შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადგური 6 ( მეხუთე თავი)


27-06-2025, 23:32
ავტორი ვე რა
ნანახია 148

სადგური N 6


თავი 5

გულისცემა
2025. 1 აპრილი. 11:35

ვიდექი და დაჟანგულ კარს გაოცებული ვათვალიერებდი. ამის გარდა ალბათ ყველაფერს ველოდი. რა უნდოდა მას შუაგულ ტყეში? ან რას ნიშნავდა სადგური ნომერი ექვსი?
_ ეს რა ბუნკერია?_ ვკითხე ვამპირს, რომელიც ჩემზე არანაკლებ დაინტერესებული ათვალიერებდა მას.
_ ხოო, ასე ჩანს. უცნაურია? რატომ აწერია სადგური და არა ბუნკერი? საინტერესოა რა არის შიგნით?_ ნელა მიუახლოვდა ჟანგიან კარს და უზარმაზარი რკინის ურდულის გადაწევა სცადა. _ არა, ასე ვერ გავაღებთ. ჩაილაპარაკა ინტერესით.
_ აქ დამელოდე! არსად წახვიდე იცოდე! _ გამაფრთხილა მკაცრად.
_ სად მიდიხარ? _ ცოტა არ იყოს, იქ მარტო დარჩენის პერსპექტივამ ვერ აღმაფრთოვანა.
_ უბრალოდ წრეს დავარტყამ, ვნახავ რა ხდება! რა იყო გეშინია? რა ვიცი, მარტო კი აპირებდი გამოპარვას!_ გაეცინა მხიარულად._ ხომ შეამჩნიე, რომ ტყეში სულიერიც კი არაა! არც შენი ციყვები ჩანან, არც ჩიტები! სრული სიჩუმეა. ასე რომ ორი წუთით აქ იყავი! კარგი? მალე მოვალ!
ჩემს პასუხს არ დალოდებია, ისე წავიდა. ცოტა ხანს ასე ვიდექი და მის გზას გავყურებდი. რა უნდა მექნა? ამოვიოხრე და ისევ ბუნკერია კარს გავხედე.
_ აქ ხარ?_ ვკითხე მას. უფრო სწორედ მას, ვინც კარს მიღმიდან მიხმობდა._ იცოდე! ისეთი არაფერი გააკეთო, რომ გული გამისკდეს და მოვკვდე!
დავემუქრე უხილავ არსებას. იქვე ჩამოვჯექი მიწაზე და ჩანთიდან წყალი და იოგურტი ამოვიღე.
_ ვინ ხარ და მანდ რატომ დაგამწყვდიეს?_ ისე ვესაუბრებოდი, თითქოს ჩემი ესმოდა._ ვინმე იმხოტეპივით წყეული დემონი თუ ხარ, ჯობია ტყუილად არ გვაწვალო და მანდვე დარჩე!
_ იოგურტი გინდა? მარწყვისაა. მარწყვი გიყვარს?_ ენას ვერ ვაჩერებდი. უფრო შიშის და შინაგანი ნერვიულობის გაფანტვას ვცდილობდი. _ ძალიან კარგი რომ გიპოვნე! ახლა რაღას იტყვიან, ისევ არ დამიჯერებენ?
სახლში დარჩენილ მეგობრებს ნიშნისმოგებით ვუყოფდი ენას საკუთარ ფიქრებში გართული. ცარიელი კოლოფი ისევ ჩანთაში ჩავჩურთე და ფეხზე ავდექი. დახურულ კარს მივუახლოვდი და ხელი გადავუსვი. აშკარად სქელი და მასიური რამ იყო.
_ რას აკეთებდნენ ნეტავ აქ?_ ვკითხე საკუთარ თავს ხმამაღლა. საკუთარ თავთან საუბარი ეს თქვენთვის ასოცირდება სიგიჟესთან, თორემ ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია. და არც თუ იშვიათად საკმაოდ კარგ პასუხებსაც კი მაძლევს ხოლმე სწორედ ჩემივე თავი.
_ სადგური? მართლა და რატომ სადგური?_ ახლოს მივედი და კარს ყური მივადე. რკინის სიგრილე მესიამოვნა, ყრუდ მტკიოდა თავი და ვგრძნობდი ჯერ ისევ მიხურდა შუბლი. ისე მიამიტად ვიქცეოდი, ვითომ შიგნიდან რამეს გავიგონებდი. _ ერთხელ თუ გამოვიდა, მეორედაც გამოვა! გავამხნევე საკუთარი თავი.
_მიდი მომეხმარე!_ ვთხოვე მას ჩურჩულით. თვალები დავხუჭე და კონცენტრაციის მოკრება ვცადე. თავიდან სრულებით არაფერი. სადღაც ვიფიქრე კიდეც, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო ეს, ასე არ მუშაობდა.
მაგრამ რაღაც მომენტში უცნაური რამ მოხდა, ყრუდ და შორიდან მომესმა გულის ფეთქვის მსგავსი ხმა, ძალიან დიდი ინტერვალებით. ახლა ამ ხმას გავაყოლე გულისყური და მისმა ხმამ თითქოს პირდაპირ ჩემს სხეულში იმატა. მოულოდნელად ჩემი გულისცემა მისას გაუტოლდა. ვიგრძენი, როგორ შეანელა ტემპი ჩემმა გულმა. თავბრუ დამეხვა. თვალებში სიბნელე ჩამიდგა.
_ რას აკეთებ!_ ძლივს ამოვთქვი ორი სიტყვა_ შეწყვიტე გთხოვ!
მაგრამ მისი კონტროლი ჩემს ძალებს აღემატებოდა იმ წამს. ის ჩემში იყო. ან პირიქით. მის გულისცემას საკუთარ სხეულში ვგრძნობდი. მაგრამ ის წუთში არა სამოცჯერ, არამედ ალბათ ათჯერ თუ ცემდა და ეს რიტმი ჩემი სხეულისთვის სამყოფი არ იყო. მის სიმშვიდეს ვგრძნობდი, მის სიცარიელეს, მის მდუმარებას. მის არარსებობას ვგრძნობდი საკუთარ სხეულში და ეს არსებობაზე ბევრად
მეტი და რეალური იყო. მივხვდი წავიქცეოდი, ამიტომ ნელა ჩავჯექი კართან ზურგით მიყრდნობილი.
მიუხედავად იმისა, რომ ვიაზრებდი ცუდად ვიყავი, მაინც არ მეშინოდა. სულაც პირიქით. მანამდე არსებული ყველა ტკივილი, სევდა და დარდი მიჰქონდა ჩემგან. ისე იწოვდა ჩემი მშფოთვარე გონებიდან დაგროვილ ტკივილებს, რომ ერთ პატარა ნამცეცს არ ტოვებდა ჩემში წყვდიადის მაგვარს. და სიბნელის ნაცვლად სინათლე ავსებდა ჩემს სხეულს. ბოლოს ეს სინათლე ხანძრად აინთო ჩემში. ასე მეგონა ათასი მზე ჩამისახლდა. შიგნიდან იწვოდა ჩემი წყვდიადი. თითქოს ეს ცეცხლი, ცეცხლი კი არა, სულ სხვა რამ ენერგია იყო. ჯერ არ ნახული და განუცდელი. ნელა გავშალე თითები და ცხვირ წინ ავიფარე. გეფიცებით, ნათება რომ დაეწყოთ ნორმად მომეჩვენებოდა. თუმცა ასეთი არაფერი მომხდარა.
_ ახლა რაღა მოხდა?_ ოდნავ შემანჯღრია ვამპირმა და თვალები ისე გავახილე, თითქოს წამის წინ უბრალოდ მშვიდად მეძინა._ რა მოასწარი ამ ათიოდე წუთში?
მეკითხებოდა გაკვირვებული
და ჩანთაში წყლის ბოთლს ეძებდა. მივხვდი, ეგონა ცუდად ვიყავი. მაგრამ დამიჯერეთ ასე კარგად, ჯანსაღად და ჯანმრთელად თავი ალბათ ძალიან დიდი ხანი არ მეგრძნო. დილანდელ თავის ტკივილს ოდნავადაც ვეღარ ვგრძნობდი. მხოლოდ ის იყო, რომ მგონი ისევ სიცხე მქონდა. თუმცა იმ უცნაური სინათლის შემდეგ, ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო.
_ კარგად ვარ! მართლა კარგად ვარ! მაგრამ რაღაც მოხდა._ წყალი გამოვართვი და ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე. _ რამე ახსნა გაქვს? რა მოხდა? რა იყო ეს ყველაფერი?
ცოტა ხანს ფიქრობდა. მერე უცნაურად გახედა დაკეტილ კარს და „უკან დაბრუნების დროაო!“ გადაჭრით გამოაცხადა. დიდი ხანია მივხვდი, თუ თავად მას არ სურდა საუბარი, სიტყვას ვერ დააცდენინებდი. სინანულით გავხედე დაკეტილ კარს. ასე ახლოს ვიყავი მიზანთან, მხოლოდ ხელის გაწვდენა და....
_ ახლა მეტს ვერაფერს გავაკეთებთ! ხომ ხვდები არა? ამიტომ დანარჩენებთან უნდა დავბრუნდეთ. სანამ შენი და არ გადავა ჭკუიდან! ხომ არ დაგავიწყდა, რომ გამოპარული ხარ?_ რაღას ვიზამდი? მოწყენილი გავყევი უკან. თან ფეხები იქ მრჩებოდა იმ სადგურის თუ ბუნკერის კართან.
იმას არ მოვყევი რა სახეებით დაგვხვდნენ დანარჩენები. ანტონიოს ვფიქრობ სულ არ გაუჭირდებოდა ჩემთვის თავის მოწყვეტა იმ წამს. ალბათ მართალიც იქნებოდა.
_შენ მართლა ნორმალური ხარ?_ ბრაზის დაფარვა არც უფიქრია სალის.
_შეიძლება ამდენად ეგოისტურად მოიქცეს ზრდასრული ადამიანი?_ წარბშეკრულმა გავხედე ლუციენს. არადა სწორედ იმით ვიმართლებდი გულში თავს, რომ ზრდასრული ვიყავი.
_ მეოცნებე კი არა თავქარიანი ხარ!_ ავად თვალმოწკუტული გვიყურებდა ლილაც._ შენ მაინც სად გაყევი? მიუბრუნდა საყვედურით ვამპირს.
_ რომ არ გავყოლოდი უკეთესი იქნებოდა?_ მხრები აიჩეჩა მან.
_ მე რატომ არ წამიყვანეთ, ჰა?_ იმ მომენტში თუ რამე გამაცინებდა, სწორედ ლინდას დაღვრემილი და გაბუსხული სახე იყო.
_ თქვენ მთავარს არ მეკითხებით!_ ჩავილაპარაკე მე გაუბედავად._ რა ვიპოვნეთ იქ!
ხელი უკან ტყისკენ გავიშვირე.
_ რააა?_ თვალები აენთო ლინდას.
_ რა და სადგური ნომერი ექვსი!_ ვუპასუხე მხიარულად.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სიცხე არც წამალს, არც არაფერ სხვა ხალხურ საშუალებას არ ემორჩილებოდა, თავს საუცხოოდ ვგრძნობდი. ასეთი ენერგიული დაბადების წამიდან არ ვყოფილვარ ალბათ. ვყვებოდი სადგურის პოვნის ამბავს და ისეთი აჟიტირებული ვიყავი, ვერაფრით ვჩუმდებოდი. ისინიც ყურადღებით მისმენდნენ. ინტერესი ისეთი რამაა ერთხელ თუ შეუძვრა ადამიანს გულში მორჩა, მისი გამოძევება არ იქნება.
ბოლოს კი სადგურთან წასვლა გადაწყვიტეს, მაგრამ მხოლოდ პატრიარქატული მსვლელობა დაგეგმეს. ლინდა კინაღამ გაგიჟდა, მაგრამ ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს.
რაღაც ხელსაწყოები მოიმარაგეს და ტყისკენ დაიძრნენ. ჩვენც მოუსვენარი ლოდინის მეტი არაფერი დაგვრჩენოდა.
თუმცა მოუსვენარიც იყო და მოუსვენარიც. საღამო ხანს სიცხემ 39.6 _ ს გადააბიჯა. მაგრამ მე ჩვეული სისუსტის ნაცვლად, როგორც მინიმუმ თვეში ერთხელ მჩვეოდა, ენერგიის სიჭარბეს ვგრძნობდი. ასე მეგონა, თუ გავჩერდებოდი და გავჩუმდებოდი, ავფეთქდებოდი.
საღამოს ბიჭები დაბრუნდნენ. სახეებზევე შევატყვეთ საწადელს ვერ მიაღწიეს. ანტონიოს თქმით, რაღაც სხვა რამ უნდა ეცადათ, რათა კარი გაეღოთ, მაგრამ სხვა რამ რა იყო, ეს არ დაუზუსტებია.
_ ამას რაღაც სჭირს!_ ბოლოს სერიოზულად თქვა ლილამ. _ მე მგონი იწვის!
_ არა კარგად ვარ! სრულებით კარგად ვარ!_ ჯიუტად უარვყავი მე მისი აზრი. ისევ ტყისკენ მიმიწევდა გული.
_ სიცხე გაიზომე! _ თერმომეტრი მომიტანა სალიმ. და როცა ტემპერატურა 40_ს საგანგაშოდ მიუახლოვდა. ყველა დაიზაფრა.
_ არა ასე არ უნდა იყოს!_ აღიარა ლინდამაც ლილას სიმართლე._ ნეტავ რადიაციაა ხომ არ არის იქ?
გააჟღერა არცთუ უტოპიური აზრი.
_ არა მგონია, მეც მასთან ერთად ვიყავი. მაშინ მეც იგივე დამემართებოდა! _ არ დაეთანხმა ვამპირი._ მაგრამ მგონია მას უშუალო კავშირი ჰქონდა იმასთან, რაც შიგნითაა. ახლა კი ვფიქრობ, ჯობია ქალაქში დავბრუნდეთ.
ჩემდა მოულოდნელად ყველა დაეთანხმა. იმ წამს ისე გავბრაზდი მასზე, ისე გავცოფდი. მეგონა ჩემი თავიდან მოშორება უნდოდა, რათა თავად მისულიყო მასთან.
_ არა! არ წამოვალ! ძალით ვერ წამიყვანთ! _ ვიმეორებდი გულში, მაგრამ ისინი მე აღარ მისმენდნენ. მგონი სულაც ქმედუუნაროდ მიმიჩნიეს.
მეორე დღეს ძალით, თუ უფრო ძალით, მანქანაში ჩამჩურთეს და სახლის კი არადა და საავადმყოფოს გზას გამიყენეს. ანტონიომ გზამდე გამოგვაცილა. როცა იმ გადაღუნულ აბრას გავუსწორდით, ვამპირმა მანქანა გააჩერებინა ლუცის და გადავიდა. აღმოჩნდა, რომ აბრაზე სწორედ ისეთი საბედისწერო ფრაზა ეწერა, როგორიც ზონა 51_ზე ალბათ.
„ სადგური N 6_ის ტერიტრია. კერძო საკუთრება. შესვლა სასტიკად აკრძალულია’’




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent