შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჰერმესის სონატა (სრულად)


გუშინ, 23:32
ავტორი Katerina.
ნანახია 49

„ჰერმესის სონატა“


ღამე, რომელმაც უკუგაგდო, ძილში ჩაწყდება,
ჭირხლის ცრემლებზე მოცინარი ბევრჯერ მინახავს.
ჩემს ხელისგულზე უშფოთველად თვლემენ სიზმრები,
შენ ხელისგულზე მზეებს ინახავ.


თავი 1

“შინ დაბრუნების ეპოპეა”

არაფერი იყო ნამდვილი. არც არაფერი გამოგონილი.

ქალის ხმამ გამოაფხიზლა, რომელიც მომდევნო გაჩერების შესახებ აუწყებდა, თვალები მოიფშვნიტა და თითქმის დაცარიელებულ ვაგონს უაზროდ მოავლო მზერა. სკამის საზურგეზე უხეიროდ ჩამოდებული თავის გამო კისერი დაჭიმვოდა. ატკივებული კეფა ხელით მსუბუქად დაიზილა და ბეჭებში გასწორდა. მატარებლის მაღალი, მოგუგუნე ხმა, თითქოს გვირაბის შორეული, სასოწარკვეთილი გამოძახილი ყოფილიყოს, უსიამოვნოდ ჩაესმოდა. ჩუმად ამოიხვნეშა დაღლილმა. მოპირდაპირე ფანჯარაში საკუთარ სახეს გაუსწორა მზერა. გრძელი, ყავისფერი თმა ოდნავ აწეწვოდა, წაშლილი მიმიკები კიდევ უფრო შესამჩნევს ხდიდა მის უხასიათო განწყობას. თვალი ანარეკლზე გაუშეშდა. გაიფიქრა, კიდევ რამდენ ხანს უნდა გაგრძელებულიყო ეს ყოველდღიური, მომაბეზრებელი რუტინა? სახლში უნდოდა, თბილ საწოლში, მზრუნველი მკლავების ქვეშ, რომელიც სხვა ყოფით სირთულეებს მის მაგივრად გაუმკლავდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ არც საკუთარი სახლი გააჩნდა, არც რბილი საწოლი(რადგან ქვასავით მაგარ დივანზე უწევდა ღამის გატარება) და არც ის ადამიანი ჰყავდა, ვისაც დაეყრდნობოდა. მატარებლის გაჩერებისთანავე გამოფხიზლდა, აზრების მოსაკრებად თავი გააქნია და ვაგონიდან გავიდა, ბაქანზე ხალხის მცირე მასას შეერია, ესკალატორისკენ გაიკვალა გზა და კიბეზე შედგა. ყელზე შემოხვეულმა შარფმა წამიერად სული შეუხუთა, მოიხსნა, ხელში მოიქცია ნაცრისფერი, აფუებული მატერია, პალტოს პირველი ორი ღილიც შეიხსნა და შიშველ ყელზე ნაგრძნობი სიცივის გამო გააჟრჟოლა კიდეც. მეტროსადგურიდან თვალებდაბინდული გამოვიდა. დაკვირვებით ახედა ცას. ჯერ ექვსი საათიც კი არ იყო, უკვე შებინდებას იწყებდა. ეზარებოდა შინ მისვლაც, არადა, გამოძინება ახლა ყველაფერზე მეტად სჭირდებოდა.
უხალისოდ აიარა კიბეები. კართან შედგა და გასაღები ხელში მოიქცია. საკეტს გასაღები მოარგო და ბინაში შევიდა. ისევ სიბნელე შემოეგება ერთგული მეგობარივით. შუქი აანთო და პატარა, სტუდიო საცხოვრებელს თვალიც კი არ მოავლო, პალტო გაიხადა, საწოლად განკუთვნილ დივანზე მიაგდო და სააბაზანოში გავიდა, ხელები დაიბანა, ცივი წყალი რამდენჯერმე შეისხა სახეზე და საკუთარ თავს გამოფხიზლება აიძულა. ოთახში დაბრუნდა, მაცივარს მიაშურა, გამოაღო და შიმშილის გამძაფრებული შეგრძნებაც მოაწვა. შიმშილს აუტანელი ტკივილიც მოჰყვა გულ-მკერდის არეში. ნელ-ნელა, მტაცებელივით შემოეპარა არსაიდან. თავბრუ დაესხა, გულზე ხელი იტაცა, მეორით მაცივრის კარს ჩამოეყრდნო, თავი შეიმაგრა, თუმცა ბოლომდე ვერ შეძლო და ჩაიკეცა. ტკივილნარევი, განწირული, უიმედო კვნესა აღმოხდა პირიდან და იატაკზე მოიკუნტა. მარტო იყო, არავინ ჰყავდა მშველელი. ისევ მოაწვა ნაცნობი სასოწარკვეთა. ბოლო თვის განმავლობაში უკვე მესამე შემთხვევა იყო-განცდა ამ აუტანელი, შიშისმომგვრელი შეგრძნებისა, მაგრამ ის მნიშვნელოვანი მომენტი, რომლიდანაც მისი ისტორიის თხრობა იწყება, სწორედ ეს დღეა.
მის სახლში ერთი ოთახია. ეს ოთახი ვერც სინათლეს იტევს და ვერც თავის მაცხოვრებელს.
სინათლე უღიმღამო და უმნიშვნელოა ქალაქისთვის. ათასი ფანჯრიდან გამოტყორცნილ ნათებაში იკარგება და სულაც არ აფიქრებინებს გამვლელს, რომ სადღაც მისი თანამოქალაქე სულისშემხუთავ აგონიას ებრძვის.
და მაინც, რა აქცევს ამ დღეს განსაკუთრებულად მის ცხოვრებაში?
ალბათ ის, რომ ამჯერად ტკივილს ვეღარ გაუძლო. შარვლის ჯიბიდან როგორღაც ტელეფონი ამოაცურა და ზარი გაუშვა. შეეცადა ქვითინი შეეკავებინა, გამართულად მეტყველებაში ხელი რომ არ შეშლოდა, თუმცა მარტო ისღა შეძლო, რომ მისთვის მოსვლა ეთხოვა. მზერა დაებინდა, ერთთავად აუჭრელდა ფერები თვალებში. ტკივილმა არ გაიარა, პირიქით გაიზარდა და ამ გამჭოლმა, მწველმა გრძნობამ ყელში წაუჭირა, მუცლისკენაც გადაინაცვლა, კიდურებში მოედო და უფლება არ მისცა საკუთარ სხეულს ჩახუტებოდა.
რა მარტო იყო და როგორი უსუსური. საკუთარი თავი პირველად შეეცოდა ცხოვრებაში. იფიქრა, ალბათ სიკვდილიც ასეთი შავბნელი იქნებოდა. არავინ ეჯდებოდა სასთუმალთან, არავინ მოუჭერდა ხელზე ხელს, არავინ შეუმსუბუქებდა ცივ მარტოობას თავისი სიახლოვით.
სმენაც დაებურა. კარის გაღების ხმა მატარებლის წეღანდელ, შორეულ გუგუნად აღიქვა. მერე მისკენ სახე დაიხარა. კაცის მოყავისფრო თვალები აღიქვა დაძაბულმა გონებამ. სურდა დაეჯერებინა, რომ სანდო ხელში იყო, ძალა აღარ ჰქონდა ეფხიზლა. თავს უფლება მისცა დაესვენა. მოდუნდა, ღრმა სუნთქვაც შეწყვიტა, თვალები დახუჭა. მერე ტკივილმაც გაიარა.


***
თითქოს რამე უნდა შეცვლილიყო, მაგრამ არა. ისევ ცხადად აღიქვამდა რეალობას და პალატის ქათქათა, თეთრ საწოლზე მწოლიარე უინტერესოდ აჰყურებდა თავზე დამდგარ თეთრხალათიანს.
საშინელი დეჟავიუ იგრძნო. პირში სიმშრალე აწუხებდა და გაბრუებულს საღ აზრზე მოსვლა ყველაფერს ერჩივნა.
- ჩემი გესმით?-ექოდ გავრცელდა გონებაში ქალის მრუმე ხმა.
ნილას ეგონა ასეთ მდგომარეობაში ოდესღაც უკვე უნდა ყოფილიყო. წამით ისიც გაიფიქრა, რომ კარის გაღების ხმა უნდა გაეგო. მერე ასეც მოხდა. ოთახში შემოაბიჯეს.
-გაიღვიძა? -იყო ანაზდეული კითხვა.
-კი, მაგრამ ვერ რეაგირებს.
-მიმიშვი.
ქალის ფერმკრთალი სახე სათვალიანი მამაკაცის კუშტმა, ნაცნობმა გამომეტყველებამ ჩაანაცვლა.
-ნილა, თუ ჩემი გესმის, შეგიძლია ხელზე მომიჭირო?
ნილამ დალაპარაკება სცადა, მაგრამ ხმა ვერ ამოუვიდა ყელიდან. სამაგიეროდ გამჭოლ ტკივილს აღარ გრძნობდა გულის არეში, უჩვეულოდ გაბრუებული დანებდა და მარჯვენა ხელისგულზე ნაგრძნობ სითბოს უპასუხა, თითები მოხარა.
-ძალიან კარგი.-მიუგეს და თვალები ძლიერმა, თეთრმა სინათლემ აუწვა. აუცრემლიანდა. სწრაფად დაახამხამა.
-ჩაწერე, რომ მგრძნობელობა აქვს, ესმის, რეაგირებს, მაგრამ ვერ მეტყველებს. შოკის ბრალია, სხეული ჯერაც არ დაწყნარებულა, გადასხმა დაიცალოს და დამიძახე.
ნილას ექიმის ლაპარაკი ესმოდა, მაგრამ ვერ მოძრაობდა. ბუნდოვან კადრებად აღიქვამდა მომწვანო ჭერს, თვალის კუთხეებიდან ექიმების მოძრაობას. შუბლზე თბილი ხელისგული იგრძნო. სათვალიანი კაცი უღიმოდა.
- ტკივილი და გულის წასვლა პანიკური შეტევით იყო გამოწვეული. ახლა დასვენება გჭირდება, შეეცადე დაიძინო, საყვარელო.
მაგრამ არ ეძინებოდა. დრო აინტერესებდა. აინტერესებდა რამდენ ხანს იყო გათიშული. ჯერაც გონს ვერმოსული იმედოვნებდა, რომ სამსახურის გაცდენა არ მოუწევდა. უღონოს უსამართლობის მწარე შეგრძნება მოსწოლოდა ყელში ცრემლებად, მაგრამ მხოლოდ იმას ახერხებდა, თვალის კუთხეებიდან უმისამართოდ გაეგზავნა სისველე. სველ სახეზე რაღაც თბილი და რბილი შეიგრძნო.
-ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგადაა-სათვალიანი ექიმი სწმენდდა ცრემლებს უხმოდ ატირებულს-დაიძინე, რომ მალე გაიღვიძო. არაფერია, უკეთ იქნები.
“არაფერია, უკეთ იქნები.“
რამდენი ხანი იყო მსგავსი სიტყვები არ მოესმინა. ალბათ მათი ბრალი იყო, ასე უცებ რომ მოდუნდა. თვალები დახუჭა. ისევ აუჭრელდა გონებაში ყველაფერი. მოეშვა. იცოდა, ძალით ყოფას თავს ვერ დააღწევდა. წარმოიდგინა, როგორ გამოკეთდებოდა, საავადმყოფოდან გამოსული პირდაპირ მწვანე ინტერიერის მქონე კაფეში შეივლიდა და რამე გემრიელსა და ტკბილს შეჭამდა. ჰო... რაღაც ამდაგვარს გააკეთებდა.
მალევე ჩაეძინა.


***

წვრილად ცრიდა. თებერვლის ნაცრისფერი, მოღრუბლული ცა ქალაქს უღიმღამობის ელფერს სძენდა. ნილას საშინლად არ უყვარდა ასეთი ამინდები, თითქოს ყოველგვარი სიცოცხლის ნიშანწყალს მოკლებულიყო დედამიწა.
-ჩაიცვი?-პალატის კარი შემოაღო გამხდარმა, მაღალმა, ასაკიანმა ექთანმა და ნაცრისფერ, გრძელ პალტოში გამოწყობილს შეხედა. ნილამ პაციენტებით გადავსებულ პალატას თვალი მოავლო და საწოლიდან წამოდგა, ქალს მიუახლოვდა და წინ გასულს უკან გაჰყვა.
-შედეგები როგორია? რა თქვა სანდრომ?
-არვიცი, ჩემო კარგო, არც მინახავს. თვითონაც ახლახან გათავისუფლდა, შედი და ყველაფერს აგიხსნის, მე მისახედი მყავს ერთი ინსულტიანი მესამეზე და...
ნილა აღარ უსმენდა, დაემშვიდობა და ექიმის კაბინეტისკენ განაგრძო გზა. წლის ამ პერიოდში, საავადმყოფო ახლაც გადავსებული იყო. დერეფნებში მორბენალ მედ-პერსონალს შორის სურდოიანი პაციენტებიც მიკვლევდნენ გზას. ახალგაზრდა ქალი დერეფნის ბოლოში რუხ კართან გაჩერდა. დააკაკუნა, შევიდა.
-მოდი, ნილა! სახეზე ფერი მოგსვლია!-ზემოდან შეავლო მოცისფრო თვალები საშუალო ხნის, ამჯერად მხოლოდ შავ პერანგში გამოწყობილმა კაცმა. ნილას გაახსენდა, დილითაც ის ამოწმებდა და მაგიდის წინ მდგარ რუხ სავარძელზე ჩამოჯდა.
-ახლა ჩხუბი უნდა დამიწყო?
-შედეგები კარგი აღმოჩნდა, ამიტომ სხვა რამის გამო უნდა გეჩხუბო. -ასწია წარბი. ნილა გამომშრალი თვალებით უყურებდა მოსაუბრეს.
-შენს გულს არაფერი სჭირს. არც სიმსივნური წარმონაქმნებია მკერდში, არაფერი-ფურცლები დაულაგა წინ- სისხლის მონაცემებში ჰემოგლობინი გაქვს მხოლოდ დაბალი. და როგორც ვვარაუდობდი, შენი ეს ტკივილები ამის ბრალია-საფეთქელთან მიიდო კაცმა თითი.
-თავიდან ასე არ ფიქრობდი-ირონიით მიუგო გოგომ.
კაცმა გაიღიმა, თავი უარყოფის ნიშნად გააქნია.
-ფსიქოლოგი გინდა. დეპრესიის აშკარა ნიშნები გაქვს. და რამდენი ხანია რაც ეს ყველაფერი გრძელდება? -აიქნია ხელი ქალის მისამართით-ხუთი თვე? შვიდი? -ნილამ საპასუხოდ მხოლოდ თვალები აატრიალა. -ამას კიდევ შეტევებიც დაემატა. რა გგონია, სადამდე გაატან თუ თავს არ მიხედე?
-დრო არ მაქვს!
-საკუთარ ჯანმრთელობაზეა ლაპარაკი!
-ვცდილობ რომ ვიარსებო, სანდრო, ფსიქოლოგისთვის და წამლებისთვის არც თანხა მაქვს ამ ეტაპზე, არც ნერვები, აღარც დრო.
-სტუდენტური დაზღვევა?
ახალგაზრდა ქალმა მხოლოდ ამოიხვნეშა. სანდრო სავარძელზე გადაწვა და დაკვირვებული მზერა დაასო წინ მჯდომს. სიფერმკრთალე კიდევ უფრო ასევდიანებდა ნილას სახეს.
-გადაიწვი.
-ცხოვრებამ იცის. - შეეცადა გაეღიმა, თუმცა ტუჩის კუთხის უხეიროდ აწევა გამოუვიდა მხოლოდ. თვალები მოიფშვნიტა. -წავალ რა.
-რამეთი მაინც გაერთე ხოლმე. შეეცადე ყოველდღიურობაში რამე სასიამოვნო აქტივობა შეიტანო-ცხვირზე დაკოსილი ოთხკუთხა სათვალე მოიხსნა კაცმა. -ფსიქოლოგს მე გიშოვი.
-ხომ გითხარი!-დაიწუწუნა გოგომ და წამოდგა.-ტომოგრაფიისა და ანალიზის თანხაც შენ გადაიხადე, მე კიდევ ყოველ ჯერზე, კაპრიზიანი ბავშვივით უგერგილო მადლობას გიხდი, და ჩემი უნამუსობა სადამდე გასტანს....
-რა სისულელეებს ამბობ თუ ხვდები?-შეაწყვეტინა ექიმმა.-ჩემი შვილი ხარ!
-არ ვარ!
-ფორმალურად ჩემი შვილი ხარ. -გოგოს რეპლიკაზე გაეცინა.-დედაშენის სიკვდილი ავტომატურად ჩვენი ურთიერთობის შეწყვეტას არ ნიშნავს, ამას უნდა იაზრებდე, მერამდენედ გითხრა.
-ვიცი, უბრალოდ რთულია ჩემთვის იმ სახლში მის გარეშე ცხოვრება. და...-წინადადება ვეღარ გააგრძელა, ხელი კაცის მისამართით აიქნია ჰაერში.
კაცმა კი გაგების ნიშნად თავი ნაღვლიანად დაუქნია.
ნილას ზოგჯერ სიტყვები იმაზე არასაკმარისად ეჩვენებოდა, ვიდრე ისედაც იყო. მითუმეტეს, მაშინ, როცა სანდრო უანგარო, გულთბილი ღიმილით უღიმოდა, გოგო ერთ სიტყვაში ვეღარ ატევდა გულწრფელ ემოციასა და მადლიერებას და ეს აგიჟებდა. ამიტომაც ვერც ახლა შეიკავა ცრემლები საკუთარი უსუსურობის გამო, და მამინაცვალს მისი ტირილი რომ არ დაენახა, ზურგი აქცია და მისგან დაუმშვიდობებლად დატოვა ოთახი.
გარეთ წვიმას მოემატა. წეღანდელი ნამი თავსხმას ჩაენაცვლებინა და სიცივე კიდევ უფრო შესაგრძნობი გამხდარიყო.
-შენღა მაკლდი!-შეუბღვირა ცას და მოიბუზა. გამჭვირვალე კარიდან გარეთ სივრცე მოათვალიერა. საავადმყოფოს მოპირდაპირე ქუჩაზე კაფეს მოჰკრა თვალი. ხშირად შეუმჩნევია, მაგრამ შიგნით შესვლის სურვილი არც ერთხელ გასჩენია. მერე სანდროს დარიგება გაახსენდა და ქურთუკში საფულე მოიძია. კაცის მადლობელი დარჩა, რომ ბინიდან ნივთები მოუტანა. ფული გადაამოწმა, ნაცრისფერი კაშნე თავზე წამოიფარა, გაწეწილი, გრძელი თმა დამალა, რომ არ დასველებოდა და ცივ თავსხმაში გავარდა. ბედად, ტრანსპორტი წითელზე იდგა, ზებრაზე გადაირბინა და შენობის კარი სწრაფად შეაღო. როცა ამოისუნთქა, ქურთუკი დაიბერტყა და კაშნე მოიხსნა, კაფეს მაშინღა მოავლო თვალი. სადა, მწვანე ინტერიერი მოხვდა თვალში და სხეულში უცნაური, სიმშვიდისმომგვრელი სითბო ჩაეღვარა. ხალხი თითქმის არ იყო. კუთხეში დაჯდა და სიმყუდროვეში სიხარული იგრძნო. მიმტანს კრემიანი ნამცხვარი შეუკვეთა და ტელეფონს დახედა. შუადღე კარგა ხნის გადაწურული იყო. შიმშილის გამძაფრებული შეგრძნება მუცელს უწვავდა. დილიდან მხოლოდ სანდროს მოტანილი მცირეოდენი ხილფაფა ეჭამა და ერთი სული ჰქონდა, მიმტანი შეკვეთას როდის დაუდებდა თვალწინ.
აუღელვებლად დაჰყურებდა ტელეფონზე გამოტოვებულ რამდენიმე ზარს. სამსახური ასე უპასუხისმგებლოდ არასოდეს გაუცდენია, ახლა კი საკუთარი თავის უკვირდა, იოტისოდენა დანაშაულსაც რომ არ გრძნობდა. ძალიან დაღლილი იყო და სანდროს სიტყვებისა არიყოს, კარგად ხვდებოდა ყოველდღიურობისგან დაქანცული, ასე დიდხანს ვერ გააგრძელებდა. საკუთარ სიჯიუტეს ჯანმრთელობას ვერ შესწირავდა.
წინ ნამცხვრის მოზრდილი ნაჭერი დაუდეს და შეკვეთის საფასური გადაიხადა. ჩანგლის პატარა ნაწილი ჩამოაჭრა კრემიან დესერტს და ნეტარებით დააგემოვნა. პირში ჩაადნა ტკბილი ყავის არომატი. ბეჭებში გაიშალა, კაფეს თვალი მოავლო.
მერე კი სხეულში ნელ-ნელა სიცივე შეეპარა. ახსოვდა ამ შეგრძნების მწველი აუტანლობა. საშინელი დეჟავიუ მოაწვა, მაგრამ უარესი ის იყო, რომ ეს განცდა სულაც არ იყო თავისი გონებისგან ნაკარნახევი. ნამცხვარს დააკვირდა. კაფის მომწვანო ინტერიერიც ახლა უფრო თვალშისაცემი გახდა. ნილამ მხრები დაუშვა და თითქოს წამებში დაპატარავებულმა, გაანალიზა რომ ეს მომენტი წარსულში უკვე ნახა. წუთის წინ სანატრელი ნამცხვარი შეზიზღდა. კაფეში თითქოს ჰაერიც გამქრალიყო, სასოწარკვეთის შეგრძნება მოაწვა და გარეთ გასვლის აუტანელმა სურვილმა სძლია მის მოკანკალე სხეულს.
ნამიან ასფალტზე გააბიჯა. წვიმა შეწყვეტილიყო. გონებაგაფანტული ვიწრო ტროტუარის დაღმართს ჩაუყვა. თავში ათასი საშინელი აზრი დაუტრიალდა.
საკუთარი მომავალი არასოდეს ენახა.
-ღმერთო, რატომ დამცინი?-ჩუმად დასცდა ბაგეებს. ღრმად სუნთქავდა, გულ-მკერდში ტკივილის პატარა საცეცები ეპარებოდნენ. შეჩერდა, ნაბიჯის გადადგმაც ვერ შეძლო. ხელში მოქცეული პალტო სხეულზე მიიხუტა და უმისამართოდ დაიწყო ქუჩაში ყურება. კანტიკუნტად მოძრაობდნენ გამვლელები და ნაცრისფერი ცა დასწოლოდა ზემოდან დედამიწას. ღრუბლები ძალიან ახლოს ეჩვენნენ.
ასე ვერ დანებდებოდა. გაფაციცებით მოათვალიერა გარემო. მობუზული ხალხი სწრაფად უვლიდა გვერდს. ვინმე სჭირდებოდა, რათა საკუთარ ვარაუდში დარწმუნებულიყო. ვინმე მარტივად დამყოლი, ისიც სულ რამდენიმე წამით...
მისკენ მომავალი ბავშვი დალანდა. მაღალ ქალს შვიდიოდე წლის გოგონასთვის ხელი მჭიდროდ ჩაეჭიდა და ტროტუარზე მოსეირნობდნენ.
ნილამ გამბედაობა მოიკრიბა, აკანკალებული კიდურები მოაბილიზა და ის იყო, გამვლელებს მისთვის გვერდი უნდა აეარათ, დაიხარა და გოგონას მეორე, თავისუფალი ხელის მტევანი დაუჭირა. პატარა, გაყინული ხელისგული მოიქცია მუჭში. ბავშვი ატირდა, მისი თანმხლები ქალი კი აღშფოთებისგან აენთო და ნილას მხარში ჩაეჭიდა, პატარა გოგონასთვის რომ მოეცილებინა. მაგრამ ნილას მისი მუქარა და გაბრაზებული ხმა არ ესმოდა. რაწამს ბავშვის ხელისგულს შეეხო, მაშინვე იგრძნო, როგორ ჩამოწვა ირგვლივ მრუმე ბურუსი და ქალი სამყაროსგან შორს გასტყორცნა რაღაც უხილავმა ძალამ. და დაინახა იგივე, პატარა სხეული, ოღონდ ამჯერად საავადმყოფოს თეთრ პალატაში, ვიღაც, საწოლზე მწოლიარე, ფერწასულ კაცს ეხუტებოდა. გუმანით მიხვდა, რომ კაცი კომიდან ახლადგამოფხიზლებული იყო.
და ზმანებაში ჩაკარგული ნილა ხელის მწარე კვრით გამოაფხიზლეს. თვალებიდან ბურუსი გადაეწმინდა, ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და თავი ზემოთ ასწია. ცივმა ქარმა დაუსუსხა მოშიშვლებული ყელი. მის ფერმკრთალ სახეზე ცრემლი ჩამოგორდა. ვედრებისგან დაღლილ თვალებში დანებება და მარცხი ჩაბუდებულიყო.
-ნორმალური ხარ საერთოდ? ბავშვს ხელი გაუშვი!- წინ მდგომი ქალი გაავებული ჩაჰფრენოდა ნილას მაჯას, რომელიც ისევ გოგონას მტევანს ჩაბღაუჯებულიყო. ელდანაკრავივით შეუშვა ხელი ბავშვს.
- მაპატიეთ...- ამოილუღლუღა დაბნეულმა.
-ამას პატიება არ უშველის, რა საქციელია საერთოდ, შვილის ცრემლები გაპატიო? რა ქენი ხვდები?! პოლიციაში ვრეკავ, ახლავე!- და მანტოს ჯიბიდან მობილური ამოიღო ქალმა.
ნილა ადგილიდან არ იძვროდა. ისევ ძირს, დედას მიხუტებული, შეშინებული გოგონასკენ ჩამუხლულიყო და შოკისგან ხმაწართმეული იყურებოდა სადღაც შენობებს მიღმა. სანამ უცნობი ტელეფონზე ციფრების აკრეფას მოასწრებდა, მობილური აწკრიალდა., მოუთმენლად უპასუხეს. გამვლელი ქალი ცოტა ხნით დადუმდა. მერე სახე გაუნათდა
-გონზე მოვიდა?- იკითხა გაოცებით და ტონის მოულოდნელი ცვლილებით დამფრთხალი ნილა მისკენ შებრუნდა. -ახლავე, ახლავე მოვალ!-თქვა ქალმა, სიხარულისგან აღტყინებულმა ბავშვს თავისკენ უბიძგა, ჯერ ნილას ზიზღით სავსე მზერა სტყორცნა და დედა-შვილმა სწრაფი ნაბიჯებით გადაკვეთეს ქუჩა. დაინახა, როგორ გაუჩინარდნენ საავადმყოფოს შესასვლელ კარში მათი სხეულები და მძიმე ოხვრა აღმოხდა პირიდან. კიდურებმა უმტყუნეს. ცივ, მოკირწყლულ ტროტუარზე დაეცა მუხლებით.
-მართლა ახდა...-ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში. ისევ დაეკარგა მზერა, გაიყინა. ვერც კი შეამჩნია მის წინ როგორ გაჩერდა მანქანა.
-ნილა!-მინა ჩამოიწია და სანდრომ გაკვირვებით შეათვალიერა ძირს მჯდარი, მთრთოლვარე სხეული. - აქ რას აკეთებ?- შეშფოთებული კაცი მანქანიდან გადმოხტა. აჩქარებით მიირბინა მისკენ და ფეხზე წამოაყენა გალეული სხეული.
-ნილა!-დაუღრინა მუქარით- ხმა ამოიღე, შვილო!
ნილას დანაშაულით სავსე მზერა, აწყლიანებული თვალები ცუდად ენიშნა სანდროს. მანქანასთან მისვლაში დაეხმარა და თავისი ხელით ჩასვა. ღვედი გადაუჭირა და თავადაც დაიკავა მძღოლის ადგილი.
-ჩემო საყვარელო, რამე მოხდა?-კიდევ ერთხელ შეეკითხა , როცა გამათბობელი ჩართო და მანქანის სალონში ჰაერი დათბა. მისკენ გადაიწია, სახეზე ჩამოყრილი თმა მოაშორა თვალებიდან. პალტო ხელებიდან გამოართვა, მუხლებზე დააფარა.
ნილას დედა გაახსენდა. ალბათ როგორ იმედოვნებდა, რომ ერთადერთ შვილს სანდო ხელში ტოვებდა. მაგრამ ის შვილი მუდამ ყველასა და ყველაფრისგან გარბოდა. იმის უნარიც კი არ გააჩნდა, წარსულისთვის თვალებში თამამად ჩაეხედა. ახლაც გაქცევა უნდოდა. სურდა მანქანის კარი გამოეგლიჯა და ყველასგან მოშორებით, სადღაც, უგზო-უკვლოდ გადაკარგულიყო.
-ნილა, მითხარი რა რამე-გულწრფელი მღელვარება ემჩნეოდა კაცის ხმას.
ნილამ სახე გასწია, კაცის თბილი ხელები რომ მოეშორებინა. სავარძელს მიეყრდნო და პირი შეაღო, რომ ღრმად ესუნთქა, დამშვიდებულიყო. აღარც ხელები უკანკალებდა ციებიანივით. მერე სანდროს შეხედა, მოთმინებით რომ უცდიდა. მანქანა ჯერაც ტროტუართან იდგა. კაცს დააკვირდა. მერე საქარე მინას გაუსწორა მშრალი თვალები.
უნდა ეთქვა? ღირდა მის განერვიულებად? ღირდა ადამიანი, რომელმაც საყვარელი ქალის დაკარგვა ძლივს გადაიტანა, ისევ წარსულის მტანჯველი კლანჭებისთვის გაეწირა?
-შეიძლება შენთან დავრჩე? -თავადაც ვერ მიხვდა, როგორ მძიმედ და გაჭირვებით წარმოთქვა ფრაზა. სამაგიეროდ, სანდრომ ადვილად შეამჩნია მისი ღელვა და დამშვიდების ნიშნად გაუღიმა.
-ნეტავ იცოდე, ამ სიტყვების მოსმენას რამდენი ხანი ველოდი.-სათვალე მოიხსნა, თვალები მოიფშვნიტა და გვერდით მჯდომს გახედა. -ის სახლი შენიცაა. ვიცი, რომ იმ ამბის შემდეგ მარტოობა გჭირდებოდა, მაგრამ თავი არ უნდა გაინადგურო. სახლში იყავი, არც კი დაგენახვები ხოლმე, უბრალოდ მჭირდება იმის ცოდნა, რომ უსაფრთხოდ ხარ, ჭამ და არც შენს ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე.
გოგომ უხმოდ დაუქნია თავი და სანდრომაც შვებით ამოისუნთქა.
-არ გინდა, ბარემ ბარგიც გავიყოლოთ?
ამაზეც უხმო თანხმობა განუცხადა. მანქანა დაიძრა, თავად კი გზებზე ჩამოტოვებულ ნაცრისფერ, სველ შენობებს გააყოლა მზერა. მხრებზე სიმძიმის შეგრძნება ლოდად აწვა და მწარე გემოს გრძნობდა ყელში. არ ახსოვს როგორ ჩაალაგა ბარგი და როგორ დაემშვიდობა ბინის მეპატრონეს. ერთი წელი რომ იფარებდა, იმ სახლისთვისაც კი არ შეუვლია სენტიმენტალური მზერა. მაშინღა მოაწვა გამძაფრებული ემოციები, როცა მანქანამ ნაცნობ ქუჩაზე შეუხვია, ნილა სავარძლიდან წამოიწია, გასწორდა და ოდესღაც თავის საყვარელ უბანს მონატრებული მზერა მოავლო. გაუცხოებული ეჩვენა თებერვლის სიცივეში ჩაკარგული, ფართო გზა, ვიწრო ტროტუარი და ერთმანეთის კედლებთან ახლოს ჩამწკრივებული სახლები. რამდენი ხანი იყო აქ ფეხი არ დაედგა. მწარედ მოაწვა ძველი მოგონება და გაახსენდა დრო, როცა დედის გარდაცვალების მეორმოცე დღეს მყუდრო სამყოფელი უკანმოუხედავად დატოვა. კაცმა მანქანა სწრაფად შეაყენა ტროტუარზე და ასფალტზე მჯდარი რამდენიმე ყვავი ჩხავილით აფრინდა მაღლა. სანდრომ ძრავა გამორთო და ნილას მიუბრუნდა. დააკვირდა.
-კარგად ხარ?
-საკუთარი გზის ძიებამ ისევ სახლში მომიყვანა, კარგად როგორ ვიქნები? -ამოიჩურჩულა კაცის გასაგონად.
-სულ გაგყინვია...-სანდრომ ნილას ხელი მოიქცია თავის მტევანში.
- გამიშვი!-ისე უცაბედად, მოულოდნელად მოიშორა მისი ხელი, თითქოს კეთროვანი ყოფილიყოს და შიშნარევი მზერით შეაჩერდა გაკვირვებულ კაცს.
-ნილა?!
ნილა მიხვდა რომ თავი გასცა. დამნაშავესავით აიფარა ხელები სახეზე ცრემლები რომ დაემალა.
-ისევ ხედავ?
ყველაფრის თქმის სურვილი მოაწვა. უნდოდა ეთქვა, რომ ეშინოდა. რომ მარტო ვერ გაუმკლავდებოდა. მაგრამ:
- მნიშვნელობა არ აქვს.-ამოთქვა.
-გამიკვირდა დაბრუნება რომ მოინდომე, აი თურმე რა...-გოგო ვერ მიხვდა რა უფრო დიდი დოზით იყო კაცის ხმაში: იმედგაცრუება, ტკივილი თუ მამობრივი მზრუნველობა. სანდროს გახედა. სავარძლის საზურგეს მიჰყრდნობოდა თვალდახუჭული. მშვიდი იყო, მშვიდი და მომთმენი. როგორც ყოველთვის.
-ოდესმე მაპატიებ?
-არაფერი დაგიშავებია.-გაახილა თვალები და გაუღიმა. წამოიწია. მისკენ გადაიხარა და თვალი თვალში გაუყარა.-შენ უნდა ისწავლო საკუთარი თავის პატიება. და მიხარია, რომ ჩემი იმედი ახლაც გაქვს.-კაცმა შვებით ჩუმად ამოისუნთქა, როცა გოგონამ თავი დაუქნია. მანქანიდან გადავიდნენ. არცერთი ზედმეტი კითხვა არ ყოფილა. სანდრომ ახლაც გაუგო.
-ჩანთებს მერე მე შემოგიტან, ცივა, შევიდეთ. -თქვა და რკინის კარი შეაღო.
სანამ სახლში შევიდოდა, ნილას იმ ტყისკენ გაექცა მზერა, ქუჩის ბოლოში, ათიოდე სახლის მოშორებით, თხელი ბორცვიდან რომ იწყებოდა. მაშინვე მოარიდა თვალები, არასდროს აღძრავდა დადებით შეგრძნებას მასში ნაძვნარისა და ფოთლოვანი ხეების უშველებელი, ვეებერთელა ჯგუფი, თითქმის მთელ ჰორიზონტზე რომ გადაწოლილიყო. სახლში შეაბიჯა თუ არა, იგრძნო, როგორ გალღვა ირგვლივ სივრცე და იფიქრა, რომ ნირვანაში გაეხვია. მისაღებს სუნთქვაშეკრულმა მოავლო მზერა. მერე დედის ოთახზე გაუშეშდა თვალები.
-კარგად ხარ? -ისევ შეეკითხა კაცი.
როგორ იქნებოდა კარგად? დედა სახლში აღარ იყო. მაგრამ თავი თანხმობის ნიშნად დაუქნია, რომ არ ენერვიულა და დერეფნის ბოლოს საკუთარი საძინებლის კარი შეაღო.
როცა თეთრ კედლებსა და ლურჯ ფარდებს ჰკიდა მზერა, თითქოს სხეული მოსწყდა და მძიმე დაღლილობა მაშინვე მოაწვა. შიმშილის გრძნობა უკუაგდო, თითებმა ზურგჩანთიდან ინსტინქტურად ამოიღეს ფსალმუნნი და პირით აღმოსავლეთისკენ დამდგარი ნილა კითხვას შეუდგა.
გვიან ღამით, მონატრებულ ბალიშზე თავის დადებამ ყველაფერი ერთიანად დაავიწყა და თავი სამოთხის თეთრ ბაღში წარმოიდგინა. იქ თბილოდა, მშვიდად იყო. აღარც მომავლის შიში ტანჯავდა, აღარც განვლილის სიმწარე.


* * *

ძლიერად წვიმდა. შაბათი დილა იყო. მოღრუბლულ, მუქ ცას შემოეხვია თავისი კალთა რუხი მთებისთვის. ნილამ კარგად იცოდა, ასეთი ამინდის სიავე, მაგრამ ჯიუტად იჯდა გამოღებულ ფანჯარასთან. თხელ, ლურჯ ფარდებს ძლიერი ქარი არხევდა ოთახში. ციოდა. თებერვლის მწარე სუსხი უხორკლავდა გოგოს სხეულს, და მაინც იჯდა, მონატრებულ ხედს გაჰყურებდა. ღრმა ნისლში იკარგებოდა მისი მზერა. თითქმის ვერაფერს არჩევდა გარეთ, თუმცა მშობლიურ მხარეში წვიმის სუნიც კი განსაკუთრებულად ეჩვენებოდა.
-ნილა...-მყუდროება დაურღვიეს. მიტრიალდა. კარებში სანდრო იდგა. -გაგიღვიძია წამოდი, ჭამე.-შესთავაზა და კარი გაიხურა, როცა გოგომ თავი დაუქნია. ნილა წამოდგა, ტელეფონზე საათი შეამოწმა, დილის რვა ხდებოდა. ფანჯარა დახურა, თბილი ხალათი მოიხურა მხრებზე და მისაღებში გავიდა. სამზარეულოს ბარზე ზურგშექცევით მჯდარი უცხო ადამიანი შენიშნა. თვალებით ჰკითხა გაზქურასთან მოტრიალე მამინაცვალს მისი ვინაობა.
-მათე, ეს ჩემი შვილია.-ანიშნა გოგოსკენ. ნილა სტუმარს მიუახლოვდა, სტუმარმა მისკენ გამოიხედა.
-გამარჯობა.-მიუგო ნილამ.
-სასიამოვნოა, ნილა.- უპასუხა ახალგაზრდა კაცმა და თავი ჩახარა, ჭამა განაგრძო. მის გვერდით მოუწია დაჯდომა. სანდრომ ჩაი დაუსხა მინის ჭიქაში.
-მადლობა.-მიუგო და პურის ნაჭერს კარაქი წაუსვა.
-მათე ჩვენ წინ ცხოვრობს.-ჩამოჯდა სანდრო სკამზე და მოპირდაპირე მხარეს მჯდარ გოგონას მიმართა-ალბათ, ერთი წელია, რაც გადმოვიდა.
ნილამ საპასუხოდ წარბი ასწია. წამიერად კიდევ ერთხელ შეათვალიერა სტუმარი. უხერხულობა დაეუფლა საუზმეზე ჩამოვარდნილი სიჩუმის გამო, მაგრამ იმ მოუსვენარ განცდას მაინც ვერ მოერია. მოეჩვენა, რომ მათე საიდანღაც ეცნობოდა. ცხელი სითხე მოსვა და გვერდით მჯდომს დააკვირდა. მხრებში გაშლილ სხეულს თავი ჩაეხარა. მათეს გრძელი, კუპრივით შავი თმა ჰქონდა. კეფას ეხახუნებოდნენ მისი კულულები. ძალაუნებურად კაცის ხელებზე გადაიტანა მზერა. აუღელვებლად მოექცია ორთქლადენილი ჩაის ჭიქა თითებში. ნილამ მზერა მოარიდა, თვალები მოიფშვნიტა, ფანჯარაში გაიხედა, მეორე მხარეს. ისევ თავგამეტებით წვიმდა.
უცბად გვერდით სკამი ხმაურით გასწიეს. ნილამ სკამზე მჯდარიც შეამჩნია, რომ მაღალი იყო, მაგრამ ამდენსაც არ ელოდა. გაოცებით ააყოლა თვალი თავზე დამდგარ მათეს.
-სულ ეს იყო?- წამოდგა სანდროც.
-მადლობა, აღარ შეგაწუხებთ.-თქვა ახალგაზრდა კაცმა, გამოწეული სკამი აკურატულად გაასწორა მაგიდასთან. ნილამ თვალი ჩუმად გააყოლა გასასვლელისკენ წასულებს.
-როგორ გეძინა?-შეეკითხა დაბრუნებული სანდრო.
-კარგად-ამოიხვნეშა გოგონამ. ისევ უხერხულობა. თითქოს გაუცხოვებაც მოაწვა, არადა, სანდროსთან ასე არასდროს უგრძნია თავი. მორიდებით შეხედა საუზმობით დაკავებულს.
-გისმენ.-ამოხედა კაცმა.
-ვინ იყო?
-მათე?-სანდროს გაეღიმა.
-მეცნო ძალიან.
-პიანისტია. შეიძლება სოციალურ ქსელში შეგხვდა მისი ფოტოები...
ნილამ თავი გააქნია უარყოფის ნიშნად.
-მათე, სავანელი...
-აქ რა უნდა?
-არ ვიცი, ხელოვანებს რას გაუგებ...
-არა... ვიგულისხმე, ჩვენთან რა უნდოდა... სელებრითებს არ სწყალობ, სანდრო.
კაცმა ხმით გაიცინა.
-თავიდან მეც არ ვიცოდი ვინ იყო. არაა ცნობილი საერთოდ, ჩვეულებრივი ადამიანია, ანდა, რატომ უნდა ავითვალწუნოთ ის, ვინც საკუთარი ნიჭის გამო ყურადღებას უნებურად იქცევს?
-გასაგებია...-ღიმილით მოურია ჩაის. ისევ სიჩუმე ჩამოწვა.
ნილა ვერ ხვდებოდა, რატომ, ალბათ მონატრების გამო, სანდროს თითოეულ მიმიკას დაკვირვებით ათვალიერებდა. სანდრომ თვალებით ჰკითხა, რა ხდებაო.
სანამ კითხვას დასვამდა, ნილამ ნერწყვი გადაყლაპა.
-დედაჩემი გენატრება ხოლმე?
სანდრო ბეჭებში გასწორდა. ღრმად ამოისუნთქა.
-რა თქმა უნდა...-ამოიხვნეშა- განსაკუთრებით მაშინ, როცა პარასკევობით პროდუქტების შესავსებად წასვლა მიწევს ხოლმე. გზაში დედაშენი ყოველთვის იმაზე წუწუნებდა, რაღაც ხომ არ ავიწყდებოდა და მთელი გზა გულს მიწყალებდა...-მზერა მაგიდისთვის მიეპყრო კაცს, უნებურად გაღიმებოდა.
-ის მეზობელი ხშირად გსტუმრობს?-შეეკითხა და ჩაი მოსვა. თემის გადასატანად მეტი ვერაფერი მოიფიქრა იმ წამს.
-არც ისე, მარტო რომ ვიყავი, ვთხოვდი რომ ჩემთან ერთად ესაუზმა. თვითონაც მარტოა, მგონი მაგიტომ უფრო დამთანხმდა. დიდი ვერაფერი მოსაუბრე ტიპია, ახლა ალბათ აღარც მოვა.
-ჩემ გამო?-გულწრფელად გაიკვირვა ნილამ.
-უფრო იმის გამო, რომ ახლა თანამესუფრე მყავს.-თვალი ჩაუკრა გოგონას და თაფლის ქილა მიუცურა თეფშთან. იმ დილით საუზმეზე მეტი არაფერი თქმულა. შუადღემდე თავგამეტებით წვიმდა. ნილა ოთახში შეკეტილიყო და მთელი დღე ტანსაცმელს ალაგებდა.
საღამო ხანს, როცა ცა გადაიწმინდა და ჰორიზონტი გამოჩნდა, გოგომ თავი ანება საქმიანობას და ტანსაცმელების გროვიდან წამოდგა. ფანჯარასთან მივიდა. ხედში ჯერ ათიოდე მეტრში მდგარი მოპირდაპირე შენობის რუხი, ყრუ კედელი მოხვდა, მის უკან კი შორეული მთები გაარჩია. მთებისგან მარჯვნივ, ახლოს, შერეული ტყე იშლებოდა. ნაცრისფერ ტყეს მხოლოდ წიწვოვანი ხეები სძენდნენ მწვანე ფერს, თორემ ისე, თვალისთვის ვერაფერი საამო იყო. ყოველ შემთხვევაში, ნილა ასე ფიქრობდა. სავარძლიდან ხალათი აიღო, ჩაიცვა, ფანჯარა გამოაღო, წინ გადაიწია და რაფას ჩამოეყრდნო. სახლი ერთსართულიანი იყო, ამიტომაც მის ფანჯარას გისოსები ეკეთა და ეს გისოსები ამ სახლში ნილას, სანდროს მერე ყველაზე მეტად უყვარდა. ალბათ იმიტომ, რომ დაცულობის შეგრძნებას ჰგვრიდა. ფიქრები შავმა სხეულმა გაუფანტა. საყვავილეებისთვის განკუთვნილ განიერ რაფაზე რუხი ყვავი ჩამოჯდა ფრთების ხმამაღალი შრიალით. ამაყად გაესწორებინა კისერი და გისოსებს მიღმა უყურებდა მასპინძელს. მის უკუნეთ ღამესავით ბნელ ბუმბულებს დააკვირდა ნილა. აქ ხშირად ენახა ფრინველის მბზინვარე სხეული ასე ახლოდან. მოულოდნელად ყვავმა დაიჩხავლა.
-ქშა!-გოგო შიშისგან შეხტა, ყვავს ხელი აუქნია და ისიც წამებში გაქრა თვალთახედვის არედან. გაბრაზებულმა ფანჯარა ხმაურით ჩაკეტა. ისევ ტანსაცმელებს მიუბრუნდა და მუსიკას აუწია.


* * *

ნილას სამსახურში ყველაზე მეტად თავისი პატარა კაბინეტი უყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთ თანამშრომელთან იყოფდა. დიდი, შავი მაგიდა ედგა წინ, რომელზეც აკურატულად ელაგა სათარგმნი სტატიების, წიგნების, ნარკვევებისა თუ სახელშეკრულებო საქმიანობების მთელი დასტა. გოგოს შეეძლო საათობით მჯდარიყო და თავაუღებლად ეთარგმნა. ბოლოს ისე შეეჩვია ფულის გამომუშავების ამ ერთადერთ წყაროს, რომ სხვა სამსახურზე და საქმიანობაზე წამითაც აღარ დაფიქრებულა. მით უფრო, რომ სხვა მოწოდებებისთვის აღარც დრო ჰქონდა, აღარც ძალა.
-უნივერსიტეტში ანუ ვსო?
-კი, მარტა.-უპასუხა ზურგს უკან მოსაუბრე ქალს.
-აღარც გაგრძელება და რამე?
-არა!-მოუჭრა მოკლედ.
-აფსუს, მაგისტრატურა... მაშინ ალბათ სამუშაო დროს დაიმატებ შენ...
-ახლა არა მგონია.
-მაშ კარგია, დაისვენებ. ყავა გინდა?
-კი, თუ არ შეწუხდები.
მსგავსი, დიალოგი, როცა მოსაუბრის სახეს არ ხედავდა, ნილას ყოველდღიურობად იქცა. არ უყვარდა საქმეს მოწყვეტა, მარტაც გაგებით ეკიდებოდა, ამიტომაც იყო, მზრუნველად რომ დაუდო მაგიდაზე ცხელი სითხით სავსე ფინჯანი-საბუთებისგან და კომპიუტერის კლავიატურისგან მოშორებით, თეფშზე. ხელად, შოკოლადის ფილაც გამოეყოლა.
-გმადლობ!-ნილამ გულითადად გაუღიმა, შეხედა და ისევ კლავიატურას მიუბრუნდა. ნახევარ საათში ისევ შეაწყვეტინეს. კაბინეტში თანამშრომელი შემოვიდა.
-გოგოებო, საღამოსკენ რესტორანში მივდივართ, ხო წამოხვალთ?
-კვირის ბოლოც კი არაა!-გაეცინა მარტას.-მაგრამ თუ ასე დაჟინებით ითხოვთ...
-ნილა, შენ?
-ნილას რატომ ეკითხები, არ სცალია, საყვარელო...
-არა, წამოვალ.-საკუთარი თავისგან გაუკვირდა ეს სიტყვები. როგორც წესი, მსგავს შეკრებებს ყოველთვის ერიდებოდა.
-ამას მგონი რაღაც დაემართა, ჯერ სახლის შეცვლაო, მერე უნივერსიტეტიდან გამოსვლაო, ახლა, ამდენი წლის მერე პირველად მოდის ჩვენთან ერთად სადმე... შეგვიცვალეს ვითომ?-გაოცდა მარტა. ნილა კლავიატურაზე შეყინულ თავის თითებს დასჩერებოდა.
-საქმეებს თითქმის ვრჩები, სახლში წასვლა მეზარება. -იმართლა თავი. მერე, როცა მარტო დარჩნენ, მარტა მიუბრუნდა. სკამი გოგოსკენ მისწია.
-კარგად ხარ?
-იმედია, კი.-უპასუხა, პარალელურად ისევ თარგმნილს ბეჭდავდა.
მარტა დაჟინებით აკვირდებოდა. საშუალო ასაკის, მოხდენილი, კლასიკური სტილის მქონე ქალი იყო. ყოველთვის ხიბლავდა ნილას შეუპოვრობა და პასუხისმგებლობიანი ხასიათი.
-შენ ხომ ხალხი არ გიყვარს.
-ხალხთან არასასურველი ურთიერთობა არ მიყვარს. მგონი გწყინს რომ თქვენთან ერთად მოვდივარ.-ალმაცერად გადახედა.
-უბრალოდ მიკვირს... ბოლოს მეგობართან ერთად გარეთ როდის გახვედი?
ნილა დაფიქრდა.
-ძალიან დიდი ხნის წინ.
-მაინც რამდენი?
-თექვსმეტი წლის მერე მეგობრებს ჩამოვშორდი. -თქვა და მარტას შეხედა. ქალს გაოცებისგან, როგორც სჩვეოდა, პირი დაეღო და წარბები აეზიდა.
-ეს მართლა ძალიან დიდი ხნის წინ იყო, ნილა!
-ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს-აიჩეჩა მხარი, ფაილები შეინახა, კომპიუტერი გამორთო.
-მამაშენთან ყველაფერი კარგადაა?-ეჭვით გახედა ქალმა. ნილას გულიანად მოუნდა გაცინება, თუმცა მხოლოდ გაეღიმა.
-კი, არ იდარდო...-მოუთათუნა მხარზე ხელი, და მერე როცა გაანალიზა, რას აკეთებდა, წამოდგა, მაგიდის მოწესრიგება დაიწყო. -მალე მორჩები?
-მე შენ გელოდებოდი.
გზაში კინაღამ გადაიფიქრა და სახლში გაბრუნდა, მაგრამ მარტას ხელკავი გამოედო მისთვის და იძულებულს ხდიდა საკუთარი სიტყვები უკან არ წაეღო. მთელი საღამო დაძაბული იჯდა სუფრასთან. ცოტა შეჭამა, ისიც იმიტომ, რომ შიმშილი დაეცხრო. ძირითადად მხოლოდ მარტას ესაუბრებოდა. თანამშრომლებს ყველას შორიდან იცნობდა და ის მეგობრული, თბილი, იუმორით გაჯერებული გარემო მისთვის იმდენად თვალშისაცემად უცხო გამხდარიყო, საკუთარი თავის მიმართ ბრაზით აივსო. ამდენი წელი, მარტოობა, ყველასგან გაუცხოება და დისტანცირება რომ მიუსაჯა საკუთარ თავს. წუთიერად ამის მიზეზებიც გადაავიწყდა, მაგრამ როცა მორიგი ხუმრობისას გვერდით მჯდომმა თანამშრომელმა სიცილით მოკიდა მაჯაზე ხელი, ელდანაკრავივით შეხტა და ინსტინქტურად ფეხზე წამოდგა. მოულოდნელი ქმედებისგან ყველას ყურადღება მიქცია. იგრძნო ნილამ, როგორ აწითლდა სახეზე და გასამართლებლად მიზეზის ძებნა დაიწყო.
-ცოტა ხნით ჰაერზე გავალ.
ვერანდაზე გასულს მარტა გამოჰყვა.
-შეგიძლია ჩანთა გამომიტანო?
-კარგად ხარ?
-სახლში უნდა წავიდე. მეტისმეტია ყველაფერი. -აივნის მოაჯირს დაეყრდნო და თავი ხელებში ჩარგო. წამოსვლას უკვე ნანობდა.
-ნილა!
-გთხოვ, ჩანთა!
სულ ცოტაც და მის ხელისგულს შეეხებოდა. რამე რომ დაენახა... ახლა, ამ მხიარულ, ბედნიერ მომენტში რამე რომ დაენახა, თუნდაც კარგი, ლამაზი და სასიამოვნო, ვეღარ გაუძლებდა. იქვე დაემართებოდა რამე. გული საშინლად აჩქარებოდა.
-გინდა გამოგყვე? ასეთ მდგომარეობაში ვერ გაგიშვებ! სასმელმა ხომ არ გაგხადა ცუდად?
-არა, მარტა, მარტო წავალ, გაერთე შენ. მადლობა დიდი. -ჩანთა და პალტო გამოართვა, ანაზდად გადაეხვია და გვერდი აუარა ქალს. თვალებშიც არ შეუხედავს, ისე დაემშვიდობა. აღარც თანამშრომლებთან მობოდიშება გახსენებია, ისე გაემართა გაჩერებისკენ. საღამოს ცხრა ხდებოდა. თებერვლის ცივ ქუჩებს ლამპიონების ანათებდნენ. უცებ ქუჩაში შედგა, თავის ხელს დახედა.
-კინაღამ დამავიწყდა ყველაფერი... -თავი სიმწრით გააქნია. სახლამდე როგორ იმგზავრა, არც ახსოვდა. ავტობუსიდან რომ ჩამოვიდა და თავისი ქუჩისკენ შეუხვია, ნაბიჯებს მოუკლო. ხარბად დაუწყო თვალიერება მონატრებულ უბანს. ყველაფერი აქ დედას ახსენებდა, ამიტომ იყო მისთვის ძვირფასი. სახლს რომ მიუახლოვდა, სანამ ზარს დარეკავდა, წამიერად, შემთხვევით, მოპირდაპირე საცხოვრებლისკენ გაექცა მზერა. თეთრი აგურით ნაშენ, ორსართულიან შენობას ორი შესასვლელი ჰქონდა. ერთი ავტოფარეხის ჭიშკარი იყო(ძველი მეპატრონეები იმ ოთახს, როგორც ახსოვდა, მანქანის დასაყენებლად იყენებდნენ) მეორე შესასვლელს კი ისეთივე რკინის კარი წარმოადგენდა, როგორის წინაც ახლა ნილა იდგა. ოღონდ, იმ კარიდან სახლში მოსახვედრად კიბის რამდენიმე საფეხური უნდა აგევლო. ეს კარი ღია იყო. ოთახის სიღრმიდან ბაცი სინათლე გამოდიოდა. და სანამ ნილა გაიაზრებდა, უკვე ქუჩას კვეთდა, სახლს უახლოვდებოდა და კიბეებზე ადიოდა. სანდროსგან მისი მაცხოვრებელი ახსოვდა. ის იყო, კარის ზღურბლს გადააბიჯა, რომ ოთახიდან მაღალი ჩრდილი წამოიმართა და მისკენ სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა. წამიერი შიშისგან ნილამ უკან დაიხია, ძლივს მოასწრო ხელის მოაჯირზე ჩაჭიდება, კიბეზე რომ არ დაცემულიყო და მერე, ლამპიონების სინათლეზე მასპინძლის სახეც გაარჩია.
-სხვის სახლში დაუპატიჟებლად შესვლა უზრდელობაა.-მიუგო წყნარად მათემ, ხელები გადაიჯვარედინა და კარის ჩარჩოს მიეყრდნო. ნილას ზედმეტად ახლოს ეჩვენა მისი სხეული, უკუსვლით კიბის რამდენიმე საფეხური ჩაიარა და ქვემოდან დააკვირდა ისედაც მაღალს, მასპინძლობის არაფერი რომ არ ეცხო.
-ვიფიქრე რომ რამე გჭირდათ...-დაიბნა.
-არასწორად გიფიქრიათ, პატარა ქალბატონო. -თქვა დინჯად კაცმა.
-თუ ასეა, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ.-ნილამ ზურგი აქცია და ქუჩა ისევ გადაკვეთა. დღეს უკვე მეორედ ინანა რაღაც, უხერხულადაც იგრძნო თავი. შუბლზე ნერვიულად მოისვა ხელი და კარზე ზარი დარეკა, სანდროს დაელოდა. მერე უნებლიეთ უკან მიიხედა, აინტერესებდა მეზობელი ისევ იქ იდგა თუ არა.
კარი ამჯერად დახურული იყო.




თავი 2

„ყვავების ტირადა“

დილით, ადრიანად გამოსულს მოპირდაპირე სახლის კარი ისევ ღია დახვდა. წამით
შედგა, მხარზე ჩანთა შეისწორა, მერე სახლს მზერა მოარიდა და ტროტუარს გაუყვა. სანდროს ვარაუდი გამართლდა, მათე მათთან სასაუზმოდ იმ დილის შემდეგ აღარ ყოფილა.
სამსახურში იმაზე ცოტა საქმე დახვდა, ვიდრე ელოდა, ამიტომ ადრე წამოვიდა და თავს უფლება მისცა დღის მეორე ნახევარი სამზარეულოში გართობისთვის დაეთმო. კექსისთვის კრემს თქვეფდა, მიქსერი ხმამაღლა ზუზუნებდა ოთახში. ნილას სანდრო მიუახლოვდა, გვერდით ამოუდგა.
-უკვე დაბრუნდი?-საფეთქელზე აკოცა-მე მიკეთებ რამეს?
-იოცნებე!-მოჭუტა თვალები-დიდი ხანია არაფერი გამომიცხვია.
-კი, გეტყობა.-მიუთითა დასვრილ მაგიდაზე, სკამზე ჩამოჯდა და კრემით სავსე ჯამს თითი მოუსვა.-შაქარი აკლია.
ნილამ უხმოდ დაამატა სიტკბო კრემს და ხელახლა ააზუზუნა მიქსერი. ამჯერად
გვერდხედით იდგა, ამიტომ თვალის კუთხიდან ადვილად შენიშნა სამზარეულოში შემომავალი მაღალი ფიგურა, წამით მზერა მოავლო მეზობელს და კრემის თქვეფა განაგრძო. როცა დაასრულა, ორივეს გახედა. მაგიდაზე ყუთი დაედგათ და მათე და სანდრო იქიდან ნივთებს ალაგებდნენ.
-რა ხდება?-თვალში მოხვდა საახალწლო განათებების ასხმა.
-მარტო რომ ვიყავი ახალი წლის განწყობა არც მქონდა, ახლა ვიფიქრე ცოტას გავამხიარულებდი სახლს.
-თებერვალია სანდრო!-აღშფოთებულმა ამოილაპარაკა და ინტერესით ჩაიჭყიტა ყუთში.
-არაუშავს, მხოლოდ ფერად ნათურებს დავკიდებთ. თუ გინდა, საერთოდაც, შენს ოთახში ჩამოვკიდავ. გინდა, ნილა?
გოგოს კარგად ახსოვდა, როცა დედა ცოცხალი იყო, მთელი სახლი საახალწლო
განათებებით ჰქონდათ სავსე. კუთხე-კუნჭული არ რჩებოდათ მოსართავი. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა სანდროს თავი დაბნეულად დაუქნია.
-მე თვითონაც მოვახერხებ. -მიუგო კაცს და ნამცხვრის კრემს მიუბრუნდა. ახლაღა შეამჩნია დასვრილი ხელი და ონკანს მიუშვირა, დაიბანა.
-ფარდულში მქონდა ჩაქუჩი, ახლავე მოვიტან.
-სანდრო, რა საჩქაროა!-ამოიბუტბუტა გოგომ და როცა გაანალიზა, რომ სამზარეულოში მეზობელთან ერთად მარტო დარჩა, მათესკენ შებრუნდა. ახალგაზრდა კაცი ამჯერად სკამზე იჯდა, ნილას მოპირდაპირედ. გასული ღამის სტუმართმოყვარეობა გოგოს კარგად ახსოვდა, თუმცა რატომღაც ამაზე წყენის გაჟღერება საჭიროდ არ მიიჩნია.
-დავიჯერო ამისთვის გაისარჯე?-მიუთითა ყუთისკენ და ცინიკური ღიმილით მიეყრდნო დახლს.
-სანდრომ მთხოვა. -სკამზე ჩამომჯდარი მათე ბეჭებში გაშლილიყო. ფართო მხრები მშვიდი სუნთქვისგან არც კი ერხეოდა. ნილამ საპასუხოდ წარბები აზიდა. ყუთს მიუახლოვდა და ნივთებს თვალი მოავლო. ნაძვისხის წითელ-ლურჯ სათამაშოების ასხმა გვერდით გადააგორა და განათების გასწორება დაიწყო.
-რა ფერებია?
-მხოლოდ თეთრი.
-რა უღიმღამობაა. -იმედგაცრუებულმა დააბრუნა ნივთი და ნამცხვარს მიუბრუნდა. მასა საცხობ ფორმაში გადაანაწილა და ღუმელში შედო. სანამ უხმოდ ალაგებდა, და სანამ ზურგს უკან მჯდარი მეზობელი აუტანელი მოთმინებით ელოდა მასპინძელს, სანდრო სამზარეულოში შემოვიდა.
-მოგეწონა რამე?
-ეს ნათურები მხოლოდ. -მიუთითა მათემ რომელიღაცაზე, ნილა აღარ შებრუნდა.-მე წავალ, კიდევ ხომ არ გჭირდება რამე?-თქვა და ნივთების ჩალაგება დაიწყო.
-არა, აღარაფერი, მადლობა...
-დარჩით, ნამცხვარი თითქმის მზადაა. -ნილამ თეფშები დაალაგა მაგიდაზე და წამით შეხედა სტუმარს. -ყავას დალევ თუ ჩაის?
-ჩაი.-მათემ ისე მალე უპასუხა, ნილას მოეჩვენა რომ მას აქედან წასვლა სულაც არ უნდოდა. ყუთი ძირს დადო.
-მეც.-გაუღიმა სანდრომ.
ნილამ წყლის მადუღარა დენცქვიტაში შეაერთა.
ისევ უხერხულობა მოაწვა. გოგო დახლს მიეყრდნო, ტელეფონი ამოაცურა ჯიბიდან და უაზროდ, დროის გასაყვანად დაიწყო სქროლვა. ხშირად კექსს საქმიანად შეხედავდა, ხომ არ გამოცხვაო. ფიქრებში ჩაკარგული მათესა და სანდროს საუბარსაც ვერ აღიქვამდა.
ზედმეტად იყო რუტინაში ჩაკარგული და გრძნობდა, აღფრთოვანება, რომელიც სახლში დაბრუნებისას დაეუფლა, ნელ-ნელა ქრებოდა. ახლა, როცა მამამისის ზურგს უყურებდა, კარგად ხვდებოდა, მთელი ამ რიგი მცდელობების მიუხედავად, ვეღარაფერი იქნებოდა ძველებურად კარგად.
ჩაი ადუღდა, ფინჯნებში გაანაწილა ორთქლადენილი სითხე და სუფრაზე დაალაგა საშაქრესთან ერთად. გამომცხვარი კექსიც აკურატულად დაჭრა და მაგიდის შუაში მოათავსა.
-რა კარგი სუნია!-სანდრომ აღფრთოვანებით გადაიღო ნაჭერი თეფშზე.
-გმადლობ. - მიუგო მათემ გოგოს და სანდროს მიბაძა.
-ნილა, უნივერსიტეტში რა ხდება?
-აღარაფერი.-სანდროსთვის არც შეუხედავს, ისე უპასუხა. თითქოსდა კაცის რცხვენოდა.
-გამაგებინე აბა!
-საბუთები გამოვიტანე.
სანდრომ ჭამა შეწყვიტა. მათემ არა, მასპინძლების საუბრით დაინტერესება არ ეტყობოდა.
-არ გადამრიო, ახლა!-დატუქსვის ტონი შეეტყო კაცს. ნილამ თვალი თვალში გაუსწორა.
-გთხოვ, ახლა ამაზე საუბარი ძალიან არ მინდა.-იგრძნო, როგორ ერიდებოდა კამათი სტუმრის თანდასწრებით.
სანდრომ ერთხანს უმზირა შვილის ფერმკრთალ სახეს. მერე დანებების ნიშნად ამოიოხრა და ცხელი ჩაი მოსვა.
-შაქარი დაგავიწყდა?-ამოიწუწუნა და ორი კოვზი ჩაიმატა სითხეში.
-ტკბილს ზედმეტად მიეჩვიე.
-რა არის მერე ამაში ცუდი?-გამოეპასუხა გვერდით მჯდომი მათე.
ნილამ გაოცებით აზიდა წარბები, მეზობლისგან ამდენსაც არ მოელოდა.
-შენი აზრი არავის უკითხავს?-თავადაც ვერ მიხვდა როგორ მოაწვა ბრაზი არსაიდნ.
-თუმცაღა, დავინახე სანდროს შენგან დაცვა სჭირდება.-მიმიკა არ შერხევია, მაგრამ ნილამ დაცინვის აშკარა ნოტები ამოიცნო მის ხმაში. ბრაზისგან ერთიანად აწითლდა.
-ხომ არ ფიქრობ, რომ ზედმეტს ლაპარაკობ?
-ვისთვის როგორ, პატარა ქალბატონო!-აიჩეჩა მხრები და ნამცხვარს ნაჭერი ჩამოაჭრა. მოხდენილად ჩაიდო პირში.
-საკმარისად ახლოს არ ვართ, რომ მსგავსი მომართვები მივიღო!
-არც საკმარისად თავშეკავებული ყოფილხარ.
-ბავშვებო, დაწყნარდით, რა გაჩხუბებთ?-დაუყვავა სანდრომ, როცა მიხვდა, რომ ნილას მოთმინების ფიალა ევსებოდა.
-შენი სტუმარი რომ წავა, დამიძახე. -მიმართა მამინაცვალს და ხმაურით გასწია სკამი. სამზარეულოდან უკანმოუხედავად გავიდა.
ვერც კი მიხვდა, ვინ გააბრაზა. მეზობელმა, რომელიც სხვის საქმეში დაუკითხავად ყოფდა ცხვირს თუ საკუთარმა თავმა, ასე მარტივად რომ აჰყვა კაცს კამათში. საძინებელში შესული საწოლზე გულაღმა გაწვა და ჭერს მიაპყრო მზერა. ემოციები ყელში უჭერდა, უაზროდ აცეცებდა მაღლა თვალებს. გულმკერდგაშლილი ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა დამშვიდებულიყო. მაგრამ ფერდში მოულოდნელად სიცივე შეეპარა. ნაცნობი, მტკივნეული და დამღლელი. ერთიანად აეშალა საღერღელი, ტირილის გამყინავმა სურვილმა სძლია და ყელში მოწოლილი ქვითინი ვეღარ შეიკავა. გვერდით გადაბრუნდა და ხმამაღლა ატირდა.
აქამდეც გრძნობდა, რომ უკვე ზღვარზე იყო, მაგრამ არ ეგონა, რომ უცნობთან ბავშვივით კინკლაობა ბოლო წვეთი აღმოჩნდებოდა. ხელისგულები ეყინებოდა, აუხსნელი სიცივე დაჰპატრონებოდა მის მაჯებს და მარტოობის მწარე განცდა გულისრევის შეგრძნებას ჰგვრიდა. როგორ უნდოდა ვინმეს ხელის სითბო ეგრძნო თავის მტევნებზე, თუნდაც ხელი ჩამოერთმია, თუნდაც თითებით შეხებოდა ვინმე მის ფალანგებს, ნაზად, ალერსითა და მოწიწებით. ამღვრეული თვალებით დაჰყურებდა მთრთოლარე თითებს და საწოლი მისი ცრემლებით იჟღინთებოდა. დიდხანს ტიროდა, ვეღარ გაჩერდა, გრძნობდა, უკვე შეტევა ემართებოდა და საკუთარ თავს დამშვიდებისკენ მოუწოდა, მაგრამ ტკივილი გულ-მკერდის არეში უფრო და უფრო გაძლიერდა და მაშინ კი ნამდვილად შეეშინდა ნილას. მკერდზე ხელი იტაცა, წამოიწია და ზურგს უკან კარს გახედა. ახსოვდა, როგორი მძიმე იყო წინა შეტევისას განცდილი აგონია, და ახლა ამ შეგრძნებისგან თავდასახსნელად ყველაფერს გააკეთებდა. კარამდე რამდენიმე ნაბიჯი იყო, იქნებ იქამდე მიეღწია, თუ არა და, სანდროს მაინც გააგონებდა ხმას.
კრინტი ვერ დაძრა. ვერც კი ამოიხავლა. შიშის საცეცები მოედო მთელ სხეულში და ფეხზე წამოიჭრა. სისწრაფისგან წონასწორობა დაკარგა, თავბრუ დაეხვა და ხალიჩაზე უღონოდ დაეცა ზურგით. თვალებში ბურუსი ჩაუდგა. თავი ისევ ძველ სახლში წარმოიდგინა, მაშინაც ხომ ასე იყო, ძირს მწოლიარე, მარტოდმარტო, ყველასგან მიტოვებული. ალბათ არც არაფერი შეცვლილიყო მას შემდეგ. არც სანდროს მოესწრო, არც საავადმყოფოში წაეყვანა, არც შინ დაებრუნებინა, არც მონატრებული სახლის თვალიერებით გამძღარიყო. სულ არაფერი მომხდარიყო თითქოს. აბა მაშ რამდენი ხანი იწვა ასე? ეს სულისგამყინავი ტკივილი, რომელიც სუნთქვას უკრავდა, რამდენ ხანს სტანჯავდა? ნეტავ ვინმე მოსულიყოს. მართლა არავის ახსოვდა? მართლა მარტო იყო? ნუთუ სანდრომაც მიატოვა? მართლა მიიჩნევდა ნილას ცოლის სიკვდილში დამნაშავედ? ნუთუ დედის მკვლელისთვის სამართლიანი სასჯელი იყო ამგვარი ყოფა და ახლა ამიტომ სტკიოდა?
სმენა დაბურვოდა, ამღვრეული თვალების მიღმა ვერაფერს ამჩნევდა. სხეული დაბუჟებოდა და საკუთარ გონებაში ჩაკარგული რეალობას მთლიანად მოწყვეტილიყო. ვერც კარის გაღების ხმა გაიგონა, ვერც სანდროს ყვირილი.
-ნილა!-საძინებელში შემოსულ კაცს ერთიანად გადაუვიდა სახეზე ფერი. გონწასულ გოგოს მივარდა, თავქვეშ ხელისგული ამოუდო, ოდნავ წამოსწია. -მათე! მათე მოდი აქ!
მეტი დაძახება არც დასჭირვებია, მეზობელი უკვე ოთახში იყო.
-რა მოუვიდა?-ნილასკენ დაიხარა, ოფლით დაცვარული შუბლიდან გრძელი თმა გადაუწია.
-პანიკური შეტევა აქვს, საწოლზე დააწვინე, დამამშვიდებელს მოვიტან. -თქვა, სწრაფად გავარდა საძინებლიდან და უღონოდ მყოფი გოგო მათეს შეატოვა. ახალგაზარდა კაცმა არ დააყოვნა, ხელში ბუმბულივით აიტაცა მილეული სხეული და საწოლზე ფრთხილად დააწვინა. ხელ-ფეხი გაუსწორა, თბილი პლედიც დააფარა წელსქვემოთ. ნილას ჯერ კიდევ გახელილი ჰქონდა თვალები. უხმოსა და უმოძრაოს ღაწვებზე სდიოდა მლაშე ცრემლები.
-ყველაფერი კარგადაა, ნილა... -თქვა მათემ, არ იცოდა როგორ გაემხნევებინა, ამიტომ გოგოს ხელისგული მოიქცია თავის ხელში.
-მკლავზე ჯემპრი აუწიე... -სანდრო დაბრუნდა, ბენზოდია*ეპ*მ*ნის სითხე ნემსში საჭირო დოზით შეიყვანა, მკლავის უკანა ნაწილი სპირტიანი საფენით დაამუშავა და ინიექცია კანში შეუყვანა ნილას. მერე შპრიცი გვერდით გადადო, მათეს მსგავსად, საწოლის მეორე მხარეს ჩამოუჯდა 4და შეეცადა პლედი ყელამდე აეწია. შეამჩნია, მათეს ჯერ კიდევ გოგოს მაჯაზე
-ხელი გაუშვი. -ვერც მიხვდა სანდრო, ისე გაცხარდა.
-ბოდიში.
-ხელზე აღარასოდეს შეეხო!-მკაცრად გააფრთხილა კაცი და ნილასკენ მიტრიალდა.
უხმოდ შეუშვა გოგოს თავისი ხელი, რომელიც უნებლიეთ ჩაეკიდა.
-ასე ხშირად მოსდის?
-არც კი ვიცი.
-ჩემი ბრალია, არ უნდა დამეწყო ის ლაპარაკი.
-არაა შენი ბრალი, ნუ სწუხხარ. ყველაფერი კარგად იქნება. კარგად უნდა იყოს.
მათეს მეტი აღარაფერი უთქვამს, და შესაბამისად, არც სანდროს. შებინდებამდე ესხდნენ ნილას ფერხთით. სანამ თვალები არ მიელულა და სწრაფი ქოშინი მშვიდ, ღრმა სუნთქვაში არ გადაუვიდა გოგოს, ვერცერთი მოდუნდა.
-ადრე ნათქვამი გაქვს, ჩემთან დარჩენა არ მოსწონდაო...-წამოიწყო მათემ.
-დედამისის გარდაცვალების შემდეგ ამ სახლში ვეღარ გაჩერდა. ვერც ჩემი დანახვა სიამოვნებდა. ალბათ უფრო იმიტომ რომ თავს დამნაშავედ გრძნობდა...-ჩაილაპარაკა თავისთვის.
-დამნაშავედ რაში?
-დედამისის სიკვდილში.
-ეგ როგორ?-ინტერესი მოაწვა.
-არის რაღაც, რაც მხოლოდ ნილას ეხება. შენს ცნობისმოყვარეობას მეტით ვერაფრით დავაკმაყოფილებ...
-გასაგებია.-მშვიდად მიიღო ნათქვამი.
-ბოდიში, წეღან უხეშად გამომივიდა.
-კარგი, გეყოს... ფსიქოთერაპევტთან ვიზიტზე წასვლას არ აპირებს?
-ყველაფერი იმაზე რთულადაა, ვიდრე ჩანს.
აშკარა იყო, სანდროს ამ თემაზე საუბარი არ უნდოდა, და მათეც აღარ ჩაეძია. სანდრომ ნილას პულსი შეუმოწმა.
-დამშვიდდა.
-კარგია.... წავალ მე, თუ რამე დაგჭირდა, დამიძახე. -თქვა ბოლოს და ოთახიდან გავიდა.
ნილას უშფოთველად ეძინა. სანდრო სასთუმალთან ჩამოუჯდა შვილს და თავზე ხელი გადაუსვა. შუბლზე აკოცა.
-ნეტავ მე შემეძლოს შენი ტანჯვის წაღება, ჩემო პატარავ, სიამოვნებით ვზიდავდი შენს ტვირთს.
არასოდეს ყოფილა სანდროსთვის ნილა გერი. კაცი ყოველთვის საკუთარ სისხლად და ხორცად მიიჩნევდა გოგოს. ახსოვს მათი შეხვედრის პირველი წუთები. დამფრთხალი ნილა, ინტერესით რომ იჭყიტებოდა დედის ზურგს უკნიდან, მაშინ სულ რაღაც ათი წლის იყო. მას შემდეგ განვლილმა თოთხმეტმა წელმა, სანდროს არსებაში ღრმად დაიბუდა და კაცი ახლა ფიქრობდა, რომ ნილაზე ძვირფასი არასოდეს არაფერი გააჩნდა.
ვერც ექნებოდა.



***

დიდხანს იწვა საწოლში. ჯერ კიდევ ბნელოდა, რომ გაეღვიძა და საათობით უმზერდა ფანჯარაში უღიმღამო ხედს. აშკარა იყო, გარეთ ციოდა. წუხანდელი მომხდარი ცხადად ახსოვდა და საკუთარი თავის უკვირდა, სადამდე მიიყვანა სასოწარკვეთამ. ყველა ის ფიქრი უტრიალებდა თავში, რაც კი გასულ საღამოს ტანჯავდა და საკუთარ თავზე ბრაზი აწვებოდა. მაგრამ იყო რაღაც, რაც ამ თვითგვემასა და იმედგაცრუებას ერთიანად წონიდა.
ვიღაცის მომავალი ნახა.
იმ შინაგან ქაოსსა და მწარე აგონიაშიც კი გრძნობდა მღელვარებას, რომელიც მომავლის ხილვისას ეუფლებოდა ხოლმე. თუმცა არ ახსოვდა რა ნახა. ერთის მხრივ, ამის გამო მშვიდად იყო, მეორეს მხრივ კი ინტერესი აწვებოდა. არადა, ვინმეს სამომავლო ამბების გაგების სურვილი არასდროს ჰქონია.
ოთახში სანდრომ შემოიხედა.
-გაგეღვიძა?
გოგო წამოჯდა. საწოლის კიდეზე ჩამომჯდარ კაცს შეხედა.
-რომელი საათია?
-პირველი ხდება. გამოიძინე?
ნილამ უხმოდ დაუქნია თავი.
-გშია? წვნიანი გაგიკეთე.
-ავდგები.
დუმილი ჩამოწვა.
-როგორ ხარ?
-უკეთ. გულთან ცოტა წვას ვგრძნობ.
-ასე იცის. რატომ არ დამიძახე?
-ვერ ვყვიროდი. მეგონა საკუთარ თავს მოვწყდი. -ნილას თვალები აემღვრა.
-რა შემიძლია გავაკეთო? რას ფიქრობ, რა დაგეხმარება ამასთან გამკლავებაში?
-არ ვიცი. -აიჩეჩა მხრები-დამაძინებლები დიდად აღარ მშველის და თავი გავანებე.
-იქნებ... -სათვალეები მოიხსნა კაცმა-ხელის ჩაკიდება სცადო?
-სანდრო!
-მისმინე, საყვარელო, მხოლოდ სცადე. იქნებ ეს დაგეხმაროს დამშვიდებაში? ამ ცხოვრებაში ყველას თავისი საზიდი ტვირთი აქვს, შენი ტვირთი კი ესაა, და მასაც ყოველთვის თავს არიდებ, შეიძლება, ამის გამოა რომ ღამეები მშვიდად ვერ გძინავს...
-მეშინია...
-რისი?
-იქნებ ისევ ის დავინახო, რაც მაშინ... დედასთან... და ვეღარც სხვისი გადარჩენა მოვახერხო?-ამოიჩურჩულა სასოწარკვეთილმა.
- მხოლოდ სცადე. იქნებ სულაც არ დაინახო ვინმეს სიკვდილი და რამე ლამაზი ხილვები შეგხვდეს სამზერად. ნუ გეშინია, თორემ ეს შიში მოგიღებს ბოლოს.
ნილა კაცისკენ მიიწია და ჩაეხუტა. მხარზე თავი ჩამოადო.
-ამ ყველაფერთან გამკლავებას თუ ვერ შეძლებ, დაგკარგავ. ეს უკვე მეტისმეტი იქნება ჩემთვის.
გოგომ ღრმად ამოისუნთქა. ახლა უსაფრთხოდ იყო საყვარელი ადამიანის მკლავებში, და ეს ადამიანი უგებდა, მხარში ედგა და ანუგეშებდა, მაგრამ საკმარისი მაინც არ იყო. თითქოს საკმარისი არაფერი იყო ტკივილის შესამსუბუქებლად.



***

ხმამაღალ ძახილს, რომელიც ცივ ღამეში გავარდება ხოლმე, ფართო, განიერი ქუჩები უმალვე ისხლიტავენ და სიცარიელეში ნთქავენ. არავითარი ექო, არავითარი პასუხი. მხოლოდ დუმილი და მივიწყებული ხმა.
ნილას უხმო თხოვნაც ასე იყო. სხეულზე მარწუხებად შემოჭერილი სიცივე გუდავდა და ამაოდ ეძებდა ხსნას.
საათობით იჯდა ხოლმე გაშეშებული სამზარეულოში;
სამსახურში, სიტყვების ორომტრიალსა და ქაოსში უცებ ხელები კლავიატურაზე ეყინებოდა, ჩერდებოდა და უაზროდ აშტერდებოდა ეკრანს. მაჯები და მკლავები უვარდებოდა, ბეჭებში გაშლილი ერთიანად მოდუნდებოდა და სავარძელს ეყრდნობოდა.
ასეთ დროს ყველაფერი ქრებოდა და რჩებოდა მხოლოდ ერთი კითხვა: რა მინდა მე?
სადმე, მიყრუებულ ცივ სკვერში ჩამოჯდებოდა შინისაკენ მიმავალი ანდა საკუთარ საძინებელში, წიგნით გართული კითხვას მოსწყდებოდა, ავიწყდებოდა გარემო, და დრო თითქოს მასთან ერთად იღვენთებოდა სანთელივით.
რამდენი ფიქრი უტრიალებდა თავში და არცერთ მათგანს არ მიჰყავდა გამოსავლამდე.
რამდენი ადამიანი ტრიალებდა მის გარშემო. რამდენი უცხო და უცნობი.
მაგრამ მათ ხომ მნიშვნელობა არ ჰქონდათ მისთვის. მამასავით ახლოც კი ვერ შველოდა.
და ერთ დღესაც, როცა დედის ალბომს ათვალიერებდა გოგო, უცებ მიხვდა, რომ ვერც დედამისი შეძლებდა მის დახმარებას, ცოცხალი რომ ყოფილიყო.
ფსალმუნები. ფსალმუნები და კიდევ ფსალმუნები.
თითქოს ასე ცდილობდა დანაშაულის გამოსყიდვას.

მაგრამ ყველაფერი გაცილებით რთულად იყო.
ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც სულ პატარა იყო. ხუთი წლის ასაკში, ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცას ხელი ხელზე ჩაკიდა და პირველად დაინახა ის, რაც ისურვა რომ არასოდეს დაენახა.
მომავალი.
ნილა ხელისგულზე შეხებით მომავალს ხედავდა.
ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ ხილვებს ყოველი შეხებისას არ ხედავდა და ეს უცნაური ფენომენი ვერაფრით ამოეხსნა.
ტვირთი, რომელიც სხვებისგან განუსაზღვრელი დროითა და მანძილით აშორებდა, იმდენად მძიმე გამხდარიყო, რომ უკვე სახეზე ემჩნეოდა მოგვრილი შფოთვისგან განცდილი წამება.
მუდამდღე ამღვრეული თვალები.
მზერა, ყოველთვის ცისკენ, მაღლა, სადღაც შორს მიმართული...
და შიში სხვისი ხელებისა.

როგორი მარტივია ერთი შეხედვით სხვათა სამომავლო ამბების გაგება... მაგრამ შეცდომა, რომელიც დედამისთან დაუშვა, ახალი ნაბიჯის გადადგმაში ხელს უშლიდა.
მოტყდა. ნორჩი, ახლადამოწვერილი ტოტი ნელ-ნელა თითქმის გადატყდა.

ერთ შაბათს სანდრო ეკლესიაში აპირებდა წასვლას.
მოუთმენლობამ შეიპყრო და თავადაც გაჰყვა.
მრევლში გარეული ნილა უშედეგოდ ცდილობდა ქადაგებისთვის დაეგდო ყური და თითებშორის მოქცეულ სანთელს ფრთხილად ატრიალებდა თითის ბალიშებით.
ტაძარში შემოსვლისთანავე თითქოს კიდევ დამძიმდა და გალობაც სმენას უბურავდა. მაინც ჯიუტად იდგა საათობით და მანამდე არ გამოვიდა გარეთ, სანამ წირვა არ დამთავრდა. ცივ სკამზე ჩამომჯდარიყო, საზურგეს მიყრდნობოდა და სანდროს ჩასჭიდებოდა ქურთუკზე, მკლავზე. თავბრუ ესხმოდა და სუნთქვა უჭირდა.
-თავს ასე რატომ იტანჯავ, გამოსულიყავი უფრო ადრე, ხომ გთხოვე...
საპასუხოდ მხოლოდ თავი გააქნია.
-მშვიდად ისუნთქე, მშვიდად, გაივლის, ცოტაც მოითმინე.
ნილამ თვალები დახუჭა.
-გამარჯობა!-სანდრო მიესალმა ვიღაცას. გაიგონა, ის ვიღაც როგორ მიუახლოვდათ. თვალები არ გაუხელია.
-ყველაფერი რიგზეა?-მეზობლის ხმა იცნო. გამოფხიზლდა და თავზე წამომდგარ მათეს ახედა.
რა უსაშველოდ მაღალიაო-მათეს ყოველ დანახვაზე ამას ფიქრობდა.
-არც ვიცი. დაღლილია ძაან. -მიუთითა ნილაზე სანდრომ.
მათეს შავი პალტო ემოსა. ხელები ჯიბეებში ჩაეწყო. ნილას დაჰყურებდა.
-აქ ხშირად დადიხარ?-ნილას არ ესიამოვნა, მეზობელს რომ შეეჩეხა, მაგრამ თვითონაც აღიარა გულის სიღრმეში, თავისმა კითხვამ სულ სხვანაირად გაიჟღერა.
-აქ საერთოდ არ დავდივარ. კათოლიკე ვარ. -მიუგო კაცმა და მის ინტონაციაში გამოპარული ირონია გოგოს არ გამოჰპარვია.
-შემცივდა...-ახლა სანდროს მიუბრუნდა და ორივე წამოდგა.
-შენც სახლისკენ ხომ არ მოდიხარ?
-კი, დაგემგზავრებით.
ნილას, მათეს პასუხზე ჩაეცინა. არ უნდოდა ერთად წასულიყვნენ.
საერთოდ, არაფერი უნდოდა.
ერთადერთ ახლო ადამიანთანაც არ აცდიდნენ მარტო დარჩენას და ამის გაფიქრებაზე ბრაზი მოაწვა.
სხვა რა გზა იყო, სანდროს ხელკავი გაუყარა და ქუჩას დაუყვნენ. მეორე მხარეს მათე ამოუდგა.
ეკლესია შემაღლებულ ბორცვზე იდგა, მაგრამ ნილას სახლიდან არ ჩანდა.
მათეს ორსართულიანი საცხოვრებელი ეფარებოდა.
-დიდი ხანია არ შემოგივლია...-წამოიწყო სანდრომ მათეს გასაგონად.
-ჩემს უკანასკნელ ვიზიტს თუ გავითვალისწინებთ, არა მგონია სტუმრობა მიზანშეწონილი ყოფილიყო.
ნილამ ვერ მოითმინა:
-საკუთარ თავს ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებ.
-იქნებ თავად მანიჭებ ზედმეტად დიდ მნიშვნელობას?
სანდროს ჩაეცინა. ნილამ მხარი გაჰკრა კაცს, თუმცა კიდევ უფრო მიეხუტა. ციოდა და შეაჟრჟოლა.
-ყოველ შემთხვევაში, რაც არ უნდა იყოს...-წამოიწყო ნილამ-არ მინდა სანდრომ შენდამი უპატივცემულობაში დამდოს ბრალი...
-ჯობია ამაზე სანდროს შეუთანხმდე.
-აქ მაინც არ ვიყო, რა ვერ გაიყავით? -სანდროს ეცინებოდა, მაგრამ ნილასთვის რომ არ ეწყენინებინა, თავს იკავებდა.
გაჩუმდნენ. სახლამდე მეტი აღარაფერი უთქვამთ.
მხოლოდღა, მაშინ, როცა თავიანთ ქუჩას მიუახლოვდნენ, შუა ქუჩაში შეკრებილ ყვავების გუნდებზე ნილამ ამოიჩურჩულა: ადრე ამდენნი არ იყვნენ.
მერე მამა-შვილი შინ შევიდა.
სანამ მათე სახლის კარს დახურავდა, ცოტა ხნით კიდევ აკვირდებოდა შავ ფრთოსნებს.


***

თებერვლის ხანმოკლე დღეებმა ბოლო საათები აითვალეს და მარტი დადგა, მაგრამ ისევ ძველებურად ციოდა. ძვლებისგამყინავი ქარი სახეს უწვავდა გოგოს. ნილა ხელებს ქურთუკის ჯიბეში ითბობდა. გაჩერებაზე, სკამზე იჯდა და მოთმინებით ელოდა ავტობუსს. შუადღის ორი საათი იყო და ხალხი არ იდგა.
ბოლო დროს დილაობით ვეღარ დგებოდა. საწოლში იწვა და იქამდე უყურებდა ცარიელ კედლებს, სანამ წოლისგან კიდურები არ დაუბუჟდებოდა. შესაბამისად, სამსახურშიც გვიან მიდიოდა. საჩქარო საქმეები არ ჰქონდა-თავს იმშვიდებდა.
ქუჩაში თითო-ოროლა მანქანამ ჩაიარა მხოლოდ. გამვლელებიც კი არ ჩანდნენ.
ნილას ფეხის ნაბიჯების ხმა მოესმა და სანამ მოახლოებულს დაინახავდა, უკვე ფიქრობდა, რომ მეზობელი მიემართებოდა მისკენ. და როცა მიხვდა, რომ არ შეცდა, სიმწრით ჩაეღიმა.
ეს კაცი არ მოსწონდა.
ზედმეტად ხშირად ეჩხირებოდა თვალში.
უფრო კი იმის გამო, რომ პანიკური შეტევა მასთან კამათის შემდეგ დაემართა და გულის სიღრმეში ამაში ადანაშაულებდა, მიუხედავად იმისა, რომ მათე სავანელი წყალივით სუფთა და უდანაშაულო იყო.
იყო მეორე მიზეზიც.
ნილას რცხვენოდა მისი.
ერთმა კამათმა სძლია და უცხო ადამიანის წინაშე გამოვლენილი სისუსტე თავის მოჭრის ტოლფასი აღმოჩნდა.
უსიამოვნოდ შეიშმუშნა გოგო და შეეცადა მათეს დანახვით გამოწვეული უგუნებობა არ შეემჩნია.
-გამარჯობა, ნილა.
-გაგიმარჯოს. -უპასუხა მის გვერდით ჩამომდგარ კაცს, რომელმაც ალმაცერად გადმოხედა.
-სანდრო დღესაც მორიგეობს?
-არა, რატომ?
-ამ სიცივეში რატომ იყინები? მანქანით წაგიყვანდა.
-არ მიყვარს, როცა ვინმესთან ერთად ვმგზავრობ.
-მერედა ავტობუსი ცარიელია?
-არ მიყვარს, როცა ვინმე ნაცნობთან ერთად ვმგზავრობ-დაუკონკრეტა ნილამ და ირიბად აგრძნობინა, რომ მათეს კავალრობა (თუკი ეს საერთოდ შესაძლებელი იყო) დიდად არ ხიბლავდა. კაცისთვის მზერა არ მოუცილებია, როცა ამას ამბობდა და მათემაც ღიმილით მიიღო შეტევა.
-ნათურები ჩამოკიდე ოთახში?
-არც გამხსენებია...-ამოიფრუტუნა გოგომ,-მეგონა, წაიღე.
-სანდროს ერთხელ ნასვამზე წამოსცდა, რომ ყოველთვის სეზონის შესაფერისი ნათურები გეკიდა ოთახში.
-სანდრო სვამს?-გაუკვირდა ნილას.
-კიდევ ერთი გადაცდენა...
ნილას მისი ტონი არ მოეწონა, თუმცა აღარ წაჰკიდებია.
-ადრე ვკიდებდი ხოლმე, ახლა აღარ.
-გასაგებია.
დუმილი ჩამოწვა.
ავტობუსი აგვიანებდა. ნილას მოეჩვენა რომ დრო ძალიან ნელა გადიოდა.
მათე ჩუმად აათვალიერა. შავ პალტოში გამოწყობილ მაღალ სხეულს მხარზე კომპიუტერის ჩანთა გადაეკიდა. მოგრძო, შავი თმა ამჯერად კეფაზე შეეკრა.
-მაინც, შეგეძლო მანქანა შენით წაგეყვანა.-წამოიწყო ისევ კაცმა.
-არ მინდა მანქანას ვმართავდე.
-თუ ტარება არ იცი?
-მეჩვენება თუ ცდილობ კამათში შემიტყუო?-ნილას გულწრფელად გაეღიმა, ბეჭებში გასწორდა და ინტერესით ახედა მეზობელს.
-გეჩვენება-დარწმუნებით უპასუხა, ისე, რომ მზერა არ მოუშორებია გოგოსთვის.
-სისულელეებს ლაპარაკობ!-ამოთქვა რასაც ფიქრობდა და ავტობუსის მოახლოებისთანავე წამოდგა. ტრანსპორტში დაუმშვიდობებლად ავიდა, კაცისკენ აღარც გაუხედავს.
გვიან საღამოს, სახლში დაბრუნებულმა ნილამ მათეს მოტანილი საახალწლო მოსართავების ადგილმდებარეობა ჰკითხა სანდროს. ყუთი სარდაფიდან საძინებელში გაიტანა, განათებების ერთ-ერთი ასხმა ამოიღო და ფერების გასარკვევად დენცქვიტაში შეაერთა. განათება თეთრად აელვარდა. არ მოეწონა. ყველაფრის ცივ ფერებში ხედვით დაღლილს რაღაც ფერადი სურდა. ყუთში კიდევ რამდენიმე განათებების ასხმა იყო შეხვეული. მეორე ამოიღო, დენცქვიტაში შეაერთა და ჩართო. ისიც თეთრი ნათების აღმოჩნდა. მერე უბრალოდ დანარჩენით დაინტერესდა, ყველა სათითაოდ მოსინჯა. ყველა განათებას ცივი თეთრი ფერის ნათებები ჰქონდა. იმედგაცრუებულმა მხრები ჩამოუშვა და ყუთში ყველაფერი უკან ჩაყარა, რაც ამოალაგა.
-მართალი უთქვამს, ყველა ერთნაირია, რისი იმედი მქონდა, საერთოდ.
ერთი პირობა იფიქრა, რა უჭირს აქაურობას თუ თეთრი განათებით გავაჩახჩახებო, მაგრამ იდეა არ მოეწონა. მარტივად გაღიზიანდა იმაზე, გაჩერებაზე დილით შეხვედრილმა მეზობელმა რომ გაახსენა ძველი ჩვევები და მერე თავადაც როგორ მარტივად აიტაცა ეს იდეა. ფეხი გაგულისებულმა მიჰკრა მუყაოს ყუთს. მაგიდასთან დაჯდა და შემორჩენილი სტატიების თარგმნა გააგრძელა. გული ვერ დაუდო, ხუთ წუთში გაჩერდა. ყუთს გახედა. რამდენიმე წამით უყურა. მერე წამოდგა და ვერ მიხვდა, მათესთან გასვლის საბაბად თუ არსაიდან მოწოლილი ბრაზის (რომელსაც ამ ბოლო დროს მუდმივად გრძნობდა მეზობლის მიმართ) ჩასახშობად წამოდგა, ყუთი ხელში აიღო და სახლიდან გავიდა. ქუჩა გადაკვეთა და მოპირდაპირედ მდგარ თეთრი აგურის საცხოვრებელს მიუახლოვდა. კიბეები აიარა, კარზე დააკაკუნა და მასპინძელს დაელოდა. კარი არ გაუღეს. დიდხანს არ მოუთმენია. არც მეორედ დააკაკუნა. ქუჩაში გააპარა მზერა, ხომ არავინ უყურებდა. უნებლიეთ ზემოთ აიხედა. დენის ბოძის კაბელებზე შემომჯდარი რამდენიმე ყვავი გაარჩია ლამპიონის ყვითელ სინათლეზე. ერთმა ნილას ჩამოხედა და გულისგამაწვრილებლად დაიჩხავლა. ნილა კარს მიუბრუნდა და თავს უფლება მისცა, სახელური ჩამოეწია. გულის სიღრმეში სჯეროდა, რომ ღია დახვდებოდა.
ასეც მოხდა.
როგორც ადრე, ახლაც მოთეთრო, ბაცი სინათლე დაჰპატრონებოდა ოთახის სიღრმეს. გოგომ სახლში შეაბიჯა. ფართო შესასვლელშივე დადო იღლიაში ამოჩრილი ყუთი და ის იყო, უნდა გასულიყო, რომ შედგა. ოთახისკენ გაიხედა. დიდად ვერაფერს ამჩნევდა, მაგრამ თავადაც ვერ გაიაზრა, ისე მოაწვა შიგნით ღრმად შესვლის სურვილი. გაახსენდა ის ღამე, როდესაც ღიად დატოვებულ კარში შემოიხედა და მათემ არ შეუშვა, მეტიც, მასპინძლისთვის შეუფერებლად გოგოს სახლში შესვლის მცდელობაზე უსაყვედურა. ჰოდა, ინტერესი ახლა მთლიანად დაეუფლა მის სხეულს. რა უჭირდა, მეზობლის სახლს თუ შეათვალიერებდა, მათე ხომ მასთან ადრე ხშირად საუზმობდა ხოლმე.
კარი ქურდივით ჩუმად დახურა, ნელა და მდუმარედ იქითკენ გააბიჯა, საიდანაც სინათლე მოდიოდა. თხელ კედელს გასცდა და მისაღებში ამოყო თავი. ნახევრადჩაბნელებულ სივრცეშიც კი არჩევდა ოთახის ზედმეტად მინიმალისტურ დიზაინს. გრძელი, ნაცრისფერი, უზურგო დივანი გაშლილიყო ოთახის მთელ სიგრძეზე. დივნის წინ დაბალი მაგიდა იდგა. მათ ქვემოთ კი მაღალბეწვიანი ხალიჩა ეგო. ხალიჩის ფერი კარგად ვერ გაარჩია ნილამ. თეთრ, მოსაწყენ სინათლეს დივნის გვერდით მდგარი, გრძელი სანათი აფრქვევდა.
მისაღებს რომ თვალი შეავლო გოგომ და მასპინძელი ვერ იპოვა, გუნებაწამხდარმა გასასვლელისკენ გააბიჯა.
უცებ დაბალმა აკორდებმა სრულ სიჩუმეში მყოფი წამით შეაკრთო. შეჩერდა და ყური დაუგდო გაურკვეველ მელოდიას. კლავიშების ნაზი ხმა იყო. მერე ეს მელოდია შეწყდა. ორი წამიც არ იყო გასული იგივე მუსიკის პატარა მონაკვეთი განმეორდა. ნილამ შემოსასვლელის გვერდით ამავალ გრძელ კიბეს გააყოლა მზერა და მიხვდა რომ ხმა ზემოდან ისმოდა. ვიღაც აკომპანემენტის აწყობას ცდილობდა.
საკუთარ თავთან ჭიდილში გამარჯვება დასჭირდა, კიბის საფეხურებზე ფეხი რომ შეედგა და სიმამაცემოკრებილს სიბნელისკენ დაეწყო სვლა. დროდადრო მუსიკის ნაწილი ჩერდებოდა, მერე ისევ თავიდან იწყებოდა და ნელ-ნელა, აშკარად იცვლებოდა მისი ჟღერადობა. სანამ ბოლო საფეხურზე ააბიჯა, პიანინომ დაკვრა შეწყვიტა.
მაგრამ ეს პიანინო არ იყო. ზემოთ ასულ ნილას შავი, უზარმაზარი როიალი გადაეშალა თვალწინ. დიდი, მაღალჭერიანი ოთახის ცენტრში მოეთავსებინათ კლავიშიანი ინსტრუმენტი. თითქმის ბნელოდა. მხოლოდ გარედან შემოდიოდა ლამპიონის მქრალი, ყვითელი სინათლე და მასაც ნაცრისფერი ფარდები უშლიდნენ ხელს. როგორც ნილამ შეამჩნია, ოთახის მარცხენა, უკიდურეს კუთხეში დიდი საწოლი იდგა. როიალის ქვეშაც ხალიჩა ეგო. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც გოგოს ყურადღება მიიპყრო, მის წინ, ზურგშექცევით მჯდომი მათე იყო. ახალგაზრდა კაცს როიალის წინ დაეკავებინა უზურგო სკამი და მხრებში ოდნავ მოხრილი გვერდით მდგარი, მაგიდასთან გადახრილი ფურცლებს უკირკიტებდა. მოაჯირს ხელი მოუჭირა ნილამ. ჩუმად, გაუბედავად იდგა ერთ ადგილზე. ისიც კი არ იცოდა, აქ რატომ ამოვიდა ან ახლა რა უნდა ექნა. დაბლა ჩაიხედა. საფეხურები სიბნელეში იკარგებოდა. კიბეზე ფრთხილად ჩასვლა დააპირა და ბოლოჯერ შეხედა კაცს. უცებ მათემ ფურცლებზე რაღაცის წერა შეწყვიტა. ბეჭებში გაიშალა, ნელა გასწორდა. ნილას მოგვრილი შიშისგან გულისძგერა გაუხშირდა. გამოჭერის საფრთხისგან მოგვრილმა მღელვარებამ ყელში წაუჭირა და ის იყო, მათე შემობრუნდა და ფეხზე წამოიჭრა, რომ გოგოს გაქცევის ინსტინქტმა სძლია, მაგრამ სანამ ქვემოთ ბოლომდე ჩასვლას მოასწრებდა, ჯერ მძიმე, ხმაურიანი ნაბიჯები მოესმა ზურგს უკან, მერე მკლავზე მტკივნეულად სტაცეს ხელი და ქვემოთ ჩასული უკვე მათეს ჰყავდა გამოჭერილი. კაცმა უცაბედად აანთო შემოსასვლელი და ნილას თვალები თეთრმა, გამჭოლმა სინათლემ აუწვა.
-შენ ხარ?-თვალებდახუჭულს დამცინავი, ბრაზშერეული ხმა მოესმა. თვალები გაახილა, კაცს ახედა.
-ბოდიში!-ამოთქვა ნაუცბადევად, დანაშაულის შეგრძნებისგან მოგვრილი სირცხვილი ადგილიდან გაქრობის სურვილით წვავდა. მკლავზე ჩაჭიდებული ძალმომრე ხელის მოცილება შეეცადა, მაგრამ ვერ გამოუვიდა.
-რას აკეთებ აქ?-ბრაზიანად დაიჩურჩულა.
-ის მოგიტანე.-მიუთითა კართან მდგარ ყუთზე-არ მინდოდა შენთვის მყუდროება დამერღვია. ბოდიში, წავალ ახლავე.
გრძნობდა, ერთიანად იყო აწითლებული. იმასაც ხვდებოდა, მათე მის ყველა განცდას რომ ამჩნევდა.
-ხელი გამიშვი.
-ნილა... შენსას ისევ არ იშლი ხო?-კაცმა ხელი მოადუნა, სამაგიეროდ მეორე მკლავზეც მოუჭირა მტევანი და გოგო თითქმის შებოჭა. ნილამ შეამჩნია, მრისხანება უცბად ჩასდგომოდა. ახლა ნამდვილად დასცინოდა. მაგრამ არა... თითქოს ეწყინაო, ისეთი სახე მიეღო მათეს: ოდნავ შეკრული წარბები და მოშვებული ბაგეები.
-ხომ მოგიხადე ბოდიში!-გაწიწმატდა გოგო.-გამიშვი ხელი!
მათე წამით დააკვირდა თვალებში, მერე ერთიანად გაუშვა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. მკლავები გადააჯვარედინა.
-ეს ყუთი კარგი, მაგრამ მაღლა რაღას მიკეთებდი?
-უბრალოდ მუსიკამ დამაინტერესა! -გამოტყდა ნილა-შემიძლია წავიდე?
-როგორც გინდა. -წამით დაფიქრდა მათე და როცა დამფრთხალმა სხეულმა გვერდით აჩქარებით ჩაუარა, ამოთქვა-მეგონა ჩაიზე დამეწვეოდი.
ნილა გაჩერდა. გაოცდა. მათეს შეხედა.
-სახლში შემოგეპარე და ჩაის მთავაზობ?
მათემ საპასუხოდ ხელები ოდნავ გაშალა და მხრები აიჩეჩა. თითქოს მისთვის სულერთი იყო. მაგრამ ნილამ იცოდა, რომ სულერთი არ იყო. თუკი წამის წინ გარეთ გასვლა ჰაერივით უნდოდა, ახლა ყოყმანი დაეტყო. მერე გაახსენდა, თავადაც საკამათო რომ ჰქონდა განათებებზე და თავი დაუქნია.
მათეს კმაყოფილებისგან არც გაღიმებია, დერეფნის ბოლოსკენ გაუძღვა გოგოს და ის კარი შეაღო, წეღან, სიბნელეში ნილამ რომ ვერ დაინახა. შუქი აანთო და სამზარეულო გაანათა მასპინძელმა. სამზარეულოში სხვა ოთახებისგან განსხვავებით თბილოდა. ნილაც შედარებით დამშვიდდა. მათემ გაზქურაზე წყლით სავსე ჩაიდანი შემოდგა. შემობრუნდა და დახლს მიეყრდნო. ნილას ბარის მაგიდასთან დაჯდომაზე მიუთითა.
-დანარჩენ ოთახებში ცივა.-დაუფიქრებლად დასცდა მის ბაგეებს, თხელი, მოკლემკლავიანი მაისურის ამარა მათე რომ აათვალიერა.
-ნუ ღელავ, არ გავცივდები. -მათეს ნათქვამის სწორად გაგების საოცარი უნარი ჰქონდა. ნილა აღელდა, არ ეგონა ასე მარტივად თუ გამოიჭერდა მათე სიტყვებში. გაქრობის სურვილი ისევ მოაწვა.
-რაღაც მინდა გთხოვო. -ტონი მშვიდი, დაბალი და მზრუნველი გაუხდა მათეს. -სამეზობლოში არავის უთხრა, რომ ვუკრავ.
ახლაღა მიხვდა ნილა, რატომ გადაიქცა წუთის წინ გაგულისებული მეზობელი დამთმობ კრავად და რატომ შემოიპატიჟა ჩაიზე. ირონიით სავსე ღიმილი წასკდა.
-კარი ღია არ უნდა დაგეტოვებინა, თუკი ასეა. -მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო გოგო და კაცისკენ გადაიწია. -მერე ეს თხოვნებიც არ დაგჭირდებოდა.
-კარი თუნდაც ღია ყოფილიყო, სხვის სახლში დაუკითხავად არ უნდა შემოგებიჯებინა. მით უფრო მაშინ, როცა არ მიცნობ.
ნილამ არაფერი უპასუხა. სანამ მასპინძელი ჭიქებში ადუღებულ წყალს ანაწილებდა, მის ბოლო სიტყვებზე დაფიქრდა.
„არ მიცნობ“
-მაშინ, ამ ლოგიკით ახლა არც აქ არ უნდა ვიჯდე. -დაიჩურჩულა თავისთვის. მათემ ვიწრო, გრძელ მაგიდაზე დაალაგა ფინჯნები. შაქარი და ლიმონის ნაჭრებით სავსე თეფშიც მიუწყო გვერდით. და ნილას წინ ჩამოჯდა.
-ნამცხვრით ვერ გაგიმასპინძლდები, შენსავით კარგი მზარეული არ ვარ. -ხელის ერთ გაწვდენაზე იჯდა მისგან.
-ანუ ის კექსი მოგეწონა.
მათემ მხოლოდ წარბები აზიდა და ორთქლადენილი სითხე მოსვა, ისე, მზერა არ მოუშორებია სტუმრისთვის.
ნილამ იგრძნო, რომ დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც სანდროს გარდა, ვინმე ნაცნობთან ასე განმარტოებით იჯდა.
მაგრამ მათემ ხომ თქვა, რომ არ იცნობდა.
ამის გახსენებაზე რატომღაც წყენა იგრძნო.
ცხელ ფინჯანს ხელისგულები შემოაჭდო და გაყინული თითები გაითბო.
-რატომ არ გინდა, რომ შენზე ვინმემ გაიგოს?-გააგრძელა წეღან შეწყვეტილი დიალოგი. -სანდრომ ხომ იცის...
მათემ ნილას შეხედა და დაფიქრდა. საჩვენებელი თითით მარცხენა ტუჩის კუთხე მოისრისა.
-თუ შენ მეტყვი, რატომ არ დადიხარ ფსიქოთერაპევტთან, მეც გაგიმხელ ჩემს საიდუმლოს.-წაუყენა პირობა.
გაოცებული ნილა სკამის საზურგეს მიეყრდნო.
-სიტყვები არ მყოფნის.-ცოტა ბრაზი იგრძნო.
რა თქმა უნდა, არაფერს ეტყოდა. უარის ნიშნად კატეგორიულად გააქნია თავი.
-ჩემგან მეტისმეტს ითხოვ. არ გაქვს ამის უფლება.
-დარწმუნებული ვარ, იმდენსვე ვითხოვ, რასაც შენ ჩემგან. ორივეს თანაბარი რამის დათმობა გვიწევს, პატარა...
-შეწყვიტე მაგის დაძახება! შენ მზად ხარ შენი საიდუმლო მხოლოდ იმიტომ გათქვა, რომ ჩემი ამბავი გაიგო, არ არის ერთიდაიგივე, ანდა გიღირს ეს ამად?-ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა კაცის შეთავაზებას.
-ზოგჯერ საიდუმლო ადამიანის ყველაზე დიდი მტერია. თუ არ გაამხელ, ცოცხლად შეგჭამს.-როგორც ყოველთვის, მშვიდი იყო მათე.
ნილა გულის სიღრმეში დაეთანხმა, თუმცა არაფერი უთქვამს. ხმა ვერ ამოიღო. საკუთარ თავს ყოყმანი შეატყო და ხმა ჩაიწმინდა, რომ მობილიზებულიყო.
-გეყოფა. ამაოდ ცდილობ.
კაცს მეტი არაფერი უთქვამს. თითებში მოქცეული ფინჯნიდან ცხელი სითხე კვლავ მოსვა და ამჯერად ჭიქას დააკვირდა მდუმარედ. სამაგიეროდ ნილას არ მოუშორებია მისთვის მზერა.
მათეს უხეში ნაკვთები ჰქონდა. მაღალი შუბლი, შავი, ოდნავ დატეხილი წარბები, კეხიანი ცხვირი, ტუჩები-უფერული და თითქმის არათანაბარი. წვერი სუფთად გაეპარსა და ჩაცვენილი ლოყები ეტყობოდა. ჰქონდა ნაცრისფერი, უღიმღამო თვალები, რომლებთაც თითქოს არ აინტერესებდათ რას ხედავდნენ. მაღალსა და ახოვანს ძველ რომაელ მითოსურ მებრძოლს შეადარებდით. კაცის ამგვარ გარეგნობასთან სრულ კონტრასტში მოდიოდნენ მისი თითები. გრძელ, გამოყვანილ ფალანგებს და თითის თხელ ბალიშებს, რომლებიც ახლა მჭიდროდ შემოხვეოდა ჭიქას, მარმარილოსგან ნათალს შეადარებდით. მათე მიქელანჯელოსგან მიტოვებულ სკულპტურას ჰგავდა. თითქოს მარტო სული ყოფილიყოს რუდუნებით გამოქანდაკებული და ამ სულის არსი მის ხელებში იჩენდა მხოლოდ თავს.
ალბათ ამიტომაც მიიზიდეს გოგო კაცის მტევნებმა.
და ნილას მის ხელის დაჭერა მოუნდა უცებ.
-გაგიცივდება ჩაი. -გამოაფხიზლა ფიქრებიდან წინ მჯდომმა.
ნილას სანდროს სიტყვები მოაგონდა.
„სცადე“
და ვერც კი შეამჩნია, ისე გაიწვდინა ხელები კაცისკენ. გაკვირვებულმა მათემ ფინჯანი მაგიდაზე დადო. ნილამ ჯერ შემკრთალი მზერით შეხედა მის თვალებს, მერე ხელისგულები გაუწოდა.
-შეიძლება ხელი ჩაგკიდო?-თქვა და გულის სიღრმეში უარის მოლოდინში გაირინდა. სანამ მათე უხმოდ გაუწვდიდა მარცხენა ხელს, შიშის ამოუცნობმა საცეცებმა კინაღამ ბოლო მოუღეს გოგოს. ათრთოლებული ხელები კაცის მაჯას შეახო. მთლიანად, მთელი სხეულით აკანკალდა, და რომ არა სკამი, დარწმუნებული იყო, ფეხზე მყარად დგომას ვერაფრით შეძლებდა. მარცხენა ხელი მათეს ხელის ზურგზე გაუბედავად მოათავსა, მარჯვენა კი ხელისგულში შეუცურა და მჭიდროდ მოუჭირა.
-ნილა, რას აკეთებ...-ბოხი ხმა სადღაც შორეულ სივრცეშიღა გაიგო. ნილას სუნთქვა შეეკრა.
რადგან მათესთან, რომელთანაც წამის წინ მაგიდა აშორებდა, ახლა უცნაურად ახლოს იყო. არა, ზედმეტად, განსაცვიფრებლად ახლოს. ნილამ ისიც იგრძნო, რომ მისი მკერდი კაცის გულ-მკერდს ეხებოდა. ნაცრისფერი თვალები ძალიან ახლოს ეჩვენნენ. მათე მთელი გულით იღიმოდა... ნილას უღიმოდა. მერე კაცი დაიხარა და ლოყაზე აკოცა გოგოს .
-ადექი, ზარმაცო... დაგაგვიანდება!-მისი სიტყვები მკრთალ ექოდ გაისმა ნილას გონებაში. მერე მათეს სხეული მისას მოშორდა, კაცი წამოდგა და ნილასგან ზურგშექცევით დადგა, კაცი სრულიად შიშველი იყო!
დიდი ოთახი დინჯად გადაკვეთა და კარს მიღმა გაუჩინარდა. გულაჩქარებულმა ნილამ საწოლის წინ შავი როიალის დანახვაღა მოასწრო და ზმანება გაქრა.
ისევ სამზარეულოში დაბრუნდა. მეზობლის წინ.
ახალგაზრდა კაცის მტევანი ისევ მის ხელებში იყო მოქცეული.
ათრთოლებულმა გოგომ ნელა შეუშვა ხელი.
მწარე სირცხვილისა და პანიკის მოზღვავება იგრძნო. თვალებში შეხედვა ვეღარ გაუბედა მათეს.
სკამიდან ნელა წამოდგა, მაგიდას დაეყრდნო.
-უნდა წავიდე...-მისი ჩუმი სიტყვები სამზარეულოს კედლებში გაქრა.
-რა მოგივიდა? ნილა!
გოგოს თავბრუ დაესხა, წაბარბაცდა. მათე გვერდით ამოუდგა, მკლავში მოჰკიდა ხელი.
-გამიშვი!-უთხრა მკაცრად.
-ნილა!
-ხელი გამიშვი მეთქი!-ახლაღა გაბედა შეხედვა. ახლაც ახლოს იყო კაცის სახე, მაგრამ არა იმდენად, როგორც იმ ზმანებაში.
ნილამ სინანული იგრძნო.
მთელი გულით მოუნდა, წუთის წინ ის ხილვა არ დაენახა.
-სახლში უნდა წავიდე...-ამოთქვა. მათემ მარტივად დაიჭირა მის ტონში ტირილის ნოტები და გზა გაუთავისუფლა სტუმარს. ნილამ საჩქაროდ მოიტოვა ზურგს უკან სამზარეულო და სახლიდან უკანმოუხედავად გავარდა. მათე მიჰყვა, მაგრამ გარეთ აღარ გასულა, რადგან გოგომ სწრაფად გადაკვეთა ცარიელი ქუჩა და მოპირდაპირე სახლში შევიდა. ერთხელაც არ მოუხედია. თითქოს რაღაცას გამალებით გაურბოდა.
თითქოს რაღაცამ შეაშინა და შოკი, რომელიც დაუფლა, მომხდარის გადახარშვის უფლებას არ აძლევდა.
მათემ კარი დახურა.




თავი 3

„შენ ცისკარი ხარ მე მიმქრალი სანთლის მუდარა.
მაგრამ განთიადს სანთლისაგან არა უნდა რა.“

ჰაფეზი




მისი ღამეები არასოდეს ყოფილა მშვიდი.
არც ის საღამო იყო გამონაკლისი.
ზმანებამ, რომელშიც მათესთან ერთად არსებული მომავალი უმხილა, ერთიანად შეძრა.
საძინებელში შეიკეტა და საწოლზე გულდაღმა დაემხო.
იწვა და გრძნობდა, როგორ უთრთოდნენ ერთ ადგილას დასვენებული კიდურები.
ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა გულისცემა დაერეგულირებინა. კიდევ ერთი შეტევა არცერთ შემთხვევაში არ აწყობდა.
ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა საღი გონების შენარჩუნება.
-მათე... -წარმოთქვა მისი სახელი პირველად და ეგონა ჭიანჭველებმა დაუარეს სხეულში. გული მღელვარებისგან ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. ამ მწარე და მოულოდნელი შეგრძნებებისგან აფორიაქებულს ტირილის შეგრძნება მოსწოლოდა.
მაგრამ ვერ იპოვა საფუძვლიანი მიზეზი, რატომ უნდა ეტირა.
შეეცადა თავი ხელში აეყვანა და დაფიქრდა, რა იყო ხილვაში ყველაზე საგანგაშო.
მათე მასთან ძალიან ახლოს იყო. შიშველი, ერთ საწოლში, მათეს საძინებელ ოთახში, რომელიც ამ საღამოს ნილამ ქურდივით დაათვალიერა.
აღიარა, მეზობლის გარეგნობა ასე თუ ისე, იზიდავდა, მაგრამ მასთან ასე ახლოს ყოფნის პერსპექტივის განხილვა მაინც დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა.
როგორც წესი, თუ რაიმეს ხედავდა, მხოლოდ იმ სამომავლო ამბებს, რომლებიც ყველაზე მალე მოხდებოდა და რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
დაღლილი საწოლში ტანსაცმლიანად შეწვა, თავისქვეშიდან ბალიში აიღო, ჩაიხუტა და საბანი თავზემოთ წაიფარა. სიბნელეს მიესალმა და ძვირფასმა სიმყუდროვემაც მკლავები მოხვია.
მერე კი ის შეგრძნება გაახსენდა უცებ, რამდენიმე წუთის წინ მათეს ხელის ჩაჭიდებისას და მისი სახის ახლოს დანახვისას რომ მოაწვა.
გულ-მკერდზე სასიამოვნო სიმსუბუქე და სითბო იგრძნო. სიმშვიდე მოჰფენოდა მთელ მის არსებას.
სიმშვიდე, რომელსაც მუდამდღე ნატრობდა.
ჰარმონია თავში.
ყველა შემაწუხებელი ფიქრი გამქრალიყო და იქამდე დაღვრილი ყველა ცრემლი გაუფასურებულიყო.
მაგრამ ყველაფერი წამიერი აღმოჩნდა.
დაღლილს გაეღიმა. რული მოერია. და სანამ ჩაეძინებოდა, ამჯერად გაიფიქრა, რომ ხელის ჩაჭიდება ამად ღირდა.

ალბათ, ამად ყველაფერი ეღირებოდა.


***

მეორე დილით, ღრმა ძილიდან გამოფხიზლებული გვიან, მაგრამ ენერგიულად წამოდგა საწოლიდან. სამზარეულოში გავიდა და მაცივარზე მიკრულ ფურცელს დააკვირდა, რომელსაც სანდრო ყოველთვის უტოვებდა.
წუხელ, შინ გვიან დაბრუნებული მამა ისევ საავადმყოფოში წასულიყო.
საათს შეხედა, პირველი ხდებოდა.
ფანჯრიდან გაიხედა. სამზარეულოს ხედში მათეს სახლი იშლებოდა. მოღრუბლული დღე იდგა. გალურჯებამდე მისულიყვნენ მძიმე ღრუბლები.
ინტერესით მოათვალიერა ცარიელი ქუჩა.
მათეს სახლის კიბეზე რუხი ფრინველი ჩამომჯდარიყო. სახლიდან კი ჩამიჩუმი არ ისმოდა.
თავი გაანება უბნის ამაო ზვერას, სააბაზანოში შევიდა.
ცხელ ჭავლს სხეული შეუშვირა. წუხანდელი ეიფორია მთლიანად ჩამოირეცხა. გრძნობდა, რაღაცას აეჟიტირებინა და არ იცოდა რას მოუტანდა ეს მოუსვენრობა.
იბანავა, მერე საღამომდე გაუნძრევლად იჯდა მაგიდასთან და თარგმნიდა. შაბათი დღე იყო.
მისი ამ სახლში გადმოსვლიდან ერთი თვე სრულდებოდა. ცდილობდა ყველა არასაჭირო ფიქრი თავიდან ამოეგდო.
გვიან საღამოს სანდროც დაბრუნდა.
-კარგად ხარ?-გამოიხედა საძინებლიდან გოგომ.
-როგორც ხედავ, დაღლილი.-მაინც გაუღიმა სანდრომ და მისაღების სავარძელზე დაჯდა.
-გეშიება, გინდა საჭმელი გაგიცხელო?-მიუახლოვდა ნილა. კაცმა თავს ზემოთ ახედა ახლოს დამდგარს.
-რა გააკეთე?-მოჭუტა თვალები.
-ისპანახის ფხალი და ბულიონი. რაა, ხომ გიყვარს!
-იმედია იჭმევა. -ჩაიჩურჩულა კაცმა სასაცილო მიმიკით.
-კარგი რა სანდრო!-ამოიწუწუნა და სამზარეულოში გავიდა.
-სანამ შემოვიდოდი, მათე შემხვდა.-უკან მიჰყვა კაცი. ნილას, ვერ მიხვდა რატომ, უცებ ცივმა ოფლმა დაასხა. გაზთან იდგა, სანდრომ მისი ჩამორეცხილი სახე ვერ დაინახა.
-მერე?-იკითხა სასხვათაშორისოდ.
-თავისთან დაგვპატიჟა.
ნილა შებრუნდა.
-რატომ?-ინტერესით დააწვრილა თვალები.
-ალბათ, ისე. ერთად ხშირად ვსაუზმობდით ხოლმე. სანამ მარტო ვიყავი, ის მყავდა ხმის გამცემი, შეიძლება საპასუხოდ პატივისცემა უნდა.
ნილამ ვეღარაფერი თქვა. მამას ზურგი აქცია.
ყოველთვის ერიდებოდა იმაზე ფიქრს, მისი წასვლის შემდეგ როგორ გადაიტანდა თავს დატეხილ უბედურებებს სანდრო.
უცებ მათეს მიმართ მადლიერებაც კი იგრძნო. მერე მადლიერების განცდა ეჭვიანობის მწარე მარწუხებმა ჩაანაცვლეს.
ცხელი წვნიანი ჯამებში გადაანაწილა. მათეს გახსენებისას თვალწინ დაუდგა წუხანდელი ხილვა და მღელვარებისგან გული ვერ დაიოკა. ხელი აუკანკალდა, როდესაც მაგიდაზე ოხშივარადენილ ჭურჭელს დებდა, კინაღამ დააქცია ვახშამი.
-იყავი დღეს ეკლესიაში?
ნილამ უარის ნიშნად მხოლოდ თავი გააქნია.
ჩუმად ივახშმეს.
-ერთ კვირაში ლელას წლისთავია.-წარმოთქვა კაცმა, სანამ ნილა ფეხზე წამოდგებოდა. აღარ ამდგარა. კაცს ჩახედა თვალებში.
-მახსოვს.
-წირვას შევუკვეთ.
-კარგი. -უპასუხა ჩურჩულით.
-ბოლო დღე იქნება, როდესაც ამდენი შავი გეცმევა!-მიუთითა ტანსაცმელზე.
-უფლება არ მაქვს.
-ნილა!
-შენზე რას იტყვი?
სანდრომ მზერა აარიდა და ამოიოხრა.
-ბევრი არ იტირო. -მიუგო ბოლოს, წამოდგა, ჭურჭელი თავად აალაგა და დასარეცხად ნიჟარასთან მიიტანა.
ნილამ კაცს გახედა ზურგს უკან. მხრებში გაშლილ ფართო სხეულს დააკვირდა.
წამით გაიფიქრა, რომ სანდროს არ იმსახურებდა. სევდიანად გაეღიმა. ნელა წამოდგა, მამას მიუახლოვდა და ზურგიდან მოეხვია.



***

„ნეტავ გავქრე“
როცა მოპირდაპირე სახლიდან გამოსული მაღალი სხეული დაინახა, პირველი ეს გაიფიქრა. მათემაც შეამჩნია გოგო, ცოტა ხნით დაყოვნდა, მერე ქუჩა გადმოკვეთა და სანამ მიუახლოვდებოდა, ნილა ტროტუარს გაუყვა.
-დილა მშვიდობის!- მიესალმა ზურგს უკან ხმა. ნილამ გზა გააგრძელა. მალევე დაეწია მათე.-ყველაფერი რიგზეა?
-გამარჯობა. -დაუბრუნა სალამი, თუმცა სახეში შეხედვა ისევ ვერ გაუბედა. დანახული მომავლის გამო რცხვენოდა.
-ყველაფერი კარგადაა?-გაუმეორა გვერდით ამომდგარმა.
ნილამ წამით შეხედა, და ამ ერთ წამში მათეს სახე, მისი თვალები უცებ იმდენად ახლობლებად ეჩვენნენ, მკლავები აეწვა ჩახუტების მძაფრი სურვილისგან.
-ნილა.
-რა გინდა?-ჩურჩულით შეეკითხა, შეჩერდა.
-იმ დღეს უპასუხოდ გავარდი. სანდროს ვკითხე შენზე, ასე თქვა კარგადააო, მაგრამ როცა მიდიოდი კარგად ყოფნის არაფერი გეტყობოდა.
-მერე?
-ხოდა, ახლა გეკითხები, როგორ ხარ?-შეწუხებული სახე ჰქონდა კაცს.
ციოდა. აწითლებული ლოყაზე ხელი მოისვა გოგომ. რისი თქმის უფლება ჰქონდა მასთან?
-რა შემიძლია გიპასუხო?-ხმა ჩაეხლიჩა უცებ. ჩაახველა, ზედმეტად სენტიმენტალური ეჩვენა თავისი ნათქვამიც.
-ალბათ, რომც გითხრა, სიმართლე მეთქი, მაინც არ მეტყვი. -ეჭვით დააწვრილა მათემ თვალები. ნილამ ამოისუნთქა. -სამსახურში მიდიხარ?-გააგრძელეს გზა.
-კი.
-ჯერ შენთვის ადრე არაა?
-ათი საათი?
-როგორც წესი, შუადღის ორის ნახევრისთვის გამოდიხარ ხოლმე გარეთ.
-შენ რა, ჩუმ-ჩუმად მიყურებ?
-ჩემი ოთახის ფანჯრებიდან შენი სახლის კარი ჩანს. -აიჩეჩა მხრები კაცმა.
-მაპატიე, მაშინ რომ შემოგეჭერი.
-ბოდიში, რომ შეგაშინე.
-არ შემშინებია.
-აბა, რაღატომ გაიქეცი?
-ისევ დაიწყე?!-საყვედური გამოერია ნილას ხმას.
-არც არასდროს დამიმთავრებია. -ამოთქვა მათემ. უკვე ავტობუსის გაჩერებასთან მივიდნენ. -ვცდილობ გავიგო, რა გჭირს.
-ასე ნუ ხარ დაინტერესებული. -გააფრთხილა ნილამ, მაგრამ გონებაში ის ზმანება ამოუტივტივდა.
-ვერ ხვდები...-სევდიანად ჩაეღიმა მათეს. სკამზე მძიმედ ჩამოჯდა. ფეხზე მდგარ ნილას ახედა. -მინდა რომ შენი მუდმივი სევდის მიზეზი გამიმხილო.
დაბალი ინტონაცია და გამჭოლი მზერა.
ნილას კინაღამ გული გაუჩერდა.
-რა?
-გგონია, ვერავინ ამჩნევს როგორი მოწყენილი დადიხარ სულ? გგონია, შენს ნაჭუჭში შეკეტილს, არავინ გიყურებს?
-ზედმეტად ფილოსოფიური გადახრები გქონია. -დააკომენტარა გოგომ და ზურგი აქცია. ტაბლოს ახედა, უნდოდა მალე მოსულიყო ავტობუსი.
ახლა გაქრობა ნამდვილად უნდოდა.
-ვიცი შენთვის სრულიად უცხო ვარ. არ მენდობი და ეს გასაგებია. არ გაძალებ, რომ გული გადამიშალო...
-ახლა სწორედ ამას აკეთებ!- მისკენ შებრუნდა ნილა. -საერთოდ არ მიცნობ. მე რომ მსგავსი სიტყვები შენთვის მეთქვა, კიდევ გასაგები იქნებოდა...
-რატომ?
-რა?
-რატომ იქნებოდა გასაგები?-ინტერესით მისკენ გადაიხარა მათე.
ნილამ ენას დააჭირა კბილები. ასე ზედმეტი არასდროს წამოსცდენია.
-ნილა, გეკითხები!
-ტონს დაუწიე!-მკაცრი მოთხოვნის გამო გაღიზიანებული შეტევაზე გადავიდა.
მათე ფეხზე წამოდგა.
ავტობუსი გამოჩნდა გზაზე.
-რაღაცას არ მეუბნევი.
-შენთვის მნიშვნელოვანს არაფერს-კვლავ შებრუნდა.
-როცა ვიღაცისგან რაღაცის დამალვას ცდილობ ყოველთვის ზურგს აქცევ მათ?
ნილას გული მიეწურა.
-ამდენ რამეს რატომ უკვირდები?-შეეკითხა ჩუმად.
მათემ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გაჩუმდა. ავტობუსი მოვიდა, ნილა ტრანსპორტში ავიდა. ავტობუსი დაიძრა.
ნილას გაახსენდა, რომ მისი ხილვები ყოველთვის ხდებოდნენ.
ამიტომ მისთვის პასუხგაუცემელი კითხვა არაფერს ცვლიდა.
ფანჯრიდან მათეს გახედა.
კაცი ისევ იქ იდგა. მიმავალ ავტობუსს უყურებდა.

გოგო დარწმუნდა, რომ სიმშვიდე ახლოს იყო და მისკენ მოემართებოდა.
მღელვარე მოლოდინში, ძალაუნებურად, სიხარულის პატარა ნაპერწკლები იგრძნო გულში.



***


მას შემდეგ, მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მოჰკრა თვალი კაცს. ერთხელ მაშინ, როცა გვიან საღამოს სამსახურიდან ბრუნდებოდა. მეორე სართულის ფანჯარაში იდგა მაღალი სხეული და ცოტა ხნით გაჩერდა, რომ დაკჰვირვებოდა. თავად მათეს ნილა არ დაუნახავს.
მეორედ ავტობუსის გაჩერებასთან შეეჩეხა. მათე მხარზე ჩანთაგადაკიდებული სადღაც მიდიოდა, მხოლოდ მიესალმნენ ერთმანეთს, ეს იყო და ეს.
მოუთმენლობასა და შეხვედრის მძაფრ სურვილს ყოველ წუთს ნამდვილად არ გრძნობდა მისდამი. შვიდი მარტი ახლოვდებოდა და კვირის დღეები ნილას ერთიანად გარდაესახნენ მწარე აუტანლობად.
შაბათს განთიადზე გაეღვიძა. თითქოს წყლიდან ამოყვინთაო, ანაზდად გამოფხიზლდა და
ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ღამით ძლივს დაიძინა და ახლა თვალები სტკიოდა. როცა საწოლის გვერდით მდგარი ჭიქა წყალი სულმოუთქმელად დაცალა და იდაყვი აიფარა თვალებზე. დახუჭა.
დილის ექვსი ხდებოდა.
იცოდა რომ ძალიან ეტკინებოდა. სწორედ ისე, როგორც ერთი წლის წინ, ამ დღეს, როცა საავადმყოფოს პალატაში შესულს საწოლზე დედის გაციებული სხეული დახვდა.
„შენც ბრაზობ ჩემზე? დამესიზმრე მაინც...“-ამოიჩურჩულა და ტუჩები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს, რომ არ ეტირა. მაქსიმალურად იკავებდა თავს, გრძნობებს რომ არ აჰყოლოდა, ცუდად არ გამხდარიყო და სანდროსთვის კიდევ ერთი სადარდებელი არ დაემატებინა. მაინც გაეპარა თვალის კუთხიდან ობოლი ცრემლი. სისველემ საფეთქლამდე მიაღწია მხოლოდ. დიდხანს არ დარჩენილა საწოლში, მალევე წამოდგა, ბევრი რომ არ ეფიქრა. ხალათი მოიცვა და ფანჯარაში გაიხედა. მოღრუბლული დილა თენდებოდა, სწორედ ნილას განწყობის შესაფერისი.
შორს, ტყეში მრუმე ნისლი ჩაწოლილიყო.
ნაცრისფერ ცაში ყვავების გუნდი ირეოდა.
სამზარეულოში გავიდა. ჩაბნელებულ ოთახში ჯერ შუქი აანთო, მერე ფარდა გადაწია და მათეს სახლს შეავლო მზერა. ქუჩაში ლამპიონები ჯერ კიდევ ენთო. ნარინჯისფერი შუქი ეღვრებოდა სახლებს.
ნილა შეტრიალდა, ფანჯრის ცივ მინას ზურგით მიეყრდნო და სამზარეულოს მოავლო მზერა.
ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ ამ მყუდრო ოთახში დედა ფუსფუსებდა. გაზქურასთან იდგა, მუსიკებს უსმენდა და კერძის მომზადების პარალელურად მუსიკაზე ტანს ნელა არხევდა. მის უკან, მაგიდასთან სანდრო იჯდა, სახე ხელისგულზე დაეყრდნო და აციმციმებული თვალებით შესცქეროდა კაცი მეუღლეს. შიგადაშიგ იცინოდა ქალის უცნაურ საცეკვაო მოძრაობებზე. ნილამ საკუთარი თავიც დაინახა, ფერად სამოსში გამოწყობილიყო, სამზარეულოს კარს მიჰყრდნობოდა და სცენას გაღიმებული აკვირდებოდა. მერე უცებ ერთმანეთს გაუსწორეს მზერა.
ნილამ თავის ძველ, ბედნიერ, მხიარულ მეს შეხედა. „მე“ ისევ იღიმოდა, ნილას ხელიც კი დაუქნია.
-სალამი. ვინ იფიქრებდა ამ ლამაზ ოჯახს შენ თუ მოსპობდი.-ღიმილით უთხრა საკუთარმა თავმა და ნილას ჟრუანტელმა ავად დაუარა. თვალები დახუჭა, მაგრამ მოსმენილს ვერ გაექცა. შებრუნდა, ნიკაპაკანკალებულმა შუბლი მინას მიაყრდნო, ქვითინი ყელში ჩაიხშო და მერე თვალები ფართოდ გაახილა, ცრემლი რომ არ გადმოსცვენოდა.
-ნილა. -სანდროს რბილი ხმა მოესმა და კაცს მხარსუკან გახედა-შენს ოთახში არ იყავი. -შეშფოთებული ხმა ჰქონდა სანდროს.
-გამეღვიძა-ნირვანაში ჩავარდნილისავით ამოიჩურჩულა. გაბრუვდა.
-მოდი ჩემთან. -ხელგაშლილი სანდრო მიუახლოვდა, გულში ჩაიკრა გოგო. ხელები მჭიდროდ შემოხვია მის მოდუნებულ სხეულს.
-ისუნთქე და დამშვიდდი!-დაარიგა-ყველაფერი მალე ჩაივლის.
ნილას სანდროს სურნელი უყვარდა. მის მხარზე ჩამოდო თავი. წელზე ხელები შემოხვია და გაყუჩდა. დიდხანს იდგნენ ასე.
-მოვა ლამაზი სიზმარი, შენსავით წყნარი და მშვიდი.-წაიღიღინა სანდრომ ნილასთვის მიძღვნილი ძველი სიმღერა. გოგოს სევდიანად ჩაეღიმა.
-ვერ სრულდება, მამა.
-ვიცი ჩემო პატარა. ისიც ვიცი, ჩემზე მეტად რომ გტკივა. -თმაზე ეფერებოდა ხმაგატეხილი კაცი-შევეჩვევით ამასაც და ასე აღარ დავიტანჯებით.
-არ ვარ სიმშვიდის ღირსი...
-ჩშ! ეს აღარ თქვა. -მხრებში ჩაეჭიდა, მოიშორა და თვალებში ჩახედა ბრაზიანად-თვითგვემას შეეშვი. ის მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო. შენ ვერაფერს შეცვლიდი.
-არც მიცდია სანდრო... რომ მეთქვა რომ ცუდად იყო... თვეებით ადრე ვნახე ყველაფერი და რომ მეთქვა რომ მოკვდებოდა, იქნებ რამე გვეღონა...-ხმა ჩაუწყდა, მთელი დილის ნაგროვები ცრემლი და ტირილი ერთიანად ამოუშვა გულიდან. სანდრომ ისევ მიიხუტა. მკლავები შემოხვია და შეეცადა ამ ჩახუტებით შვილის დარდი დაეამა.
ნილა ხმამაღლა აქვითინდა.
ამ ტკივილს ნილას მოსპობა შეეძლო, ეს კარგად იცოდა სანდრომ და ამიტომ ეშინოდა. ნილას დაკარგვის ძალიან ეშინოდა.
მთელი დღე სახეს შავ, გრძელ თავსაბურავში მალავდა ნილა. წირვაზეც, ახლო ნათესავებისა და ნაცნობების გარემოში სანდროს იმედად დარჩენილი, ცდილობდა სადმე კუთხეში მიმალულიყო, ეგონა, ყველამ იცოდა მისი დანაშაულის შესახებ და ამიტომ უყურებდნენ. მაგრამ „ყველას“ ნილა ეცოდებოდა. ეკლესიის ცივი კედლები უჰაერობით გაჟღენთილიყო. ვერ შეამჩნია, უცხო სხეული სანდროს როგორ ჩაენაცვლა და სკამზე ნილას გვერდით დაიკავა ადგილი. ნილას მკლავი დაიჭირა და თანადგომა აღუთქვა.
-ვიზიარებ შენს მწუხარებას. -დაიჩურჩულა მათემ.
გოგომ იგრძნო, როგორ გაუქრა მთელი დღის ტირილის სურვილი. არეული მზერით ახედა ახალგაზრდა კაცს.
-მადლობა, რომ აქ ხარ.
ნილას, რა თქმა უნდა, არ ავიწყდებოდა, რომ ამ კაცს მომავალში შეუყვარდებოდა, ამიტომაც ეუფლებოდა ნდობისა და საიმედოობის შეგრძნება მისი დანახვისას.

საღამოს ცა მოწითალო ღრუბლებს დაეფარა. ცივი ქარი ქროდა.
მიცვალებულის სახელით მოწყალება უკვე გაეცათ.
ლელა იშხნელის საფლავის ქვაზე ლამაზად ამოეკვეთათ მისი სახელი და გვარი.
ნილა და სანდრო საფლავის ქვასთან ისხდნენ, ქვით ნაშენ ღობეზე. გოგოს შავი, მუხლებამდე კაბა უფრიალებდა. ერთიანად დახორკვლოდა სიცივისგან კანი. სანდროს მხრის სითბოს მინდობილი მისჩერებოდა დედის სამყოფელს.
მათგან მოშორებით მათე მიჰყრდნობოდა სანდროს მანქანას. ხელები პალტოს ჯიბეებში ჩაეწყო. მოთმინებით უცდიდა უხმო გლოვის დამთავრებას. დაინახა, სანდრომ როგორ უთხრა გოგოს რაღაც და ნილაც ნელა წამოდგა, ბოლოჯერ შეავლო დედის საფლავს მზერა და მათესკენ შებრუნდა, მიუახლოვდა.
-მარტო დარჩენა მთხოვა. -ანიშნა სანდროზე გოგომ. ხელები გადაეჯვარედინებინა, სიცივისგან თრთოდა.
-მანქანაში ჩაჯექი, გაიყინე. -მხარზე ოდნავ უბიძგა მათემ ხელით და მანქანის კარი გამოუღო. უკან სავარძელზე მოთავსდა გოგო. ძრავა ჯერ კიდევ ჩართული იყო და სალონში თბილოდა. მათემ, მარტო რომ არ დაეტოვებინა, მანქანას მოუარა და გვერდით მიუჯდა ნილას.
თოვას იწყებდა.
-მიუხედავად იმისა, რომ აღარ არის, ბედნიერი ყოფილხარ დედა რომ გყავდა. -წამოიწყო მათემ ხმადაბლა. ფანჯრიდან ისევ საფლავის ქვასა და მასთან დარჩენილ კაცს უყურებდნენ. ნილამ მათეს შეხედა.
-დედაჩემმა მაშინ მიმატოვა, როცა ჯერ კიდევ პატარა ვიყავი.
-რატომ?-პირველი ეს კითხვა დაებადა გოგოს და გაუაზრებლად დასცდა ბაგეებს.
-ავად ვიყავი. ეგონა ტვირთად დავაწვებოდი და თავშესაფარში დამტოვა. -ნილასკენ მოაბრუნა თავი-ამიტომ ვთქვი, ბედნიერი ყოფილხარ-მეთქი.
-მერე რა მოხდა?-ამბის გაგრძელება სთხოვა.
-მერე მიშვილეს.-მიუგო მოკლედ და გაუღიმა.
უცებ მანქანის კარი გამოაღეს და მძღოლის ადგილას სანდრო დაჯდა.
-საავადმყოფოდან დამირეკეს, გადაუდებელი პაციენტი შემოიყვანეს-საჩქაროდ დაძრა აღელვებულმა კაცმა მანქანა-უნდა წავიდე, თქვენ უბანთან ჩამოგსვამთ.
-რა სჭირს?
-კედლის ნანგრევების ქვეშ მოჰყვა. ფილტვები აქვს დაზიანებული. -სიჩქარე აკრიფა და ქუჩაში გაიჭრა.-ნილა, უნდა წავიდე. -სარკიდან გახედა მავედრებელი მზერით გოგოს.
-რა თქმა უნდა, უნდა წახვიდე, სანდრო! მივალ სახლში ჩემით.
-არ ინერვიულო. -გამოეპასუხა კაცს მათე. აღელვებულმა მძღოლმა იმედიანად დაუქნია თავი მეზობელს. უხმოდ იმგზავრეს.
ავტობუსის გაჩერებასთან ჩამოვიდნენ მათე და ნილა. თვალი გააყოლეს სწრაფად დაძრულ მანქანას.
-წამოდი, ცივა.
თოვას მოემატა. წყვილმა ნაბიჯს აუჩქარა.
-შენი პალტო სად არის?-საყვედური გაურია ხმაში მათემ, როცა თავისი პალტო გაიხადა და აკანკალებულ ნილას მოახურა მხრებზე.
-მანქანაში...
სახლთან სწრაფად მივიდნენ. ნილამ გასაღებს დაუწყო ძებნა ჯიბეებში. მალევე მიხვდა, აზრი არ ჰქონდა.
-გასაღებიც სანდროს გაჰყვა. -ნერვებმოშლილმა ახედა მათეს.
-რა პრობლემაა, ჩემთან შემოდი. -თქვა და თავისი სახლისკენ გასწია.
ნილას სხვა გზა არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ეჭვის თვალით გახედა კართან მდგარ კაცს.
-მომავალი, როგორც ყოველთვის, ჩქარობს!-თქვა და გადათეთრებული ქუჩა სირბილით გადაჭრა. ლამპიონების ნარინჯისფერი სინათლე მოედო სახლებს და ნილამ კარში შეაბიჯა. მათემ შუქი აანთო. სველი, შელახული ფეხსაცმელები გაიხადეს, როცა ოთახის თბილი ჩუსტები ჩაიცვა, სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა გოგოს. მათეს მისი პალტო გაუწოდა და დაელოდა, მასპინძელი სახლში როდის გაუძღვებოდა. ქურდივით სეირნობას ამჯერად აღარ აპირებდა.
-წამოდი, რამე ჭამე, მთელი დღე მშიერი ხარ.
-საპირფარეშო საითაა?
მათემ სამზარეულოს გვერდით კარისკენ მიუთითა, თავად სამზარეულოში შეაბიჯა. სააბაზანო დიდი და ნათელი იყო. პირსაბან ნიჟარისა და სარკეების მოპირდაპირე მხარეს თეთრი, დიდი აბაზანა დაედგა პატრონს, აშკარა იყო, ფუფუნების ამ ნაწილს ნამდვილად არ იკლებდა. სარკეში ჩაიხედა ნილამ. თმა ოდნავ დასველებოდა თოვლისგან. სახე გაფითრებოდა. მთელი დღის სტრესის შემდეგ თვალები ამოღამებოდა, ჯერ კიდევ სველი ჰქონდა. ცხელი წყალი მოუშვა, სახეზე შეისხა და წამით გაყუჩდა. ესიამოვნა. სახის შესამშრალებლად ტილო ვერ იპოვა. სააბაზანოს თვალი მოავლო. მერე ისევ სარკეს შეხედა. გრძელი სარკეების ერთ-ერთ კუთხეს მიაწვა, მისი ვარაუდი გამართლდა, კარადა აღმოჩნდა. პატარა სივრცეში წვერის საპარსი მოწყობილობები ელაგა. დახურა, მეორე მხარე გააღო. თეთრი, ლამაზად დაკეცილი პირსახოცები იპოვა, ერთი აიღო, სახე შეიმშრალა. ონკანის გვერდით, სარეცხის კალათაში ჩააგდო სველი პირსახოცი. სარკე დახურა. ის იყო, საპირფარრეშოდან უნდა გასულიყო, რაღაც გაანალიზა. დახურული კარადა კვლავ გამოაღო. წუთის წინ რომ ვერ შეამჩნია, ახლა დააკვირდა. კარადის ზედა თაროზე წამლების მთელი გროვა დაეხვავებინათ. თვალი მოავლო: ძირითადად წვეთები ეწყო. მერე პატარა, თეთრ ყუთს მოჰკრა მზერა. ცნობისმოყვარეობამ სძლია, ყუთი ჩამოიღო, გახსნა. თვალის ლინზებისთვის აღმოჩნდა განკუთვნილი. ცარიელი იყო. უკან დააბრუნა. მერე ერთ-ერთ წვეთებს მოჰკიდა ხელი.
„დავ*კ*ოლი“-საიდანღაც ახსოვდა, რომ თვალის ლინზებისგან გამოწვეულ გართულებებისთვის იყო ეს წამალი. უკან დააბრუნა. ყელში ამოუვიდა საკუთარი ცნობისმოყვარეობა, სააბაზანოს კარი გააღო და სამზარეულოში შეაბიჯა.
-ნამდვილად არ მშია-უთხრა ნილამ, მათემ არაფერი უპასუხა, მხოლოდ ერთხელ გამოხედა. სამზარეულოში ისევ თბილოდა. სანამ მასპინძელი გაზქურასთან ტრიალებდა, ნილა სკამზე ჩამოჯდა. ისევ იქ, სადაც ამ სახლში ბოლო ვიზიტისას. მათეს ზურგს შეხედა და ხილვის მოგონებები ისევ ამოუტივტივდნენ თავში.
სახე ხელებში ჩარგო.
ფიქრების გასაფანტად საუბრის წამოწყება სჭირდებოდა.
-ასე თქვი, ავად ვიყავიო. კონკრეტულად რას გულისხმობდი?-ძველ თემას მიუბრუნდა. მათე წამით გაშეშდა. მერე მაცივართან მივიდა, იქიდან კონტეინერი გამოიღო.
-კარგად ვერ ვხედავდი. მან კი, ნაცვლად იმისა რომ მხარში დამდგომოდა, მიმატოვა.
ნილა თითქოს დანაშაულში გამოიჭირეს, უხერხულად შეიშმუშნა.
-ბრაზობ მასზე?
-არა-ჩაეცინა მათეს, ნილასკენ მოტრიალდა. -ყოველ შემთხვევაში, ახლა არა. უმნიშვნელო გახდა ჩემთვის. აი ადრე კი, სანამ მიშვილებდნენ, მასზე ძალიან ვიყავი განაწყენებული.
-სამაგიეროდ, როგორც ჩანს შენს ახალ მშობლებში გაგიმართლა ძალიან.
-მაგაში გეთანხმები. -მათემ მაგიდაზე თეფშები გააწყო.
- მას შემდეგ მხედველობა გაგიუმჯობესდა?-გულუბრყვილოდ იკითხა ნილამ და მაშინვე მიხვდა, შეცდომა რომ დაუშვა, როცა გაზთან მდგარმა მათეს მზერა გაუშეშდა. ნერვიულად გააქნია თავი ახალგაზრდა კაცმა.
ნილა შეეცადა ინტერესი ჩაეხშო და თემის შეცვლა სცადა.
-ბოდიში, უბრალოდ ყურადღების სხვა რამეზე გადატანა მინდა.
-და მე ამისთვის საუკეთესო ობიექტი აღმოვჩნდი.-მათემ ოხშივარადენილი სპაგეტის ფიალა სუფრის შუაში ჩადგა. ნილას მადისაღმძვრელი კერძის დანახვისას წამისწინანდელი რეპლიკა, რომელსაც წესით უნდა შეერცხვინა, გადაავიწყდა.
-რომ ჰკითხო, ვერ შეჭამდა!-ჩაეცინა მათეს და წინ დაუჯდა. ნილამ არაფერი უპასუხა. უხმოდ ივახშმეს. მიუხედავად მოძალებული მადისა, მათემ შეამჩნია რომ სტუმარმა ძალიან ცოტა მიირთვა. აღარ დაუძალებია, ჩაი აადუღა და მისაღებში გაიპატიჟა.
-აქ ძალიან ცივა.
-ძირითადად ზემოთ ვარ ხოლმე, ჩავრთავ გათბობას ახლავე. -თქვა და დერეფანში გავიდა. ნილამ მზერა მოავლო ოთახს. თეთრ სინათლეზე კიდევ უფრო დიდი და ცარიელი ეჩვენა ოთახი. ერთადერთ დივანზე ჩამოჯდა და გრძელ, თეთრ ფარდებს მიაპყო მზერა, კედლებიც თეთრი იყო, ხალიჩაც, მხოლოდ სავარძელი და მის წინ მდგარი პატარა მაგიდა გაწყობილიყო მუქ ფერებში. მათე ოთახში შემოვიდა, თან პლედი შემოიტანა.
-სანამ აქაურობა გათბება, ეს დაიფარე. -თქვა და პლედი გაშალა, წელსქვემოთ დააფარა გოგოს და მისგან მოშორებით ჩამოჯდა.
-აქ ხო ერთი წლის წინ გადმოხვედი. -აშკარა დისტანცია ნილას არ მოეწონა.
მათემ თავი დაუქნია და ცხელი ჩაი მოსვა.
-მინიმალისტი ხარ თუ რატომ არ გიდგია მისაღებში არაფერი?
-ხომ გითხარი, ძირითადად მაღლა ვარ-მეთქი, თან სტუმარი არც მომდის ხოლმე, ჩათვალე, ეს ოთახი უფუნქციოა.
სიჩუმე ჩამოწვა. მაგრამ არა უხერხული, როგორც მათეს ვიზიტისას ხდებოდა ნილას სახლში. ნილა გრძნობდა რომ ეს სიჩუმე და სითბოც, რომელიც ნელ-ნელა გამათბობლებიდან იღვრებოდა დიდ და თეთრ ოთახში, მყუდრო და საიმედო მეგობრებივით ეხვეოდნენ სხეულზე. დივანის საზურგეს მიყრდნობილ სხეულს შეხედა, მერე ფეხსაცმელები გაიხადა და აიკეცა ფეხები. მათემ მხოლოდ წამიერად გამოხედა, არაფერი უთქვამს.
-დალტონიკი ვარ.-მოესმა ნილას უცებ ხმა და გაკვირვებულმა სწრაფად მიატრიალა თავი კაცისკენ. ერთმა აზრმა მწარედ გაჰკრა გონებაში.
-და არ მითხრა, რომ დედაშენმა მაგის გამო დაგტოვა იქ.-თქვა ჩურჩულით, თითქოს არც სურდა, მათეს გაეგო. როცა კაცმა თავი უხმოდ დაუქნია, შეწუხდა. წყენა მოაწვა.
-მხოლოდ შავ-თეთრ ფერებს ვხედავდი. ახლაც ასეა.
-ლინზები? ვიცი რომ სპეციალური ლინზები და სათვალეები არსებობს...
-სათვალეს ადრე ვიყენებდი, მაგრამ ზედმეტად არაკომფორტული იყო. ლინზები ახლაც მიკეთია. ბოლო დროს ხშირად მიწევს მოვიხსნა, რადგან თვალის გარსი მიღიზიანდება და მხედველობაზე ცუდად მოქმედებს.
ნილამ კანკალით, ჩუმად და ღრმად ამოისუნთქა. სააბაზანოში საიდუმლოდ დანახული წამლების გროვას ახსნა მოეძებნა. დივნის საზურგეს მკლავით დაეყრდნო და ხელისგულზე თავი ჩამოდო. წინ, ცარიელ, თეთრ კედელს გაუსწორა მზერა.
ალბათ ახლა შეცოდების განცდა უნდა დაუფლებოდა. თანაგრძნობით ან რამე ამდაგვარით უნდა აღვსილიყო.
მაგრამ არა. ერთიანად დაუტრიალდნენ თავში სულ სხვა აზრები.
-ახლა ვხვდები, შენი საახალწლო განათებები მხოლოდ თეთრად რატომ ანათებენ...
მათე დუმდა.
-მაინც, როგორი უსამართლობაა. -თქვა ცოტა ხნის მერე ისევ ნილამ. ამჯერად ხმა გასტყდომოდა. -მე იმაზე მეტს ვხედავ, ვიდრე უნდა ვხედავდე. შენ კი, ისიც არ იცი, მზე სინამდვილეში რა ფერია.
მათეს გახედა. მისი სილუეტი ვერ გაარჩია, თვალები ამღვრეოდა.
-ყველაფერი რიგზეა.
-სულაც არა.-თავი გააქნია გოგომ.-პირიქით, ყველაფერი ძალიან ცუდადაა, მეტისმეტია!
-რას გულისხმობ?
ნილამ ფეხები ჩამოსწია.
-ყველაფერს დავთმობდი, მე შენს ადგილას რომ ვიყო. -მეოცნებე ხმა ჰქონდა გოგოს
-ახლა დავივიწყებ, რაც თქვი.
-ნუ მაცინებ!
-რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს შენი, ნუ იტყვი, რომ სხვისი ცხოვრებით ცხოვრება გირჩევნია საკუთარს. ეს შენს მდგომარეობაზე კარგად არ იმოქმედებს, არც დარდს შეგიმსუბუქებს და არც შვებას მოგგვრის. უფრო დაგამძიმებს და სასოწარკვეთას მიეცემი.
-სანდროც მეუბნება, რომ თვითგვემას შევეშვა, მაგრამ ვერც ერთი თქვენგანი ვერ წარმოიდგენს, როგორ განვიცდი... როცა საკუთარი დანაშაული ყველაზე კარგად მესმის, როგორ დავხუჭო ამაზე თვალი?
მათე დაცხრა.
-რა დანაშაული მიგიძღვის ამისთანა...
-დედა მოვკალი...-ნილას ჰაერის ამოსუნთქვა და ამ სიტყვების ხმამაღლა წარმოთქმა ერთდროულად გაუჭირდა. მათემ გაოცებულმა დახედა მის გაფითრებულ სახეს, მაგრამ არა მისი სიტყვების გამო:
-ნილა!-მიეჭრა გოგოს.
ნილას მისი ხმა აღარ ესმოდა.
ოთახის ბოლოში თავის სხეულს მოჰკრა თვალი. ამჯერად შავები ეცვა საკუთარ მეს. ახსოვდა ეს სამოსი ნილას. გასულ წელს, ამავე დღის საღამოს ახლობლებმა ჩააცვეს, დედის პანაშვიდზე.
საკუთარი თავი იმედგაცრუებით უმზერდა.
საკუთარმა თავმა უთხრა:
-ნეტავ გეთქვა.
აკანკალებული ნიკაპი ვეღარ დაიმორჩილა გოგომ, დანანებით ამოიტირა და უნებურად შეეცადა მათეს მკლავის მოშორებას.
-ისუნთქე ნილა!- მხრებზე ჩაეჭიდა კაცი. სახეში ჩააცქერდა გოგოს, თუმცა ნილას თვალები ისევ ცარიელ კედელს უყურებდნენ.
-ნილა, შემომხედე! მე შემომხედე! -მისი სახე ხელებში მოიქცია.
არეული მზერა მოავლო მასთან ახლოს მყოფ მათეს, საიდანღაც უცბად გაახსენდა ის სითბო, მომავალში ამ კაცისგან რომ უნდა ეგრძნო და სთხოვა:
-ხელი ჩამჭიდე. -ათრთოლებული ხელისგული გაუწოდა მას. უყოყმანოდ ჩასჭიდა თავისი მარჯვენა მტევანი გოგოს. ნილა უნებურად გულ-მკერდზე მიიხუტა და მანაც მათეს სწრაფი, მძიმე გულისცემა იგრძნო ლოყით. თვალები დახუჭა ზმანების მოლოდინში. თუმცა არაფერი, არაფერი ჩანდა.
სამაგიეროდ ცხადი სიმშვიდის განცდა მოედო მაჯას, მერე სხეულს. ნილას ზურგზე დაესვენებინა მათეს მეორე ხელი და ჩახუტებისას, როცა მანძილი მაინც აშორებდა ერთმანეთს, მათ ირგვლივ თითქოს ჰაერი შემსუბუქდა.
ნილამ გაიფიქრა, რომ ესეც ყოფნიდა.
-ისუნთქე.-ჩასჩურჩულა ხმამ და შეეცადა მშვიდად ჩაესუნთქა.
-ყველაფერი კარგადაა...-დააიმედა ხმამ. და ნილამ მთელი გულით ისურვა, რომ მის ირგვლივ ყველაფერი ცუდი გამქრალიყო.
მოდუნდა, დაძაბული მხრები ჩამოუშვა და კიდევ უფრო მჭიდროდ ჩაეჭიდა თბილ და ძლიერ მტევანს. ბაგეები შეაღო. უნებლიეთ შეისუნთქა კაცის სურნელი და ესიამოვნა.


***

ნილას ვიღაც დაესიზმრა.
თავის ძველ სახლში იყო. პატარა, ერთოთახიანი სივრცე რუხ ნისლს მოეცვა. თავად კართან იდგა, ოთახის მეორე ბოლოში კი ადამიანის სხეული უცდიდა. გოგომ ცხადად იგრძნო მძაფრი შიში და გაქცევის აუტანელმა ინსტინქტმა აიძულა კარი გაეღო და დერეფანში უკანმოუხედავად გავარდნილიყო. მაგრამ დერეფნის მაგივრად უცებ მათეს საძინებელ ოთახში აღმოჩნდა, როიალის წინ. მათე არსად ჩანდა, უკან კი ისევ იმ სხეულის სიახლოვეს გრძნობდა. საფრთხის ეშინოდა და საფეთქლებში შეპარული ტკივილი მოსვენებას უკარგავდა.
-მათე...-ამოიჩურჩულა მისი სახელი. საშველად დაყვირება ვერ შეძლო. უკან მიიხედა, თავისი ძველი სახლის კარი ღია იყო, „ვიღაც“ ისევ იქ იდგა, ოთახის ბოლოში. იცოდა, მისგან უნდა გაქცეულიყო, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა ვეღარ შეძლო, ფეხებს დახედა, თითქოს ტერფები იატაკს მიწებებულიყო. თეთრ საძინებელს მოავლო მზერა, იქნებ რაიმეთი თავი დაეხსნა, მაგრამ მხოლოდ როიალიღა დარჩენილიყო მთელი ოთახიდან. საწოლიც გამქრალიყო, კარადაც, ფარდებიც, ფანჯარაც. როიალი კი ახლა ნელ-ნელა გოგოს შორდებოდა, უსასრულო, უწონო, თეთრ სივრცეში მიექანებოდა. სანამ ნილა რამის გააზრებას მოასწრებდა, უცებ თითქოს ხელი ჰკრესო, ზურგით დაეცა და ქვემოთ ვარდნა დაიწყო. მიწა ცად გადაიქცა და იგრძნო, კიდურები როგორ აუფრიალა ცივმა ქარმა ჰაერში. ის სხეულიც აღარსად იყო, მხოლოდ ნილა და ღრუბლები.
მერე ნილაც მარტო დარჩა, რადგან ეს თეთრი ღრუბლები ქაფის ვარდისფერ ბუშტუკებად იქცნენ. გოგო რაღაც რბილზე ნელა დაეშვა, მაგრამ ვერ ხედავდა, რაზე, ირგვლივ ყველგან ქაფი იყო მოდებული.
მოდუნდა, შიშიც გადაავიწყდა და საფრთხეც.
სწრაფად გამოეღვიძა. თვალების გახელისთანავე წამიერად სუნთქვა შეეკრა, თავბრუ დაეხვა და იგრძნო, როგორ დატრიალდა ოთახი. თვალები ძლიერად დახუჭა, გულისრევის შეგრძნება მოაწვა, მაგრამ მძაფრმა თავბრუსხვევამ აიძულა დაეკივლა. სიბნელეშიც კი ტრიალებდა ყველაფერი. წამოიტირა. სახეზე ხელები აიფარა და ბალიშში ჩარგო თავი.
-ნილა! -ჯერ მძიმე, მორბენალი ნაბიჯები გაიგო, მერე ზურგსა და მხარზე იგრძნო დიდი, თბილი ხელები. გადმოაბრუნეს.
-თავბრუ მეხვევა...-ამოიჩურჩულა უღონოდ.
-დაიცადე, გაგივლის.
კეფაზე მისი ხელის სითბო იგრძნო გოგომ. ზურგზე დააწვინა მათემ და შუბლზე ხელისგული დაადო. არ იცოდა სხვა რა უნდა გაეკეთებინა, რით ენუგეშებინა.
-წყალი გინდა?-შეეკითხა, როცა ცოტა დამშვიდდა. გოგომ უხმოდ დაუქნია თავი. თვალები გაახილა, გამშრალი ტუჩები დაისველა ენით. თავბრუ აღარ ეხვეოდა. ცხადად გაარჩია მაღალი, თეთრი ჭერი. საწოლში წამოჯდა და გაკვირვებულმა შეხედა საწოლის წინ მდგარ შავ, უზარმაზარ როიალს.
-შენ ამომიყვანე?
-კი. ჩაგეძინა. აღარ გაგაღვიძე.-მიუგო მათემ მშვიდად და ტუმბოდან აღებული ჭიქა წყალი მიაწოდა. სასმელი სულმოუთქმელად გამოცალა ნილამ. აღელვებულმა მოატარა მზერა საძინებელს. საწოლის გვერდით მდგარი, სარკიან კარადაში თავის ანარეკლს მოჰკრა მზერა. წამით მათესაც დააკვირდა ტანზე, სამოსი ეცვა. დამშვიდდა, ხილვა ასე სწრაფად რომ არ ასრულდა.
-მოხდა რამე?
გოგომ უარის ნიშნად თავი გააქნია.
-რომელი საათია?
-ათი ხდება. დიდხანს გეძინა.
-სანდროს ხომ არ დაურეკავს? ჩემი ტელეფონი სადაა?
-დაბლაა, იტენება. მამაშენს ვუთხარი რომ ჩემთან ხარ და სანერვიულო არაფერია.
-მაგაში ნამდვილად ცდები.-ამოიჩურჩულა.
-რაში?
მიხვდა, რომ ხმამაღლა გაიფიქრა.
-არაფერი, დაივიწყე. ხომ არ უთქვამს როდის მოვიდოდა?
მათე წამოდგა, როცა გოგომ საწოლიდან გადმოსვლა დააპირა. დააკვირდა, როგორ შეაცურა ფეხები სახლის ფეხსაცმელებში.
-ალბათ სამისკენ. ასე თქვა, პაციენტს უნდა დავაკვირდეო. -ხელები გადაიჯვარედინა კაცმა და უკან გაჰყვა წინ ნელი ნაბიჯებით წასულ სტუმარს. ნილამ როიალს ჩაუარა. ინსტრუმენტის გვერდით განიერი მაგიდა მოეთავსებინათ, სადაც უხვად ეყარა ათასგვარი კომპოზიციით სავსე ნოტების ფურცლები. იქვე იდო მათეს ჩანთა, რომელიც ყოველთვის მხარზე ეკიდა კაცს, გარეთ გასვლისას. მაგრამ ყველაზე დიდი ყურადღება მაგიდის კუთხეში მდგარმა, პატარა, თეთრმა ქანდაკებამ მიიქცია. შიშველი ქალის სკულპტურას ფრთები გამოესხა და მხრებჩამოყრილი ურცხვად ამზეურებდა გამაგრებულლ კერ*ტებს.
-მახსოვს, მთხოვე, არავის უთხრა რომ ვუკრავო-უცებ მიუბრუნდა მათეს-რატომ არ გინდა ვინმემ ამის შესახებ იცოდეს?
მათე წამით ნილას დააკვირდა არაფრისმთქმელი მზერით.
-ხალხი ზედმეტ პასუხისმგებლობას დამაკისრებს... წამოდი, საუზმის მომზადება თითქმის დავასრულე. -მხარზე ოდნავ უბიძგა გოგოს და წინ გაუშვა.
ნილა ამჩნევდა, რომ მათეს ბევრი საუბარი არ უყვარდა. იმასაც კარგად ხვდებოდა, რომ კაცი ამჯერად მაქსიმალურად ცდილობდა დისტანცირებას მისგან, თუმცა ეს რამდენად ცუდად გამოუვიდოდა, უკვე კარგად იცოდა. ამიტომაც მალავდა წყენას, რომ მათეს ხელები მის მხრებზე დიდხანს არ რჩებოდნენ.
უხმოდ ჩაიარა თეთრი კიბეები.
-თავს მოვიწესრიგებ.-მიუგო კაცს და სააბაზანოს კარი შეაღო, დაკეტა. თეთრი სინათლით გაკაშკაშებულ სარკეში ჩაიხედა. თვალები ამოღამებოდა გოგოს, გრძელი თმა ოდნავ გაწეწვოდა. ისევ ის ტანსაცმელი ეცვა, რაც გუშინ. სარკის უკან სააბაზანოს კაბინას გახედა და იგრძნო რომ ბანაობა საშინლად უნდოდა, ინატრა, სანდრო მალე დაბრუნებულიყო სახლში. ონკანი მოუშვა და ხელისგულები ცივ ჭავლს შეუშვირა, მერე სახეზე შეისხა, რომ გამოფხიზლებულიყო.
მის ტვინს თითქოს ფიქრის ფუნქცია გამორთვოდა.
ავტომატურად აკეთებდა ყველაფერს.
სამზარეულოში შესულმა იმთავითვე იგრძნო შემწვარი კვერცხისა და კენკრის მძაფრი არომატი.
-ყიყლიყო შევწვი. იმედია გიყვარს.
-მადლობა-ოდნავ გაუღიმა მათეს, რომელსაც ვიწრო მაგიდაზე სუფრა გაეწყო.
ნილა თავის ადგილას მოთავსდა. მაღალ ჩაის ფინჯანში ასკილის ჩაი დახვდა. გაკვირვებით აზიდა წარბები.
-სანდრომ მითხრა, რომ გიყვარს.
-შემთხვევით, სანდრო ბევრ რამეს ხომ არ გეუბნება?-გაღიმებულმა მათემ თვალი ჩაუკრა.
სტუმარმა უღიმღამოდ ჩაკბიჩა კვერცხიანი პური და მაშინღა მიხვდა, ძალიან მოშიებოდა.
-ცდები. მაგალითად, ის არ ვიცი, თუ რა პროფესია გაქვს.
-მთარგმნელი ვარ. ფრანგულიდან და გერმანულიდან ვთარგმნი ქართულზე. -უინტერესოდ უპასუხა გოგომ და შეხედა. -მე იგივეს ვეღარ გკითხავ.
-რატომ, იქნებ მარტო პიანისტი არ ვარ.
-ჩემთვის სულ ერთია ვინ ხარ, მათე. -ხელები ხელსაწმენდზე შეიწმინდა ნილამ. დააკვირდა, წინ მჯდომს მიმიკებიც კი არ ეცვალა, არათუ წყენა დასტყობია. ჰაერი ჩაისუნთქა და განაგრძო-ვგულისხმობ, რომ მეორე და მესამე ხარისხოვანია ჩემთვის თუ რას საქმიანობ, რას წარმოადგენ სოციალურ ცხოვრებაში...- ხვდებოდა, ბევრს საუბრობდა, მაგრამ გულის ხმას ვეღარ აკავებდა, იმდენად სურდა კაცისკენ თუნდაც ერთი პატარა ნაბიჯი გადაედგა.
მათე მისკენ გადაიწია, იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას და გოგოს დაჟინებით გაუსწორა მზერა.
-აბა რა არის შენთვის მნიშვნელოვანი?
„უბრალოდ შენი არსებობა“ გაიფიქრა ნილამ. ხმამაღლა წარმოთქმა ვეღარ გაბედა.
-ოდესმე, როცა ამის დრო მოვა, გეტყვი. -ვეღარ გაუძლო თვალებს, რომლებშიც ჭინკები აცეკვებულიყვნენ. მათე არ იღიმოდა, მხოლოდ მისი, მუქი ნაცრისფერი ირისები იღვრებოდნენ უტყვი მოლოდინით. კაცმა ჩაი მოსვა.
-ხშირად ხდები ცუდად?-გასწორდა.
-ამ ბოლო დროს კი. -საქმიანად გადაუსვა პურს კარაქი ნილამ.
-მამაშენს ერთხელ ვკითხე, ფსიქოთერაპევტთან რატომ არ მიდიოდი, მიპასუხა, რომ არსებობდა საამისო მიზეზი, რომლის გამხელის უფლებაც მხოლოდ შენ გქონდა.
-რატომ გაინტერესებ, მათე?-ნილა საჭმელს შეეშვა და გულწრფელად ჰკითხა, მიუხედავად იმისა, რომ პასუხი შორეულ (ან ახლო) მომავლიდან ისედაც იცოდა.
კაცი წამით გაჩერდა. მერე ჩაეღიმა, როგორც იქნა.
-დროა მოეშვა შენი თავის საკუთარი თვალებით აღქმას და დაინახო სხვები როგორ გიმზერენ.-იმ წამს, იმ მომენტში ნილას საოცრად ვნებიანი ეჩვენა მისი თვალები. აღელდა.
-მათე...
- ვიცი, რომ მოგწონვარ.-მშვიდად და თბილი ღიმილით გააგრძელა კაცმა- ყოველ ჯერზე, როცა მხედავ, ჩემს მკლავებს უყურებ, სულ. სულ გინდა რომ ჩამეხუტო ხოლმე. ვერც კი აკვირდები, როგორ მაშტერდები ხანდახან... თითქოს... რაღაცას ელი ჩემგან.
ნილამ დარცხვენილი სახე აარიდა. სამზარეულოდან გასასვლელ კარს შეხედა. ნიკაპი სატირლად აუკანკალდა. ხმა კი განაგრძობდა:
-ყოველთვის დაძაბული ხარ, როცა შინ გსტუმრობ სახლში, გინდა რომ უბრალოდ გაქრე, მაგრამ არ ვიცი რატომ. ახლაც ამ მომენტშიც კი მაგას ოცნებობ, სულ წასვლაზე გიჭირავს თვალი. ბევრჯერ დამინახიხარ ქუჩაში, სახლისკენ გზაზე. სულ მხრებჩამოშვებული და დანებებული დადიხარ მაგ ლამაზ თავში მოტრიალე ათასი აზრით. გონება ხშირად გეფანტება, ძილის დროსაც კი ვერ მშვიდდები, კარგადაც კი ვერ სუნთქავ, ნილა.
ნილას ძალიან უნდოდა, კანკალი შეეწყვიტა. მათე გაჩუმებულიყო და უბრალოდ...
კაცი წამოდგა. მაგიდას შემოუარა, ნილას გვერდით მძიმედ ჩამოჯდა, მისკენ გადაიწია და ცალი მკლავი მაგიდაზე დაასვენა.
-არ ვიცი, რა ხდება შენს თავს და მინდა, რომ ამიხსნა რა გჭირს. და რაც არ უნდა იყოს, გეფიცები, მთელი გულით შევეცდები, რომ გაგიგო.
ნილა თვალებში ძლივს იკავებდა ცრემლებს, იმდენად ახლო და მყუდრო იყო ეს სცენა.
ან მათეს თვალები, ასეთი საამო და საიმედო... იმ ხილვაშიც ხომ სწორედ ასე უმზერდა კაცი. თითქმის ასე.
-მომავლის დანახვა შემიძლია. -ამოიჩურჩულა. დედას და სანდროს შემდეგ, პირველი ადამიანი იყო მათე, ვისაც ამას უმხელდა.
მათე კი იჯდა მშვიდად, ახლოს.
-შენი მომავალიც ვნახე.
-და რა ხდება ჩემს მომავალში?-არ შემდრკალა კაცი.
გოგო შეყოყმანდა. იგრძნო, გულში მხურვალება როგორ მოაწვა, იგრძნო როგორ წაეკიდა ღაწვებზე ცეცხლი. დაჭიმულობისგან სხეული ასტკივდა. მერე ჩუმად, თრთოლით წარმოთქვა, ისე, რომ მხოლოდ მათეს გაეგო. თითქოს სამზარეულოში კედლებსაც ყურები გამოსხმოდათ და უყურადებდნენ:
-შეგიყვარდები.
-ეგ ისედაც ვიცი. -მშვიდად ჩაეღიმა კაცს და ნილას სახეს აღტაცებულმა მოავლო მზერა. -საინტერესოა, შენც იგივეს იგრძნობ ჩემდამი?
ნილას ეგონა, გალღვა. თითოეულ უჯრედით შეიგრძნო პირველი სამი სიტყვისგან წარმოქმინლი ქაოსი. კმაყოფილებაც დაეუფლა. დაფიქრდა, ის ემოცია გაიხსენა, ხილვის დანახვისას რომ მოაწვა. ახსოვს ის, რომ მშვიდად იყო. მშვიდი და...
-შენ შემიყვარებ, და მე ბედნიერი ვიქნები. -როგორც იქნა ამოისუნთქა და ბეჭებში გასწორდა, თამამად შეხედა მათეს.
-ლამაზი მომავალი გინახავს. -კაცი ღიმილს ვერ იკავებდა, მერე უცბად დასევდიანდა. -ახლა ვხვდები, რატომღა გტკივა.
-არასოდეს ვიცი რას დავინახავ. ან დავინახავ თუ არა რამეს საერთოდ. რამის წინასწარ ცოდნა ისეთი დამღლელია...
-ამას როგორ ახერხებ?-ინტერესი გამოსჭვიოდა მისი ხმიდან.
-სხვისი ხელის დაჭერით...-ხელისგული უჩვენა გოგომ-შემიძლია ყველაზე ახლოს მოსახდენი მნიშვნელოვანი მომენტები დავიჭირო.
-და დედაშენი?
ორივემ იგრძნო, წუთისწინანდელი სინათლე გაიფანტა და სიბნელე შემოეპარა მათ ირგვლივ სივრცეს.
-დედას მომავალიც ვნახე. -ჰაერს ამოაყოლა ნილამ სიტყვები. მათე მისკენ მიიწია. ძალმომრე მკლავები გაუწოდა ჩასახუტებლად. გოგო შეყოყმანდა, მერე გაყინული ხელებით ნელა დაეყრდნო მის კიდურებს, უნებლიეთ კაცისკენ გადაიწია-ვნახე, როგორ კვდებოდა, მაგრამ ვერაფერი ვუთხარი. ვერ გავაფრთხილე. -როგორღაც ამოთქვა და მისი სახე კაცის მხარს მიესვენა. მათეს ხელისგულის სითბო იგრძნო ბეჭებზე და მოდუნდა.
-გგონია, მისთვის რომ გეთქვა, მომავალს შეცვლიდი?-კაცის მუხლები მის მუხლებს ეხებოდა. მთლიანად მის სითბოს საბურველში გახვეულიყო.
-ბედისწერას ჩვენ ვქმნით, მათე. -ამოიჩურჩულა ნანატრ სურნელში ჩაკარგულმა. -ამიტომაც ვერასდროს ვაპატიე ჩემს თავს.
მდუმარება, რომელიც მათ ირგვლივ მეფობდა, იყო სასიამოვნო და აუღელვებელი. სხეულები, რომლებიც ერთმანეთს მორიდებით ეხუტებოდნენ, თრთოდნენ ჩუმად და შეუმჩნევლად. ნილას სიამოვნებისგან თვალები მიელულა. უცხო და მიმზიდველი იყო მათესთან გაყოფილი იმწუთისნდელი ემოცია. და უცაბედი განცდა, იმისა, რომ მარტო არ იყო, წამალივით მოეფინა მის მღელვარებისგან სწრაფად მფეთქავ გულს.
-დამშვიდდი, ნილა.-საჩურჩულა ყურთან ხმამ. ეს ხმა სანდო და მომნუსხველი იყო.



***


მერე, როცა შხაპის ქვეშ იდგა და მეტლახს დაცემული შხეფების ხმას უყურადებდა, თვალწინ მხოლოდ მისი მშვიდი სახე ედგა. მისი თბილი, აურა, იმედისმომცემი და საამო გამოხედვა. გულწრფელი ჩაღიმება და შეთავაზებული მკლავები, მისთვის, მისკენ გამოწვდილი. საკუთარ შიშველ სხეულს შემოხვია ხელები ნილამ და სახე წყლის ჭავლს კიდევ ერთხელ შეუშვირა. გულის სიღრმეში არ გრძნობდა ისეთ სიმწარეს, როგორსაც დედის წლისთავის დღეს მოელოდა. თითქოს დარდი შეუმსუბუქდა. თითქოს რაღაც უკვე ასატანი გამხდარიყო. ყოველ შემთხვევაში, ვიდრე შეიშლებოდა, ასე სურდა ეფიქრა.
სიცოცხლე სურდა.

მისაღებში თმის მშრალებით გავიდა. სანდრო არ დახვდა, მიხვდა რომ დაღლილი საძინებელში იქნებოდა. სამზარეულოში წყალი დალია, ფანჯარაში გაიხედა. მათეს თეთრ სახლს გახედა.
მიხვდა, როცა მასზე ფიქრობდა, თავს მარტოსულად აღარ გრძნობდა. გაეღიმა. ტუჩის კუთხეების აწევამ, ამ პატარა მიმიკამ, ტკივილი მოჰგვარა თითქოს. ფანჯრის ცივი მინა დააორთქლა და თითით გაურკვეველი გამოსახულების ხატვა დაიწყო. უცებ თვალში შავი ფრინველი მოხვდა. რუხი ყვავი შემომჯდარიყო მათეს სახლის წინ, ლამპიონის კაბელზე. ფანჯარას მოშორდა, უკან დაიხია და თვალები ოდნავ მოჭუტა. ყვავის პატარა, შავი გაშეშებული ფიგურა ნოტს მიამსგავსა და მათეს მუსიკის მოსმენა მოუნდა. იმ კომპოზიციის, სახლში, ქურდივით შეპარულმა რომ მოჰკრა ყური.
საღამოს ექვსი ხდებოდა. ცას ბინდი ეპარებოდა. წუხანდელი ნაბარდნი თოვლი ერთიანად გამდნარიყო.
რა მოხდებოდა, კიდევ ერთხელ რომ სტუმროდა მათეს? თავი გააქნია, ფიქრების გასაფანტად და სურვილის დასავიწყებლად ოთახს მიაშურა. თმა გაიშრო. ფურცლებს მიუჯდა და სიტყვების ორომტრიალში ჩაიკარგა.


თავი 4

„ვცდილობ ტალღებმა შენკენ მომრიყონ“

საშა გველესიანი


ალბათ ეჩვენებოდა, მაგრამ რაც ის ქალი საკუთარ მშობლიურ კერას დაუბრუნდა, თითქოს ქუჩაში ყვავებიც მომრავლდნენ. არაფერი მისტიური, უბრალოდ, თავის შავ-თეთრ მზერაში, მუქი ფერები გახშირდა.
ნილა.
პირველი შეხვედრისას კარგადაც არ დააკვირდა, მაგრამ მერე, ხანდახან, როცა გვიან ღამით ფანჯრიდან გაიხედავდა და სახლისკენ მიმავალ მის ფიგურას მოჰკრავდა თვალს, ხელისგულები ექავებოდა, როიალზე რამე სევდიანი დაეკრა, მაგალითად, ისეთი, როგორიც შოპენის მეორე ნოქტიურნი იყო. და ერთხელ, ცივ მისაღებ ოთახში, მარტოდმარტო, იმ პატარა, თეთრი სინათლის ამარა მჯდარს, როცა კედლებზე სახლის შეღებულ კარიდან შემომავალ მქრალ ნაცრისფერ ათინათს აყოლებდა მზერას, თვალთახედვაში თმაგაშლილი სხეულის ჩრდილი მოხვდა. დაუპატიჟებელი სტუმარი მეზობელი აღმოჩნდა და რატომღაც ვეღარც გაბრაზება იგრძნო, მაგრამ არც აღტაცება გამოუწვევია მის დანახვას. აღტაცება სიზმარმა მოჰგვარა.
ნილა დაესიზმრა. ნილა იმ სიზმარში ფერადი იყო, ისეთი, როგორსაც რეალურად, რამდენიც არ უნდა ეცადა, ვერასოდეს ნახავდა. მუქი წაბლისფერი, გრძელი თმა ამშვენებდა. მშვიდი, ფერმკრთალი სახე სევდიანად უღიმოდა, ღაწვები შესწითლებოდა ქალს, მუქი ყავისფერი, ხალიანი თვალები ინტერესით უმზერდნენ (იმ სიზმარშივე აღარ ახსოვდა, როგორი იყო ფერები, მაგრამ ლამაზი იყო და ეს კმაროდა). გამოღვიძებისთანავე, მთელი დღე, დილიდან საღამომდე, შემდეგ მთელი კვირა, გადაბმულად, გაუჩერებლად აწყობდა მუსიკას. ხანდახან აღტკინებულს, მღელვარებისგან კლავიშებიც კი ერეოდა, რაღაც ისეთს ქმნიდა, რის სისავსესაც ნოტების ჟღერადობაც ვერ დაიტევდნენ.
ნილა და მისთვის საიდუმლოდ მიძღვნილი სონატა, რომელის შექმნასაც მთელი სხეულით, მტევნებით, გონებითა და თითებით ცდილობდა, გრძნობდა, ირგვლივ ყველაფერს ნელ-ნელა როგორ აუფასურებდნენ. ანდა მისი მხრები, ცივი მარტის თოვლსა და ქარის ქვეშ რომ თრთოდნენ, უნებლიეთ სურდა თავისი მკლავებით გაეთბო. არც კი იცნობდა, მაგრამ მის მოღუშულ სახეზე გაპარულ ერთ ღიმილს, შეეძლო ეს მისთვის ბნელი დედამიწა ერთ წამში ცისარტყელის ფერებში გაენათებინა.
ერთი შეხედვით, როგორი აბსურდი ჩანდა მომავლის ხილვის შესაძლებლობა, თუმცა როცა თავის მტევნებში მოქცეული ნილას ცივი ხელები გათბნენ, გაიფიქრა, რომ შეეძლო ამ ქალის პირიდან წარმოთქმული ყველა სიტყვა დაეჯერებინა.

შემიყვარებო. თითქოს დანაშაულში გამოიჭირეს, მაგრამ აღიარა, გაანდო, რომ ამისთვის სრულებით მზად იყო. თითქოსდა, მათეს სჭირდებოდა, ვინმე შეჰყვარებოდა. ვინმე, ვისთანაც მდუმარედ შეძლებდა საუბარს; ვინმე, ვინც მხოლოდ ვნების ობიექტი არ იქნებოდა მისთვის...
ნილა მისკენ მიაბიჯებდა, და მათეც ხელგაშლილი, მოთმინებით ელოდა.
სულ ეს იყო მათი ფაბულა.


***

იმ დღის შემდეგ, რაც მათესთან დარჩა, ქალს ხშირად რატომღაც ვეღარ ნახულობდა. არა, ერთხელაც კი ვერ მოჰკრა თვალი. ვერც გაჩერებაზე გამოიჭირა, სახლის კართანაც კი არ დაუნახავს. ხანდახან, საათობით ელოდა ფანჯარასთან სამსახურიდან დაბრუნებული მაინც რომ დაეგულა, თუმცა ამაოდ. ნილა არ ჩანდა.
თავიდან გადაწყვიტა, რომ არ შეეწუხებინა. შემდეგ კი, როცა ყელში ამოუვიდა უმისობისგან გამოწვეული დისკომფორტი, სანდროს სახლის კარზე დააკაკუნა. ლოდინი მოუწია, სანამ კარს გაუღებდნენ.
-მანქანა გარეთ რომ არ გეყენოს, ვიფიქრებდი რომ სამსახურში იქნებოდი.
-შემოდი, მათე.-შეიპატიჟა სანდრომ სახლში. მასპინძელი დაღლილი ეჩვენა მათეს.
-ყველაფერი კარგადაა?
-ნილაა ცუდად. -მათეს შიში, რომელიც სანდროს ამ მდგომარეობაში დანახვისას დაეუფლა, გამართლდა. დაიძაბა.
-რა სჭირს?-ხმა ვერ მოზომა. აშკარა წუხილით წამოიძახა და სანდროც გააკვირვა მისმა მღელვარებამ.
-ეს დღეები შეტევა ჰქონდა. საძინებლიდან ვერ გამომყავს.-უპასუხა სანდრომ ისე, ეჭვნარევი მზერა არ მოუცილებია სტუმრისთვის. მათემ ნილას საძინებელს გახედა.
-შეიძლება ვნახო?-ჰკითხა შედარებით დამშვიდებული ტონით. სანდრომ, წამიერი ყოყმანის შემდეგ, თავი დაუქნია. იყოყმანა, რადგან ეს კითხვა არ იყო მხოლოდ კითხვა, თითქოს კაცი ნებართვას ითხოვდა.
კარის ანჯამას სანამ ჩამოსწევდა, მათემ ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. წამით მოეჩვენა, რომ ამის გაკეთება ცხოვრებაში კიდევ მრავალჯერ მოუწევდა- ასე ნერვიულობა, სანამ ნილას ნახავდა, რადგან არ ეცოდინებოდა წინასწარ, რა მდგომარეობაში დახვდებოდა ქალი.
ოთახში შეაბიჯა. პირველ რიგში საწოლს მოატარა მზერა, იქ დახვდა. ზურგშექცევით იწვა. ოთახში ციოდა, ნილას წინ ცივი ნიავი ლურჯ ფარდას არხევდა. მათემ კარი დახურა, ნელა მიუახლოვდა. თვალებდახუჭულს ზემოდან დახედა.
-სანდრო, კარგად ვარ, გეხვეწები...
-გამარჯობა. -ქალმა გაოცებულმა ამოხედა. ვერ მიხვდა მათე, ეწყინა თუ გაუხარდა მისი მოსვლა. ის კი შეამჩნია, მოთენთილი და სახეწაშლილი რომ იყო. ალბათ იძინებდა.
-აქ რა გინდა.
-დიდი ხანია არ მინავხარხარ.-მიუგო. ფაჯნრისკენ გაიწია, რომ დაეხურა.
-შეეშვი.
-გაიყინები.
-ვერ ვსუნთქავ, ჩახუთულობაა. -ამოიწუწუნა. მათე ისევ მიუახლოვდა. გადახდილი საბანი დააფარა სიცივისგან დახორკლილი მკლავებზე. მერე მის ფერხთით ჩამოჯდა.
-არ ველოდი შენს მოსვლას.
-არ გინდოდა, რომ მოვსულიყავი?
-ის უფრო მნიშვნელოვანია, აქ რატომ ხარ.
-ხომ იცი, შენი ხილვა არ ახდება, თუ ხშირად არ გნახავ.
-ანუ გინდა, რომ ახდეს?-ჩაეღიმა ნილას სუსტად.
-მინდა. -მისგან განსხვავებით მათეს მიმიკა არ შერხევია. როგორც ყოველთვის, სერიოზული იყო. -რა გჭირს პატარა ქალბატონო?
ნილამ ღიმილით სუსტად უბიძგა მხარზე.
-არ ვიცი.
-სუნთქვა რატომ გიჭირს.
-არ ვიცი. ნუ მიყურებ ასე, მგონია ჩემზე ბრაზობ.
-მართალია, ვბრაზობ.
-რატომ?
-ცხოვრება გეზარება და მოხუცი ავადმყოფივით ჩაწოლილხარ. -სწორედ ეს უნდოდა, ქალი გაბრაზდა, სწრაფად წამოიწია, წამოჯდა და გამწყრალი შეაჩერდა სტუმარს.
-ასე არ უნდა ამბობდე...
-ვერ მივხვდი-თავი მოიკატუნა კაცმა. ირიბად თვალი შეავლო ნილას თხელ მაისურში გამოკვეთილ მკერდს.
-მას შემდეგ, რაც შენთან დავრჩი, ასე არ უნდა ამბობდე...-ნაწყენმა მისი წამიერი მზერა დაიჭირა, უხერხულობისგან ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა. მათე ადგა, ახლოს დაუჯდა. დაჟინებული მზერა არ მოუშორებია ნილას სახისთვის. მქრალად, ვარდისფრად შეფერადებულ ღაწვებს მზერა მოავლო.
-შეტევა კიდევ გქონია.-ეს კითხვა არ იყო. -მითხარი, გინდა, რომ კარგად გახდე?
-მინდა-მონუსხულივით ჩაილაპარაკა, როცა კაცმა სახეზე ჩამოყრილი თმის ღერები ყურს უკან გადაუწია.
-მე დაგეხმარები. აღარც დანაშაულის შეგრძნება შეგაწუხებს დედაშენის გამო... და... აღარც ყოყმანი.
-რა ყოყმანი.
-ჩემთან ყოფნის.
-მათე...-ნილას ხმა გაეპარა. კაცი კარგად ამჩნევდა მის ამღვრეულ თვალებში დაბუდებულ ღელვას, და თითქოს რაღაც უხილავი ძალა ნილასკენ ექაჩებოდა.
რაღაც სურდა ეთქვა, მაგრამ სიტყვა ვერ დასცდა, გაუწყდა ხმა. ქალისკენ გადაწეულმა დაინახა, როგორ მიელულა ნილას თვალები, მერე ყელის ერთი ნაწილი თმისგან გაუთავისუფლა, მეორე ხელი წელთან ჩაცურა, და ყბაზე მჭიდროდ, მგზნებარედ მიაკრო ტუჩები. იგრძნო, ნილამ კანკალით როგორ ამოისუნთქა. ბაგეებმა ყელისკენ გაიკვალეს გზა. და აქაც იგრძნო დაჟინებული ამბორი ქალმა.
სანამ მის კანს მოშორდებოდა, სანამ მის ტაოდაყრილ სხეულს ხელებს შეუშვებდა, კოცნის გაგრძელების სურვილმა და ყოყმანმა კინაღამ ჭკუიდან შეშალა. ქალს შეხედა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.
-წადი...-მოესმა მისი ჩურჩული. საპასუხოდ შუბლი ნილას შუბლს მიაყრდნო. ხელები მკერდიდან ჩამოაღებინა და ხელისგულებში მოიქცია ცივი მტევნები.
-საკუთარ ნაჭუჭში ნუ იკეტები.
-მეშინია...-აუთრთოლდა ხმა ქალს, თვალები დახარა.
-რისი...
-ოდესმე, ხელს ასე რომ ჩამჭიდებ, თუ რაღაც ცუდს ვნახავ, იმას როგორ უნდა გავუმკლავდე?
-ნუ გეშინია იმის, რაც არ მომხდარა. შემომხედე.-ნილამ დაუჯერა-აღარასოდეს მთხოვო წასვლა.
ნილა მისკენ მიიწია, უნებურად შეაშველა მათემ ხელები მისკენ გამოწეულ სხეულს და გულში ჩაიკრა.
წამით დუმილი ჩამოწვა.
-კარგი.-ამოიჩურჩულა ქალმა მის მკერდთან. მშვიდ, რიტმულ გულისცემას უყურადებდა. იგრძნო ნილამ მყუდროება, ისიც, როგორ გაქრა თავში ყველა ფიქრი და სიწყნარემ დაისადგურა.
მთელი არსებით მიყრდნობილ სხეულის შეგრძნებისას მათემ თვალები დახუჭა. ბეღურასავით მიყუჟულიყო მის მკლავებ ქვეშ ქალი და მისი სიმშვიდე, გრძნობდა, როგორ ედებოდა თავადაც.
რა უნდოდა მისგან?
ზუსტად არ იცოდა. მაგრამ კარგად ხედავდა, ნილას სჭირდებოდა, და მისი კმაყოფილება, თავისი აუცილებლობაც ხდებოდა.
არ ახსოვს რამდენ ხანს იჯდა გაშეშებული, რამდენი ხანი ათბობდა მისი მკლავები ნილას ზურგს, მაგრამ როცა გაწევა დააპირა, ქალის სხეულიც ისე მარტივად დაჰყვა, მიხვდა, ჩასძინებოდა. ფრთხილად დააწვინა ზურგზე და საბანი დააფარა. შუბლზე თმა გადაუწია და მის უშფოთველ სახეს დააკვირდა.
ისეთი მშვენიერი ეჩვენა, გაიფიქრა, ამ სახეზე ღიმილის დასამჩნევად ეღირებოდა ყველაფერი.
წამოდგა. ფანჯარა დახურა, მუქი ფარდა ჩამოაფარა, ოთახიდან გავიდა. მისაღებში სანდრო იჯდა სავარძელზე. მშვიდად მიუახლოვდა და მის წინ ჩამოჯდა. უღონოდ მიაყრდნო სხეული სავარძლის საზურგეს და კაცს შეხედა.
-როგორ არის?-აუღელვებლად ჰკითხა.
-მშვიდად. ჩაეძინა.
-შენ როგორ ხარ?
მათესთვის ხშირად დაუსვამს ეს კითხვა სანდროს, მაგრამ იცოდა ახლა მეგობარი კი არა, ნილას მამა ესაუბრებოდა.
-კარგად მინდა ვიყო.
-ნილას მაგაში ნუ დაიხმარებ, როცა თავადაც ეს სჭირდება. სარგებლად ნუ გაიხდი.
თანხმობის ნიშნად მათემ თავი დაუქნია და მზერა დამაჯერებლად გაუსწორა კაცს:
-მერწმუნე, ნილას კეთილდღეობა სარგებელზე მეტი იქნება ჩემთვის.
-გენდობი.
-ვიცი, სანდრო.
-ნილაც გენდობა.
მათემ ესეც იცოდა, მაგრამ მოსმენამ უფრო მოხიბლა. თვალები დახუჭა.
-ხილვებზე გითხრა, არა?
-ხო.-შეხედა ისევ. მათე ყოველთვის ფიქრობდა, მიუხედავად იმისა, რომ ნილა სანდროს სისხლი და ხორცი არ იყო, თვალებით მას ჰგავდა. რბილ ყავისფერებში მუდამდღე ქაოსი ედგათ მამა-შვილს.
-დედამისის სიკვდილის მერე, ისე ცუდად იყო, ვეღარაფერს ხედავდა. მერე აქედანაც წავიდა. როცა გავიგე, რომ დეპრესია პანიკურ შეტევებამდე მივიდა, აქ დაბრუნება ვთხოვე, არ მოისურვა. -მათეს ზურგს უკან ნილას ოთახის კარს გაუსწორა თვალები სანდრომ.-მაგრამ, როცა გაიგო, რომ ხილვები ისევ დაუბრუნდნენ, თავისი ნებით დარჩა ამ სახლში.
სანდრომ ღრმად ამოისუნთქა და ისევ მათეს შეხედა:
-ნილას თავისი ხილვების ეშინია. ალბათ, სიკვდილზე მეტადაც კი. ხელი არასოდეს ჩასჭიდო.


***

სახლში დაბრუნებული სააბაზანოში შევიდა. გაღიზიანებული თვალები უნებურად უცრემლიანდებოდა, ლინზები მოიხსნა და სარკიანი კარადა გამოაღო, წვეთები მოიძია და თვალის კაკლებში რამდენიმე წვეთი სათითაოდ ჩაუშვა. სახე ჭერისკენ მიემართა, მოთმინებით დაელოდა სითხე როგორ გაჯდებოდა თვალებში და მერე დაახამხამა წამწამები. მზერა გადაეწმინდა და თავის ნაცრისფერ გამოსახულებას სარკეში წამით შეხედა. სააბაზანოდან გავიდა. დაღლილი აუყვა კიბეებს და როიალს მიუახლოვდა. ნოტების ნახევრად შევსებული ფურცლები უდიერად დაეხვავებინა მაგიდის კუთხეში. სკამზე ჩამოჯდა, ფურცლები რიგითობის მიხედვით გაასწორა და ერთ-ერთი პიუპიტრზე შემოდო, კლავიატურის საფარი ასწია და ხელში ფანქარი დაიკავა, მეორე ხელით კლავიშებს მიუბრუნდა. როგორც ფურცლებზე ეწერა, აკორდები ისე აიღო, მაგრამ არ მოეწონა, შუა პედლით ბგერა შეუნარჩუნა, ისევ არ მოეწონა. ნოტი ბემოლით შეცვალა და კიდევ სცადა, ამჯერად დაკმაყოფილდა. ნოტები ჩაასწორა და მუშაობა განაგრძო.
ამ შავ-თეთრ სახლში, არაფერი ღირებული არ არსებობდა. სახლი ცივი და ცარიელი იყო. მის პატრონს, ამ უბნისთვის, ამ ქალაქისთვის ახალსა და უცხოს, სახლისთვის ბედნიერება ჯერ არ მოეტანა. პატრონმა პირველი მოგონებებიც კი სხვასთან ერთად გაუზიარა თეთრ კედლებს და ახლა, როცა მისი სწრაფად მრხევი თითები კიდევ ერთ მელოდიას ქმნიდნენ, სახლის ყველა კუთხე-კუნჭულს სჯეროდა, რომ ოდესმე მათაც შთაებერებოდათ სიცოცხლე.
„ხელი არასოდეს ჩასჭიდო“.
როგორც წესი, გოგონების მამებმა სხვაგვარად იცოდნენ დარიგება, ფიქრობდა მათე, მაგალითად, ამბობდნენ: „ხელი არასოდეს გაუშვა“.
ნილა სხვა იყო. თავის ხელისგულზე მისი მტევნების დასვენება ან ბოროტ განაჩენს უქადდა ან უზადო ბედნიერებას.
რისკზე ნილას მდგომარეობა იყო დამოკიდებული, ამიტომ მასზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო.
მეორე დღეს, სისხამ დილით, როცა ფანჯრიდან გაიხედა, მოპირდაპირე სახლისკენ გაუწია მზერამ. მის ნაცრისფერ თვალთახედვაში ყველაფერი ისეთი უღიმღამო ჩანდა, ისურვა, რომ ნილა ასეთი არასოდეს ენახა. ნეტავ როგორი იქნებოდა? სხვებისავით შავ-თეთრი და უფერული? რაღაც ძვირფასი ხომ წესით ყველაზე ხმამაღალად, ბრჭყვიალად, თვალშისაცემად ეჩვენებათ ხოლმე ადამიანებს.
მოუნდა მისი ხმა გაეგონა, ტელეფონი აიღო და მერეღა გაახსენდა, ნილას ნომერიც კი არ იცოდა. სიმწრით ჩაეცინა. ფანჯარასთან კედელს მხრით მიეყრდნო.
უბანში, სახლების წინ ალაგ-ალაგ დარგული ხეები თეთრად იწყებდნენ ყვავილობას.
ცოტა გაკვირვებული იყო მათე. როგორ შეიძლებოდა ასე.
ასე ულაპარაკოდ, გაუცნობიერებლად, ერთმანეთის გაცნობის გარეშე ერთმანეთთან ასე მიჯაჭვულიყვნენ. ისიც კი არ იცოდა, ნილას საყვარელი საჭმელი რა იყო... მაგრამ, სამაგიეროდ მისი წაკითხვა შეეძლო კარგად. იცოდა, როდის ღელავდა, როდის იყო მოწყენილი ან ბედნიერი. იცოდა, როცა ქალი კეფაზე უნებურად ხელს იტარებდა, უხერხულად გრძნობდა თავს. თვალებს მხოლოდ მაშინ ატრიალებდა, როცა რაღაც ახარებდა და არ უნდოდა გამოეხატა. როცა ეძინებოდა, ან როცა დაღლილი იყო და სიმშვიდე სურდა, მათეს ხელს ეჭიდებოდა. თუკი ჩამოშლილ თმას ყურსუკან გადაიწევდა, კი არ ნერვიულობდა, მოუთმენელი იყო. ტუჩის კუთხეს თითებით მხოლოდ მაშინ იწვალებდა, როცა ბრაზობდა. კიდევ რა იყო? კიდევ რა იყო ნილა?
ღრმად ამოისუნთქა.
ალბათ მისდამი სიყვარული ჯილდო იქნებოდა.
რადგან თუკი ადრე, ეს შეგრძნება მხოლოდ ამჩატებდა და სიმსუბუქის ასოციაციას უქმნიდა, ახლა ნილასთან ყოფნის ურვილიც კი ფანტასტიურ ელფერს იძენდა და შინაგანად ჩაღვრილ სითბოს აგრძნობინებდა. მასთან ერთი ხელისგაწვდენაზე იყო ქალი, არანაირი დაბრკოლების დალახვა არ უწევდა, მასთან რომ ყოფილიყო; არც დრო აშორებდათ, არც მანძილი. სულ არაფერი. მაგრამ მაინც, მასთან ყოფნისთვის რაღაც უნდა გადაელახა. ისეთივე რთული და მძიმე, როგორც საკუთარი თავი.


***

ისევ მისი სახლის კართან იდგა. სანდრო უკვე ღიმილით ეგებებოდა.
-ისევ ოთახშია შეკეტილი?
-შენდა გასაოცრად, არა!-მოესმა ნილას ხმა სახლიდან და სანდროს შვებით შეხედა.
-შემოდი.
სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა, ლეპტოპში რაღაცას გამალებით კრეფდა, მათე რომ დაინახა და მუშაობა შეწყვიტა.
-ყავა ხომ არ გინდა?
-ჩაის დავლევდი.
-სანდრო, შენ?-გასძახა მამას და მათეს მოეჩვენა, რომ ქალი თავს არიდებდა. მისგან ზურგშექცევით დამდგარმა უჩვეულოდ ნელა დაიწყო ჩაიდანში წყლის ჩასხმა.
-არა, მადლობა! გავდივარ! -უპასუხეს და მერე კარის მიხურვის ხმა გაისმა.
-სად წავიდა?
-სამსახურში, ალბათ, არ ვიცი.
-შენ როგორ ხარ?
-უკეთესად.
-ჭამე რამე?-მათე უბრალოდ იდგა, მზერას არ აშორებდა.
-კი, დილით ვისაუზმე. -როგორც იქნა ინება შემოხედვა.
-დღეს იღიმი. დიდი მიღწევაა.
-მართლა?
-აი ისევ.-გაეცინა კაცსაც. მიუახლოვდა.-შემთხვევით, ჩემი დამსახურება ხომ არაა?
ნილამ მხოლოდ მხრები აიჩეჩა. მათეს არ გამორჩენია, როგორ უყურებდა ქალი. ეშმაკურად და გამომწვევად კი არა, როგორც სხვებს სჩვეოდათ, თვალებით თავისკენ ექაჩებოდა კაცს, რადგან სითბოსა და სურვილის გარდა მათში არაფერი დაბუდებულიყო.
სანამ პირისპირ ჩამოუდგებოდა, მკლავები მისკენ გაიწვდინა, ნილამ წამით შეხედა დიდრონ კიდურებს, მერე გაუაზრებლად დაეყრდნო იდაყვებზე და მასთან აღმოჩნდა. ოდნავ დაიხარა და შუბლით მის შუბლს შეეხო მათე, თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა ნილას ცივი სურნელი.
-ეს უნდა გვყოფნიდეს?
-ჩემი აზრი თუ გაინტერესებს ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე, იცოდე არც მიზოგენი ვარ, არც სექსისტი, არც რასისტი...
-მათე...-ჩაეცინა ქალს, თვალები აატრიალა.
-არც ვეწევი, არც ვსვამ, სტაბილური შემოსავალიც მაქვს.
-გეყოს-გაიწია მისგან ნილა, თვალებში შეხედა ასე ახლოს მყოფს.
-ხომ თქვი, ბედისწერას ჩვენ ვქმნითო... ნუთუ იმ ხილვის გამო მენდობი ასე, რომელშიც მნახე?-ხმადაბლა საუბრობდა.
-ის ხილვა ფურცლის პატარა ნაგლეჯია, არ ვიცით წიგნი რაზეა დაწერილი.
-და შენ მაინც თავით ეშვები ამ გაურკვევლობაში.
-მიღირხარ. -ამოთქვა და სუნთქვა შეეკრა, რადგან კაცი იმწამსვე სურვილითა და ნდომით დაეწაფა მის ტუჩებს. ნილამ ყელში შესრიალებული თბილი, გრძელი თითები იგრძნო, ცალ მკლავზე, მათეს პერანგს თითებით ჩაებღაუჭა, მეორე ხელი კაცის გულ-მკერდზე დაასვენა. მოუთმენლად აჰყვა ამბორში. ჩაიდანი აკივლდა, შეწუხებული მოშორდა მათე. ნილა მიტრიალდა, სწრაფად გამორთო გაზქურა.
ისევ კაცს შეხედა. ის ხელი მომუშტა, წამის წინ მათეს გულთან რომ ეჭიდებოდა მის მუქ პერანგს. თითქოს ახლაც გრძნობდა მათეს ძლიერ და სწრაფ გულისცემას, პატრონის გულწრფელობას ასე რომ გასცემდა.


***


სამსახურის შემდეგ მხრებატკიებული გამოვიდა შენობიდან.
-ნილა.
ჰაერში გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა. მისი ხმა მოესმა და შებრუნდა.
-გამარჯობა. -მიუახლოვდა მათე, ხელში ყვავილების თაიგული ეჭირა.
-სალამი... -გაეღიმა ქალს. -აქ რას აკეთებ?-გაეკეკლუცა.
-ვიფიქრე, გასეირნებაზე უარს არ იტყოდი.
შეეგება ქალი, ჩაეხუტა, ჯერ ლოყაზე აკოცა კაცმა მზგნებარედ, მერე ბაგეებზე. ხელებში ჩაუდო ლილიების შეკვრა.
-როგორი ლამაზია...-ღიმილისგან გაიბადრა.-გმადლობ.
-დაიღალე?
-ცოტა...-მისი სახე ხელისგულში მოიქცია ნილამ, თითებით მიეალერსა. -სიცხე გაქვს? ცხელი ხარ ძალიან.
-კარგად ვარ.
-არა მათე. -ამჯერად შუბლზე მიადო ხელისგული-იწვი!
-წამოდი უბრალოდ, ნილა.-გაუწოდა მკლავი დასაყრდნობად.
ქალი ადგილიდან არ იძვროდა.
-წამოხვალ?
-სახლში ჯობია წასვლა.
მათემ ღიმილით გააქნია თავი. წამით საპასუხო მზერა შეაგება ნილას დაჟინებულ გამოხედვას.
-შოპენის ნოკტიურნები თუ იცი?
-მახსოვს ადრე ხშირად ვუსმენდი ხოლმე. წამოდი სახლში, ნუ გადაგაქვს თემა!
-კაფეში ყავაზე დაგპატიჟებ, თბილად, მყუდრო გარემოში...-ჩაუკრა თვალი. ხელი ისევ გაუწოდა.
-ჯიუტი ხარ!-ნილამ გამოწვდილ მკლავს თავისი შეაგება.
-სიჟიუტე ჩემი პროფესიისთვის აუცილებელი თვისებაა. -ნაბიჯები აუწყვეს წყვილმა ერთმანეთს.
-რაში უნდა გამოიყენოს პიანისტმა სიჯიუტე?
-პაემანზე დაითანხმოს ერთი მშვენიერი ქალი.
ნილას ღიმილმა გაჰკრა. თავი გააკანტურა.
-სულელო!
-რა გინდა, მცდელობას ვერ დამიკარგავ.
-თავისთავად.
თუმცა მზე მიმქრალიყო ღრუბლებში, ქუჩაში მაინც მყუდროება სუფევდა.
-როგორ ხარ?-ჰკითხა ნილამ.
მათემ გაოცებულმა გამოხედა.
-რატომ...-გაეცინა-რატომ მეკითხები.
-მაინტერესებს. -აიჩეჩა ქალმა მხრები.
-კარგად...-კაცი დაიბნა.
გადასასვლელთან შედგნენ. ქვეითთათვის განკუთვნილი წითელი ენთო. მანქანა არ მოძრაობდა.
-მაგრამ... უძილობა მაწუხებს, თუმცა შენზე ფიქრში ამასაც ვუმკლავდები.
-“ამასაც“?-აზიდა წარბები.
-რას ვიზამთ, ცხოვრებაა, ნილა. -გაუღიმა კაცმა.
მისი სევდა ამ ღიმილში დნებოდა. ნილას სურვილი მოეძალა მოხვეოდა მას ძვლების ატკიებამდე. თავადაც იმდენჯერ გამოეცადა, იმდენჯერ უნატრია ვინმე ჰყოლოდა...
-წამოდი, გადავირბინოთ, მაინც არ დადიან!
-მათე...-გააჩერა მკლავი, რომელიც გზისკენ უხმობდა.
კისერზე მოეხვია და მთელი სხეულით მიეტმასნა თითის წვერებზე აწეული. კაცი ჯერ შეყოვნდა, მერე საპასუხოდ მკლავები შემოხვია წელზე, ისე ძლიერად და გამალებით, ქალს სუნთქვა შეეკრა, მაგრამ ჩქამიც არ დასცდენია მასთან სიახლოვის ნდომით სხეულამწვარს.


***


ერთი, ორი, სამი.
ერთი, ორი, სამი.
ხის მაგიდაზე მოთმინებით ათამაშებდა თითებს. საათობით ერთ ადგილას მჯდარს კისერი და ზურგი გაშეშებოდა.
კარზე დააკაკუნეს.
ყრუ ტკივილსგან დაღლილმა ოთახს მოავლო უღიმღამო მზერა.
-შეიძლება?-სანდრომ შემოიხედა ოთახში.
-ხო, რა არის?
-ეკლესიაში ხომ არ წამოხვიდოდი?
ნილამ გაკვირვებულმა შეხედა საათს. დრო ისე გაპარვოდა, ვერც კი გაეგო.
შაბათი იყო, საღამოს წირვა ახლოვდებოდა.
კაცს საპასუხოდ მხოლოდ თავი დაუქნია და როცა კარი გაიხურეს, სკამიდან წამოდგა. გარდერობიდან კაბა და თავსაბურავი გამოიღო.
დიდად არ იზიდავდა წირვის მოსმენა, მღვდლის მონოტორული საუბრისთვის ყურის დაგდება. უბრალოდ, იქ, ეკლესიაში თავს ბოლო დროს მშვიდად გრძნობდა. უმისამართო აზრები აღარ აწუხებდნენ ხოლმე. ფიქრობდა, რომ ეს ერთადერთი ადგილი იყო, სადაც თავისი არსებობის მიზეზების პოვნა შეიძლებოდა.
სანდროს ხელკავი გამოუდო და მამა-შვილი ნელი ნაბიჯებით აუყვნენ მოკირწყლიულ აღმართს. გაზაფხულის ნაზი სუსხი ქროდა, საამო და სასურველი. ავდრიან დღეს გამონათებული მზის სხივები კი ისეთი სათნო იყო, სიარულისას ქალი დროდადრო თვალებს ხუჭავდა და სახეს უშვერდა გასათბობად. ნილას გაეღიმა. ასე ბევრჯერ სეირნობდნენ ხოლმე ის და სანდრო წარსულში. ოღონდ აწმყოსგან განსხვავებით, მაშინ სამნი იყვნენ.
-მათე კარგი კაცია.
-როგორც იქნა ეს მომენტიც დადგა. -გულღიად გაეცინა ნილას.
-არა, ჭკუის დასარიგებლად არ წამომიწყია.
-აბა?-შეეშველა, ანცად გახედა, როცა კაცი შეყოვნდა.
-პირიქით, მიხარია, რომ ვინმეს შენთან ახლოს მოსვლის უფლება მიეცი.
მშვიდი, დაბალი ინტონაცია თბილ ნიავს ერეოდა და ნილას ყურთასმენას სასიამოვნოდ ელამუნებოდა.
-მე და დედაშენს ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ შენი ნიჭი...
-კარგი რა.
-დამაცადე... სულ მიგვაჩნდა შენი ეს უნარი ღვთისგან მომადლებული საჩუქარია.
-ასე იმიტომ ფიქრობდით, რომ თავად არ გამოგიცდიათ…
-ღმერთი ყველას თანაბრად უნაწილებს შესაძლებლობებს. განსხვავება იმაშია, რომ ზოგ ადამიანს შესწევს ძალა, ეს უნარი საკუთარ თავში აღმოაჩინოს და საჭიროებისამებრ გამოიყენოს. ზოგი კი უბრალოდ, ცხოვრების დინებას დანებებული, აქეთ ელოდება შესაძლებლობის დადგომას და არც კი იცის, რომ საკუთარი ცხოვრება ხელთ უპყრია.
-ეს ყველაფერი მათესთან რა შუაშია?
-შენ შენს უნარს რომ სათანადოდ აფასებდე, მათესთან დაახლოება ასე არ გაგიჭირდებოდა.
-შენ რა იცი...
-მე თქვენ ორ შორის, დამიჯერე, მოვლენებს ყველაზე ობიექტურად ვუყურებ... ნებას მომცემ შენს პირადში ცოტაოდენი რჩევა მოგცე?-გამოხედა შვილს. ნილამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
-ნუ გეშინია ხალხთან ურთიერთობის. ნურც საკუთარი თავი გაფრთხობს. აიღე შენი ნიჭი და გამოიყენე ისე, როგორც გინდა, როგორც მოგიხერხდება. თუ გინდა შენი კაფე გახსენი, სადაც ხალხს მომავალს უწინასწარმეტყველებ... გახსოვს, ადრე კიდეც აპირებდი ამ გზით ფულის შოვნას...
ნილას ჩაეცინა, თავი გააქნია.
-ეს თუ არა, გაქვს ძალა, იმისათვის, რომ შენს საყვარელ ხალხს დაეხმარო. ვინმეს ცხოვრება გაუმარტივო. მესმის, რატომ იდანაშაულებ თავს დედაშენის გამო, მაგრამ ამან კი არ უნდა დაგცეს და გაგანადგუროს, ფეხზე წამოდგომა უნდა გასწავლოს. მიიღე შენი ძალა, მიიღე ხალხი, ნილა. შენ ადამიანების დახმარება შეგიძლია. ეს ყველაფერია, დამიჯერე.
როცა ეკლესიის კარი თვალთახედვის არეში გამოჩნდა, ნილამ შენობა შორიდან კიდევ ერთხელ შეათვალიერა დაკვირვებით.
-ხანდახან ვფიქრობ, დედაჩემის საჩუქარი ხარ.
-ხანდახან?-ეშმაკურად დააწვრილა სანდრომ თვალები, და სანამ ეკლესიაში შეაბიჯებდნენ, შვილი გულში ჩაიკრა.

ხალხმრავალი ტაძარი ამჯერად ნამდვილად არ უქმნიდა უსიამოვნო შეგრძნებასა და დისკომფორტს. საკმევლის მძაფრი არომატი ღრმა, უწონადო სივრცეში აგზავნიდა მის გონებას და ცივი ქვის კედლები, რომლებზედაც ხატები დაებრძანებინათ, ეგონა სამუდამოდ ჰპირდებოდნენ უსაფრთხოებას.
მერე მათეს სახე ამოტივტივდა. თვალები დახუჭა და კაცს უფლება მისცა ფიქრებში ერთიანად შეჭრილიყო.
ნეტავ სად იყო, რას აკეთებდა? უსათუოდ შეუვლიდა საღამოს სახლში. მონატრებოდა მის სიახლოვეს მოგვრილი უშფოთველობა, მასთან საუბარი. მისი ჩაღიმება, გამოხედვა; ის ნაცრისფერი, უტყვი თვალები, ყველაზე მეტს მას რომ უამბობდნენ.
თითის ბალიშებით სანთელს ეფერებოდა ნილა. ალს დახედა. ნელა ლიცლიცებდა ყვითელი სინათლე. ღმერთს გულში მადლობა გადაუხადა, იმ დღისთვის, იმ ტკივილისთვის, სანდროსთან დარეკვა რომ გადააწყვეტინა. იმისთვისაც, ხილვები ისევ რომ დაუბრუნდნენ. ამ ხილვებმა მათე მიიყვანეს მასთან და ქალიც ღიმილით შეხვდა მის არსებობას.


***

დაკაკუნებას აპირებდა და მერე გაახსენდა, რომ არასოდეს კეტავდა მათე კარს. სახელური ჩამოსწია და სახლში შევიდა. სიბნელე სტუმართმოყვარე მასპინძელივით შეეგება. როიალის ხმა მოესმა ნილას. ნაზი, უშფოთველი მელოდია თავისკენ უხმობდა ქალს. კიბეები ნელა აიარა. ჩუმად, ღიმილით მიუახლოვდა ზურგიდან კაცს. მის ფართო, გაშლილ მხრებს მშვიდად შეეხო. არ შემკრთალა მათე. დაკვრა გააგრძელა. მოწიწებით ეალარსებოდნენ კლავიშებს მისი გრძელი თითები. ხარბად ათვალიერებდა ნილა კაცის მრხევ ფალანგებს. მერე ეს თითები თავის სხეულზე წარმოიდგინა…
მუსიკა დასრულდა. მაშინღა გამოერკვა, როცა კაცის თითები თავის მტევანს შემოეხვია, თავისკენ შემოატარა ქალი, მკლავი წელზე მოხვია და მუხლებისკენ უბიძგა მათემ. კალთაში ჩაისვა. მოულოდნელი სიახლოვისგან დამტყდარი აღელვება სასიამოვნოდ მოეფინა ნილას კიდურებში და მხრებზე მკლავები შემოხვია კაცს.
-ლამაზი იყო.
-ჯერ კიდევ დასასრულებელია...-ქალის კეფაში ხელი შეუცურა და თავისკენ ახლოს მოსწია. მის ბაგეებზე დაიჩურჩულა და ტუჩები ტუჩებზე გაუხახუნა. მშვიდი ნეტარებისგან თვალები მიელულა ნილას.
-ჯერ კიდევ ბევრი რამ აკლია... ბევრი დეტალი...-ცხვირის წვერით ღაწვებზე შეეხო სასურველს. მერე ყელში ჩაურგო თავი და კანზე აკოცა. ქალის მოუსვენარი სხეული რომ დაეოკებინა, ნილას წელზე შემოხვეული მეორე ხელით უფრო ახლოს მიიზიდა. მხრებზე, პერანგზე ჩაებღაუჭნენ ქალის თითები.
-ნილა...
თავი გამოსწია და თვალებში ჩახედა ქალმა.
-ხვალ გცალია?-ტუჩის კუთხეში აკოცა სავანელმა, ისე, მზერა არ მოაშორა თავისკენ მომზირალ თაფლისფერ ირისებს.
-ჰო...
-კარგია...-დაიჩურჩულა და კიდევ ერთხელ მიაკრო ბაგეები.
-მათე...-კაცის სახე ხელებში მოიქცია. გაეღიმა მასზე. წვერი ოდნავ წამოზრდოდა. სახის ნაკვთებს მოატარა ფალანგები. წარბებზე გადაუსვა თითები, ტუჩის კუთხეებთან ბალიშებით შეიგრძნო კაცის ღიმილიც. სახე მიუახლოვა. აკოცა.
დაჭიმული კიდურები ვერაფრით მოადუნა კაცმა. ეგონა ოკეანის სიღრმეში მიცურავდა და მუხლებზე ნაგრძნობი ქალის სხეული თბილი ტალღებივით ელამუნებოდა.
როგორი ლამაზი იყო სიმშვიდე, რომელიც თეთრ ოთახში სუფევდა. სახლის კედლები თითქოსდა გაყუჩდნენ. წყნარ, თავშეკავებულ ამბორს ჰარმონიად აქცევდა მოწიწება. მათეს თითის ბალიშები აეწვა თითქოს. სიფრთხილით ათამაშებდა ქალის წელზე ფალანგებს და მოთმინებით ისრუტავდა ნილას ტუჩებიდან ქალის მისდამი ლტოლვას. მისი სხეული კი ნამდვილად თავშეუკავებლად ეტმასნებოდა ტანზე.
წამით შეწყვიტეს, არეული სუნთქვით ცდილობდნენ მძიმედ მფეთქავი გულის დამშვიდებას.
-ხვალ... რა ხდება?
-სადღაც მინდა წაგიყვანო....
ნილამ მის შუბლს თავისი დააყრდნო და როცამ მათემ თვალები დახუჭა, გაოცებით მოატარა მზერა მის სახეს. ისეთი მშვიდი იყო, მყუდრო, აუღელვებელი და... სანდო.
-მათე...-მხრებზე ხელები მჭიდროდ შემოხვია.
-ჰო.-თვალები არ გაუხელია კაცს. მისი ხმით ტკბებოდა. ესოდენ ახლოს ნაგრძნობი მისი კანითა და სურნელით კმაყოფილდებოდა. საუბრისას, ქალის გულ-მკერდიდან გამომავალი ვიბრაციით ნეტარებას შეიგრძნობდა.
-შენები ახლა სად არიან?
-მეგონა ამის შესახებ იცოდი...-ამოხედეს ნაცრისფერებმა.
ქალმა უარის ნიშნად გააქნია თავი.
-სოციალურ ქსელებს არ ვიყენებ...
-დაიღუპნენ.
-არა... შენს ახლანდელ ოჯახს ვგულისხმობ, ვინც გიშვილეს...
-ჰო, ნილა. -სევდით გაუღიმა-აღარ არიან.
ქალმა წყენის ნიშნად წარბები შეკრა. თვალები თავისდაუნებურად აემღვრა. ამაზე კიდევ უფრო გაეღიმა კაცს.
-ნუ სწუხხარ.-თმის ნაწილი გადაუწია ყურს უკან და თითისწვერებით ყელთან მიელამუნა.-წუხილის დრო აღარაა. დიდი ხნის წინ ჩაიარა.
ნილა გამოიწია, ყელი მოიღერა, თავი ასწია და ჰაერი პირით ღრმად ჩაისუნთქა. ისეთი უშფოთველობა გამეფებულიყო მის სხეულში...
-დაუკრავ რამეს ჩემთვის?-დახედა კაცს ღიმილით. ინანა ეს თემა საერთოდ რომ წამოჭრა.
-დიდი სიამოვნებით...-საპასუხო ღიმილი შეაგება, და როცა ქალმა მისი კალთიდან ადგომა დააპირა, დააკავა-დარჩი.
მხრები გაასწორა, მკლავები კლავიშებისკენ გაიწვდინა ისე, ქალი მათ შორის მოიქცია და ოთახში ნელი, მიმზიდველი მელოდია გააჟღერა.
-რაღაცას მაგონებს...
-კარგად დაუკვირდი...-ჩასჩურჩულა და დაკვრა განაგრძო. მაჯებს არ არხევდა, ისე ათამაშებდა თითებს, მოქნილად, მოზომილად, ტემპში. მუსიკის ბგერების შენარჩუნებასთან ერთად მელოდია უფრო მგზნებარე გახდა. ოთახში ბეთჰოვენის „silencio” ჟღერდა. კლავიშებს მზერა მოაშორა და კაცს ჩაეხუტა რაღაც ამოუხსნელი გრძნობის გასაზიარებლად. თითქოსდა მადლობას უხდიდა... თავადაც ვერ გაეგო...
-რა?
-აქამდე სად იყავი?-დასევდიანდა უცებ ქალი.
მათემ ვერაფერი უპასუხა. მილიმეტრებში ინტერესით აკვირდებოდა მის სახეს, განწყობას, ცვალებადობას.
-ახლა ისე კარგად ვარ... შემიძლია გთხოვო, რომ არასოდეს წახვიდე? მათე...-ჩურჩულით წარმოსთქვა მისი სახელი, მაინც რომ არაფერი უპასუხა. ისევ ისე უყურებდა კაცი.
-გამიგონე რა ვთქვი?-თხოვნა უფრო იყო ვიდრე შეკითხვა. ყელში ცრემლებს იკავებდა.
-მისმინე...-მხრებიდან თმა ზურგსუკან გადაუყარა ორივე ხელით და მტევნები მერე ისევ საწყის პოზიციაში დააბრუნა. -ნუ მთხოვ არწასვლას, რადგან ამას ისედაც არ ვაპირებ. ვიცი, ყველაფერი სწრაფად მოხდა...
-სისწრაფე დაბალ ხარისხის ყოველთვის არ ნიშნავს...-თვალები აატრიალა ქალმა.
მათემ ხარხარი ვერ შეიკავა.
-კარგი იყო...
-გააგრძელე...
-ნილა....-ნერწყვი გადაყლაპა, განაგრძო-დამიჯერე, შენ მეც ისევე მჭირდები, როგორც მე შენ. არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს მოთხოვნილება... მხოლოდ ფიზიკურ ლტოლვას არ ვგულისხმობ...-თავი გააქნია.- თითქოს ორივესთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო, რომ ახლა ამ მომენტში აქ ვყოფილიყავით...-თქვა და ღრმად ჩაისუნთქა მისი სურნელი.
ნილა უყურებდა და ხვდებოდა, ის ხილვა, ოდესღაც მათეს სახლში რომ ნახა, ასრულებას იწყებდა. გაეღიმა.
მისი კალთიდან წამოდგა, მუხლით ფეხები გააწევინა და ფეხებშორის ჩამოუდგა. მერე სათუთად შემოხვია კისერზე ხელები. კაცის ყელს სუნთქვაშეკრულმა ააყოლა თითის ბალიშები. ტანი დაუბუჟდა მათეს მისი ამგვარი შეხებისგან. ვნებააშლილი, მზერაამღვრეული უყურებდა საყვარელს და ეს გამოხედვა ყველაფრად ღირდა. შესაშურად ნელა დაიხარა ქალი მისი სახისკენ. წეღანდელისგან განსხვავებით, მტანჯველი მოთმინებით მიუახლოვა ტუჩები კაცის ბაგეებს. ისე ფრთხილად და მოკრძალებით შეახო თავისი მის ტუჩებს, ეგონა, გული საგულედან ამოუვარდებოდა სწრაფი, მძიმე ძგერისგან.
-ნილა...-გამაფრთხილებლად დაიჩურჩულა.
-ჰო...-ეშმაკურად ჩაეღიმა ქალს.
მოთმინება ჰაერში უკვალოდ აორთქლდა. სწრაფად, ძლიერად შემოხვია ქალს წელზე მკლავი, წამოდგა, უკუსვლით წაიყვანა საწოლისკენ ქალი და საწოლისკენ უბიძგა. ზემოდან მოექცა და სულმოუთქმელად, გაშმაგებით დაეწაფა მის ტუჩებს. მოზღვავებული ადრენალინისგან აკანკალებული ორი სხეული მოუთოკავ ვნებას, ერთუთის სურვილსა და სიახლოვის საჭიროებას თითქოს კანქვეშ ვეღარ იტევდა.
აქამდე რა აკავებდათ? რა იყო ის უხილავი ბარიერი, რომელსაც ვერც ერთი კვეთდა ამ მომენტამდე?
ბრმა ნდობა, მასთან ყოფნის მწველი ნდომა ყელში სადაც იყო, ცრემლებად მოაწვებოდა ქალს. მათეს კი, ეგონა, საკუთარივით გრძნობდა ნილას კანსა და მასზე სიამოვნებისგან დაყრილ ტაოს. ან ეს მიმზიდველი, მაღალი ყელი, სულმოუთქმელად რომ მოიარა შლეგი კოცნებით, მოუთმენელი ამოოხვრა, კვნესა და ქალის სულსწრაფი თითები, მის პერანგს გასახდელად რომ ებღაუჭებოდნენ, ეს ტუჩები, ეს მინაბული თვალები...-მათ უნახავად როგორ გაუძლო ამდენ ხანს?
აღარ იცოდა სად წაეღო თრთოლვაატანილი მტევნები. ქალის მკერდის ღარს ენა ააყოლა და მძიმედ დააწვა სხეულზე. პერანგი როგორღაც მოიშორა. გაშლილი, დაოფლილი მხრები ძლივსშეკავებული ენერგიისგან უთრთოდა. ზურგზე სუროსავით შემოეხვია ნილას კიდურები და თავისკენ მიიზიდა კაცი, უფრო მჭიდროდ, უფრო ახლოს.


გაღვიძებისას ნილამ უნებურად წაიჩურჩულა:
-რომელი საათია?
მერე ლოყაზე კოცნა იგრძნო.
-თორმეტი ხდება. ადექი ზარმაცო...
კაცის ტანს გრძნობდა თავის სხეულზე დაყრდნობილს. ზუსტად ისე იყო, როგორც იმ ხილვაში: მათეს სახე ახლოს იყო თავის ტუჩებთან, თვალებთან, ღაწვებთან. მისი თვალების ირისებიც ნაცრისფრად ლივლივებდნენ ამღვრეულ მზერაში. -დაგვაგვიანდება-გაუღიმა კაცმა...


***

სანამ დაკვირვებით შეათვალიერებდა იქაურობას, ჯერ მათეს შეხედა. უტყვ აღფრთოვანებას ასხივებდა კაცი თვალებიდან.
-ვისია ეს თეატრი?
-ჩემი ძველი მეგობრის. მენანება, არ მინდა ნესტსა და უმოქმედებაში დალპეს. -სერიოზული მზერა მოატარა სამსართულიან დარბაზს.-მაგრამ პატრონი ცოტა ახირებული ტიპია. ერთ დღესაც გაგაცნობ-ჩაუკრა თვალი.
დიდი სცენის მოპირდაპირე მხარეს მაყურებელთათვის განკუთვნილი, წითელშალითიანი სკამების რიგი იდგა. მეორე და მესამე სართულები ლოჟებს ეკავა, რომელთაც მუქწითელი ხავერდის ფარდები ფარავდნენ.
-ძალიან ძველს ჰგავს... და ძალიან ლამაზია.
- მეოცე საუკუნის დასაწყისში აშენდა. რეპრესიების დროს გახსნის უფლება ვერ მოიპოვა და მას შემდეგ, საუკუნეზე მეტია ეს კედლები თავის დროს ელიან. მოგწონს?
-ძალიან. ისეთი ესთეტიურია. ნეტავ შემეძლოს და გამეცოცხლებინოს...
-წამოდი, რაღაც უნდა განახო კიდევ.-ხელი გაუწოდა ქალს და სცენაზე აიყვანა. კულისების გავლით დერეფანში გავიდნენ. ცივი, ქვის ფილები ეგო იატაკზე, ქვიშისფერი კედლებიდან მტვრიანი პეიზაჟები თავს ვერ იწონებდნენ.
დერეფნის ბოლოს მარცხნივ შეუხვიეს. მათემ გასაღები მოარგო იმ დერეფანში არსებულ ერთადერთი ოთახის კარს და შიგნით შევიდა, სინათლე აანთო. ცივი განათება შავად მოლაპლაპე, დიდ როიალს დაეცა. მას კი, როგორც ცხად, ხელშესახებ სასწაულს, ისე შეხედა კაცმა. როიალი მარტოდ-მარტო იდგა ოთახში, თითქოს რაღაცის მოლოდინში გარინდებული.
- B 192. შტაინგრაბერი. -ამოიჩურჩულა, მაგრამ აშკარა იყო, სიამაყემ გაიჟღერა მათეს ხმაში. კარი ზურგსუკან მიიხურა და მიეყრდნო.
-რა მშვენიერია.-ნილა ნელა მიუახლოვდა. გაოცებისგან ხმა ჩაუვარდა. თეთრი ნათება ეცემოდა როიალს და ერთიანად აკაშკაშებდა.
-ჯერ არც კი შევხებივარ.
-რატომ?-გაეღიმა.
-ვერ ვბედავ. მთელი ცხოვრება რაღაცის მძაფრი სურვილი და მოლოდინი რომ გაქვს, და მერე ის რაღაც თვალწინ გექნება, რთულია მისკენ ხელი გაიწვდინო. ასე მგონია, თითს თუ დავაკარებ, მოჩვენებად იქცევა და ქარს გაჰყვება; ადგილიდან აორთქლდება.
-რატომაა ასე ძვირფასი? ღირებულების გამო?
-არა. -შეკრა წარბები კაცმა -დედას ოცნება იყო. მერე ჩემად იქცა. სხვა ბევრად უფრო ძვირფასი როიალებიც არსებობს ქვეყნად, მაგრამ ეს განსაკუთრებულია. ერთადერთია. და მისი აქ ყოფნა მადლიერებაა ჩემი ოჯახისადმი, რადაც ჩამომაყალიბეს მათ მე. -როგორც სულიერზე, ისე საუბრობდა.
-რას გრძნობ დაკვრის დროს?-ჩაეკითხა ინტერესით. აღფრთოვანებული მზერა ახლა მისკენ გადმოიტანა კაცმა. გაეღიმა. მერე ისევ როიალს გახედა.
-ჩემი თითებიდან მუსიკა იბადება და თითქოს ჩემს გატეხილ ნამსხვრევებს ვეჭიდები, ჩემკენ ვიზიდავ. თითქოს ფილტვებს ჰაერით ბოლომდე ვივსებ, თითქოს მრავალდღიანი შიმშილის შემდეგ ვნაყრდები, წყურვილს ვიკლავ. ერთი სასიამოვნო მომენტი არსებობს: ძლიერი დაღლილობის დროს რომ თვლემ, სანამ ჩაგეძინება, წამიერ შვებას და მოთენთილობას გრძნობ. დაკვრა სწორედ ამ პატარა, გარდამავალი მომენტის განსხეულებაა წუთებსა და საათებში.
-არ გინდა სცადო? მიდი, დაუკარი. -როიალისკენ უბიძგა. გარშემო შემოუარა ამ საუცხოოდ მომხიბლავ ქმნილებას.
კაცი ორჭოფობდა.
-სხვა დროს.
-კარგი, რა.
-ახლა ვერც კი მივუახლოვდები. -შეკრა წარბები. -მართლა.
ნილას ვერ გაეგო, რატომ სურდა ასე დაჟინებით, მათეს ამ როიალზე დაეკრა. თითქოს ქვეცნობიერიდან გაურკვეველი, უცხო შეგრძნებები აუწყებდნენ, რომ სხვა დრო აღარასოდეს დადგებოდა.
-რამე მომიყევი კიდევ...-სთხოვა ქალმა და კაცის გვერდით კედელთან ჩაცურდა. იატაკზე მოიკალათა. მათემაც მიბაძა და მერე ხელი შემოხვია, ქალს რომ არ შესცივნოდა.
-პირველად დაკვრა თავშესაფარში ვისწავლე. სხვა ბავშვებივით ვერ ვერთობოდი, ხატვა მომწონდა, მაგრამ არ ვხატავდი, ფერები ერთმანეთში მერეოდა და დამცინოდნენ.-მზერას არ აშორებდა წინ აღმართულ როიალს. -მერე ძველი პიანინო შემოსწირეს ბავშვთა სახლს და მისით დავინტერესდი. აღმზრდელმა ამიხსნა, რომ კლავიშებს მხოლოდ ორი ფერი ჰქონდა და მასზე დაკვრის დროს არავინ დამცინებდა. ეს მაწყობდა, ამიტომ მთელი გულისყურით შევუდექი სწავლას. დიდი ვერაფერი განათლება მივიღე იმ პირობებში. მერე, როცა მშობლებმა წამომიყვანეს, მკითხეს, რა მსურდა ყველაზე ძალიან. ვუთხარი პიანინოზე დაკვრის სწავლა-მეთქი. დედას ისე გაუხარდა, ატირდა. იმავე დღეს მიპოვა პედაგოგი.
-რამდენი წლის იყავი?
-ცხრა? ათის? არ მახსოვს-გააქნია თავი.-სამაგიეროდ, მახსოვს, როცა პირველი კომპოზიცია თავიდან ბოლომდე უშეცდომოდ შევასრულე, გავიფიქრე, რომ როიალი იქნებოდა ჩემი საუკეთესო მეგობარი. დღემდე ასეა. დაკვრა კი ჩვენი საუბარია, რომლის გაგებაც მხოლოდ ერთეულებს თუ შეუძლიათ.
ამ სიტყვებზე ნილას გახედა და გაუღიმა.
-რატომ არ გინდა ვინმე გიცნობდეს?-დაუსვა ყველაზე საინტერესო კითხვა-საოცრად უკრავ, გენიოსი ხარ! ასეთი ნიჭი არ უნდა იკარგებოდეს.
-ყველა გენიოსს როდი სურს გენიოსად ყოფნა. ადამიანს სიდიადე მიაჩნია ამქვეყნიურ სიკეთედ, ამიტომაა რომ მის მისაღწევად საჭირო უნარები გვებოძა. თუმცაღა, განდიდება ხელს უშლის ადამიანის კიდევ ერთ სურვილს- იყოს ბედნიერი. ერთი მეორეს ყოველთვის გამორიცხავს.
-ბედნიერება გინდა, მათე?-სევდა შეერია ქალის ხმას. მისი მომღიმარი სახეც მწუხარების ანაბეჭდი იყო.
-ჰო. დიდება ჩემთვის არაა, ნილა. დიდება ბედნიერებას წამართმევს.
-ადამიანის ბუნება უბედურებისკენაა მიდრეკილი. და ვინც ამ უბედურებას იაზრებს, იგი უფრო უბედურია სხვა ყველა დანარჩენზე.
-წამში ჩამომიმსხვრია ჩემი ვარდისფერი სათვალე!-თითები სიცილით გაატკაცუნა ჰაერში კაცმა.
-ბედნიერების მეშინია.
-რატომ?-ჩურჩულითვე ჰკითხა კაცმა.
-საზღაურის გარეშე არ არსებობს.
-მგონია მისი საზღაური ორივემ წინასწარ გადავიხადეთ. ამაოა შიში, რომელსაც საფუძველი არ აქვს.
-მაგრამ... ალბათ, ბედნიერებაც ყველაზე პატარა დეტალებში უნდა ვეძიოთ, არა?-თქვა რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ქალმა. კეკლუცი იყო და ნაზი.
-კი. ახლა, ამ წუთას, როცა შენ გიყურებ, და შემიძლია შენი ღიმილის ცქერით დავტკბე...-მიუახლოვა სახე-როგორ შემიძლია, ბედნიერი არ ვიყო. როგორ შემიძლია, ღმერთის წინაშე უმადურობა შევცოდო?! -დასჩურჩულა და აკოცა.



თავი 5

„ჩემი თვალები ჰგვანან უქრობელ
ვარსკვლავებს, როცა შენს სახეს ჭვრეტენ...“

თათია მთვარელიძე

როცა ქუჩაში ორნი მიდიან, კაცის მკლავზე უსათუოდ ქალის ხელი უნდა ესვენოს. სეირნობისას იშვიათად საუბრობენ. გზას უყურებენ და თითქმის არასდროს ერთმანეთს. მხარდამხარ მოარულნი ერთმანეთის სიახლოვეს გრძნობენ და ეს ყველაფერია მათთვის.
აქ მხოლოდ ისინი არიან. სხვა არავინ. სხვებს ისინი ვერ ამჩნევენ, რადგან სხვები უმნიშვნელოები არიან. ვერც სხვები ამჩნევენ მათ, რადგან, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ისინიც უმნიშვნელოები არიან სხვებისთვის.

პატარა ქალაქში ზაფხულის ხვატი ჩამომდგარიყო.
სიმყუდროვე და ცივი წვენის მქრალი არომატი.
ჟოლოს ტკბილი სურნელი.
ნახევრად განათებული სამზარეულო.
ღია ფანჯრები და სიცხე.
ქალის თმა. მუქი, უფრო მეტად, ვიდრე არის, რადგან სველია.
მათე დაჟინებით აკვირდება ოდნავ, ბუნებრივად დახვეულ მსუბუქ კულულებს.
ლინზები არ უკეთია და მის შავ-თეთრ მზერაში ყველაფერი მხოლოდ ჩანახატია, გარდა ქალისა. ნილას მოყავისფერო თმა აქვს, ღია კანი და თბილი თვალები. ტუჩები ოდნავ აწითლებული, წამწამები სველი, მუქი. ღაწვები შეფერადებული.
-თმა შეიმშრალე, გაცივდები.
-შენ კი, ასე ნუ მიყურებ. -წამით შეხედა თვალებში და მზერა აარიდა. თვალები დახარა და წვენი მოსვა. ასეთ მზერებს, საჭიროს და არც ისე მოულოდნელსა და შემთხვევითს, შეუძლია ყველაზე მეტი სათქმელი დაიტიონ. ორივეს გაეღიმა.
კაცმა მისკენ ხელი გაიშვირა. საპასუხოდ გამოწვდილი მუშტი ფრთხილად გაუშალა ნილას. მის თვალებში არსებულ კრთომაზე თავი გააქნია.
-სუ...
ნილას ხელის ზურგი მოიქცია მტევანში. ღია ხელისგულზე მეორე ხელის საჩვენებელი თითები აათამაშა.
-იცი ხელისგულზე ნიშნების შესახებ?
-არა.
-ნახე... ეს სიცოცხლის ხაზია...-თითი გაუსვა ყველაზე გრძელსა და ოდნავ მორკალურ ხაზს. -ეს ჯანმრთელობის, ეს ბედისწერის... ეს კი-მიუთითა წრფეზე-ინტუიციის ხაზია.-ისევ მზერა. ამჯერად ღიმილთან ერთად.
-ზედმეტად ღრმა ყოფილა ეს ინტუიციის ხაზი!-აიბზუა ტუჩი.
-ძალიან ლამაზია. თვითკრიტიკას უნდა მოუკლო, ქალბატონო!
-ამაში ჯერჯერობით ვერ შევთანხმდებით!-გამოსტაცა ხელი და წამოდგა. მაცივარს მიუახლოვდა, საყინულედან ნაყინის ყუთი გამოიღო. ხელს კოვზიც გამოაყოლა და კვლავ დაჯდა.
-გინდა მაგარი ამბავი გითხრა?
-რა?-ნაყინი ინტერესით დააგემოვნა ქალმა.
-მომავალი კვირიდან თეატრის რესტავრაციის დაწყებას ვგეგმავთ.
-მართლა? მათე! შენი მეგობარი დაითანხმე?-კოვზი კინაღამ ხელიდან გაუვარდა.
-დიახ!
-არ ხუმრობ?
-შენი დამსახურებაა.
-რატომ?
-ლუკასს ვუთხარი, რომ იმ შენობით ერთი მშვენიერი ქალბატონი დაინტერესდა მეთქი. შენზე რომ გაიგო, ქალაქში დაბრუნებას შემპირდა.
-ჩემს გამო?
-დიახ!
-რატომ?
მათემ უყურა, უყურა მაგრამ არაფერი თქვა.
-რატომ?-კვლავ იკითხა ქალმა, ამჯერად ჩურჩულითა და ღიმილით, თითქოს საიდუმლოს გაზიარებას სთხოვდა. საპასუხოდ მათემ იმ გაშლილ ხელისგულზე აკოცა.


***

დიდ, თეთრკედლებიან ოთახში, რომელსაც მუქ-ნაცრისფერი ფარდები ამშვენებდნენ, წყვილს ეძინა. ძილის დროს, ხანდახან ხელჩაკიდულებს გულ-მკერდი მშვიდად უმოძრავებდათ სუნთქვისგან. ზურგზე იწვნენ. ქალს თავი ფანჯრისკენ მიებრუნებინა, კაცს კი ქალისკენ. ცხელოდა, გადახდილი ზეწარიდან ნახევრადშიშველი სხეულები მოჩანდნენ. საძინებელში ისეთი სიმშვიდე იდგა, გარეთ სამყაროც გარინდებულიყო, ეს ჰარმონია რომ არ დაერღვია.


***

არ მოელოდა, რომ სანდრო სახლში დახვდებოდა.
- მანქანა სად დაკარგე? ეზოში არ იდგა.
-გასაკეთებლად დავტოვე. ჩაი გინდა?
-სანდრო, ამ პაპანაქებაში ცხელ ჩაის რა გასმევს!-გაოცებისგან თვალები აატრიალა და მაგიდას მიუჯდა ნილა.
-ჩაის სხვა მრავალთაგან ერთი ასეთი კარგი თვისება აქვს: როცა გცივა გათბობს, როცა გცხელა- გაგრილებს.
-შენ როდის გრილდები?
-თვის ბოლოს ვიღებ შვებულებას, მომილოცე!
-და სად აპირებ წასვლას?
-საჭიროა კი სადმე წასვლა?
-სანდრო! საუკუნეში ერთადერთხელ გაქვს დასვენების კვირეული, მეხუმრები?
-მაშინ ერთად წავიდეთ, მათეც წამოვიდეს, სადმე ზღვისპირა ქალაქში გავისეირნოთ.
-არ მგონია მოგვიხერხდეს, თეატრის რესტავრაცია უნდა დავიწყოთ.
-რა თეატრის?
-მათეს მეგობარს აქვს ერთი შენობა, უნდა გენახა, როგორ მდგომარეობაშია, მიტოვებული და მარტო, მეცოდება.
-შენობა ნილა?
-კი.-ლამის იყო, ცრემლები მოსწოლოდა თვალებში.
-კიდევ ცხელი ჩაის სმა აოცებს!
ნილას გაეღიმა. სიჩუმეს სანდროს მიერ ჭურჭლის წკარუნის ხმა არღვევდა მხოლოდ.
-რამე მოხდა?
-არაფერი, უბრალოდ შენთან ერთად არაფრის კეთება მომენატრა-შეხედა გოგომ. მასთან ყოველთვის პატარა გოგონად იქცეოდა ხოლმე.
-ბედნიერი ხარ?
-რა თქმა უნდა!
-იპოვე ის ადამიანი, ვინც გჭირდებოდა?-ჩაეკითხა მხიარულად.
ნილამ თვალებით გაუღიმა.
-ჰო... მაგრამ არის რაღაც, რაც უნდა იცოდე-სევდიანად გააქნია თავი და სანდრომაც ინტერესით შეკრა წარბები- მამა, ყოველთვის მეგონა, მარტო ვიყავი და მთელი გააზრებული ცხოვრება, მსურდა ჩემთან ისეთი ადამიანი მოსულიყო, ვინც გამიგებდა. თურმე მთელი ეს დრო შენ იყავი ჩემს გვერდით, მეკი ვერც გამჩნევდი.
-თუ ეს სიტყვები მათეს რაიმე ქმედებასთანაა კავშირში, ხომ იცი...
-ღმერთო!-აატრიალა თვალები-არაფერ შუაშია, არ შეიძლება უბრალოდ ჩემი განცდები გაგიზიარო ხოლმე?!-გაცხარდა.
-სენტიმენტალიზმისკენ ხარ მიდრეკილი! საერთოდ რა საჭიროა ასე ლაპარაკი- კაცი წამოდგა და ზურგი აქცია, ცრემლები რომ დაემალა.
-ოხ, სანდრო! გავედი, შემოგივლი საღამოს კიდევ!-წამოდგა, მარტო რომ დაეტოვებინა. მიხვდა.
-სახლში არასდროს ხარ! ვერ ვხვდები კარადაში ტანსაცმელები რატომღა გილაგია!
-შენ რა ჩემს კარადაში იქექებოდი?
-მაინტერესებდა გადაბარგდი თუ არა, რა იყო, შევცოდე?!-ყვირილით უპასუხა უკვე კართან მდგარს და მერე კარის დახურვის ხმაც რომ მოესმა, ამოიოხრა.



***


თეატრის იმ პატარა ოთახში ნილას ფანჯრები გაეღო. ფანჯარის რაფას მიყრდნობოდა თავად და ქუჩაში ქაოსურად მოსიარულე ხალხს ადევნებდა მზერას. მათე რომ შემოვიდა შეხედა:
-მოვიდა?
-აგვიანდება. ყოველთვის ასეთია.
-გძულს არა დაგვიანება?
-ვერც კი წარმოიდგენ, როგორ! თვითონ ეს სიტყვაც კი იმდენი რამის გამოტოვებას გულისხმობს...
-ცხოვრებაში ყველაფერს ვერ მოასწრებს ადამიანი, მათე.
-ოდესმე ამ როიალზე შენს სონატებს დაგიკრავ.
ქალი შემოტრიალდა. გაოცებული მიუახლოვდა.
-გაიმეორე...
-ღმერთო ჩემო, ახლა ტირილი არ დაიწყო, ჩემო...-მისი სახე მოიქცია ხელებში და წამში დასველებული თვალები დაუკოცნა.
-არც კი ველოდი. -გააქნია თავი.
-მგონი არ უნდა მეთქვა, სიურპრიზი გავაფუჭე. -ჩაიხუტა გულში.
-ახლა ვერ დამიკრავ?
-ჯერ კიდევ დასასრულებელია.
-რამდენი ხანია წერ?
როცა არაფერი უპასუხეს, მისი მხრიდან თავი აიღო და თვალებში ჩახედა.
-ჩვენი გაცნობის დღიდან-მორიდება იგრძნობოდა კაცის ხმაში. ნილა გაწითლდა.
-ერთი ძველბერძნული, მითოლოგიური ღვთაებაა... ზევსის ვაჟი იყო, ხალხს ღმერთების ნება-სურვილს აუწყებდა.
-ჰერმესი.
-ჰო-დაეთანხმა ქალი. გაუხარდა, რომ იცოდა..
-და რატომ მაინცდამაინც ის, უამრავი ბერძენი წინასწარმეტყველი ქალია, რომელსაც შეგეძლო თავი შეგედარებინა.
-არ ვადარებ ჩემს თავს არავის.
-მართალია, ვერც ჰერმესი და ვერცერთი სიბილა შენამდე ვერ მოვიდოდა. თავად თემიდაც ვერ შეგედრებოდა. ისინი გამოგონილი პერსონაჟები არიან. შენ კი... ყველაზე ცხადი ხარ, ყველაზე რეალური-მიეფერა ღაწვზე.
-მათე!-კიდევ უფრო გაეცინა. მერე დაამატა- ჰერმესზე ვსაუბრობდით... მას ბედნიერების მომტანად თვლიდნენ-განაგრძო ქალმა-ყველა მოულოდნელ საჩუქარსაც ჰერმესის საჩუქარს უწოდებდნენ და შენი მოძღვნაც... ვერ აღგიწერ როგორ გამეხარდა. აზრადაც ვერ გავივლებდი ჩემზე მუსიკა თუ შეიქმნებოდა. ახლა როგორ მოვითმინო მოსმენამდე?
-არ უნდა მეთქვა, როიალის დანახვისას თავი ვერ შევიკავე.
ამდენ ღიმილს ოთახი ვეღარ იტევდა.
კარზე კაკუნი გაისმა, ქერა, გაწეწილი თმა გამოჩნდა.
-სალამი გვრიტებს!
-გაგიმარჯოს!-შეეგება მათე. ძლიერად გადაეხვია ძმაკაცს.
-სულ გადაიკარგე ბიჭო?-ლოყაზე მოუთათუნა მათეს ხელი და ნილასკენ გაიწია.
-გამარჯობა, მე ლუკასი ვარ, მოუთმენლად ველოდი შენს გაცნობას!-ქალის ხელი ისე უცბად მოიქცია თავის მარჯვენაში, ნილამ გააზრება ვერ მოასწრო.
-სასიამოვნოა!-ძალისძალად გაეცინა. შეეცადა ხელი გაეშვებინა ბიჭისთვის. ამაოდ.
-მათე შენზე ბევრს მიამბობდა.
-მართლა?-ჯერ კიდევ ხელს ართმევდა ახლადშემოსული.
-ლუკას...-გააფრთხილა შეცბუნებულმა მათემ. ნილას ემოციებს აკვირდებოდა გაფაციცებით. მისი ნათქვამი კი მეგობარმა ყურად არ იღო.
-რომ მითხრა, ნილას შენი თეატრი ვანახე და ძალიან მოეწონაო, ჯერ გამიკვირდა ნილა ვინ არის მეთქი, მერე მივხვდი, რომ თავის საყვარელ ადგილებს უმნიშვნელო ადამიანებს არ აჩვენებდა. სხვათაშორის, მათეს მსგავსი რამ საერთოდაც არ სჩვევია, ვგულისხმობ...
-ლუკას!-ხელი გააშვებინა მათემ. მზერაგაშეშებულმა ნილამ ის ხელი გულზე აიკრა.
-უი, ბოდიში. რას ვამბობდი... თავისთვის ძვირფას რაღაცებს იშვიათად გამოაჩენს სხვებთან. ამიტომ არ გამკვირვებია, შენს შესახებ ამდენი თვის შემდეგ რომ გავიგე! აღფრთოვანებული ვარ შენი გაცნობით, მართლა ძალიან ლამაზი ხარ! შემიძლია ვიკითხო ეს ბედოვლათი საიდან იშოვე?
-ბაზარში არ ვეგდე, იდიოტო!
-როგორი ხუმარა ხარ!
-გადი აქედან!
-ჯერ არ გამიცვნია, რატომ მაგდებ?!-გაცხარდა ბიჭი.
-გადი თორემ გისვრი!-კბილებში გამოსცრა კაცმა. ლუკასმა უკან დაიხია.
-კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს, ნილა, ამჯერად მალე რომ გტოვებ, მაგიტომ... თუ რამე დაგჭირდათ...
-ლუკას-მეთქი!
კარი ხმაურით დახურეს.
-კარგად ხარ?-მიუბრუნდა ჯერ კიდევ შემკრთალ ქალს. -ბოდიში, დამავიწყდა გამეფრთხილებინა, რომ შეხებისგან თავი შეეკავებინა...
-არაუშავს-ამოთქვა უაზროდ ნილამ.
-კარგად არ ხარ!-მისი სახე მოიქცია ხელებში კაცმა. -ნილა... რაღაც დაინახე, არა?
აცრემლებულ თვალებს ვერ მალავდა ქალი.
-შემომხედე, ნუ გეშინია...-არ იცოდა, როგორ დაემშვიდებინა. ასეთი რამ პირველად მოხდა და მათე ფიქრობდა, მეგობარს სადაც ნახავდა, იქვე მოკლავდა.
-ნუ ღელავ... უბრალოდ, ზედმეტად მოულოდნელი იყო...-გაეცინა უცებ ქალს.
-ჰო?-ეჭვი შეეპარა ხმაში მათეს.
-ის... ღმერთო... ისეთი ბედნიერი იყო...
-მართლა?-მათემ შვებისგან ამოისუნთქა.
-სადღაც, ბაღში იდგა... თეთრი ვარდებით იყო იქაურობა მორთული... და ბევრი სკამი იყო ჩამწკრივებული... ისე, როგორც... საქორწილო ცერემონიაზე. -როგორც იქნა თვალებში შეხედა და მათეს სუნთქვა გაუადვილდა.
-საქორწილო ცერემონიაზე?
-ასე ნუ მიყურებ! არც კი ვიცი, ვისი ქორწილი იყო.
-კარგი... კარგი... გული გამისკდა. -მიიხუტა აღელვებულმა და ზურგზე ხელი გაუსვა ქალს დასაწყნარებლად.
-როგორ შეგშინებია...-დასცინა.
-მეგონა რაღაც ცუდი დაინახე და იგრძენი... შემომაკვდებოდა.
-შეეშვი, კარგი ბიჭი ჩანს.
-არადა, უკვე დაგღალა არა?-დახედა ღიმილით. -მის გვერდით ნახევარი საათით დგომის შემდეგ ჩვეულებრივად ვბრუვდები.

-ფარდებს გამოვცვლით, ლოჟების მოაჯირებიც გასამაგრებელია.-სცენაზე იდგა სამივე და დარბაზს ათვალიერებდა. -მაგრამ ჯობია ყველაფერი სარდაფით დავიწყოთ.
-სარდაფიც აქვს?
-რა თქმა უნდა. ორი ამ სცენისხელაა. იმდენი ხარახურა ყრია, ვერც კი დაითვლით. მათე, შენ ხომ გინახავს. სამზარეულოს ნივთებიდან დაწყებული, გაზის ბალონებით დამთავრებული, ყველაფერი შეაზიდვინა ბებიაჩემმა სამოქალაქო ომის დროს.-გააქნია თავი ლუკასმა.
-ალბათ საკმარისად არ უყვარდათ ეს ადგილი, თორემ აქამდე ასეთ დღეში არ იქნებოდა.
-მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახი იყო, გეთანხმები, ხელოვნება დიდად არ იზიდავდათ-გააქნია ბიჭმა თავი.
ლუკასი მათესავით მაღალი იყო. მისგან განსხვავებით ღიმილი არ შორდებოდა სახეს და საუბრისას ხელებს ვერ აჩერებდა.
-როცა რემონტი დასრულდება, დასის შეკრებას როგორ აპირებ, ლუკას?
-იქამდე დიდი დროა, მაგრამ მყავს ბევრი ნაცნობი, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ. აქეთობისას გზაში ერთი იდეა დამებადა, ხომ არ ჯობია მსახიობთა გუნდი ახალბედებით დავაკომპლექტოთ? რას იტყვით? ახალი შესაძლებლობები, ახალი გზა!
-კარგი იქნებოდა. მაგრამ რამის შესწავლა მასწავლებლის გარეშე იმდენად რთული და დამღლელი პროცესია, თუკი ნებისყოფა არ ექნება, შეიძლება ადამიანმა შუა გზაში დაყაროს ფარ-ხმალი.-დასძინა მათემ.
-დრომოჭმული ლეგენდებისკენ გული ახლა აღარავის მიუწევს.
-მერე და, რისი ბრალია?-ჩაერთო ნილა.
-ხალხს ნამდვილი ხელოვნება აღარ აინტერესებს. ხელოვნების შეგრძნება დაკარგეს! როცა გავიგე, რომ ვიღაცამ ამ თეატრის ხელახლა დაბადების სურვილი გამოთქვა, ისე გამიხარდა, ამხელა მოტივაცია კანში ვერ დავიტიე.
-მხოლოდ ჩემთვის რატომ აკეთებთ ამას? როგორც ვიცი მათესაც ბევრჯერ უთხოვია შენთვის ხელი შეგევლო აქაურობისთვის.
-მაშინ შენ მის გვერდით არ იყავი.
-მეც აქ ვარ...-ირიბად გახედა მეგობარს მათემ.
-სრცხვენია...-ტუჩებით ანიშნა ქალს ლუკასმა. -ზოგადად-განაგრძო ხმამაღლა-მეც რაღა დაგიმალოთ, ზედმეტად ზარმაცი ვარ ამხელა პროექტებისთვის.
-მაგრამ გამოწვევა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მივიღოთ, არა?-ჩაეძია ნილა.
-წმინდა წყლის სიმართლეა!
-გამოწვევებსაც გააჩნია.
-ამას ისინი ამბობენ, ვისაც გამოწვევების ეშინიათ, გენიოსო!-თვალი ჩაუკრა ლუკასმა მათეს.
-არ მგონია ახლა შიშებზე ლაპარაკის ხასიათზე იყო.
-კარგი! გადავიტანოთ თემა!
ნილას გაეცინა. გასასვლელისკენ დაიძრნენ.
-სიმართლე გითხრათ, შენობის გაყიდვას ვაპირებდი. -ხმა დაუსევდიანდა ლუკასს.- არავინ იმსახურებს იმის ქონას, რასაც ვერ გაუფრთხილდება.
-გაფრთხილების მცდელობას წინ არაფერი უდგას.
-სამწუხაროდ ეს მცდელობა ჩემი სურვილიდან არ გამომდინარეობს.
-თავს უკვე უხერხულად ვგრძნობ!
-სულაც არა! შენ უნდა გიმადლოდეთ რომ ეს შენობა ახალ სიცოცხლეს იწყებს. ბედისწერის გჯერა?-იკითხა უცებ. ნილამ მათეს შეხედა. კაცმა უარის ნიშნად გაიქნია თავი, არაფერი მითქვამსო.
-არა, არ მჯერა.
-სამწუხაროა. არადა, მგონია, ბედისწერაა, რომ ეს თეატრი ამდენი წლის შემდეგ, ახლა უნდა აყვავებულიყო.
ნილას სევდიანად გაეღიმა.
-ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ თავიანთ ქმედებებზე პასუხისმგებელნი არ ყოფილიყვნენ. -მოუგო ნიშანი. -შექმნეს ბედისწერა და ყველა შეცდომა მას გადააბრალეს, შექმნეს იღბალი და ყველა წარმატების მიზეზად განგება დაადგინეს. ეს შენობა-ხელით მიუთითა უკვე გარეთ გამოსულმა.-მეპატრონეების უნებისყოფობას შეეწირა, მეტს არაფერს.



თავი 6


„შეგრძნება მქონდა, რომ თოვდა სახლშიც,
თოვდა და თოვლით შენვე მკიცხავდი
და გაყინული მკლავების ნახშირს
სურნელი ჰქონდა შენი სიცხადის. “

გურამ ჯახუტაშვილი


სწრაფად გამოეღვიძა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. მაშინვე იგრძნო, რომ საწოლში მარტო იწვა. ოთახშიც მის გარდა არავინ იყო. ჯერ ჭერს აკვირდებოდა სანამ დამშვიდდებოდა, მერე ტუმბოზე დადებულ მაღვიძარა საათს გახედა. ათი სრულდებოდა. მზე გვარიანად ამოწვერილიყო და მისი სითბო ფანჯრებიდან შემოდიოდა. თვალები დახუჭა ქალმა. დაფიქრდა.
მაინც სად გადის ზღვარი რეალობასა და წარმოსახვას შორის?
პასუხის პოვნა ისეთი რთული იყო...
წამოდგა. ფანჯარას ნელა მიუახლოვდა ფარდა გადაწია. ქუჩას თვალი მოავლო. როგორც წესი, თბილ სეზონებზე ყვავები ქალაქიდან მიფრინავდნენ. მაგრამ ახლა, მოპირდაპირე, მისი სახლის სახურავზე ჩამომჯდარიყო პატარა, რუხი, ბუმბულებიანი სხეული და ნილას ჭკვიანი თვალებით აკვირდებოდა.
-რატომ არ მტოვებთ? რა გინდათ?
ნამდვილი იყო თუ ქვეცნობიერის გამოგონება?
ღირდა კი ჯერ არ მომხდარზე დარდი?
ფანჯარასთან კედელს მიეყრდნო და ხელები გადაიჯვარედინა. დიდხანს უყურებდა მინის მიღმა ფრინველს, სანამ მან ფრთები არ გაშალა და ცაში არ აიჭრა. მერე ზურგს უკან მშვიდი ნაბიჯების ხმაც მოესმა.
-კარგად ხარ?-წელზე თლილი, ლამაზი ხელები შეუსრიალდნენ. შიშველ მხარზე თბილი კოცნა იგრძნო.
-ხო...
-რატომ მგონია, რომ არა?
რა ეპასუხა? ისე არეოდა თავში ყველაფერი, ისეთი ქაოსი იდგა. გათიშვა უნდოდა. უბრალოდ ძილი, დიდი ხნით.
-როდის ადექი?-მიატრიალა მისკენ სახე, ერთხელ შეხედა თვალებში მხოლოდ.
-არც ისე დიდი ხნის წინ. შენთან როცა მძინავს, საწოლის დათმობა საშინლად მიჭირს... ნილა, გეტყობა, რაღაც გაწუხებს...
-ცუდი სიზმარი ვნახე... არაფერი ისეთი-თავი გააქნია ქალმა. თითქოს ამ სიტყვების წარმოთქმა იყო საჭირო, რომ ყველაფერი უმნიშვნელო გამხდარიყო. ის საშინელი კოშმარიც, ის შემზარავი შეგრძნება, ძილში რომ ეწვია დაუპატიჟებელი სტუმარივით, ამ სიტყვებს გააყოლა.
-არ გინდა, მომიყვე?
-არა!-ამ კითხვაზე პასუხს არც არასდროს აპირებდა. მისკენ შებრუნდა მთელი ტანით და მოეხვია. -რა საჭიროა დილა დავიმძიმოთ?
-დილა?-გაეცინა კაცს. მერე დააკვირდა, როცა ნილამ შეკრული შუბლი არ გახსნა, დასძინა:-შენ რა, არ იცი, რომ სიზმრები არასანდოები არიან?
ნილას არც კი დაუშვია, რომ ის სიზმარი შეიძლებოდა ხილვა ყოფილიყო. მათე უკვე ამდგარი იქნებოდა, როცა ის ნახა. ამასთან, ძილი ერთადერთი აქტი იყო, რომლის დროსაც მათესთვის ხელის ჩაკიდება ყოველგვარი შიშის, ზედმეტი ფიქრისა და ყოყმანის გარეშე შეეძლო. შეუძლებელი იყო მომავალი ძილშიც ენახა. კოშმარები მარტოდ მძინარესაც ხშირად აწუხებდა, ამიტომ ამაზე დარდი ზედმეტი ენერგიისა და დროის ხარჯვა იყო. შეეცადა შემაწუხებელი ფიქრები მოეშორებინა და საყვარელი სურნელით ტკბობა განეგრძო, მაგრამ ამაოდ.
-ხელი მომეცი...-გაიწია კაცის მაჯისკენ მაგრამ არ დაანება მათემ.
-რას აკეთებ?!
-გთხოვ, ჩამჭიდე ხელი.
-რამე რომ დაინახო?
-სწორედ ეგ მინდა...-სანამ კაცი კიდევ ერთხელ, ხელის გაწევას მოასწრებდა, დაასწრო და მის ხელისგულს თავისი შეუერთა. დაიცადა, თვალებიც დახუჭა, მაგრამ ხილვები არ ეცხადებოდნენ.
-კარგად ხარ?-შიში ჩასდგომოდა მათეს ხმაში.
ნილამ უხმოდ დაუქნია თავი და შეხედა.
-რას ხედავ?
-ვერაფერს.
-ეს კარგია თუ ცუდი?
-კარგი! კარგია.-გაუღიმა შვებით ქალმა და კვლავ მოეხვია.


***

სიმწვანე, სიო და მზე.
როცა მისი სახე ასე ახლოს იყო, ანდა ქალი ბედნიერებისგან გაცისკროვნებულ თვალებს არ აშორებდა, მათეს უნდოდა მის ამ მზერაში სამუდამოდ ჩაკარგულიყო.
ნილას მუხლებამდე თეთრი სარაფანი ეცვა, პოლ ელუარის წიგნი კალთაში ედო და ხმამაღლა კითხვას ცდილობდა.
-მათე, ნუ მიყურებ და მაცალე!-იცინოდა. დიდი ხის ქვეშ ისხდნენ, მათ წინ კამკამა ტბა ელავდა მუქლურჯად. აბიბინებულ ბალახებს მზე დასცხრომოდა. მათთან კი ჩრდილში, მსუბუქ კისკისში იკარგებოდნენ მწველი სხივები.
-ქართულად მითარგმნე, არ მესმის ფრანგული.
ნილამ წიგნი დახურა და გამწყრალმა შეხედა:
-ტყუილად წამაკითხე ახლა?
-არა, რატომ, ფრანგული შენი ტუჩებიდან ლამაზად ჟღერს...
-არ მჯერა!-გაეცინა ხმამაღლა, თვალები აატრიალა.
-მითარგმნე, მიდი.
-მაინც რომელი?-გადაშალა წიგნი ისევ.
-მაგალითად ეს.-ხელი დაადო პირველივე შემხვედრ ლექსს კაცმა.
ნილამ სტროფები გადაიკითხა. ცოტა ხნით შეყოვნდა, დაფიქრდა. მერე მათეს შეხედა:
-„თუ შენი ხელი მიჭრავს ხელში
მე ყველგან სახლში მგონია თავი.“
ფრანგულ ბეჭდურს დააჩერდა და ისე განაგრძო:
-“ხის ნაზ ჩრდილსა თუ ღია ცის ქვეშ,
ყველა ჭერის ქვეშ და ცეცხლის პირას...
ცარიელ ქუჩაში, თაკარა მზეში,
ბრბოს ამოუხსნელ გამოხედვაში,
ბრძენთა და გიჟთა გვერდით...
სახლში, ბავშვებთან და მოხუცებთან;
თუ სიყვარულის საიდუმლო ესაა მხოლოდ,
ჩვენ ვართ საბუთი იმისა, რომ
შეყვარებულებს ყველგან სახლში ჰგონიათ თავი. “

მათეს გახედა. მათე წიგნს უყურებდა ჩაფიქრებული.
-მოგეწონა?
-ლამაზი ლექსია-ამოხედა.
-არ გეტყობა რაღაც, რომ მონუსხულიყავი...
-უბრალოდ, -გაეღიმა-ძალიან მოუხდა ახლა ამ მომენტს.
-როგორი სენტიმენტალური გახდი უცებ.-შუბლი მის შუბლს მიაყრდნო.
-შემთხვევით გაგრილება ხომ არ გინდა?-კაბის ბოლოში შეუცურა თითები და მატერია ბარძაყისკენ წაიღო.
-გამოსაცვლელი არ წამოგვიღია მათე, ცუდი იდეაა.-წიგნი გადადო ქალმა.
-არაუშავს, მზეზე გავშრებით-წამოდგა კაცი, ხელი გაუწოდა წამოსადგომად.
-კარგი, ოღონდ ჯერ ეს უნდა... რას აკეთებ!-დაიკვლა ნილამ როცა მხარზე გადაიკიდა კაცმა და სირბილით გასწია ტბისკენ.
-ტანსაცმელი არ მაქვს! ცივია!-კივილნარევი სიცილით აპობდა ტბის მდუმარებას.
მათი სხეულები წყალმა დაფარა და წყვილმა ტბის ცენტრისკენ გაცურა.
ხმაურით ამოყვინთეს ზედაპირზე.
-საძაგელი ვიღაც ხარ!
-მხოლოდ შენთვის, საყვარელო!
საპასუხოდ წყალი შეაშხეფეს სახეში.


***

ერთი დამღლელი დღის შემდეგ ნილა საწოლზე გულდაღმა მიწოლილიყო. თვლემდა. ზაფხულის საღამოს ღია ფანჯრებიდან გრილი ნიავი შემოჰქონდა და ფარდებს ნაზად არხევდა. ზურგამოღებული მაისური ეცვა და შიშველ ბეჭებზე ელამუნებოდა მსუბუქი სიო.
სიამოვნებისგან გაეღიმა, როცა საწოლი ჩაიზნიქა და ხერხემალზე საყვარელი ტუჩები იგრძნო. მერე მათემ თავი დაადო მის ზურგს და გაირინდა.
-შენც დაიღალე?
-საშინლად...-ამოიდუდუნა ძილისკენ წასულმა.
-რომ გაიღვიძებ, ის მელოდია დამიკარი... წუხანდელი.
-წუხელ ბევრი დაგიკარი.-თქვა და კიდევ უფრო კომფორტულად მოათავსა სახე მის ზურგზე.
-მოიცა გავიხსენო... „მთვარის შუქი“ იყო მგონი. ყველაზე უფრო ეგ მომეწონა.
-დაგიკრავ. -მიუგო ღიმილით. -დიდი სიამოვნებით.


***


-ასე ადრიანად სად მიდიხარ?-შეეკითხა სააბაზანოდან გამოსულს, როცა გარდეროდბს მიუახლოვდა და ტანსაცმელი გამოიღო.
-თეატრში, ლუკასმა დღეს ვერ ვიქნებიო და მთხოვა მის მაგივრად გავიდე. სარდაფს ცლიან, დახედეო ბიჭებს. -უთხრა და შავი პერანგი შემოიცვა. მერე თმის მშრალება გააგრძელა. თან საწოლში ნებიერად მწოლიარე ქალს გახედა.
-შენ რას აპირებ?
-სამსახურში გავალ, სათარგმნი სტატიები დამიგროვდა.
წამოიწია, საწოლზე წამოჯდა. როცა კაცმა მოწესრიგება დაამთავრა, წინ დაუჯდა და ლოყაზე აკოცა.
-საღამოს თუ მოვასწრებთ კინოში გავიდეთ, არ გინდა?
-კარგი აზრია.-შემოხვია მხრებზე ხელი. კაცი უყურებდა, უყურებდა და მისი ცქერით ვერ კმაყოფილდებოდა.
-ღმერთო,-ამოიჩურჩულა მათემ- როგორ მიყვარხარ!-დაეკონა ტუჩებზე. მერე როცა ადგა და გაუღიმა, ნილას წამით მოეჩვენა, რომ ეს მომენტი აუცილებლად უნდა დამახსოვრებოდა, მაგრამ ეს შეგრძნება ისეთი მომენტალური და დროებითი იყო, ყურადღება არც კი მიუქცევია.
-მალე მოხვალ?-ჰკითხა გაბრუებულმა და საწოლიდან ფეხები იატაკზე დაალაგა.
-შევეცდები მალე მოვრჩეთ, მეც მივეხმარები ბიჭებს.
-გასაგებია...
-კარგი, არ მინდა დავიგვიანო, მოგწერ რომ გავთავისუფლდები.-ლოყაზე აკოცა. მერე შუბლზე, მერე ტუჩებზე, ბოლოს ისევ ლოყაზე და ნილას სიცილის ფონზე სწრაფად დატოვა ოთახი.


***

ახსოვს, როდის მიუახლოვდნენ პირველად ძალიან. ჩვეულებრივი დღე იყო, ცოტა უღიმღამო, მაგრამ ნაყოფიერების მოლოდინით გაჯერებული. სახლიდან გამოვიდნენ, ის, დედა, და სანდრო. ჯერ კიდევ პატარა გოგონა იყო, სკოლის ჩანთით ზურგზე და ორი პატარა ნაწნავით. მანქანისკენ მიდიოდნენ, სანდრომ მანქანის უკანა კარი გამოუღო და დაელოდა ეს პატარა, დამოუკიდებელი არსება როდის აბობღდებოდა სავარძელზე თავისით, მაგრამ ნილას გზის ნაპირისკენ გაქცეოდა მზერა. ორი შავი ყვავი ტროტუაზე იდგა, ერთი მოუთმენლად აფართხალებდა ფრთებს და ძირს საჭმლის ნამცეცებს ეძებდა ნისკარტით, მეორე გოგონას ინტერესით უყურებდა.
-ესენი ყვავები არიან.
-ვიცი-დაუქნია თავი სანდროს-ადრეც მყავს ნანახი. ეს და კიდე მეორე ფრინველია... არ მახსოვს რა ჰქვია, ძალიან ჰგავს...
-ყორანი?
-ხო.
სანდრო ჩაიცუცქა და ნილას გაუტოლდა.
-საიდან იცოდი რომ ყვავია და არა ყორანი?
გოგონამ მხრები აიჩეჩა.
-ცხოველები არ მიყურებენ, მამა, არც სხვა ფრინველები. მხოლოდ ყვავები.


***

სამსახურში იყო, როცა დაურეკეს.
-გისმენ, ლუკას.
-ნილა სად ხარ?-აღელვებული ხმა ჰქონდა ბიჭს.
-ვმუშაობ... რა მოხდა? კარგად ხარ?
ამ კითხვებს რომ სვამდა, პასუხი უკვე უელავდა თავში. ცივმა დაბუჟებამ დაუარა სხეულში.
-მათე...
არადა, იმ სიზმრის შემდეგ კარგად იცოდა, ყოველდღე რაღაცას უნდა დალოდებოდა. რაღაც შემზარავსა და საშინელს, მაგალითად ისეთს, როგორიც საყვარელი ადამიანის დაკარგვაა.
-რა სჭირს მათეს?!
სანამ უპასუხებდნენ თვალწინ აფეთქების სცენამ გაუელვა.
-სარდაფი აფეთქდა... ნილა, ახლა შენთან მოვდივარ, საავადმყოფოში წაგიყვან კარგი?
-როგორაა?
ამ კითხვის პასუხი კი ნამდვილად არ იცოდა. სული შეეკრა სანამ ლუკასი რამეს ეტყოდა.
-ცოცხალია?-ჩაუწყდა ხმა. ერთ ადგილზე მჯდარი, სკამს მილურსმნული ავტომატურად ისვროდა კითხვებს. თითქოს მისი სხეული მოქმედების რეჟიმიდან გაეთიშათ.
-სასწრაფოს გადაჰყავს.
-ცოცხალია?-იყვირა რაც ძალი და ღონე ჰქონდა. კიდურები ერთიანად აუთრთოლდა. მერე კანკალმა აიტანა. მის ხმაზე ოთახში თანამშრომლები შემოცვივდნენ.
-ნილა, რა ხდება?
-ხო! ხო! ცოცხალია, კარგი? სუნთქავს! მოვედი უკვე, გამოდი...
ძლივს წამოდგა სკამიდან.
-დაგეხმარო? ნილა...-მარტამ მკლავით დაიჭირა, ფეხზე წამომდგარ ნილას თავი რომ შეემაგრებინა.
თითქოს არსად იყო, თითქოს გაქრა ამ სამყაროდან. ლუკასის ხმა შორიდან ესმოდა. საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე ხედები ერთმანეთს ნაწყვეტებად ენაცვლებოდნენ, თითქოს უხარისხო სამგანზომილებიან რეალობაში აღმოჩნდა უცებ.
-ნილა...
კაცის სახე წარმოუდგა. რა მოხდებოდა ვეღარასოდეს ენახა მომღიმარი? ანდა რომ ვერ მიესწრო? იმ მწველ წუთებში ისე უნდოდა მისთვის ეთქვა რომ უყვარდა, ყელზე იფარებდა ხელს ხმა რომ არ ამოეშვა, რადგან იცოდა, რამეს თუ იტყოდა, ვერ გაჩერდებოდა და საშინლად ატირდებოდა. მერე კი, როცა საავადმყოფოს შენობამ შემოაღწია თვალთახედვის არეალში, მწარე დანაშაულის შეგრძნება მოაწვა. იმაზე ბევრად უსაშველო და მტკივნეული, ვიდრე მაშინ, დედის გარდაცვალებისას, რადგან ამჯერად შეცდომა, რომელიც დაუშვა, აღარ იყო პირველი და გამოუცდელი.
ინანა ის წამები, მაშინ რეალობა და წარმოსახვა რომ ვერ გაარჩია ერთმანეთისგან.
როცა ნანახი სიზმარი ეგონა. როცა ძალისხმევით, მაგრამ მაინც დააიგნორა და დაივიწყა. ან სურდა, რომ დავიწყებოდა.
-მათე სადაა?! მათე...-ხმა გაპარვოდა.
კიბეები აიარეს, დერეფნები ჩამოიტოვეს, მერე სადღაც, როგორღაც მის სილუეტსაც წააწყდა. არა, ჯერ მისი ღრიალი გაიგო დერეფანში. ტკივილიანი ხმა, შემაძრწუნებელი და სულისშემკვრელი. საწოლზე იჯდა, თავზე დამდგარი ექთნები ეფარებოდნენ. მასთან ისეთი ქაოსი იყო, ნილამ ცრემლით გადღაბნილი მზერით ძლივს გაარჩია მათეს ტკივილისგან მოღრეცილი სახე.
-ცოცხალია...-აღმოხდა, როცა სასოწარკვეთის ტალღებმა ჩაიარეს. პირველადი დახმარების ოთახში სწრაფად ენაცვლებოდნენ ექთნები ერთმანეთს. ნილას მათესთან არ უშვებდნენ. გვერდით რომ გაიხედა, დაინახა, სანდრო იჭერდა.
-დააცადე, მიხედონ... ვიცი, ვიცი რასაც გრძნობ, მაგრამ აცალე, კარგი? მათე რომ კარგად იყოს, დააცადე მიხედონ.
ნილა უაზროდ უქნევდა თავს და თვალებს არ აშორებდა კაცს მისი მზერის მოლოდინში. მაგრამ მათეს სტკიოდა.
-რა სჭირს? დამწვარია?-ტიროდა ქალიც.
-კი.
მათე რეანიმაციულ განყოფილებაში უნდა გადაეყვანათ. ნილა დერეფანში გაიყვანეს.
-გთხოვ... გთხოვ დავრჩები...
-ნილა...
-ერთხელ დამინახოს, მხოლოდ ერთხელ, სანდრო, გამიშვი. -მკლავი ჩამოიხსნა საწოლზე მწოლიარე მათე რომ გამოიყვანეს. მთელ ზედა ტანზე სისხლიანი ბინტის გროვა ეკრა.
-ღმერთო...
მათემ უღონოდ შეხედა.
-მიყვარხარ...-ინსტიქტურად ამოიჩურჩულა დაღლილმა და ქანცგალეულმა.
-მათე... მეც მიყვარხარ, აქ ვარ!-ტუჩის კუთხეში მოასწრო სწრაფად კოცნა და მეტი აღარ გაუშვეს. დააკავეს, სანამ დერეფნის ბოლოში სწრაფად არ გაუჩინარდა კაცის სხეული.


***


დროს ხანდახან შეუძლია ისეთი ნელი იყოს, არსებობით გაგანადგუროს. ამგვარი წამება იმ მომენტებისთვისაა დამახასიათებელი, როცა არ იცი ამის შემდეგ რა იქნება, როგორ იქნება, როგორ შეძლებ ახალი რეალობისთვის თვალის გასწორებას ანდა, საერთოდ, გადარჩები?
საათის ისრები მოძრაობენ და ამავედროს ადგილიდან არ იძვრიან. შენ ამ ისრებში ხარ გაჭედილი და უცდი, უცდი დიდხანს, როდის შესრულდება სამოცი წამი; უცდი იმ სახეს, იმ ხმას, იმ გამოხედვას, რომელსაც შეუძლია დრო ჩვეულ რეჟიმში დააბრუნოს, მაგრამ როცა საათის ისრებში ხარ გაჭედილი, თითქოს მომავალიც აღარ არსებობს, თითქოს თავიდანვე აქ იყავი და შენც არაფერი ხარ. თითქოს ეს ხანგრძლივი წუთებია მხოლოდ მთელი შენი ცხოვრება და სხვა არაფერი.


-დამწვარია. რამდენიმე თვე მკერდით და ზურგით ვერაფერზე მიყრდნობას ვერ შეძლებს, მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს. გარდა ამისა, ხელის კოორდინაციაც დარღვეული აქვს...
-რას გულისხმობთ?
-იმისათვის, რომ ადამიანის ნებისმიერი მოძრაობა ზუსტი იყოს, საჭიროა ნერვები, კუნთები და ნერვული სისტემა გამართულად მუშაობდეს. მათეს შემთხვევაშიც საქმე სწორედ მათ ეხება. გადავარდნის შედეგად მარჯვენა მხარეს დაეცა, თავიც დაარტყა, მკლავი და თავის ტვინი დაუზიანდა. ტრავმა იმდენად სერიოზულია, რომ ქცევითი პრობლემები, ამ შემთხვევაში კი ტრემორი გამოიწვია. მისი ტრემორი მოძრაობისაა- ხელი უკანკალებს ნებისმიერი მიზანმიმართული მოქმედების შესრულების დროს, რომელიც თითებს ეხება. საჩვენებელ და ცერა თითებს ვერ იმორჩილებს.
-განკურნება... ხომ შეიძლება... ექიმო... ის პიანისტია. დაკვრას ხომ შეძლებს?
ექიმმა შუბლი შეკრა.
-რეაბილიტაციითა და მედიკამენტებით ტრემორი ჩაივლის, მაგრამ თქვენ არ იცით? მეგონა გითხრეს.-ბრაზჩამდგარი თვალებით გახედა ნილას უკან მდგარ ექთანს.
-რა? რა უნდა ეთქვათ?-გაფითრდა ქალი.
-მათე აფეთქებასთან ახლოს იყო...
ამის შემდეგ ნაწყვეტებად ჩაესმა სიტყვები:
-მარცხენა ხელი მთლიანად დაკარგა.
როცა ეს მოისმინა, გაშეშდა. წუთის შემდეგ სთხოვა, კიდევ გაემეორებინა. ვერც მეორედ მოსმენილი დაიჯერა. თვალებდაუხამხამებლად მოსწყდა ცრემლები.
-ცალი ხელით და ისიც ტრემორით პიანისტის კარიერის გაგრძელება? ვწუხვარ, მაგრამ შეუძლებელია.
-არა.-ეს იყო მისი პირველი სიტყვა; რეალობის უარყოფის თხოვნა და შეძახილი საკუთარ თავთან, კოშმარიდან გამოფხიზლებულიყო. წამოდგა, თავბრუ დაეხვა და უკან დაჯდა.
-ქალბატონო...-ჩაეჭიდა ექიმი იდაყვზე.
დააიგნორა. წამოდგა. დერეფანში გავიდა და მათეს პალატისკენ გაიხედა. ისე შორი ეჩვენა, ისეთი მიუწვდომელი, ნაბიჯებს როცა ადგამდა, ეგონა დედამიწა ზანზარებდა მისი სიარულით. გაიყინა, სხეული ინსტიქტურად მოძრაობდა მხოლოდ. მიუახლოვდა კარს და შეაღო. რა წამს მათეს შეხედა, ტკივილი გაორმაგდა. თვალებდახუჭული იწვა. ფრთხილი ნაბიჯების ხმაზე გამოფხიზლდა. შუბლი შეკრა.
-ნუ ტირი...-დაიჩურჩულა სუსტად.
-წეღან რატომ არ მითხარი...
-დამშვიდდი.
-შენი ხელები... მათე...-აიფარა ტუჩებზე ხელი ქვითინის ჩასახშობად და კაცს მიუახლოვდა. ზეწარს ჩაეჭიდა გადასახდელად, დაუჭირა მაჯა.
-არ გინდა...
მაინც გადახადა. მარცხენა ხელის ადგილას სიცარიელე იყო. მკლავს ქვემოთ ხელი აღარ არსებობდა.
-ნუ...
საწოლთან ტირილით ჩაიკეცა ქალი.
-როგორღა დაუკრავ... მათე...
-არ გინდა...-თმაზე გადაუსვა მარჯვენა, მთრთოლვარე ხელი. -ქვეყნად ცალხელა პიანისტებიც არსებობენ...
-ხელი როგორ გიკანკალებს.... ღმერთო...
-ნილა!
-ჩემი ბრალია...-თქვა და სუნთქვა კინაღამ შეეკრა. ქვემოდან ახედა მწოლიარეს ჩაწითლებული თვალებით.
-სისულელეებს ნუ ამბობ!
-ვნახე...აფეთქება... ვნახე, როგორ გადავარდი...
-როდის...-ქალის თმაზე დადებული ხელი ჩამოუვარდა კაცს.
-ვნახე და არ გითხარი... არ გაგაფრთხილე... -ხმა ისე უკანკალებდა, ნათქვამს ძლივს იგებდა მათე-მეგონა სიზმარი იყო... მეგონა ხილვა არ იყო...
-ნილა...-მზერა აემღვრა კაცს.
ნილამ თვალები დახუჭა და თავი ჩახარა, რათა მის თვალებში იმედგაცრუება არ ამოეკითხა. ზეწარს გამალებით ეჭიდებოდა, ქვითინისგან მხრები უთრთოდა.
მათეს კი ეგონა ისედაც ნაცრისფერი გარემო კიდევ უფრო გამუქდა. თვალებზე მოკანკალე თითები მიიჭირა, რომ როგორღაც რაციონალური აზროვნება არ დაეკარგა.
-ნილა...-თვითონაც ვერ გაარჩია, მუქარა იყო თუ თხოვნა.
ბედად კარი ლუკასმა შემოაღო.
-ნილა...
-ნილა გაიყვანე... შემომხედე...
ვერ შეძლო ქალმა მზერის გასწორება. არაფრის დიდებით ახელდა თვალებს.
-ნილა... გთხოვ...
-ლუკას, ექიმს დაუძახე... დაამშვიდეთ ვინმემ, სანდრო სადაა... ცუდადაა უკვე...
ესმოდა ხმა, მაგრამ ნილას დამშვიდება არ შეეძლო. დანაშაულის გრძნობა და ამ კაცის ტკივილი დამშვიდების უფლებას არ აძლევდა.
-ნილა... გეხვეწები... კარგად ვარ... -ნიკაპქვეშ შეუცურა ხელი და სახე ააწევინა. -ნილა!
-მაპატიე...-როგორც იქნა, შემოხედა ქალმა, მერე მათეს ხელი აიღო და თითებზე აკოცა.
-ნუღა ტირი, ვეღარ ისუნთქებ ასე...
-არ მინდოდა ასე მომხდარიყო...
-ვიცი, კარგი? ვიცი!
-ნილა, ხომ ხედავ ცოცხალია, კარგადაა...
-ნილა! შვილო...-სანდრო შემოვიდა პალატაში. ქალი წამოაყენა.
-დამამშვიდებელი გაუკეთეთ, სანდრო, ცუდადაა..-მოესმა ნილას მათეს გამტყდარი ხმა.
ნილა ოთახიდან გაიყვანეს.
-გაჰყევი და გაიგე როგორ იქნება...
-რა მოხდა?-გაურკვევლობაში იყო ლუკასი.
-გაჰყევი! ხომ ხედავ რომ ვერ ვდგები!-წამოიწია მათე, მაგრამ უღონოდ გადავარდა საწოლზე.


***

როცა მარტოობისგან მოგვრილი სიმწარე ისე გაცხოველდა, რომ თეთრ კედლებში გაიჟღინთა, ნილა როიალს მიუჯდა. პრიალა კლავიშებს ხელით ვერ შეეხო, ჰაერშივე მიეალერსა.
ისე ენატრებოდა და სურდა მისი შეხება, ღამე უძილობა დასჩემდა. მისი მკლავების სითბოს საფარქვეშ დაბუდება სურდა. აღარ ჰყოფნიდა საწოლი, რომელზეც მთელი დღეები იწვა, სიგიჟემდე უნდოდა მისი სურნელის სუნთქვა მისივე კანიდან. მაგრამ ჰქონდა კი უფლება იმ ადამიანით დამტკბარიყო, ვისი უბედურების მიზეზიც თავად გახდა?
როცა მორიგი სტუმრობისას სანდრო უთქმელობისთვის გაუწყრა, ნილამ ზურგი აქცია კაცს:
-ყოველთვის შეცდომას ვუშვებ. გადამწყვეტ მომენტებში, როცა შემიძლია საყვარელ ადამიანს დახმარების ხელი გავუწოდო, ხელს ვკრავ.
-რატომ ამბობ ამას?-ჰკითხა, მაგრამ პასუხს უკვე ხვდებოდა სანდრო. შეშფოთებული მიუახლოვდა შვილს. -შემობრუნდი, აბა...
ნილა ისე გაბრუებულიყო, ტირილიც აღარ შეეძლო.
-აფეთქება ვნახე... მაგრამ არ ვუთხარი...
-ნილა... რატომ?
-ძილში ვნახე... სიზმარი მეგონა, მნიშვნელოვანი არ მეგონა....ნეტავ იცოდე, როგორ დავიღალე, მამა.
მიეყრდნო კაცის მხარს.
-მათემ რა გითხრა? იცის?
-იცის. მაგრამ ამ ამბავში ყველაზე უარესი რა არის იცი?-ჩახედა თვალებში.-ვიცი, რომ არ მისაყვედურებს, ერთ აუგს არ მეტყვის, თუმცა მე მისი ჩუმი მწუხარება როგორ ავიტანო? ჩემს გამო ვეღარასოდეს დაუკრავს...
როგორ ჩამქრალიყო. თითქოს ნილას თავზე მოციაგე ათასი ფერადი ნათურა ერთიანად დაიმსხვრა და ქალი სიბნელისთვის გაემეტათ. ხმა ჩავარდნოდა სანდროს. როგორ ენუგეშებინა? რა ეთქვა ჯერ აქამდე უთქმელი? მკლავი შემოხვია და შვილიც, პატარა ბეღურასავით მის მკლავქვეშ შეიყუჟა.


***

და ერთ დღეს, ნილასთვის მოულოდნელად, მათე სახლში დაბრუნდა. მისაღებში იჯდა, როცა კარის ხმა გაიგო. წამოდგა, გუმანით მიხვდა, რომ ის იყო, არადა ჯერ კიდევ ადრე იყო მისი გამოწერა. დერეფანში გავიდა. მონატრებულ, მაღალ სხეულს შეხედა და პირველი რაც თვალში მოხვდა, აკეცილი პერანგი იყო მარცხენა მკლავზე, ზედმეტ ნაჭერს ხელი რომ არ შეეშალა კაცისთვის.
-გამარჯობა...-ამოთქვა ქალმა.
დანაშაულის მწარე შეგრძნება და მასთან ყოფნის მწველი სურვილი ერთმანეთს ებრძოდნენ ქალში. ნაბიჯი გაუბედავად გადადგა მისკენ მაგრამ მისმა სახემ გააჩერა, მათე არ უღიმოდა. სამაგიეროდ კაცი დაიძრა მისკენ ნელი ნაბიჯებით და ნილას იმ ხილვის ფრაგმენტები დაუტრიალდნენ თავში:
-ფრთხილად!-შესძახა მათემ, როცა სარდაფიდან ამავალ მუშას კიბეზე ფეხი დაუცდა. საბედნიეროდ კაცმა თავი შეიმაგრა.
-კარგად ვარ!-თქვა და ზემოთ ავიდა. სარდაფი იმდენად მტვრიანი იყო, მათეს მხრებზე ეყარა ჭუჭყი. ნახევრად ცარიელ სარდაფში სამნი დარჩენილიყვნენ.
-ეს რა არის?-იკითხა მათემ. სარდაფში განათება არ იყო, ამიტომ ნივთების ერთმანეთისგან გარჩევა ჭირდა და ფანარს ანათებდნენ.
-გაზის ბალონებია. -მიუგეს. მათე სარდაფის კუთხეს მიუახლოვდა. ხუთიოდე ბალონი შეეჯგუფებინათ. ზედ მტვრის სქელი ფენა ედო. კაცმა მტვერი გადააცალა ერთ-ერთს.
-რამხელაა. ნეტავ რაში სჭირდებოდათ აქ ჩამოტანა?
-სამოქალაქო ომის დროს მალავდნენ ყველაფერს. -უპასუხა მათემ.
-და ამდენი ხანი აქ იყო? ჯერ ხელი არ ვახლოთ, რამე არ მოუვიდეს.
მათე წამოდგა, და იმ მომენტში, როცა ზურგსუკან მდგარისკენ შეტრიალდა და მისდა ბედად რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, კაცის სმენას მსუბუქი ტკაცუნის ხმა მისწვდა, მარცხნივ სწრაფად შეტრიალდა სპონტატურად და სანამ რაიმეს გაიაზრებდა, მწარე სიცხე და მძიმე ტალღა ერთდროულად იგრძნო. ცეცხლისა და გაზის დიდმა ნაკადმა სამივე სხეული ფარატინა ფურცელივით გადაისროლა სარდაფის მეორე კუთხეში. აფეთქებამ კედლები შეაზანზარა. ოთახი კვამლმა დაფარა. აქა-იქ ცეცხლის ენები აელვარდნენ.

-ნუ ტირი...-წამოადგა საყვარელი სხეული თავზე. ემოციის ნატამალი არ ეტყობოდა სახეზე კაცს. ზემოდან დაჰყურებდა ნილას.
-ძალიან გტკივა?-ამოიჩურჩულა ღრმა სუნთქვებს შორის ქალმა. დასახიჩრებულ მკლავს მზერას არ აცილებდა, თვალებში ვერ უბედავდა შეხედვას.
-გამივლის...- იყო მოკლე პასუხი.
-მაპატიე...-გააქნია თავი.
საპასუხოდ არაფერი უთქვამს. როცა ეს მდუმარება აუტანელი გახდა, როცა მისი ესოდენ ახლოს მდგომი სხეული ადგილიდან არაფრით დაიძრა, ნილამ თვალებში შეხედა. მათეს მოეჩვენა, რომ ქალი იმაზე ნაცრისფერი იყო, ვიდრე აქამდე ხედავდა.
-მითხარი რამე...-სთხოვა.
-მაგალითად, რა?
-მეჩხუბე, მიყვირე... გამიბრაზდი...
მათემ თვალები ძლიერად დახუჭა, ღრმად ამოისუნთქა. მხოლოდღა მისკენ დაიხარა და შუბლზე აკოცა. რამდენიმე წამით დააყოვნა ბაგეები მის კანზე, სანატრელი სურნელი რომ შეეგრძნო და გვერდი აუარა. სიჩუმემ ნილას გული დაუსერა, კოცნამ კი საერთოდ არია... გაიფიქრა, რომ ამ კაცს არ იმსახურებდა. არავის იმსახურებდა.
-იარების მოშუშებას კარგა ხანი დასჭირდება, ტრემორი ჩაუცხრება...-შემოაბიჯა ლუკასმა სახლში.-ეს მისი წამლებია.
-გმადლობ...
-კარგად ხარ?
-კი...
-გინდა დავრჩე?
უარის ნიშნად მხოლოდ თავი გააქნია ნილამ. ლუკასმა მხარზე დაადო ხელი გამხნევების ნიშნად.
-ნომერი გაქვს, თუ რამე დაგჭირდება, არ მოგერიდოს, ხომ იცი?

იმავე საღამოს, საძინებელში იწვა ნილა. ფანჯრისკენ გადაბრუნებულიყო და დიდხანს ელოდა მათეს. გვიანღა იგრძნო როგორ ჩაიწია საწოლის მეორე მხარე, მათე ჩამოჯდა.
-ნილა... გღვიძავს?-შეეკითხა ჩურჩულით.
ქალმა ყელში მოწოლილი ბურთი როგორღაც ადაყლაპა.
-ხო...
-შეგიძლია დამწვრობაზე წამალი წამისვა?-ხმაში ეტყობოდა, აშკარად ტკივილი აწუხებდა მათეს. ნილა მაშინვე, უსიტყვოდ წამოდგა. მათესთან მივიდა, კამოდზე დალაგებული წამლებიდან დამწვრობის მალამო ამოარჩია. უხმოდ შეეშველა კაცს, რომელიც ამაოდ ცდილობდა ცალი ხელით მაისურის გახდას. მარცხენა მხარიდან ფრთხილად შეხსნა ბინტი. მთლიანად წყლულებით იყო სავსე კანი. თავი ჩახარა, თმა ჩამოეყარა სახეზე, მისი ცრემლები რომ არ დაენახა მათეს. ქვითინის სურვილი ტუჩზე კბილების მოჭერით ჩაახშო ქალმა. მაქსიმალურად მოაბილიზა ხელი, არ აკანკალებოდა მალამოს წასმის დროს და უარესად არ ეტკინა მისთვის. მარცხენა მკლავისკენ გაურბოდა მზერა. ერთიანად შეეხვიათ ბინტით.
-ხვალიდან ექთანი ივლის და ის გამომიცვლის ხოლმე. -უთხრა მათემ.
-გასაგებია...-ამოიჩურჩულა როგორღაც. როცა დაასრულა, მიალაგა, სუფთა ბინტით შეუხვია ისევ მხარი და ზურგის ნაწილი. ისე ახლოს იყო... და ისე მტანჯველი იყო ეს სიახლოვე, ცრემლები ვეღარ უჩერდებოდნენ თვალებში.
ასე სასურველნი და მტკივნეულნი როგორ შეიძლება გახდნენ ადამიანები ერთმანეთისთვის?
მათე უხმოდ იჯდა, ქალის მძიმე სუნთქვას უსმენდა; მზერას არ აშორებდა მას, ვისაც ასე სურდა მისგან სახის დამალვა.
-მორჩა. -დაეხმარა მაისურის ჩაცმაში.-ეს დალიე.-გაუწოდა ტკივილგამაყუჩებელი აბი.
-მადლობა.
ამ სიტყვამ გული ატკინა. ისე დალია მათემ წამალი, თვალი არ მოაშორა ნილას. დაელოდა როდის დაწვებოდა, თავად კი დიდხანს იჯდა ასე, მისგან ზურგშექცევით. ქალი იცდიდა, როდის მიუწვებოდა გვერდით, მაგრამ ამაოდ. საწოლში მოიკუნტა და ტუჩებზე ხელი აიფარა ხმამაღლა რომ არ ატირებულიყო. მერე, დაღლილმა, ღრმა ძილში წასულმა, ზურგზე ნაცნობი, საყვარელი ჩახუტება იგრძნო, მაგრამ დილით გამოღვიძებულს, როცა საწოლში არავინ დახვდა, ეჭვი შეეპარა წუხანდელი სითბოს სიცხადეში.


***

-ეს ორი აბი ჭამის შემდეგ დალიე... ეს კი შუადღეს... თუ გტკივა ნემსს გაგიკეთებ ისევ.-საუზმობისას უხსნიდა წამლების დანიშნულებას.
-არ მინდა, უკეთ ვარ.-რბილი იყო მისი ხმა.
-მართლა?-სიხარულის სხივი გაკრთა ქალის თვალებში.
-კი, დაჯექი, ჭამე შენც...-დაჯდა, მაგრამ მერამდენე დღე იყო, ლუკმა არ გადასდიოდა ყელში.
-ნილა...
-ხო.
-ჭამე მეთქი.
დაბნეულმა ქალმა ჩანგალი აიღო, თუმცა ვერ ჩაკბიჩა საჭმელი. ხელი უთრთოდა. უკან დადო თეფშზე და ცივი სასმელი მოსვა.
მათემაც მიბაძა, ოღონდ ხმაურით.
-როდემდე აპირებ ასე ყოფნას?!-გაუმკაცრდა ხმა.
-შენ როდემდე აპირებ გაჩუმებას?
-და რა გითხრა-შეკრა წარბები კაცმა.
-ვიცი, რომ დამნაშავე ვარ... მაგრამ ასეთი სასჯელი მეტისმეტიც კია ჩემთვის...-ასეთი სუსტი, გამტყდარი ხმა არასოდეს გაეგონა ქალის პირიდან და მათემ სიძულვილი იგრძნო საკუთარი თავის მიმართ.
-მე არც მიფიქრია...რა დასჯა!
-ვერც კი წარმომიდგენია, რას გრძნობ მათე... არ მინდოდა ასე მომხდარიყო...
კაცი წამოდგა, გვერდით მიუჯდა.
-შემომხედე, აბა-თავისკენ მიატრიალებინა სახე. ცრემლები მოსწმინდა. მერე ნიკაპქვეშ თითები შეუცურა, ასწია მისი სახე თავისკენ.
-სამაგიეროდ მე ვიცი შენი განცდები... დამნაშავე არ ხარ, ნილა... გეფიცები, არ გადანაშაულებ... ისიც კი მესმის, მთელი ეს დრო პალატაში რატომ ვერ შემოდიოდი ჩემს სანახავად, ისიც კარგად ვიცი, რომ გეშინია ხელი არ გკრა, მაგრამ ტყუილად ღელავ, მე შენ როგორ უნდა გაქციო ზურგი?
-აბა რატომ გამირბიხარ...
-იმ დღეს ჩემი დანახვისას იმხელა ტკივილი ჩაგიდგა თვალებში, მერჩევნია საერთოდ არ დაგენახე.
ნილა უღონოდ მიეყრდნო მის საღ მხარს. მხრები აუცახცახდა.
ქალს ამშვიდებდა, მაგრამ სამყარო ერთიორად გამუქებოდა. როცა აფეთქების შემდეგ პირველად როიალი ნახა, დაყუჩებულმა ტკივილმა მხარში ფეთქვა დაუწყო. ახსოვს, თვალწინ ჩაუარა ინსტრუმენტთან გატარებულმა ყოველმა წუთმა, ყოველმა გათენებულმა ღამემ. სცენის ტაშის ხმა ჩაესმა. კომპოზიციების დასტას თვალი შეავლო თაროებში და გული მიეწურა-როგორ შეიძლება ადამიანმა ერთი ხელისმოსმით დაკარგოს მთელი ცხოვრების სურვილი და მიზანი? განა არსებობს რამე, ამაზე დიდი უსამართლობა?
მერე, იმავე მომენტში საძინებელში ამოსულ ნილას მოჰკრა თვალი და მოეჩვენა, რომ სულში მოწოლილი ბრაზი დაცხრა, დამშვიდდა, გაუარა. გაეღიმა. მერე მიხვდა, რომ ის იყო მთელი თავისი ცხოვრების ოცნება. და არ ღირდა დარდი იმის გამო, რაც ხელებიდან გამოეცალა, იმაზე უნდა ეზრუნა, რაც ჰქონდა.
ხოდა, ახლა გულში ჩაიკრა ნილა.
-გეყოფა...
თავისგან გასწია, სახე ააწევინა, როცა ცოტა დამშვიდდა და მოეშვა.
-მე უფრო მეტად რაზე ვდარდობდი იცი?
-რაზე?-გაპარული ხმით იკითხა ქალმა და სახიდან ცრემლები მოიშორა.
-შენ ასეთს თუ მიმიღებდი...
-ასეთს როგორს? დასახიჩრებულს? კიდურდაკარგულს? მათე, მეხუმრები?
-მაპატიე, ვიცი, არც უნდა გამეფიქრა, უბრალოდ ამ ბოლო დროს თავში ბევრი საშინელი აზრი მიტრიალებს.
-მიყვარხარ, რა მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ ნაკლს, როცა მე შენი ღიმილიც მითბობს გულს?


***

დასანანია, როცა სინათლე გტოვებს და გგონია სამარადჟამო წყვდიადისთვის ხარ გაწირული, ადამიანები ხნას მარტივად ვეღარ პოულობენ. მაგრამ როცა კედელს მიყრდნობილ მათეს მარცხენა მკლავის სუსტი წვა ჯერ კიდევ ახსენებდა თავს და მისი ერთგული, წლების მეგობარი-შავი როიალი სახლიდან გაჰქონდათ, ნილა გვერდით ედგა.
ეს ქალი, მუქი თმითა და წყლიანი თვალებით, სევდიანი სახითა და სახასიათო, რბილი ჩაღიმებით, მისი დაღუპვა და ხსნა იყო. ადამიანის ტრანსფორმაციის მთავარი მიზეზი არათუ დიდი მოვლენები, არამედ მცირე დეტალებიც კი შეიძლება გახდნენ, მაგრამ რა სახელი უნდა დაერქმია მისთვის? მისთვის, ვინც მოაკვდინა და ხელახლა დაბადა, მოსპო და აღმოაცენა, გააქრო და შექმნა, მოუსპო მთელი ცხოვრების ხელშენაწვდენი ოცნება და მაინც, უფლება არ მისცა გავერანებულიყო.
უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ბრმად ეყვარებოდა თუ გააზრებულად, კაცის ყოველი უჯრედი ამ სხეულისკენ მიილტვოდა; მის თვალებს შეეძლოთ ეს ქალი ისეთი დაენახათ, როგორიც სინამდვილეში იყო, შეეძლო ნილას ირისების ყავისფერ გარსში ჩაკარგულიყო და მათში მუქი უდაბნოს ოკეანეში უძრავად მდგარი ქვიშის ოქროსფერი დიუნებიც კი გაერჩია.
არ გაუყოლია თვალი როიალისთვის ბოლომდე, როგორ შედეს სატვირთო მანქანაში, მხოლოდ ნილას აკვირდებოდა. ქალს საპასუხოდ მზერა არ შეუგებებია, უხმოდ მიტრიალდა და შინ შევიდა. მათე მიხვდა, რომ ყველაზე რთული გონებაში ჩაბუდებულ უხილავ მტერთან ბრძოლაა, და იმ წამიდან, როცა სახლში ცალი ზედა კიდურით დაბრუნდა, ნილას ზედმეტად ხმაურიან სინდისთან უწევდა გამკლავება.
სახლში შეჰყვა ქალს. თვითგვემას არ დაანებებდა მის თავს.
მაგრამ ნილასთვის როიალი ბოლო წვეთი იყო.


ეპილოგი

ბოლოს ვაი თუ ვერაფერმა ვერ აგვაღელვოს
რა გვეშველება.

ნინი ელიაშვილი



ჩემოდანი შეკრა და საწოლის წინ დადო. მზერა მოავლო ოთახს, იმ ცარიელ ადგილს, სადაც უწინ როიალი იწონებდა თავს. მერეღა მიხვდა, რომ შეცდომა იქნებოდა მისგან დაუმშვიდობებლად წასვლა.
-რას აკეთებ?
მათე იყო.
-გვიან არ აპირებდი მოსვლას?-ნილას გული სწორედ ისე აუჩქარდა, როგორც ბავშვობაში, როცა დანაშაულზე წაასწრებდნენ ხოლმე.
-ნილა, რას აკეთებ?-მათე ოთახში შემოვიდა. მშვიდი იყო და აუღელვებელი, მაშინაც კი, როცა ჩემოდანი შეამჩნია. ქალს ჩახედა თვალებში და უცდიდა პასუხს.
-შენთვის... მინდოდა თქმა-ხმა ჩაეხლიჩა.
-რისი თქმა?
როგორი ჯოჯოხეთური იყო ეს მდგომარეობა... როგორი აუტანელი სიტყვები, რომლის წარმოთქმასაც აპირებდა მისთვის. ადრე ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ამის გაკეთება ოდესმე კიდევ მოუწევდა, ოღონდ ამჯერად სხვა ადამიანისთვის და კიდევ უფრო მძიმე დანაშაულის გრძნობის თანხლებით.
-მივდივარ.-ისე ჩუმად უთხრა, ეგონა ვერ გაიგებდა კაცი, მაგრამ მათეს გაეღიმა, სიმწრის სიცილმა გაუპო ტუჩები.
-სად მიდიხარ?-მიუახლოვდა. -სად მიდიხარ, ერთი? მამაშენთან?
-არა-ცრემლი მოსწყდა ნილას.
-აბა? ნილა...
მკლავი შემოხვია წელზე.
-შემომხედე.
ისე არ უნდოდა შეხედვა, ისე არ უნდოდა მისგან გაწევა, მის სხეულთან განშორება... გულზე თავი მიაყრდნო და აქვითინდა.
-ჩემო კარგო...
ქალმა თავზე კოცნა იგრძნო. მათემ უცადა, როდის დამშვიდდებოდა.
-სად მიდიხარ?-გაუმეორა ისევ.
-შენგან.
-მაინც სად?
-არ გეტყვი- გააქნია თავი.
-არ კი არა, ვერ მეტყვი, იმიტომ რომ არ იცი სად წახვიდე, არც გინდა რომ წახვიდე, ისიც კარგად იცი, რომ არ გაგიშვებ და რატომ ცდილობ?-გასწია მისგან.
-მათე...
-მითხარი... მიდი მითხარი, ეს დღეები რას მიმალავ შენს გულში.-თავზე, თმაზე ჩამოუსვა ერთადერთი ხელი ალერსიანად და მისმა თვალებმა სითბო ვეღარ დაიტიეს.-მითხარი, ჩემო საყვარელო.
-ჩემ გამო ვეღარ დაუკრავ, ცხოვრება გაგინადგურე...-ამოთქვა ბოლოს და ბოლოს ნაწყვეტებად და ძლივ-ძლივობით.
-აქვე გაჩუმდი!-გაუმკაცრდა ხმა მყისვე მათეს.
-შენ ისე ცუდად ხარ, ისე განიცდი...
-მე იმაზე კი არ ვდარდობ, რომ ვეღარასოდეს დავუკრავ, არამედ იმაზე, რომ შენ ვერასოდეს მოისმენ ჩემს მიერ შენთვის დაკრულ სონატებს, ნილა...
-ვერ ხვდები. შეიძლება ახლა არ იმჩნევ, მაგრამ ოდესმე ძალიან, ძალიან ცუდად გახდები, როცა აუტანელი მოგეჩვენება დაკვრის გარეშე ცხოვრება. ოდესმე, მორიგი კამათის შემდეგ, შეიძლება გაიხსენო და მითხრა, ჩემი ბრალია ახლა დაკვრა რომ არ შეგიძლია. ვეღარასოდეს გაუზიარებ შენს განცდებს კლავიშებს და იმ საოცრებას, ღმერთო, მას არც კი მიახლოებიხარ!-სახეზე ხელი აიფარა.- შენ... შენ ვეღარასოდეს მოიკრებ ძალას, ვერ ჩაისუნთქავ ჰაერს მშვიდად, შენს დამსხვრეულ ნაწილებსაც ვერასდროს შეაგროვებ!-ხმამაღლა ქვითინებდა ქალი-და ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ ბრალი მე მიმიძღვის! ჭკუა ვერ ვისწავლე! -ცხარე ცრემლები ნაკადულებად დიოდნენ მის ღაწვებზე. მკლავი გააშვებინა და მისგან გაიწია.
-ბედს ვერ შეცვლიდი.
-ბედისწერას ჩვენ ვქმნით, მათე!-შეჰყვირა. -რამდენჯერ უნდა გაგიმეორო! ნუ მამართლებ! მართლა რომ მყვარებოდი, არ დავუშვებდი რომ ეს მომხდარიყო. დედაჩემი მართლა რომ მყვარებოდა, უფლებას არ მივცემდი მომკვდარიყო!
მათეს კი, თვალებში სისხლი მოაწვა. გაგონილისგან გაშმაგებულმა ქალს კეფაში ხელი შეუსრიალა, თავისკენ სწრაფად მიიზიდა და მოთმინებით, მტკიცედ და საოცარი თავშეკავებით უთხრა:
-შეუძლებელია ვინმეს ტკივილი ასე გტკენდეს და არ გიყვარდეს. რომ არ გყვარებოდი, შენი სინანულიც ასეთი ცხადი არ იქნებოდა!-გადაიდღაბნა მისი ნაცრისფერი მზერა ცრემლისგან.
-ოდესმე მოგბეზრდები...
-ვერ მომბეზრდები, შეუძლებელია მოგბეზრდეს ის, ვინც შენს სულს შეეხო. -აკოცა თმაზე, შუბლზე, იმ სველ ლოყებზე. ამ კაცის ყველა გამოხედვაში, შეხებაში ერთადერთი თხოვნა ჟღერდა: დარჩენის.
-გამიშვი...
-ახლა, როცა ასე მიყურებ-დაიჩურჩულა- როგორ შემიძლია, რომ უარგყო? მითხარი!
-მათე, გამიშვი!
-ხომ იცი, რომ ამას არ ვიზამ? მე რომ ახლა ავდგე, და წასვლის უფლება მოგცე, ჩემს თავს უშენობა როგორ ვაპატიო? ღმერთი რომ მკითხავს, ჩემი ნაჩუქარი ჰერმესი რატომ გაუშვიო, რა ვუთხრა?
-გეყოფა!-ტირილისგან სუნთქვა უჭირდა ქალს. ვერ იტანდა ერთდროულად ასეთ მტკივნეულს, განადგურებულსა და სასურველს. -ამ დანაშაულით ვერ ვიცხოვრებ შენთან... ოდესმე, ოდესმე შენს თვალებში განსჯა რომ დავინახო, იქვე მოვკვდები...
-ჩემო საყვარელო...-ხმითა და თვალებით მიეალერსა უძვირფასესს- გახსოვს, ოდესღაც გითხარი, დიდებას კი არა ბედნიერებას ვირჩევ-მეთქი? გახსოვს? მიპასუხე...
ქალმა თავი დაუქნია.
-სამყარომ ჩემი ნათქვამი ყურად იღო და ბედნიერება მიბოძა, სამაგიეროდ ჩემი დიდების გასაღები სამუდამოდ წამართვა. ეს ჩემი არჩევანი იყო და არა შენი. რაც მოხდა, ასე უნდა მომხდარიყო. ასეთი იყო კანონზომიერება, შენი სიჩუმეც ამ კანონზომიერების ნაწილი იყო.
-ლაჩარი ვარ!
-გეყოფა!-გაუმკაცრდა ხმა.
-მაპატიე. გთხოვ!
-არაფერი დაგიშავებია-ჩაიკრა გულში ეს საყვარელი, მთრთოლვარე სხეული. მისი ტანჯვა ისეთი ხელშესახები იყო, ისე რეალური, ისეთი შემზარავი, წამითაც არ უშვებდა საკუთარი ტკივილის არსებობას. როცა ქალი ასე ტიროდა, როგორ შეიძლებოდა თავად ნილას გარდა სხვა რამ ედარდა?
-ასე... ასე როგორ გიყვარვარ?-ჩურჩულებდა მოკანკალე ხმა კაცის ყურთან. მათემ მწარედ დახუჭა თვალები. სიგიჟემდე სურდა როგორმე ქალის ხშირი გულისცემა დაემშვიდებინა, ასე მარტივად რომ გრძნობდა თავის სხეულში.
-ჩემდამი შენს სიყვარულს თუ ხედავ, ნილა?





***


-მომიყევი დედაშენზე.
-არ გვინდა...
-მიდი, მასზე არასდროს მოგიყოლია. სულ არაფერი.
ნილამ კაცს გახედა. მისი თვალებიდან თანაგრძნობა და სიყვარული იღვრებოდა და ალბათ ამან მისცა ძალა, ცოტა ხნის შემდეგ, ხმა რომ ამოეღო.
-დედაჩემი ძალიან ლამაზი ქალი იყო. ლამაზი და ძლიერი. ჭკვიანი, დინჯი. ჩემგან განსხვავებით, მოთმინების უსაზღვრო უნარი გააჩნდა. ყოველთვის ხვდებოდა, როდის რა მინდოდა, რა მჭირდა და ჩემდა გასაკვირად, რაზეც ვფიქრობდი, ისიც კი. იცოდა როდის უნდა დავეტოვებინე მარტო, როდის მჭირდებოდა მისი ჩახუტება და როდის მეგობრული დიალოგები. ზღვარს არასდროს არავისთან აბიჯებდა და არც სხვას აძლევდა ამის უფლებას. როცა სანდრო გაიცნო, ერთიანად აკაშკაშდა. პირველი კაცი იყო, ვისთანაც ბედნიერება იგემა და ამიტომ მივიღე მეც სანდრო მამად.
ბავშობიდან მეგონა, ოდესმე ჩემი ხილვების გამო სხვა დედებივით ჩხუბს დამიწყებდა, ნორმალური რატომ არ ხარო. ის კი, ახლაც მახსოვს, როცა პირველად ვუთხარი ამის შესახებ, ატირდა, ამბობდა, ეს ნიჭი ღმერთმა გიბოძაო, მაგრამ მე ამის არასოდეს მჯეროდა. არც ახლა მჯერა. თუკი ჩემს უნარს საყვარელი ადამიანების დასაცავად არ გამოვიყენებ, რაში მჭირდება?
მის დაბადების დღეზე, მთხოვა ხელი ჩამჭიდეო. ხალხთან კონტაქტს ვერიდებოდი და ის ყველაფერს აკეთებდა ამის საწინააღმდეგოდ. ოცი წლის ასაკში არ უნდოდა სახლში ეულად გამომწყვდეული ვყოფილიყავი. მისი სურვილი შევასრულე და ხელი ჩავჭიდე. ახლაც მახსოვს მისი ხელისგულის უჩვეულო სითბო, ისეთი ნაზი, ფაქიზი ხელი ჰქონდა, ისეთი სუფთა... მაგრამ ხელიც და გარშემო ყველაფერი დამავიწყდა, როცა ხილვა ვნახე.
-რა დაინახე?-ჰკითხა მათემ, როცა მიხვდა, რომ ქალი გაგრძელებას არ აპირებდა. ნილას მზერა ერთ წერტილში გაშეშებოდა, კაცი კი თითებით ხელის ზურგზე ეფერებოდა.
-დავინახე როგორ იწვა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, იმ უსახურ მილებში და სადენებში ახლართული. უსიცოცხლოს სახე მიტკალივით გათეთრებოდა. გვერდით ვეჯექი და მისი ხელი ჩემს ხელებში მეჭირა.
-რა დაემართებოდა?
-ნუ მაწვალებ, გთხოვ, მათე...
-მითხარი ნილა, ამოთქვი ბოლოს და ბოლოს!-არ აპირებდა მათე შეშვებას. სურდა ბოლო წვეთამდე დაცლილიყო თავისი მარადიული ტკივილებისგან ქალი. სურდა საკუთარი პირით ნათქვამი საკუთარი ყურით გაეგონა და თანმდევი წარსულის მოჩვენება გაექრო, გათავისუფლებულიყო.
-ავარია. ორი წლის შემდეგ ავარიაში მოხვდა. ორი დღე საშინელი ტკივილებით იტანჯებოდა და მოკვდა. -ამოიჩურჩულა და უხმოდ დასცვივდა ცრემლები. -მე რომ გამეფრთხილებინა, რომ მეთქვა შორ გზებს მოერიდე მეთქი, არაფერი მოხდებოდა.
-რა უთხარი, მაშინ სამაგიეროდ?
-ჩემი უნივერსიტეტის დამთავრების დღე დადგება და ფოტოებს გადავიღებთ-მეთქი. არ მინდოდა დაბადების დღე ჩასშხამვოდა, არ მინდოდა თავისი გარდაცვალების დღის შესახებ რაიმე სცოდნოდა, არ მინდოდა ყოველი დღე სიკვდილის შიშსა და მოლოდინში გაეტარებინა!
-და სამაგიეროდ, შენ, მარტოდმარტო ამ მოლოდინს ებრძოდი...-მოუჭირა ქალს მაჯაზე ხელი.-ყოველ დილით იმის შიშით იღვიძებდი, რომ საღამოს შეიძლებოდა დედაშენი იმ საწოლზე გენახა.
ნილა ტიროდა. მხრები უკანკალებდა.
-მერე როცა ვნახე, ხელი მართლა ჩავჭიდე. მინდოდა, რომ ეცოცხლა, და ამის რწმენისთვის მომავალი უნდა დამენახა, მაგრამ სიცარიელე დამხვდა, მათე. დედა აღარ იყო.
-როგორ უძლებდი?-თითქოს ძალიან დამღლელი, რთული გზის დასასრულთან იდგა, სისხლიანი ტერფებიდან მათე ეკლებს აშორებდა და ეალერსებოდა. თითქოს მთელი ჯოჯოხეთი ამისთვის გამოიარა, რომ ახლა მის გვერდით მჯდარიყო და მისგან ეს სიტყვები მოესმინა; ვიღაცას მისი ტკივილი გაენაწილებინა და საკუთარივით ეგრძნო.
-არ ვიცი-შეხედა სველი თვალებით-გეფიცები, არაფერი ვიცი.-უთხრა და მათეს ხელიდან მაჯა გაითავისუფლა, მერე ამ ხელით ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი ფრთხილად და ნაზად მოსწმინდა კაცს.
-შენთანაც ასე წინდაუხედავად მოვიქეცი...
-გაჩუმდი. ჯანდაბას ეს ხელი...
-ხანდახან ვფიქრობ, რომ... კიდევ უფრო ცუდად რომ დასრულებულიყო, მერე რა უნდა მექნა?
-ახლა კარგად ვარ, მე შენთან ვარ, და არ ღირს სხვა რამეზე ფიქრი, ნილა.-შემოხვია კისერზე ხელი და თავისთან მიიზიდა. შუბლი შუბლს მიადო და თვალებში ჩახედა.
-იცი როგორ შემეშინდა, მათე?
-ვიცი, საყვარელო.
-სანამ გავიგებდი, რომ სუნთქავდი, ერთი რამ ზუსტად ვიცოდი... გავგიჟდებოდი... მეც ვერ ვიცოცხლებდი... თუ შენ... თუ შენ...
-ცოცხალი ვარ, ნილა. ვსუნთქავ.-უთხრა და ქალი აქვითინდა. მხარზე მიაყრდნო თავი და როცა ზურგზე მისი ხელი იგრძნო, მერეღა ნელ-ნელა დამშვიდდა, მოეშვა, მოდუნდა. მორჩა. ტკივილი ამდებოდა, მხოლოდღა უფლება უნდა მიეცა ამის.
ალბათ უფრო მარტივი იქნებოდა იმის წარმოდგენა, რომ ამ დიდ, თეთრკედლებიან ოთახში ლამპის თეთრი, მქრალი შუქი ენთოს. ოთახში დიდი როიალი, შტაინგრაბერის B 192 რომ იდგეს. მის წინ, დაბალ სკამზე მაღალი, მხრებში გამართული კაცი იჯდეს და იმ სონატებს უკრავდეს, ოდესღაც საყვარელ ქალს რომ მიუძღვნა და მისთვის დაკვრა არასდროს რომ არ ღირსებია. კაცს ზურგს უკან ის ქალი დაუმშვენებდეს. მხრებზე ხელებს დააწყობდეს შემსრულებელს და ღიმილით მოუსმენდეს მისთვის მიძღვნილ კომპოზიციებს. გარეთ ეციებოდა, მაგრამ ქარიც კი მორიდებით იქროლებდა, ოთახში არსებული მელოდიური მყუდროება რომ არ დაერღვია. მხოლოდ და ერთადერთხელ, ოთახის ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი რუხი ყვავი დაიჩხავლებდა და ცაში ფრთების შრიალით უმისამართოდ აიჭრებოდა.
ასე იქნებოდა, თავი რომ არ დაებრმავებინა. კინაღამ საყვარელი ადამიანი კიდევ ერთხელ შეიწირა, მაგრამ განგება რაღაც მიზეზით სწყალობდა. ახლა კი, მათეს გულს მიყრდნობილმა ნილამ იცოდა, რომ თვალები უფრო ფართოდ უნდა გაეხილა და დაენახა, ის, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ; ის, რასაც სხვები ბედისწერისთვის სჩადიოდნენ.

დასასრული




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent