სარკევ სარკევ მითხარი (თავი ორი)
2 _ გათენდა?_ თავი ისე წამოყო ანამ, როგორც მდინარის გვერდზე მზეს მიფიცხებულმა ანკარა გველმა იცის ხოლმე. მძაფრ სურვილს, რომ ეს ქარაფშუტა გოგო გამემწარებინა ვერაფრით ვერეოდი. _ ნუთუ?_ ჩავიღრინე ავად._ როგორ გაგიბედათ ქალბატონო? ნებართვა არ აუღია თქვენგან? ზიზღით გადავხედე ვითომ დარცხვენილ და ჩემი ჩხუბით ცოტა არ იყოს გაოცებულ ნიკას, რომელიც მორცხვად იფარებდა მკერდზე პლედს და თვალები ავატრიალე მისი ბოთე გამომეტყველების გამო. აშკარად ვხედავდი გამარჯვებულის ემოციის დაფარვას როგორი მონდომებით ცდილობდა. თვალები ნიშნისმოგებით უელავდა, თითქოს ერთგვარი სანაძლეო ჰქონდა საკუთარ თავთან, რომ რაც შეიძლებოდა მეტი მრავალფეროვანი გოგონებით შეევსო საკუთარი "მაჩო კაცის" კოლექცია. უფრო უკეთ თუ ვიტყვი, ის ფაქტი მაღიზიანებდა, რომ ანამ ამ ნარცის კაცს გამარჯვების უფლება მისცა, თანაც ასე მარტივად. ამით ხომ მის ცამდე აწოწილ ეგოზე ასხამდა წყალს? არა, ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ბოლომდე გააზრებული მქონდა იმ წამს, მაგრამ ინსტიქტის დონეზე ვგრძნობდი მათ განწყობას. _ რას მომჩერებიხარ? _ ახლა მასზე ვიყარე ჯავრი._ დროზე ჩაიცვით. ზურგით მივბრუნდი მათგან და საშუალება მივეცი მოწესრიგებულიყვნენ. ანტონიო ტბის პირისკენ დამდგარიყო, მოშორებით და აშკარად დაუფარავად ღადაობდა მთელ იმ კომიკურ სიტუაციაზე, და ერთი სიტყვითაც კი არაფერში ერეოდა. რატომღაც უფრო ამემღვრა გონება და არა ანას გამო, არამედ იმის გამო, რომ უკვე ნათლად ვხედავდი, როგორ ზეიმობდა ორი წყალწაღებული მექალთანე მორიგ გამარჯვებას. სრულებით მოულოდნელად აფექტური იდეა მომივიდა. ოდნავ შევბრუნდი ანასკენ, რომელსაც სარაფანის გადაცმა მოესწრო და სერიოზული ხმით ვკითხე: _ აბა, როგორი იყო ივარგა რამედ? ღირდა იმად, რომ გამყინე აქ მთელი ღამე?_ ანა დაბადებიდან მიცნობდა. ჩემი ხმის ყველა ინტონაციას, წარბის აწევას და მანიპულაციას ცნობდა. მაშინვე მიხვდა ჩემს არცთუ ფარულ სარკაზმს და მხარი ამიბა. _ ისე რა, არა უშავს, არც მიწისაა, არც ცის!_ მიპასუხა ანამ მხიარულად და ხელით სიმცირის მაჩვენებელი საჩვენებელი და ცერა თითების კომბინაცია დამანახა. უშურველი ირონიით გავხედე სანახევროდ ჩაცმულ ნიკას. წამის წინანდელი ბედნიერი ღიმილის ნასახი აღარ ეცხო. თვალებდაჭყეტილი უყურებდა მისგან ზურგით მდგარ ანას,რომელიც თვალთან მიტანილ თითებს შორის დარჩენილ დაშორებაში იჭყიტებოდა ანცი ღიმილით და მიკრავდა თვალს. გაოცება წამში შეუცვალა ბრაზმა. თუმცა სცადა არაფერი შეემჩნია. კვლავ თავდაჯერებული კაცის ნიღაბი მოირგო და ღირსების სრული გრძნობით აიკოსა თმა. ეზოში ისე დავბრუნდით ყველა საკუთარ საფიქრალში იყო ჩაფლული. დაღლილი ვიყავი, შეციებული და მეძინებოდა. ისე მტეხდა სხეულში ფაქტი იყო ჩემი ყოველთვიური სურდო მსტუმრობდა . ხასიათგაფუჭებული ჩამოვძვერი იმ ჯართიდან და კარი გამეტებით მივაჯახუნე. „მორჩა!“ გავიფიქრე გულში „ ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი მგზავრობა ამ ჯაბახანით!“ ანამ ჩვეულად გრაციოზულად გამოაღო კარი და ნაზად ჩამოფარფატდა მანქანიდან. ნიკას მომხიბვლელად გაუღიმა, თუმცა როგორც კი მან ანასკენ ნაბიჯი გადმოდგა, რა ვიცი, ალბათ „ სათანადოდ“ სურდა დამშვიდობება, ზურგი აქცია და სადარბაზოში მიიმალა. _ რამე ეწყინა, თუ რა მოუვიდა?_ დაბალი წვერი მოიქექა გაკვირვებით ნიკამ. _ არა ძვირფასო,_ გავუღიმე მე ირონიულად_ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დარჩა ალბათ, სულ ესაა! ამაზე არ იდარდო! მსიამოვნებდა მის თავმოყვარეობას რომ ვაყენებდი დარტყმას. „ რა სულელიამეთქი!“ გავიფიქრე და მეგობრის კვალს მივყევი დაუმშვიდობებლად. _ ვერა!_ მომესმა უცებ ანტონიოს ხმა. უსიამო სიტყვის მოსასმენად უკან მივიხედე წარბშეკრულმა. _ არაფერი გავიწყდება?_ მკითხა და უცებ ვერ მივხვდი. მხრები ავიჩეჩე. მან კი ხელით ხრახნის მოჭერის იმიტაცია გააკეთა. ჯიბიდან ყვითელტარიანი სახრახნისი ამოვიღე და უნებურად გამეღიმა. თითები წვეტში მოვკიდე და უეცრად დროტივით შევმართე მაღლა. ნიკამ ინსტიქტურად აიფარა მკლავი სახეზე, ალბათ უნაკლო ნაკვთებს უფრთხილდებოდა. ანტონიოს კი ნაკვთიც არ შეცვლია. იდგა უცნაური ღიმილით მიყურებდა, თითქოს იცოდა, რომ იმ სახრახნისის მსროლელი მართლაც არ ვიყავი. პირდაპირ ანას საძინებელში შევედი და სულთამხუთავივით დავადექი თავზე. საწოლზე გულაღმა იწვა, აკვიატებული მხიარული მუსიკა ჰქონდა ჩართული და სრულიად მშვიდი სახით მხიარულად ღიღინებდა. _ აბა?_ მივუჯექი ფეხებთან._ გადმოალაგე! ელვის სისწრაფით წამოჯდა და მაჯებში ჩამაფრინდა. _ თითქმის შეყვარებული ვარ ვერ!_ გამოაცხადა ლაღად. თვალები უციმციმებდა. _ თითქმის?_ ვკითხე ხაზგასმით. _ იცი რა მაგარი ვინმეა? _ ხელები ისე შეატყუპა თითქოს ლოცულობდა _ იცი რისი გაკე.. _ მოკეტე თუ ღმერთი გწამს და უხამდი დეტალებისგან დამინდე!_ ავუქნიე ხელი ზიზღიანი სახით. ის კი კისკისით გადაწვა საწოლზე. _ ანუ ????ტყუილია არა?_ დავაჩერდი მილულულ სახეზე. _ ღადაობ?_ გაებადრა სახე. _ ღმერთო შენ მიშველე! ის მექალთანე კაცია, მაგრამ შენ რა ჯანდაბა ხარ? ნეტავ რომელი უარესია თქვენს შორის?_ამოვიოხრე ხელჩაქნეულმა. _ ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები!_ სრულიად სერიოზულად განაცხადა მან. _ ჰოო, და ეგ თავად იმ უბედურმა თუ იცის ნეტავ! რაღაც მეეჭვება გეთანხმებოდეს! ხვალ მგონია გამარჯობაც აღარ გითხრას! არ გავს იმ ტიპს მარტივად მოსაჩანგლი გოგოებით რომ იხიბლებოდეს!_ გავაქნიე ეჭვით თავი. _ მოსაჩანგლი? _ ისევ წამოჯდა და ზურგს უკან ფუმფულა პინგვინი დაიდო. კომფორტულად მიეყუდა და ხელები გულზე გადაიჯვარედინა. _ შენ გგონია, მასთან რომ მეთამაშა ყინულის დედოფალი რამეს შევცვლიდი? ინტერესის ახალ ობიექტს აირჩევდა, სავარაუდოდ იმ სულელ ციცის! მე კი მეტისმეტად მომწონს იმისთვის, რომ ციცის გადავულოცო მისი მშვენიერი ცეცხლოვანი თავი! ასე რომ ჩემო დეპრესიულო და მოსაწყენო მეგობარო, ომი მხოლოდ ახლა იწყება. ხანდახან იმისთვის რომ ომი მოიგო, მცირე ბრძოლებში უკან უნდა დაიხიო ხოლმე! ისე მსჯელობდა, როგორც ცივი გონების მქონე ჩუინელი სტრატეგი. ანა უცნაური ვინმე იყო. არ მახსოვს ოდესმე მიზანი დაესახა და ვერ მიეღწია. მისი უცნაური სიკერპე ზოგჯერ გაოცებულსაც კი მტოვებდა. იმ ფიფქიას ჰგავდა ნებისმიერ ქოხს სასახლედ რომ აქცევდა და საკუთარი სტატუსის მიუხედავად ხელების დასვრას რომ არ უშინდებოდა. თავი გავაქნიე და წასავლელად ავდექი. _ იცოდე, იქ რომ მიმაგდე არ გაპატიე!_ ვუთხარი გაბუსხულმა. _ სარკევ, სარკე, მითხარი!_ ახითხითდა ეშმაკურად._ ვინ არის ყველაზე სიმპატიური კაცი ამ სამყაროში? _ ყველაზე კარგი კაცი კომაა, მაგრამ გუშინ საბოლოოდ დაკარგე, ჩემო ქალბატონო!_ მოწიწებით დავუკარი თავი. როგორც ყოველთვის მწარე სიმართლე მივახალე დაუნდობლად. უცნაურად გაეცინა. თითქოს სევდიანად, თან მხიარულად. საწოლზე გადაწვა და ის თავისი საყვარელი პინგვინი, რომელიც აგერ უკვე 10 წელი იყო ჰქონდა, გულში ჩაიხუტა. _ იცი რა ლამაზი ბიჭია ნიკა?_ ჩაულაპარაკა მესაიდუმლე ფუმფულა სათამაშოს. ხელი ჩავიქნიე და სახლში წავედი. მასთან უაზრო საუბარს ჯობდა, საკუთარი აჯანყებული სურდოსთვის მიმეხედა. ტანსაცმელს რომ ვიცვლიდი ისევ ის ყვითელი სახრახნისი მომყვა ხელში. გამეცინა საკუთარ თავზე. სახრახნისი სარკის წინ დავდე და სარკეში ჩავიხედე. ინტერესით შევხედე ჩემს თავს. არა, მე არ ვიყავი ის გოგო პეპლები რომ უფრიალებთ მუცელში სიყვარულისგან. ოდესღაც ბავშვობაში იქნებ კიდევაც მჯეროდა სიყვარულის. იმის, რომ ნამდვილ სიყვარულს დრო მანძილი და სიტუაცია ვერაფერს აკლებს, რომ სიყვარულისთვის თავგანწირვა ნორმაა და არა სასწაული,მაგრამ ახლა ყველაფერს სკეპტიკურად და რაციონალურად ვუყურებდი. „სიყვარული მხოლოდ მიჩვევაათქო!“ ვუმეორებდი საკუთარ თავს. „და არც ისე მნიშვნელოვანი, რომ მის გამო ვიღაც ნიკასნაირებს სდიო და აუტკივარი თავი აიტკიო!“ მომდევნო ორი დღე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვკვდებოდი. სახლში მარტო ვიყავი და მომხედავი არავინ მყავდა. ანა შემოდიოდა და ტვინს მიბურღავდა. ხან წამალს მჩრიდა, ხან თერმომეტრს, ხან ოთახს ანიავებდა და გაუთავებლად კაკანებდა იმ თავის ნიკაზე, უფრო სწორედ იმაზე, თუ როგორ აიგნორებდა და როგორ ცდილობდა გაყინული ელზას თამაშს. _ მოკლედ, მაღაზიაში შემხვდა დღეს._ აკანკალებულს პლედში მფუთავდა და ენას არ აჩერებდა._ მოვიდა და წელზე მომხვია ხელი, ისე ამიკრა იმ საოცარ ტანზე, ჟრუანტელმა დამიარა,კინაღამ დამავიწყდა ყველაფერი! ნელა დაიხარა და სცადა ეკოცნა. არა, წამით კი ვიფიქრე, ჯანდაბას ანა! მოდი და დააცხრი ტუჩებზე.... _ გაეთრიე აქიდან შე არანორმალურო!_ უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე და ავხავლდი საწყლად._ კიდევ ერთხელ ახსენებ ნიკას და გეფიცები, ყელს გამოგჭრი! გაბუსხულმა გაბუშტა ქვედა ტუჩი. _ სიცხიანი და შურიანი ხარ იცი არა?_ გაეცინა მხიარულად და თერმოსით ჩაი დამიდგა თავთან._ მალე გამოკეთდი, ამ კვირას ექსკურსიაზე მივდივართ უბანი! მითხრა და მაშინვე გაქრა ოთახიდან. მივხვდი რაღაც ახალ გეგმას აწყობდა და ისევ მორიგ თავგადასავალში მიმაქანებდა თავბრუსდამხვევი სისწრაფით. _ ნიკა შე საწყალო გითანაგრძნობ მთელი სულით და გულით! ამ კუდიანი ქალის გადაკიდებას, ჯობდა ლუციფერი გადაგკიდებოდა!_ ჩავიბურტყუნე გათანგულმა და რიგით მეორე პლედში გავეხვიე ტოლმასავით._ ვერ ვიტან, ვერ ვიტან სიცხეს! დავიწუწუნე საკუთარ თავთან. კარგი იქნებოდა ვინმე მყოლოდა ისეთი, ვისაც შევეცოდებოდი, თავთან დამიჯდებოდა, თმაზე მომეფერებოდა, შუბლზე ცივ ტილოს დამადებდა და წიგნს წამიკითხავდა. ამაზე ფიქრში გული ამიჩვილდა. ასე ვიცოდი ხოლმე , როცა ცუდად ვიყავი საკუთარი თავი მეცოდებოდა, ვტიროდი პატარა გოგოსავით, და სამყაროს ვეწუწუნებოდი ჩემს მარტოსულობაზე. პულტი ავიღე და „ფიფქია“ ჩავრთე. დისნეის სამყარო ის სასწაული იყო მარტოს რომ არასდროს მტოვებდა...... ( თუ გაინტერესებთ, როგორ ხედავდა ამ ამბავს ანტონიო, ამბის მეორე ნაწილი მოიძიეთ antonio gover_თან) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.