შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მისის კლაუსი (სრულად)


4-01-2025, 20:56
ავტორი izabella
ნანახია 618

სახლისკენ მიმავალ გზას ფეხით მიუყვებოდა. ხელში ნაძვის ხის სათამაშოებით გატენილი პარკები ეჭირა, სიცივისგან დრო და დრო თვალებიდან ცრემლი სდიოდა, ცხვირიც გასწითლებოდა. ირგვლივ ყველაფერი გაყინული იყო, მაგრამ არსად ჩანდა თოვლის ფანტელები, რომლებიც ასე ძალიან უხდება ახალი წლის დღესასწაულს. მოკრიალებულ ცაზე კაშკაშა ვარსკვლავები და სავსე მთვარე მოჩანდა. ის-ის იყო სადარბაზოში ფეხის შედგმა დააპირა, რომ სიბნელიდან სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილი უცნობი აესვეტა წინ, მოულოდნელობისგან ერთი შეჰკივლა და გულზე ხელი მიიდო.
-როგორ შემეშინდა, – ძლივს ამოთქვა შეშინებული ხმით.
-ბოდიში, არ მინდოდა ვინმეს შეშინება.
-რომ არ გდომებოდა, მოჩვენებასავით კი არ ამესვეტებოდი, – დაუყვირა გაკაპასებულმა. -სახეზე რა გჭირს? ფრანკენშტაინის ურჩხულს ჰგავხარ, – ეჭვნარევი, ზიზღიანი მზერით შეათვალიერა მისი შეშუპებული სახე.
-საჩუქრების დარიგების დროს ვიღაც კაცი ამიშარდა, ჩემ ცოლს რატომ მიაშტერდიო.
-შენ რა, მართლა მიაშტერდი მის ცოლს? -ხმამაღლა გაეცინა გოგოს.
-ზედმეტად ამოღებული დეკოლტე ეცვა. რა ჩემი ბრალია? – თავი იმართლა უცნობმა და მხრები აიჩეჩა.
-ჰო  და, ამიტომ გიგავს სახე ხორცის საკეპ მანქანაში გატარებულს.
-ნუ ჩააცმევდა თავის ცოლს ასე გამომწვევად და მეც თვალი არ გამექცეოდა.
-დაამთავრე მოთქმა – გოდება? გავიყინე, იქნებ გამატარო, რომ სახლში ავიდე?
-ვერ გაგიშვებ, უნდა დამეხმარო.
-შენ რა იმდენად სულელი გგონივარ, რომ სახლში შევუშვებ უცნობ ადამიანს?!
-სულელი არა, უფრო გულკეთილი, – გაღიმება სცადა ბიჭმა მაგრამ არ გამოუვიდა გახეთქილი ტუჩის გამო.
-სახლი არ გაქვს? – წარბები მაღლა აზიდა გოგომ.
-მაქვს, მაგრამ ბებიამ ასეთ მდგომარეობაში რომ მნახოს გული გაუსკდება.
-მართლა? შენი აზრით ჩემ მშობლებს რა დაემართებათ უცნობ ბიჭს რომ აღმოაჩენენ საკუთარ სახლში?
-მხოლოდ რამდენიმე საათით.
-მეგობრები არ გყავს? მათთან წადი და იქ დარჩი.
– გთხოვ!
-მოწყალების დას ვგავარ? აბა კარგად შემომხედე, – თვალები დაუბრიალა გოგომ.
-ახალი წლის ხათრით, ოცდახუთი დეკემბერია, შობის ხათრით, თან ნაძვის ხის აწყობაშიც დაგეხმარები, -ხელით პარკისკენ ანიშნა ბიჭმა.
-არც იოცნებო, რომ ნაძვის ხეს აგაწყობინებ, ძონძი „კუკლასავით“ იჯდები და ჩემს დაუკითხავად არაფერს შეეხები. მამა და დედა მალე მოვლენ, თუ პირობები არ გაკმაყოფილებს შეგიძლია დახმარება სხვას სთხოვო.
-გპირდები, არაფერს გავაფუჭებ და ყველაფერს დაგიჯერებ, გულზე ხელი მიიდო ბიჭმა.
-მორჩი ტინგიცობას და ფეხი გამოადგი, -გოგომ პარკების ნაწილი ხელებში მიაჩეჩა და კიბეებს აუყვა.
-ფეხით ვაპირებთ ასვლას?
-მესამეზე ვცხოვრობ, არა მგონია დაიღალო, -ტუჩაბზუებულმა გახედა და კიბეებს აუყვა. ბიჭს ხმა აღარ ამოუღია, ისე გაჰყვა უკან. გოგომ კიბის მხარეს მდებარე წითელ კარში გასაღები შეარჭო, გადაატრიალა და გააღო.
-შემოდი და ფეხზე გაიხადე, -წინ კაცის, ლურჯი ჩუსტები დაუყარა და ოთახში მიიმალა. სანამ ბიჭი ფეხზე იხდიდა გოგო სამედიცინო ყუთით ხელში დაბრუნდა. -წამოდი, -ხელით მისაღებისკენ ანიშნა და სინათლე აანთო.

-აქ რა ამბები დაგიტრიალებია? -სიცილით მოათვალიერა ბიჭმა გარემო.
-რა ხდება სანტა, არ მოგწონს ჩემი მისაღები?
-ასე ძალიან გიყვარს ახალი წელი?
-რატომაც არა?!
-ეს ყველაფერი მარტომ გააკეთე თუ ვინმე დაგეხმარა? -კიდევ ერთხელ შეათვალიერა სანტამ საახალწლოდ მორთული კედლები და ჭერი.
-ვგავარ იმ გოგოს ვისაც ვინმეს დახმარება სჭირდება? ხელიდან პარკები ააცალა და სამედიცინო ყუთი გაუწოდა, -სარკე შიგ დევს.
-შენ არ დამიმუშავებ?
-ბატონო?! -გაკვირვებული სახით შემობრუნდა მისკენ, -ძილის წინ შუბლზეც ხომ არ გაკოცო და საბანი შემოგიკეცო?
-რა სტუმართმოყვარეობაა? ასე გულთბილად იღებ შენთან მოსულ სტუმრებს?
-ბევრს ნუ ლაპარაკობ და დაჯექი, – სანტამ წითელი მოსასხამი გაიხადა, ქუდი თავიდან მოიძრო და მოსასხამის მკლავში ჩატენა. მერე სამედიცინო ყუთი გახსნა და ხსნარით დასველებული ბამბა გახეთქილ ტუჩზე მიიდო. ამასობაში გოგომ ოთახში ყუთით ნაძვის ხე შემოათრია, წებოვანი ლენტი მაკრატლით გადაჭრა და ნაძვის ხის აწყობა დაიწყო. ჯერ ნათურები დაახვია წიწვებზე, მერე ოქროსფერი და წითელი მოსართავები ჩამოჰკიდა და ნათურები დენის წყაროსთან შეაერთა. -საოცრებაა, -წარმოთქვა მონუსხულმა, უკან დაიხია, რომ თითქმის ორმეტრიანი ნაძვის ხისათვის კარგად შეეხედა.
-დიდი ვერაფერია, მე უკეთესის აწყობაც შემიძლია.
-რაო? -თვალები დაიწვრილა გოგომ, -მისმინე თვითმარქვია სანტა კლაუსო, ვინ გგონია თავი, ნაძვის ხეს რომ მიწუნებ, საკუთარ სახლში?
-ვინ და სანტა კლაუსი, – მის გაცეცხლებულ სახეზე გახალისდა ბიჭი.
-თვითმარქვია! -მერე რა, მაინც სანტა კლაუსი ვარ.
-უწვერო სანტა კლაუსი.
-წვერი მაშინ დავკარგე ეჭვიანი ქმარი რომ ამუშავებდა ჩემ გვერდებს.
-ეტყობა კარგად ვერ დაგამუშავა, სიცილის თავი კიდევ გაქვს, -გაბრაზებულმა ძირს დაყრილი წვიმების და სათამაშოების აკრეფა დაიწყო.
-ოდესმე ვინმეს უთქვამს, რომ გრინჩს გავხარ?
– ფრთხილად სანტა, ბლაგვი და მძიმე სათამაშო არ გამომტყუო, – ბოროტი ღიმილი გაეპარა სახეზე გოგოს. ბიჭს ჯერ გაკვირვება, მერე კი ხმამაღალი სიცილი აუტყდა. – ახალი წელი მიყვარს და სულაც არ ვგავარ გრინჩს, – საერთოდაც მე ირინა ვარ, -ნაწყენმა დატოვა ოთახი და სამზარეულოში გაუჩინარდა.
-ირინა, -დაუძახა, მაგრამ პასუხი რომ ვერ მიიღო ფეხზე წამოდგა და ისიც სამზარეულოში გავიდა. ირინა გაზქურასთან იდგა და ცხელი შოკოლადის მოსამზადებლად ჭიქებს იღებდა კარადიდან. -არ მინდოდა შენი წყენინება, ვაღიარებ ცოტა ზედმეტი მომივიდა. შენი მისაღების შემხედველი მისის კლაუსს უფრო ჰგავხარ, ვიდრე გრინჩს.

-მისის კლაუსს? საინტერესოა,- გაეღიმა, – ისე, შენ რა გქვია?
-თომა
-თომა? -ხმამაღლა გაეცინა ირინას.
-რა გაცინებს?
-სანტა კლაუსი ჯობია, -ცხვირი აიბზუა ირინამ.
-რაც გინდა ის დამიძახე, ოღონდ ნუ იბუტები.
-ოჰ, ნუთუ გეშინია ღამის გასათევი არ დაკარგო? დამშვიდდი, არსად ვაპირებ შენს გაგდებას, – ალმაცერად გახედა და გავიდა.
– რა აუტანელი გოგოა, – თავისთვის ჩაილაპარაკა თომამ.
– აუტანელი თავი მხრებზე გაბია, – გამოსძახა ირინამ. ბიჭმა მობეზრებულმა ამოიოხრა და ცხელი შოკოლადის რამდენიმე ყლუპი მოსვა, მაგრამ ზედმეტად ტკბილი აღმოჩნდა მისთვის, ჭიქა მაგიდაზე დატოვა და ისევ ნაძვის ხესთან დაბრუნდა. ახლაღა შეამჩნია ფანჯარასთან მიწყობილი ხის ყუთები რომელიც მანდარინით იყო სავსე.

– მანდარინის პლანტაციები გაქვთ?
– საიდან მოიტანე? – ნათურების დამაგრება შეწყვიტა ირინამ და დამცინავი მზერა ესროლა.
-აბა, ამდენი მანდარინი ნორმალურია?
– რამდენ კითხვას სვამ? არ შეიძლება მიყვარდეს და ბევრს ვჭამდე?
-სიყვარულით მეც მიყვარს მაგრამ…
– სადაც არსებობს მაგრამ იქ სიყვარული არ არსებობს, – სიტყვა გააწყვეტინა ირინამ.
– სიყვარულში გამოცდილი ქალივით რომ საუბრობს, – ჩაილაპარაკა თავისთვის თომამ, ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა.
– თუ უფასოდ სუნთქვას აპირებ, მაშინ მანდარინი გამიფცქვენი, რაღაცაში მაინც ხომ უნდა გამომადგე?
-კიდევ რას უბრძანებთ მონას?
– ჯერჯერობით არაფერს, მაგრამ მოვიფიქრებ, -ჯღანვით უპასუხა გოგომ. – ამ დროს კარის საკეტის ხმა გაისმა, ქალი და კაცი ლაპარაკით შემოვიდნენ და გაკვირვებულები ადგილზე შედგნენ. მზერით შვილი მოძებნეს და პასუხს დაელოდნენ.
– ერთი დღით მონა ვიშოვე მამა, მანდარინს მიფცქვნის – ბედნიერმა ხელები ერთმანეთს შემოჰკრა და თავით თომაზე ანიშნა.

– გამარჯობა, თომა მახათელაშვილი. – ფეხზე წამოდგა ბიჭი, უხერხულად შეიშმუშნა და ხელი ჩამოსართმევად გაუწოდა კაცს.
– სასიამოვნოა, ნოდარი, – კაცმაც ბიჭის მოძრაობა გაიმეორა. – ქალის ამბებია? – ინტერესით იკითხა კაცმა და შელამაზებულ სახეზე ანიშნა. ბიჭმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– ჰმ, ჩვეულებრივი ქალის კი არა, ძალიან დიდ მკერდიანი ქალის, – ირინამ ხელებით ყელიდან მუცლამდე ნახევარი წრე მოხაზა, თომას სახეზე მიტკლის ფერმა გადაჰკრა.
– დამშვიდდი შვილო, მეც ვიყავი ახალგაზრდა,- გაეცინა კაცს და ირინას საყვედურის მზერით გახედა.
– რამე ტყუილი ვთქვი? – გაკვირვებული და უცოდველი სახე მიიღო, თომას გაფცქვნილი მანდარინი ხელიდან აართვა და მთლიანი ჩაიტენა პირში. უკვე გვიანი იყო, სტუმარი დააპურეს და ნოდარმა ბიჭი მანქანით სახლში წაიყვანა.
ორი იანვრის დილას კარზე ზარის ხმა გაისმა, კაკუნიც თან მიჰყვა, რომ გააღო არავინ დახვდა. სახლში შემოსასვლელ დეზობარიერზე პატარა ზომის ყუთი იდო, რომელიც ოქროსფერი ქაღალდით შეეფუთათ. ზედ პატარა ბარათი ჰქონდა ჩამოკიდებული
,, მისის კლაუსს, თვითმარქვია სანტასგან”
გაღიმებულმა აიღო საჩუქარი, კარი დახურა და მისაღებში შევიდა, მანდარინის ყუთებთან პუფზე ჩამოჯდა და საჩუქარი გახსნა. თმაზე დასამაგრებელი, წითელი აბრეშუმის ბაფთა იდო ყუთში, ბაფთის ქვეშ კი ოთხად დაკეცილი თაბახის ფურცელი.
,, მისის კლაუს, გილოცავ ახალ – წელს. შენ შეიძლება არ გინდოდა, მაგრამ მაინც დაგებედე. ვიმედოვნებ ჩემი საჩუქარი მოგეწონება. არ ვიცოდი შენი გესლიანი სიტყვებისთვის სამაგიერო როგორ გადამეხადა, ამიტომ გადავწყვიტე ორ იანვარს ხუთ ლარიანი ბაფთა მეჩუქებინა. შენნაირი წყალწაღებული გოგო მეტს მაინც არ იმსახურებს! “
– მოვკლავ! – ყვირილით ნათქვამი გაისმა ოთახში და სამზარეულოს სანახევროდ გაღებული ფანჯრიდან გარე სივრცეშიც გააღწია ხმამ. ეზოს კუთხეში სანტას ფორმაში გამოწყობილ ბიჭს გაეღიმა, გამარჯვებული სახით გაისწორა ყალბი თეთრი წვერი, მოსაცმლის ჯიბეში ხელი ჩაიყო, ბაფთიდან ამოძრობილი ქაღალდის იარლიყი კი ურნაში ჩააგდო, რომელსაც გარკვევით ეწერა 100% აბრეშუმი, 75 ლარი. კიდევ ერთხელ გახედა მესამე სართულის ფანჯარას და გზას ფეხით გაუყვა.

დასასრული

გილოცავთ შობა - ახალ წელს და ამ პატარა საახალწლო ისტორიის შეფასება თქვენთვის მომინდია.



№1 სტუმარი ნი-კე

გილოცავთ შობა-ახალ წელს...ისეთი შთაბეჭდილება დატოვა თითქოს არ დაასრულე..კარგი იქნებოდა ამათი ურთიერთობის გაგრძელება დაგეწერა

 


№2  offline წევრი izabella

ნი-კე
გილოცავთ შობა-ახალ წელს...ისეთი შთაბეჭდილება დატოვა თითქოს არ დაასრულე..კარგი იქნებოდა ამათი ურთიერთობის გაგრძელება დაგეწერა

მადლობა კომენტარისთვის blush
სიმართლე რომ ვთქვა გაგრძელებაზე არ მიფიქრია, მაგრამ დაფიქრებად ღირს.

 


№3 სტუმარი სტუმარი ნათია

ისეთი ისტორიაა გაგრძელებას რომ სიამოვნებით წაიკითხავ ,გილოცავთ შობას

 


№4 სტუმარი სტუმარი ელა

ღამის,ამასაც თუ ღამე ქვია კიდევ 5სთ45წუთზე წავიკითხე.მეთქი გულს გადავაყოლებ გავხალისდებითქო და მართლაც მომეწონა. რაღაც დამაკლდა.უფრო ნეტი კარგი იქნებოდა.გილოცავთ შობა-ახალწლებს.

 


№5  offline წევრი izabella

სტუმარი ნათია
ისეთი ისტორიაა გაგრძელებას რომ სიამოვნებით წაიკითხავ ,გილოცავთ შობას

მადლობა დიდი blush

სტუმარი ელა
ღამის,ამასაც თუ ღამე ქვია კიდევ 5სთ45წუთზე წავიკითხე.მეთქი გულს გადავაყოლებ გავხალისდებითქო და მართლაც მომეწონა. რაღაც დამაკლდა.უფრო ნეტი კარგი იქნებოდა.გილოცავთ შობა-ახალწლებს.

მადლობა, მიხარია რომ მოგწონთ. წინასწარ ვერაფერს დაგპირდებით, მაგრამ მომავლისთვის გავითვალისწინებ relaxed

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent