სიყვარული თავისას არ ეძიებს (სრულად)
– ამას არასოდეს ვაპატიებ! – მაინც რამდენჯერ გითქვამს ეს სიტყვები გულში და მერე რამდენჯერ დაგირღვევია საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა? – არა, ამჯერად მართლა ყველაფერი დასრულდა. – ვიცი, რომ ახლა მე კი არა, საკუთარ თავს ატყუებ, მაგრამ ძალიან კარგად მესმის შენი. როცა ადამიანი ძალიან გიყვარს, უსასრულოდ პატიობ. მერე კი თავად გიკვირს, თურმე რამხელა პატიების უნარი გქონია. ამიტომაცაა სიყვარული ერთდროულად სიძლიერეცა და სისუსტეც. სიძლიერეა იმიტომ, რომ სიყვარულისთვის შეგიძლია იმდენი რამ გააკეთო, რასაც სხვაგვარად ვერასდროს იზამდი; სისუსტეა იმიტომ, რომ საკუთარ სიყვარულს წინააღმდეგობას ვერ უწევ. მარცხდები იქ, სადაც სიყვარულის გარეშე გაიმარჯვებდი. როცა არ გიყვარს, ნებისმიერ დროს შეგიძლია ადგე და წახვიდე, დაიცვა შენი უფლებები, სურვილები და პრინციპები. როცა გიყვარს კი სულ სხვაგვარადაა საქმე: მიდიხარ, მაგრამ ფეხები უკან გრჩება; კამათში იმარჯვებ, მაგრამ თავს დამარცხებულად გრძნობ; მას სტკენ და შენ უფრო გტკივა. – კი, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. შეიძლება ძალიანაც მტკიოდეს, მაგრამ არ შეიძლება სულ მე ვიყო მსხვერპლის როლში. ადამიანს მაშინ უნდა აპატიო, როცა მართლა ხვდება თავის დანაშაულს და იმავეს აღარ იმეორებს. უკვე ვაცნობიერებ, რომ როცა გამუდმებით მე ვთმობ, მე ვუგებ, მე ვფიქრობ იმაზე, რომ მას არ ეწყინოს, ხოლო ის არასდროს მიფრთხილდება – ეს უკვე უსამართლობაა. ამ ქცევით მასაც დათვურ სამსახურს ვუწევ: ვუქმნი წარმოდგენას, თითქოს ყოველთვის სხვას უნდა უყვარდეს, ყველაფრის მიუხედავად. ჩემი წასვლით კი მივახვედრებ, რომ შეიძლება ადამიანს უყვარდეს და ბევრ რამეს პატიობდეს, მაგრამ როცა მისი გრძნობა დაუფასებელია, მასში ნელ-ნელა კვდება ყველაფერი კარგი, რაც კი მანამდე მის მიმართ ჰქონდა. – ადამიანური კუთხით გეთანხმები, მაგრამ მე სიყვარულზე ცოტა სხვანაირი შეხედულება მაქვს. ვფიქრობ, ორნაირი სიყვარული არსებობს: ადამიანური – ანუ ეგოისტური – და ღვთაებრივი. ნამდვილი სიყვარული ღვთაებრივია და ზუსტად იმ მსხვერპლით დასტურდება, რისი გაღებაც მისთვის შეგიძლია, უსამართლობის შეგრძნების გარეშე. სიყვარულით აკეთებ ყველაფერს და სანაცვლოდ არაფერს ელი. როცა არაფერს ელოდები, აღარც ბრაზობ. შენ ახლა იმიტომ ბრაზობ, რომ ეგოისტურად გიყვარს და საკუთარი თავი გეცოდება, როცა ის ასე გექცევა. როგორც პავლე მოციქულმა თქვა: „სიყვარული თავისას არ ეძიებს“. ანუ, თუნდაც ცალმხრივად აკეთებდე ყველაფერს, არასდროს იკითხავ – რატომ სულ მე? იმიტომ, რომ ამას საკუთარი თავისთვის კი არა მისი კეთილდღეობისთვის აკეთებ. არც იმახსოვრებ იმ ყველაფერს, რაც მისთვის გაგიკეთებია. როგორც ნამდვილი სიკეთე და სხვის დასანახად გაკეთებული სიკეთე – დაახლოებით იგივე განსხვავებაა. როცა სანაცვლოდაც ელოდები და ითხოვ, გამოდის, რომ საკუთარი თავისთვის უფრო გინდა სიკეთე, ვიდრე მისთვის, სწორედ ამიტომ ხარ ახლა გაბრაზებული. მაპატიე, მაგრამ, ვფიქრობ, რომ არც შენ გიყვარს ის ნამდვილი სიყვარულით და არც მას უყვარხარ. –შენ გყვარებია ვინმე ისეთი ღვთაებრივი სიყვარულით, როგორიც აღწერე? –კი, მყვარებია. ახლაც მიყვარს. –აბა, რატომ ხარ მარტო? –იმიტომ, რომ მხოლოდ მე მიყვარდა და არა მას. –ანუ შენც ჩემსავით ერთხელაც აღარ აპატიე და მიატოვე? წეღან არ ამბობდი, მაინც უნდა აპატიო, თუ მართლა გიყვარსო? –ჩემი შემთხვევა სხვა იყო. მე მისთვის არც გამიმხელია ჩემი გრძნობები. მასთან შეყვარებულის სტატუსით არც ვყოფილვარ. მეგობარივით ვიყავი მის გვერდით, მანამ სანამ ვჭირდებოდი. მერე კი, როცა მივხვდი, რომ ჩემ გარეშეც კარგად იყო, კეთილი სურვილებით გავქრი მისი ცხოვრებიდან – ყოველგვარი საყვედურისა და სანაცვლო გრძნობების მოთხოვნის გარეშე. –თუ ასე გიყვარდა და ახლაც გიყვარს, რატომ არ გაუმხილე? რატომ გაუშვი? –ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სიყვარული და ზრუნვა ადამიანისთვის შემაწუხებელი ხდება. როგორც ზედმეტი წყლით შეიძლება ყვავილი გააფუჭო, ასევე შეიძლება გააფუჭო ურთიერთობაც – ზედმეტი სიყვარულით. სიყვარული და ზრუნვა ყველას სხვადასხვანაირად ესმის. შენ რომ გიყვარს და მისთვის კარგი გინდა, შეიძლება ზედმეტად ჩაერიო მის ცხოვრებაში, რაც მას ზრუნვად კი არა, შენი აზრის თავს მოხვევად მოეჩვენება. ასეთ დროს ჯობია, შენივე სიყვარულისგან დაიცვა ადამიანი და გაუშვა. მისცე თავისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გგონია, უკეთ იცი, მისთვის რა არის კარგი. ღმერთიც კი არ გვზღუდავს არჩევანში და ჩვენ ვინ ვართ, რომ ერთმანეთი შვზღუდოთ? ღმერთმა გვაჩვენა ჯანსაღი სიყვარულის მაგალითი – ის არაფერს გვაძალებს, უბრალოდ ელოდება, როდის ავირჩევთ მას. მან არც მე ამირჩია და არც ჩემი აზრები, ამიტომ მე კი არ მივატოვე, უბრალოდ გავათავისუფლე. ხვდები სხვაობას მიტოვებასა და გათავისუფლებას შორის? მე ის ახლაც მიყვარს და ახლაც მეტკინება, მისი ცუდი რომ გავიგო. შორიდან ვადევნებ თვალს, მინდა დავრწმუნდე, რომ კარგადაა. იმაზე კი არ ვბრაზობ, რომ უჩემოდ კარგად არის. ჩემთვის მთავარია მისი კარგად ყოფნა – თუნდაც უჩემოდ. –შენ რა გეშველება ... მთელი ცხოვრება ასე მარტო უნდა იყო და ცალმხრივად გიყვარდეს? –თუ სხვას ვერავის შევიყვარებ, მირჩევნია მარტო ვიყო. უსიყვარულოდ ვინმესთან ყოფნა ყველაზე დიდი შეცდომაა – როგორც საკუთარი თავის, ისე სხვის მიმართ. ჩემი მარტოობა მხოლოდ მაშინ დასრულდება, თუ ოდესმე ვინმე მასზე მეტად შემიყვარდება და იმ სიყვარულს გადაფარავს, რასაც ახლა ვგრძნობ. –არა, მე ნამდვილად არ შემიძლია ასე მიყვარდეს ვინმე. რა უცნაური ადამიანი ხარ. –უცნაური მე კი არა ვარ, ჩემო კარგო, სიყვარულია ერთი დიდი უცნაურობა. რაც მეტად ცდილობ გაუგო, მით ნაკლებად გესმის მისი თავი და ბოლო. შემდეგი გაჩერება სადგურის მოედანი. გადასასვლელი მეორე ხაზზე. რა დროს ეს იყო! ისე ჩამითრია ამ ორი გოგოს დიალოგის მოსმენამ, ლამის გავცდი ჩემს გაჩერებას. მეორე ხაზზე გადავდივარ და ვფიქრობ – მაინც რომელი იყო მართალი? ან იქნებ ორივეც თავისებურად... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


