რეპუტაციის თამაში 4
სასტუმრო ოთახის საწოლზე გაეღვიძა, ისევ შარვალსა და პერანგში გამოწყობილს. ნახევარი წამით დეზორიენტირებული იყო, სანამ წინა ღამის მოგონებები არ დაუბრუნდა - ქორწილი, ნიკოლოზთან დაპირისპირება, ელენეს აღსარება და მისი ტირილის ხმა, რომელიც ჩაკეტილ კარს მიღმა ისმოდა, როცა თვითონ მთელი ძალით ცდილობდა, მასთან მიახლოებისგან თავი შეეკავებინა. ტელეფონი შეამოწმა - 8:15-ს აჩვენებდა. ფრენა დღის ორ საათზე ჰქონდათ. ელენე უკვე სამზარეულოში იყო - შავი, კომფორტული ტანსაცმელი ეცვა და თმა აეწია - ისე გამოიყურებოდა, თითქოს კლიენტთან მიდიოდა შეხვედრაზე და არა - თაფლობის თვეში. მხოლოდ თვალების ირგვლივ ოდნავ შეშუპება გასცემდა გუშინდელი ღამეს. _ყავა მზადაა._ისე უთხრა, მისთვის არც შეუხედავს._ჩექინი გავიარე, ტაქსი 11-ზე მოვა. „მშვენიერია, ისე ვიქცევით, თითქოს არაფერი ხდება“-გაიფიქრა, მაგრამ ხმამაღლა მხოლოდ „გასაგებიაო“ თქვა. სწრაფად გადაივლო და ჩემოდნის ჩალაგება დაიწყო. მთელი ამ დროის განმავლობაში გოგონა მისაღებში იჯდა, გახსნილი ლეპტოპით და კონცენტრირებული სისწრაფით ბეჭდავდა. _განრიგი გამოგიგზავნე. _სხვათა შორის უთხრა წყლის დასალევად გასულს._შეგიძლია გადახედო, სანამ გავალთ. ბევრი ლოკაციაა, მაგრამ ერთად მაქსიმუმ ათი წუთის გატარება მოგვიწევს ფოტოების გადასაღებად, დარჩენილი დრო სურვილისამებრ შეგიძლია დაგეგმო. მამაკაცს მწარედ ჩაეცინა იმის გააზრებაზე, როგორ უემოციოდ, გულგრილად უდგებოდა ამ საკითხს, თითქოს მორიგ პროექტზე საუბრობდა. _რამე სასაცილოა?_ელენემ თვალები დააწვრილა. _არაფერი, უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ შენი დაგეგმვის უნარებით, თაფლობის თვეც კი გაწერილი გაქვს. _ეს ჩემი პროფესიაა, ხომ არ გავიწყდება?_“თბილად“ გაუღიმა. _ჰო, სამსახური...მითხარი, რაიმე მომენტი მაინც იყო ჩვენს შორის, რომელიც წინასწარ არ გაგითვლია? _რაც გინდა იფიქრე, აღარ ვაპირებ ახსნით თავის დაღლას. _უბრალოდ მეთოდოლოგია მაინტერესებს...რამდენად დიდი შრომა მიაქვს ურთიერთობის დაგეგმვას? განრიგს მივყვებოდი თუ რომელიმე დედლაინს გადააცილე? _შეწყვიტე!_გოგონამ სწრაფად მოძებნა ეარპოდსები და მობილურს დაუკავშირა, მაგრამ თავი ვეღარ შეიკავა, სანამ მუსიკას ჩართავდა._იცი, რა? მართალი ხარ, სტრატეგია შევიმუშავე და ყველაფერი დავგეგმე - ყველა საუბარი, ყველა შეხვედრა, ყველა..._ყბა აუკანკალდა._ჰო, ასეთი ვარ, მაგრამ შეგახსენებ, რომ ეს ქორწილიც და მოგზაურობაც შენი იდეა იყო. ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ გადაგიფიქრებია, დროულად მოემზადე და გეგმას მიჰყევი. _როგორც იტყვი, ძვირფასო!_ხელები დანებებულმა აწია._ათი დღე მიშო, მხოლოდ ათი დღე უნდა გავძლოთ, რომ ერთმანეთი არ მოვკლათ._საკუთარ თავს დაუწყო ლაპარაკი და ჩემოდანს დაუბრუნდა... ბალი თბილი, ნესტიანი ჰაერით შეეგებათ. მათი პატარა ვილა, რომელსაც აეროპორტიდან ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ მიაღწიეს, კლდიდან ზღვას გადაჰყურებდა. უსასრულო აუზი, კერძო სანაპიროზე გასასვლელი, უზარმაზარი ტერასა - ზედმეტად რომანტიული იყო და იმდენად ირონიული მათი სიტუაციისთვის, რომ არც ეცინებოდათ. _იმაზე ლამაზია, ვიდრე ველოდი._ნეიტრალური ტონით თქვა ელენემ უხერხულობის გასაფანტად, როგორც კი მარტო დარჩნენ._რომ გამოვიძინებ, ალბათ უფრო მომეწონება. _დივანზე დავწვები._მიშოს არ გამოპარვია, რომ მხოლოდ ერთი საწოლი ჰქონდათ. _ნუ სულელობ, უზარმაზარი ტახტია. შენს ასაკში უკვე ხერხემალს უნდა გაუფრთხილდე. _რა მზრუნველი ხარ._მამაკაცმა ღრმად ამოისუნთქა, რათა ბრაზი შეეკავებინა. ხვდებოდა, რომ გოგონას მიზანი მისი გამოწვევა იყო და არ აპირებდა, აჰყოლოდა. _უბრალოდ არ მინდა, ყავარჯნები დაგჭირდეს და შენი ტარება მომიწიოს. _ჩემი ტარება არ მოგიწევს, დამშვიდდი._ფრთხილად მიუახლოვდა და მის ყურთან დაიხარა._მგონი დაგავიწყდა, რისი გაკეთება შემიძლია „ჩემს ასაკში“ და ნუ მაიძულებ, გაგახსენო, თორემ ვნახავთ, ვინ ვეღარ შეძლებს სიარულს._კმაყოფილებით იგრძნო, როგორ აუჩქარდა გულისცემა. _მოკლედ, არ მაინტერესებს, სადაც გინდა გამოიძინე, მზის ამოსვლისას ფოტოები უნდა გადავიღოთ._სუნთქვაშეკრული წამში მოშორდა და აბაზანაში გაუჩინარდა. _ამის დედ*ც._მარტო დარჩენილი აივანზე გავარდა და პერანგი ისეთი სისწრაფით გაიხსნა, თითქოს იხრჩობოდა. „როგორ იმგზავრეთ, სტიუარდესები ხომ არ გაგიგიჟებიათ?“-სანდროს შეტყობინება მიიღო, როგორც კი ინტერნეტს დაუკავშირდა. „რძალო, თუ წაიკითხე, უბრალოდ იმას ვგულისხმობდი, რომ მიშო ხვრინავს ხოლმე, ხომ იცი“-მაშინვე მოყვა მეორე ტექსტი. „მომწერე, რომ ჩახვალთ“ - ამჯერად ნინია იყო. „და ელენეს უთხარი, იმ ფოტოს დროზე თუ არ დადებს, დავასწრებ.“ „კარგად ვართ, დაგვასვენე“-მოკლედ უპასუხა ორივეს და ჩემოდნის ამოლაგებას შეუდგა... დილით 6:30-ზე გააღვიძა. აკლიმატიზაციისა და უფრო მეტად, იმის გამო, რომ ბალიშებით გაყოფილი ტახტის მეორე მხარეს თავისი ცხოვრების სიყვარული იწვა, რომელზე შეხებაც არ შეეძლო, ძლივს ჩასძინებოდა, გოგონას ხმა რომ გაიგო. _დროზე გაიღვიძე, იდეალური განათებაა. _ჩემს მოსაკლავად?_ძლივს ამოთქვა და მეორე მხარეს გადაბრუნდა. _შენ დამპირდი! _მოვიტყუე. _ახლა უკეთ მოიტყუე და ადექი. უსიტყვოდ მოწესრიგდნენ და კერძო პლაჟისკენ გაემართნენ. ელენემ ტრიპოდი მოამზადა და მუშაობას შეუდგა. მამაკაცი უკომენტაროდ ასრულებდა მის მითითებებს და ცდილობდა, არ შეემჩნია, როგორ აღიზიანებდა ყოველი მომდევნო, წინასწარ გათვლილი შეხება. _საშინლად დგახარ, მოზარდივით მოხრილი._გოგონამ უკმაყოფილოდ დამანჭა სახე, როცა ფოტოები დაათვალიერა. _იქნებ იმიტომ, რომ საუზმემდე ფოტოსესიაზე მიმათრევენ? _ღმერთო, შეუძლებელი ხარ. _მე? ისე იქცევი, თითქოს მივლინებაში ვიყოთ. _ნეტა მივლინება იყოს._გამწარებულმა გამორთო აპარატი._დავასრულოთ, შეგიძლია, ისაუზმო. _საუზმე არ უნდა გადაიღო? “Morning Like this” - შესანიშნავი ქეფშენი იქნება. _კი, ორიგინალურია, თუ 2018 წელია. _მეგონა, დაასრულე. _დიდი ხანია._ხელები სახეზე აიფარა და ორივენი გაჩუმდნენ. როგორც ყოველთვის, როცა საუბრის გაგრძელება ზედმეტად საშიში ხდებოდა... მთელი კვირის განმავლობაში განრიგს მიყვებოდნენ. ირუჯებოდნენ, ლაშქრობდნენ, მუზეუმებსა და უძველეს ისტორიულ მონუმენტებს სტუმრობდნენ და ზღვის კუებთან ერთად ცურავდნენ. წყვილების იოგასაც დაესწრნენ - ექვს სხვა ახალდაქორწინებულთან ერთად, რომლებიც აშკარად შეყვარებულები იყვნენ, მექანიკურად ასრულებდნენ მოძრაობებს, რომლებიც ნდობასა და შეხებას მოითხოვდა. _იდეალური კავშირია._აღნიშნა ინსტრუქტორმა სესიის დასასრულს._ძალიან ბუნებრივად მოძრაობთ ერთად. _ბევრი პრაქტიკა გვქონდა._თქვა მიშომ და ელენემ იგრძნო ჩუმი სიცილი ზურგს უკან. _რა ხუმარა ხარ!_ჩაისისინა, როგორც კი ტრენერმა სხვებთან გადაინაცვლა. _რამე მოვიტყუე?_გულწრფელი გაკვირვებით იკითხა და ხელი მოხვია. _რას აკეთებ? _აქ ფოტოებისთვის არ ვართ?_თავით სარკისკენ ანიშნა._სწრაფად გადაიღე, უკვე მომშივდა. _ჰო...ფოტოები._ტელეფონი და ყალბი ღიმილი უცებ მოიმარჯვა._მშვენიერია, გვეყოფა._თქვა რამდენიმე წამის შემდეგ... ყოველ საღამოს ახალ-ახალ რესტორანში ატარებდნენ - რომანტიულ გარემოში, რომელიც მათთვის არაფერს ნიშნავდა. ყოველ ღამეს ერთად წვებოდნენ საწოლის სხვადასხვა მხარეს. ყოველ ღამეს მიშო, რომელიც ჩაძინებას ვერ ახერხებდა, აივანზე ინაცვლებდა. და ელენე, რომელსაც მალევე ეღვიძებოდა, საბანს აფარებდა - ჟესტი, რომელსაც დილით არც ერთი იმჩნევდა... მე-9 დღეს დაძაბულობამ უკვე პიკს მიაღწია. ნომერში საუზმობდნენ, უფრო სწორად, მელიქიშვილი მაგიდასთან იჯდა, გოგონა კი, რომელსაც მხოლოდ ერთი ბანანი აეღო, როგორც ყოველთვის, ფოტოებს არჩევდა. _შეგიძლია, ხუთი წუთით მაინც გადადო ეგ ტელეფონი? _რა ხდება, მარცხენა ფეხზე ადექი?_გულგრილად დაუბრუნა კითხვა, ისე, რომ მისთვის არც შეუხედავს._ვმუშაობ. _წესით თაფლობისთვეში უნდა ვიყოთ. _არა, წესით ილუზიას უნდა ვინარჩუნებდეთ, რასაც ვაკეთებ. არაფრის. _მადლობელი უნდა ვიყო? _კი, ყველაფერს ვგეგმავ, იმისთვის რომ შენ უბრალოდ ორი წუთით ჩემთვის შემოხედვა და გაღიმება მოგიწიოს და მეტი არაფერი._მხოლოდ ახლა გაუსწორა თვალი._გგონია, ჩემთვის სახალისოა? თავად გამომკეტე ამ ქორწინებაში და ახლა ერთადერთ გზას მიწუნებ, რომელიც გადარჩენაში მეხმარება. _ბრძოლის ველი თვითონ აირჩიე. _შენ კი შეიარაღებული მოხვედი და გაიმარჯვე, გილოცავ._დანებების ნიშნად ხელები ასწია და საძინებლისკენ გაემართა. _სხვა რა გზა მქონდა, როცა ბერიძეზე დავქორწინდი_მწარედ ჩაიცინა და თავადაც მიჰყვა. _მსხვერპლის როლში ყოფნა აღარ მოგბეზრდა? _გირჩევნია, დამნაშავე ვიყო?_კარის ჩაკეტვა არ აცადა და დაუფიქრებლად მიუახლოვდა. ჰაერი უფრო და უფრო მძიმდებოდა, უკვე ერთმანეთის სუნთქვას გრძნობდნენ კანზე. _ღმერთო, ერთი სული მაქვს, აქედან როდის წავალთ. _ძლივს, რაღაცაზე ვთანხმდებით!_შებრუნება არ აცადა, ყბასა და წელზე ძლიერად მოუჭირა და მონატრებულ ტუჩებს თავშეუკავებლად დაეწაფა. _შე...წყვიტე._აკანკალებული შეეხო მის მკერდს. მამაკაცი არ გაჩერებულა, კედელთან მიმწყვდეულს მაჯები თავთან დაუფიქსირა - არ აკავებდა, უბრალოდ აჩვენებდა, რომ ამის გაკეთება შეეძლო - და თვალებში ჩახედა. _დარწმუნებული ხარ, რომ ეს გინდა?_გამაღიზიანებლად მშვიდად ჰკითხა. _სრულიად!_გოგონამ თვალები აატრიალა. _ეცადე, უფრო დამაჯერებლად თქვა._ამჯერად ყელზე შეახო ტუჩები._ისე, როგორც შენი სხეული მელაპარაკება. _გამიშვი._თავი გამწარებულმა გადაწია. _კიდევ ერთ შანსს გაძლევ, ელენიკო._კვლავ აიძულა, მისთვის თვალებში ჩაეხედა._მითხარი, რომ შენც არ გინდა ეს. _ხომ იცი, რომ საშინელი იდეაა._დანებებულმა ხელები გაითავისუფლა და საწოლისკენ უბიძგა. _ალბათ._სწრაფად დააგდო მის გვერდით და ქვემოდან მოქცეულს მაისური გადააძრო. _გაახილე თვალები. _და ვინანებთ._ელენემ მზერა გაუსწორა და მისი პერანგის ღილებს წაეტანა. _აუცილებლად....მაგრამ ეს სიტუაცია უფრო უარესი ვერ გახდება. _შეიძლება, გახდეს, მომისმინე... ნაცნობი სურნელით გაბრუებული მელიქიშვილი ყურადღებას აღარ აქცევდა, ყოველ ნაკვთს ეფერებოდა და ცდილობდა, ბრაზი შეხებაში გადაეტანა. გოგონა მშვიდი ღიმილით აკვირდებოდა, როგორ ძლიერდებოდა მისი აღგ*ება. _მიხეილ... _ვიცი, პატარავ...ცოტაც მოითმინე._მოსახერხებელი პოზიცია შეარჩია და კვლავ ჩახედა მის მწვანეებს. _არა, გაჩერდი..._ხელებით მთელი ძალით მიეყრდნო მის მკერდს._მიშო!_დაუყვირა, როცა მიხვდა, რომ თავის შეკავება აღარ შეეძლო. _რა დაგემართა? _კონტრა***ტივებს აღარ ვსვამ. _რა?_თვალები რამდენჯერმე დაახამხამა და რომ გაიაზრა, არ ხუმრობდა, სწრაფად წამოდგა და ელვა შეიკრა._მეღადავები?_ძლივს სუნთქავდა._რა თქმა უნდა, არ სვამ. _მწარედ გაეცინა. _რას ნიშნავს “რა თქმა უნდა“? _რა თქმა უნდა, არ გიფიქრია რომ ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მანამ გეთქვა, სანამ... _საერთოდ არ უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი, შეთანხმება რომ არ დაგერღვია._მამაკაცის პერანგი მოიცვა და გამომწვევად შეხედა._ბოდიში, ძვირფასო, შენი „მეგობარი“ გავაბრაზე, მაგრამ მეგონა უკვე იცოდი, რომ სანამ საქმეზე გადახვალ, ინფორმაცია უნდა გადაამოწმო ხოლმე. _ძვირფასო, ჩემი „მეგობრის“ დაკმაყოფილების ბევრი გზა არსებობს, მაგრამ ამ წუთას შენი დანახვაც აღარ მინდა. _მიხარია, როცა ერთ აზრზე ვართ._თითის წვერებზე აიწია და ნაზად შეეხო მის ლოყას._ფოტოები საკმარისად გვაქვს, ფრენამდე შეგვიძლია ერთმანეთი არც ვნახოთ. მიშო უყურებდა, როგორ გაუჩინარდა გოგონა სააბაზანო კარს მიღმა და თავში მხოლოდ ერთი ფიქრი უტრიალებდა: „შეუძლია, ემოციები წამში გათიშოს. თითქოს საერთოდ არაფერს გრძნობს. თითქოს მისი გულის სიმებს არაფერი ეხება. თითქოს მე ერთადერთი იდიოტი ვარ, რომელიც ჯერ კიდევ განიცდის.“ საწოლზე ჩამოჯდა და თითები თმაში წაივლო. გული ერეოდა იმის კიდევ ერთხელ გააზრებაზე, რომ გოგონა მთელი ურთიერთობის განმავლობაში თამაშობდა. ცდილობდა, გაეხსენებინა მომენტი, რომელზეც დანამდვილებით შეიძლებოდა ეთქვა, რომ გულწრფელი იყო, მაგრამ ახლა, როცა დარწმუნდა, რა კარგად მსახიობობდა, აღარაფერი ჰგავდა რეალურს - ყველა „შემთხვევითი“ შეხვედრა, ყველა ზარი, ყველა პროექტი სპექტაკლი იყო, რომელშიც თავად სრულიად გაუცნობიერებლად შეასრულა ყველაზე ბრიყვი პერსონაჟის როლი… ლონდონი …_და წარმოგიდგენია, რომ ერთ შუადღეს სამჯერ გაწვიმდა?_ქალმა გაიცინა და ჯინ-ტონიკი მოსვა._ერთი კვირაა აქ ვარ და ჯერ მზე არ მინახავს. _ასეა._უაზროდ დაეთანხმა მიშო და მზერა კვლავ მის უკან გააპარა, სადაც ელენე გერმანელ ინვესტორებს ესაუბრებოდა. _ერთი სიტყვაც არ გაგიგია, არა?_გაეცინა და მისი თვალების ტრაექტორიას მიჰყვა. _ბოდიში, მე..._ყურადღება კვლავ მასზე გადმოიტანა. _ნუ მებოდიშები._ქეითს ეშმაკურად ეღიმებოდა._ვიცნობ ამ მზერას. _ღმერთო, ასათი აშკარა ვარ? _უარყოფას აზრი აღარ ჰქონდა. _მხოლოდ დაკვირვებული თვალი შეგამჩნევს, დამშვიდდი. დიდი ხანია? _ჩახლართულია. _კლასიკური ისტორია._ღიმილი თანაგრძნობით ჩაანაცვლა._იცი რა, ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისთვის, რომ ოთახის მეორე მხრიდან უყურო ადამიანს, როცა შეგიძლია მის გვერდით იდგე. რა არის ამაში რთული? გაარკვიე. დამიჯერე, სინანული უარესია._ხელი წამით ნაზად შეახო მხარზე და ოდნავ მოშორებით მდგომი ინვესტორების ჯგუფისკენ გადაინაცვლა. მარტო დარჩენილმა მეოთხე ჭიქაც გამოცალა და მთელი ტანით შებრუნდა იქით, სადაც ელენე იდგა. უყურებდა, როგორ იხრებოდა მისი თავი, როცა იცინოდა, როგორ ბუნებრივად ეხებოდა ხალხის ხელებს, როცა რაღაცას ამბობდა, როგორ იპყრობდა ყურადღებას ყოველგვარი მცდელობის გარეშე. გოგონამ დაარწმუნა, რომ ლონდონში ახალგაზრდა ბიზნესმენების ფორუმში მიეღო მონაწილეობა, უმტკიცებდა, რომ მისი პროექტი საერთაშორისო ხილვადობას იმსახურებდა და მართალიც აღმოჩნდა - პრეზენტაციამ დამსწრეთა უმრავლესობის მოწონება და არაერთი ინვესტორის დაინტერესება დაიმსახურა. მაგრამ მისი ყურება ამ კაბაში სრული წამება იყო და უკვე ფიქრობდა, შეცდომა ხომ არ დაუშვა აქ ჩამოსვლით. თითქოს მისი ყურადღება იგრძნო, ელენეც მისკენ შემობრუნდა და წამით მზერა გაუსწორა, შემდეგ კი ოდნავ გაუღიმა და ხელი დაუქნია. მაშინვე წამოდგა, მაგრამ სანამ ხალხის ნაკადში გზას გაიკვლევდა, მეორე მხრიდან მომავალი მამაკაცი დაინახა, რომელიც გოგონას ენთუზიაზმით გადაეხვია. _ელენე! ბელისიმა! _იტალიური აქცენტით უთხრა და დაატრიალა. _ლუკა!_ეს უკანასკნელიც გულწრფელი სითბოთი ჩაეხუტა, მიშომ კი იგრძნო, რომ გულმა რაღაც სისულელე ჩაიდინა მკერდში._ღმერთო, რამდენი ხანი გავიდა!_მიხეილ, მოდი, ლუკა უნდ გაგაცნო._არ გამორჩენია, რომ მამაკაცი ოდნავ მოშორებით გაჩერდა._ლუკა, ეს მიხეილ მელიქიშვილია, ჩემი... კომპანიის ერთ-ერთ პირველი კლიენტი. ლუკა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია უნივერსიტეტის დღეებიდან. _და მისი პარტნიორი დანაშაულში._სიამაყით თქვა. _კი, ერთად ნამდვილად ბევრ სისულელეს ვაკეთებდით. _ძირითადად შენს იდეებს ვახორციელებდით ხოლმე._აშკარა ცნობისმოყვარეობით მიშოსკენ შებრუნდა._ყოველთვის უშიშარი იყო. ალბათ ახლაც ასეა, არა? _ეჭვიც არ მეპარება._გაღიმება სცადა. _ოჰ, ასეთი ცუდიც არ ვარ._გააპროტესტა ელენემ. _საქართველოში დაბრუნდი კომპანიის დასაარსებლად, ეს ან უშიშრობაა, ან სიგიჟე. _ორივე, ალბათ._გაეცინა._რთულია, მაგრამ საინტერესოც. _და ერთად მუშაობთ?_მათ შორის მიმოიხედა._ როგორ მიდის საქმეები? _კარგად._ერთდროულად თქვეს და შემდეგ ერთმანეთს გადახედეს. _კარგად,_გაიმეორა ლუკამ, მისი ღიმილი იმაზე მეტყველებდა, რომ ერთი წამითაც არ სჯეროდა მათი._კარგი. კარგი, ბევრი გაქვს მოსაყოლი, cara. კვირამდე აქ ვარ, როდის გეცლება? _ხვალ მივფრინავთ. _მაშინ ხვალ ვისაუზმოთ, ჩვენს საყვარელ ადგილას. _ვერ მოახერხებს, ადრე გვაქვს რეისი._მიშოს წამოცდა, სანამ გოგონა უპასუხებდა. ელენეც და ლუკაც მისკენ შებრუნდნენ. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. _ჰო?_ფრთხილად ჰკითხა დაბნეული გამომეტყველებით._არ მახსოვდა. _რამდენიმე შეხვედრის განრიგი შეიცვალა და თბილისში უნდა დავბრუნდეთ. _აჰ._ ლუკას ღიმილი საგრძნობლად გაფართოვდა._ყველაფერი გასაგებია. _რაა გასაგები?_გოგონა ახლა მისკენ შებრუნდა. _არაფერი, არაფერი._აშკარად ერთობოდა._მართლა უნდა გავიქცე, მილანში შემდეგ თვეში იქნები, ჰო? მატეო მოგვკლავს, თუ გაიგო, რომ მის გარეშე შევხვდით. _არ გავუმხელ. ერთი სული მაქვს, ნორმალურად გნახოთ. მამაკაცი კიდევ ერთხელ ჩაეხუტა და იტალიურად რაღაც სწრაფად უთხრა. ელენეს თვალები გაუფართოვდა და მხარში ჩაარტყა. _ნუ წითლდები, cara...მიხეილ, სასიამოვნო იყო. აბა კარგად. _ასევე._მის ხმაში სიამოვნების მსგავსი არაფერი იგრძნობოდა._რა გითხრა?_ჰკითხა, როგორც კი მარტონი დარჩნენ. _რას ნიშნავს, „შეხვედრები გადმოვდე?“_კითხვით უპასუხა და წარბი აწია. _მე პირველმა გკითხე. _ღმერთო, გაძლება მომეცი._თავი გაიქნია და შამპანური მოსვა. _ღმერთო, გთხოვ, ჩემთვისაც გაიმეტე._ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა, მაგრამ გოგონას, ცხადია, არ გამოპარვია. _მაგით რისი თქმა გინდა? რთული გასაძლები ვარ? _არ მითქვამს. _მაგრამ იგულისხმე. _ელენე, ბევრი დალიე? _შენზე მეტი არა და რა მნიშვნელობა აქვს? ჯერ მიპასუხე. _კარგი ჰო, მარტივი არ ხარ... და ამაში არაფერია ცუდი, პირიქით. _კომპლიმენტია, დიდი მადლობა._ჭიქა მაგიდაზე დაახეთქა._იცი რა, მართალი იყავი, დისტანცია კარგი იდეა იყო. _სწორედ ამაზე ვსაუბრობ._უკვე იმდენად ახლოს იდგა, რომ მის მწვანე თვალებში ოქროსფერ ლაქებს ხედავდა._ყოველთვის გგონია, რომ მართალი ხარ და ვერ იტან, როცა გეწინააღმდეგებიან. _იმიტომ, რომ მართალი ვარ ხოლმე. _ხედავ? _ღმერთო, უკვე ჭკუიდან მშლი. _კარგია, რადგან მე პირველივე შეხვედრაზე შემშალე. _იქნებ, ასეთი კონტროლის მოყვარული რომ არ იყო..._სიტყვა გაუწყდა, როცა გაიაზრა._მოიცა, რა თქვი? _გაიგონე._გაუბედავად შეეხო ლოყაზე. _მიხეილ, რას… _მიშო!_შეაწყვეტინა._ _მიშო._თვალდახუჭულმა მძიმედ ამოისუნთქა. _ელენიკო!_მისი სახელი ლოცვასავით დაიჩურჩულა. _ხომ იცი, ცუდი იდეაა. _ვიცი._თითები ამჯერად ტუჩებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც ფრთხილად გაუყვნენ ყბის ხაზს._მეგონა, უშიშარი იყავი. _მაგის გარკვევის შანსი უკვე გქონდა, მაგრამ არ გამოიყენე. _ყველაზე დიდი შეცდომა ჩემს ცხოვრებაში!_გაეცინა. _ახლა ერთად ვმუშაობთ და საზღვრები უნდა დავიცვათ. _საზღვრების დედაც!_ხელი მის თმებში აასრიალა და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა._ზედმეტად დიდხანს ვიკავებდი თავს. _მაინც რისი გაკეთება გინდოდა? _ფანტაზიას მიმართე. _ჩემი ფანტაზია საკმაოდ მდიდარია. _მაგის იმედი მაქვს._უკვე მხოლოდ მილიმეტრი აშორებდათ ერთმანეთს_მითხარი, რომ შენც იმავეს არ ვგრძნობ და გავჩერდები._დასრულებული არ ჰქონდა, მისი ბაგეები რომ იგრძნო, თავშეუკავებლად რომ დაეწაფნენ. თავადაც მაშინვე აჰყვა და როგორც კი გემო გაუგო, საბოლოოდ დაავიწყდა ყველა მიზეზი, რის გამოც ეს საშინელი იდეა იყო. _შენი ოთახი თუ ჩემი?_ჩურჩულით ჰკითხა, როცა ცოტა ხნის შემდეგ ოდნავ მოშორდა და თვალებში ჩახედა. წამით გაჩერდა და მიშომ იგრძნო, გოგონას გულისცემა გაძლიერებულიყო და თითები, რომლებიც პერანგზე უჭერდნენ, ოდნავ უკანკალებდა. _შენი უფრო ახლოსაა._ძლივს გასაგონად უპასუხა. _დარწმუნებული ხარ?_თავი უსიტყვოდ დაუქნია და კვლავ შეეხო მის ტუჩებს... _ვიცი, რომ გაგეღვიძა._ჩურჩულით უთხრა გოგონას და ხელი ნაზად აასრიალა მის ლოყაზე. _საიდან იცი?_თვალები მაგრად მოხუჭა და გადაბრუნება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. _სუნთქვა გაგიხშირდა._თმა ფრთხილი მოძრაობით გადაუწია სახიდან._შემომხედე. _ნეტა, რატომ._როგორც იქნა, გაახილა ჯერ კიდევ ძილით დამძიმებული, მაგრამ მაინც უკვე აციმციმებული მწვანეები._დილა მშვიდობის. _დილა მშვიდობის._მიშომ ღიმილი ვერ შეიკავა._კარგად გეძინა? _როცა დამაძინე._თავადაც გაეღიმა._ცოტა ყურადღებას მიფანტავდი. _უკმაყოფილო არ ჩანდი. _მართალია._მის მკერდს მიეყრდნო და ნაიარევი, რომელიც ჯერ კიდევ პირველ ღამეს შენიშნა, ხელით მოხაზა._ეს საიდან გაქვს? _სანდროს ტარებას ვასწავლიდი და... მაგრამ სხვა თუ იკითხავს, იცოდე, რომ რაგბის თამაშისას დავიზიანე. _რამდენი წლის იყავით? - მე 19-ის, ის - თითქმის 15-ის. _თითქმის?_წარბი აწია. _ჰო, მომკლავდნენ, რადგან გადავრჩით. _დამსახურებულად. ესეც ავარიიდან დაგრჩა?_ამჯერად მხართან მკრთალ ხაზს შეახო თითები. _არა, ერთი გოგო მიყვარდა 13 წლის ასაკში და ყველაზე მაღალი ლოდიდან გადავხტი მდინარეში, თავი რომ მომეწონებინა. _მოაწონე მაინც? _კი, ნუ, რამდენიმე წამით, სანამ ლავიწის ძვალს გავიტეხდი. შენზე რას იტყვი? არ გაქვს ბავშვობის ტრავმები თუ დავიჯერო, ვერ აღმოვაჩინე? _მხოლოდ ემოციური._ნერვიულად გაეცინა. _ეგ უფრო მნიშვნელოვანია._ხელისგულზე აკოცა._გინდა, რომელიმეზე მომიყვე? წამით ჩაფიქრდა, სანამ გადაწყვეტდა, რომ ახლა ამაზე საუბრისთვის მზად იყო. _მაგალითად, 15 წლის ვიყავი, მამაჩემმა რომ მითხრა, რომ შემეძლო ლამაზი ან ჭკვიანი ვყოფილიყავი, მაგრამ ორივე ერთად - არა. ამიტომ, ჯობდა ჩემი სილამაზე დამეფასებინა და საუკეთესო წლები ფანტაზიების დევნაში არ დამეკარგა._ეცადა, რაც შეიძლებოდა მსუბუქად ეთქვა, მაგრამ მიშომ მაინც იგრძნო, რომ სიტყვებს გული ამოაყოლა. _მართლა ასე გითხრა?_თვითონაც დაიძაბა. _რეალობას მიხსნიდა. ყოველ შემთხვევაში, თავის ვერსიას._მხრები აიჩეჩა. _ეს რეალიზმი კი არა, სისასტიკეა. ხომ იცი, რომ ცდებოდა. _ვიცი? ყველა ურთიერთობაში, რომელსაც ბავშვობაში ვუყურებდი - დედაჩემი, დეიდები, ოჯახის მეგობრები - ქალები ყოველთვის ქრებოდნენ. თავიდან წარმატებულები, ამბიციურები და სიცოცხლით სავსეები იყვნენ, შემდეგ კი დაქორწინდებოდნენ და უბრალოდ... ქმრების გაგრძელებად იქცეოდნენ. _ანუ ამის გეშინია და ამიტომ არასოდეს... _კი, კატასტროფულად მეშინია ვინმესთან ზედმეტად დაახლოების. და, ალბათ, მთელი ცხოვრება იმის დამტკიცებას ვცდილობ, რომ შემიძლია მხოლოდ ელენე ბერიძე ვიყო და ეს საკმარისი იქნება. _არ გჭირდება არაფრის დამტკიცება - შუბლზე აკოცა და ხელები უფრო მჭიდროდ მოხვია._მამაშენი უბრალოდ იდიოტია. _კი, ნამდვილად. და ამ გახსენებაზე... ხომ იცი, არ უნდა გაიგოს. არც არავინ. აი ისიც-სიტყვები, რომელთა გაგონებასაც დილიდან ელოდა და მაინც, მზად არ აღმოჩნდა მათ მოსასმენად. _ერთად კარგად ვმუშაობთ და არ მინდა, ეს ურთიერთობა გავაფუჭოთ._ელენემ განაგრძო, რაკი მამაკაცს ხმა არ ამოუღია._თუ გვენდომება, შეგვიძლია, არაფორმალურად შევხვდეთ ხოლმე ერთმანეთს, ყოველგვარი მოლოდინებისა და ვალდებულებების გარეშე, მაგრამ საჯაროდ ისევ პარტნიორები ვიქნებით._ყოველი სიტყვა ფრთხილად შერჩეული ჩანდა. _არაფორმალურად_ნელა გაიმეორა. _შენც ყოველთვის უსვამდი ხაზს პირად და პროფესიულ ურთიერთობაში საზღვრების გავლების აუცილებლობად._ყურადღებით აკვირდებოდა მის რეაქციას._ამ გზით ორივე ვიღებთ იმას, რაც გვინდა გართულებების გარეშე. ისე, რომ არავის ეცოდინება. _თუ ეს ისაა, რაც შენ გინდა._ეს სიტყვები იმდენად არასწორად ჟღერდა, რომ ენაზე საწამლავის გემო იგრძნო. სინამდვილეში უნდოდა, შეკამათებოდა, ეთქვა, რომ არაფერი იყო ამაში არაფორმალური, მაგრამ შეეშინდა, უკან არ დაეხია, თუკი ზედმეტად დააძალებდა. _კარგია, ერთ აზრზე ვარ._გოგონამ შვებით ამოისუნთქა და ხალათში გახვეული სწრაფად გაემართა სააბაზანოსკენ.__ხო მართლა, მიშო,_ჯერ კიდევ კბილებს იწმენდდა, სხვათა შორის რომ დაუძახა._ლუკაზე დამავიწყდა მეთქვა... _ლუკაზე გინდა მელაპარაკო, მას შემდეგ, რაც ღამე ერთად გავატარეთ?_მელიქიშვილის ხმაში აშკარა დაძაბულობის ნოტები გაისმა. _მინდოდა მეთქვა, რომ ლუკა ნახევარი წელია დაქორწინებულია ჩემს მეგობარ მატეოზე. _რა? _გეია, ძალიან._სიცილს ძლივს იკავებდა, როცა სააბაზანოდან გამოვიდა._არ ვიცი, როგორ ვერ მიხვდი. _ეს გუშინ ღამით არ გიხსენებია. _არ გიკითხავს._ღიმილი კიდევ უფრო ეშმაკური გახდა._ძალიან დაკავებული იყავი ეჭვიანობით. _ანუ ხვდებოდი, რომ ვეჭვიანობდი._სახიფათოდ ჩუმი ხმით თქვა და, წამოდგა, გოგონამ კი ინსტიქტურად უკან დაიხია._და არაფერი თქვი. _ცოტა გავერთე. _გაერთე?_ცდილობდა, არ გაეცინა. _შენი სახე უნდა დაგენახა, როცა ჩამეუტა. _ელენე ბერიძე!_საშიშ მანძილამდე მიუახლოვდა და ხელები მტკიცედ დაუჭირა._თავი ძალიან ჭკვიანი გგონია, არა? _არ მგონია, ვარ..აჰ._ამოიყვირა, როცა კისერზე მისი კბილები იგრძნო. _ესე იგი, ერთობოდი და გგონია, შეგრჩება._კბილები ტუჩებმა ჩაანაცვლეს. _ეს მუქარაა? _დაპირებაა, ელენე ბერიძე!_კვლავ მისი სრული სახელი გაიმეორა საყვედურის ნიშნად და ცალი ხელი ხალათში შეუცურა. _ეს ჯილდოს გავს და არა - სასჯელს._თვალდახუჭულმა ამოიოხრა და თავად შეეხო მის ტუჩებს. _მართლა?_კოცნაში აჰყვა, შემდეგ კი ერთიანად მოშორდა, როგორც კი აკანკალებული სხეული იგრძნო._ახლა რას ფიქრობ? _ჰო, ეს სისასტიკეა._გაეცინა. _დამსახურებული._ცერა თითი მის ტუჩზე გადაატარა._ყოველი წამისთვის, როცა იმ წუთას გაცნობილი ადამიანის ცემა მინდოდა. _მართლა გინდოდა ლუკას ცემა?_უკვე სიცილით იხრჩობოდა._მოეწონეობდა, გიჟდება დრამაზე. _დარწმუნებული ვარ. ახლა მეტყვი, რა გითხრა? _ამ კაცს ან ჩემი მოკვლა უნდა, ან შენი ცოცხლად შეჭმაო... რაღაც ასეთი, ნუ იტალიურად უფრო ლამაზად ჟღერს. თურმე არ ცდებოდა, ასე რომ, ჩემი აზრით, მადლობა უნდა გადამიხადო დასჯის ნაცვლად. _მადლობა? იმისთვის, რომ შენს გეი მეგობარზე მაეჭვიანე? _მადლობა, რომ საჭირო ბიძგი მოგეცი, თორემ ალბათ ისევ მთელ საღამოს დისტანციის დაცვაში გაატარებდი. _მართლა ჭკვიანი ხარ._ყბაზე მოუჭირა და კვლავ კოცნაში ჩაიძირა. _ვიცოდი, რომ აღიარებდი...ესაა შენი „მადლობა“? _ეს პატარა ნაწილია._ჩურჩულებდა და ყველა ნაკვთს უკოცნიდა._დანარჩენი გაცილებით დიდხანს გაგრძელდება. _ფრენა გვაქვს... _ექვს საათში. _არ არის იმდენად ბევრი დრო, შენ რომ გგონია. _მაშინ ჯობია წამი არ დავკარგო._მისი გაკვირვებული სიცილი არ გაითვალისწინა და ხელში აყვანილი საწოლისკენ წაიყვანა. _რას აკეთებ? _სათანადოდ გიხდი მადლობას ეფექტური მანიპულირებისთვის._თქვა და ლეიბზე დასვა._ან გსჯი, შეგეძლო, ჩემთვის საქმე უფრო შეგემსუბუქებინა. _მერე რით გავერთობოდი? არ შეეძლო მის ლოგიკასთან კამათი, ამიტომ ისევ კოცნით გააჩუმა, სანამ გოგონას არ დაავიწყდა ყველა ჭკვიანურ პასუხი, რომლის გაცემაც შეეძლო... ერთი საათის შემდეგ საბოლოოდ დააღწია თავი მის მკლავებს და ისევ ჩაცმა დაიწყო. ამჯერად ნამდვილად. _ახლა მართლა უნდა დავბრუნდე ჩემს ოთახში._თქვა და თითებით აჩეჩილი თმა გადაივარცხნო._უნდა ჩავბარგდე და შხაპი მივიღო, თორემ ისე გამოვიყურები... _თითქოს მთელი ღამე ბიზნესპარტნიორთან არაჩვეულებრივ სე*სში გაატარე? ბალიში ესროლა. _ნუ მიყურებ ასე. _როგორ? _თითქოს გინდა, ისევ საწოლში დამაბრუნო. _მაგრამ მინდა, რომ ისევ საწოლში დაგაბრუნო. _რა მკაცრად ჟღერს._ღიმილით დაასრულა ჩაცმა._ორ სააში შევხვდეთ. მიშო ბალიშებს მიეყრდნო და ჭერს მიაშტერდა. ოთახში ელენეს სუნამოს სუნი იდგა და კანზე ჯერ კიდევ გრძნობდა მის შეხებას. შეეძლო, მასთან არაფორმალური ურთიერთობა ჰქონდა, მოლოდინებისა და ვალდებულებების გარეშე. შეეძლო დისტანცია დაეცვა, თავის მოეჩვენებინა, თითქოს წუხანდელი ღამე მხოლოდ ქიმია იყო და მეტი არაფერი. არაფერიც არ შეეძლო, უბრალოდ ცდილობდა, არ ეფიქრა იმაზე, თუ რამხელა შარში იყო სინამდვილეში, ან რამდენად ნაკლებად სურდწ ამ შარის თავიდან აცილება… *** როგორც დაგპირდით, ბევრად დიდი თავია. ცოტაც და სრულად დავუბრუნდებით აწმყოს. მოუთმენლად ველი თქვენს შეფასებებს. Love, -Daisy |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



