რეპუტაციის თამაში 7
საკონფერენციო ოთახი ჩვეულებრივზე პატარა ჩანდა, ალბათ მასზე მიშტერებული ექვსი წყვილი თვალის სიმძიმის გამო. საბჭოს წევრები მორიგეობით შემოდიოდნენ და სხვადასხვა ხარისხის სითბოთი და შეშფოთებით ესალმებოდნენ. ყველას ენახა მიშოს გუშინდელი ინტერვიუ. ყველამ იცოდა, რას ნიშნავდა Tera Group-ის დაკარგვა Beridze Communications-ის ფინანსური ბალანსისთვის და აქ იმისთვის იყვნენ, რომ შეეფასებინათ — შეძლებდა თუ არა მათი ახალგაზრდა CEO ამ კრიზისის მართვას, თუ დრო იყო, ალტერნატივებზე ეფიქრათ. ელენემ ღრმად ჩაისუნთქა, მხრებში გასწორდა და დაიწყო. _მოგესალმებით, მადლობა, რომ ასე მოკლე ვადაში მოახერხეთ მოსვლა. ალბათ ხვდებით, რომ შეხვედრა „ტერა გრუფთან“ პარტნიორობის დასრულების გადაწყვეტილებას ეხება... _სასურველი იქნებოდა, ამ გადაწყვეტილების შესახებ სხვებზე ადრე გაგვეგო, ელენე._რეზის კრიტიკა სამართლიანი იყო. _აბსოლუტურად მართლები ხართ და ვწუხვარ. გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმებით საკმაოდ სწრაფად მივიღეთ, მაგრამ ცხადია, საბჭოსთვის დაუყოვნებლივ უნდა მეცნობებინა, უბრალოდ ინტერვიუს თაიმინგი გამომრჩა და სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. _ანუ თანამშრომლობის შეწყვეტა ორმხრივი გადაწყვეტილება იყო და არა - ერთპიროვნული? _რასაკვირველია. ორივემ გავაცნობიერეთ, რომ ქორწინებასთან ერთად ბიზნესპარტნიორობის შენარჩუნება ეთიკურ გართულებებს ქმნიდა, რაც ორივე ორგანიზაციას საფრთხეს შეუქმნიდა._თვალის დახამხამების გარეშე იტყუებოდა. ბორდის წევრებს არ უნდ აგაეგოთ, რომ მისი „ქორწინება“ სინამდვილეში საბრძოლო ველი იყო._მესმის, რომ ეს სერიოზულ ფინანსურ გამოწვევებს ქმნის,_განაგრძო და პრეზენტაცია ჩართო. Tera Group ჩვენი წლიური შემოსავლის დაახლოებით ოცდაათ პროცენტს წარმოადგენდა. ეს უმნიშვნელო დანაკარგი არ არის და თქვენს ინტელექტს არ შევურაცხყოფ სხვა რამის მტკიცებით. პაუზა გააკეთა, რათა საბჭოს წევრებისთვის დიაგრამებზე დაკვირვების დრო მიეცა. _თუმცა, არ ვაპირებ ეს დანაკარგი ჩვენი მომავლის განმსაზღვრელი გახდეს._შემდეგი სლაიდი ჩართო - განვითარების სამი ძირითადი მიმართულება, ქვეკატეგორიებითა და პროგნოზირებული შემოსავლებით._გამოვყავი ზრდის სამი მთავარი შესაძლებლობა, რომლებიც არა მხოლოდ Tera Group-ის დაკარგვას ანაზღაურებს, არამედ მომდევნო ფისკალური წლის განმავლობაში შემოსავლის ორმოცი პროცენტით ზრდას უზრუნველყოფს. ამან მათი ყურადღება მიიპყრო. საბჭოს რამდენიმე წევრი წინ დაიხარა და განახლებული ინტერესით შეისწავლა პროგნოზები. _პირველი კატეგორია: საერთაშორისო სასტუმროების ქსელი, რომელთანაც უკვე ვთანამშრომლობთ და აღარ შევჩერდები. კონსერვატიული პროგნოზებით, მხოლოდ ამ სექტორს შეუძლია Tera Group-ის შემოსავლის ოცი პროცენტის ჩანაცვლება. _კონსერვატიული?_ფაიქიძემ წარბი აწია._წინასწარი საუბრებისთვის ძალიან ოპტიმისტურად ჟღერს. _ასე იქნებოდა, ნულიდან რომ დაგვეწყო._კიდევ ერთი სლაიდი გაშალა, სადაც მათი არსებული პორტფელი იყო ნაჩვენები სტუმართმოყვარეობის სექტორში._მაგრამ უკვე გვაქვს გამოცდილება და კონტაქტები, ჩვენ არ ვცდილობთ ახალ ბაზარზე შესვლას - უბრალოდ ვვითარდებით იმ სექტორში, სადაც უკვე ვართ ცნობილები...კიდევ გაქვთ კითხვები?_გათამამდა, როცა საბჭოს რამდენიმე წევრმა თავი დაუქნია და რამდენიმე წამის შემდეგ განაგრძო: _ძალიან კარგი, მეორე კატეგორია:_შემდეგ სლაიდზე გადავიდა._“საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“, როგორც იცით, სრულ რებრენდიგს აპირებს და მართალია, ჩვენ არ ვართ ერთადერთი კომპანია, რომელსაც ასეთი მასშტაბის ანგარიშის მართვა შეუძლია, მაგრამ ამ ეტაპზე პირველ სამ კანდიდატს შორის ვართ. წინასწარი გათვლებით, ამ კამპანიას შეუძლია Tera Group-ის შემოსავლის კიდევ ორმოცი პროცენტის ჩანაცვლება." _ეს უკვე 60 პროცენტია_დავითმა ჩუმად დაითვალა, დაფიქრებული მზერით._ჯერ კიდევ ცოტაა. _რასაც მესამე კატეგორიამდე მივყავართ-ახალი ტექნოლოგიური სტარტაპები. _ელენემ ბოლო განყოფილებაზე გადაინაცვლა._მათი უმეტესობა ამჟამად იყენებს ფრილანსერებს ან PR-ს შიდა დონეზე ამუშავებს, მაგრამ გაფართოვებასთან ერთად მათ დასჭირდებათ პროფესიონალური ფირმები. რამდენიმე კომპანიის სია წარმოადგინა. ფრთხილად იყო შერჩეული, ისე, რომ მოიცავდა სტარტაპებს, რომლებიც უკვე იწვევდნენ ინტერესს და საკმაოდ პერსპექტიულები იყვნენ. _ტექნოლოგიური სექტორი ნებისმიერ კატეგორიასთან შედარებით ზრდის ყველაზე დიდ შანსს გვთავაზობს. ინდივიდუალური კლიენტები თავდაპირველად შეიძლება Tera Group-ზე მცირერიცხოვანი იყვნენ, მაგრამ მასშტაბირების პოტენციალი უზარმაზარია და სექტორი ზუსტად იმ ტიპის დივერსიფიკაციას უზრუნველყოფს, რაც გვჭირდება ერთ კლიენტზე ზედმეტი დამოკიდებულების თავიდან ასაცილებლად. _ნამდვილად ასეა._დაეთანხმა გაფრინდაშვილი. _კომბინირებულად_დაასრულა ელენემ ყოვლისმომცველი მიმოხილვის სლაიდზე დაბრუნებისას_ეს სამი კატეგორია დაახლოებით ორმოცდახუთი პროცენტით მეტ შემოსავალს წარმოადგენს, ვიდრე Tera Group უზრუნველყოფდა, რისკების მნიშვნელოვნად უკეთესი განაწილებით. ჩვენ არ ვცდილობთ ერთი დიდი კლიენტის მეორე დიდი კლიენტით ჩანაცვლებას. ჩვენ ვქმნით უფრო ძლიერ, დივერსიფიცირებულ პორტფელს, რომელიც მომავალში „ბერიძე ქომუნიქეიშენს“ სწორედ ამ ტიპის გაურკვევლობისგან დაიცავს. ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ბორდის წევრები ინფორმაციას ითვისებდნენ, ექვსი გონება ითვლიდა, აფასებდა და ცდილობდა მის სტრატეგიაში არსებული ხარვეზების პოვნას. ელენე მშვიდად იდგა და მათ ფიქრის საშუალებას აძლევდა, რადგან იცოდა, რომ ამ პრეზენტაციაში ჩადებული შრომა თავისთავად მეტყველებდა. _და რა ინვესტიციაა საჭირო?_დავითი ახლა სრულად ფინანსური დირექტორის როლში იყო, მისი კალკულატორის ტვინი კი შედეგებს აანალიზებდა._სამ ახალ კატეგორიაში გაფართოებას მნიშვნელოვანი რესურსები დასჭირდება. _ასეა. მომდევნო კვარტალში ორ-ორი ახალი თანამშრომლის დაქირავება მოგვიწევს თითოეული მიმართულებისთვის, ასევე დაგვჭირდება მარკეტინგული ბიუჯეტის გაზრდა, რათა ამ ახალ სექტორებში პოპულარობა გავზარდოთ და პოტენციურად გავაფართოვოთ ოფისის სივრცე უფრო დიდი გუნდის დასაკმაყოფილებლად._ფინანსური პროგნოზის სლაიდზე დააწკაპუნა._საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით ორას ორმოცდაათი ათასი ლარია, საკმარისი რეზერვები გვაქვს ამის დასაფარად არსებული კაპიტალიდან. ცოტა ხნით კვლავ გაჩუმდნენ. ეს იყო მომენტი, როდესაც უნდა გადაეწყვიტათ, ენდობოდნენ ელენეს თუ არა, სჯეროდათ ამ სტრატეგიის თუ ახალ გზებს მოძებდნიდნენ. _ამბიციური გეგმაა._თქვა საბოლოოდ თამარმა._ძალიან ამბიციურია, მაგრამ არა არარეალური. _გმადლობთ._ელენემ მცირე ღიმილით უპასუხა._კვირის ბოლომდე ყველას გამოგიგზავნით დეტალურ განხორციელების გეგმებს, სრულ ვადებს და ყოვლისმომცველ ფინანსურ პროგნოზებს. დღევანდელი დილა იმის უზრუნველყოფას ემსახურება, რომ თქვენ გესმოდეთ სტრატეგიული მიმართულება და გქონდეთ ნდობა ჩვენი წინსვლის გზის მიმართ. _მოდი, რადგან განვითარების მიმართულებაზე ვსაუბრობთ,_რეზი ჩაერთო._გარდაუვალ საკითხსაც შევეხოთ. _რომელს?_ნეიტრალური გამომეტყველებით ჰკითხა, იმის მიუხედავად, რომ უკვე იცოდა, რას გულისხმობდა. _ამირან ბერიძე ახლა ამ კომპანიის ორმოცდახუთი პროცენტის მფლობელია. აი, ისიც. კითხვა, რომლისიც თანაბრად ეშინოდა და რომლისთვისაც ემზადებოდა. _მართალია._მშვიდად აღიარა მან._მამაჩემს ახლა Beridze Communications-ის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის. _და მისი განზრახვები?_ეს გიორგი სალდაძე იყო, რომელიც ჩვეულებრივ მშვიდად, მაგრამ მკვეთრად საუბრობდა._ის ცნობილია იმით, რომ აქტიურ როლს ასრულებს მის მიერ კონტროლირებად კომპანიებში. _ჩემთვის ცნობილია მამაჩემის ბიზნეს პრაქტიკის შესახებ._სიტყვები ფრთხილად შეარჩია._მაგრამ პირველ რიგში, ტრანზაქცია ჯერ არ განხორციელებულა. არის რამდენიმე იურიდიული და ადმინისტრაციული პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ დასასრულებელია._ოდნავ გააზვიადა, მაგრამ დროის მოსაგებად აუცილებელი იყო._მეორეც, ამირანთან ვრცელი საუბარი მქონდა მისი როლის შესახებ Beridze Communications-ში და მკაფიო საზღვრები დავადგინეთ. _როგორი საზღვრები?_რეზის სკეპტიციზმი აშკარა იყო. _შეუძლია დაესწროს საბჭოს სხდომებს, როგორც მსხვილი აქციონერი, აქვს უფლება მიიღოს ფინანსური ანგარიშები და მიიღოს ხმის მიცემის უფლება მნიშვნელოვან სტრუქტურულ გადაწყვეტილებებზე._ელენემ რიგრიგობით შეხედა საბჭოს თითოეულ წევრს._მაგრამ ის არ იქნება ჩართული ოპერაციულ მენეჯმენტში, არ ჩაერევა კლიენტებთან ურთიერთობაში, დაქირავების გადაწყვეტილებებში ან სტრატეგიულ მიმართულებაში. „ბერიძე ქომუნიქეიშენს“ გააგრძელებს ფუნქციონირებას ისე, როგორც ყოველთვის, მენეჯმენტის გადაწყვეტილებებს მე და აღმასრულებელი გუნდი მივიღებთ, საბჭოს ზედამხედველობის ქვეშ. _თქვენ დაარწმუნეთ ამირანი ბერიძე რომ პასიური ინვესტორი იყოს?_თამარის ტონში გაკვირვება იკვეთებოდა. _მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ საზღვრები დავადგინეთ და იმედი მაქვს, პატივს სცემს, სხვა შემთხვევას ამ ეტაპზე არ განვიხილავ. არავის მივცემთ უფლებას, ეს კომპანია სხვა რაიმედ გარდაქმნას. და უფრო მნიშვნელოვანი - ჩვენი გრძელვადიანი მიზანი ორ წელიწადში ამ წილების გამოსყიდვაა. Beridze Communications დამოუკიდებელი გახდება და ეს არც იმედია და არც ოცნება - ეს გეგმაა, რომლის განხორციელებაშიც თქვენი მხარდაჭერა აუცილებლია. ჩემთან ხართ? პასუხის მოლოდინში სული გაეყინა. ეგონა, ის რამდენიმე წამი, როცა სიჩუმე ჩამოვარდა, უსასრულოდ გაიწელა. _რასაკვირველია._რეზის, როგორც იქნა, გაეღიმა და პირველმა ამოიღო ხმა_მაშინ ვიყავით შენს გვერდით, როცა “Beridze Communication“-ის სახელიც არ ვიცოდით. მართალია, შენი გეგმები შეიძლება დელუზიური ჩანს, მაგრამ უკვე გვინახავს, როგორ ახორციელებ._ბორდის წევრებმა თავი დააქნიეს დათანხმების ნიშნად. _გმადლობთ._ელენეს ხმა მტკიცე იყო, მაგრამ იგრძნო, რომ მოდუნდა._არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ ეს ადვილი იქნება. განსაკუთრებით მომდევნო ექვსი თვე იქნება რთული, მაგრამ მჭირდება, ყველას გჯეროდეთ, რომ მე ერთგული ვარ ამ კომპანიის დამოუკიდებლობისა და წარმატების. _დეტალური გეგმები პარასკევისთვის იქნება?_იკითხა დავითმა, რომელიც უკვე ლოჯისტიკას დაბრუნებოდა. _აუცილებლად._დაადასტურა ელენემ._თუ სხვა კითხვები არ გაქვთ, შეგიძლიათ საქმეებს დაუბრუნდეთ. დეტალური გეგმები პარასკევ დილამდე თქვენს ელ.ფოსტაზე იქნება.“ ყველანი წამოდგნენ, ნივთები შეაგროვეს და გასვლისას სხვადასხვა წახალისებისა და მხარდაჭერის სიტყვებს უზიარებდნენ. ნიკა ბოლო გავიდა, კართან გაჩერდა და ისევ შეხედა. _დღეს განსაკუთრებით კარგი იყავი, ელენე, მამაშენი იამაყებდა. ეს სიტყვები კომპლიმენტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ პირიქით - ისინი იმის შეხსენებას ჰგავდა, თუ რას ებრძოდა იმ დილით - ამირანის მოწონების სასოწარკვეთილ მოთხოვნილებას, რომელიც მთელი ცხოვრება ჰქონდა. _გმადლობთ, - თქვა მაინც. სხვა რა შეეძლო? წარმატებული შეხვედრით შვებამოგვრილი სავარძელში ჩაეშვა და წყალი მშვიდად მოსვა, მერე კი შეტყობინება გააგზავნა: „უნდა გნახო, როდის ბრუნდები?“... *** _პატარავ, ქორწინება საშინლად არ მოგიხდა._ალექსანდრე დარჩია, როგორც ყოველთვის, მისალმების გარეშე დაჯდა მის წინ და გოგონასთვის სათვალის მოხსნისთანავე სახე შეეცვალა._რა იყო, არ გაძინებენ? _და შენ ხარ ქვეყნის საუკეთესო დიპლომატი?_ლეპტოპი დახურა და ცალყბად გაუღიმა._მადლობა კომპლიმენტისთვის. _დიპლომატია მათთვისაა, ვინც სინამდვილეში არ მიყვარს._მენიუში არც ჩაუხედავს, ისე შეუკვეთა სტეიკი._რა ვქნა, თუ კარგად აშკარად არ გამოიყურები. _თავადაც ვიცი._ამოიხვნეშა._დაკავებული ვიყავი და გადავიღალე. _ჰო, ვადევნებდი თვალს. თუმცა, უნდა ვაღიარო, აქამდეც ველოდი შენს ზარს. _დარწმუნებული არ ვიყავი... _დაგეხმარებოდი თუ არა შენი ქმრისთვის გაკვეთილის სწავლებაში?_ელენეს ყავის ჭიქაზე მოკიდებული ხელი გაუშეშდა. _საიდან მოიტანე? არ ვაპირებ ჩემს არეულობაში შენს ჩათრევას, მით უმეტეს, მიშოს წინააღმდეგ. _არაფერ დრამატულს არ ვგულისხმობ, ცხადია._ელენეს რეაქციაზე გაეღიმა._მაგრამ შენი ხათრით, პატარა წვეულება შემიძლია მოვაწყო, ისეთი არაფერი, რაც გრძელვადიანად დააზიანებს. _ალექსანდრე... _რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ნინამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიგოს._ოდნავ შეჭმუხნა სახე. _ორივეს მოგვკლავს. _ნამდვილად დაგვხოცავს და ახლა მაგისთვის არ მცალია. _ისე დღემდე ვერ ვხვდები, ორი ერთმანეთისგან ასეთი განსხვავებული ადამიანი როგორ მეგობრობთა. ნინა ცეცხლია და სამართლიანი რისხვა, შენ კი...ყინული და გათვლები._მამაკაცს გაეცინა. _ცივს მიწოდებ?_ეცადა, ნაწყენი სახე მიეღო, მაგრამ ბოლომდე ვერ ითამაშა. _სტრატეგიულს._მიმტანს ჩუმად მადლობა გადაუხადა და გოგონას მიუბრუნდა._მაგრამ შენი დაქალი იტყოდა, რომ ერთი და იგივეა. _ჰო, ნინა ყველაფერზე კამათობს,_ყავა მოსვა, რომელიც უკვე გაცივებულიყო._ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. _ვიცი._მოკლედ თქვა, მაგრამ ისეთი ხმით, „მასში სწორედ ეს მიყვარს“-ს რომ გულისხმობდა. გული დაწყდა. გაახსენდა, რომ ერთ დროს მიშოც ასეთივე სინაზით საუბრობდა მასზე, ახლა კი ისე უყურებდა, თითქოს შხამი იყო, რომლის დალევისგან თავი უნდა შეეკავებინა, მაშინაც კი, თუ წყურვილით იხრჩობოდა. _ აბა?_ალექსანდრემ ფიქრებიდან გამოარკვია._გავაგრძელოთ? გპირდები, ძალიან არ ვაწვალებ. ცდუნება ძლიერი იყო. ღმერთო, რამდენად ძლიერი. დარჩიას მხარდაჭერა თამაშში ელენეს უპირობო გამარჯვებას ნიშნავდა, მაგრამ ის ცდილობდა, ამაზე უკეთესი ყოფილიყო. ცდილობდა, დაემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, რომ მარტო შეძლებდა გამკლავებას. _მადლობა, მაგრამ არა. ახლა ეს რომ გავაკეთო, ზუსტად ის ვიქნები, ვინც ჰგონია - ადამიანი, რომელიც ურთიერთობებს სტრატეგიული უპირატესობისთვის იყენებს. თან ხომ ვიცი, რომ საქართველოში მგონი ერთადერთ პატიოსან ბიზნესმენს არ გაწირავდი, ჩემს გამოც კი. _მართალი ხარ,_თეატრალურად ამოიოხრა._საშინლად გამაღიზიანებელია სინდისი. აშკარად ნინას გავლენაა._და შენ აშკარად შეყვარებული ხარ, ყველაფრის მიუხედავად. _შენ რა იცი? _ის, რომ ებრძვი, მისგან წასვლის ნაცვლად. ფეხებზე რომ გე*იდოს, დააიგნორებდი, თქვენ კი ერთმანეთს ტკენთ. ნამდვილად ზრდასრული ადამიანების საქციელია, ყოჩაღ. _გაჩუმდი. _შენც ხომ იცი, რომ მოსისხლე მტრებივით მხოლოდ იმიტომ იქცევით, რომ გულგრილობის თამაში არ შეგიძლიათ? თან, ასე უფრო საინტერესოა._ ეშმაკურად გაეღიმა. _რას გულ..._სახე დამანჭა და შაქრის პაკეტი ესროლა, როგორც კი გაიაზრა._ღმერთო, ყველა თქვენნაირი ავადმყოფი კი არ არის, ჩხუბი რომ აღა***ებდეს. _მერე ვინ გითხრა, რომ ჩვენი ურთიერთობა ჯანსაღია?_კვლავ ეცინებოდა._ღმერთმა დამიფაროს, მოვკვდებოდით მოწყენილობისგან. _ არაფერსაც არ ვთამაშობთ. მართლა გვძულს ერთმანეთი. — რა თქმა უნდა. და მე რით შემიძლია დაგეხმარო? თუ გინდა, ვასწავლი, ნინას როგორ ვირიგებ ხოლმე. _არ სჭირდება მაგის სწავლება._თვალები აატრიალა._საერთოდაც სხვა თემაზე მოვედი. _გისმენ. _ „აეროპორტების გაერთიანების“ პროექტი ხომ იცი? ხვალ შემოვიტან განაცხადს. ვიცი, რომ უპირატესობა არ უნდა მომანიჭონ და არც გთხოვ, უბრალოდ სამართლიან პირობებში განიხილონ და არ დამბლოკონ. _მე კიდე, მეგონა ბერიძის ასულს გართობა უნდოდა._ჭამა მშვიდად გააგრძელა._გავიგებ, ვის ეხება. _მადლობა. დანარჩენს ჩემით მივხედავ. სხვათა შორის, ბერიძის ასული აღარ ვარ. _ქმრის გვარზე გადახვედი? _ნუ დამცინი. როგორც იქნა, ამირანს წინ აღვუდექი. _შენ? მართლა?_ალექსანდრემ წარბები აწია._ვაუ, ელენე ბერიძემ “daddy issues” დაძლია, ტელევიზიები მოიწვიეთ, ისტორიული მომენტია. _ხუმრობა გისწავლია._მკაცრად უთხრა, მიუხედავად იმისა, რომ ეცინებოდა._ვცდილობ, კარგი? არ არის მარტივი. _ყოჩაღ, ვამაყობ შენით. _ჰო, საბჭოს სხდომაზე მოვიდა სამი კვირის წინ და ვუთხარი, რომ ჩემს საქმეებში ვერ ჩაერევა. მერე დამირეკა და მითხრა, შენით იმედგაცრუებული ვარო და, იმის ნაცვლად, რომ მწყენოდა, შვება ვიგრძენი. მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. _კარგია, გაგებუტოს. მთელი ცხოვრება მისი მოწონების დამსახურებას ცდილობდი, დროა, მიხვდეს, რომ აღარ გჭირდება. _მაინც მჭირდება._ჩუმად აღიარა. _ეს არის ყველაზე ცუდი. ვიცი, რომ მანიპულატორია და კონტროლის მოყვარული, მაგრამ მაინც მინდა, ჩემით იამაყოს. _ნორმალურია, მამაა. მაგრამ მისი მოწონების სურვილი არ ნიშნავს, რომ დამოუკიდებლობა უნდა შესწირო. _ვიცი._შეჩერდა და ღიმილი ვერ შეიკავა._გაგაცინებ, იცი, თურმე ეგონა, რომ ერთმანეთს ვხვდებოდით. _ჩვენ?_ლამის დაიხრჩო._ერთ დღეში დავხოცავდით ერთმანეთს. _უფრო ნაკლებ დროში._ელენეც დაეთანხმა და პირველად იგრძნო გულში რაღაც თბილი და ნამდვილი ბოლო კვირების განმავლობაში. ეს - მეგობართან ჯდომა, რომელიც მის ყველა ნაკლს იცნობდა და მაინც მოსწონდა, რომელიც სიცილს აიძულებდა, მაშინაც კი, როცა ყველაფერი ინგრეოდა - სწორედ ეს აკლდა. _უნდა გავიქცე._დარჩიამ საათს დახედა, როგორც კი გული იჯერეს._მთავრობის სხდომაა ნახევარ საათში. _მიდი, მადლობა._ღიმილით დაემშვიდობა და კვლავ საქმეში ჩაიძირა, რათა ზედმეტი ფიქრები თავიდან აერიდებინა. *** ვიცი, მიშო დაგვაკლდა ამ თავში, მაგრამ ჩემი საყვარელი პერსონაჟი გაგაცანით სამაგიეროდ. ვეცდები, მომდევნომ არ დააგვიანოს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


