სახლი მთაში თავი 10 (1)
სახლი მთაში თავი 10 (1) - მოიცა, მოიცა - ხელით გააჩერა ანდრეამ ძმა - რაო რა თქვეს? - ვინ რა თქვა? - ვერ მიხვდა ალექსანდრე. - აუწიე ხმას - ანიშნა იქვე მდგარ დაცვის უფროსს და ტელევიზორზე ანიშნა. სპეციალური საინფორმაციო გამოშვება თბილისის გარეუბანში მომხდარ მკვლელობის ფაქტს აშუქებდა და სავარაუდო მოტივებზე საუბრობდა. - რა ჯანდაბა ხდება... - ჩაილაპარაკა თავისთვის ბიჭმა და ტელეფონს დახედა, მხოლოდ ახლა გაიაზრა რომ მარიამის ტელეფონის ნომერიც არ ჰქონდა. ზედმეტად ბევრი დამთხვევა იყო, რამდენიმე საათის წინ ირაკლი, ახლა ისინი და თან იგივე მანქანა. არა, დამთხვევა ვერ იქნებოდა, მაგრამ კავშირს ვერ პოულობდა. ვინ იყვნენ და მათთან რა საქმე ჰქონდათ?! ან თუ მათთან ჰქონდათ საქმე მარიამის ბიძაშვილები რა შუაში იყვნენ?! ალექსანდრე თითქოს მის ფიქრებს კითხულობდა, ელოდებოდა როდის გადაუვლიდა ნერვიულობის პირველი ტალღა, რომ მშვიდად შესძლებოდა საუბრის გაგრძლება. დრო არ ითმენდა, მაგრამ სიმშვიდის შენარჩუნება აუცილებელი იყო. დეტალები სჭირდებოდა, ეს ის იყო რასაც ვერ ავსებდა, რომ სრული სურათის დანახვა შესძლებოდა. არსაიდან გამოჩენილი მტერი და თან ასე ახლოს. ანდრეას არ სურდა ძმასთან სახლზე და მასთან დაკავშირებულ ადამიანებზე საუბარი, მაგრამ გულის სიღრმეში გრძნობდა რომ დუმილი შეიძლება ყველაზე დიდი შეცდომა ყოფილიყო. ტელეფონს კიდევ ერთხელ დახედა. შეიძლება არც არაფერი, მისი პარანოიის ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ თუ ასე მოხდებოდა?! თუ მის გამო უდანაშაულო ადამიანები დაზარალდებოდნენ?! თუ მარიამიც საფთხეში იყო?! მის ჯიუტ ხასიათს რომ იცნობდა ზუსტად იცოდა, შარს არსაიდანაც მოძებნიდა. უნდა გაეფრთხილებინა თუ უკვე გვიანი არ იყო. ამის წარმოდგენაზე წამიერად გაიყინა. მარიამის უსულო სხეული წარმოდგენამ შეაძრწუნა. ამას ვერ დაუშვებდა თუნდაც ვარაუდის დონეზე. გურამი ბაბუასთან უნდა დაერეკა, ეს იყო სწორი და მნიშვნლობა არ ჰქონდა რას იტყოდა მისი ძმა სახლის ამბავს რომ გაიგებდა. ალექსანდრე მოთმინებით აკვირდებოდა ძმის სახეზე არსებულ ცვლილებებს და ვერაფრით აკავშირებდა გარდაცვლილ ხალხს მასთან. ტელეფონზე მოსულ შეტყობინებას დახედა, დაცვის უფროსს ანიშნა მარტო დაგვტოვეო, კიდევ ერთი შეტყობინება გააგზავნა და ტელეფონი გვერდით გადადო. აქამდე მას მხოლოდ ერთი ფიქრი აწუხებდა ვის შეეძლო გაებედა, ვარაუდებიც ჰქონდა მოტივებთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა საკითხი ასე იდგა - რაში გაეხვია მისი ძმა?! ანდრეა ტელეფონს დასწვდა, რამდენიმე შემოსული შეტყობინება დააიგნორა და გურამი ბაბუას დაურეკა. არ იცოდა რა უნდა ეთქვა. ან როგორ უნდა აეხსნა რომ ვარაუდები ჰქონდა და ამ ვარაუდების გამო შიშობდა. აზრები და ეჭვები ერთმანეთში ირეოდნენ. მაგრამ იცოდა რომ უნდა ელაპარაკა, თუნდაც სერიოზულად არ მიეღო არც მას და არც მარიამს, უნდა ეცადა დაერწმუნებინა. - ვერ გავიგე შვილო რას ამბობ - ჩაეკითხა კაცი. - ვფიქრობ მარიამიც საფრთხეშია - მოკლედ მოჭრა საუბარი ანდრეამ - კარგი იქნება დღეს თუ თქვენთან დარჩება ან საერთოდ წამოვა მანდედან. - არ წამოვა შვილო, აქ აპირებენ მისი ბიძაშვილების მოსვენებას... მთელი დღეა სახლს ალაგებს... ხან ჩხუბობს, ხან ტირის, რომ არ მოვასვენებინო მამაჩემი საფლავში ამობრუნდებაო. - გასაგებია... - მრავლმნიშვნელოვანად ჩაილაპარაკა ანდრეამ, მას ისევ ჰქონდა გამოყოლილი ძველი ეჭვები, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო. როგორც უნდა ყოფილიყო მტერი საერთო იყო და აუცილებლად უნდა გაეგო ვინ შეიძლება ყოფილიყო. - ხალხი ვინც მისი ბიძაშვილები დახოცა შეიძლება უკვე მანდ არიან... - რას ამბობ შვილო, ამ თითოსტილა გოგოს რას ემართლებიან. - არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად გავიგებ! - თქვა ბიჭმა და ძმას გახედა. თითქოს ამით მასაც უთხრა რომ გვერდით ვერ გამწევო. - მანამდე კი თქვენს იმედზე ვარ - დაამატა მან - დაარწმუნეთ რომ სიჯიუტის დრო არ არის, ამ საფრთხეს მარტო ვერ გაუმკლავდება... - ანუ არაფერი გაქვს მოსაყოლი... - ჩაილაპარაკა ალექსანდრემ მას შემდეგ რაც ანდრეამ ტელეფონი გათიშა და წარბის აწევით გადახედა უმცროს ძმას. - აბა ამოთქვი რა შარში გაეხვიეთ! - წარმოდგენა არ მაქვს. - გულწრფელად უპასუხა ანდრეამ. - ვერ ვაკავშირებ მოვლენებს... - კარგი... - ბოლოს როდის ილაპარაკეს, როგორც ძმებმა არცერთს აღარ ახსოვდა - ქრონოლოგიურად მივყვეთ და დავაკავშირებთ... რა საერთო გქონდა იმ ხალხთან? - ტელევიზორზე ანიშნა მზერით და მოსასმენად მოემზადა. რთული კითხვა იყო, რთული კითხვა ვრცელი პასუხით, რომელიც სულაც არ ჟღერდა ამ გადასახედიდან დამაჯერებლად. როგორ უნდა აეხსნა რომ საზიარო სახლი იყიდა აუქციონზე და ამ სახლის მოზიარის ბიძაშვილები იყვნენ გარდაცვლილები, რომლებიც იმ ხალხმა დახოცეს ვინც ირაკლის ესროლა. რომ არა ერთი და იგივე მანქანა ალბათ ვერც ვერასდროს დააკავშირებდა ამ ორ ფაქტს ერთმანეთთან. საუბარი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინათ. საავადმყოფოდან რეკავდნენ. - როგორ არის? - ჰკითხა ანდრეამ ძმას. - ოპერაცია დასრულდა, საღამოს პალატაში გადაიყვანენ. - მასთან ვინ არის. - ჩვენიანები - მოკლედ უპასუხა ალექსანდრემ და მთავარ თემას დაუბრუნდა - ხვალ სახლში ბრუნდები. სანამ ყველაფერი დალაგდება ყველასთვის ასე აჯობებს. - ახლა ელოდები რომ დაგთანხმდები?! - გაიკვირვა ანდრეამ და საკუთარი თავი გაახსენდა წლების წინ. ზუსტად ეს სიტყვები უთხრეს ინგლისში გამგზავრებამდე -" სანამ ყველაფერი დალაგდება ყველასთვის ასე აჯობებს". მაშინ ყველასთვის ყველაფერი დალაგდა, მის გარდა. - სირთულეები საკმარისად არის რომ არ დაამატო. - თვალი თვალში გაუყარა ძმას და ჩვეული სიცივე აიფარა ნიღბად. - დამაცადე ვითარებაში გავერკვე. - ერთად გავერკვევით - თქვა ანდრეამ და მანქანის გასაღები შეათამაშა ხელში. - არ გინდა სახლის ნახვა? *** მარიამი მთელი დღის განმავლობაში ისტერიულად ალაგებდა სახლს. ბიძაშვილების ამბავი ტელევიზიით გაიგო. არ ეგონა ასე თუ ეტკინებიდა, მაგრამ ეტკინა. ფიქრობდა რომ ისინი სძულდა, ასეც იყო, მაგრამ მაინც ეტკინა. ალბათ სიძულვილსაც აქვს ზღვარი და სადღაც სიბრალულიც იწყება. რა დარჩა მათი ოჯახიდან?! მამა აღარ არის, ბიძაშვილები აღარ არიან... უყურებდა სურათების წყებას კედელზე და ფიქრობდა რომ მეორე მხარეს სხვა სამყაროში სადაც სიცოცხლე სრულდება და ახალი იწყება უამრავი ადამიანი ელოდა. იმაზე ბევრად მეტი ვიდრე ცოცხალთა შორის გულშემატკივრად ეგულებოდა. *** თედო ერთ ხანს ფანჯარასთან იდგა. თანაბრად ღრმად სუნთქავდა და სუნთქვის დროს მხრები ერხეოდა. გიორგიც ფიქრებს წაეღო. იმ ღამეს როცა ილო მოკლეს ქალაქში არ იყო. დილით გაიგო ამბავი. ქალაქს კი არა მთელ ქვეყანას ტალღად გადაურა ახალმა ამბავმა. მთელი ქალაქი იყო პანაშვიდზე, მთელი ქალაქი იყო ჭირისუფალი. ზღვა ხალხი მიასვენებდა და უკანასკნელ ცრემლს აყოლებდა. ლიდია მექანიკურად მიუყვებოდა გზას, ცრემლი გაშრობოდა, თვალები გაჰყინვოდა. ტკივილს ქვად ექცია ერთ ღამეში გაჭაღარავებული ქალი. მიჰყვებოდა შვილს უკანასკნელ გზაზე და ვერაფერზე ფიქრობდა. ტკივილი მარწუხებივით უჭერდა, უნდოდა ეყვირა. ეყვირა და ხმისთვის გულიც ამოეყოლებინა, მაგრამ დუმდა. აქეთ-იქით ნათესავი ქალები იჭერდნენ, რომ არ წაქცეულიყო. დრო და დრო წყალს აწვდიდნენ და ისიც მექანიკურად სვამდა. ყველაფერი სულერთი იყო, ის იქ მხოლოდ ფიზიკურად იყო. ომ გამოვლილ ხალხს სიკვდილით ვერ გააკვირვებ, მაგრამ ეს სულ სხვა სიმწარე იყო... სულ სხვა ტკივილი... სულ სხვა სიცარიელე... - როდის მოასწრო ამ პატარა ბიჭმა ამდენი ადამიანის გულში შეეღწია. - თქვა პოლიციის უფროსმა და განზე გადგა პროცესიისთვის გზის დასათმობად. იმ დღეს გიორგიმაც დამარხა ძმა. მხოლოდ ორნი დარჩნენ. ის და თედო. და მიზნები, რომლის მიღწევაც ერთად სურდათ. ასეთები ვართ ადამიანები სიცოცხლეს მაშინ ვაფასებთ, როცა სიკვდილის სიახლოვეს ვგრძნობთ. ის დღეც დასრულდა. დასრულდა, მაგრამ ახალი როდის დაიწყებოდა არავინ იცოდა. ის ღამე ილოს საფლავზე გაათენეს. იმ ღამეს დასახეს შურისძიების გეგმა. გეგმა რომელზეც შემდეგ თედომ თქვა უარი. აი, თურმე რატომ... აი, თურმე რატომ... - ჩემთვის უნდა გეთქვა - დუმილი დაარღვია გიორგიმ. - ადგურს გავურიგდი ასტანს ცოცხალს დავტოვებდით თუ სოფიას ბავშვის გაჩენის საშუალებას მისცემდნენ... - მერე? - სოფიამ არ მოინდომა სოხუმის დატოვება... - ლიდიამ იცოდა? - კი, სოფიამ თვითონ უთხრა. - დამირმაც იცის? - არა, რამდენადაც ვიცი არა - დაამატა მცირე ხნიანი დუმილის შემდეგ. - დაურეკე სოფიას, მას ჩვენზე მეტი ეცოდინება რა ბზიკმა უკბინა მის ძმას. *** გაღმა ნაპირიდან გადმოსულები რაჭის მთიანეთს მიუყვებოდნენ სულ რამდნიმე წუთი აშორებდათ სოფელს, რომ მოულოდნელად მანქანა დაამუხრუჭა წინ მიმავალმა. - რა ხდება? - ჰკითხა გვერდით მჯდომმა. - არაფერი, გახედე რა ლამაზია - ტყეებით გარშემორტყმულ წყალსაცავზე ანიშნა და მანქანიდან გადავიდა. - რა ამბავია? - გვერდით ამოუდგა მეორე მანქანაც. - არაფერი - გაიმეორა ისევ და სიგარეტს მოუკიდა. - დრო რომ გადის მერე ვხვდებით თურმე რა დრო გვჭირდება... - ჩაილაპარაკა თავისთვის და ხიდის მოაჯირს ჩამოეყრდნო. - რა სჭირს ამას? - არ ვიცი - მხრები აიჩეჩა მეორემ და თვითონაც სიგარეტს მოუკიდა. აშკარა იყო საჭესთან მჯდომზე იყო ბოლო სიტყვა. საჭესთან მჯდომმა ერთხანს უხმოდ უყურა ხედს, შემდეგ მთელი ტანით შემობრუნდა და მანქანისკენ დაიძრა. - გადაჯექი. - ანიშნა გვერდით მჯდომს და თვითონ მისი ადგილი დაიკავა. ხუთი წუთის სავალ გზაზე იყო მოსახლეობა, მითითებული სახლი კი სადღაც დასაწყისშივე უნდა ყოფილიყო. - ეს არის - ხელით ანიშნა საჭესთან მჯდომს. - სახიფათოა, შეიძლება პოლიცია კვალში გვედგას... - შეიძლება - მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა და ანიშნა გააჩერეო. ორივე მანქანა სახლის წინ გაჩერდა. ეზოში გურამი ბაბუა და მიშიკო დახვდნენ მოსულებს. მარიამს ვერაფრით გადაათქმევინეს დარჩენა და აღარც თვითონ მიატოვეს. -"აქ არიან" - მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა მიშიკომ ანდრეას, როგორც კი დრო იხელთა. *** - ვერ ვუკავშირდები სოფიას, ტელეფონი გამორთული აქვს... - რაღაც ხდება თედო. დაურეკე საშკას თორემ მე დავურკავ. - და რა ვუთხრა? დამირი ბიძაშენია და თუ მანდ არის არ მოკლათქო? - თუნდაც ეგ თედო, თუნდაც ეგ... - სოფიას ოჯახი ჰყავს, შეთანხმება გვაქვს, არც კი ვიცით ზუსტად ისინი არიან თუ არა... - რომელი შეთანხმება?! - მოუთმენლობა დაეტყო კაცს ხმაში - თუ რამე არსებობდა აქამდე მათ დაარღვიეს. პირველი ტყვია მათ ისროლეს. აღარაფერი არსებობს თედო, აღარაფერი. ირაკლის ნაცვლად ანდრეა რომ იწვეს საავადმყოფოში ისევ შეთანხმებაზე იფიქრებდი? - ხომ იცი რომ ვიფიქრებდი - წარბშეუხრელად თქვა კაცმა - ერთადერთი რაც ასაკმა მასწავლა მოთმინებაა. - როგორც ჩანს მე ვერ მასწავლა. - თქვა გიორგიმ და ნაცნობი ნომერი აკრიფა. თედოს წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. იცოდა მისი ჯიუტი ხასიათის ამბავი და ისიც თუ რამეს აიხირებდა ვეღარ გადაათქმევინებდა. *** - მობრძანდით - შეიპატიჟა ეზოში გურამი ბაბუამ დაუპატიჟებელი სტუმრები. - ანდრეა გავაშელს ვეძებთ. - ეზოში შევიდნენ მოსულები. - წუხელ წავიდა შვილო - თქვა ჩვეული სიდინჯით გურამი ბაბუამ ისე თითქოს არ იცოდა ვინ იყვენენ. მოსულებმა სახლს თვალი შეავლეს. არაფრით ჰგავდა გავაშელების სასახლეს. არც ეზოში მდგარი ჯაბახანა ჰგავდა მათი ოჯახის შესაფერ ავტომობილს. ყველაფერი სიძველეს შეეჭამა. მორღვეული ღობე და ჩამოვარდნილი ჭიშკარიც მოწმობდა რომ დიდი ხანი არავის ეზრუნა აქაურობაზე. მარიამი ერთხანს უაზროდ უყურებდა ტელეფონს. ქვეცნობიერი კარნახობდა რა იყო სწორი, წესით ახლა 112 უნდა აეკრიფა და პოლიცია გამოეძახებინა ეს იქნებოდა რაციონალური, მაგრამ არ დაურეკავს. იჯდა და ელოდა როდის წავიდოდნენ უცნობები. ღმერთმა იცოდა ნამდვილად ესენი იყვნენ მკვლელები თუ ესენი კიდევ სხვები იყვნენ?! ან რა უნდა ეთქვა?! მგონი ამათმა დახოცეს ჩემი ბიძაშვილები და ახლა აქ მოვიდნენო?! რომელი მკვლელი იქცევა ასე?! ჯერ მოკლა და მერე სადღაც დასაკარგავში მიხვიდე სოფლის სახლში?! რისთვის?! წესით მკვლელები იმალებიან, სახლებში კი არ დადიან! ვერაფრით სვამდა ლოგიკაში და უფრო მეტად ბრაზდებოდა ანდრეაზე. - ვაჩვენებ მაგას როგორ უნდა მომენტით სარგებლობა და შეშინება, მაინც არ მივყიდი სახლის ჩემს ნახევარს - ფიქრობდა თავისთვის და რაც უფრო მეტს ფიქრობდა მით უფრო ლოგიკურად ეჩვენებოდა საკუთარი ნააზრევი. ყოველ შემთხვევაში იმაზე ლოგიკურად ვიდრე მკვლელების ქვეყნის მეორე ბოლოში სტუმრობა იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.