თეთნულდს გასძახე 3.მიწაშიც დაეძებს სვანი
ლევანის დაკრძალვის შემდეგ მაკა სამი დღე სახლიდან არ გადიოდა. არც ფანჯარას გახედავდა, არც კარის ხმა აინტერესებდა. მხოლოდ ოთახში იჯდა, ხელები კი მუხლებზე შემოეხვია. სახლში სიჩუმე იყო. არავის გაუბედავს მისი შეწუხება. მხოლოდ ანა იჯდა ბუხართან, შეშის ნამწვავს რკინის ჯოხით ჩხრეკდა. გუშინ მამის საფლავზე ავიდა, გაახსენდა ყველაფერი. იტირა, თანაც ისე იტირა რომ გული ლამის ამოუვარდა. ეხვეწებოდა თან წაეყვანა, მაგრამ მამას ხმა არ გაუცია. სახლში დაბრუნდა საღამოხანს, მაკას ისევ არ ელაპარაკებოდა. ბრაზობდა ყველაზე, ნინიაზე, სოფოზე, მეზობლებზე, განსაკუთრებით კი ნიკა დანელიაზე, რომელიც კვირაზე მეტია არ გამოჩენილა. არც დაკრძალვაზე მოსულა და ანამ დაიფიცა კიდეც რომ სადაც ნახავდა იქვე მოკლავდა. მაკას ქვევიდან ხმაური აღარ ესმოდა, აღარც მეზობლები იყვნენ ეზოში. არ აპირებდა გარეთ გასვლას. არც ჭურჭელს არ ეხებოდა, არც საჭმელს ჭამდა, მხოლოდ იჯდა და თვალებს არ ახელდა. ანასაც არ შეუწუხებია. თბილად გადაიცვა და სახლიდან გავიდა. სოფლის ბოლოს პატარა ნაკადული გადიოდა და იქ აპირებდა წასვლას, თუმცა სოფოს ხმა მოესმა. მართალია მამამისი - ლევანი ძალიან უყვარდა, მაგრამ მამიდამისის, სოფოს ატანა არ ჰქონდა. - ანა მოდი აქ,- ეძახის სოფო და ღობეს ეყრდნობა. - ნუ მეძახი, შედი სახლში და აღარ დამენახო,- სიბრაზე აწვება ანას. - ბოლოს და ბოლოს ჩემი ძმისშვილი ხარ, გოგო, რას მელაპარაკები,- ტონს არ უგდებს სოფო,- ასე გაგზარდა ლევანიმ, არა? ოხ ჩემი ძმა.. - მამაჩემზე სიტყვა არ დაძრა,- უახლოვდება ქალს,- ის არ გეყო რომ შენმა შვილმა მამაჩემი მოკლა, კაცი მოკლა და ახლა იმის გულიც გაქვს რომ ესე მელაპარაკო? ჩემი გაგიჟება გინდა? სოფო გასწორდა, თვალები დაუვიწროვდა, ხმა კიდევ უფრო მკაცრი გაუხდა. განა არ იცოდა რომ მისი შვილი დამნაშავე იყო, მაგრამ ერთადერთი ჰყავდა, მისი ნიკუშა და ხელს მისკენ ხომ არ გაიშვერდა. - ნიკა ჩემი შვილია! და შენ ვერ გაიგებ, რა ნიშნავს მისი დაცვა! არაფერი ჩაუდენია, ლევანისთვის ინფაქტი მას არ დაუმართნია,- არ ამთავრებდა შვილის დაცვას სოფო,- ჩემს შვილზე კიდევ თუ იტყვი მსგავს რამეს... სოფო გაჩერდა, ვეღარ გააგრძელა. ანა ჩუმად იდგა, მაგრამ თვალებში მთელი ბრაზი იკვეთებოდა. ბოლოს, ხმა ძლივს ამოიღო, თითქმის ჩურჩულით, მაგრამ სოფომ მაინც გაიგო. - ვის იცავ, სოფო? ვის იცავ? შენი შვილის ბრალია რომ მამა აღარ მყავს, შენ რომ ძმა დაკარგე! მაგ ნაგავმა სვანის კაცს მოკლა, ხელი სისხლში გაისვარა და გგონია მაგას მაკა აპატიებს? ან მე ვაპატიებ? ან სვანები აპატიებენ?- მეზობლები უკვე სახლებიდან გამოვიდნენ ხმაურზე. სოფელში ისედაც ყველამ იცოდა ნიკას ამბავი, აბა გამზრდელი ბიძის პანაშვიდზე რომ არ მოვიდა ვინ არ იკითხავდა თუ სად იყო. სოფომ ტყუილი მოჩართა, თითქოს საზღვარგარეთ იყო წასული, მაგრამ მეზობლებს და თანაც მეგრელებს რა გამოეპარებოდათ, ყველამ კარგად იცოდა ნიკა დანელია იმ ღამეს სისხლიანი მაისურით და ხელებით რომ დაბრუნდა სოფელში. სოფომ ოდნავ უკან დაიხია, ხელები მკერდზე გადაჯვარედინა, თვალებში შური, ბრაზი და დაცვა ერთდროულად იდგა. - ჩემს შვილს მე ბოლომდე ვენდობი,- ანას უკვე გულიც კი ერეოდა მის ხმაზე,- ჩემი შვილისკენ თითს ვერავინ გაიშვერს. ანამ ღრმად ჩაისუნთქა, სახე გაშავებული, თვალები სიბრაზისგან ეწვოდა. - შენ რა დედა ხარ?- ძლივს ამოღერღა რამდენიმე სიტყვა,- მაგრამ მკვლელის დედა ხარ, შენც არანაკლები ხარ მასზე. სოფომ თავი გააქნია, უკან დაიხია, სახლში შეიკეტა, ანამ იქაურობას თვალი მოავლო, მეზობლები სახლებში შევიდნენ, მაგრამ არ სცხვენოდა, ახლა მარტო უმამოდ ყოფნა სტკიოდა. ციოდა გარეთ, მაგრამ ანა ვერაფერს გრძნობდა. ნელ-ნელა დაიძრა გზაზე, თვალები დახუჭული ჰქონდა, გულში კი ბრაზი და ტკივილი ერთად ებატონებოდა. ჯერ კიდევ ძლიერად სუნთქავდა, ისეთი გრძნობა ჰქონდა პირი რომ გაეღო ყველაფერს იტყოდა. ნელ-ნელა პატარა ნაკადულის ნაპირას მიაღწია. წყლის სუსხი მის სახეზე ვერაფერს შველოდა, გული მძიმე იყო, მარტოობისა და მამამისის დაკარგვის ტკივილით სავსე. მთები ჩაბნელებული იდგნენ, ქარი ნელ - ნელა უბერავდა, ფოთლები შრიალებდნენ. ანას ნაბიჯები ნელა ეხეთქებოდა მიწას, მაგრამ არ ჩერდებოდა. ყოველი ნაბიჯი, ყოველი სუნთქვა - ბრაზისა და სევდის ნარევი იყო. სოფოს სახლისკენ რამდენიმე წამით გაიხედა - ეზოში აღარავინ იყო, უხმოდ, მაგრამ თავისი ამპარტავნებით და სიმტკიცით მაინც იგრძნობოდა რომ ნიკას დაცვას კვლავ გააგრძელებდა. ანას ბრაზი კიდევ უფრო გამძაფრდა. იცოდა სვანები როგორები იყვნენ, ისიც იცოდა რომ ვიღაც აუცილებლად მოაკითხავდა მათ ნიკას თაობაზე თუ, რა თქმა უნდა, იცოდნენ ვინ იყო ნიკა დანელია, მაგრამ ეჭვი არ ეპარებოდა იმაში რომ სვანები მიწიდანაც კი ამოთხრიდნენ და მაინც იპოვიდნენ. ანას სხვა გზა აღარ რჩებოდა გარდა იმისა რომ მათ დახვედროდა, ვერსად წავიდოდა, ნიკასთვის რომ მიეკვლია ალბათ სვანებზე ადრე თავად მოკლავდა, მაგრამ დანელიას ალი კვალი არ ჩანდა. ბიჭი აორთქლდა. თუმცა ერთი რამ ცხადი იყო, ადრე თუ გვიან სვანები აუცილებლად მოაკითხავდნენ პასუხისთვის. * * * მთის წვერზე ნისლი ჩამოწოლილიყო, თითქოს თვითონაც გლოვობდა. ალეკოს საფლავზე მიწა ჯერ კიდევ სველი იყო, ქარი კი მძიმედ დაქროდა სასაფლაოზე. მთაში ტკივილი ყოველთვის სხვანაირად ჟღერს - არც ყვირილი სჭირდება და არც ცრემლი, აქ გლოვა ქარშია და კაცის სიჩუმეში იმალება. მალხაზი საფლავის კიდესთან იდგა, ქუდი ხელში ეჭირა, მიწას მზერას არ აშორებდა. სხვებიც - მეზობლები, ნათესავები - ჩუმად იდგნენ, თითქოს ელოდნენ, როდის ილაპარაკებდა ის, ვინც მთაში გადაწყვეტილებას იღებს. დარიკო უკვე შინ წაეყვანათ ქალებს, ოდნავ შეხრილი, ჩუმად ტიროდა. სიჩუმე კი იმდენად მძიმე იყო, თითქოს მთებიც უსმენდნენ. მალხაზიმ ნელა მოისვა ხელი სახეზე, მზერა გადაატარა საფლავს, მერე გვერდით მდგარ კაცებს გახედა. ხმაც დაბალი ჰქონდა, მაგრამ მკვეთრი - ისეთი, სვან კაცს რომ შეშვენის, როცა სიტყვა გლოვას გასცდება და საქმეზე გადადის. - ამას სისხლი უნდა,- თქვა ჩუმად, მაგრამ ისე რომ ყველას გაეგო,- კაცის სისხლი უნდა, მიწაში უაზროდ არ წევს. კაცებმა უხმოდ თავი დაუქნიეს. სიჩუმე ცოტა ხნით კიდევ გაიწელა, სანამ ერთმა მათგანმა, უფრო ახალგაზრდამ, არ თქვა. - ამბობენ, ქალი დაისვა თურმე, საყვარელი მიუვარდა და ჩხუბისას შემოაკვდაო,- მალხაზიმ მაღლა აიხედა, თითქოს კიდევ რაღაც გაიგონა, მერე კიდევ კაცებს შეხედა. - "შემოაკვდა" არ არსებობს, შვილო. კაცს ან კლავენ, ან არ კლავენ. სხვა არაფერია,- ქარი გაჩუმდა. მთის სუნთქვა თითქოს შეჩერდა. სვანური გლოვისას - როცა სიტყვა „სისხლი" ისმის - უკვე აღარ არის გლოვა. ეს ნიშნავს რომ საქმე იწყება. მახლობლად მდგარი ოთარ კვიციანი ამბობს. - ამბობენ, ნიკა დანელიამ ქვემოთ, ჭიუხის იქით შეაფარა თავიო. თუ მართალია, მალე უნდა წავიდეთ,- მალხაზი საფლავს სცილდება, დაგებულ ქვაზე ხელს უსვამს, ქუდი დაიფარა და ისე თქვა, თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებაო. - მზის ჩასვლამდე უნდა მოვიფიქროთ ეს საქმე,- მთები ისევ დადუმდნენ. ამ სიტყვებით კაცის ნება უკვე კანონად იქცა. მალხაზის ეზოში ისევ სიჩუმე იდგა. ხის სკამზე ჩამომჯდარიყო, თავჩაღუნული, თითებით მიწას აწვალებდა. კაცები გარს ეხვეოდნენ - თითოეულს სახეზე ეწერა ძველი ტკივილი და ახლის მოლოდინი. - მორჩა, შვილო, დავმარხეთ ალეკო,- თქვა ბერიკომ ხმადაბლა, მაგრამ მტკიცედ. მალხაზიმ თავი ზემოთ ასწია, მზერა ხეს მიაყოლა, მერე ნელა მიუგო. - ახლა დროა ვილაპარაკოთ, ბერიკო. რა მოხდა სინამდვილეში? ბერიკო ცოტა ხანს დუმდა, მერე წამოიწყო. - ქალი იყო... თეკლე. ჩამოსულა თურმე სამარგალოდან. ალეკოს მოწონებია, თავს დასტრიალებდა, უთქვამს მიყვარხარ და ჩემად უნდა წაგიყვანოო,- კეფას იქექავს კაცი,- იმ გოგოს უარი უთქვამს, არ მიყვარხარ და თან დიდი ხარო. ალეკომ არ მოუსმინა, მოიტაცა და დაისვა თავისად, როგორც სვანს შეშვენის. ისე, არავის უკითხავს, არც მოყვრად მიუყვანია. ოხრავს კაცი. - მერე ხმა გავარდა სოფელში, ნიკა დანელია ჩამოვიდა, თეკლე ჟვანიას საყვარელიო, ზოგი ამბობდა საქმროაო, ზოგმაც ქმარიაო, რას გაუგებ ამათ, მაგრამ მოსულა ის ბიჭი, უთქვამს მიყვარს ეს გოგო წლებია და ვინ ხარ ცოლად რომ წაიყვანეო. - კი მარა ალეკომ არ იცოდა ამ გოგოს თუ სხვა უყვარდა?- ჩაფიქრდა მალხაზი. - რას გაიგებ, რას გიტყვე იცი? ჯიუტი იყო ეგეც, ხო იცი. გაეხვა საქმეში, მოტაცებულ ქალს ვინ გაუშვებდა, მითუმეტეს ხერგიანის სახლიდან, იმ ბიჭსაც მოუნდომებია გატაცება, აქ არ დაგტოვებო უთქვამს,- ცივი ნიავი უვლის ყველას სხეულში,- მოუტაცია ქალი და გაქცეულან შგულ სურღოს ფერდობზე. დაუნახავს ვიღაცას და უთქვამს ალეკოსთვის. გაკიდებია ესეც და იმ ღამეს ჩაიხლიჩა ყველაფერი... ჩხუბი, წყევლა, მერე ერთი გასროლა, მეორეც და შეიძლება კიდევ იყო რას გაიგებ. მალხაზის ხმა ჩაუწყდა. - ვინ ისროლა? - ნიკა დანელიას უსვრიაო, ასე გავიგე,- თქვა ბერიკომ ჩუმად,- მაგრამ ამბობენ, არ უნდოდაო. მალხაზი წამოდგა. ხელები ქამარზე დაედო, ნელი სუნთქვა ამოაყოლა და თქვა. - ასე მარტივად არ გავატარებ. სისხლი გაღებულია კაცო... სული არ ისვენებს,- დარიკო შემოსასვლელში იდგა. სახეზე ნამტირალევი იყო, მაგრამ ხმა მტკიცე. - მალხაზ, სიბრაზე ჭკუით უნდა აიტანო. ვინც ეს ქნა, ის უნდა მოიძებნოს, მაგრამ ტყუილად ნუ ჩავარდები ბნელში,- მალხაზიმ თვალები დახარა, მერე ისევ კაცებს გადახედა. - მე ვიცი ერთი, ვინც ალეკოს გულს შეეხო, პასუხს აგებს. ხვალ დილით, მთაზე ავალთ. ვინც სიმართლე იცის, ან ამოილაპარაკებს, ან ღმერთმა შეაჩვენოს, თუ დუმილი აირჩია. - ასე უნდა იყოს,- თქვა ზვიადმა,- სვანს სისხლი არ უჩერდება, სანამ სიმართლე არ გაირკვევა. ქარმა გაიარა ეზოში. სადღაც შორიდან ძაღლის ყეფა მოისმა. მთები ისევ დუმდნენ, მაგრამ ის დუმილი უკვე საფრთხესავით იყო - ისეთი, წინ რომ რაღაცას მოასწავებს. გაგი ნელა შებრუნდა, მამას კიდევ ერთხელ შეხედა. მალხაზი მდგარიყო ეზოს შუაგულში, შორად, თითქოს ფიქრით უკვე სადღაც სხვაგან იყო - იქ, სადაც კაცები მსჯელობენ და წყვეტენ, ვის დარჩება სიცოცხლე და ვის არა. ოთარიც ახლოს იდგა, კისერზე ხელები გადაედო და ღრმად სუნთქავდა. ეზოში უკვე ჩამოწოლილიყო ბინდი - ისეთი ბინდი, მთის კაცი რომ სიჩუმესთან ერთად აღიქვამს, როგორც ტკივილის წინასიტყვას. მალხაზიმ ბოლოს ხმამაღლა თქვა. - ჯერ უნდა ვიცოდეთ, ვისთან მივდივართ და რატომ. კაცის სისხლი ასე ქარაფშუტად არ იღვრება. გაგი მიუახლოვდა, თვალებში ჩახედა და ჩუმად, თითქოს საკუთარ თავს უთხრა. - ეგ ნიკა... დანელია ჰქვია თუ ვინცაა, სამეგრელოდან არის, ჩხოროწყუდან. იმ ღამით გორდიდან ჩამოსულა, თეკლე ჟვანიას გზას აყოლილა,- ზიზღით ამთავრებს,- მაგან მოკლა, სხვა ვინ იზამდა. ალეკოს ვინ ჰყავდა მეტი მტერი. ოთარიმ შუბლზე ხელი ჩამოისვა და ნელა თქვა. - ნანახი არავინ გვყავს, ბიჭო. ყველა ამბობს რომ ჩხუბის მერე წასულა, მერე კი ალეკო იპოვეს ნატყვიარით. მალხაზი ჩაფიქრდა, მერე დაბალი ხმით თქვა. - კაცს ისე არ კლავენ რომ ხმა არავინ გაიგოს. თუკი ეს ნიკა დანელიას ხელი იყო - გამიგონებენ. თუ სხვისი, ისიც უნდა ვიცოდე,- გაგი ფრთხილად ჩამოჯდა ქვაზე, ქუდი მუხლებზე დაიდო და ცოტახნიანი სიჩუმის მერე თქვა. - ჯერ ვნახოთ ვინც იმ დღეს იქ იყო, ყველა უნდა დავკითხოთ. ზაურა, ბესარიონი და ისიც - ქაიხოსრო, ალეკოსთან ერთად რომ იყო საქმეზე. - ჰო,- დაეთანხმა მალხაზი,- ქაიხოსრო ბევრს არ იტყვის, მაგრამ თუ ხელი აქვს ამაში, მერე ნახავს. ოთარმა ხმადაბლა დაამატა. - სამეგრელოში მაინც მოგვიწევს წასვლა. ადრე თუ გვიან, ის ნიკა უნდა ვიპოვოთ. მალხაზიმ ქუდი დაიხურა, წელში გასწორდა და დამშვიდებული ხმით თქვა. - წავალთ. წავალთ, ოღონდ ჯერ მთას მოვუსმინოთ. სანამ პასუხი არ იქნება, კაცმა ნაბიჯი არ უნდა გადადგას, თორემ გადაუბრუნდება და ხრამი ცხვირთა გვაქვს. მიწაში ფეხს არ ჩავდგამ ტყუილა,- ქარი ისევ ამოვარდა. თითქოს მიწა თავად ისმენდა ამ სიტყვებს. მთის ზემოთ ღრუბლებს შავი ბილიკი გაეკეთებინათ და იქ, სადაც შორს მზე ჩადიოდა, თითქოს რაღაცას ელოდა - გადაწყვეტილებას, რომელიც მალე უნდა დამდგარიყო. დარიკო შორიდან უყურებდა, აივანთან მდგომი, ხელები წინ გადაეჯვარებინა და თვალებში შიში ჩამდგარიყო. იცოდა, რაც დაიწყო, ის აღარ შეჩერდებოდა, სანამ სიმართლე არ იპოვიდა თავის გზას - თუნდაც იმ სიმართლეს სისხლზე გაევლო. ოთარმა ცეცხლზე შეშა მოაწვა და თქვა. - ხალხი უკვე ლაპარაკობს, მალხაზ. ბოლოს მაინც ჩვენ დაგვადებენ ხელს, თუ პასუხი არ გვექნება. - კაცს რომ გეგონოს ტყუილად მოკლეს, ძილს ვერ იპოვის. მე ის ვიცი რომ ალეკო მარტო არ იყო იმ დღეს. და ვინც იქ იყო, იმან იცის, როგორ მოხდა ყველაფერი. ხოდა აგერაა ქაიხოსროც. გაგი ჩუმად უსმენდა, თითებით ბალახს ეთამაშებოდა. ბოლოს ამოილაპარაკა. - კაცმა შეიძლება ბევრი თქვას, მაგრამ როცა სისხლი დაიღვრება, სიმართლე იმათ ენაზეა, ვინც ბოლოს დუმს. ზურაბიმ თავი ჩაწია. - მაშინ ვიპოვოთ ის ნიკა. სამეგრელოშია მისი სახლი. ეგ საქმე იქიდან უნდა დავიწყოთ,- მთვარე ზემოდან მოჰფენოდა მთელ ეზოს, თითქოს ისიც უსმენდა კაცების საუბარს. უხმო ფიცი გაისმა იქ, სადაც სიტყვები აღარ ჰყოფნიდათ. მალხაზი წამოდგა, წამით ცეცხლს შეხედა და თქვა. - ხვალ დილით ადრიანად შევხვდებით. ვინც საქმეზე წავა, მზად უნდა იყოს,- გაგიმ ჩუმად თავი დაუქნია. თვალებში სიმტკიცე და სიფრთხილე ედგა. უკვე იცოდა რომ ეს გზა უკან არ მოიტოვებდა. მეორე დილა დაიწყო - ცივი ჰაერით, თბილი მზით და იმ უხმო მღელვარებით, რაც მთაში კარგ ამბავს არასდროს მოასწავებდა. ეზოში ბოლი იდგა, შორიდან ძროხების ზარის ხმა ისმოდა, მაგრამ სოფლის გულში, სადაც მალხაზ ხერგიანის სახლია, სიჩუმე იყო - არც ბავშვის ხმა, არც ქალის საუბარი. მხოლოდ კაცების ნაბიჯების ხმა ისმოდა. ოთარი ცეცხლთან იჯდა, შურდულით აგიზგიზებდა ნახშირს. - მთელ სოფელში ლაპარაკობენ უკვე. ყველა ამბობს რომ ნიკა დანელია უნდა მოვძებნოთ. ზოგი ამბობს, სამეგრელოშია, ზოგმა - ზუგდიდთან ახლოსააო. მალხაზი სახლიდან გამოვიდა, მხრებზე ნაბადი ჰქონდა გადაკრული. მზერა ირგვლივ მოავლო, მერე თქვა. - ხმას ვერ გააჩერებ, ოთარ. რაც ერთხელ მთაში გაისმება, იმ ხმას ქარი შორს ატანს. მაგრამ ჩვენ სიტყვა უნდა გვქონდეს. სანამ საქმეზე წავალთ, აქ უნდა ვიცოდეთ, რას ვაკეთებთ. გაგი, რომელსაც დაძინება ვერ მოეხერხებინა, ეზოს მეორე მხარეს იდგა ჩუმად. - მამა, ბიჭები ამბობენ რომ თეკლე სოფელში აღარ ჩანს. დედის მხარე სვანეთში ჰყოლია, მეზობლებმა თქვეს აქ იყოო, მაგრამ გუშინ არავის უნახავს. ოთარიმ ზარისკენ გაიხედა, რომელიც ქარისგან ირხეოდა და სევდიანად ჩაილაპარაკა. - ქალი ყოველთვის იქ არის, სადაც დანაშაულის ფესვი იზრდება. იქნებ ისიც რაღაცას მალავს. - ქალი არაფერს მალავს, თუ კაცი არ მალავს მის მაგივრად. გაგიმ თავი დახარა. ცოტა ხანს ჩუმად იდგა, მერე დაამატა. - მე წავალ, მოვძებნი თეკლეს. ოთარკმ ჩაიღიმა - იმ მღელვარე, ოდნავ ირონიული ღიმილით, რაც სვან კაცს ახასიათებს, როცა ახალგაზრდა ბიჭის გულში დაუფიქრებლობა დაინახა. - შენ წახვალ, გაგი, ოღონდ მარტო არა. მე დაგყვები თან. თეკლესთან ისეთი კითხვები მაქ, რაც კაცის ყურამდე უნდა მივიდეს და ზოგჯერ ქალის სიტყვას კაცის ყური ვერ უძლებს. მალხაზიმ ხმადაბლა ამოიოხრა. - წადით. კარგად მოუსმინეთ, რას გეტყვით. მთაში არაფერი იკარგება, ყველაფერი ჰაერში რჩება - სიტყვაც, დუმილიც და ტყუილიც. გაგიმ და ოთარიმ ერთმანეთს გადახედეს. ორივეს ესმოდა რომ ეს ჩვეულებრივი საუბარი არ იქნებოდა. მზე ნელა ამოდიოდა ფერდობებზე, ჩიტები ხმას ვერ იღებდნენ. ჰაერში რაღაც მკვეთრი და მძიმე იდგა - რაღაც ისეთი, რაც მთის კაცს გულში უკვე გაფრთხილებად ექცა. * * * ანა დილიდანვე საკუთარ სახლში იჯდა. ფანჯრიდან იმზირებოდა, თვალები ტყისკენ იყო მიმართული. თითოეული ნაბიჯი ქუჩაში, თითოეული ხმა ეზოში - ყველაფერი მის გონებაში ნიკას სავარაუდო ადგილებს უკავშირდებოდა. სოფელში ჩვეულებრივი დღეები მიეწყო, მაგრამ ანას თვალში ყველაფერს სხვა ფერი ჰქონდა. სახლი ჩუმი იყო. ოთახში მხოლოდ ანას ფიქრები ისმოდა. " ნიკა სად წავიდა? ეგ მკვლელი სად გაიქცა? რამე მოუვიდა? ჩემამდე იპოვეს სვანებმა? მოკლეს?" ხმას ვერ იღებდა, მხოლოდ გული უცემდა სწრაფად. მეზობლები, რომლებიც შორიდან აკვირდებოდნენ, ყურადღებას აქცევდნენ ანას ნელ - ნელა ჩამქრალ სხეულს. ქუჩებში სიჩუმე ჭარბობდა, თითქოს სოფელმა იცოდა რომ რაღაც უნდა მომხდარიყო. ანამ სცადა საუბარი მეზობლებთან, მაგრამ პასუხები არავის ჰქონდა. "ნიკა არავის უნახავს," „შეხედე ტყეში, იქნებ იქ იყოს." ყოველ სიტყვაში ეჭვი და გაურკვევლობა ირეოდა, რაც ანას შიშს კიდევ უფრო ამძაფრებდა. დრო ნელა გადიოდა. ანას ყოველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაედგა, როგორც მძიმე ქვად ისე ეჩვენებოდა, მაგრამ გულში მცირედი რწმენა მაინც ჰქონდა რომ აუცილებლად მიაგნებდა გზას, რომელიც ნიკას ადგილამდე მიიყვანდა. ანას ნაბიჯები ისმოდა ხის ძველ კიბეებზე. ოთახის კარები ნელა შეაღო - მაკა ისევ თავის სევდიან სიჩუმეში იყო ჩაფლული, ძვლებამდე მოჭიმული ტკივილით. ანა წამიერად წამოიწია, გარედან შემოსული მზის სხივები სხეულზე ეცემოდა და ოთახის კედლებზე ჰორიზონტალურად გადაჰქონდა შუქის კვალი. მაკა არ ლაპარაკობდა, არც ანა ელაპარაკებოდა. შეხედავდა, ოთახის კარებს მოიხურავდა და დაბლა ჩადიოდა. გულზე მძიმე ტვირთი აწვებოდა. ანა გრძნობდა, როგორ ერწყმოდა შიში, ბრაზი და სევდა ერთმანეთში. სოფელში ჩვეული დღეები მიდიოდა, მაგრამ ანას თვალებში ბრწყინვალება ნელ - ნელა ქრებოდა. მუხლამდე ჩაწოლილი იყო ბოსტანში, ხელებით ნელა ზელდა მიწას, ფრთხილად ასწორებდა აქეთ - იქით, თითქოს თითოეული მოძრაობა გულში ჩაბუდებულ ტკივილს ნელ - ნელა შლიდა. მზის სხივები ნაზად ეცემოდა ფოთლებს. სოფელი ჩუმად იყო, თითქოს იცნობდა და პატივს სცემდა ანას სევდას. შორიდან წყლის ჩხრიალი და ფრინველის სიმღერა ნაზად აღწევდა ეზოში. ანა ცოტათი გამოიწია, დაიხარა მიწისკენ, ხელები მიწაში ჩაეჩხირა, თითქოს ერთდროულად აკონტროლებდა მის ემოციებს და აძლევდა ძალას. მზის სხივები ოქროსფრად ირეკლებოდნენ, თითქოს ბუნებაც ცდილობდა მისი გულის შეხორცებას. ბოსტნის კიდედან, ფეხის ხმა მოესმა. ანამ თავი მაღლა წამოყო, მიწა დაყარა და ხელები შეიწმინდა. გულამოვარდნილმა ავთომ მაღლიდან დახედა. ხმაც კი უკანკალებდა შიშისგან. - ანა... სოფელში სვანები მოვიდნენ! მისი სიტყვები ჰაერში გამოეკიდნენ. ანას გული ერთ წამში აჩქარდა, სისხლი სხეულში მძაფრად დაიძრა. მზერა სწრაფად მიაპყრო შორეულ გზაზე, სადაც სვანთა ჩრდილები ნელ - ნელა გამოჩნდა. ქარი მოძრაობდა. ანამ იგრძნო რომ ბოსტანი, სოფლის დუმილი, მზის სითბო - ყველაფერი უცნაურად შეიცვალა. ახლა სიმშვიდეს დაემატა უხილავი მღელვარება, წინასწარ განსაზღვრული მოლოდინი, რომელიც მისი გულიდან ქვითინივით გამოდიოდა, თანაც შიშთან ერთად. ანა ნელ - ნელა წამოდგა და უკვე იგრძნო რომ სვანების მოსვლა სოფლში საერთოდ აურევდა ყველაფერს, მოიტანდა ტკივილს, რომელსაც ვერავინ გაექცეოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




