შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოცონთან მოსაყოლი ამბავი (3) (სრულად)


1-07-2025, 23:36
ავტორი Linda Gavasheli
ნანახია 474

კოცონთან მოსაყოლი ამბავი 3



- ხოდა ლინდა მოგიყვებათ უფრო საშიშ, სისხლიან და გიჟურ ისტორიებს - ისეთი დარწმუნებით ამბობს ვერა თითქოს მთელი ჩემი წარსული გიჟური, სისხლიანი ისტორიების მატიანე იყოს. ან იქნებ არის კიდეც...

ვუყურებ მათ და ვფიქრობ, რომ სინამდვილეში შეიძლება არც ერთ მათგანს ვიცნობ იმდენად, რომ ჩემი საიდუმლოებების გუდისთვის პირის მოხსნა ღირდეს. იმიტომ არა, რომ არ ვენდობი. უფრო იმიტომ რომ არ ვიცი როგორ მიიღებენ პირისპირ მოყოლილ ამბებს. მაგრამ იცით რა არის უცნაური?! ზოგჯერ გვინდება, რომ ყველაზე ბნელი საიდუმლოც კი ვინმეს გავუზიაროთ, როცა ამის შესაძლებლობა გვეძლევა.

- კარგი - ვთანხმდები და ოდნავ შესამჩნევად ვიღიმი. - ჩემი ისტორია მოვყვე?

- თუ საშიშია რატომაც არა - ამბობს სალი.

- თუ საშიშთან ერთად საიდუმლოც არის მაინც?! - ისე ვკითხულობ თოთქოს პასუხი არ ვიცი.

- ბევრი შავ-ბნელი საიდუმლო დაგრჩება მაინც - ორაზროვნულად მეუბნება ანტონიო და ისევ ცეცხლს ჩაჰკირკიტებს. ჰო, მისგან ხისტი პირდაპირობა მოულოდნელობა არ არის. თუმცა სინამდვილეში წარმოდგენაც არ აქვს რამდენად მართალია ამ წუთში. ან შეიძლება აქვს?! ამ ბოლო დროს ბევრი რამ არის საეჭვო, რაც ჩვენს გარშემო ხდება. სულ არ გამიკვირდება რომ იცოდეს.

- კარგი - შეპყრობილივით ვთანხმდები და ვამპირს ვუყურებ. მან ზუსტად იცის როდის უნდა გამაჩეროს, როცა როლში ვიჭრები.

- ჰე ახლა, დაიწყე - მოუთმენლობა ეტყობა სალის.

- ოკ, ოკ - ხელებს ვწევ თანხმობის ნიშნად და ვამატებ - ოღონდ მანამდე რამდენიმე კითხვაზე გულწრფელად მიპასუხეთ...

- კარგი რა?! - უხალისოდ ამბობს ლილა და შინაგანად ემზადება როგორ აირიდოს კითხვაზე პასუხი. მას არ უყვარს კითხვები. ისევე როგორც დანარჩენებს, მხოლოდ ვერას აქვს გულწრფელი პასუხების გამბედაობა, თუმცა ზოგჯერ იმაზე ენაწყლიანები არიან ვიდრე მოველი. - რა არის თქვენთვის საშიში? - ვკითხულობ და თან ვცდილობ ფიზიკური სამყაროს მიღმა დავინახო მათი პასუხები. - ნამდვილად საშიში ან საზარელი...

პასუხებს ვისმენ, მაგრამ სინამდვილეში ეს ის არ არის რისი მოსმენაც მინდა.

- მე არ მოვყვები ჩემი შიშების შესახებ - გადაწყვეტით ამბობს ლუციენი - ის ფილმი გაქვთ ნანახი ჯადოქრებზე?! ჯერ შიშებზე რომ ალაპარაკებს და მერე მათ წინააღმდეგ იყენებს?! - სერიოზული სახით და მოჩვენებითი გულობრყვილობით კითხულობს და თავადაც იცინის თავის ნათქვამზე.

- კიდევ ერთი კითხვაც - ვამბობ და ისევ ვამპირს ვუყურებ - იმის თქმა თუ სად იმალება საიდუმლო საიდუმლოს გათქმას ნიშნავს?!

- კი, - ეშმაკურად უციმციმებს თვალები და თან ხელით მანიშნებს ცოტათიო.

- კარგი, არაუშავს, მაინც მოვყვები - ვამბობ და ღრმად ვსუნთქავ. თითქოს ვცდილობ გავთავისუფლდე. - ის ამბავი გახსოვთ ადრე რომ მოგიყევით ქალი საყვარლის ცოლს აკვლევინებდათქო?! - ბიჭებმა რომ ეს ისტორია არ იციან ვიცი, როცა ეს ამბავი მოვყევი მაშინ ჩათს ნაკლებად კადრულობდნენ, მერე აღარც ვამპირისთვის მომიყილია, მაგრამ ვფიქრობ გოგონებს უნდა ახსოვდეთ.

- მერე? - მეკითხება ვერა.

- მაშინ ყველაფერი ბოლომდე არ მითქვამს...

- ვიცოდი რომ რაღაც დაიტოვე, ამოღერღე ახლა რა მოხდა - თქვა მან და მოსასმენად მოემზადა.

- ეს ისტორია ჩემი მეგობრის ძმისგან ვიცოდი. ეს ქალი კი არა, ამ ქალის მამაც ეძებდა ვიღაცას ვისაც იმ ქალის მკვლელობისთვის ფულს მისცემდნენ. მაშინ მამა სახეზე ნანახიც არ მყავდა, შვილი კი ვიცოდი ფიზიკურად ვინ იყო, მაგრამ ისე ცხოვრობდა მეორე წელი ჩვენს კორპუსში გამარჯობა არ უთქვამს და არც ჩვენ მოგვიკლავს თავი. ის საყვარელიც ვიცოდით. ეს ბინა ალბათ მაგიტომაც იქირავეს კონსპირაციულად შეხვედროდნენ ერთმანეთს. ჭორიკანა მეზობელივით კი გამომდის, მაგრამ ეს ამბავი დეტალებშია მოსაყოლი - ვაზუსტებ რადგან ვხედავ, რომ ისინი საშინელებას ელიან და არა მორიგ არ შემდგარ სასიყვარულო დრამას - ერთ დღეს ეზოში ვისხედით მე და ჩემი მეგობარი, მისი ძმა კი შუა ხნის კაცთან ერთად მოვიდა და საეჭვოდ გვითხრა ცოტა ხანი სახლში არ ამოხვიდეთო. უცნაურად მოგვეჩვენა. მაგრამ იმ წუთში დავუჯერეთ და სახლში არ ავსულვართ. მერე ისევ იგივე განმეორდა. ისევ იმ კაცთან ერთად დაბრუნდა და ხელით გვანიშნა მანდ იყავითო. ეს უკვე საეჭვოზე მეტი იყო. მით უმეტეს ჩვენთვის, ხომ იცით ჩემი ცნობისმოყვარეობის ამბავი, ჰოდა ეს ჩემი დაქალიც ზუსტად ჩემნაირია ამ საკითხში.

- ორი შენნაირი უკვე მეტისმეტია - სიცილით ამბობს ლილა. ცოტა მტკივნეული სიმართლეა, მაგრამ მართალია. სულის უკანასკნელ კუნჭულში შეღწევამდე ცნობიმოყვარე შემიძლია ვიყო ყოველგვარი პირადი და ეთიკური საზღვრების გარეშე. ვიცი რომ ეს ნორმალური არ არის, მაგრამ უპასუხო კითხვებს ვერ ვიტან, მითუმეტეს ისეთებს, როცა შინაგანად ვიცი რაღაც და მხოლოდ დამადასტურებელ ინფორმაციას ვეძებ.

- გადავწყვიტეთ გვეთვალთვალა - განვაგრძობ, მაგრამ ჯერ კიდევ მაწუხებს ეჭვები როგორ მიიღებენ ამ ამბავს - სანამ ჩვენ გეგმა დავსახეთ ისინიც გამოვიდნენ სადარბაზოდან და ამ დროს შვილიც მოვიდა. ასე გავიგეთ რომ ეს კაცი მამა იყო. წარმოგიდგენეთ ახლა ჩვენი ფიქრები. ვუყურებდით ერთმანეთს და არც ერთი ვიღებდით ხმას. ნათელი გახდა რომ უსაფუძვლოდ არ გაგვჩენია ეჭვი. სხვა რა საერთო უნდა ჰქონდა აბა ამ არანორმალურს იმ კაცთან?! თვალებში ნაცარს ხომ არ შევიყრიდით?!

- კარგი რა, ახლა არ თქვა რომ... - მაწყვეტინებს ლუციენი და ისე მიყურებს როგორ მკვლელობის თანამონაწილეს მიუხედავად იმისა, რომ ამბავი ჯერ არ დამისრულებია.

- საინტერესო წინ არის - არ ვამთავრევინებ სიტყვას და არც მის გამოხედვას ვიმჩნევ - იმ საღამოსვე დავიწყეთ შეკითხვების დასმა და ჭკუის დარიგება, რომ ამ საქმიდან შორს დაეჭირა თავი, მაგრამ ვატყობდით ვერაფერს გავხდებოდით. იმითაც კი დავემუქრეთ პოლიციაში წავალთთქო, მაგრამ არც ამან გაჭრა. იმეორებდა ცუდი არაფერი მოხდება, თავად დაიჭირეთ თავი შორს ამ ხალხისგანო. ალბათ იცოდა, რომ სინამდვილეში არც ერთი მათგანი ვიყავით პოლიციაში წამსვლელი. ახლა ნუ მკითხავთ რატომ არ ვიყავით, რასაც მოვყვები მოცემულობად მიიღეთ - ვამბობ მას შემდეგ რაც ვხვდები, რომ შეკითხვების დასმას აპირებენ. მათ მზერაში ინტერესსაც ვხედავ, გარკვეულწილად იმედგაცრუებასაც და ბრაზსაც. მათი მესმის, ვერ დავადანაშაულებ ვერაფერში - სასწორზე უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე დევს, ვიცი რთული აღსაქმელია. - ვაგრძელებ მონოტონური ხმით, მაგრამ ახლაც, ამდენი წლის მერეც კი მიოფლიანდება ხელის გულები ნერვიულობისგან. - ჩვენც ზუსტად ამას ვამბობდით. ერთ მხარეს სიცოცხლე და მეორე მხარეს რაც არ უნდა დებულოყო ვერ გადაწონიდა, მაგრამ... ეს მაგრამ ყოველთვის უადგილო ადგილას ჩნდება ჩემს ცხოვრებაში.

- ანუ?

- მოვყვები - თავს ვაქნევ სიტყვის დასტურის ნიშნად და ვაგრძელებ - დაახლოებით ერთი თვე დანის პირზე ვიარეთ. თავიდან დამოუკიდებლად დავიწყეთ ინფორმაციის მოძიება. ვინ იყო ეს საყვარელი, ვინ იყო მისი ცოლი. დავიწყეთ თვალთვალი. ვუთვალთვალებდით მათაც და მამა-შვილსაც. ზეპირად ვიცოდით ვინ, სად, როდის მიდიოდა და ბრუნდებოდა. ისიც კი ვიცოდით ვინ რას ჭამდა და რა წამალს სვამდა... მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ინფორმაციის მოპოვება ისეთი იოლი, როგორიც დღეს არის. ღია წყაროები თითქმის არ არსებობდა, მაგრამ იმ დროსაც ჰქონდა თავისი პლიუსები. ერთი კვირის თავზე გამოვეწყვეთ ორივე, საქაღალდეები დავიჭირეთ და ცოლს მივადექით საცხოვრებელ მისამართზე.

- რა ქენით? - მეკითხება სალი.

- საყვარლის სახლში მივედით, ცოლის გასაცნობად, ჯერ კიდევ გვქონდა იმედი, რომ შეგვეძლო თავიდან აგვეცილებინა დაგეგმილი მკვლელობა. გადაწყვეტილი გვქონდა გვეთქვა, რომ ქმარი ღალატობდა. ისიც გვეთქვა ვისთან, მაგრამ მკვლელობის ხსენებას არ ვაპირებდით. რა უნდა გვეპასუხა კითხვაზე საიდან ვიცოდით?! - ვჩუმდები და ღრმად ვსუნთქავ. არ არის მარტივი იმ ყველაფრის გახსენება რაც იმ დროს გადავიტანეთ.

- მერე რა მოხდა?

- ვერ ვუთხარით. სტანდარტული გამოკითხვა ჩავატარეთ ვითომ სოციოლოგიური კვლევიდან ვიყავით და წამოვედით.

- რატომ ვერ უთხარით.

- სიტუაციამ არ მოგვცა საშუალება. ჩვენი მისვლიდან დაახლოებით ორ წუთში სტუმარი მოვიდა. ქმრის მეგობარი, როგორც მივხვდით. ჩვენ არ ვიცოდით ქმარი თანამონაწილე იყო თუ არა, ამიტომ გავჩერდით. ქმარი სახეზე გვიცნობდა და თუ მიხვდებოდა, რომ ჩვენ ვუთხარით სად იყო გარანტია, რომ მარტო ღალატზე მოვუყევით?! ისევე შეიძლებოდა ვქცეულიყავით სამიზნედ, როგორც ცოლი. მივხვდით რომ თუ რამის შეცვლა რეალურად გვინდოდა მხოლოდ ინფორმაცია საკმარისი არ იყო და მტკიცებულებების შეგროვება გადავწყვიტეთ. კეთილი მოტივებით, მაგრამ სინამდვილეში ვერც კი შევნიშნეთ, როგორ დავადექით დანაშაულის გზას. უკანონო თვალთვალი, მტკიცებულებების უკანონო მოპოვება, ქურდობა, დანაშაულებების ჩამონათვალი იზრდებოდა და იზრდებოდა.

- რა მოიპარეთ?

- უნივერსიტეტიდან მოვიპარე დიქტოფონი, რომ საუბარის ჩაწერა მოგვეხერხებინა. ერთ მორიგ დღესაც კი, როცა ამ ქალის მამა ისევ გამოჩნდა ჩართული დიქტაფონი დატოვა ოთახში ჩემმა მეგობარმა. ჩანაწერი ბუნდოვანი გამოვიდა. მხოლოდ ადგილ-ადგილ შევძელით ხმამაღლა ნათქვამი სიტყვების დაჭერა და ამის მერე "თამაშიც" უფრო საშიში გახდა. ჩანაწერში საუბარი იყო ვიღაც ჩრდილოეთ კავკასიელზე, რომელიც დათქმულ დროს ჩამოვიდოდა, საქმეს მოაგვარებდა და გაუჩინარდებოდა. წინასწარ თანხის ნახევარს ითხოვდა, ხოლო მეორე ნახევარს საქმის დასრულების მერე მიიღებდა შუამავლის ხელით. იმ ღამეს ჩემს მეგობართან დავრჩი. გეგმა ასეთი იყო, მისი ტელეფონი უნდა შეგვემოწმებინა ვისთან ქონდა ნარეკი, მიმოწერა, ვერ ვხვდებოდით რა გამოგვეპარა. საიდან გაჩნდა ეს ჩრდილო კავკასიელი. ვფიქრობდით რომ მისი კონტაქტების შესახებ ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ ეს რაღაც ახალი იყო. ვიღაც ახალი და შუამავალიც ალბათ ის იქნებოდა ვისი მეშვეობითაც მის შესახებ იღებდა ინფორმაციას. სანამ მკვლელობის თანამონაწილეებად ვიქცეოდით სასწრაფოდ რამე უნდა გვეღონა, თანამონაწილეებად თუ არა ჩვენს დანაშაულებრივ სიას სანამ უმოქმედობით ჩადენილი დანაშაული, შეუტყობინებლობა ან/და დამნაშავის დაფარვა დაემატებოდა მანამდე მაინც, რომ არაფერი ვთქვათ იმ ადამიანზე ვისაც ღალატობდნენ, სასიკვდილოდ იმეტებდნენ და ამ დროს მშვიდად ედო ბალიშზე თავი დარწმუნებულს, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე იყო.

- მერე რა ქენით ?

- ინათა თუ არა ჩემი მეგობრის ძმა დავისვით, გადმოვულაგეთ რაც გვქონდა და ვცადეთ გვეიძულებინა ხელი აეღო ამ საქმიდან. მან კარგა ხანს უყურა ფოტოებს, დიქტოფონიდან კასეტა ამოიღო და სულ გენიოსები გვეძახა. ჩვენდაუნებურად ის მივეცით რაც ოპერაცია "укол зонтиком" წარმატებით დასრულების გეგმას სჭირდებოდა.

- ვერაფერი გავიგე, ფოტოები და ჩანაწერები სჭირდებოდათ? - იკითხა ვერამ.

უკვე დარწმუნებული ვარ რომ მის თავში ამბის განვითარების დაახლოებითი სურათი არსებობს, მაგრამ ჯერ არაფერს ამბობს.

- ასე გამოვიდა. ვიფიქრეთ მკვლელს სჭირდებოდა მასალა. ჩანაწერი კი ალბათ გარანტია იქნებოდა მისთვის, რომ დამკვეთი ფულს გადაიხდიდა. მთელი დღე საშინელ ხასიათზე ვიყავით. ორი კვირა იმისთვის ვიწვალეთ, რომ ხელი შეგვეწყო?! ცოტა რთული გადასახარში ამბავია, როცა მიზნად ისახავ ერთს და შედეგად იღებ მეორეს.

- ჰოო - მრავალმნიშვნელოვნად ამბობს ვამპირი.

მან იცის თავგადასავლებისკენ ჩემი არანორმალური სწრაფვის შესახებ და დარწმუნებული ვარ ახლა ზუსტად იმ დროში მხედავს გონება არეულს, ცნობისმოყავრეობით სავსეს და კონტროლ დაკარგულს.

- გადავწყვიტეთ მკვლელი გვეპოვნა.

- რა ქენით? - ახლა უკვე ნამდვილი არანორმალური ვარ მათ თვალში.

- ვიცი ცოტა გიჟურად ჟღერს, მაგრამ უკეთესი გამოსავალი ვერ ვიპოვეთ. ვფიქრობდით მკვლელს ვიპოვიდით და ვაიძულბდით დანაშაულზე ხელი აეღო. შეიძლება სისულელედ ჟღერს, მაგრამ გეგმა ასეთი იყო. ამ გადასახედიდან თავს უპასუხისმგელოდ ვთვლი ჯერ კიდევ ვეკითხები თავს მართლა რომ ნამდვილი დაქირავებული მკვლელი გვეპოვა რა უნდა გვექნა?!

- კიდევ კარგი ვერ იპოვეთ...

- ვიპოვეთ, მაგრამ ყველაფერი ისე არ იყო როგორც ჩანდა. დაქირავებული მკვლელი, ჩრდილო კავკასიელი შამილა იმ საყვარლის ცოლის ბიძაშვილი აღმოჩნდა.

- ბრაზილიური სერიალია?! - იცინის სალი - ახლა მართლა ვეღარაფერი გავიგე.

- ამ ცოლის ბიძაშვილს და ჩემი მეგობრის ძმას საერთო ძმაკაცი ყოლიათ. ჰოდა ერთ დღესაც ამ ჩემი მეგობრის ძმას გამოუარეს. ამ ბიჭს ფანჯრიდან დაუნახავს მისი სიძე პარკებით დატვირთული მიყვებოდა ვიღაც ქალს უკან. ჩემი მეგობრის ძმისთვის უკითხავს ამ ქალს იცნობო?! ამასაც მოუღია პირი და მოუყოლია ყველაფერი თავის ქილერის ძებნიანად. ასე დაიბადა ოპერაცია "укол зонтиком". ეს ჩემი მეგობრის ძმა მესამე პირების მეშვეობით დაუკავშირდა მამას საჭირო კაცი მყავს და მოგაშორებთ იმ ქალსო. დადგა საჭირო დღე. უნდა შეხვდნენ დამკვეთი და მკვლელი ერთმანეთს, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცით ეს საყვარელიც გარეულია თუ არა ცოლის მკვლელობის შეკვეთის საქმეში. ჩვენ უკვე თავიდან ბოლომდე ჩართულები ვართ გეგმაში. ვიღას ახსოვს რა გადავიტანეთ გასული ორი კვირის მანძილზე. როგორც იქნა შეხვედრა შედგა. მამამ ფული მოიტანა, დეტალები შეათანხმა, მკვლელს ხელი ჩამოართვა და ის იყო წასვლა დააპირა, მკვლელმა უთხრა ქმარი რომ სახლში დამხვდეს მომიწევს მივაყოლოო. ეგ არ ქნა არ დამღუპოო გადაიარა კაცი. ჩემი შვილი არასდროს მაპატიებს ეგ რომ გაიგოსო. აკი შვილმა არაფერი იცისო, აღშფოთდნენ შუამავლები.

ის დღე მკვლელობით არა, მაგრამ განქორწინებით დასრულდა. ქმარი რამდნიმე თვე ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად ფეხზე დადგომას. ის მამა-შვილი დღემდე არ ვიცი სად არიან. ის ბინა გაყიდეს, როგორც ვიცი და ან ევროპაში წავიდნენ ან ამერიკაში. ასეთი იყო შეთანხმება. ან პატიმრობა მკვლელობის შეკვეთისთვის ან ქვეყნის დატოვება. ცოლი შემდეგ უკეთ გავიცანით. ახლა სხვა ქმარი ჰყავს, ცოტა უჭირს მომხდარის მერე ნდობის საკითხებში, მაგრამ ახალი ქმარი კერკეტი კაკალია ვფიქრობთ გაუძლებს...

- ეს საშინელებათა ისტორია არ არის - უკმაყოფილოდ აქნევს თავს სალო.

ცეცხლის ალს ჩავყურებ, კიდევ არის ამ ამბავში მოსაყოლი, მაგრამ გაჩუმების დროა.

- თქვენი აზრით ღალატს გამართლება აქვს? - კითხულობს მოულოდნელად ვამპირი.

- რა თქმა უნდა არა! - ხისტად პასუხობს ლილა.

- რა არის ღალატი? მხოლოდ ფიზიკური გაცვლა? - ისეთი სევდიანი ხმა აქვს ვერას. იმ წამს ვფიქრობ, რომ მან ყველაზე უკეთ იცის რაცაა ღალატი. ისევ იმ ბნელ ტყეს უყურებს, მაგრამ რატომღაც მგონია ამჯერად ცრემლების დასამალად.

- ღალატი სხვასთან ფიზიკური სიახლოვე არ არის მარტო. სულიერი ღალატი ბევრად მეტი ღალატია. - მტკიცედ ამბობს ანტონიო. ნეტავ ანტონიოს თუ გამოუცდია საკუთარ თავზე ღალატის მტკივნეული საცეცები? ნეტავ უღალატეს თუ თავად არის მოღალატე? უცნაური აზრები ჭიანჭველებივით მერევა თავში.

- ღალატი ციდან არ ვარდება რა!_ სერიოზული ხმა აქვს სალის. - მას წინ რთული და მტკივნეული გამოცდა უძღვის.

- ამიტომ ადამიანმა ჯერ ერთი ურთიერთობა უნდა დაასრულოს და შემდეგი სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. - თმას მაღლა იწრვს ლუციენი და წარმოსახვით ღალატზე გაბრაზებული თითქოს პროტესტის ნიშნად იკრავს.

- ღალატი უცნაურო რამა არის, შესაძლოა არც სიტყვით, არც საქმით არ იყო მოღალატე, სხვას ვერა და საკუთარ თავს კი უღალაოტო თუნდაც ათასჯერ. მერე სარკეში ისე ჩახედო თვალებში თითქოს არაფერი მომხდარა. ყველაზე მტკივნეული საკუთარი თავის ღალატია მე ასე მგონია! - ცარიელი ხმა აქვს ვერას. ცარიელი და დაღლილი.

_ ამიტომ სცადე და ნუ უღალატებ იმას, რისიც გწამს! - ვამპირის პაუხზე ოდნავ შესამჩნევად აქნევს თავს ვერა და ისევ ტყეს გაჰყურებს.


- მართალი ხარ სალო ეს არ იყო საშინელი ისტორია, საშინელება იმ ადამიანების არსებობაა ვინც ჩვენს გვერდით არიან, თვალებში გვიყურებენ და არ ვიცით რას გვიპირებენ. - ვეუბნებუ ჩუმი ხმით, ისე თითქოს ხმამაღლა ვფიქრობ - უფრო საშინელი შენ მოყევი - ვამბობ მექანიკურად და ისევ ცეცხლს ჩავყურებ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent