ნაცრისფერი ქალაქის სითბო( lll თავი)
დამიანე თავის მაგიდასთან იჯდა, როცა კომპანიის პარტნიორმა, მისტერ ჰენდერსონმა, ყველა არქიტექტორი თათბირზე დაიბარა. ჰენდერსონი ტიპური შოტლანდიელი იყო — მკაცრი, საქმიანი და ზედმეტი შესავლების გარეშე საუბარი უყვარდა. — „ბატონებო, ახალი ობიექტი გვაქვს,“ — დაიწყო მან და პროექტორი ჩართო. ეკრანზე ედინბურგის გარეუბანში ძველი ტერიტორია გამოჩნდა. — „დამკვეთს სურს ეს ადგილი თანამედროვე, სასტუმრო კომპლექსად აქციოს. მაგრამ არის ერთი პირობა...“ ჰენდერსონმა დამიანეს გადახედა. მან იცოდა, რომ დამიანე ამ კომპანიის საუკეთესო, მაგრამ ყველაზე რთული არქიტექტორი იყო. — „დამკვეთი მოითხოვს, რომ არქიტექტორმა და ინტერიერის დიზაინერმა მუშაობის პირველივე დღიდან ერთად დაგეგმონ ყველაფერი. არავითარი 'ჯერ კედლები და მერე დეკორი'. შენობის სტრუქტურა და მისი შიდა სივრცე ერთიან ორგანულ მთლიანობას უნდა წარმოადგენდეს. დამიანე, მინდა ეს პროექტი შენ ჩაიბარო.“ დამიანემ წარბი შეკრა. ის მიჩვეული იყო მარტო მუშაობას. მისთვის დიზაინერები ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებიც „უფუჭებდნენ“ მის სუფთა გეომეტრიას ზედმეტი დეტალებით. — „მისტერ ჰენდერსონ, თქვენ იცით ჩემი მეთოდი,“ — თქვა დამიანემ დაბალი, მშვიდი ხმით. — „არქიტექტურა არის ხერხემალი. დიზაინერი მხოლოდ მას შემდეგ უნდა გამოჩნდეს, რაც კონსტრუქცია მზად იქნება. ორი სხვადასხვა ხედვის ერთდროულად შეჯახება ქაოსს გამოიწვევს.“ ჰენდერსონმა თვალები გადაატრიალა. „ვინ არის დიზაინერი?“ — იკითხა მან მოკლედ. ჰენდერსონმა გაიღიმა და სკამზე გადაწვა. — „აი, აქაა მთავარი ამბავი. დამკვეთმა ეს არჩევანი ჩვენ მოგვანდო. უფრო სწორად — შენ. მან იცის შენი პერფექციონიზმი და მითხრა: 'დამიანეს მიეცით უფლება, თავად იპოვოს ის, ვინც მის ხაზებს გააცოცხლებსო'. ასე რომ, სრული თავისუფლება გაქვს. მოძებნე საუკეთესო სტუდია, საუკეთესო ხედვა. ჩემთვის მთავარია, პროექტმა 'ისუნთქოს'.“ დამიანე გაოგნებული დარჩა. მას არასდროს ჰქონია უფლება, თავად აერჩია ის, ვინც მის „ხერხემალზე“ კანსა და კუნთებს დააშენებდა. — „არ მინდა ისეთი ვინმე, ვინც მხოლოდ დეკორაციებზე ფიქრობს,“ — თქვა დამიანემ და მის გონებაში მაშინვე გაკრთა კაფის ის კუთხე, კარკადეს ჩაის სურნელი და დაბალი, მტკიცე ხმა, რომელიც ბეტონის სიმძიმეზე საუბრობდა. — „მჭირდება ვინმე, ვისაც სივრცის სტრუქტურა ესმის.“ — „მაშინ შენს ხელთაა მთელი ედინბურგი,“ — დაასრულა ჰენდერსონმა. — „მომეცი სახელი და გვარი ხვალისთვის.“ დამიანე საკუთარ მაგიდასთან დაბრუნდა. მას არ სჭირდებოდა მთელი ედინბურგის გადაჩხრეკა. მის პერანგის ჯიბეში ისევ იდო წითელი ფანქარი, რომელიც პასუხივით აწვებოდა გულზე. მას შეეძლო აერჩია ნებისმიერი ცნობილი ბრიტანული სტუდია, მაგრამ რატომღაც მხოლოდ ის ერთი, ქართულად ნათქვამი ფრაზა უტრიალებდა თავში: „ედინბურგი ისედაც მკაცრია, შიგნით სითბოა საჭირო.“ ჰენდერსონის კაბინეტში სიგარეტის კვამლი და ძველი ქაღალდის სუნი იდგა. დამიანე ფანჯარასთან ზურგით იდგა და ქალაქის ნაცრისფერ გადახურვებს გადაჰყურებდა. — „არჩევანი გააკეთე, დამიანე?“ — ჰკითხა ჰენდერსონმა და კალმისტარი მაგიდაზე დააგდო. — „ათობით სტუდიაა ედინბურგში, ვინ შევარჩიეთ?“ დამიანე ნელა შემობრუნდა. მისი მზერა ისეთივე მყარი იყო, როგორც ის შენობები, რომლებსაც აპროექტებდა. — „კირა,“ — წარმოთქვა მან მოკლედ. — „ქართველია. საკუთარი სტუდია აქვს აქ. მოიძიეთ მისი ოფისის მისამართი, დაუკავშირდით და ხვალ დილით ჩვენს კომპანიაში დაიბარეთ. უთხარით, რომ მასშტაბურ პროექტზე გვაქვს შეთავაზება. დანარჩენს ადგილზე ავუხსნით — რა ტიპის სასტუმროს ვაშენებთ და როგორია ჩვენი ხედვა.“ ჰენდერსონმა წარბი ასწია, მაგრამ კითხვების დასმა აღარ სცადა. დამიანეს ინტუიცია კომპანიისთვის ყოველთვის უშეცდომო იყო. მეორე დილით, ჰენდერსონის კომპანიის შეხვედრების ოთახში სიმშვიდე სუფევდა, რომელსაც მხოლოდ ქაღალდების შრიალი არღვევდა. როდესაც კარი გაიღო და კირა შემოვიდა, დამიანე ფანჯარასთან იდგა. ის ნელა შემობრუნდა. მათი მზერა ისევ ისე შეხვდა ერთმანეთს, როგორც იმ დღეს კაფეში, თუმცა ახლა მათ შორის მაგიდა და მასშტაბური გეგმები იდო. კირას გულმა წამით რიტმი აურია — დამიანეს აქ დანახვას არ ელოდა, მაგრამ წამიერ გაკვირვებას გასაქანი არ მისცა. არცერთი ნაკვთი არ შერხევია სახეზე, მხოლოდ სათვალე შეისწორა და ოთახში თავდაჯერებულად შემოვიდა. — „მოგესალმებით, კირა, დაბრძანდით,“ — ჰენდერსონი ფეხზე წამოდგა და სავარძლისკენ მიუთითა. — „როგორ ხართ? ყავას ხომ არ ინებებთ, თუ ჩაი მოგიტანონ?“ — „გმადლობთ, კარგად. ჩაიზე უარს არ ვიტყოდი,“ — უპასუხა კირამ. მისი ხმა მტკიცედ ჟღერდა, თუმცა მასში ის თბილი ტემბრი იგრძნობოდა, რომელიც დამიანეს ასე კარგად დაამახსოვრდა. ჰენდერსონმა მდივანს ჩაი სთხოვა და დამიანეს გადახედა, რომელიც ახლა მაგიდასთან დაჯდა. — „კირა, პირდაპირ საქმეზე გადავალ,“ — დაიწყო ჰენდერსონმა. — „ჩვენ ვეძებთ დიზაინერს, რომელიც პროექტის პირველივე დღიდან არქიტექტორთან ერთად, განუყოფლად იმუშავებს. როდესაც ამ საკითხზე ვმსჯელობდით, დამიანმა სწორედ თქვენი თავი გვირჩია. მან გვითხრა, რომ თქვენი ხედვა ზუსტად ისაა, რაც ამ შენობას სჭირდება.“ კირამ მზერა დამიანეზე გადაიტანა. მამაკაცი აუღელვებლად უყურებდა. კირას სახეზე ოდნავ შესამჩნევმა ღიმილმა გაჰკრა — მიხვდა, რომ კაფეში დატოვებული წითელი ფანქარი მხოლოდ შემთხვევითობა არ ყოფილიყო. — „მოულოდნელია, თუმცა დასაფასებელი,“ — თქვა კირამ და დამიანეს თვალი გაუსწორა. — „მზად ვარ, მოგისმინოთ.“ დამიანემ წინ გადაშალა პროექტის გეგმა. — „სამუშაო ნულიდან იწყება,“ — თქვა მან დაბალი, მშვიდი ხმით. — „ეს იქნება ხუთსართულიანი შენობა. ედინბურგისთვის უჩვეულო, მაგრამ ორგანული.“ მან თითით ნახაზზე მიუთითა: * პირველ სართულზე გასართობი და სოციალური სივრცეა: ბოულინგი, ბილიარდი, რესტორანი, სასადილო და დიდი მიმღები ლიფტებითა და კიბეებით. * მე-2, მე-3 და მე-4 სართულები სტანდარტული და საოჯახო ტიპის ნომრებისთვისაა განკუთვნილი. * მე-5 სართული კი პანორამული ხედით იქნება, სადაც მხოლოდ ლუქს ოთახები განთავსდება. — „კირა, შიდა განლაგებას, სივრცეების დანაწილებას და ფუნქციონალურობას მთლიანად თქვენ გაბარებთ,“ — დაასრულა დამიანემ. კირამ ჩაი მოსვა, თითქოს ფიქრებს ალაგებდა, შემდეგ კი ჭიქა მაგიდაზე დადო. — „პროექტი ამბიციურია. მაგრამ მაქვს პირობები, რომლებზეც უარს არ ვამბობ. მე მხოლოდ ჩემს გუნდთან ერთად ვმუშაობ. ჩემს ბიჭებს ეხერხებათ ყველაფერი — მშენებლობიდან დაწყებული, რემონტით, ელექტროობითა და სანტექნიკით დასრულებული. ჩვენ ობიექტს ნულიდან, გასაღებით ჩავაბარებთ.“ კირამ პაუზა გააკეთა და დამიანეს მტკიცედ შეხედა: — „თითოეული მათგანისთვის ვითხოვ სიცოცხლის სრულ დაზღვევას. და კიდევ... სანამ დავთანხმდები, ჯერ მათთან უნდა ვისაუბრო. თუ ჩემი გუნდის თითოეული წევრი მზად იქნება ამ პასუხისმგებლობისთვის, მხოლოდ მაშინ მოვაწერთ ხელს. ჩვენ ერთი გუნდი ვართ.“ დამიანე აკვირდებოდა მას. კირას სიმტკიცეში იგრძნობოდა არა ქედმაღლობა, არამედ დიდი პასუხისმგებლობა საკუთარი საქმისა და ხალხის მიმართ. — „დაზღვევის საკითხი მოგვარებულია,“ — თქვა დამიანემ. — „წაიღეთ გეგმები, დაელაპარაკეთ თქვენს გუნდს. ხვალ ველოდებით პასუხს.“ კირამ საქაღალდე აიღო, თავაზიანად დაემშვიდობა მათ და ოთახიდან გავიდა. დამიანე დიდხანს უყურებდა დახურულ კარს. ის ხვდებოდა, რომ ამ ქალთან მუშაობა ისეთივე რთული და საინტერესო იქნებოდა, როგორც თავად პროექტი. კირა ოფისამდე ფეხით მივიდა. ედინბურგის ქუჩებში მიაბიჯებდა და გონებაში დამიანეს მზერასა და იმ ნახაზებს ატრიალებდა, რომლებიც ახლახან მის მაგიდაზე ეწყო. ის, რომ დამიანემ პირადად მისი კანდიდატურა წამოსწია, ერთდროულად აკვირვებდა და აფხიზლებდა. ეს აღარ იყო კაფეში დაწყებული უსიტყვო თამაში — ეს იყო უდიდესი პროფესიული ნდობა და ამავე დროს, გამოწვევა. კირა ხვდებოდა, რომ დამიანესთან მუშაობა მუდმივ დაძაბულობას ნიშნავდა; ის არ იყო ადამიანი, რომელიც კომპრომისზე წავიდოდა. როდესაც თავისი სტუდიის მინის კარი შეაღო, იქაურობა ჩვეულ სამუშაო რიტმში დახვდა. მაგიდებზე გაშლილი იყო სხვადასხვა პროექტის ესკიზები, კედლებზე კი მასალების ნიმუშები ეკიდა. მან პირდაპირ სათათბირო მაგიდასთან დაუძახა ალექსსა და თავის ძირითად ბირთვს — ხუთ გამოცდილ ოსტატს, რომლებიც მისი გუნდის ხერხემალი იყვნენ.— „ბიჭებო, გეგმები შეიცვალა. ისეთი მასშტაბის პროექტი გვაქვს, როგორზეც აქამდე არ გვიმუშავია,“ — კირამ ხუთსართულიანი შენობის ნახაზები მაგიდაზე გაშალა. — „არქიტექტორი დამიანეა. ის, ვინც კაფეში დაგვეხმარა. მას სურს, რომ მშენებლობა ნულიდან დავიწყოთ და ხუთივე სართული სრულად ჩვენ ჩავაბაროთ.“ ალექსი ნახაზებს დააცხრა. ყურადღებით ათვალიერებდა სართულებს: პირველი სართულის გასართობ ზონებს, საცხოვრებელ სართულებს და პანორამულ ლუქსებს მეხუთეზე. დანარჩენი ბიჭებიც ჩაერთნენ, ზოგი ელექტროობის სქემას აკვირდებოდა, ზოგიც კონსტრუქციულ ჭრილებს. — „კირა, ეს უზარმაზარი სამუშაოა,“ — თქვა ალექსმა და შუბლი შეიჭმუხნა. — „მხოლოდ ჩვენი გუნდით ამ ტემპში ვერ ჩავეტევით, თუ გვინდა, რომ დათქმულ ვადებში დავასრულოთ. დამიანე კი, როგორც ვიცი, დროს არ კარგავს.“ — „მე დაზღვევა და ჩვენი გუნდის სრული კონტროლი მოვითხოვე,“ — უპასუხა კირამ. — „ჰენდერსონი და დამიანე ყველაფერზე დაგვთანხმდნენ. ახლა თქვენი სიტყვაა.“ გუნდმა რამდენიმეწუთიანი მსჯელობა გამართა. ისინი ითვლიდნენ რესურსებსა და სამუშაო საათებს. ბოლოს, გუნდის უფროსმა ოსტატმა კირას შეხედა: — „კირა, ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაგრამ ერთი პირობით: კიდევ 15 კაცი უნდა დავიმატოთ. ჩვენი სანდო ხალხია, პროფესიონალები. მხოლოდ ასეთი გაფართოებული შემადგენლობით შევძლებთ, რომ მშენებლობა მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად დავასრულოთ. ხუთი სართული ნულიდან — ეს ხუმრობა არაა, მით უმეტეს, როცა ასეთი რთული პირველი სართული გვაქვს მოსაწყობი.“ კირამ თავი დაუქნია. ის ელოდა ამ მოთხოვნას. — „გასაგებია. 15 კაცი დაგვემატება. მთავარია, ყველა თქვენი კონტროლის ქვეშ იყოს. მე ხვალვე ვაცნობებ დამიანეს, რომ გუნდი იზრდება და ვადების დასაჩქარებლად დამატებით ძალას ვიყენებთ.“ ალექსმა გაიღიმა და ნახაზს ხელი დაჰკრა. — „მაშინ, ხვალიდან ობიექტზე ვართ. ვნახოთ, როგორ გაუძლებს არქიტექტორი ჩვენს ტემპს.“ კირა თავის სამუშაო მაგიდასთან დაბრუნდა. მან იცოდა, რომ ხვალიდან მისი ცხოვრება მშენებლობის მტვერსა და ხმაურში გადაინაცვლებდა, მაგრამ ამავე დროს, გრძნობდა უცნაურ აზარტს. დამიანესთან თანამშრომლობა მისთვის გამოცდა იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


