შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეპუტაციის თამაში 5


18-12-2025, 23:53
ავტორი Daisyd
ნანახია 254

უკვე ოცი წუთი იყო, ერთსა და იმავე სლაიდს უყურებდა. სასტუმროების ქსელის ბრენდინგის სტრატეგია, ციფრები, პროგნოზები, გრაფიკები — ყველაფერი წესრიგში იყო, ლოგიკური, სწორი. და მაინც, თვალები უარს ეუბნებოდა ფოკუსზე. ციფრები იშლებოდა, ხაზები ერთმანეთს ერწყმოდა, აზრები კი მუდმივად იცვლებოდა.
მაგიდა სამხედრო სიზუსტით იყო მოწესრიგებული — დოკუმენტები სწორად დალაგებული, ლეპტოპზე ერთდროულად გახსნილი რამდენიმე სამუშაო ფაილი, ტელეფონი ჩუმად იტენებოდა მონიტორის გვერდით, რომლის ზედა კუთხეში „Beridze Communications“-ის ლოგო ანათებდა.
“Beridze Communications” - მისი კომპანია. ერთადერთი რამ მის ცხოვრებაში, რაც ჯერ კიდევ სრულად ეკუთვნოდა - რაც მუშაობდა, ფუნქციონირებდა, წარმატებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დანარჩენი ნანგრევებად ქცეულიყო. ერთადერთი ადგილი, სადაც საკუთარ თავს ჯერ კიდევ ცნობდა, სადაც თავს კომპეტენტურად გრძნობდა, სადაც ჯერ კიდევ შეეძლო დაეჯერებინა, რომ რაღაცას წარმოადგენდა.
აქ ის ისევ ელენე იყო. არა ვიღაცის ცოლი. არა საშინელი შეცდომა. არა იმედგაცრუება.
ყავის ფინჯანს ხელი წაავლო. ცივი იყო. ვერც კი გაიხსენა, როდის მოამზადა. ნელა დადგა ისევ მაგიდაზე და ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს სურდა საკუთარ თავისთვის დაემტკიცებინა, რომ ჯერ კიდევ შეეძლო მუშაობა, ფიქრი, გადაწყვეტილებების მიღება. პრეზენტაცია უნდა დაესრულებინა.
ტელეფონი ახმაურდა. წამით გაიფიქრა, ხმოვან შეტყობინებას დაველოდებიო, მაგრამ საბჭოს წევრის ზარი გაფრთხილების გარეშე გადაუდებელ ამბავს მოასწავებდა და უხალისოდ უპასუხა.
_გისმენ რეზი, რით შემიძლია დაგეხმარო?
_რა ხდება ელენე, ასეთ სიახლეს ტელევიზიიდან უნდა ვიგებდეთ? რატომ არ გვითხარი!_მამაკაცს აღელვებული ხმა ჰქონდა.
ძარღვებში სისხლი ისე გაეყინა, თითქოს ცივი წყალი გადაასხეს. ყველა ნერვი ერთდროულად გააქტიურდა. ფრთხილად დადგა ფინჯანი, გონება უკვე შესაძლო სცენარებს ატრიალებდა. კლიენტების პრეტენზიები? პროექტის ჩავარდნა? კრიზისი, რომელიც პირადი პრობლემებით შეპყრობილს გამოეპარა?
_რა არ გითხარით?_ეცადა, ნეიტრალური ხმა შეენარჩუნებინა.
_ხუმრობ?_რეზის გაღიზიანება აშკარა იყო._ტერა გრუფი ჩვენი ყველაზე დიდი კლიენტია და თანამშრომლობას ისე ვწყვეტთ, არც გვატყობინებ?
_საიდან გაიგე?_კვლავ მშვიდი ტონით უთხრა, იმის მიუხედავად, რომ სიტყვებმა ლამის ფიზიკური დარტყმასავით იმოქმედეს.
_საიდან? შენი ქმრის ინტერვიუს არ უყურებ? Business Georgia-ზეა ახლა, პირდაპირ ეთერში აცხადებს ამას და, როგორც ჩანს, მის ცოლს, რომელიც სხვათა შორის, მისი PR-კონსულტანტი და ბიზნესპარტნიორიც არის, თურმე წარმოდგენა არ აქვს.
_ჯანდაბა, გამომრჩა._მშვიდად მოიტყუა._სასტუმროს სტრატეგიაზე ვიყავი კონცენტრირებული, დაგირეკავ._პასუხის მოლოდინის გარეშე გათიშა და მაშინვე Business Georgia-ს საიტი გახსნა.
აკანკალებული ხელებით გადაახვია და ნაცნობ სტუდიაში მჯდომ მეუღლეს დააკვირდა - მუქი ლურჯი პიჯაკი ეცვა, თმა იდელურად დაევარცხნა, პოზა თავდაჯერებული, მშვიდი ჰქონდა - ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც შეეფერებოდა ახალგაზრდა ბიზნესმენს, რომელმაც 35 წლამდე იმპერიის აშენება შეძლო და საერთოდ არ ჰგავდა ადამიანს, რომელსაც იცნობდა.
_მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო. გვიხარია, რომ ტრადიციულად ჩვენთან ერთად ატარებთ ხუთშაბათის საღამოს. დღეს „ბიზნეს კვირეულის“ სტუმარია მიხეილ მელიქიშვილი - „ტერა გრუფის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ბატონო მიხეილ გმადლობთ, რომ შემოგვიერთდით._დაიწყო ჟურნალისტმა.
_გმადლობთ, რომ მომიწვიეთ, თამარ. სასიამოვნოა აქ ყოფნა._მიშოს ღიმილი დახვეწილი, პროფესიონალური იყო.
_მოდი, „Tera Group“-ის აჭარის რეგიონში ბოლოდროინდელი გაფართოებით დავიწყოთ._გოგოლაძემ ჩანაწერებს გადახედა._რამდენიმე მნიშვნელოვანი ტერიტორია შეიძინეთ. არსებობს გარკვეული ვარაუდები ადგილობრივი რეგულაციების, გარემოსდაცვითი საკითხებისა და ამ რეგიონში არსებული პოლიტიკური ლანდშაფტის პოტენციური გამოწვევების შესახებ. როგორ უმკლავდებით ამ სირთულეებს?
_რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მოსაზრებებია._მიშო ოდნავ გადაადგილდა სკამზე, პასუხის ფორმულირებისთვის მომენტის მოსაპოვებლად._აჭარის რეგიონს უნიკალური მარეგულირებელი მოთხოვნები აქვს და ჩვენ საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და გარემოსდაცვით სააგენტოებთან ურთიერთობების დამყარებას. „ტერა ჯგუფის“ მიდგომა ყოველთვის იყო შესაბამისობის სტანდარტების გადაჭარბება და არა უბრალოდ მათი დაცვა._პაუზა გააკეთა, სანამ გააგრძელებდა._რაც შეეხება გარემოსდაცვით საკითხებს, რეგიონში ყველაზე მოწინავე მდგრადი მშენებლობის პრაქტიკას ვიყენებთ, პროექტები LEED სერტიფიცირებული იქნება და ადგილობრივ ჯგუფებთან ვთანამშრომლობთ ეკოსისტემის შენარჩუნების უზრუნვლელსაყოფად.
იდეალური პასუხი იყო. პოტენციური პრობლემები ახსენა და სწრაფად გადაზარდა პოზიტიურ ქმედებებში და Tera Group-ი გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და საზოგადოების მიმართ დამოკიდებულების მქონედ წარმოაჩინა. ელენე ცნობდა საკუთარი თითის ანაბეჭდებს ყოველ სიტყვაში.
_საკმაოდ ამბიციურია._შენიშნა თამარმა._ზოგი კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ Tera Group ძალიან სწრაფად ფართოვდება და ერთდროულად ძალიან ბევრ პროექტზე იღებთ პასუხისმგებლობას. არსებობს შეშფოთება ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებით და იმაზე, გაქვთ თუ არა საკმარისი ინფრასტრუქტურა ასეთი სწრაფი ზრდის სამართავად. როგორ უპასუხებთ ამ კრიტიკას?

რთული კითხვა იყო - ისეთი, რომელსაც წესით თავდაცვით პოზიციაში უნდა ჩაეყენებინა. ელენე ცდილობდა, ეკრანზე მყოფ მამაკაცში ძველი მიშო დაენახა, რომელიც დაუყოვნებლივ გაღიზიანდებოდა მინიშნებულ კრიტიკაზე. მაგრამ მელიქიშვილმა მხოლოდ ოდნავ გაიღიმა - მშვიდი, ირონიული თავდაჯერებულობით.
_სწრაფი ზრდა ყოველთვის აჩენს კითხვებ._თქვა აუღელვებელი ხმით._ეს გასაგებიცაა და, გარკვეულწილად, ჯანსაღიც, გვაიძულებს, პასუხისმგებლიანები ვიყოთ...თუმცა, მსუბუქად მაინც შევეწინააღმდეგები ჩვენი გაფართოების „ზედმეტად სწრაფად“ შეფასებას. ყოველი პროექტი, რომელიც ავიღეთ, დეტალურად იყო შეფასებული და სტრატეგიულად დაგეგმილი. მდგრად ზრდასა და გადაჭარბებულ გაფართოებას შორის განსხვავება დაგეგმვასა და შესრულებაშია. ჩვენ ორივე გვაქვს. ჩვენი გუნდი პროპორციულად გაიზარდა პროექტების რაოდენობასთან ერთად, ფინანსური სტრუქტურა ბაზრის რყევებს უძლებს და გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის წინასწარ გვაქვს გამოყოფილი რეზერვები. მაგრამ რაც მთავარია, ჩვენი ისტორია საკუთარ თავზე მეტყველებს. თხუთმეტი წარმატებული პროექტი ხუთი წლის განმავლობაში.
_რადგან რეპუტაციაზე ჩამოვარდა საუბარი_გააგრძელა თამარმა_რამდენიმე თვის წინ ბიზნესწრეებში გარკვეული ჭორები გავრცელდა - დაუდასტურებელი, მაგრამ აქტიურად განხილვადი - Tera Group-ის შესაძლო ფინანსურ პრობლემებსაა და დანახარჯების უსაფრთხოების ხარჯზე შემცირებასთან დაკავშირებით. უკვე გვქონდა ამაზე საუბრის შესაძლებლობა. რაიმე სიახლე ხომ არ არის?
ელენეს სუნთქვა შეეკრა. მამაკაცის სახეს აკვირდებოდა, რაიმე ნიშანს ეძებდა, რომ ეს კითხვა სხვებზე მეტად აწუხებდა, მაგრამ მისი გამომეტყველება მშვიდი დარჩა - თითქმის სასიამოვნოდ ნეიტრალური.
_ვაფასებ, რომ ამ საკითხს შეეხეთ...სამწუხაროდ, ჩვენს ინდუსტრიაში ჭორები საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით მაშინ, როცა კომპანია წარმატებულია. კონკურენტებს აქვთ სხვადასხვა… ვუწოდოთ ამას „კრეატიული“ მიდგომები ბაზარზე კონკურენციისთვის._მცირე ღიმილი - თითქოს ეს ყველაფერი უფრო სახალისოდ ეჩვენებოდა, ვიდრე საფრთხედ._მაგრამ კიდევ ერთხელ სრულიად ნათლად ვიტყვი: Tera Group იცავს მკაცრ ფინანსურ კონტროლსა და უსაფრთხოების სტანდარტებს და ამ ჭორებს არანაირი ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია._წამით შეჩერდა და ელენემ მის თვალებში რაღაც დაინახა - შესაძლოა, სიბრაზე, რომელიც მყისიერად დამალა._რაც ჩემთვის საინტერესოა, ამ ჭორების დროა. ისინი გაჩნდა, გავრცელდა ძალიან კონკრეტული არხებით და შემდეგ… გაქრა, როცა თავისი დანიშნულება შეასრულა. თითქოს კოორდინირებული PR-კამპანია იყო. ძალიან პროფესიონალური. ძალიან სტრატეგიული.
_გულისხმობთ, რომ ჭორები განზრახ გავრცელდა?_აშკარად დაინტერესებულმა ჟურნალისტმა წარბი აწია.
_მე მხოლოდ იმას ვგულისხმობ, რომ ჩვენს ინდუსტრიაში შემთხვევით არაფერი ხდება. მაგრამ მთავარი ის არის, რომ Tera Group-ის რეპუტაცია და ფინანსური სტაბილურობა მყარია, მიუხედავად იმისა, ვინ რა თამაშებს თამაშობს გვერდით.
თამაში.
სისხლი გაუჩერდა.
ამ სიტყვით მოიხსენია ყველაფერი, რამაც მათი ურთიერთობა, სიყვარული და მთლიანად ცხოვრება დაანგრია.
ინტერვიუ გაგრძელდა, კითხვას კითხვა მოსდევდა და მელიქიშვილი თითოეულს ქირურგის სიზუსტითა და პოლიტიკოსის თავდაჯერებულობით პასუხობდა. ის იდეალური იყო, სტრატეგიული.
ზუსტად ისეთი, როგორსაც ელენე ასწავლიდა, მაშინ, როცა ზუსტად იმიტომ უყვარდა, რომ ასეთი არ იყო.
ვიდეო დააპაუზა, სანამ ამოსუნთქვას კვლავ შეძლებდა...

***
8 თვით ადრე
***
_ვიფიქრე, დამატებით ენერგია დაგჭირდებოდა._ბოლო კვირებში გამომუშავებული პრივილეგიის წყალობით კაბინეტის კარი დაუკაკუნებლად შეუღო და სამუშაო მაგიდაზე ყავა დაუდგა._ორმაგია.
მიშომ თვალი მოაშორა სამშენებლო ნახაზებს, რომელსაც ბოლო სამი საათის განმავლობაში ჩაჰკირკიტებდა და შვება იგრძნო, რაკი ყურადღების გადატანის საშუალება მიეცა. საბურთალოს პროექტის ციფრები უკვე თავს ტკენდნენ, მაგრამ არა რაიმე რეალური პრობლემის გამო. უბრალოდ ახსენებდნენ, რომ ოთხ დღეში კამერების წინაშე მოუწევდა იმის მტკიცება, რომ ბოლო დროს გავრცელებული ჭორები ბიუჯეტის გადაჭარბებისა და ვადების უსაფრთხოების ხარჯზე დაჩაქარების შესახებ სრულიად გამოგონილი იყო.
_ასე ცუდად მაქვს საქმე?_ყავა მოსვა და ეცადა, არ გაღიმებოდა ელენეს ყელსახვევზე, მისი კბილების კვალის დასაფარად რომ გაეკეთებინა. გოგონა ნაცრისფერ კაბასა და პერგანგში იყო გამოწყობილი და აშკარად ჩანდა, აქ საქმეზე მოსულიყო.
_ჯერჯერობით არა, მაგრამ ჭორები უნდა უარყო, სანამ პრობლემებად იქცევიან. ყველამ ვიცით, რომ ბიზნესში ბრწყინვალე ხარ, მაგრამ კამერასთან მუშაობა საშინლად გამოგდის.
_მე არ...
_ბოლო ინტერვიუერს უთხარი, „უბრალოდ გულწრფელი ვარ და იმედი მაქვს, ამას დააფასებენო“._წარბი აწია._ვციტირებ. ბარემ სამიზნე დაგეხატა შუბლზე.
_იმიტომ ვთქვი, რომ სიმართლეა.
_მესმის, გულწრფელობა შენი ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა, მაგრამ ბიზნესში გულუბრყვილობაა. პრაქტიკულად, კონკურენტებს მასალას აწვდი, რომელიც შენს წინააღმდეგ შეუძლიათ გამოიყენონ.
_გავიგე, რომ უიმედო ვარ._თვალები აატრიალა._არ შემიძლია თამაში.
_უიმედო არ მითქვამს._ტუჩის კუთხე ოდნავ შეერხა._ეს თამაში კი არა, სტრატეგიაა და აქ სწორედ იმისთვის ვარ, რომ გამოვასწოროთ.
_კარგი._ამოიხვნეშა._მხოლოდ ერთი სესია, მაგრამ არაფერს გპირდები.
_ვეცდები, ძალიან არ გაწვალო._კამერის მომზადება დაიწყო, სანამ მამაკაცი ყავას სვამდა._რამდენიმე სავარაუდო კითხვა გავიაროთ, ისე უპასუხე, როგორც ჩვეულებრივ, მერე კი ერთად ვუყუროთ და განვიხილოთ.
_წამებას ჰგავს. იმედია, დამიფასდება. დღეს გცალია?
_მიშო, სერიოზულად! რომ არ ვიცოდე, რას ვაკეთებ, ჩემს კომპანიას კლიენტების შენარჩუნების 90%-იანი რეითი კი არ ექნებოდა.
_მხოლოდ ეგაა მიზეზი?
_სხვა რა მიზეზი უნდა იყოს?_ელენემ გადმოხედა და სახეზე დაეტყო, რომ გააცნობიერა, ფრთხილად შენარჩუნებული საზღვრების კიდეებზე ცეკვავდნენ._ა, ჰო, ზოგჯერ კლიენტებთან ვწვები ხოლმე ლოიალობის შესანარჩუნებლად._სრულიად ჩვეულებრივი ტონით თქვა და მიშოს სიცილი აღმოხდა.
_ზოგჯერ?
_ძალიან იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში._ეშმაკური ღიმილით თქვა და კამერის წინ მდგარი სკამისკენ მიუთითა._შეგიძლია თავი გამორჩეულად იგრძნო.
_უკვე ვგრძნობ, იმდენად განსაკუთრებულად, რომ წამებისთვისაც მზად ვარ.
_მიხეილ!_ტაბლეტი აიღო და წამში იქცა ნამდვილ პროფესიონალად. _კარგი, დავიწყოთ. _წითელი ნათურა აინთო და მიშომ ავტომატურად იგრძნო მხრებში დაძაბულობა. ჩაწერის ფაქტს რაღაც ჰქონდა ისეთი, რაც ყოველ მიმიკას, ყოველ სიტყვას, ყოველ ჟესტს ზედმეტად ცნობიერს ხდიდა._ბოლო პერიოდში შეშფოთებით საუბრობენ „ტერა გრუფის“ ფინანსური პრობლემების შესახებ - საუბარია ხარჯების გადაჭარბებასა და პროექტების დაგვიანებაზე. როგორ უპასუხებდით ამ შეშფოთებას?
კითხვა ნამდვილად მოსალოდნელი იყო. სამი კვირის წინ გაჩენილი ჭორები თითქოს არსაიდან მოვიდა - ჩურჩული საბჭოებში, შეშფოთებული ზარები ინვესტორებისგან, ფრთხილად ჩამოყალიბებული შეკითხვები პარტნიორებისგან. არაფერი საკმარისად კონკრეტული უარყოფისთვის, მაგრამ საკმარისად საზიანო კონტროლის დასაკარგად.
_ეს შეშფოთება უსაფუძვლოა._თქვა მიშომ და იგრძნო, რომ ხმა უფრო თავდაცვითად ჟღერდა, ვიდრე სურდა._“ტერა გრუფი“ ყოველთვის მკაცრ ფინანსურ კონტროლს ინარჩუნებს. ყოველი პროექტი დეტალურად არის დაგეგმილი და ზედამხედველობა გვაქვს, რომ გადაჭარბება არ მოხდეს. ჭორები - შეჩერდა, სანამ იმას იტყოდა, რაც სურდა: „ტყუილი, მანიპულაცია, კონკურენტების შეტევა“ . - ფაქტობრივ ინფორმაციას არ ეფუძნება.
ელენემ პულტს ხელი დააჭირა და ჩაწერა შეწყდა. ოცდაათწამიანი მონაკვეთი უკან გადაახვია და მიშო ეკრანზე საკუთარ თავს დააკვირდა. დაძაბული ჩანდა, თითქოს რაღაც ჰქონდა დასამალი, მაშინ როცა სრულ სიმართლეს ამბობდა.
_ხედავ, რა მოხდა?_ნაზად ჰკითხა._სხეულის ენა დახურულია, სახელურებს ეჭიდები, ყბა დაჭიმული გაქვს. და პასუხს იწყებ სიტყვით „უსაფუძვლო“, რაც ინვესტორების ლეგიტიმური კითხვების უგულებელყოფად ჟღერს.
_მაგრამ მართლა უსაფუძვლოა.
_ვიცი, შენ იცი. მაგრამ ისე ჩანს, თითქოს დამნაშავე ხარ.
_აბა რა ვთქვა? მადლობა სრულიად უსაფუძვლო ბრალდებისთვის, მოხარული ვარ გიპასუხოთ?
_დაახლოებით._გაეცინა._მოდი, თავიდან. ამჯერად ამოისუნთქე. აღიარე, რომ ბიზნესში შფოთვა ბუნებრივია. მერე გადადი შენს გამოცდილებაზე და კონკრეტულ მონაცემებზე, რომლებიც სტაბილურობას აჩვენებს.
რამდენიმე კითხვა გაიარეს. ყოველი მომდევნო პასუხი წინას სჯობდა. დამღლელი იყო ბუნებრივი რეაქციების მუდმივი კონტროლი და მათი გათვლილი პასუხებით შეცვლა. მაგრამ ნელ-ნელა იაზრებდა, რომ ეს თამაში არ იყო, უბრალოდ სიმართლის იმგვარ ჩარჩოებაში მოქცევას სწავლობდა, რომლებიც მის ინტერესებს ემსახურებოდა.
_მშვენიერია._კმაყოფილმა უთხრა მეხუთე კითხვის შემდეგ._უკვე ნარატივს აკონტროლებ და არა - მასზე რეაგირებ...ო, ეს ცოტა რთული კითხვაა.
_უფრო რთულიც არსებობს?
_ბატონო მიხეილ, თქვენი კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს “Beridze Communications”-თან, რომელიც თქვენი კონკურენტის შვილს ეკუთვნის. ზოგი ვარაუდობს, რომ ეს პარტნიორობა ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. რას უპასუხებდით?
მიშო გოგონას წამით დააკვირდა, თითქოს სასურველ პასუხს მის სახეზე ეძებდა.
_”Beridze Communications” ამირან ბერიძის კომპანიისგან დამოუკიდებლად ოპერირებს._თქვა ჩახველების შემდეგ._ელენე ბერიძე ახალგაზრდა პროფესიონალია, რომელიც საზოგადოებრივი იმიჯის გარდაქმნაში დაგვეხმარა და მისი გუნდის დამსახურება ფასდაუდებელია. ინტერესთა კონფლიქტზე საუბარი მოძველებულ წარმოდგენებს ეფუძნება._ზუსტად ისე თქვა, როგორც მოეთხოვებოდა და სრულიად შეუსაბამოდ იმისთვის, რასაც გრძნობდა.
_იდეალურია._ელენეს გამომეტყველება არ შეცვლია._ზუსტად ასე უნდა თქვა ინტერვიუში.
_მაგრამ სიმართლე არ არის._მანამდე წარმოთქვა, ვიდრე დაფიქრებას მოასწრებდა.
_ნაწილობრივ მართალია._გოგონამ თვალი აარიდა._ისაა, რაც ყველამ უნდა იცოდეს.
_მომბეზრდა._სწრაფად წამოდგა და პერგანგი შეიხსნა, ერთ ადგილზე ვეღარ ჩერდებოდა.
_კარგი, დღეისთვის დავას...
_კარგად იცი, რომ ტრენინგზე არ ვსაუბრობ._მიხვდა, რომ ხმას აუწია და ავტომატურად საათი შეამოწმა, რათა დარწმუნებულიყო, ოფისში აღარავინ იქნებოდა.
_მიშო, ახლა არ გინდა...
_როდის? რამდენი დღე, კვირა, თვე უნდა გავიდეს რომ მზად იყო სასაუბროდ?
_ჩვენ შევთანხმდით...
_ვიცი, რაზეც შევთანხმდით და დავიღალე. დამღალა იმან, რომ პროფესიონალები უნდა ვიყოთ, რომ გათენებამდე გარბიხარ, თითქოს დანაშაულის ადგილიდან იპარები, რომ გაწერილი გვაქვს ნახვის საათები და ის, თუ რისი თქმა შეგვიძლია და რისი არა, გეგონება, სკოლაში ვიყოთ.
ელენემ პლანშეტი გადადო და ხელები სახეზე აიფარა.
_გთხოვ, ეს წესები უბრალოდ ამარტივებს ყველაფერს.
_იქნებ არ მჭირდება სიმარტივე._უკვე იმდენად ახლოს იყო მასთან, გრძნობდა, როგორი გამალებით უცემდა გული.
_მიშო..._წამოდგა და მათ შორის დისტანცია დაამყარა, თითქოს სუნთქვისთვის სივრცე სჭირდებოდა._შენ არ იცი...
_ვიცი, რომ გეშინია._მანძილი სწრაფად დაფარა და ხელებით სახე ნაზად დაუჭირა._მეც არასოდეს ვყოფილვარ ურთიერთობაში, მაგრამ შენთან არყოფნა უფრო საშიშად ჟღერს.
_არა, რაღაც უნდა გითხრა._სასოწარკვეთილი ხმით თქვა._სანამ უფრო შორს წახვალ, უნდა იცოდე...
_ვიცი, რომ ამირანი მომკლავს, მაგრამ როგორმე გავუმკლავდები._ლამის ტირილამდე მისული გულზე მიიხუტა._თუ არა და, ჩემს საფლავზე იარე ხოლმე.
_მიშო, არ მისმენ...
_იმას ვუსმენ, რაც მნიშვნელოვანია._თმაზე აკოცა._მესმის, როგორ ცემს ახლა შენი გული და ვხედავ, რომ ისვ აქ ხარ, იმის ნაცვლად, რომ გარბოდე, როგორც ჩვეულებრივ იქცევი ხოლმე, როცა საქმე ემოციებს ეხება.
_გთხოვ, ვცდილობ რაღაც გითხრა...
_მიყვარხარ._იქამდე წარმოთქვა, სანამ შეჩერებას შეძლებდა, სანამ ასეთი მნიშვნელოვანი აღიარებისთვის შესაფერის მომენტზე დაფიქრდებოდა.
_რა?_შოკისგან თვალებგაფართოებული გოგონა სრულად გაშეშდა და სიტყვები პირზე შეაშრა.
_მიყვარხარ._გაიმეორა და ხელახლა თქმით კიდევ უფრო უკეთ იგრძნო თავი._ვცდილობდი ეს ამერიდებინა, მართლა, ვაჯერებდი ჩემს თავს, რომ არაფორმალური ურთიერთობა უსაფრთხო იყო და ორივეს გვჭირდებოდა, მაგრამ აღარ მინდა თავის მოჩვენება, თითქოს ერთადერთი ადამიანი არ იყო, რომელთან ერთადაც დაძინება და გაღვიძება მინდა.
_ღმერთო._ელენემ ღრმად ამოისუნთქა და ოდნავ მოშორდა.
_მაპატიე._მიშო რამდენიმე წამის განმავლობაში უყურებდა, პირზე ხელაფარებული როგორ ცდილობდა ცრემლების შეკავებას._არ უნდა მეთქვა. შენც თუ იმავეს არ გრძნობ, შეგიძლია დაივიწყო, მე არ...
_იდიოტი ხარ!_როგორც იქნა, ხმა ამოიღო და ტირილნარევი სიცილით თქვა.
_რა?_თვალები რამდენჯერმე დაახამხამა.
_ნამდვილი იდიოტი ხარ, მიხეილ მილიქიშვილო, თუ მართლა ვერ ხვდები, რას ვგრძნობ.
_შენ თქვი...
_ვიცი, რაც ვთქვი, რა წესებიც დავადგინე, რადგან მეშინოდა._თქვა ჩახლეჩილი ხმით._რადგან ყოველ ჯერზე, როცა შენს გვერდით ვარ, მავიწყდება ყველა მიზეზი, რის გამოც თავი უნდა დავიცვა. იმიტომ, რომ თუ გრძნობებში გადავეშვები, არ ვიცი, დაცემას თუ გადავურჩები.
_გადაეშვი._მტკიცედ უთხრა აღიარებით შვებამოგვრილმა._დაგიჭერ, გპირდები.
_ვერ დამპირდები.
_მიყურე._თითები ნაზად გადაატარა მის ტუჩებზე, სანამ კოცნაში ჩაიძირებოდა. ელენეც აჰყვა, თითქოს იხრჩობოდა, ის კი ჰაერი იყო.
_ისე შენი PR კონსულტანტი ამის წინაამღდეგი იქნებოდა._ისტერიული სიცილი აუტყდა, როცა ოდნავ ამოისუნთქეს, მიშოს კი შეეშინდა, გული არ გასკდომოდა, იმდენად საყვარელი იყო._საშინელი იდეაა პროფესიულად.
_კარგია, რომ ახლა ჩემი PR კონსულტანტის აზრი არ მაინტერესებს._უფრო ახლოს მიიზიდა და შუბლი მისას მიადო._თუმცა ძალიან მაინტერესებს ჩემი შეყვარებულის აზრი.
_შეყვარებული_ფრთხილად გაიმეორა._რაღაცნაირად ჟღერს.
_სინამდვილედ?
_საშიშად. საშიშ სინამდვილედ._კამერას გახედა და თვალები რამდენჯერმე დაახამხამა. მიშო!
_ჰო?
_ისევ იწერს.
წამით გაიხედა წითელი შუქისკენ, რომელიც ციმციმებდა და მათი აღსარების ყოველ მომენტს იღებდა. ერთი წამით დაფიქრდა გამორთვაზე, მაგრამ გოგონასთან წამით მოშორებაც ესიკვდილებოდა.
_ჩაიწეროს. მაინც არასოდეს დამავიწყდება ეს დღე._შუბლზე აკოცა, შემდეგ ლოყებზე, ცხვირის წვერზე...
_ჰოდა,_ოდნავ მოშორდა მამაკაცს და ეშმაკურად გაუღიმა._გინდა ტრენინგი დავამთავროთ, თუ…?
_თუ,_დაუფიქრებლად უპასუხა მიშომ და ისევ თავისკენ მიიზიდა, რომ კიდევ ეკოცნა. ნამდვილად “თუ”!
_შენი ბორდი მომკლავს, თუ ამ ინტერვიუს ჩააფლავებ.
_მაშინ უფრო კარგად უნდა დამატრენინგო ხოლმე._უკუსვლით კედლისკენ წაიყვანა და პერანგი პროფესიონალური სისწრაფით გახადა._ხშირად მოგვიწევს ვარჯიში._მხარზე ნაზად უკბინა._ყოველდღიური პრაქტიკა გვჭირდება… მგონი ერთად უნდა გადავიდეთ, რომ სულ გვქონდეს ვარჯიშის დრო.
_ათი წუთია ოფიციალურად ვხვდებით და უკვე ერთად გადასვლაზე ლაპარაკობ?_გულწრფელი სიცილი აუტყდა.
_When you know, you know!_თვალებში ჩახედა და გულში მადლობა შესწირა განგებას, ბედისწერას თუ შემთხვევითობას - რაც არ უნდა ყოფილიყო - რომელმაც მასთან შეახვედრა.
_ყველაზე საშინელი სტრატეგიული კომუნიკაციაა, რაც კი ოდესმე მომისმენია! _გულაჩქარებულმა სწრაფად გაუხსნა ქამარი, ისე, რომ მისი სახისთვის თვალი არ მოუცილებია.
_კიდევ კარგი, შესანიშნავი PR კონსულტანტი მყავს, რომ ამაზე იმუშაოს ჩემთან ერთად._მისი კაბაც ჩამოიშორა გზიდან._მაგრამ ამ წუთას სხვა ტიპის ტრენინგი უფრო მაინტერესებს…

***
რეალობას დაუბრუნდა. მაგიდის კიდეს ისე ძლიერად ეჭიდებოდა, თითები გათეთრებული ჰქონდა. იძულებით გაუშვა ხელი, ჩაისუნთქა და ყურება გააგრძელა, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული სიტყვა მუცელში დანასავით ხვდებოდა. აცნობიერებდა, რომ თავის ქმნილებას აკვირდებოდა. მიხეილ მელიქიშვილის ეს სტრატეგიული, ფასადური, კონტროლირებადი ვერსია მისი სწავლების შედეგი იყო. მან ასწავლა, როგორ ჩაენაცვლებინა გულწრფელობა ჯავშნით და ინფორმაცია იარაღად ექცია, ახლა კი ამ ყველაფერს მისსავე გასანადგურებლად გამოიყენებდა.
_რასაკვირველია, ინტერვიუს ამ თემის გარეშე არ დავასრულებდი._თამარის საუბარი უფრო უშუალო გახდა._კიდევ ერთხელ გილოცავთ დაქორწინებას. ნამდვილად ულამაზესი ცერემონია იყო.
მიშოს ღიმილი არ შეცვლია, მაგრამ ელენეს იმდენი დრო ჰქონდა დახარჯული მისი მიკროემოციების შესწავლაზე, რომ არ გამორჩენია თვალების გარშემო წამიერი დაჭიმულობა და ყბის თითქმის შეუმჩნეველი დაძაბულობა.
_გმადლობთ, მოხარული ვიყავით, რომ გვეწვიეთ. მართლაც შესანიშნავი დღე იყო.
_თქვენი პროფესიული ურთიერთობა „Beridze Communications“-თან ერთ-ერთ ყველაზე განხილვად პარტნიორობად იქცა ქართულ ბიზნესში. როგორ განვითარდა ეს თანამშრომლობა ახლა, როცა დაქორწინებულები ხართ? წარმომიდგენია, რა საინტერესო იქნება ბიზნესისა და პირადი ურთიერთობების შერწყმა.
„აი ისიც“-ხმამაღლა გაიფიქრა-„ახლა ყველაფერს გაანადგურებს“.
_ელენე ნამდვილად უნიჭიერესია თავის საქმეში და “Beridze Communications” უმნიშვნელოვანეს პერიოდში დაგვეხმარა „ტერა გრუფის“ საზოგადოებრივი იმიჯის ტრანსფორმირებაში. გულწრფელად ვაფასებთ ყველაფერს, რაც ჩვენი კომპანიისთვის გააკეთეს..._თუმცა_განაგრძო და გოგონამ იგრძნო, გული როგორ შეეკუმშა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე იცოდა, რას მოისმენდა_ჩემი და ელენეს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ინტერესთა კონფლიქტებზე სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, პროფესიულ პარტნიორობას ვასრულებთ. Beridze Communications დაამთავრებს მიმდინარე პროექტებს, თუმცა მომავალი წლიდან კონტრაქტს აღარ განვაახლებთ.
_ალბათ რთული გადაწყვეტილება იქნებოდა._თამარმა თანაგრძნობით თქვა.
_სწორი გადაწყვეტილება იყო ორივე კომპანიისა და ჩვენი ქორწინებისთვის. ელენემ ძალიან წარმატებული კომპანია შექმნა_ისეთი ტონი ჰქონდა, თითქოს პატარა ბავშვს აქებდა._ და დარწმუნებული ვარ, Beridze Communications გააგრძელებს ზრდას “ტერა გრუფის“ გარეშე._საზოგადოებისთვის ფარული მესიჯი ელენესთვის ცხადი იყო - მამაკაცი მის ფინანსურ სტაბილურობას ემუქრებოდა და მადლობელი უნდა ყოფილიყო, ამას მის წარმატებად რომ ფუთავდა და არა - გაწირვად.
_რაკი ოჯახურ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ._ჟურნალისტმა ღიმილით განაგრძო._თქვენსა და ამირან ბერიძის ბიზნეს იმპერიას შორის ისტორიული დაძაბულობა იყო. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქორწინება ამ ცნობილი დაპირისპირების დასრულებას მოასწავებს?
_შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ისტორია წარსულს ჩაბარდა._ღიმილით დაუდასტურა, რომლის სიყალბესაც ვერ დაინახავდი, თვალებში რომ არ ჩაგეხედა._როცა საქმე ოჯახს ეხება, ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანი ხდება. მე და ამირანს გვქონდა განსხვავებული მიდგომები, ბიზნეს შეხედულებები, პრიორიტეტები, მაგრამ საბოლოოდ ორივეს გვინდა საქართველოს ეკონომიკური წარმატება და რაღაც ახლის აშენება. ურთიერთობები იცვლება. პრიორიტეტები ევოლუციას განიცდიან და სიმართლე რომ გითხრათ, მას უდიდეს პატივს ვცემ, მართლაც შთამბეჭდავი იმპერია შექმნა._სიტყვები სრულიად დიპლომატიური იყო, მაგრამ ელენეს ესმოდა ის, რასაც არ ამბობდა - მამაკაცს მამამისთან „შერიგება“, მასთან კი ომის გამოცხადება ჰქონდა გადაწყვეტილი.
_ესე იგი, თქვენს ურთიერთობაში ახალი თავი იწყება.
_შეიძლება ითქვას. სხვათა შორის, ეს ჯერ არ გამიჟღერებია - მინდოდა ჟესტი გამეკეთებინა, ამ ახალი თავის აღსანიშნავად. როგორც იცით, მე მნიშვნელოვანი მცირე წილი მაქვს Beridze Communications-ში – დაახლოებით 25 პროცენტი – მას შემდეგ, რაც მე და ელენემ ოფიციალურად დავიწყეთ ურთიერთობა. ეს ინვესტიცია იყო მის კომპანიაში, გზა მის ბიზნესის მხარდაჭერისთვის, ჩემი საკუთარი ფინანსური ინტერესების შენარჩუნების პარალელურად.
_არა!_სიტყვამ ელენეს გონებაში ამოხეთქა, გაშეშებული ენასაც ვერ ამოძრავებდა._რას აკეთებ?
_...თუმცა როგორც უკვე ვთქვი, პროფესიულ ურთიერთობებს სრულად ვმიჯნავთ და მსურს, ჩემი წილი ბატონ ამირანს გადავცე, კეთილგანწყოფის ნიშნად. ამ გზით “Beridze Communications” სრულად ბერიძეების მფლობელობაში იქნება...
საუბარს აგრძელებდა, მაგრამ გოგონას აღარაფერი ესმოდა. ოთახი ტრიალებდა, მხედველობა დაბინდული ჰქონდა და წყლის დალევასაც ვერ ახერხებდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ვიღაცას გული მუშტში მოექცია და მთელი ძალით უჭერდა.
ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა. ალბათ ისევ რეზი იყო, ან ბორდის სხვა წევრი, ან ამირანი, ან ჟურნალისტები, რომლებიც მისი ქმრის გულუხვი ჟესტის გამო კომენტარს თხოვდნენ.
მელიქიშვილმა ყველაფერი იცოდა. ესმოდა, რას ნიშნავდა ეს წილი ელენესთვის - მისი ურთიერთობა ამირანთან და ამ უკანასკნელის მუდმივი მცდელობები, მისი მთელი ცხოვრება ეკონტროლებინა და იარაღი გადასცა, რომლითაც მის დამოუკიდებლობას გაანადგურებდა. ეს საბოლოო დარტყმა იყო და არა უბრალოდ დასჯა ან ცივი დისტანციის შენარჩუნება. ის სისტემატურად ანადგურებდა ყველაფერს, რაც მან შექმნა, ყველაფერს, რაც ღირებულებად აქცევდა.
მამაკაცი, რომელიც მთელი მისი სამყარო იყო, მომკვდარიყო. თავად მოკლა - თავისი სიცრუით, მანიპულაციით და სტრატეგიული აზროვნებით.
და ადამიანს, რომელმაც ჩაანაცვლა, მისი გაკვეთილები იდეალურად შეესწავლა.
***

უდიდესი მადლობა თითოეული კომენტარისა და მოტივაციისთვის.
როგორც იქნა, დავასრულე ფლეშბეკები (ალბათ) და ამიერიდან სრულად აწმყოზე გადავალთ.
მოუთმენლად ველი თქვენს მოსაზრებებს პერსონაჟებთან დაკავშირებით.



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

იმედია მალე დაიდება შემდეგი თავი ❤️ ველი მოუთმენლად ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა

რაც უფრო მალმალე დადებთ გამახარებთ საოცარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent