შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაპრიზი (სრულად)


დღეს, 17:40
ავტორი ვე რა
ნანახია 58

კაპრიზი


ჩაფიქრებული ვზივარ ფანჯარასთან და გოგოების მხიარული ხმები სადღაც შორიდან მესმის.
„ არა, რისთვის ჩამოვედი აქ? რომ პაგანინის ნაცვლად ვიღაც ქართველი მაჩო შემრჩენოდა ხელში? თანაც რა შემრჩენოდა? მე რა შუაში ვარ?!“ თვალმოჭუტული ვიყურები სასტუმროს ვერანდისკენ, სადაც მყუდრო მოფარებულ მაგიდასთან ლილა და ის პატენტი პაგანინი ერთმანეთს რასაც ქვია თვალებით ჭამენ და აშკარაა, რომ რაღაც იმნაირულ გეგმებს აწყობენ, თუ როგორ დააღწიონ თავი ჩვენს მოთვალთვალე მზერას და ვითომ დაფარულ ვერშემჩნეულ სიცილებს.
„ არა, ასე არ გამოვა!, ასე მარტივად ვერ წავალ აქიდან!“ ვფიქრობ ჩემთვის და უეცრად, სადღაც შორიდან მესმის ვიოლინოს მკვეთრი ხმა. სახეს ხმის მიმართულებით ვატრიალებ და გაოცებული ვუყურებ ქალაქის თავზე გადაწოლილ სქელ ნისლს.
_ ეს რაღაა?_ ვფიქრობ გაოცებული. ფეხზე ვდგები და ფანჯარას ვუახლოვდები._ არც წვიმა ყოფილა, არც ამინდი არეულა, აბა ეს სქელი ნისლი საიდან ჩამოწვა?

ვეკითხები საკუთარ თავს და ვაკვირდები, როგორ ცოცხალი არსებასავით მოიწევს ის ჩემკენ. ჰოო, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ პირდაპირ ჩემთან მოდის და არა მარტო. მის მოახლოებასთან ერთად მუსიკის ხმა უფრო მკვეთრია. უცნაური მელოდიაა, მეცნობა თითქოს. თითქოს ვიღაცას მაგონებს. სიცივე მოაქვს, სიმკაცრე, თან უცნაური ირონია ახლავს, თითქოს ხუმრობის ხასიათზეა, ბორგავს ვერ ისვენებს. თუმცა მისი ეს სიცილი სიცილზე მეტად ავ ჩაღიმებას უფრო ჰგავს, ვიდრე მხიარულებას.....
_ რას უყურებ ასე დაჟინებით?_ მაკრთობს ლინდას ხმა და სწრაფად, დანაშაულზე წასწრებულივით ვბრუნდები მისკენ. თან ვცდილობ ჩემი სხეულით მასსა და იმ
იდუმალ ნისლს შორის ჩავდგე, რათა მისი ყურადღება არ მიიქციოს. ჯერ ისევ იმ უცნობი მელოდიასავით ქაოტურად ირევიან ჩემს თავში ფიქრები. არც კი ვიცი, რატომ ვუმალავ ლინდას, რაც ვნახე და გავიგონე. ალბათ იმიტომ, რომ მისი რაციონალური გონება შეეცდება განზრახულზე უარი მათქმევინოს.
_ აბა დამანახე ,რას უთვალთვალებ!_ ხელით მბრძანებლურად მწევს გვერდზე და ინტერესით გაჰყურებს უცნაური ძველი ქალაქის პეიზაჟს. ცა უწინდელივით მშვიდია, საღამოს ბინდისფერ პასტელის ფერებში ჩაძირული.
_ აბა?_ გამომცდელ მზერას მისწორებს, როცა ვერაფერს საინტერესოს ვერ ხედავს.
_ რა აბა?_ვუბრუნებ კითხვას და გაოცებული ვათვალიერებ ქუჩას და სადღაც უკვალოდ გამქრალ ნისლს რატომღაც გულდაწყვეტილი დავეძებ.
_ ჭკვიანად!_ თითს მიქნევს ის და ღვინის ჭიქას ინტერესით დაჰყურებს._ ბოლოს რომ დალიე, მახსოვს აივანზე აძვერი, იმის შესამოწმებლად მთვრალსაც თუ გექნებოდა სიმაღლის შიში!
გამაფრთხილებლად ჟღერს მისი ხმა. ტუჩს ვიკვნეტ და ვფიქრობ, რომ მათ ძალიან ბევრს ვუყვები ხოლმე და როგორმე ამის კონტროლი უნდა ვისწავლო. არც ისე კარგია, როცა ვინმეს ხელისგულზე ცხოვრობ. ჰოო, არც ისე კარგია! მე კი სიმშვიდე ყელში მაქვს ამოსული... თავგადასავლები მინდა, _ები თუ არა, ერთი მაინც! რამე ისეთი, რომ გახსენებად ღირდეს, როდესაც მზე ჩასვლას დაიწყებს.
_ გოგოებო ჩვენ ცოტას გავივლით!_ მესმის ლილას ხმა და ლამისაა გულიც თან გავატანო ერთმანეთზე აკრულ წყვილს. „ეეეჰ!“ ვოხრავ საწყლად და საკუთარი თავი მებრალება. მაგიდასთან ვბრუნდები და ჭიქას ღვინით ვავსებ. ერთადერთი, რამაც გამახალისა, ეს აქაური სახელგანთქმული ყველია.
_ღვინო და ყველი, ყველი და ღვინო!_ ვბურდღუნებ რატომ და რაზე გაბრაზებული თავადაც არ ვიცი.
_ აბა, კარგად გამოვძვერით არა?_ იცინის ჩემი და. „ეჰ, რატომ მას არ ვგავარ? მშვიდია, მხიარული, უდარდელი! მე კი? მე რანაირი ვარ? რას ვეძებ? რატომ მჯერა ასე ზღაპრების?“ ვინ მოიგონებდა ამ უცნაურ ამბავს, ათეული წლის წინ გარდაცვლილ მუსიკოსზე? ვინ მოანდომებდა მათ სადღაც დასაკარგავში სავარაუდო ვამპირის საძებნელად წამოსვლას? რამდენ ხანს ვფიქრობდი ამაზე? რამდენ ხანს ვგეგმავდი? ნაბიჯ_ნაბიჯ მივყვებოდი გეგმას, რომ დღეს აქ ვყოფილიყავი. და მათ ჰგონიათ ფარ_ხმალს დავყრი? ნეტავ თუ სიმართლეა რასაც ვფიქრობ, და თუ მისი ოხერი კუბო მართლა ცარიელი? სად არის ახლა თავად?
დაცლილ ჭიქას კიდევ ერთხელ ვივსებ და ბოლოს გადაღლილი და მოწყენილი, ვამბობ:
_ ნომერში ავდივარ, დავიღალე!_ თავს მიქნევენ, თავად არ ეთმობათ ის მშვიდი სიტუაცია, რომელშიც მოხვდნენ. განა ხშირად ხარ სადმე ევროპის ძველ, ლამაზ ქალაქში მეგობართან ერთად? არავინ და არაფერი გაწუხებს. სადარდელს, რეალობას, დაღლილობას წამით გვერდზე დებ და უბრალოდ ყველაფრისგან ისვენებ....
მოკლედ იციან, რომ სასტუმრო სწორედ ამ რესტორნის გვერდითაა, ამიტომ საპატიო ყარაულს მხსნიან, ამჯერად მენდობიან და უფლებას მაძლევენ მარტომ გადავჭრა პატარა ძველებური ქუჩა. არც მათ და არც მე არ მიფიქრია, რომ ზოგჯერ სწორედ ყველაზე მცირე დრო და მანძილი ხდება თავგადასავლის დასაწყისი...
რესტორანს ვტოვებ და ღამის ქუჩაში ვაბიჯებ. მხრებზე მოხურულ თხელ შალს საიმედოდ ვისწორებ და ბორძიკით მივუყვები ძველებურ მოწითალო ქვაფენილს.
_ ჯანდაბა, რამ მომაფიქრა აქ ამ სულელური ქუსლიანის ჩაცმა?_ არადა დილით რა მშვენიერ იდეად მეჩვენებოდა. _ბოლოს კაბა და ქუსლიანი როდის გეცვა ქალბატონო?
ვეკითხები ირონიულად საკუთარ თავს, მაგრამ ქვაფენილთან ომში უშანსოდ ვმარცხდები. ამიტომ იქვე პატარა შადრევანთან ვჯდები და ფეხსაცმელს ვიხდი.
_ ღმერთო რა სასიამოვნოა!_ ვჩურჩულებ და ქალაქის სიღრმეს გავყურებ. სმენას კვლავ ის უცნაური მელოდია სწვდება. ისევ ვგრძნობ -ვიღაც მეძახის. არ შეიძლება მეშლებოდეს ან მეჩვენებოდეს. გული მიჩქარდება. ვხედავ, როგორ ღრუბელივით იშლება ჩემს ტერფებთან ნისლის თხელი ფთილები. სასმელი, ანდაც ეს ჯადოსნური მუსიკა, არ ვიცი რა მოქმედებს ასე ჰიპნოზივით, ვდგები და ისე გაუაზრებლად, რომ არც კი მახსენდება, შადრევნის კიდეზე დაწყობილი ფეხსაცმელი, უკან მივყვები ნისლს.
არ ვიცი საიდან ნაცნობ აღმართს მივყვები. აქ ნამყოფი ვარ. ნამდვილად ვცნობ ამ ხედს. აი ჯერ მაღალი კიპაროსებია, შემდეგ წითელი ძველებური სახურავი გამოჩნდება და მერე მაღალი ბნელი ქონგურები.... ღმერთო! აქ ნამდვილად ვიყავი! მაგრამ როდის? ვჩერდები იმ შემაღლებულზე და ახლაღა ვიაზრებ, რომ ფეხშველი ვარ. თუმცა ეს არ მაწუხებს. პირიქით, უცნაური სიმშვიდის გრძნობა მეუფლება. თითქოს სახლში ვარ, თითქოს ოდესღაც სხვა დროს აქ სწორედ ასე ფეხშველი ვმდგარვარ.
გაოგნებული დავყურებ წინ გადაშლილ ნისლიან მინდორს. თითქოს მთელი მიდამო ნისლში ცურავს, მხოლოდ სასახლისკენ მიმავალ გზას ტოვებს თავისუფალს და ეს უცნაური მელოდიაც ისევ მეძახის.
_ უკან გაბრუნდი!_ ამბობს ჩემი რაციონალური მე. თუმცა ვინ უსმენს მას? _ ინანებ, გაბრუნდი!
„ვინანებ? ჰმ! რა ცუდად მიცნობ ჩემო თავო?“ და თითქოს ვიოლინო გრძნობს ჩემს ორჭოფობას. ტემპს უმატებს. მეტი ჟინით, ვნებით და სურვილით ივსება. ეს თითქოს მისი კაპრიზია! და უეცრად გონება მინათდება. გული ჯერ წამიერად ჩერდება და მერე ისეთი გამალებით იწყებს ფეთქვას. ვეღარ ვერევი და თითქოს ვცდილობ ხელით დავიჭირო. პაგანინი, ჰოო სწორედ ისაა ოცდამეოთხე კაპრიზი.
და ისევ სადღაც გონების შორეულ კიდეში მიელავს ფიქრი, რატომ დაარქვა მას კაპრიზი, ვისი კაპრიზი? რატომ კაპრიზი? რატომ?
....
_ ნიკოლო! _ ვიძახი მის სახელს და ეიფორია მიტანს. ლამის სირბილით მივდივარ მთავრის შუქით განათებული ბილიკისკენ.
რა თქმა უნდა, არ მიკვირს, როცა ღია კარი ჩემს ზურგს უკან თავისით იხურება. რამდენ ხანს ვოცნებობდი ამ მომენტზე!
_ ნიკოლო!_ ვიძახი ისევ და არც თუ ძველებური ინტერიერით მორთულ მყუდრო სახლს ინტერესით ვათვალიერებ. იმასაც ვერ ვამჩნევ, როგორ ისადგურებს სრული სიჩუმე. მაღალი ფანჯრებიდან მთვარის სინათლე იღვრება მოზრდილ ოთახში. კედლებში დატანებული ბრები მძიმე ოქროსფერ სინათლეს აფრქვევენ._ სად ხარ?
ვკითხულობ ოდნავ დამფრთხალი. გვიან, მაგრამ მაინც ფხიზლდება ჩემი გონება ამ მუსიკის მოგვრილი უცნაური ბურანისგან...
_ სად ვარ, აქ რას ვაკეთებ?_ ვჩურჩულებ ჩემთვის , შიშის გაურკვეველ საცეცებს ტერფებზე სიცივედ ვგრძნობ და უკან ვიხევ.
_ ნამდვილად ლოგიკური კითხვაა! აქ რას აკეთებ?_ ზურგით ოდნავ ვეჯახები და შემკრთალი სწრაფად ვბრუნდები უკან.
მას ვხედავ.... პირისპირ... ჩემი სიზმრების მუდმივ სტუმარს... ჩემი უცნაური, იდუმალი ფიქრების თანამგზავრს... მას ვინც უამრავჯერ მყავდა ჩემს წარმოსახვაში შექმნილი... ვისი არსებობის დაჯერებაც სიგიჟეს ნიშნავს იქ, იმ სამყაროში, საიდანაც აქ მოვედი. და ახლა ასე უბრალოდ დგას ჩემს წინ. არც ისე მაღალი, როგორც მეგონა. არც ღამესავით მუქი თმით, არც თოვლივით გაფითრებული, არც ისეთი ავი, ან ბოროტი მზერით, არც ბასრი ირონიით სავსე საშიში თვალებით, თითქოს ის არცაა, ვისაც ველოდი. მაგრამ თვალები, ჰოოო, მისი უცნაური, ჯადოსნური, ბრჭვყიალა თვალები უხვად ირეკლავენ ოთახის სინათლის მძიმე ოქროსფერს...
_ გამარჯობა.... ვერა!_ ოდნავი დაყოვნებით ამბობს ჩემს სახელს. თითქოს ასე მეხმარება ჩემი დაბნეული და გაფანტული ყურადღების მოკრეფაში.
_ შენ.._ არ ვიცი რის თქმას ვაპირებდი. არაფერი მახსოვს იმ წარმოსახვით გათამაშებული შეხვედრის ასობით სიმულაციიდან. _ შენ...
_ ჰოო, მე._ ამბობს მშვიდად. ამბობს თუ ფიქრობს?! ხელს ვწევ და იმაში დასარწმუნებლად, რომ არ მეჩვენება, ლოყაზე ვეხები.
_ თბილი ხარ?!_ მიკვირს და ამაზე ეღიმება. და მერე იმაზეც იღიმის, რომ აცნობიერებს, რისი დანახვაც მსურს.
_ არა! ვფიქრობ ეგ აუცილებელი არ არის!_ უარის ნიშნად აქნევს თავს.
_ გთხოვ! მე ხომ ამაზე ვოცნებობდი!_ ვეუბნები და ეს საუბარი სრულებით აცდენილია ყოველგვარს ფიქრს და ფანტაზიას, რაც მასზე მქონია.
და უეცრად იცინის, ზუსტად ისე, როგორც ეს მსურდა მენახა, მთვარის შუქზე თოვლის მოულოდნელი სითეთრესავით ელავს მისი კბილები.
_ ღმერთო!_ ინსტიქტურად გულზე ვიდებ ხელს და არ ვიცი, ახლა რატომ მახსენდება ასე გადავიწყებული ყველა საოცრების შემოქმედი. ირონიულია მისი გახსენება, მაშინ, როცა ჩემს წინ სრულებით სხვა საოცრება დგას, მისი სრული ანტიპოდი. _ შენ ნამდვილი ხარ! თანდათან ვიაზრებ, რომ ის რეალურია. ისეთივე, როგორც მე! როგორც ყველაფერი გარშემო, რასაც ვხედავ და ვეხები. ის არსებობს! ის...
ის .... ზარივით რეკავს ჩემს გონებაში ეს აღმოჩენა. და მერე შეწყვეტილი პულსის ხმაზე წივის ყურებში ამგვარი დაუჯერებელი რეალობის აღქმა. ვგრძნობ, თვალთ მიბნელდება.
არა შიშის გამო, არც პანიკის, არც რაციონალურობის გარღვევის, არაფრის, რისი წარმოდგენაც შეუძლია ადამიანის გონებას. მხოლოდ იმის გააზრება, რომ ის მართლა არსებობს, რომ ჩემს წინ დგას, როგორც სასწაული, როგორც გაცოცხლებული ყველა ზღაპარი და ლეგენდა.....ჩემს გონებას ამის გააზრება უჭირს, ამიტომ უბრალოდ ითიშება.

და ისევ მუსიკა მაფხიზლებს. რაღაც უცნობი სევდიანი მელოდიაა. აქამდე არასდროს მსმენია. თვალებს ვახელ,ვიაზრებ სადაც ვარ და ისევ ვხუჭავ ჯერ თვალდახუჭული ვცდილობ გონების მოკრეფას.
_ მშვიდად ვერა! ისუნთქე! შენ ხომ ამაზე ოცნებობდი!_ საკუთარი ოცნება ვერ შემაშინებს, თავს ვუქნევ საკუთარ თავს._ ჰოო, შენ მისი პოვნა გსურდა!
„ და იქნებ მოგეჩვენა?!“ სწრაფად მაფხიზლებს გონებაში გაელვებული ეჭვიანი ფიქრი.
_ არა, შეუძლებელია!_ თვალებს ვახელ და ისე სწრაფად ვჯდები, ლამისაა დივნიდან იატაკზე გადმოვვარდე.
_ ნუ ჩქარობ!_ მესმის მისი სიცილნარევი ხმა. მისკენ ვბრუნდები და ისეთი მძაფრი ინტერესით შევყურებ ტუჩებზე, რომ კვლავ უთქმელად ხვდება ჩემს ფიქრებს.
_ მგონი ერთხელაც სრულებით საკმარისი იყო!_ ხელებს მაღლა სწევს უარის ნიშნად და ოდნავ იქნევს. ახლა მისი სახიდან მზერა მის ხელებზე გადამაქვს. მოურიდებელი ინტერესით ვათვალიერებ მის წვრილ, გრძელ, ლამაზ თითებს.
_ ჰოო!_ ჩემს მზერას იჭერს და თავს უკმაყოფილოდ იქნევს თავს. _ არც კი ვიცი, სხვას რას ველოდი, აქ რომ მოგიყვანე!
_ რა გქვია?_ ვეკითხები ინტერესით, რადგან ახლა უკვე ეჭვი მეპარება, რომ ნიკოლო მისი ნამდვილი სახელია.
_ არ იცი??_ მეკითხება და უკვე სრულიად თავდაჭერილი და მზად მყოფი, ჩემი ნებისმიერი გამოხტომისთვის, სავარძლის საზურგეს ეყრდნობა.
_ არ თქვა, რომ ვლადი?!_ რატომღაც უცნაური სიკერპე მიტანს. მინდება ახლავე, აქვე ავხადო თავის ქალა და იმ ლამაზ თავში ჩავუძვრე. თითქოს ვიაზრებ, რომ დროც, სივრცეც და სურვილიც მხოლოდ მის ხელთაა. ამიტომ უნდა მოვასწრო, ყველაფერი უნდა მოვასწრო, სანამ გადაიფიქრებს და აუხსნელად და პასუხების გაუცემლად გარეთ გამიძახებს. ეს აშკარად არ გაუჭირდება!
_ ჰოო, არა! დრაკულა არ ვარ!_ იღიმის ირონიულად.
_ აბა ვინ ხარ? _ ნეტავ რისი გაგონება მსურს?
მხრებს იჩეჩავს და ახლა მის თვალებშიც ვხედავ ინტერესის სხივს:
_ რამ მოგაფიქრათ საფლავის გათხრა? ანუ მართლა აპირებდით გენახათ რა იყო იქ?
_ ჰოო!_ დავუქნიე თავი.
_ რას ეძებდით?
_ ვიფიქრე, რომ პაგანინი ვამპირია!_ ახლა მე ავიჩეჩე მხრები.
_ და იმაზე არ გიფიქრიათ, რომ მძინარე ვამპირის გაღვიძება არ ღირს?_ ისევ უცნაურად იღიმის.
_ ცოტათი!_ თვალმოჭუტვით ვპასუხობ მე._ და შენ ის ხარ? პაგანინი?
_ ინტერესმა დაღუპა კაცობრიობაო არ გსმენია?_ მეკითხება და გრძელი გაბზეკილი თითით მოპირდაპირე კედლისკენ მანიშნებს. კედელზე მაღალი ნახატია. სმოკინგში თუ ფრაკში გამოწყობილი თმადატალღული ნათელთვალება კაცის სურათი. ხელში ვიოლინო უჭირავს და ...
_ ვაიმე!_ ვკრთები მე. სურათიდან მისი სახე შემომყურებს. აქამდე რატომ ვერ შევამჩნიე, რომ... მაგრამ ინტერნეტში სულ სხვანაირი სურათები დევს. უფრო პირქუში და საშიში. ეს კი... ახლა მას ვუყურებ.
_ შენი არ მეშინია!_ ვამბობ მტკიცედ. ის არ ჰგავს მონსტრს, რომელზეც ლეგენდები ყვებიან. უფრო მხიარულ, ჯიუტ, ეშმაკური თვალებით მომზირალ ახალგაზრდა კაცს ვხედავ. რომ არა ეს ყველაფერი, რომ არა ჩემი რწმენა და სურვილი მასთან შეხვედრის, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ის ვამპირი იქნებოდა.იქნებ სწორედ ესაა მთავარი ხაფანგი? არ ჰგავდეს მონსტრს? არ ჰგავდეს საფრთხეს? იქნებ სწორედ ამ უბრალოების უნდა მეშინოდეს? მაგრამ მაინც, თუ საფლავი ცარიელია, რატომ არის აქ? რას დარაჯობს? რას იცავს?
_ და იქ რა არის? საფლავში?
_ არაფერი!_ იცინის მხიარულად. თუმცა მაინც ვამჩნევ მის სახეზე უსიამო ჩრდილის კვალს.
_ ანუ გინდა თქვა,რომ წმინდა მიწაზე, არაფრის დაკრძალვის უფლებას არ გაძლევდა ქალაქი და შენ ჯიუტად ცდილობდი, რომ სწორედ „არაფერი“ დაგემარხა?
_ ჰოო, ეს სახალისო იყო!
_ სახალისო?_ მისი უცნაური იუმორი მაოცებს.
_ და საიდან გაიგე, რომ საფლავის გათხრას ვაპირებდით?_ ახლა მართლა მაინტერესებს, აშკარაა რაღაც მიზეზით იმ საფლავს უფრთხილდება. იმდენად, რომ არ სურს ვინმე იმაზე მეტად მიუახლოვდეს მის საიდუმლოს, ვიდრე დასაშვებია.
_ შენ მაგის ცოდნა არ გჭირდება!_ წამით უელავს თვალებში სიმკაცრე, ხმაც მზერასავით უცივდება.
_ მჭირდება! _ ვამბობ ჯიუტად.
_ დარწმუნებული ხარ?_ მეკითხება ჯიქურად.
_ აქიდან რომ წავალ, პირველი რასაც გავაკეთებ, იმ საფლავს გავთხრი და ვნახავ რას მიმალავ!_ ვპასუხობ უდარდელად და ვაიგნორებ გონების ხმას, რომელიც ჯიუტად მახსენებს, თუ ვინ ზის ჩემ წინ.
_ აჰა, ანუ აქიდან წახვალ!_ ყალბად იოცებს ჩემს ნათქვამს.
_ ჰოო, წავალ!_ თავს ვუქნევ მე.
_ არადა საღამოობით უცნაური დაუოკებელი შიმშილის გრძნობა მიტანს ხოლმე!_ საკუთარ კლანჭებივით თითებს დაჰყურებს ინტერესით. ჰგონია შემაშინებს?! ჰმ!
_ ნუ მემუქრები!_ ვუღერებ საჩვენებელ თითს. _ ჩემი შეჭმა რომ გდომოდა, ახლა აქ არ ვიჯდებოდი!
ამის ისე მჯერა, რომ ეჭვიც არ მეპარება. არ მგონია ახლა, ამ საუკუნეშიც ძველებურად მტრად მიმიჩნევდეს მისი მსგავსი არსება, ანდაც საკვებად. მით უფრო საფრთხედ!
_ შეიძლება რაღაც გკითხო?_ იმდენი კითხვა მაქვს, მაგრამ ყველაფერს ვერ ვბედავ. სასაცილოა, რომ იმის მეშინია, ვამპირმა გიჟად არ შემრაცხოს და სახლიდან არ გამომისროლოს და არა იმის, რისიც წესით უნდა მეშინოდეს.
_ მკითხე!_ აშკარად აინტერესებს, რის კითხვას ვაპირებ. ალბათ მართლა მოწყენილია.
_რას ჭამ? ანუ სვამ?_ მაინც ვერაფრით ვახსენებ თამამად იმას, რაც ამდენად აქტიურად განიხილება საუკუნეებია. თუმცა მაინც ახლა უბრალო გოგოსგან ეს კითხვაც სითამამეზე მეტია.
_ მეტისმეტად ბევრ კინოს უყურებ? ბევრ ლეგენდას უჯერებ! ეს ყველაფერი მასეც არაა!_ მპასუხობს, მაგრამ ამ პასუხიდან კითხვა მეტი მებადება.
_ ლეგენდები არ ტყუიან! შეუძლებელია ყველაფერი ტყუილი იყოს!_ ვამბობ ჯიუტად.
_ ჰოო, როგორც შენ იტყვი!_ თავს მიქნევს ყალბი მორჩილებით.
_ აბა მითხარი, როგორია შენი რაციონი?
_ხომ არ ჯობია გაჩვენო კიდეც? სანამ ამის შანსი გაქვს?_ იღიმის ირონიულად. ვატყობ ამაზე საუბარი არ მოსწონს. მაგრამ არც უარს ამბობს.
_ მანახო?_ უცნაურ აჟიტირებას ვგრძნობ! ანუ ახლა ვინმეს...
_ შეწყვიტე, ეგ სახალისო არაა. ასე პირდაპირაც არ უნდა გაიგო!
_ და ნიორი?_ თავს ვერაფერს ვუხერხებ._ ესეც ტყუილია?
_ ხუმრობ არა?_ ხელს აგდებულად იქნევს.
_ ვერცხლი?_ წარბს მაღლა სწევს.
_ სარი? ხოო ხის უბრალო სარი!_ ჯიუტად ვაგრძელებ.
_ სცადე გინდა?_ თავს უარის ნიშნად ვაქნევ. ვაიდა ტყუილი არ იყოს? ძლივს ვიპოვნე და სულაც არ მინდა შემთხვევით სული გავაფრთხობინო. ინტერესით ვაკვირდები, სული ნამდვილად აქვს.
_ აბა გინდა მითხრა, რომ სისუსტე არ გაქვს და უკვდავი ხარ?
_ არა, რა თქმა უნდა, სამყაროს ირონია არც ამდენად მარტივია. მაგრამ შენ როგორ ფიქრობ, ჭკვიანი ვამპირი მწერალ ქალს, აი შენნაირს!_ გაბზეკილი თითით ჩემს კონტურს ხაზავს ჰაერში , თუმცა ვერ ვიგებ რის თქმას ცდილობს._ ამას მოუყვება?
_ რატომ? რატომ არ მომიყვება? მით უფრო, თუ ეს დუმილი საუკუნეებია გრძელდება? ისე მაინც რამდენის? რამდენი წლის ხარ?
_ ოჰ!_ ოხრავს და თვალებს თეატრალურად ატრიალებს, თავმობეზრების ნიშნად._ ბანალურია! მეტს ველოდი შენგან!
_ თუ სარი არა, აბა რა ? როგორ უნდა მოკლა ვამპირი?_ ვერაფრით ვისვენებ.
_ კარგი, შემდეგი კითხვა!_ისეთ მოძრაობას აკეთებს თითით, თითქოს წიგნს შემდეგ გვერდზე შლის.
_ როგორ მიპოვნე?_ ვეკითხები იმას, რასაც ვერაფრით ვხსნი. უცნაურად იღიმის და თითქოს დეჟავიუს გრძნობა მაქვს. თითქოს მის ღიმილს ვცნობ, მისი ხმის ტემბრს, მის უცნაურ მიმიკებს.
_ მითხარი, რას ფიქრობ?_ მეკითხება მშვიდად.
_ ასე მგონია გიცნობ! სხვანაირი ხარ, არ ჰგავხარ იმას, ვისაც ვხედავდი, მაგრამ მაინც ასე მგონია გიცნობ.
_ რატომ ფიქრობ ასე?
_ იმიტომ რომ... _ ვფიქრობ და შეგრძნებების გარდა არაფერი მაქვს. არაფერი, რასაც არგუმენტად გამოვიყენებ.
_ არ ვიცი! მაგრამ შენი არ მეშინია!
_ იქნებ იმიტომ, რომ ეგეც ხაფანგის ნაწილია? იქნებ შენში ნდობას ჩემი მონსტრის სინდრომი იწვევს? ამაზე ასე არ გიფიქრია?
_არა! ასე არაა! მითხარი, აქ რატომ ვარ? რატომ ? გამოდის შენც მენდობი?
_ ეს ნდობა გგონია? იქნებ მხოლოდ მოწყენილობაა? იქნება მარტოობისგან გამოწვეული მელანქოლიაა?_ ვუყურებ და რატომ მწყინს მისი სიტყვები არ ვიცი. რატომ მტკივა გული, როცა მაიძულებს გავიაზრო ის, რაც რეალობას უფრო მეტად შეესაბამება.
_ არაფერს მომიყვები არა?
_ არა! როგორ ფიქრობ, ჩემი დუმილის მიზეზი რა შეიძლება იყოს, ასეთ შემთხვევაში?
მაგალითად შენ ხარ ვამპირი, მაქცია, ჯადოქარი არ აქვს მნიშვნელობა, რატომ გაჩუმდებოდი?_ ახლა ვცდილობ თავი მის ადგილას წარმოვიდგინო. აღიარება მიჭირს, მაგრამ მართალია, არც მე ვიტყოდი არაფერს.
_ადამიანთა სახიფათო ინტერესი, ისინი, თუ იეჭვებენ, აუცილებლად დამირღვევდნენ სიმშვიდეს. ალბათ მათივე უსაფრთხოების გამოც! _ თავადაც ვხვდები, რომ ჩემი პასუხი ცოტა არაგულწრფელია.
_კითხვა დაგისვი, შენ წარმოიდგინე რომ ყოფილიყავი და ამ წარმოდგენაშიც ვერ დაუშვი, რომ რამეს იტყოდი, წარმოდგენაშიც კი დაფარე ვინაობა. ასეა?_ ხო მაგრამ, მე ხომ სხვები არ ვარ? ვბრაზობ მასზე. მე ისიც კი დავმალე, როცა მისი სიახლოვე ვიგრძენი. მე მას ვენდობი, ის მე არა. და ვიაზრებ, რომ ესეც მწყინს.
_ და მაინც! რადგან ამდენი ლეგენდა არსებობს, ანუ ვიღაც ენდო ადამიანს არა?
_ვფიქრობ, აქ ნდობა არაფერ შუაშია. ეგ ლეგენდები ადამიანთა შიშმა გამოიგონა! აუხსნელის შიშმა! სახალისოა, ფილმები ლეგენდებზე, სადაც დაზუსტებით არაფერი იციან და ყველაფერს ისე ცვლიან, როგორც ეს თავად სურთ.
_მაგრამ მე რომ მომიყვე, ავდგები და არაფერს შევცვლი ისე დავწერ, მაგრამ შენსავით ყველა დუმს. ამიტომ ფანტაზიას მივანდეთ. მაგალითად ჩემი მეგობრები ამას არავის ეტყვიან! არასდროს გასცემენ ამ საიდუმლოს!_ ვცდილობ ის დავანახო, რისიც არ სჯერა.
_ ჰოო, იმიტომ მოხვედით აქ საფლავის გასათხრელად არა? როგორ აპირებდით ამ ყველაფრის ახსნას? ამდენად დიდია თქვენი ინტერესი!_ ისევ მამარცხებს. ალბათ მართლა არ იყო სწორი იმის გაკეთება, რაც ჩვენ ასე აფექტურად დავგეგმეთ. _ როცა სიმართლეს მიხვდი, რატომ მოუყევი მათ?
_ იმიტომ, რომ ბოლომდე არ მჯეროდა დარწმუნება მსურდა საკუთარ სიმართლეში და კიდევ..._ ახლა მართლა არ ვიცი როგორ ვუთხრა, სინამდვილეში რატომ ვარ აქ.
_ მიდი გაბედე და გააჟღერე შენი სურვილი!_ იცინის ავად.
_მეც მინდა!_ ვამბობ ყრუდ. მერე ჰაერს ვისუნთქავ, თვალებში ვუყურებ და პირდაპირ ვეუბნები.
_ მე მინდა შენნაირი ვიყო!
_ ჩემნაირი ანუ! და რანაირი ვარ მე?_ ჰაერი მძიმდება თითქოს.
_ თავისუფალი!_ ვამბობ ისე, თითქოს ტრანსში ვარ. ჰოო, ასე პირდაპირ ვთავაზობ ვამპირს, რომ ....
ჯანდაბა! ახლაც კი უცნაურად მეჩვენება ის სითამამე, რაც მაშინ გავბედე
_ თავისუფალი!_ იმეორებს და სახე ეცვლება. უცნაურად ინდიფერენტული ხდება._ და რათ გინდა ეს? რატომ გინდა თავისუფალი იყო? რა არის შენთვის თავისუფლება?
_ ასე როგორ გითხრა?_ მხრებს ვიჩეჩავ_ მინდა შორს ვიყო ემოციებისგან, გრძნობებისგან, ვალდებულებებისგან. რომ ავდგე და საკუთარ გულისხმას გავყვე, რომ წავიდე თუ ეს მსურს, და დავრჩე თუ ეს მენდომება. რომ ჩემი აქ ყოფნა მხოლოდ საკუთარ სურვილზე იყოს დამოკიდებული. რომ ვნახო ის , რაც ასე ძალიან მინდა.
_ შენ თავისუფლება გინდა, თუ ამაოებისგან გაქცევა?_ იცინის ირონიულად._ და წარმოგიდგენია მაინც რას ითხოვ? ასე ადგები და ყველას და ყველაფერს დათმობ ამ თავისუფლების სახელით? გგონია ამას შეძლებ?
_ მე რომ ვამპირი ვიყო, ადამიანებზე უფრო საინტერესო რამეს მოვნახავდი!_ ვბურტყუნებ უკმაყოფილოდ.
_ამბობ, რომ სხვა საქმე გექნებოდა, მეტად საინტერესო, ვიდრე ადამიანებია.
მესმის, ეს ნორმალურია, მაგრამ დაფიქრდი, შენი დრო შეიცვლება, არ იჩქარებ, აღარ იტყვი წლები გადის, რადგან დრო მოსვლას დაიწყებს, თუ არ გსურს დღეს, ხვალ გააკეთებ.
ყველაფერს მარტო მოახერხებ, მაგრამ ინტერესი არ მოგასვენებს. იმიტომ არა, რომ მართლა გაინტერესებს, იმიტომ რომ ამის დრო გექნება.
სადაც არ უნდა წახვიდე, სრულიად მარტო ყოფნა ფუჭი მოგეჩვენება. სხვადასხვა ადგილების ნახვა გსურს, ერთი წელი, ორი, სამი, ათი და გაჩერდები. ახლა არჩევანი მაინც გაქვს. დააფასე ეს.
ეს ყველაფერი ვარაუდია, შეიძლება ვამპირები სხვაგვარად იქცევიან._ უცნაურად სევდიანია ახლა. თითქოს ნამდვილად იცის, რასაც ამბობს.
_ შენ მასე ხარ? დაიღალე და გაჩერდი?_ ვეკითხები და ვიცი არ მიპასუხებს._სინამდვილეში ეს ყველაფერი შესაძლებლობების პროპორციულია. თუ დღეს, შენ რომ არჩევანს ეძახი, ის მაქვს, მე სინამდვილეში ჩემს მაკრო სამყაროს ვერ გავცდი. რატომ ხდება ასე?! დრო გადის? გავიდეს მერე. მოდის? მოვიდეს. შენ ვერ ხვდები, რომ ამ ცხოვრებაშიც საკუთარ ადგილს ვერ ვპოულობ. სანახავს რა დალევს? სამყარო მუდმივად იცვლება. ინტერესს რა დალევს, ამდენი რამაა წინ. მაგრამ მელანქოლია ჰოო, ეს ტუნიკოს (ფორტუნა, რუმის ამბიდან) პატარა ონავარი ბორკილი. რამდენი წელი დაგჭირდა, რომ დანაღმული ველის ამ კონკრეტულ მინაზე დაგედგა ფეხი? რა მნიშვნელობა აქვს სად ვარ საკუთარი არსებობით, თუ ეს არ მაკმაყოფილებს. რატომ არ შეიძლება, თუ ეს შესაძლებელია, რომ ცოტა ლამაზად და ცოტა თავისუფლად მაინც ვიყო უკმაყოფილო!
ისე მიყურებს, მგონია რომ ვებრალები. ალბათ ესმის ჩემი. ჰოო, მას ესმის, სხვებს არა. მან იცის რასაც ვამბობ, მაგრამ იმ შესაძლებლობას, რაც მსურს, საჩემოდ არ თვლის. მან უკვე გადაწყვიტა, რომ ეს მე არ მჭირდება. თუმცა არ ვიცი რატომ რაც არ უნდა ვუთხრა, ეს ვერაფერს შეცვლის. ვხვდები, რომ ჩემი დრო იწურება. ვხვდები, რომ მალე ისევე გაქრება, როგორც მოვიდა. მე არაფერი ვარ მის მარადისობაში და საქმე ჩემში კი არა_ მასშია. და ისევ მტკივა გული. მე ის ვიპოვნე! ვიპოვნე და ამის დათმობა არ მსურს! ეგოისტურად არ მინდა წავიდეს. არ ვიცი ის როგორ ხედავს საკუთარ თავს, მაგრამ ჩემთვის სასწაულია. ამ უღიმღამო დედამიწაზე სულ პაწაწუნა ნამდვილი ზღაპარია. თითქოს მისი არსებობა რაღაც ახალ ჰორიზონტს შლის. რომ ყველაფერი სხვანაირადაა! არა ისე, როგორც მაიძულეს დაჯერება.

_ და შენი ნიჭი? ამაზე როგორ თქვი უარი? რატომ აღარ უკრავ? რატომ არაფერს ქმნი? თავიდან ხომ აღფრთოვანებული იყავი ამით? ნუთუ ესეც მოგბეზრდა?
_ და ეგ შენ როგორ წარმოგიდგენია?_ იცინის მხიარულად. _ რაღაც დროის მერე ეგეც გბეზრდება, ყურადღებაც, ინტერესიც. ჰოო, მოსაბეზრებელია, მით უფრო მსგავსად ყოფნა, ვგულისხმობ ყურადღების ცენტრში ყოფნას.
ამიტომ საკუთარი სიამოვნებისთვის უნდა აკეთებდე იმას, რასაც აკეთებ და მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, როგორს, რამდენს და როდის.
_ ეგ ეგოისტობაა!_ ვპასუხობ ბრაზით.
_ მაგის უფლება მაინც დაგვიტოვეთ ჩვენ ეგოისტ დემონებს თქვენ, ამდენად არაეგოისტმა წმინდა სულის ადამიანებმა!_ აშკარად დასცინის მთელ ადამიანთა მოდგმას.
_ ერთით მეტი, ერთით ნაკლები! რა დაშავდება?_ კვლავ ვაპარებ მე საკუთარ სურვილს._ ადამიანის სიცოცხლე ზედმეტად მყიფეა და არა სტაბილური, მე კიდევ შენთან მეგობრობა მინდა. დიდხანს მეგობრობა.
_შემოვლითი გზით ცდილობ თანხმობის მიღებას?_ მართლა ხალისობს.
_ არა!_ გულზე ხელებს ვიჯვარედინებ. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, არ უნდა ითხოვო ის , რასაც წინასწარ იცი, რომ არ დაგითმობენ. აქამდე სულ ასე იყო, როცა ვხვდებოდი უარს მეტყოდნენ, თავადვე ვამბობდი ჯიუტად, რომ არ მჭირდებოდა, მაგრამ ახლა მზად ვარ შევეხვეწო, გავუცვალო, დავუთმო, არ ვიცი! მზად ვარ ჩემს პრინციპებს ხელი ვკრა, მაგრამ თვალებზე ეტყობა არასდროს დამთანხმდება. მიზეზი მაინტერესებს. რატომ ამბობს ამაზე უარს? ნუთუ საკმარისად კარგი არ ვარ? ან საკმარისად გონიერი? ან საკმარისად არ მსურს? რა არის მიზეზი? ვითომ ჩემს სულზე დარდობს? თუ საკუთარზე? ვერ ვიგებ. ლამისაა ვიტირო, ისე მწყინს ეს ჯერ კიდევ უთქმელი უარი.
_ ნახე თენდება!_ ფანჯარას გაჰყურებს. და არ მინდა, რომ გათენდეს. ვხვდები განთიადი თან წაიღებს ამ ამბავს. წაიღებს და სხვა იდუმალი ღამეებივით დაუჯერებელ ნისლში გამოახვევს და ხვალ ალბათ არავინ დამიჯერებს.
_ ჩემი დრო იწურება არა?_ ვამბობ სევდიანად და ხმადაბლა.
_ ჰოო! განა საკმარისი არ იყო?_ თვალებში არ ვუყურებ. არ მინდა დაინახოს, რომ ასე არ მეთმობა. რომ არ მყოფნის, რომ მისი გაშვება არ მსურს.
_ არა , არ იყო საკმარისი!_ ვამბობ და ხავსს ვებღაუჭები._ ისევ გნახავ?
_ პირობას ვერ დავდებ! ან კი, ან არა! _ ისე უბრალოდ ამბობს, რომ მისთვის ეს არაფერია. მე კი მინდა მასაც უნდოდეს ჩემი ნახვა, მაგრამ რა მაქვს მე? რით დავაინტერესებ? ჩემნაირი მილიონია, მისნაირი... არ ვიცი, ალბათ არავინ.
_ შეიძლება დავრჩე?_ ვეკითხები და ვფიქრობ, რომ სასწაულის გამორიცხვა არ შეიძლება. თუმცა, რა თქმა უნდა, სასწაულები მისი ინტერესის სფერო არაა. თვალს არ მაცილებს და ისევ უცნაურად იღიმის.
_ ერთ სურვილს ამისრულებ?_ ვეკითხები და თვალს ვუსწორებ.
_ მითხარი და დავფიქრდები!
_ დაუკარი ჩემთვის!
_ ეს სურვილია, თუ კაპრიზი?_ იცინის მხიარულად. და ვატყობ რაღაცას ელოდება. სწორ კითხვას, სწორ პასუხს, სწორ სურვილს.
_ კაპრიზი!_ ვამბობ ჯიუტად.
_ ჰოო, მაშინაც კაპრიზი არჩიე!_ მპასუხობს კმაყოფილი ღიმილით. დგება და ხავერდ ამოკრული შალითიდან ქვიშისფერ ვიოლინოს იღებს. ნელა იდებს მხარზე, ხემს იმარჯვებს და სიმებს ისე ეხება თითქოს ხელში ჯადოსნური ჯოხი ეკავოს ჩემი სურვილის ასასრულებლად.
_ შენი კაპრიზი კანონია ქალბატონო!_ მეც და თითქოს წარსულის ლანდსაც ერთად გვიკრავს თავს და დაკვრას იწყებს. ეს მელოდია არაა, მართლაც ჯიუტი ქალი კაპრიზია.... არ ვიცი საიდან მოსულ ნისლში იძირება სამყარო...
თვალს სასტუმროს ნომერში ვახელ.
ჯერ გაოცებული ავყურებ უცნობ ჭერს. ვერ ვხვდები სად ვარ. შემდეგ გონს მოსული და გამოფხიზლებული სწრაფად ვჯდები საწოლზე. ოთახს ვათვალიერებ და უკმარისობის განცდა მიტანს. უმწეობის და სიბრაზის გრძნობა ყელში მიჭერს. თვალები ცრემლით მევსება.
_ რა მოხდა? რა გჭირს?_ მეკითხება ჩემი და და ჩემს გვერდით ჯდება.
_ არაფერი, სიზმარი ვნახე!_ თავს ვაქნევ მასზე ნაწყენი. _ რა მოხდა გუშინ? არ მახსოვს, როგორ მოვედი ნომერში.
_ არ ვიცი, ისე დავთვერით მე და ლინდა პატრონს ვერ ვცნობდით!_ იცინის სალი. _ მაგრამ შენი ფეხსაცმელი რას აკეთებდა შადრევანთან?
მეკითხება და ეს კითხვა გამქრალ მოგონებას მიცოცხლებს. საკუთარ შიშველ ტერფებს დავყურებ. ნეტავ შეეძლოთ მოყოლა, იმის თუ სად იარეს წინა ღამეს. ნეტავ მისკენ გზის გაგნება შეეძლოთ.....
ნეტავ......
მეორე დღეს ვბრუნდებით სახლში. მაგრამ რატომღაც ისეთი გრძნობა მომყვება, თითქოს სახლს ვტოვებდე.
თვალებს ვხუჭავ და ყურსასმენს ვიკეთებ.
_შენი კაპრიზი კანონია ქალბატონო..._ ჩამესმის მისი ხმა, რომელიც იქნებ სულაც მესიზმრა და იქნებ არც არასდროს მსმენია.....

დასასრული

ვე რა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent