ჩვენი ბედნიერი სახლი. თავი 1
*** "იმისთვის არ გზრდი, რომ შემარცხვინო!" მამის მძიმე ხელმა სისხლიანი კვალი დატოვა ახალგაზრდა ბიჭის გრძნობამკვდარ სახეზე. *** "არ უნდა გამეჩინე...მინდა რომ მოკვდე..." ეს სიტყვები პირველად არ გაუგია ჯერ კიდევ იმედით სავსე გოგონას მთვრალი დედისგან. *** თუ დიდ დროს გაატარებ სიცარიელეში, ერთხელაც გშთანთქავს და აღარ გაგიშვებს...ხოლო მაშინ, როცა გაღწევა მოგინდება და კითხვებზე პასუხის ძებნას დაიწყებ, ვერაფერს იპოვი. სიცარიელეს პასუხი არ ექნება... *** ოქტომბრის ცივ, წვიმიან დილას, ყვავილების მაღაზიისკენ მიმავალ მაიას იმედიან მზერას თომას უგრძნობი, მკვდარი თვალები შეეფეთა. ნაცემი უცნობი ბიჭის დანახვისას გულმა ვერ გაუძლო და მიუახლოვდა. შავი, მაღალყელიანი ზედა თვალებამდე უფარავდა სახეს თომას. უსულოდ იდო სკამის საზურგეს მიყრდნობილი ადამიანი, რომელსაც აღარაფრის სწამდა. ქოლგა მის თავზე მოაქცია მაიამ. დასახმარებლად მისკენ წაიღო ფერმკრთალი, თუმცა ამ ცივი დილისთვის უჩვეულოდ თბილი ხელი და ოდნავ შეეხო სახეს. შემკრთალმა ბიჭმა უხეშად მოიშორა უცნობი გოგოს ხელი. "ბოდიში, არ მინდოდა შემეშინებინე. თუ წინააღმდეგი არ ხარ, ჭრილობებს დაგიმუშავებ." თბილად გაიღიმა მაიამ. ხმას არ იღებდა თომა. "აქვე ვმუშაობ, ამ ყვავილების მაღაზიაში, წამოდი." ხელით ანიშნა შენობისკენ, რომელსაც გამოკვეთილი და ლამაზი ასოებით ეწერა "ბედნიერი სახლი". "არ მჭირდება." უგრძნობი ხმით წარმოთქვა ეს სიტყვები ბიჭმა. მაიამ თბილად ჩაიღიმა. "აქ დამელოდე. ახლავე დავბრუნდები." მაღაზიისკენ გაიქცა და რამდენიმე წუთში ხელში პატარა პირსახოცით, ხსნარითა და ბამბით დაბრუნდა. ისევ იქ იჯდა თომა. თვალებით ნისლიან სიცარიელეს მიშტერებოდა. "თუ არ გინდა რომ მე შეგეხო, შენით დაიმუშავე. უყურადღებოდ ნუ დატოვებ. თუ დიდი ხნით გადადებ, კვალი დაგეტყობა." თბილი ხმით ესაუბრებოდა მაია ბიჭს, რომლის უსულო თვალებშიც დაკარგულ ბავშვს ხედავდა. არ შერხეულა თომა. უბრალოდ იჯდა და არაფერს ამბობდა, თუმცა, ახლა წვიმისგან მაიას ქოლგა იცავდა. ბიჭის დიდი, მაგრამ გაყინული ხელი ფრთხილად აიღო, ხსნარი და ბამბა ჩაუდო და თითქოს გათბობას ცდილობსო, ისე მოახვია მზრუნველი თითები, შემდეგ კი ნელა გაუშვა. თეთრი, ფითქინა პირსახოცი თავზე დააფარა და ისევ გაუღიმა. "მალე გაგივლის." მხოლოდ ეს უთხრა, თავზე მოიქცია ჩანთა და მაღაზიისკენ გაიქცა. *** ოქტომბრის ცივი, წვიმიანი დილა. კაფე-ბარი "Luna & Sol". "ახალი თანამშრომელი მოვიყვანე." მხარზე დაადო ხელი ლაზარემ თომას და უფროსს გაუღიმა. "მოხერხებულია, მარტივად აითვისებს საქმეს, და კიდევ, გიტარაზე უკრავს და საოცრად მღერის, ამიტომ ჩვენს ჯგუფსაც შემოუერთდება ცოცხალი მუსიკის საღამოებისთვის." "ნაცემი რატომ ხარ? რამე პრობლემას თუ შეგვიქმნი არ გვაწყობს." უფროსმა მხრები აიჩეჩა. "აღარ განმეორდება." თავაზიანად უპასუხა ბიჭმა. უკმაყოფილო სახე ჰქონდა მეპატრონეს. ბიჭი შეათვალიერა. "სახელი?" "თომა." "ხალხი გვჭირდება, ამიტომ სამსახური შენია. ლაზარეს რომ არ მოეყვანე, არც დავფიქრდებოდი აყვანაზე, მადლობა გადაუხადე." "კარგით რა, რატომ აშინებთ პირველივე დღეს, ასე თვითონვე გაიქცევა." სიცილით თქვა ლაზარემ და თომას მხარზე დაარტყა ხელი მეგობრულად. "წამო, აქაურობას დაგათვალიერებინებ და ყველაფერს აგიხსნი." თომა შეყოვნდა. "შეიძლება თქვენს საცხოვრებელში დარჩენა?" მეპატრონეს მიმართა. "ჩემთან შევისახლებ." ხელი მოხვია ლაზარემ თომას. ბარი ყოველ დღე დილის ხუთ საათამდე მუშაობს. პარასკევს, შაბათსა და კვირას ცოცხალი მუსიკის ორსაათიანი საღამოა. დაწესებულება დილის თერთმეტიდან ექვსამდე როგორც ჩვეულებრივი კაფე ფუნქციონირებს, საღამოს შვიდიდან დილის ხუთამდე კი ბარის როლს ასრულებს. ამ მრავალფეროვნების დამსახურებით "Luna & Sol"-ს ყოველთვის ჰყავდა მომხმარებელი. ბარი სავსეა. ხალხი საუბრობს. ბარის თავზე განთავსებული სასტუმრო ოთახები იდეალური თავშესაფარია ვნებიანი წყვილებისა და მოღალატე ცოლ-ქმრისთვის. შენობაში მოწევა აკრძალულია. ამისთვის მხოლოდ ბარის წინ ან სასტუმრო ოთახის აივანზე შეიძლება გასვლა. დარბაზში უცნობი მხატვრების ნახატებია განთავსებული. ჭერისგან შორს, თუმცა, საკმარის სიმაღლეზე, დაზიანებისგან დასაცავად. ერთი შეხედვით ვერც იფიქრებდი მეპატრონეზე ამას, თუმცა, ხელოვნებასა და მუსიკას გულწრფელად აფასებს. დღის განმაბლობაში ფანჯრები მხოლოდ თხელი ფარდითაა დაფარული და დილის სინათლე აუღელვებლად აღწევს დარბაზში. ერთი შეხედვით კაფე მყუდრო სახლს ჰგავს, რომელიც თავს შინ გაგრძნობინებს. საღამოს მძიმე, მუქი ფარდებით იფარება ფანჯრები. მკრთალი, თუმცა მყუდრო, თბილი ყვითელი განათება თავისებურად ინტიმურად აქცევს გარემოს. ერთგვარ მოსაწვევს ჰგავს, რომელიც ზუსტად იმ განწყობას ქმნის, რომელიც საჭიროა დალევის შემდეგ სასტუმრო ოთახის ასაღებად. განათება კვირაში მხოლოდ ექვსი საათით , ცოცხალი მუსიკის საღამოებისას იცვლება. განწყობიდან გამომდინარე ცისფერი, მწვანე ან წითელი ხდება. თუმცა, ხანდახან ყვითელი განათება რჩება. მეტალისა და ხისგან დამზადებული ავეჯი და ბალიშიანი სკამები კომფორტისთვის. ერთი შეხედვით უბრალო, თუმცა მიმზიდველი ხის კედლები. მომხმარებლის სასტუმრო ოთახები ბარის მომდევნო ორ სართულზეა განთავსებული. მესამე სართული კი თანამშრომლებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელია. მათთვის, ვისაც სხვაგან წასასვლელი არ აქვს. უკმაყოფილო მეპატრონე, რომელიც ერთი შეხედვით უხეშ უფროსს ჰგავს, გამიზნულად იყვანს ისეთ ხალხს, ვისაც დახმარება სჭირდება. გულის სიღრმეში ზრუნავს, თუმცა არასდროს აჩვენებს. ცდილობს არავინ მოიშინაუროს ზედმეტად, მაგრამ, ვერც გარეთ დასატოვებლად წირავს. ბარის წინ, საკმარისად ახლოს გამოკვეთილი სახელის გასარჩევად, თუმცა ისეთ დისტანციაზე, რომ ხმამაღალმა მუსიკამ ხელი არ შეუშალოს, მდებარეობს ყვავილების მაღაზია "ბედნიერი სახლი". *** "საინტერესოა, როგორაა ახლა ის ბავშვი?" ხმამაღლა გაიფიქრა მაიამ. "ვინ?" გაკვირვებით ჰკითხა თანამშრომელმა. "დღეს დილით ნაცემი ბავშვი იჯდა გარეთ, ცოტა მედარდება, იმედია სახლში მშვიდად მივიდა." "რა თქმა უნდა, ვინმეზე რომ არ იზრუნო ისე არ გამოგდის, მაგრამ ყველა შენი მოსავლელი არაა." სიცილით თქვა სოფიმ. "უბრალოდ დაკარგული თვალები ჰქონდა, მაგრამ ალბათ მართალი ხარ, ჩემი საქმე არაა." სუსტად გაიღიმა მაიამ და ყვავილების მოწესრიგება განაგრძო. *** და მაინც, იქნებ ჯობდა რამე თბილი მიმეცა. გაყინული ხელები ჰქონდა. იმედია ჭრილობა დაიმუშავა. *** შესვენებაზე გარეთ გასულ მაიას სკამზე დადებული ქოლგა და პირსახოცი დახვდა. წამით, მის თვალებში სევდამ გაიელვა და დამძიმებული გულით აიღო უპატრონოდ დატოვებული მზრუნველობა. ყველას არ სჭირდება მოვლა, ყველაზე ვერ აიღებ პასუხისმგებლობას და მაინც...მაიას გულმა მხოლოდ უანგარო მზრუნველობა იცოდა... *** "სახლიდან რატომ წამოხვედი?" ოთახში ასვლის შემდეგ იკითხა ლაზარემ. უგრძნობი თვალებით შეხედა თომამ. "ეს ყველაფერი ისევ მამამ ქნა?" არაფერი უპასუხა. "გასაგებია..." აღარ ჩაეძია. ხელზე გადაკიდებული ქურთუკის ჯიბიდან ხსნარი და ბამბა ამოვარდა. "არ აპირებ დამუშავებას?" პატარა ტუმბოზე დადო ამოვარდნილი ნივთები. "მერე ვიზამ. მოსაწევად გავალ." აივნის კარი შეაღო თომამ და ოქტომბრის ცივი ჰაერი შეისუნთქა. წვიმა შეწყდა, ჰაერში კი სველი მიწის სურნელი ტრიალებდა. "ბედნიერი სახლი". ყვავილების მაღაზიის ბანერი უკვე ჩაექროთ, მეორე სართულზე კი ფარდის მიღმა დაბალი, თუმცა თბილი განათება ბჟუტავდა. *** "მალე გაგივლის." ექოსავით ჩამესმა უცნობი გოგოს ხმა. სასაცილოა. ალბათ მეც ვიყავი ოდესღაც ასეთი ენთუზიაზმით სავსე. მეც შემეძლო თბილად გაღიმება. შემეძლო რომ? არ მახსოვს... ვერ ვხვდები, რატომ ცდილობდა ჩემში იმედის გაღვიძებას. რატომ გამიღიმა? თბილი ხელები ჰქონდა... ისევ მინდა ვიგრძნო. იქნებ არ უნდა მომეშორებინა ასე უხეშად. ვაწყენინე? საინტერესოა, ხვალ მუშაობს? თუ მივალ და ვთხოვ, ჭრილობას დამიმუშავებს? შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ წამით მუცლის ყრუ ხმა გავიგე, იქნებ არ უსაუზმია? *** ცივი და წვიმიანი დღის შემდეგ უჩვეულოდ თბილი დილა გათენდა. 9 საათზე, ცვლის დაწყებამდე ორი საათით ადრე უცნაური, თუმცა სხვებისთვის შეუმჩნეველი აღტაცებით გაემზადა თომა. "ცოტა ხნით გავალ." კარებთან მისული შეყოვნდა. "შეგიძლია დამეხმარო?" გაოცებით შეხედა ლაზარემ. ამდენი ხნის შემდეგ პირველად იგრძნო თომას ხმაში ემოცია. "სენდვიჩი და ყავა. მასწავლე როგორ გავაკეთო. გადავიხდი." ლაზარეს ჩაეცინა. "წამოდი, საუზმის მომზადება ჩვენთვის უფასოა, არ გინდა გადახდა." *** "გარეთ შეჭამ?" "ჩემთვის არაა." "გადაიხადე." ხუმრობანარევი სერიოზული ხმით თქვა ლაზარემ. "შენ თვითონ თქვი უფასოაო, ამიტომ ნუ ელოდები." და ისევ...უჩვეულოდ თბილი ხმა ჰქონდა თომას. *** შემინული ყვავილების მაღაზია "ბედნიერი სახლი". კარის გაღებისას ჩარჩოზე ჩამოკიდებულმა ჟღარუნამ გაიწკრიალა. ყვავილების გამაბრუებელმა სურნელმა გაიტაცა წამით თომა და მის გონებაში ეს სურნელი იმ უცნობ გოგოს დაუკავშირდა, რომელსაც ოქტომბრის ცივ დილას უჩვეულოდ თბილი ხელები ჰქონდა. "ბოდიშს გიხდით, თუ შეიძლება მოსაცდელში დამელოდეთ და მალე მოგემსახურებით." მაია მომხმარებლის თაიგულს ამზადებდა. მყუდრო, ფერადი მოსაცდელიდან მკაფიოდ მოჩანდა უცნობი გოგოს გაღიმებული სახე. ორ რბილ სავარძელს შორის მაგიდაზე პატარა ყვავილის ქოთანი იდო. თომა მოსაცდელში შეყოვნდა. ლამაზად შეფუთული სენდვიჩები და ცხელი ყავა მოემარჯვებინა და მორჩილად ელოდებოდა. წაბლისფერი თმა, რომელიც უბრალოდ, მაგრამ მოწესრიგებულად ჰქონდა შეკრული. თითქოს სუსტი, მაგრამ სიცოცხლით სავსე ფიგურა. თბილი, მზრუნველი ღიმილი. და ფერმკრთალ, მაგრამ თბილ ხელზე საქორწინო ბეჭედი... *** "მადლობა შენაძენისთვის, ბედნიერ დღეს გისურვებთ." ღიმილით მიმართა მაიამ მომხმარებელს. დაემშვიდობა და მოსაცდელისკენ გავიდა. "ბოდიშს გიხდით ლოდინისთვის." თუმცა მოსაცდელში არავინ იყო. მაგიდაზე კი სენდვიჩი და ყავა იდო, პატარა წერილით, რომელზეც მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა. "მადლობა." |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.