შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეპუტაციის თამაში 6


25-12-2025, 13:07
ავტორი Daisyd
ნანახია 203

მანქანიდან მაშინვე არ გადმოსულა. ძრავი გამორთო და საჭეზე მთელი ძალით ჩაჭიდებული დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა სივრცეს, სანამ სუნთქვის დარეგულირებას შეძლებდა.
მიწისქვეშა პარკინგი ჩვეულებრივზე უფრო ცივი ჩანდა, ციმციმა შუქი თვალებს უწვავდა და გვერდით ჩვეულ ადგილას დაყენებულ ელენეს მანქანაზე შემზარავ ჩრდილებს ხატავდა.
უკვე სახლში იყო.
რა თქმა უნდა, ელოდებოდა. ახლა გაერთობოდა.
წესით, თავი ბედნიერად უნდა ეგრძნო. ინტერვიუმ იდეალურად ჩაიარა - ყოველი პასუხი წინასწარ გათვლილი იყო, ზუსტად ისეთი, როგორსაც მისგან მოითხოვდნენ. სტრატეგიული კომუნიკაციის ნამდვილი შედევრი.
მაშინ რატომ ჰქონდა ისეთი შეგრძნება, თითქოს მალე გული აერეოდა?
თვითკმაყოფილება და ზიზღი ერთმანეთში ირეოდა. ამაყი იყო, რადგან გეგმა უნაკლოდ შეასრულა, ყველას დაუმტკიცა, რომ აღარ იყო გულუბრყვილო ბიჭი, რომლის გამოყენებასა და გადაგდებას შეძლებდნენ, მაგრამ მამაკაცს, რომელიც სარკიდან უყურებდა, საერთოდ არ იცნობდა.
ხუთი წუთი მოიცადა, სანამ კვლავ გულგრილობის ნიღაბს მოირგებდა, ტელეფონი, რომელიც გაუთავებლად რეკავდა, გამორთო და ლიფტში შევიდა. მოეჩვენა, რომ მგზავრობა უსასრულოდ დიდხანს გაიწელა.
ბინაში ბნელოდა, გარემოს მხოლოდ ფანჯრებიდან შემომავალი მკრთალი შუქი ანათებდა. იფიქრა, გოგონა გასული იყო და მეტი დრო ჰქონდა მოსამზადებლად, მაგრამ აბაზანიდან გამოსვლისთანავე დაინახა და მიხვდა, რომ დრო აღარ ექნებოდა.
_როგორ ჩაიარა დღემ?_მოჩვენებითი ინტერესით ჰკითხა და ღილები უდარდელად შეიხსნა, შემდეგ კი ბართან ისე მშვიდად გადაინაცვლა, თითქოს ჩვეულებრივი საღამო იყო._დალევ?_გოგონასაც შესთავაზა, როგორც კი დაისხა. ბორდოა, შენ რომ გიყვარს. 2009 წლის.
_რა საყვარელი ხარ, ჩემი პრეფერენციები ჯერ კიდევ რომ გახსოვს._ელენეს არც გაღიმებია._ოჯახის ერთიანობის სადღეგრძელო უნდა ვთქვათ? ამირანსაც დავპატიჟებდი, გაგეფრთხილებინე.
_დრამატიზმის ხასიათზე არ ვარ._მელიქიშვილის გამომეტყველება არ შეცვლილა._თუ ისტერიკა უნდა მოაწყო, ხვალ ჩავნიშნოთ კალენდარში, გრძელი დღე მქონდა.
_ისტერიკა?_ამჯერად ისე ცივად გაეცინა, ხმა ექოსავით გაისმა._შენი მიზანიც ეგ იყო, არა? ჩემი წყობიდან გამოყვანა გინდოდა.
_მგონი პარანოიკი გახდი._დივანზე მშვიდად მოთავსდა და ჭიქა კიდევ ერთხელ შეივსო._თუ ჩემი საქმიანი გადაწყვეტილების გამო ბრაზობ...
_მოკეტე._შეაწყვეტინა._ისე ნუ მელაპარაკები, თითქოს იდიოტი ვიყო, რომელიც ვერაფერს ხვდება. ორივესთვის შეურაცხმყოფელია.
_უბრალოდ ინტერვიუ მივეცი...
_“უბრალოდ“ ლაივში გამოაცხადე, რომ პარტნიორობას ასრულებ და ბონუსად მამაჩემს ჩემი კომპანიის წილები გადაეცი._ხელები ერთმანეთს მოუჭირა, კანკალი რომ შეეწყვიტა.
_კიდევ ერთხელ გავაჟღერე, რაც დიდი ხნის წინ ვიცოდით - პროფესიულ ურთიერთობებში საზღვრების გავლება აუცილებელია. ეს არ გინდოდა ყოველთვის? პერსონალურად ნუ იღებ._კიდვ ერთი ჭიქა გადაკრა.
_არაფერი პირადული?_გაცეცხლებულმა ბოთლი აიღო და დასხმით თავი არ შეუწუხებია, პირდაპირ მოსვა._ალბათ, შემთხვევით დაგავიწყდა გაგეფრთხილებინეთ, ხომ? და შემთხვევით მომიწია ყველასთვის ბოლო წუთას ამეხსნა, რატომ არ იცოდნენ მთავარი კლიენტის დაკარგვის შესახებ. ყოველგვარი პერსონალური მოტივების გარეშე გინდოდა ჩემი რეპუტაციის განადგურება, არა?
_თუ ერთი დამკვეთის დაკარგვა ანადგურებს შენს პუტაციას, იქნებ არც ისე მყარი საფუძველი აქვს კომპანიას, ვიდრე გგონია?
_არ გაბედო ჩემს კომპეტენციას შეეხო.
_ჩემი ბრალი არაა, თუ რესურსები საკმარისად დივერსიფიცირებული არ გქონდა. ელემენტარული ბიზნეს სტრატეგიაა, ელენიკო - ყველა კვერცხი ერთ კალათაში არ უნდა ჩააწყო. ეს არ გასწავლეს ლონდონში?_ისეთი ცივი და დამცინავი ხმა ჰქონდა, თავადაც გააჟრჟოლა.
_“ტერა გრუფის“ დედაც, გგონია, კლიენტებს ვერ ვიპოვი? ისედაც ზედმეტი დრო დაგითმეთ._ყბადაჭიმულმა თვალებზე მომდგარი ცრემლები უკან დააბრუნა და ღვინო კიდევ ერთხელ მოსვა, სანამ საუბარს გააგრძელებდა._იცოდი, რასაც აკეთებდი, როცა წილებს ამირანს აძლევდი, რომ ეს მას ჩემს კომპანიაზე, ჩემს გადაწყვეტილებებზე, ჩემს ცხოვრებაზე კონტროლს მისცემდა. ისე ნუ იქცევი ისე, თითქოს ეს უბრალოდ ნეიტრალური საქმიანი გარიგება იყო.
_კარგი რა, 25% არაფერს...
_25% არ არის!_სკამის საზურგეს ჩაეჭიდა, თავი რომ შეემაგრებინა._სწორედ ამას ვერ ხვდები. ან ხვდები და ტკბები, სანამ დაგიმარცვლავ.
_რაზე ლაპარაკობ?_ელენეს ტონმა შეაჩერა, გულგრილობის ფასადს პირველი ბზარი გაუჩნდა.
_რა თქმა უნდა._ისევ გაეცინა, ისეთივე წყვეტილი ხმით._რატომ უნდა შეიწუხო თავი იმის გასაგებად, რას ანადგურებ? ოცდაათი პროცენტი მივეცი. თვეების წინ, როცა ჩვენს შესახებ, გაიგო. დამემუქრა, რომ გეტყოდა, გაგვანადგურებდა, სანამ მოვიფიქრებდი, როგორ გამოგიტყდებოდი. ასე რომ, მივეცი ის, რაც სურდა.
_ანუ ახლა შენი კომპანიის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს?_გაშეშებულმა კითხვა ძლივს დასვა.
_ყოჩაღ, მათემატიკა შენი ძლიერი მხარეა._ბოთლი აწია._გილოცავ. არა მხოლოდ მატკინე, არამედ მთელი ჩემი კომპანია საქორწილო საჩუქრად გადაეცი იმ ერთ ადამიანს, რომლისგანაც მთელი ცხოვრება ვცდილობდი დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. მაგრამ „არაფერი პირადული“, არა?
მიშო წამით წამოდგა, მოძრაობა სჭირდებოდა, რათა შეეკავებინა მოულოდნელად მოწოლილი გრძნობა - შოკი? დანაშაული? კედლები ისევ წამში ააშენა, რაც არ უნდა ყოფილიყო და ადგილს დაუბრუნდა.
_აქციების გადაცემა შენი გადაწყვეტელება იყო. თავად აირჩიე შენი ტყუილების დაცვა, იმის ნაცვლად, რომ ჩემთან გულწრფელი ყოფილიყავი. ეს შენი გადაწყვეტილებების შედეგებია და არა - ჩემის.
_ჩემი არჩევანი?_ისე მიაჩერდა, თითქოს მეორე თავი ამოსვლოდა._ეს არჩევანი შენს დასაცავად გავაკეთე, შე თავმომწონე იდიოტო. ჩვენს დასაცავად. იმიტომ, რომ მიყვარდი და არ მინდოდა შენი ნდობა შერყეულიყო მამაჩემისგან ყველაზე ცუდი გზით ამის გაგებით.
_“სიყვარული“_გესლიანად ჩაილაპარაკა._არც იცი, ეგ სიტყვა რას ნიშნავს.
_და შენ იცი?
_როგორ ბედავ...
_ალბათ არასოდეს გყვარებივარ სინამდვილეში._არ დაასრულებინა._არა მე. არა მთლიანად._ჩემი ის ვერსია გიყვარდა, რომელიც იდეალური იყო, მანამ, სანამ აღმოაჩენდი, რომ ადამიანი ვყოფილვარ, რომელიც შეცდომებს უშვებს. ვეღარ შეძელი იმ ადამიანის სიყვარული, ვინც შენს ფანტაზიას არ შეესაბამებოდა.
_რვათვიან სისტემატურ მანიპულირებას ერთ შეცდომას უწოდებ?_მელიქიშვილი უკვე ყვიროდა, კონტროლი სადღაც გამქრალიყო._თითქოს შემთხვევითი შეცდი? თითქოს ყველა მომენტი არ დაგეგმე? ახლა კი იმასაც მაბრალებ, რომ არ მყვარებიხარ. ღმერთო, ნამდვილი ალქაჯი ხარ.
_ანუ იმიტომ მანადგურებ, რომ გიყვარვარ._სამაგიეროდ ელენეს დაებრუნებინა კონტროლი,_ღმერთო, ზუსტად მას ემსგავსები.
_ვის?_მოსმენას აგრძელებდა, მიუხედავად იმისა, რომ ხვდებოდა, გოგონას ნაცვლად უკვე სასმელი საუბრობდა.
_ზუსტად ისე იქცევი, ისე ლაპარაკობ, როგორც მამაჩემი. ყოჩაღ, ამაზე მეტად ვერაფრით მატკენდი.
_ამირანთან არაფერი მაქვს საერთო._კბილებში გამოსცრა და ბოთლი ხელიდან გამოგლიჯა._უკვე ბოდავ.
_მთელი ცხოვრება მასწავლიდა, რომ სიყვარული პირობითია. რომ მხოლოდ მაშინ მქონდა ღირებულება, თუ სასარგებლო ვიყავი. რომ შეცდომები მიუტევებელი იყო და პატიება სისუსტე. შენ კი..._ხმა სრულად ჩაუწყდა_დამიმტკიცე, რომ მართალი ყოფილა. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მეგონა, ვეყვარებოდი ჩემი ნაკლოვანებების მიუხედავად, ისეთივე პირობითი აღმოჩნდა, როგორც ყველაფერი დანარჩენი.
_ასე არ არის.
_არა?_თვალებში ჩახედა და პერანგის ღილების გახსნა დაიწყო, მიშომ კი იგრძნო, რომ გული გაუჩერდა.
_რას აკეთებ?
_ეს გინდოდა, არა? მხოლოდ ჩემი სხეული გიყვარდა, როგორც ყველა დანარჩენ იდიოტს ჩემს ცხოვრებაში._სწრაფად გაიხადა, ისე, რომ მისთვის მზერა არ მოუცილებია.
_შეწყვიტე!_მისკენ დაიძრა, მაგრამ ელენემ უკან დაიხია.
_რატომ? მე ხომ დეკორაცია ვარ? ლამაზი სახე და მშვენიერი სხეული. ვარჯიში რომ არ მეზარებოდეს, მოდელობასაც დავიწყებდი, განათლება რაში მჭირდებოდა?_ცრემლების შეკავებას ცდილობდა და ქვედაბოლოს ელვას ეწვალებოდა._იცი, რა მითხრა, როცა ჩვენზე გაიგო? მართლა სულელი ხარ, თუ გგონია, შენი გარეგნობის გარდა რამე აინტერესებსო. ჰოდა შენია, გამოიყენე, ეს მაქსიმუმია, რასაც ამიერიდან მიიღებ, ჩემს სულს ვეღარასოდეს შეეხები.
_მთვრალი ხარ_მაჯები მტკიცედ დაუჭირა, სანამ კაბის გახდას შეძლებდა._და ვერ ხვდები, რა ჯანდაბაზე ლაპარაკობ.
_კარგად ვხვდები._გათავისუფლება სცადა და წაბორძიკდა._ყველა უბრალოდ იყენებს ერთმანეთს,..._წინადადება შუაში გაუწყდა, სახე გაუფერმკრთალდა და პირზე ხელი აიფარა. მიშომ მაშინვე გაიაზრა, რა სჭირდა და წამში მასთან ერთად აბაზანაში გაჩნდა.
_გადი!_დაუყვირა, როგორც კი ხმის ამოღება შეძლო.
_შანსი არ გაქვს._ჯაკუზის კიდეზე ჩამოაჯინა და პირსახოცი დაასველა.
_არ მჭირდება შენი თანაგრძნობა.
_ეს თანაგრძნობა არ არის._თმა გადაუწია და სახე გაუწმინდა._უბრალოდ ერთი წამით შეწყვიტე ჩხუბი და ხელს ნუ მიშლი.
იმდენად ცუდად იყო, კამათიც აღარ შეეძლო, უბრალოდ თვალები დახუჭა და ეცადა, ბევრი არ ეფიქრა იმაზე, როგორ ზრუნავდა მამაკაცი მასზე, თითქოს არაფერი შეცვლილიყო.
_უფრო ძლიერი მეგონე,_თავი მაინც ვერ შეიკავა, როგორც კი ოდნავ უკეთ გახდა._მაგრამ ჩემზე მხდალი აღმოჩნდი.
_მადლობა, ნამდვილად დავიმსახურე._მწარედ ჩაეცინა და წამოდგომაში დაეხმარა.
_იმდენად გეშინია, ისევ არ გამოგიყენონ, თავი დაარწმუნე, რომ ჯობია საერთოდ უგრძნობი გახდე. შენ ამას ალბათ თავდაცვას ეძახი, მაგრამ სინამდვილეში სიმხდალეა, გამოცდილებით გეუბნები.
_არასოდეს იშურებდი გამოცდილების გაზიარებას, რა კეთილი ხარ.
_ვიყავი, მიშო._შესწორება შეიტანა._მაგრამ აშკარად ზედმეტი მომივიდა და, დროა, გაჩვენო რა შემიძლია, როცა არ მიყვარხარ.
_ეს მუქარაა?_სიცილი ვერაფრით შეიკავა._მართლა მემუქრები ახლა?
_გაფრთხილებ._გოგონა არ იცინოდა._გგონია, რომ გაიმარჯვე, რადგან მატკინე. რადგან წამართვი ის, რაც ჩემთვის ძვირფასია. მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანს ივიწყებ.
_კონკრეტულად?
_ყველაფერი მე გასწავლე, რაც იცი. მე გაჩვენე ყველა სტრატეგია, რაც ჩემს წინააღმდეგ გამოიყენე, ყველა ტექნიკა ნარატივის კონტროლისა და ინფორმაციის იარაღის გამოყენებისთვის . ჩემს სახელმძღვანელოს იყენებ, მიშო. და მართლა გგონია, რომ ჩემს თამაშში დამამარცხებ?
_და ახლა წინააღმდეგობის გაწევას აპირებ? ორი თვის შემდეგ?
_ოჰ, მიშო._თავი თანაგრძნობით გადააქნია._მთელი ეს დრო წინააღმდეგობის გაწევას ვცდილობდი. უბრალოდ ვერ შეამჩნიე, რადგან ჩვენთვის ვიბრძოდი და არა - შენს წინააღმდეგ. მაგრამ რადგან „ჩვენ“ აშკარად აღარ ვარსებობთ_მხრები აიჩეჩა._დროა, სტრატეგია შევცვალოთ.
_პატარა ელენიკო საბოლოოდ აჩენს თავის კლანჭებს._დამცინავად გამოაცხადა._რას იზამ, მკაცრად ფორმულირებული პრესრელიზის დაწერას აპირებ?
_დამცინე, თუ ეს თავს უკეთესად გაგრძნობინებს. მაგრამ გახსოვდეს - შენ ორი თვე დახარჯე სტრატეგიის სწავლაში, მე კი მთელი ცხოვრება გავატარე იმ სამყაროში გადარჩენის სწავლაში, რომელსაც ჩემი დეკორაციად ქცევა სურდა.
_და?_ტუჩებზე მსუბუქი ღიმილი ვერ შეიკავა, როგორც იქნა, გოგონასგან სასურველი რეაქციის მიღება რომ შეძლო.
_და მე ძალიან, ძალიან კარგი ვარ გადარჩენაში. გინდოდა გენახა, რა მოხდებოდა, როცა პატიების თხოვნას მოვრჩებოდი და უკან აღარ დავიხევდი? გილოცავ, მასტერკლასს გაჩვენებ.
_ამან უნდა შემაშინოს?
_არა._კმაყოფილმა ჩაიღიმა._უნდა აღგა**ნოს, რადგან ორივემ ვიცით, ამას ელოდი. ორი თვეა, იდეალური მსხვერპლი ვარ და აშკარად მოიწყინე. ჰოდა, მიიღე რეაქცია. ბოდიშის მოხდა აღარ მინდა. აღარ ვაპირებ რაიმე აგიხსნა და შენგან გაგების იმედი მქონდეს. მზად ვარ, ბინძურად ვიბრძოლო, შენგან განსხვავებით, არ მაქვს ზღვარი, რომელსაც არ გადავკვეთ, რადგან უკვე ყველაფერი წამართვი, რაც მნიშვნელოვანი იყო._გვერდი მშვიდად ჩაუარა._ვიძინებ, შეგიძლია დღეს გამარჯვება აღნიშნო, ხვალ ნამდვილი თამაში იწყება. და გპირდები, ძვირფასო, არ მოგეწონება, რაც მოხდება.
_ერთი სული მაქვს, შენს წარუმატებელი მცდელობების ხილვით გავერთო._საძინებელში გასვლამდე დააწია და აღელვებულმა ტელეფონი ჩართო, ყურადღება რომ გადაეტანა.
„მთელი დღეა გირეკავთ, კარგად ხართ?“-ბოლო მესიჯი სანდროსგან იყო.
წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ ეპასუხა.
კარგად ნამდვილად არ იყო, მაგრამ ახლა, კამათის შემდეგ, თავს უფრო ცოცხლად გრძნობდა, ვიდრე მთელი თვის ცივი დუმილის განმავლობაში.
გოგონა დაემუქრა, გააფრთხილა, რომ აღარ აპირებდა, თავი შეეკავებინა, აღარ ეცდებოდა, მისთვის სიყვარული ემტკიცებინა. უთხრა, რომ ნამდვილი ომი ახლა იწყებოდა. ის კი, ნერვიულობის ნაცვლად, მოუთმენლად ელოდა ამას. იმიტომ, რომ მასთან ბრძოლა, მისი სიძულვილიც კი, უკეთესი იყო, ვიდრე გულგრილობა, რომლის შენარჩუნებასაც ცდილობდა. ყოველ შემთხვევაში, როცა ჩხუბობდნენ, რაღაცას გრძნობდა.
ორი ადამიანი, რომლებსაც ოდესღაც ერთმანეთი უყვარდათ, ახლა მტაცებლებივით ემზადებოდნენ თავდასხმისთვის - ორივე ზედმეტად ამაყი უკან დასახევად, ზედმეტად გულნატკენი შერიგებისთვის და ზედმეტად შეყვარებული, რომ რეალურად ერთმანეთის გაშვება შეძლებოდათ.
ეს ალბათ ორივეს გაანადგურებდა.
მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მოსაწყენი მაინც არ იქნებოდა...

***

_ქალბატონო ელენე._ასისტენტმა ორჯერ დაკაკუნების შემდეგ კარი შეაღო._ბატონი ამირანია მოსული, შეხვედრა არ ჰქონდა ჩანიშნული, მაგრამ...
_რა თქმა უნდა, მოსულია._ეკრანზე გაშლილი ცხრილისთვის თვალი არ მოუცილებია, ისე უპასუხა. მელიქიშვილის გულუხვი საჩუქრის შემდეგ კომპანიაში აუცილებლად გამოჩნდებოდა.
_გინდათ ვუთხრა, რომ შეხვედრაზე ხართ?_იმედიანად იკითხა მარიამმა.
წამით დაფიქრდა. დილის რვა საათიდან ოფისში იყო, ფინანსური პროგნოზებითა და სტრატეგიული გეგმებით გარშემორტყმულ და უკვე მესამე ესპრესო დაელია. თავი ჯერ კიდევ ტკიოდა გუშინდელი ღვინისგან და მამამისთან შეხვედრა ახლა ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდა, მაგრამ თავის არიდება დანებებას და მხოლოდ გარდაუვალის გადადებას ნიშნავდა.
_არა, შემოიყვანე._მაგიდაზე მიმოფანტული ფურცლები გაასწორა - ფინანსური ანგარიშები, კლიენტების წინადადებები, პრეზენტაცია, რომელსაც საბჭოს ყოველკვირეული სხდომისთვის ამზადებდა._ცოტას გავერთობი.
სანამ ელოდებოდა, წამოდგა და ყავისფერი პიჯაკი შეისწორა - ყველაზე მკაცრი ნივთი თავისი გარდერობიდან, რომელიც სპეციალურად შეერჩია და თმა ისე მჭიდროდ შეიკრა, საფეთქლებიც ასტკივდა.
ამირანი მის კაბინეტში მშვიდი თავდაჯერებულობით შევიდა, ამჯერადაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ მისი უფლება, ისევე, როგორც ნებისმიერ სივრცეში, რომელსაც იკავებდა.
_ელენე. დაღლილი ჩანხარ. საკმარისად გძინავს?_მამომბრივი მზრუნველობით ჰკითხა, თითქოს ახლახანს მისი კომპანიის უმრავლესობის კონტროლი არ მოეპოვებინა და თავისი შენაძენის დასათვალიერებლად არ მოსულიყო.
_კარგად ვარ, მამიკო._გადაჭარბებული თავაზიანობით ანიშნა მაგიდის მოპირდაპირე სკამზე._გთხოვ, დაჯექი. ყავას შემოგთავაზებ, მე სამწუხაროდ ვერ შემოგიერთდები, დღეს დილით უკვე იმდენი დავლიე, ჯანმრთელობისთვის საშიშად შეიძლება ჩაითვალოს.
_არა, დიდ დროს არ წაგართმევ. _სავარძელში მოკალათდა._ვიცი, დაკავებული უნდა იყო, განსაკუთრებით გუშინდელი... მოვლენების გათვალისწინებით_აი, ესეც. მისი ვიზიტის ნამდვილი მიზეზი._ჩემს ზარებს არ უპასუხე, ხუთჯერ ვცადე შენთან დაკავშირება.
_კი, მართლა დაკავებული ვიყავი, თან არ მინდოდა შენი პირადად ნახვის შანსი დამეკარგა._სარკაზმი საკმარისად ნათელი იყო და უფროს ბერიძეს, ცხადია, არ გამორჩენია._გისმენ.
_შენმა ქმარმა ნამდვილად საკმაოდ კარგი ჟესტი გააკეთა გუშინ პირდაპირ ეთერში. ისეთი სერიოზული იყო, შეიძლება იფიქრო, რომ…
_შეიძლება, ბევრი რამ იფიქრო._გულგრილი ხმით შეაწყვეტინა. _თუმცა არ ვიცი, რატომ მოითხოვს ჩემი ქმრის საქმიანი გადაწყვეტილებები პირად ვიზიტს..._საათს დახედა_დილის ათ საათსა და ორმოცდახუთ წუთზე. არ მაინტერესებს, რა გარიგება დადეთ, ტრანზაქცია როცა დასრულდება, მერე ვილაპარაკოთ. _ამირანმა თვალები დააწვრილა.
_ამ სიტუაციაში არ იქნებოდი, ქორწინების შენარჩუნენა რომ შეგძლებოდა. რამდენი დრო გავიდა ქორწილიდან, ერთი თვე? რეკორდია, შენთვისაც კი._როგორც ყოველთვის, ადვილად ახერხებდა მის წყობიდან გამოყვანას.
_ჩემი ქორწინება_კბილებში გამოსცრა_შენ არ გეხება.
_ნუ ბრაზობ. უბრალოდ იმის სათქმელად მოვედი, რომ შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს, თუ რაიმე გჭირდება - ფინანსური მხარდაჭერა, საქმიანი რჩევა ან უბრალოდ... ვინმე, ვისთანაც საუბარი შეგეძლება.
ელენეს ჩაეცინა. ამირანის მხარდაჭერა ყოველთვის გარკვეული პირობებით მოდიოდა - მოლოდინებით, ვალდებულებებით და დამოუკიდებლობის ნელი, დახვეწილი მეთოდებით წართმევით, სანამ ერთ დღეს არ აიხედავდი და მიხვდებოდი, რომ მთლიანად მის ფლობელობაში იყავი.
უკვე ენახა, როგორ დაემართა ეს მის ძმას, რომელსაც რეჟისორობა სურდა და საბოლოოდ ამირანის ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის მმართველი გახდა და დედამისს, რომელიც ოდესღაც ენერგიული, დამოუკიდებელი ქალი იყო და ახლა იდეალური ცოლი გამხდარიყო - ელეგანტური, მომხიბვლელი და სრულიად ცარიელი ნებისმიერი სურვილისგან, რომელიც ფრთხილად არ იყო შეთანხმებული ამირანის ინტერესებთან.
არ დაუშვებდა, რომ იგივე მოსვლიდა.
_კი, მამა, არის რაღაც, რაც უნდა განვიხილოთ._ელენე წამოდგა და მოჩვენებითი უდარდელობით მიეყრდნო მაგიდას._რადგან აქ ხარ და რადგან ახლა ჩემი კომპანიის ორმოცდათხუთმეტი პროცენტი შენ გეკუთვნის“.
_რა თქმა უნდა, გისმენ.
_მჭირდება, რომ რაღაც ძალიან ნათლად გაიგო. “Beridze Communications” ჩემი კომპანიაა. მე ის ჩემივე ფულით, ლონდონიდან ჩემივე კავშირებით, ჩემივე უნარებითა და რეპუტაციით ავაშენე. აქციები, რომლებიც ახლა შენს საკუთრებაშია, მიშომ იყიდა დასაჩუქრად გადმოგცა. შენ ისინი არ დაგიმსახურებია. შენ არ აგიშენებია. უბრალოდ, სხვის თამაშში სტრატეგიული ნაბიჯის სახით მიიღე.
_ელენე…
_არ დამიმთავრებია._ხმაში ფოლადის სიმტკიცემ თავადვე შეაჩერა._მთავარი აქციონერის რანგში, შეგიძლია დაესწრო საბჭოს სხდომებს. გაქვს უფლება მიიღო ფინანსური ანგარიშები, ხმა მისცე ძირითად სტრუქტურულ გადაწყვეტილებებს, ყველა უფლება, რაც შენს სააქციო წილს მოჰყვება. მაგრამ ის, რისი უფლებაც არ გაქვს, არის ოპერაციული კონტროლი. არ გაქვს უფლება განიხილო ჩემს კლიენტებთან ურთიერთობებზე, დაქირავების გადაწყვეტილებებზე ან სტრატეგიულ მიმართულებაზე. და აბსოლუტურად არ გაქვთ უფლება, ეს კომპანია შენი იმპერიის კიდევ ერთ ნაწილად გამოიყენო.
ამირანის ფასადური გამომეტყველება ფრთხილად გაქრა, თბილი მამის ნიღაბის ქვეშ მკაცრი ბიზნესმენი გამოჩნდა.
_საერთოდ არ მაქვს გუშინ დაარსებულ შენს კომპანიასთან ასოცირების სურვილი.
_ ეგ ორივემ ვიცით. ისიც, რომ საქმე სინამდვილეში „Beridze Communications“ არ ეხება, არა? შენი ინტერესი მხოლოდ ჩემი გაკონტროლებაა. ყოველთვის ზრუნავდი იმაზე, რომ მეც, შენს ორბიტაზე მყოფი ყველა სხვა ადამიანის მსგავსად, სათანადოდ მადლიერი და შესაბამისად მორჩილი დავრჩენილიყავი.
_და თუ გადავწყვეტ ჩემი უფლებების გამოყენებას, როგორც ძირითადი აქციონერის, რა შემაჩერებს?
_მაშინ საქმე ძალიან გაგირთულდება და არ მინდა ინერვიულო, ამიტომ მოდი, ყველაფერი თავიდანვე განვსაზღვროთ. აქციების ქონა არ გაქცევს აღმასრულებელ დირექტორად. და თუ არ გსურს ზუსტად გაიგო, რამდენად ცოტა დამრჩა დასაკარგი, გირჩევ, ძალიან, ძალიან ფრთხილად იყო ჩემს გადაწყვეტილებებში ჩარევის მცდელობისას.
ამირანის სახეზე გაკვირვების პირველი ნიშნები გამოიკვეთა.
_მემუქრები თუ მეჩვენება?
_სიტუაციის შესახებ გაცნობებ._გასწორდა და მანჟეტები შეგნებულად მშვიდად შეისწორა._ხომ იცი, როდესაც ადამიანს ყველაფერი აქვს, ფრთხილად უნდა იყოს. უნდა დაიცვას თავისი რეპუტაცია, საქმიანი ურთიერთობები, საზოგადოებრივი იმიჯი. მაგრამ როცა ყველაფერ მნიშვნელოვანს კარგავ - ძალიან საშიში ხდები.
_ვერაფერს გაბედავ ჩემს წინააღმდეგ, ხომ გიცნობ.
_შეგიძლია, გადაამოწმო შენი თეორია. ბოლოს და ბოლოს, შენ მასწავლე ყველაფერი, რაც ვიცი ბინძურ თამაშებზე, საყვარელი ადამიანების გამოყენებაზე, სტრატეგიული უპირატესობისთვის ურთიერთობების გაწირვაზე. უბრალოდ გაკვეთილებს ვიყენებ, მამიკო, უნდა იამაყო.
ამირანი წამოდგა და პირველად ელენეს მეხსიერებაში, თავდაჯერებულად აღარ გამოიყურებოდა, თითქმის... შეშინებული ჩანდა. მაგრამ სწრაფად დაიბრუნა ჯავშანი და ხმამაღლა გაიცინა.
_გთხოვ, არც ისეთი გაბრაზებული ხარ, რომ საყვარლები გამოიყენო ოჯახზე შურისძიებისთვის.
_ რა ჯანდაბაზე ლაპარაკობ?_ელენეს თვალები ნამდვილი გაოცებისგან გაუფართოვდა.
_უცოდველის როლს ნუ თამაშობ. გგონია, არ ვიცი, იტალიაში სტიპენდია რომ არ გქონდა და დარჩიასთან ერთად ცხოვრობდი? საკმაოდ მყუდროდ, როგორც გავიგე, ლევანსაც მაგის გამო არ დაშორდი?
_რას ბოდავ…
_გამიკვირდა, საბოლოოდ მელიქიშვილი რომ აირჩიე. თუმცა, ბატონი ალექსანდრე მეტს არც შემოგთავაზებდა, ისედაც იღებდა რაც უნდოდა.
მოსმენილისგან ისე გაშეშდა, თითქოს თავზე ყინულებიანი წყალი გადაასხეს.
ერთი წუთის განმავლობაში უბრალოდ მიაშტერდა და ცდილობდა გაეანალიზებინა, რაც თქვა, მერე კი სიცილი დაიწყო. თავიდან ხმადაბლა, მაგრამ მალევე გადაეზარდა ისტერიაში და არ გაჩერებულა, სანამ ცრემლები არ წამოუვიდა და ამირანის გამომეტყველება თვითკმაყოფილებიდან გულწრფელ შეშფოთებად არ გადაიქცა მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ.
_მამიკო,_სიცილის შეტევებს შორის ამოისუნთქა და ცალი ხელი მკერდზე მიიდო._კიდევ კარგი მოხვედი, არ მეგონა, რამე თუ გამამხიარულებდა.
_მიხარია, იქნებ მეც გამაცინო.
_დაბერდი ან ინფორმატორები მოგიძველდა._ცრემლები მოიწმინდა. _მადლობა, რომ გამახსენე_დარჩია ჩემთან ვალშია, მაგრამ იმის გამო არა, რაც გგონია - შენი საქმე ეგეც არ იქნებოდა, მაგრამ მაინც. თუმცა ალექსანდრეს დახმარება არ მჭირდება შენს გასანადგურებლად - უფრო მეტი შენი საიდუმლო ვიცი, ვიდრე ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი მშობლის შესახებ. მაგრამ კარგია, როცა ვარიანტები გაქვს, არა?
_ბლეფაობ._მის ხმაში დამაჯერებლობა არ იგრძნობოდა.
_კვიპროსში ოფშორული ანგარიშები გავიხსენო თუ მუნიციპალური დაგეგმარების ოფისისთვის მიცემული ქრთამი? თუ შენი საყვარელი ბათუმის ოფისში? _ ამირანის სახე უფრო ფერმკრთალდებოდა._საკმარისად არასოდეს მაფასებდი, მაგრამ მაინც შენი შვილი ვარ, სამწუხაროდ თუ საბესნიეროდ. თუ სათქმელი არაფერი გაქვს, შენი ნებართვით, შეხვედრისთვის უნდა მოვემზადო.
ამირანი კარისკენ დაიძრა, ძლივს შეკავებული მრისხანებით მოძრაობდა. მაგრამ ზღურბლზე შეჩერდა.
_ეს საუბარი არ დასრულებულა.
_არა,მაგრამ შემდეგ ჯერზე, როცა ჩემს კომპანიაზე საუბარი მოგინდება, გთხოვ ნიკოლოზი გამოაგზავნე, თავაზიანი შეხვედრა მაინც გვექნება და მანიპულირებას არ ეცდება.
კარი უხეში ძალით დაიხურა. ელენე დაელოდა, სანამ მისი ნაბიჯების ხმა დერეფანში გაქრა, დაელოდა, სანამ ლიფტის ზარი გაიგო, დაელოდა, სანამ აბსოლუტურად დარწმუნდებოდა, რომ ის წავიდა.
შემდეგ სკამზე ჩამოჯდა და გაიაზრა, რომ ხელები უკანკალებდა.
დაპირისპირებამ მთელი ენერგია წაართვა. მამამისის წინააღმდეგ წასვლა, მუქარა, მისი საიდუმლოებების გაზიარება - ეს ეწინააღმდეგებოდა ყველა ინსტინქტს, რომელიც ოცდახუთი წლის განმავლობაში მისი მოწონების, მისი სიყვარულის, მისი აღიარების მოპოვების მცდელობის შედეგად იყო ჩანერგილი, მაგრამ ყველა სიტყვას სერიოზულად ეკიდებოდა. მას ნამდვილად არაფერი ჰქონდა დასაკარგი.
ორ საათში ის საბჭოს წინაშე დადგებოდა და დაამტკიცებდა, რომ “ტერა ჯგუფის“ დაკარგვა სასიკვდილო განაჩენი კი არა, შესაძლებლობა იყო. რომ მას წარმატებისთვის მელიქიშვილის პარტნიორობა ან მამის მოწონება არ სჭირდებოდა.
რომ დეკორაცია, რომლის შექმნასაც მისგან ცდილობდნენ, სინამდვილეში იარაღი იყო, რომლისიც უნდა შეშინებოდათ…
***


თამაში დაიწყო ოფიციალურად.
მოუთმენლად ველოდები თქვენს შეფასებებს



№1  offline წევრი aneta

ძალიან საინტერესოა

 


№2 სტუმარი სტუმარი ნუცა

თუ მჯეროდეს:)) აღარ ველოდი ვინმე თუ დაადასტურებდა :)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent