ნადირობა (თავი მეოთხე)
ავტ. შენიშვნა: ნაწარმოებში ხსენებული თემი, სალხინებელი რეალურად არ არსებობს. მასში შეგხვდებათ საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი სიტყვები, წეს-ჩვეულებანი თუ ლანდშაფტი. რიტუალთა ნაწილი გამოგონილია, ისევე, როგორც მმართველობის სისტემა. მოვლენები ჩვენ საუკუნეში ხდება, მაგრამ სიუჟეტის თავისებურებიდან გამომდინარე, მკითხველი შეიძლება დააბნიოს პერსონაჟთა ცხოვრების წესმა და მეტყველებამ. ეს არის სამყარო, სადაც ავტორის ფანტაზია ერთმანეთში აქსოვს ქართულ, ბერძნულ, რომაულ მითოლოგისაც. ამბავი ნახევრად სიურეალისტურია, სალხინებელში შეხვდებით ყველაფერს, რაც ქართულ რეალობაში უკვე გინახავთ. გუბაზმა ხელები დაიბანა და სარკეში საკუთარ გამოსახულებას კუშტი მზერა ესროლა. ანარეკლი დაქანცული ჩანდა, მისი ხშირი წვერ-ულვაშით დაფარული სახე ჟამთა სვლას ოდნავ მოეტეხა, ღრმად ჩამჯდარი, ონიქსის ქვებივით მობრიალე თვალები უძილო ღამისგან გათანგულიყო. ამ ზაფხულს ხორბლის კარგი მოსავალი იზეიმეს სალხინებელში, თუმცა ხაბაზი ვანოს ყანას ცეცხლი გაუჩნდა და ლამის სარჩოს გარეშე დატოვა მისი რვასულიანი ოჯახი. ბატონს მაშინვე ავად ენიშნა ეს ცეცხლი, თავისი ფეხით მიადგა ვანოს და გადამწვარი მიწა მისხალ-მისხალ დაათვალიერა. ბენზინის ბიდონი ადგილზე დაეტოვებინა დამნაშავეს, ზედ უცნაური, რქიანი ფიგურა იყო წითელი საღებავით მიხატული. გამწარებულ ვანოს ეს ფიგურა თვალში არც მოხვედრია, ბატონი კი საგონებელში ჩააგდო. აგერ, ამ დღეებში კიდევ ერთი უბედურება დატრიალდა. მერძევე გოგიას ვენახი ვიღაცამ საშინელი სისასტიკით გაჩეხა და ბიდონის მსგავსად, ცული ადგილზე დატოვა. გუბაზი სამკითხველო ოთახში დაბრუნდა და ცული კიდევ ერთხელ აიღო ხელში. ჩვეულებრივი, ხისტარიანი და მჭრელპირიანი იარაღი იყო, ვერაფრით გამოარჩევდით, რომ არა ტარზე ამოკვეთილი იგივე ფიგურა, რომელმაც ერთხელ უკვე გაუჩინა ბატონს ზედმეტი სადარდებელი. გუბაზი გამოძიების დაწყებას აპირებდა, მაგრამ ხელჩასაჭიდი არაფერი ჰქონდა, ის უფრო აინტერესებდა, კალე ბარათაშვილმა საიდან გაიგო ვენახის ამბავი და რანაირად იყო მასში გარეული. ბიჭის საბჭოში გამოჩენას კი მიჰყვა გოგიას ვენახის განადგურება, თუმცა დამნაშავე ასე უტიფრად გამოაცხადებდა სხოდმაზე, ბატონს მნიშვნელოვანი საქმე აქვსო? იქნებ თავის ირგვლივ ეჭვის გაქარწ....ბას ცდილობდა კალე, ანდაც, ამგვარად დასცინოდა გუბაზს და მთელ თემს, ცხვირწინ გყავართ და ვერაფერს მიმიხვდითო? ტყავის სავარძელზე გადაწვა ბატონი, თავში ფიქრებს ორომტრიალი გაემართათ. განსაკუთრებით ემძიმა ბატონობის ჯვარი გუბაზს, თითქოს დაჩიავდა კაცი, დანაოჭებულ მოხუცს დაემსგავსა და ამოიოხრა. გუბაზი შუათანა შვილი და უმცროსი ვაჟი გახლდათ, იგი ბატონობისთვის არ დაბადებულა. როგორც ყველა ანდრონიკაშვილთა ოჯახის მამაკაცი, ისიც სიყრმიდანვე შეისწავლიდა ნადირობის, იარაღთა გამოყენების ხელოვნებას, მითოლოგიას, თემის წეს-ჩვეულებანს, ერთი სიტყვით, ყოველივეს, რაც შეიძლება ბატონის ოჯახს დასჭირვებოდა. ამის მიუხედავად, გუბაზს უფროსი ძმა ჰყავდა, რომელსაც სულ იმას ჩასძახოდნენ, შენგან დიდი ბატონი დადგებაო და აკვანშივე აჰკიდეს პასუხისმგებლობათა გუდა. მალხაზ ანდრონიკაშვილი გუბაზზე ხუთი წლით ადრე, საშინელ ქარიშხალში მოევლინა ქვეყანას და ბუნებითაც ამ ქარიშხალს დაემსგავსა. ურჩი, ცელქი და ხიფათიანი ბავშვი იყო, გუვერნანტს არასოდეს ემორჩილებოდა, გაკვეთილებს აცდენდა და თავის საყვარელ ფაშატს თემში აღმა-დაღმა დააქროლებდა. რაც უფრო ხშირად ახსენებდნენ, ბატონი უნდა გახდეო, მით უფრო მეტად გიჟდებოდა, თითქოს ჭკუიდან გადადიოდა და გაველურებული ცხოველივით აწყდებოდა კედლებს, რომლებიც მის გარშემო სალხინებელს აეგო. გუბაზმა იცოდა, რომ მის ძმას არასოდეს სდომებია ბატონობა, რომ ეს მოვალეობა თავს მოახვიეს და შეაზიზღეს, რომ მალხაზს მხოლოდ თავისი ცხენით ქვეყნიერების შემოვლა ეწადა. მოგეხსენებათ, ადამიანის ყოფას ამგვარი ბორკილი გაუსაძლისს ხდის, მით უმეტეს, ისეთ თავისუფალ სულს, როგორიც მალხაზ ანდრონიკაშვილი იყო. თუმცა, საკითხავია, ასეთი თავისუფალი იქნებოდა უფროსი ანდრონიკაშვილი მაშინაც, მისთვის რომ სული არ შეეხუთათ შეგონებებით და თავის ნებაზე მიეშვათ? ბევრჯერ უკითხავს გუბაზს საკუთარი თავისთვის, იქნებ ძალით გააველურეს მშობლებმა, მასწავლებლებმა, ხალხმა, მთელმა თემმა მალხაზი, იქნებ თავად გამოჭედეს მისგან თავისუფლების მახვილი? გუბაზი ძმას აღმერთებდა, აოცებდა მისი დაუდგრომელი სწრაფვა თავგადასავლებისადმი. მალხაზს სურდა ენახა დედამიწის ყველა კუთხე-კუნჭული, მისნაირებს არასოდეს ეყოფოდათ სალხინებელი, ეს თემი მალხაზის სიცოცხლის სიყვარულს ვერ დაიტევდა. საინტერესოა, ისინი, ვინც ასეთი მოჭარბებული ვნებით ელტვიან სიცოცხლეს, როგორ ადრე ჩაჰყავს ხოლმე ხსენებულ ვნებას სამარეში. ხათუნა ანდრონიკაშვილს ათი წელი რომ შეუსრულდა, მშობლებმა დიდი დღეობა გამართეს, გუბაზი იმ დროისათვის უკვე თექვსმეტი წლის, ახლადშეღერებული ჭაბუკი, დაიკოს ზურგზე შემოსკუპებულს დაატარებდა და პატარებს ართობდა. სათამაშო მშვილდ-ისარიც კი გამოუთალა გოგონას. ხათუნა ძმებივით მომხიბლავი არ იყო, შავტუხას და გაჩხინკულს სახეზე სულ დაბნეულის გამომეტყველება ჰქონდა აკრული. სამაგიეროდ, ბატონის ერთადერთი ქალიშვილი უზომოდ მხიარული იყო, კისკისა, ლაღი, როგორიც უნდა გახლდეთ ყოველი ათი წლის ბავშვი. მას არც ბატონობის ტვირთით უმძიმებდნენ მხრებს და არც მეორე ვაჟად ყოფნის ჩრდილში ყოფნისგან არ აციებდა. ხათუნა თავისი ჭრელა-ჭრულა კაბებით, კრემიანი ნამცხვრებითა და დედოფალებით ტკბებოდა. მაშინდელ ბატონს, მალხაზის, გუბაზისა და ხათუნას მამას, ვახტანგ ანდრონიკაშვილს სმა ძალიან უყვარდა. შვილის დღეობაზე მთელი სალხინებელი მოიწვია და ისე მაგრად გამოთვრა, როგორც მამა საბას სჩვეოდა ხოლმე სალხინებლის ყრილობებზე, გასვენებაში, ნათლობებსა თუ ქორწილებში. ვახტანგი ყანწს ყანწზე ცლიდა და ღრეობა არც მაშინ შეწყვიტა, როდესაც ხათუნამ გუბაზს სთხოვა, დამაწვინე და ზღაპარი წამიკითხეო. არც მაშინ, როდესაც ცოლმა სთხოვა, შუაღამეც მიიწურა და მოდი, ვინც დარჩენას აპირებს გავუშლი ლოგინებს, ბატონი ხარ და მასპინძელი, შენ აღარ უნდა დალიოვო და არც მაშინ, როდესაც მისმა მემკვიდრემ და უფროსმა ვაჟმა სანადიმო დარბაზიდან გაპარვა დააპირა. გუბაზს ახლაც ცხადად ედგა თვალწინ, კართან მისულ მალხაზს როგორ შეასწრო მამამისმა თვალი. ვახტანგი ფეხზე ბარბაცით წამოდგა, სასმისი ასწია და ნახევარი ღვინო ზედ თეთრ ჩოხაზე გადაექცა. საფერავით თვრებოდა ბატონი და ლოყები ისე უღაჟღაჟებდა, გუბაზს ეგონა მსხმოიარე პომიდვრის ბაღს უყურებდა. -ოო, ჩემი სიამაყე!-წამოიძახა ვახტანგმა და თითი მალხაზისკენ გაიშვირა. გუბაზს არასოდეს დავიწყებია, როგორ გაუთეთრდა მალხაზს მაღალი ღაწვები, გეგონებოდათ, სისხლისგან მთლიანად დაიცალაო. მხრებში გაიშალა და მამისკენ მიტრიალდა. იყო რაღაც მის მოძრაობაში დამღუპველად მშვენიერი და განწირული, მნახველის გულში ქარიშხლის წინ ჩამოვარდნილი სიჩუმესავით მძიმედ წვებოდა ეს გრძნობა. ამგვარი განცდა ნადირობისას ეუფლებოდა ხოლმე გუბაზს, სასხლეტის გამოკვრამდე რამდენიმე წამით ადრე, როდესაც სასიკვდილოდ განწირულ ცხოველს უმზერდა. -სად მიიპარები შვილო!-სლოკინით გამოაცხადა ვახტანგმა და თან ხელი ნაპატივებ ღიპზე დაიტყაპუნა.-შენი დის დღეობიდან ადრე მიდიხარ? -ხათუნას დღეობა უკვე დიდი ხანია დამთავრდა, ბატონო!-კბილებს შორის გამოსცრა მალხაზმა. -მე ისევ სუფრასთან ვზივარ, სანამ მე არ ვიტყვი, არაფერი დამთავრებულა! მე ბატონი ვარ! თუ მომინდა, გეტყვით, რომ ზღვა წითელია და თავს დამიქნევთ!-ვახტანგი თითქმის ცახცახებდა, ირგვლივ ყოველივე ძრწოლვას აეტანა თითქოს. გუბაზის ამონასუნთქი ჰაერიც კი დაძაბულობისგან ირხეოდა. -შეიძლება დაგეთანხმონ, მაგრამ ზღვა არ გაწითლდება.-მიუგო მალხაზმა. გუბაზს მოუნდა, თვალები მაგრად დაეხუჭა, თითქოს რაღაც საშინელების მოსმწრე შეიქმნებაო ცოტა ხანში. უცნაურია, მაგრამ გახედვა არ შეეძლო. მალხაზს თვალს ვერ აშორებდა. ბიჭი შესახედად საამო ვაჟკაცი დამდგარიყო. შავი, თეთრყაწიმებიანი ჩოხა ემოსა და ასეთივე შავი თმა-წვერი ამშვენებდა. ძლიერ წააგავდა სებე ბიძამისს. ისეთივე ცქვიტი ცეცხლი ედგა ძარღვებში. ვახტანგი შვილს მიუახლოვდა. დარბაზი გაისუსა. -აი, ისე გაწითლდება, როგორც დაგიბარებია!-თითები გაატკაცუნა ბატონმა. -არ გაწითლდება,-ზიზღიანი ღიმილით აეპრიხა ვაჟს ტუჩი.-შენი ფარა დაიჯერებს გაწითლდაო, მაგრამ მაინც არ გაწითლდება. ვახტანგს სახეზე ალმურმა გადაჰკრა, მოტრიალდა, სასმისი მოისროლა და ელვისებურად, თავისი სიმსუქნისა და სიმთვრალისათვის შეუფერებელი სისწრაფით, გაშლილი მარჯვენა მოუქნია ვაჟს. გუბაზმა სიმწრისგან ისე წამოიკვნესა, თითქოს მასაც ალიყური აჭამეს. მალხაზი შეცბა, ტკივილისა და გაოგნებისაგან ყბა მოერღვა, ბროწეულის ყვავილისფრად უღვიოდა მამა-ბატონის ნათითურები ღაწვისთავზე. ვერავინ გაბედა ფეხზე წამოდგომა და ბატონისთვის ხელის ხლება. გუბაზმა ნაბიჯი წინ გადადგა, მაგრამ უკან დაიხია და მომუშტულ ხელებზე დაიხედა. მალხაზმა ერთხელ გამოხედა ძმას, მაგრამ გუბაზმა ხორბალივით ჩაქინდრა თავი. მემკვიდრეს ირონიულმა ღიმმა გადაურბინა შეურაცხყოფილ სახეზე, ჩოხა შეისწორა და მამის ფეხებთან დააფურთხა. სანამ ვახტანგი აზრზე მოსვლას მოასწრებდა, მალხაზმა პირი იბრუნა და დარბაზიდან შურდულივით გავარდა. ნოემბრის ბოლო იყო, ზამთრის სუსხშეპარული და წვიმიანი ღამე. გუბაზი დედამ შეაჩერა. -არავინ გაჰყვეს!-დაიღრიალმა ვახტანგმა. მალხაზ ანდრონიკაშვილი კი თავის ცხენს მოახტა და უმისამართოდ გააჭენა, წვიმა გახურებულ ლოყას უგრილებდა, ნატკენ ადგილს სიშავე წყვდიადივით ეპარებოდა. ეშმაკმა უწყის, სადამდე აჭენა ბატონის უფროსმა ვაჟმა იმ ღამეს თავისი ფაშატი, რა დაუნდობლად უჭირა მათრახი საწყალ ცხოველს, რამდენჯერ ჰკრა დეზები ან სად მიაგელვებდა ტატოს მერანივით. დილით, კლდეზე გადაჩეხილი იპოვნეს მალხაზის ტალახიანი სხეული. თავის საყვარელ ცხოველთან ერთად მომკვდარიყო. გუბაზმა ნახა, პირველი მიეახლა ძმის დამტვრეულ გვამს. ტალღებისა და ქვების შეხვედრის ადგილთან ჩაჩეხილიყო ქარვისთვალება და თავის მხედართან ერთად დაელია სული. კისერი მოსტეხოდა ვარდნისას მალხაზს და დაცემულისთვის ნახევრად ჩამოერეცხა ზღვას ტალახი და შავი სისხლი. გუბაზი მაშინ პირველად მიხვდა, რომ სურვილები ზოგჯერ ძალიან ბოროტად უსრულდებოდათ ადამიანებს. მუდამდღე იმის ოცნებაში გახლდათ, რომ თავად გამხდარიყო ბატონი და აი, ახლა ძმის დარტყმული საფეთქლიდან გადმოსული სისხლის წვეთები მამის ჩოხაზე დამჩნეულ საფერავს რა ძლიერ ჰგავდა. რა მწარედ დასცინა ბედმა, თითქოს ძმის სიცოცხლით იყიდა გუბაზმა სალხინებლის ბატონობა. ვახტანგი ვაჟის სიკვდილმა ერთი ხელის დაკვრით გამოცვალა. მოქეიფე და მოღაჟღაჟე ბატონისგან არაფერი აღარ დარჩენილიყო, როდესაც ღმერთს სული მიაბარა და გუბაზს ბატონის ეკლიანი გვრიგვინის გადაულოცა. გუბაზი მტანჯველი ფიქრებიდან ცოლის ხმამ გამოარკვია. ანა წამოსდგომოდა თავზე. -გენაცვალე, გოგიაა მოსული. ბატონი წამში გაიმართა, შუბლზე ჩამოყრილი თმა გადაიწია. -შემოუშვი.-ხმა ოდნავ ჩახლეჩვოდა. ანა ლანდივით გაქრა ოთახიდან და მისი ადგილი გოგიამ დაიკავა. სანდომიანი, პატიოსანი კაცი ვენახის გაჩეხვას თითქოს მოეტეხა. თვალები აწყლიანებოდა, ბატონის წინაშე თავის დაჭერა უჭირდა, ხელში ძველი ქუდი ეკავა და წამწაუწუმ თოკივით გრეხდა. -საღამო მშვიდობისა გოგია.-დაიბუბუნა ბატონმა. -მშვიდობა თქვენდა ბატონო!-კაცი წელში მოიხარა. -უნდა მაპატიო გოგია, ჯერ-ჯერობით, ვერაფერი გავარკვიე. არ ვიცი, ვინ მოგვექცა ასე უღმერთოდ, მაგრამ იცოდე, შენი ვენახი, ჩემი ვენახია, თემის ვენახია! ჩვენი გასაჭირი საერთოა და სამართალს ვერავინ გაექცევა. გოგიამ მადლობის მსგავსი რაღაც წაილუღლუღა. -ეს გამომართვი.-კონვერტი გააცურა გუბაზმა.-მთელი წლის სარჩოს ვერ შეედრება, მაგრამ ზამთარს გადაგატანინებთ, დამნაშავეს ვიპოვო გოგი! ვიპოვი და დავსჯი! გოგიამ კონვერტი აიღო და ჯიბეში ფრთხილად ჩაიცურა. -მადლობა ბატონო! რა გვეშველებოდა უთქვენოდ! მაინც ვინ გამწირა ასე, ვის რა დავუშავე?! -გავიგებთ.-მხარზე ხელი დაჰკრა გუბაზმა.-წინაზე გთხოვე, არავისთვის არ მოგეყოლა ეს ამბავი, ვინმესთვის ჰომ არ გითქვამს? -არა.-თავი გააქნია გოგიამ.-შვილებმაც არ იციან, მაშინვე თქვენთან გამოვემართე. ბარათაშვილების ბიჭმა იცის მხოლოდ, კალემ.-გუბაზი შეიშმუშნა.-გვერდით მაგათი ვენახია, რომ მივედი, ხელში რაღაც ლენტი ეჭირა, წითელი. -რა ლენტი?-გუბაზი დაიძაბა. -ვაზისთვის შეუბამთ, ზედ ეგ რაღაც ოხრობაა ახატია, რაც ცულის ტარზე იყო. მკითხა, აქამდე თუ შეგხვედრია სადმე ეს ნიშანიო, მე ვუთხარი, ბიჭო, თავი რამეს ხო არ მიარტყი, აბა გახედე, რა დღეში ჩამაგდეს, ნიშნისთვის მცხელა მეთქი? ეგრე მითხრა, მე მგონი, ჩემი ვენახი მონიშნეს, შეიძლება დაბრუნდნენო. მარა, მაგათი ვენახი ისედაც მიგდებულია, მერე აქამდე მომაცილა და მითხრა, ბატონს გადაეცი ჩემი ვარაუდიო. -რატომ არ მითხარი მერე?-წარბი შეიკრა გუბაზმა. -დამავიწყდა.-დარცხვენით თქვა გოგიამ.-ძალიან ვინერვიულე, ეგ ბიჭი აღარც მახსოვდა. -კარგი, გოგია კარგი, არა უშავს.-დაუყვავა ბატონმა. გუბაზმა გადაწყვიტა, სხდომის მერე, ცალკე დალაპარაკებოდა კალეს. გოგია გააცილა და ბეშქენს დაუძახა, ვაჟისთვის ყოველივე უნდა ეამბნა, თორემ ბიჭი თავს ისევ ისე შეირცხვენდა, როგორც ბოლო საბჭოს შეკრებაზე. *** სექტემბერი იწურებოდა და სალხინებელში საგრძნობლად აცივდა. კალეს უზარმაზარ სახლში, სავსებით მარტოს უფრო მეტად სციოდა. დამხმარე ქალს შუადღით უშვებდა ხოლმე სახლში, ამიტომ სახლში სინათლესაც არ ანთებდა. ახლაც, ყველაზე დიდ საძინებელში იჯდა და ნახევრად გადაწეული ფარდა ოთახში მთვარის სუსტ სინათლეს აპარებდა. კაცი გადაღლილი ჩანდა, მაგიდაზე უწესრიგოდ დახვავებულ წიგნებს შორის გაყვითლებული, ძველი წერილები მოჩანდა. კალე იმ სიმბოლოს პოვნას ცდილობდა, მაგრამ ვერსად მიაგნო. ლამის მთელი კვირა ბაბუის ძველი ჩანაწერების და ბიბლიოთეკის ჩხრეკაში გაატარა და ცოტა მიწისფერი გადაჰკრავდა. საქმით გართული კალე იმედოვნებდა, რომ თუთა გარკვეული დროით მაინც მიავიწყდებოდა, თუმცა გოგონას ტუჩები ხსენებულ სიმბოლოსთან ერთად დათარეშობდნენ მის გონებაში. მარნიდან გამოსვლისას, მანამ, სანამ კატო და თაია ჩანთებს იღებდნენ, პაატა საგრძმობლად მთვრალ ლადოს მანქანაში ტენიდა და თუთას რაღაცას ეჩურჩულებოდა. გოგონა ეშმაკურად უცინოდა და თავს უკან-უკან წევდა. მიახლოებულმა კალემ მისი საამო ხმა გაიგონა. -გთხოვ, პაატა, საცოლე გყავს… -შემიძლია ახლავე დავშორდე.-ვნებამორეულმა პაატამ ზედ თუთას ტუჩებთან დაიჩურჩულა. კალემ საკუთარი თავი ეჭვიამობაში გამოიჭირა და იუკადრისა. ცოტა ხნის წინ გაცნობილი ქალი ასე რატომ ადარდებდა? -მერამდენედ?მერამდენედ?-სახე მოარიდა თუთამ და ზედ ნამდვილად შეწუხებული გრიმასა გამოესახა. -თუთა.. -გეხვეწები, წადი!-გოგონამ ხელი მკერდზე მიადო. -თუთა!-ანგარიშმიუცემლად დაუძახა კალემ. პაატამ ბრაზით გააღრჭიალა კბილები. -ჰოუ! -კატო გეძახის! ქალი წამში გაუსხლტა პაატას ხელიდან და კალეს ხელკავი გამოსდო.-შეხვედრამდე!-პაატას ხელი დაუქნია. -აბა, მადლობას ველოდო?-გადაუჩურჩულა კალემ. -იქნებ ხელი შემიშალე?-წარბები აწია თუთამ. -პაატასთვის კოცნის იდეით ასეთი არფრთოვანებული ხარ?-ირონიულად შენიშნა ბიჭმა. -ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედია არც აქამდე იყო, ალბათ ახლაც არ იქნებოდა.-მიუგო თუთამ. -მიბრუნდი თუ ასე გინდა! -ნუ ჯიჯღინებ! კატო და თაია ისევ შიგნით იყვნენ, თუთას შესცივდა. -მალე!-შესძახა გოგოებს. -გაგაცილებთ. -არ გვინდა, ჩემთან წამოვა ორივე.-მოუჭრა ქალმა. ანაზადად, კალემ იგრძნო, რომ მთვრალი იყო, თუთას სიახლოვისგან მოგვრილ სიმთვრალეს თითქოს მთელი საღამო ებრძოდა, ახლა კი ფეხქვეშ ერთიანად გაუწვა. კაცი დაიხარა და ქალს აკოცა. ეს არ იყო წინასწარ გაანგარიშებული, გათვლილი კოცნა, იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ორივე გაოგნდა, თუმცა, ამავდროულად, თითქოს ყოველივე იმისთვის ხდებოდა, რომ ბოლოს ეს ამბორი შემდგარიყო. თუთა უკან გახტა, კალემ ისევ აკოცა. გეგონებოდათ, კი არ კოცნის, უბრალოდ სუნთქავსო. თუთა ისევ გაიწია და უნებურად გაეღიმა, კალე ისე ჰკოცნიდა, როგორც ორღობეში მეზობლებისგან მალულად შემოპარული ბიჭი. გოგონას მოეჩვენა, რომ ამ კოცნას ელოდებოდა, თან რაღაც ძალა აიძულებდა, მორცხვი პატარა გოგოსავით უკან დაეხია. მესამედ განმეორებულმა კოცნამ სცენას კომიკური ელფერი შესძინა და თუთას ამჯერად გაეცინა. სასმელი სახეზე აწვებოდა. -დაგვინახავენ, თან მთვრალი ხარ, მეც მთვრალი ვარ! გეყოფა!-დაისისინა ქალმა. კალეს ფხუკუნი აუტყდა მის სანახევროდ გაბრაზებულ სახეზე. -რა ამბავი დაიწიე?!-ქოთქოთით გამოვიდა კატუშა.-საპირფარეშოში ვიყავით! -კინაღამ ჩანთა დამრჩა.-ფეხდაფეხ გამოჰყვა თაია.-წავედით? თუთამ ალეწილი სახით შეხედა მეგობრებს, თუმცა, კალემ შეატყო, რომ გოგონამ მალევე დაიბრუნა მშვიდი გამომეტყველება და კალეს აუღელვებლად გამოემშვიდობა. იმ დღის მერე, კალისტრატე ბარათაშვილს თუთას გახსენებაზე თითქოს სუნთქვა ეკვრებოდა, კოცნის იმპულსურობა არ აკვირვებდა, ის ჰომ მანამდეც იმას აკეთებდა, რასაც მოისურვებდა და ქალისა და კაცის ალერსში რა იყო ამდენად დასაფიქრებელი? თავს დაწყევლილივით გრძნობდა. ზღაპარში, უფლისწულის კოცნა მშვენიერ მზეთუნახავს სასიკვდილო ძილიდან თუ აფხიზლებდა, კაც ისეთი განცდა დაეუფლა, რომ მზეთუნახავის ბაგემ თავად მოაჯადოვა. *** საბჭოს სხდომამ ხმაურიანად ჩაიარა. თავადებს თავზარი დასცა ახალმა ამბებმა, ყველამ ერთხმა გადაწყვიტა, ვენახში მზვერავები გაეგზავნათ. ბეშქენი შუბლშეკრული და გამწარებული, მამას თვალებით ბურღავდა. გუშინ დიდხანს იწუწუნა, ლამის იყვირა კიდეც, რომ კალესთან საუბარს დასწრებოდა, მაგრამ გუბაზმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, არაფრით არ დათანხმდა ვაჟს. თავადებმა მდაბლად დაუკრეს ბატონს თავი და ბეშქენიც იძულებული შეიქნა, მამა კალესთან ერთად დაეტოვებინა. კალე ცალყბა ღიმილით ადევნებდა თვალს, თუ როგორ გაიხურა მხრებჩამოყრილმა ბიჭმა კარი. -ვაჟი გაანაწყენეთ.-მშვიდად თქვა, თუმცა ხმაზე ეტყობოდა, ბეშქენის წამება ართობდა. -არ მინდა, პოტენციური დამნაშავის დაკითხვაში ხელი შემიშალოს.-ცივად შეხედა კალეს გუბაზმა. კალეს ისეთი ხარხარი აუტყდა, რომ გუბაზი ლამის შეხტა. -დამნაშავე? მე?-კაცმა თითით თავის თავზე ანიშნა.-მომიტევეთ, მაგრამ ვენახს არაფერს ვერჩი, გოგიას საერთოდ არ ვიცნობ და სალხინებელში წლებია არ ვყოფილვარ. -ზუსტად ეგ მაფიქრებს.-გუბაზი წამოდგა და მაგიდას შემოუარა.-სალხინებელში ახალგაზრდა კაცი ძალაუფლებისთვის ჩამოდის. შენ მე არაფერს მერჩი, მაგრამ იქნებ გინდა, ღირსება შემილახო? შიში დასთესო, თემში ჩემ სიძლიერესთან დაკავშირებული რწმენა შეარყიო?-ბატონი აუღელვებლად საუბრობდა და კალეს თვალებით ბურღავდა. -შესაძლოა.-სიტყვა ჩამოართვა კალემ და გუბაზი შეიშმუშნა, რონელ ბატონს ეპიტნავებოდა, როდესაც აწყვეტინებდნენ.-შესაძლოა სერიული მკვლელივით ჩავერთე გამოძიებაში, შესაძლოა ჩემი ვენახიც სპეციალურად მოვნიშნე, რომ დაგაბნიოთ.-კალემ გრძელი, ლამაზი თითები შეაერთა.-თქვენ მე არ მენდობით, ეს გასაგებია. აქ არ გავზრდილვარ და თანაც, თავადი ვარ, რა თქმა უნდა, ძალაუფლება მინდა, განსხვავებული ხედვა მაქვს და ხშირად დაგიპირისპირდებით, ჩემგან ისეთ მორჩილებას ვერ მიიღებთ, როგორსაც მიჩვეული ხართ, მაგრამ, დამერწმუნეთ, ამ საქმესთან ხელი არ მაქვს.-ბატონმა კალეს ხმაში გულწრფელ ნოტთა ჟღერადობას მოჰკრა ყური.-უბრალო ვარ, ნება მომეცით,ერთგულება და სალხინებლისადმი პატრიოტული სულისკვეთებით გაჟღენთილი სიყვარული საქმით დაგიმტკიცოთ. უზრდელი მოგეჩვენებით, მაგრამ მახინჯი სიმბოლოების ხატვას ნუ დამწამებთ.-და ანგელოზივით გაუღიმა. -მაშ კარგი.-გუბაზმა ისევ მიაპყრო გამჭოლი მზერა.-მჯერა, რომ ამ ამბავში შენი ხელი არ ურევია. თუმცა აღარ შემომბედო რაიმეს დამალვა, არც საბჭოს წინაშე სცადო ჩემი დამცირება კალისტრატე.-გუბაზის სიტყვები ფოლადივით მტკიცე და მუქარით დაჟანგული, კალეს ყურს სჭრიდა. -შეხვედრამდე, ჩემო ბატონო.-ნახევრად მოდრიკა კალემ თავი და გუბაზმა გაიფიქრა, რომ ამ ბიჭს მართალია, დამნაშავედ აღარ მიიჩნევდ, თუმცა მისგან სიკეთეს მაინც არ ელოდა. *** -ვაი!-წამოიკივლა მეგიმ კოჭი დაიზილა.-ფეხი დამადგი იდიოტო!-თვალები დაუბრიალა ლადოს. გოგო ფეხმორთმით იჯდა და ხის ქერქს ტანით მიჰყრდნობოდა. ხელში წიგნი ეჭირა და ცეცხლის შუქზე კითხულობდა. ტყეში ჟრიამულით დაენთოთ კოცონი. კატო შამფურზე წამოგებულ სოსისებს ატრიალებდა, თაია ჭიქებში ლუდს ფრთხილად ასხამდა, სებე ცეცხლთან კატასავით მიწოლილიყო და ბიძაშვილს თავს აბეზრებდა. ბეშქენი სებემ, ფაქტობრივად, ქეჩოთი წამოათრია. ბიჭს ყოფილ შეყვარებულთან ერთად კოცონთან ჯდომა დიდად არ უხაროდა, მაგრამ თითქმის ყველა მის ნაცნობს ტყეში მოეყარა თავი და სებე ამის გამოტოვებას არაფრის დიდებით არ აპირებდა. ტყეში დაახლოებით ექვსი კოცონი ენთო, სალოცავთან ახლოს, გიორგობას შეკრება თემის ტრადიციად დიდი ხნის წინ იქცა. თუმცა, ნოემბრის სიცივე ძვალ-რბილში ატანდა და ტყეში საქეიფოდ ამოსვლით თავს ახალგაზრდები იქცევდნენ, დანარჩენები, ბატონის ეზოში ნადიმს ამჯობინებდნენ ხოლმე. რთველის გარეშე ჩავლილმა სექტემბერ-ოქტომბერმა ისედაც ძლიერ დაამწუხრა სალხინებლელები, ამიტომ გუბაზმა საარაკო სუფრა გაშალა, ზამთრის მეჯლისამდე თემის გასახალისებლად. მამა საბა სუფრის თავში დაბრძანდა და ფოფოდიას ერთი გვარიანად უთავაზა, ამაღამ თავი დამანებე, ბოლომდე უნდა მოვილხინოო. ანა ბეშქენისა და სებეს ტყეში წასვლით უკმაყოფილი იყო, თუმცა რას გააწყობდა, სებეს თავისი ნების გატანის უცნაური ნიჭი ჰქონდა. ბატონს კი სახლში გამართული სუფრა უფრო ანაღვლებდა. ერთ კოცონთან მთლად ბავშვები ისხდნენ, დამამთავრებელ კლასებში ძლივს იქნებოდნენ, ბეშქენს ძველი, ტკბილი დრო მოაგონდა, მაშინ თუთას ჩუმად უყურებდა ხოლმე და თუ ხელს ჩაჰკიდებდა, გოგო მაშინვე აშვებინებდა ცივი გულგრილობით, მაგრამ ცეცხლის ალი ტრფობისგან გაბრწყინებულ თვალებს გაუნათებდა ხოლმე და ბიჭსაც სიამეს ჰგვრიდა გაყინული თითების თუნდაც წამიერი შეხება. ახლა კი თუთა ხავსისფერ მწვანე ზედაში გამოწყობილი, თითქოს ტყეს შეზრდოდა. მისი თვალების ფერს ირეკლავდა ჩამოცვენილი ფოთლები და თავისივე ნაქსოვი მაისური. გოგონას ხელში ლუდის ჭიქა ჩაებღუჯა და სხვებისგან განცალკევებით მიმჯდარი, ფიქრიანად გაჰყურებდა ჩაბნელებულ ბილიკს. ახლაღა შეამჩნია ბეშქენმა, რომ ლადომ ის საზიზღარი კალე ბარათაშვილი მოათრია. კაცი მამამისისს ნადიმზე ეგულებოდა, მაგრამ ეს შტერი ლადო დიდად დაუმეგობრდა და სულელივით ყველგან ეპატიჟებოდა. ისიც, რასაკვირველია, უარს არ ეტყოდა. ვერ იტანდა ბეშქენი, როცა წარმოიდგენდა, რომ კალე მათი გოგოების სიახლოვეს ტრიალებდა სვავივით. კატო, თაია და მეგი ლამაზები იყვნენ, მაგრამ ბეშქენს გული ყველაზე მეტად თუთაზე ეთანაღრებოდა. ამ ბიჭს არ ენდობოდა, არ იცოდა რატომ გამოჩნდა თემში, ორი თვის განმავლობაში ერთი საბჭოს სხდომაც კი არ გაუცდენია და ყველა შეხვედრისას ისე უყურებდა ბეშქენს, თითქოს მთელი არსით დასცინისო. კალე თუთას მიეახლა და იქვე ჩამოჯდა. -სალამი თუთა. გოგონა დუმდა. -იკადრე გამარჯობის თქმა?!-წაისისინა შხამიანადა და სახეზე ჩამოშლილი თმა გადაიყარა. -რა?-კალემ არ გაიოცა. -შემეძლო მეთვალთმაქცა, თითქოს არ შემიმჩნევია, როგორ ცდილობ თავი ამარიდო და უსალმოდ დამტოვო, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ასეთი თამაშებისთვის ძალიან გავიზარდე.-ქალი ჯიქურ მიაშტერდა.-ორი თვის წინ მაკოცე და მერე როგორც ხდება ხოლმე, თავი ისე დაიჭირე, თოთქოს არაფერი არ მომხდარა. კალემ პირი დააღო, მაგრამ სიტყვებს თავი ვერ მოუყარა. -იცი რა, მართლა არაფერი არ მომხდარა.-ძალიან წყნარად უთხრა თუთამ.-მე თვითონაც ვერ ვიტან მერე ლაპარაკს და განხილვას, უბრალოდ კეთროვანივით ნუ მექცევი, ეს დამამცირებელი იქნებოდა, რომ მადარდებდე, თუმცა არ მაინტერესებ და ამიტომ თავმოყვარეობაც არ მელახება.-მხრები აიჩეჩა. -მე მინდა ლაპარაკი.-ჩვეული კილო დაიბრუნა კალემ.-შენ თვითონ მერიდები ჭირიანივით. ქუჩაში გარბიხარ, ხალხში რომ მხედავ ნორმალურად არც შენ მესალმები და თავი ისე გიჭირავს, თითქოს არ მიცნობ. -რა დრამატული ხარ!-თვალები გადაატრიალა გოგომ. -ვილაპარაკებთ!-კატეგორიული ხმა გაუხდა კაცს. -არა! არაფერი არაა სასაუბრო. -თავი გააქნია ქალმა.-ახლა შენ ის ვერ აგიტანია, რატომ თავს არ ვიკლავ, აქაოდა, კოცნის მერე როგორ არ შემეხმიანე მეთქი და აქეთ შეგელახა თავმოყვარეობა. -რას ბოდავ?!-თვალები დაუწვრილდა კალეს.-მეტი გაურკვევლობა გაჩნდება, თუ არ ვისაუბრებთ. -რა გააჩენს გაურკვევლობას?-იხტიბარი არ გაიტეხა თუთამ.-შენ ახლა გგონია საოცარი და ყველასგან გამორჩეული ქალი აღმოაჩინე, უნდა მდიო და ტვინი გამიბურღო, ვერ ეგუები, რომ ზუსტად ისე გექცევი, როგორც თავად ექცევი ხოლმე ადამიანებს და იმხელა მნიშვნელობას არ განიჭებ, რომ შენ ქმედებებზე პასუხი მოგთხოვო. -ანუ კოცნა უბრალოდ კოცნაა?-ირონიულად აპრიხა კაცმა ტუჩი. -არა, მუხლები მიკანკალებს მას მერე შენ მოლოდინში.-დასცინა თუთამ. -იქნებ მართლა გიკანკალებს? აღიარე თუთა, გინდა ხვეწნა-მუდარა დაგიწყო და გდიო.-ქალისკენ გადაიხარა კაცი. -რა პრიმიტიულია.-თუთა არ გაწეულა.-გულის სიღრმეში, ალბათ მსიამოვნებს კიდეც ასეთი რაღაცები, მაგრამ ძალიან დამღლელია ჩემთვის ურთიერთობები. წესიერად მომესალმე ხოლმე და მორჩა, სხვა არაფერი არ მინდა. -არა, მე მაინტერესებს, რატომ ცდილობ ყოველთვის ყველა მოხიბლო, გარდა იმ ადამიანისა, ვინც მართლა მოგწონს?-არც კალე აპირებდა უკან დახევას. -მე მაინტერესებს, შენ საიდან მოიტანე, რომ შენდამი ძლიერი გრძნობა მწვავს?-ამჯერად თუთა დანებდა და წინადადების დასრულებისთანავე კალეს სახე მოარიდა. -უხერხულად ხარ. -იმიტომ, რომ მაწუხებ!-ლამის წამოიყვირა თუთამ.-ვერ ვიტან გრძნობებზე საუბარს, ამ სულელურ თამაშებს, არ მინდა ინტრიგები და გულის ბნედვები, დამანებე მეთქი თავი!-გოგო შლეგიანივით წამოხტა. კალეს სიცილი აუტყდა და გამწარებულ თუთას თვალი გააყოლა, ქალი უსიერ ტევრში გაუჩინარდა და ყურიც არ ათხოვა კატუშას, რომელმაც დაუყვირა, მოდი, შენი თეფში აქ დავდეო. *** სებე თუთას ზურგიდან მიეპარა. -ღმერთო!-ქალმა წამოიყვირა.-გული გამიხეთქე! ბიჭი ისეთი სისწრაფით დაწეფა თუთას ტუჩებს, რომ გოგონამ გააზრებაც ვერ მოასწრო, უკვე საპასუხოდ ჰკოცნიდა და სებეს ჩახუტებისაგან სუნთქვა ეკვროდა. ქალი ხმელი ფოთლების ხალიჩაზე დაეცა და გადაგორდა, სებეს ტუჩები მის ნაზ კისერს მისწვდნენ და თუთა გველნაკბენივით უეცრად წამოვარდა, კაცი მოიშორა და პირი ზიზღით მოიწმინდა. -სებე! რა ჯანდაბას აკეთებ?-გაუჯავრდა, თუმცა იმის უარყოფა არ შეეძლო, რომ წამის წინ თვითონაც ფალავანივით ჩაჰხვეოდა და დაბლა გორაობდა. -კარგი რა თუთა!-სებემ ამოიბუზღუნა.-არავის ვეტყვი, შენ და ბეშქენი ბავშვები იყავით და მე…მე სულ მომწონდი. -არა, საზიზღრობაა!-ქალს გააჟრჟოლა.-რა ბზიკმა გიკბინა? თუთას გულისრევის მძაფრი შეგრძნება ჰქონდა. საკუთარი თავის სიძულვილი განახლებული ძალისხმევით მოაწვა და მოუნდა ყველასგან გაქცეულიყო. რატომ, რატომ უპასუხა ბიჭს, რატომ აჰყვა წამიერ ვნებას, რატომ მოსწონდა ყოველთვის აკრძალული რაღაცების კეთება და რატომ ცდილობდა საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცებას, თითქოს კალე ბარათაშვილი არ მოსწონდა, რადგან სხვისთვის წარნშეუხრელად კოცნა შეეძლო. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ბიჭის დანახვისთანავე მიხვდა, სებე რასაც აპირებდა, მაგრამ მისთვის ხელი არ შეუშლია, შეეძლო დაერტყა, თავიდან მოეშორებინა ან მარტივად გარიდებოდა, დაბლა გაწოლის ნაცვლად. -თუთა, არაფერი დაშავდება… -კი.-თუთამ ტანსაცმელი ჩამოიფერთხა.-რატომ მაკოცე? -შენ თვითონ რატომ მაკოცე?-კითხვა შეუბრუნა სებემ. -სიმართლე გითხრა, მეც არ ვიცი.-ქალმა ამოიგმინა და უკან დაბრუნდა. *** ბატონი ლხინს დაღლილი სახით ადევნებდა თვალს. იმედს არ კარგავდა, წმინდა გიორგის შეწევნით მაინც იპოვნიდა დამნაშავეს, რომელმაც თემი ააწიოკა. ბეშქენიც გააფთრებით ცდილობდა რაიმე სამხილი მაინც მოეპოვებინა და კალე ბარათაშვილს ეჭვისთვალით უმზერდა. გუბაზს კალე მოსწონდა, მტკიცე იყო, თავდაჯერებული, მარტივად ვერ დააბნევდი და შეაშინებდი, საბჭოში სინათლის სხივივით შემოიჭრა. თუმცა ისიც კარგად მოეხსენებოდა ბატონს, რომ ნაპერწკალს სალხინებლის მთელი სისტემის გადაწვა შეეძლო, ამიტომ ბიჭს მუდმივად აკვირდებოდა. ქეთო გამწარებული დაარბენინებდა მძიმე, საჭმელ-სასმლით დახუნძლულ ლანგარს და ანას მითითებებს მორჩილად ასრულებდა. ბატონის ოჯახმა სტუმრებს სახლში გაატანა გემრიელი კერძები და ფაციფუცი საბოლოოდ მიწყდა. ანამ აუჩქარებლად ჩამოივარცხნა მუქი ხორბლისფერი თმა და ყრუდ დაილაპარაკა. -ბეშქენი და სებე გვიან დაბრუნდნენ. -ერთობოდნენ.-გუბაზმა ბალიში გაისწორა. სანამ ქალბატონი კიდევ რამეს იტყოდა, სახლში სისხლისგამყინავი ყვირილი გაისმა. გუბაზი წამოხტა და კიბე ლამის ერთი ნახტომით დაფარა, ბეშქენსა და სებეს დერეფანში გადააწყდა, ანაც კიბეზე ჩამორბოდა, ტანია გაოგნებული სახით გამოსულიყო თავისი ოთახიდან და ჩაჩი გვერდზე მოჰქცეოდა. საზარელი ხმა ეზოდან ისმოდა. *** ქარი ამოვარდა. მთვარე ღრუბლებში მიმალულიყო და ისე ბნელოდა, თვალთან თითს ვერ მიიტანდით. კალეს თავი სტკიოდა, გაბრუებულიყო. თუთა. ეს სახელი მის გონებაში ზარების რეკვასავით ჟღერდა. თითქოს უჟმური შეუჩნდა და ეძახდა. გაჩერდა, ავისმომასწავებელ სიჩუმეში ნადირის ყმუილი მოესმა. იმ ხის წინ იდგა, რომელსაც მაშინ ათვალიერებდა, სალხინებლის მარჩიელი რომ დაეჯახა. გაახსენდა, რომ ხეზე უცნაუეი ნაკაწრები შენიშნა. სიმბოლოს მსგავსი, მაშინ კარგად ვერ დააკვირდა, ახლაც ბუნდოვნად ჩანდა, გამოსახულება გადღაბნილიყო, ისეთივე დასრულებული სახე არ ჰქონდა, როგორიც ლენტზე და ცულის ტარზე, მაგრამ ძალიან ჰგავდა. კაცმა სახე უფრო ახლოს მიიტანა, მაგრამ იგრძნო, რომ მარტო არ იყო, ვიღაცის სუნთქვამ წამით ჟრუანტელი მოჰგვარა. სანამ შემობრუნებას მოასწრებდა, ვიღაც დაეტაკა და ძირს დააგდო, კალე კატასავით სხარტი იყო, სხეული მარდად მოიშორა ერთი დარტყმით და წამოიწია, წამოსასხამში გახვეული ადამიანი უკვე გარბოდა, კალე გაეკიდა და ხეს მიანარცხა. -ვინ ხარ?-დაუყვირა. უცნობი ყელში ეცა, კალე მის სახეს ვერ ხედავდა, დაფარული ჰქონდა და იმ ადგილას დაარტყა, სადაც სავარაუდოდ უცნობის ცხვირი ეგულებოდა. ძვლის ტკაცანს შეყვირება მოჰყვა, უცნობმა ხელი გაუშვა და კაცმაც მომენტით ისარგებლა, წიხლი მუხლში ჩაარტყა. ისევ ზურგიდან დაარტყეს, თავში რაღაც მძიმე მოხვდა და დაარეტიანა, აზრზე მოსვლა ვერ მოახერხა, უცნობი ისევ გაიქცა და კალე მეორე თავდამსხმელისკენ შებრუნდა, მაგრამ რაღაც ბასრი ჩაესო, ფერდს მაღლა, ნეკნებს ქვემოთ და ძირს დაეცა. ორივე ისე გაუჩინარდა წყვდიადში, თითქოს იქ არც არასოდეს ყოფილან. კალეს ყურები უწუოდა, ტვინის შერყევა ჰქონდა? ძირს დაგდებულ სისხლიან ქვას დახედა და ისევ მუხლებზე დაემხო. სისხლი სახეზეც ჩამოეწვეთა, მაგრამ მუცელში მიღებული ჭრილობა უფრო აშფოთებდა. *** თუთას სახლის ყველა ოთახში სინათლე ბრდღვიალებდა, გოგონა ბოლთას სცემდა, სავსებით გამოფხიზლებულს საკუთარი საქციელისგან მოგვრილი ბრაზი ჯერ ისევ ახრჩობდა. კატუშამ მკაცრად გააფრთხილა, თვითგვემა არ დამანახოო, თაიამაც დაამშვიდა, გაუაზრებლად აჰყევი და არაფერი საგანგაშო არ არისო, მაგრამ სებეს ტუჩების შეხება ისევ ზიზღნარევი ძრწოლვით ავსებდა. თაროზე წოგნებს შორის შეჩურთული თავისი დღიური გადმოიღო. “უკვე რამდენი კვირაა, ვსვამ. სიმთვრალის შეგრძნება საშუალებას მაძლევს ყოველივე მტანჯველი გულიდან ცოტა ხნით მოვიგლიჯო. სამყარო ისევ უიმედოა და თავზე მემხობა. ის დაბრუნდა, ჩემი მტარვალი დაბრუნდა. თითქოს ცხადად დავინახე, თავი წამოვწიე და მაყურებელივით ვუმზერდი გვერდიდან ჩემივე აჩრდილს, მეორე თუთას. გამიცინა და გამახსენა, რომ ლაღი, ძლიერი და შეუპოვარი გოგო არ ვარ. ქრონიკული თვითმკვლელი ვარ, ამაშიაც ხელმოცარული, მე ჰომ საქმე ბოლომდე არასოდეს მიმყავს. ტყუილად მეგონა, რომ ოდნავ მაინც განვიკურნე. ჩემი ეჭვი გამართლდა და საბოლოოდ გავტყდი. თითქოს ისედაც გაბზარული ვიყავი და ახლა ათას ნამსხვრევად დავიშალე. რატომ არ ვგიჟდები? ან, იქნებ, უკვე დიდი ხანია, რაც ჭკუიდან შევიშალე და უბრალოდ ვერ ვხვდები? მინდა ვიღაცამ მკლავები შემომხვიოს და დამამშვიდოს, რაც უცნაურია, რადგან ჩახუტებას ვერ ვიტან. ჩემთვის უფრო ადვილია თავდავიწყებით გაკოცო და მეორე წამს ისევ უცნობად გადაიქცე, ვიდრე გულში ჩაგიკრა. სიახლოვრ, რასაც ადამიანები ქვეცნობიერად ველტვით მაშინებს. მეტისმეტია და არ მსურს ნათლად გეჩვენო, თუმცა ვნება სიახლოვის იმიტაციაა, ოღონდ დამშეულზე მიღებული საჭმელივით მარტივი და მალე გაშიებს. შიმშილს, რომელსაც ჩემი ანორექსიიანი სული განიცდის ვნება ვერ მომიკლავს, თუმცა დროებით მაინც მიაყუჩებს. მერე კი ყველა მზიზღდება, ჩემი თავიც, ისინიც ვინც სურვილით მიმზერენ და ისინიც, ვისაც ვთვლი, რომ არ ვუნდივარ. ჩემი ბრალია, რომ სიყვარულს არ ვიმსახურებ, ჩემი ბრალია, რომ არ მინდა ნამდვილად გამიცნონ. ბოლოს მაინც ყველაფერი სრულდება და მოჩვენებითმა სიყვარულმა რატომ უნდა მატკინოს გული? არ მინდა ტყუილები, თითქოს ერთმანეთის სხეულის მოსაგდებად არ ვდევნიდეთ ურთიერთს და ვინმეს მართლა შეეძლოს სულის სიღრმეებში შესვლა. კოშმარებს ვხედავ. დემონი ჩემ სახეს იღებს და სისხლს მაფურთხებს, ვურტყამ, მაგრამ ტკივილს მე ვგრძნობ, ვტირი, ყველა მე მეჩხუბება და მარცხვენს. ღმერთო, ნუთუ არ შეგიძლია, სიზმრად მაინც მომივლინო ლამაზი, მშვიდი ზმანება? ვიცი, ვიცი უმადური ვარ, რამდენ სიცილს მჩუქნი? თცა, ტკივილი ნადირივით ღრიალებს და კისკისს ფარავს. თავს ვერ ვერევი, სუსტი ვარ. რატომ, რატომ გამაჩინე ასეთად, მეგრძნო ყველაფერი, მაგრამ მასთან გამკლავების უნარი წამართვი?!” თუთამ წერა ვეღარ გააგრძელა, კუჭზე თითქოს მთელი თავისი ნაღველი დაეხვა და ცოტა აკლდა, ზედ ფურცლებზს არ ამოენთხია. მისაღებში იჯდა და ნათურის სუსტ ზუზუნს უსმენდა. კარზე ვიღაცამ დააბრახუნა. გოგო შეხტა და მჭიდროდ შემოიხვია გრძელი ხალათი. -თუთა! კალე ვარ, გთხოვ, გააღე.-კაცის ხმაში რაღაც მეტად უცნაური იყო, თითქოს მცირედი სასოწარკვეთა და ცოტაოდენი ტკივილიც, თუმცა თუთა ამის მიზეზს ვერ მიხვდა. ქალმა კარი ფართოდ გამოაღო, მაგრამ გონებაში საკუთარ თავს წყევლიდა. რა დროს კალეს სტუმრობა იყო? ან როდის იყო, კაცები უბრალოდ სტუმრობდნენ შუაღამისას, ყოველგვარი ქვენა ზრახვების გარეშე? -იცი მაინც რომელი საათია? -გთხოვ, შემომიშვი. გვიანია, მაგრამ უნდა დამეხმარო.-ბიჭი გაფითრებული ჩანდა. თავი მშვიდად ეჭირა, მაგრამ თუთამ შეატყო, რომ წელში მოხრილიყო. -სათნოების სახლი არ მაქვს!-დაუცაცხანა. -შეიძლება, დღეიდან გახსნაზეც დაფიქრდე.-ჩაიდუდღუნა კალემ. -ყოველი შემთხვევისთვის, იცი, რომ აქ არ ცხოვრობ?-გესლიანად გაუღიმა თუთამ.-ისეთი სიხშირით მსტუმრობ, უკვე ეჭვი მეპარება, მდგმური მყავს და არ მახსოვს მეთქი! -ჯერ ერთი, ეს ჩემი მეორე სტუმრობაა, პირველად მხოლოდ პარმაღთან მოვედი.-აღნიშნა კაცმა და სახე შეეჭმუხნა. -ჰო, მხოლოდ იმიტომ, რომ გაგაბრუნე! სერიოზულად კალე, სალხინებელში ჯერ ახლა დასახლდი და მაინც უკვე იმაზე მეტჯერ მეწვიე, ვიდრე აქაურ კაცთა უმეტესობა! -მართლა?-ორონიულად ჩაეკითხა კაცი.-მე კი მგონია, სახლის კარი მრავალმა ჯენტლმენმა აგიტალახა! ვაი!-ბიჭმა უეცრად შეჰყვირა და ფერდში ხელი იტაცა. სწორედ ამ დროს შეამჩნია თუთამ, რომ თმა და წვერი სისხლით ჰქონდა დასვრილი. -რა გჭირს?-შეშფოთდა. -შემომიშვი და აგიხსნი. თუთა გაიწია და კალე გაჭირვებით შემოიზლაზნა, თუმცა წონასწორობა დაკარგა და რომ არა თუთას მკლავი, ხალიჩას ჩაეკონებოდა. -დაჭრილი ხარ?!-გოგონას არ უნდოდა, მაგრამ მისი კითხვა კივილს ჰგავდა, შემოხვეული ხელი თბილი, ბლანტი სისხლით დაუსველდა. -ასეც შეიძლება ითქვას.-კალემ ქურთუკი გადაიწია. -აქ დაწექი!-უბრძანა ქალმა და დივანზე ჩამოსვა, თვალის დახამხამებაში გახადა ქურთუკი და პერანგი ბოლომდე ჩახია. -რა სულსწრაფი ხარ, საყვარელო!-გაფითრებული და სისხლიანიც არ კარგავდა ჩვეულ ირონიულობას კაცი. -ღრმა ჭრილობა არ არის.-თუთას ყურადღება არ მიუქცევია, ფრთხილად დაადო თითები და მოეჩვენა, რომ კაცს გააჟრჟოლა.-უნდა გავწმინდოთ და გავკერო. -სამედიცინო განათლება გაქვს და მიმალავდი?-შეიცხადა კალემ და წამოიკრუსუნა. -შემიძლია კატოს ვუთხრა, საოპერაციოს ექთანია. კალეს სახე დაემანჭა და უარის ნიშნად გააქნია თავი. -ნუ გააღვიძებ. -მაშინ, მოგიწევს ჩემ განათლებას დასჯერდე.-გოგონამ შესაშური სიმშვიდით აიჩეჩა მხრები და საჭირო ინსტუმენტების მოსატანად წამოდგა.-იმპროვიზაცია მომიწევს, ყოველ დღე არ ვკერავ ჭრილობებს და არ იწუწუნო. კალე ფიქრობდა, რომ გოგონა დაეხმარებოდა, მაგრამ ასეთი თუთას ნახვას არ ელოდა. გოგონას მართალია ფერი თავადაც წაუვიდა და ხელები ოდმავ უცახცახებდა, თუმცა მაინც მოახერხა და ყველა საჭირო ნივთი მოიძია. -აგეწვება.-გააფრთხილა ქალმა და ბამბა ნაზად ჩამოუსვა. კალემ კბილი ბილს დააჭირა. -თავი კარგად გიჭირავს.-შეაქო. -გეგონა სისხლის დანახვაზე გული წამივიდოდა?-ჩაეკითხა თუთა და ნემსიც გაწმინდა. -ჩემი შიშველი სხეულის დანახვაზე უფრო.-თავი წამოწია კაცმა.-ვაი! -იწექი!-თვალები დაუბრიალა თუთამ. -კარგი, როგორც მიბრძანებ, მომწონს დომინანტი… -მოკეტე კალე!-გოგოს ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა.-თანაც, შიშველი არ ხარ, ნახევრად შიშველი ხარ. მე კი არც სიშიშვლის მეშინია და არც სისხლის. -ყოჩაღი გოგო.-დაიფრუტუნა კაცმა. -თუ არ გაჩუმდები, კაცმა არ იცის, ამ ნემსს სად გაგიყრი! ბებიაჩემი მკერავი კი იყო, მაგრამ მე ნაჭრის კერვაც არ მეხერხებოდა დიდად!-ქალმა შეუღრინა და მეათასედ გადაუსვა ბამბა. -საკმარისად სტერილური ვარ! დაიწყე ბოლოს და ბოლოს! სისხლიც შეჩერდა.-კალე გასწორდა. თუთას ხელი ძლივს შესამჩნევად უცახცახებდა, მაგრამ ხორცში ნემსი გაატარა. -თავი ყასაბი მგონია.-ჩაიბურტყუნა. -ჩემზე მეტად ჰგავხარ მომაკვდავს, მოჩვენებასავით ხარ გაფითრებული. -არ ხარ მომაკვდავი, თუმცა დიდი დრამატული მონაცემები გაქვს. -არ მკითხავ რა დამემართა?-კალემ მძიმედ სუნთქვდა და ვაჟკაცურად უძლებდა ტკივილს, მაგრამ თუთას ვაჟკაცობით უფრო იყო აღფრთოვანებული. ქალი კაბის არშიასავით კერავდა ხორცს და კალემ იცოდა, რომ სამედიცნო ნაკერი ასეთი არ იყო, მაგრამ იმაშიც ღრმად გახლდათ დარწმუნებული, რომ თუთა სისხლისგან დაცლის უფლებას არ მისცემდა. -რამე ძველბიჭურ გარჩევაში არ მოყევი იმედია.-თუთამ ტუჩი აიბზუა. სახე დაძაბულობისგან დანაოჭებოდა. -არა, მაგრამ მაინც არ მინდა, ვინმემ გაიგოს.-მიუგო კალემ და ნახევრად შეკრულ ჭრილობას დახედა. - ეგ ისედაც ცხადია. ჩემთან მოხვედი და არა ექიმთან. ოღონდ, რატომ გადაწყვიტე, რომ მე უნდა გადამერჩინე, ეგ უფრო მაინტერესებს. -შენი სახლი ახლოს იყო და სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი.-თუთა შეკრთა. კაცის სიტყვები ალალად ნათქვამს ჰგავდა. გაჭირვებით დაასრულა ნაკერი. შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და ამოიოხრა. გაიაზრა, რომ ლამის სუნთქვაშეკრული მუშაობდა. იარა შესახედად საშინელი, უსწორმასწორო და მახინინჯი იყო. -მადლობა. -ჯერ ადრეა, ანტიბიოტიკი დაგჭირდება.-თუთა იატაკზე დაჯდა.-ინფექცია… -თუთა!-კაცს მტკიცე ხმა ჰქონდა.-კარგად ვიქნები, მადლობა. ყოჩაღ, რომ პანიკაში არ ჩავარდი. -შენც ყოჩაღ, თავი კარგად გეჭირა.-გაიმეორა მისი ნათქვამი გოგომ. -ტარიელივით რაინდულად ავიტანე ტკივილი ჰომ? -არ გიტირია და ჩემ საღამურში დანახვისას გულყრაც არ დაგწყებია.-თვალი ჩაუკრა ქალმა. კალეს გაეცინა და წამოიკვნესა. -ფრთხილად!-ქალი წამოიმართა.-მარტო იმიტომ შემოგიშვი, რომ ჩემ პარმაღზე შენი უსულო გვამის პოვნა ვერაფერში წამადგებოდა, ამ დივანზე თუ მოკვდები არც ეგ იქნება სახარბიელო! წამით თუთა მართლაც გაავებულ ვეფხვს დაემსგავსა და კალეს თავქვეშ ბალიში რისხვით ამოუდო. -ყველაფერს მოგიყვები.-კაცი უხერხულად გადაბრუნდა.-თემში რაღაც ხდება, ვიღაც ბატონის წინააღმდეგაა. -შენ ხარ ბატონის წინააღმდეგ კალე. -ასეთი შესამჩნევია?! -ეს ლოგიკურია. თუმცა აქამდე მხოლოდ ვვარაუდობდი, მადლობა, რომ დამიდასტურე. მოდი, სხვასთან აღარ დაყრანტალო. -შენ ცოტა ხნის წინ ჩემ კანში იქექებოდი, მგონი ნდობა დაიმსახურე. -ოჰ, რა ბედნიერება!-ქალმა თვალები გადაატრიალა. -ეს ვიღაც სხვაა, მე ბატონის სისტემა არ მომწონს, მაგრამ ადამიანების ასაკუწად არ ჩამოვსულვარ.-გააგრძელა კაცმა. -როგორ დაგჭრა? -რაღაც ნიშნებს ტოვებს, ხეზე ვნახე ამოკვეთილი, ვაკვირდებოდი და ზურგიდან მომეპარა. -უი, მოგერია. -მეორეც იყო, ეს ახალი დეტალია.-კალეს ქუთუთოები ქვებივით ექაჩებოდა. -უნდა დაისვენო.-გადაჭრით უთხრა თუთამ.-კატოს ვკითხავ, კიდევ რა შეიძლება გავაკეთო, თუ ტვინის შერყევა გაქვს, ექიმთან უნდა მიხვიდე. -კატოს ენდობი? -კი.-მოუჭრა.-მაგრამ ჰიპოთეტურად ვკითხავ, არ ვეტყვი, რომ აქ ხარ სისხლის გუბეში გაწოლილი. ღებინების შეგრძნება ჰომ არ გაქვს? ან გარკვევით მხედავ? -ღმერთს მადლობა, ორ თუთას არ უჩანს ნახევარი მკერდი! თუთამ ჩახსნილ კაბა-პერანგზე დაიხედა და შეიკურთხა, ხალათი შეიკრა. -სანამ მე მოგკალი, დაიძინე. გონება დაკარგე? -არა. -დაიძინე, აქ ვიქნები და დროდადრო გაგაღვიძებ. -წადი თუთა, ნუ მიყარაულებ.-სთხოვა კალემ. -ჩემი სახლის ნებისმიერ ოთახში ვიჯდები შენი ნებართვის გარეშე. გაჩუმდი ახლა. -გოგომ ფეხები სკამზე შემოაწყო. კალე კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ძილმა წაართვა თავი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



