სიზმართმჭერი (სრულიად)
სიზმართმჭერი 1 კაფეში შევდივარ და ვათვალიერებ. მაინტერესებს თუ ვიცნობ. აი რომ ამბობენ : ის თუ ისაა, გულით იგრძნობო! დარბაზის განაპირას ფანჯარასთან ზის . თანამედროვე და კლასიკური სტილის საოცარი შეხამებაა მისი სამოსი. ერთი ქულა მის სასარგებლოდ. მომწონს გემოვნებიანი კაცები. გამაფრთხილეს, რომ კარგი იყო, მაგრამ მთლად ასეთ უზადოს კი ნამდვილად არ ველოდებოდი. ოდნავ ხორბლისფერი კანი, შავი, ლამაზად, არა იდეალურად გადავარცხნილი თმა. თვალის ფერს ვერ ვარჩევ შორიდან, მაგრამ რატომღაც ვიცი, რომ შავი უნდა ჰქონდეს. ერთი სიტყვით პირველი დაზვერვა ამართლებს. სიამოვნებით მეღიმება. მესიჯი მომდის. "შედი რას გაშეშდი?" ოჰ, ნუთუ მართლა აკეთებენ ამას? უკან ვიყურები და გზის გადაღმა მათ ვხედავ. ჩემი გოგოები ერთად დგანან და ცერა თითის აწევით მამხნევებენ. "მოშორდით აქიდან!" ვწერ და რქიან ბოროტ სმაილს ვუგზავნი. მათი ხარხარი ზურგსუკნიდან მომყვება. უცებ ვხედავ, რომ ის მე მიყურებს. პირდაპირ მე. თვალი თვალში. მისი მზერა მნუსხავს. წამიერად სურვილი მიტანს ყველა ჩემი ბნელი საიდუმლო გადმოვულაგო. მაგრამ საქმე იმაშია, რომ არავითარი ბნელი საიდუმლო მე არ მაქვს. უცნაურად ეღიმება. მხოლოდ ტუჩებით. თვალები კი თითქოს გაყინული აქვს. ვუახლოვდები ყალბი ღიმილით და სკამს ვწევ. _ სალამი იაკიმ!_ მიყურებს. მაკვირდება. დგება და თავს მიკრავს. აკი ჯენტლმენები გადაშენდნენო?! ორი ქულა მის სასარგებლოდ. _ სალამი!_ მიბრუნებს სიტყვას და ღმერთო ჩემო, რა ხმა აქვს! აჰა, უკვე სამი ქულა მის სასარგებლოდ. _ უცნაურია!_ მესმის მისი ხმანაღალი ჩურჩული. _რა არის უცნაური?_ ვეკითხები და მის პირდაპირ ვჯდები. _ ახლა ღმერთს რომ ახსენებ!_შემკრთალი სწრაფად ვუყურებ თვალებში . ნუთუ ხმამაღლა წამომცდა? ვაი, სირცხვილო. ისიც ცივად იღიმის. " რა სასწაულია!????" გაკრეჭილ სმაილს მიგზავნიან გოგონები. ცერად ვწევ ტელეფონს და ვკითხულობ. დარბაზს ვათვალიერებ. არაა! აქ არიან! აბა ასეთ შანსს ხელიდან როგორ გაუშვებდნენ?! "წაეთრიეთ აქიდან !" ბრაზით ვწერ, რადგან ვიცი, არსად წამსვლელები ესენი არ არიან. ალბათ თვალებსაც კი არ ახამხამებენ, რომ უნებლიედ რამე არ გამორჩეთ. ის იაკიმი კი ისე მაკვირდება, თითქოს ამოუცნობი უფოდან ამ წამს ჩამოვაბიჯე. ცოტა მძაბავს მისი ეს გაუგებარი ყურადღება. _ აი, საჩუქარი!_ მაგიდაზე ვუდებ ლამაზად შეფუთულ პატარა ყუთს. ისე გაოცებული მიყურებს, თითქოს აზრზე არაა რა დევს შიგ. _ აბა შენი?_ ხელს ვუწვდი, რომ მაგიერი მომცეს. როგორც შევთანხმდით. ეს ჩვენი საერთო ჰობია და იმედი მაქვს, უფრო მეტი გაგვიჩნდება მომავალში. _ შეიძლება ჯერ გავხსნა?_მეკითხება ის მხრებს ვიჩეჩავ. აჰა, ეგრეც ვიცოდი, რომ არაფერს მოიტანდა! სწრაფად ამომხედა. _ უბრალოდ ჯერ შენსას შევხედავ!_ თითქოს ფიქრებზე მიპასუხა. ისე, რა უცნაურია, რომ ამხელა კაცს მეტი საქმე არ აქვს. ზის და ამ რაღაცეებს ქსოვს! ვფიქრობ ჩემთვის. ის კი იღიმის. ყუთს ხსნის და ფერად ბუმბულებიან და მძივებიან სიზმართმჭერს იღებს. გრძელ ცისარტყელა თოკზე კონწიალობს ჩემი ხელოვნების ნიმუში. გაოცებული მიყურებს. დიახ, ბატონო, რაც ვიცი ვიცი! ვფიქრობ ნე ამაყად. წარბს მაღლა სწევს. _მოგწონს არა?_ ვეკითხები ბედნიერად_ მაშინ, როცა მის სახეზე პირდაპირ წერია, ეს რა უბედურებააო?! _ რამდენი ფერია!_ ცივად ამბობს და მე ამ სიტყვებსაც კომპლიმენტად ვიღებ. _ აი აიღე!_ მაგიდიდან იღებს შავ ყუთს მიწვდის და შემიძლია დავიფიცო, რომ მანამდე ის მაგიდაზე არ იდო. _როგორ მოახერხე?_ ვეკითხები და მაგიდის ქვეშ ვიჭყიტები. _ ილუზიონისტიც ხარ? _ ილუზია?_ დაფიქრებული ამბობს._ასეც შეიძლება ითქვას! ყუთს ვხსნი და ჰოი, საოცრებავ! სულ შავი სიზმართმჭერია, ულამაზესად მოწნული ბადით და ამ მოწნულში უცნაური შავი ფრთებიანი ფიგურით. შავი გიშრის მძივებით, შავი უზარმაზარი პრიალა ბუმბულებით. _ ეს რისი ბუმბულია?_ ვეკითხები აღფრთოვანებული. _ ყორნის?_ ისე მიყურებს თითქოს შეურაცხყოფა მივაყენე. _ იცი, რომ ყორანი მაცნეა?_ ვეკითხები, რადგან პასუხის გაცემას არ აპირებს. _ რისი მაცნეა?_ გულსგარეთ მეკითხება. _ სიკვდილის!_ ვპასუხობ მე სერიოზულად და ის შეშდება. _ რა თქვი?_ ხმაჩახლეჩილი ამბობს. _ ყორანი სიკვდილის მაცნეა._ ვუმეორებ მე. " რა სიკვდილი ქალო გაუბერე?" მომდის მესიჯი. თავს ოდნავ ვაბრუნებ. ოპაა, გვერდით არ მისკუპიან და კუებივით კუსავენ თვალებს. " ჰე, მოდით და ჩამიჯექით ბარემ კალთაში!" ვცხარობ მე. " შენ არა, მაგრამ მაგას კი სიამოვნებით ჩავუჯდებოდი!" აშკარად ხატიაა. თავს ვაქნევ გაბრაზებული. იაკიმი ოდნავ ირონიულად იღიმის და საკუთარ, გრძელ , ნატიფ ულამაზეს თითებს დაჰყურებს. მეოთხე ქულაც მისია. ვნებდები. _ რა მოხდა?_ მეკითხება და თვალს არ მაშორებს. _ აჰ, არაფერი!_ ვუცინი მე და ერთი სული მაქვს უკან მივბრუნდე და ეს ალქაჯები გავწეწო. _ ჯადოქრობის გჯერა?_ ისე მეკითხება, სხვათაშორის. _ კიი, მეც ჯადოქარი ვარ!_ ვეუბნები ხუმრობით. _ მართლა? _ ხმაში ირონიას ურევს._ ვერაფერს ვგრძნობ! _ შენ როგორ უნდა იგრძნო? შენ ხომ ჯადოქარი არ ხარ?_ ჩემი ჭკუით ვეხუმრები. _ აბა რა ვარ?_ მეკითხება და ჩემკენ იწევა. თვალნათლივ ვხედავ, როგორ დგება ყალყზე ჩემი თითოეული ბუსუსი. ოდნავი ელექტრული მუხტი ჩემი თითების გავლით მთელ სხეულს ედება და მე ისევ მიტანს ის დაუოკებელი სურვილი, რომ დაუფარავად გავენდო მას. _ ჩუუ, არ გაიხედო და იქ უკან ჩემი დაქალები ზიან!_ ვეჩურჩულები საიდუმლოდ. ამ წამს ამაზე დიდი საიდუმლო მე არ მაქვს. _ რა სუფთა ხარ!_ გაოცებით ამბობს. ვერ ვხვდები, რას გულისხმობს._ სუფთა კრისტალი! _ იაკიმ! მოდი რამე შევუკვეთოთ!_ მინდა საუბარი რაღაც სხვა თემაზე გადავიტანოთ. რადგან უცნაურ მუხტს ვგრძნობ ჩვენს შორის და ეს დისკომფორტს მიქმნის. _ რას დალევ? _ ვეკითხები და ცხვირს მენიუში ვმალავ. ვფიქრობ, მას შეუმჩნეველი არ დარჩებოდა ჩემი წამისწინანდელი აღელვება. _ კარგი!_ თავის ადგილს უბრუნდება და წელში გაჭიმული ლამაზი არისტოკრატული მანერით იკავებს უწინდელ პოზიციას. დაძაბულობა წამში მეხსნება. _ რას საქმიანობ იაკიმ?_ ვეკითხები მას შემდეგ რაც ჩემთვის ლატე და კრუასანი მოაქვთ, მისთვის კი მხოლოდ მწარე შავი ყავა. _ რა თქმა უნდა, იმის გარდა, რომ ამ საოცრებებს ქმნი! _ აღწერებს ვატარებ!_ ამბობს ოდნავი დაფიქრებით. _ მოსახლეობის აღწერას? და რამდენი ვართ?_ რა მოსაწყენი სამსახური ჰქონია, ახლა აღარ მიკვირს სიზმართმჭერებს რომ ქსოვს თავისუფალ დროს. _ შვიდი მილიარდ სამას ოცდაცამეტი. უკვე ოცდათხუთმეტი! კიი მოსაწყენია, თუ მასე შეხედავ! მაგრამ გამონაკლისი შემთხვეებიც მაქვს._ იღიმის რაღაცნაირად საშიშად. _ გამონაკლისი?_ რა გამონაკლისი? ვფიქრობ ჩემთვის. ხუმრობს ალბათ. თორემ ვინ რა იცის რამდენი ვართ?! _ ეს ციფრი ხომ ყოველ წამს ცვლადია. ხან ემატება, ხან აკლდება._ ვეუბნები ეჭვით. _ არა, ახლა არ მოაკლდება!_ უცნაურად იღიმის. _ რა გამონაკლისზე საუბრობდი?_ ვუბრუნდები კითხვას. _ აი როცა არ უნდათ, რომ მივაგნო და სიებში ჩავამატო. მემალებიან!_ რას ლაპარაკობს ეს კაცი? რა სიებში? ვინ ემალება?! ინტერესით ვუყურებ. _ რაღაც სოციოლოგს არ ჰგავხარ!_ ვეუბნები და ისევ მესიჯი მომდის. " ხო უფრო პორნოვარსკვლავს ჰგავს!" სიმწრით კბილებს ვაკრაჭუნებ. " თუ მასე მოგწონს, ხომ არ დაგითმო!" ვპასუხობ უკვე ნათიას. _ მე თავად ვირჩევ ხოლმე!_ მობილურს თვალს ვწყვეტ და მას ვაშტერდები. ეს რა დამცინის თუ მართლა ჩემი ფიქრები ესმის?! _ მე თვითონ ვირჩევ, დასვენების ადგილს! _ ამატებს ცოტა ხნის შემდეგ. გულზე მეშვება. _ ახლა ისვენებ? ანუ შვებულება გაქვს?_ ვეკითხები ღიმილით_ მეც შვებულება მაქვს! ზღვაზე ვაპირებთ წასვლას გოგოები. ოჰ, ერთი სული მაქვს მზის სხივებს როდის შევეფარები! _ ოცნებით ვხუჭავ თვალებს. _ მზე გიყვარს?_ მეკითხება თითქოს მოწყენილი. _ ვის არ უყვარს??_ვპასუხობ მხიარულად. _ მზე სიცოცხლეა, _ ვაგრძელებ მე_ სინათლე და სიცოცხლე! განა შეიძლება სიცოცხლე არ გიყვარდეს! სიკვდილი ხომ არაა, რომ გვძულდეს, არა?_ თვალები სევდით ევსება. აშკარაა სიკვდილს კარგად იცნობს. ახლაღა ვაკვირდები სულ შავი სამოსი აცვია. წვერიც მოშვებული აქვს. აშკარად ვიღაც დაეღუპა, აშკარად გლოვობს. _ ნათელში იყოს!_ ვამბობ მე ჩუმად _ ვინ?_ მეკითხება დაბნეული. _ ვინც იმ საზარელმა სიკვდილმა წაგართვა!_ უნებურად ხელზე ხელს ვადებ. ცივი ხელი აქვს. ძალიან ცივი. შემკრთალი ხელს უკან ვწევ. თვალებში ვუყურებ. ფეხზე დგება და მეც ვდგები. გაუსაძლისი აუტანელი და მძაფრი სურვილი მიტანს მას გავყვე. რამდენიმე ნაბიჯს დგამს და უკან იხედება. ხელს მიწვდის. მეც უნებურად ხელს ვკიდებ და სწრაფი ნაბიჯით მიმავალს უკან მივყვები. _ თქვენი გადახდილია!_ ამბობს გაოგნებული გოგონების გასაგონად. ისინი ადგილიდან ვერ იძვრიან. მე კი არაფერი მახსოვს იმის გარდა, რომ მას უნდა გავყვე. ყველაფერს იქ მაგიდაზე ვტოვებ. მხოლოდ მისი შავი თხელი პალტოს ჯიბიდან მოსჩანს ჩემი დაწნული სიზმართმჭერის მჭახე, ცისარტყელასფერი ბუმბული. მანქანაში მსვამს და თავადაც ჯდება. შემდეგ კი სასწაული სისწრაფით მივქრით სადღაც და ამ ქროლვაში ყველაფერს ბინდი ედება. მაგრამ მე არ მეშინია, მამშვიდებს მისი გრილი უცნაურად ცივი არომატი. ნაძვნარი ტყის თუ თოვლის ვერ ვხვდები. ან რა სურნელი უნდა ჰქონდეს თოვლს? არ ვიცი, მაგრამ არც მსურს ამის ცოდნა. ახლა არა, ამ წამს არა. ახლა მხოლოდ ის არსებობს და სხვა არაფერი. მანქანას სადღაც კლდის პირას აჩერებს, ძირს გადაშლილი სივრცე თოვლში არის ჩაფლული. საოცრად ლამაზი გარემოა. მაგრამ სადღაც გონების შორეულ სივრცეში მიკვირს, ახლა ხომ ზაფხულია? ამას ის თხელი ალუბლებით მოხატული სარაფანაც ადასტურებს, უეცრად მის კალთაში გამჩდარს მხრებიდან რომ მიცურდება ძირს. _ მაპატიე! _ ამბობს ის და გაყინული ტუჩებით ყელში მკოცნის._ გთხოვ გამათბე! გამიგონია ყინვა ყველაზე სწრაფად წვავსო! ცეცხლი მედება, მგონი ისე ვბრიალებ ალში, როგორც თავად მზე. სწორი ყოფილა, ყინვა ნამდვილად წვავს! ძალიან ბუნდოვნად ვიაზრებ, რომ ეს არასწორია, რომ ასე არ უნდა ხდებოდეს, რომ მას არ ვიცნობ, რომ... რომ... რომ...მაგრამ წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ მაქვს, ბურანში ვეფლობი. _ მაპატიე, _ კვლავ მესმის მისი ვნებიანი ხმა_ მაგრამ მე ეს მჭირდება! მე შენ მჭირდები! დილით ჩემს საკუთარ საწოლში მეღვიძება. უცნაურად მშვიდი ვარ. თითქოს რაღაც სულიერ წონასწორობას მივაგენი. მაგრამ ეს მანამ, სანამ წინა საღამო მახსენდება. ნუთუ ეს მართლა მოხდა?! საწოლზე ვჯდები და გვერდით დადებულ ტელეფონს ხელს ვავლებ. მიმოწერას ვამოწმებ. " არ მოვიდა ის დამპალი!"_ დამიწერია საერთო ჩატში. " ასეა, ყველას კი არ უნდა ენდო!"_ მპასუხობს ნათია. "ამდენი რა ჭირმა დაგვალევინა?!"_ ახლა ხატიას მესიჯი მოდის. " თავი მისკდება!"_ მპასუხობს ნატა. ნუთუ ეს სიზმარი იყო? რა უცნაურია, ამდენად ცხადი სიზმარი? თავს ვაქნევ გაკვირვებული. _ მორჩა! მეტად აღარ დავლევ!_ ვდებ პირობას. ფეხზე ვდგები და ფანჯრის გასაღებად მივდივარ. ფარდას ვწევ, ფანჯარას ვაღებ. დახუთულ ოთახში სინათლეს, ჰაერს და მზეს ვუშვებ. უკან ვბრუნდები და შეძრწუნებული ვკივი. საწოლის თავზე სუსტი ნიავი აფრიალებს ღამესავით შავ სიზმართმჭერს. რომელსაც გიშრის მძივები და გრძელი, შავი, არაამქვეყნიურად პრიალა ბუმბულები ამშვენებს. 2 გაოგნებისგან გონს მოსვლა მიჭირს. რა ჯანდაბა მოხდა გუშინ? თუ ყველაფერი დამესიზმრა ეს რაღაა?! ნუთუ სიმთვარალეში მე მოვქსოვე და არ მახსოვს? საწოლზე ავძვერი და ჩამოვხსენი. იდეალურად სიმეტრიული წნულია, თანაც უცნაური სირთულის ნაქარგით. ანგელოზს ჰგავს ეს ფიგურა, უკონტურო და ბნელია, მაგრამ აშკარად ანგელოზია. არა, მე ამას ვერ მოვქსოვდი. ბუმბულიც უცნაურად ჰგავს ნამდვილს, მაგრამ ჩვეულ ზომაზე მოგრძოა. მკვრივი და გიშერივით პრიალა. იქვე პატარა კარადაზე ვდებ ცივად. მერე ესეც არ მყოფნის, შეშინებული უჯრას ვხსნი და შიგნით მის სიღრმეში ვინახავ. სამსახურიდან დაღლილი გამოვდივარ. იმაზე დაღლილი ვიდრე მჩვევია. მთელი დღე წიგნების ნაცვლად იმ სიზმართმჭერზე და იაკიმზე ვფიქრობ. არ მჯერა, რომ სიზმარი ამდენად რეალური შეიძლება იყოს. მაგრამ თუ ის ყველაფერი მართლა სინამდვილეში მოხდა, მაშინ გამოდის გუშინდელი საღამოს ბოლო სამი საათი უბრალოდ მეხსიერებიდან წამეშალა. გოგონებთან შესახვედრად მივდივარ ჩვენს კაფეში. შევდივარ თუ არა თვალი იმ კუთხის მაგიდისკენ გამირბის, მაგრამ იქ უცნობი წყვილი ზის. იმედგაცრუებული ვბრუნდები. არა, რისი იმედი მქონდა, რომ იაკიმი იქ დამხვდებოდა? მეცინება ჩემივე გულუბრყვილობაზე. _ ვიკაა!_ შემკრთალი ვხტები. ისე კივის ხატია თითქოს პირველად მხედავს. _ რა გაკივლებს გოგო!_ უკმაყოფილოდ ისრისავს ყურს ნატა. ღიმილით მივდივარ და ჩემთვის დატოვებულ ადგილს ვიკავებ. _ ნათია არ მოსულა?_ მიკვირს მისი არყოფნა. _ აი ძაღლი ახსენე და ჯოხი დაიკავეო!_ ისევ აჟიტირებულია ხატია. _ მომაშორეთ ეს ქალი ვიღაცამ._ წუწუნებს მისი ხმით შეწუხებული ნატა. _ გოგოები, ესეიგი ნია, იაკიმის ბიძაშვილი, შემხვდა დღეს. _ დამჯდარი არაა, რომ მოყოლას იწყებს ნათია. იაკიმის ხსენებაზე თვალები მიფართოვდება. ანუ მართლა არსებობს? _ ხოდა ბოდიში მოიხადა მის ნაცვლად, გუშინ უეჭველ სიკვდილს გადარჩაო! აი რასაც ჰქვია, სიკვდილს თვალებში ჩახედაო. და ამის გამო ვეღარ მოვიდაო. ხელი ჰქონია მოტეხილი ქალო , შემეცოდა და აღარაფერი მითქვამს._ მე მიყურებს ნათია. _ ხელი როგორ მოიტეხა?_ ვეკითხები უინტერესოდ. _ მის მანქანას ტრაილერი დაეცა ზედ და ქვეშ მოიყოლა!_ მიხსნის ნათია_ თუ შენი დაქალი თანახმა იქნება, სხვა დროს შევხვდეთო.ასე შემოუთვლია. _ მოიცა, რას ქვია ტრაილერი დაეცა? ტრაილერი როგორ დაეცა?_ მიკვირს მე და ბოლო ფრაზას ვუყრუებ. _ აი ნახე, მთელი ინტერნეტი ამ სასწაულზე წერს._ ნათია მობილურში სქროლავს და ტელეფონს მიწვდის. " გიშინ 16: 54 წუთზე რუსთავ_თბილისის გზატკეცილზე მომხდარ საშინელ ავარიას სასწაულებრივად გადაურჩა მსუბუქი მანქანის მძღოლი ვინმე ი. მ მსუბუქი მოტეხილობებით გადაყვანილ იქნა უახლოეს საავადმყოფოში." გვატყობინებს ერთ_ერთი ნიუს პორტალი. უცებ მახსენდება იაკიმის სიტყვები: ეს ციფრები ცვლადია, მაგრამ დღეს არცერთი არ მოაკლდებაო! ნეტა რას გულისხმობდა? აზრების ერთმანეთთან დაკავშირებას ვერ ვახერხებ. მოიცა? თუ ნათიას თანამშრომელის ნათესავი იაკიმი არ მოსულა, აბა ის ვინ იყო, ვინც გუშინ მისი სახელით გამეცნო? არა, იქნებ მართლაც დამესიზმრა , ჰა? _ ნათია, როგორი ბიჭია ეგ ნიას იაკმი?_ ვეკითხები ,და მისი პასუხის მოლოდინში მაგიდას დავყურებ. _ რავი კაი ტიპია, მაღალი დაკუნთული, ცისფერთვალება._ რაოოო? რა ცისფერთვალება, ჩემს იაკიმს შავი, ღამესავით ბნელი თვალები ჰქონდა. ჩემს? რა ჩემს? ვირევი და ეს დაბნეულობა ყელში მარწუხივით მიჭერს. "იმალებიან, როცა არ უნდათ სიებში ჩავამატოო!" გამახსენდა კიდევ ერთი აზრს მოკლებული ფრაზა. ვინ ემალება? რა სიებზეა საუბარი? არა მასზე არ უნდა ვიფიქრო, ის უბრალოდ მთვრალს დამესიზმრა და მეტი არაფერი. მაგიდის ნახატებზე გაშტერებულ სახეს მაღლა ვწევ და ფანჯრის მიღმა ქუჩის მოპირდაპირედ მას ვხედავ. წესით ვერ უნდა ვხედავდე მის სახეს, მაგრამ ვხედავ, როგორ მიღიმის. მის ღიმილს, მის ტუჩებს ვხედავ და მისი სურვილით ვივსები, მინდა ავდგე და უკან გამოვეკიდო. _ არა! ვიკა არა!_ ვყვირი გაცოფებული. და მერეღა ვხვდები, რომ გიჟივით ვიქცევი. გოგოები დაბნეულები მიყურებენ. რა მაქვს დასამალი? ვდგები და ყველაფერს ვუყვები მათ. _ მოიცა რისი თქმა გინდა? რომ იაკიმი აქ იყო გუშინ? და მასთან იწექი?_ სულ ირევა ნათია._ და ჩვენც ვნახეთ ის? _ არა სწორედაც რომ პირიქით, იაკიმი არ ყოფილა!_ მტკიცე ხმით ამბობს ნატს. _ აბა ვინ ჯანდაბა იყო?_ ხმადაბლა კითხულობს ხატია. მე ისევ ფანჯრიდან ვიყურები, მაგრამ იქ აღარავინაა. კაფეში გვიანობამდე ვრჩებით. ამაზე ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ ყველაფერი მაინც ერთი დიდი უაზრობაა. სახლში დაბრუნების დრო მოდის. არ მინდა სახლში წასვლა და იქ მარტო ყოფნა. მეშინია მგონი. _ წამოხვალ ჩემთან?_ უსიტყვოდ ესმის ჩემი ხატიას. _ წამოვალ. _ ვპასუხობ სიხარულით. ხატია გიჟი მძღოლია. მით უფრო ნასვამზე, ამიტომ მის მანქანას კაფესთან ვტოვებთ და ტაქსის ვიძახებთ. ქალაქის მეორე ბოლოში ვართ წასასვლელები. ხატია თვლემს. მე ფანჯრიდან უაზროდ ვათვალიერებ ქალაქს. და თვალები მელულება. რომ მოულოდნელ ბიძგს გონზე მოვყავარ. მანქანა ჰაერში ბრუნს აკეთებს და ჩვენ ერთმანეთში ვირევით. ვკივით. და უსაზომო შიში მიტანს, რომ ეს დასასრულია. ნამსხვრევებისგან დასერილი ხელის და მხარის ტკივილი მაფხიზლებს. გადაბრუნებული მანქანიდან გარეთ მივხოხავ. მერე არეულ გონებაში ხატიას სახე მიტივტივდება და ფეხზე ადგომას ვცდილობ. ვხედავ ბარძაყში უზარმაზარი შუშა მაქვს. მახსენდება, რომ ამოძრობა არ შეიძლება. _ღმერთო, როგორ მტკივა!_ვჩურჩულებ ხმადაბლა და მანქანისკენ ვიხედები. _ ისევ ღმერთს ეძახი?_ ხმაზე ადრე სურნელი მომდის. დათოვლილი ტყის, ფიჭვების. "ღმერთო ნუთუ ისაა?" მიელავს ფიქრი და შიშთან ერთად მიხარია. _ღმერთს თავი დაანებე, მაშინ მაინც, როცა შენთან ვარ!_ თავს უკმაყოფილოდ იქნევს. "ღმერთო რა ლამაზია!"_ ვფიქრობ და მიკვირს, რა ჯანდაბა მჭირს. რა დროს ესაა? ეღიმება. _ მასე გგონია?_ მეკითხება და ხელში ავყავარ. _ იქ ხატიაა!_ ვჩურჩულებ და ხელით მანქანისკენ ვანიშნებ. _ მას არაფერი სჭირს აი შენ კი თუ არ დაგეხმარები, სისხლისგან დაიცლები და ჩემს სიას შეემატები!_ სერიოზულად ამბობს. თვალებდაჭყეტილი ვუყურებ. _ დაიძინე!_ მეუბნება ის და მე ბრძანებას ვემორჩილები. ძალიან მტკივა საიმისოდ, რომ გავჯიუტდე. მხარზე თავს ვაყრდნობ და მის გრილ სურნელში გახვეული მშვიდად ვიძინებ. აღარ მტკივა. თვალს რომ ვახელ გარემო მეუცხოება. საწოლზე ვჯდები უხერხული მოძრაობით, თითქოს ველოდები , რომ რამე მეტკინება, მაგრამ არაფერიც არ მტკივა. საკუთარ ხელებს ვუყურებ და ერთი პატარა ნაკაწრიც კი არ მაქვს. სწრაფად ვიხდი თბილ, შავ, ღუნღულა საბანს და ფეხებს ვიმოწმებ. კარგად მახსოვს, ლამის ორ მტკაველიანი შუშა რომ მქონდა ფეხში გარჭობილი. შრამიც კი არ მაქვს, ეს როგორ? ეს რანაირად? მერეღა ვხვდები, რომ ტანსაცმელი არ მაცვია. _ იაკიმ!_ ვიძახი, მაგრამ არავინ მაგონებს. ქვია კი საერთოდ იაკიმი? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ მას ჩემი სახელიც კი არ უკითხავს და საკუთარს რატომ მეტყოდა? უნდა მეშინოდეს, მაგრამ არ მეშინია. ვდგები და საბანს მაგრად ვიხვევ მხრებზე. ფეხშველა მივდივარ ფანჯარასთან. და გაოცებისგან ვუსტვენ. თოვლში და დათოვლილ ნაძვებში ჩაფლული მიდამო მოსჩანს. სწორედ ისეთი, როგორიც წინა სიზმარში. _ სად ვარ?_ ვეკითხები საკუთარ თავს. _ ჩემს სახლში!_ მესმის მისი ხმა და სწრაფად ვბრუნდები უკან. ვუყურებ დაკვირვებით. ნუთუ ახლაც მესიზმრება? ვუახლოვდები და უცნაურად გაფითრებულ სახეზე ვეხები. საოცრად დაღლილი სჩანს. _ უნდა დავისვენო, შენ კი თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში! _ მეუბნება და საწოლზე ჩემს ადგილს იკავებს. მის გვერდით ვჯდები. _ ვინ ხარ?_ ვეკითხები ნახევრად მძინარეს. _ სამაელი!_ მპასუხობს ის და თვალებს ხუჭავს. სამაელი? მგონი ვგიჟდები, რადგან ძალიან კარგად ვიცი , ვინც არის სამაელი. მაგრამ პირში ენა არ მიბრუნდება ამის სათქმელად. შეუძლებელია. წელზე გაყინულ ხელს მხვევს და თავს კალთაში მიდებს. _ დამეხმარე ვიქტორია!_ ჩემი სახელიც ცოდნია, რატომ არ მიკვირს მეტა?! დახმარებას მთხოვს , მაგრამ მე არ ვიცი როგორ დავეხმარო. საფეთქელზე ვეხები და აბურდულ შავ თმას ყურსუკან ვუწევ. ძალიან მინდა დავეხმარო, იმაზე ძალიან, ვიდრე ეს უნდა მინდოდეს. მზად ვარ მისი ტკივილი სულაც მე მივიღო, თანაც მაოცებს ეს უცნაური სურვილი. მის გვერდით ისე ვარ, თითქოს ჰიპნოზი მაქვს, ის მსურს და ეს სურვილი მმართავს. მისკენ ვიხრები, ვკოცნი და უცბად ვგრძნობ მე როგორ მტოვებს სითბო და როგორ უთბება მას გაყინული სხეული. კოცნაზე კოცნით მპასუხობს. მხრებიდან საბანს მაშორებს და გულში მიკრავს. საოცრად ჰგავს მისი მოქმედება მახრჩობელა გველის საქციელს. მსხვერპლს ნელ_ნელა რომ აბრუებს და საკუთარ სასიკვდილო რგოლებში ხვევს. მე კი ჩემდა გასაოცრად ვფიქრობ, რომ საოცრად ტკბილი ყოფილა სიკვდილის კოცნა. 3 კვლავ საკუთარ საწოლში რომ მეღვიძება, სრულიად მშვიდს და მოსვენებულს, ცოტა მწყინს, მაგრამ არ მიკვირს. ფანჯარაზე დაკიდულ სიზმართმჭერს დილის გრილი ნიავი აფრიალებს. ვუყურებ და ვფიქრობ, რამდენად დაუჯერებელ და არარეალურ ამბავში გავეხვიე. ტელეფონს ვამოწმებ და წინასწარ ვიცი, ხატიას არაფერი არ ახსოვს, ეგ კი არა და პაწაწუნა ნაკაწრიც არ აქვს. " გოგოო სად გავარდი გუშინ?" პირველი ხატიას მოწერილი მხვდება. მეღიმება. " ჩემთან არ მოდიოდი?" " არაუშავს გოგო, არ იდარდო კარგად ვარ." ვუბრუნებ პასუხს. მერე ვსქროლავ, მაინტერესებს ავარიაზე მაინც თუ წერია რამე და აი ისიც: " გუშინ საღამოს ქალაქის ხიდზე ავარია მოხდა. ტაქსის დიდი სისწრაფით მომავალი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. თუმცა სასწაული მოხდა და ერთი შეხედვით მძიმე ავარიას, მსხვერპლი არ მოჰყოლია." უცებ ერთ პატარა სიტყვას ვიჭერ. "სასწაული". იაკიმის ავარიის დროსაც სწორედ ეს სიტყვა არ ეწერა?! სხვა პოსტებსაც ვათვალიერებ და აი უკვე სამი დღეა არავის სიკვდილის ცნობა არ დადებულა. ერთი სიკვდილიც კი არსადაა ნახსენები. სარამაგუს "სიკვდილი ისვენებს" მახსენდება. მგონი რაღაცას ვხვდები. მაგრამ ამას დაჯერება არ უნდა? გაგიჟდება ადამიანი! ახლა ყოვლისმცოდნე გუგლს მივმართავ დახმარებისთვის. და საძიებელში სიკვდილის ანგელოზს ვწერ. სხვადასხვა აპოკალიფსური ტექსტების შემდეგ სამაელის სახელსაც ვაწყდები. რაღაც აბდა_უბდები წერია. აზრის გამოტანა მიჭირს. ერთს ვხვდები, რომ სამაელი თავად სიკვდილი არაა, უბრალოდ სიკვდილის ანგელოზია. დასჯილი და სამოთხიდან განტევებული. თუმცა არც მთლად ისაა, რქიანი და კუდიანი. სადღაც შუაშია გაკვეხებული. მოკლედ "არც მიწისაა, არც ცისა" _ და შენ გინდა , რომ ის შენი იყოს?_ ისეთი უცნაური ფიქრი მიელავს გონებაში, თითქოს მე კი არ გავიფიქრე, ვიღაცამ მიკარნახა. _ მინდა!_ თამამად ვპასუხობ ამ უცნაურ ფიქრს. შემდეგ შეხვედრაზე ასე მარტივად ვეღარ მომიშორებს. რაც უფრო მეტს ვფიქრობ, ვხვდები, რომ საქმე არც ისე მარტივადაა. რატომ მაინცდამაინც მე? მერე რაღაც კიდევ უფრო უცნაური მახსენდება. ბავშვობაში ხშირად ვხედავდი ხოლმე სიზმრებს. უცნაურ სიზმრებს. სადაც დავფრინავდი. და ეს იმდენად რეალური იყო ვერაფრით მაჯერებდნენ მშობლები, რომ სიზმარი იყო და არა რეალობა. ფრენის დროს განცდილ თავისუფლებას იმდენად ცხადად განვიცდიდი, ყველა მომენტი ისე მებეჭდებოდა გონებაში, რომ მეგონა ფანჯრიდანაც რომ გადავმხტარიყავი მიწაზე არ დავეცემოდი. მერე, როცა გავიზარდე, დავიჯერე, რომ უბრალოდ სიზმრები იყო. უაზრო სიზმრები და მეტი არაფერი. არადა ახლაც მახსოვს ის გრძნობა, როცა სიზმარში ცაში ავიჭრებოდი. საოცარი განცდა უწონობის, თავისუფლების. როგორ ვუსწრებდი ნიავს და მივიწევდი სულ მაღლა და მაღლა და ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს სახლს კი არ ვტოვებდი, პირიქით სახლში ვბრუნდებოდი. მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და როგორც ყველა მოზრდილმა მეც დავიჯერე სიზმრების არარეალურობა. მით უფრო მას შემდეგ, როცა ერთ დღეს ავარიაში მოვყევით, მე უნაკაწროდ გადავრჩი. აი ჩემი მშობლები კი არ აღმოჩნდნენ ჩემსავით იღბლიანები. მახსოვს, როგორ მიყურებდნენ გასვენებაზე მოსული ნათესავები, თითქოს ჩემი სასწაულებრივი გადარჩენა ჩემი დანაშაული იყო და არა შვება. იცით, უცნაური რამეა რწმენა. ჩვენ გვჯერა ანგელოზების არსებობა, მაგრამ ჩვენგან შორს და განდგომილად. და თუ მე ახლა ხმამაღლა ვიტყვი, რომ ერთ მათგანს შევხვდი, ეჭვგარეშეა არავინ დამიჯერებს. ამიტომ მე და ყველა ჩემნაირი დუმილს ვარჩევთ. საწოლიდან ვდგები და ფანჯარასთან მივდივარ. ვაკვირდები, როგორ ფრიალებს ის უცნაური შავი ბუმბულები. თითებით ვეხები და თვალებს ვხუჭავ. უცებ კადრებად მიელავს უცნაური ბრძოლის სურათები, ეს ბრძოლა ბევრად სტიქიური და დამანგრეველია, ვიდრე ადამიანთა ყველა ომი ერთად აღებული. ვხედავ მაღალ ქარაფზე მდგარ სამაელს, თეთრი ქათქათა ფრთებით და ხელში უცნაური ოქროსფრად მოელვარე მახვილით. ვხედავ დასახიჩრებულ თეთრფრთიან ანგელოზებს მის ფერხთით. _ აბადონ! ლევიათან! ფლორონ!_ ქუხს სამაელის ხმა. სამი უძლიერესი ფეხზე დგება მის წინ. _ თქვენ აღარასდროს დაბრუნდებით!_ ახმაურებს უზენაესის განაჩენს სამაელი. და ვხედავ, როგორ უშავდებათ ფრთები სამივეს. ვხედავ, როგორ ნელ _ნელა ყლაპავთ სიბნელე. _ შენ გგონია გაიმარჯვე კამაელ?!_ ხმადაბლა კითხულობს აბადონი. საიდან ვიცი, რომ აბადონი ჰქვია? ვერც იმას ვხვდები სამუელს კამაელს რატომ ეძახის. _ მოვა დღე და მიხვდები, მაგრამ იქნება გვიან!_ ფრთებს ძლიერად იქნევს და მიფრინავს, დანარჩენებიც მიჰყვებიან. _ ლილიტ!_ ახლა მე მეძახის სამაელი და მე მე აღარ ვარ. ახლა მეც უზარმაზარ, ქათქათაფრთიანი ანგელოზი ვარ და ჩემთვისაც სამაელი კამაელია. _ კამაელ გამიშვი!_ ვთხოვ და ვიცი, არ მომცემს წასვლის ნებას. _ ჩვენ სახლში ვბრუნდებით!_ მტკიცედ ამბობს ის. _ არ შემიძლია!_ ვპასუხობ მე. _ რატომ ჩვენ არ გვაქვს თავისუფალი ნება? რატომ ჩვენ არ გვაქვს არჩევანი?! მე არ დავბრუნდები. მან მე ადამი წამართვა. მე ადამთან მივდივარ! _ ლილიტ!_ ქუხს კამაელი. _ მე არ დავბრუნდები!_ ვამბობ მტკიცედ. _ გგონია ამის ნებას მოგცემს?_ მეკითხება ის. _ მე ადამთან მივდივარ!_ სადღაც ქვემოთ ვიხედები._ ისიც მოატყუეს და გასწირეს. ჩემსავით. _ ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო! რატომ არ გესმის?_ ხელს მიწვდის კამაელი. თვალებში ტკივილი მოუჩანს. _ შენ სხვა გზა არ გაქვს! _ არა! ვეღარ მომატყუებ!_ მისკენ მივდივარ და ვიცი ის მენდობა. მე კი სწრაფი მოძრაობით მას ხმალს ვართმევ და ფრთებს ჩემი ნებით ვიჭრი. გაუსაძლისი ტკივილისგან ვღმუი. და იქვე მის ფეხებთან ვეცემი ძალადალეული. ჩემი ძირს დაყრილი, უარყოფილი ფრთები კი ფერს თავისით იცვლიან და ღამესავით შავდებიან. _ ეს რა ჩაიდინე? ეს რა ქენი?_ მეკითხება ჩემი საქციელით შეძრწუნებული კამაელი. _ მის გამო? მის გამო გააკეთე?_ მე ვტირი, და მიხარია ახლა ტირილი შემიძლია. _ არა! ეს მხოლოდ თავისუფლების გამო გავაკეთე კამაელ, ფრთები სინამდვილეში მხოლოდ მისგან დადებული ბორკილებია! _ თვალებს ვახელ და ყველაფერი ქრება. _ღმერთო ჩემო!_ ვამბობ გაოგნებული._ ეს რა ჯანდაბა იყო? ვხვდები სამაელი უნდა ვნახო. აუცილებლად უნდა ვნახო. უნდა ამიხსნას რა ჯანდაბა მოხდა. ვინ ვარ მე?! ვინ არის ლილიტი?! ვინ იყო ის, ვის გამოც, როგორც ჩანს, სამოთხე დავთმე?! და რა კავშირი მაქვს ახლა სამაელთან?! კაფეში მივდივარ იმედით, რომ ის იქ დამხვდება. მაგრამ იმედი მიცრუვდება. რამდენიმე დღე გოგოებს თავს ვარიდებ და მას ვეძებ ყველგან. სად ვიყავით? სად არის ის დათოვლილი ადგილი, სადაც მას სახლი აქვს? გაგიჟების ზღვარზე ვარ. ხან მგონია ყველაფერი მომეჩვენა, ხან მგონია გამოვიგონე, ხან ჰალუცინაცია მგონია, მაგრამ იმდენად ცახდია ეს ყველაფერი, შეუძლებელია ტყუილი იყოს. თანაც მე უტყუარი მტკიცებულება მაქვს. ეს ჩემი საკუთარი ფრთებისგან გაკეთებული სიზმართმჭერია. კი არ მოგესმათ, ჩემი უარყოფილი, მოჭრილი ფრთებისგან დაწნული სიზმრების მახე. რაც თავი მახსოვს მას შემდეგ ვწნავ ამ მახეებს. ყველგან მიკიდია. მთელ სახლში. არ მახსოვს ვინ მასწავლა, არ მახსოვს რატომ ავიკვიატე. იქნებ.... იქნებ სწორედ მათ გამო ვეღარ ვხედავ იმ სიზმრებს?! ეს აზრი მაშეშებს. უცებ გიჟივით ვავლებ მოზრდილ ყუთს ხელს და ყველა მათგანს ყუთში ვყრი. ყველას მისი ნაჩუქარის გარდა. ყუთს თავს ვაფარებ და სარდაფში ჩამაქვს. ხელისკანკალით ვდებ თაროზე. იქნებ არ ღირდეს? მიელავს ფიქრი. იქნებ ჯობია ყველაფერი ისე დავტოვოთ , როგორც არის?! მაგრამ არა! ფრთხილად ვშორდები ყუთს. არა! მხოლოდ სიმართლე ათავისუფლებს! სახლში ვბრუნდები და აივნის წინ სარწეველა სკამში ვჯდები. _ სამაელ! _ ვეძახი ჩურჩულით_ სიმართლის დრო მოვიდა! ვერც ვიგებ როდის მეხუჭება თვალები და როდის ვაღებ ბავშვობისდროინდელი კოშმარების კარს. ბზრიალ_ ტრიალით და გასაოცარი სისწრაფით ვეშვები დედამიწისკენ. ის წამია დავეჯახები და ყველაფერი დამთავრდება, მაგრამ კამაელი ჰაერში მიჭერს. ნელა, ფრთხილად მსვამს მიწაზე და ხდება უცნაური რამ, მე მიწის მიზიდულობას ვგრძნობ, მხოლოდ ერთი შეხება და მე უკვე სამუდამოდ დედამიწას ვეკუთვნი. კამაელსაც სხვა დაცემული ანგელოზების მსგავსად უმუქდება ფრთები. გაოცებული ვათვალიერებ. ვერაფერს ვხვდები. _ შეენც კამაელ?_ ვეკითხები საოცრად დაღლილი._ რატომ? _ შენ გამო! ესაა ჩემი სასჯელი, რომ შენ ვერასდროს დაბრუნდები სახლში და დაიბადები ყოველთვის ახლიდან, ადამიანის სხეულში გამომწყვდეული. მე კი დაუსრულებლად ვუყურებ შენს სიკვდილს და არასდროს მეღირსება მოსვენება. _ მწუხარე ხმით მისხნის კამაელი. _ მხოლოდ იმიტომ რომ გადამარჩინე?_ ჩემს გაოცებას სიბრაზე ცვლის. _ მხოლოდ ამის გამო? სიყვარულის გამო? როგორც კი მიხვდა, რომ მე და ადამს ერთმანეთი გვიყვარდა ევა გააჩინა! შენ გულმოწყალებისთვის დაგსაჯა! ისინი სიმართლისთვის განდევნა! _ ვბრაზობ მე. _ მაგრამ ის მართალია ლილიტ! არის რაღაცეები, რაშიც არ უნდა ჩაერიო! ჩვენ ადამიანები არ ვართ, გესმის! ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ ადამიანური ცხოვრებით! _ მიხსნის, მაგრამ მე არ ვუსმენ. _ ადამთან წამიყვანე კამაელ!_ ვეხვეწები , რადგან მგონია, რომ ის მეძებს და ჩემსავით იტანჯება. რაც სამოთხე დატოვა, მას შემდეგ არ მინახავს. წინასწარ ვფიქრობ, რა ბედნიერება იქნება მასთან შეხვედრა. პირველ ნაბიჯებს ძლივს ვადგამ. ჭრილობა მტკივა. ახლა მეც ადამიანურ სხეულში ვცხოვრობ და ტკივილების მიმართ ამტანი აღარ ვარ. კამაელი ოხრავს და ხელში ავყავარ. _ იცოდე არ მოგეწონება, რასაც ნახავ, ინანებ შენს ნაბიჯს, მაგრამ გვიანი იქნება!_ მეუბნება და ცაში იჭრება. სიხარული მიპყრობს, როცა მას ვხედავ. მიწაზე მუშაობს, ამას ადამიანები მიწის დამუშავებას ეძახიან. შორიახლო ვეშვებით. კამაელი ძირს მსვამს ფრთხილად. ის ისაა უნდა დავუძახო, მოვაბრუნო, რომ კარვიდან ის საზიზღარი ევა გამოდის ხელში პატარა ადამიანით. მის უკან კიდევ ერთი პატარა ადამიანი მოდის. ადამი სიხარულით ეგებება მათ. ხელებს ხვევს და გულში იხუტებს. ვიაზრებ, რომ ადამი ბედნიერია. _ არა! არა!_ უკან ვიხევ. თვალები ცრემლებით მევსება. _ ასეთია ადამიანის ბუნება ლილიტ! ადამიანი მოღალატე და ცბიერია! სხვას რას ელოდა, როცა მას ტალახისგან ქმნიდა?_ საკუთარ თავს უფრო ეუბნება კამაელი ვიდრე მე. ჩვენს ხმაზე ადამი უკან ბრუნდება, ჩვენი დანახვისას თავის ოჯახს წინ ეფარება და ჯოხს გვიღერებს. ის მე მიღერებს ჯოხს, მე?! მის უკან კი ევა იმ გველის ღიმილით მიყურებს, ვინც ვითომ აცდუნა. ევა თავადაა გველი. სანამ ჩემი გული სიძულვილით აივსება, სანამ ადამიანთა მოღალატე მოდგმას შევიძულებ, აქიდან უნდა წავიდე. _ წამიყვანე კამაელ!_ ვთხოვ მას. წელზე ხელს მხვევს და უსიტყვოდ ისევ ზეცაში იჭრება. თვალებს ვახელ და ჩემდა გასაკვირად მაშინდელი ღალატით მოგვრილ ტკივილს ისევ ისე მძაფრად განვიცდი. ყველაფერი მახსენდება. მახსენდება ადამის ფიცი, რომ მუდამ ვეყვარებოდი. მახსენდება ჩვენი სიყვარულის გამოცდა, რომელიც ადამმა ვერ ჩააბარა. მახსენდება ფლიდი და ცბიერი ევა. სწორედ ევას ჰგავდა კაენიც. დედასავით ფლიდი, ცბიერი და შურიანი. მერე კამაელზე ვფიქრობ. ჩემს სიკვდილამდე და შემდეგ კიდევ მრავალ ცხოვრებაში იყო ჩემს გვერდით. ყოველთვის ის მიხუჭავდა ბოლოს თვალებს. ყოველთვის ის იყო ჩემი მარადიული ტკივილის თანაზიარი, სანამ ერთ დღეს არ მივხვდი, რომ სიკვდილი მის გამო აღარ მიხაროდა, რომ მე კამაელი მიყვარდა. თუმცა ვერც ამ სიყვარულმა მომგვარა შვება და ჩემთან ერთად გაწამდა თავადაც. და ერთ დღესაც, მორიგი სიკვდილის მოახლოებისას, მე მოვნახე აბადონი და სწორედ მას ვთხოვე დახმარება, რადგან ვიცოდი, კამაელი ამ თხოვნას არასგზით არ ამისრულებდა. ამოვიოხრე და უცებ სანამ თვალებს გავახელდი მივხვდი, რომ ოთახში მარტო არ ვიყავი. _ აბადონ!_ ვთქვი ჩურჩულით და გამეღიმა. მის არსებას, მის ლავის სურნელს, მის ცეცხლოვან ქარიზმას ყველგან და ყოველთვის ამოიცნობდა ადამიანიც და ანგელოზყოფილიც. _ ოჰოოო, ვხედავ ყველაფერი გაგახსენდა ლილიტ, თუ ახლა ვიქტორია დაგიძახო?_ მკითხა მან და ვიგრძენი, როგორ დაიხარა ჩემკენ. თუმცა არ შემხებია მხოლოდ ოდნავ შეისუნთქა ჩემი თმის სურნელი. _ ზოგი რაღაც არასდროს არ იცვლება! მაგალითად ის, რომ ამდენად მადისაღმძვრელი ხარ!_ მომიარა და თავხედურად გაიშხლათა მოპირდაპირედ მდგომ დივანში. _ რამდენი წელი გავიდა ლილიტ? _ გინდოდა გეკითხა რამდენი საუკუნე?_ ვკითხე სევდიანი ღიმილით. _ უცნაურია არა?_ ფეხი დივნის სახელურზე გადაკიდა და გააქნია უდარდელად. _ რას ვიფიქრებდი, აქ თუ ამდენად მომეწონებოდა, ადამიანები მოწყენის საშუალებას არ გვაძლევენ. თან ზედმეტად უხვადაც კი არიგებენ საკუთარ ენერგიას. არადა ერთი შეხედვით რწმენა გაუქრათ. _ და შენ ეს ძალიან მოგწონს არა?_ ეჭვი არ მეპარებოდა ამ დემონად ქცეულ ანგელოზს სწორედაც რომ უხაროდა ადამიანთა მსგავსი დამოკიდებულება, რადგან რაც უფრო მეტი იყო ადამიანში ტკივილი და ურწმუნოება, მით უფრო ძლიერი იყო ენერგია, რომლითაც ამ არსებებს დედამიწაზე ყოფნის დრო უხანგრძლივდებოდათ. _ ახლა მგონი თქვენ უფრო გჭირდებათ ეს პლანეტა, ვიდრე მამას!_ უცნაური აზრი იყო და ხმამაღლა თქმისას თითქოს მატერია შეიძინა. ეს ანგელოზყოფილები არაფრით დაუშვებდნენ ქაოსს დედამიწაზე. რადგან ქაოსი ადამიანთა რასის უეჭველ განადგურებას მოასწავებდა და მიუხედავად მათი დაგეგმილი პატარ_ პატარა უბედურებებისა, სანამ ისინი დედამიწაზე იყვნენ ადამიანებს შეეძლოთ მშვიდად დაეძინათ. _ აბადონ, მომიყევი რა მოხდა იმ ღამის შემდეგ!_ ვთხოვე მე. _ და რას მომცემ სანაცვლოდ?_ თითით ისეთი მოძრაობა გააკეთა თითქოს ძაფს იხვევდა. ჩემგან მოცისფრო მართლაც ძაფივით წვრილი ნათება გამოიწელა და მის თითს შემოეგრაგნა. ფორმით ბამბის ნაყინს ჰგავდა. აბადონმა თითი ვნებიანად გაილოკა და სიამოვნებით დაიკვნესა. _რა ტკბილი ხარ ძვირფასო! _ შეწყვიტე!_ გაისმა ავი ხრინწგარეული ხმა. სიხარულმა და სიმშვიდემ ამავსო. სამაელი იყო. _ აბა მარტო შენ უნდა ჩაიტკბარუნო პირი!_ პატარა ბავშვივით გაიბუსხა აბადონი. _ წაეთრიე აქიდან!_ შეუვალი იყო სამაელი. აბადონი ღიმილით წამოდგა. დიდად არც ეშინოდა და არც ედარდებოდა სამაელის ბრაზი. თუმცა კარგად იცოდა, რომ ძალით ვერც თვითონ და ვერც რომელიმე დაცემული მას ვერ აჯობებდა. უბრალოდ კარგად იცნობდა მას და იცოდა, უკიდურესობამდე მისვლა არ სჩვეოდა სამაელს. _ კარგი ძვირფასო, რადგან ყველაფერი გაგახსენდა, აწი შემოგიფრენ ხოლმე! სხვა დროს ვისაუბროთ, ახლა კი წავფარფატდები!_ აივანს მიუახლოვდა და პირდაპირ ქუჩაში ისკუპა. თავი გავაქნიე, სად დაუშვა ნეტავი შეცდომა მამამ, როცა მას ქმნიდა?! სამაელს გავხედე და დავინახე, როგორი სევდით უყურებდა ჩემს სიზმართმჭერს. _ მომიყვები, თუ მოვუხმო ისევ აბადონს?_ ვკითხე მკაცრად. _ რად გინდა ამ ყველაფრის გახსენება?_ ხელები მკერდზე დაიკრიფა მან. _ კამაელ როგორ გახდი სამაელი?_ შეუვალი ვარ მე. სამაელი დაფიქრდა და დაჯდა. _ როცა აბადონმა თხოვნა აგისრულა და შენი მარადიული ცხოვრების ციკლი დაასრულა. მთელი ენერგია ამოართვა შენს სულს. იმ ღამეს მოკვდი, არა უფრო სწორედ, კი არ მოკვდი ლამის გაქრი, ისე თითქოს არასდროს გეარსება. ლევიათანი მოვიდა ჩემთან და ყველაფერი მიამბო. ვერ დავუშვებდი შენს გაქრობას. თუმცა არც შენი აღდგინების უფლება მქონდა. ხომ ხვდები არა? ეს უფლება მხოლოდ მას აქვს. ეს არის ის, რაც მას იმად აქცევს, რასაც წარმოადგენს. სიცოცხლის შობის საიდუმლო მხოლოდ მისი პრეროგატივაა. ვფიქრობდი, რა შეიძლება მეღონა და გამოსავალს მივაგენი. ჩემი საკუთარი სასიცოცხლო ენერგია მოგეცი. ჩემთვის კი მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა დავიტოვე._ გაოგნებისგან ფეხზე წამოვხტი. ანუ სამაელმა ჩემ გამო უკვდავება დასთმო? _ ღმერთო , ეს როგორ?_ არ ვიცოდი გაოცება როგორ გამომეხატა. __ შენ იმაზე ადამიანური გახდი ლილიტ, ვიდრე წარმოვიდგენდი! მუდამ მას მოუხმობ! როგორც ადამიანებს სჩვევიათ. ნუ აკეთებ ამას, ის ამის ღირსი არ არის!_ რანაირად მოხდა, რომ ყველაზე მოყვარულმა და ერთგულმა შვილმა ასე მოიძულა საკუთარი მამა? გავიფიქრე ჩემთვის. მან კი ჩემს ფიქრებს უპასუხა. _მას ერთი ბედნიერებაც კი დაენანა ჩემთვის. შენი თავი ბევრჯერ წამართვა. მე ვნახე შენი დაბადება. შენც ხომ იმავე თიხისგან მოგზილა, რისგანაც ის ცბიერი ადამი. შენ ადამის თანასწორი იყავი და მისი გეგმები ვერ გაამართლე. როცა ამას მიხვდა, სულიც კი არ ჩაგბერა. მას ადამზე დაქვემდებარებული და მისი მორჩილი არსება სჭირდებოდა, და ეს იყო მისი ნაწილი ევა. შენ კი, როგორც ყოვლად გამოუსადეგარი, უბრალოდ გვერდზე გადაგდო. მე, მე ვიყავი ის, ვინც ვერ გაგიმეტა. და შენი თავი შეავედრა. მან კი მითხრა: _ მასე იყოს თუ შეძლებ!_ არ ეგონა თუ გამომივიდოდა. რადგან მანამდე არავის უცდია ამის გაკეთება. მაგრამ გამომივიდა და შენ დაიბადე. შენ თავიდანვე ჩემი ნაწილი იყავი, მაგრამ საოცრად მეამბოხე და განსხვავებული. რადგან შენ იყავი ჩემი ყველაზე ფარული სურვილი. დაგინახა და გაბრაზდა ჩემზე. იფიქრა ოდესმე თავს გავუტოლებდი. და იცი რა მიქნა ? იცი რით დამსაჯა? სიკვდილის მცველად მაქცია! მე მასავით სიცოცხლისმიმნიჭებელი, ირონიული არაა, რომ სიკვდილის მცველი ვარ?!_ გაჩუმდა და ფიქრებით იმ შორეულ წარსულში გადაეშვა. მე კი უარესად გაოცებული მივჩერებოდი. ეს პირველად მესმოდა. ანუ სამაელი იყო ჩემი ყველაფერი? შემოქმედიც კი?! _და რა მოხდა იმ ღამეს?_ გავუმეორე ყველაზე მთავარი კითხვა. _ მე მხოლოდ ერთი რამ არ შევცვალე, ისეც მხოლოდ შენს გამო! მეხსიერება არ დაგიბრუნე, ის მოგონებები, რომლებიც შენივე თხოვნით აბადონმა წაგართვა. მხოლოდ მაშინ , როცა ჩემი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა იწურებოდა მე მოვდიოდი შენთან და სიცოცხლეს ვიხანგრძლივებდი. როგორც ახლა. შენ ამით არაფერი გაკლდებოდა, როგორც ადამიანი, იყავი კიდეც ამისთვის შექმნილი. ერთი ღამის გულიანი გამოძინება და მორჩა. აი მე კი შენთან რამდენიმე სტუმრობის შემდეგ, შემიძლია კიდევ რამდენიმე ათეული წელი ვიცხოვრო დედამიწაზე. _ თუ ამას არ იზამ? რა მოხდება მაშინ?_ ვკითხე, თუმცა პასუხი ისედაც ვიცოდი. _ ჩემი გული გაიყინება!_ მიპასუხა მან. ავდექი და მუხლებზე დავუჯექი. ხელები კისერზე მოვხვიე. იყო ადამიანობაში რაღაც ძალიან კარგი. და ეს კარგი იყო ადამიანური ვნება და მიზიდულობა. ის, რასაც ადამიანები სიყვარულს ეძახიან. _ იმდენი აიღე, რამდენიც გინდა!_ ვუთხარი და ხელები ფართოდ გავშალე. სამაელს გაეცინა და ზუსტად ვნებისგან გაგიჟებული კაცივით ამომხედა. ხელები თეძოებზე მომკიდა და თავისკენ მიმწია. _ არასდროს ვიტყვი ამაზე უარს!_ მითხრა ხმაარეულმა და ყელში მაკოცა. თითქოს ყველაფერი ამიხსნა და ყველაფერში გამარკვია. მაგრამ ვგრძნობდი, რაღაცას მიმალავდა ისიც და აბადონიც. რაღაცას არ ამბობდნენ. და ამაზე მეტყველებდა გარშემო გაბნეული უამრავი ნიშანიც. და მე ეს ნიშნები უნდა ამომეკითხა, რადგან ახლა მე ადამიანი ვიყავი დ არა ანგელოზი, ან დემონი. ამიტომ ისინი უნდა დამეცვა, ვინც ჩემთვის ასე ძვირფასი გამხდარიყო. კარადაზე შემოდებულ სურათს გავხედე. სადაც ჩვენ ოთხნი ვიყავით. ლაღები და ბედნიერები. მე და ჩემი გოგოები. 4 მას შემდეგ, რაც გავაანალიზე, თუ ვინ ვიყავი სინამდვილეში, თავი ლურჯი სმურფეტა მეგონა. ძალიან ვგავდი ამ განსხვავებულ პერსონაჟს. ადამიანობისთვის დაბადებული ანგელოზყოფილი, თანაც ერთადერთი მდედრი მთელს დასში. დავიწყებული ამბების გახსენებამ ტკივილი მომიტანა. თქვენ გგონიათ ადვილი გასააზრებელი იყო, რომ დედამიწაზე ადამის დროინდელი არსება ვიყავი? რომ პირველი ღალატის პირველი მსხვერპლი ქალი გავხდი? რომ სათვალავიც კი მქონდა არეული, იმდენჯერ დავიბადე და დავსრულდი?! ამის ბოლომდე გააზრება და მიღება არ შემეძლო. სიმართლე იყო ეს ყველაფერი, მაგრამ თითქოს მე მაინც არ მეხებოდა. ვხვდებოდი, რაღაც მნიშვნელოვანი იწყებოდა, რაღაც ისეთი, რაც ყველაფერს ყირაზე დააყენებდა. ამას მთელი არსებით ვგრძნობდი. თითქოს დედამიწის თავზე ელექტრული ღრუბლები საავდროდ გროვდებოდა. უცნაურად გახშირდა და თვალში საცემი გახდა ნიშნები, რასაც ადამიანები სტიქიურ უბედურებებს ეძახდნენ. მიწისძვრა თურქეთში, აში, წყალდიდობა და ხანძარი საბერძნეთში, ხანძარი ამაზონზე, ხანძარი ლამის ნახევარ დედამიწაზე, მეწყერი, ზვავი, გააქტიურებული ვულკანები. ფიქრისგან თავი ამტკივდა. დავიჯერო ადრეც ხდებოდა ეს ყველაფერი და უბრალოდ ვერ ვამჩნევდით? თავის გასანიავებლად მობილური მოვიმარჯვე და აივნის სკამ_საქანელაზე დავჯექი, მაგრამ უარესი დამემართა. რა ჯანდაბა ხდებოდა დედამიწაზე?! მოულოდნელად ისეთ რამეს გადავაწყდი , რომ გავშეშდი. "თანამედროვე ეპოქაში ეგვიპტის ათი სასჯელი", ერქვა სტატიას. და მოყვანილი იყო უცნაური, დაუჯერებელი შედარებები: "ტემპერატურის მატების გამო სპარსეთის ყურეში შეიმჩნევა წყალმცენარეების აყვავბა, რაც გამოიხატება წყლის გაწითლებით. ამ ყველაფერს თან სდევს თევზების მასობრივი ამოწყვეტა." იუწყებოდა ეს აპოკალიფსური სტატია. გამაცია. სწრაფად ჩავწერე გუგლში: ეგვიპტის პირველი სასჯელი და წაკითხულმა გამაქვავა. "ასე მოიქცნენ მოსე და აარონი, როგორც უფლისაგან ჰქონდათ ნაბრძანები. მოიქნია კვერთხი და დაჰკრა ნილოსის წყალს ფარაონისა და მისი მსხურების თვალწინ, და იქცა სისხლად ნილოსის წყალი. ამოწყდა თევზი ნილოსში, აყროლდა ნილოსი და ვეღარ სვამდნენ ეგვიპტელები ნილოსის წყალს. სისხლი ჩადგა მთელს ეგვიპტის ქვეყანაში." ძალიანაც რომ არ მდომოდა აღიარება, ამ საშინელ მსგავსებას სად გავექცეოდი? ეკოლოგიური კატასტროფა. წითლად ციმციმებდა სტატიის აბზაცი. თანდართულ სურათებზე და ვიდეოებზე გადავედი. ნაპირზე გამორიყულ აყროლებულ თევზს სქელ ღრუბლად ეხვია ათასი ჯურის ბუზი და მწერი. ეგვიპტის მეორე სასჯელი_ ჩავწერე ისევ გუგლში. „მოუღერა ხელი აარონმა ეგვიპტის წ....ბს და ამოვიდნენ გომბეშოები და დაფარეს ეგვიპტის ქვეყანა" _ ღმერთო მიშველე! _ ჩემდაუნბურად ისევ მას მოვუხმე , ამ უცნაური სპექტაკლის მთავარ რეჟისორს. რა იყო რიგით შემდეგი?! "აიღეს ქურის ნაცარი და წარუდგნენ ფარაონს. ააფრქვია მოსემ ნაცარი ცისკენ და გამოეყარა კაცსა და პირუტყვს ყვავილის მუწუკები." ესეც შენი კორონა ვირუსი, პანდემია და მასობრივი ჭირი! ძალაგამოლეული ისევ სკამში ჩავეხეთქე. რა უნდა მექნა? ყველაფერი ამდენად ცხადი იყო. ისევ ჩვენს სურათს გავხედე. ჩვენ, დიახ ჩვენ ადამიანები ათასი ყოველდღიური საზრუნავით გულდამძიმებულები მივიწევდით გამოუცნობი მომავლისკენ და ფეხდაფეხ მოგვდევდა სიკვდილი. სიკვდილი? და გამინათდა გონება. აი რას აკეთებდა სამაელი! ის ამ ყველაფრის შეჩერებას ცდილობდა. ცდილობდა საკუთარ მოვალეობაზე უარის თქმით. სასწაული გადარჩენები, რაც ამ რამდენიმე დღის მანძილზე ჩემს თვალწინ ხდებოდა. სწორედ მისი უმოქმედობის შედეგი იყო. _ სამაელ!_ მოვიხმე ჩემი შემოქმედი და მფარველი ანგელოზი. უზარმაზარი ფრთების შრიალსა და მისგან მონაქროლ თოვლის სურნელზე მივხვდი, მოვიდა. _ მგონი ყველაფერს მიხვდი!_ მითხრა წყნარი, მშვიდი ხმით. _ ახლოა?_ ვკითხე და თვალებში შეხედვა ვერ გავუბედე. _ ძალიან!_ მოკლე იყო მისი პასუხი. _ არა! არ ვარ თანახმა! _ წამოვხტი ფეხზე გაცოფებული. _ მას არ აქვს ამის უფლება! ასე ვერ დასრულდება ყველაფერი!_ თვალი ისევ სურათისკენ გამექცა . _ისინი ახლა იწყებენ ცხოვრებას! იცი რამდენი გეგმა და ოცნება აქვთ?_ ხელები მფეთქავ საფეთქლებზე მოვიჭირე. სამაელი იდგა და სინანულით მიყურებდა. _ გამოსავალი არ არსებობს?_ ვკითხე და იმედით ავხედე. უარის ნიშნად თავი გადააქნია. _ მე შენს წასაყვანად მოვედი! _ დანარჩენები? აბადონი? ლევიათანი? ფლორონი? მათ რა ბედი ელით?_ სამაელს გაეღიმა. _ისინი ყოველთვის იპოვნიან გადარჩენის გზას. ხელი გამომიწოდა. თითქოს დეჟავუ დამემართა. ნაბიჯით უკან დავიხიე. _ არა! მე არ წამოვალ!_ სამაელი შეცბა. _ ვერაფერი მაიძულებს მათ მიტოვებას! ხელი სურათისკენ გავიშვირე. მაგრამ გოგოებში მთელი კაცობრიობა მოვიაზრე. _ მეორე შანსი?_ ამ კითხვით ხავსს მოვებღაუჭე. _ მეორე შანსი ნოემ მისცა მათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს! ასეთია ადამიანის ბუნება ლილიტ! ისინი არ არიან იდეალურები! _ ვის რაში სჭირდება ეგ იდეალურობა?_ გავცოფდი მის სიტყვებზე. _ სწორედ ეგაა ადამიანობის ხიბლი, რომ შეცდომების დაშვება შეგვიძლია და ამ შეცდომებზე სწავლა. ჩვენი სისუტე გრძნობებია და სწორედ ეს გშურთ ჩვენში! განა ასე არ არის? განა გულში ყველას ადამიანობა არ გწადიათ?_ თავადაც არ ვიცოდი, რას ვამბობდი. _ შეუძლებელია ხსნის და გადარჩენის გზა არ არსებობდეს! ეს შეუძლებელია გესმის?!_ ვყვიროდი და კანკალატანილი ვცდილობდი მისი ხელების მოშორებას. _ არ შემიძლია არ დავეთანხმო!_ გაისმა ნაცნობი ცბიერი ხმა. ორივე ხმისკენ შევბრუნდით. სარწეველაში აბადონი გათხლაშულიყო ნებიერად. ხელში ცისფერი, ამჯერად ნამდვილი ბამბის ნაყინი ეჭირა და უდარდელად ციცქნიდა. _ არა,მგონი სწორედ ამის გამო ღირდა სამოთხის მიტოვება!_ ჩაიცინა კმაყოფილი სახით. _ გაქრი აქიდან!_ უბრძანა სამაელმა. და მივხვდი, მას არ სურდა აბადონს ესაუბრა, იმიტომ რომ აბადონმა იცოდა ის , რაც მე არ უნდა მცოდნოდა. _ ჰმ, მას ვკითხო, თუ თავადაც მეტყვი?_ თვალი თვალში გავუყარე და აბადონს მივუჯექი გვერდით. _ ლილიტ შეწყვიტე! უნდა გესმოდეს, რომ ჟამი მოვიდა! ადრე თუ გვიან, ყველაფერი უნდა დასრულდეს! ასეთია დასასრული. შენ კი რის მიღწევას ცდილობ?_ შეუღრინა იმ ცბიერ დემონს. _ შენგან განსხვავებით, ჩვენ გვიყვარს აქაურობა და იქ დაბრუნება არასდროს გვდომებია!_ ბამბის ნაყინით მოთხვრილი საჩვენებელი თითი ცისკენ აღმართა. _ გიყვარს? შენ და რამე გიყვარს?_ გადაიხარხარა სამაელმა. _ შენ საერთოდ შეგიძლია სიყვარული? _ რატომაც არა, საკუთარი თავი ხომ მიყვარს!!_ თვალი ჩაუკრა აბადონმა და გაჩეჩილი თავი კალთაში ჩამიდო. _ მის შეყვარებასაც შევძლებ, რომ მოვინდომო!_ აშკარად ერთობოდა მის ნერვებზე თამაშით. სამაელმა თვალები აატრიალა და მკერდზე ხელებგადაჭდობილი ჩემი აივნის მოაჯირს მიეყრდნო. _ აბადონ, მითხარი სიმართლე! ამის შეჩერება ხომ შგვიძლია?_ ვკითხე და ალისფერ თვალებში ჩავაჩერდი. _ მაკოცე და გეტყვი!_ ისევ მაიმუნობდა პატარა ანცი ბიჭივით. _ აბადონ!_ დავუბრიალე თვალები. ამოიოხრა თავმობეზრებულად. _ ჩვენ არა, აი მას კი შეუძლია, მაგრამ არ სურს!_ თავი სამაელისკენ გადაიქნია. გაოცებულმა შევხედე. _ მართალს ამბობს? სამაელი დუმდა და ცას მიშტერებოდა დახუჭული თვალებით. _ ხმა ამოიღე!_ ფეხზე სწრაფად წამოვდექი. აბადონმა კი კეფა რკინის სკამს დასცხო მოულოდნელობისგან. წამოჯდა და ხელით მოისრისა, ისე თითქოს ნამდვილი ადამიანივით გრძნობდა ტკივილს. _ მან შენ სული შთაგბერა, იცი ეს რას ნიშნავს?_ მკითხა მოღუშულმა. მე თავი გადავაქნიე უარის ნიშნად. _ მე რომ მისი ძალები მომცა, იქ გავბატონდბოდი!_ თავი ისევ ცისკენ აიქნია. _სამაელ!_ ვთხოვე მუდარით. _ არ შეიძლება! _ ამოილაპარაკა დაღლილმა._ გგონია ეს ასე მარტივია? მე სასიცოცხლო ენერგიასაც კი შენგან ვიღებ. იცი ამას რამხელა ძალა დასჭირდება? _ რამხელა?_ ვკითხე ინტერესით. _ შენ მეტად აღარ დაიბადები!_ მომიახლოვდა და ჩამეხუტა. _ ნუ გააკეთებ ამას! მე არ მიღირს დედამიწა შენს დაკარგვად! _ მოიცადე! ანუ მე..მე?_ ბოლომდე ვერა, მაგრამ ცოტათი მაინც ნათელი ხდებოდა ჩემი დანიშნულება. გამეცინა. _ ანუ ეს ასეც უნდა მომხდარიყო? მან თავიდანვე ასე გადაწყვიტა არა?_ აბადონმა თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. _ დიდებული თეატრი დადგა არა? _ არარსებული ცრემლი მოიწმინდა თვალიდან_ ნამდვილი დრამატურგია! წარმოგიდგენია სად გათვალა მამამ? ყველას ჭკუაში გვაჯობა! _ და სადაა ამ დროს თავისუფალი ნება?_ ვკითხე სასოწარკვეთილმა. _ სწორედ ეგაა თავისუფალი ნება! გადაწყვეტილებას თავად მიიღებ! გადარჩები თუ მსხვერპლად შეეწირები! _ მსხვერპლად შეეწირები..._ გავიმეორე მისი მტკივნეული სიტყვები. _ საფიქრალიც არაფერია!_ გამეღიმა მწარედ. _ რა არის ერთი სიცოცხლე, როცა სასწორზე ექვსი მილიარდი სიცოცხლე დევს!_ სამაელს გავხედე და წაშლილი ჰქონდა სახე. _ არასდროს გაპატიებ ამას აბადონ!_ ჩაილაპარაკა ჩახლეჩილი ხმით. _ რას იზამ ძმაო? ყველა საკუთარი ტყავის გადარჩენას ვცდილობთ! შენ კარგად იცი, რომ ჩვენ დედამიწა გვჭირდება. _ დედამიწა თუ ადამიანი?_ ჩაეცინა სამაელს. _ დედამიწა და ადამიანი რამ გაყო ერთმანეთისგან?_ გულუბრყვილოდ აიჩეჩა მხრები. შემდგ მომიახლოვდა. შუბლზე მაკოცა. თითქოს დამემშვიდობა და ჩემი აივნიდან გაფრინდა. 5 _ ნუ ბრაზობ მასზე!_ ვუთხარი სამაელს._ ხვდები არა, რომ აუცილებლად უნდა მცოდნოდა სიმართლე. ამის უფლება მაქვს და საბოლოო გადაწყვეტილებასაც მე მივიღებ. _ გგონია ამას რამე აზრი აქვს?_ დაჯდა და თავი ხელის გულებს დააყრდნო. ისე ჰგავდა იმ წამს უბრალო მოკვდავს. თითქოს მართლაც ერთი, სამსახურიდან დაბრუნებული დაღლილი კაცი იყო. _ სამყარო არ იმსახურებს შენგან ასეთ მსხვერპლს. რომც მისცე მათ ეს შანსი, გგონია გამოიყენებენ? გგონია რამეს შეცვლიან? _ მაგას როგორ ამბობ? ვინ_ვინ და შენ ყველაზე კარგად უნდა იცოდე, რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის გამო სიცოცხლის დათმობა. რას გააკეთებდი კიდევ ჩემი გულისთვის? ამომხედა და სევდიანმა ღიმილმა გაუნათა სახე. _ ყველაფერს! მაგრამ შენთვის და არა სამყაროსთვის! ყველაზე დიდი სისულელეა მათ გამო საკუთარი თავის დათმობა. რადგან შენც ისევე მნიშვნელოვანი ხარ, როგორც ნებისმიერი მათგანი!_ ვხვდებოდი ყველაფერს იზამდა, რომ ჩემთვის ხელი შეეშალა. _ დრო რამდენი გვაქვს?_ გვერდით მივუჯექი და ხელები ყელზე მოვხვიე._ მგონი ჯობია ეს დრო უფრო ჭკვიანურად გამოვიყენოთ. _ ხვდები ხომ, რომ მე არ დაგეხმარები მაგ უაზრობაში!_ ხელები მომხვია და კალთაში ჩამისვა._ უფრო მეტიც ხელს შეგიშლი! ვიცი არ მაპატიებ, მაგრამ მირჩევნია ჩემზე ბრაზობდე და იცოცხლო, ვიდრე.... _ ხვალემ იდარდოს ხვალისა სამაელ!_ ვუთხარი და ვაკოცე. აღარ მსურდა, რომ ამაზე ელაპარაკა. სათქმელად ადვილი იყო, მაგრამ გასააზრებლად ძალიან რთული. ნუთუ ეგონა ამას სიხარულით გავაკეთებდი? გულის სიღრმეში მიელავდა ფიქრი, რომ უსამართლობა იყო ეს ყველაფერი. გაქცევა და ყველაფრის დავიწყებაც მსურდა, რომ არ მქონოდა პასუხისმგებლობა და ვალდებულება. მაგრამ როგორ უნდა მეცხოვრა, თუ ყველას სიცოცხლეს საკუთარს ვანაცვალებდი? _ აბა გავედით! _ ხატიას მუდმივი ემოციურობა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ვერ იქნა და ვერაფრით შევეგუეთ. _ პირი ამოუქოლეთ რააა, არ შემიძლია ამის წივილ_კივილში მანქანის მართვა!_ ბუზღუნებდა ნათია ჩვეულად უემოციოდ. _ მზე , ზღვა და ტინგიციი!_ სულ არ ადარდებდა ხატიას მისი უხასიათობა. _ ახლავე გადაეთრიე უკან!_ მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა ნათიამ._ ადგილიდან არ დავიძვრები, სანამ ეს ჩემს გვერდით ზის. სხვა რა გზა იყო, ზოგადად ყველა გემზე ისაა კაპიტანი, ვინც საჭეს ფლობს. კარი გავაღე და გადავედი. ის არანორმალური პირდაპირ გადაძვრა უკანა სავარძელზე. ნათიამ თავი გააქნია უკმაყოფილოდ, მაგრამ მაინც გაეღიმა. უეცრად ისეთი სევდა ვიგრძენი, გული ისე დამიმძიმდა. ანუ რა გამოდიოდა, ასეც და ისეც, ნებისმიერ ვარიანტში მე მათ ვეღარ ვნახავდი? ცას ავხედე ზიზღით. _ ვიცი, რომ მხედავ!_ ჩავილაპარაკე ხმადაბლა._ ყველაზე უგულო მონსტრი ხარ ყველა შენს მიერ შექმნილ მონსტრს შორის! თვალები მალულად ამოვიწმინდე და მანქანაში დავჯექი. _ ოეეე დიჯეი! მუსიკა მოგვაშველე!_ გოგოები მხიარულ განწყობაზე იყვნენ. მათ არაფერი იცოდნენ, უზრუნველი და უბრალო ადამიანები იყვნენ. პულტი ავიღე და ნატას ვესროლე. ნატას მუსიკალური გემოვნება არ ემთხვეოდა ჩვენსას, ის უფრო როკერი გოგო იყო, ამიტომ უმეტესად და ხმათა უმრავლესობით ჩვენ სამის პაპსა მუსიკის ატანა უწევდა უხმოდ. _ აჰა ახლა შენ ხარ დიჯეი!_ ისე გაუხარდა თითქოს ოსკარი მიიღო. რა ცოტა კმარა უბრალო ადამიანის სიხარულს? უბრალოდ მუსიკაც კი საკმარისია ხვდებით? მათ არ სურთ ფიქრი ამ სამყაროს ქაოსურ წესრიგზე. და რა არის ამაში ასეთი საოცარი? აი ნატამ ამასწინათ ყურსასმენი დაკარგა და ჰგონია სამყარო ჩამოექცა თავზე. ხატიამ სიმთვრალისას ვიღაც შეუფერებელ ბიჭს აკოცა და სიფხიზლეში კინაღამ დაგვხოცა, რატომ ხელი არ შემიშალეთო. ნათიამ კი, მას შემდეგ რაც ქმარს გაშორდა, მთელ საკაცეთს გადაუსვა ხაზი. საერთოდ ვეღარ ამჩნევს მათ არსებობას. აი დღეის მოცემულობით ესაა მათი ყველაზე დიდი და მოუგვარებელი პრობლემა. თავი ფანჯარას მივადე და ფანჯარაში მქროლავ სივრცეს გავუშტერე თვალი. ისინი მიდიოდნენ გასართობად და ყველა დარდის დასავიწყებლად. მე მივდიოდი მათთან დასამშვიდობებლად და საკუთარ თავში იმ ძალის საპოვნელად, რაც ფაქტობრივად, უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესასრულებლად მჭირდებოდა. უნებურად დაცურდა თვალიდან ცრემლი. მხოლოდ ნიკაპთან მოვასწარი მისი დაჭერა. დავინახე როგორ გამომხედა ნათიამ. წამით დამაკვირდა. არაფერი უთქვამს, მაგრამ დაფიქრებულმა ააკაკუნა თითები საჭეზე. აშკარა იყო, როგორც კი მარტოს მომიხელთებდა საფუძვლიანად დამკითხავდა. ჩასვლისთანავე ყველაფერი უწესრიგოდ მიყარეს, საჭირო ნივთებს დაავლეს ხელი და ბედნიერები გაცვივდნენ ზღვისკენ. ვუყურებდი მათ გულწრფელ ემოციებს და არ მჯეროდა რომ იყო ოდესღაც წამი, როცა მე ამის განცდა არ შემეძლო. რაში მჭირდებოდა მარადისობა, ძალმოსილება ანდაც ის წყეული ფრთები, თუ ვერასდროს ვიგრძნობდი სიხარულს მარტივი მიზეზებისგან მოგვრილს? ნეტავ რა აზრის იყო ამაზე აბადონი? ფლორინი? ლევიათანი? რა დათმეს მათ? ან კიდევ რისი დათმობა შეეძლოთ? რამდენად ეგოისტი იყო ახლა მათი ეგო? ნუთუ მხოლოდ სარგებელი იყო დედამიწა მათთვის? ცურვა არ ვიცოდი, რატომღაც წყალს ვერაფრით დავუმეგობრდი. ნელა გავუყევი სანაპიროს ფეხშველი. მზის ჩასვლა იყო სადღაც ჰორიზონტს მიღმა. იდგნენ ზღვის ნაპირას ადამიანები და ისეთი აღტაცებით უყურებდნენ დაისს, თითქოს ინტუიცია კარნახობდათ, რომ ბოლოჯერ ხედავდნენ. _ არ შეიძლება ამის დასრულება, რატომ არ გესმის? სამყაროს ერთი ნაკლის საპირწონედ ათობით მშვენიერება დგას!_ ვჩურჩულებდი გულაჩუყებული. ვიცოდი ახლა ამ წამს მილიარდობით ჩემნაირის ლოცვაში, ყველაზე მკვეთრად ჩემი ესმოდა, რადგან მე ერთადერთს მჯეროდა ნამდვილად მისი არსებობა. მას ესმოდა ჩემი, მაგრამ პასუხს არ მცემდა. განა ისეთი რა იყო მისთვის ჩვენი პაწაწუნა გალაქტიკა? როგორც გენიოსი მესაათეს მიერ შექმნილი ერთი დეფექტიანი საათი სხვა მილიარდობით უნაკლო საათს შორის. მასზე გაბრაზებულმა საოცარ ნარინჯის გრადაციებს ზურგი ვაქციე და უკან გოგოებისკენ გამოვბრუნდი. შორიდანვე მეცნო მისი მაღალი, გაუგებარი ტატუებით მოხატული ფიგურა. _ აბადონ?_ ისე გამიკვირდა მისი დანახვა. უდარდელად იჯდა ხატიას გვერდით, ხელში მისი საყვარელი ანანასის წვენი ეკავა და რაღაცაზე გულიანად იცინოდა. შიგადაშიგ თითით იმ უცნაურ მოძრაობას აკეთებდა და ხატიას დაუდგრომელი ენერგიით თუ აურით პირს სინდისის ქენჯნის გარეშე იტკბარუნებდა. _ აბადონ აქ მოდი!_ ჩურჩულიც კმაროდა, რომ ჩემი გაეგონა. ადამიანებს კი არ ჰგავდა, ყვირილით რომ უნდა ესაუბრო, რომ როგორმე მათ გულებამდე რომ მიაღწიოს შენმა სათქმელმა. ბოდიში მოიხადა და ზღვის ზოლისკენ წამოვიდა. უხმოდ ამომიდგა გვერდით. უკვე ჩასულ მზეს გახედა და ცაზე სილის შემორტყმასავით შემორჩენილ სიწითლეს გაუღიმა. _ აქ რატომ ხარ აბადონ? მალე სამაელიც მოვა!_ თითქოს მისი ხსენებით ვუთხარი, რომ ბოლო წამების გატარება მასთან მარტოს მერჩია. _ მოვა?_ შემომხედა ღიმილით. _ ვაიძულებ მოვიდეს! _ მე მარტო არ ვარ ლილიტ!_ ჩემი პირველი სახელი ხმამაღლა ნათქვამი ბასრი დანასავით ჩამესო გულში. _ არა?_ მოვუყრუე. მე საუკუნეების მანძილზე აღარ ვიყავი ლილიტი. ჩემი მრავალ წლოვანი გამეორებების მანძილზე რა აღარ მერქვა. აი ახლა მაგალითად სიმბოლურად გამარჯვება მქვია. ნეტავ უბრალო შემთხვევითობა იყო ეს, თუ იმ სარკასტული რეჟისორის ირონიული დეტალი მის მიერვე დადგმულ ამ ტრაგი_ კომედიაში? _ ფლორო და ლევიც აქ არიან._ გაოცებით ავხედე. ისინი რაღატო მოვიდნენ? _ რა იყოთ? მემშვიდობებით? _ რაღაცნაირად უხერხულად გამეცინა. _ გამარჯობა ლილ!_ ისე უჩუმრად ამოგვიდგნენ გვერდით. ჯერ ერთს ავხედე, შემდეგ მეორეს. იდეალურები იყვნენ. სულ არ ჰგავდნენ ანგელოზყოფილ დემონებს. უფრო რაღაც ჟურნალიდან გადმომხტარ მოდელებს მაგონებდნენ. უზადო სხეული სამივეს უცნაური ნახატებით ჰქონდა მოხატული. მე ალბათ ვეღარასდროს გავიგებდი რისი თქმა სურდათ ამ გაუგებარი ნახატებით. მიუხედავად იმისა, რომ ლამის თორმეტი საათი მქონდა წინ, მაინც არ იყო ეს დროს ახლა სამყოფი მსგავსი არაფრისმთქმელი კითხვებისთვის. მაგრამ ვერც იმ კითხვებს ვპოულობდი, რომლებზეც ეს დრო უნდა დამეხარჯა.... ვიდექით და ფეხებზე ზღვის გრილი ტალღები გველამუნებოდა. მე ისევ ბავშვივით ამიჩვილდა გული. ესეც მორიგი მარტივი ბედნიერება იყო. ბედნიერება, რომელსაც არასდროს ვაფასებდი. არადა ახლა უკანასკნელი სურვილების სიაშიც კი შემეძლო შემეყვანა. _ მე ვერაფერს ვგრძნობ._ სევდიანად თქვა ფლორონმა და ფეხის ცერა თითით ჯვარედინად გადახაზა სველი ქვიშა, თან სახეზე ჩამოშლილი ჩალისფერი თმა ხელით უკან გადაიწია. _ რას ნიშნავს, ვერ გრძნობ?_ მე წყლის ყოველი წვეთის შეხებას ვგრძნობდი. თითქოს გრძნობების სულაც ასჯერ გამახვილებული მქონდა. _ ის ფილმი მთლად ტყუილიც არ ყოფილა._ ლევიათანმა გაბრაზებით გაჰკრა ფეხი ქვიშას. ის ყოველთვის ბევრად აფექტური და იმპულსური იყო. მუდამ ვულკანს მაგონებდა, თმაც ვულკანივით ჟღალი და ცეცხლოვანი ჰქონდა. _ მაგრამ მე რომ ვგრძნობ?_ გაოცებულმა ავაჭყაპუნე ფეხები მოქცევაში. _ შენ სამაგისო მსხვერპლიც გაიღე ლილ! შენ აქაურობის ნაწილი გახდი. აი ჩვენ კი, უკანდასახევი გზა დავიტოვეთ._ გაეღიმა აბადონს. _ რას ლაპარაკობ ვერ ვხვდები!_ კიდევ რამდენი არნათქვამი სიმართლე ჰქონდათ ? _ ამას გულისხმობენ_ ოთხივე უკან შევბრუნდით და ამაყად ფრთაგაშლილ სამაელს შევეჩეხეთ. _ სწორედ!_ უცნაური ვნებით თქვა აბადონმა და მანაც სამაელს მიბაძა. იგივე გაიმეორეს დანარჩენებმა. ვიდექით აღსასრულის ბოლო საღამოს ზღვის პირას ხუთი დაცემული ანგელოზი და ჩვენი ფიქრი მხოლოდ ერთი მიზნისკენ იყო მიმართული. ჩვენ ჩვენი ახალი სამყარო უნდა გადაგვერჩინა. თან ყველაზე ირონიული ამ ამბავში ის იყო, რომ ეს სულელი სამყარო სწორედ მასზე ლოცულობდა, ვისაც ასეთი სასტიკი იდეებით ჰქონდა თავი გამოტენილი და პერიოდულად ძალისხმევას არ იშურებდა მათ გასანადგურებლად. _ ვერაფერს გრძნობთ?_ რატომღაც შემებრალნენ. _ დარდს, სევდას, სიყვარულს, ტკივილს, და მსგავს რამეებს რამდენსაც გინდა, მაგრამ მაგალითად ქარის ქროლვას ვერა._ თქვა სევდიანად ფლორინმა._ რამდენჯერმე ქარიშხლის შუაგულშიც შევაბიჯე, მაგრამ სრულებით არაფერი... გამეცინა მის ბავშვურ მცდელობაზე. _ მე საათობით ვზივარ და ვუყურებ, როგორი ბედნიერი სახით ჭამენ ბავშვები ბამბის ნაყინს, უბრალოდ მინდოდა მისი გემო მეგრძნო._ გაოცებული ვუსმენდი, რა უბრალო და მარტივი სურვილები ჰქონდათ ამ საუკუნეებისგან დაღლილ არსებებს. _სითბო, უბრალოდ სითბო მინდა ვიგრძნო. მზის სხივები საკუთარ კანზე...._ ხელი ჩაიქნია ლევიათანმა. სამაელი დუმდა. დაღლილ მზერას არ აშორებდა ცას. _ შენ სამაელ?_ ვკითხე და ლამაზ თითებზე ჩავეჭიდე._ შენ რას ნატრობ? _ ერთ ადამიანურ სიცოცხლეს საყვარელ ქალთან! ამის მეტი არც არაფერი მსურდა!_ ღიმილით ჩაილაპარაკა მან. ხელი მომხვია და თავზე მაკოცა. _ ხოდა ნუ დავნებდებით!_ მუჭები შეკრა აბადონმა._ როგორც მაშინ, არც ახლა მივცეთ უფლება, თავისი გაიტანოს! _ რას გულისხმობ?_ ვკითხე გაკვირვებულმა. _თუ მან ერთხელ შეძლო და დაგაბრუნა, მეორედაც შეძლებს. _ მე ის აღარ ვარ ვინც ვიყავი, მაგის ძალა რომ მქონოდა, გგონია ხელს ჩავიქნევდი? _ ბრაზით შეხედა სამაელმა. _ არა! ამარტო ვერა, მაგრამ თუ ჩვენ დაგეხმარებით?_ ერთმანეთს დაძაბულები უყურებდნენ თვალებში. თითქოს აბადონის იდეას აფასებდნენ, თან ერთამანეთს ზომავდნენ. _ და თქვენ ამას გააკეთებთ ჩემთვის?_ ეჭვით ჰკითხა სამაელმა. _ შენთვის?_ ჯერ პატარაზე გაეცინა აბადონს, მერე ისტერიული ხარხარი აუტყდა._ შენთვის? კიი როგორ არა! უცებ წელში გასწორდა და ხრინწგარეული ხმით ამოილაპარაკა. _ შენთვის არა, მაგრამ მისთვის კი!_ თან საჩვენებელი თითი ჩემკენ გამოიშვირა. _ ვერ მივხვდი?_ ვუპასუხე დაბნეულმა. _ ჰოო, ვერ მიხვდი! იმიტომ რომ მაშინ იმ ლაწირაკი ადამის გარდა ვერავის და ვერაფერს ამჩნევდი. _ ზურგს უკან დაეწყო ხელები ფლორინს. უცნაური იყო, რომ საუკუნეების წინ მკვდარი პირველი ადამიანი მათ ყველას ჭირის დღესავით სძულდათ. _ რას ვერ ვამჩნევდი?_ ახლა სულ მთლად დაბნეული ვიდექი. _ ხუმრობს თუ მართლა ასეთი სულელი გახდა?_ გაიოცა ლევიათანმა. _ შენ ერთი გოგო იყავი, ესენი კი სიყვარულს დანატრებული მარადიული და ერთფეროვნებით გადაღლილი არსებები. _ არ მჯეროდა, მაგრამ სამაელი ყურებამდე გაღიმებული იდგა. _ ამ არანორმალურებს ყველას უყვარდი ლილიტ! ამის თქმა იყო და სიცილი აუტყდა. ცოტა ხანს სამივე იბღვირებოდა. მერე მათაც ვეღარ შეძლეს თავის შეკავება. იდგნენ და უდარდელი ბიჭებივით ხარხარებდნენ. ცოტა ხანს ვუყურე მათ გულწრფელ მხიარულებას. შემდეგ თავი უიმეფოდ გადავაქნიე და სახლისკენ წავედი. _ ზუსტად განთიადზე აქ გელოდებით ლილიტ!_ მომაძახა სამაელმა. მე კი მხოლოდ ხელი ავწიე და შუა თითი დავანახე, როგორც მათ მხიარულებაზე ჩემი პროტესტის უკანასკნელი ფორმა. _ სად დადიხარ შენ?_ კარი ნათიამ გამიღო. _ რავი ვსეირნობდი._ ავიჩეჩე მხრები. _ მიყვარხარ იცი? ვუთხარი და მოულოდნელად გადავეხვიე. გამხდარ მხრებზე მოვუჭირე ხელი. ისე მოვუჭირე, რომ დაიკვნესა, მაგრამ გაცლა არც უფიქრია. პირიქით თავადაც ჩამებღაუჭა მაისურზე. მე მხოლოდ ისინი მყავდნენ. მათ მეტი არავინ და არაფერი გამაჩნდა. იქნება ახლა ვინმე, ვინც ამ ამბავს კითხულობს, ფიქრობდეს კიდეც: „რა სულელი ხარ! მოკიდე ხელი იმ შენს საოცარ სამაელს და ჯანდაბამდე გზაც ჰქონია ამ მახინჯ სამყაროსო!“ მაგრამ ვინც ასე ფიქრობს, მას ან საყვარელი ადამიანი არ დაუკარგავს, ან მისი დაკარგვის შიში არ გამოუცდია. თუნდაც ჩემი არსებობა დასრულებულიყო, საკუთარ თავს ვერაფრით ვაიძულებდი მათ მიტოვებას. მათ ძვირფას ძვლებზე სიარულს მაინც სიკვდილს ვამჯობინებდი. _ რა ხდება აქ? უჩვენოდ ხუტაობთ?_ ოთახიდან გამოაბიჯა ნახევრად შიშველმა ნატამ. ხმამაღლა გაიცინა და შიშველი მკერდით ზურგზე მომეკრო. _ ჯანდაბა ნატა! ჩაიცვი რამე!_ გამეცინა მე. _ რა იყო მოგინდა!_ აკისკისდა ჩემს ყურთან და ტუჩები ყელზე დამაკრო ვითომ ვნებიანად. _ დებილო!_ ვუთხარი, ნათიას მოხვეული ხელები შემოვხსენი და მისი მოცილება ვცადე. _ რა იყოთ თქვენ რა დღეში ხართ?_ ხატიამაც იკადრა ხმაურზე გამოსვლა. _ მიყვარხართ ვირებოოო! იკივლა დანახული სცენით აღფრთოვანებულმა და გამოექანა... დიდხანს ვჭორაობდით იმ ღამეს. ვცდილობდი მათი სურნელი შემესრუტა, დამემახსოვრებინა, თან წამეღო.... არ ვიცი რა ძალით ვიკავებდი ცრემლებს. ნათიას ეჭვიან მზერას უდარდელი ღიმილითაც კი ვპასუხობდი. ბოლოს ერთი მეორეს მიყოლებით ჩამოეძინათ. სიჩუმე დადგა წამის წინ მათი ხმაურით სავსე ოთახში. ერთმანეთზე მიკრულებს ეძინათ, ზუსტად ისე, როგორც ბავშვობაში. ნათიას საწოლის შორეულ კუთხეში, სასაცილოდ მოკუნტულს, ხატიას ბალიშ ჩახუტებულს. ნატას ნახევარი საწოლი ეკავა უდარდელად გათხლაშულს. მაგრამ სხეულის უმეტესი ნაწილით მაინც ერთმანეთს ეკვროდნენ. ერთმანეთს გრძნობდნენ და ეს გრძნობა თითქოს სიმშვიდით ავსებდა მათ სიზმრებს. საწოლის გვერდით პატარა კარადაზე ჩვენი ფოტო დაეადო რომელიღაცას. მივედი და სურათი ჩარჩოდან ამოვიღე. გადავკეცე და ჯიბეში ჩავიდე. კიდევ სამაელის სიზმართმჭერი ამოვიღე ჩანთიდან. დავფიქრდი კიდევ მსურდა თუ არა რამის წაღება,მაგრამ არაფერი ამაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი მე არ გამაჩნდა იმ უკანასკნელ წამს. ჩუმად გამოვიარე ოთახი. სახლის კარი გამოვიხურე და ღამის გრილი და მარილიანი ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე. ქალაქს ეძინა. გამიკვირდა კიდეც ასეთი უცნაური სიხალვათე. მხრები ავიჩეჩე და სანაპიროსკენ მიმავალ გზას დავადექი. ათ წუთში დათქმულ ადგილას ვიყავი. ოთხივე ზღვის პირას ანთებულ კოცონს მისხდომოდა. გამეცინა, ერთი შეხედვით რთული წარმოსადგენი იყო, რომ ისინი ვერაფერს გრძნობდნენ. ცეცხლში ხელი რომ ჩაეყოთ არც კი დაეწვებოდათ. ისინი ახლა და ამ ფორმაშიც კი დადამიწაზე აღმატებული არსებები იყვნენ. _ განთიადი მშვიდობისა ბიჭებო!_ მივესალმე ყველას ერთად. სამაელი მაშინვე წამოდგა. _ ლილიტ, იქნებ საბოლოოდ დაფიქრდე? ეს ძალიან სარისკოა! მეშინია ლილ! რომ არ გამომივიდეს? ვაითუ შენი მსხვერპლი ამაო იყოს?_ პატარა შეყვარებული ბიჭივით ნერვიულობდა. ხელები მოვხვიე და ყელში ვაკოცე. _ გამოგივა, მე მჯერა თქვენი!_ ასე კი ვუთხარი, მაგრამ გული მომეწურა. არა, არანაირად არ მსურდა ახლა სიკვდილი. შეუძლება ოდესმე სხვაგვარად მეფიქრა კიდეც, მაგრამ ამ წამს, როცა ყველა უკანდასახევ გზაზე უარი ვთქვი, როგორც არასდროს ისე მწყუროდა სიცოცხლე. _ აბა, დავიწყოთ?_ ვკითხე მათ და ჩანთიდან ფოტო და სიზმართმჭერი ამოვიღე. თითების კანკალის დასაფარად ორივე ნივთი მაგრად ჩავბღუჯე ხელებში._ მე მზად ვარ! სამაელმა ხმამაღალ ოხვრას თითქოს სულიც ამოატანა. ჩემს უკან დადგა და გრილი თითები საფეთქელზე დამაწყო. კვლავ მისი გრილი თოვლის და ფიჭვნარი ტყის სურნელი შემიძვრა ნესტოებში. თანდათან უწონობა შემოვიდა სხეულში. ისე მივენდე ამ უცნაურ გრძნობას, სულ არ მიგრძვნია დარდი და ტკივილი. სულ ბოლო რაც დავინახე იყო ის, თუ როგორ ამოცურდა შორეული ჰორიზონტიდან მზე და ჩამუქებულ ზღვაზე როგორ დააფინა ნარინჯის სხივების ბილიკი. და მეც სრულიად მშვიდად ავაბიჯე ამ ბილიკზე და მზისკენ წავედი........ ....... ისე აუტანლად მანათებდა მზე, ვეღარ გავუძელი და დახუჭულ თვალებზე ხელი ავიფარე. სახეზე რბილად ჩამოსრიალდა რაღაც. თავლები გავახილე და ხელში შავი სიზმართმჭერი შემრჩა. გაოცებული წამოვჯექი. უკვე გვარიანად გათენებულიყო, მე კი შუა პლიაჟზე მეძინა ქოლგის ქვეშ გაშლილ შეზლონგზე. თუმცა მზეს მხარი ეცვალა და ქოლგა ვეღარაფერს მშველიდა. წამოვჯექი და ისეთი დაღლილობა ვიგრძენი, თითქოს სატვირთომ გადამიარა. ახლა მეორე ხელი გავშალე და გვარიანად დაჭმუჭნული ფოტო შემრჩა ხელთ. _ ღმერთო ჩემო რა ჯანდაბაა?_ გავიოცე ჩვეულად და კისერი მოვისრისე. _ ცოტა არ იყოს სულ უადგილოდ მახსენებ!_ მომესმა საოცრად ნაცნობი ხმა. სწრაფად მივტრიალდი და გაოგნებისგან გავშრი. მილიონი წელი რომ გასულიყო, მილიარდი და კიდევ ასჯერ ამდენი, ამ სახის დავიწყება შეუძლებელი იქნებოდა. მაშინვე ვიცანი. ვიცანი და ყველაფერი გამახსენდა. _ სადა ვარ?_ პირველი ეს კითხვა დამებადა. გაეცინა და უზადო თეთრი კბილები გამოაჩინა. _ ბათუმში ჩემო გოგონა, სხვაგან სად?_ თვალი ჩამიკრა ონავარი ღიმილით. _ შენ აქ რას აკეთებ?_ ვკითხე წარბებ შეჭმუხნულმა. _ როცა შვილები ამბოხებას აწყობენ, მშობლები საქმეში ერთვებიან!_ გაეცინა გულწრფელად. _ რაღაც გაბრაზებული არ ჩანხარ?_ ვკითხე დაეჭვებით. _ რაღაც არც შენ გეტყობა, რომ მამა მოგენატრა ჩემო პრინცესა! _ დანარჩენები სად არიან?_ შიშმა ამიტანა, ვაითუ.... _ დამშვიდდი, მონსტრს კი მეძახით, მაგრამ არც მასეთი მანიაკი ვარ საკუთარ შვილებს რამე დავუშავო. გახედე აი იქ არიან. _ მის უზადო თითს თვალი გავაყოლე და არცთუ მოშორებით ოთხივეს მოვკარი თვალი. ლევიათანი წელსზემოთ შიშველი იდგა წელამდე წყალში და ხელებგაშლილს გული მზისთვის შეეშვირა. ისე უბზინავდა ბრინჯაო კანი, რომ ანტიკურ ქანდაკებას ჰგავდა უფრო, ვიდრე ცოცხალს. ფლორონს იქვე სანაპიროზე უზარმაზარი წითელი ფრანი ეყიდა და პატარა ბავშვივით აჟიტირებული ქარს ფეხდაფეხ მისდევდა. აბადონი სანაპიროზე იჯდა ხელში შვიდფერი უზარმაზარი ბამბის ნაყინით და თვალდახუჭული ციცქნიდა. ალბათ სიამოვნებას თუ იხანგრძლივებდა. სამაელს დავუწყე თვალებით ძებნა და მასაც წამში მივაგენი. ნათიასთან ერთად იჯდა ქვიშაზე გაშლილ პირსახოცზე და გოგოების მხიარულებას აკვირდებოდა სახეზე მხიარული ღიმილით. „ამათმა როდისღა მოასწრეს დამეგობრება?“ გამეფიქრა უნებურად. _ ადამიანებს რაც ასე გეადვილებათ, ეს ხომ ურთიერთობებია არა?_ ჩაეცინა მას. _ რა? ვის? _ მზერა გავუსწორე. _ ახლა ყველა თქვენგანი ისაა, რაც თავად სურდა. თქვენ კი ამბობთ, რომ არანაირი თავისუფალი არჩევანი არ არსებობს!_ თავი უკმაყოფილოდ გააქნია, თითქოს ნაწყენმა. _ ანუ? გამოგვივიდა?_ შემოვკარი ტაში. _ კარგი, თუ ასე უფრო მოგწონს, გამოგივიდათ!_ გაეცინა და ფეხი ფეხზე გადაიდო. _ ლილიტ, ისე მართლა გგონია, რომ მსურდა და მეტი ვერაფერი მოვიფიქრე?_ ისე მოულოდნელი იყო მისი კითხვა, რომ დამამუნჯა. თავქვეშ ამოეწყო ხელები და სამყაროსფერი თვალბით ცაში იყურებოდა._ კარგიცაა ასე, რადგან სულ მალე კვლავ შევხვდებით ჩემო პრინცესა! _ ნუ მიყურებ მასე გაოცებული, თორემ სადაცაა გავწითლდები მორიდებისგან! ახლა კი წადი მათთან ჩემი გოგო, წადი და არასდროს დაგავიწყდეს, რომ დრო კი არ გადის, არამედ მოდის! წიკ, წიკ! ისე იცხოვრე, რომ მერე მე არაფერზე მისაყვედურო!_ ავდექი და ფეხი ვერ მოვიცვალე ადგილიდან. მივედი მის გვერდით დავიხარე და ლოყაზე ვაკოცე. _ მადლობა, მამა!_ ვუთხარი ჩურჩულით. არაფერი უპასუხია, მხოლოდ გაეღიმა. შევბრუნდი და მათკენ გავიქეცი. წამით გავჩერდი და უკან გავიხედე, შეზლონგი ცარიელი იყო.... აივნის ღია კარიდან დილის მაცოცხლებელი ნიავი ქროდა. სამელის მკლავზე თავდადებული ფარდის მიღმა მოჟღურტულე ბეღურებს ვუსმენდი. ისეთი მშვიდი დილა იყო, ისეთი ხალასი. სიცოცხლეს შეგაყვარებდა ადამიანს. ასეთ საოცარ განთიადებზე სულ თავს გადამხდარი ამბავი მახსენდებოდა. ისეთი დაუჯერებელი მეჩვენებოდა ყველაფერი ახლა. რომ არა უტყუარი მტკიცებულებები, შემეძლო მეთქვა, რომ ყველაფერი დამესიზმრა. პირველი ჩარჩოში ჩასმული ჩვენი დაჭმუჭნული სურათი იყო, მეორე თავად სრულყოფილება, ჩემი სამაელი. მისკენ გადავბრუნდი და მხარზე ვაკოცე. გაეღვიძა. _ ისევ ბეღურებმა გაგაღვიძეს?_ გაეღიმა შავთვალა საოცრებას. თავი დავუქნიე. _მგონი მათი გშურს!_ ეჭვით მოჭუტა თვალები._ ფრთები ხომ არ მოგენატრა? თვალი ისევ აივნისკენ გავაპარე. _ არა, თქვენ ყველანი აქ ხართ! მეტი რა უნდა მსურდეს? _ ასე მარტივია შენი ბედნიერება?_ გაეცინა მხიარულად. _ კი ასე მარტივია!_ ვუთხარი მე. _ მე ვიცი როგორ გავხადო ეს დილა უფრო ბედნიერი!_ მითხრა მან და ხელები მომხვია. კვლავ აივანს გავხედე. ნიავი აფრიალებდა ჩემი ზღაპრის მესამე და ყველაზე უტყუარ მტკიცებულებას, ღამესავით შავ სიზმართმჭერს ნამდვილი ანგელოზის ფრთებით მორთულს..... ???????????????????????????????????????? დასასრული ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.