ნაცრისფერი ქალაქის სითბო ( V თავი)
ოქტომბრის დასაწყისი ედინბურგში ის პერიოდია, როცა ქალაქი ნელ-ნელა ოქროსფერი ხდება, ჰაერი კი ისე მძიმდება, რომ ყოველი ამოსუნთქვა იგრძნობა. მშენებლობაზე პირველი სართულის გადახურვა დაასრულეს. ბეტონი უკვე გამაგრდა და შენობამ პირველი რეალური მასშტაბი შეიძინა. იმ საღამოს, როცა ობიექტზე ბოლო პროჟექტორი ჩაქრა, დამიანე კირასთან მივიდა. კირა იდგა პირველი სართულის სვეტებს შორის და შორს, ქალაქის განათებებს უყურებდა. — „კირა, დღეს საკმარისია,“ — თქვა დამიანემ. მისი ხმა მშვიდი იყო. — „მინდა, რომ ერთი ადგილი გაჩვენო. არა როგორც არქიტექტორმა, არამედ... უბრალოდ, როგორც ადამიანმა.“ კირამ გაკვირვებით შეხედა. დამიანესგან ასეთ შეთავაზებას არ ელოდა. დამიანემ ის ქალაქის ძველ ნაწილში, ვიწრო, ქვაფენილიან ქუჩაზე მიიყვანა. მათ წინ პატარა, ფარული ტერასა გადაიშალა, საიდანაც ედინბურგის ციხესიმაგრე ხელისგულივით ჩანდა. იქ მხოლოდ ერთი მაგიდა იდგა, სანთლებითა და თეთრი ღვინით. ეს არ იყო „The Stone Rose“, სადაც მათი ისტორია დაიწყო, ეს იყო ადგილი, სადაც ქალაქის ხმაური აღარ აღწევდა. — „ეს ჩემი საიდუმლო ადგილია,“ — თქვა დამიანემ, როცა კირას პალტოს გახდაში მიეხმარა. — „აქ მოვდივარ ხოლმე, როცა მინდა დავივიწყო ნახაზები, ბეტონი და ვადები.“ კირა დაჯდა. ოქტომბრის ცივი სიო უბერავდა, მაგრამ მაგიდაზე დადებული პატარა ცეცხლი სითბოს აფრქვევდა. — „მეგონა, შენს გონებაში მხოლოდ ხაზები და კუთხეები არსებობდა,“ — ჩაეღიმა კირას. მან ღვინის ჭიქა აიღო და დამიანეს შეხედა. — „აქაურობა საოცარია. ციხესიმაგრე ისე ჩანს, თითქოს ზღაპარში ვართ.“ — „ხაზები სტრუქტურაა, კირა, მაგრამ შენ დამანახე, რომ შენობას სული სჭირდება,“ — დამიანე ოდნავ წინ გადაიხარა. სანთლის შუქი მის სახეზე თბილ ჩრდილებს ტოვებდა. — „დღეს, როცა პირველი სართულის გადახურვა დავასრულეთ, მივხვდი, რომ ამას შენ გარეშე ვერ შევძლებდი. არა იმიტომ, რომ კარგი დიზაინერი ხარ... არამედ იმიტომ, რომ შენმა ენერგიამ ეს მშენებლობა ცოცხალ პროცესად აქცია.“ კირამ იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული. ეს აღარ იყო საქმიანი საუბარი. დამიანეს მზერაში ისეთი სითბო იკითხებოდა, რასაც აქამდე მხოლოდ მის ნახაზებში მალავდა. — „მეც იგივეს ვგრძნობ,“ — აღიარა კირამ დაბალი ხმით. — „ხანდახან მგონია, რომ ჩვენი შეხვედრა იმ კაფეში... არ იყო შემთხვევითი. თითქოს ეს შენობა მხოლოდ მიზეზია, რომ ერთად რაღაც უფრო დიდი შევქმნათ.“ იმ საღამოს მათ აღარ უსაუბრიათ ბოულინგზე, ლიფტებსა და მასალებზე. საუბრობდნენ ბავშვობაზე თბილისში, ედინბურგის ნისლიან დილებზე და იმ ოცნებებზე, რომლებიც ნახაზებს მიღმა რჩებოდა. სექტემბრის ცაზე ვარსკვლავები გამოჩნდნენ, ქალაქი კი მათ ფერხთით ისვენებდა. როდესაც დამიანემ კირა სახლამდე მიაცილა, კართან შეჩერდნენ. — „ხვალ ისევ ობიექტზე, შვიდ საათზე?“ — იკითხა კირამ ღიმილით. დამიანემ ხელი მოჰკიდა და ნაზად აკოცა ხელზე. — „არა, ხვალ და ეს რამდენიმე კვირა დაისვენე იქ მოსვლისგან და მხოლოდ მასალებზე იფიქრე და აარჩიე ხარისხიანი და საუკეთესო.“ კირამ გაუღიმა და დაემშვიდობა თან დამიანეზე ფიქრები ეპარებიდა გონებაში. კირამ ტანსაცმელი გაიხადა, თითქოს მასთან ერთად დღის მთელი დაღლილობა და მშენებლობის მტვერიც მოიშორაო. ცხელი აბაზანის შემდეგ, სველი თმითა და თეთრი ხალათით საწოლზე გაწვა. ოთახში სიჩუმე იდგა, მხოლოდ ფანჯრის მიღმა ედინბურგის ქარის ხმაური ისმოდა, მაგრამ კირას მზერა ჭერის ერთ წერტილზე გაყინულიყო. მისი ფიქრების ერთადერთ სახელს დამიანე ერქვა. კირას გაეღიმა, როცა გაახსენდა მათი პირველი შეხვედრები. თავიდან დამიანე მას ისეთივე ცივი, გრუბი და მიუკარებელი ეჩვენებოდა, როგორც ის გოთიკური შენობები, რომლებსაც არქიტექტორი ასე გულმოდგინედ ხაზავდა. მასთან მუშაობა თავიდან აბსოლუტურად წარმოუდგენელი ეგონა — თითქოს ორი სხვადასხვა სტიქია შეჯახებულიყო: მისი ქაოტური შემოქმედებითი ენერგია და დამიანეს მათემატიკური სიზუსტე. თუმცა, ახლა, როცა თვალებს ხუჭავდა, კირა სულ სხვა დამიანეს ხედავდა. ამ ყინულოვანი ნიღბის მიღმა მან საკმაოდ ყურადღებიანი, საოცრად მზრუნველი და, რაც ყველაზე მეტად აკვირვებდა, მხიარული მამაკაცი აღმოაჩინა. კირას სახეზე სიმხურვალემ გადაუარა, როცა დამიანეს ის მწარე, ირონიული ხუმრობები გაახსენდა, რომლებითაც მამაკაცი ხშირად სპეციალურად აბრაზებდა. ეს იყო მათი უცნაური თამაში — დამიანე მას წონასწორობიდან აკარგვინებდა, მერე კი თბილი მზერით აკვირდებოდა, თითქოს ამით მის ნამდვილ ემოციებს ეძებდა. „როგორ მოახერხა ასე ახლოს მოსვლა?“ — გაიფიქრა კირამ და ბალიშს მაგრად ჩაეხუტა. დამიანე მისთვის უკვე აღარ იყო მხოლოდ პარტნიორი ობიექტზე; ის გახდა ადამიანი, რომლის „გამოცნობაც“ კირასთვის ყველაზე საინტერესო პროექტად იქცა... დამიანე კირას სახლის სადარბაზოსთან დაემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა. ძრავა დაქოქა, მაგრამ მაშინვე არ დაძრულა. საჭეს ხელები ჩაჭიდა და სიბნელეში გაიღიმა — ისე ფართოდ და გულწრფელად, როგორც მხოლოდ მაშინ იღიმოდა, როცა არავინ უყურებდა. კირას სურნელი, ნაზი და მშვიდი, თითქოს ჯერ კიდევ ტრიალებდა მანქანის სალონში. მისი ფიქრები კირას ირგვლივ ტრიალებდა, როგორც პლანეტები მზის გარშემო. დამიანესთვის ქალი თავიდან მხოლოდ „ნიჭიერი დიზაინერი“ იყო, მაგრამ ახლა მიხვდა, რომ კირა მისი ცხოვრების ყველაზე მოულოდნელი და ლამაზი მოვლენა იყო. მასში ყველაფერი მოსწონდა: ის, თუ როგორ იბრძოდა თავისი გუნდისთვის, როგორ ეჯიბრებოდა პროფესიულ საკითხებში და როგორ უბრწყინდებოდა თვალები, როცა თავის იდეებზე საუბრობდა. დამიანესთვის კირა იყო სითბო, რომელმაც მისი ცივი, ბეტონისა და ნახაზებისგან აგებული სამყარო გაათბო. ტელეფონის ზარმა ფიქრები გაუწყვიტა. ეკრანზე მისი მეგობრის — ლიამისა სახელი აციმციმდა. — „დამიანე, სად დაიკარგე, ? 'Old Bell'-ში ვართ, გამოვიარე, ერთი ჭიქა ლუდი დავლიოთ,“ — გაისმა ლიამის ხმა. დამიანეს უარის თქმა უნდოდა, მაგრამ მიხვდა, რომ ემოციებისგან დაცლა სჭირდებოდა. ათ წუთში უკვე პაბის კუთხეში იჯდა. — „რა გჭირს, ძმაო?“ — ჰკითხა რობიმ და დამიანეს დააკვირდა. — „მშენებლობაზე საძირკველი კი არა, ოქროს საბადო ხომ არ იპოვე? სახიდან ღიმილი არ ჩამოგდის, ასეთი არასდროს გვინახავხარ.“ დამიანემ სცადა სერიოზული სახე მიეღო, ლუდი მოსვა, მაგრამ ისევ გაეღიმა. — „უბრალოდ... პროექტი კარგად მიდის,“ — თქვა მან და მზერა აარიდა. — „არ დაიჯერო!“ — გადაიხარხარა ლიამმა. — „პროექტის გამო ასე არავინ იღიმის. აბა, თქვი, ვინ არის? ის ქართველი გოგოა, არა? დიზაინერი? რობ, ნახე, როგორი ყინულივით არქიტექტორი გვყავდა და როგორ დადნა თვენახევარში!“ — „მოკეტეთ,“ — ჩაიცინა დამიანემ, თუმცა არ უარუყვია. — „ის უბრალოდ... სხვანაირია. იცით, როგორი? აი, უკუნით სიბნელეში რომ მოულოდნელად ნათელ წერტილს იპოვი, ეგეთია. ხანდახან ისე მაბრაზებს თავისი სიჯიუტით, რომ მინდა ობიექტიდან გავაგდო, მაგრამ იმავე წამს მინდა, რომ არსად წავიდეს.“ მეგობრები გაოცებულები უყურებდნენ. დამიანე, რომელიც ყოველთვის მხოლოდ ციფრებითა და ვადებით საუბრობდა, ახლა პოეტს დამსგავსებოდა. — „დამიანე, მგონი შენს 'ბეტონის გულში' პირველი ბზარი გაჩნდა და იქიდან მზემ გამოანათა,“ — დაასკვნა რობიმ და ჭიქა მიუჭახუნა. დეკემბრის ედინბურგი ნამდვილ ყინულოვან ტყვეობას ჰგავდა. ფანჯრის მიღმა ჩრდილოეთის ცივი ქარი დაუნდობლად დაჰქროდა და ნაცრისფერ ცას თეთრი, ფიფქებად ქცეული ნესტი სცვიოდა. შიგნით, კირას სამზარეულოში კი სრულიად სხვა სამყარო იყო — სითბო, ახლად მოხარშული ყავის არომატი და ის საქმიანი აურზაური, რომელიც მათ დილას ყოველთვის დინამიურს ხდიდა. კირა მაგიდასთან იჯდა, ხალათში გამოწყობილი, ცალ ხელში ყავის ჭიქა ეჭირა, მეორეთი კი ტაბლეტის ეკრანზე მასალების ცხრილებს გადასცემდა. ალექსი მის პირისპირ იჯდა, აუჩქარებლად საუზმობდა და თან კირას სატელეფონო მოლაპარაკებებს ღიმილით უსმენდა. — „დიახ, მესმის, რომ გზები მოყინულია, მაგრამ მასალები ობიექტზე დღესვე მჭირდება... არა, ხვალ გვიანი იქნება! ბიჭები მოცდებიან,“ — ამბობდა კირა ტელეფონში და თან ალექსს ანიშნებდა, შაქარი მომაწოდეო. — „კეთილი, ველოდები შეტყობინებას.“ მან ტელეფონი მაგიდაზე დადო და ამოიოხრა. ალექსმა ჩაიცინა და ყავა მოსვა. — „კირა, ცოტა შეანელე. ხომ ხედავ, გარეთ რა ხდება? ედინბურგი გაიყინა. ბიჭებს ვუთხარი, რომ დღეს ტემპი დააგდონ. ასეთ ყინვაში ბეტონთან მუშაობა და ხარაჩოებზე სიარული რისკია. 15 თვე გვაქვს, არსად გვეჩქარება,“ — თქვა ალექსმა მშვიდად. — „ვიცი, ალექს, უბრალოდ მინდა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდეს,“ — კირამ სველი თმა უკან გადაიწია და საზურგეს მიეყრდნო. — „დამიანემ მითხრა, რომ ხარისხი პრიორიტეტია და თუ საჭიროა, დეკემბერში მხოლოდ შიდა სამუშაოებით შემოვიფარგლოთ. არ მინდა, ჩემი მიზეზით რამე დაფერხდეს.“ — „დამიანეზე ნუ ნერვიულობ,“ — ეშმაკურად ჩაიღიმა ალექსმა. — „ის კაცი ობიექტზე შენზე ადრე მივიდა. დილით რომ დავურეკე, მესამე სართულის სვეტებთან იდგა და თერმომეტრს უყურებდა. მითხრა, კირას გადაეცი, თბილად ჩაიცვას, თორემ ობიექტზე ისეთი ქარია, მის დიზაინერულ იდეებსაც გაყინავსო.“ კირას თბილად გაეღიმა. დამიანეს ხსენებაზე მუცელში ის ნაცნობი ფორიაქი იგრძნო. — „ისევ თავის ამპლუაშია, ხუმრობას არ იშლის,“ — თქვა კირამ და საათს შეხედა. — „ალექს, მართალი ხარ. მოდი, დღეს არ დავაძალოთ. 20 კაცი ისედაც ბევრს ასწრებს. მეორე სართულის შიდა ტიხრებზე გადავიყვანოთ ბიჭები, იქ ქარი მაინც არ შეაწუხებთ.“ ალექსმა თავი დაუკრა და საუზმე დაასრულა. — „ეგრე ჯობია. ახლა კი წადი, გამოიცვალე. ნახევარ საათში გავდივართ. დამიანე ალბათ უკვე ათასჯერ დახედავდა საათს.“ კირა საძინებლისკენ წავიდა. გზად სარკეში საკუთარ თავს შეხედა. თვალები უბრწყინავდა. ეს აღარ იყო მხოლოდ მშენებლობა — ეს იყო პროცესი, სადაც ყოველი ცივი დეკემბრის დილა დამიანესთან შეხვედრის მოლოდინით თბებოდა. ობიექტზე მისულებს ნამდვილი ზამთრის სურათი დახვდათ. მშენებლობის შესასვლელთან, სადაც ბეტონის მტვერი და თოვლი ერთმანეთში არეულიყო, დამიანე იდგა. მისი შავი პალტო თოვლისგან ოდნავ გათეთრებულიყო, ხელში კი პლანშეტი ეჭირა, რომელზეც ალბათ ტემპერატურის ცვლილებას აკვირდებოდა. როგორც კი კირამ მანქანიდან გადმოდგა ფეხი და ჩაფხუტი მოირგო, დამიანეს მზერა მაშინვე მისკენ წავიდა. მიუხედავად ყინვისა, მის თვალებში ისევ ის ნაცნობი, ირონიული ნაპერწკალი აინთო. — „ოჰ, დიზაინერმა ინება და ყინულოვან სამეფოს ეწვია?“ — დაიწყო მან, როგორც კი კირა მიუახლოვდა. — „ალექს, მეგონა შენი პრინცესა მეგობარი, თბილ პლედში იყო გახვეული და ფერად კატალოგებში იძირებოდა. აქ ისეთი ქარია, კირა, მეშინია შენი ნატიფი დიზაინერული ფიქრები ედინბურგის ყურემდე არ მიიტანოს.“ კირამ თვალები აატრიალა, თუმცა სახეზე ღიმილი მაინც მოეფინა. — „შენ კი, როგორც ვხედავ, ისევ თოვლის კაცის როლში ხარ, დამიანე. მირჩევნია ქარში ვიდგე, ვიდრე შენს 'თბილ' კომპლიმენტებს ვუსმინო ოფისში. რა ხდება? ალექსმა მითხრა, მესამე სართულზე მუშაობა შევაჩერეთო.“ დამიანემ პლანშეტი გათიშა და კირასთან ახლოს მივიდა. ისე ახლოს, რომ გოგონამ მისი სუნთქვის სითბო იგრძნო. — „ტემპი დავაგდეთ. ბეტონს არ უყვარს ყინვა, ისევე როგორც მე — უხარისხო საქმე. 15 თვე გვაქვს და მირჩევნია ახლა რამოდენიმე კვირა დავისვენოთ, ვიდრე მერე მთელი სართული თავიდან დასასხმელი გაგვიხდეს. ბიჭები შიდა ტიხრებზე გადავიდნენ. მინდა, რომ დღეს მეორე სართულზე ავიდეთ და მომავალი ნომრების სივრცე დავათვალიეროთ... სანამ სულ არ გაყინულხარ.“ ისინი დროებითი კიბით მეორე სართულზე ავიდნენ. იქ მხოლოდ ბეტონის სვეტები და გადახურვა იყო, თუმცა კირასთვის ეს უკვე საცხოვრებელი სივრცე ჩანდა. ქარი აქ უფრო ძლიერად ქროდა. — „შეხედე,“ — დამიანემ ხელით შორს, ნისლიანი ქალაქისკენ მიუთითა. — „აქედან შენი 'მწვანე' და 'სპილენძისფერი' იდეალურად გამოჩნდება. მართალი იყავი, ეს ფერები ამ ნაცრისფერ ცას გააცოცხლებს.“ კირამ გაკვირვებით შეხედა. დამიანესგან აღიარება იშვიათი იყო. — „შენ რა... ახლა კომპლიმენტი მითხარი? ჰიდროიზოლაციაზე არაფერს იტყვი?“ დამიანემ ჩაიცინა, კირასკენ შებრუნდა და ქარისგან დასაცავად მხრებზე ხელი მოხვია. — „დღეს — არა. დღეს მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ეს მშენებლობა იმაზე მეტს მაძლევს, ვიდრე უბრალოდ შენობაა. საღამოს, როცა ობიექტს დავკეტავთ, ჩაიზე ხომ არ დამეწვეოდი?“ — „თუ არ დამცინებ ჩემი წითელი ცხვირის გამო — მოვალ,“ — უპასუხა კირამ და თავი მის მხარს მიაყრდნო. — „პირობას ვერ ვდებ,“ — ჩასჩურჩულა დამიანემ, — „მაგრამ გპირდები, რომ იმ ცხელ ჩაისთან ერთად რაღაც უფრო მნიშვნელოვანზეც ვისაუბრებთ, ვიდრე არმატურის კვანძებია.“ დამიანემ პროჟექტორების შუქზე შეკრებილ ბიჭებს გადახედა. ოცივე მამაკაცი, ყინვისგან აწითლებული სახეებითა და დაორთქლილი სუნთქვით, არქიტექტორისგან მორიგ დავალებას ელოდა. კირა იქვე, დამიანეს გვერდით იდგა, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და თბილად უყურებდა თავის გუნდს. დამიანემ ხელთათმანები გაისწორა და ხმას აუწია, რომ ქარის ზუზუნი გადაეფარა. — „ბიჭებო, ყურადღება!“ — დაიწყო მან. მუშები გაჩუმდნენ. — „ვიცი, რომ ბოლო ოთხი თვე ექსტრემალურ რეჟიმში იმუშავეთ. საძირკველიც გვაქვს, კარკასიც იზრდება და ტემპიც იდეალურია. მაგრამ ედინბურგის ზამთარი თავისას შვრება. ბეტონს დასვენება სჭირდება და, რაც მთავარია, თქვენც გჭირდებათ დასვენება.“ ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს. ალექსმა წარბი ასწია. — „დღეიდან ობიექტს ვკეტავთ,“ — განაგრძო დამიანემ და ოდნავ გაიღიმა. — „სამი კვირა ისვენებთ. ახალ წელს ობიექტზე არავინ მინდა ვნახო. წადით სახლებში, ოჯახებთან. სამუშაოებს მხოლოდ 7 იანვარს განვაახლებთ. კირა და ალექსი პრემიებისა და ხელფასების საკითხს დღესვე დახურავენ.“ მშენებლობაზე წამიერი სიჩუმე ჩამოწვა, რომელსაც მალევე მხიარული შეძახილები და ტაში მოჰყვა. ოცი კაცის მხრებიდან თითქოს ის დიდი სიმძიმე ჩამოვარდა, რასაც ყოველდღიური ბრძოლა ჰქვია. — „აბა, გესმათ? მოშორდით აქაურობას, სანამ დამიანეს გადაუფიქრებია!“ — გადაძახა ალექსმა ბიჭებს და კირას თვალი ჩაუკრა. როდესაც მუშებმა ნელ-ნელა დატოვეს ტერიტორია და ობიექტზე მხოლოდ სიჩუმე და ქარი დარჩა, კირა დამიანეს მიუბრუნდა. — „ეს მართლა კარგი ჟესტი იყო, დამიანე. არ ველოდი, თუ ასეთი 'დემოკრატიული' უფროსი იქნებოდი,“ — ჩაეღიმა გოგონას. — „უბრალოდ მინდა, რომ 7 იანვარს დასვენებული და ენერგიით სავსე ხალხი დაბრუნდეს,“ — უპასუხა დამიანემ, კირას ხელი მოჰკიდა და მანქანისკენ წაიყვანა. — „ახლა კი, რადგან ობიექტი ოფიციალურად დაკეტილია... ჩვენი სამკვირიანი არდადეგებიც იწყება. მგონი, ჩაის ნაცვლად, რაღაც უფრო საზეიმოზე უნდა ვიფიქროთ, არა?“დამიანემ მანქანის კარი გამოაღო, მაგრამ სანამ კირა ჩაჯდებოდა, შეჩერდა და თვალებში ეშმაკური ნაპერწკლით ჩახედა. — „იცი, დღეს ჩემი მეგობრები ერთ-ერთ პაბში იკრიბებიან,“ — თქვა მან ისეთი ტონით, თითქოს რაღაც ძალიან კონსპირაციულს სთავაზობდა. — „იმ საღამოს, როცა შენგან წამოვედი, ისე მექცეოდნენ, თითქოს რაღაც დანაშაული ჩავიდინე ასეთი ბედნიერი სახით რომ მივედი. ჰოდა, მგონია, რომ ახლა საუკეთესო მომენტია მათი ცნობისმოყვარეობა საბოლოოდ დავაკმაყოფილოთ. წამოხვალ?“ კირამ წარბები აზიდა. დამიანეს მეგობრები? ეს ნიშნავდა მის პირად სამყაროში კიდევ ერთი ნაბიჯით შეღწევას. — „ანუ, გინდა ოფიციალურად წარმადგინო, როგორც შენი 'სიჯიუტით აუტანელი' პარტნიორი?“ — ჩაიცინა კირამ. — „კარგი, თანახმა ვარ. მაინტერესებს, რას ჰყვები ჩემზე, როცა ობიექტის მტვერი შორს არის.“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


