რეპუტაციის თამაში 10
მზის სხივებმა გააღვიძა, რომლებიც უცნაური, უცხო კუთხიდან იჭრებოდა ოთახში - მისი ოთახი იყო, მაგრამ საწოლის არასწორი მხრიდან დანახული. წამსვე გააცნობიერა მიზეზი და ისიც, რომ თითოეული კუნთი ტკიოდა. ფრთხილად სცადა, წელზე შემოხვეული მიშოს ხელი ისე მოეშორებინა, რომ არ გაეღვიძებინა. პასუხი მყისიერი იყო - სხეული მტკივნეულად შეეწინააღმდეგა, მკვეთრად შეახსენა, რამდენად საფუძვლიანად დაარღვიეს ყველა ზღვარი, რომელსაც თვეების განმავლობაში იცავდნენ. _ჯანდაბა._ჩაიბურტყუნა და ლეიბის კიდეს ჩაეჭიდა, რომ წამოდგომა შეძლებოდა. ფეხები ოდნავ უკანკალებდა და წამით გაჩერდა, რათა სუნთქვა დაემორჩილებინა. _შენც დილა მშვიდობისა._ზურგს უკან ძილისგან ჩახლეჩილი ჩაცინება მოესმა. შებრუნდა და ბალიშზე იდაყვით დაყრდნობილი დაინახა, თვალები აშკარა სიამოვნებით უციმციმებდა. _არ დაიწყო._იქვე დაგდებულ მამაკაცის პერანგს ხელი დაავლო, კარადამდე მისვლა ამ მდგომარეობაში ოლიმპიურ შეჯიბრად ეჩვენებოდა. _რა არ დავიწყო?_უდარდელად ჰკითხა და ღიმილი კიდევ უფრო გაუფართოვდა. _ნუ მიყურებ ასე. _როგორ? თითქოს ზუსტად ვიცოდე, რატომ გიჭირს სიარული? _თავს ნუ იწონებ, წუხანდელი… ეს არაფერს ცვლის. _არ მახსოვს, მეთქვას, რომ ცვლიდა. თუმცა უცნაურად თავდაცვითად გამოიყურები ადამიანისთვის, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს არაფერს ნიშნავს. სისხლმა სახე აუწვა, მაგრამ პასუხი არ გაუცია. არ აპირებდა ამ დისკუსიაში შესვლით სიამოვნება მიენიჭებინა. აბაზანისკენ წავიდა, ნაბიჯებს ფრთხილად ზომავდა. _დახმარება ხომ არ გინდა?_მიშომ თვალი გააყოლა._ცოტა არამყარად გამოიყურები. _კარგად ვარ, უბრალოდ..._კართან გაჩერდა, მერე ნელა შემობრუნდა._იცი რა? დიახ. ყველაფერი მტკივა. კმაყოფილი ხარ? გილოცავ. შენი ეგო, ალბათ, ბედნიერების პიკზეა. _ნამდვილად._ღიმილით უპასუხა და ისე წამოდგა, თითქოს საერთოდ არ აწუხებდა ის ფაქტი, რომ სრულიად შიშველი იყო._თუმცა, რამდენადაც მახსოვს, იმ ყველაფერში, რამაც ამ მდგომარეობამდე მიგიყვანა, საკმაოდ დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდი. _ღმერთო, მეზიზღები._თვალები აატრიალა. _ვიცი, გუშინაც მითხარი, მანამ, სანამ მესამედ... _მოკეტე. _“მაკოცებდი“ უნდა მეთქვა._კართან სწრაფად მივიდა._ძვირფასო, ეცადე, ამაზე ზედმეტად არ იფიქრო. ეს სე*სი იყო. კარგი სექ*ი, უფრი სწორად, შესანიშნავი - არ არის საჭირო უფრო რთული გახადო საქმე, ვიდრე სინამდვილეშია. _მე ვართულებ? _მგონი ჩხუბის მიზეზს ეძებ და ახლა არ ვარ ხასიათზე, საუზმობა მაინც მაცადე. ელენე მარტო დარჩა, ვიდრე პასუხის გაცემას მოასწრებდა - მის პერანგში, საკუთარ ოთახში, რომელსაც ახლა მისი სუნი ჰქონდა და კანკალებდა, ბრაზისა და სხვა გრძნობისგან, რომლისთვისაც სახელის დარქმევაზე უარს ამბობდა. როგორ გაბედა ასეთი მშვიდი ყოფილიყო? ასეთი გულგრილი? თითქოს წუხანდელი ღამე უბრალოდ შემთხვევითი დისკომფორტის მოხსნა იყო, მარტივად დავიწყებადი. ყვირილი უნდოდა, რაღაცის სროლა, და ალბათ მისი პერანგის დაწვა, რადგან აშკარად არ აპირებდა მის დატოვებას, მიუხედავად იმისა, რომ კომფორტული იყო… ვერც კი გაიაზრა, როდის დაიწყო გადაადგილება - თითქოს სხეულმა მის ნაცვლად მიიღო გადაწყვეტილება და, სანამ გონს მოვიდოდა, უკვე მისი სააბაზანოს კარს აღებდა. _შეგეძლო, უბრალოდ გეთქვა, თუ ჩემთან ერთად გინდოდა შხაპის მიღება._ნიჟარასთან მდგარმა სარკეში მის ანარეკლს შეხედა და წარბი აწია._ეს დრამატული შემოვარდნა რა საჭირო იყო? _არ მინდა შენთან ერთად შხაპის მიღება._მისი ხმა უფრო მკვეთრი იყო, ვიდრე აპირებდა. _მინდა... _რა?_ წყალი გამოივლო და მისკენ შებრუნდა იმ გამაღიზიანებელი უდარდელობით. _რა გინდა, ელენე? _მინდა, რომ ეს სიმშვიდე სახიდან ჩამოგაცალო. _რამდენიმე წუთის წინ სიტყვასიტყვით თქვი, რომ ეს ღამე არაფერს ნიშნავდა, ჩემგან რას ითხოვ?_უფრო ახლოს მივიდა._გინდა, რომ გავბრაზდე? ვიჩხუბოთ? ვწუხვარ, თუ იმედები გაგიცრუე, მაგრამ არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას იმისთვის, რომ სიამოვნებას ვიღებდი. _ბოდიშის მოხდა არ მითხოვია..._ _მაშინ რა გინდა? როგორც ჩანს, გაბრაზებული ხარ, რომ მე არ ვარ გაბრაზებული, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა ისეთი გულგრილი არ ხარ, როგორც ამტკიცებდი. _არ მაინტერესებს, შენ რას განიცდი._სახეზე ალმური მოედო. _არა? ისევე, როგორც ჩიქოვანის ქალიშვილი არ გაინტერესებდა? _შენ მართლა დაკომპლექსებუბლი ცოლი ხომ არ გგონივარ? მინიმუმ სამი მამაკაცის დასახელება შემიძლია, რომლებიც ჩემით ინტერესდებიან, ყოველი ქალის სანაცვლოდ, რომელსაც მიხსენებ, მაგრამ შენგან განსხვავებით, ჩემს ეგოს ამით არ ვკვებავ. _ანუ, შენი აზრით, საქმე ჩემს ეგოს ეხება? _აბა რა ხდება? მართლა გიზიდავენ ასეთი გოგონები? _მაინც როგორები?_გამომწვევად შეხედა. _რომელთა ერთადერთი ღირსებაც მათი მშობლების ქონებაა. _რატომ არა? იქნებ ზუსტად ასეთზე დავქორწინდი. _ნაბი*ვარო!_მრისხანებისგან მუცელი შეეკუმშა და ხელი მანამდე აწია, ვიდრე დაფიქრებას შეძლებდა, მაგრამ მამაკაცმა მაჯა სწრაფად დაუჭირა. _დავიღალე ამით, ელენე. მსხვერპლის როლს ნუ თამაშობ, როცა მთელი ეს კატასტროფა თავად შექმენი. მგონი გავიწყდება, ვინ არის ამ ისტორიაში დამნაშავე. _როგორ დამავიწყდება?_სიტყვები ყელში გაეჩხირა._შენ ხომ ყოველდღე მახსენებ. _და ასეც გავაგრძელებ, ვიდრე სიკვდილი არ გაგვაშორებს. ეს გინდოდა გაგეგონა? _კი!_დაუფიქრებლად აიწია თითის წვერებზე და მის ტუჩებთან დაიჩურჩულა. _შეგეძლო, უბრალოდ გეთხოვა._ღიმილით აიტაცა ხელში და წყალი მოუშვა, სანამ შეეხებოდა... _...დამშვიდდი?_ფრთხილი ხმით ჰკითხა, როცა ყავას უმზადებდა. _სრულიად მშვიდი ვარ. _ანუ პასიურ-აგრესიული კომენტარების გარეშე შეგვიძლია ვისაუზმოთ? _აღარაფერია საკამათო._მხრები აიჩეჩა._ვთანხმდებით, რომ ორივენი გამომწყვდეულები ვართ ამ ქორწინებაში, ჰოდა რაიმე სარგებელი მაინც მივიღოთ. სიჩუმე ჩამოვარდა. მიშომ ძლივს გააანალიზა, რას სთავაზობდა. _რაიმე სარგებელი?_ისე ნელა თქვა, თითქოს სიტყვებს სინჯავდა, ცდილობდა გაერკვია, ეს სტრატეგია იყო თუ - დანებება. _ჰო._თვალი თვალში გაუყარა._ქიმია გვაქვს, რომელიც აშკარად არ ქრება და მის წინააღმდეგ ბრძოლა უაზრობაა. ან ისევ უნდა მოვაჩვენოთ თავი, ვითომ არ არსებობს და ერთმანეთი ვაწამოთ, ან ვაღიაროთ და გამოვიყენოთ, როცა მოგვინდება, ყოველგვარი ემოციების და მოლოდინების გარეშე, როგორც თავიდან. რას იტყვი? სული გაეყინა, სანამ პასუხს მოისმენდა. მამაკაცი დიდხანს აკვირდებოდა, ზედმეტად დიდხანს. თითქოს პასუხს მის სახეზე ეძებდა და არა საკუთარ თავში. მის შიგნით ყველაფერი ეწინააღმდეგებოდა ამ იდეას. ლოგიკა ყვიროდა, რომ ეს კატასტროფა იყო - ნელი, მტკივნეული, გარდაუვალი. რომ ეს ვერ იქნებოდა „უბრალოდ ფიზიკური“, მასთან ვერასოდეს. მაგრამ არსებობდა მეორე მხარეც. უფრო ბნელი, უფრო გულწრფელი. მხარე, რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვდა მისი სხეულის სიმძიმე, მისი სუნთქვა კისერზე, ის მომენტები, როცა სიძულვილი და სურვილი ერთმანეთში ირეოდა და აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იყო მართალი. უარის თქმა არ შეეძლო, უფრო სწორად, არ უნდოდა. ნელა ჩაისუნთქა. მერე _ამოისუნთქა და ჭიქა ისე აწია, თითქოს სადღეგრძელოს ამბობდა. _შევთანხმდით, თუ დარწმუნებული ხარ, რომ ასე გინდა. _დარწმუნებული იმაში ვარ, რომ ეს ერთადერთია, რაც დაგვრჩა._თავი ღიმილით დაუქნია. ორივემ იცოდა, რომ შეთანხმება უკვე ტყუილით იწყებოდა. მაგრამ ვერც ერთმა გაბედა ხმამაღლა თქმა. რადგან „მხოლოდ ფიზიკური ურთიერთობა“ ბევრად უფრო უსაფრთხოდ ჟღერდა, ვიდრე სიმართლე... *** _...ღმერთო, როგორც იქნა._კარი გააღო და გოგონას მთელი ძალით გადაეხვია._უკვე მეგონა, ალექსანდრე სახლიდან აღარ გიშვებდა. _არც ოთახიდან, თუ დავკონკრეტდებით._ნინა სიცილით გაყვა მისაღებისკენ._რას ვიზამთ, მოვენატრე. _რა უნდა ქნა, რა რთულია ალბათ...კიდევ კარგი, შენი რუმმეითი აღარ ვარ. _კარგი რა, რით ვერ დაივიწყე? _ფსიქოლოგიური ტრავმა ამკიდეთ მთელი სემესტრი._თვალები აატრიალა და ნამცხვრის ყუთი გახსნა._მეტი ვერაფერი წამოიღე? _ნუ აზვიადებ, მხოლოდ ერთხელ იყო და ეგეც შენი ბრალია, მე რა ვიცოდი, თუ სახლში ადრე მოხვედი. _ეგ ფაქტს არ ცვლის._ყავა ჩამოასხა და მის წინ დაჯდა._“ალექსანდრე, ასე ...გთხოვ“_თეატრალური ხმით გააგრძელა._მერე როგორ იყო, აღარ მახსოვს, ტრავმამ მეხსიერება დამიბლოკა. _მოკეტე._ნინამ ხელი ჰაერში აიქნია და ოთახს მოავლო თვალი._ლამაზი ბინაა, მომწონს. ელენემ ჩაიცინა. _ბინა ჰო. გოგონამ მზერა მასზე შეაჩერა. რამდენიმე წამი არაფერი უთქვამს. მერე მშვიდად, თითქმის დაუდევრად დაამატა: _მაგრამ შენ... არ მომწონხარ. ღიმილი წამით გაუქრა. მერე ისევ დაიბრუნა, ოდნავ უფრო მყიფე. _რა საყვარელი ხარ! ნინა ყოველთვის ასეთი იყო - პირდაპირი და ზოგჯერ დაუნდობლად გულწრფელი, ელენესგან განსხვავებით, რომელიც დიპლომატიას ამჯობინებდა და მუდამ ცდილობდა, ყველასთვის მისაღები, იდეალური ყოფილიყო, იმის მიუხედავად, რომ გრძნობდა, ეს მოჩვენებითობა თანდათან სულს აცლიდა. _სერიოზული ვარ!_მჭედლიშვილის ხმამ სიმსუბუქე დაკარგა._სადაა შენი ქმარი? _არ ვიცი, ალბათ რომელიმე მეგობართან... ან ოფისში და ჩემი განადგურების გეგმებს აწყობს. რთული სათქმელია. _რა ჯანდაბა ხდება? გაფილტრული ვერსია არ მინდა - ნამდვილი ამბავი მოყევი. _გამახსენე, უკვე რა იცი? _მხოლოდ ის, რაც ქორწილამდე მომიყევი და რაც ალექსანდრესგან გავიგე, ანუ ის, რომ შენ და მიშო რაღაც კორპორატიულ სასიკვდილო ომში ხართ ჩართულები. სხვათა შორის, ნერვიულობს შენზე. _თვითონ ხომ კარგადაა. _არა, მაგრამ ეს ალექსანდრეა, არაფერი დაემართება._უკან გადაიხარა და დამკვირვებლურად შეხედა._ჭამა მაინც არ ავიწყდება, შენგან განსხვავებით. გისმენ, აბა, განმანათლე რა ხდება. ელენემ ჭიქა დადო და ჩაფიქრდა, საიდან დაეწყო. _ზუსტად ისეა, როგორც ჩანს. ვანადგურებთ ერთმანეთს, ყოველდღე. ყოველი შეხვედრა, ყოველი კონტაქტი - ბრძოლაა. მეგონა, რომ ვუმკლავდებოდი და არც შემიმჩნევია, წონაში როგორ დავიკელი, როგორც ჩანს, ბევრ ენერგიას მოითხოვს._რაც შეეძლო, მშრალად თქვა, თითქოს უმნიშვნელო სიახლეს უზიარებდა. ახლა ცოტა კიდე მოვიმატე, სხვათა შორის. _ნეტა, საკუთარ თავს უსმენდე. ანუ ის შენ გსჯის, შენ - მას, ორივენი ჯოჯოხეთს ატრიალებთ და ტემპერატურაზე წუწუნებთ? _არ გესმის... _მშვენივრად მესმის და ტოქსიკური ურთიერთობით ვერ გამაკვირვებ. მე და ალექსანდრე კონფლიქტის საშუალებითაც ვურთიერთობთ. საჯარო კამათი, თავის მოჩვენება, რომ ერთმანეთი გვძულს, ეს ჩვენი დინამიკის ნაწილია. მაგრამ ეს ჩვენი სიყვარულის ენაა და გვსიამოვნებს. _ავადმყოფები ხართ, თუნდაც საჯაროდ ერთმანეთის სიძულვილი რომ სიამოვნებას განიჭებთ._ტკივილის მიუხედავად, მაინც ეღიმებოდა. _წარმოდგენა გვსიამოვნებს, თამაშით ვტკბებით. _ნინასაც გაეღიმა._განსხვავება ისაა, რომ ერთმანეთთან გულწრფელები ვართ, როცა მარტო ვართ, თავის მოჩვენებას ვასრულებთ, შენ და მიშო კი თამაშს არ თამაშობთ, გულწრფელად ანადგურებთ ერთმანეთს. და ეს არ არის ის, რაც შენ მოგეწონება ელენე, დიდი ხანია გიცნობ სამაგისოდ. _რა მნიშვნელობა აქვს, რა მომწონს ან მიყვარს, როცა ვიცი, რომ მას ვძულვარ. მხოლოდ ქიმია დაგვრჩა, ფიზიკური მიზიდულობა. და საბოლოოდ, ესეც გაუქრება და მერე არაფერი იქნება. _რას ბოდავ, თვითონაც თუ გჯერა. _რატომ არ უნდა მჯეროდეს?_მხრები აიჩეჩა._ერთადერთი, რაც სხვებისგან გამომარჩევდა, სილამაზე იყო და ახლა ამასაც ვკარგავ. _გაჩუმდი!_გოგონამ ხმას აუწია._მამაშენი ლაპარაკობს ახლა და არა - შენ. ეს ამირანის ხმაა, რომელიც გეუბნება, რომ შენი ერთადერთი ღირებულება გარეგნობაა. და ეს სრული სისულელეა. _ნინა... _დამასრულებინე! ხომ იცი, სანამ გაგიცნობდი, ვერ გიტანდი, ერთი თავხედი და ცარიელი, ფულით გათამამებული გოგო მეგონე, რომელიც ყველას ზემოდან უყურებდა, მაგრამ როცა გაგიცანი, სულ სხვა ადამიანი აღმოვაჩინე, რომელმაც ყველაფერს მიაღწია, რაც მიზნად დაისახა, მამამისის მხარდაჭერის კი არა, მისი წინააღმდეგობების ფონზე, რომელიც ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ამირანი ეუბნებოდა, ბევრად უფრო მეტია, ვიდრე - ლამაზი სახე. დარწმუნებული ვარ, მიშოც იმავეს ფიქრობდა, სანამ ყველაფერი დაინგრეოდა. _ამას იმისთვის ამბობ, რომ დამამშვიდო. _გთხოვ, შეურაცხყოფას ნუ მაყენებ. მიყვარხარ, მაგრამ შენზე ლამაზი არაერთი მინახავს თბილისშიც კი და, თუ გინდა, იმასაც ერთ საათში გავარკვევ, მელიქიშვილი რამდენს მოსწონდა მათგან. _უღრმესი მადლობა._კვლავ გაეცინა._ასეც რომ იყოს, ეგ არ ცვლის იმას, რაც გავაკეთე და არც მიშოს დამოკიდებულებას ამის მიმართ. _ამაზე თავად უნდა იზრუნო. რა გიშლით ხელს, რომ ერთმანეთს ელაპარაკოთ ამ უაზრო ომობანას ნაცვლად? _ხელს რა მიშლის? ის ფაქტი ხომ არა, რომ თვეები ვატყუებდი და დაწყებამდე გავანადგურე რაიმე რეალურის შანსი ჩვენს შორის? ვეღარაფერს ვეტყვი, რაც ჩემს ნამოქმედარს შეცვლის. _ეს შენი ვარაუდია? თუ უკვე ჰკითხე. _ვერ ვკითხავ..._ელენემ ხელებზე დაიხედა და ცრემლების შეკავება სცადა._მეშინია პასუხის. _რა თქმა უნდა, გეშინია._ნინას ხმა ოდნავ შერბილდა._მაგრამ ამ გაურკვევლობაში ცხოვრება არ შეიძლება, გკლავს. რაც არ უნდა იყოს მისი პასუხი, თუნდაც ყველაზე ცუდი იყოს, ყოველ შემთხვევაში, გეცოდინება მაინც და შეგეძლება გადაწყვეტილება რეალობაზე დაყრდნობით მიიღო და არა - შიშით. _და რომ მითხრას, რომ არაფრის გაკეთება შეიძლება და არასდროს მაპატიებს? _მაშინ უთხარი, რომ უნდა გაგიშვას. შეცდომა დაუშვი. დიდი. მაგრამ მთელი ცხოვრება ვერ დაგსჯის ამის გამო, თუ მომავალს ვეღარ ხედავს, თუ არ შეუძლია ან არ სურს გაპატიოს, მაშინ ამ ქორწინებიდან უნდა გაგათავისუფლოს...მაგრამ ჩემი ვარაუდით, ისიც ისეთივე დაღლილია, როგორც შენ, უბრალოდ ელოდება, ნაბიჯს როდის გადადგამ. _საიდან იცი? _იქიდან, რომ არავინ იბრძვის ასე ძლიერად, თუ უარესის თავიდან არიდებას არ ცდილობს...დამპირდი, რომ აღარ გადადებ. _გპირდები, რომ ვეცდები._ღრმად ამოისუნთქა. ნინამ საათს დახედა და ცარიელი ყავის ჭიქა ფრთხილად დადგა მაგიდაზე. _დროა გავიქცე, ალექსანდრე დამპირდა, რომ ჩალაგებაში დამეხმარებოდა, ალბათ უკვე მელოდება. ელენემ წარბი აწია და პირველად რამდენიმე დღის განმავლობაში სახეზე ნამდვილმა, გულწრფელმა მხიარულებმა გადაუარა. _ახლა ამას „ჩალაგებას“ ვეძახით? _ოჰ, გაჩუმდი. _ჩალაგება ჩვეულებრივ ბარგს გულისხმობს, დაკეცილ ტანსაცმელს - და არა სამ საათს საძინებელში შეყვარებულთან ერთად, ბევრად უფრო საინტერესო საქმეებით დაკავებულს. _საშინელი ხარ. _მაგრამ ნინა უკვე იცინოდა_კარგი. დიახ. მინდა ვნახო. მინდა მასთან ვიყო. მინდა გავაკეთო ყველა ის „საინტერესო რამ“, რასაც ასე ჭკვიანურად მიანიშნებ. კმაყოფილი ხარ? _ეიფორიაში ვარ, მაგრამ თან ცოტა დაბოღმილი._კარისკენ გაჰყვა. როცა გოგონა გამოსამშვიდობებლად შემობრუნდა, ელენე მჭიდრო მოეხვია, ალბათ საჭიროზე ოდნავ დიდხანსაც კი. _მადლობა. რომ მოხვედი. რომ მომისმინე. რომ არ მომეცი უფლება, საკუთარ თავს მოვატყუო. ნინამ იმავე სიმტკიცით მოხვია ხელები. _ყოველთვის. მეგობრები სწორედ ამისთვის არსებობენ. _უკან დაიხია, მაგრამ ხელები ისევ ელენეს მხრებზე ედო, სახე გაუმკაცრდა._არ დაგავიწყდეს, რასაც დამპირდი. გოგონამ თვალი გააყოლა, სანამ ლიფტში არ გაუჩინარდა, მერე კარი დაკეტა და ზურგით მიეყრდნო, მისი სიტყვები უეცარ სიჩუმეში ექოდ ჩაესმოდა. მთელი დღე წინ ჰქონდა - უსასრულო და შემაშფოთებელი. სცადა ემუშავა, კონტრაქტები სასადილო მაგიდაზე გაშალა, მაგრამ სიტყვები ერთმანეთში ირეოდა. გონება ისევ და ისევ ბრუნდებოდა ნინას ხმასთან, იმ მშვიდ, მაგრამ მტკიცე დაჟინებასთან, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, რომ რაღაც აუცილებლად უნდა შეცვლილიყო. სამჯერ აიღო ტელეფონი, რომ მიშოსთვის დაერეკა, ეკითხა, როდის დაბრუნდებოდა სახლში, მაგრამ ყოველ ჯერზე ისევ დადო. რას ეტყოდა? „მოდი სახლში, უნდა დაგელაპარაკო იმაზე, როგორ გავაფუჭე ყველაფერი და არ ვიცი, როგორ გამოვასწორო“? ექვსი საათისთვის ყველანაირ პროდუქტიულობაზე ხელი ჩაიქნია. ჩაი გაიკეთა, რომელიც არ დალია. ფანჯარასთან იდგა და ქალაქს უყურებდა ისე, თითქოს საერთოდ ვერ ხედავდა. გონებაში იმეორებდა ფრაზებს, რომლებიც უნდა ეთქვა, მაგრამ ყველა ან არასაკმარისი იყო, ან ზედმეტად დრამატული, ან უბრალოდ არასწორი. „მიშო, რაღაც უნდა გითხრა.“ - ძალიან შემაშფოთებელი. „შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რაც მოხდა? ჩვენზე?“ - ძალიან ბუნდოვანი. „ბოდიში. ყველაფრისთვის. და არ ვიცი, როგორ გამოვასწორო, მაგრამ მინდა ვცადო.“ - ძალიან… გულწრფელი? არსებობდა ასეთი რამ - ზედმეტი გულწრფელობა? იქნებ სწორედ ეს იყო ის, რაც სჭირდებოდათ. გასაღების ხმამ შფოთვა გაუძლიერა. გული ლამის ამოუვარდა, სანამ მამაკაცი დერეფანს გაივლიდა და მისაღებში შევიდოდა. თვალში მაშინვე მოხვდა, რამდენად გადაღლილი ჩანდა - ჰალსტუხი მოშვებული, პერანგის ზედა ღილი გახსნილი, თვალქვეშ კი ჩრდილები - ზედმეტად ბევრი გვიანი ღამისა და ზედმეტად დიდი სტრესის ნიშანი. თმაც ოდნავ არეული ჰქონდა. როდის შეწყვიტა ამ დეტალების შემჩნევა? როდის შეწყვიტა მისი დანახვა, როგორც ადამიანის და მხოლოდ მოწინააღმდეგედ აღქმა დაიწყო? _ჰეი..._ხმა ძლივს ამოიღო, წინასწარ მომზადებული ფრაზები ერთიანად აორთქლდა გონებიდან._ცუდი დღე გქონდა? _გრძელი..._მხრები აიჩეჩა და პორტფელი იქვე დადო._გინდა, დამეხმარო დავიწყებაში? _რა მოხდა?_ეცადა, არ შეემჩნია, რამდენად ფორმალურად ჟღერდა ეს კითხვა, თითქოს კონტრაქტზე საუბრობდნენ. _ქავთარაძე ძალიან ართულებს ყველაფერს. მუდმივად ცვლის მოთხოვნებს, ვადებს აჭიანურებს, ყველაფერს აპროტესტებს..._შეჩერდა და ჩამოჯდა._საერთოდ რატომ გიყვები, ალბათ არ გაინტერესებს, ან გიხარია. _არა._სიტყვა ორივესთვის მოულოდნელი აღმოჩნდა._“არ მიხარიას“ ვგულისხმობ. _მჯერა._გაეღიმა._შენ როგორ დაისვენე. იყო შენი მეგობარი მოსული? რა ქვიაო..? _ნინა, იყო კი, ბევრი ვისაუბრეთ. _მშვენიერია. თამარმა დამირეკა, მოენატრე სხვათა შორის...და ერეკლესაც. რამდენი ხანია, მათთან არ ყოფილხარ. _ვიცი._დანაშაულის გრძნობამ შეიპყრო._მეც მენატრებიან, აუცილებლად ვესტუმრები ამ დღეებში. _თუ გინდა, კვირას ავიდეთ, სანდროც... _არა._ზედმეტად მკვეთრად თქვა და ტონი მაშინვე შეარბილა._იმას ვგულისხმობ, რომ მარტო მირჩევნია._ხელებს დახედა, საქორწინო ბეჭედს - ლამაზს, ძვირფას სიმბოლოს ქორწინებისა, რომელიც ტყუილზე და შურისძიებაზე იყო აშენებული._არ მინდა მათი მოტყუება, იმის მოჩვენება, რომ ბედნიერები ვართ. რომ ეს რეალურია. რომ ჩვენ…_წინადადება ვერ დაასრულა._კარგი ადამიანები არიან, მიშო. არ იმსახურებენ თვალთმაქცობას. „არც ჩვენ ვიმსახურებთ“-უნდოდა ეთქვა, მაგრამ ღრმად ამოისუნთქა და ხმამაღლა მხოლოდ „მართალი ხარ, მადლობაო“ უთხრა. _არ მივახშმია, გინდა, რამე გამოვიძახოთ? ახალი პიცერია გაიხსნა დოლიძეზე, აქებენ. _კი, კარგი იქნება._დაუფიქრებლად დაეთანხმა, შეთავაზებით გაოცებული. სანამ ელენე შეკვეთას ათავსებდა, უკვე ღვინოს ასხამდა. ჩვეულებრივი წყვილივით მიუსხდნენ მაგიდას და ფრთხილი საუბარი განაგრძეს არაფერ მნიშვნელოვანზე. თავს ისე მსუბუქად გრძნობდნენ, ლამის მტკივნეულად წარმოიდგინეს, როგორი ცხოვრება შეიძლებოდა ჰქონოდათ, ყველაფერი რომ არ დანგრეულიყო... _ელენე,_ჩუმად ჰკითხა მამაკაცმა, როცა თითქმის ძილის პირას იყვნენ._კარგად ხარ? გოგონა გაირინდა. დრო იყო, მისთვის ყველაფერი ეთქვა. ნინასთან საუბრის, დანაშაულის გრძნობის შესახებ, რომელიც ცოცხლად ჭამდა, იმის შესახებ, თუ როგორ სასოწარკვეთილად სურდა ამის გამოსწორება, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ. შეეძლო ეღიარებინა, რომ მთელი დღე მასთან საუბარს გეგმავდა, რომ ათეულობით საწყისი სტრიქონი გაიმეორა და დაიწუნა. მაგრამ სიტყვები კვლავ ყელში გაეჩხირა. ძალიან ხმამაღალი იყო, ძალიან საშიში. _ეს მომენატრა._მისი ხმა ჩურჩულს ძლივს აღემატებოდა._მომენატრე. სიჩუმე იმდებ ხანს გაგრძელდა, რომ ფიქრობდა, საშინელი შეცდომა ხომ არ დაუშვა, ხომ არ გაამხილა ძალიან ბევრი, ხომ არ დაუბრუნდებოდნენ ხვალ ჩვეულ ომს და ეს აღიარება კიდევ ერთი იარაღი გახდებოდა, რომლის გამოყენებაც მის წინააღმდეგ შეეძლებოდა. შემდეგ მისმა ხელმა საბნის ქვეშ ელენესი იპოვა და მათი თითები ნელა, ფრთხილად ახლართა ერთმანეთში. არაფერი უთქვამს. იქნებ არ შეეძლო - იქნებ ყელი ისეთივე დაჭიმული ჰქონდა, იქნებ ისეთივე დამანგრეველ სიმძიმეს განიცდიდა, ყველაფერ იმისგან, რის თქმასაც ვერ ბედავდნენ. მაგრამ იგრძნო, როგორ მიუახლოვდა, იგრძნო მისი ტუჩები შუბლზე და ნაზი კოცნა, რომელმაც მკერდი ატკინა. _დაიძინე._მისი სუნთქვა თბილი იყო._აქ ვარ. გოგონა მის ხელს სამაშველო რგოლივით ჩაეჭიდა და თავს უფლება მისცა, მოდუნებულიყო... სიცარიელეში გაიღვიძა. მის გვერდით საწოლი ცივი იყო, ზეწრები კი გლუვი, თითქოს დიდი ხნის წინ წასულიყო. იმედგაცრუება იგრძნო, მკვეთრი და მყისიერი. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, წავიდა. ერთი საღამო ვერ წაშლიდა თვეების განმავლობაში მიმდინარე ომს, სულელი იყო, რომ იფიქრა - იმედი გაუჩნდა ... შემდეგ სამზარეულოდან ხმაური გაიგონა და სურნელიც იგრძნო, - ყავის, ნამდვილად, და ეს... ბეკონი იყო? ამჯერად შვების ძლიერმა ტალღამ მოიცვა. ისევ აქ იყო, არ წასულა. საუზმეს ამზადებდა. ნელა წამოჯდა, სხეული სასიამოვნოდ ტკიოდა, რაც არაფერ შუაში იყო მათ ჩვეულ ძალადობრივ შეტაკებებთან და მხოლოდ რეალურ, მშვიდ ძილს უკავშირდებოდა. მთელი ღამე ეძინა. როდის მოხდა ეს ბოლოს? სკამიდან ხალათი აიღო და სარკეში ჩაიხედა. თმა არეული ჰქონდა, სახე ოდნავ აწითლებული, მაგრამ არ აინტერესებდა. უბრალოდ მისი ნახვა სურდა, იმის დასადასტურებლად, რომ გუშინდელი ღამე ნამდვილი იყო, რომ იქნებ - უბრალოდ იქნებ - მათ შორის არსებულ უზარმაზარ კედელში ბზარი გაჩნდა. საძინებლის ნახევარი ჰქონდა გავლილი და უკვე წარმოიდგენდა სცენას - ერთად ისაუზმებდნენ, იქნებ ესაუბრათ კიდეც და იქნებ გამბედაობა ეპოვა და ეთქვა ის, რაც სურდა- როდესაც კარი აფეთქებით გაიღო. მიშო ჩარჩოში იდგა, მაგრამ ეს არ იყო ის მამაკაცი, რომელსაც სიბნელეში მისი ხელი ეჭირა და ნაზად ეჩურჩულებოდა, არამედ ის, ვიც ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან კარგად გაიცნო - სახე მრისხანებისგან გამუქებოდა, ყბა კი ისე მჭიდროდ ჰქონდა შეკრული, უეჭველად კუნთები ტკიოდა. _სერიოზულად, ელენე?_მისი ხმა სასოწარკვეთილად, დანებებულივით ჟღერდა, რაც რატომღაც უფრო უარესს ხდიდა სიტუაციას, ვიდრე ყვირილი._ისევ? ყველაფრის შემდეგ? გუშინდელი ღამის შემდეგ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


