითხავად რატომ შემოხვედი? -დავაკაკუნე-მხრები აიჩეჩა და დაამატა-თანაც იმედები უნდა გაგიცრუო, მეორე სახლიდან აქ ვერ დაგიცავ. -რისი თქმა გინდა? -ცოტა ხანი შენი მეზობელი ვიქნები,-თვალი ჩაუკრა და გვერდითა ოთახზე მიუთითა. ამჯერად აივნის კარი გააღო და თავი ინტერესით გაყო. -შეუძლებელია -შეუძლებელს ვერაფერს ვხედავ, უკვე ჩანთებიც შემოვიტანე,-აივნიდან გამოსძახა,-ჩემს ოთახს ასეთი კარგი ხედები არ აქვს. გოგონას თვალები აუწყლიანდა, ხმის ამოღება ვეღარ შეძლო, ყურსასმენი საწოლზე მიაგდო და ოთახიდან გავარდა. -ან ის წავა ამ სახლიდან ან მე,-კივილით შეუვარდა ზურაბს ბიბლიოთეკაში. -ელა დამშვიდდი,-უკან მოჰყვა ნინოც. -მშვიდად ვარ, როცა მარტო ვცხოვრობ ჩემს საკუთარ სახლში. რატომ შემომისახლეთ ის არანორმალური? ისედაც მთელი სახლი დაცვის წევრებით და კამერებითაა სავსე. -წინა ჯერზე ამ ყველფერმა ისინი ვერ შეაჩერა, არ მინდა რამე ცუდი განმეორდეს. -იმაზე ცუდი ვეღარ მოხდება რაც მოხდა! მაცადეთ რომ უბრალოდ ვიცოცხლო,-თვალები აუწყლიანდა. -ისევ საფრთხე გემუქრება შვილო,-ნინომ ხელები მხრებზე ფრთხილად წაავლო და მუდარით შეხედა,-უნდა დაგიცვათ. ცოტა ხანს აიტანე ის ბიჭი. -მათგან ვერ დამიცავთ, დედა,-ჩუმად ამოიხრიალა,-ვერავინ დამიცავს თუ ჩემამდე მოსვლა მოინდომეს. მირჩევნია მოვიდნენ და დასრულდეს ყველაფერი. -გეყოფა,-ტონს აუწია ზურამ და ქალიშვილს შეხედა,-ყველანაირ მოთხოვნაზე წამოგყევი, მაგრამ ამას არ ავიტან. ვერ ავიტან რომ ჩვენზეც კი აღარ ფიქრობ, შენს პატარა დაზე აღარ ფიქრობ. ყოველთვის მებრძოლი იყავი და კი, ახლაც ამას ველი შენგან. ის ბიჭი შენს გამოფხიზლებას თუ ეცდება, მე ხელს არ შევუშლი,-წყნარად დაამატა და კაბინეტიდან გავიდა. -დაელაპარაკე დედა,-ახლა ნინოზე გადაერთო. -მამაშენს მეც ვეთანხმები ელა, მეორედ შენს უბედურებას ვეღარ გავუძლებ. *** როდესაც კოტეჯში დაბრუნდა, აივანზე ჩამომჯდარი ალექსი დალანდა, სიგარეტს ეწეოდა, სახეზე გამარჯვების ღიმილი დასთამაშებდა. ელამ გაღიზიანებულმა ჩაუქროლა და კარიც ხმაურით მიუჯახუნა, რასაც ჩუმი ჩაცინება მოჰყვა. -აუტანელი,-ამოიგმინა და საწოლზე მოწყვეტით დაეშვა. *** სამი წლის წინ ფეხშიშველი გარბოდა მეჩხერ ტყეში. შემოდგომა იყო, გამხმარი ტოტები და ბალახები ტერფებზე მტკივნეულად ესობოდა. ტკივილისა და შიშისგან ტიროდა მაგრამ თავს საშუალებას არ აძლევდა დასუსტებულიყო და მდევარი წამოსწეოდა. ის იყო ტრასაზე მიმავალი მანქანების შუქს თვალი მოჰკრა და თავი სამშვიდობოს დაიგულა, როცა სახეზე მძიმე დარტყმა იგრძნო და თვალთ დაუბნელდა. -ამას შეხედეთ, ვინ დაბრუნებულა,-როდესაც თვალები გაახილა, ისევ საძულველი სახე დაინახა. ცივ იატაჯზე იჯდა, კედელზე აყუდებული. -გითხარი ჭკვიანად მოქცეულიყავი, რატომ არ ისვენებ? სანამ რამის თქმას მოასწრებდა კიდევ ერთი დარტყმა იგრძნო. -თუ გგონია რახან ირაკლის მოსწონხარ, ვინმე შეგიცოდებს, ძალიანაც ცდები. აქ არავინ ხარ, საერთოდ არავინ,-თმაში ხელი წაავლო და სახესთან ძალიან ახლოს უჩურჩულა. ელას ცრემლები გაუჩერებლად სდიოდა, ლოყა ეწვოდა, გახეთქილი წარბიდან სისხლი სდიოდა. -ვაჟა, ცოტა შეაშინე ჩვენი ურჩი გოგო, მეორედ გასეირნება რომ აღარ გაბედოს,-შემდეგ ელას მოუბრუნდა,-შემდეგში ასეთი მარტივი სასჯელი აღარ იქნება,-თითი დაუქნია და ბნელი ოთახიდან გავიდა. -გთხოვ, არ გინდა,-წამოიკივლა როცა კაცი წამის მეასედში თმაზე დასწვდა და წამოაყენა, მისკენ შეაბრუნა და სანამ კიდევ რამის თქმას მოასწრებდა, ხელი ინერციით გაუქანა. ელა საწოლისკენ გადაქანდა, მკერდით კიდეს მიენარცხა. აუტანელმა ტკივილმაც არ დააყოვნა. სუსტი კივილი ამოუშვა თუმცა ჰაერი აღარ ეყო. ტკივილი გაძლიერდა ვეღარ უძლებდა ფილტვებიც ჰაერისგან სულ დაეცალა გრძნობდა, ისევ ითიშებოდა... *** ხმაურმა გააღვიძა. ტანსაცმლიანს გაუშლელ საწოლზე ეძინა. ელა იყო, ელა კიოდა. სწრაფად წამოვარდა, იარაღს ხელი დაავლო და წინ მდებარე კარს მიუახლოვდა. სახელური ჩამოსწია. რა თქმა უნდა, დაკეტილი იყო. ბევრი აღარ უფიქრია, უკან დაიხია და ხის კარს საკეტში წიხლი ჩაარტყა. ოთახში როგორც კი შევარდა, ის სურათი დახვდა, რასაც არ ელოდა. საწოლზე წამომჯდარ ქალს გულზე ხელები მიეჭირა და ამოსუნთქვას ცდილობდა. იარაღის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა და თავი გააქნია. -აქედან გადი,-ძლივს ამოიხრიალა -დახმარება გჭირდება,-ცივად მიუგო, იარაღი კომოდზე ჩამოდო და საწოლს მიუახლოვდა. პანიკური შეტევა ჰქონდა. კარგად იცნობდა ამ მდგომარეობას. წინ ჩამოუჯდა. -ღრმად ჩაისუნთქე, ელა,-მშვიდად უბრძანა თუმცა ელა სიზმრიდან გამოყოლილი ემოციებისგან გაუჩერებლად კანკალებდა და დამშვიდებას უშედეგოდ ცდილობდა. -მიდი, შეგიძლია პატარავ,-ხელი ფრთხილად შეახო მის ხელს. ალექსის თბილი ხელიდან წამოსული სასიამოვნო იმპულსები საკმარისი აღმოჩნდა ელასთვის, რომ ყურადღება გადაეტანა, თავი სამშვიდობოს ეგრძნო და სუსტად ამოესუნთა. რამდენიმე წუთის შემდეგ სუნთქვა აღიდგინა, ფერიც ნელ-ნელა უბრუნდებოდა. -ნამდვილი ველური ხარ, რას ერჩი ჩემს კარს-სასოწარკვეთილმა ამოთქვა, როგორც კი ლაპარაკი შეძლო. -ახლა გასაგებია ასე იზოლირებულად რატომ ცხოვრობ,-რამდენიმეწუთიანი სიჩუმე დაარღვია. საწოლის გვერდით იატაკზე იჯდა, ზურგით კიდეს ეყრდნობოდა და გოგონას საბოლოო დაწყნარებას ელოდა. ელამ არაფერი უპასუხა. -ასე ხშირად გემართება? -საკმაოდ, შემდეგზე აღარ შეწუხდე, თავადაც ვუმკლავდები. ალექსანდრემ წყრომით ახედა და წამოდგა. -კიდევ თუ რამე დაგჭირდა... -აღარ დამჭირდება,-შეაწყვეტინა გოგონამ, თავი გვერდით გაატრიალა და ჩუმად დაამატა,-გთხოვ, ამაზე ზურას და ნინოს ნუ ეტყვი. -ტყუილად ჯიუტობ, უბრალო დახმარების მიღება სირცხვილი არაა,-იარაღი ხელს გააყოლა და ოთახი დატოვა. როგორც წესი, შეტევის შემდეგ გამთენიამდე დაძინებას ვეღარ ახერხებდა ხოლმე. თუმცა ამჯერად უცნაური სიმშვიდე შემოეპარა და მისდა გასაკვირად, მალევე ჩაეძინა. ჩაძინების წინ კი მტკიცედ გადაწყვიტა, მისი ახალი მეზობელი, რომელიც იმ პირადი ცხოვრების ნაფლეთებშიც კი შემოუძვრა, რაც გააჩნდა, ყველა ხერხით თავიდან მოეშორებინა, სანამ გვიანი არ იყო. *** ელა იმ ღამეს ორ რამეში შეცდა. პირველი იმაში, რომ ეგონა, ალექსანდრეს დახმარება აღარ დასჭირდებოდა. მეორე - ამ უკანასკნელის მოშორება მარტივი არ გამოდგა. უკვე ერთი კვირა იყო გასული, ალექსის მოსვლიდან და ერთი კვირა, რაც ის ელას ოთახის მუდმივი ღამეული სტუმარი გახდა. პანიკური შეტევები არ წყდებოდა, პირიქით, ალექსისთვის აუხსნელი მიზეზების გამო, უფრო უარესდებოდა. უარესდებოდა ელას ხასიათიც, რადგან ალექსანდრეს მოშორება ვერანაირად შეძლო. ხრიკების მოფიქრების თავი არ ჰქონია, თუმცა ვერც მისმა პრეტენზიებმა მშობლებთან, ვერც მუდმივმა უხასიათობამ და იგნორმა და ვერც გათენებული ღამეებისგან ჩაშავებულმა თვალებმა ბიჭი ვერ გატეხა. კიდევ უარესად ის აღიზიანებდა, რომ ალექსს მასზე ზემოქმედება შეეძლო. მისი მზრუნველობა და სიმშვიდე ემოციურად მასზე დამოკიდებულს ხდიდა და ეს თავს კიდევ უფრო სუსტად აგრძნობინებდა. -უნდა გელაპარაკო,-ერთ ღამესაც მორიგი შეტევის შემდეგ, მის საწოლთან სავარძელში მჯდომ ალექსს დაღლილი თვალებით გახედა, რომელსაც თავი საზურგეზე მიედო და თვალები დაეხუჭა. -გისმენ,-თვალებდახუჭულმა მიმართა. -შენს აქ ყოფნას აზრი არ აქვს. -ნუთუ?-თვალები გაახილა და წარბები აწკიპა. -ამას არ ვგულისხმობ. ლევანის როცა უნდა მაშინ მომაგნებს,-ძალიან შეეცადა არ დატყობოდა, მაგრამ ტუჩი მოებრიცა. ალექსის მზერა ჩატეხილი ტუჩის კუთხისკენ გაექცა, მოუნდა დაეცვა, ეგრძნობინებინა რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ იყო, თუმცა გეგმიდან გადახვევას არ აპირებდა. ისედაც ზედმეტად კეთილად იქცეოდა მისი ღამ-ღამობით ელას ოთახში სტუმრობით. -ვერ მოგაგნებს და თუ მაინც შეძლო, აქ დავხვდებით, ელა. არც შენი ოჯახი და არც მე უფლებას არ მოგცემთ ხელი ჩაიქნიო ცხოვრებაზე. ის რაც გადაგხდა, უნდა უბრძოლო, და წარსულში მოიტოვო... ცრემლის დასამალად გოგონამ თავი მიატრიალა,-არც კი იცი, რა მოხდა. ალექსიმ იგრძნო, რომ დანაღმულ ტერიტორიას მიუახლოვდნენ. ზუსტად ამას ელოდა, მაგრამ არ უნდოდა აჩქარება ამიტომ დინჯად გახედა. -შენი ისტორია აქ მოსვლამდე გადმომცეს. ელამ წამით გახედა, შემდეგ კი ისევ მიატრიალა თავი ფანჯრისკენ და დიდხანს ხმა არც ერთს აღარ ამოუღია. ალექსანდრემ სცადა იმ წამიერ გამოხედვაში რამე დაენახა, თუმცა ვერაფერი ამოიკითხა. მოგვიანებით ოთახში დაბრუნებული საწოლზე მიწვა, ჭერს ახედა და საკუთარი არეული ფიქრების დალაგება დაიწყო. გამთენიისას, როცა ჩიტები ახმაურდნენ და მზემაც ხის ფანჯრებსა და გამჭვირვალე ფარდებში შემოანათა, ელას ოთახის კარი ნელა გაიღო. სილუეტი საწოლს მიუახლოვდა და გოგონას დახედა. ელა შეიშმუშნა, თვალები გაახილა და ბუზღუნით შუბლთან ხელით მოიჩრდილა. -ახლა რაღა მოხდა, აქ რას აკეთებ?- საბანში მეტად გაეხვა. -სარბენად მივდივართ, ადექი, 5 წუთი გაქვს მოსამზადებლად. -გეშლები ვიღაცაში, ძილი მაცადე,-კიდევ ერთხელ ამოიგმინა და ხელი აუქნია. ალექსს ჩაეღიმა, პირველად ხედავდა ელას ასეთ ადამიანურს. მუდმივად დაძაბული და მოწყენილი დადიოდა, ეტყობოდა თავის ყველა მოქმედებას უკვირდებოდა და კარგად წონიდა. ახლა კი, როცა ნიღბის მორგება ჯერაც ვერ მოესწრო, სულ სხვანაირი იყო. ალექსანდრეს გული მოეწურა, კიდევ ერთხელ იგრძნო სევდა ელას განადგურებული ცხოვრების გამო. თავი გადააქნია და ჩვეული ცივი ტონი დაიბრუნა. -ძალიან სუსტი ხარ, ელა. არც ნორმალურად იკვებები, არც ვარჯიშობ. წამოდი, ერთხელ სცადე. -რა დავაშავე, რომ გადაგეყარე,-ისევ ამოიგმინა გოგონამ,-წადი, ადამიანო, არაა საჭირო ყველა შენსავით დაკუნთული და ჩაფსკვნილი იყოს. ალექსმა წარბი ასწია და ხელები გულზე დაიკრიფა. -და სიმპათიურიც. -და სიმპათიურიც. რა თქვი?-თვალები დაჭყიტა გოგონამ, როცა გაიაზრა რომ ალექსის სიტყვები გაიმეორა. -3 წუთიღა დაგრჩა ელა,-ალექსანდრე კარისკენ უდარდელად დაიძრა და ოთახის გარეთ ზუსტად 3 წუთის ათვლა დაიწყო. ის იყო ტაიმერი მორჩა და შებრუნებას აპირებდა, კარში ელა რომ გამოჩნდა. სპორტული შარვალი, ფეხსამცელი და ფართო მაისური მოერგო. თმა დაუდევრად ჰქონდა აწეული. -ჩათვალე მადლობას გიხდი დახმარებისთვის,-სწრაფად მიახალა გაოგნებულ ბიჭს და მთავარი კარისკენ დაიძრა. -დასაწყისისთვის 2 წრე საკმარისი იქნება,-ხელით მიანიშნა უზარმაზარი ეზოს შემოგარენზე. -ხუმრობ? წლებია არ მირბენია. -2 ძალიან ცოტაა, აიტან,-ცხვირზე თითი ჩამოკრა და წინ წავიდა. -აღარ შემიძლია,-მეორე წრე ნახევრამდე ჰქონდათ გავლილი, როცა ელა მოწყვეტით დაებერტყა ბალახზე და აწითლებულ სახეზე ხელი დაინიავა. -კარგი, დღეისთვის მოვრჩეთ. მოვწესრიგდეთ და ვისაუზმოთ. -რამდენი ხანია რაც ამას აკეთებ?-კოტეჯისკენ გზად მიმავალს ჰკითხა. -ამას-რას? -ბოროტი ხალხის დევნას -სამი წელია სპეციალურ დანაყოფში ვარ,-ელას ახსნაზე ჩაეღიმა. -შენი ოჯახისთვის ალბათ რთულია, როცა არასდროს ხარ სახლში. -ოჯახი არ მყავს, ელა. -მშობლებს ვგულისხმობ, და-ძმას... -არავინ მყავს,-წყნარად მიუგო და გოგონა კარში შეატარა. -ვწუხვარ,-ამოილუღლუღა ელამ და თავისი ოთახის კარი გააღო. -რომ მოწესრიგდები სასაუზმოდ გავიდეთ. ელამ თავი უხმოდ დაუქნია და ოთახში შეაბიჯა. *** -ელაა,-პატარა გოგონა კივილით შევარდა სამზარეულოში და დას აეკრო. ელა მოულოდნელობისგან შეცბა, თუმცა ეცადა არ შეემჩნია. მშვიდად საუზმობდნენ, უფრო ზუსტად - ის ის იყო დამშვიდდნენ, ელას და ალექსის გამართული ომის შემდეგ, რომელიც ნორმალურად საუზმობას ეხებოდა და არა მხოლოდ ჩაის დალევას. დიასახლისი ლალი კრეპებს თეფშზე ერთმანეთზე აწყობდა და, ტრადიციულად, საინფორმაციო გამოშვებას უყურებდა. თან ცალ თვალს გაბუტული ელასკენ ღიმილით აპარებდა. გულწრფელად უხაროდა გოგონას ოდნავი გამოცოცხლება და გულში ალექსის მადლიერი იყო. -მომენატრე ნანო,-თმებზე აკოცა მასავით შავთმიან, 10 წლამდე გოგონას,-მოგეწონა ბებიასთან? -ძალიან! პატარა წიწილები ჰყავდა და კიდევ... ალექსანდრემ მეტის მოსმენა ვეღარ შეძლო, მაგიდაზე დადებული მისი ტელეფონი აზუზუნდა. აივანზე გავიდა და უპასუხა. -გამარჯობა, ზაზა. -როგორ მიდის მანდ საქმეები?-ზაზას დაძაბულმა ხმამ მიახვედრა, რაღაც რიგზე ვერ იყო. -გეგმის მიხედვით. აქ მშვიდობაა,-მზერას ნანოსთან მოსაუბრე ელას არ აცილებდა. -რადგან მასე მეუბნები, ალბათ სიახლეები ჯერ არ გაგიგია. ბერიძე დაბრუნდა, ალექსანდრე... დღეს ინტერვიუც კი მისცა, დიდი გეგმები მაქვსო. ამ სიტყვების პარალელურად, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ელამ ტელევიზორს ახედა. ალექსიმ მის მზერას თვალი გააყოლა და ეკრანზე მომღიმარი ლევან ბერიძე დაინახა, რომელიც ცნობილ ტელევიზიას ინტერვიუს აძლევდა. ელას ფერი დაეკარგა, ეკრანზე თვალი გაუშტერდა, მერე ნანო კალთიდან ჩამოსვა და სამზარეულოდან გავარდა. ალექსანდრემ ჩუმად შეიკურთხა, ტელეფონი დაუშვა საიდანაც ჯერ კიდევ ესმოდა ზაზას ხმა და გაქცეულ გოგონას დაედევნა. კოტეჯისკენ მირბოდა, მეტი წასასვლელი არც ჰქონდა. უმწეობის შეგრძნება გულ-მუცელს უწვავდა. როდის გახდა ასეთი მშიშარა? ასეთი დაუცველი. მასზე ბევრად დიდს ეჭიდებოდა და ყოველ ჯერზე მარცხდებოდა. არადა მარცხს მიჩვეული არც ყოფილა, ბოლო დრომდე. ყოველთვის შეუპოვარი იყო, პატარაობიდანვე დამოუკიდებელი. საათობით იცვამდა ტანსაცმელს თავად, სანამ ისე არ გამოეწყობოდა, როგორც უნდოდა. ყველაფერი აინტერესებდა. თევზაობით გატაცებულ მამას უთენია თავზე წამოადგებოდა უკვე ჩალაგებული ჩანთით და ენთუზიაზმით მიჰყვებოდა ახალ-ახალ, უცნობ ადგილებში. მამასთან ყოველთვის ახლოს იყო მანამ, სანამ ზურაბი საქმეებით ისე არ დაიტვირთა, რომ ოჯახისთვის აღარც ეცალა. ნანოს დაბადებამ კიდევ უფრო შეცვალა, მზრუნველი დის როლი შეითავსა და მის აღზრდაში იმდენად იყო ჩართული, რამდენადაც ნინო. ბევრი გეგმა ჰქონდა და ის იყო ნამდვილი ცხოვრება უნდა დაეწყო, როცა ყველაფერი თავდაყირა დაუდგა. სუნთქვა აღარ ყოფნიდა, ცრემლები ახრჩობდა, ფეხი აებლანდა და წაიქცა. თავჩაქინდრული საკუთარ უმწეობას მისტიროდა და ბოლო ძალებს იკრეფდა, ოთახამდე რომ მიეღწია. სწრაფი ნაბიჯების ხმა მოესმა. მიხვდა თავისი მუდმივი მეთვალყურე მოსდევდა. წამოდგა, ოთახში აირბინა, კარი ჩაკეტა და იქვე ჩაიკეცა. თავი მუხლებში ჩარგო და ცრემლების ახალ ნაკადს გასაქანი მისცა. -ელა, კარგად ხარ?-კარს მიღმა ალექსის ხმა მოესმა. -კარგად ვარ, ცოტა ხანს მარტო ვიქნები, გთხოვ... -კარგი, უკეთ რომ იქნები მინდა ვილაპარაკოთ და შეთანხმებულად ვიმოქმედოთ,-წყნარად უთხრა და პასუხს აღარ დალოდებია, ისე გაბრუნდა. მიხვდა, აღელვებულ ელასთან ახლა ვერაფერს გააწყობდა. აივანზე გამოსული ალექსანდრე ნანოს შეეჩეხა. ახალმოკიდებული სიგარეტი ჩააქრო და გოგონას გაუღიმა. -ელა სად არის?-წარბებშეკრულმა იკითხა. -თავის ოთახშია, ისვენებს. -შეიძლება შევიდე? უნდა ვთხოვო ბადმინტონი მეთამაშოს -ცოტა ხანს ვაცადოთ, კარგი?-გრძელ სკამზე ჩამომჯდარ გოგონას გვერდით მიუჯდა და ტყისკენ გაიხედა. -აღარ მინდა ასე იყოს,-ნანომ თავი მოწყენით ჩახარა და თითებს წვალება დაუწყო,-სულ მოწყენილია, აღარც ადრინდელივით მეთამაშება და აღარც ფილმებს ვუყურებთ. ადრე სულ ერთად ვიყავით, სკოლაშიც თვითონ მაკითხავდა ხოლმე გოჩა ბიძიასთან ერთად. -გოჩა ბიძია ვინ არის? -ჩვენი მძღოლი იყო ადრე. -დიდი ხანია ელა აღარ გაკითხავს? -იმის მერე, რაც სკოლიდან იმ კაცმა წამიყვანა, დღეს ტელევიზორში რო იყო. მგონი გავაბრაზე რო არ დაველოდე,-თავი ჩაქინდრა გოგონამ,-იმის მერე დედას და მამას დავყავარ. ალექსმა ბავშვს შეხედა, ეცადა ინფორმაცია რაც შეიძლება ფრთხილად მიეღო. -უცხო ადამიანებს ასე მარტივად არ უნდა გაყვე, ყველა კეთილი არ არის, ნანო. მაგრამ დარწმუნებული ვარ ელა ამაზე არ გაგიბრაზდებოდა. უბრალოდ ახლა რთული პერიოდი აქვს. -ვიცი,-გოგონამ ამოიოხრა. -იმ კაცმა სად წაგიყვანა, გაისეირნეთ? -სულ მანქანაში ვიყავით, დიდხანს დავდიოდით. მერე პარკში დამტოვეს და ცოტა ხანში ელაც მოვიდა. -რამე გითხრა? -მითხრა ახალი მძღოლი ვარ და დღეს ელა ვერ მოვაო. მერე მანქანიდან გადავიდა და ისე ლაპარაკობდა ტელეფონზე. ალექსი ჩაფიქრდა, მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირებას ცდილობდა. -ადრე ელაც მაგ კაცმა წაიყვანა?-ისევ განაგრძო ბავშვმა. -კი ნანო, მან წაიყვანა. -შენ ხო აღარ გაატან? -აღარ. -მაშინ პირობა მომეცი,-ნეკა თითი გაუწოდა ბავშვმა. ალექსანდრემ ნანოს პატარა ხელს დაბნეულმა დახედა. -ასე უნდა ქნა, ბავშვობაში არ აკეთებდი?-სიცილით უთხრა ნანომ და თავისი ნეკა თითი ალექსისას კაუჭივით გამოსდო. -მორჩა, პირობა დადებულია,-გაიცინა და წამოხტა-არ გინდა ბადმინტონი ვითამაშოთ?-თვალებგაბრწყინებულმა შეხედა გოგონამ და იქვე დაგდებული ჩოგანი გაუწოდა. -მინდა, როგორ არა. ალექსი წამოდგა, მინდორზე ჩავიდნენ და თამაშს შეუდგნენ. ბავშვის კისკისის ხმაზე ცოტა ხანში ელაც გამოჩნდა. გაოგნებულმა ღიმილი ვერ შეიკავა, როცა ალექსი ვარდისფერი ჩოგნით დაინახა, რომელიც ცდილობდა ბურთისთვის რაც შეიძლება ფრთხილად დაერტყა და პატარას სიმაღლეზე ესროლა. ალექსანდრემაც როგორც კი შეამჩნია აივანზე მდგომი ელა, ნანოს დაუძახა შესვენებას ვაცხადებო და აივნის კიბეზე აირბინა. -აბა, თუ მოხვედი ხასიათზე, ვილაპარაკოთ. -ერთი პირობით,-ცხვირი აიბზუა გოგონამ. -არ მეგონა პირობებით თუ ვსაუბრობდით,-ალექსანდრემ გულზე ხელი დაიკრიფა და კიბის სვეტს მიეყუდა. -ცოტახანს აქედან გავიდეთ. პირი გააღო გასაპროტესტებლად, მაგრამ ელამ არ აცადა. -სხვა შემთხვევაში მარტო მირჩევნია ყოფნა,-შებრუნება დააპირა, როცა ალექსიმ ავტომატურად ხელი მისი მკლავისკენ წაიღო და შეაჩერა. გაოგნებული ელა შემოტრიალდა, ხელს დახედა და შემდეგ წყნარად ახედა ალექსს, რომელმაც დანებების ნიშნად ხელები მაღლა ასწია და ამოიოხრა. -კარგი, ოღონდ შორს ვერ წავალთ. -თანახმა ვარ. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ შავი ვოლვო კოჯრის გზაზე მიქროდა. ელას ფანჯარა ჩამოეწია, სახეზე ქარი სცემდა და თმას უწეწავდა. სახლში გამოკეტილს, ეს გრძნობაც კი მონატრებოდა. ალექსი დროდადრო მისკენ თვალს აპარებდა. როგორც შეთანხმდნენ, შორს არ წასულან. მანქანა გზის პირზე გადააყენეს და ტყისკენ ფეხით დაიძრნენ. -აქვე გადასახედია, შეგვიძლია ფეხით ავიდეთ. გოგონამ თავი დაუქნია და ღრმად ჩაისუნთქა ტყის გემრიელი ჰაერი. უხმოდ მიდიოდნენ, სანამ აღმართის ბოლოში არ ავიდნენ და შორს, ბუღში გამოკიდული დედაქალაქის ხედი გადაეშალათ. -კარგი, დაპირება ავასრულე, ახლა შენი ჯერია,-მორზე ჩამოჯდა ალექსანდრე და სიგარეტის ღერი კოლოფიდან ამოაძვრინა. -რაზე უნდა ვილაპარაკოთ? -რატომ გაიქეცი? -იცი რატომაც. -არ ვიცი, ელა. იმ საქაღალდის გარდა შენზე არაფერი ვიცი. -და რისი ცოდნა გჭირდება? -რატომ დანებდი ასე მარტივად?-გამჭოლი მზერით გახედა. ელა ამ კითხვის გარდა ყველაფერს ელოდა. ალექსანდრეს ლურჯ სფეროებს თვალი აარიდა. გაბრაზდა, იმ ციხესიმაგრეს რომ უმსხვრევდნენ, რომელსაც თავის გარშემო საგულდაგულოდ იშენებდა. -მარტივად არ დავნებებულვარ. საერთოდ რატომ გგონია რომ დასკვნების გამოტანის უფლება გაქვს?-ხმის გაკონტროლება ვეღარ შეძლო გოგონამ,-მოდიხარ და ლექციებს მიკითხავ როგორ მოვიქცე, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ალექსანდრეც წამოენთო. -ასე ნუ მელაპარაკები,-კრიჭაშეკრულმა უპასუხა,-სანამ შენ შენს ემოციებში ყალიბდები, ხალხი ზარალდება.ახლა შენ ხარ ერთადერთი, ვისაც დახმარება შეუძლია და ეს უნდა გესმოდეს, ელა. -მე უკვე ყველაფერი ვცადე. როცა სასწორზე ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლეა, ვეღარ გავრისკავ, ამის ძალა აღარ მაქვს. -ნანო რატომ წაიყვანეს? -რა... საიდან... გოგონა თვალებგაფართოებული უყურებდა, ალექსის სიახლოვე აბნევდა, ნაბიჯი უკან გადადგა. -ნანო სკოლიდან რა მიზეზით გაიტაცეს? ელამ ხმა არ ამოიღო, შებრუნდა და ქვემოთ ჩასვლა გადაწყვიტა. ალექსანდრე წინ გადაუდგა. -არა ელა, გეყოფა გაქცევა. მითხარი, რომ დახმარება შევძლო. -და რატომ უნდა გენდო?-წარბებშეკრულმა ახედა გოგონამ. -ჯერ ვერ დავამტკიცე რომ მეც შენ მხარეს ვიბრძვი? ირონიულად დახედა. ემოციების გაკონტროლება უკვე თვითონაც უჭირდა. -კარგი,-ამოისუნთქა და განაგრძო,-მაშინ მეც გაგიმხელ საიდუმლოს, იმ კაცმა ჩემი ოჯახის წევრის სიცოცხლე შეიწირა. ამაზე რაღას იტყვი? ელა გაფითრდა, ამას ნამდვილად არ ელოდა. თვალები აუწყლიანდა, ხელები სახეზე აიფარა. -როგორ შეიძლება ყველაფერი ასე ჩახლართული იყოს. ყველაფერი მინდა რომ დამთავრდეს, ძალიან მინდა. -თუ დამელაპარაკები, ერთად შევძლებთ რომ დავასრულოთ. ნანო სკოლიდან რატომ წაიყვანა? გოგონა ისევ ჩამოჯდა. თავისი კითხვის მიუხედავად, ალექსანდრეს ნამდვილად ენდობოდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ზაზას გამოგზავნილი იყო, მეორეც იმიტომ, რომ ეტყობოდა, ელაზე გულწრფელად ღელავდა. მისი ცივი ხასიათი და დამოკიდებულება აფორიაქებდა, თუმცა თავის მხირვ ალექსანდრეც თავის საქმეს ასრულებდა და ელამ იცოდა, მისგან არანაირ გულისხმიერებას არ უნდა დალოდებოდა. ფიქრებში გართულმა ქალაქს გახედა და იქ მომხდარი წარსული ამბების გახსენება დაიწყო. -საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ძალიან ცუდად ვიყავი, სიცოცხლე არ მინდოდა. თვითმკვლელობაც ვცადე. მერე მივხვდი რამხელა ტკივილს ვაყენებდი ჩემს ოჯახს, ნანოს... ამიტომ ფსიქოთერაპევტთან ვიზიტებს დავთანხმდი. ამან საშუალება მომცა, სიტუაცია უკეთ გამეაზრებინა. ძალები მოვიკრიბე და გადავწყვიტე, საკუთარი რესურსით ლევანის წინააღმდეგ სამხილები მომეპოვებინა. ერთი წელი ვცდილობდი მეტის გარკვევას. მალულად ვაკითხავდი იმ ხალხს, ვინც გატაცების პერიოდში ვნახე. ამ საქმეში უბრალო ხალხზე მაქვს საუბარი, მოსამსახურეებსა და მძღოლებზე, თუმცა ისინიც ბევრის მომსწრე შეიძლება ყოფილიყვნენ. მათი დარწმუნება და ინფორმაციის გამოტყუება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა რაღაცების გარკვევა მაინც შევძელი. -სამართალდამცავები რატომ არ ჩართე? -მეშინოდა, რომ ლევანი გაიგებდა და ისევ საშინელებას ჩაიდენდა. ეგ კაცი შეურაცხადია,-ელას გააკანკალა,-ზაზა მუდმივ კონტაქტზე იყო ჩემთან, თუმცა ჩემ პატარა თავგადასავლებზე ჯერ ვერაფერს ვეუბნებოდი. ერთ დღესაც ნანოსთან სკოლაში გამოსაყვანად მისულს მითხრეს, რომ ბიძაჩემმა წაიყვანა,-გოგონამ ღრმად ამოისუნთქა,-ბიძა არ მყავს, ალექსანდრე. -ძალიან გავბრაზდი ბავშვი რომ სრულიად უცხოს გაატანეს. წარმოდგენა გაქვს რა დამემართებოდა? მითუმეტეს ვიცი, რისი გამკეთებლები არიან. 1 საათში დამირეკეს. თვითონ ლევანიმ დარეკა. მითხრა, რომ ან თავს დავანებებდი, ან ჯერ ნანოს მოკლავდა, შემდეგ მე. დავპირდი, რომ არადროს ხმას არ ამოვიღებდი. ნანო ჩვენს სახლთან ახლოს, პარკში დამხვდა. უვნებელი იყო, მითხრა ახალმა მძღოლმა გამასეირნაო. იმის მერე გავჩერდი და მხოლოდ დეპრესიას და შფოთვასღა ვებრძვი,-სევდიანად ჩაიღიმა. -ჩვენება მარტო ირაკლის წინააღმდეგ რატომ მიეცი? ისედაც გარდაცვლილი იყო. -ყოველთვის ჩემი დით მემუქრებოდნენ. ვერ აღგიწერ იქ რა ხდებოდა, ან მე როგორ გამოვედი ცოცხალი... ღამე კოშმარებს კი არ ვნახულობ, იქ ყოფნის კადრები მელანდება... მე... ელა წამოდგა, საუბარი ვეღარ გააგრძელა, კანკალმა აიტანა და სუნთქვა გაურთულდა. ალექსანდრე ცოტა ხანს ჩუმად იყო. მის დამშვიდებას დაელოდა. -არ მინდა იფიქრო, რომ ვერ ვხვდები რაც გადაიტანე. ამ ყველაფრის გაძლება წარმოუდგენელია... ცოტა ხანს შეყოვნდა, მიხვდა რომ ელას ტუჩი მოებრიცა და თვალებიც სატირლად აუწყლიანდა. საერთოდ ასეა, რაც უფრო ვცდილობთ ვანუგეშოთ ადამიანი, მით მეტ ემოციას ვიწვევთ. -მაგრამ რაღაც უნდა გთხოვო,- თვალებში ჩახედა,-მინდა გთხოვო, რომ კიდევ ერთხელ მოიკრიბო ძალა. დღეს ნანოს პირობა მივეცი, რომ მეტჯერ საფრთხე აღარ დაგემუქრება და ამ პირობას შევასრულებ. ოღონდ მჭირდება, რომ შენც ჩემთან იყო, ერთ მხარეს ვიბრძოლოთ და არა ცალ-ცალკე, კარგი? -კარგი,-ელა თვალზე ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად მოიწმინდა, ალექსანდრეს ახედა, ოდნავ გაუღიმა და დარწმუნებით გაუმეორა,-კარგი. -ერთი რაღაც არ გითქვამს,-ის იყო მანქანაში ჩასხდნენ, ალექსანდრემ ელას რომ გადახედა. -რა? -როცა შენით ეძებდი... სამხილებს... კონკრეტულად რას ეძებდი და რა იპოვე? ელამ ამოისუნთქა და ახალი ამბის მოყოლა უნდა დაეწყო, სალონის მყუდროება ტელეფონის გაბმულმა ზარმა რომ დაარღვია. -დიახ ზურაბ. -სად ხართ, ალექსანდრე?-პანიკა და მუქარა ერთად გაისმა კაცის ხმაში. ელა დაიძაბა, ალექსს მიაშტერდა. -აქვე ვართ, წუთი-წუთზე აგარაკზე მოვალთ. -რომ მოხვალთ ჩემთან ამოდი თუ შეიძლება, დალაპარაკება მინდა. -კარგი. -რა ხდება?-ჰკითხა ელამ როგორც კი ალექსანდრემ მანქანა მოატრიალა და აგარაკისკენ მაღალი სიჩქარით დაიძრა. -ზურაბს უნდა ჩემთან ლაპარაკი. -ხომ მშვიდობაა? -კი. ეზოში შესვლისთანავე კარებიდან ნინო გამოეგებათ. მარჯვენა წარბსა და შუბლის ნახევარზე ბინტი ჰქონდა გადაკრული. -დედა, რა ხდება? -არაფერი ელა, პატარა ავარიაში მოვყევით. -რა? როგორ ხარ? მამა როგორაა? -კარგადაა, მხარი იტკინა მხოლოდ, დიდი არაფერი,-დამამშვიდებლად გაუღიმა, თუმცა აფორიაქებული ჩანდა. -მე ზურაბთან ავალ. ელამ და ალექსანდრემ მზერები გაცვალეს. ელამ იცოდა, ალექსისგან მაინც გაიგებდა სიმართლეს, ამიტომ ნინოს აღარ ჩაეკითხა. სამზარეულოში გავიდნენ და მოფუსფუსე ლალისა და ნანოს შეუერთდნენ. ალექსანდრე კაბინეტისკენ დაიძრა, თუმცა იქ ზურაბი არ დახვდა. სანამ მოვიდოდა, კომოდზე დაწყობილი სურათების თვალიერება დაიწყო. ყურადღება ერთ-ერთმა მიიქცია, სადაც დაახლოებით 15-16 წლის ელა თხელ, ფერად კაბაში გამოწყობილი იდგა, აწეული თმითა და სახეზე ბედნიერი ღიმილით. ხელში მედალი ეჭირა და ობიექტივს სიამაყით აჩვენებდა. -სანამ ყველაფერი აირეოდა, ელა ტანმოვარჯიშე იყო,-ზურგსუკან მოესმა ზურაბის ხმა,-მერე ყველაფერს თავი დაანება. -ნინომ ავარიაზე გვითხრა, როგორ ხართ? -ნორმალურად, არც ისე ძლიერად დაგვეჯახნენ. მგონია, რომ ეს შემთხვევითი ავარია არ იყო ალექსანდრე, განგებ მოაწყეს. მანქანა, რომელიც დაგვეჯახა რაღაც დროით მოგვყვებოდა, როგორც კი გზატკეცილზე გადმოვუხვიე, სიჩქარეს მოუმატა და მოსახვევში დაგვეჯახა, შემდეგ კი გაუჩინარდა. -ფიქრობთ ამას ლევანის დაბრუნებასთან აქვს საერთო? -რა თქმა უნდა,-წვერზე ხელი ნერვულად მოისვა კაცმა,-ვატყობ ლევანის ძველი ამბების განახლება უნდა. რაც სურდა ის შედეგი მაინც ვერ მიიღო, ამიტომ არ გაჩერდება. თუმცა ამჯერად მზად დავხვდები. სანამ აქ არ იყავით, ზაზას ველაპარაკე. აქტიურ მოქმედებაზე გადავდივართ, თუმცა ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მჭირდება ელას, ნინოს და ნანოს უსაფრთხოებაა. ჩემს ცოლს და ნანოს საიმედო ადგილას ვუშვებ. ახლა, რადგან ელას შენ ჰყავხარ და თვითონაც ნდობა გაუჩნდა, მინდა მასზე შენ იზრუნო. მინდა ცოტა ხანს აქედან წაიყვანო. ალექსანდრემ თავი დაუკრა. -ბიჭებსაც გამოგაყოლებ. -არაა საჭირო, ზაზამ ზუსტად ამ საქმისთვის გუნდი გამოყო. მათ ყველაზე მეტად ვენდობი, ელას უსაფრთხოებაში შეგიძლიათ ბოლომდე იყოთ დარწმუნებული. -ძალიან კარგი. მიხარია, რომ აქ ხარ. გული მიგრძნობს, ბევრად დიდ ჭაობში ვდგამთ ფეხს, ვიდრე ეს უბრალოდ ორი კომპანიის დაპირისპირებაა. *** შუაღამე დამდგარიყო, თუმცა ვაჩნაძეების სახლში ჯერ არ ეძინათ. ნინო სავარძელში იჯდა, მის მუხლებზე ახლადჩაძინებულ ნანოს თმაზე ეფერებოდა და შეშფოთებული უყურებდა ხან წინ მჯდომ ელას, ხან ზურაბს. ჯერ კიდევ ვერ დაეჯერებინა, რომ შვილის მარტო გაშვება უწევდა. ზაზა ირწმუნებოდა, რომ ელას გაშვება ქვეყნიდან არ შეიძლებოდა და რომ თუ მისი საზღვრის კვეთა დაფიქსირდებოდა, ყურადღებას მიიქცევდა და ლევანი ბერიძის გეგმები კიდევ უფრო გაურკვეველი გახდებოდა. მან ზურაბი დაარწმუნა, რომ ელა ახლა ყველაზე უსაფრთხოდ ალექსანდრესთან და მის გუნდთან ერთად იქნებოდა და რომ ამ ბიჭზე მეტად, ვერავის ენდობოდა. ზურამაც უსიტყვოდ დაუჯერა შვილის ნათლიას, ხოლო ნანოს და ნინოს იტალიაში გამგზავრება გადაუწყვიტა, სადაც მისი მეგობრის ოჯახი ცხოვრობდა და დარწმუნებული იყო, იქ სრულიად უსაფრთხოდ იქნებოდნენ. -ღმერთო ჩემო, სატყუარად უნდა გამოიყენოთ ხომ? რატომ არ დამთავრდა ამ ბავშვის ტანჯვა, ისედაც ამდენი გადაიტანა-იცრემლებოდა ოთახში შესული ქალი,-დამპირდი რომ ელასთან აღარავის მიუშვებ,- მუქარით დაუქნია თითი ქმარს. -ყველაფერს ვიღონებ, ნინო. ბევრ რამეს გამოვასწორებ,-ცოლს მოეხვია და შუბლზე აკოცა. კოტეჯისკენ მიაბიჯებდა ელა, ეფიქრებოდა წინ რა ელოდათ. დამნაშავის დასჯის სურვილი მუდმივად ჰქონდა და უსამართლობის განცდაც სულ სტანჯავდა, მაგრამ მათ პირისპირ დადგომას ვეღარ ბედავდა. ახლა კი ყველაფერი ახლიდან იწყებოდა, მაგრამ შეგრძნება ჰქონდა, რომ გართულების ნაცვლად, ყველაფერი ოდნავ გამარტივდა. თითქოს მისი ტვირთის ნაწილი სხვამაც გაიზიარა და ახლა ოდნავ ამოისუნთქა. იოტისოდენა იმედი გაუჩნდა, რომ შეიძლება რაღაც შეიცვალოს. იქნებ შეძლოს და სხვა გარემოში, სულ სხვაგან, ახლიდან დაიწყოს ყველაფერი, დაუსრულებლად იზრუნოს სხვებზე და ასე გამოისყიდოს განვლილი წლები. იქნებ მისი ჩაკეტილობის საპირწონედ ბევრად უკეთესის გაკეთება შეუძლია, იქნებ შეუძლია სასარგებლო გახდეს სამყაროსთვის იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ არსებობდეს? იქნებ... *** -იქნებ დაუჩქარო, დიდი დრო არ გვაქვს, ღამე უნდა ვიაროთ-კარზე კაკუნის ხმა რომ გაიგონა, ზუსტად მაშინ კრავდა ჩანთის ელვას. ჯიბეში ძველი მობილური და პლეიერი ჩაიდო, მომდგარ მაისურზე ფართო ჰუდი გადაიცვა და თმა ცხენის კუდად ნაჩქარევად შეიკრა. ოთახს უცებ მოავლო თვალი, მისი კომფორტის ზონა აქ იწყებოდა და მთავრდებოდა, ახლა კი ვინ იცის წინ რა ელოდათ... ალექსანდრეს ჩაუარა და კართან შედგა: -ჩემებს დავემშვიდობები,-კარის სახელური უნდა ჩამოეწია, რომ გვერდით ჩაუქროლეს და გამოღებული კარი, სწრაფადვე გადაკეტეს. -რას... -ჩშშ,-სწრაფად გააჩერა კაცმა, ფანჯარასთან მივიდა და ოდნავ გადაწეული სქელი ფარდიდან გაიხედა. სასწრაფოდ აკრიფა ტელეფონში შეტყობინება და ის იყო გაგზავნას დააჭირა, რომ მიყოლებით შემოესმათ იარაღის გასროლის ხმა. -ისვრიან,-ელამ ხელები პირზე აიფარა და იმწამს სახლიდან მინების ჩამსხვრევის და კივილის ხმა რომ მოესმა, კარისკენ გაიქცა. -სად მიდიხარ?!-სწრაფად გადაუდგა წინ ალექსანდრე -უნდა დავეხმარო -შენ ხარ მათი სამიზნე! -იქ ნანოა და მთელი ჩემი ოჯახი,-წამოიკივლა და წინ გადამდგარ სხეულს დაეჯაჯგურა,-გამიშვი! ხმაური იმწამსვე კოტეჯთან ახლოს რომ მოესმათ, სწრაფად მოავლო აფართხალებულ გოგონას მუცელზე ხელი და ოთახის სიღრმეში გაიყვანა. -რა ჯანდაბას აკეთებ, ხელი გამიშვი!-აკივლდა და ფართხალი დაიწყო. ახლა იძულებული გახდა პირზეც აეფარებინა ხელი და სანამ რამის ახსნას მოასწრებდა, ელას კანკალი რომ აუტყდა, სწრაფად შემოაბრუნა -მისმინე, შემომხედე! უნდა წავიდეთ! ისინი თავს მიხედავენ, დაცვა ჰყავთ. შენ უნდა გაგიყვანო აქედან სანამ დროა. -ასე ვერ დავტოვებ, ყველანი იქ არიან... -ხომ შევთანხმდით, რომ ერთმანეთს ვენდობით? დამიჯერე, უნდა წავიდეთ! ხმა გაუწყდა, რადგან ხმაური გაძლიერდა, როგორც ჩანს სახლიდანაც გამოეპასუხნენ და გარეთ სრული ქაოსი ატყდა. -უნდა დავეხმარო,-დაუსრულებლად იმეორებდა გახშირებული სუნთქვით გოგონა. -დამელოდე, ზურგჩანთას ავიღებ, მარტომ ფეხი არ გაადგა!-2 წამში ოთახიდან დაბრუნდა. -წავედით,-მისაღებისკენ შებრუნდა ელა და ის იყო კარისკენ უნდა დაძრულიყო რომ მხრებზე უჩვეულო სიმძიმე იგრძნო, ცხვირსა და სახეზე კი ქსოვილი ააფარეს და ნელნელა იატაკისკენ დაეშვა, თუმცა დაიჭირეს. -მაპატიე,-იარაღის გადატენვისა და ალექსანდრეს ხმა ერთდროულად, სადღაც შორიდან ჩაესმა და მალე ყველაფერი სიშავეში ჩაიძირა. *** მშვიდი დღე იყო, მზიანი. ვრცელ, მწვანე მინდორზე იდგა და პატარა გოგონა მისკენ გახარებული მორბოდა. ხელში იისფერი ლენტი ეჭირა, რომელსაც ნიავი ჰაერში აფრიალებდა - ჩამოვარდებოდა, თითქოს ის არის ძირს დაეშვებაო და ისევ ჰაერში აიჭრებოდა იმწამს მონაბერი ქარისგან. ღიმილით ადევნებდა თვალს სანახაობას. ელოდა გოგონა როდის მოაღწევდა მასთან, რომ ხელები შემოეხვია და ცაში აეტაცებინა. თვალი რაღაცა კაშკაშამ, მოჭრა. შეკრთა, უზარმაზარი გველი შენიშნა, ზედაპირი საზარლად ურპიალებდა და გეზი პირდაპირ გოგონასკენ ჰქონდა აღებული. -შეჩერდი,-დაუკივლა,-გაიქეცი! მათი მიმართულებით წავიდა, როცა დაინახა, როგორ წამოიმართა გველი და მოწყვეტით გადაეშვა ბავშვისკენ... მძიმედ ამოისუნთქა, სცადა თავში მოწოლილ სიმძიმეს შებრძოლებოდა და როგორმე თვალები გაეხილა. პირი უშრებოდა, სხეულზე კი კონტროლის დაბრუნება უჭირდა. პირველი საქარე მინა დაინახა, სიბნელეში ობიექტები მისკენ მოქროდნენ და შემდეგ გვერდს უვლიდნენ. გაიაზრა, რომ გზაშია. უკვე წამოვიდნენ სახლიდან? და ოჯახს როდის დაემშვიდობა? -თავს როგორ გრძნობ?-მშვიდი ხმა მოესმა გვერდიდან. მძღოლს გადახედა და თითქოს ყველაფერმა ერთიანად იფეთქა. -შენ... რა ჩაიდინე?-დაუყვირა აფორიაქებულმა და იმ წამსვე თავიც რომ ეტკინა ხელი მიიჭირა. -ყველაფერი დასრულდა, შენი ოჯახი კარგადაა. ზაზას ხალხმა მიასწრო. ლალი დაშავდა, მსუბუქად... -მსუბუქად? დაიჭრა? -ტყვიამ გაკაწრა. ყველანი კარგად არიან და გახარებულები, რომ გამოვაღწიეთ და სამშვიდობოს ვართ, რადგან ჩვენი წამოსვლიდან რამდენიმე წუთში შენი კოტეჯი ცეცხლის ალში გაეხვა,-ისევ მშვიდად მიუგო და ელას მოუნდა ის თვითკმაყოფილი სახე კარგად ჩამოეკაწრა. -კიდევ თუ შემეხები, ინანებ!-კბილებს შორის გამოცრა. ცოტა ხანს ჩუმად მიდიოდნენ, საბოლოოდ გონზე მოსვლას ცდილობდა, რამდენიმე ყლუპი წყალი მოსვა და თავის თავს ნელნელა დაუბრუნდა. ძალიან უნდოდა ოჯახის მდგომარეობა გაეგო, გაახსენდა რომ ტელეფონი თან ჰქონდა და ზუსტად იმ დროს როცა მისი მოძიება გადაწყვიტა, მუცელთან ვიბრაცია იგრძნო და ჰუდის ჯიბიდან მობილური ნაჩქარევად ამოაძვრინა. -მეგონა მობილური თან არ გქონდა, ვინ არის? -უცხო ნომერია -კარგი, ასე ვიქცევით, პასუხობ, რთავ ხმამაღალზე და ისე საუბრობ, გასაგებია? -კი,-ელამაც ასეთივე ტონით უპასუხა და ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე გადართო,-გისმენთ -მასპინძლობა არ გცოდნია, მე შენ მოგაკითხე სახლში, შენ კიდევ არ დამხვდი,-ნაცნობი ხმა მოესმა და გაშრა. -შენ მითხარი, რომ თუ შენს საქმეში აღარ ჩავერეოდი, თავს დამანებებდი,-ხმა აუკანკალდა. -მოკითხვაც ასეთი უნდა, ბოლო ბოლო შორეული ნაცნობები ხომ არ ვართ, 2 თვე ჩემს სახლში ცხოვრობდი. მე კი, სხვა ყველაფერთან ერთად, ახლახანს გავიგე, რომ რაღაც ძაალიან მნიშვნელოვანი დაგიმალია,-სიტყვები მოზომილად გაწელა ბერიძემ. -არაფერი მაქვს დასამალი,-ოდნავ ხმა გაებზარა -ჩვენ ხომ კარგად ვიცით რომ გაქვს? გიპოვი ელა და სათითაოდ ამოგაგლიჯავ სიტყვებს მაგ ლამაზი ტუჩებიდან. ტელეფონი ხელიდან გამოაცალა ალექსანდრემ, ფანჯარა ჩამოწია და წამებში მოისროლა. -აღარ გჭირდება. -იქნებ დაგვეცდია და რამე მნიშვნელოვანი ეთქვა. -მსხვერპლზე ფსიქოლოგიური წნეხი მათი საყვარელი თამაშია, ახლაც იმავეს აკეთებს. თან ტელეფონით შეიძლება მოგვაგნონ. მითხარი, რა არ იცის? რა დაუმალე ლევანის? -წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობდა -ელა, უნდა მითხრა -გითხარი უკვე, რომ არაფერი, გარდა იმისა, რომ მთელი არსებით მეზიზღება! და რომც მქონდეს სათქმელი, შენ მაინც არ გეტყოდი!-გაბრაზებულმა მოუღერა ცხვირწინ თითი და თავი ვეღარ შეიმაგრა, როცა მანქანის დამუხრუჭებისგან საქარე მინისკენ გადავარდა. -და რატომ არ მეტყოდი?-მოულოდნელად მოუტრიალდა საჭესთან მჯდომი და გაოგნებულმა დახედა გოგონას, რომელსაც ცხვირზე ხელები მიეჭირა და გაფითრებული კანი წითლად ეღებებოდა. -ჯანდაბა, მაპატიე,-სწრაფად გადავიდა მანქანიდან და სახეზე ხელი ნერვულად ჩამოისვა. საკუთარ თავს ჩუმად შეუკურთხა, ჩანთიდან მაისური სწრაფად ამოაძვრინა და კარი ელასკენ გამოაღო. -ოდნავ წინ გადმოიხარე, აი ასე, ახლა ცხვირზე შეგეხები კარგი? როგორც კი თანხმობა მიიღო, თმა ფრთხილად გადაუწია, ნესტოებზე თითები მოუჭირა და დაელოდა. მაინც როგორი ნაზი და სიფრიფანაა ეს გოგო, თითქოს ძალიანაც არ დაურტყამს თავი... მიუხედავად იმისა, რომ არასახარბიელო სიტუაციაში იყვნენ და ერთმანეთს უბღვერდნენ, კომიკურმა პოზამ ორივე გააღიმა. ცხვირიდან ხელი შეუშვა და დარწმუნდა, რომ სახე წითლად აღარ ეღებებოდა. -მაპატიე, მგონი ბოლო წლებში ადამიანებთან ნორმალურ მოპყრობას გადავეჩვიე... -არა უშავს, მიჩვეული ვარ,-ხუმრობა სცადა ქალმა მაგრამ მოსაუბრეს ეს რეპლიკა აშკარად არ ესიამოვნა. -სანამ ლევანი მოგვაგნებს, ერთმანეთი უნდა დავხოცოთ თუ როგორაა საქმე?-პირქუშად მოუსუფთავა ხელები და დაამატა,-ბეზინგასამართთან გაგიჩერებ რომ მოწესრიგდე. *** საოჯახო სასტუმროს ღამის 3 საათისთვის მიადგნენ. მასპინძლებს - ხანშიშესულ წყვილს ეღვიძათ და, რადგან მათ დაგვიანებაზე გაფრთხილებულები იყვნენ, მოთმინებით ელოდნენ. -გამარჯობა,-ალექსანდრემ მოხუც კაცს ხელი ჩამოართვა,-დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის, ვერ გავთვალეთ, რომ გზაში ასე დაგვაღამდებოდა. -არა უშავს, შვილო, თორნიკემ გაგვაგებინა წინასწარ და ოთახიც მოგიმზადეთ. დაისვენეთ, დალაგდით, დილას საუზმეზე თუ შემოგვიერთდებით, გაგვიხარდება, პოლონელი და გერმანელი სტუმრებიც გვყავს, გაგაცნობთ. ესეც ოთახის გასაღები, მეორე სართულის ბოლოშია, მე-4 ნომერი. -სერიოზულად? ერთი ოთახი?-ჩუმად უჩურჩულა, როცა ალექსანდრემ მანქანიდან ზურგჩანთები გადმოიღო და მეორე სართულის კიბეს აუყვნენ. -ძალიან გთხოვ, რამდენიმე საათით დავზავდეთ, ვერც კი იგრძნობ ჩემს არსებობას,-კართან შედგა და ხელები პირობის ნიშნად აწია. -მეეჭვება,- უხეშად ჩაილაპარაკა და ოთახში შეაბიჯა. -სასტუმროში ჩვენი ვინაობის გაჟღერება ზედმეტი თავის ტკივილია და ესეც რომ არ იყოს, არ მგონია აქაურობის კივილით აკლების პერსპექტივა გხიბლავდეს, თუ მე შორს ვიქნები,-გესლიანად წაულაპარაკა და ელას გულში რაღაც ჩასწყდა, იმედგაცრუებულმა ახედა, თუმცა აღარაფერი უთქვამს. იცოდა რომ ფაქტობრივად მართალი იყო, სრულიად უცხო გარემოში წლებია არ ყოფილა, თანაც ზედმეტად დაღლილი იყო და თუ ჩაეძინებოდა, შეტევის შემთხვევაში, ნამდვილად არ უნდოდა ყველა გაეღვიძებინა. მაგრამ ასე უხეშად ნათქვამმა გული მაინც ატკინა. ალექსანდრესთვის ხმა აღარც გაუცია. ემოციებისგან გადამწვარი დასასვენებლად ფართო საწოლის კიდეზე ტანსაცმლიანად მიწვა და მიუხედავად იმისა, რომ ცოტა გაიბრძოლა, ვერც კი გაიაზრა, ისე მალე წაართვა ძილმა თავი. თენდებოდა რომ გაეღვიძა. სქელი გადასაფარებელი ეფარა მაგრამ სუსხმა ტანსაცმელშიც შემოაღწია. ალექსანდრეს ვიწრო დივანზე მჯდომს ეძინა, ფეხები იატაკზე გაეშალა, თუმცა კომფორტულად არ გამოიყურებოდა. ელამ თავისი პლედი ფრთხილად გადააფარა, თვითონ კი აბაზანაში შეიკეტა და ცხელი წყალი ნაჩქარევად გადაივლო. ძველი ტანსაცმელი საგულდაგულოდ დაკეცა და ახალი იქვე გადაიცვა. რომ გამოვიდა, საწოლზე უხერხულად ჩამოჯდა, წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა გაეკეთებინა. ქვემოთ მარტო ჩასვლა არ უნდოდა. ფანჯრიდან გაიხედა, ოდნავ დანისლული მთები მოჩანდა. შემოდგომა დგებოდა და ისიც მთელი თავისი ვირტუოზულობითა და გულმოდგინებით ხატავდა ლანდშაფტს თბილ ფერებში. ნეტავ როგორ გაგრძელდა ცხოვრება მას შემდეგ, რაც გარეთ აღარ გასულა? ზუსტად სამმა შემოდგომამ გაიარა... ბევრი შეიცვალა? სამი წელი არც დიდი დროა და არც ცოტა. სამყარო ისევ მოძრაობდა მაშინაც კი, როცა თვითონ ერთ წერტილზე გაიყინა. ტელეფონის ხმამ გამოარკვია, კედელზე ჩამოკიდებულ საათს გახედა, 8 ხდებოდა. -გისმენ თორნიკე,-ისე ფხიზლად უპასუხა კაცმა, თითქოს თვალი ერთი წამითაც არ მოუხუჭავს. -გასაგებია, შუადღეს მანდ ვიქნებით. დამხმარეზე რა ხდება?.. ძალიან კარგი. დროებით. ტელეფონი გათიშა და ხელი სახეზე რომ ჩამოისვა და პლედი იატაკზე გადავარდა, წამით უცნაურად დახედა, შემდეგ კი წინ მჯდომს ამოხედა -ჩამეძინა... დიდი ხანია გღვიძავს? -არც ისე -ცოტა ხანს ქვემოთ ჩავიდეთ და მერე დავიძრათ, კარგი? -მე აქ დავრჩები -უნდა ისაუზმო, გზად ვერსად გაგიჩერებ -არა უშავს. -როგორც გინდა,-წყნარად მიუგო. დაახლოებით 20 წუთში გასასვლელად მზად იყვნენ. ქვემოთ ჩავიდნენ, თუმცა მასპინძლებს თავი ვერაფრით დააღწიეს. -არა, არა ასე ვერ გაგიშვებთ,-ქოთქოთებდა მასპინძლის მეუღლე,-ხომ მომეჭრება თავი შვილო, გზა გაქვთ წინ. მოდით, მოდით,-ვრცელ სამზარეულოში შეიყვანა და მაგიდისკენ მიუთითა, რომელზეც საუზმე ლამაზად გაეწყოთ. ელას საოცრად გაუჭირდა ერთ ადგილას გაჩერება, უნდოდა რაც შეიძლება მალე გაქცეულიყო, მაგრამ ზრდილობას ვერაფერს უხერხებდა. ძლივს გადაყლაპა ორი ლუკმა მაჭკატი და თბილი ჩაი მოსვა. ჟოლოს ჩაი საოცრად ესიამოვნა, ოდნავ მოდუნდა კიდეც. ალექსანდრე დროდადრო მასპინძელს სასტუმროზე და შემოგარენზე კითხვებს უსვამდა და გემრიელი საუზმისთვის არც კომპლიმენტებს იშურებდა. საუბრობდნენ, როცა სამზარეულოში საშუალო სიმაღლის, წაბლისფერთმიანმა, შუახნის კაცმა შემოაბიჯა. უცნაური ფორმა ეცვა - მთლიანი, მუქი მწვანე კომბინიზონი, ბევრი ჯიბით, ხელში კი ჩანთა ეჭირა, რომელიც იქვე კართან მიაყუდა და ყველას ინგლისურად მიესალმა. -ეს კარლია! ჩვენთან გერმანიიდან ჩამოვიდა,-თან ქართულად გაგვაცნო ქალმა, თან სტუმარს მიუტრიალდა,-coffee or tea? -Tea please, thanks! -Bist du schon lange hier?-გვერდიდან მოესმა ელას და ალექსანდრეს ფრთხილად გახედა. -Ich bin seit etwa einer Woche hier,-ღიმილით მიუგო კარლმა და სასიამოვნოდ გაოცებულმა მის წინ მჯდომს საუბარი გაუბა. -იქნებ გამაგებინოთ ბოლომდე რას საქმიანობს? ამ გუგლის თარგმანიდან ბევრს ვერაფერს მაგებინებს,-ხელები გაასავსავა ქალმა. -პეპლებს აკვირდება, ლეპიდოპტერისტია. მათზე ინფორმაციას აგროვებს და აღწერს,-მოკლედ შეაჯამა ალექსანდრემ კარლის ნათქვამი,-იცოდი, რომ პეპლები ჩვენზე გაცილებით მეტ ფერს ხედავენ?-ღიმილით გადმოხედა ელას და კარლთან საუბარი განაგრძო. ელა კი სულ სხვა რამეზე ფიქრობდა - პეპლებზე დაკვირვება? ცხოვრება, მინიმუმ იმდენი შესაძლებლობით სავსეა, რამდენიც ადამიანია. ვიღაცა პეპლებს აკვირდება, ვიღაც კი სიცოცხლისთვის ყოველ დღე იბრძვის - ეს იღბალია თუ ცხოვრების აღქმის სხვადასხვა პერსპექტივა? -ელა?-შორიდან მოესმა და ფიქრებიდან გამოერკვა,-მგონი ჩვენი წასვლის დროა. -კი, რა თქმა უნდა,-ჩუმად ამოთქვა და სწრაფად წამოდგა. გასასვლელში წაბორძიკებულს კი ალექსანდრემ ხელი ფრთხილად რომ შეაშველა, მასპინძელმაც ვეღარ მოითმინა და ქმარს გადაულაპარაკა,-არჩილ, რა კარგი წყვილია, არა? *** -გერმანული ასე კარგად სად ისწავლე?-ცნობისმოყვარეობამ მაინც სძლია და მანქანაში შეეკითხა. -სკოლა იქ დავამთავრე, სასწავლო პროგრამით გამიშვეს. -მარტო? -კი სრულიად მარტომ. დღეს ნინო და ნანო იტალიაში მიფრინავენ, არ გინდა ესაუბრო? -მინდა,-გამოცოცხლებულმა გამოართვა ძველისძველი ღილაკებიანი მობილური და გაბმული ზარის საპასუხოდ დედას დაელოდა. -თავს გაუფრთხილდი. გახსოვდეს, რომ უზომოდ მიყვარხარ,-გაბზარული ხმით დაემშვიდობა ნინო საუბრის ბოლოს და მასაც თვალები ოდნავ აუწყლიანდა. -სად მივდივართ?-მუცელში დისკომფორტმა დაუარა იმის შეგრძნებაზე, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა სად მოუწევდა მომდევნო დღეების გატარება. -მაღალმთიან აჭარაში -და იქ ვინ იქნება? -ჩემი გუნდის ორი წევრი. ბერიძის კომპანიის საწყობები ბათუმშია, მისი აყვანა იქ უნდა დავგეგმოთ. მაღალმთიანი აჭარა კი დასამალად საუკეთესო ადგილი გამოდის. იქაურობა წესით მოგეწონება. *** კაშკაშა მზე ზენიტში იყო, ქედაში რომ ავიდნენ. აქ პირველად იყო და მონუსხული შეჰყურებდა ხეობას. უსწორმასწორო, მოხრეშილი გზა აიარეს და მალე სოფლის განაპირა, მყუდრო ხის სახლს მიადგნენ. იქვე, ეზოს ბოლოში, ქვით ნაშენი მეორე სახლიც იდგა, რომლის საკვამურიდანაც ბოლი ამოდიოდა. საოცრად მშვიდი ატმოსფერო იყო, იმის საპირისპიროდ, რა მიზნითაც აქ მოვიდნენ. მანქანიდან გადასულს გამხმარი ფოთლების და კვამლის სუნი რომ ეცა, სიამოვნებით ჩაისუნთქა. -რათ უნდოდა კარტოფილს ხახვი -იმ გოგომ შენი გემოს რეცეპტორებიც წაიყოლა მგონი -გიგა მაგ კარტოფილზე დაგათლი იცოდე! როგორც კი სახლში შევიდნენ მათ ყურს კინკლაობის, ყნოსვას კი დამწვრის სუნი მიწვდა. კარის ხმაზე სამზარეულოდან ორი ფიგურა ისეთი სერიოზული სახით გამოლაგდა, ვერც იფიქრებდი, რომ ორი წამის წინ კარტოფილისა და ხახვის ტანდემზე დაუნდობელი ბრძოლა ჰქონდათ გაჩაღებული. -ალექს, როგორ იმგზავრეთ?-ღიმილით დაჰკრა ხელი ერთ-ერთმა მხარზე და მზერა ელაზე გადაიტანა. -კარგად, თორნიკე. გაიცანით - ელა,-დამფრთხალ გოგონას ზურგზე ხელი მსუბუქად დაადო და გვერდით დაიყენა. ზუსტად ამ დროს კარი გაიღო და ჯერ სავსე ნაჭრის ჩანთები გამოჩნდა, შემდეგ კი წაბლისფერთმიანი გოგონა. -ორი წამით გავედი და უკვე გადაწვით აქაურობა?-თავის ქნევით გამოაღო ფანჯარა და რომ შემობრუნდა ალექსანდრე და ელაც მაშინ შეამჩნია. -გამარჯობა, მე ანასტასია ვარ, აქაურობის მასპინძელი, გვერდით სახლში ვცხოვრობ,-სწრაფად აუხსნა და ახლადმოსულები ღიმილით შეათვალიერა. *** ანასტასია აშკარად ენაწყლიანი და საოცრად ენერგიული იყო. ახლაც დაუღალავად ფუსფუსებდა სამზარეულოში, ბიჭების ნაომარი კი უკვალოდ გაექრო. -თავს აღარ მოგაწყენთ, ვახშამიც მზადაა და ოთახებიც. შეშა გარეთ აწყვია აივნის ქვეშ, ოღონდ დაჩეხვა დასჭირდება. ღამე მშვიდობისა,-ღიმილით დაემშვიდობა ყველას. გასასვლელში დადებული თავისი ნივთები და ორი ჩანთა რომ აიღო, თორნიკე სწრაფად მიეშველა, მე წამოვიღებო, დინჯად უთხრა და ორივე კარში გაუჩინარდა. მესამე ბიჭმა მოჭუტული თვალები გააყოლა გასულებს, შემდეგ კი ელას და ალექსანდრეს მიუბრუნდა. -მე გიგა ვარ, სასიამოვნოა შენი გაცნობა,-გულითადი ღიმილით შეხედა ელას და ახლადმოსულებს მისაღებში გაუძღვა. -ბერიძის ობიექტზე ვიყავით ბათუმში, ალექსანდრე. სტაფის დიდი დანაკლისი აქვთ, უპრობლემოდ აგვიყვანეს საწყობის თანამშრომლებად, რაც კარგია, ტერიტორიაზე ყველგან გადაადგილებას შევძლებთ. მომავალი კვირიდან შეგვეძლება დავიწყოთ. -ძალიან კარგი, მეც წამოვალ, ლევანის მშენებარე ობიექტები უნდა ვნახო, იქაურებს დაველაპარაკები,-ოთახში ჩაფიქრებულმა გაიარა. -ჰო, კიდევ ერთი საკითხი,-თან ჩაის ასხამდა, თან აგრძელებდა,-აქაური ხალხი სტუმრებს მიჩვეული არაა. არც დიდი ხნით ჩამოდიან დასასვენებლად და ვუთხარი რომ ჩემი ბიძაშვილი ხარ და დასასვენებლად წამოგვყევი, ჩვენ კიდევ სამუშაოდ ვართ,-უხერხული ღიმილით გადახედა ელას. -რა ბიძაშვილი, მეტი ვერაფერი მოიფიქრე?-კბილებში გამოცრა ალექსანდრემ. -სხვა რა მეთქვა, გამოკითხვა დამიწყეს გზაში,-მაშინვე აპილპილდა ბიჭიც. -მგონი უწყინარი ტყუილია,-მხრები აიჩეჩა ელამ,-მე რით შემიძლია დაგეხმაროთ? -რამე შარში არ გაყო თავი, მხოლოდ ეგ გევალება და რთული შესასრულებელია,-თვალი ჩაუკრა ალექსანდრემ და ელას თვალების ბრიალიც მაშინვე დაიმსახურა. მომდევნო ერთმა კვირამ უფერულად სწრაფად გაირბინა, ბიჭები სამოქმედო გეგმაზე მუშაობდნენ, სხვა დროს კი ყველა განმარტოებით ამჯობინებდა ყოფნას და მხოლოდ ანასტასიას ენთუზიაზმი აიძულებდათ გაერთიანებას, რომლის წინაც ბედნიერი სამეგობროს როლის თამაში მაინც უწევდათ. *** იმ დღეს ადრიანად ადგა, ჯერ კიდევ ყველას ეძინა და ეზოში პლეიერის თანხლებით ჩავიდა. სავარჯიშოდ ჩამოსული ალექსანდრე რომ დაინახა, სანამ ის მოასწრებდა კითხვის დასმას, თვითონვე ჰკითხა: -შეიძლება გამოგყვე? სხვა დროს ეზოდან არ მიშვებთ,-მხრები აიჩეჩა და პასუხს არ დაელოდა, ჭიშკარი ისე გამოაღო. უსიტყვოდ ჩაიარეს დაღმართი და შემოდგომის სუსხიანი დილის საოცარი ხედების მომსწრეებიც გახდნენ. სირბილი არ უნდოდა, ამიტომ ყურსასმენი გაიკეთა და წინ წასულ ალექსანდრეს ნელი ნაბიჯით მიჰყვა. შენ ხედავ ჩემს სიზმრებს, ამბობ ჩემს სიტყვებს შენ ღამეებს მითევ, შენ ყველაფერს ითმენ იფარებ ისევ სიბრალულის ნიღაბს... გაღიზიანებულმა გათიშა იმწამს ჩართული სიმღერა. ფიქრების გასაფანტად თავი გადააქნია და ისევ გარემოს დაუწყო დაკვირვება. სახლში რომ დაბრუნდნენ, მაგიდაზე ლამაზად გაწყობილი ფუმფულა ბლინები და ხილის ჯემები დახვდათ, ანასტასიამ კი ნაჩქარევად მოაძახა გაკვეთილებზე მივდივარ და მალე დავბრუნდებიო. -ეს გოგო ჯადოქარია,-გიგამ ბლინი ხელში შეათამაშა, რამის ერთ ლუკმაში გააქრო და სიამოვნებისგან თვალები აატრიალა. -დღეს ტელეფონს მოგიტან, რომ შენებთან საუბარი შეძლო ხოლმე. იქამდე მარტო არ იყო, ანასტასიას ბებიასთან გადადი,-წასვლის წინ ალექსანდრემ დაუბარა და სანამ არ დარწმუნდა, რომ სახლში შევიდა, იქამდე არ დაიძრა. საოცრად ეხამუშებოდა უცხო სახლში ასე დაუკითხავად შესვლა და ბიჭებს კინაღამ პატარა ბავშვივით გაეტირა. მორიდებით დააკაკუნა და კარი შეაღო -გამარჯობა, სახლში ხართ? -მოდი შვილო, რომელი ხარ? -მე ელა ვარ, თქვენი ახალი მეზობელი, გვერდით ვქირაობთ სახლს,-ოდნავ გაუღიმა მოფუსფუსე ჭაღარათმიან ქალს. ზუსტად იმ ენერგიას დაატარებდა, რასაც ანასტასია, ცოტათი ჰგავდნენ კიდეც ერთმანეთს. -როგორი ლამაზი სახელი გაქვს. მე ნათელა ვარ, ანასტასიას ბებია. აბა, როგორ მოგეწონა აქაურობა? -ულამაზესია, ასეთ სიმყუდროვეში დიდი ხანია არ ვყოფილვარ -ეჰ, სად იყო სიმყუდროვე, ახლა სოფელი დაიცალა ნელნელა. ჩემს ოჯახშიც სულ მისვლა-მოსვლა იყო. ახლა ეს გოგოღა დამრჩა და ისიც ჩემს გამოა აქ, აბა რა უნდა აკეთოს აქ ახალგაზრდამ,-დანანებით ამოთქვა და ცომის მოზელვა განაგრძო. -ყოველთვის აქ არ ცხოვრობდა?-დაინტერესდა -არა ,ბებია. აქ გაიზარდა, მერე თბილისში წავიდა, მაგრამ მშობლები რომ დაეღუპნენ ავარიით, დაბრუნდა მაშინვე. ობოლი მყავს,-დამწუხრებულმა ჩაილაპარაკა,-მეორე სახლის გარემონტების იდეა მისი იყო, თვითონ უვლის ყველაფერს და აქაურ სკოლაში მასწავლებლადაც მუშაობს, ბანკის ვალი რომ გადაიხადოს. -მართლაც საოცარი გოგოა,-დაბნეული დაეთანხმა ელა და უხერხულად მოათვალიერა ძველებური სახლის დეტალები. -რას ამზადებთ? -ბაქლავას ვაკეთებ. ყველაფერს გაგასინჯებთ, სანამ აქედან წახვალთ და მოგაძლიერებ კიდეც, ნახე როგორი გამხდარი ხარ,-მუქარასავით გაისმა ქალის გამხიარულებული ხმა და ელამაც ღიმილით მიადევნა თვალი მოხუცის თითოეულ მოქმედებას. მოგვიანებით შაქრის სიროფის მომზადებაშიც დაეხმარა და ჩაის თანხლებით ძველი ფოტოალბომებიც დაათვალიერეს. შუა დღეს ანასტასიაც დაბრუნდა, სული მოითქვა და მალევე ვახშმის მზადებას შეუდგა. ელამ უსაქმოდ რომ მოიწყინა დახმარება შესთავაზა. ერთი კარტოფილს თლიდა, მეორე ბოსტნეულს ჭრიდა. სახლური ოჯახურის გაკეთებას გეგმავდნენ. -წლებია ეს არ გამიკეთებია,-უხერხულად გაიღიმა,-მაპატიე თუ ცუდად ვაკეთებ. -რას ამბობ, მშვენივრად გამოგდის,-შეაგულიანა გოგონამ,-აქ შეუძლებელია ამეების გარეშე ცხოვრება. ვერც გამოიძახებ და არც მზა იყიდება. ეგ ნამდვილად მენატრება თბილისიდან,-ეშმაკურად ჩაიღიმა. -საოცარია, რომ აქაურობას ასე კარგად მოერგე. -რას გულისხმობ? -ალბათ რთულია აქტიური, ხმაურიანი ქალაქიდან აქ დაბრუნება. -მე აქ გავიზარდე, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ორგანულია, თანაც ერთადერთი ადამიანი ვინც გამაჩნია აქ არის, სხვაგან სად უნდა წავიდე? -ზედმეტად კეთილი ხარ ცხოვრების მიმართ, როცა ის შენ მიმართ ასე არ იქცევა,-ჩაფიქრებულმა დაობლებული ანასტასიას უცნაურ ბედს გაუსვა ხაზი -სამყარო არც კეთილია და არც ბოროტი, ის უბრალოდ არსებობს და ჩვენ ჩვენითვე ვანიჭებთ ყველაფერს მნიშვნელობას,-მხრები აიჩეჩა გოგონამ. -ალბათ ასეა,-ჩაილაპარაკა და კარტოფილის გაფუჭებულ ნაწილს გაგულისებულმა მოჭრა რომ დაუპირა, ბასრი დანა აუსრიალდა და ხელისგულიდან წითელი სითხის გადმოსვლამაც არ დააყოვნა. -მოიცადე ახლავე დაგიმუშავებ,-ფეხზე წამოხტა ანასტასია, ჯერ წყალბადის ზეჟანგი დაასხა, შემდეგ ხელი მოუსუფთავა და გადაუხვია. მიუხედავად იმისა, რომ მიხმარების უფლება აღარ მისცა, ელა მათი სახლის მილაგებასა და მაგიდის გაშლაში მაინც ჯიუტად ჩაერთო, ისედაც უსაქმოდ ვარო. -თუ მოიწყინე, ფესტივალზე წამოდით, მომდევნო კვირას ტარდება, ადგილობრივ კერძებს, ცეკვებს და ტრადიციებს კარგად გაეცნობით -შენც იქნები? -კი, ჩემი მოსწავლეებიც იქ იქნებიან,-თბილად ჩაილაპარაკა -არ ვიცი, ბიჭებს ვკითხავ -რას გვკითხავ?-სამზარეულოში გიგამ შემოყო თავი და მაგიდის დანახვაზე აღფრთოვანებით დაუსტვინა,-აუ, აი თქვენ ხართ ოქროები -რა ხდება?-ამჯერად თორნიკე გამოჩნდა და მოწონების ნიშნად ტუჩები აწია. -მე დაგტოვებთ,-ანასტასიამ უხერხულად გაიწია კარისკენ. -დარჩი, ჩვენთან ერთად ივახშმე -მადლობა თორნიკე, მაგრამ ბებოს უნდა დავხედო. ანასტასია, წამომყვები? ბაქლავას გამოგატან. -ბებიაც ჯიგარი გყავს ანასტასიაა,-აშკარად პირგამოტენილმა გამოსძახა გიგამ და გოგონაც სიცილით გავიდა კარში. ნათელას სახლიდან თეფშით ხელში უკან რომ ბრუნდებოდა, ეზოში ალექსანდრე შემოხვდა. -სალამი,-მხიარულად გაუღიმა წინ მდგომს. ამ უკანასკნელის მზერა კი მხოლოდ მის გადახვეულ ხელზე იყო მიმართული. -რა დაგემართა? -არაფერი ისეთი, ხელი გავიჭერი -რომ გითხარი შარში არ გაეხვიოთქო, ეგეთებიც ვიგულისხმე,-კარი გაუღო და შეატარა, მაგრამ შესვლისას დაძაბულმა საფეხურს ფეხი წამოსდო და თეფშიანად ძირს დაენარცხებოდა, ალექსანდრეს მკლავში რომ არ ჩაევლო ხელი. მიწაზე მყარად გაასწორა და სრული სერიოზულობით უთხრა,-და ასეთებიც. ერთ წუთში თბილი და დინჯია ეს ბიჭი და მეორე წამს ტირანს ემსგავსება, თითქოს მასში ორი სხვადასხვა ადამიანი ცხოვრობდეს. ბიჭებს აღარ შეუერთდა და ოთახში ვახშმობა ამჯობინა. -რა ხდება საწყობში?-სანამ ელას არყოფნაზე ზედმეტ კითხვებს დასვამდნენ, იქამდე დაასწრო საუბრის წამოწყება. -ჯერ არაფერი. საწყობის გეგმა მომცეს, მაგრამ შენ მოწოდებულ ნახაზებს არ ემთხვევა, რამდენიმე ოთახი აკლია იმათ გეგმას აქ და აქ,-მაგიდაზე გაშლილ ფურცლებზე აჩვენა თორნიკემ,-უნდა გავარკვიოთ რატომ გვაქვს აცდენა და იქ რა ხდება. ყალიბს შევამოწმებ და ვეცდები გასაღები გავაკეთებინო -ელამ მითხრა, რომ იქ ყოფნისას რამოდენიმეჯერ გაიგო, როგორ ახსენებდნენ ნარკოტიკებს -სარწმუნო ამბავია,-ჩაფიქრდა გიგაც -შენ იყავი მშენებლობებზე? -კი, ლევანის ყოფილი თანაშემწე აქეთაა ჩამოსული. ცოტა ხნის წინ შეცვალა ახლით. როგორც კი შესაფერისი მომენტი იქნება, ამ დღეებში ვესტუმრები. ფრთხილად უნდა ვიყოთ, არ მინდა ბერიძის ყურადღება აქეთ მოვმართო. *** სამი წლის წინ ნახევრად ჩაბნელებული ოთახის კარი გაიღო და მაღალი ფიგურა გამოჩნდა. ჯერ გაუკვირდა ახალი სახის დანახვა, მერე იმედით ახედა მისკენ მომავალ ბიჭს. -როგორ ხარ, ელა?-კითხვა რომ უპასუხოდ დატოვა ნიკაპქვეშ ორი თითი ამოსდო, სახე ახლოს მიუტანა, ჭრილობებსა და დალურჯებებს დააკვირდა, რომლებიც უკვე შუშდებოდა და მოყვითალო ფერში გადადიოდა. ირაკლიმ თავი უკმაყოფილოდ გადაიქნია. -ასეთ ლამაზ ნაკვთებს ხელის დაკარება არ უხდება,-ლოყაზე თითი გადაატარა. -შენ მაინც რა გინდა ამათთან, ირაკლი,-დანანებით ამოხედა ქალმა და წარბები სასოწარკვეთილმა შეკრა, როცა ალკოჰოლის მკვეთრი სუნი იგრძნო და სახე ზიზღით მოარიდა. თვეებია სიყვარულს ეფიცებოდა ირაკლი, მაგრამ მისგან საპასუხო გრძნობა ვერ მიიღო. ჯერ მხოლოდ 19 წლის იყო, სერიოზული ურთიერთობები და მით უფრო დაოჯახება არ აინტერესებდა. სულ ცდილობდა არ ეწყენინებინა და ისე მორიდებოდა, მაგრამ ვერაფრით გამოუვიდა. -ჩვენს ურთიერთობას ყველაფრის მოგვარება შეეძლო და შენ მაინც გაჯიუტდი. აი სად მოვედით. ამპარტავნება დამღუპველია იცი?-სახეში შესცინა და მოხრილი თითი ლავიწს ჩამოაყოლა. -მე არაფერი დამიშავებია... დამეხმარე, გთხოვ,-მუდარით ახედა და შეკრთა, როცა მის თვალებში თანაგრნობის კვალსაც კი ვერ მიაგნო. -რა საინტერესოა, ამაყი ელა დგას და რაღაცას მთხოვს,-ირონიულად გაიცინა ბიჭმა, თვალი მის მომდგარ მაისურს ჩააყოლა და რამდენი ნაბიჯიც წინ გადადგა, იმდენი უკან დაიხია ელამაც, სანამ კედელს ზურგით არ აეკრო. გოგონას კიდევ უფრო მიუახლოვდა, ყელისკენ ნელა დაიხარა და ტუჩები მიაკრო. ელას ზიზღისგან გააჟრჟოლა და თავის დაღწევას შეეცადა. -ცხოვრებას დაინგრევ... -ახლა რამის გამოსწორება უკვე გვიანია. მშობლების სიხარბემ უკვე მოგვიღო ბოლო, იმას მაინც მივიღებ, რაც ჩემი უნდა ყოფილიყო,-წელზე ხელები მჭიდროდ შემოაჭდო და გამოძრავების შესაძლებლობა აღარ დაუტოვა. -გთხოვ, არ გინდა,-ხმა გაუტყდა სასოწარკვეთილ ქალს. -გვიანია, ძაალიან გვიანი,-მის მაისურს რომ ხელი უხეშად წაატანეს ელა მიხვდა, გონება კიდევ ერთხელ უნდა გაეთიშა. არეულ საწოლზე იწვა და გაუჩერებლად კანკალებდა. გონებას კი გათიშავდა, მაგრამ რამდენი რამის გაძლება შეეძლო სხეულს? დალურჯებები გაივლის, ჭრილობები შეხორცდება, მაგრამ ღირსებას რომ ფეხით შესდგებიან მაშინ რა ხდება? როცა შენს საკუთარ შეგრძნებებს შენივე საწინააღმდეგოდ იყენებენ, შეიძლება ამაზე უფრო მეტად რამემ დაგამციროს? როცა შენ მთელი არსებით ეწინააღმდეგები, საკუთარი სხეული კი გღალატობს, ნუთუ ამაზე მეტად შეუძლია რამემ დაგშალოს? საბოლოოდ გატყდა და ნაწილებად დაიშალა... კანკალმა და სპაზმებმა ყელამდე ამოაღწია, თავი გადმოწია და იქვე ამოიღო გულ-მუცელი, სპაზმები არ შეწყდა, სუნთქვა ეკვრებოდა. კარის ხმა მოესმა, შეშლილი, ცრემლებისგან დაბურული თვალებით აიხედა და მაღალი, გამხდარი ქალის სილუეტი გაარჩია... -ელა... *** -ელა,-შორიდან მოესმა ხმა. ისევ იმ წყეული შეგრძნებითა და კივილით გამოფხიზლდა. ვერ სუნთქავდა, ცივი ოფლი ასხამდა. პირი გააღო მაგრამ ფილტვები არა და არ ივსებოდა ჰაერით. შორიდან ნაცნობი ხმა ესმოდა, მაგრამ სმენაც დაბინდული ჰქონდა და თვალებსაც ცრემლები უფარავდა. შეუჩერებლად კანკალებდა და ნანახი ისევ კადრებად უტრიალებდა გონებაში. სიმსუბუქე იგრძნო, უჰაერობისგან ისევ წყვდიადში ინთქმებოდა. სახეზე შეეხნენ და გველნაკბენივით შეხტა. -შემეშვი, ხელი არ მახლო,-საწოლის კიდისკენ იწევდა, როცა საპირისპირო მხრიდან უბიძგეს და წინ რომ გადავარდა, სითბო იგრძნო, რომელიც მომენტალურად გავრცელდა სხეულში. ხელები წინ გაიშვირა და თვითონაც მჭიდროდ მიეკრო. კანკალს ნელნელა უკლო და შორიდან სასიამოვნო, თამბაქონარევი სურნელი ეცა. არაფერს ჰგავდა ეს არომატი, რაც კი შეეძლო გაეხსენებინა. ძვირადღირებული სუნამო? არა, არა რაღაც სხვა იყო, მხოლოდ ერთი, მხოლოდ მისნაირი. ზუსტად ისეთი, როგორიც იყო. სურნელიდან სხვა შეგრძნებებზე გადაერთო და აღქმის დალაგება დაიწყო. სითბო აღიქვა. ვიღაც ეხუტებოდა და ამდენი ხნის მანძილზე პირველად... სულ პირველად... სიმშვიდე დაეუფლა. თვალები გაახილა და გაოგნებულმა გაიაზრა, რომ ალექსანდრეს მაისური ხელებში მთელი ძალით მოებღუჯა და მისი ფართო მხრებისთვის თავი მოურიდებლად შეეფარებინა. ოთახის კარი გაიღო და თორნიკე გამოჩნდა, რომელმაც აშკარა იყო, ქვედა სართულიდან ამოირბინა, რადგან აღელვებული ღრმად სუნთქავდა. ნანახისგან დაბნეულმა ალექსანდრეს გახედა და მანაც ხელის აწევით რომ შეაჩერა, მიხვდა, ყველაფერი რიგზე იყო და კარი ფრთხილად მიიხურა. ელას კომფორტული მდგომარეობა არ ეთმობოდა, თუმცა საღმა აზრმა ყველა მანამდე აღქმული შეგრძნება გადაფარა და გონებამაც განგაშის სიგნალები რომ გამოუშვა, ხელები ნელა შეუშვა ობიექტს, რომელიც ასე არ ეთმობოდა. -უკეთ ხარ?-დაბალი ხმით ამოიჩურჩულა და აწყლიანებულ თვალებში ჩახედა. -კი... მე... ბიჭების შეშინება არ მინდოდა... უბრალოდ თავს არ მანებებს ეს კადრები. -გაუშვი ის, რაც იყო და რაც შენი მიზეზით არ მომხდარა -ჩემი მიზეზით მოხდა, ყველაფერი იმის ბრალია, რომ თავს ვიფასებდი, საკუთარი თავის გადარჩენაზე ვფიქრობდი და ყველას დავუნგრიე ცხოვრება... -როგორ შეიძლება შენ რამეში თავს იდანაშაულებდე, ელა,-ჩამოშლილი თმა ნაზად გადაუწია ყურს უკან და თავი ააწევინა. -წინააღმდეგობის გაწევაც კი ვერ შევძელი,-ჯერ კიდევ სიზმრიდან გამოყოლილი ემოციების ქვეშ იყო და ცრემლების ახალმა ტალღამ ჭაობისფერი თვალების ჯებირები რომ გადმოლახა, ალექსის სახე ოდნავ გაუმკაცრდა. -გგონია რამეს შეცვლიდი? -უნდა მეცადა,-უნდა აეხედა, ხელებგაკავებული რომ აღმოჩნდა, ზურგიდან კი მშვიდი ხმა მოესმა -თავი გაითავისუფლე -რას აკეთებ?-სანამ მის საქციელს გაიაზრებდა, ავტომატურად გაიბრძოლა. -გაითავისუფლე,-მაჯებზე მტკივნეული მოჭერა იგრძნო და უმწეოდ შეეწინააღმდეგა, მაგრამ თავდამსხმელის ძალას ვერაფერი დააკლო. -გამიშვი,-გამწარებულმა გამოცრა და როგორც კი კაცმა გაუშვა, სწრაფად შემობრუნდა და ხელი ლოყისკენ ინსტიქტურად გაუქანა. ალექსანდრემ ხელი ჰაერში დაუჭირა, საწოლისკენ ძლიერად უბიძგა და რბილ ზედაპირზე ზურგით რომ დაეცა, ორივე ხელი მჭიდროდ გაუკავა. -სიმართლეს თვალები გაუსწორე, დასუსტებული წინააღმდეგობას ვერ გაუწევდი და გეყოფა თავის შეცოდება,-სწრაფად მოშორდა და ოთახი დატოვა. ელა საწოლზე ღონეგამოცლილი მოიკეცა და კივილი ბალიშში ჩაახშო. *** -ხვდები რომ მაგრად გაგედო?-ქვემოთ ჩასულს თორნიკე დახვდა. -რა გინდა თორნიკე?-ჭიქაში წყალი ჩამოისხა და გაღიზიანებული სახით მიუტრიალდა. -ძალიან შესამჩნევია როგორც უყურებ, თან კოშმარებსაც მშვენივრად უფრთხობ -რომ ვხვდები რა გადაიტანა, კიდევ უფრო მინდება, რომ ბერიძე საკუთარი ხელით მივახრჩო. -ჩემზე უკეთ მაგ გრძნობას ვერავინ გაიგებს,-კვერი დაუკრა თორნიკემაც. რამოდენიმე დღე ერთმანეთს თვალის დახამხამებაში მიჰყვა. დილას აივნის წინ იდგა თორნიკე და შეშას ჩეხავდა, დროდადრო კი ეზოში მდგარ ანასტასიას გახედავდა, რომელიც მთელი მონდომებით ცდილობდა კარალიოკის ისე მოკრეფას, რომ ფოთლები და ტოტები ლამაზად გამოჰყოლოდა. შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდიაა, ავადა ვარ გულში ცეცხლი მინთიიიაა, აქიმობას თუ გამიწევ მადლია, დაილოცოს შენი სოფლის ნათლია გიგა გიტარით ხელში ამოუდგა და არხეინად ამღერდა. ჩემს ეზოში გაიარე მადლია, დაილოცოს შენი სოფლის ნათლიაა. ხმას მთელი გრძნობით მოუმატა. -ხელებს დაგამტვრევ იცოდე. ეგ სადღა იპოვე -ზრდილობა გამოიჩინე პატივცემულო, ოთახში იყო,-მხრები აიჩეჩა ბიჭმა და ანასტასიას დაუძახა. -ჩვენ გვიკრეფ კარალიოკს? გოგონას გულიანად გაეცინა. -შენც შეგიძლია აიღო, მაგრამ ამას მოსწავლეებისთვის ვკრეფ, დღეს საშემოდგომო ზეიმი აქვთ და ლამაზები უნდა იყოს,-მათ მიუახლოვდა და ხელში ტოტით შეათამაშა დამწიფებული ნაყოფი. -შენ უკრავ კიდეც? -ცოტცოტას, საჭიროებისას,-ვერშეკავებული ღიმილით გადახედა თორნიკეს გიგამ. -მაგარია, საღამოს ეზოში შევიკრიბოთ, კოცონი დავანთოთ, ეგეც გამოიტანე და გავერთობით,-მხიარულად შესთავაზა გოგონამ. -ძაან კაი იდეაა,-გიგამაც მოუწონა და აკორდების მოსინჯვა განაგრძო. ჰოლი გაიარა და ის იყო ოთახში უნდა შესულიყო, რომ ალექსანდრეს შეეჩეხა. უსიტყვოდ აუარა გვერდი, მაგრამ ბიჭის რეპლიკამ შეაჩერა -რამით დავიმსახურე თავის არიდება? -დილას უკვე მოგესალმე -ეგ პასუხი არაფერს მეუბნება,-მისკენ ნაბიჯი გადადგა. -ჩემგან რამეს ელოდები? -ალბათ უბრალო გამოლაპარაკებას მაინც?-ნიკაპზე ვითომ ჩაფიქრებულმა მოისვა ხელი კაცმა და კარს მიეყუდა. -გკითხო როგორი დღე გქონდა?-მშვიდად ახედა ელამაც -გეყოფა ირონია,-მისკენ გადაიხარა,-რამე დავაშავე? -იქნებ პირიქით, მე დავაშავე რამე? იმიტომ რომ შენი ხასიათის ცვლილებები მაბნევს,-თავი ასწია და დაღლილი მზერა გაუსწორა კამკამა ცისფერ თვალებს. თუ ალექსანდრეს კეთილი მხარე მის გარეგნობაში გამოიხატებოდა, ეს უთუოდ თვალები იქნებოდა. კუპრივით შავი თმა და სახის გამომეტყველება კი აშკარად მეორე მხარეს ეკუთვნოდა. -კარგად იცი, აქ გასართობად არ ვართ. -არა და პირიქით მეგონა,-ხმას ირონია ისევ არ დააკლო და ოთახში შევიდა. გასართობად არ იყვნენ, მაგრამ ანასტასიას ხათრი მაინც ვეღარ გაუტეხეს და საღამოს შუა ეზოში კოცონი მართლაც დაანთეს. გარშემო კუნძებიც შემოუწყეს და არც ნაკვერჩლისთვის სიმინდისა და კარტოფილის გამზადება დავიწყებიათ. ნათელამ ცხელი ჩაი და ყურუთიც გამოიტანა და დარჩენის თხოვნაზე უარი განაცხადა - ახალგაზრდები გაერთეთ, მე დავისვენებო. -რამე არ დავლიოთ?-ცოტა ხანში შეთქმულივით გადახედა იქ მყოფებს ანასტასიამ. -ხვალ ვმუშაობთ თორემ...-თავი მოიფხანა უხერხულად გიგამ. -ერთი ჭიქა რას გიზამთ, ბებოს ჭაჭა აქვს სასწაული,-სხარტად წამოხტა და მალევე ლანგრით დაბრუნდა, რომელზეც მომწვანო სითხით სავსე, 5 მომცრო ჭიქა და პატარა გრაფინი იდო. -ტარხუნისაა,-ჩუმად ჩაიქირქილა და ჭიქები ჩამოარიგა. -ეს გოგო მიყვარს,-აღფრთოვანებით გაიშვირა გიგამ თითი ანასტასიას მიმართულებით და თორნიკეს ოდნავ შეჭმუხნულ წარბებზე ბოროტულად ჩაიცინა. -ჩვენს შესანიშნავ ხუთეულს გაუმარჯოს,-სადღეგრძელოს თქმაც თვითონვე ითავა გიგამ და ჭიქა წრის ცენტრში გაიშვირა. ჭიქები მიაჭახუნეს და თავისი წილი ყველამ რომ გადაკრა სახეებიც ერთდროულად დაემანჭათ. -გვკლავ ანასტასია?-სიმწრით ამოთქვა ალექსანდრემ. ამასობაში გიგამ გიტარა ბეჯითად მოიმარჯვა და ოდნავ შეხურებულზე გულიანად წამოიწყო: წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდა ალვის ხის ჩამონათალი დადექ ნაფოტო მიამბე საყვარლის შემონათვალი ანინა ნანი ნინაო თანინა ნინა ნინაო ანინა ნანი ნინაო თანინა ნინა ნინაო მისამღერზე ანასტასიაც პირველ ხმაში აყვა და აქ უკვე თორნიკემ ვეღარ მოითმინა, წამოხტა და საცეკვაოდ მოხდენილად გამოიწვია. ლამაზი სანახავი იყო როგორ მორიდებულად, მაგრამ ჰარმონიულად მოძრაობდა ორივე, მოზომილი სიახლოვითა და ვერშეკავებული ღიმილით. გიგა სიმღერას ომახიანად აგრძელებდა. -დავიღალე, ახლა შენ,-ძალით წამოაყენა ანასტასიამ ელა და თვითონ მორზე აწითლებული ჩამოჯდა. ეგერ ზემოთ წყარო მოდის ნარინჯისფერი გადმოდის გოგოვ მეტად ლამაზი ხარ მთავარის სული ამოდის და ელამ, რომელიც ხათრით წამოდგა, თორნიკემ რომ თავი დაუკრა, ისე ფრთხილად გაშალა ხელები და ტანის მსუბუქი რხევით აჰყვა ბიჭს, რომ გაოგნებულ გიგასაც კი გაუჭირდა სიმღერის გაგრძელება. ალექსანდრე არასდროს ყოფილა ტრადიციების მოყვარული, ქვეყნიდან წლების წინ წასულს გადავიწყებოდა კიდეც ეს შეგრძნებები, მაგრამ ახლა მონუსხული უყურებდა მის წინ აცეკვებულ ქალს და ვერ მიხვდა რისთვის დაებრალებინა მასში დატრიალებული ქარიშხალი, აგიზგიზებული კოცონისთვის თუ ოდნავ მოკიდებული ალკოჰოლისთვის. -მოკლედ, კვირას ფესტივალია და წამოდით,-მოგვიანებით კიდევ ერთხელ შეუთანხმა ანასტასიამ ყველას გეგმა,-მოგეწონებათ ალექსანდრეს გადახედეს: -საღამოს შეიძლება წამოსვლა, ცოტა ხნით,-თავის ქნევით დაეთანხმა ისიც. *** 3 წლის წინ დაბინდული თვალებით ხედავდა მასთან ჩამუხლულ ქალს, რომელიც თავზე ნაზად ეფერებოდა და სასოწარკვეთილი ხმით უჩურჩულებდა,-შემომხედე ელა, აქ ვარ, აღარავის მოგაკარებ, გპირდები. იმ დღეს საკუთარი ხელით მოუარა ლიამ ელას, მოგვიანებით საკუთარი ხელითვე აჭამა და მასთან აღარავინ შეუშვა. გონებადაბინდულს დიდად აღარ აინტერესებდა გადარჩა თუ არა, მაგრამ ქალისგან წამოსულ დედობრივ სითბოს სადღაც მაინც გრძნობდა. -შენზე ცოტა დიდი შვილი მყავს, ბიჭი,-ელას თავი ქალის კალთაში ედო, ისიც თმაზე ეფერებოდა და ცდილობდა ამ ქვეყანაზე უბრალო ამბებით მაინც დაებრუნებინა,-ხან სად მოგზაურობს, ხან სად. ამბობს ყველაფერი მინდა ვნახოო. მე კიდევ ქვეყანა არასდროს დამიტოვებია. ნეტა როგორია ჩვენგან განსხვავებულ გარემოში ცხოვრება? აი, წარმოგიდგენია მაგალითად აფრიკაში როგორია? სპილოები, ჟირაფები... ერთ ვიდეოში ვნახე ჟირაფმა პირდაპირ სასტუმროს ფანჯარაში შემოყო თავი, როცა წყვილი საუზმობდა... მართლაც წარმოიდგინა ჟირაფი როგორ უხრის თავს და ისიც ეფერება. ნეტავ როგორი ბეწვი აქვს? თავზე, რქებთან აუცილებლად ფუმფულა უნდა იყოს... მალევე ჩაეძინა... დღეები დღეებს მიჰყვა, ლია ცდილობდა გოგონასთვის სასიცოცხლო ძალები შეენარჩუნებინა. ხვდებოდა ექიმი და დახმარება სჭირდებოდა, ხოლო ერთხელ, თითქმის ჩაძინებულზე გოგონამ ჩუმად რომ ამოთქვა -დედა მენატრება. შენ დედასავით ხარ, მაგრამ ის არ ხარო,-გული მოეწურა ქალს და მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო. მეორე დღეს ირაკლი გეგეშიძე ლევანის სახლზე შტურმისას დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლევანიმ კი ამ საქმიდან ხელები დაიბანა. თუმცა, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, ზუსტად ნახევარი საათით ადრე ელა ლიას მიერ ღიად დატოვებულ კარში ფრთხილად გავიდა. დასუსტებული იყო, მკერდში, ფილტვებთან მწველ ტკივილსა და ჩხვლეტას გრძნობდა. ვიწრო ჰოლი კედელზე ხელის ცეცებით გაიარა და მისაღებიდან ხმამაღალი საუბარი შემოესმა. -შეიშალე? წუთიწუთზე დაგვადგებიან -მე გაგაფრთხილე ლევან, ამ გოგოს უბედურება ყველა ჩვენგანის კისერზე იქნება! -ქალები! როგორც კი ქალის სენტიმენტები ერთვება საქმეში, აი რა შედეგს ვიღებ,-ნერვულად მოიმარჯვა ტელეფონი, მაგრამ დარეკვა ვერ მოასწრო, რადგან მისკენ იარაღმომართული ელა შენიშნა. -არ დარეკო -გადატენილია,-ხელები წინ გაიშვირა კაცმა,-ფრთხილად -გგონია იმ ჭკუაზე ვარ სწორს და არასწორს ვასხვავებდე?-ამოთქვა,-ჩემთვის უკვე სულერთია ის იყო სასხლეტზე უნდა გამოეკრა, დაცვის წევრი გვერდიდან დაეჯახა და წონასწორობადაკარგული ორივე იატაკისკენ დაეშვა, თუმცა იარაღი მაინც გავარდა. თავი ძლიერად დაარტყა ცივ ზედაპირს, საშინლად სტკიოდა, მაგრამ წამოწევა მოახერხა. ლევანი ვიღაცის სხეულს ეფარებოდა და რაღაცას გაუჩერებლად იმეორებდა, ხოლო როცა ადგა, ქალის წითლად შეღებილ ზედასაც მოჰკრა თვალი. თავი ისევ ძირს დადო უღონოდ და მხოლოდ ერთს ფიქრობდა - ლიას წითელი ზედა არ სცმია. რამდენიმე წამში თავზე ლევანი დაადგა, ზიზღიანი მზერით დახედა და ადგილიდან გაქრა. ცოტა ხანში გარეთ ხმაური ატყდა. თავბრუ ეხვეოდა, მაგრამ სადღაც, გონების ნაწილში გაიაზრა, რომ რაღაც საშინელება ჩაიდინა და იქამდე ქვითინებდა, სანამ ბოლო ძალა არ ამოეწურა და გონება არ დაკარგა. დრო გაიყინა... მომდევნო სამი წლით... *** კარზე მსუბუქი კაკუნის ხმა შემოესმა და რომ არ უპასუხეს, სახელური ფრთხილად ჩამოიწია. -კარგი, ვიცი, რომ უსამართლო ვარ შენ მიმართ,-არც დაელოდა გამოპასუხებას, ისე შევიდა ოთახში და რაფაზე მჯდარს, ატირებულს რომ შეხედა, დაიბნა. -ჰეი, ასე გაწყენინე? -ოდესმე ისწავლი, რომ კარი უნებართვოდ არ შემომიღო?-სევდიანი ღიმილით გახედა კაცს. -ალბათ. ამაზე არ მიფიქრია,-გულწრფელად უთხრა და გვერდით ჩამოუჯდა. -ამდენად ნ*****ი ვარ, რომ აგატირე კიდეც? -შენ არაფერ შუაში ხარ,-თავი გააქნია -აბა? ანასტასიას ვუსაყვედურებ მარტო თუ გტოვებს, მაგიტომ შევარჩიე მისი სახლი -არა, ანასტასია საუკეთესო ადამიანია, ჩემგან განსხვავებით. -საიდან ასეთი დასკვნები? -მე, უბრალოდ ძალიან, ძალიან დავიღალე,-თავი მხარზე ჩამოადო. ალექსანდრე ლოყაზე ნაზად მიეფერა,-შენთან ვარ. მე და შენ ყველაფერი გამოგვივა, სხვა არაფერი დაიჯერო. *** კვირა შუადღე იყო, ფესტივალზე ჩასასვლელად ემზადებოდნენ. ანასტასიამ ელა გამოიჭირა და მაკიაჟზე ვერ დაითანხმა, მაგრამ ლაინერს მაინც დიდი მონდომებით უსვამდა თვალებზე და სიამოვნებდა, რომ მისი ცოტათი გამხიარულება შეძლო. ელას კი ალექსანდრეზე ეფიქრებოდა, რომელიც დილას სახლიდან ადრიანად გავიდა და ჯერ კიდევ არ ჩანდა. -შეგვიძლია წავიდეთ, ნათელას მოსავალი დაბინავებულია,-კმაყოფილები შემოვიდნენ სახლში გიგა და თორნიკე. -ჩვენც მზად ვართ,-თავის ქნევით დაეთანხმა ანასტასია. -ალექსანდრე არ მოვა?-დაბნეულმა იკითხა ელამ -იქ მოვა,-მშვიდად მიუგო თორნიკემაც და გოგოები კარში გაატარა, ქამარში იარაღი კიდევ ერთხელ შეამოწმა და თვითონაც მანქანისკენ დაიძრა. ფესტივალზე უკვე საკმაოდ ბევრი ხალხი შეკრებილიყო, ღია ცის ქვეშ უამრავი ლამაზი დახლი იდგა, რომლებზეც ტრადიციულ კერძებს, ტკბილეულს თუ ადგილობრივად დამზადებულ ნივთებს შეხვდებოდი. ელა და ანასტასია ყაბალახებს ათვალიერებდნენ, თორნიკე და გიგა ტერიტორიის განაპირას იდგნენ და თვალს ადევნებდნენ, როცა ალექსანდრე გამოჩნდა, ცალი ხელი დაუდევრად ჰქონდა გადახვეული. -მშვიდობაა?-დაძაბულმა დახედა თორნიკემ მის ხელს. -კი,-სიგარეტს მოუკიდა,-ლევანის თანაშემწეს მივაკითხე -მერე? -იცოდით, რომ ბერიძეს შვილი ჰყოლია, რომელსაც ახლა გამწარებული ეძებს? გიგამ აღფრთოვანებით დაუსტვინა და იქვე იკითხა -და ეგ ჩვენ როგორ გვეხება? ჩაფიქრებულმა ალექსანდრემ ელასკენ გაიხედა, მაგრამ საუბრის გაგრძელება აღარ დასცალდათ. დაინახეს, როგორ ჩაფრენოდა ანასტასიას ვიღაც ბიჭი მკლავებში და მანქანისკენ ექაჩებოდა, ანასტასია რაღაცას უხსნიდა და თავის განთავისუფლებას ცდილობდა, ელა კი დაბნეული იდგა და ვერ ხვდებოდა რა გაეკეთებინა. -ხელებს დავამტვრევ,-კბილებში გამოსცრა თორნიკემ -იცოდე, ზედმეტი ყურადღება არ გვჭირდება,-ალექსანდრემაც მკაცრად გააფრთხილა და გაავებულ მეგობარს მიჰყვა. -აქ რა ხდება? -შენ ვინღა ხარ,-ამრეზით მოუტრიალდა ბიჭი, ანასტასიას ხელი შეუშვა და მოსულები აათვალიერა. -რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვარ, რატომ აწუხებ? -როგორმე ჩვენითვე გავარკვევთ, ძმა,-გოგონას ხელი გამოსდო და მისი წაყვანა ისევ ძალით სცადა, როცა თორნიკემ მოატრიალა და ისე ძლიერად დაარტყა, რომ ბიჭი ინერციით ძირს გადავარდა -აღარ გაეკარო,-გონებადაბინდულმა კიდევ რამდენჯერმე დაარტყა სახეში, მაგრამ ალექსანდრემ მაშინვე წამოაყენა -გეყოფა, თორნიკე. ყველა მათ უყურებდა, ალექსანდრემ ელა სიტუაციას გაარიდა, მერე კი ნაცემ ბიჭს წამოდგომაში მიეხმარა -ქორწილამდე მოგირჩება,-ხელი მხარზე დაჰკრა და ჭკვიანად იყავიო ცივი მზერით გამაფრთხილებლად რომ დაუბარა, იმანაც გაღიზიანებულმა მოიშორა კაცის ხელი მხრიდან. მანქანებში განაწილდნენ. ანასტასია ალექსანდრესა და ელასთან ჩაჯდა, თორნიკესკენ აღარც გაუხედავს. რადგან გზა ცუდად ხდიდა, ელა წინ ჩაჯდა და ის იყო სავარძელზე მოკალათდა, რომ ხელი რაღაცაზე მოუხვდა და ძირს გადმოვარდა. საფულე იყო, მანქანის საფენზე ორად გადაშლილი ჩამოვარდნილიყო. ფრთხილად აიღო ნივთი და მისი ყურადღება სურათმა მიიქცია, რომლიდანაც ნაცნობი სახე უმზერდა, მაგრამ ვერაფრით აკავშირებდა მოვლენებს. მაშინ გამოერკვა, როცა მძღოლის ადგილას ალექსანდრე ჩაჯდა და გაკვირვებულმა შეხედა გახევებულ ქალს. -ბოდიში გადმომივარდა,-ამოიჩურჩულა და საფულე ხელის კანკალით დაუბრუნა. -ეს ქალი ფოტოზე ვინაა?-ვეღარაფრით მოითმინა, მაშინვე ჰკითხა -დედაჩემია,-ჩუმად მიუგო კაცმაც და მანქანა დაძრა. ყველაფერი დატრიალდა. გაოგნებული სახით იჯდა და შოკისგან ვერც კი ახერხებდა ნათქვამის ბოლომდე გადახარშვას. შეიძლება სამყარომ ამაზე მეტად დასცინოს? ალექსანდრე ლია ბარბაქაძის შვილი იყო... მანქანებიდან როცა გადმოვიდნენ, ანასტასიამ ღამემშვიდობისაო უხალისოდ თქვა და სახლისკენ მძიმედ წავიდა. შუა გზაზე თორნიკე წამოეწია და გააჩერა -ხშირად გაწუხებს ხოლმე? -არც ისე, წლებია ჩემთან ურთიერთობას ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის,-მშრალად მიუგო -კიდევ თუ მოვიდა... -თავს მივხედავ, კარგი? -მიბრაზდები? -რა თქმა უნდა! რა საჭირო იყო მისი ასე ცემა, იქ ჩემი მოსწავლეებიც იყვნენ და ყველაფერი დაინახეს -ბოდიში, თავი ვერ გავაკონტროლე ანასტასია სიტყვის უთქმელად შებრუნდა და სახლში შევიდა. მოგვიანებით გარეთ გამოსულს თორნიკე ისევ იქვე დახვდა. არაფერი უთქვამს, დაჩეხილი შეშის მოგროვებას სწრაფად შეუდგა და სახლისკენ გაბრუნდა -არ მინდა ნაწყენი იყო -არ ვარ,-მოკლედ უთხრა -ასეთ საკითხებში ძალიან ფიცხი ვარ და თავს ვეღარ ვთოკავ, ვიცი ზედმეტი მომივიდა... -ახლა უარეს პრობლემებს შემიქმნის,-ამოიგმინა გოგონამ -კიდევ თუ შენი ნების საწინააღმდეგოდ მოგეკარება, გპირდები ვეღარ გაივლის,-კრიჭაშეკრულმა ამოთქვა. -ისევ შენსას აგრძელებ? -შენ არ გესმის, ერთხელ რომ ასე მოიქცევა, სხვა დროსაც იზავს. შენი დამთმობი ხასიათით ვიცი მისი გულის ტკენას მოერიდები და მერე საერთოდ დაუკრეფავში გადავა! -ახლა ჩემი ხასიათიც პრობლემა გახდა? -საქმე მაგაში არ არის... -აბა რაშია? -ჩემი და ძალადობის მსხვერპლი იყო,-ჩუმად ამოთქვა,-ქმარმა მოკლა. ანასტასიამ შეშა ძირს დააწყო და სევდიანად ახედა. -17 წლის ვიყავი, ვერაფერი გავაკეთე... ისიც კი ვერ შევამჩნიე რამე პრობლემა თუ ჰქონდა,-ისევ აგრძელებდა გაქვავებული სახით,-და თავს ვერაფრით ვპატიობ -ძალიან ვწუხვარ თორნიკე,-ახლოს მივიდა და მოეხვია. -ამიტომ, არავის მოუთმინო ასე მოქცევა. მაპატიე, შენი წყენინება არ მინდოდა,-თვითონაც მოხვია ხელები და თმაზე ტუჩებით მსუბუქად შეეხო. *** -ოთახებში ნამდვილად ნარკოტიკია,-გიგამ დარწმუნებით თქვა,-დღეს გავაღეთ. მეორე დღის საღამო იყო, ახლადმოსულები მაგიდასთან ისხდნენ. -თურქეთიდან უზბეკეთში და ყაზახეთში გააქვთ,-დაუდასტურა თორნიკემაც -დიდი რაოდენობაა? -ორი სახისაა და ძალიან ბევრი -ვინმემ ხომ არ დაგინახათ? -არა -კარგი, ზაზას და ზურაბს დავურეკავ, დახმარება დაგვჭირდება. გამოცოცხლებული ზაზა მაშინვე დედაქალაქიდან გამოსვლას დაპირდა. რამდენიმე საათში ყველაფერი მორჩებოდა. -ალექს, თავიდანვე ვიცოდი, რომ ყველაფერს გაართმევდი თავს და არც შევმცდარვარ. -მადლობა ზაზა -სანამ ეს ამბავი დასრულდება, მე, უბრალოდ რაღაცის თქმა მინდოდა, რაღაცის, რაც ძალიან მაწუხებს... ხრინწიანი ხმით ამოთქვა კაცმა. -იმ დღეს, როცა დედაშენი დაიჭრა, ადგილზე მისულებს უცნაური სურათი დაგვხვდა. ელა და ლია ერთ ოთახში იყვნენ, ლია უკვე გარდაცვლილი იყო, ელაც ცოცხალ-მკვდარი... ალექსანდრე მთელი სხეულით დაიძაბა და სახლისკენ გაიხედა. -მოგვიანებით ელამ თვითმკვლელობა ორჯერ სცადა, ბევრს ეგონა რომ ძალადობის გამო... სინამდვილეში მხოლოდ მე ვიცოდი, რომ ტყვია, რომელიც ლიას შემთხვევით მოხვდა, ელამ გაისროლა... -ზაზა რას ამბობ,-კრიჭაშეკრულმა გამოსცრა კაცმა და ტელეფონი კინაღამ ხელში შემოეფშვნა -მაპატიე ალექსანდრე, ეს რომ გცოდნოდა ვაჩნაძეებთან თავიდანვე არ მიხვიდოდი. არა და ერთმანეთს უნდა აპატიოთ, უბედური შემთხვევა იყო... ელამაც არ იცის რომ ლიას შვილი ხარ... მობილური უღონოდ ჩამოუშვა და აღარც უსმენდა მეორე ხაზიდან მოსაუბრე კაცს. სწრაფად დაიძრა სახლისკენ და კარი თითქმის შეგლიჯა, მისაღებში მსხდომებმა გაკვირვებით გამოხედეს, მძიმე კარი კი ხმაურით მიჯახუნდა. არავის მიაქცია ყურადღება, ელას ოთახისკენ დაიძრა, მაგრამ იქ არავინ დახვდა -სად არის? მისაღებში დაბრუნებულმა ხმამაღლა იკითხა. -რაც მოვედით არ გვინახავს, ანასტასიასთან იქნება,-ერთმანეთს გადახედეს ბიჭებმა. ზუსტად ამ დროს ანასტასიას ხმა გაიგეს -კარი გამიღეთ რა, ქვაბი მიჭირავს -ელა შენთანაა? -ფრთხილად გამოართვა უზარმაზარი ქვაბი თორნიკემ. -არა, რაც მოვედი არც მინახავს,-მხრების აჩეჩვით მიუგო ანასტასიამ -სულელი გოგო!-ალექსანდრემ მუშტი კედელს გამწარებულმა ისე დასცხო, სახლმა საწყლად დაიღრჭიალა. _____ არ ვიცი კიდევ თუ გახსოვთ ეს ისტორია, მაგრამ მე ამბის დაუმთავრებლობამ რომ არ მომასვენა ეს კი ვიცი. ქედს ვიხრი აქაური მწერლების წინ, როგორ ახერხებთ ასე კარგად შეკრათ სიუჟეტი? პერსონაჟების ემოციების საკუთარ თავში გატარება კიდევ ცალკე ამბავი ყოფილა. მოკლედ, სიამოვნებით მოვისმენ თქვენს შეფასებას. მეორე ნაწილით ეს ამბავი დასრულდება, წერაც უკვე დაწყებული მაქვს. დიდი პატივისცემით, ენნე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.