სარკევ სარკევ მითხარი (დასასრული თავი 5)
სარკევ სარკევ მითხარი 5 თუ რამე ნიკაზე აზრს შემაცვლევინებდა სწორედ ის მზრუნველობა იყო, რასაც არც ისე სერიოზულად დაშავებული ანასადმი იჩენდა. თავიდან კი ვუყურებდი ეჭვით, მაგრამ ბოლოს მეც ვაღიარე, რომ იყო მათ შორის რაღაც იმაზე მეტი, ვიდრე ოდესმე ჰქონდათ ვინმესთან. ნიკა მთელ თავისუფალ დროს ანასთან ატარებდა, ის კი ისე იქცეოდა, თითქოს პირდაპირ წელში იყო გადატეხილი. ტრაგიკული სახით იძლეოდა ბრძანებებს და მთელი ხელის მინაზებული მოძრაობით მიიხმობდა ხოლმე ნიკას საკუთარ წარმოსახვით ტახტრევანთან. ანას კაპრიზულ_პრინცესული საქციელიებისადმი წლების წინ გამომიმუშავდა იმუნიტეტი, მაგრამ ნიკას მისდამი მაზოხისტური მორჩილება უკვე ნამდვილად ჭკუიდან მშლიდა. _ ნურც მასე ეფოფუნები თავს, თორემ დამიჯერე მაგას სინდისი არ შეაწუხებს!_ მეასედ ვუმეორებდი ჩვენს სიყვარულისგან დაბრმავებულ რაინდს, მაგრამ არაფერი ესმოდა. ანა კი თვალებს მიბრიალებდა და წუწუნებდა, _ რა გინდა ვერ გავიგე, ჩემი დაქალი ხარ თუ ამის? შენ ჩემს მხარეზე უნდა იყო!_ ცხვირწინ მუქარით მიქნევდა გაბზეკილ თითს. _ რა ვქნა ქალბატონო? შინაგანი ამბოხი მექმნება როცა ვხედავ, ჩემს თვალწინ სუსტებს როგორ ჩაგრავენ!_ არა მარტო ანას ერთგულიბდა ძვირფასი სასიძო, არამედ თავის დანჯღრეულ ნახევრად დაჭეჭყილ მანქნანასაც არ ანდობდა უცხო ხელოსნის ხელს და ანას ნაწყალობევ თავისუფალ დროს მთლიანად პიკაპის გარემონტებას ახმარდა. ბოლოს დავნებდი და ხელი ჩავიქნიე, როგორც ჩანს ეს მჩაგვრელ_ჩაგრულის როლის თამაში ორივეს ართობდა და ახალისებდა. _ თავიდან მეგონა, შემთხვევით ირჩევდი მაგ უცნაურ წარწერებს._ მითხრა ერთ საღამოს ანტონიომ. ეზოში ვისხედით და კარტს ვთამაშობდით. ნიკასაც სურდა თამაში, მაგრამ წინასწარ იცოდა, მისი საკუთარი დედოფალი ამოსუნთქვის საშუალებას რომ არ მისცემდა და გადაიფიქრა. _ ახლა აღარ ფიქრობ ასე?_ ვკითხე მხიარულად და ჩემს პატარა პრინცის პრინტიან მაისურს დავხედე. წითელი მეოცნებე სახიანი მელაკუდა ეხატა და ზემოდან ოქროსფერი ასოებით ეწერა: „ შენ ვალდებული ხარ იზრუნო მასზე, ვინც მოიშინაურე!“ _ გულუბრყვილოს მხოლოდ გავხარ!_ მიპასუხა მან და უცებ სერიოზულად მითხრა._ შენთვის სიურპრიზი მაქვს. გინდა განახო? სიმართლე რომ ვთქვა, გამიკვირდა, არ გავდა იმ ტიპს, დიდად რომ უყვარს სიურპრიზები. _ მართლა?_ ვკითხე დაეჭვებულმა._ იმედია, რამე შურისძიების ხერხი არ არის. _ შურისძიების?_ მართლა გაუკვირდა. _ასე მალე დაგავიწყდა, ანას გამო უდანაშაულოდ რომ გცემე? _ შენ რა მართლა ფიქრობ, რომ მაგის გამო შურს ვიძიებ? რომ სამაგიეროს გადაგიხდი? _ ცოტა ეწყინასავით. ჩემში ეძებდა გულუბრყვილო ადამიანს, არადა თავად იყო ასეთი. _როგორ გგონია, ეს ფემინისტი გოგო, ახლა წამით მაინც ვფიქრობ, რომ შენ ქალზე ხელს ასწევ და მაინც ასე მშვიდად ვზივარ შენს გვერდით? მართლა ასე ფიქრობ?_ თავი გადავაქნიე სიცილით. _ ხან მართლა რა უიმედოდ ბოთე ხარ! აბა სადაა ჩემი სიურპრიზი? ნიკას ფარეხიდან უზარმაზარი ველოსიპედი რომ გამოაგორა, მხიარული სიცილი სახეზე შემახმა. ბავშვობიდან იმდენად ვიყავი დარწმუნებული, რომ ვერ ვისწავლიდი მის ტარებას, უნებურად ნერვიულობამ ამიტანა. უჩუმრად გავხედე მაგიდასთან კარატის თამაშში გართულ ბავშვებს. მათ კარგად იცოდნენ, რომ რამდენჯერაც ვცადე, იმდენჯერ რაღაც სასაცილო სიტუაციაში ამოვყავი თავი, ამიტომ უბრალოდ ხელი ჰქონდათ ჩემზე ჩაქნეული. მე კი ძალიან ბევრჯერ მარტო ვიჯექი სწორედ იმ მაგიდასთან, კარტით სასაცილო ბავშვურ მკითხაობებს ვაკეთებდი სურვილის ჩაფიქრებაზე, ისინი კი კორპუსის გარშემო დააქროლებდნენ ფერად ველოსიპედებს და დარწმუნებულები იყვნენ, რომ მე ეს სულელური მკითხაობები მერჩივნა მათთან ერთად ველოსიპედით კატაობას. ხოდა კიდევ ერთი აუხდენელი ოცნება მქონდა იმ ჩემს და მოუქნელ სევდიან ბავშვობაში. მინდოდა ჩვენი ქუჩის თავში უგრძესი დაღმართის თავიდან დავშვებულიყავი ველოსიპედით და ქუჩის ბოლოში ყველას თვალწინ ამაყად დამემუხრუჭებინა. ისე ძალიან მინდოდა ამ მომენტის განცდა, რომ სიზმარშიც კი ვხედავდი, როგორ მოვასრიალებდი ველოსიპედს გვერდულად და როგორ გადავხედავდი ამაყად დამცინავი სახით მომზირალ კომას. უეცრად, ჩემდა ჭირად, სწორედ ეს მომენტი გამახსენდა და როცა ანტონიოს საოცარ ველოსიპედს მოვკარი თვალი ზეციდან გამოგზავნილ შეუმცდარ ნიშნად მივიღე. _ მოდი! სცადე!_ ხელით მიმიხმო ანტონიომ. რას მოიფიქრებდა, თუ მე მორიგი საოცრება მქონდა დაგეგმილი. ალბათ ეგონა, მაქსიმუმ მაგიდის გარშემო მეცადა კატაობა. მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ მე მხოლოდ სიმაღლის შიში მქონდა, დანარჩენი მხოლოდ ჩემი მოუქნელობის ბრალი იყო. ამიტომ კარგად ვიცოდი, რომ თუ ახლა არ ვცდიდი, ალბათ სხვა დროს საკმარისი გამბედაობა აღარ მექნებოდა. ველოსიპედზე დავჯექი. „ ნუ გეშინია, ხელს არ გავუშვებო!“ გამაფრთხილა ანტონიომ, მაგრამ ვიცოდი ისიც, სხვა დანარჩენებივით, სწორედ მაშინ გაუშვებდა ხელს, როცა ჩათვლიდა, რომ ამას ვერ შევამჩნევდი. რადგან მასაც სრულიად უსაფრთხოდ ეჩვენებოდა ამ ორბორბლიანი სატანჯველის ტარება. ხოდა მეც სწორედ ამ მომენტს ველოდი. წამით ვცადე და ყველა საღი აზრი და არაჯანსაღი შიში გვერდზე გადავდე და როგორც კი ანტონიომ ხელი გამიშვა, გეზი პირდაპირ იმ საბედისწერო აღმართისკენ ავიღე. ანას კივილისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, დაღმართზე დავეშვი, ყოველ წამს უმატებდა ველოსიპედი სიჩქარეს და მე სატეფულებზეც კი ვერ ვასწრებდი ფეხის დადებას, საჭეს ჩაფრენილი თავად ველოსიპედის მიერ არჩეული ერთი ჯიუტი მიმართულებით რაკეტასავით მივქროდი. შიში? შიში აღარ ერქვა იმას, რასაც იმ წამს განვიცდიდი. და რაც უფრო ახლოვდებოდა დაღმართის ბოლოში გაშენებული პატარა სკვერი, უზარმაზარი კუბოს ფორმის რკინის ქოთნებით, მით უფრო მიტანდა პანიკა. და ჩემდა გასაკვირად საკუთარი თავის ნაცვლად კივილს და კივილს შორის მთელი ხმით ვწყევლიდი იმ ბედოვლათს, ვისაც ასეთი გაუგებარი საყვავილეების დადგმა მოუვიდა თავში. ერთი სიტყვით ანტონიოს ველოსიპედი პირდაპირ შეასკდა ერთ_ერთ საბედისწერო საყვავილეს. მე ისე ლამაზად ავფრინდი ჰაერში, თითქოს სწორედ ასე მქონდა დაგეგმილი. და რამდენიმ მეტრის იქით გამწვანების გაზონში ჩავერჭე თავით. გეფიცებით სწორედ ისეთი ილეთი გამომივიდა, როგორიც ალბათ ჯეკი ჩანის კასკადიორსაც კი შეშურდებოდა. ადგომა არც კი მიცდია, ტოტებში ახლართული გულაღმა გადავბრუნდი და მოკრიალებულ ცას ავხედე ცრემლმორეულმა. მაინც რატომ ვიყავი ასეთი უიღბლო და თავქარიანი? _ სამაგიეროდ ფრენის აღარ მეშინია!_ ვუთხარი საკუთარ თავს გასამხნევებლად და ცრემლნარევმა სიცილმა ამატკივა დაბეჟილი გვერდები. _ ცოცხალი ხარ?_ პირველი ანტონიო მოვიდა სირბილით და თავზე დამადგა შეშინებული. _ თქვენდა ჭირად კი! არც ამჯერად გაგიმართლათ!_ ისევ საწყლად გამეცინა. _ ადექი, მიდი!_ ხელი გამომიწოდა. მუხლები ისე მქონდა გადაგლეჯილი , როგორც ბავშვობაში. დასისიხლიანებული იდაყვი და მიჭეჭყილი ველოსიპედი, აი რა გამოვიდა ჩემი ბავშვობის დროინდელი ოცნების ახდენის მცდელობიდან. _ ნუ მოიწყინე, პირველ ცდაზე სრულებით არა უშავდა!_ ცდილობდა სიცილის შეკავებას, მაგრამ არ გამოსდიოდა. _ მიდი, თამამად დამცინე! აი ეს ხიბლი აქვს მეგობრობას! დაგცინიან და არ გწყინს!_ ვუთხარი და დანარჩენებს გავხედე, სიცილისგან სულს რომ ვეღარ ითქვამდნენ. _ აჰა, ნახე! მიეცათ მთელი წლის სახარხარო! იმ საღამოს ისეთი მონდომებით უყვებოდა ნიკა ანას ჩემს კასკადიორულ ნიჭზე, ანა კი არა მეც ვერ ვიკავებდი სიცილს. _ ისე მანქანის მართვაც არ ვიცი და როცა შენ ჯართის გარემონტებას მორჩები, სიამოვნებით ვისწავლიდი!_ ვუთხარი და თვალები ავად მოვჭუტე. _ არა!_ ორივე ხელი მაღლა ასწია პროტესტის ნიშნად._ ამიერიდან ჩემს გოგონას ვერცერთი სულიერი, მით უფრო ქალი, ვეღარ მიეკარება! _ ერთხელ კიდევ დაუძახებ ვინმეს ან რამეს „ჩემს გოგონას“ და ნახავ, რას დავმართებ იმ უბედურს!_ გულხელი დაიკრიფა ანამ. არც მეტი არც ნაკლები ასი წლის წინანდელ ჯართზე ეჭვიანობდა. _ ღმერთოოო ასე არავინ შემაყვარო რააა!_ ხარხარებდა იკა მაგიდის უსაფრთხო ბოლოში. ყველა იცინოდა, მხოლოდ ანტონიო იჯდა უცნაური სახით. როგორც სჩვეოდა ფიქრებით სადღაც შორს იყო. მიკვირდა მისი უცნაური გაუბედაობა. არადა სხვის ოცნებას როცა ეხებოდა საქმე, მზად იყო მისთვის გამბედაობის მისაცემად სრული მხარდაჭერა გამოეხატა. აი მაგალითად მე რომ მეხმარებოდა, ჩემი ფობიების და გაუბედაობის დამარცხებაში. იყო ამ ბიჭში რაღაც უცნაური. თითქოს ამას მარტო ჩემთვის კი არა საკუთარი თავისთვისაც აკეთებდა. თითქოს ასე საკუთარ თავს უმტკიცებდა რაღაცას. ისე დაბინდდა ვერაფერი გავიგე. მხოლოდ ყველა რომ გაიძურწა უფრო მყუდრო ადგილის მოსაძებნად და მაგიდას მხოლოდ მე და ანტონიო რომ შემოვრჩით, მაშინღა მივხვდი საკუთარ ფიქრებში გართული, რომ უკვე ბნელოდა. ანტონიოს შევხედე. მაგიდისკენ ზურგით იჯდა. მოხრილ მკლავებზე დაყრდნობილს თავი უკან გადაეხარა და აქა_იქ გამკრთალ ვარსკვლავებს უყურებდა. _ ანტონიო სად ხარ ფიქრებით? _ გაეღიმა. მგონი მიხვდა, სულ სხვა რამის კითხვა რომ მსურდა. _ მკითხე მიდი, ვიცი მაინც ვერ მოისვენებ. _ გიყვარს?_ რამდენი ხანი იყო ამაზე მსურდა მასთან მესაუბრა. ვხედავდი, რაღაცას დარდობდა, მაგრამ ცოცხალი თავით არ სურდა ამაზე ლაპარაკი. ცალმხრივად ინტერესიანი ტიპი იყო. თავად გამოხატავდა ინტერესს, ყუარადღებას,მზრუნველობას და დახმარების წადილს, მაგრამ იგივეს მიღების სურვილი არ ჰქონდა. თითქოს არ მენდობოდა ბოლომდე, არა მე კი არა ზოგადად ადამიანებს არ ენდობოდა. ალბათ ამასაც ჰქონდა რაიმე მიზეზი. თითქოს ამ სამყაროში მხოლოდ მისი ნდობა შეიძლებოდა, მაგრამ დანარჩენი კაცობრიობის, ანუ ჩვენი არა. ცოტა არ იყოს მწყინდა მისი ასეთი გაუგებარი დამოკიდებულება. მწყინდა იმიტომ რომ ურთიერთობა მხოლოდ ორმხრივი იყო ჩემთვის მისაღები და მისი ეს ცალმხრივობა ნერვებს მიშლიდა. _ არ ვიცი, დარწმუნებული არ ვარ!_ მიპასუხა მშვიდი ხმით. _ რას ქვია დარწმუნებული არ ხარ?_ ისე გამიკვირდა ემოცია ვერ დავმალე._ როგორ შეიძლება დარწმუნებული არ იყო საკუთარ გრძნობებში? _ ის შეიცვალა, მეც! გრძნობებიც შეიცვალა ალბათ. _ მას უყვარხარ? თუ ესეც არ იცი?_ არც კი მიცდია ირონიის დაფარვა. მისი ეს უძრავი სტატიკური მდგომარეობაც მაღიზიანებდა. საკუთარ გაუბედაობას რაღაც გაუგებარ საფარველში ახვევდა და თავის გამართლებას ასე ცდილობდა. თითქოს იმის ეშინოდა, რაც მასთან წასულს დახვდებოდა. _ იცი რას გეტყვი ანტონიო?_ ისევ მე დავიწყე საუბარი, როცა მივხვდი პასუხის გაცემას არ აპირებდა._ ახლა რომ ადგები და სახლში წახვალ, მიხვალ თუ არა ამაშიც კი არ ხარ ადამიანი დარწმუნებული! მე ისე მინდოდა გაფრენა, ისე მინდოდა ეს შეგრძნება გამომეცადა, რომ საკუთარი თავი ვაიძულე, იქიდან გადმოვმხტარიყავი. იმიტომ რომ შანსები ციდან არ ცვივა! რა უარესია მითხარი, ის რომ სცადე და არ გაგიმართლა, თუ ის რომ ცდაც ვერ გაბედე? _ თვალებში მიყურებდა და ისე მისმენდა. მაგრამ მის მზერაში კითხვებზე პასუხებს ვერ ვკითხულობდი. _ გგონია იმის მეშინია, რაც იქ დამხვდება?_ გაეღიმა უცნაურად. _ იქნებ ასეცაა! _ იცი რაა ანტონიო? უბრალოდ დაეშვი შენი აღმართიდან, გაუგებრობაზე უარესი არაფერი მოხდება დამიჯერე! _ ბევრი_ ბევრი დავეცე და მუხლები გადავიყვლიფო არა?_ გაეცინა გაუგებარი აჟიტირებით._ თითქოს სახალისო იქნებოდა მსგავსი გადაწყვეტილებით მიღებული ტკივილი. _ იარები შუშდება, ხან შრამებსაც ტოვებენ, მაგრამ თუ არ გეტკინა როგორ გაიგებ, ღირდა თუ არა ამად?_ ვუთხარი და თითი ნატკენ მუხლზე დავიჭირე. სახე დამემანჭა ტკივილით. _ საკუთარი ტკივილი გართობს არა?_ მკითხა მოულოდნელად. _ ტკივილსაც ეჩვევა ადამიანი ანტონიო. ეჩვევა და ინელებს. ისეთი არაფერია, რასაც ვერ გადაიტან! _ ანუ დროა საკუთარი თავი გავიმეტო?_ ისევ ცას ახედა. _ დროა ცხოვრება გააგრძელო. _ ასე ვფიქრობდი მაშინ, რომ ცხოვრება და არსებობა სხვადასხვა რამ იყო. აი მე და ანტონიო უფრო ვარსებობდით, მე შესაძლოა მეტად ვაპროტესტებდი ჩემს არსებობას. ვხმაურობდი, სწორად თუ არასწორად ვიბრძოდი. სულელურ რაღაცეებს ვაკეთებდი საკუთარი თავის ჯინაზე, და შედეგებსაც უმეტესად ვერ ვიღებდი სასურველს, აი ანტონიო კი თითქოს დინებას მიჰყვებოდა, უომრად, პროტესტის გარეშე, მისი სუნთქვა ბევრად მშვიდი და მარტივი იყო ერთი შეხედვით, მაგრამ სინამდვილეში ის იმ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის ზოგავდა ძალებს, რასაც მე ასე უაზროდ ვხარჯავდი. ის კონცენტრირებას ცდილობდა, მე კი ყურადღება სხვა რამეზე გადამქონდა.ვინ უფრო გაბედული იყო ჩვენს შორის? _ ანას რომ არ გაებედა, ასე თავხედურად არ ეცადა სასურველის მიღება, როგორ გგონია ნიკა ახლა ასე ბედნიერი იქნებოდა?_ ვკითხე მოწყენილმა. _ ანუ ერთი ადამიანის ქმედება მეორის ბედნიერების ხარისხს განსაზღვრავს?_ მკითხა მან. _ ზუსტად მაგის კითხვა მინდა ანტონიო. შენ შეძლებ ანასავით გაბედული იყო? შენობის კუთხიდან გამოვიდნენ ანა და ნიკა. მოაბიჯებდა ანა, ყელზე დაკიდული მოტეხილი ხელით, და სახეზე უზომო სიხარულით. ვიღაც იტყოდა, რომ ჩვენს შორის ის ერთი თავქარიანი, თავხედი, ცანცარა და უპრინციპო გოგო იყო. მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩვენში მხოლოდ ის იყო ახლა აბსოლუტურად ბედნიერი უკვე მეტყველებდა იმაზე, რომ ანა სწორი იყო საკუთარ გადაწყვეტილებებში. რა აზრი ჰქონდა, რას ფიქრობდა მასზე დანარჩენი სამყარო, როცა ნიკა უყურებდა სიყვარულით სავსე თვალებით. _ გამოდის ანა ყველაზე ჭკვიანია ჩვენს შორის?_მკითხა მან ღიმილით. _ ყველაზე გამბედავი რომაა, ეს ხომ უეჭველია?_ვუპასუხე მეც უკვე მხიარულად. _ ანუ ანამ ნიკა მოიშინაურა?_ გრამი ირონია არ იყო მის კითხვაში. _ ანდაც პირიქით, რა აზრია აქვს ვინ ვინ მოიშინაურა, როცა სადისტიც და მაზოხისტიც ბედნიერია?!.... დაახლოებით ერთი კვირის მერე ანტონიო გერმანიაში გაფრინდა. სრულებით მოულოდნელად,იმდენად რომ სახტად დავრჩით მთელი სამეგობრო, კომამ ციცის ცოლობა სთხოვა. მარიმ საზღვარგარეთ ჩააბარა ერთ_ერთ ცნობილ უნივერსიტეტში და ზაფხულის ბოლოს გაფრინდა საკუთარი ოცნებისკენ. იკამ უსაქმურობას დაანება თავი და მამამისის პატარა ფირმაში დაიწყო მუშაობა. ანა ადგა და მოპირდაპირე კორპუსში გადაცხოვრდა. მხოლოდ ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა რადიკალური ცვლილებები. თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ანტონიოს ველოსიპედის ტარება ვისწავლე, როგორც იქნა და არ იქნა. ერთ დღეს უცნაური რამ მოხდა, რამაც მთელი ჩემი მოსაწყენი ცხოვრება ყირაზე დააყენა. პარკში საკატაოდ წასულმა ველომრბოლელთა პატარა ჯგუფი გავიცანი. საუბარში ახსენეს ევრო ტური, რომლის მოწყობასაც თავად გეგმავდნენ და მოულოდნელად მეც დამპატიჟეს. ვიჯექი და ვფიქრობდი, რა უნდა ყოფილიყო ამაზე გიჟური თავგადსავალი?! ველოსიპედით ევროპის გარშემო?! ასეთი შანსი ალბათ არასდროს მექნებოდა. ასეთი მოგზაურობა, ასეთი გამოცდილება. ჰოდა, მივხვდი, ეს იყო ის, რაც იმ წამს მსურდა. სარკის წინ ვიდექი იმ საღამოს და საკუთარ თავს ვაკვირდებოდი. თვალებში უცხო ნაპერწკალი მიელავდა და მხოლოდ პატარა სულის შებერვას ელოდებოდა, რომ ხანძრად გადაქცეულიყო. კომპიუტერთან დავჯექი, ანტონიოსთან მიმოწერა გავხსენი და უცნაური ტექსტი დავწერე: _ სარკევ, სარკევ, მითხარი! ვინ არის ყველაზე გაბედული ამ სამყაროში? _ შენ, ჩემო მეგობარო!_ მიპასუხა მან.......... დასასრული ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.