ნაცრისფერი ქალაქის სითბო (Vl თავი)
პაბ „The Old Bell“-ში შესვლისთანავე სითბოსა და ძველი ხის სურნელმა თითქოს ყველანაირი დაძაბულობა გააქრო. კუთხის მაგიდასთან ლიამი და რობი უკვე ისხდნენ. როდესაც დამიანე და კირა დაინახეს, მეგობრებმა ერთმანეთს გადახედეს — მათთვის უცხო იყო დამიანეს დანახვა ქალთან ერთად. დამიანემ კირას გზა დაუთმო, თუმცა მათ შორის ისევ ის პროფესიული დისტანცია რჩებოდა, რომელსაც მხოლოდ თვალებში ჩამდგარი ეშმაკური ნაპერწკლები არღვევდა. — „არ მჯერა, დამიანე, შენ მართლა მოხვედი!“ — წამოიძახა ლიამმა და ფეხზე წამოდგა. — „ჰოდა, გაგვაცანი ეს გოგონა, რომლის გამოც პარასკევობით პაბში მოსვლა საერთოდ დაივიწყე.“ — „გაიცანით, ეს კირაა,“ — თქვა დამიანემ და კირას სკამი გამოუწია. — „კირა, ესენი ჩემი მეგობრები არიან. ფრთხილად იყავი, მათზე მეტს არავინ ლაპარაკობს მთელ ედინბურგში.“ კირამ გაიღიმა და მაგიდასთან მოკალათდა. — „სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. დამიანემ მითხრა, რომ სიმართლის მოყვარულები ხართ, ამიტომ მზად ვარ მოვისმინო — მართლა ასეთი სერიოზულია მეგობრობაშიც, თუ მხოლოდ... გარკვეულ სიტუაციებში?“ — მან დამიანესკენ ისე გააპარა მზერა, რომ ფლირტი აშკარა იყო. საღამო მხიარულად წარიმართა. ისინი საუბრობდნენ ყველაფერზე: ედინბურგის ფარულ ადგილებზე, მუსიკაზე და იმაზე, თუ როგორი „რობოტი“ იყო დამიანე სტუდენტობისას. — „იცოდე, კირა,“ — თქვა რობიმ ეშმაკური ღიმილით, — „ეს კაცი ადრე მხოლოდ ციფრებით სუნთქავდა. ახლა კი, როცა ვხვდებით, ისეთი რაღაცების შემჩნევა დაიწყო — მაგალითად, როგორი შუქი ეცემა ქალაქს მზის ჩასვლისას. მგონი, ვიღაცამ მისი 'მათემატიკური' სამყარო თავდაყირა დააყენა.“ დამიანემ ლუდის ჭიქა ასწია და კირას გადახედა. — „უბრალოდ... რაღაცები სხვა კუთხით დავინახე,“ — თქვა მან დაბალი ხმით და თვალი ჩაუკრა. — „ოჰ, ნუ ხარ ასეთი მოკრძალებული, დამიანე,“ — ჩაიცინა კირამ და ოდნავ ახლოს მიიწია. — „აღიარე, რომ ჩემს გამოჩენამდე შენი ცხოვრება ბევრად უფრო მოსაწყენი იყო.“ დამიანეს გაეღიმა — ეს იყო ის მშვიდი, ნამდვილი ღიმილი, რომელსაც მხოლოდ კირასთან აჩენდა. ის ხედავდა, როგორ მარტივად პოულობდა გოგონა საერთო ენას მის მეგობრებთან და როგორ ივსებოდა სივრცე მისი ენერგიით. მათ შორის ჯერ კიდევ ბევრი რამ იყო გამოუთქმელი, მაგრამ პაბის ხმაურში ეს ჩუმი ფლირტი ყველაზე საინტერესო თამაში ჩანდა. როდესაც მეგობრები ბართან გავიდნენ, დამიანე კირასკენ გადაიხარა. — „მგონი, ჩემზე იმაზე მეტი გაიგე დღეს, ვიდრე ვგეგმავდი. ცოტა მეშინია, რომ ამდენი ინფორმაციით ჩემს მანიპულირებას დაიწყებ“ — „მე? არასოდეს,“ — უპასუხა კირამ და თვალებში ეშმაკურად ჩახედა. — „მაგრამ მომწონს ეს 'არასამუშაო' დამიანე. უფრო... საინტერესოა.“ პაბიდან გამოსულებს ედინბურგის დეკემბრის სუსხი შემოეგებათ. ქალაქი უცნაურად დაყუჩებულიყო, თითქოს რაღაც ჯადოსნობის მოლოდინში სუნთქვას იკავებდა. დამიანემ მანქანის გასაღები ამოიღო, მაგრამ კირამ შეაჩერა. — „არ გინდა... მოდი, ფეხით წავიდეთ,“ — თქვა მან და ცას ახედა, საიდანაც პირველი, მძიმე ფიფქები ნელა ეშვებოდნენ მიწაზე. ისინი ძველ ქუჩებს გაუყვნენ. თავიდან ჩუმად მიაბიჯებდნენ, მხოლოდ მათი ნაბიჯების ხმა ისმოდა სველ ქვაფენილზე. თოვამ მოულოდნელად უმატა, ფიფქები ჰაერში აირია და ქუჩის ყვითელი ლამპიონების შუქზე თეთრ მორევად იქცა. დამიანე შეჩერდა, კირასკენ მიბრუნდა და სრულიად მოულოდნელად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ხელი ჩაჰკიდა. მან გოგონა თავისკენ ნაზად მიზიდა და დაატრიალა. გოგონას პალტო ფრიალებდა და მისი კისკისის ხმა ისმოდა, ფიფქები თმებში ეფინებოდა, დამიანეს მზერა კი იმაზე მეტს ამბობდა, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. — „მოიცადე, ერთი წუთით!“ — შესძახა კირამ, როცა დამიანემ გააჩერა. მან სწრაფად მოიხსნა მხრებიდან თბილი შარფი, იქვე, ქვის დაბალ გალავანზე დააფინა და ზედ ტელეფონი ისე მიაყუდა, რომ კამერას ორივე გამოეჩინა. ერთი თითის დაჭერით Sia-ს „Snowman“ ჩართო. საოცრად თბილმა ჰანგებმა ცარიელი ქუჩა აავსო. კირა დამიანესთან დაბრუნდა მამაკაცმა ხელი ნაზად ჩაჰკიდა მის ხელს და ისევ ატრიალებდა. ვიდეოს კადრში მხოლოდ ორი სილუეტი ჩანდა, რომლებიც თოვლში, მუსიკის რიტმზე ირწეოდნენ. დამიანე მას ისე ატრიალებდა, თითქოს ამ წამს მხოლოდ ეს წრე არსებობდა სამყაროში — ყოველგვარი მშენებლობის, ბეტონისა და ცივი არქიტექტურის მიღმა. კირა თვალებს ხუჭავდა და გრძნობდა, როგორ ეცემოდა სახეზე ცივი ფიფქები, დამიანეს ხელების სითბო კი ყველანაირ ყინვას აბათილებდა. ეს იყო მათი პირველი, ნამდვილი გაქცევა რეალობიდან, სადაც მხოლოდ მუსიკა, თოვლი და ის უთქმელი გრძნობა დარჩა, რომელიც მათ შორის ამ ოთხი თვის განმავლობაში ნელ-ნელა შენდებოდა. არდადეგების დაწყებიდან რამდენიმე დღეში კირას გეგმები მოულოდნელად შეიცვალა. საქართველოდან ოჯახური ამბების გამო სასწრაფოდ დაბრუნება მოუხდა, რაც საბოლოოდ ორთვიან განშორებად იქცა. მშენებლობაზე ტემპის შენელება ამ მხრივ იდეალური აღმოჩნდა — კირა საქმეებს დისტანციურად, თბილისიდანაც გაართმევდა თავს, თუმცა ემოციურად ეს ორი თვე ორივესთვის ნამდვილ გამოცდად იქცა. ედინბურგის აეროპორტში ციოდა. ალექსი და დამიანე კირას გასასვლელთან იდგნენ. ალექსი ხუმრობდა, ცდილობდა დაძაბულობა განემუხტა, ჩემოდნებზე ეხმარებოდა, მაგრამ დამიანე უჩვეულოდ დუმდა. — „იცოდე, კირა, ხინკლების სურათები არ გამომიგზავნო, თორემ აქედანვე გამოგყვები!“ — იცინოდა ალექსი. მან კირას მაგრად აკოცა და გვერდზე გაიწია, რომ დამიანესთვის დრო მიეცა. დამიანე მიუახლოვდა. ის არ იყო კაცი, რომელიც ემოციებს საჯაროდ აჩვენებდა, მაგრამ მის თვალებში რაღაც გატყდა. — „ორი თვე...“ — თქვა მან დაბალი ხმით. — „ობიექტი უშენოდ ძალიან ცივი იქნება, კირა.“ კირამ გაიღიმა, თუმცა თვალები აუცრემლიანდა. — „ხომ დამპირდი, რომ 7 იანვარს ბიჭებს დააბრუნებ და ჩემს ნახაზებს არ შეცვლი?“ — „გპირდები. ოღონდ შენ დაბრუნდი,“ — დამიანემ ხელი მოჰკიდა, წამით ისე მაგრად მოუჭირა, თითქოს გაშვება არ უნდოდა, და ბოლოს შუბლზე ნაზად აკოცა. თბილისური ზამთარი ედინბურგისაზე თბილი იყო, მაგრამ კირასთვის მაინც რაღაც აკლდა. მათი ურთიერთობა ვიდეოზარებსა და შეტყობინებებში გადავიდა. თავიდან ყველაფერი საქმით იწყებოდა. დამიანე აჩვენებდა ობიექტს, უყვებოდა, როგორ მიდიოდა შიდა ტიხრების მოწყობა. მალე საქმე მეორეხარისხოვანი გახდა. ისინი საათობით საუბრობდნენ ყველაფერზე. კირა თბილისის აივნიდან აჩვენებდა მთაწმინდის ნათებას, დამიანე კი — ედინბურგის წვიმიან ქუჩებს. სწორედ ამ ორმა თვემ დაანახა მათ, რომ ეს აღარ იყო მხოლოდ „სამუშაო რომანი“ ან უბრალო მოწონება. სიშორე იმ "ბეტონის კედლებზე" მყარი აღმოჩნდა. დამიანე მიხვდა, რომ კირას გარეშე მისი ცხოვრება ისევ ნაცრისფერ ფერებად გადაიქცა, კირამ კი გააცნობიერა, რომ დამიანეს ირონიული ხუმრობები და მზრუნველობა ის საყრდენია, რომელსაც ქვეცნობიერად მთელი ცხოვრება ეძებდა. ერთ-ერთი ზარის დროს, როცა თბილისში უკვე თენდებოდა, დამიანემ დიდხანს უყურა ეკრანს და თქვა: — „იცი, კირა... არასდროს მეგონა, თუ ვინმეს დანაკლისს ასე ფიზიკურად ვიგრძნობდი. მეგონა, შენობა იყო მთავარი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შენობა მხოლოდ მიზეზი იყო.“ კირამ ეკრანს ხელი ჩამოუსვა, თითქოს მის სახეს ეხებოდა. — „მეც... ზუსტად მასე ვარ, დამიანე. მინდა, რომ მალე მოვიდეს თებერვალი.“ ამ ორმა თვემ მათ შორის არსებული ნაპერწკალი დიდ ცეცხლად აქცია. მათ უკვე იცოდნენ — როცა კირა ედინბურგის მიწაზე ფეხს დადგამდა, ეს აღარ იქნებოდა მხოლოდ ორი კოლეგის შეხვედრა. თბილისში უკვე გვიანი ღამე იყო, ედინბურგში კი — ნაცრისფერი ბინდი. დამიანე თავის სამუშაო მაგიდასთან იჯდა, მის წინ მხოლოდ ლეპტოპის ეკრანი ანათებდა. ვიდეოზარი ჯერ კიდევ ჩართული იყო, თუმცა საუბარი კარგა ხნის წინ შეწყდა. კირას ტელეფონი ბალიშზე ედო. გოგონას ძილში თავი ოდნავ გვერდზე გადაეხარა, თმები სახეზე ჩამოშლოდა და მშვიდად, თანაბრად სუნთქავდა. მას დამიანეს ხმის მოსმენისას ჩაეძინა — ისე, თითქოს ეს ხმა მისი ყველაზე საიმედო თავშესაფარი ყოფილიყო. დამიანე იჯდა და გაუნძრევლად უყურებდა მას. მისი თითები, რომლებიც ჩვეულებრივ ასეთი მტკიცე და ზუსტი იყო ნახაზების ხაზვისას, ახლა ოდნავ კანკალებდა. მან ნელა ასწია ხელი და თითის ბალიშებით ეკრანს შეეხო, ზუსტად იქ, სადაც კირას ლოყა და დახუჭული თვალები ჩანდა. ისე ეფერებოდა ცივ მინას, თითქოს ამ შეხებით შეძლებდა ათასობით კილომეტრის იქით მყოფი გოგონას სითბო ეგრძნო. მისი მკაცრი ნაკვთები სრულიად მოდუნდა. ამ წამს აღარ არსებობდა არც არქიტექტურა, არც რკინაბეტონის კონსტრუქციები და არც ის გაყინული ობიექტი, რომელსაც კირას გარეშე სული არ ჰქონდა. დამიანე გრძნობდა, როგორ ევსებოდა გული რაღაც უცნაური, აქამდე უცნობი სიმშვიდითა და სითბოთი. მას არ უნდოდა ზარის გათიშვა. უნდოდა, მთელი ღამე ასე ეყურებინა, დაეცვა მისი ძილი ამ ვირტუალური ფანჯრიდან და დალოდებოდა თებერვალს, როცა ეს ეკრანი გაქრებოდა და მას რეალურად შეეხებოდა. — „ნეტავ იცოდე, როგორ მჭირდები,“ — ჩაიჩურჩულა მან ისე ხმადაბლა, რომ საკუთარი ხმაც ძლივს გაიგონა, და ეკრანს კიდევ ერთხელ, ნაზად გადაუსვა ხელი. კირას გაეღვიძა და მის წინ, ეკრანზე დამიანე ჩანდა, რომელსაც მაგიდაზე ჩაძინებოდა. კირა ფრთხილად ადგა, რომ ზედმეტი ხმაურით მისი ძილი არ დაეფრთხო. ტელეფონი ისე დადო, რომ სამზარეულოში ყავის მომზადებისას ან ოთახში მოძრაობისას ეკრანისთვის თვალი არ მოეწყვიტა. გული საოცარი სითბოთი ჰქონდა სავსე; უყურებდა დამიანეს და უკვირდა, როგორ შეიძლებოდა ეს მკაცრი, რკინისებური არქიტექტორი ასეთი მშვიდი და "თავისი" ყოფილიყო. მოწესრიგდა, მაკიაჟიც კი გაიკეთა, მაგრამ ზარი არ გაუთიშავს. ყოველ რამდენიმე წუთში ეკრანთან ბრუნდებოდა და ამოწმებდა, ხომ არ გაიღვიძა. დამიანეს ისევ ისე ეძინა, მკლავზე თავდადებულს, ლეპტოპის ცივ შუქზე. ბოლოს, კირამ ვეღარ მოითმინა. მასთან დალაპარაკების სურვილი იმაზე ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე მისი ძილის დაფრთხობის შიში. — „დამიანე...“ — ჩუმად, თითქმის ჩურჩულით დაუძახა. ეკრანზე გამოჩნდა, როგორ შეირხა კაცი. დამიანემ ნელა გაახილა თვალები, ჯერ ვერ მიხვდა სად იყო, მერე კი ეკრანზე მომღიმარი კირა დაინახა და მაშინვე გაეღიმა — ისეთივე გულწრფელი, ნამძინარევი ღიმილით, როგორიც კირას ახსოვდა. — „არ გაგითიშავს...“ — ხმადაბლა თქვა დამიანემ და თვალები მოისრისა. — „ვერ გავბედე,“ — უპასუხა კირამ ღიმილით. — „დილა მშვიდობისა, ბატონო დამიანე.“ მომდევნო დღეები ერთგვარ რიტუალად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ კირა თბილისში იყო, ისინი მაინც ერთად ატარებდნენ დროს.ერთად სვამდნენ ჩაის ვიდეოზარით. კირა თავის სამზარეულოში, დამიანე კი — ობიექტის ვაგონში. დამიანე ტელეფონით დადიოდა მშენებლობაზე, აჩვენებდა ყოველ ახალ ამოყვანილ კედელს. „ნახე, აქ შენი არჩეული განათება უნდა დავამონტაჟოთ,“ — ეუბნებოდა ის და კირა გრძნობდა, რომ იქ იყო, მის გვერდით. ხანდახან ერთსა და იმავე ფილმს რთავდნენ და პარალელურად განიხილავდნენ. ამ ორმა თვემ მათ შორის არსებული უხილავი კედლები საბოლოოდ დაანგრია. მათ ისწავლეს ერთმანეთის მოსმენა სიტყვების გარეშეც. დამიანე ხშირად უგზავნიდა კირას ყვავილებსა და საჩუქრებს თბილისში, რაც კირასთვის იმის დასტური იყო, რომ დამიანეს "ბეტონის გულში" დიდი ხანია გაზაფხული დადგა. და აი, დადგა თებერვლის ის დღეც, როცა კირას ჩემოდანი უკვე ჩალაგებული იყო. 27 თებერვალი. თბილისიდან ედინბურგამდე გზა არასდროს ყოფილა ასეთი გრძელი. კირასთვის ყოველი საათი ლონდონის აეროპორტში ლოდინისას, თითქოს საუკუნედ იწელებოდა. თბილისის მზიანი დილა უკან დარჩა, წინ კი ნაცრისფერი, ცივი შოტლანდია ელოდა და მისთვის ძვირფასი ადამიანი ელოდა. ლონდონიდან ედინბურგის რეისზე ასულმა კირამ იგრძნო, როგორ მოაწვა მღელვარება. ტელეფონში დამიანეს ბოლო შეტყობინება ეწერა: „უკვე აეროპორტში ვარ. არ იჩქარო, არსად წავალ“. როდესაც თვითმფრინავის ბორბლები ედინბურგის სველ ასფალტს შეეხო, კირამ ღრმად ამოისუნთქა. ეს ორი თვე მხოლოდ ეკრანებით სუნთქვა, მხოლოდ ხმით შეხება და მხოლოდ ფიქრებით სიახლოვე იყო. ახლა კი რეალობა სულ რამდენიმე მეტრის იქით, საპასპორტო კონტროლის მიღმა იდგა. აეროპორტის გასასვლელთან ხალხმრავლობა იყო. კირამ ჩემოდნის სახელურს ხელი მოუჭირა და ნერვიულად მიმოიხედა. უცებ, ნაცნობი სილუეტი დაინახა. დამიანე იდგა ცოტა მოშორებით, გრძელ, მუქ პალტოში, ჩვეულებრივზე უფრო სერიოზული სახით, მაგრამ როგორც კი მისი და კირას მზერა ერთმანეთს შეხვდა, მთელი მისი სიმკაცრე თოვლივით დადნა. კირამ ჩემოდანი იქვე დატოვა და მისკენ თითქმის სირბილით წავიდა. დამიანემ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, ხელი მოჰკიდა და ისე მაგრად ჩაიხუტა, თითქოს ამით იმ ორთვიან სიცარიელეს ავსებდა, რომელიც მათ შორის იყო. — „ჩამოხვედი...“ — ჩასჩურჩულა დამიანემ მის თმაში. — „ძლივს ჩამოხვედი.“ კირამ თავი მის მკერდზე მიაყრდნო და მისი პალტოს ცივი ქსოვილის მიღმა გულის სწრაფი ფეთქვა იგრძნო. აღარ იყო ეკრანები, აღარ იყო კავშირის წყვეტა. დამიანეს სურნელი — ნაცნობი, ცოტა მერქნის და ცოტა ცივი ჰაერის ნაზავი — რეალური იყო. დამიანემ ოდნავ გასწია, კირას სახე ხელებში მოიქცია და დიდხანს, დაჟინებით უყურებდა თვალებში, თითქოს ამოწმებდა, მართლა ის იყო თუ ისევ ვიდეოზარის ილუზია. — „მეგონა, ეს ორი თვე არასდროს დამთავრდებოდა,“ — თქვა მან და ამჯერად, ყველანაირი ხუმრობისა და ირონიის გარეშე, კირას შუბლზე კი არა, ლოყაზე ნაზად აკოცა, ტუჩები კანს მხოლოდ წამით შეახო, მაგრამ ეს შეხება ნებისმიერ სიტყვაზე მეტს ამბობდა. — „მეც,“ — ამოიხჩოლა კირამ. — „ობიექტზე რა ხდება?“ დამიანეს გაეღიმა, კირას ჩემოდანს ხელი მოჰკიდა და მეორე ხელი გოგონას გადახვია. — „ობიექტი დაიცდის. დღეს მხოლოდ შენ ხარ მთავარი.“ აეროპორტიდან გამოსულებს ედინბურგის ნაცრისფერი ცა და ნესტიანი ჰაერი დახვდათ. დამიანემ კირას ჩემოდანი საბარგულში ჩადო, მანქანაში ჩასხდნენ და სიჩუმე ჩამოწვა. არანაირი ზედმეტი სიტყვები. დამიანე საჭესთან იჯდა, მაგრამ მანქანა არ დაუქოქავს. — „კირა,“ — თქვა მან ისე, რომ მისკენ არ მიხედავს. — „ამ ორ თვეში მივხვდი, რომ ეკრანზე ყურება და შენი ხმის სმენა... ყველაზე დიდი წამება იყო, რაც კი ოდესმე გამომიცდია.“ მან ხელი კირას ხელს მაგრად მოუჭირა. ეს არ იყო ნაზი შეხება, ეს იყო კაცის ხელის მოჭერა, რომელსაც ეშინოდა, რომ მისი სიახლოვე ისევ ილუზია არ ყოფილიყო. კირამ იგრძნო მისი ხელის სითბო და სიმკვრივე. — „არ მინდა დღეს ობიექტზე წასვლა,“ — განაგრძო დამიანემ და ახლა უკვე პირდაპირ თვალებში ჩახედა. — „და არც შენს სახლში მიგიყვან. ჩემთან წავიდეთ. უბრალოდ მინდა, რომ ერთ სივრცეში ვიყოთ, სადაც კავშირი არ გაწყდება და სადაც შენი ხმა დინამიკიდან კი არა, ჩემს გვერდით გაისმება.“ კირამ მხოლოდ თავი დაუკრა. ზედმეტი საუბარი საჭირო არ იყო. დამიანეს ბინაში შესვლისთანავე, როგორც კი კარი დაიხურა, ყველანაირი „პროფესიული დისტანცია“ ერთ წამში გაქრა. დამიანემ ის კედელთან მიამწყვდია და ისე დაეწაფა მის ტუჩებს, თითქოს მთელი ეს ორი თვე ჰაერი არ ჰყოფნიდა. ეს იყო უხეში, მონატრებული და ნამდვილი კოცნა. კირამ ხელები მის პალტოზე ჩააფრინა, დამიანეს ხელები კი მის თმებში აირია. — „აღარასდროს,“ — ამოთქვა დამიანემ კოცნებს შორის. — „აღარასდროს აღარ წახვალ ასე დიდხანს.“ არანაირი სანთლები და რომანტიული გაფორმება, მხოლოდ ორი ადამიანი, რომლებმაც ათასობით კილომეტრი და ვირტუალური სამყარო გამოიარეს, რომ აქ, ამ ცივ ედინბურგულ საღამოს ერთმანეთი ეპოვათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


