შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნანგრევებს მიღმა 6 (დასასრული)


30-04-2025, 01:58
ავტორი Daisyd
ნანახია 712

სანდრო უკვე ვეღარ ითვლიდა, რამდენი ხანი გასულიყო მათი ბოლო შეხვედრიდან. დროის შეგრძნება დაკარგა, ყოველი მომდევნო დღე წინაზე უფრო აუტანლად ეჩვენებოდა, თავში გამუდმებით მისი უკანასკნელი სიტყვები უტრიალებდა – „ორსულად ვიყავი...არც მიცდია შენი მოძებნა, ისე მოვაგვარე“ – და გრძნობდა, როგორ იხრჩობოდა სინანულისა და დაკარგული ბედნიერების ზღვაში.
ვერ წყვეტდა იმაზე ფიქრს, რა მოხდებოდა, ოდნავ უკეთესი კაცი ყოფილიყო? მანამ, სანამ გაუაზრებლად გამოიყენებდა სრულიად უდანაშაულო არსებას შურისძიების იარაღად...ან მანამ, სანამ სინანულის გრძნობისგან დასამალად გაქცეული, მარტო დატოვებდა ყოველგვარი განმარტების გარეშე...ან თუნდაც მანამ, სანამ ნატალიასგან სრულიად დაუმსახურებელ სიყვარულს მიიღებდა...სცენარების გონებაში მუდმივი გათამაშებით თავი უსკდებოდა. და მაინც, ყველა წარმოდგენას საბოლოოდ ერთი ანაცვლებდა – რეალობა, რომელიც ყველაზე საშინელი იყო.
მიშოს არაფერი მოუყოლია ნატალისთან შეხვედრის შესახებ. მხოლოდ ის ურჩია, რომ წარსულზე დარდს შეშვებოდა და მომავალზე პასუხისმგებლობა აეღო. თავიდან, რა თქმა უნდა, სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ იმის გააზრებამ, რომ უფრო ძვირფასს ვეღარაფერს დაკარგავდა, უცნაური თავდაჯერებულობა მოჰგვარა...

_იმედია, წამებას არ გადაწყვეტს და უმტკივნეულოდ მომკლავს!_გაიფიქრა გოგონას დანახვაზე და ავტომობილიდან გადმოვიდა. ოფისიდან გამოსულს დაღლილი სახე ჰქონდა, თითქოს ოდნავ გამხდარიც ჩანდა, მაგრამ მაინც ულამაზესად გამოიყურებოდა.
თანამშრომლებს გამოემშვიდობა და უკვე ქუჩის გადაკვეთას აპირებდა, როცა თვალი მოჰკრა შავ მიყუდებულ ნაცნობ ფიგურას. უკვე ბევრჯერ ჰქონდა წარმოდგენილი ეს შეხვედრა და თითქოს მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც გაშეშდა. წესით, ბიჭის ჩაცვენილი თვალებისა და ზოგადად, ავადმყოფური სახის დანახვას სიამოვნება უნდა მოენიჭებინა, მაგრამ მსგავსი ვერაფერი იგრძნო.
_რა მამაცი ხარ!_ხვდებოდა, თავის არიდებას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ მის წინ გაჩერდა და ხელები გადაიჯვარედინა.
_სინამდვილეში, შიშით ვკანკალებ, მაგრამ უნდა ვილაპარაკოთ.
_არ მინდა...ახლა არა. არანაირი ვალდებულება არ მაქვს შენთან საუბრის.
_ვიცი, მხოლოდ მე ვარ ვალდებული შენს წინაშე, მაგრამ ერთხელაც არ მომეცი ახსნის შანსი.
_შანსი არაერთხელ გქონდა. ახლა ვერ მაქცევ კიდევ ერთი სცენის პერსონაჟად, იმიტომ რომ დანაშაულის გრძნობის შემსუბუქება გინდა.
_ეგ შეუძლებელია, დამშვიდდი. უბრალოდ გთხოვ, გამომყვე და ერთხელ მომისმინო.
_უკვე გითხარი, რომ არ მინდა და რას იზამ, მაიძულებ? რა ხდება, ისევ გგონია, რომ ჩემს სხეულზე რამე უფლება გაქვს, იმიტომ რომ მამაჩემმა ვალები დაგადოთ?
სანდრომ ხმის ამოღება ვეღარ შეძლო. იცოდა, მისგან ყველანაირ შეფასებას იმსახურებდა, მაგრამ ამ სიტყვებმა სისხლი მაინც გაუყინა. გოგონას ლამის შეებრალა, სრულიად გატეხილი მზერა ჰქონდა, ასეთი არასოდეს უნახავს, იმ საშინელი კამათის შემდეგაც კი.
_თუ შიშობ, რომ ჩემს გვერდით საფრთხე დაგემუქრება, შეგიძლია ახლავე შებრუნდე და გპირდები, აღარასოდეს შეგაწუხებ._როგორც იქნა, სიტყვებს თავი მოუყარა. ნატალი გრძნობდა, რომ წინადადებას მთელი გული ამოაყოლა.
შეეძლო, უფრო სწორად, უნდოდა შებრუნებულიყო და უკან აღარ მოეხედა, მაგრამ ძალა არ ეყო, ამხელა ტკივილისთვის ისიც კი ვერ გაიმეტა.
_ეს არაფერს შეცვლის, ხომ იცი?_რამდენიმეწამიანი დუმულის შემდეგ კარი გამოაღო.
_ვიცი, რომ ყველა იმედი გარეთ უნდა დავტოვო._სანდრომ შვებით ამოისუნთქა და მძღოლის სავარძელში ჩაჯდა.
ბევრი არ უვლიათ, სანამ გაიაზრებდა, სად მიდიოდნენ, ავტომობილი უკვე კლინიკის ეზოში იყო დაპარკინგებული.
ნატალიმ მაშინვე იცნო ადგილი. მუცელი მტკივნეულად დატრიალდა - წლების განმავლობაში ცდილობდა აქაურობის დავიწყებას. არ გამოუვიდა.
_აქ რატომ მომიყვანე?_დაბნეულმა ჰკითხა._ეს ახალი ტიპის შურისძიებაა? ტყუილად ირჯები, ისედაც დღედაღამე თვალწინ მიდგას ეს ადგილი.
სანდრო რამდენიმე წამის განმავლობაში ჩუმად იყო და ხელებს საჭეს მტკივნეულად უჭერდა. ბოლოს, როგორც იქნა, პირი გააღო, მაგრამ ხმა ძლივს ამოუშვა.
_ხშირად დავდივარ აქ ეს დღეები...
_საიდან გაიგე?
_შენი აღმზრდელი ვნახე...ვიცი, არასწორი ვარ, რომ ისევ ვერევი შენს ცხოვრებაში, მაგრამ უნდა მეგრძნო...იმის მეასედი მაინც მინდოდა განმეცადა, რაც შენ მარტომ გადაიტანე ამ ცივ კედლებში, 18 წლისამ, როცა ცხოვრების უმძიმეს გადაწყვეტილებას იღებდი._ როგორც იქნა, თავი ასწია და წყლიანი თვალები გოგონასას გაუსწორა.
ნატალის ხმა არ ამოუღია, ყელში ბურთი ჰქონდა გაჩხერილი და ეგონა, გაიგუდებოდა.
_ათასჯერ წარმოვიდგინე...რა იქნებოდა, რომ მცოდნოდა. რამის შეცვლას შევძლებდი?_გოგონამ თავი დაუფიქრებლად გაიქნია._შენს გვერდით უნდა ვყოფილიყავი, რაც არ უნდა მომხდარიყო. შენი ხელი დამეჭირა, როცა გეტკინებოდა, ცრემლი მომეწმინდა, როცა თავს ვერ შეიკავებდი, ხელში ამეყვანე, თუ სიარული არ შეგეძლებოდა...
_საათობით ვიჯექი ამ ეზოში, სანამ წავიდოდი._ძლივს გასაგონად თქვა, თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. ამჯერად ბიჭის დასჯა არ უნდოდა, უბრალოდ ემოციებისგან იცლებოდა, რომლებზეც მხოლოდ ფსიქოლოგთან და რამდენიმე ახლობელ ადამიანთან ესაუბრა. სანდროსთვის მოყოლით, თითქოს, საბოლოოდ თავისუფლდებოდა ამ ტრავმისგან._ხალხს ვაკვირდებოდი, რომლებიც მიდი–მოდიოდნენ. მეგონა, დრო მხოლოდ ჩემთვის გაჩერდა.
_მაპატიე._თვალი კვლავ მის თვალებში ჰქონდა გაყრილი._გთხოვ, მხოლოდ ის მაპატიე, რომ ეს მომენტები მარტომ გადაიტანე. სხვა ყველაფერი უპატიებელია, ვიცი და ღირსი ვარ, მთელი ცხოვრება გეზიზღებოდე.
_არ მინდა, მეზიზღებოდე, მართლა...უბრალოდ მინდა გავთავისუფლდე ყველა გრძნობისგან. წარსულის ნანგრევებში ყოფნა აღარ შემიძლია, ვერ ვსუნთქავ.
_ღმერთო, როგორ დაგტანჯე._თვითონაც გატანჯული სახე ჰქონდა, მხოლოდ ღმერთმა იცის, დამნაშავეს უფრო ტკიოდა თუ – მსხვერპლს.
_მომიყევი!_მტკიცედ გადაწყვიტა რამდენიმეწამიანი დაფიქრების შემდეგ.
_რა?_გაოცებულმა შეხედა.
_ალბათ ვერასოდეს გავიგებ, რატომ გააკეთე ის, რაც გააკეთე, მაგრამ წარსულის აჩრდილები არ ქრებიან, სანამ არ დავუპირისპირდები. მინდა, ყველაფერი ვიცოდე იმ ღამეზე...ჩვენზე. რას გრძნობდი?
_დარწმუნებული ხარ? არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩეს, რომ თავის გამართლებას ვცდილობ.
_შანსი არ გაქვს, ხომ იცი._გაღიმება სცადა._მაგრამ აქედან წავიდეთ და აღარასოდეს დავბრუნდეთ._ვერც მიხვდა, რამხელა სიხარული მიანიჭა ბიჭს გაუაზრებლად მრავლობითში ნათქვამმა სიტყვებმა...

_მამაჩემი ძალიან...რთული კაცია._დაიწყო გაუბედავად._დაუნდობელი, ცივი – თუ უფრო გულწრფელი ვიქნები. შეიძლება ითქვას, რომ ცუდი მშობელი არ ყოფილა, მაგრამ საშინელი ქმარი იყო. თუმცა, რომ გეკითხათ, დედაჩემი გაგიჟებით უყვარდა. ალბათ ასეც ეგონა, ამ გრძნობის თავისებური, ავადმყოფური გაგებით. დედა ყოველთვის ცდილობდა, ჩხუბის დროს მუსიკა ჩაერთო ან ოთახიდან გამოსვლამდე მაკიაჟი წაესვა, მაგრამ აკანკალებულ ხელებს ვერ მალავდა ხოლმე... და მე მთელი ცხოვრება ვცდილობდი, მას არ დავმსგავსებოდი. რა ირონიულია, არა? თურმე მასზე უარესიც შემეძლო ვყოფილიყავი.
ნატალი სუნთქვაშეკრული უსმენდა. ეცადა, მაგრამ მის ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენა ვერ შეძლო – პერიოდული კამათების მიუხედავად, დაიფიცებდა, რომ მისის მშობლებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და მათი ჩხუბი ფიზიკურში არასოდეს გადაზრდილა.
_მოკლედ, მე–12 კლასში ვიყავით, ზაზა რომ დაიჭირეს, ეს ნაწილი ალბათ იცი. მაგრამ ის არ გეცოდინება, რომ ციხიდან გამოსული კიდევ უფრო აგრესიული გახდა. უკვე მეც არ მერიდებოდა და დღედაღამ მათ გაშველებაში ვიყავი. გაქცევა მინდოდა, მაგრამ დედაჩემს ვერ დავტოვებდი – დღემდე არ მესმის, მასთან რატომ ჩერდებოდა. ბანკეტის დღეს, დილით ჩვეულებრივად სავარჯიშოდ წავედი და სახლში მოსულს წერილი დამხვდა – გაუთოვებული შარვლის ჯიბეში დამალული. მოკლედ მიხსნიდა, რომ ვეღარ უძლებდა და თავი უნდა დაეხსნა – გაუთვალისწინებია ჩემი რჩევა_ირონიულად გაეცინა._მაგრამ ჩემი წაყვანა არ უფიქრია. უფრო სწორად, მე გადავწყვიტე მაშინ ასე – არ მიცდია იმის გააზრება, რომ მამაჩემის რისხვისგან მიცავდა.
_სანდრო, მე..._პირველად მიმართა სახელით კვირების შემდეგ._მართლა პირველად მესმის.
_რა თქმა უნდა, არ იცოდი._ამოიხვნეშა._მაგრამ 18 წლის სანდრო უსამართლობით იყო გამწარებული._არ დამიგეგმავს, გეფიცები, და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ რაიმეთი უკეთესს ხდის ჩემს საქციელს. მართლა იმიტომ მოვედი იმ საღამოს, რომ როცა მამაჩემი ახალ ამბავს აღმოაჩენდა, სახლში არ დავხვედროდი. დაგინახე და უბრალოდ სურვილი გამიჩნდა, ახლოდან დავკვირვებოდი იმ ცხოვრებას, რომელიც მეგონა, მე წამართვეს...მაშინვე გავიაზრე რას ვაკეთებდი, როგორც კი მარტო აღმოვჩნდით, მაგრამ უკვე ინტერესი მკლავდა, სადამდე შემეძლო დაცემა..._სიტყვა გაუწყდა.
_განაგრძე!_მბრძანებლურად უთხრა._მინდა ყველაფერი ვიცოდე, რაც გახსოვს.
_ბევრი მართლა არაფერი, გარდა იმისა, რომ მეგონა, კონტრაცეპტივებს სვამდი.
_ეგ მეც მახსოვს. არ ვიცი, რატომ მოვიტყუე, ალბათ მეგონა გამოცდილად თუ ჩამთვლიდი უფრო სასურველი ვიქნებოდი._ჩაიცინა, მწარედ და გონებაში პატარა დეტალი ამოუტივტივდა...

...ოთახი ტრიალებდა, თითქოს დრო გაყინულიყო და ფორმა დაეკარგა. თავბრუდახვეული ნატალი საწოლის კიდესთან იდგა, მასზე მოხვეულ ხელებს გრძნობდა და მხოლოდ მცირე ბარიერი აშორებდა აქამდე არგანცდილ სიამოვნების მორევს, როცა მოულოდნელად სიცივე იგრძნო.
_შეცდომაა_სანდრო ჩურჩულებდა, თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებოდა._ინანებ, იცოდე!
_რა ხდება?_დაბნეულმა ძლივს დაილაპარაკა.
_უნდა წავიდეთ._ვერ ხვდებოდა, გაბრაზებული იყო თუ – შეშინებული.
საშინელი გულისტკივილი იგრძნო, ნუთუ მართლა ისეთი არასასურველი იყო, როგორიც თავი ეგონა?
_გთხოვ._თვალებში ცრემლი გაუკრთა._მოვკვდები, ახლა რომ წახვიდე._ვერ ხვდებოდა, რომ ალკოჰოლი მის ნაცვლად საუბრობდა.
_ეს...შენ არ გეხება. არანაკლებ დაბნეულმა ბიჭმა კვლავ დაფარა მათ შორის მანძილი და ცრემლი კოცნით ამოუშრო._უბრალოდ არასწორია. არ იყო დარწმუნებული, მის დაჯერებას ცდილობდა თუ საკუთარი თავის.
_ვის ადარდებს!_გოგონამ სახე შეაბრუნა, რათა მის ტუჩებს შეხვედროდა.
ეს იყო წამი, როცა მათ შორის ბოლო ბარიერიც დაიმსხვრა…

_სანდრო!_ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა._შენ სცადე შეჩერება...მე არ მოგეცი უფლება, ისედაც მეზიზღებოდა თავი და მეგონა, შეურაცხყოფისგან მოვკვდებოდი – არასოდეს მიფიქრია ამაზე, ალბათ იმდენად მრცხვენოდა, რომ თავს ვაიძულე, ეს ეპიზოდი მეხსიერებიდან ამომეშალა...
რამდენიმე წამის განმავლობაში ბიჭი გაუნძრევლად მისჩერებოდა, შემდეგ თითქოს ნელ–ნელა გამოერკვაო, დაჭიმული ყბები ოდნავ მოუდუნდა და ხელები სახეზე აიფარა.
_ვიცი, ვიცი, რომ ეს არაფერს ცვლის...მე ვიყავი ის, ვინც სიმართლე იცოდა, შესაბამისად, ერთადერთი პასუხისმგებელიც. უბრალოდ...
_ვიცი_მხარზე ხელი ფრთხილად შეახო და აღარ დაასრულებინა.
დიდხანს ისხდნენ ასე, არცერთს აღარ გაუტეხავს სიჩუმე.
ნატალი გვერდიდან უყურებდა მასზე ორი თავით დიდ მამაკაცს, რომელიც პატარა ბავშვად ქცეულიყო და პირველად მისცა თავს ნება ეფიქრა, რომ პატიება ზოგჯერ ბოდიშებით არ მოდის.
არც გრანდიოზული ჟესტებით.
არც უკვე ჩადენილი შეცდომების გამოსწორების წინასწარ მცდელობით.
არამედ უბრალოდ – ნანგრევებში ერთმანეთის გვერდით ჯდომით და ტკივილის გაზიარებით…

სანდრო ნატალის სახლში დატოვების შემდეგ შინ არ წასულა, დაუფიქრებლად განაგრძო სვლა თავისი ძველი მისამართისკენ. დრო იყო, მასაც თვალებში ჩაეხედა თავისი აჩრდილისთვის.
ბინა თითქმის არ შეცვლილიყო – ისევ იგივე, ნახევრად დაგნრეული სადარბაზო, მტვრიანი კედლები და მქრქალი განათება. მაგრამ თვითონ იყო სულ სხვანაირი.
თითოეული საფეხური ისე აიარა თითქოს წარსულის მთელ სიმძიმეს ზურგით ეზიდებოდა. გაუბედავად დააკაკაკუნა და სანამ გაუღებდნენ, რამდენჯერმე სცადა უკან გაბრუნება.
_მოხვედი?_შესასვლელში მამამისი იდგა, უფრო სწორად, ის, რაც მისგან დარჩენილიყო. სანდროს ბავშვობის მოგონებებში უზარმაზარი და ხმაურიანი კაცი ახლა ჩამომდნარ მოჩვენებას ჰგავდა — ჩაცვენილი ლოყებით, გამხდარი ხელებით, კანის ქვეშ აშკარად გამოკვეთილი ძვლებით.
მაგრამ თვალები… თვალები ისევ იგივე ჰქონდა — ცივი, გამჭოლი. მჭრელი.
_ჰო...მეც მიკვირს.
_გაზრდილხარ._დაიჩურჩულა და განზე გადგა, რომ სახლში შეეტარებინა._ხმაც დაგბოხებია.
არაფერი უპასუხია, საკუთარ თავს დააძალა, რომ ფეხი გადაედგა და მისაღები ოთახის ძველ დივანზე დამჯდარიყო.
_დედაშენს ჰგავხარ_თქვა ზაზამ ჩუმად.
_მის შესახებ არ ილაპარაკო._სანდროს ყბა დაეჭიმა.
კაცმა მხრები აიჩეჩა.
_ისევ მასავით გულჩვილი ხარ?
_ეგ სისუსტე არ არის._სანდრომ ჩაიცინა — მწარედ, სარკაზმით._შენ ეგ არასოდეს გესმოდა უბრალოდ.
_ის წავიდა, მიგვატოვა. მეც და შენც.
_არა. შენ გააქციე და მერე ყველა გემის ჩაძირვა დედაჩემს გადააბრალე.
ზაზამ თავი ფანჯრისკენ მიაბრუნა. ხმა არ ამოუღია.
_ჩემთან კონტაქტი არასოდეს შეუწყვეტია და არ ვადანაშაულებ იმაში, რომ სიცოცხლეზე უარი არ უთქვამს. ისედაც საკმარისზე დიდხანს გიტანდა ჩემს გამო. შენ კი ცდილობდი, მეც შემძულებოდა.
სიჩუმე ჩამოწვა. მძიმე. თითქოს ჰაერი აღარ ჰყოფნიდა.
_დიდხანს მეგონა, რომ თუ მძულდი, მაგრამ საქმე ასე მარტივად არ ყოფილა. ახლა ვხვდები, რომ შენი ნაწილი მეზიზღება საკუთარ თავში...ბევრი ვეცადე, მაგრამ მაინც შენ დაგემსგავსე. იმ ადამიანებს ვტკენ, რომლებსაც ყველაზე მეტად უნდა ვუფრთხილდებოდი.
_აქ რატომ ხარ სანდრო?
კვლავ პაუზა.
_შეყვარებული ვარ... ერთადერთი ნათელი წერტილია ჩემს ცხოვრებაში. და მაინც — ყველაზე მეტად მას ვატკინე გული. ახლა მგონია, რომ ვერასდროს დავიმსახურებ მის გვერდით ყოფნას.
_და რჩევის კითხვა ჩემთვის გადაწყვიტე?_მწარედ გაეცინა.
_თემურ ანდრონიკაშვილის შვილია._აღარ უნდოოდა, გაეწელა.
ზაზა წამით ჩაფიქრდა.
_შენ გგონია ჩემთვის რამე მნიშვნელობა აქვს?_ხმა არ შეცვლია, მაგრამ გამომეტყველებაზე ნერვიულობა დაეტყო.
_ალბათ არა, მაგრამ თქვენი წარსული მუდამ ჩვენს შორის ჰკიდია აჩრდილივით, რომელიც არც ერთს მოგვიპატიჟებია.
_თუ მართლა გიყვარს, ნუ გახდები ისეთი, როგორიც მე ვარ._ზაზამ ამოიხავლა._ეცადე მაინც გამოსწორებას. მე ესეც ვერ გავბედე.
სანდრომ თავი დაუქნია, მერე წამოდგა და კარისკენ წავიდე.
_არ ვიცი, კიდევ როდის გნახავ._უკვე სახელურზე ეკიდა ხელი, მისკენ რომ შემობრუნდა.
_არცაა საჭირო._ამოიგმინა კაცმა._მაგრამ მიხარია, რომ დღეს მაინც მოხვედი.
_ნახვამდის, მამა.
_ნახვამდის, შვილო.
კარი გაიხურა და კიბე ჩუმად ჩაიარა. სადარბაზოს სუნი და სიჩუმე უკან დარჩა — როგორც წარსული, რომელიც აღარ სჭირდებოდა.
ქუჩაში გასულს ღამის სიგრილე შეეგება. წამით გაჩერდა.
უკან აღარ მოუხედავს. გაიაზრა, რომ მისი ცხოვრების ერთი ეტაპი დასრულდა. და სწორედ ამ დასასრულით ახალი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი დაიწყო.
გზა მტკიცე ნაბიჯებით განაგრძო. ის კი აღარ გაურბოდა წარსულს — უბრალოდ, აღარ ატარებდა თან...

…დილა ფერმკრთალი და ოქროსფერი იყო, ზღვა კი ნისლში გახვეული — თითქოს მასაც ჯერ ბოლომდე არ გადაეწყვიტა, გაეღვიძა თუ არა. ნატალი ფეხშიშველი იდგა ლიკუნას სამზარეულოს ცივ კერამიკაზე და ყავას ურევდა. მისი ჩალაგებული ჩემოდანი კართან ედო — თითქოს უხმოდ ეუბნებოდა: დაბრუნების დროა. უკვე ორ კვირაზე მეტი იყო, რაც დედაქალაქიდან გამოპარულიყო – ბოლო შეხვედრის შემდეგ განტვირთვა ჰაერზე მეტად სჭირდებოდა.
ლიკუნას ჯერ კიდევ ეძინა. გოგონებს ლამის მთელი ღამე ამჯერადაც საუბარში გაეტარებინათ – განიხილავდნენ ყველაფერს და არაფერს — ბავშვობას, სულელ მასწავლებლებს, საყვარელ სიმღერებს, ტრავმებთან გამკლავების გზებს. ფაქტობრივად, თერაპიებს გადიოდა, ჭორაობით შენიღბულს.
ჩუმად გაიპარა სახლიდან და გამგზავრებამდე კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ზღვაზე გასვლა.
ქვიშა გრილი იყო ფეხქვეშ, წყალი კი მშვიდად ეცემოდა ნაპირს.
დიდი ხანია ასე მშვიდად არ უგრძნია თავი.
ესპანეთში გატარებულმა ექვსმა წელმა ასწავლა, როგორ გაქცეოდა რეალობას — როგორ შეექმნა თავისი თავის ახალი ვერსიები, თუნდაც დროებითი. ის ქვეყანა იყო ხიდი, საფარი, ხანდახან თავშესაფარიც.
მაგრამ საქართველო… საქართველომ გააჩერა. აქ იძულებული გახდა საკუთარი თავისთვის თვალებში ჩაეხედა – ნიღბების გარეშე. ეს იყო მისი ფესვების ნიადაგი — არეული, მტკივნეული, სავსე დანაკარგებითა და ძველი მელოდიებით, მაგრამ მაინც მისი.
სანდროზე ფიქრობდა. ყველაფერი, რაც მათ შორის მოხდა – სრულიად დაუგეგმავად, მაგრამ მაინც მათი ქმედებების შედეგად. არ იცოდა, ახლა რა მოხდებოდა. იქნებოდა თუ არა მათი სიყვარული საკმარისი.
მაგრამ ერთში დარწმუნებული იყო: გაქცევას აღარ აპირებდა.
ის უკვე აღარ იყო ის გოგო, რომელიც სკოლის წვეულებაზე დადიოდა. არც 19 წლის ნატალი იყო, რომელიც ესპანეთში იმალებოდა. ის აღარ იქნებოდა აღარავის მსხვერპლი. აღარ იქნებოდა ვინმეს საიდუმლო.
ის იყო ნატალია — და თუ ნანგრევების აღდგენა მოუწევდა, მზად იყო, აგურები ზურგით ეზიდა.
როცა ბინაში დაბრუნდა, ლიკუნა უკვე ფეხზე იყო და ტოსტს ამზადებდა.
_ანათებ_უთხრა ღიმილით.
_ზღვის მარილის დამსახურება იქნება_ გაეღიმა ნატალისაც და ტოსტი ჩაკბიჩა.
_მზად ხარ?
წამით გაჩერდა მერე თავი ოდნავ დაუქნია.
_არ ვიცი, თბილისში რა მელის. მაგრამ ვიცი, რომ საკუთარ თავისთვის მზად ვარ. ალბათ, ეგეც რაღაცას ნიშნავს.
ლიკუნას გაეღიმა. თვალები ოდნავ აემღვრა.
_ეგ ყველაფერს ნიშნავს...

როდესაც ვაგონიდან ჩამოვიდა, გვიანი შუადღის მზე უკვე სადგურზე გრძელი ჩრდილების დაფენას იწყებდა. ჩანთის სახელური შეისწორა, სათვალე მოირგო და გასასვლელისკენ დაიძრა, თუმცა მოულოდნელად გაჩერდა.
სანდრო იქ იყო.
ოდნავ მოშორებით მიყრდნობილს ხელები ქურთუკის ჯიბეებში ჰქონდა ჩარგული, თვალები კი მისკენ მიმართული. არ განძრეულა. უბრალოდ ელოდა, თითქოს ამჯერად არ სურდა მისი დევნა, თითქოს იცოდა, რომ თავად უნდა აერჩია გზა.
ნატალი მისკენ მიდიოდა, თითოეული ნაბიჯი წინაზე მძიმე იყო და როდესაც მის წინ გაჩერდა, დიდხანს უყურებდნენ ერთმანეთს.
_მაინც არ მაცადე მშვიდად დაბრუნება, არა_რბილად თქვა, ნახევრად ხუმრობით.
_ხმაურისთვის არ მოვსულვარ_თქვა ბიჭმა._უბრალოდ აქ ყოფნა მინდოდა. იმ შემთხვევაში, თუ მზად იყავი ჩემს სანახავად.
_არ ვიცი, მზად ვარ თუ არა._ამოიოხრა.
მან თავი დაუქნია: მაშინ დაგელოდები.
სიჩუმე გამვლელი წყვილის სიცილმა და ჩემოდნის ბორბლებმა დაარღვია.
ნატალიმ საბოლოოდ გაუსწორა თვალი.
_არაფერს გპირდები, სანდრო. არ ვამბობ, რომ გაპატიე. არ ვამბობ, რომ შევძლებ.
მისი სახე არ შეცვლილა, მაგრამ ხმა მტკიცე იყო, როდესაც უპასუხა:
_დაპირება არ გჭირდება. ჩემთან ვალში არ ხარ.
_მაგრამ მზად ვარ ვცადო.
ბიჭის თვალებში იმედი აციმციმდა.
_ესეც საკმარისია. გეფიცები, ყველაფერს გავაკეთებ. თუ ეს ნიშნავს თავიდან დაწყებას, ყოველი წამის, ყოველი მზერის, ყოველი სიტყვის დამსახურებას - ამას გავაკეთებ.
_აღარანაირი თამაში და ტყუილი, ხომ იცი._ნატალიმ ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა._მხოლოდ ჩვენ ორნი...
_...სხვა არავინ და არაფერი._დააბოლოვა.
იდგნენ, სადგურის ხმაურიან სიჩუმეში, როგორც ორი ადამიანი, რომლებმაც ყველაფერი დაანგრიეს და ახლა ნანგრევებს მიღმა იმედის ძებნას იწყებდნენ.
_წამოდი. წამოდი. მაგრამ ჯერ ხელის მოკიდებას ნუ ეცდები._რამდენიმე წამის შემდეგ შემდეგ გასასვლელისკენ ანიშნა.
_ამასთან შეგუება შემიძლია._გაეღიმა ბიჭს.
ქალაქში ერთად შევიდნენ - არა როგორც წყვილი, ჯერ არა - არამედ როგორც ორი ადამიანი, რომლებიც საბოლოოდ იმსახურებდნენ მეორე შანსს...

პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველა მკითხველს. დაგვიანება მომიტევეთ, მუზა დამეკარგა და ძლივს დავიბრუნე. საბოლოოდ, მაინც არ გამოვიდა ისეთი, როგორიც ჩაფიქრებული მქონდა, მაგრამ გამიხარდება, თუ ძალიანაც არ გაგიცრუეთ იმედები.
დასასრული თქვენი ფანტაზიისთვის მომინდია, მაინტერესებს, რას ფიქრობთ – აქვთ ამ პერსონაჟებს კიდევ ერთი შანსი? ველი შეფასებებს :)



№1  offline წევრი CinemonGirl

არ ვიცი ასე მალე რატომ დაამთავრე, ისტორია აშკარად შეგეძლო კიდევ გაგეგრძელებინა. ძალიან მარტივად აპატია ყველაფერი, მე ასე მომეჩვენა, მაგრამ ამბის ავტორი თქვენ ხართ. საინტერესოდ წერთ მაგრამ ჯერ მაინც დასახვეწია რამდენიმე ნიუანსი, რა თქმა უნდა, ჩემი გადმოსახედიდან. ისე კი საინტერესო იქნება სხვა ისტორიებსაც თუ გაგვიზიარებ მკითხველს. heart_eyes heart_eyes
სიყვარულით შენი მკითხველი heart_eyes

 


№2  offline წევრი Daisyd

CinemonGirl
არ ვიცი ასე მალე რატომ დაამთავრე, ისტორია აშკარად შეგეძლო კიდევ გაგეგრძელებინა. ძალიან მარტივად აპატია ყველაფერი, მე ასე მომეჩვენა, მაგრამ ამბის ავტორი თქვენ ხართ. საინტერესოდ წერთ მაგრამ ჯერ მაინც დასახვეწია რამდენიმე ნიუანსი, რა თქმა უნდა, ჩემი გადმოსახედიდან. ისე კი საინტერესო იქნება სხვა ისტორიებსაც თუ გაგვიზიარებ მკითხველს. heart_eyes heart_eyes
სიყვარულით შენი მკითხველი heart_eyes


მადლობა გულწრფელი კომენტარისა და ინტერესისთვის! გეთანხმები, მართლაც მეტი სივრცე იყო გაგრძელებისთვის და ვაღიარებ, სწრაფად დავასრულე, წერა ნამდვილად არ აღმოჩნდა ჩემი საქმე და უცებ მოფრენილმა მუზამ მალევე დამტოვა.
რაც შეეხება მიტევებას — ვერ ვიპოვე ისეთი მიზეზი ან ქმედება სანდროს მხრიდან, რომელიც საკმარისი იქნებოდა. იმდენჯერ დავწერე და მერე ისევ წავშალე სცენები, სადაც რაღაცას აკეთებდა პატიების დასამსახურებლად, რადგან მგონია, არაფერი გაამართლებდა.
ამიტომ დავტოვე ღია დასასრული — ორივემ მიიღო რეალობა, როგორიც არის, და ცდილობენ მაქსიმალური მიიღონ ამ რეალობისგან. თითოეული მკითხველი თავად გადაწყვეტს, იქნება მათი გრძნობა საკმარისი თუ არა იმისთვის, რომ ერთად იყვნენ.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა აზრის გაზიარებისთვის! ❤️

P.S.ახსნა რომ მიწევს, ეგეც ადასტურებს, რომ ბევრი დავაკელი, ერთ აზრზე ვართ.

 


№3 სტუმარი სტუმარი ანასტასია

მაინც რაღაც დამაკლდა,მაგრამ კარგი წასაკითხი იყო.წარმატებებს გისურვებ

 


№4  offline წევრი CinemonGirl

Daisyd
CinemonGirl
არ ვიცი ასე მალე რატომ დაამთავრე, ისტორია აშკარად შეგეძლო კიდევ გაგეგრძელებინა. ძალიან მარტივად აპატია ყველაფერი, მე ასე მომეჩვენა, მაგრამ ამბის ავტორი თქვენ ხართ. საინტერესოდ წერთ მაგრამ ჯერ მაინც დასახვეწია რამდენიმე ნიუანსი, რა თქმა უნდა, ჩემი გადმოსახედიდან. ისე კი საინტერესო იქნება სხვა ისტორიებსაც თუ გაგვიზიარებ მკითხველს. heart_eyes heart_eyes
სიყვარულით შენი მკითხველი heart_eyes


მადლობა გულწრფელი კომენტარისა და ინტერესისთვის! გეთანხმები, მართლაც მეტი სივრცე იყო გაგრძელებისთვის და ვაღიარებ, სწრაფად დავასრულე, წერა ნამდვილად არ აღმოჩნდა ჩემი საქმე და უცებ მოფრენილმა მუზამ მალევე დამტოვა.
რაც შეეხება მიტევებას — ვერ ვიპოვე ისეთი მიზეზი ან ქმედება სანდროს მხრიდან, რომელიც საკმარისი იქნებოდა. იმდენჯერ დავწერე და მერე ისევ წავშალე სცენები, სადაც რაღაცას აკეთებდა პატიების დასამსახურებლად, რადგან მგონია, არაფერი გაამართლებდა.
ამიტომ დავტოვე ღია დასასრული — ორივემ მიიღო რეალობა, როგორიც არის, და ცდილობენ მაქსიმალური მიიღონ ამ რეალობისგან. თითოეული მკითხველი თავად გადაწყვეტს, იქნება მათი გრძნობა საკმარისი თუ არა იმისთვის, რომ ერთად იყვნენ.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა აზრის გაზიარებისთვის! ❤️

P.S.ახსნა რომ მიწევს, ეგეც ადასტურებს, რომ ბევრი დავაკელი, ერთ აზრზე ვართ.

არ გეთანხმები, იყო ნაწერში ადგილები რაც ძალიან კარგად გქონდა გადმოცემული და დაწერილი. ვფიქრობ, პატარა ჩანახატების კეთება ძალიან დაგეხმარება და რა თქმა უნდა მკითხველისთვის გაზიარება. აქ ამიტომაც ვართ ჩვენც, რომ ჩვენი აზრები გაგიზიაროთ. პატარა ჩანაწერები მეტად საინტერესოა და არ არის აუცილებელი თავებად გააგრძელო. ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ თქვენს სიახლებს ისევ ვიხილავ. ❤️❤️❤️
სიყვარულით შენი მკითხველი heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent