ქაღალდის ჭიქა (თავი ხუთი)
ქაღალდის ჭიქა #ქაღალდისჭიქა 5 უცნაური იყო, მაგრამ სწორედ ბედნიერების და სიმშვიდის უსაშველო შეგრძნებაზე იეჭვა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. მაგრამ ყაყაჩოებში ჩაკარგულ მინდორს რომ გადახედა, ყველა უსიამო წინათგრძნობა გადაავიწყდა. ისე შეაბიჯა გადაწითლებულ ველზე, რომ მხოლოდ აღტაცებას გრძნობდა. ბედნიერმა მიმოიხედა, ყაყაჩოების უბრალოებაში იყო ნამდვილი სილამაზე. ყვავილებისკენ დაიხარა და აღარ იყვნენ ყვავილები. შიშმა აიტანა, მაგრამ არ იცოდა რისი და რატომ ეშინოდა. შიში თითქოს გაყინული მიწიდან აჰყვა, ფეხის გულებში შეუძვრა და მისი სხეულის ყველა უჯრედს პარაზიტივით მოედო. გაქცევა სურდა და ნაბიჯს ვერ დგამდა. იდგა ასე გაქვავებული, გული ყელში ებჯინებოდა და თავზე ჩამომხობილ წყვდიადს აჰყურებდა უმწეოდ. წყვდიადი ავად უღიმოდა. გრძნობდა, როგორ ტოვებდა სასიცოცხლო ენერგია. როგორ ცარიელდებოდა მისი სხეული და როგორ იშლებოდა ნაწილებად თავად. ზუსტად ისე, როგორც ამას არაერთხელ ნატრობდა სიფხიზლისას... თვალები გაახილა რუმიმ და ვერაფრით დააღწია თავი სიზმარს. _ ნუ გეშინია, სიზმარი იყო! მხოლოდ სულელური, საშიში სიზმარი!_ გაამხნევა საკუთარი თავი და საწოლი მოათვალიერა. ოტო არ იყო. სანათი აანთო და საწოლში წამოჯდა. _ ოტოოო! სად ხარ? ოტოო!_ მოუხმო კატას, მაგრამ ის არ გამოეპასუხა. _ ჯანდაბა ოტო! საკუთარი თავი აიძულა, იმ წამს სამყაროში ყველაზე უსაფრთხო ადგილიდან, ანუ საკუთარი საწოლიდან გამომძვრალიყო. ბავშვური ფიქრით, თითქოს საწოლი ჯადოსნური ადგილი იყო, სადაც ბოროტება ვერ შემოაღწევდა. შიშით ატანილი მისაღებში გავიდა და როცა აივნის ღია კარი დაინახა, მიხვდა, ოტო აივანზე იქნებოდა. კარი გააღო და თავადაც გააბიჯა. ესიამოვნა ღამის სიგრილე. გამოფხიზლდა კიდეც და სიზმრისეულმა შიშმაც თითქოს უკან დაიხია. ოტო მოაჯირზე იჯდა. რაღაცას ჩასცქეროდა დაძაბული და შიგადაშიგ უსიამოდ ღრინავდა და შიშინებდა. _ ოტო, რა იყო?_ ჰკითხა გაოცებულმა. თავადაც მივიდა და გადახედა. ეზოში ვიღაც კაცი იდგა. თავზე კაპიუშონ ჩამოფხატული და მიუხედავად იმისა, რომ სახე და თვალები არ უჩანდა, რუმი მიხვდა, სწორედ მათ აივანს არ აცილებდა თვალს. ისევ ის უცნაური გრძნობა გაუჩნდა, რაც მაშინ, როცა არო პირველად ნახა. თითქოს იცნობდა, მაგრამ ეს არ იყო სასიამოვნო ემოცია. არა, მისგან ბასრი სიცივე მოდიოდა. სიცივე და მწველი ტკივილი. გული გაუსერა ტკივილმა და ტკივილს კვლავ შიში მოჰყვა. უცებ კაცმა ზურგი აქცია სახლს და ეზო დატოვა. ტკივილიც და ყველა უსიამოვნო ემოციაც თან გაიყოლა. _ წამოდი ოტო!_ კატა გულზე აიხუტა და სახლში შევიდა აკანკალებული. აივანი ისე ჩაკეტა, თითქოს ასე თავს დაიცავდა. სავარძელში ჩაჯდა და ყურადღების გადასატანად ტელევიზორი ჩართო. თუმცა რომ გეკითხათ რა ფილმს უყურა, ვერაფერს გეტყოდათ. ისევ იმ უცნობზე ფიქრობდა. ფიქრისგან დაღლილმა, თავი სახელურზე ჩამოდო და თვალები დახუჭა. ცოტა ხანში ისევ ძილმა წაიღო. ისევ იმ მინდორზე იდგა. გამხმარი ყვავილების შუაგულში და გაოცებული ათვალიერებდა სახეშეცვლილ გარემოს. აღარ იყო სიცოცხლე ირგვლივ. იყო მხოლოდ თავად და ის... _ ვინ ხარ?_ ჰკითხა და სცადა მისი სახე დაენახა. _ არავინ._ იყო მისი პასუხი. _ მე შენ გიცნობ!_ სადღაც გონების სიღრმეში გაახსენდა, რომ სწორედ ის დახატა. კიი, ნამდვილად ის იყო. _ შეხედე, აქ აღარაფერი აღარ დარჩა! წამოდი ჩემთან!_ ხელი გამოუწოდა უცნობმა. მიმოიხედა და მართლა მოუნდა წასვლა. ისედაც ხომ სურდა. ბავშვობიდან ამაზე არ ოცნებობდა? რატომაც არა? იქნებ სწორედ ამას ელოდა მუდამ? განა რა აკავებდა ამ გადამხმარ მხარეში? _შენ ხომ ამაზე ოცნებობ!_ უთხრა უცნობმა შემპარავი, ტკბილი ხმით. თითქოს ზუსტად იცოდა, რაზე ფიქრობდა იმ წამს რუმი. ხელი ისევ გამოუწოდა. ხსნას ჰგავდა მისი ხელის გული. _ წამოდი, აქ არაფერი გაკავებს! ისე მოუნდა რუმს, რომ უცნობს გაჰყოლოდა. ისე მოუნდა. ნაბიჯიც გადადგა. ხელიც ასწია, რათა მის უფერულ თითებს მოსჭიდებოდა. _ არ წახვიდე! _ მოესმა ზურგს უკან. მიიხედა, მაგრამ არავინ იყო. მხოლოდ ხმა ეცნობოდა. ეს ხმა... ეს ხმა.... _ არო!_ დაუძახა გახარებულმა. თითქოს ბანგივით შეყრილი მოთენთილობა მოშორდა მის გახსენებაზე. _ არო, ბავშვები, ოტო...._ ღიმილით შებრუნდა მისკენ, რათა უარი ეთქვა და მის ადგილას მხოლოდ წყვდიადი დახვდა.... გაღვიძებისთანავე ხატვა დაიწყო. ხატავდა გატაცებით, სამყაროსგან გათიშული. არ უნდა დავიწყებოდა ეს სიზმარი. ამის დავიწყება არ შეიძლებოდა. ნახატში საკუთარ შიშებს, ტკივილს, უიმედობას ამწყვდევდა და განთიადის პირველი სხივებისთანვე მოვიდა იმედი. აივანი გააღო, მზე შემოუშვა. ჰაერი ჩაისუნთქა და დამშვიდდა. _ ეს ღამეც გათენდა!_ ჩაილაპარაკა სიხარულით, ისეთი შეგრძნებით, თითოქოს იმ ღამეს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო. _ გალერიის შესყიდვა გადავწყვიტე!_ მხიარული ღიმილით შემოეგება ლეა. _ ხვდები რა მაგარი იქნება თუ ეს გალერეა ჩვენი გახდება? რამდენ ახალბედა მხატვარს დავეხმარებით? რამდენ საინტერესო რამეს გავაკეთებთ! ლეა აჟიტირებული იყო, როგორც სჩვეოდა. უცნაური ადამიანი იყო ლეა. რუმი ვერ იგებდა, რანაირად შეიძლებოდა ამდენად არამატერიალური ყოფილიყო ვინმე. თითქოს მისთვის მატერიალიზმი მიწაზე მიჯაჭვულობა იყო და მას კი ფრთები ერჩია. მაგრამ მისთვის ფრთებს სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა. მას, რუმისგან განსხვავებით, სულ გაფრენა კი არა, მხოლოდ ფრენა სურდა. თავისუფლების ეს უსაზღვრო შეგრძნება უნდოდა განეცადა. ალბათ ამიტომ იყო, მის ოცნებებში ანგელოზები რომ სჭარბობდნენ. ოღონდ არა მორჩილი და სათნო, არამედ ბორკილებშეხსნილი ანგელოზები. დაცემული და ამ დაცემით გაძლიერებული სულები. კი ნამდვილად ასე იყო, ლეას ნახატები, მისი სულის და სურვილების პატარა ჩანახატები იყვნენ. ალბათ ისევე, როგორც დანარჩენების. _ მართლა ამბობ?_ ჰკითხა ღიმილით. _ მომწონს შენი აღტაცება. შენი გამბედაობა ინსპირაციაა ჩემთვის. ოთახის კუთხეში ლუციას მოჰკრა თვალი. სულთამხუთავივით რომ ადგა თავს ონიოს და ისეთი დაჟინებით აკვირდებოდა, თითქოს თავად ონიო იყო მისი ინტერესის საგანი და სულ არ აინტერესებდა რას ხატავდა ის ასეთი გატაცებით. _ რაც გაიგო, რომ ონიო წასვლას აპირებს, ასე დასდევს უკან. მგონი ეგ ყველაზე უფრო განიცდის მის გადაწყვეტილებას!_ გაეღიმა ლეას. _ ის არ ყოფნიდა საკუთარი თავი რომ ადარდებს და ახლა ონიოც დაემატა დარდად. ორივეს გაეცინა. კატა_თაგვივით იყვნენ ონიო და ლუცია. ვინც მათ არ იცნობდა, შეიძლება ჰგონებოდა, რომ ერთმანეთს დასანახად ვერ იტანდნენ, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი პირიქით იყო. _ სოლი და ლინი სად არიან?_ იკითხა რუმიმ. _ ონიომ არ გაიგოს!_ ჩაილაპარაკა ლეამ და ჩურჩულით დაამატა. ონიოს მოტოს გასაღები ააწაპნეს და საკატაოდ გაიპარნენ. ეს ამ ნახატს ალბათ ორი საათი მაინც დააკვდება და ისინი გართობას ასწრებენ! _ ერთხელაც გაიგებს და .. _ წარმოიდგინა რუმიმ ონიოს სახე, როცა გაიგებდა, ის ორი ჭინკა მის პირველ და უკანასკნელ სიყვარულს, ანუ მოტოციკლეტს რა დღეში აგდებდნენ და ისევ სიცილი აუტყდა. კარგა ხანს საუბრობდნენ. რუმიმ საკუთარ სიზმარზე უამბო. _ მოიცადე, რას ამბობ, სად იყავი? ყაყაჩოები? მოდი ეს ნახე. ლუციას ნახატია. _ ლეამ პატარა ზომის სურათი აჩვენა რუმს. სამი მტკაველიც არ იქნებოდა ზომაში. გაოცებისგან ხმადაბლა და უგერგილოდ დაუსტვინა რუმიმ. სწორედ მისი ყაყაჩოების ველი დაეხატა ლუციას. წითელი ხასხასა ყვავილებით სავსე მინდორი. თუმცა უცნაურ კონტრასტს ქმნიდა ცაზე გაწოლილი შავი ღრუბელი. მინდვრის განაპირას კაპიუშონიანი კაცი იდგა. და უცნაური ღიმილით აჰყურებდა ცაზე გამეფებულ სიბნელეს. _ ისაა ლეა! დამიჯერე ისაა! ღმეთო ჩემო!_ ადგა და ღამის ამბავიც უამბო. როგორ და რანაირად იყო, რომ ლუციამ სწორედ მისი ღამეული სტუმარი დახატა? ერთმანეთს შეხედეს და მხრები აიჩეჩეს. მოგვიანებით ლუციამ თქვა, რომ მხოლოდ საკუთარ სიზმარს ხატავდა და კაპოიუშონიან კაცზე არაფერი იცოდა... ჰაერზე გამოვიდა რუმი. სურდა ცოტა თავისუფლად ეფიქრა. ნელა დაუყვა სანახევროდ ცარიელ ქუჩას. _ რა ხდება ნეტავ? ეს ხომ უბრალო დამთხვევა ვერ იქნება?!_ ჩაილაპარაკა გაუგებრობით დაღლილმა და რომელიღაც პატარა სკვერში ჩამოჯდა. წინ უსაფრთხოებისთვის მოღობილი საბვშვო მოედანი იყო. რამდენიმე ქალი იჯდა და საკუთარი შვილების თამაშს ყურადღებით აკვირდებოდა. სიმწრით ჩაეცინა რუმს. ეგონათ უსაფრთხოდ იყვნენ. ფიქრობდნენ, რადგან ეს პატარა ღობე ერტყა მოედანს და თავადაც თვალს არ აშორებდნენ შვილებს, მოდუნება შეიძლებოდა. ცას ახედა. ქარი არხევდა ჭადრების ფოთლებს, ცაც სუფთა იყო და უშფოთველი. მზის შუქი ფარავდა წყვდიადს. ამოიოხრა. ერჩივნა თავადაც არაფერი ცოდნოდა, თორემ რა აზრი ჰქონდა სიმართლის ცოდნას, თუ არაფრის შეცვლა არ შეეძლო?! _ ალბათ რა კარგია ოჯახის ყოლა, არა?_ მოესმა უცნობი სასიამოვნო ხმა. გვერდით მჯდომ კაცს გახედა, იმის გასაგებად, მართლა მას ესაუბრებოდა თუ არა. სასიამოვნო გარეგნობის კაცმა კეთილგანწყობილად გაუღიმა და თავით ბავშვებისკენ მიუთითა. _ იმის ცოდნა, რომ რაღაცას ტოვებ ამ დედამიწაზე, ამშვიდებს ალბათ!_ ჩაილაპარაკა უცნაურად, ოდნავ დამცინავად. _ თქვენ არ გყავთ ოჯახი?_ პირდაპირ ჰკითხა რუმიმ. _ არა, ასე, მოხდა, რომ არა!_ კაცი სადღაც ორმოცამდე წლის იქნებოდა, სიმპატიურიც კი ეთქმოდა._თუმცა გვიანი არასდროსაა, არ მეთანხმებით? მოხედა და ლამის ყურებამდე გაუღიმა. ღიმილი ჰქონდა უცნაური. კვლავ ნაცნობი შიში იგრძნო რუმიმ. და თითქოს სიზმრისეული სუსხიც. ინსტიქტურად ოდნავ მოშორებით გაიწია. _ ჩემი გეშინია, არა?_ კვლავ საბავშვო მოედანს გახედა კაცმა._ სულ ტყუილად. შენ ერთადერთი ხარ, ვისაც არაფერს დავუშავებ! ამის მოსმენა კიდევ უფრო უსიამოდ ჟღერდა უცნობი კაცისგან. _ ვინ ხარ?_ კვლავ პირდაპირობა არჩია რუმიმ. _ მე?_ ჩაეცინა უცნობს._ მე ის ვარ, ვისაც შენ ამდენ ხანს ელოდი. რატომღაც არო გაახსენდა რუმს. ინატრა ახლა აქ ყოფილიყო. რატომღაც ისეთი გრძნობა გაუჩნდა, რომ მას დახმარება შეეძლო. რომ ამ უცნაური უცნობისგან მხოლოდ არო გადაარჩენდა. _ წამოდი! _ მოულოდნელად ფეხზე ადგა კაცი. ხელი გამოუწოდა._ წამოდი რუმ! აქ არ არის შენი ადგილი! _ აბა სად არის ჩემი ადგილი? სად?_ ძლიერი ნება ჰქონდა უცნობს. ბევრად ძლიერი, ვიდრე საკუთარ თავში მერყევ და მშიშარა რუმს. მას ჯერ კიდევ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ როდემდე ან სადამდე? ეს არ იცოდა. _ იქ!_ გრძელი საჩვენებელი თითი მაღლა აღმართა კაცმა. გამვლელს ეგონებოდა ცაზე ანიშნებდა, მაგრამ რუმიმ კარგად იცოდა, რაც იყო ცაში. _ რატომ?_ ჰკითხა ის , რაც მართლა მნიშვნელოვანი იყო. _ ნუ ალოდინებ მშობელს რუმ!_ ავად გაეღიმა კაცს. მუხლები აუკანკალდა რუმს. თავი საშინელებათა ფილმში ეგონა. ახლა რა უნდა ექნა? ალბათ უნდა გაქცეულიყო? მაგრამ ვერ გარბოდა. სკამიდანაც კი ვერ ადგა. _ შენ ვინ ხარ? ვინ ხარ მისი?_ ჰკითხა ხმის კანკალით. _ მე მხოლოდ მსახური ვარ!_ ქედი მოიდრიკა თითქოს უცნობმა, სულ ოდნავშესამჩნევად დაუკრა თავი ცაში განაბულ წყვდიადს. _არა!_ უკან გაჩოჩდა რუმი. _ რა აზრი აქვს წინააღმდეგობას? ადრე თუ გვიან შენ დაბრუნდები მასთან. როდემდე გაიქცევი რუმ? უბრალოდ მუდამ რთულ გზას ირჩევ! რთულს და მტკივნეულს!_ გაეცინა კაცს. _ რას გულისხმობ? _ ნახე!_ სწრაფად წაავლო ხელი ხელზე და მაღლა ამოუტრიალა მაჯა.უეცრად ხმადაბლა შეჰკივლა რუმიმ. ნელა გადაეხსნა მაჯაზე წვრილი ბასრი ჭრილობა და სისხლმა დაიწყო წვეთა. და კიდევ ერთი და კიდევ, და მეორე მაჯაზეც. უცებ ხუთვა იგრძნო,ჰაერი აღარ ჰყოფნიდა. თითქოს ყელზე საბელი შემოეგრიხა და გუდავდა. იგრძნო, როგორ იხრჩობოდა არარსებულ წყალში. მიხვდა რუმი, ან როგორ ვერ მიხვდებოდა?! ყველა წინა მცდელობას ახსენებდა უცნობი. იმ მცდელობებს, რომლის იქითაც წყვდიადი ყლაპავდა რუმს. _ ახლაც ხომ იგივეს ნატრობ? ახლაც ხომ ეფერები საკუთარ მაჯას? ხომ წარმოიდგენ, როგორ ისერავ ვენას? აღიარე რუმ! აღიარე, რომ შენი დრო მოდის! _ ცივად იცინოდა უცნობი. უცინოდა და მისი თვალების ცარიელი ფოსოებიდან იყურებოდა წყვდიადი. ძალა აღარ ჰქონდა რუმს. ხვდებოდა, ასე დღისით მზისით,მის სხეულს ტოვებდა სული. ხვდებოდა, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა. ისე როგორც სიზმარში. .. _ სალამი ტუნიკო, მეც არ მიკვირდა სად იყავი, აქამდე რომ არ ჩანდი? _ მოესმა ირონიანარევი ხმა და შვებით გაეღიმა. _ გაუშვი ხელი! მიდი, მიდი გაუშვი! სიბრაზემ და ზიზღმა ისე აუვსო წამის წინ გამარჯვებით სავსე თვალები უცნობს, რომ ემოცია თვალებს მიღმა ვერ შეიკავა და ლოყებზე ჩამოეღვენთა ორი შავი სანთლის ნაღვენთივით. რუმის მაჯას ხელი უშვა და უკან დაიხია. რუმი სკამის საზურგეს მიეყრდნო, ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა და ტკივილის ყველა გრძნობა ერთბაშად მოშორდა. დაღლილობა იგრძნო. თითქოს რამდენიმე დღე იყო არ ეძინა. თვალები თავისით ეხუჭებოდა. მხოლოდ ინტერესი კლავდა, ისე სურდა მათი საუბრიდან არაფერი გამორჩენოდა. _ რა სახელია ტუნიკო?_ გაფიქრება სურდა, მაგრამ ხმამაღლა თქვა. მის სიტყვებს აროს სიცილი მოჰყვა. _ ფორტუნა! თუ ასე უფრო მიხვდები! მას ფორტუნა, ანუ იღბალი ჰქვია. გეცნობა?_ ხელი გაუწოდა და ადგომაში დაეხმარა. _ წესიერად მოიქეცი ტუნიკო! თავი შორს დაიჭირე! გასაგებია? ბოლო სიტყვებიც ღიმილით თქვა, მაგრამ რუმს სულ არ მოჩვენებია ახლა მისი ხმა სასაცილოდ. არომ რუმი მანქანაში ჩასვა, კარი დახურა და კვლავ სკვერს გახედა. იღბალი უკვალოდ გამქრალიყო. _ ჰმ, იღბალი! სახელიც კი ვერ შეურჩევია!_ ჩაილაპრაკა ცივად._ ყველაფერი იმაზე სწრაფად ხდება, ვიდრე ჩვეულად. ის ისევ მოვა, რა თქმა უნდა. დახურულ კარს მიღმა დახედა სანახევროდ მძინარე რუმს. _ ნეტა რამდენის მოყოლა მოასწრო? ან რამდენს გაიხსენებ შენ? მაინც რატომ? რატომ იყრით თავს ერთად? რა უნდა გააკეთოთ და რას არ აკეთებთ? _ მანქანას მოუარა და საჭესთან დაჯდა._ მგონი დროა, ყველა დავუბრუნდეთ ათვლის წერტილს. გადადება აღარ შეიძლება.... თქვა და მანქანა დაძრა.... ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.