შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეპუტაციის თამაში 2


29-11-2025, 22:10
ავტორი Daisyd
ნანახია 582

_რას ჩაფიქრებულხარ?_ხუმრობანარევი სიფრთხილით ჰკითხა სანდრომ ბიძაშვილს, რომელიც ყურადღებას არ აქცევდა და ჯიბეებში ხელჩაწყობილი ფანჯრიდან აკვირდებოდა ნაადრევად მოსულ სტუმრებს._დედოფლის შეშინება გინდა?_უპასუხოდ დარჩენილმა ოდნავ მიახლოება გაბედა.
_რას გულისხმობ?_როგორც იქნა, შემობრუნდა და სარკეში თავის ანარეკლს კიდევ ერთხელ შეხედა - ნაცრისფერი პიჯაკი, იდეალურად მოვლილი თმა, შეუვალი გამომეტყველება - ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც მამაკაცი, რომელიც თავისი ცხოვრების სიყვარულზე ქორწინდება.
ისე გამოიყურებოდა, როგორც მატყუარა.
_ისეთი სახე გაქვს, თითქოს ომში მიდიოდე.
_იქნებ ასეც არის._მხრები აიჩეჩა.
_უკვე გაიმარჯვე, ძმაო._ხელი მსუბუქად დაარტყა._ამირანის ადგილას თავს მოვიკლავდი, ვერც კომპანია წაგართვა და ბონუსად შვილიც აწაპნე.
_ჰო, გავიმარჯვე._ამოიხვნეშა და ჰალსტუხი მემილიონედ შეისწორა.
_რა ჯანდაბა გჭირს?
_უბრალოდ, ნერვები.
_როდის მერე გაქვს ნერვები? წარბსაც არ იხრი, ბიზნესში დაბერებულ ხალხთან მოლაპარაკებებს ისე აწარმოებ... _დასრულებისთანავე მიხვდა ნათქვამის აბსურდულობას_მაგრამ ბიზნესი რა მოსატანია, როცა ასეთი შეყვარებული ხარ.
„როცა აღმოვაჩინე, რომ ისიც ასეთი შეყვარებული არაა“_გონებაში შეუსწორა სანდროს, რომელიც იცნობდა მათი ურთიერთობის ყველა ეტაპს, ნიშნობა საკუთარი ბედნიერებასავით აღნიშნა და დღემდე ეგონა, რომ სასიყვარულო ისტორიის მოწმე იყო.
_ჰო._თქვა ბოლოს._იმიტომ, რომ შეყვარებული ვარ.
_მაგრამ არ მჯერა, რომ ჩემზე ადრე ქორწინდები._შამპანური ჩამოასხა და მასაც მიაწოდა._უნდა დავაჩქარო ნატალია.
_გეგონება, ჩემი გაზრდილი არ იყო._როგორც იქნა, გაიცინა და ხუმრობით ხელი ჰკრა.
_გეგონება, ოდესმე სერიოზულ ურთიერთობაში ყოფილხარ. მიკვირს, სგგდ-ს როგორ გადაურჩი 34 წლამდე._ვალში არ დარჩა უმცროსი მელიქიშვილი.
_სანდრო კი არ ვარ, თავის დაცვა არ ვიცოდე._დაუფიქრებლად თქვა და უცებ გაჩუმდა._შეგიძლია, გამარტყა.
_ასეთ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი, მაგრამ დღეს ეპატიებათ შენს ნერვებს...თუმცა ნატალისთან მაინც ნუ იხუმრებ, თორემ ვერ გადაურჩები_გამაფრთხილებლად გაუღიმა._წავალ, ვნახავ...ღმერთო, დავბრმავდი, რა სილამაზეა._დაიყვირა კარიდან გასვლისთანავე და ისევ ოთახში შემოიხედა._მიშო, სიძე კი ხარ, მაგრამ მაინც ფხიზლად იყავი, და არ მოგვტაცონ.
_სულელო!_შორიდან გაიგონა ნინიას და მისი ფეხსაცმლის ქუსლების ხმა, რომელიც თანდათან უახლოვდებოდა._შეიძლება?
_შედი, მაგრამ ცოტა ნერვებზეა და ფრთხილად.
_რა ანერვიულებს? მთელი თბილისის ქრაში ჩაიგდო ხელში. მზად ხარ? _შემოსვლისთანავე ინტერესით შეათვალიერა უფროსი ძმა, სანამ გადაეხვეოდა._ჰო, შენც არა გიშავს, რა.
_შენც უნდა მანერვიულო?_გოგონა ულამაზესი იყო ბორდოსფერ კაბაში.
_როდის მოასწრო ასე გაზრდა?_სანდრომ ისე ჰკითხა, თითქოს ნინია იქ არ იყო._მართლა არ გაგვიფრინდეს.
_ღმერთო, მაგაზე ფიქრიც არავინ არ უნდა გაბედოს._ისეთი სახე მიიღო, გეგონებოდათ, საწამლავი დაალევინეს.
_ხომ არ გავიწყდება, რომ შენი საცოლე...რაღა საცოლე, ჩემი ტოლია?_დოინჯი შემოირტყა._მე თუ ბავშვი ვარ, რა გამოდიხარ?
_გაეცი პასუხი, მიხეილ!_სანდრო სიცილს ძლივს იკავებდა, მაგრამ ბიძაშვილის სახის დანახვაზე უცებ დასერიოზულდა._ჯობია, გავასწროთ.
_უკვე წასული მეგონე._კბილებში გამოსცრა.
_როლები გაცვალეთ?_ნინიამ მხრები აიჩეჩა და სანდროს დაეყრდნო, უკვე ფეხები ტკიოდა._წამოდი, არ მეგონა, სიყვარული ასე თუ დაასერიოზულებდა. იმედია, ელენეც არ შეიცვლება...ჰო მართლა, გირჩევ, კაპლი მოამზადო, სიზმრიდან გადმოსულს ჰგავს, ისეთი ლამაზია._უთხრა გასვლამდე და კარი გაიხურა...
ისევ მარტო დარჩა თავის ანარეკლთან და ფიქრებთან ერთად.
გული ეწურებოდა იმის წარმოდგენაზე, ახლა გოგონა რას გრძნობდა - ნერვიულობდა, გაქცევა უნდოდა თუ როლს წარმატებით ართმევდა თავს?
სამი კვირის წინ რომ გეკითხათ, ტრადიციას დაარღვევდა და ცერემონიამდე ნახავდა, რათა ყოველი წამი ერთად გაეტარებინათ. ახლა კი მისი გახსენებაც კი აშინებდა...

სასტუმროს ბაღი ზღაპრულად მოერთოთ - თეთრი ვარდები და პიონები თაღებიდან და სვეტებიდან ეშვებოდა, მათი სურნელი იასამნის სუნთან ერთად ადრეული შემოდგომის ნაზ ჰაერში იფანტებოდა, მზის შუქი კი სარკეებით გაფორმებულ გარემოს თბილ ბრწყინვალებას სძენდა. თეთრი სკამები იდეალურად დალაგებულიყო რიგებად, ხოლო წინ, ყვავილებით დაფარულ თაღთან, ცერემონიის წამყვანი ელოდა.
ყველაფერი უნაკლო იყო. ზუსტად ისე, როგორც ელენემ დაგეგმა.
მელიქიშვილი თაღთან დადგა და ხელები ზურგს უკან გადაიჯვარედინა, რათა ნერვიულობა დაემალა. სტუმრებსა და მეჯვარეებს უკვე დაეკავებინათ ადგილები და უხმო ღიმილით ამხნევებდნენ ნეფეს, რომელსაც პატარძლის მოლოდინში სული ეყინებოდა.
ეგონა, საუკუნე გავიდა, სანამ ტრადიციული მარში არ გაისმა და ყველა არ წამოდგა.
შემდეგ ისიც გამოჩნდა.
ღმერთო.
ის იყო...სიტყვები არ ჰყოფნიდა.
სპილოსძვლისფერი აბრეშუმის კაბა, რომელიც თითქოს წყალივით მიედინებოდა, იდეალურად ერგებოდა მის სხეულს და ბოლოს ელეგანტურ ხაზებად ეშვებოდა იატაკზე. წითელი ხვეულები ნახევრად აეწია და მათში ნაზი ყვავილები თითქმის შეუმჩნევლად ჩაემაგრებინა, მაკიაჟი კი მის მწვანე თვალებს კიდევ უფრო გამოკვეთდა... არაამქვეყნიურად გამოიყურებოდა, თითქოს რენესანსის ფერწერიდან იყო გადმოსული.
მათი თვალები ბილიკის კიდეებიდან შეხვდა ერთმანეთს და იმ წამს მათში ყველაფერი დაინახა - შიში, იმედი, სასოწარკვეთილი სურვილი, როგორღაც დაბრუნებულიყვნენ იმ ბედნიერებაში, რომელსაც ოდესღაც იზიარებდნენ.
წამით - მხოლოდ წამით - მიშოს სიმტკიცე შეირყა.
ის ისეთი გამხდარი ჩანდა, ისეთი მსხვრევადი, რომ ლამის სურვილმა სძლია, ჩახუტებოდა, დაეცვა, ეთქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
მაგრამ მაშინვე გახედა ცხადაძეს, მესამე რიგში რომ მჯდარიყო, მისი სიტყვები გონებაში მემილიონედ დატრიალდა და ბრაზი დაბრუნდა.
ელენემ არჩევანი თავად გააკეთა, როცა მდედოფლობას მამამისის პაიკად ყოფნა ამჯობინა და ახლა შედეგებთან ერთად უნდა ეცხოვრა.
ამირანი გვერდით მიყვებოდა, ამაყი, კმაყოფილი ღიმილით.
_იზრუნე ჩემს ქალიშვილზე._გამაფრთხილებელი ხუმრობით უთხრა და მისი ხელი ცერემონიულად გადასცა.
_აუცილებლად._მელიქიშვილს ყელში მოუჭირა._„ოღონდ ისე არა, როგორც თქვენ გგონიათ“-დაამატა გონებაში.
მამაკაცმა თავი დაუქნია და თავისი ადგილი დაიკავა ცოლსა და ვაჟს შორის.
ელენეს ხელი მიშოსაში თრთოდა, თვალები კი სასოწარკვეთლი ცდილობდნენ მის სახეზე ის ადამიანი ეპოვათ, რომელიც ოდესღაც ისე უყურებდა, თითქოს მთელი მისი სამყარო ყოფილიყო.
_მიშო,_ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა._გთხოვ...
_გაიღიმე,_უპასუხა ნაზად, ისე, რომ გარშემო მყოფებს ეს სიყვარულის ჟესტად მოეჩვენებოდათ._ ყველა გვიყურებს.
დაინახა, როგორ ჩაქრა მის თვალებში იმედის ბოლო ნაპერწკალი, სანამ ტკივილიან მზერას მოჩვენებით ღიმილით ჩაანაცვლებდა.
_დღეს, ამ მშვენიერ ადგილას ყველანი შევიკრიბეთ, რათა...
წამყვანის ტექსტი ორივეს შორიდან ესმოდა. აქამდე მრავალჯერ მოესმინათ და, ალბათ, წარმოედგინათ კიდეც, ერთ დღეს რა ბედნიერები იქნებოდნენ ამ სიტყვების გაგონებით. ახლა კი ისინი ცარიელად ჟღერდა - სცენარად, რომელსაც ასრულებდნენ აუდიტორიის წინაშე, რომელმაც არ იცოდა, რომ სასიყვარულო ისტორიად შენიღბულ ტრაგედიას უყურებდა.
ფიცის დადების ტრადიციული ნაწილი დაიწყო. ერთმანეთს დაპირდნენ, რომ სიცოცხლის ბოლომდე ეყვარებოდათ, პატივს სცემდნენ და გაუფრთხილდებოდნენ.
სიტყვები, რომლებიც ნიშნავდა არაფერს...ყველაფერს.
როცა ბეჭდების გაცვლის დრო დადგა, მიშოს ხელი უცნაურად მშვიდი ჰქონდა, ელენემ კი, აკანკალებული თითებით, მხოლოდ რამდენიმე ცდის შემდეგ შეძლო მისთვის საგულდაგულოდ შერჩეული ბეჭდის მორგება.
_მაშ, საქართველოს კანონმდელობის მიერ მონიჭებული უფლებით, ცოლ-ქმრად გაცხადებთ._გულწრფელი სითბოთ გაუღიმათ ცერემონიის წამყვანმა._შეგიძლიათ, აკოცოთ პატარძალს._დადგა მომენტი, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა მათი ახალი ცხოვრების დასაწყისი, ცხოვრების, რომელშიც პარტნიორები იქნებოდნენ არა სიყვარულში, არამედ - ერთმანეთის განადგურებაში.
მიშომ გოგონას სახე ხელებში მოიქცია და ცერებით დაუფიქრებლად შეუმშრალა ცრემლები, რომელთა დასამალადაც მთელ ძალისხმევას ხარჯავდა.
_ელენიკო!_დაიჩურჩულა და მთელი გრძნობითა და ვნებით შეეხო მონატრებულ ტუჩებს. ისიც აჰყვა, იმავე სასოწარკვეთითა და სიძლიერით, ყველა იმედი და სიყვარული ამ კოცნაში ჩააქსოვა - თითქოს ერთი სწორი ქმედება ყველაფერს გადაფარავდა.
ბაღი აპლოდისმენტებითა და შეძახილებით აფეთქდა. ფოტოგრაფებმა ყველა კუთხიდან დააფიქსირეს მათი „სრულყოფილი მომენტი“.
როცა ერთმანეთს მოშორდნენ, მიშომ მეუღლეს თვალებში ჩახედა და დაინახა წამი, როცა ეს უკანასკნელი მიხვდა, რომ არაფერი შეცვლილა, რომ ეს კოცნა, რამდენადაც ლამაზი არ უნდა ყოფილიყო, მხოლოდ კიდევ ერთი სცენა იყო დიდ წარმოდგენაში, რომელიც ერთად უნდა გაეთამაშათ.
როლებს მთელი დღის განმავლობაში იდეალურად ასრულებდნენ. ესალმებოდნენ ნათესავებს, ოჯახის მეგობრებს, ბიზნესპარტნიორებს, თავაზიანი ღიმილით იღებდნენ მილოცვებს და დაუსრულებლად პოზიორობდნენ. ამ დროის განმავლობაში ერთმანეთთან მხოლოდ აუცილებლობის გამო კონტაქტობდნენ.
“_ეს გიორგი მახარაძეა, ხომ გახსოვს...
_რა თქმა უნდა, სასიამოვნოა თქვენი ნახვა, ბატონო მინისტრო.
_გაუღიმე კამერას.
_ახლავე.
_შამპანურს ხომ არ დალევ?
_საწამლავი მირჩევნია.”
ისე მოძრაობდნენ, თითქოს ქორეოგრაფი ჰყავდათ - თითოეულმა ზუსტად იცოდა თავისი ნაბიჯი და რიტმს არც ერთი ცდებოდა.
პირველი ცეკვის დროც დადგა - მოედანი მათ ირგვლივ დაცარიელდა, როგორც კი ვალსის ხმა გაისმა.
ბენდი “At Last”-ს უკრავდა - ელენეს აერჩია, მაშინ, როცა ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ მომავალი ექნებოდათ. მიშოს არ გამოპარვია ამ ამბის ირონიულობა.
_კანკალებ._ჩუმად უთხრა და ხელი კიდევ უფრო ძლიერად მოუჭირა, თითქოს ეშინოდა, გოგონა სამასი სტუმრის წინაშე იატაკზე არ დავარდნილიყო.
_მცივა._ზუსტად იცოდა, რომ ამას ტემპერატურასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.
_აქამდე უკეთ იტყუებოდი.
_შენთან აღარ მჭირდება._სრულყოფილი ღიმილით დატრიალდა მის მკლავებში.
_მართალია, უკვე ყველა ჯილდო მოიგე.
_შენც სწავლობ, მართლა ბედნიერად გამოიყურები.
_კარგი მასწავლებელი მყავს, მან მირჩია, რომ ცეკვის დროს გველაპარაკა...ცხადაძეს რა ჯანდაბა სჭირს სახეზე?
_არ მოგწონს? ჩემი აზრით, უხდება ნაიარევი. უფრო მეტად მამაკაცურს ხდის, ჭორაობისგან განსხვავებით._წამწამები უცოდველი ღიმილით ააფახულა.
_შენ..._მამაკაცს თვალები გაუფართოვდა.
_ჩემი ბრალი არაა, არ მეგონა, ბრილიანტი ასეთი ბასრი თუ იყო.
_ღმერთო, ვისზე დავქორწინდი.
_ჯერ კიდევ ვერ გაიგე?.. ღმერთო, რა მოუქნელი ხარ._ყველას დასანახად გაიცინა, როცა ნაბიჯი კიდევ ერთხელ აერია.
_გირჩევნია, ისევ დარჩიასთან იცეკვო?
_ველოდი, როდის მიხსენებდი._იგრძნო, რომ ხელი კიდევ უფრო ძლიერად მოუჭირეს და ჩუმად ჩაახველა.
_საერთოდ სად გაიცანი?_მიშომ თითები მოადუნა, როგორც კი მიხვდა, რომ ტკენდა.
_საერთო ნაცნობი გვყავს. დამშვიდდი, მის გემოვნებაში არ ვჯდები, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ.
_რატომ, გეია?_მის მხარზე გადაწოლილს კისერში სწრაფად აკოცა და მისი სხეულის რეაქციაზე ჩაეცინა.
_სცენარს ნუ ცდები, რა შენი საქმეა!_ჩაისისინა, როგორც კი მისკენ შებრუნდა.
_ზოგჯერ იმპროვიზაცია საჭიროა, უნდა შეეჩვიო.
_მეგონა უკვე შევთანხმდით, რომ არ შემეხები.
_მეგონა უკვე შევთანხმდით, რომ ეს აღარაფერს ნიშნავს.
_აღარაფერს? შენ ხომ გადაწყვიტე, რომ აქამდეც არაფერს ნიშნავდა?_ნიშნისმოგებით ჰკითხა და სიმღერის დასრულებამდე მოშორდა, ისე, რომ მისი სახიდან ყალბი ღიმილი წამით არ გამქრალა.
მიშომაც მშვიდად დაუკრა თავი სტუმრებს, რომლებიც ოვაციებით ამხნევებდნენ „იდეალურ წყვილს“ და კიდევ ერთი ჭიქა გადაკრა ყველასგან შეუმჩნევლად, სანამ ტერასაზე გაუჩინარდებოდა.
_რა ჯანდაბა ხდება, მელიქიშვილო?_ცივი ჰაერის ჩასუნთქვაც ვერ მოასწრო, ნიკოლოზმა კარი რომ გამოაღო.
_რა მომართვაა, უკვე, ფაქტობრივად, ოჯახის წევრები ვართ._სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო და ცოლისძმას მხარზე ხელი „მეგობრულად“ დაარტყა.
_ამიხსენი, რატომ გამოიყურება ელენე ისე, თითქოს დაკრძალვაზეა და რატ...
_გაჩუმდი!_ტონი მყისვე გაუმკაცრდა, მოჩვენებითი თავაზიანობა სანაგვეზე მოისროლა._უფლება არ გაქვს, ასე მელაპარაკო.
_ჩემს დაზე გელაპარაკები!
_აქამდე მოქცეულიყავი ისე, როგორც ძმას შეეფერება.
_ამით რისი თქმა გინდა?_თვალები დააწვრილა.
_იმას, რომ მამაშენს უფლება მიეცი, პაიკივით გამოეყენებინა. უყურებდი, როგორ ჯაშუშობდა მისთვის და...
_საერთოდ რაზე ლაპარაკობ?
მიშო წამით დააკვირდა იმ ნამდვილ დაბნეულობასა და აღშფოთებას, რომელიც მამაკაცის სახეზე გამოისახა და მიხვდა, რომ მართლა წარმოდგენა არ ჰქონდა. ირონია ლამის ნამდვილი სიცილით შეცვალა.
_არ იცოდი, არა? არაფრის აზრზე არ ხარ, როგორც ყოველთვის. ამირანი კი მაინც იმას ფიქრობს, რომ ბიზნესი ვაჟს უნდა დაუტოვოს, ქალიშვილს კი მაქსიმუმ მტრების გასანეიტრალებლად გამოიყენებს. მაგრამ ელენე შენგან განსხვავებით არაჩვეულებრივად ასრულებს მოთხოვნას, მეც კი მომაჯადოვა.
ნიკოლოზს ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს მუშტი ჩაარტყეს.
_ტყუილია.
_თავად ჰკითხე.
_ელენე ასეთი არ არის.
_ზუსტად ისეთია, როგორიც მამაშენმა გაზარდა - ლამაზი, იდეალური...
_არ გაბედო დასრულება!_კბილებში გამოსცრა.
_შეგიძლია თვითონ დაარქვა სახელი._ირონიულ ღიმილს არ წყვეტდა.
_ჰეი, თქვენ ორნი!_უფროსი ბერიძე დის დაბალმა, მკაცრმა ხმამ შეაჩერა, სანამ მელიქიშვილს ყელში წვდებოდა._ზედმეტ ყურადღებას ხომ არ იქცევთ?_სწრაფად გადაკეტა კარი და მიშოს ხელი ჩასჭიდა, რათა შუშებიდან მომზირალი ათობით თვალისთვის ეჭვები გაექარწ....ბინა.
_ელენე, მითხარი, რომ ის სიგიჟე, რაც ახლა მოვისმინე ტყუილია და ეს ქორწილი ამირანის გეგმა არ იყო.
_ტყუილია._ღრმად ამოისუნთქა და ისე უპასუხა, რომ მიშოსთვის თვალი არ მოუშორებია._ყველაფერი მე დავგეგმე._მთელი ტანით იგრძნო, როგორ გაათმაგდა მამაკაცის გულისცემის სიხშირე.
_რა თქვი?
_ასეა, მე თვითონ შევთავაზე._მთელი ძალით ცდილობდა ცრემლების შეკავებას. ეგონა, მალე გული წაუვიდოდა, მაგრამ გადაწყვიტა, შედეგების მიუხედავად, საბოლოოდ გათავისუფლებულიყო ამ ტვირთისგან.
_ელენე, რას ბოდავ..._ნიკოლოზის ხმაში სიბრაზეს სასოწარკვეთა ანაცვლებდა.
_მინდოდა, მისთვის დამემტკიცებინა, რომ ნდობას ვიმსახურებდი და შემეძლო, წარმატებულად მემართა ბიზნესი, რომ ყველა საჭირო უნარი მქონდა და მხოლოდ იმისთვის არ უნდა ჩავეთვალე გასანებივრებელ ობიექტად, რომ მამაკაცად არ დავიბადე.
_და ამისთვის ის გამოიყენე, რაც მამაკაცებისგან გამოგარჩევს?_როგორც იქნა, მელიქიშვილმაც შეძლო ხმის ამოღება. ირონიის ნიღაბში იმალებოდა, რომ არ აფეთქებულიყო.
_ვიცი, არ დამიჯერებ, მაგრამ მხოლოდ შენთან მუშაობა მინდოდა. არაფერი დამიგეგმავს, რაც შემდეგ...
_გაჩუმდი!_ცივად გაუშვა ხელები._არაფრის მოსმენა არ მინდა.
_რა ჯანდაბა გააკეთე, ელენე?_უფროს ბერიძეს სახეზე ხელები აეფარებინა.
_ყველაფერი იცი, ახლა მაინც გამიშვებ?_ძმის სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
მიშო რამდენიმე წამის განმავლობაში დაჟინებით აკვირდებოდა, თითქოს მის თვალებში სასურველ პასუხს ეძებდა, მაგრამ გოგონას ცრემლიც კი დაშრობოდა და ახლა მხოლოდ ემოციისგან ცარიელი ზურმუხტის თვლები უმზერდნენ.
_ჩემგან ვერასოდეს გათავისუფლდები!_ეს სიტყვების აღთქმასაც ჰგავდა და სასჯელსაც._მოგიწევს ყოველდღე უყურო ცხოვრებას, რომელიც შეგეძლო გვქონოდა.
წამით ნიღაბი ჩამოემსხვრა და მამაკაცმა მის სახეზე დაინახა ნამდვილი ემოცია — შიში, სასოწარკვეთა, და ის რაღაც, რაც შეიძლება სიყვარულიც ყოფილიყო, ამხელა ტკივილს რომ არ გადაეფარა. მაგრამ მაშინვე გაიღიმა, წელში გაიმართა და კვლავ იქცა იდეალურ პატარძლად თავის იდეალურ ქორწილში.
_თუ ასეა, შევიდეთ, სტუმრები გველოდებიან._მშვიდი ღიმილით უთხრა.
_ელენე..._ნიკოლოზი კვლავ გაყინული იდგა, როცა მიშომ დარბაზის კარი შეაღო.
_მაპატიე._სწრაფად მოეხვია და არამკითხე მაყურებლებს გულიც აუჩუყა._ეს არ უნდა მოგესმინა.
_გადაიფიქრე ეს სიგიჟე, სანამ დროა.
_არ შემიძლია._ძმის მკლავებში გახვეულმა ნამდვილი შვება იგრძნო.
_ორივეს მოვკლავ, თუ საჭიროა.
_ნუ ნერვიულობ!_ხმამაღლა გაეცინა, მსგავსი მზრუნველობა ბიჭისგან ჯერ არ ეგრძნო. უფრო სწორად, არასოდეს უგრძვნია, რომ სჭირდებოდა._ხომ იცი, ვერავინ მაიძულებს იმის გაკეთებას, რაც არ მინდა.
_თვალს არ მოვაშორებ._საფეთქელზე კოცნიდა, და გრძნობდა, როგორ ურეგულირდებოდა პულსი.
_ვიცი...შევიდეთ ჰო? შემცივდა.
წვეულების ბოლო საათი ქაოტურ წარმოდგენად გადაიქცა. თავის მოჩვენებისგან ორივე ზედმეტად იყო გადაღლილი. ტორტი ერთად გაჭრეს - მიშოს ხელი ძლივს შესამჩნევად ეხებოდა გოგონასას და ლუკმას, რომელიც ყველაზე ტკბილი უნდა ყოფილიყო, საწამლავის გემო ჰქონდა.
თაიგულის სროლის დროც დადგა - ნინიას ხელებში ჩავარდნილმა წამში გადაინაცვლა ნატალიასთან, როგორც კი უმცროსმა მელიქიშვილმა ძმების აღშფოთებული სახე და ელენეს ფარული თვალის ჩაკვრა შეამჩნია.
_თქვენ უფრო გჭირდებათ._ღიმილით გადაულოცა ანდრონიკაშვილს, რომელიც კმაყოფილ სანდროს „ცალკე მოგივლი“ მზერით უყურებდა.
ერთმანეთისთვის ხმა ერთხელაც აღარ გაუციათ - არც მანქანაში, არც ლიფტში, არც მაშინ, როცა, როგორც იქნა, კარი გადაიკეტა და მარტო აღმოჩნდნენ ახალ სახლში - რომელსაც თვეების განმავლობაში ერთად აწყობდნენ.
ელენემ სწრაფად გაიარა მისაღები ოთახი და სანამ მამაკაცი რამის თქმას მოასწრებდა, აბაზანაში შეიკეტა. მარმარილოს ნიჟარაზე დაყრდნობილი საკუთარ გამოსახულებას დააკვირდა - თმა ოდნავ აბურდვოდა, მაკიაჟი კი იდეალურად ჰქონდა შენარჩუნებული. უნაკლოდ გამოიყურებოდა, მაგრამ საკუთარ თავს არ ჰგავდა.
ლამის მთელი ბოთლი მიცელარული წყალი გამოიყენა, დღის კვალი სახიდან რომ წაეშალა, მერე კი ხელები ზურგისკენ წაიღო. ახლა მხოლოდ კაბა უნდა მოეშორებინა, რაიმე კომფორტული ჩაეცვა, მერე კი როგორმე ეს ღამე გადაეტანა, შემდეგ - მომდევნო ღამე და კიდევ ერთი, სანამ ახალ ყოველდღიურობას მიეჩვეოდა.
თუმცა ღილი არ ემორჩილებოდა. სცადა, კუთხე შეეცვალა, მაგრამ მარგალიტი მის თითებში სრიალებდა. კაბა უამრავი ასეთი მარგალიტით იკვრებოდა - როცა შეარჩია, რომანტიულად ეჩვენებოდა, ახლა კი სულს უხუთავდა.
_მიდი, რა._მუდარით ჩაიჩურჩულა და ბოლო ღილზე გადაინაცვლა, კვლავ წარუმატებლად. თითები უკვე კანკალებდნენ - დაღლილობისგან, სტრესისგან, სამი კვირის განმავლობაში ძლივს შეკავებული სიმშვიდისგან და ეს ბოლო წვეთი იყო._შენი დე*აც._კონტროლი დაერღვა და მთელი ძალით ჩააფრინდა, არ აინტერესებდა, თუ დააზიანებდა, უბრალოდ უნდა გათავისუფლებულიყო ამ კაბის, ამ ქორწინების, ამ სააბაზანოს ტყვეობიდან, სადაც თავისი ანარეკლიც კი ისე უყურებდა, თითქოს დასცინოდა.
_ჯანდაბა, ჯანდაბა!_ჯაკუზის კიდეზე ჩამოჯდა და დანებებულმა პირზე ხელები აიფარა, რათა ტირილის ხმა ჩაეხშო, ხმა რომელიც არაფრად ჰგავდა იმ ელენესას, სიმშვიდეს რომ თამაშობდა მთელი დღის განმავლობაში. სამი კვირის სიჩუმე ერთ წამში დაიმსხვრა.
კარზე კაკუნმა გააჩერა, მაგრამ სლუკუნი არ შეუწყვეტია, ამოსუნთქვა აღარ შეეძლო.
_ელენე!_ფრთხილი ხმა გაისმა.
_წადი._უნდოდა ეყვირა, მაგრამ ძალა არ აღმოაჩნდა.
_გამიღე.
_უბრალოდ წადი, გთხოვ.
_ნუ ბავშვობ!_მამაკაცის ტონი უკვე მკაცრი ჩანდა._უბრალოდ დავრწმუნდები, რომ...
_რომ კარგად ვარ?_ამჯერად სცადა გაეცინა, მაგრამ კვლავ ტირილი აუტყდა._თავს არ მოვიკლავ, ნუ გეშინია, რეპუტაცია არ შეგელახება.
_ძლივს დავასრულეთ რემონტი, ნუ მაიძულებ, შემოვამტვრიო. ნატალის ვერ შემოვირიგებ.
_გთხოვ._ჩურჩულით თქვა, მაგრამ არ იყო დარწმუნებული, წასვლას სთხოვდა თუ დარჩენას.
_დაგელოდები, როცა მზად იქნები, გამიღე._მიშო კარს ზურგით მიეყრდნო და იქვე ჩამოჯდა._მგონი მორიგეობის დაწესება მოგვიწევს, აბაზანაში ამდენ ხანს თუ ატარებ ხოლმე. აქამდე არ შემიმჩნევია.
ფეხები უკანკალებდა, მაგრამ მაინც წამოდგა, სახეზე ცივი წყალი შეისხა და კიდევ ერთხელ სცადა თავის ხელში აყვანა. თვალები ჩაწითლებული და შეშუპებული ჰქონდა - ახლა მატყუარას აღარ ჰგავდა, ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორადაც თავს გრძნობდა. სახელური დაუფიქრებლად გადაატრიალა და მამაკაცს სწრაფად ჩაუარა.
_ჩემი წვალება გინდოდა თუ ეს რატომ შეიკერე?_კვლავ ხუმრობით სცადა სიტუაციის განმუხტვა და საწოლზე ჩამომჯდარს ზურგიდან ფრთხილად მიუახლოვდა. მისი ამ მდგომარეობაში ხილვა ლამის ფიზიკურ ტკივილს აყენებდა, ყველაფრის მიუხედავად.
_არ შემეხო._ხმა ძლივს ამოუშვა.
_უბრალოდ გეხმარები.
_რატომ? ხომ გძულვარ? ხომ მითხარი, რომ არასოდეს მაპატიებ? ჰოდა, შორიდან გძულდე.
_ასე გირჩევნია?
_კი._ძლივს გასაგონად თქვა._სულ მცირე, გულწრფელი მაინც იქნებოდა.
_მართლა გინდა, ახლა გულწრფელობაზე ვილაპარაკოთ?_გაეცინა და პასუხის გაცემა არ დააცადა._საკუთარი თავი მძულს.
ელენე გაჩერდა, სუნთქვაც კი შეწყვიტა. მამაკაცის თითები ფრთხილად შეუდგნენ ღილების გახსნას.
_მძულს, რომ მიყვარხარ._განაგრძო დახშული ტონით._მძულს, რომ ყველაფრის მიუხედავად, შენს ცრემლებს ვერ ვუძლებ.
მორიგი ღილი გახსნა, შემდეგ კიდევ ერთი, ისე, რომ მის კანს არც კი შეხებია. მისი მოძრაობა ზუსტი იყო, თითქმის მექანიკური, ყოველგვარი ემოციის გარეშე.
_არა ელენიკო, შენ არ მძულხარ. მძულს, რომ არ მძულხარ.
ისევ ცრემლები მოდიოდა, ამჯერად უხმოდ. პასუხი აღარ ჰქონდა, ეს აღიარება უფრო მტკივნეული იყო, ვიდრე მისი ბრაზი.
როცა ბოლო ღილიც გახსნა, კაბა მჭიდროდ დაიჭირა მკერდთან, თითქოს უკანასკნელი ფარი იყო. მიშო მაშინვე გაუჩინარდა სტუმრების ოთახში, სივრცე დაუტოვა.
აბაზანიდან კარგა ხანს ისმოდა წვიმის ხმაში შერეული წყლის შხაპუნი. წარმოედგინა, როგორ იშლებოდა იქ ელენე ნაწილებად. ჯერ კიდევ გრძნობდა თითებზე მის კანკალს.
ფიქრობდა, რომ ქორწინება ძალას მისცემდა, კონტროლს, თითქოს ანგარიშს გაასწორებდა.
მაგრამ ახლა მხოლოდ სიცარიელე დარჩა. ორივენი გაჭედილები იყვნენ — ამ ქორწინებაში, ამ ბინაში, სიყვარულსა და სიძულვილს შორის არსებულ ამ საზარელ სივრცეში და როცა ოცდაათი წუთის შემდეგ წყლის ხმა შეწყდა, გააცნობიერა, რომ ერთადერთი ადამიანი, რომლის დასჯაც იმ ღამეს მოახერხა, თავად იყო.


***
18 თვით ადრე
***

ზარების ხმა უკვე წირვის დასრულებას მოასწავებდა, როცა მიშოს მანქანა საგურამოს წმინდა გიორგის ტაძართან გაჩერდა. ზუსტ დროს მივიდა თავის დასთან ერთად - არც ისე ადრე, რომ ზედმეტად მონდომებული გამოჩენილიყო და არც იმდენად გვიან, რომ უპატივცემულობად ჩაეთვალათ.
პარკინგი სავსე იყო ძვირადღირებული ავტომობილებით - მათ წრეში ხომ ქორწილი სიყვარულზე მეტად სიმდიდრის დემონსტრაციის საშუალება იყო და ლევან ცხადაძის ქორწილი გამონაკლისს ნამდვილად არ წარმოადგენდა.
_როგორც იქნა,_გადმოსვლისთანავე გაიგონეს სანდროს ხმა. ბიჭი, ნატალისთან ერთად, უკვე გზის მეორე მხარეს იდგა._გვეგონა გზა აგებნათ.
_სალონში რიგი აურიეს, როგორც ყოველთვის._ნინიამ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა გოგონას გადაეხვია._შენ უფრო ლამაზდები, ხო? გაგიტკბა დასვენება.
_ვისზე ამბობს!_ანდრონიკაშვილს გაეცინა._ფრთხილად იყავი, ჩხუბი არ ატეხონ.
_ჩხუბი არ გვჭირდება, მშვენიერო, ყველა ისედაც ხვდება თავის ადგილს._მიშოც გაემართა გადასაკოცნად, მაგრამ გოგონამ თავი მიატრიალა.
_ფრთხილად, ჯერ კიდევ გაბრაზებულია._სანდროს ეტყობოდა, რომ სიცილის შეკავებას ცდილობდა.
_ჯერ კიდევ?_ნატალიმ ახლა მას გადახედა გაცეცხლებული სახით._გული რომ არ მერევა, მიკვირს.
_კარგი რა, რამდენჯერ მოგიხადე ბოდიში._კვლავ უშედეგოდ სცადა შეხებოდა.
_რა ხდება?_უმცროსი მელიქიშვილი ხან ერთს უყურებდა გაოცებული და ხან მეორეს.
_არაფერი, ამიერიდან ეცოდინება შენს ძმას, ვის რა დროს უნდა ელაპარაკოს...უფრო სწორად, არ ელაპარაკოს.
_შენზე ვნერვიულობდი, იქნებ რა გჭირდა.
_უარესი რა დამემართებოდა?_თვალები აატრიალა._სანდრო, სიცილს თუ არ შეწყვეტ, შემომაკვდები. მართლა ავადმყოფები ხართ მთელი ოჯახი - შენს თავზე არ მიიღო_ნინიას გახედა.
_დიდი მადლობა. საერთოდ რაზე ლაპარაკობთ?_ამ უკანასკნელსაც ამოეწურა მოთმინების ფიალა.
_უფროსების საქმეზე._მიშომ ცივად მოუჭრა._შევიდეთ?
სანამ პასუხს გასცემდა, სანდრომ მზერა მათ უკან გადაიტანა და ირონიულად ჩაეღიმა.
_ნიკოლოზ ბერიძეც გამოჩნდა, კვლავ ახალი მანქანით...და, როგორც ჩანს, ახალი სათამაშოთი.
_მშვენიერი გემოვნება ჰქონია. _ ნატალიმაც დაადასტურა.
მიშომ თავი ავტომატურად მიატრიალა - არა ინტერესის, არამედ უბრალო თავაზიანობის გამო. მართალია, ამირან ბერიძე დაარსების დღიდან დაუფარავად ცდილობდა მისი კომპანიის შესყიდვას, მაგრამ მის შვილთან, რომელიც მასზე რამდენიმე წლით უმცროსი იყო, ცივილური ურთიერთობა ჰქონდა.
ავტომობილი მართლაც შთამბეჭდავი იყო, მაგრამ მამაკაცს სუნთქვა მის გვერდით მდგომის დანახვამ შეუკრა. ყბადაჭიმულმა თვალი რამდენჯერმე დაახამხამა, მაგრამ გამოსახულება უცვლელი რჩებოდა - ცეცხლისფერი ხვეულები, რომლებიც მზის შუქს ირეკლავდნენ და მისი თვალებისფერი აბრეშუმის კაბა, იდეალურად რომ ეკვროდა ტანს, რომლის ყველა მილიმეტრიც ორი ღამის წინ შეისწავლა.
_ელენე._ვერც გაიაზრა, ისე დაიჩურჩულა.
_ღმერთო, მართლა ელენე იქნება. შენ საიდან იცნობ?_ნინიამ წამოიყვირა და კიდევ კარგი, პასუხს არ დალოდებია._ჩემს პარალელში სწავლობდა.
_ბერიძის და? დაწმუნებული ხარ?_სანდრო ჩაერთო._იმდენი წელია, აქეთ არ ყოფილა.
_გეგონება, ბევრი გყავდეს ნანახი მსგავსი გარეგნობის._გოგონას გაეცინა._ნუ, თუ ნიკოლოზს ძალიან უცნაური ფეტიში არ აქვს და თავისი დის ორეული არ შეარჩია.
_ნინია!_მიშომ მკაცრად გადახედა, მაგრამ საკუთარ თავთან აღიარა, რომ შვება იგრძნო, ელენე ბიჭის შეყვარებული რომ არ აღმოჩნდა.
შვება? უცებ გაიაზრა, რომ ამირან ბერიძის ქალიშვილზე საუბრობდნენ.
_კი, ნამდვილად გამორჩეული გარეგნობა ჰქონდა...რა?_სანდრო ბიძაშვილს დაეთანხმა, მაგრამ ნატალის აწეულ წარბზე უცებ დაიწყო თავის მართლება._ღმერთო, ბავშვი იყო, ჩვენ რომ ვსწავლობდით, მაგ კუთხით არ მითქვამს. ჩვენთვის სულ ნინია იყო საზომი ერთეული და მასზე პატარებს არასოდეს გავხედავდით. არა, მიშო?_ხელი კრა უფროს მელიქიშვილს.
_ჰო...არც განიხილებოდა._ძლივს ამოთქვა._არ შევიდეთ? მგონი მალე ნეფე-დედოფალი დაგვასწრებს.
_მართალია, ყველა შიგნითაა მგონი._ანდრონიკაშვილი დაეთანხმა, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ უცებ გაჩერდა._მოიცა, ნეფეზე გამახსენდა, ლევანის შეყვარებული არ იყო?
_აუ კი, რამ დამავიწყა!_ნინიას თვალები გაუფართოვდა.
_და ქორწილში მოვიდა? აი ეს მესმის.
_საუკუნის წინ იყო, შეიძლება კი მეგობრობენ.
_არც ისე, სხვათა შორის, ამბობდნენ, ლევანმა ლონდონშიც ჩააკითხა რამდენჯერმეო. მაგრამ მერე არ ვიცი რა მოხდა, რატომ დაშორდნენ.
_ალბათ, მაშინ ამირანის სტანდარტებისთვის საკმარისად მდიდარი არ იყო._სანდროს ჩაეცინა._ახლა შეიძლება კი ნანობს.
_არა მგონია, ელენეს ეგ აინტერესებდეს, მაგრამ ამბიციური სულ იყო, სამეგობროდაც არავის იკარებდა და გვიკვირდა, ცხადაძესთან იმდენ ხანს რომ დარჩა...რას გაუგებ სიყვარულს. _ ტაძართან მისულმა დაიჩურჩულა.
ჯვრისწერის ტრადიციული ცერემონიაც დაიწყო. მიშომ მხოლოდ წამით შეავლო თვალი ნეფე-დედოფალს და ყურადღება მაშინვე ელენეზე გადაიტანა, მათ მოპირდაპირე მხარეს რომ იდგა და წყვილს მშვიდად უცქერდა. გოგონამ თითქოს მზერა იგრძნო, მათკენ გამოიხედა, გაოცების გადასაფარად სწრაფად გაიღიმა და თვალის დახამხამებაში საკურთხეველს დაუბრუნდა. მამაკაცს დიდი დრო არ დასჭირვებია, რომ შეემჩნია, როგორ უთრთოდა ერთმანეთში გადახლართული თითები და როგორ კბენდა ტუჩებს შიგნიდან.
„ისევ უყვარს“-გაიფიქრა და მკერდში უსიამოვნო შეგრძნებამ გაკრა.– „ახლა კი იძულებულია, უყუროს, როგორ ეფიცება სხვას მარადიულ სიყვარულს და გაიღიმოს, თითქოს არაფერი ხდება“.
ვერ მიხვდა, რატომ აწუხებდა ასე ძალიან მისი მდგომარეობა. გოგონას მკერდი ისე სწრაფად მოძრაობდა, ეგონა, რომ წუთი-წუთზე აფეთქდებოდა და რაიმე ისეთს წამოიყვირებდა, ხალხი წლების განმავლობაში რომ ილაპარაკებდა. მაგრამ ამ უკანასკნელმა რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქა და შეუმჩნევლად, ტელეფონზე ზარის მომიზეზებით ჩუმად დატოვა ტაძარი. მიშომ ზუსტად 3 წუთი მოიცადა, რათა ვინმეს თვალში არ მოხვედროდა, მერე სანდროს ჩაუჩურჩულა, უნდა გადავრეკოო და სხვა კარიდან გავიდა.
ელენე მალევე იპოვა, ეკლესიისგან ოდნავ მოშორებულ ხის სკამზე ჩამომჯდარიყო და ხელი მკერდზე აეფარებინა, თითქოს სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა.
_მეგონა, ჯვრისწერიდან გაქცევა სიძის ან პატარძლის პატარძლის პრივილეგია იყო._ფრთხილად უთხრა, სანამ მიუახლოვდებოდა, რათა არ შეეშინებინა.
თვალებგაფართოებული უცებ შემობრუნდა და მამაკაცის დანახვაზე სახეზე ჯერ გაოცება, შემდეგ კი უცნაური სიმშვიდე გამოესახა.
_შენ?_ინდიფერენტულად ჩაილაპარაკა._რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა, ამ დღეს კიდევ ერთი ფლოთ თვისთის გარეშე ჩაევლო.
_მე._მიშოს გაეღიმა. უსაფრთხო მანძილზე იდგა. საკმარისად ახლოს, რომ საუბარი შეძლებოდათ და საკმარისად შორს, რათა მისი სივრცე არ დაერღვია.
გოგონა დღის შუქზე სხვანაირი ჩანდა. ისევ ლამაზი იყო, ზედმეტადაც კი, მაგრამ ბარში ნანახი თითქოს ფანტაზიის ნაყოფი ყოფილიყო, მის სამყაროს გარეთ არსებული ილუზია. ახლა კი, ყოფილი შეყვარებულის ქორწილში, ტაძრის ბაღში მდგომი, უდავოდ ნამდვილი იყო.
_მითვალთვალებ?
_ისეთი სახე გქონდა, მეგონა ან გონებას დაკარგავდი, ან ვინმეს მოკლავდი, დავინტერესდი, რომელს აირჩევდი. უბრალოდ ცნობისმოყვარეობა_ხუმრობით სცადა გოგონას ყურადღება გადაეტანა.
_რა დაკვირვებული ხარ!_გულწრფელად გაეცინა._შედი, სანამ ვინმე შეგამჩნევს.
_შემამჩნიონ._უდარდელი ხმით თქვა და ოდნავ მიუახლოვდა._სხვათა შორის, საქმროს მე არ ვხვდებოდი და მგონი, შენი არყოფნა უფრო თვალშისაცემი იქნება.
_ანუ შენც იცი._გოგონას მხრები დაეჭიმა.
_როგორც ჩანს, ჩემი დის კლასელი იყავი.
_ანუ, ნინია შენი დაა...მისალმება ვერ მოვასწარი, დაგაგვიანდათ.
_გახლავს.
_იმედია, ჩვენზე არ...
_არა, ღმერთო._წინადადება არ დაასრულებინა.
_პრინციპში, რას მოუყვებოდი, სიცილით მოკვდებოდა.
_ვერ ვიტყოდი, ნატალი, მაგალითად, ჯერ კიდევ არ მელაპარაკება._მიშოსაც გაეცინა._გახსოვს?
_ის ნატალიც აქ არის?_გოგონამ სახეზე ხელები აიფარა.
_სანდროს შეყვარებულია, მგონი მათაც იცნობდი.
_ახლოს არა, თუმცა მახსოვს. ჯობია, არც გავიცნო. მოიცა,..._წამით ჩაფიქრდა, თითქოს გონებაში განტოლებას ხსნიდა._ანუ შენ ხარ „ტერა გრუფის“ დამფუძნებელი?
_ასე გამოდის. ამირანი მომიკითხე.
_რესტორანში იქნება და შეგიძლია, თავად მოიკითხო.
_აუცილებლად, მაგრამ, როგორც ვიცი, იარაღს ატარებს და შეიძლება მომკლას, ერთად თუ დაგვინახა.
_გეშინია?_გამომწვევი ღიმილით ჰკითხა.
_ყველასი რომ მეშინოდეს, ვისაც ჩემი ბიზნესის დასაკუთრება უნდა, თბილისიდან დიდი ხნის წინ გავქრებოდი.
_შემიძლია მოვუყვე, რა „ღირსეული“ მამაკაცი ხარ, იქნებ შეგეშვას._სიტყვებში მთელი ირონია ჩააქსოვა.
_ისევ გაბრაზებული ხარ? სხვათა შორის, თავად უნდა ვიყო ნაწყენი._თავი დრამატულად გადააქნია._როგორც ჩანს, იმ ღამეს უბრალოდ ყოფილის დასავიწყებლად მიყენებდი.
გოგონამ გაიცინა, ამჯერად ნამდვილი, ხმამაღალი, გულწრფელი სიცილით.
_ღმერთო, შენც გგონია, რომ ლევანი ისევ მიყვარს? კი, შემთხვევით ნამდვილად არ მოვხვედრილვარ იმ ბარში, სადაც მისი წინასაქორწილო წვეულება იმართებოდა და ლამის გულიც ამერია, როცა საცოლემ „სიურპრიზი“ გაუკეთა, ალბათ ეჭვიანობდა, მაგრამ მე მსგავსი არაფერი მიგრძვნია.
_აბა დღეს რა განერვიულებდა?
წამით ჩაფიქრდა, სანამ გადაწყვეტდა, რომ მამაკაცის ნდობა შეეძლო.
_უცებ წარმოვიდგინე, პატარძლის ადგილას მე ვიყავი.
მიშო გაგრძელებას ელოდა, მაგრამ გოგონას აღარაფერი უთქვამს
_და..? სულ ეს არის?_ეგონა, მოესმა._ქორწინების ფობია გაქვს?
_არაა სასაცილო, მითხარი, რომ შენ არ შეგეშინდებოდა...მაგრამ ვერ გაიგებ, მამაკაცებისთვის ქორწინება საერთოდ არაა რთული.
_მაგრამ უმეტესად ქალები ოცნებობენ...
_იმიტომ, რომ ასე გვზრდიან._ეტყობოდა, რომ ისევ ბრაზდებოდა._მგონი ყველას ჰგონია, რომ ამირანმა მაიძულა ლევანთან ურთიერთობის დასრულება, რადგან საკმარისად პერსპექტიული არ იყო, მაგრამ სინამდვილეში პირიქითაა. მამაჩემისთვის რომ გეკითხათ, სკოლის დამთავრებამდე დამნიშნავდა. მასზე ან ყველაზე, ვინც მდიდარი იყო და ჩემს თავს „გადაიბარებდა“. მისთვის რომ მესმინა, ახლა მინიმუმ ორი შვილი მეყოლებოდა.
_ლონდონში ამიტომ წახვედი?
_კი და არც ისე ბედნიერი იყო, სტიპენდია რომ ავიღე.
_ელენე!_ვიდრე მიშო მოიფიქრებდა, რა ეპასუხა, მათ უკან უფროსი ბერიძის ხმა გაისმა. ნეიტრალური ხმა ჰქონდა, მაგრამ თვალები ეჭვით მოძრაობდნენ დასა და მელიქიშვილს შორის._სად დაიკარგე?
_ჰაერი მჭირდებოდა._გოგონა მშვიდად ადგა და კაბიდან არარსებული მტვერი დაიფერთხა._ცერემონია დასრულდა?
_დიდი ხანია._მამაკაცის მზერამ მიშოზე გადაინაცვლა და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაეცა.
_ნიკოლოზ, როგორ ხარ?_ამ უკანასკნელმა ხელი მოჩვენებითი თავაზიანობით გაუწოდა.
_მიხეილ!_ცივად ჩამოართვა და ელენეს მიუბრუნდა._ვიღაცები მინდა გაგაცნო.
_რა თქმა უნდა. სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, მიხეილ.
_ჩემთვისაც...ზედმეტად სასიამოვნო იყო, ამის დე*აც._თავისთვის ჩაილაპარაკა, როგორც კი ბერიძეები მოშორდნენ.

***
პირველ რიგში, მადლობა კომენტარებისთვის, მოუთმენლად ველი პერსონაჟების და ზოგადად, მოთხრობის შეფასებას.
ვეცდები, არ დავაგვიანო heart_eyes



№1 სტუმარი Ana-maria

მომეწონა ისტორია. როგორც ვატყობ რამდენიმე წყვილი გვეყოლება. კარგი დასაწყისია და დაველოდები ახალ თავს.
წარმატებები ავტორს ♥️♥️♥️

 


№2  offline წევრი Daisyd

Ana-maria
მომეწონა ისტორია. როგორც ვატყობ რამდენიმე წყვილი გვეყოლება. კარგი დასაწყისია და დაველოდები ახალ თავს.
წარმატებები ავტორს ♥️♥️♥️


მადლობა ❤️❤️
სანდრო-ნატალიას თუ გულისხმობთ, უკვე დაწერილი მქონდა მათი ისტორია, მაგრამ ახლახანს წავაშლევინე, ოდესმე თუ დავარედაქტირე, გამოვაქვეყნებ ისევ

 


№3 სტუმარი სტუმარი ხათუნა

კარგი იყო. რა არაკაცია ლევანი.
უღირსი. გამოდის, რომ უარყოფილი მამაკაცია და თან ისეთი პატარა " კაცი" , რომ ელენეს და ამირანის შესახებ ჩაუკაკლა მიშოს.
ამით შური იძია?
საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები. ძალიან მაინტერესებს მიშოს და ელენეს ოჯახური ურთიერთობები...
ველი მოუთმენლად შემდეგ თავს. ვგრძნობ აწი იწყება ყველაზე საინტერესო...
მადლობა...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent