სატყუარა ქარიშხლისთვის - თავი 1
გაზაფხულის პირველ დღეს არ მოუტანია ის სიმშვიდე და სითბო, რასაც მანამდე, ყოველ წელს, გაკვირტული ხეების, მოჭიკჭიკე ჩიტებსა და ამწვანებული ბუნების შემყურე გრძნობდა. ცრემლებად დაღვრილიყო ცა. თითქოს დატიროდა პატარა არსების უდროო გარდაცვალებას. ნატასთვის ნამდვილი ზამთარი ახლა დამდგარიყო. თვალი მოავლო გაყინულ ეზოს. არ ჩანდნენ ჩიტები, მხოლოდ ბეღურების ჩუმი ჭიკჭიკი ისმოდა შორიდან. ხეებსაც ტოტები თანგრძნობით დაეხარათ. წვიმის წვეთები მოწყვეტით ეცემოდა გამხმარ ბალახს.შლიდა ყველა ნაკვალევს, გარდა იმ ერთისა, რომელიც სამუდამოდ დარჩებოდა გოგოს ცხოვრებაში. ვერ აღიქვავდა ვერაფერს, სიცივის და გაყინული ჩურჩულის გარდა. აივნიდან დახედა პირველი სართულის შემოსასვლელ კარს, სადაც ეზოდან ნელი, სველი ნაბიჯებით შემოსული ადამიანები იკრიბებოდნენ. ფილაქანზე მათი ნაბიჯების ხმა რიტმულად ისმოდა. თავი დაეხარა ყველას. ზოგი ქოლგის, ზოგიც კი , მის გარეშე, წვმაში იდგნენ და ვერ ბედავდნენ შიგნით შესვლას. განწირული დედის ხმა ისმოდა მხოლოდ სახლის სიღრმიდან, მისი ოხვრა და გოდება. გრძნობდა ნატა, როგორ ეწვოდა ზურგი დაჟინებული მზერისგან. აივნის მოაჯირს დაეყრდნო გაყინული ხელებით თავი რომ შეემაგრებინა. ყველა მას ელოდა, მის ცრემლებს, ემოციებს. თავად კი ვერ იაზრებდა მომხდარს. გულზე უჭერდა მძიმე მარწუხები. ტელეფონის ეკრანს ამღვრეული თვალებით დახედა, ყველასგან მოშორებით, კუთხეში მდგომმა. ეკრანიდან უღიმოდნენ მისი და ნიკოს სახეები. პატარა ნიკო. თავისი ხელით გაზრდილი პატარა ძმა. ნატა ცოცხალი იყო, ნიკო კი - მის უკან სასახლეში განისვენებდა. უკვე გაციებული იქნებოდა პატარა ბიჭის სხეული. თავად ცოცხალი იყო. ხელი ძლიერად მოუჭირა ტელეფონს და ძირს დააგდო. ფრჩხილებმა დაუდევრად დაუკაწრეს ხელისგულები. აღარ ადარდებდა ფიზიკური ტკივილი. მოაჯირს მოშორდა და ღია კარს გაუპირისპირდა. ძალა უნდა მოეკრიბა და შიგნით შესულიყო, მაგრამ ფეხები თითქოს ერთ ადგილად მილურსმოდა. ვერ აიტანა დედის გლოვა. მისი გაფითრებული სახე და მოცახცახე სხეული. გვერდი აუარა ოთახში ჩამომსხდარ ქალებს და კუთხეში, ბოლო თავისუფალ სკამზე დაჯდა მოწყვეტით. მზერა გაეყინა პრიალა იატაკზე,რომელსაც სასახლის ჩრდილი ეცემოდა. წვიმის ხმა გულისგამაწყალებლად ისმოდა დადუმებულ ოთახში, რომლესაც დროდადრო ერეოდა დედამისის გლოვა. სხვებიც ტიროდნენ, ჩუმად სდიოდათ ცრემლები გაფითრებულ სახეებზე. მისი ახლობლები , ნათესავები, მეზობლები - აქ იყვნენ და დატიროდნენ უდროოდ გარდაცვლილ პატარა ნიკოს, რომლის სულიც კამკამა წყალივით სუფთა იყო. თვალს არიდებდა სასახლეს ნატა. უკვე მესამე დღე მთავრდებოდა, რაც თავჩახრილი შედიოდა ოთახში და შემდეგი დღის დადგომამდე არ გამოდიოდა. დროდადრო ეხუტებოდნენ უცნობი სხეულები, ძლიერად უჭერდნენ ხელს მის მტევანს. თითოეულ უცხო შეხებაზე უფრო იზრდებოდა გაუაზრებელი ტკივილი მის გულში. -როგორ შეიძლებოდა…- ხმადაბლა დასცდა მის ბაგეს გულის ფიქრები. ხელები გადააჭდო ერთმანეთს. ტერფებიდან წამოსული სიცივე მთელ სხეულში გავრცელდა და მოედო გონებას. - შენ აქ რას აკეთებ ? - დაისისინა მოულოდნელად ხმამ. ჩურჩულით გადაიარა სიტყვებმა ოთახში. თავშეკავებით ასწია თავი ნატამ და მაშინვე გაშეშდა. საბა იდგა კარში. ბიჭი, რომელსაც ბრალდებოდა მისი ძმის სიკვდილი. ჯერ კიდევ ფორმა ეცვა, პოლიციის ჟეტონი წვიმის წვეთების ფონზე უფრო გამომწვევი ჩანდა. ყველას მზერა ერთდროულად შეჩერდა კარში ურყევად მდგომზე, რომელიც მზერას არ აშორებდა ნატას. ჩურჩული შეწყდა. იგრძნო გოგომ როგორ გაწყდა მათ შორის ის მცირედიც, რაც აკავშირებდათ აქამდე. აივნიდან შემოიჭრა სუსხიანი ნიავი, თან შემოიყოლა წვიმისა და ჯერ კიდევ გაუხარელი მცენარეების სურნელი. - საბა, - გამოაფხიზლა ნატა ფიქრებიდან უცხო ხმამ, ვერ აღიქვავდა ვინ იყო მოპასუხე. ნატასთვის ქალი უსახო იყო, როგორც ოთახში მყოფი უმრავლესობა. - ჯობია წახვიდე, - გააგრძელა ქალმა. თუ..თუ საბა დამნაშავე იყო, მაშინ რას აკეთებდა აქ?! მისთვის რატომ არ უთქვიათ არაფერი?! გულზე მწარედ გაკრა ტკვილმა. მისი ცხოვრებიდან აღარაფერი დარჩენილიყო თავის ადგილას. -შენ, რომ არა, არ მოკვდებოდა ჩემი შვილი! - აქამდე შეკავებული კივილი აღმოხდა დედამისს. თვალები დახუჭა ნატამ. ვერ გაუძლებდა. მის თვალწინ პატარა ძმა ესვენა, წინ კი ბიჭი იდგა, რომელიც უყვარდა, ჩუმად და მხოლოდ თავისთვის. ფერწასულ დედამისს თავს დაეხვივნენ ქალები, რომელმაც დატირება კვლავ განაგრძო. ზოგი მსუბუქად ეხებოდა სახეზე, ზოგი - თმაზე, მის დამშვიდებას ცდილობდნენ. არ უყურებდა მათ. თვალები ისევ ბიჭისთვის გაეშტერებინა, რომელიც მისკენ ნელა მოიწევდა. თითქოს ყველა ნაბიჯში ზომავდა სიფრთხილეს. მის წინ მუხლებზე დაეშვა, და ნატას გაყინულ თითებს საკუთარი ხელები ჩასჭიდა. პირველად იყო მასთან ასე ახლოს. მთელი ამ წლების განმავლობაში პირველად შეეხო მის კანს. რამდენჯერ უოცნებია, მაგრამ არ ყოფილა ის ფიქრები ისეთი მწარე და აუტანელი, როგორც რეალურად. თითქოს სათითაოდ, ყველა უჯრედში, უჭერდნენ ნემსები, აეწვა თითები. - ნატა,- ჩახლეჩილიყო ბიჭის ხმა, - ვიზიარებ. - გაწითლებული თვალებით გაუსწორა მზერა. - არც კი წარმომიდგენია რას გრძნობ, მაგრამ გეფიცები… - ჩურჩულებდა მის ხელებზე თავდაყრდნობილი, - გეფიცები გავარკვევ ყველაფერს. - საბა, - პირველად ამოიღო ხმა ამ დღეების განმავლობაში, ირგვლივ გაირინდა ყველა, მისი სიტყვების მოლოდინში. - მითხარი, შენ… შენ.. - არა, ნატა, - ღრმად ამოისუნთქა ბიჭმა, გასწორდა და მხარზე მიეყრდნო გოგოს, - გეფიცები, არა. - მჯერა, - ჩაიჩურჩულა ხმადაბლა, მაგრამ მისწვდა მისი ხმა ყველას. ამ დღის შემდეგ არასდროს დაავიწყდებოდა ნატას, როგორ შეხედა დედამისმმა. აქამდე უკვე მიჩვეული იყო მის მუდამ იმედგაცრუებ მზერას, მაგრამ ამხელა ემოცია, რასაც იმ წუთას ირეკლავდა ცრემლები, არ უგრძნია გოგოს. ცივად გასცრა სხეულში. ოჯახთან დაკავშირებული ფსკერი კიდევ და კიდევ, უფრო ღრმავდებოდა. ისევ დაბრუნდა ოთახში ხმები. თითოეული მთელი ძალით, რომ იჭრებოდა მის თავში. ისევ მშრალი ჰქონდა სახე. სხვას ყველას ცრემლიანი. - ნატა, - ამოიხრიალა დედამისმა, - გადი და თვალით არ დამენახო. საკუთარი ხელით დამარხა თავისი გაზრდილი ძმა. პატარა ნიკო, რომელიც უსამართლოდ აღმოჩნდა არასწორ დროს, არასწორ ადგილას. მხრებზე ეხვეოდა ბიძაშვილის, სანდროს, ხელები. ისე ძლიერად ეჭიდებოდა, რომ ძალა გამოცლილი თავადაც არ გადაჰყოლოდა საფლავში. - ნატა, - ეჩურჩულებოდა ჩუმად, - მოდი, გამო ცოტათი. მიწით ევსობოდა ფრჩილები. ტიროდა ცაც. წყლის წვეთები მთელი სიძლიერით აწყდებოდა მათ სხეულებს. - ნიკა, ჩემო გაუხარელო შვილო, - დაიკვნესა დედამისმა, - არ გაიხაროს ვის გამოც წევხარ ამ ცივ მიწაში, ვის გამოც ვერ გაიზარდე, ვის გამოც ვერ აისრულე ოცნებები… მე რა გავაკეთო შვილო?! ახლა რა გავაკეთო ნიკა?! ისევ ამაგრებდნენ მის სხეულს სხვები. გვერდით ამოსდგომოდა ქმარიც. გაყინული სახით რომ დაჰყურებდა შავ მიწას. ცივ თვალებში ახლაც არ ეტყობოდა ემოცია, ზემოდან უყურებდა ხალხს და მალავდა უამრავ რამეს, მის თითოეულ მოძრაობაში. ვერ დაინახა მამის თვალებში ტკვილი, მხოლოდ ისევ ის სიცივე ჩანდა, რაც ბავშვობიდან აჩრდილად დაყვებოდა. სასაფლაოს ირგვლივ შეკრებილიყო ხალხი შავი ქოლგებით. მათი ცრემლები და ბეღურების ჭიკჭიკი ერეოდა წვიმას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.