მწვირე (თავი II)
კაბინეტიდან გამოსულს ნიკო შეეჩეხა კიბეებთან. მოაჯირს მიყრდნობოდა მამაკაცი და ქვედა სართულებზე მომუშავე ოფიცრებს უყურებდა. ნაბიჯების გაგონებისთანავე შეტრიალდა მარიტასკენ. გოგონას დანახვისას წარბები აზიდა და მის სხეულს მოავლო თვალი. არ გაჩერებულა მარიტა. მტკიცე ნაბიჯებით დაიძრა კიბისკენ, საკუთარი ნივთები უნდა აელაგებინა მაგიდიდან.მსუბუქი ნაბიჯებით აედევნა უკან ნიკოც და მარიტას გორგოლაჭებიან სავარძელში ჩაესვენა. - სიმართლე გითხრა, დიდი შთაბეჭდილება მოახდინე ჩემზე. იმასაც ვფიქრობ, რომ ჩემს პირად დაცვად დაგნიშნო. - ქვევიდან ახედა გოგონას, შემდეგ მძიმე სანათს შეხედა, მარიტას რომ ეჭირა ხელში. ალმაცერად გახედა გოგონას. თავდაცვისთვის მოემზადა. - გეგონა, ჩარტყმას გიპირებდი? - წარბაწეულმა შეხედა კაცს და მის დასანახად ჩადო სანათი ყუთში. თავიდან, მის სავარძელში რომ ჩაჯდა, კი იფიქრა ჩარტყმაზე, მაგრამ გადაიფიქრა. მაინც ეწყინა უნდობლობა. მსუბუქად ჩაახველა ნიკომ, სავარძელი რამდენიმე მეტრის მოშორებით გააგორა და ისე გააგრძელა ყურება. რამდენიმე წუთში მოაგროვა ნივთები. ყუთის აღებას აპირებდა, კართან მდგარ ნიცას რომ მოჰკრა თვალი. - შეიძლება იქითა ოთახში გამოხვიდე? - უხერხულად აიწყურა გოგონა, ხელით ანიშნა ოთახისკენ და სწრაფი ნაბიჯებით შევიდა შიგნით. ნერვიულობისგან ხელები წამით ჰაერში გაუშეშდა. ყველასთან პირისპირ დასადგომად ზედმეტად მხდალი იყო. ტუჩები ნერვიულდ მოიქცია კბილებს შორის, ხელები მჭიდროს მომუშტა და კარისკენ წავიდა. - აქ დაგელოდები! - კართან დაეწია კაცის სიტყვები. გაკვირვებულმა გაიხედა უკან, აღარც ახსოვდა, რომ ისევ იქ იჯდა ნიკო. ოთახში დახვდა ოთხივე მეგობარი. სირცხვილისგან სახე აეწვა, ვერცერთს შეხედა სახეში. სანამ რომელიმე ხმას ამოიღებდა, თვითონ დაასწრო. - ბოდიში! ვერ გავიაზრე რა მდგომარეობაში გაყენებდით ჩემი საქციელის გამო. გუშინ ვერც მოვტვინე მდგომარეობის სიმძიმე. ამიტომ… ბოდიში. ვერაფერი თქვეს. მგონი პირველად ესმოდათ მარიტას პირიდან წამოსული “ბოდიში”. შეცბუნებულებმა გადახედეს ერთმანეთს. ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა თამთა, ჩახუტებას აპირებდა, მარიტამ ხელები რომ აწია. - ძალიან გთხოვთ, დრამები არ გვინდა. ისე განიცდით,თითქოს ვკვდები.- უხერხულად გადახედა თამთას და ლუკას, შემდეგ ნიცას, - ბოდიში, რომ შეგაშინე. ოთახში მარტო დატოვეს ირაკლი და მარიტა. სკამზე დაჯდა გოგონა და ღრმად ჩაისუნთქა. წინასწარ ემზადებოდა ირაკლის სიტყვებისთვის. - ადრე… ვიფიქრე, პატარაა, ჯერ ენერგიითაა სავსე, ცოტახანში მიხვდება, რომ ასეთ სიტუაციებში თავი უნდა შეიკავოს-თქო. ცოტა ხნის წინ იმ კაცმა რომ დაგჭრა და დღემდე პალატაში წევს, ვიფიქრე თავს იცავდა, ტკივილის გამო თავი ვერ გააკონტროლა და ზედმიტი მოუვიდა-თქო. გიორგაძე მოვიდა ჩემთან, გაიგო ეგ ამბავი. - ნაცნობი გენერალ-მაიორის გვარის გაგონებაზე სხეული ერთიანად დაეჭიმა მარიტას, თან აქეთ-იქით დაიწყო ყურება, თითქოს რაღაცას ეძებსო,- იცოდა, პირველი შემთხვევა რომ არ იყო. მითხრა, ან სანამ დროა მოიშორებ მაგ ბავშვს, ან შენზე გადმოვლენო. ვეხვეწე. მეორედ ასეთი რამ არ მოხდება-თქო. საბოლოოდ, მაინც დაგტოვეს.- ნერვიულად მოისვა თავზე ხელი ირაკლიმ. ხმა ვერ ამოიღო მარიტამ. ბოდიში მაინც ვერაფერს შეცვლიდა. გამომშრალი ტუჩები ენით დაისველა, სკამიდან ადგა და ოთახიდან გავიდა. კართან შეჩერდა, რამდენიმე წამით დაფიქრდა, რისი თქმა იქნებოდა ახლა ყველაზე გონივრული. რისი მოსმენა უნდოდათ სხვებს. - მადლობა ყველაფრისთვის! გპირდები, რომ არც ჩემი წარსული ქმედებები და არც მომავალი შენზე გავლენას მოახდენს. ისევ იმ ადგილას დახვდა ნიკო. ამრეზით აათვალიერა თავიდან ფეხებამდე კაცი. გარეგნულად ვერაფერს დაუწუნებდით, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა გოგო. - ეგ ყუთი თვითონ აიდგამს ფეხს?! - ოთახში არც შესულა, ისე უთხრა,თან თავით ყუთისკენ ანიშნა. დაბნეულმა ჯერ გოგონა აათვალიერა, ვერ გაეგო ვის ესაუბრებოდა, შემდეგ ყუთს გახედა. ჩუმად ჩაიცინა, მაგრამ მაინც აიღო მაგიდიდან და მარიტასკენ დაიძრა. - სახლში მე გაგიყვან. - მიაძახა წინ წასულს. კიბეებზე ჩადიოდა მარიტა ქვევით მდგარი მამაკაცის ღიმილიან სახეს რომ მოჰკრა თვალი. ესღა აკლდა. - გავიგე სამსახურიდან გაგაგდეს! - სიცილით თქვა გიორგიმ, - ძალიან მეწყინა! - სამსახურის შემდეგ ისევ შეყვარებულთან მიდიხართ თუ ცოლთან, ყ*ეო? - დამცინავი ღიმილით უპასუხა მარიტამაც. გული სიხარულით აევსო სახეწაშლილი მამაკაცის დანახვისას, - რას მიყურებ დებილივით? თითქოს მთელმა თბილისმა არ იცოდეს. შენობის წინ იყო გაჩერებული ნიკოს მანქანა. შორიდანვე იცნო და არც დალოდებია მამაკაცს,ისე დაიძრა “მერსედესისკენ”. რამდენიმე წუთი მოიცადა, სანამ მანქანას გზაზე გაიყვანდა ნიკო. ბოლოს ვერ მოითმინა და მისკენ შეტრიალდა. - რაზე ისაუბრეთ მე რომ გამაგდო ოთახიდან? - არ მგონია მაგის თქმის უფლება მქონდეს. - უპასუხა წარბშეკრულმა. - მაშინ ხომ მითხარი, მოგიყვები ყველაფერსო?! - ხელი დაადო მაჯაზე, და შეეცადა რაც შეიძლება საწყალი თვალებით შეეხედა მისთვის. ტაქტიკის შეცვლა მოუწევდა. ვერაფერი უპასუხა ნიკომ. რამდენიმე წუთში მიხვდა მარიტა, არაფრის თქმას რომ აპირებდა და ხელი უხეშად მოაშორა. აქამდე სამსახურის მეშვეობით შეეძლო აქეთ-იქეთ წოწიალი, ისეთ საქმეებში ცხვირის ჩაყოფა, სადაც მისი ადგილი არ იყო.ახლა კი… მგონი ყველაფერი გააფუჭა. სადარბაზოს შესასვლელთან გაჩერდა მანქანა. - ყავას არ დალევ? ან ჩაის… -თბილად გაუღიმა ნიკოს, თან პასუხის მიღებამდე გადავიდა მანქანიდან და სადარბაზოსკენ ნელი ნაბიჯებით დაიძრა. უცნაური მზერით აათვალიერა კართან მდგომი ქალი ნიკომ. მისი ღიმილის დანახვისას არ იცოდა რა ეფიქრა. ნელა გააღო მანქანის კარი და ყუთსაც დაავლო ხელი. სადარბაზოში შესულს უკან გაყვა. ჩუმად იმგზავრეს ლიფტით, ხმა არცერთს ამოუღია. - მისაღებში მაგიდაზე დადე. - სახლში შესვლისას ხელით ანიშნა მაგიდისკენ მარიტამ, - ყავა? ჩაი? - ყავა. უშაქრო. - უპასუხა ყოყმანით. წამით იფიქრა, შეიძლება რამე ჩამიყაროსო, მაგრამ ამის გაფიქრებაზე საკუთარ თავზე გაეცინა. ორი ჭიქა დადო მაგიდაზე მარიტამ. თბილად შეხედა კაცს, თან ყავის სმა დაიწყო. - შენ და თაკო აქ ცხოვრობდით? - უხერხული სიჩუმის გაფანტვა უნდოდა ნიკოს. - არა, ის სახლი გავყიდე. კიდევ რამდენიმე წუთი აცადა მარიტამ, შემდეგ ჭიქა მაგიდაზე დადო და დივანზე, ნიკოს გვერდით გადაჯდა. - მაშინ რომ მითხარი, დიმიტრიზე გეტყვიო, რის თქმას აპირებდი? - კითხა წარბაწეულმა. მარიტას სახის დანახვისას დაიბნა, შემდეგ ეჭვით აათვალიერა მისი სახე. - ჰმ… ლევანს არ უთქვამს, რომ შენთვის არაფერი მეთქვა, ამიტომ… დიმიტრი ვაჟას ახლო მეგობარია…იყო. ბიზნეს-პარტნიორებიც იყვნენ. “ვიღაცამ” ხმა მიაწვდინა დიმიტრის უფროსებს მისი არაკეთილსინდისიერების შესახებ. - ბოლო წინადადება ღიმილით წარმოთქვა ნიკომ. ნათელია, ვინ იყო ის “ვიღაც”, - უფროსები ძალიან გაუბრაზდნენ. გაიგეს, რამდენ მილიონს “ტეხავდა” დიმიტრი. დრო მისცეს დასაბრუნებლად, მაგრამ მაინც ვერ შეძლო თანხის მოგროვება. ხოდა, თავიდან მოიშორეს. საწყალი, არადა რამდენს სთხოვა დახმარება.- აიჩეჩა მხრები უდანაშაულომ. - …ანუ ცდილობ ვაჟას ყველა ჩამოაცილო, რომ აქ დაბრუნდეს. - ზუსტად! - და რა იცი რომ აქ დაბრუნდება? - იმიტომ, რომ სხვა გზა არ ექნება. - თვითკმაყოფილი ღიმილით უპასუხა კაცმა, თან ისეთი ტონით, თითქოს თითის ერთი აწევით შეეძლო მაგის გაკეთება. ეჭვით ახედა მარიტამ. პეტროვი საკმაოდ გავლენიანი ადამიანი იყო, ამიტომ ყველას ამხედრება მის წინააღმდეგ, საკმაოდ ძნელი იქნებოდა. კარგად ვერ შეაფასა მის წინ მჯდომი. - მაგრამ… მახარაძესაც კარგი კავშირები აქვს. მხოლოდ დიმიტრის სიკვდილის გამო აქ არ ჩამოვა, მის გარდა ჰყავს კიდევ ბევრი მფარველი. ერთხანს უყურებდა მედიდურად მჯდარ კაცს, თან ფიქრობდა შემდეგ გეგმაზე. ჯერ-ჯერობით დამოუკიდებლად ვერაფერს გააკეთებდა, უნდა მოეცადა. დაღლილობისგან ვეღარ ფიქრობდა, სწრაფად დაემშვიდობა ნიკოს და თავით კარისკენ ანიშნა. - რომ მითხარი, ყავაზე ამოდიო, არ მეგონა მართლა მაგას თუ გულისხმობდი! - ბუზღუნით ადგა დივნიდან და კარიკენ დაიძრა. რამდენიმე წუთი დასცქეროდა ტელეფონის ეკრანს. ამდენს რას ფიქრობა? გვანცა მის თვალწინ გაიზარდა. “გშია?” ყოველ წუთს ამოწმებდა პასუხს. 10 წუთის შემდეგ წრეებზე სიარულიც დაიწყო. “ამდენი ხანი რას ელოდება?”, ფიქრობდა გაღიზიანებული. ბოლოს მაინც ვერ მოითმინა, თვითონვე გაუგზავნა შემდეგი შეტყობინება. “ გშია თუ არა. ნახევარ საათში შენთან ვიქნები და ჩამოდი.” დათქმულ დროს გააჩერა მანქანა სადარბაზოსთან, გვანცაც 3 წუთის შემდეგ ჩამოვიდა და უხმოდ ჩაჯდა მანქანაში. არც გამარჯობა უთქვამს, არც მარიტასთვის შეუხედავს. გაურკვევლობისგან წარბები შეჭმუხნა მარიტამ.პირიქით, თვითონ უნდა ყოფილიყო ცხვირაბზუებული და არა გვანცა. - მეჩვენება თუ ჩემზე ნაწყენი ხარ?! - მკაცრად ჰკითხა გოგონას. - არა, უბრალოდ დაღლილი ვარ.- უემოციოდ უპასუხა მანაც. მაინც არ შეხედა ზედ, გზას უყურებდა. პასუხი აღარ გასცა, არ უნდოდა ზედმეტი თავისტკივილი. მთაწმინდის გზას დაადგა. დილით მოუნდა “პონჩიკები” და ფუნიკულიორზე ასვლას აპირებდა ამის გამო. შენობაში არ დასხდნენ, ქაღალდში გახვეული ფუნთუშა დააჭერინა გვანცას და სკამისკენ მიუთითა. ცეცხლის ალივით აწითლებულიყო თბილისის ცა. ხმა არცერთს ამოუღია, ჩუმად გაჰყურებდნენ გელისგულზე გაშლილ ქალაქს, თან გემრიელად მიირთმევდა მარიტა ფუნთუშას. - ჭამე! - ჩუმი, მკაცრი ხმით მიუთითა ხელუხლებელი ქაღალდის პარკისკენ. მაინც არ გამოძრავებულა ახალგაზრდა გოგონა. თვალების ტრიალით მიტრიალდა მარიტა მისკენ, - რამე გაქვს სათქმელი? - … არა. - ჩუმად გასცა პასუხი და ფუნთუშა ჩაკბიჩა. - გამჭორე იმ შენს ფსიქოლოგთან? - კი.- მარიტას კითხვამ შეაკრთო. “რა თქა უნდა, გაიგო. ალბათ თვითონ შეარჩია ის ფსიქოლოგიც.”, გაიფიქრა გვანცამ. - მე შეგირჩიე. - დაუდასტურა ფიქრები, - მაგრად აქებენ მაგ ქალს. კიდევ რამდენიმე წუთი ელოდა, სანამ გვანცა ფუნთუშას ჭამას დაასრულებდა. - გამლანძღე? - მაინც სცადა ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება. - … მაინც არ გამომივიდოდა. ლექცია ჩამიტარა, “რა იყო მიზეზი შენი ქმედებისა”.- ეცადა ხმა იმ ქალისთვის მიემსგავსებინა, მაგრამ წარუმატებელი მცდელობისგან სახე აეწვა. - ვაა! - კმაყოფილი ღიმილით წამოიყვირა, - I feel appreciated! ისე, მეც ხომ არ მივიდე მაგასთან ?!საბოლოო შეკითხვა! ვისგან ყიდულობდი?! იმ ლაწირაკისგან? - ღიმილით გახედა გვერდით მჯდომს, თან გარემოც შეამოწმა. მარიტას და გვანცას გარდა არავინ იყო, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დალანდა ათეულობით მეტრის მოშორებით. ხმამაღლა ამოიხვნეშა გვანცამ. მაინც ვერ გაექცეოდა შეკითხვას. მარიტა ყოველთვის ასეთი იყო, ყველაფერი უნდა სცოდნოდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა მასთან კავშირში იყო თუ არა. უბრალოდ, უნდა სცოდნოდა! გადაწყვიტა სიმართლის თქმა გვანცამ, სხვა გზა მაინც არ ჰქონდა. - დაიჭერთ? გოგონას კითხვის გაგონებისას, თავი ვერ შეიკავა მარიტამ. ხმამაღლა, თითქოს ძალით აკისკისდა, შემდეგ გვანცას შეხედა ცრემლიანი თვალებით. - უი, ის არ მითქვამს, სამსახურიდა რომ გამომაგდეს? - რა? ჩემ გამო? - შიშისგან სკამიდან ადგა და წინ დაუდგა. - ჰა? რა შენ გამო. არა, კაცო, ერთი პრო*ი ვცემე და მაგიტომ. - მსუბუქად ჩაიქნია ხელი მარიტამაც. რამდენიმე წუთი უყურებდა მარიტას გვანცა. გაოცებისგან და გაურკვევლობისგან წარბები შეეჭმუხნა და პირი დაეღო. შემდეგ ისევ იგივე ადგილს დაუბრუნდა და სახეზე ჩამოისვა ხელი. - ერთი ჩემი კურსელი ბიჭია. იმ დღეს, კლუბში, დაუჭერიათ. დედა და მამა რომ შორდებიან გაიგე? ეს კი ნამდვილად არ იცოდა მარიტამ. გაკვირვებულმა გადახედა გვერდით მჯდომს. - არა, არაფერი უთქვამთ. - იმედია სწრაფად დაამთავრებენ. უკვე ტვინი წაიღეს.- მსუბუქად დაჰკრა ფეხსაცმლის წვერი მიწას,- ჩემთან არაფერს ამბობენ, მაგრამ უკვე კარგა ხანია ჩხუბობენ… ხოდა, უნივერსიტეტმაც და სამსახურმაც დედა მი*ტირა. “იმენა” ტრა*კში ვიყავი ის პერიოდი. რამდენჯერმე მოვხვდით მე და ის ბიჭი კლუბში, ხოდა გამასინჯა. ხშირად არ ვიყენებდი, ჰა, თვეში ერთხელ, მაგრამ… ხმა აღარ ამოუღია მარიტას. არც სახლში რომ მიიყვანა გვანცა. მშვიდად დაემშვიდობა და საკუთარ სახლში დაბრუნდა.თავში მხოლოდ საკუთარი სიტყვები უტრიალებდა. ის სიტყვები, ნატალის რომ უთხრა: “22 წლის… ალბათ, ცოტა ხნის წინ გაუსინჯა ნარკოტიკებს გემო. ალბათ, უნივერსიტეტი, გამოცდები სტრესავდა. თან მუშაობდა კიდევაც. ალბათ, ძალიან იღლებოდა.” გაუაზრებლად აიღო ტელეფონი ხელში და ტექსტი სწრაფად აკრიფა. “კიდევ ერთხელ რომ დააკარო ხელი…“ ტექსტის გააზრებისას სწრაფად გააჩერა ხელი. ნერვიულობისგან აკანკალებული ხელი სახეზე ჩამოისვა, ტექსტი წაშალა და ისევ ახლიდან დაიწყო. “გთხოვ, კიდევ ერთხელ მსგავსი რამ არ გააკეთო”. გულზე უცნაური სიმძიმე იგრძნო. გვანცას რამე რომ მოსვლოდა, ერჩივნა ჯერ თვითონ მომკვდარიყო. კიდევ ერთხელ გახსნა მიმოწერა. “მაგრამ თუ მსგავსი რამ კიდევ მოხდება, აუცილებლად მითხარი <3“ - ადექი სწრაფად! - სალათის დანახვისას, სწრაფად ადგა მის წინ მჯდარი ნიკო. რამდენიმე დღე სახლში იყო გამოკეტილი მარიტა, ესიკვდილებოდა გარეთ გასვლა. საბოლოოდ, საღამოს ისევ იმ კაფეს ესტუმრა, რამდენიმე თვის წინ რომ შეხვდა ჭავჭვაძეს. მიმტანს აძლევდა შეკვეთას,მამაკაცმა რომ შეამჩნია და მისკენ დაიძრა, თან მიმტანსაც უთხრა,მეც იგივე მომიტანეთო და სკამზე კომფორტულად მოთავსდა. - თუ არ გინდოდა, სხვა რამ შეგეკვეთა. - უთხრა წარბაწეულმა. - იქით კარგი რესტორანია. - ხელით ანიშნა მოპირდაპირე ქუჩაზე, თან მსუბუქად მოხვია ხელი მკლავზე და სკამიდან მარიტაც ააყენა. თვალების ტრიალით გაჰყვა მამაკაცს. ზედმეტად დაღლილი იყო სცენების მოსაწყობად. იმისდა მიუხედავად, რომ შენობა თითქმის სავსე იყო და მარიტაც დარწმუნებული იყო, რომ მაგიდის წინასწარ დაჯავშის გარეშე ვერ დაჯდებოდნენ… ნიკოს დანახვისას ღიმილით მიაცილეს მოშორებით მდგარი მაგიდისკენ. დაჯდომისთანავე შეუკვეთა ორი სტეიკი და ერთი ბოთლი წითელი ღვინო, თან კმაყოფილმა გახედა მარიტას. - სიახლეები არ გაინტერესებს? - ჩუმად შეეკითხა ნიკო. დანარჩენებისგან მოშორებით ისხდნენ, ვერც ხედავდნენ სხვები, მაგრამ მაინც ხმადაბლა ჰკითხა, თითქოს უნდოდა მათ შორის ჩამოწოლილი მშვიდი აურა უცვლელი დაეტოვებინა. - რა სიახლე? რამდენიმე დღის წინ არ გნახე? - უკმეხად ახედა მარიტამ. - კი, მაგრამ რაღაც გეგმები გვაქვს. - ყურის მოსრესვის გადაწვა სკამზე კომფორტულად, თან წინადადება აღარ გააგრძელა. უნდოდა მარიტას წამოეყენებინა ინიციატივა. ხმას არ იღებდა მარიტა. ნიკომაც უკმაყოფილო სახე მიიღო მისი დანახვისას. ჩუმად გაგრძელეს ჭამა, თან წარა-მარა თვალს აყოლებდა გოგონას. უნდოდა ინტერესი გამოეხატა მარიტას. ბოლოს მაინც ვერ მოითმინა და დანა-ჩანგალი თეფშზე დააბრუნა. - შაბათს ვახშამია დაგეგმილი. არ გინდა წამომყვე? - შენთან ერთად მე რა მინდა ვახშამზე? - გაკვირვებულმა და შეურაცხყოფილმა ახედა კაცს. - ბევრი ცნობილი ადამიანი იქნება, მოგეწონება! - სახე დაუსერიოზულდა ნიკოსაც. მისი სახის დანახვისთანავე მიხვდა მარიტა, რომ ჩვეულებრივ ვახშამზე არ პატიჟებდა. რამდენიმე წუთი ფიქრობდა. ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილა. ასე მალე ხალხმრავალ ადგილას გამოჩენა… განსაკუთრებით ნიკოსთან ერთად. ყველაფერი კიდევ უფრო რომ გაეფუჭებინა… ნამდვილად აღარ აპატიებდნენ. - არ მცალია. “დღეს გცალია?” ნაცნობი ნომერიც დანახვისას, სწრაფად დავლო ხელი ტელეფონს. იმ დღის შემდეგ არც ულაპარაკიათ. სწრაფად აკრიფა პასუხი. “ვითევზაოთ.” დილის 5 საათი იყო სახლიდან რომ გავიდა. ფონიჭალასაც გასცდა და მტკვრის მარცხენა მხარეს გადავიდა. რამდენიმე წუთში მიადგა ლოჭინის, ე.წ “პატრიარქის ტბებს”. ღიღინით ამოიღო ანკესი მანქანის საბარგულიდან, ადგილი შეარჩია და გასაშლელი სკამიც დადგა. რამდენიმე წუთი ელოდებოდა ირაკლის, თან არემარეს ათვალიერებდა. მის გარდა კიდევ რამდენიმე ადგილას იჯდნენ მეთევზეები. ჯერ მანქანის ხმა გაიგო მოშორებით, შემდეგ ირაკლიც გვერდით მიუჯდა,თან სადოკიც იქვე დადო. სადოკის დანახვაზე გაეღიმა მარიტას. მაინც არ აპირებდნენ თევზების დაჭერას, დეკორაციად კი გამოდგებოდა. - ჩემ გარეშე მოიწყინეთ? - ეჭვიანი სახით გადახედა გვერდით მჯდომს. კითხვის გაგებისას უცნაური ხმა გამოსცა ირაკლიმ, თითქოს დასცინა გოგონას და უცნაურად გახედა. - ასე მშვიდად არასდროს გვიმუშავია. მარიტამ წყენისგან ტუჩები აბზიკა. არ მოეწონა პასუხი,საშინელი “FOMO”-ს გრძნობა მოაწვა (FOMO-რაღაცის გამოტოვების შიში).მობეზრეულმა გააქნია თავი, თან მათგან საკმაოდ მოშორებით მსხდომებს გადახედა. ერთი ადგილას ორი ნაცნობი, დაახლოებით 35 წლამდე მამაკაცი იჯდა. ქუდების გამო მათ სახეს ვერ ხედავდა. სადოკი ედოთ სკამებს შუა. მარიტას მისვლამდე მათ უკვე დაეკავებინათ თავიანთი ადგილი. ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო მარიტამ სიგარეტის კოლოფი და სანთებელა, შემდეგ ირაკლისაც გაუწოდა და მეზობლების ცარიელ სადოკს გადახედა. მათგან მოშორობით შუახნის მამაკაციც იჯდა, რომლიც მარიტას მისვლიდან 10 წუთში მივიდა. მის სადოკსაც გადახედა. რამდენიმე პატარა თევზი ჰყავდა კაცს დაჭერილი. - სათევზაო ადგილი არ შევცვალოთ? - წარბაწეულმა გადახედა ირაკლის, - ვეღარ ვიჭერთ ამ ტბაში თევზებს. მძიმედ ამოისუნთქა ირაკლი, მარიტას ნაცვლად ანკესს უყურებდა. მიხვდა, მარიტამ კოლეგები რომ შეამჩნია. - აინტერესებდათ სად ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს. შემეხვეწნენ და უარი ვერ ვუთხარი. - მაშინვე თავი იმართლა ირაკლიმ.თითქოს მიხვდნენ მოშორებით მყოფები, სიცილით გადაულაპარაკეს ერთმანეთს და ხელის ქნევით მიესალმნენ მარიტას. - შტერები! ესე, დებილებივით რატომ ზიან? საერთოდ სამსახურში ამდენს როგორ მიაღწიეს? - უკმაყოფილო იყო მარიტა ძმების დანახვით, გაღიზიანებულმა მოისროლა ანკესი მიწაზე. ირაკლიმაც დაკეცა საკუთარი ანკესი და ფრთხილად დადო სკამის გვერდით. ჯიბიდან სიგარეტის შეკვრა ამოაძვრინა. - ვაჟა ჯერ ჩამოსვლას არ აპირებს. ლევანმა ჭავჭავაძის მოსვლისთანავე გააგებინა, მაგრამ კაი ისაა, რომ პეტროვი მაინც მოკლეს.- შესავლის გარეშე დაიწყო საქმეზე გადასვლა, - შაბათს ვახშამი დაგეგმა. ყველანი იქ იქნებიან… - შენც? - არა, მაგრამ უფროსი-კი. აბაშიძეც. იქ ერთი ტიპი იქნება,- ქურთუკის შიდა ჯიბიდან ამოაძვრინა ფოტო და გოგონას გაუწოდა,- ვლადიმერ მიხაილოვი. ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა მოსკოვიდან. ვაჟაზე აპირებს ჭავჭავაძე ინფორმაციის გაცვლას. იმედი აქვს, რომ მიხაილოვიც გაავრცელებს იქ. შენ ჯერ არაფერი გევალება, ამიტომ ეს რამდენიმე კვირა წყნარად იყავი. - … ნიკომ დამპატიჟა მაგ ვახშამზე. - კმაყოფილმა გახედა კოლეგას. - არა, აბაშიძეს თვალებში არ უნდა გაეჩხირო ცოტახანს. - უკმაყოფილოდ გააქნია თავი კაცმაც, თან ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი. - რა მნიშვნელობა აქვს, ისედაც იცის, რომ თაკოს ამ ამბავს ესე მარტივად არ მოვეშვები. რა ვქნა? მაშინ ის საქმეები რომ არ გამომეტანა, მაინც იეჭვებდა. ნიკო ესე მალე არ უნდა გამოჩენილიყო, მთელი გეგმა აგვირია! ვერ ვხვდები, იმან რატომ არ გააჩერა ცოტახნით! - ირაკლის პასუხით გაღიზიანდა მარიტა, უფრო მეტად კი ნიკო აღიზიანებდა. ამდენი შრომა წყალში ჩაუყარა. - ნიკომ კი არა, შენ არიე მთელი გეგმა. - მკაცრი ხმით შეახსენა გოგონა. ირაკლის ხმის გაგონებისთანავე მიყუჩდა მარიტა. რამდენჯერმე ჩუმად გახედა მამაკაცს, აკვირდებოდა, ამბის გახსენებისას გაბრაზდა თუ არა. მისი მკაცრი მზერის დანახვისას, მაინც გაბედა ხმის ამოღება : - კიდევ გაბრაზებული ხარ? - … აღარ. კიდევ რამდენიმე საათი ისხდნენ ასე. ხან მომავალ გეგმებს განიხილავდნენ, ხან მარიტა აძალებდა სამსახურის ამბების მოყოლას, მაინც აინტერესებდა ეს რამდენიმე კვირა რა ხდებოდა. ბოლოს ირაკლიმ ძველებური მობილური ტელეფონი გამოართვა და იგივე მოდელი, მაგრამ ახალი მობილური მისცა. დააბარა, ამის შემდეგ მხოლოდ აქედან მომწერეო და წავიდა. უკვე დილის რვა საათი იყო. ცა კარგად გადაიწმინდა ღრუბლებისგან, სტაფილოსფერი ელფერიც დაკარგა. კიდევ ნახევარ საათს იჯდა მარიტა გაუნძრევლად. მოსწონდა ეს ადგილი. ის მოხუცი მეთევზეც წასულიყო და სულმთლად მარტო დარჩა ტბასთან.ბოლოს სკამიდან ზოზინით წამოდგა, ანკესი დაკეცა და მანქანის საბარგულში უხეშად შეაგდო. მაგიდასთან იჯდა 19 წლის მარიტა. ხან ტელევიზორს უყურებდა, ხან ზურგს უკან იხედებოდა და ფანჯრიდან უყურებდა ჩაბნელებულ ქუჩას. უკვე რვა საათი იყო, თაკოც მალე უნდა მოსულიყო სამსახურიდან. ნახევარი საქართველო ტელევიზორის წინ იყო მოკალათებული, მეორე ნახევარი- პარლამენტის წინ შეკრებილიყო. მთელი ქვეყანა არჩევნების შედეგებს ელოდა. საბოლოოდ უნდა მოეშორებინათ კორუფციითა და სისხლით სავსე წარსული, ამისთვის არ იბრძოდნენ ამდენი წელი? უკეთესი, ღირსეული მომავლისთვის. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ეშმაკის დამარცხება მეორე ეშმაკს სთხოვეს, მაგრამ ჭაობიდა მაინც ვერ ამოვიდნენ. ალბათ ისინიც, ახლა თბილ სავარძლებში რომ არინ მოკალათებულნი და მის დათმობას სიკვდილი რომ ურჩევნიათ, მართლაც უკეთესისთვის იბრძოდნენ. უბრალოდ, ამის შემდეგ გაუგეს სიმდიდრეს გემო და ვერ გაუძლეს ავხორც მიდრეკილებებს. მუცეღმერთობა ხომ ძნელი დასამარცხებელია. ან საერთოდაც, შეიძლება, თავიდანვე იცოდა ყველამ როგორი დახამებულებიც იყვნენ ისინი, მაგრამ ომის დროს ჩვენი მტრის მტერი ხომ ჩვენი მეგობარია. სხვა გზა არც ჰქონდათ. კარის გაღების ხმაზე სწრაფად წამოემართა სკამიდან მარიტა. დას ღიმილით დახვდა შემოსასვლელში და სამზარეულოში გაუძღვა, საკუთარი ხელით გაკეთებული ნამცხვარი უნდა ენახებინა. რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა და იგივე ადგილას დაჯდა, თან რბილ სავარძელში მჯდომ მამას გადახედა და გადასხმის სისტემა შეუმოწმა. - თაკო, ძალიან დაიღალე, მამი? - დაღლილი ხმით ჰკითხა კარში გამოჩენილ შვილს. - ისე რა… - ჩუმად უპასუხა თაკომ და მამას მეორე მხრიდან მიუჯდა. პასუხის მიუხედავად, მაინც შესამჩნევი იყო მისი თვალების ქვეშ სიშავეები,მაკიაჟის სქელი ფენით რომ ცდილობდა დაფარვას. ხმაც სახესავით გადაღლილი ჰქონდა. ვერ გაარჩევდით რომელი უფრო ავად იყო, მამა თუ შვილი, - დაითვალეს ხმები? - ცოტა ხანში. ღამის ათ საათზე გამოცხადდა არჩევნების წინასწარი შედეგები. მმართველი პარტიის დაბალი შედეგით გახარებულების ხმამ მთელი საქართველო ააზანზარა. აღნიშნავდნენ და ერთმანეთს ულოცავდნენ სრულიად უცნობი ადამიანები. ამ სიხარულმა იმდენი ხანი გასტანა, რამდენიც სიხარბეს დასჭირდა სულში ჩასასახლებლად. “ქართველი ისე შეეჩვია მონობას, რომ ბატონის გამოცვლა განთავისუფლება ჰგონია” მთელი კვირა სიჩუმეში გაატარა მარიტამ. მართალი ყოფილა ირაკლი, როცა უთხრა, შენ გასაკეთებელი ჯერ არაფერი გაქვსო. სახლში ჯდომით მაინც დაიღალა. ფაზლების აწყობა და თურქული სერიალების ყურება დაიწყო, შემდეგ კორეულზეც გადავიდა, მაგრამ მაინც ვერ ისვენებდა. მალევე ინანა სამსახურში კონცერტების დადგმა. ირაკლის მითითებისამებრ შაბათ საღამოს ნაცნობი ადგილისკენ დაიძრა. ღიღინით შევიდა შენობაში, ლაბირინთივით დაკლაკნილი დერეფნებიც უპრობლემოდ გაიარა, თითქოს ზუსტი მისამართი ხელის გულზე ეწერა. რამდენიმე სართულისა და კოდის შემდეგ შევიდა დიდ დარბაზში. შიგნით 3 მამაკაცი დახვდა. შესვლისთანავე შეეჩეხა ტბაზე ნანახ “მეთევზეებს”.. მისალმების ნიშნად სინქრონულად აუწიეს ხელი გოგონას, თან ფართო ღიმილიც არ დავიწყნიათ, თითქოს გაახსენდათ მარიტას უკმაყოფილო სახე, ტბაზე რომ ჰქონდა და სიცილს ძლივს იკავებდნენ. რამდენიმე წელი იყო ძმებს შორის განსხვავება, მაგრამ მარიტას აზრით 35 წელს გადაცილებული არც ერთი უნდა ყოფილიყო. ყველაზე მეტად თვალშისაცემი მათი აღნაგობა იყო, სიმაღლესთან ერთად კუნთებიც არ აკლდათ ძმებს. ერთ შეხედვითაც კი შეეძლოთ ვინმეს დაშინება, მაგრამ სინამდვილეში სრულიად საპირისპირო ხასიათი ჰქონდათ. ძალიან ცნობისმოყვარეები იყვნენ, ჭორაობა და ახალ-ახალი ინფორმაციის გაგება ძალიან უყვარდათ. სამწუხაროდ, მარიტასთან ერთად აქამდე არ უმუშავიათ და საერთო თანამშრომლებიც არ ჰყავდათ. მარიტა მთელი კარიერის მანძილზე განყოფილებაში იყო გამოკეტილი, ვაკო ანტიკორუფციულ ბიუროში მუშაობდა, გეგა კი- კრიმპოლში, ნაკოდანაშაულების სამმართველოში. 1-2-ჯერ კი მოუწია მარიტას გეგასთან ერთად მუშაობა, მაგრამ ზედმეტად არ უსაუბრიათ და არც საერთო მეგობრები ჰყავდათ. არც იცნობდა იმ ხალხს, რომლებზეც საუბრობდნენ, მაგრამ მაინც უყვარდა ჭორების მოსმენა და ცდილობდა ყველაფერი გაეგო, რომ მერე მათზე დამატებითი ინფორმაცია მოეძიებინა (უფრო “დაესტალკა”). აი, რამდენად კანონიერი იყო ეს ყველაფერი… მარიტას მაგაზე კომენტარის გაკეთება არ სურდა. გიორგის საყვარელზეც მათგან გაიგო , მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა ძმებმა როგორ შეძლეს ამ ექსკლუზიური ჭორის მოპოვება. მათ გვერდით ბატონი გიორგი მებონია იდგა. ბატონი გიორგი ასაკით ძმებზე და ირაკლიზეც კი დიდი იყო, ალბათ 50 წლის იქნება. კარიერის უმეტესობა პროკურატურაში გაატარა, რამდენიმე წელი გენერალური პროკურორი იყო, შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, 2015 წელს კი, როცა შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეყო, გიორგიმაც დატოვა შსს. ეს ყველაფერი , რა თქმა უნდა, მარიტამ მაშინ მოიძია, ახალგაცნობილი გიორგი გვერდით რომ ეჯდა. მარიტას რომ კითხოთ, ინტერნეტი მსოფლიოსთვის ყველაზე დიდი საჩუქარია. რამდენჯერმე სცადა კიდევაც გაერკვია, რატომ მუშაობდა ამ საქმეზე სუსი, რადგან ნარკოტიკთან დაკავშირებულ დანაშაულებზე შსს-ს სამმართველო მუშაობს. ირაკლის პასუხი კი ის იყო, რომ ნარკოტიკი რუსეთიდან შემოდიოდა და დამატებითი ზომების მიღება იყო საჭირო. ნაწილობრივ დააკმაყოფილა პასუხმა მარიტა. - ირაკლი მალე მოვა? - უკმაყოფილოდ ამოიზმუკუნა გეგამ და სავარძელზე ტრიალი გააგრძელა. - სანამ სტუმრები მისვლას დაიწყებენ, მოვა. - მოკლედ მოუჭრა მარიტამაც და დარჩენილი ორი მონიტორიც ჩართო. პირველად ამ დარბაზში რამდენიმე თვის წინ შევიდა. წინ ირაკლი უძღვებოდა, თან გზას ასწავლიდა. ალბათ ათი წუთი მაინც დასჭირდათ დანიშნულების ადგილას მისასვლელად. ახალ-ახალი დერეფნების დანახვისას უფრო და უფრო მეტად იპყრობდა პანიკა მარიტას, ფიქრობდა, მარტო ვერასდროს მოვაგნებ ამ ადგილსო. ზუსტად მაშინაც, როგორც ახლა, ოთახში შესვლისას პირველად ვაკოს და გეგას სახეები დაინახა, შემდეგ მებონიაც გამოჩნდა, ბოლოს კი- ქალბატონი ეთერი. - გავიგეთ, სამსახურიდან გამოგაგდეს. - ღიმილით მოახსენა ვაკომ, თან გიორგის გამაფრთხილებელი მზერა დააიგნორა, - შემთხვევით, ვინმე ხომ არ სცემე? - ცოტახანში შენც გცემ და აქედანაც გამაგდებენ, უზრდელო ლაწირაკო! - მუხლთან მთელი ძალით ჩასხო ფეხი, მაგრამ მისდა საუბედუროდ, ვაკომ მაინც მოასწრო გვერდით გაწევა და მხოლოდ მსუბუქად ამოიწკმუტუნა. კარის გაღების ხმის გაგონებისთანავე ოთხივე თავი მიატრიალა. ფეხსაცმლის კაკუნის გაგებისას გამორიცხეს ირაკლი სტუმრების სიიდან და ემილიას მიესალმნენ. ემილია მამედოვა მარიტაზე ერთი წლით დიდია, მაგრამ ერთ კურსზე სწავლობდნენ. იმისდა მიუხედავად, რომ მარიტა მას მაშინაც კარგად არ იცნობდა, ყოველთვის გრძნობდა შურს გოგონას მიმართ. ემილია ყოველთვის გამორჩეული იყო, ყოველთვის დაუღალავად შრომობდა და ეს მის აკადემიურ მოსწრებაზე და ლექტორებთან ურთიერთობაზეც აისახა. გასაკვირი არავისთვის იყო, რომ უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ჩააბარა პროკურორის საკვალიფიკაციო გამოცდა და 29 წლის ასაკში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია თავის პროფესიაში. - როგორ ხართ? ჯერ არ მისულან, ხო? უფრო ადრე გამოსვლა ვერ მოვახერხე. - მიმზიდველად გადაიწია ერთ მხარეს გრძელი წაბლისფერი თმები და მონიტორების წინ, თავისუფალ ადგილზე მოთავსდა. - არა, არ დაგიგვიანია. ჯერ ირაკლიც არ მოსულა…- მშვიდად უპასუხა მარიტამ, თან ჯიბიდან პატარა მობილური ამოიღო, ირაკლის მიეწერა, - … აღარც მოვა, სამსახურიდან ვერ გამოვალო. უსიტყვოდ გააგრძელეს დარბაზის თვალიერება, ჯერ კიდევ მაგიდებს აწყობდნენ და დეკორაციებს მილიმეტრიანი სიზუსტით ასწორებდნენ. შავებში გამოწყობილი მიმტანები გამორჩეული სიმსუბუქით, თითქოს ვალსს ცეკვავენო, გადაადგილდებოდნენ ერთი წერტილიდან მეორეზე - განჩინების ვადა მალე ამოიწურება. - ხმადაბლა შეახსენა მარიტამ დანარჩენებს, თან ემილიას გადახედა. - …ამირანი დააყენებს შუამდგომლობას. - მშვიდად უპასუხა მანაც. რამდენიმე წუთი არავინ იღებდა ხმას. ისევ მონიტორებს მიჩერებოდნენ. - იმედი ვიქონიოთ, რომ ეგ სამი თვე ისეთი უნაყოფო არ იქნება, როგორიც წინა იყო.- თავისთვის ჩაიჩურჩულა ვაკომ. მდუმარე დარბაზში მაინც ყველამ მკაფიოდ გაიგო მისი ხმა. მიხედვის გარეშე იგრძნო მარიტამ, როგორ გადაატრიალეს თვალები დანარჩენებმა. მებონიამ მძიმედ მოისრისა წარბები და დანარჩენებს გადახედა. - და მართლა სამი თვის წინ დავიწყეთ მუშაობა? შენი აზრით აქამდე არაფერს ვაკეთებდით? ვერც კი წარმოიდგენ 2 წლის განმავლობაში ამისთვის როგორ ვემზადებოდით. ყველაფერი ახლა იწყება! …ის ორი წელი რომ არაფერი გვექნა… ახლა უკვე მკვდრები ვიქნებოდით. სახელმწიფო საჭირო, მაგრამ ყველაზე საშიში რამაა. მათთვის ჩვენ ჭიანჭველები ვართ. ჩვენი გასრესვა და სხვით ჩანაცვლება თითის ერთი გატკაცუნებით შეუძლიათ. არც მე , არც ეთო არაფერს წარმოვადგენთ მათთვის, თქვენზე ხომ საუბარი ზედმეტია. აქამდე ამდენი ადამიანი რომ არ გადმოგვებირებინა, იმ დღეს მოვკვდებოდით, შუამდგომლობა რომ დავაყენეთ. მაგათ გენერალური პროკურორის გაქრობაც არ გაუჭირდებათ. მართალია, ცოტა უსიამოვნო იქნება, კითხვები რომ გაუჩნდებათ ეთოზე, მაგრამ ხალხი უკვე მიჩვეულია. რამდენიმე დღეში დაავიწყდებოდა ყველას. გიორგი არასდროს გამოირჩეოდა გრძელი წინადადებებით, უბრალოდ არ უყვარდა ზედმეტი საუბარი. ამიტომაც მიხვდა ყველა, სიტუაციის სერიოზულობას. თითქოს ისევ იმ დღეს დაუბრუნდნენ, ზუსტად ამ დარბაზში ქალბატონი ეთერი, ამჟამინდელი გენერალური პროკურორი, რომ უხსნიდა მათ იქ ყოფნის მიზეზს. ისევ სიჩუმე ჩამოწვა ოთახში. ვერავინ გაბედა მამაკაცისთვის პასუხის გაცემა. გაფორმებული დარბაზი თანდათან ივსებოდა სტუმრებით. როგორც კი ორკესტრმა კუთვნილი ადგილი დაიკავა, მარიტამაც ჩართო კამერის ხმა და ოთახი კლასიკურმა მუსიკამ აავსო. აკვირდებოდნენ სტუმრებს, თან პოლიტიკოსის მეუღლების და საყვარლების ჩაცმულობას განიხილავდნენ. ბევრი ნაცნობი მუსიკოსიც და სპორტსმენიც დაინახეს. უფროსის დანახვისას სწრაფად გაიშვირეს ხელი ეკრანისკენ.ქალბატონი ეთერის ყველა ნაბიჯს აკვირდებოდნენ, როგორ მოიარა მთლიანი დარბაზი, ნაცნობებს მიესალმა, ბოლოს კი პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და მის მეუღლესთან შეჩერდა და დიდი ხნის მეგობრებივით ესაუბრებოდა. სხვებისგან განსხვავებით მარიტას არცერთი გამოხედვა და მოძრაობა გამორჩენია. თვალს ვერ აშორებდა შეკრებილებს. კიდევ უფრო დაიძაბა მათ მმართველი პარტიის თავჯდომარე და გენერალური მდივანი რომ შეუერთდა, შემდეგ კი დღის ვარსკვლავი - ვლადიმერ მიხაილოვი. დამსწრეებისთვის მათი ერთად ნახვა არ იყო უცხო. ისე საუბრობდნენ ერთმანეთში, თითქოს რამდენიმე წლის უნახავი მეგობრები იყვნენ. მაგრამ თვითონ ხომ იცოდა რას წარმოადგენდა თითოეული, რომელ მხარეს იდგნენ. ისევ კლასიკური მუსიკით ივსებოდა ოთახი. რას არ დათმობდა მარიტა, მათი საუბარი რომ მოესმინა. თითქმის ყველა სტუმარმა ერთდროულად მიატრიალა თავი კარისკენ. სამი ფიგურის დანახვისას კიდევ უფრო ახლოს მიიწია მარიტა მონიტორისკენ. ნიკო და მისი მშობლები თავაზიანად ესალმებოდნენ სტუმრებს. 20 წუთის შემდეგ კი საბოლოოდ მიაღწიეს მოშორებით მოლაპარაკე ჯგუფისკენ. - ყავა ვის უნდა? - ძვლების ტკაცუნით წამოდგა მარიტა და ოთახის კუთხეში გადაინაცვლა. ჭიქაში ცხელ წყალს ასხამდა, კლასიკური მუსიკა ტელეფონიდან წამოსულმა ხმამ რომ გადაფარა. “პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. როგორც ბატონი მერაბი აცხადებს, მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და ეს გადაწყვეტილება უკვე დიდი ხანია მიღებული აქვს. ხელმძღვანელის თანამდებობას ოთარ აქუბარდია დაიკავებს.” - არც ერთი საქმე არაა პატარა, რომელიც ხალხის კეთილდღეობას ემსახურება და სიყვარულით კეთდება, არა?! - ხმამაღლა გაიმეორა კლდიაშვილის სიტყვები მარიტამ, თან წარბაწევით გადახედა ვაკოს. არავის გაუკეთებია კომენტარი. გაწეული შრომა დაუფასდათ, თან საკმაოდ სწრაფად. იმისდა მიუხედავად, რომ ფარული გამოძიებისთვის სასამართლოს განჩინება სჭირდებოდათ, პერსონალურ მონაცემთა სამსახური მაინც აკონტროლებდა პროცესს. შუამდგომლობის დაყენებამდე დაიწყეს მერაბის მოშორება და გამოუვიდათ კიდევაც. მართალია, დღეს ოპიციალურად გამოაცხადეს, მაგრამ აქუბარდია უკვე სამი თვეა ხელმძღვანელობს სამსახურს. ღიმილით დაბრუნდა მარიტა მაგიდისკენ, ფინჯანი ფრთხილად დადო და სავარძელში მძიმედ ჩაესვენა. - აქუბარდიას შევახსენოთ ანგარიშებზე. მერე არ დაგვავიწყდეს. სწრაფად დაეთანხმა ემილიას და სავარძელი ეკრანისკენ მიაცურა. მონიტორების თვალიერება დაიწყო. ერთი კამერიდან მეორეზე წამებში გადადიოდა, ყველას სახეს აკვირდებოდა და იმახსოვრებდა. ნიკოც მალევე იპოვა, თეთრი პერანგი და თავისუფალი სტილის კლასიკური შარვალი ეცვა, პიჯაკი უკვე გაეხადა. ხელში ღვინის ჭიქა ეჭირა და რამდენიმე მამაკაცს ესაუბრებოდა. რამდენიმე წუთი გაშტერებული უყურებდა მარიტა, თვალს ვერა და ვერ სწყვეტდა. აზრზე მხოლოდ მაშინ მოვიდა გვერდით ბატონი ჯაბა რომ მიუდგა. ერთნაირი აღნაგობა ჰქონდათ მამა-შვილს, თვალებიც ზუსტად ერთნაირი ჰქონდათ, განსხვავება მხოლოდ თმის ფერი იყო. უფროს ჭავჭავაძეს თმა უკვე გაჭაღარავებოდა. მათი დანახვისას მაშინვე ნიკოს დედის, ქეთის ძებნა დაიწყო. ძლივს გარცია მისი სახე. ქალბატონს გარს მრავალი ქალი შემოხვეოდა და დიდი მონდომებით განიხილავდნენ რაღაცას. ქეთის შეთვალიერებას რომ მორჩა, დანარჩენებზე გადავიდა. მის გვერდით პირველი ლედი იდგა, შემდეგ პრემიერ-მინისტრის ცოლი და უფროსი ქალიშვილი. ყველას ცნობდა, იცოდა რას წარმოადგენდნენ, რა ეწერა მათ დეკლარაციებში, განსაკუთრებით კი, რა არ ეწერა. მხოლოდ ერთი სახე ვერ იცნო. დარწმუნებული იყო, 5 წუთის წინ ეს ქალი დარბაზში არ იყო. თორემ, როგორ ვერ იცნობდა შვილი საკუთარ დედას? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


