ნადირობა(თავი პირველი)
„და სკამზე, როგორც ნანადირევი, ჰკიდია შენი ლამაზი კაბა...“ ოთარ ჭილაძე პროლოგი აისის პირველმა სხივმა მჭრელი ფოლადივით უმოწყალოდ გაჰკვეთა მწიფე ქლიავისფერი ზეცა და ცარგვალზე სისხლის ნაკვალევივით ჩამოეკიდა. ჯეირანმა გრძელი ნახტომით დაფარა მანძილი და მონადირეს მავედრებელი მზერა სტყორცნა. დილის ფუსფუსა, ნაზი ხმაური, ჩიტების პირველი ჭიკჭიკითა და სიოს სტვენით პირთამდე სავსე, ანაზდად, თოფის გრიალმა გადაფარა. მსხვერპლის თვალები, ელდითა და ზაფრანაცემი შხამით გადაგლესილი, ტყის ზურმუხტისფერ ფარდას მისწვდა. ჯეირანმა მყისიერად მოდრიკა მშვენიერი სხეული, თავი უკან გადააგდო და სასტიკი მკვლელის წამიერ, ანგარიშმიუცემელ და საკუთარი ბოროტებით გაჟღენთილ ღიმილს წააწყდა. მონადირეს სახე შეეცვალა, თითქოს ახლაღა გაიაზრაო ჩადენილის სიმძიმე, წარბი შეკრა და რაღაც ამოუხსნელი სინანულითა და სევდით დახედა თავის ნამოქმედარს. ნადირი უკვე სისხლის საბანში გახვეული იწვა, გახეთქილი ბროწეულის მარცვალთა მსგავსად მიმობნეულიყო ცვრიან ბალახზე მისი წვეთები. ტკივილისაგან ეკლაკნებოდა ქვიშისფერი, მარგალიტით დაწინწკლული ტანი და ყოველ სუნთქვას მუდარის კვამლს აყოლებდა მხლებლად. უკანასკნელად ჩახედა მსხვერპლმა მონადირეს თვალებში, მერე უსასრულო, გუმბათივით ჩამომხობილ ზეცას შეჰღაღადა , თითქოს მწარედ დაამუნათა მკვლელი უტყვმა და სიკვდილის შემოხვეული მკლავების ნებას დაჰყვა. მონადირეს ყურებში სისხლი დაუგუბდა, წუთიერი დუმილით აივსო ტყე. მომხდარით შეძრწუნებულივით გაისუსა ირგვლივ ყოველივე. ცოცხალი არსების გარდაუვალი, მაგრამ სხვათა ჩარევით დაჩქარებული დასასრულის მოწმე და მსაჯული. მაინც დაირღვა დუმილი, მზე ნელი ტაატით ამოცურდა მაღლა, ჩიტებმა სიმღერა განააახლეს, ქარმა უწინდებურად დაუბერა და ჯეირანის ნატანჯი სიცოცხლე გარდაცვალების ყოვლისმპყრობელმა ხელმა წარიტაცა. თავი პირველი სალხინებელში მატარებელს ქალაქიდან ხალხი ჩამოჰყვა. უჩვეულო ჟრიამული ატყდა თემში, დილაადრიან დაიწყო სახლებში მიმოსვლა, სამეზობლოში გადაძახილი, ქუჩაში წიწილებივით გამოეფინენ ახალგაზრდები. დიდი ქალბატონის ხელით გამომცხვარი გაზაფხულის კვერი ხელსამძივარის სახელზე, ყველა ოჯახს ჩამოურიგეს. სასწავლებლად და სამუშაოდ წასული ყოველი სალხინებლელი, აღდგომის დღესასწაულის შესახვედრად, მშობლიურ სახლში დაბრუნდა. სალხინებელი ყოველთვის დიდი ზარ-ზეიმით ეგებებოდა აღდგომას. ამ პატარა თემში ღრმად გაედგა ფესვები ქრისტიანობას და გულმხურვალე მორწმუნენი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ საერთო სააღდგომო ნადიმის გამართვას. გასკვირია, მაგრამ თემში არც უძველესი წარმართული წეს-ჩვეულებანი ავიწყდებოდათ. მორიგე ღმერთისა და იესო ქრისტეს სიყვარული ერთი მონეტის ორი მხარის მსგავსად შედუღაბებულიყო მათ გულებში. -ოჩოპინტრემ გვიწყალობა! ტყეში ვიპოვე ამ დილით!-სიხარულით აჩვენებდა პატარა, ტალახში გოჭივით ამოგანგლული ბიჭი რომელიღაც ფრინველის კვერცხებს თავის თანატოლებს. ისინიც ბავშვური ცნობისმოყვარეობით, შურნარევი აღფრთოვანებით ათალიერებდნენ ბიჭის კოტიტა თითების ხაფანგში გაბმულ კვერცხებს. გეგონებოდათ, ხელის მოკიდვა სურდათ, მაგრამ ვერ ბედავდნენ. იმ წუთას, ბიჭი გრძნობდა საკუთარ უპირატესობას, მედიდურად იჯგიმებოდა, თავი რჩეული, სხვებს შორის საუკეთესო ეგონა. ოჩოპინტრეს საჩუქრის ღირსეული მფლობელი და მის სულს უკვე ეკიდებოდა ამპარტავნების მომწამვლელი ბანგი. -წამო ნოდო!-დაიჭყიპინა კიკინებიანმა გოგომ. -სად?-წამით გამოერკვა ნოდო და თან იწყინა, დიდებით ტკბობაში ხელი შეუშალეს, არა იმიტომ, რომ დაუძახეს, არამედ იმიტომ, რომ მისი ტყეში ნაპოვნით არ დაინტერესდნენ. -დედამ პასკა გამოაცხო, უნდა გაგატანო, წამო რა, რაღას უდგახარ?! ძაან ბევრი ქიშმიში აქვს!-თვალები ანცად აუელვარდა გოგოს. -ჰოო, მოვდივარ!-ბავშვებს სწრაფად გამოეყო ნოდო, ცხელი, ფუმფულა პასკის წარმოდგენამ პირი ნერწყვით აუვსო, სულ მიავიწყდა ოჩოპინტრე და ამხანაგს მკვირცხლად გაჰყვა. ორღობეში დედაკაცები გამოშლილიყვნენ, ხელით მდინარეზე გარეცხილი თეთრეული მოჰქონდათ. თემში სჯეროდათ, რომ დიდ შაბათს მდინარეს მათი ოჯახის სიავე უნდა ჩამოებანა, ამიტომ სოლისებურად განლაგდებოდნენ და ქათქათა ზეწრებს მის მკვირცხლ ტალღებში ავლებდნენ. -ჯეჯილი როდის დასთესე?-ეკითხებოდა ერთი მეორეს. -წინა კვირას, წელს ბალღი ავადობდა და გადამავიწყდა.-უგულისყუროდ პასუხობდა ქალი. -მამიკვდეს თავი, ვაჟას ბალიშის პირი არ წამომიღია!-თავში ხელი შემოირტყა მესამემ და კალათის ქექვა გააგრძელა. -საბანი ჰომ გააურეცხე, არ იჯავრო!-ამშვიდებდა მეოთხე. -გაიგეთ, თინას ბიჭს ცოლი მოჰყავს!-წამოიწყო ისევ პირველმა. -აღარ ედროვება რო?-ბალიშისპირის ძებნას ანება თავი მესამემ. -ედროვება, მარა ქალაქელი გოგო მოჰყავს, დილით ჩამოვიდა, დედამისიც გამოჰყვა, თინა ორი დღეა, ლეიბების ბერტყვას ვერ აუდის, ჩემი ვერცხლის დანა-ჩანგალი ითხოვა.-ლაქლაქებდა პირველი და თან უკვე სარეცხს ბანზე ფენდა. -ენდრო კიდე მე გამომართვა.-გადმოსძახეს მეორე ეზოდან. -აგერ შენი ბალიშისპირი მაკრინე, ჩემთან ჩაგიტენია!-აღნიშნულ მაკრინეს ეზოში შესვლამდე დააწია მეოთხემ. ამასობაში თინა სარძლოს პასკის ცომს აზელინებდა და ქურდულად აკვირდებოდა გოგონას სათითაო მოძრაობას. ნათხოვარი ჭურჭელი გასაწმენდად გადმოეწყო და შვილის არჩევანს ცხვირაბზუებული აფასებდა. გული ბოღმით ჰქონდა სავსე, ამ გაპრანჭულმა, გრძელფეხებმა, სიმინდის ტაროსავით ყვითელთმიანმა და თხილის წკეპლასავით გამხდარმა გოგომ არც კოპალა იცოდა, არც იახსარი, არც ბარბალე და ცომსაც უგერგილოდ დასტრიალებდა. ბიჭიც ფქვილში ამოგანგლული, ხან სასიდედროს სთავაზობდა ყავას, ხან საცოლეს ეხმარებოდა. თინას თავის დღეში არ ენახა, მის ქმარს ვინმესთვის ყავა მოედუღებინა, ან ცომს გაკარებოდა და თავის გდაგვარებულ, გაქალაქელებულ შვილს ისე უყურებდა, იფიქრებდით, სადაცაა ადგება და ენდროს ქვაბს თავში ჩასცხებსო. წყვილი ისე ურცხვად ეკურკურებოდა ერთმანეთს მშობლების თანდასწრებით, თინას არც ქმრის სიცოცხლეში და არც მერე, ამდენჯერ ხალხში ცხონებულისთვის არ უკოცნია. ლოყაზე უწყინარი კოცნა იყო ჰო, თანაც მაშინ, როცა ეგონათ არავინ გვიყურებსო, მაგრამ ამ ზნედაცემულ თავაშვებულობას ქალი მაინც ვერ ინელებდა. სანაპიროზე პაპა კარლოს სანაყინეში ტევა აღარ იყო, ყოველ წამს იღებოდა და იხურებოდა ჟღარუნით კარი. ზღვაზე ნებივრობისთვის ჯერ საკმაოდ ციოდა, მაგრამ სანაპიროს მაინც მოსწყდომოდა მოუთმენელ ყმაწვილთა ჯარი. ზოგი მაისის მზეს უთამამდებოდა და ცივ ტალღებთან შებმასაც კი ბედავდა, ზოგი უბრალოდ მონაბერი, მლაშე ჰაერის ჩასუნთქვით და სეირნობით იქცევდა თავს. სტუმრები ინტერესით იღებდნენ ხელში ადგილობრივ საქონელს, ფრიალა კაბებს იზომავდნენ, კითხვა-კითხვით ეძებდნენ კარლოს სანაყინეს, დიონისოს მარანს ან მართას სამკერვალოს. ღამისთევისთვის საგანგებოდ ემზადებოდა მღვდელი საბა. დიდი ბატონის გამოგზავნილ, ჩაციებულ ღვინოს ნეტარებით წრუპავდა და ახალთახალ ანაფორას იზომავდა. ნაპატივებ ღიპზე გადმოკიდებული ძვირფასი ჯვარი სანთლის შუქზე ლაპლაპებდა და აღაჟღაჟებული სახე ხშირ წვერში ისე იყო ჩაკარგული, თითქოს მთელი მისი სხეულისთვის ღორის ქონი გადაესვათ. გასიებულ, გასკდომამდე გატიკნულ, ვეება ტანს გასაკვირი სიმარდით დაათრევდა მამა საბა. ცოდვებისთვის მოსასმენად ცქვეტდა ხოლმე ყურს, არც მახვილ თვალს გამოაპარებდა მოკლე ქვედაბოლოს, ქუჩის სკამზე გაშლილ ბანქოს ან უპატიებელ დანაშაულს-ქალზე შარვალს. მრევლის გასალანძღად ენას ილესავდა და უარესად ჩათქვირულ ფოფოდიას ეჩხუბებოდა, სად წაიღეო ჩემი ლოცვანი, ან ნახევრად დამპალი ბოსტნეული რატომ დაუყარეო ღორებს, გლახაკთათვის უნდა მიმეცაო ეგო. საერთო ფორიაქი არ ეხებოდა ბერ შიოს. დიდი შაბათის მშფოთვარე, ზუზუნა ფაციფუცმა მისი მოკრძალებული კელია გამოტოვა. შიო მშვიდად, აუღელვებლად ალაგებდა ხურჯინში ახალ ხილს, პასკას და სისხლისფერ კვერცხს. ბატონის ბოძებული ძღვენი თავად არაფერში სჭირდებოდა, სამაგიეროდ, ძალიან წაადგებოდა ტყის მახლობლად მცხოვრებ ქვრივს, რომელსაც პატარა ავად ჰყავდა. ბავშვს ბატონები ესტუმრნენ და შიო ცდილობდა, ქალაქში ექიმთან წაყვანაზე დაეყოლიებინა დედამისი. ეს ნერვიული, ერთიანად გაყვითლებული ქალი შვილის ცხელებას ვერაფრით შველოდა, თუმცა საავადმყოფოს ხსენებაც არ უნდოდა. შიო ძალიან ახალგარზდა იყო, ოცდაათი წელიწადის მომსწრე თუ იქნებოდა. გამხდარს ისეთი სიფრიფანა, ქაღალდივით გამჭვირვალე კანი ჰქონდა, ადამიანი უყურებდა და ფიქრობდა, ხორცი საერთოდ არა აქვს, ცარიელი სულიაო. ოქროსფრად უელვარებდა თმა-წვერი და მუქი თვალები იმოდენა სიკეთით იყო სავსე, წყლის წვეთივით გამჭვირვალე, შემოდგომის ცივ საღამოს დანთებული კოცონივით ათბობდა მნახველს. კლდოვანი სანაპიროს ბოლოში, მიტოვებულ ბილიკთან დაედო ბინა და ზღვის ღრიალს უსმენდა მუდამჟამ. ხალხს ერიდებოდა, ბატონის საჩუქრებსაც უარობდა, იშვიათად ჩნდებოდა სამზეოზე. ყველაზე დიდი არეულობა, მაინც ბატონის, გუბაზ ანდრონიკაშვილის სახლში სუფევდა. სალხინებელი გარესამყაროს სავსებით მოწყვეტილი არ გახლდათ, იგი მუდმივად მრავალ უცხოელს მასპინძლობდა და არც საქართველოს დანარჩენ კუთხეებს სწყვეტდა გულს, თუმცა თემში კვლავაც შემორჩენილიყო უძველესი წესი, რომლის თანახმადაც, სალხინებელში ყოველივეს დიდი ბატონი განაგებდა. ბატონობა მემკვიდრეობით გადადიოდა მამიდან შვილზე, ნებისმიერ კანონზე მაღლა სწორედ ბატონის სიტყვა იდგა, იგი იყო უზენაესი მსაჯული და მასთან შეუთანხმებლად, თემში არაფრის გადაწყვეტა არ შეიძლებოდა. ყველაზე ნაკლებ ტრადიციული ახალგაზრდებიც, უცხო ქვეყნებისგან ნირშეცვლილნიც, მას ემორჩილებოდნენ. ბატონი მასპინძლობდა აღდგომის ნადიმს, ხსენებული ნადიმი ბატონისა და ქალბატონის სასახლეში იმართებოდა, რადგან არასწორია ვუწოდოთ სახლი ამ უზარმაზარ ნაგებობას, რომელიც მარმარილოს სვეტებითა და უშველებელი დარბაზით, მაშინვე იქცევდა მხილველთ ყურადღებას. სახლინებელში გავრცელებულ ბანიან სახლებს შორის, ბატონის სასახლე უძველესი ბერძნული და რომაული არქიტექტურის პირმშოს ჩამოჰგავდა და ტურისტები მას ხშირად ისე სტუმრობდნენ, როგორც ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ან ერთგვარ მუზეუმს. ბატონი გუბაზი თავის ხავერდგადაკრულ სავარძელში კატასავით მოკალათებულიყო და გაზეთი გაეშალა, მაგრამ ქალბატონ ანას სახე ნერვიულობისგან ციებიანივით უხურდა. წამდაუწუმ უკიოდა ფეთხუმ მოსამსახურე გოგოს და წნევის წამლებს ინდაურივით ყლაპავდა. -ეგ გადასაფარებელი შემოდგომის ნადიმზე უნდა გადააფარო ბეცო! ზედ ვაზი აქვს ამოქარგული, თვალები მიხატული გაქვს?-და გოგონაც ფაცხა-ფუცხით გაშლილ სუფრას ალაგებდა, ახალ გადასაფარებელს რუდუნებით აფარებდა და გულში წყევლა-კრულვის კორიანტელს უვლენდა თავის ქალბატონს. -მესამე ვერცხლის სურაა აქ ჩასადგმელი! -კრემიანი ფუნთუშები კი არა, შოკოლადიანი დაგაბარე, წადი ახლა ხაბაზთან და ეხვეწე, რამენაირად მოგვისწროს! -რატომ არ ეხმარები ტანიას სამზარეულოში? იმდენი კვერცხი მარტომ როგორ უნდა შეღებოს? -ქეთო! მოდი, წნევა გამიზომე! შეძახილი არ წყდებოდა. დედლები დაკლულნი, გაპუტულნი და სამზარეულოს დახლზე მორჩილად გაშლილნი, ტანიას მამაკაცური ხელით გამოშიგნულნი, ათასგვარ საწებელსა და სუნელში შეზავებას, შეწვასა და მოხარშვას ელოდნენ. ტანია ღონივრად ურევდა წვნიანს და მოურავს, უვარგის ბესარიონს უყვიროდა. -მიეხმარე ქეთოს შე სამიწევ! ჯუჯასავით მოხრილია, ვეღარა ძრავს ამოდენა ლანგარს!-დედით რუს ტანიას, მთელი ცხოვრება, ამ სახლში მზარეულად გაეტარებინა და მასვე მოეწყო მოსამსახურედ თავისი ძმისწული, ნირიახა ქეთო. წივილ-კივილი ისმოდა იოსებ მარშანიას სახლშიც. მედიდური, გლეხი კაცისთვის შეუსაბამოდ ამაყი იოსები თემის მარჩიელს, ჭკუიდან გადამცდარ ნათელას ეზოდან კინწისკვრით აგდებდა. -ამ აღდგომა დღეს მაინც შეეშვი ამ კუდიანობას ქალო რა ეშმაკი შეგიჩნდა, რა გინდა ჩემთან?! რამდენჯერ უნდა გითხრა, არა მჭირდება მე შენი მკითხაობა და გამოლოცვა, მომწყდი ახლავე თავიდან...-და გემრიელი ლანძღვა-გინების კორიანტელი იღრვრებოდა მის ბაგეთაგან. ნათელასთვის გაწრიპულ მკლავში ხელი ჩაევლო და ჭიშკრისაკენ მიათრევდა. -დაიცა კაცო, თუთას ვეძებ, ლაპარაკი არ გეყურება?-ქოთქოთებდა ქალი.-არ ჩამოვიდა, დედამისთან ხო არაა, დაბაში? -ბებიამისთან იქნება, მე რას მაღონებ ერთი!-აჯიჯღინდა იოსები. -კარგი ჰო, კარგი.-კაბა ჩამოიფერთხა ნათელამ.-მართასთან წავალ, გამოსალოცია თუთა, იგეთი სიზმარი ვნახე, თვალი აქ ნაცემი!-დაბეჯითებით გამოაცხადა მკითხავმა. -შეეშვი მეთქი ჯადობაზობას! თუთას ნუ აგიჟებთ შენ და ბებიამისი, ნუ უწამლავთ ტვინს, არაფერიც არა სჭირს ბალღს!-ისევ დაუყვირა იოსებმა და სახლში შევიდა. ნათელამ ჭრელი თავსაფარი გაისწორა, შავტარიანი დანა ჯიბეში ჩაიბრუნდა და დაგორებული კენჭივით დაუყვა გზას მართას სახლისკენ. ბატონის ვაჟი ნადირობიდან დაბრუნდა. ბეშქენს დედამ ბევრი უშალა, ნუ ინადირებო დღეს, ბიჭმა მაინც თავისი გაიტანა და რიჟრაჟამდე გაიპარა. ქალბატონს ნანადირევის დანახვაზე გული შეუწუხდა და კინაღამ ქეთოს ნალოლიავებ სუფრას დაეცა ზედ. ბატონის ვაჟი ნადირობიდან დაბრუნდა. დაბრუნდა და ცუდი ამბავი მოიტანა. ბატონის ვაჟს დიდ შაბათს თემის წმინდა ცხოველი, მონადირისთვის აკრძალული ჯეირანი მოეკლა. *** ქეთომ და ტანიამ ქალბატონი ნიშადურის სპირტით ბისკვიტივით დანამეს და გონზე მოიყვანეს. ანას სახე დასაკლავად განწირულ პირუტყვს მიუგავდა, მის გონებაში ერთიმეორის მიყოლებით იცვლებოდა საშინელი, ერთობ შემზარავი სურათები და კანკალს აეტანა. ანა ემოციური, შფოთვით დახუნძლული ქალი იყო, ამ ქვეყნად თავის ვაჟზე მეტად, არავინ და არაფერი არ უყვარდა. ბეშქენზე ამოსდიოდა მზე და მთვარე, სულ ჩასაფრებული ხიფათი ელანდებოდა, სულ ბიჭზე დარდით იძინებდა და იღვიძებდა, თანაც ფიქრობდა, მისი ბეშქენის სადარი არავინ იყო, სწორედ ამიტომ ვერაფრით ეგუებოდა, რომ ამ სანაქებო, ოქროს ბიჭუნამ წმინდა ცხოველი სიცოცხლეს გამოასალმა. ჯერ იყო და, ურჩად გაიპარა სანადიროდ, მერე მაინცდამაინც დღეს, ადგა და რა ქნა?! ჯეირანი მოკლა! სალხინებელში ღრმად სწამდათ, რომ მათი თემის მფარველი ჯეირანი ხელშეუხებელი იყო. თემში მასზე ნადირობა ისევე იყო აკრძალული, როგორც კაცის მკვლელობა. ანა შვილის სახეზე გადაკრულ გამომეტყველებას კარგად იცნობდა. ბეშქენი ისე გამოიყურებოდა, როგორც მაშინ, დედამისის მზითვში გამოტანებული „ვეფხისტყაონი“ რომ მოიპარა, რძე გადაასხა და მერე კარადაში ჩუმად უკანვე შეჩურთა. ახლაც, იცოდა, დიდი დანაშაული ჩაიდინა, თუმცა მის დანაშაულად შერაცხვას სხვების თვალში არ აპირებდა. -დავიღუპეთ, დავიღუპეთ!-ამოიქვითინა ქალბატონმა.-თემს ღმერთი გაუწყრება, ღვთაება ამას არ გვაპატიებს, მოსავალი გაჩანაგდება, სენი გაჩნდება, ბეშქენი დაიწყევლება და ეს წყევლა მთელ თემს გადაუვლის! -მოიცადე ქალო!-შეუღრინა გუბაზმა და სკამიდან წამოიმართა.-თავი ხელში აიყვანე, შენ თვითონ იწყევლები. ნუ დაიტირე ცოცხალი შვილი! -არ დაიღალე ამ ცრურწმენებით დედა?-ხმა ამოიღო ბეშქენმაც და მაგიდას არხეინად მიუჯდა. ცდილობდა შინაგანი მღელვარება გადაეფარა, მაგრამ შუბლზე ძარღვი ოდნავ აუთამაშდა. -რა არის ცრურწმენა?-შეუტია დედამ.-ან შენ რას ბოდავ ამხელა კაცი?-ქმარს მიუბრუნდა გაგულისებული.-დავსხდეთ ახლა და ვიმღეროთ? მთელი თემი ჩვენ შემოგვყურებს, თმა რომ სხვა მხარეს გადავიყოთ, მეორე დღეს მთელი სალხინებელი ჩვენზე ლაპარაკობს! რას იტყვიან, როცა გაიგებენ, წმინდა ჯეირანი მოკალი? კარგი, ღმერთის არ გეშინია, დალის რისხვის არ გეშინია, ხალხის აზრიც არ გაინტერესებს? შენ რაღა გეცა გუბაზ! ბატონმა ღრმად ჩაისუნთქა და ფანჯარაში სასხვათაშორისოდ გაიხედა, მერე ბოლთის ცემას მოჰყვა. ანა არ ჩუმდებოდა. -რა გინდოდა ჯეირანთან ბეშქენ, რა გინდოდა? -შორიდან ვერ გავარჩიე, ბრმად ვესროლე, უბრალოდ მოძრაობა შევნიშნე.-მიუგო ვაჟმა და პურზე კარაქი გადაისვა.-ქეთოს ყავა არ მოაქვს? -რა დროს ყავაა!-წამოხტა ანა.-რა ვქნათ, რა ვქნათ? -დედა, ვნანობ, შეცდომა დავუშვი, რა გავაკეთო მეტი?-გაღიზიანდა ბიჭი.-ღმერთი ალბათ მაპატიებს, დამშვიდდი რა შენც. -დედაშენი მართალია.-წამოიწყო გუბაზმაც და ისევ დაჯდა.-ამ ამბავს მითქმა-მოთქმა მოჰყვება, ნებსით თუ უნებლიედ, დანაშაული ჩადენილია. -ძალით არ მინდოდა მეთქი! -წადი და ეგ მკვდარს უთხარი, იქნებ გაცოცხლდეს.-ირონიულად შენიშნა მამამ. -გეყოფათ ეს მოთქმა-გოდება! კაცი კი არ მომიკლავს, ირემი მოვკალი.-ხელი აიქნია ბეშქენმა. -ჯეირანი!-შეუსწორა ქალბატონმა. -ვიტყვი აღსარებაში, საერთოდ არ ვეზიარები სინანულისა და უღირსობის ნიშნად. -ეგ არ კმარა.-დაიბუბუნა ბატონმა.-ახლა ყირაზეც რომ დადგე, არავის დაავიწყდება და დედაშენივით ზლუქუნს მოჰყვებიან. წელს რაც არ უნდა მოხდეს თემში, ყველა ამ ჯეირანის მკვლელობას დაუკავშირებს და ყველა უბედურება შენ დაგბრალდება. -მასეა და!-ცხვირსახოცში ამოილაპარაკა ქალმა. -გეყოფა ანა!-მკაცრად შესძახა ქმარმა.-დღეს ნადიმზე არც ხორცს შეჭამ, არც ღვინოს დალევ.-გაავებულმა გახედა შვილს. -თქვენ გიყუროთ აბა?-თვალები გადაატრილა ბეშქენმა. -ნუ თავხედობ ბეშქენ! შუაზე ხარ გასაგლეჯი, მაგრამ ახლა არ ივარგებს, არავისთან კრინტი არ დაგცდეს, სებესაც არ უთხრა, ვერავინ ვერ უნდა გაიგოს ამ ნანადირევის ამბავი. ცოლი შეშფოთებული წამოდგა და ქმარს ისე მიაჩერდა, თითქოს ბატონი ჭკუიდან შეშლილიყო. -რა? რას ქვია არავინ გაიგოს, ბოდიშია თემის წინაშე მოსახდელი, მერე შესაწირი, თუ დავმალავთ, მეტი უბედურება დაგვატყდება თავს! -ამ ხალხს შენ გააჩუმებ ანა? ამ ლაქას მერეც ვერ მოიცილებს, როცა თვითონ გახდება ბატონი. -ხელი ვაჟისკენ გაიშვირა.-რა უყრია ამას ახლა თავში? სკოლა გუშინ დაამთავრა, ჯერ არაფერი უნახავს სამყაროში, რომელი მძიმე დანაშაულის ჩამდენს ეს ჰგავს? ვერც იაზრებს რას ნიშნავს წმინდა ცხოველი, თან მე შვილს კი არ ვინდობ, სალხინებელში ბუნტს ვერიდები. შენსავით რამდენი აფორიაქდება და შეშინდება, სულ რომ არაფერი დაგვემართოს, რაღაცას გამოჩხრეკენ და იტყვიან, იმ ჯეირანის ცოდვა წამოგვეწიაო. ბეშქენმა თავი ჩაქინდრა, მამის ნათქვამი გულზე ეცა, ბატონმა სულელი უწოდა, უნიათო, არაფრისმაქნისი, რომელსაც შეგნებულად გაფუჭებაც არ შეუძლია და მხოლოდ თავისი ჭკუანაკლულობით სცოდავს. ხმა მაინც არ გაიღო, ლუკმასთან ერთად გადაყლაპა მწარე სიტყვები. -მე მაინც...-დედა ვერ ჩერდებოდა. -ანა!-ბოლო ხმაზე დაიყვირა გუბაზმა. ქალს სირცხვილისა და დამცირებისაგან ლოყები ისე აეწვა, თითქოს ქმარმა სილა გააწნა, ტუჩის კუთხეები რისხვით აეპრიხა. -როგორც თქვენ იტყვით ბატონო.-მორჩილად დაიქნია თავი და ცრემლმორეულმა დატოვა ოთახი. -ჰომ იცი, რომ მაგ სისულელეების მართლა სჯერა.-კბილებს შორის გამოსცრა ვაჟმა.-ივიშვიშებდა და გადაუვლიდა. -მაგის ვიშვიში თუ საქმეს უშველის, ყველამ ერთად ვივიშვიშოთ ბეშქენ. ჭამე ახლა, ჭამე და გაჩუმდი. -შენც უნდა გჯეროდეს.-გესლიანად გაიცინა ბეშქენმა.-მაგ ცრურმწნების წყალობით ხარ ბატონი, მაგ სისულეებს იმეორებს მთელი თემი, ისე ცხოვრობენ, როგორც დაუწესეთ, ხან ღვთისმშობელს უნთებენ სანთელს და ხან დალის ებოდიშებიან, გარეული ქათამი დავკალითო. ძალაუფლება, რომელსაც ფლობ, რომელსაც მამაშენი ფლობდა, რომელიც მე უნდა გადმომცე, ამ რწმენა-წარმოდგენებზეა აგებული. -კი, არც უარვყოფ.-წარშეუხრელად თქვა მამამ.-იმაზე მყიფეა, ვიდრე შენ გგონია. ბროლის კოშკი კი არ არის, რაღაც ქოხია, ხუხულასავით ჩამოგეშლება, თუ არ განსაზღვრე, განსაჯე, წინასწარ განჭვრიტე, რას მიაწვდი შენ ხალხს. სიმართლის დამალვა ზოგჯერ საჭიროა ბეშქენ, რწმენა სახიფათო იარაღია, ისეთი რამ რომ ვუთხრა, რაც სჯერათ, აუცილებლად დააზიანებთ, რა თქმა უნდა, მოიტანს კიდეც ზარალს. სიმართლემ უნდა გიწამლოს, თუ არ გიწამლებს, შხამი ყოფილა და დამალე. -მაგრამ...-ბეშქენმა პირი დააღო, გაფანტულ აზრს დაუწყო ძებნა. -შენ თავზე ჰომ ფიქრობ?-შეაწყვეტინა ბატონმა.-გეყოფა სიმამაცე, გამძლეობა, მთელი ცხოვრება ჩურჩული აიტანო? მე მგონია, სამაგისო ვაჟკაცობა ჯერ შენ არა გაქვს, დანაშაული იტვირთო და ზიდო, თუ გაქვს, მაშინ მიდი, თქვი! ბეშქენს თვალები აენთო, გული აუჩქარდა და რაღაც გიჟურმა სურვილმა წამოუარა, მაქვსო დაეყვირა, წასულიყო და ყველასთვის ეთქვა, დამცინავად შეეხედა მამისთვის, მის სახეზე კი გაოცება ამოეკითხა. ბიჭმა მუშტი შეკრა და პირი ისევ დამუწა. -ხედავ?-ნიშნისმოგებით გაეცინა გუბაზს.-ჭამე ახლა შენი კარაქიანი პური და მერე ბესოს უთხარი, ეგ ჯეირანი მომაშოროს, მერე ტანია და ქეთო გააფრთხილე, სიტყვა არ წამოსცდეთ, თორემ თემიდან მოვკვეთ და ამის მერე, იქნებ დაფიქრდე, სანამ ბრმა ტყვიების სროლას მოჰყვები. და ისევ გაზეთის კითხვას მიუბრუნდა. *** -თუთა! მართა ძალო! გამომხედეთ ვინმემ!-მართას ეზოში შესული ნათელა კართან ატუზულიყო და ფილტვების დახეთქვამდე კიოდა. კარში შავოსანი, თავწაკრული მოხუცი ქალი გამოვიდა. წლებისგან დასერილ სახეზე გაფართოებული,ცოცხალი, მგრამ სევდიანი თვალები მოუჩანდა. -შვილო, ჰოა მშვიდობა, რა გაყვირებს? გეგონება გატყავებენ, რამდენჯერ გითხარი, ნუ იცი ხოლმე ასეთი წიოკობა!-დაუცაცხანა ნათელას. -ბოდიში მართა ძალო!-გაიცინა ნათელამ.-არ გამაგონე და, სადაა თუთა?! -რას გაიგებ მაგისას სადაა! ლაჯაღებული დადის!-ხელი აიქნია მართამ.-სულ გაველურებულია არაფერი მაგას არ ეყურება, ჩაიცმევს ქალაქურად და დაყიალობს, სვამს ლოთი სერიოჟასავით! მოუკვდეს ბაბო, მაგას ქალაქში რა ეშველება?!-ამოიხვნეშა ბებიამ და ნათელა დივანზე ჩამოსვა. -აგერ, მაგ საქმეზე ვარ მეც მოსული! -რათა, რამე გაიგე?-შეშინდა ქალი. -არა ძალო, რა უნდა გამეგო!-დაამშვიდა ნათელამ.-სიზმარი ვნახე ცუდი, ვითომ ჭიაკოკონობას ცეცხლს გადაახტა ჩვენი თუთა და განა გადაახტა, ცეცხლში ჩავარდა და ჩაიბუგა!-ხელი ხელს შემოჰკრა მკითხავმა. -დარისხოს ღმერთმა, რას ამბობ?!-ფერი წაუვიდა მართას. -არ ინერვიულო შენა, გამოვულოცავთ, ჩიტივით იქნება! არაფერი შეგიმჩნევია ისე შენ? მართას უკვე ლანგრით ტკბილეული მოჰქონდა. დამშეულმა ნათელამ ეცადა ხარბი მზერა მოეცილებინა ნამცხვრისთვის, მაგრამ მართამ მაშინვე შეამჩნია და კეთილად, დედობრივი მზრუნველობით დაუდო თეფშზე. -მიირთვი გენაცვალე, გაგატან კიდეც, თუთა მაგას არა ჭამს და მე, ამხელა ქალი, მარტო რამდენს მოვერევი? -მადლობა ძალო, არ მინდა.-დაიმორცხვა ნათელამ. -ჩუ ახლა. რაო, რას მეუბნებოდი? -არ შეგიმჩნევია მეთქი შენ არაფერი?-განაახლა თემა ნათელამ. -აბა რა ვიცი, მაგას თავის დღეში არა სძინავს, რაღაცებს კითხულობს, მამამისს სულ ეწიწინება თუ იქ გადადის, დედამისია და დაბაში იმოდენა სამუშაო აქ, რო რეკავს თუთა უკვე აღრენილია.-დაფიქრდა ბებია.-ქალაქიდან კი ცოტა გულჩათხრობილი ჩამოვიდა, სწავლაზე ვეკითხები, ვინ გაიცანი მეთქი, მაგრამ ზის და იყურება. -თვალი ეცა!-დაბეჯითებით თქვა მკითხავმა. -ვინა სცა? -ცოტა დადის სასიკვდილე? ბავშვობიდან ამოიჩემეს, ვითომ კარგიაო და სინამდვილეში, ყველას თვალში ეჩხირება ! ვიცი მე ამათი ბოღმიანი თავის ამბავი. ბეშქენი რომ ჰყვარობდა რა დღეში იყვნენ, თვალით შეჭამეს!-თან ჩაის ხვრეპდა ნათელა. -ოღონდ შენ ეგ საქმე გამიკეთე ნათელ და მერე მე ვიცი, იმდენ კაბას შეგიკერავ აღარ იცოდე, სად ჩაიცვა!-დაჰპირდა მართა. მართას სამკერვალო სალხინებელი განთქმული იყო. აქაურებს დღესასწაულებითსვის ისეთი სამოსი ეცვათ, ზღაპრის გმირებს ჩამოჰგავდნენ, ჩამოსულთ კი მართას კაბები ისე ეჩვენებოდათ, იასონის მომლოდინე მედეად წარმოიდგნენდნენ ხოლმე თავს. როდესაც ზღვაური აფრიალებდა მართას ტანსაცმელს, სალხინებელში მოსეირნე ადამიანები მართლა ზღაპარში დააბიჯებდნენ. -როგორ გეკადრება მართა!-იუარა ნათელამ.-ერთი პასკა მინდა, ვერ გამოვაცხვე, მეტი არაფერი. -მოგცემ მაგასაც!-გაუღიმა მართამ. მართას ეზო, საუცხოო წალკოტი, სავსე იყო ათასნაირი ყვავილითა და მცენარით, რომელთა მოვლაშიც ბებია იმდენ დროს და ჯანს დებდა, რომ შვილიშვილი სულ იმას ეჯიჯღინებოდა, დაანებე თავი და დაისვენეო. პარმაღის წინ, საჩეხში, სუროთი მორთულ კედელთან მწვანე დივანი იდგა, პაწია მაგიდა და მრგვალი სკამები ისე ერწყმოდა გარემოს, ტყის ნიმფასთან ჩაის სმას ჰგავდა მათთან სტუმრობა. მართა უკვე ასაკს მოეტეხა, მაინც ჯიუტად შრომობდა თავის კოპწია სახლში და ურჩ შვილიშვილს დასთათანებდა. თუთა და მამამისი ვერაფრით ვერ რიგდებოდნენ, დედა მუშაობდა, ამიტომ თუთას ახლა მარტო ბებია ჰყავდა. მოხუცი, წუწუნა, ქოთქოთა, მაგრამ, მაინც მისი საყვარელი ბებია. თუთას მკაცრი და პირხმელი დეიდა კი ბატონთან ახლოს, სალხინებლის ცენტრში ცხოვრობდა აკადემიკოს ქმართან და გერმანულ ნაგაზთან ერთად. ნათელამ მხიარულად გააგრძელა ტიტინი. მარჩიელი ასაკით თუთაზე დიდად უფროსი არ გახლდათ, სკოლაში კარგად სწავლობდა, ბატონმა ინგლისურის მასწავლებელიც კი დაუქირავა თავის დროზე, ქალაქში ჩაბარებას აპირებდა. მერე, მკათათვის ერთ საღამოს, ნათელამ ჭინჭები ჩაიცვა, თავი წაიკრა და აღმა-დაღმა სიარულს მიჰყო ხელი. თავი მარჩიელობით გაჰქონდა. სალხინებელში იფიქრეს, ჭკუიდან შეცდაო საწყალი, დაიტირეს მისი მშობლები და ახოვანი ძმა, თავად ნათელაც, ეჰ როგორი ლამაზი ყმაწვილქალიაო სიგიჟვისთვის და მოინელეს. მართა ბებიას მაინც ებრალებოდა ნათელა და წამოწოლის დიდი სურვილის მიუხედავად, ისმენდა ქალის ისტორიებს სიზმრებზე, ტყეში ნანახ გველებზე, ხეებზე ამოკვეთილ ნიშნებსა თუ ძველ თქმულებებზე. *** თუთა იმ დილას გასროლის ხმამ გამოაღვიძა. ბებიას სახლს წინა მხარეს უსიერი ტყე ესაზღვრებოდა, უკანა ეზო კი პირდაპირ კლოდვან სანაპიროს და ბობოქარ ზღვას გადაჰყურებდა. ზღვის ყურება თუთას ყოველთვის უყვარდა, თითქოს დამცხრალ ნადირს უმზერდა, რომელიც, წამით ისევ აღელდებოდა, მთელს სამყაროს ჩაყლაპვას უქადდა, მერე კვლავაც წყნარდებოდა და მზის სხივთა ფერხულს ირეკლავდა, ცის კიდეს მიჯნურივით ნაზად კოცნიდა, ალერსით აბრუებდა. გოგონა მოუსვენრობას შეეპყრო, ადრე ჩაძინებული, თოფის ჭექამ მაშინვე გამოაფხიზლა და მორფეოსის სამყაროსთან ისედაც არეული ურთიერთობა, კიდევ უფრო დაუძაბა. რული აღარ მიეკარა, დღის გაცრეცილი შუქით სავსე ოთახში გაუნძრევლად ჯდომამაც თავი მოაბეზრა, საერთოდაც, ყოველივე თავს აბეზრებდა თუთას, მისი სული მუდმივად რაღაცას ელტვოდა ეპოტინებოდა, თუმცა თავადაც არ იცოდა, რა იყო იგი. ეჩვენებოდა, ხელიდან მისხლტებაო, მაგრამ, ალბათ, რომც დაეჭირა, მაინც უკმაყოფილება შერჩებოდა. სალხინებელში ჩამოსვლისას ნაყიდი წიგნაკი გადაშალა. ჯერ შეუბღალავ ფურცლებს დახედა. მოწონდა ეს მომენტი, როდესაც პირველი ასო უნდა გამოეყვანა სუფთა ფურცელზე. რაღაც ძლევამოსილად, შემოქმედივით გრძნობდა თავს, თან მცირედ სინანულსაც განიცდიდა. ბავშვის სულივით, ყოველი წერტილი, ყოველი სიტყვა, ყოველი ნახატი რაღაც მნიშვნელობას იძენდა ქაღალდისთვის და ვეღარასოდეს დაიბრუნებდა უწინდებურ, ცარიელ სახეს. თითქოს ყმა იბადებოდა თუთას ხელში, იბადებოდა და ცხოვრების ორომტრიალში ვარდებოდა. თუთამ გაიფიქრა, ნეტავ ღმერთიც ასეთ რამეს განიცდიდაო მაშინ, როდესაც სამყაროს და ადამიანს ქმნიდა. ღმერთი თუ არა, რაღაცამ მაინც ჰომ მოგვცა დასაბამი, ასე, თავისთავად ჰომ არ შეიქმნებოდაო ყველაფერი და მერე თვალები დახუჭა, ფიქრების გასაფანტად ჩაისუნთქა. იცოდა, ახლა აზრთა კორიანტელში გაეხვეოდა მისი გონება და ამ დილას ისე აუტანლად გადააქცევდა, მისი ყოფის გაუსაძლისობას ისევ რისხვით გაახელებდა. დღიურებს აქამდეც წერდა, მაგრამ ანადგურებდა ხოლმე. ხანდახან ეგონა, ვინც დღიურს წერს, მას ისიც სურს, ოდესმე ვინმემ წაიკითხოს და გაიგოს რა ამბავია მის თავსო. ალბათ ასეც იყო, შესაძლოა, უბრალოდ უნდოდა, თვითონ მაინც გაეგო საკუთარი თავისთვის, რაღაც დასკვნა გამოეტანა საკუთარი ნააზრევიდან. უკანასკნელი წლები განსაკუთრებით მძიმედ დაილექა მის მეხსიერებაში. თვითმკვლელობისკენ სწრაფვა ბავშვობიდან ახასიათებდა, მასზე გამუდმებით ფიქრობდა და იგი ყოველთვის სათადარიგო გეგმად ესახებოდა. სკოლაში სწავლის დროსაც ბევრჯერ ჩავარდნილა აგონიაში, მაგრამ, მაშინ ემოციების გამოხატვა მაინც შეეძლო, წლების განმავლობაში კი იმდენად გაიწაფა თავისი ტკივილის მოთვინიერებაში, ჩახშობაში, ჭეშმარიტი ნააზრევის ხშირად დამალვაში, ნებისმიერი პატარა ქმედების ანალიზში, გათვლასა და გაანგარიშებაში, რომ ახლა თავადაც აბნევდა და ვეღარ არჩევდა, რას როგორ განიცდიდა. გეგონებოდათ, იმაზე უფრო ფიქრობს, აი ახლა რა უნდა იგრძნოსო, ვიდრე იმაზე, სინამდვილეში რას გრძნობდა. ბოლო დროს ახალი აზრი აეკვიატა, ასე, თვითმკვლელობაზე ოცნებით ცხოვრება აღარ შეიძლებაო და გადაწყვიტა, გამოსაცდელი ვადა დაეწესებინა. თუ განკურნვას ვერ შეძლებდა, მერე შეეძლო თავი მართლა მოეკლა, ყოველგვარი ზედმეტი სენტიმენტალურობის გარეშე. კალმისტარი ფურცელს მსუბუქად შეეხო. „რა უნდა მომიტანოს ზაფხულმა? ყოველ წელს, ყოველ ფოთოლცვენაზე საკუთარ თავს უფრო მეტად ვკარგავ. ვიცი, ძალიან კარგად მომეხსენება ადამიანი შეცვლისა და განვითარებისთვისაა გაჩენილი, რომ რაღაც კვდება, იმისთვის კვდება-ახალ სიცოცხლეს გაუხსნას გზა, თუმცა მეტისმეტად ბევრ გვამს დავათრევ, ჩემი სული სამარხებითაა სავსე. თავი უმადური, უმაქნისი და საშინელი ადამიანი მგონია. რატომ არ შემიძლია ჩვეულებრივი და ნორმალური ვიყო? რატომ არაფერია ჩემში სტაბილური, მყარი და მზიანი? თითქოს ტანჯვის აბლაბუდაში გახვეული დავიბადე, თითქოს ყველაფერი, რასაც ვეხები, ყინვისგან დამზრალივით ლურჯდება. მეშინია, რომ ვერავინ აიტანს ჩემ უსაშველო მელანქოლიას, მგონია მეგობრებსაც თავი შევაწყინე ამ გაუთავებელი წუწუნით, წარსულის, მომავლის, მტყუან-მართალის გარჩევით და ვცდილობ უკეთესად მოვაჩვენო თავი. ერთ-ერთმა ერთხელ აღნიშნა, რომ ახლა უფრო სასიამოვნოა ჩემთან ურთიერთობა და მეც სწორედ ეს მინდა. თუ ოდესმე გავბედავ და წავალ, მსურს ყველას სასიამოვნოდ ვაგონდებოდე. მსუბუქი, ნაზი, ჰაეროვანი იყოს ჩემგან დატვებული ანაბეჭდი მათ ცხოვრებაზე. ვერაფრით ამოვიგდე თავიდან აზრი, რომ ძალიან მძიმე ტვირთი ვარ და ადამიანთა ყოფაში სარგებელზე მეტად თავისტკივილი, დავი-დარაბა და გასაჭირი შემაქვს. უკურნებელი სენივით ვარ და ნეტავ შემეძლოს, ცოტათი მაინც ავუხსნა ხალხს, რომ არ მინდა ასეთად ყოფნა, ასე მოქცევა, ასე ცხოვრება და სულ ვცდილობ, ვცდილობ და ვცდილობ, მაგრამ თავადაც აღარ მჯერა ჩემი თავის. არც მზის სხივი ვარ, მხიარული და ანცი, სითბოთი და ზრუნვით რომ ასაჩუქრებს ყველას. არც მთვარის შუქი ვარ, სევდიანი, იდუმალი და დიდებული, მისი ცქერით რომ ვერ ძღები და წყვდიადს ხავერდის კაბასავით რომ იხდენს. მე მიწა ვარ, უნაყოფო, ცივი და ცარიელი. ხან მგონია ათასი ცხოვრებით ვიცხოვრე და იმდენი რამ გამოვცადე, ყოველივე მომწყინდა. ხან ვფიქრობ იმდენად ბევრს ვფიქრობდი, ვშფოთავდი და ვნაღვლობდი, ამის გამო საერთოდ არ მიცხოვრია. რა უნდა გავაკეთო? რა მეშველება? სევდიანი ზოგჯერ ყველაა, რაღაც ყველას ეწყინება, გულიც ყველას სტკივა, მაგრამ მე რა მჭირს ასეთი, ასე, არიშხლიანი ტალღასავით მთელოს ყველაფერმა, ტალახიანი თოვლით ამივსოს შიგნეული და თავი დამაკარგვინოს? მე არაფერი მავიწყდება, ვერაფერს ვეგუები, უკვალოდ არაფერს ჩაუვლია ჩემში. მერე უსამართლობის განცდა მახრჩობს. მე ჰომ ასეთად მაქციეს, გამწვრთნეს, მატკინეს, მიმაჩვიეს ასეთად ყოფნას. ჩემი ბრალი არ არის, რომ საკუთარი თავის იმ ვერსიას ვგლოვობ, რომლად ქცევაც არ დამცალდა. თუმცა, განა მხოლოდ მე ვიყავი ბედისაგან ჩაგრული? ვიღაც გადაურჩა, ჩემზე იოლად და ახლა საკუთარ ცხოვრებას არ ინგრევს, მერე თავს არ იმართლებს იმაზე ლაპარაკით, რომ ოდესღაც, სადღაც, რაღაც დაუშავეს და იმ ურჩხულად გარდაქმნეს, რომელსაც, მარტოდენ ნგრევა ეხერხება. ვიცი, ადამის მოდგმა ფიფქებივითაა, თითოეული უნიკალურია, ერთურთის მსგავსნი და მაინც განსხვავებულნი, ამიტომ არავის უნდ შეედარო შენი გასაჭირის გუდიანად, მაგრამ ძნელია თავი არარაობად არ იგრძნო, როდესაც ირგვლივ ყველა რაღაცას ქმნის, შენ კი მხოლოდ აფუჭებ ან იმასღა ახერხებ, არსებული ბოლომდე არ დაკარგო. მე ქაოსის პირმშო ვარ, გრიგალი მძვინვარებს და სისხლიან ბაგეზე მელამუნება. სისხლში მაქვს გასვრილი ხელებიც. ტანზე სევდის წვიმაში გალუმპული კაბა მეტმასნება, ველურ ამბორს მიძღვნის დარდის ღრუბელიც, სახეზე რომ დამტრიალებ. ჩემივე ცრემლების ბანგი მათრობს და მეჩვენება, საერთოდ არ ვარსებობ, უფსკრულის პირას ვდგავარ და არც სააქაოს ვეკუთვნი, არც საიქიოს ეთქმის ჩემზე სიტყვა. მე აჩრდილი ვარ, საკუთარი ყოფის მქრქალი მოჩვენება. საზარელი ხატი-თვითგვემისა. დამხობილი მონასტერი ვარ, წაბილწული საკურთხეველი. სამსხვერპლო, რომელიც შესაწირს ითხოვს და თავად მე ვეწირები. მე ვარ სისხლიანი დანა, მე ვარ დაკლული კრავი. ისეთი მძიმეა მსგავსი ცხოვრება, ისე მღლის ჩემი თავი, ძილია ერთადერთი შვება და იმასაც ხშირად გავურბივარ, რათა უფრო კარაგად ვეწამო. თითქოს დაუსჯელი დამნაშავე ვიყო. მინდა სულ მარტო დავრჩე, მაგრამ საკუთარ თავთან პირისპირ შეხვედრისა კი მეშინია. არავინ მძულს მასზე მეტად და არავინ იქნება უფრო სასტიკი, რადგან მან ყველაზე კარგად იცის რითი მატკინოს. სხვას რომ მოეხსენებოდეს, რამხელა ზიანს მომაყენებდა თავისი ქმედებით, მოისხლე მტერიც არ გამწირავდა იმ ჯოჯოხეთისთვის, რისთვისაც ჩემივე თავი გამიმეტებს.“ გოგონამ წერა დაასრულა, ჭმუნვით გადაიკითხა, წიგნაკი ოთახის კუთხეში მოისროლა და კარადიდან ტანსაცმელი გადმოყარა. ოთახს საგულდაგულოდ თუ დაალაგებდა, მისი მეგობრების მოსვლამდე დროს გაიყვანდა, თან ტანსაცმელს და ნივთებს გააჩუქებდა, რაში სჭირდებოდა ამდენი უსარგებლო რაღაც? არა, თავად უნდა წასულიყო მერისთან! კატუშა და თაიაც იქ მივიდოდნენ. სანამ ბებიას ეძინა, მთელ სახლს დაალაგებდა, მართა ბოლო პერიოდში ისე იღლებოდა, შუადღემდე წოლას ამჯობინებდა. კმაყოფილებით წარმოიდგენდა, რომ ეს ნივთები გოგოებს მის თავს გაახსენებდა და ღიღინ-ღიღინით იზომავდა გასაჩუქებელ კაბებსა თუ ყელსაბამებს და ამასობაში, მზე უფრო მაღლა მიცურავდა. თუთამ დალაგებას თავი მიანება და მერის სახლს მიაშურა. *** თემში შუადღე მიიწურა. ბატონის სახლში სამზადისი დამთავრდა, ქალბატონი ანა დამშვიდდა, ცრემლიანი სახე ცივი წყლით მოიბანა და ღამისთევისთვის სამოსის არჩევა დაიწყო. ბატონის დისშვილი სებე ბიძაშვილის ოთახში ჟრიამულით შევარდა და წამოწოლილი ბეშქენი ზეზე წამოაგდო. -ბეშქენ! ადე ბიჭო! ადე, ნარდი ვითამაშოთ, უნდა გაგანადგურო! სებე მაღალი, სიცოცხლით სავსე, ჯანიანი ბიჭი გახლდათ. ბატონის მსგავსად, მუქი, ხშირი თმა და ანცად მოელვარე თვალები შვენოდა. თეთრ პერანგში გამოწყობილი, სოლიდურად გამოიყურებოდა, თუმცა სახელოები დაეკაპიწებინა და ფეხსაცმელიც მტვერში ამოსვროდა. სებეს ერთ ადგილას ჯდომა არ უყვარდა, თემში ჩამოსვლისთანავე ათას გასართობს იგონებდა და ბეშქენსაც არ ასვენებდა. -მეზარება რა, მთელი ღამე უნდა ვიდგე ფეხზე, დამასვენე.-ამოიდუდღუნა ბეშქენმა და გვერდი იცვალა. -ოო, ადექი რა, რა გკლავს!-შეუტია ბიჭმა და საწოლზე ჩამოჯდა.-არ გეძინა? ბეშქენს გაახსენდა, რომ სანადიროდ იყო, მერე მოკლული ჯეირანის თვალებმა გაუელვა ფიქრში, გული მოეწურა. -ქეთოს თეფში დაუვარდა და გამეღვიძა, სად იყავი შენ? -ლადოსთან ფეხბურთს ვთამაშობდით, ძმაკაცები ჩამოიყვანა, ხო გითხრა გუშინ?-გაახსენა სებემ. -აა, აღარ მახსოვდა.-უგულოდ ამოილაპარაკა ბიჭმა. -რა გჭირს შენ?-იჭვნეულად შეხედა მამიდაშვილმა. -არაფერი, რა შემჭამე!-გაბრაზდა ბეშქენი. -ბოლომდე ვრჩებით ღამისთევაზე? -ალბათ. აანთებს მერე მამაჩემი ჩირაღდანს და ტრაპეზზე მოიწვევს ყველას. -ამ უძილო ხალხს ეგრევე ქეიფი არ ეზარება? -რამდენ კითხვას მისვამ ბიჭო, მე რა ვიცი?! -რა ხასიათზე ხარ?! -გადი რა, ვიძინებ. სებე უკმაყფილოდ დაიჯღანა და ადგა. დერეფანში გამოსვლისთანავე ბიცოლას შეეფეთა. -რამე გინდა სებე?-თმა მოუჩეჩა ანამ. -ვერ ავაგდე შენი შვილი, ბიძაჩემს ნარდი არ უნდა? -ქვემოთაა, ჰკითხე.-მხრები აიჩეჩა ქალმა.-დედაშენი სადაა? -ბათუმშია, ვერ ასწრებს ჩამოსვლას, თან ჩემ დას სიცხე აქვს.-უკვე კიბიდან ამოსძახა სებემ. -წელს ყველა ბავშვი გაციებულია.-შენიშნა ანამ და შვილის ოთახში შევიდა. -ხალხო, დამაძინეთ!-აბუზღუნდა ბატონის შვილი, თავი ბალიშში წარგო და ამოიზმუვლა. -ჩაიცვი ბეშქენ!-დაუცაცხანა ქალბატონმა.-მამაშენთან კაცები მოდიან, ეკლესიაში წასვლამდე ბატონის კერა უნდა დალოცონ. ვაჟმა დედას მობეზრებული მზერა სტყოცნა. -საღამომდე მაინც არ მოვლენ! -ვეღარ მოასწრებ!-ანამ სკამზე ტანსაცმელი გადაფინა.-თმაც დაივარცხნე, რას გიგავს! ბეშქენი წამოიზლაზნა, სებე უკვე სამზარეულოში შეჭრილიყო და ფუნთუშებს მუსრს ავლებდა. გუბაზი კროსვორდს ავსებდა, აუღელვებლად ათამაშებდა კალმის წვერს და ანას სერიოზულ გამომეტყველებას აინუშიაც არ აგდებდა. სებე ფუნთუშებმა ისე გაიტაცა, ნარდი დროებით მიავიწყდა და პირგამოტენილი, საგულდაგულოდ თმადავარცხნილ ბეშქენს დასცინოდა. ბეშქენი მამიდაშვილს არც უსმენდა, ფიქრებით სხვაგან იყო, თვალი უშტერდებოდა, მძიმედ სუნთაქვდა და დროდადრო, მამა-ბატონის მკაცრ სახეს ათვალიერებდა, იფიქრებდით, რაღაც პასუხებს ცდილობს, გუბაზის წაკითხვა სურსო, თუმცა ბატონს არც შვილისთვის ცხელოდა, ოჯახის წევრების აბეზარი ხმა არ ეყურებოდა. გუბაზმა დანამდვილებით იცოდა, რომ დღეს სწორად მოიქცა. წინ კიდევ უამრავი საქმე ჰქონდა, ათასი წესი იყო შესასრულებელი. თემის კაცების მოსვლამდე მოწესრიგებაც უნდა მოესწრო და მღვდლისთვის მითითებებს მიცემაც. ბატონი ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი იყო. თემის საზრუნავში გართული, მოწყალე. სალხინებელში გუბაზი უყვარდათ, შიშნარევი პატივისცემით, მაინც უშუალოდ მიმართავდნენ რჩევისათვის, მისებრ ბრძენი არავინ ეჩვენებოდათ. მოსწონდათ გუბაზის ოჯახიც, თავდაჭერილი, უშფოთველი, კულტურული. ბატონი ოჯახის დავას საგულდაულოდ ნიღბავდა, ბევრს ისმენდა, მათ კინკლაობას აკვირდებოდა, მერე ერთი სიტყვით სწყვეტდა ყველას ბედს. გუბაზ ანდრონიკაშვილი არ იბნეოდა, ხმას იშვიათად უწევდა, რადგან მისი ჩურჩულიც ყვირილივით ჭექდა სალხინებელში. *** სანამ ნათელა მართასთან მასლაათობდა, თინა სარძლოს აწვალებდა და სალხინებელი ღამისთევას ელოდებოდა, თუთა მერის სახლში პურს ჭრიდა. მერის ჟღალი კულულები აეკეცა, ნიშნობის ბეჭედი წაეძრო და პასკის ცომში ჰქონდა ორივე ხელი იდაყვამდე წაყოფილი. კატუშა მწვანილს კეპავდა, თან გაუთავებლად წუწუნებდა უსასრულო მორიგეობაზე, აუარებელ სამეცადინოსა და უიღბლო სიყვარულზე. -აღდგომის მერე ისევ დიეტას ვიწყებ.-აღნიშნა თაიამ და ნამცხვარი გადადო.-სად გიდევს ნემსი და ძაფი, ამ კაბას ამოვკემსავ. -უჯრაშია, ან მანდ, მეორე თაროზე ნახე.-წინსაფარი შეისწორა მერიმ.-აუ, არ გამომდის რა, ისევ დედაჩემის გამომცხვარი ჭამეთ. -მოვრჩი მე, კატუშ, ეგ ჯამი მომაწოდე.-გამოაცხადა თუთამ. -აჰა, ხილი არ გინდათ?-სამზარეულოში თავი შემოყო გვეგვემ და გოგონებს ნაყიდი მარწყვი შემოუტანა.-დღეს რა საჩუქრებით აგვავსე თუთა, რა ხდება? -ისე, უბრალოდ.-წყნარად მიუგო თუთამ და მარწყვი გადაიღო. -ჰე, ვსვამთ საღამოს?-იკითხა გვეგვემ და მერის მიუჯდა.-ჩვენთან პირველად მოდიხართ, როგორც ცოლ-ქმართან და არ შემარცხვინოთ, ლადოს ძმაკაცები უნდა დავათროთ! -მე არ მინდა რა დალევა.-თეფშები დაარიგა თუთამ. -ოჰ, სულ მასე ამბობს ეს და მერე მაინც სვამს.-გაეცინა თაიას. -მე არ ვიცი, ბოლომდე დავრჩები თუ არა, სამეცადინო მაქვს და მეძინება ხოლმე თან. -კარგი რა კატუშ, სულ როგორ გეძინება!-სიცილით უჩქმინტა მერიმ მეგობარს. -ბოდიში, ვიღლები.-თვალები გადაატრიალა კატომ. -წავედი, წავედი, ვენახში ჩავდივარ და გამოგივლით საღამოს, არ დაიწყოთ ახლა უსასრულოდ პრანჭვა!-გვეგვე ყველას დაემშვიდობა და გავიდა. გოგოებმა ჭორაობა გააგრძელეს, თუთა განსაკუთრებით ბევრს იცინოდა და ხატოვნად ჰყვებოდა თავისი კიბეზე დაგორების ისტორიას, თუმცა ხანდახან, უეცრად ჩუმდებოდა და ისე ამოიხვნეშებდა, თითქოს სუნთქვას ტკივილს აყოლებსო. მერიმ რამდენჯერმე გადახედა თუთას. -რაღაც ფერი არ გადევს, ცუდად ხარ? -არ მეძინა ნორმალურად. -წამოწექი მერე.-შესთავაზა კატუშამ. თუთამ უარის ნიშნად გააქნია თავი. -კარგად ვარ ხალხო, არ მინდა არაფერი. -აუ გავალ მე და გნახავთ საღამოს.-თაიაც ადგა. -წამოვალთ ჩვენც.-კატუშამ ჩანთას დაავლო ხელი. -ყელი მტკივა და სიცხე მაქვს მემგონი, დავიძინებ ცოტას. -ვიქნები მე. სახლში რა ვაკეთო. მერის სამზარეულოს დავალაგებინებ და მერე წავალ, გინდა?-შესთავაზა თუთამ. -ისე იყავი, დალაგების გარეშე. -დალიე შენ რამე წამალი და საღამოს თბილად ჩაიცვი.-სიტყვა დააწია თუთამ კატუშას. -ჰო, ჰო, გავედით.-მოაძახათ თაიამ. მერიმ თეფშები წამოკრიფა და თვალგაშტერებულ თუთას ერთხელაც შეხედა, მაგრამ დახვავებული ჭურჭელი ეძახდა და ნიჟარას მიადგა. თუთამ კვლავ ამოიხვნეშა,ჩამოშლილი თმები აიწია და ცოცხს დაავლო ხელი. ღამისთევამდე ლოდინი გაუსაძლისად ეჩვენებოდა ხოლმე. *** მართამ ნათელა გააცილა და ახალი თავსაფარი წაიკრა. ბინდი შეპარვით შემოდიოდა თემში, აგრილდა, სალხინებელი მლაშე ქარმა შეატოკა და საერთო ხმაური საბოლოოდ მიწყდა. ახლა რაღაც წმინდა, რაღაც ნათელისა და დიადის მოლოდინში გაირინდა თემი. აღდგომის დღესასწაულის შემობრძანებას სიმშვიდე და წყნარი მოლოდინი მიაგება. თუთა ქუჩაში სწრაფად მოაბიჯებდა, მხიარულად ესალმებოდა და ულოცავდა ყველას, მათ ქებას მადლობითა და მოკრძალებული ღიმილით პასუხობდა, ოჯახში მოკითხვას აბარებდა და ჩანჩქერივით დაშვებული, მკვირცხლად მიიჩქაროდა სახლში. -მოხვედი, ბაბო გენაცვალოს?-შეეგება ბებია.-არ შეგცივდა? -არაა,-თავი გააქნია გოგონამ.-სადაა პასკა, მამას წავუღებ. -გაგიმზადე უკვე, მაგიდაზე დევს. მოიხურე რამე და მალე მოდი, ბნელდება უკვე!-აქოთქოთდა მართა და შალი მიაწოდა. -კარგი, ჰო კარგი.-თვალები გადაატრიალა თუთამ და კალათი აიღო. მამა არ ელოდებოდა, შვილს გადაეხვია, კალათი გამოართვა და შეიპატიჟა. -ვეღარ მოვასწრებ, მაგვიანდება, ეკლესიაში უნდა წავიდე.-იუარა გოგომ. -ნეტა არ მაღონებდეთ რა, ღმერთს სახლში არ ესმის ჩემი?-დაიფრუტუნა იოსებმა. თუთას ხმა აღარ გაუცია, პირი იბრუნა და ბებიასთან დაბრუნდა. ქალს უკვე გადმოეღო მისი გრძელი, ნუშის ყვავილისფერი კაბა და თავსაბურავი. თუთამ თმა ჩაიწნა, შეიმოსა, ჯერ მოეწონა სარკეში საკუთრი ანარეკლი, კმაყოფილებით აავსო მოციმციმე თვალებმა, სითბოსგან წამოწითლებულმა ღაწვისთავებმა და არშიასავით შემოვლებულმა მუქმა კულულებმა, მაგრამ რაღაცამ წამოუარა, შეჭმუნა გადატყორნცილი წარბები და ზიზღით აარიდა გამოსახულებას თვალი. საათის ისრები არ ჩქარობდნენ, რუდუნებით მისეირნობდნენ ციფერბლატზე. გოგონა გულს ვეღარ უდებდა ვერც წიგნის კითხვას, ვერც საჭმელს, სამეცადინო ჰომ საერთოდ სისულელედ ეჩვენებოდა. იცოდა, სხვათა მსგავსად მორწმუნე არ იყო, ეჭვებსა და ძიებაში გახვეულიყო მისი რწმენა, სიმშვიდე და სიკამკამე ეკლდა, მაინც უყვარდა აღდგომა. მაინც სიხარულს ჰგვრიდა წელიწადის ამ დროს ეკლესიაში მისვლა. არ მოსწონდა რუტინულად ტაძარში სიარული და არც აღსარება-ზიარება-მარხვის აუცილებლობას ხედავდა. ფარისევლური და მოსაჩვენებელი ეგონა ადამიანების გამოგონილი ზნე-ჩვეულებანი. ღმერთი თუ არსებობდა, ვაჭარი ნამდვილად არ იყო, რომელიც დანთებულ სათვლებს ითვლიდა და ცოდვებს გიქვითავდა. მაგრამ ღამისთევაზე გალობა? ტაძრისთვის შემოვლა, საყოველთაო მილოცვა და სიხარული? მის გულსაც ავსებდა სანახევროდ. აბედნიერებდა და იმედის სულ, სულ მცირე ნაპერკალს უჩენდა. ბოლოს და ბოლოს, ჭეშმარიტება იქნებ ძიება უფრო იყო, ვიდრე მისი პოვნა?! *** ეკლესიაში ტევა არ იყო, ნემსს ვერ ჩააგდებდით. ჭრელა-ჭრულა თავსაფრები ფრიალებდა ღამის სუსხში, სანთლებს პარპალი გაჰქონდა, მგალობელთა ხმა საამოდ ჩაესმოდა მრევლს. მამა საბას ქადაგებას თან ერთვოდა გაბმული ზუზუნი. -თინას ბიჭი მოვიდა! -კატოს რაღაც ხმა აქვს ჩახლეჩილი. -შარვლით მოსულა ისევ ნინო! -ბატონის ბიჭს რა სახე ჩამოსტირის! თუთას უყურებს მგონი, გახედე აბა! -ეს მერი ახლა არ გათხოვდა? მოსუქებულა უკვე, ორსულად ჰომ არ არის? -გუბაზმა წელს თურმე იმდენი საკლავი დაკლა, აქამდე მასეთი სუფრა არ გაუშლია. -გავიგე, დილით ქალბატონი გამხდარა ცუდად, ბესარიონი შეხვდა ნოდარას, წამალზე გარბოდა! -იოსების ცოლი წელსაც არ ჩამოდის? სულ უპატრონოდ ჰყავთ ეს გოგო მიგდებული! ქალაქშია და მარტოა, აქაა და საწყალი ბებიამისი გინდა ყოფილა, გინდა არა! -როგორ მტკივა ფეხები, მამლის ყივილამდე წავალ მე სახლში, ფინთად მეძინა, თოფის ხმა გავიგონე. -ვინ გაისროდა ქალო თოფს დღეს? რას ბოდავ ხოლმე! -ვინაა ის მაღალი ბიჭი? -ლადოსთანაა სტუმრად! -პაატა რა ლენჩივით ჩამომდგარა! სადაა მაგის საცოლე? -საცოლე არა ის კიდე! დადიან წლებია და ხელი არ უთხოვია, დიდი ვირეშმაკაა ეგ გოგოც, ხმას ვერ ამოაღებინებ, ვითომ მასეთი წყნარია! -ვაიმე, აღსარება არ ჩამიბარებია და ზიარება მინდა, გამლანძღავს ნეტა? -თუთას შეხედე ერთი თუთას, როგორ ნაბავს თვალებს, ახლა ვიღას ეპრანჭება ერთი! -წელს არ მიმარხულია. -ჩემ დედამთილს წნევები აქვს რაც გამოზაფხულდა და დარჩა სახლში. ჩურჩული არ წყდებოდა, შიგნით ჰაერი ჩაიხუთა, დიდი ბატონი საკურთხეველთან ახლოს ჩამომდგარიყო, გვერდს დისშვილი და ვაჟი უმშვენებდნენ. ქალბატონი კუთხეში იჯდა, გარს სეფექალთა გუნდივით შემოჰხვეოდა სალხინებლის წარჩინებული მანდილოსნები და წარა-მარა რაღაცას სთავაზობდნენ. საკმევლის სუნი აბრუებდა ბეშქენს, ხმაური თავს ატკიებდა, სანთელი ხელზე ჩამოღვენთოდა, მაგრამ წვას საერთოდ ვერ გრძნობდა. ისევ იმ ჯეირანს დასტრიალებდა მისი აღელვებული გონება. სინანულთან ერთად, რაღაც სიამოვნებაც აგონდებოდა ბიჭს, აშინებდა ეს. აშინებდა თავისი სისასტიკისგან მოგვრილი სიამე. მკვლელის ცოდვა ტკბილ-მწარე ტრიუმფის მომენტად გარდაქმნილიყო მასში. არც ჯეირანის სიწმინდე აღელვებდა, ეცოდებოდა, როგორც ცოცხალი არსება, თუმცა ის უფრო უხაროდა, ასე, ხახვივით, რომ შერჩა ეს ამბავი. კატომ ყელის ჩასაწმენდად წამოახველა და ჩუმად თუთას დაუძახა, ყელი მტკივა და შემეცვალეო. გოგონა მეგობარს წყნარად მიუახლოვდა, მისი ადგილი დაიკავა და წკრიალა ხმით დაიწყო გალობა. ბეშქენმა ბავშვობის სიყვარულს თვალი შეავლო. მუშტარივით შეათვალიერა თუთას სხეული, ღია ვარდისფერ მოსასხამშიც გამოკვეთილი, მზერა მაინც მის სახეზე შეაჩერა. ცარცივით გაფითრებულიყო თუთა, ნახშირისფერი წარბის ჩრდილი ეცემოდა მის არაამქვეყნიურ თვალებს. თითქოს მუდმივად უძილო ღამეთა კოცნა დამჩნეოდა გაწითლებულ უპეებზე, საგალობელს მშვიდად ჰყვებოდა, ვერაფერს ამოიკითხავდით მის სხვა დროს მეტყველ, ახლა კი რაღაცნაირად დადუმებულ სახეზე. ქალბატონმა ანამ შვილის მზერა დაიჭირა და წამიერად განრისხდა, თუმცა ბეშქენმა მალევე გაიხედა და ისევ თავის სანთელს დაუწყო ყურება თუთას ნაცვლად. შუაღამე გადავიდა და ხალხს დაღლა შეეტყო, მღვდლის პუტუნიც უკვე ყრუდ გაისმოდა. თაია, კატო, გვეგვე და მერი ლადოს მეგობრებთან ერთად გარეთ გამოვიდნენ და თუთაც ფეხდაფეხ გამოჰყვათ. -დღეს ნადიმზე წამომსვლელი არ ვარ. გავიყინე!-დაიჩივლა კატომ და თავსაფარი ცხვირზეც შემოიხვია. -ქურთუკი სად გაქვს?-თვალები დაუჭყიტა თუთამ. -ოო, არ მიხდებოდა. -მგონი ჯობია წავიდეთ, მერე პირდაპირ ნადიმზე მივიდეთ.-იაზრა მერიმ, თან გვეგვეს დაადო თავი.-ჩემებიც სახლში არიან უკვე. -წავიდეთ, ბიჭებსაც მთელი დღეა დალევას ვპირდები.-დაეთანხმა ლადო. -ლუკა, ლაზარე! წამოდით, გვეგვესთან მივდივართ!-გასძახა შორიახლოს მდგომ ბიჭებს. თუთა გაბრუებული წამოდგა და ლასლასით აედევნა შემცივნებულ კატუშას. თაიამ პაატას ჩაავლო ხელი, გოგო-ბიჭები მხიარული შეძახილებით წამოიშალნენ და ეკლესია დატოვეს. *** სანამ გვეგვეს და მერის სახლში დიდი სმა-ჭამა იყო გაჩაღებული, მანამდე ღამისთევა დამთავრდა და ბატონმა საზეიმო ჩირაღდანი ააბრიალა. მრევლი გულითადად მიიპატიჟა „მოკრძალებულ ტრაპეზზე“ და პროცესიას ოჯახის მამაკაცების თანხლებით გაუძღვა. ტანიას და ქეთოს მძიმე შრომას შედეგი გამოეღო. მთავარი დარბაზის შუაგულში დადგმული მაგიდა ისე დაეხუნძლათ ათასგვარი კერძით, რომ სიმძიმისაგან იზნიქებოდა. ახალგაზრდების მოსვლამდე მამა საბა იმდენად დათვრა, რომ გვერდით ოთახში გაიყვანეს და დააძინეს. ბატონი ამ ღრიანცელს დაეღალა, მაგრამ იხტიბარს არ იტეხდა და ჩვეული თავაზიანობით ავსებდა სასმისებს. გვეგვემ, ლადომ და პატაამ ყველას მიულოცეს, ბატონის ოჯახი დალოცეს და გოგოებთან ერთად მალევე წავიდნენ. ბეშქენი სტუმრების გასაცილებლად ადგა, იფიქრა თუთას გამოველაპარაკები, მოვიკითხავო, თუმცა ანა ძერასავით ჩააფრინდა ბიჭს, შენ სუფრა არ მიატოვოო და თავად გაჰყვა. გუბაზს ცოლის ეს ჟესტი არ ეპიტნავა, ბევრჯერ ეკამათა, თუთასადმი საჯაროდ ნურაფერს გამოხატავ, თუ არ მოგწონს, შენთვის არ მოგწონდესო, თანაც წლების წინ დაშორდნენ ბეშქენი და თუთა. მას მერე, გოგონას ერთი გადაკრული სიტყვაც არ უთქვამს, არც უსალმოდ დაუტოვებია ანდრონიკაშვილების ოჯახი და არც სახალხო ცირკად გადაუქცევია სკოლის მერხზე დაწყებულ-დასრულებული ტრფობა. მის ცოლს მაინც არ ასვენებდა გამჩენი, აფთარივით უყურებდა ხოლმე გოგონას. -ანა!-დაუძახა გუბაზმა.-მოდი, დამიჯექი გვერდით და ამ შენ შვილს თოთო ბავშვივით ნუ დასთათანებ. -ისევ უყვარს მემგონი.-ჩუმდ გადაულაპარაკა ანამ ქმარს.-რა აქვს ამ გოგოს ამისთანა?! პაატა და ლადოც მაგის გამოშტერებული არიან! -ქალო, ვინ გეკითხება შენ? ნუ გელანდება რაღაცები და ნუ ჭორაობ! ქალბატონი ხარ თუ ორღობის დედაკაცი?!-მკაცრად, მაგრამ დაბალ ხმაზე მიმართა ბატონმა. ქალბატონმა ამოიხვნეშა, თუმცა გამომთვრალ სალხინებლელებს მიუბრუნდა და ცხელი წვნიანი შესთავაზა. *** მერიმ მაგიდა გადაწმინდა და ყავის ფინჯნები დააწყო, დივანზე წამოწოლილ კატოს საბანი მიაფარა და ფარდები გადაწია. ახალგაზრდა ქალი უძილობის მიუხედავად მხნედ გამოიყურებოდა. მერის არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი, მოსმენა ერჩია, თუმცა ზოგჯერ ყურადღება ეფანტებოდა და არც ვრცელი კომენტარების გაკეთებით გამოირჩეოდა. გვეგვე უგულისყუროდ ავლებდა თეფშებს, თან თუთას ელლაზღანდარებოდა. -დაინახე, როგორ გიყურებდა ბეშქენი? -კარგი რა!-გაეცინა თუთას.-თავისთვის იყო. -არა, მეც დავინახე.-ჩაერთო მერი და ყავა დაასხა. -მერე რა.-მხრები აიჩეჩა თუთამ.-რაღა დროს ბეშქენია. -პაატამ ისევ რამე ჰომ არ გითხრა?-მაგიდას მიუჯდა გვეგვეც. -რა უნდა ეთქვა, ცოლს მოიყვანს მალე.-ხელი აიქნია თუთამ და ორცხობილა ჩაკბიჩა.-გავაღვიძო ეს თუ რა ვქნა?-კატუშაზე ანიშნა ცოლ-ქმარს. -იყოს, ეძინოს, დარჩი რა შენც, რაღაც მოწყენილი მეჩვენები, სახლში რა გინდა?-მიმართა მერიმ. -არაა, წავალ და დავისვენებ მეც, მეძინება. -დაიძინე მერე აქ, ადგილი არ გვაქვს თუ?-იწყინა გვეგვემ. -ბებიაჩემი ვერ არის ამ ბოლო დროს კარგად, მირჩევნია მივიდე, დავხედო.-წამოიზლაზნა თუთა. -მართლა კარგად ხარ?-ჩააცივდა მერი. -კი, მეძინება უბრალოდ.-გაუღიმა თუთამ.-გავივლი ცოტას ფეხით და მერე გემრიელად დავიძინებ, მადლობა ხალხო, აბა თქვენ იცით!-მეგობრებს დაემშვიდობა. -გამოგვიარე მერე. თუთა ნელა, ნება-ნება გაუყვა გზას, დაღლილობა უკვე ერეოდა, თვალები ელულებოდა და უცნაურ სიცარიელეს გრძნობდა. მეგობრებთან ერთად ყოფნა უყვარდა, მათთან თავს კარგად გრძნობდა, ცოცხლად, ადამიანად. ხანდახან, ეჩვენებოდა მარტო ხალხს შეეძლო მისთვის ყურადღება გადეტანინებინა და ყოფაში რაღაც სიმსუბუქე და სიხალისე შეეტანა. მარტო დარჩენა მაინც ჰაერივით სჭირდებოდა. ფიქრს და საკუთარ თავს ვერსად გაექცეოდა, მაგრამ ახლა ეს სიმძიმეს სულაც არ ჰგვრიდა. მზით გამთბარ ქუჩას უცქეროდა და ზღვის სიმღერას ყურს უგდებდა. ჩამოსვლისას გრძნობდა, რომ ქალაქში დაბრუნება აღარ უნდოდა, ახლა კი აქ აღარ დაედგომებოდა, უნდა წასულიყო, გასცლოდა თემს ისევ და უკან მოეტოვებინა დღესასწაულიც, აღნიშვნაც, ეს ჩიტების ჭიკჭიკიც და ხეტა შტოებიც. სახლში მისულს ბებია მძინარე დახვდა. დედამისი მოსულიყო და ქალიშვილისთვის ხილი მოეტანა. -რამდენი პასკა ჭამე ამ აღდგომებზე თუთა?-კრიტიკულად შეათვალიერა ქალმა თუთა.-მომატებული გაქვს, დღეს აღარ ჭამო არაფერი. -კარგი რა დედა, ახლა არ შემოხვედი?-გაღიზიანება დაეტყო გოგონას და დედას გადაეხვია. -თმა გაქვს ძალიან გაუხეშებული.-თავზე ხელი გადაუსვა. -ვიცი ნანა, ვიცი.-ამოიხვნეშა თუთამ.-მამასთან არ ყოფილხარ? -რა მინდა,? ტყუილად ნერვები უნდა მომიშალოს.-იუკდრისა ნანამ.-დღესვე ვბრუნდები თან, წამლები წამოვუღე მართას და გნახე ბარემ. ცუდად ყოფილა მთელი ღამე, მოსულიყავი სახლში, რას დაწოწიალობ?-დატუქსა გოგო. -მერისთან ვიყავით ყველა. -ნადიმზე? -მანდაც. რა ჭირს ბებოს? -არ ვიცი, ექიმთან უნდა წავიყვანო, მაგრამ არ მომყვება დაბაში.-ხილი ამოალაგა ნანამ. უცებ გაშეშდა, წარბი აწია და თუთას დაუღრინა.-დალიე? -ცოტა.-გულხელი დაიკრიფა შვილმა. -ოჰ თუთა თუთა.-გოგომ დედის საყვედურნარევ თვალებს სახე მოარიდა. იცოდა თუთამ, რომ ნანას ძალიან უყვარდა შვილი, მაგრამ ნანა არაფრით არ ჰგავდა თუთას. ხალისიანი იყო, მოფერება უყვარდა, შვილით ტრაბახი, წუწუნი, პატარასავით ტუჩის აბზუება. ისე არაფერს გეტყოდა, შენიშვნაც არ ჩაექსოვებინა ნათქვამში, თუ უსაყვედურებდი, თვითონ უფრო ეწყინებოდა და გაგებუტებოდა. ბავშვივით იყო, მისთვის თავი უნდა გექნია და თუ ატირდებოდა(ეს კი მეტისმეტად მოსალოდნელი გახლდათ), უნდა დაგეყვავებინა და შუბლზე გეკოცნა. რამდენჯერ სცადა თუთამ, ყველაფერს ავუხსნი, ჩემ განცდებზე მოვუთხრობო, მაგრამ დედა მაშინვე ისე ნერვიულობდა, მარტო იმას გაიძახოდა შენ გინდა გული გამიხეთქოო და თუთას სატკივარს თავისად წამში გადააქცევდა ხოლმე. -მოდი, ჩამეხუტე კიდევ.-გაჯიუტდა ნანა. გოგომ მობეზრებული სახით შემოჰხვია მკლავები და დაელოდა, როდის გაუშვებდა დედა. -მეძინება, წავედი. -მიხედე ბებოს. თუთას ღრმად, ისე ტკბილად ჩაეძინა, თითქოს არასოდეს აღარ გამოიღვიძებდა. უშფოთველად, უსიზმროდ. გამოღვიძებულს, დედა აღარ დახვდა, არც ბებიის ფაჩუნი ისმოდა სამზარეულოდან. გოგონას გულმა რეჩხი უყო, ანერვიულებული მიუახლოვდა მართას საწოლს, იგრძნო, როგორ გაუცივდა ხელ-ფეხი ერთიანად და როგორ აუჩქარდა გული. გაშეშებული ბებია გადმოაბრუნა და სუნთქვის ხმის მოლოდინში გაისუსა. მართას სხეული გაყინვოდა, თვალები ნახევრად ღია დარჩენოდა და ღაწვებზე საიქიოს ფერი ედო. თუთას ყელში მოაწვა მტკივნეული, გავარვარებული ბურთი, რეტდასხმულივით შეყანყალდა, მაშინვე ცრემლი არ წამოსვლია, პირი გააღო, დაიხავლა და გულზე ხელი იტაცა. სისხლის შხუილი გონგის ხმასავით უბაგუნებდა თავში. ბებია მკვდარი იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


