შენ დაბრუნდები - ისე წახვედი...
დილა გათენდა ისე თავხედი, რომ სამჯერ მაინც გამახსენა შენი სახელი... მე გაგიხსენებ, გაგიხსენებ ცამდე აშოლტილს, როს შენი თმების ცივი სუნთქვა წვავდა სხვა ნიავს. ცრემლს გადაყლაპავ, მორცხვად მეტყვი რომ ქმარს დაშორდი და მე გეტყვი რომ ცოლი სულ არ მომიყვანია... გეტყვი რომ შენი მმეგზურობდა ღამე ზმანება რომ ჩემს - "შენს ტუჩებს" სხვისი გემო არ უგემია... რომ შევიძულე გაღიმება ლამაზმანების, რომ ეს ცხოვრება ზღვა არის და ანუ, გემია, ის სიყვარული, შეწირული სისხლის მოქცევას, გულის ფსკერამდე ჩაძირული ღუზის მოგლეჯა... არ დაუჯერო, როცა ცრემლით ნიშანს მოქცემენ! რადგან თვალებში ეს ცხოვრება უფრო მოკლე ჩანს ვიდრე საბელი ბიბლიაში დაბმული ვირის, ვიდრე გზა შენი ღალატიდან - უფლის ჯვარცმამდე... ქალაქში სადაც სანთელი ღირს უფალზე ძვირი მოგცემდნენ ჩემში სადღაც სამ ვერცხლს, ალბათ არც მაგდენს... დილა გათენდა ისე თავხედი, რომ სამჯერ მაინც გამახსენა შენი სახელი... ჯანდაბას ყველა უშენობით თვალის გახელა... შენ დაბრუნდები - ისე წახვედი... წახვედი როგორც საიდუმლოდ ნათქვამი ჭორი მზე ჰორიზონტთან შეაბნიე თავის პროტოტიპს და მე დამტოვე ჯვარცმასა და აღდგომას შორის წიგნში სანიშნედ ჩადებული ძველი ფოტოთი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.