უთქმელი სიტყვების ღაღადი (დასასრული)
ზაზასა და თამთას სიყვარულის ისტორია ძალიან ჰგავდა ჩემსას, ამიტომ ჩანაწერების წაკითხვამ კიდევ უფრო მეტად იმოქმედა ჩემზე. მეც ბატონი ზაზას მსგავსად გავურბოდი სიყვარულს, ოღონდ, მიზეზი სხვა მქონდა. ჩემი მშობლების უიღბლო ქორწინების გამო ჩემთვის ქორწინება ბედნიერებასთან არ ასოცირდებოდა. მეშინოდა, რომ თუ დავოჯახდებოდი, თავიდან რაც არ უნდა ძლიერ გვყვარებოდა ერთმანეთი, მაინც ყველაფერი ცუდად დასრულდებოდა. ძალიან მეშინოდა დიდი სიყვარულის უიღბლო დასასრულით გამოწვეული იმედგაცრუების. ხუთი წელი ვმეგობრობდი დიტოსთან. ისიც საავადმყოფოში მუშაობდა, ექიმი იყო. თავიდან მხოლოდ მეგობრობა იყო ჩვენ შორის, მაგრამ მას შემდეგ, რაც მასზე ეჭვიანობა დავიწყე, მივხვდი, რომ ის ჩემთვის მეგობარზე მეტი გახდა. ეს ადამიანი უკვე იმდენად ახლობელი იყო, რომ ვერც წარმომედგინა, მის გარეშე ცხოვრება. მძულდა ყველა გოგო, რომელიც მას ეკეკლუცებოდა. თან რადგან მისთვის მხოლოდ მეგობარი ვიყავი, ვერაფერს ვეუბნებოდი. რა უფლებით უნდა მეეჭვიანა მასზე, როცა ერთხელ ვითომ ხუმრობით მკითხა, როგორც ბიჭი თუ მოგეწონებოდიო და მე ჩემი სულელური შიშების გამო ვუპასუხე, რას ამბობ, შენ ჩემთვის მხოლოდ მეგობარი ხარ-მეთქი. მაშინვე სახე შეეცვალა და იმის მერე თითქოს თავს მარიდებდა. აღარ ვიცოდი, როგორ გამომესწორებინა დაშვებული შეცდომა. გავიფიქრე, იქნებ ბატონი ზაზა დამეხმაროს-მეთქი. მის ამბავს ვგულისხმობდი. დიტოს ვუამბობდი ამ ისტორიას და შემდეგ მივანიშნებდი, რომ შეიძლება ადამიანი თავიდან მხოლოდ მეგობარი იყოს შენთვის, მაგრამ დროთა განმავლობაში მის მიმართ უფრო მეტიც იგრძნო და სანამ მას დაკარგავ, აუცილებლად უნდა უთხრა სიმართლე. გადავწყვიტე, დავლაპარაკებოდი, მერე რომ არ მენანა. დიტოს დავურეკე. ვთხოვე, პარკში გამოდი, ძველებურად ვილაპარაკოთ-მეთქი. ისიც დავამატე, რომ ძალიან მომენატრა ჩვენი გულახდილი საუბრები, მაგრამ მითხრა, კატო, ბოდიში, დაკავებული ვარ, პაემანი დავუნიშნე ერთ გოგოს და ვერ შეგხვდებიო. კარგი-მეთქი, ამოვილუღლუღე და ტელეფონი გავთიშე. ჩავთვალე, რომ ეს დასასრული იყო. ყველაფერი იქამდე დამთავრდა, სანამ დაიწყებოდა. ასეთი ტკივილი ცხოვრებაში არ მიგრძვნია. გოგოები ადრეც ეკეკლუცებოდნენ, მაგრამ დიტო არავის აქცევდა ყურადღებას. ახლა კი პაემანი დავუნიშნეო, თქვა. ესე იგი, თამთასი არ იყოს, დაიღალა ჩემი სიყვარულის უიმედო ლოდინით და გადაწყვიტა დავევიწყებინე. ამ ფიქრებში გართული გზაზე გადავდიოდი, ვერ შევნიშნე დიდი სისწრაფით მომავალი მანქანა და... თვალი რომ გავახილე, პალატაში ვიწექი. უცნაური განცდა მქონდა. მედდა უცებ პაციენტის ამპლუაში აღმოვჩნდი. გარეთ წვიმდა. ღია ფანჯარასთან დიტო იდგა. როგორც კი დამინახა რომ გავიღვიძე, მაშინვე მომიახლოვდა და მითხრა, როგორ შემაშინეო. მე კი ეჭვიანი შეყვარებულივით ვუპასუხე, შენ ახლა პაემანზე არ უნდა იყო? ჩემთან რა გინდა-მეთქი. გაეღიმა და მითხრა, პაემნის ამბავი სპეციალურად მოვიგონე, მინდოდა ჩემზე გეეჭვიანა, მაგრამ ახლა ძალიან ვნანობ, ამ სისულელის გამო კინაღამ სამუდამოდ დაგკარგე და მერე მე უშენოდ რა მეშველებოდაო. სიყვარულის ახსნა ყოველთვის სხვანაირად წარმომედგინა, თითქოს აუცილებლად სიტყვა "მიყვარხარ" იყო საჭირო, მაგრამ იმ წუთას მივხვდი, რომ დიტომ ისე ამიხსნა სიყვარული, ეს სიტყვა არც უხსენებია. ზაზას ისტორიის მოყოლა არც დამჭირვებია, ისე აეწყო ყველაფერი. ზოგი ჭირი მარგებელიაო, ამაზეა ნათქვამი. ფეხი მოვიტეხე, მაგრამ ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნებოდა იმ დღეს. მეც აღარ დავუმალე, რომ მასზე გაგიჟებით ვეჭვიანობდი მანამდეც და ყველა გოგოს სიამოვნებით გავწეწავდი, ვინც მას ეკეკლუცებოდა. იმდენი ვიცინეთ, ალბათ ვინმეს რომ დავენახეთ, იტყოდა, ფილმის გადაღებაა, თორემ ნამდვილი პაციენტისგან ტირილი ან კვნესა უფრო მოსალოდნელია, ვიდრე სიცილიო. ასე გავხდით მე და დიტო შეყვარებულები. რაც შეეხება დაოჯახების შიშს, დიტოს დაკარგვის შიშმა ჩემს ყველა სხვა შიშს გადააჭარბა, ამიტომ როცა ცოლობა მთხოვა, ბევრი არც მიფიქრია, მაშინვე დავთანხმდი და დღეს უზომოდ ბედნიერი ვარ, მისი მეუღლის რანგში. ბატონო ზაზა, პირობა შესრულებულია. ვიცი, თქვენი და თამთას სიყვარულის ისტორიაც არ დასრულებულა სიკვდილით და იმქვეყნადაც განაგრძობთ ერთმანეთის სიყვარულს. კიდევ რას მივხვდი, იცით? თურმე წვიმას სულ სხვადასხვანაირად აღიქვამს უბედური და ბედნიერი ადამიანი. თქვენ წვიმის წვეთების ხმას უთქმელი სიტყვების სასოწარკვეთილ ღაღადად თვლიდით, ჩემთვის კი, როცა პალატაში დიტომ სიყვარული ამიხსნა, წვიმის ხმა სერენადა იყო, ახლა კი წვიმის წვეთები პატარა ცელქი ბავშვები არიან, იმ პატარას მსგავსი, რომელიც მალე ჩემს ბედნიერებას კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.