შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ბორბალი(სრულად)


20-12-2025, 21:55
ავტორი Leoniv
ნანახია 909

გარეთ თოვდა,აბგად ჰქონდა...
თბილად მეცვა, თუმცა მაინც ძალიან მციოდა. ჩემი სოფლის აგურითნაშენ პატარა ნაგებობას ვაფარებდი თავს, რომელსაც ავტობუსის გაჩერება ერქვა. გადათეთრებულიყო ჩემი პატარა სოფელი. აღარც მახსოვდა როგორი იყო თოვლი, დედაქალში ხომ იშვიათად თოვდა, არც ასე ძალიან არ ციოდა და არც მუხლებამდე მწვდებოდა თოვლი.
ვიდექი და ველოდი თბილისისკენ მიმავალ ავტობუს. ვუყურებდი გზას, რომლის გავლაც დღეში ორჯერ ან სამჯერ მაინც მიწევდა ერთ დროს. ვიხსენებდი ბავშვობას, ვუყურებდი ჩემი სკოლის სახურავს, რომელიც ძლივ-ძლივობით მოჩანდა შორიდან, ამ სოფლის ყველა კუთხესთან მოგონება მაკავშირებდა....
არ მასვენებდა ჩემი ბავშვობა, ჯიუტად მახსენებდა თავს...ყურში, სადღაც შორი წარსულიდან მომავალი ბავშვების სიცილი და საუბარი მესმოდა, ვხედავდი მათ ღიმილიან სახეებს, წიგნებით სავსე ზურგჩანთებს, პატარა გადადგმულ ნაბიჯებს, ერთმანეთისთვის ნასროლ თოვლის გუნდებს. ვხედავდი მათ გულწრფელობას, ბავშვობასა და ბედნიერებას...ჩამეღიმა, ეს ხომ ჩემი წარსული იყო. ჩემი ბავშვობა.
ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა, ჩემი თანამშრომელი მეკითხებოდა მივდიოდი თუ არა სამსახურში. ხვალ ახალი წელი იყო, კიდევ ერთი ახალი წლის გატარება მიწევდა სამსახურში.
არადა ხომ იყო დრო, წარმოუდგენლად რომ მიმაჩნდა სახლში,ოჯახთან არ ყოფნა ახალ წელს...ხომ იყო დრო, როცა ჩემი საზრუნავი ახალ წელზე მხოლოდ კლასელებთან ერთად ციგაობა,დედაჩემის გაკეთებული გოზინაყის დაგემოვნება და ნაძვისხის მორთვა იყო. ისე შევყევი ფიქრებს, რომ გაზაფხულიც მოვიყვანე.   
    სკოლის თბილი ბოლო დღეები, ღია ფანჯრებიდან შემოსული სუფთა ჰაერი, სკოლის კედლებზე დატოვებული წარწერები, მასწავლებელი დაფასთან და კავკასიონი, რომელიც განსაკუთრებით ლამაზი იყო გახაფხულზე. შუა ზამთარში ვიგრძენი თბილი ჰაერი, ჩიტების ჭიკჭიკი, ჭადრების რხევის ხმა და სკოლის ხმაური.
დიდხანს ვერ დავრჩი წარსულში, აწყმო დრო მეძახდა. მოხუცებული ქალის ხმამ გამომაფხიზლა, წამიერად შევხედე...ორნი ყოფილან. ვერცერთი ვერ ვიცანი, არადა ადრე ყველას ვიცნობდი, ყველა ვიცოდი.შევატყე ვერც თვითონ მიცნეს, თუმცა მაინც მივესალმე. ადრე ალბათ შემეკითხებოდნენ ,,შენ ვისი გოგო ხარ?'' მამაჩემის სახელის ხსენებაზე კი სახე გაუნათდებოდათ და მეტყოდნენ რომ ნათესავები ვიყავით, ან რაღაც ახლობლურ კავშირს მაინც გამოძებნიდნენ. ასეთი იყო ჩემი სოფელი ერთ დროს, ძველი მაგრამ თბილი, ღარიბი მაგრამ გულწრფელი,ტკბილი, ერთიანი.
აშკარად მეგობრები იყვნენ, ორივეს საყვარელი თბილი ქურქი ეცვა და რამდენიმე ჩანთა ეკავათ. ჩემს უკან იდგნენ და საუბრობდნენ თუ რამდენი საქმე ჰქონდათ სახალწლოდ. მეღიმებოდა მათ ამ სახალწლო ,,ფუსფუსზე".
იგვიანებდა თბილისის ავტობუსი. მე კი ვიყინებოდი.
-გამარჯობა შვილო- თქვა ამ ქალებიდან ერთ-ერთმა, გარშემო მიმოვიხედე, ვერვინ დავინახე, ნეტავ ვის მიესალმა-თქო გავიფიქრე.
-გამარჯობა-გაისმა ინტონაციურად მდიდარი და თანაც როგორი ნაცნობი ბარიტონი. შევცბი. ქურთუკის ქუდი გადავიწიე და ახლაღა დავინახე ჩვენს წინ მდგარი ბიჭი, არა, უფროსწორედ კაცი, რომელიც პირდაპირ ჩვენი მიმართულებით იყურებოდა.
-ვინაა ნანო, ეს ბიჭი?- ჰკითხა ერთმა ქალმა მეორეს ჩურჩულით, თუმცა მე შესანიშნავი მსმენელობა მქონდა.  დავინტერესდი, აშკარად ვერც მე ვიცანი. ნანომ პასუხი დააგვიანა და სანამ ის პასუხზე ფიქრობდა, მე ურცხვად ვათვალიერებდი ამ კაცს.
შავ თმაზე ქარი ეთამაშებოდა,მაღალი შუბლი ჰქონდა,წარბები მუქი და მკვეთრი, მარჯვენა წარბთან შრამიც ჰქონდა, ღრმა შავი თვალები,მძიმე სერიოზული მზერა,სწორი ცხვირი, შავი მოვლილი წვერი...შავი ქურთუკი ტანზე მჭიდროდ ერგებოდა, სულ შავებში იყო შემოსილი, მაღალი იყო, კარგი აღნაგობის,ნამდვილად შეხედული და მოხდენილი...სიგარეტს ეწეოდა, ხელზე ტატუც ჰქონდა, თუმცა ვერ გავარჩიე რა იყო.
მეცნობოდა, ძალიან მეცნობოდა...ვერ ვიგებდი ვინ იყო, კვლავ უძრავად იდგა და უბრალოდ პირდაპირ, ანუ ჩვენი მიმართულებით იყურებოდა. ინტერესი მჭამდა, თითქოს ვიცნობდი. ვინ იყო, ვის ვიცნობდი ასეთს...მაღალს, შავგრემანს, წარბთან შრამით...ვის, ვის...ადგილზე გავშრი სახელი მირიანი რომ გავიგონე.
-გახსოვს მირიანი ცირა?-ჩუმად იკითხა ნანომ. გაოცებისგან პირზე ხელი აიფარა ცირამ და როდესაც მიხვდა, რომ ზედმეტად შეიცხადა კითხვა, კვლავ სერიოზული სახე მიიღო.
-მირიანი, ნიკოს მირიანი? გურჩიანების ბიჭი?-ეჩურჩულებოდა ცირა ნანოს, თანაც ისე ხმადაბლა მეც რომ აღარ მესმოდა.
-ჰო,ჰოო ნიკოს უფროსი ბიჭი- ჩუმად აძლევდა პასუხებს ნანო ცირას.
-ჩამოვიდა?- კითხვები აწუხებდა ქალს.
-ერთი კვირაც არ იქნება, რაც აქაა- მაქსიმალურად მოკლე პასუხებს იძლეოდა ნანო,თითქოს მისი ეშინოდა, არ გამიგოსო...
-როგორ შეცვლილა...ისეთი პატარა მახსოვდა-ამბობდა ცირა და თან თვალს აპარებდა ჩვენ წინ მდგომი კაცისკენ, რომელიც თურმე ჩემი პარალელური კლასელი, მირიან გურჩიანი იყო.
მირიანი ჩემთვის იმაზე მეტად ნაცნობი თემა იყო ვიდრე ამ ქალებისთის. უცნაური გრძნობა დამეუფლა, თითქოს მხრებზე მძიმე ტვირთი დავიდე...კვლავ ვუყურებდი, არ მრცხვენოდა, აშკარად ეტყობოდა რომ თვითონაც ხვდებოდა ვინ ვიყავი, ვახსენდებოდი...
ბოლოს 10 წლის წინ მყავდა ნანახი, ზუსტად ახალი წლის წინა ღამეს...რა დამავიწყებდა იმ დღეს.
უნივერსიტეტის გამოცდებისთვის ვემზადებოდი და მასწავლებლიდან მასწავლებელთან დავბორდი, მერე რა რომ 30 დეკემბერი იყო, უამრავი მასალა მქონდა სასწავლი. მაშინ ჩემს სოფელში უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობდა, საღამო იყო, ზოგი ქალაქიდან ბრუნდებოდა პროდუქტებით დატვირთული, ზოგიც ახლა მიდიოდა.       
   ბავშვები გუნდაობდნენ, ფანჯრებიდან მორთული ნაძვის ხეები მოჩანდა. მე ისტორიიდან ვბრუნდებოდი, თავისუფლად და ლაღად მივაბიჯებდი ჩემს სოფელში, თან ერთი სული მქონდა სახლში მისულს ღუმელთან ხელები გამეთბო.
-მარიამ- ზუსტად იგივე ბარიტონი მომესმა, ჩემი უბნის გზას რომ დავადექი. აი საიდან მეცნობოდა ეს ხმა. გავჩერდი და უკან მივეხედე, მირიანი იყო.
-საიდან მოდიხარ?- მითხრა და თან წამომეწია. მაშინ ჩემი ტოლა იყო, ჯერ უწვერული, ახალგაზრდა, სახეზე კვლავ შერჩენოდა ბავშვური ნაკვეთები.
-ისტორიიდან- ვუთხარი და ჩემი წიგნებით სავსე ჩანთა მივაწოდე. ჩაეცინა და უხმოდ გამომართვა. ბიჭს,რომელასაც ყველა სხვა სოფელში მყოფი დიდი თუ პატარა ზედმეტ სიტყვას ვერ ეუბნეოდა, მე ჩემს პეპლებიან ,ძალიან გოგოშკურ ჩანთას ვატარებინებდი, თან ისე რომ არც წუწუნებდა.  თვალი გაგვაყოლეს გამვლელებმა, თუმცა არ შემიმჩნევია.
-არ დაგითხოვეს?- მკითხა კვლავ მან.
-არა, მხოლოდ ხვალ გვასვენებს შალვა მასწავლებელი- ვთქვი და ხმაში მწუხარება შემეპარა, რა იქნებოდა ერთი კვირა დავესვენებინეთ ამ მასწავლებებს-თქო გავიფიქრე.
-დაველაპარაკები შალვას თუ გინდა- მითხრა სერიოზულად.
-ვიცი მე შენი დალაპარაკება მირიან- ვუთხარი და წარბი ავწიე.
-ნუ გეშინია, შალვა მასწავლებელის ცემას არ ვაპირებ- დამაიმედა.
-ეგ ერთი კაციღა დარჩა სოფელში მგონი,ვისთვისაც შენი მარჯვენა არ გითავაზებია- ასეც არ იყო, ვაღიარებ ვაზვიადებდი. ჩაეცინა. ლამაზი ღიმილი ჰქონდა. ღიმილის ბიჭს ალბათ სწორედ ამიტომ ეძახდნენ.
-შენ არ იყავი ის გოგო მე-10 კლასში ჩემი კლასელი ანა, რომ სცემა? არადა კაცი რომ გისმენდეს უფრთო ანგელოზი ეგონებოდი- გემრიელად ჩავარტყი მხარზე, ჩემი ცოდვების გახსენებისთვის.
-იცი რა...ღირსი იყო ეგ გოგო!- ვიმართლე თავი მაშინვე და მის წარბზე პატარა ჭრილობაც შევნიშნე.- წარბზე რა მოგივიდა?- ვიკითხე მალევე.
-არაფერი ისეთი-მოგკლედ მომიჭრა.
-გტკივა?- კარგად შევათვალიერე.
-არა ტოო,რა მტკივა-კვლავ მოკლედ მიპასუხა.
-მიხარია, კარგია...- სხვა ვერაფერი მოვიფიქრე პასუხად.
-ხოოო?- გამომცდელად  ინტონაციით მკითხა.
-ხოო- მხოლოდ ეს ვუთხარი.
-როგორ ამბობენ?! ქორწილამდე მომირჩება-თქვა ღიმილით.
-შერჩეული გყავს უკვე გოგო?- ახლა მე ვკითხე, თანაც დიდი ინტერესით.
-იასნია რომ მყავს, გაგაცნობ მერე- მწარედ მიკბინა და მომინდა ახლა გემრიელად მეცემა. მგონი არც მე ვიყავი მასზე ნაკლები.
მივჩუმდი, ვერაფერი ვუთხარი. ხელი გადამხვია, ვიფიქრე ამით მომიბოდიშა-თქო, ხოდა არასწორად მიფიქრია.
-კაი რაიყო, ქორწილში დაგპატიჟებ- მითხრა, თვითონაც გაეცინა და მეც ამიყოლია.
-მაგარი გაკლია იცი?- ვუთხარი ახლა და ისევ გაბრაზებულის პოზიციას დავუბრუნდი.
-ვიცი მარიამ, ვიცი- მითხრა კმაყოფილად.
   შორიდანვე დავინახე ჩვენკენ მომავალი კოკა ბაბუა, კოკა კარგი კაცი იყო, არავის არაფერს უშავებდა, ერთი სმა და სიმღერა უყვარდა მხოლოდ. ახლაც ლუდის ბოთლი ეკავა ხელში, ყურზე ნაძვის ხის სათამაშო ჩამოეკიდა და მღეროდა. საყვარელი იყო. გამეღიმა.
-ტრიალებს, ტრიალებს,
ბედის ბორბალი ტრიალებს,
დრო მიდის, დრო მიდის,
დრო უცებ გაგვატიალებს.
ვინ იცის? ვინ იტყვის?
ვინ მოგვიშუშებს იარებს?
ტრიალებს, ტრიალებს- გვიმღეროდა კოკა და თან ჯიბებში ტკბილეულს გვიწყობდა ორივეს. მირიანმაც ერთი კოლოფი სიგარეტი ამოუაცურა ჯიბიდან და კოკა ,,ბედის ბორბალი ტრიალებს" სიმღერით გააცილა. ამაზე კიდევ უფრო გამეცინა.
-სიმღერის ნიჭი გქონია- ვთქვი მაშინვე.
-ქართულებს ვერ ვმღერი, ინგლისურები უნდა ნახო შენ- შეიფერა, თუმცა ირონიაც შემომაპარა.
-არ მეგონა ,,კაი ბიჭები" ინგლისურებს თუ უსმენდით- ვთქვი რა თქმა უნდა ხუმრობით და მევე გამეცინა ჩემს სიტყვებზე.
-ცხოვრებამ მოიტანა, რას იზავ- მითხრა თუ არა ორივეს სიცილი აგვიტყდა. ღმერთო, როგორ ძალიან მომწონდა...
ჩემს ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა, ჩემი მეგობარი ნატა იყო, რომელიც ისტორიას სულ აცდენდა და შემდეგ ჩემგან ინიშნავდა გაკვეთილს. გავუთიშე.
-ვინ იყო?- იკითხა მირიანმა.
-შეყვარებული- მოკლედ ვუპასუხე და თან სამაგიერი გადამიხადა.გაეცინა.
-რაო, რა მინდაო?მომბეზრდა მშვიდი ცხოვრებაო?- მითხრა და სერიოზული სახე მიიღო.
-შენ რა გინდა?რა გაწუხებს?- წარბი ავწიე.
-ოოო, მე ბევრი რამ მაწუხებს მარიამ
-მაინც?
-ხო იცი რომ არ მევასება რაღაცების ჩამოთვლა და ესეთი ამბები
-აბა რა ,,გევასება"??- გავბრაზდი.
-რა თუ ვინ?- მითხრა მაშინვე. ოღონდ ახლა არ გავწითლდე-თქო გავიფიქრე.
-ძალიან ცუდი ვინმე ხარ შენ!- ვუთხარი გარკვევით უკვე ჩემს სახლთან რომ ვიყავით.
-სამაგიეროდ გოგო მყავს კარგი- ეს რომ მითხრა თვალები ავატრიალე.
-გყავდეს ხოდა- ვუთხარი მტკიცედ.
-მყავს ხოდა, წინ მიდგას თან
-მე არავისი ,,გოგო" არ ვარ -ძალიან ბავშვურად გამომივიდა, ვერაფერი სხვა ვერ ვუპასუხე.
-ხარ, ოღონდ მარტო ჩემი- მითხრა, ჩემი გაყინული ხელი აიღო, ჯერ ხელზე შემდეგ კი შუბლზე მაკოცა.- ხვალ დაგირეკავ, მიპასუხე...პირველმა უნდა მოგილოცო—მითხრა და წავიდა, წავიდა და გაუყვა ბილიკს,ბედისწერის სევდიანი ფიქრით.
   ალბათ ვუყვარდი, ან მოვწონდი... არვიცი არასდროს არაფერს მეუბნეოდა, თითქოს შეპარვით მახვედრებდა, თუმცა პირდაპირ არაფერი უთქვამს ან ვერ მოასწრო თქმა. მე, მე ვიცოდი რომ მომწონდა...შეიძლება მიყვარდა კიდეც.
   დიდხანს ველოდი 31 დეკემბერს მის ზარს, მაგრამ უშედეგოდ. იმედგაცრუებული ვიყავი და მეგონა რომ დაავიწყდა. ძალიან ნაწყენი დავწექი იმ ღამით, თან რაღაც არ მასვენებდა, დაძინებამდე თითქმის ღამის ოთხ საათზე ვცადე  მასთან დარეკვა, თუმცა არ უპასუხია...
    დილის 7 საათი იქნებოდა, პოლიციის სირენების ხმა რომ გავიგე. მაშინვე წამოვდექი, ჩემს სოფელში პოლიცია იშვიათად თუ ჩნდებოდა.  ზუსტად ხუთი პოლიციის მანქანა დავთვალე, 1-2 კი შავი ჩაბურულ მინებიანი მანქანა. საშინელი პირველი იანვარი გათენებულიყო.
   ,,მირიან გურჩიანს ბრალი ედება ვინმე ლ.გ მოკვლაში" ზუსტად ასე მითხრა, ჩემი სახლის კართან მდგომა პოლიციელმა. მაშინ ალბათ ერთი მიწა არ გამისკდა, თორემ სხვა ყველაფერი დამემართა. დენის დარტყმასავით ჟღერდა ეს სიტყვები.
   ზუსტად ახალი წლის ღამეს მირიანს და მის რამდენიმე კლასელს ,,შელაპარაკება" მოსვლიათ ჩვენს სოფელში სტუმრად ჩამოსულ ბიჭებთან, რომელთაგან ერთ-ერთი მოსამართლის შვილი იყო. პოლიციას თუ დავუჯერებთ, მირიანმა ჩხუბის დროს  ორჯერ გულის არეში ესროლა ლ.გ-ს, რომელიც მოსამართლის შვილი აღმოჩნდა.  ამის შემდეგ მირიანი გაქცეულა, გამოძიების მიხედვით, სახლიდან პასპორტი აიღო და წავიდა.  სწორედ ამ ინფორმაციას ვისმენდით ერთი კვირა.
   შემდეგ მირიანის მამამ, ნიკომ რამდენიმე ადვოკატი აიყვანა. მხოლოდ ამის მერე გავიგეთ რომ იარაღი სულაც არ ეკუთვნოდა მირიანს, მეტიც მისი თითის ანაბეჭდებიც კი არ იყო იარაღზე. მაგრამ გარდაცვლილის მამა ამტკიცებდა, რომ მისი შვილის მკვლელი მირიანი იყო.  ვერაფერი იღონა ნიკომ, ვერცერთმა ადვოკატმა ვერ დამტკიცა მირიანის უდანაშაულობა. ნიკო ჩვეულებრივი კაცი იყო, არ ჰქონდა გავლენები, არც იმდენი ფული, რამდენიც ამ საქმის მოსაგვარებლად სჭირებოდა, ამიტომაც მთელი კაპიტალი ალბათ მირიანის საქართველოდან გაყვანაზე დახარჯა.
   რამდენჯერმე დაკითხეს მირიანის კლასელებიც, ბევჯერ დაშინეს, სცემეს და არცერთმა მაინც არ უღალატა მირიანს, ყველა ამბობდა რომ ლ.გ-ს მისივე ძმაკაცის ბრმად ნასროლი ტყვია მოხვდა, თუმცა ამ დროისთვის იარაღი უკვე დაკარგული იყო.    
  საქმოს გამომძიებელი აცხადებდა, რომ თითის ანაბეჭდები უკვე აღებული ჰქონდათ და ემთხვეოდა მირიანისას,როდესაც ნიკომ მეორედაც მიოთხოვა ანაბეჭდების აღება, უთხრეს რომ იარაღი დაიკარგა და არც ანაბეჭდების მეორედ აღება იყო საჭირო.   
    მოკლედ, ადვილად მიხვდებოდით რომ დიდი უსამართლობა ტრიალებდა ამ საქმეში. არ ისვენებდა პოლიცია, ყოველდღე დადიოდნენ ჩვენს სოფელში, გვაკვირდებოდნენ, თითქოს მირიანს ვმალავდით, გვაწიოკებდნენ, განყოფილებაში გვიბარებდნენ, ცდილობდნენ რამე დაებრალებინათ...ასე გაგრძელდა წლები. ეს საქმე გამოუძიებელი დარჩა, მკვლელად კი კვლავ მორიანს ასახელებდნენ.
  ყველგან ეძებდნენ, გადატრიალეს საქართველო, ვერ გაეგოთ სად იყო...საზღვრის კვეთა არ ფიქსირდებოდა, არც ის იცოდნენ საქართველოში იყო თუ არა.
   არაფერი ისმოდა მისგან, სოფელშიც არავინ არაფერი იცოდა მასზე...ნიკო სახლიდან აღარ გამოდიოდა, არავის ელაპარაკებოდა ან მირიანს საერთოდ არ ახსენებდა.
   მე? გამიჭირდა, როგორ არ გამიჭირდა. არცკივიცი რამდენჯერ გადავათენე ტირილში, რამდენი დღე ვლიე მის ლოდინში, რამდენი საათი გავატარე მასზე ფიქრსა და მონატრებაში. მის გარდა სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი...ველოდე, დიდხანს ველოდე. ის კი არ ჩანდა, არსად არ ჩანდა. არცერთი ზარი, არცერთი წერილი...გაბრაზებული ვიყავი? არა. ვიცოდი რომ არც ნიკოს არ ურეკავდა, ზუსტად ნიკომაც არ იცოდა სად იყო...გარდა ამისა, სულაც არ იყო ჩემს ტელეფონზე დარეკვა გონივრული, ალბათ ისმინებოდა კიდეც. თუმცა მკლავდა მისი მონატრება და ვერაფერს ვუხერხებდი თავს. მთავარია ცოცხალი იყო. ვიცოდი დაბრუნდებოდა, არ შეარჩენდა არავის ოჯახის აწიოკებას, არავის შეარჩენდა ამ დიდ უსამართლობას. მირიანის ძმაკაცები ნიკოს მამასავით ექცეოდნენ და ყოველთვის კითხულობდნენ, ალბათ სწორედ ასე გადაიტანა მირიანის, ერთადერთ შვილთან ვერ ყოფნა.მეც შევეჩვიე მის გარეშე ცხოვრებას, შევეგუე რომ შეიძლება აღარასდროს მენახა... ყოველთვის მქონდა იმედი, თუმცა ათი წლის განმავლობაში ეს იმედი თოვლივით დადნა.
   გონებაში რომ ამ ამბის გახსენება დავასრულე, სიცივემ კიდევ უფრო ამიტანა. ყელი დამეწვა, ხელები ამიკანკალდა...ვერ ვიჯერებდი რომ ახლა ჩემ წინ იდგა ცოცხალი, დაკაცებული,შეცვლილი და მაინც თითქოს ისევ ისეთი მირიანი.
-არ დაიჭირეს?მკვლელობას არ აბრალებდნენ?- ჰკითხა ცირამ ჩემს უკან ნანოს.
-ათი წელი იყო წასული ცირა...ამბობენ კანონიერი ქურდიო,ხომ იცი ადრეც არ იყო ჩვეულებრივი ბიჭი...მაგრამ რა გინდა რომ 17 წლის ბიჭს ამხელა მოსამართლე კაცის წინააღმდეგ გაეკეთებინა, აქ რომ დარჩენილიყო ვინ იცის რას უზავდნენ...საბერძნეთში ყოფილა, ათას ვინმეს გაიცნობდა, თვითონაც აქვს ,,ავტორიტეტი", ჩამოვიდა თუ არა სასამართლო გაიმართა, უდანაშაულოდ ცნეს და გამოუშვეს...ვინ გაუბედავდა დაჭერას ახლა- ამბობდა ნანო ძალიან ხმადაბლა.
-ისედაც ხომ უდანაშაულო იყო?-არ ჩერდებოდა ცირა.
-რა თქმა უნდა, ამისთანა  სოფელში ვინ გვყავდა ჩვენ? სტუმრად ჩამოსულ ბიჭს ტყვიას გაკარებდა? ისევ  თავისი ძმაკაცის ტყვია მოხვედრია იმ ბიჭს, ნათელში იყოს...ეჰ, ცოდოა, ცოდო განაა ცოდო არა? ახალგაზრდა ბიჭი მიებარა  მიწას,მაგრამ ჩვენი მირიანიც როგორი ცოდო იყო...17 წლის ბიჭი გაქციეს, გამწარეს...ათი წელი დაკარგა, ცხოვრების ათი წელი- სევდიანად იძახდა ნანო.
-არ დაქორწინებულა? შვილი არ ყავს ნეტა?...
-არა ცირა, არა...27 წლისა იქნება უკვე, ადრე ამბობდნენ ნიკას უმცროსი გოგო მოსწონსო მარიამი...არვიცი მართალი იყო თუ არა...
-სადაა ეხლა ეგ გოგო ნანო?
-არვიცი ცირა- თქვა ნანომ, გავხედე...გაჩერდა, მიცნო, გამიღიმა, მე ვერ შევძელი გაღიმება.- შორს არ ყოფილა ცირა- თქვა ნანომ.
   გარეთ თოვდა,აბგად ჰქონდა...იდგა მირიანი ჩემ წინ, ერთმანეთს ვუყურებდით და არაფერს ვამბობდით.
არსაიდან გაისმა სიმღერა, გზაზე კოკა გამოჩნდა.  კოკამაც შენიშნა მირიანი, თუმცა ვერ იცნო...არადა როგორ უყვარდა ხოლმე,ახლა ვეღარც ცნობდა. თვითონაც დაბერებულიყო, ხმაში აღარც ხალისი ეტყობოდა...
   იდგა ჩვენი კოკა, უყურებდა მირიანს შორიდან და ვერ იხსენებდა.
   რამდენიმე გამვლელი მირიანს მოწიწებით მიესალმა...ისიც მოკლე,ცივ და კონკრეტულ პასუხს სცემდა ყველას კითხვებზე, რომლებიც მაქსიმალურარ მორიდებით იყო დასმული.
    დაიბნა კოკა. ვერ გაიგო ხალხი ასე რატომ იქცეოდა...ნაბიჯი  წინ გადადგა, შემდეგ ისევ უკან...შეყოყმანდა. ალალად გაიღიმა, სიმღერა დაიწყო და ბარბაცით ჩაუყვა დაღმართს.
,,ტრიალებს, ტრიალებს,
ბედის ბორბალი ტრიალებს,
დრო მიდის, დრო მიდის,
დრო უცებ გაგვატიალებს.
ვინ იცის? ვინ იტყვის?
ვინ მოგვიშუშებს იარებს?
ტრიალებს, ტრიალებს,
ბედის ბორბალი ტრიალებს..." მესმოდა კოკას გატეხილი ხმა.
    ჩემ წინ თითქოს იგივე, მაგრამ თან ძალიან განსხვავებული მირიანი იდგა... აღარ მეჩვენა ის უდანაშაულო, კეთილი ბავშვი მე რომ ვიცნობდი...ვერც მის თვალებში ამოვიკითხე ის სათნოება, 17 წლის ასაკში რომ არ აკლდა... თუმცა მე რა ვიცოდი რა გამოიარა ამ ათ წელში, სად, ვისთან და როგორ იყო, იქნებ სწორედ გარემოებამ მოიტანა ეს ყველაფერი...
  გამეცინა. როგორ შეიძლება ათ წელში ადამიანი არ შეცვლილიყო, მეც ხომ აღარ ვიყავი ის პატარა ბავშვი...ვიგრძენი მონატრება, ნოსტალგია, დროის უკან დაბრუნების სურვილი, თუმცა ჩემს გულში აღარც ის ბავშვური პირველი სიყვარული და არც გარდარეული მოწონება აღარ ცხოვრობდა...ან უბრალოდ ორივე მემალებოდა,თავს აღარ მახსენებდნენ.
   გამვლელი ხალხი თვალს ჩემკენ აპარებდა, ზოგი ვერც მცნობდა, თუმცა ყველას უკვირდა  ასე პირდაპირ როგორ ვუყურებდი ან როგორ ვბედდი და არ ვესალმებოდი...იდგა  თავაწეული,მხრებგაშლილი და ყველა თავს ევლებოდა. ახლა ვერავინ ვეღარაფერს ვეღარ დაბრალებდა, არავის გამო მოუწევდა ქვეყნიდან წასვლა, ვერავინ ზედმეტ სიტყვას ვეღარ გაუბედავდა...სახელი ჰქონდა, ავტორიტეტი...რომელიც თურმე მართლა ჭრიდა.
    მივხვდი რომ მიცნო, თუმცა ძველი ნაცნობით სულაც არ მიყურებდა. ამ დროში კიდევ უფრო გასიმპათიურებულა,დაკაცებულა,წვერიც ძალიან უხდებოდა, მკაცრი გამოხედვაც მშენივრად ერწყმოდა მის სხეულს.
ბოლო ნაფაზიც დარტყა და ნელი ნაბიჯებით დაიწყო ჩემკენ სიარული. თვალი არ მომიშორებია, ისევ ისეთი ,,ხულიგნური პახოდკა” ჰქონდა.
-შენზე გავიგე გათხოვილაო- მითხრა პირდაპირ ყოველგვარი გამარჯობის და ფორმალობის გარეშე. ჩემს წინ იდგა, ძალიან ახლოს და ასე მეგონა ყველა ჩემი ფიქრი ესმოდა. ალბათ ვერასდროს წარმოვიდგენდი წლების შემდეგ თუ ასე დაიწყებოდა ჩვენი დიალოგი.
-არ უნდა გავთხოვილიყავი?-გულწრფელად ვიკითხე.
-უკეთეს უნდა გაყოლოდი- ყოფილ ქმარს მიწუნებდა, ვერც შევეწინააღმდეგებოდი, მართალი იყო-ან…- თქვა და გაჩერდა.
-ან რა?- საშინლად გამომცდელი გამომეტყველება ჰქონდა.
-ან ჩემი დავიწყების მიზნით არ უნდა გათხოვილიყავი- მითხრა წარბშეუხრელად, საკუთარ სიტყვებში მაქსიმალურად დარწმუნებული იყო. სიმწრისგან გამეცინა.
-მხოლოდ ამის თქმა გინდოდა?- ვერ გამეგო სიბრაზე მწვავდა თუ მწარე სიმართლე.
-კიდევ რა გინდა რომ გითხრა მარიამ?- ისევ ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა, ვერაფერს ვკითხულობდი მის სახეზე.
-არაფერი, აღარაფერი…- ვთქვი თითქმის ჩურჩულით.
მომინდა მიწა გამსკდარიყო და ჩავეტანე. გარშემო აღარც იმდენი ხალხი აღარ იყო, თითქმის არავინ…ის ორი ქალიც სადღაც გამქარლიყვნენ.
მარტო ვიყავი დარჩენილი ამ საშინლად მართალ
კაცთან და თოვლთან.
-ნიკო მიყვებოდა ხოლმე შენზე, ცოტას მე თვითონაც ვიგებდი…შენ გათხოვებაზე არაფერი უთქვამს,იცოდა ალბათ მაგ შენ ქმარს საკურთხევლამდეც რომ არ მივუშვებდი…არა, რომ გყვარებოდა მაინც გავატარებდი…არც გიყვარდა მარიამ, რა გამიკეთე იცი მაგით? ცოცხლად დამმარხე- ვერც მიყვიროდა, ხმას ვერ უწევდა…ადვილად შეატყობდით რომ დიდიხანია ამ ყველაფრის თქმა უნდოდა, ალბათ მართლაც დიდხანს ინახავდა ამ სიტყვებს ჩემთვის.
-ანუ სულ ჩემი ბრალია? სულ მე გავაფუჭე ყველაფერი? ათი წელი მირიან, არანაირი ზარი,მესიჯი, ნიშანი…არანაირი არაფერი, საერთოდ არაფერი ვიცოდი შენზე…სად იყავი, როგორ ან როდის ჩამოხვიდოდი…ხედავ არ მცოდნია მე შენაირი სიყვარული,ვერ დაგელოდე ათი წელი, ვერ ვუერთგულე შენს სიყვარულს ათი წლით…ისიც არვიცოდი გიყვარდი თუ არა, ისიც კი არ ვიცოდი რა გვერქვა…მითხარი რა მექნა? ისევ ისეთი ეგოისტი ხარ, უარესიც, ათი წელი გავიდა და ჩემთვის ერთი ნორმალური სიტყვა ვერ გამოიმეტე…გეწყინა რომ გავთხოვდი? არ მოგეწონა შენს გარდა სხვა კაცსაც რომ შევხედე?და შენ? შენ არავინ გყავდა მირიან? მითხარი-მიუხედავად იმისა რომ დიდი სურვილი მქონდა ტირილის და ყვირილის, მაინც აღარცერთი გამომდიოდა. მშვიდი ხმა მქონდა, რომელიც ოდნავ შიგადაშიგ მიტყდებოდა.
-შენ გგონია ვიცოდი როდის ჩამოვიდოდი?- ჩაეცინა, მომინდა სახეში გამერტყა.
-არც ერთი მესიჯის მოწერა არ შეგეძლო?- ცრემლი მომაწვა.
-არ შემეძლო- მოკლედ მიპასუხა. ღმერთო, ჭკუიდან ვიშლებოდი.
-მირიან, მე იმის ერთგულება არ შემეძლო, რაც არც ვიცოდი არსებობდა თუ არა- ვთქვი და თავი შევიკავე რომ ტირილი არ დამეწყო. არადა, მეგონა რომ ტირილისთვის ცრემლი აღარ მქონდა.
-ამ დღემდე წამითაც არ დაგვიწყებივარ…ახლა არც აქ ვიდგებოდი, მართლა ისე რომ ყოფილიყო, როგორც იძახი. გაბრაზებული იყავი, გინდოდა სამაგიერო გადაგეხადა, მშენივრად იცოდი გავიგებდი, გავიგებდი და მეტკინებოდა…გამოგივიდა კიდეც, ლამის ფეხით ჩამოვედი იმ დღეს, მერე მივხვდი რომ არ გიყვარდა…გავბრაზდი, ჩემთვის სამაგიეროს გადახდით ცხოვრება დაინგრიე- წინადადადება გავაწყვეტინე.
-ჩემი ცხოვრება მაშინ დაინგრა შენ რომ წახვედი- ღრმად ამოისუნთქა, თვალი გამარიდა.
- სხვა გზა არ მქონდა მარი, არ წავიდოდი,არ დაგტოვებდით…-ტირილი ამიტყდა, ყველა ემოცია ერთად მომაწვა…თითქოს ისევ 18 წლის ვიყავი. ვერ ვიტანდი იმ ფაქტს რომ სრულიად მართალი იყო.მე ხომ მართლა არ მიყვარდა ის კაცი, სამაგიეროდ ძალიან მინდოდა მირიანი დამვიწყებოდა და მასაც ისე სტკენოდა, როგორც მე მტკიოდა. მინდოდა ამის შემდეგ მაინც გამეგო რამე მისგან, თუმცა უშედეგოდ.
-ახლა? აღარ მოგწონვარ ასეთი? მართალია, არ შეგშვენის განათხოვარი ქალი…ის მაინც მითხარი, რჩები თუ მიდიხ- სიტყვა მისმა კოცნამ გამაწყვეტინა. ჩემი ლოყა ცალი ხელით ეჭირა, მეორე ხელით მიხუტებული ვყავდი. ამ შეხებაში ჩანდა წლების დუმილი,უთქმელი სიტყვები და ჩახშობილი გრძნობები.
შუბლი შუბლზე დამადო, გული სწრაფად მიცემდა, ცრემლებს მწმენდდა და თან ოდნავ მიღიმოდა. რამდენჯერმე მაკოცა შუბლზეც და ნიკაპზეც. როგორ მენატრებოდა თურმე, როგორ საშინლად მენატრებოდა. ასე მეგონა ხელმეორედ დავიბადე, ვერც ვიჯერებდი რომ ეს ყველაფერი რეალური იყო.
-აღარსად აღარ მივდივარ-მითხრა წყნარი ხმით, ყველაზე კარგი იყო, ყველაფერს მერჩივნა.
ვგრძნობდი მის სურნელს, მის სითბოს,მის სიყვარულს…და სხვა არც არაფერი მინდოდა ამ სამყაროში.

————-
ეძღვნება იმას, რომელიც ამას ვერასდროს წაიკითხავს…<3
მაპატიე, ბევრი რამ შევცვალე, ბევრი რამე შევალამაზე…თუმცა შენ დაგტოვე ზუსტად ისეთი,როგორიც იყავი,როგორიც მახსოვდი<3
20 დეკემბერი, 2025წ



№1 სტუმარი Ana-maria

კარგად და საინტერესოდ წერთ. ეს ისტორია ძალიან მომეწონა. ბევრი ტკივილის და უსამართლობის შემდეგ, სიყვარულმა გაიმარჯვა. წარმატებები და დაველოდები თქვენს ახალ ისტორიებს ♥️

 


№2  offline წევრი Leoniv

Ana-maria
კარგად და საინტერესოდ წერთ. ეს ისტორია ძალიან მომეწონა. ბევრი ტკივილის და უსამართლობის შემდეგ, სიყვარულმა გაიმარჯვა. წარმატებები და დაველოდები თქვენს ახალ ისტორიებს ♥️

ძალიან მიყვარხართ! ყველაზე კარგი და თბილი მკითხველი ხართ♥️

 


№3 სტუმარი ჯულიეტა

სევდიანი ისტორიაა, მაგრამ თუ სიყვარულმა გაიმარჯვა კარგია. ვიტირე, ვერ შევიკავე თავი.

 


№4  offline წევრი Leoniv

ჯულიეტა
სევდიანი ისტორიაა, მაგრამ თუ სიყვარულმა გაიმარჯვა კარგია. ვიტირე, ვერ შევიკავე თავი.

მადლობა დიდი♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent