შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ელეონორა ( თავი ll დასასრული )


გუშინ, 21:21
ნანახია 120

სახელოსნოში დილიდანვე ყავის სუნი იდგა. ნიკო ფანჯარასთან იჯდა და ძველ ბლოკნოტში რაღაცას ხაზავდა. ელეონორა სამზარეულოს პატარა კუთხეში ტრიალებდა, ჩქარობდა.
​— ნიკო, ჩემი მანქანის გასაღები ხომ არ გინახავს? — ჰკითხა გოგონამ და ჩანთაში ქექვა დაიწყო.
— იქვე გდია, თაროზე, — ისე უპასუხა, თავი არ აუწევია. — ისე, დღეს ხომ არ დაგაგვიანდება? მეგონა, საღამოს ერთად ვივახშმებდით.
​— არ ვიცი, ნიკო, ოფისში საგიჟეთია. ახალ პროექტს ვიწყებთ და ალბათ გვიანობამდე მომიწევს დარჩენა. ალექსი და სხვები პიცაზე შევთანხმდით და იქვე შევჭამთ.
​ნიკომ ფანქარი დადო. ნელა მობრუნდა და გოგონას ისე შეხედა, თითქოს პირველად ხედავდა.
— ალექსი... ისევ ის ტიპია, ნახაზების კეთება რომ არ იცის და შენს ხარჯზე გადის ფონს? — ჩაიცინა მან. ეს არ იყო ბოროტი დაცინვა, უფრო მეგობრული ქილიკი, მაგრამ ელეონორას მაინც მოხვდა გულზე.
​— ნუ ამბობ ეგრე, ნიკო. კარგი არქიტექტორია.
— ხო, ალბათ. უბრალოდ მენანები მაგათთვის, — ადგა, მივიდა და ელეონორას თმა ყურს უკან გადაუწია. — მთელ დღეს იმ უაზრო პროგრამებთან ატარებ, თვალები გისივდება. აქ კიდევ სიმშვიდეა. არ გირჩევნია, დღეს საერთოდ არ წახვიდე? უთხარი, რომ ცუდად ხარ.
​— არ შემიძლია, ნიკო, არ გამოვა.
— კარგი, როგორც გინდა, — მხრები აიჩეჩა და ისევ თავის ბლოკნოტს მიუბრუნდა. ხმაში ისეთი სიმშვიდე ერია, ელეონორას წამში სინდისის ქენჯნა გაუჩნდა.
ელეონორა ოფისში იჯდა. გარშემო ყველა დარბოდა, ტელეფონები წკრიალებდა. ალექსი გვერდითა მაგიდაზე რაღაცას ხმამაღლა უხსნიდა კლიენტს. გოგონას კი ნიკოს სიტყვები უტრიალებდა თავში — „კედლებს აგებ სხვისი სიცარიელისთვის“.
​ტელეფონმა დაივიბრირა.
შეტყობინება ნიკოსგან: „აქ ისეთი შუქია, ზუსტად შენს თვალებს უხდება. მენატრები.“
​ელეონორამ გაიღიმა. ნახევარი საათის შემდეგ ისევ ვიბრაცია.
შეტყობინება: „ყავა გავაკეთე და ორი ჭიქა დავდგი. მექანიკურად მომივიდა. ვზივარ ახლა და ვუყურებ შენს ცარიელ სკამს.“
​ელეონორას მუშაობის ხალისი დაეკარგა. ნიკო არ ეჩხუბებოდა, არ უშლიდა, უბრალოდ ისე აგრძნობინებდა თავს, თითქოს მისი აქ ყოფნით მხატვარს რაღაც დიდს აკლებდა.
როცა ელეონორა საღამოს 9 საათზე დაღლილი მივიდა სახელოსნოში, იქ სრული სიბნელე დახვდა. ნიკო დივანზე იწვა და ჭერს უყურებდა.
​— ნიკო? რატომ არ ანთებ?
— ისე, უბრალოდ. ვერ ვხატავდი. ემოცია დამეკარგა, — თქვა მან და წამოჯდა. — შენ როგორ ხარ? როგორ ჩაიარა პიცამ ალექსთან ერთად?
​— არც ისე კარგად. სულ შენზე ვფიქრობდი, — მივიდა და გვერდით მიუჯდა.
— ვიცი, — ნიკომ ხელი გადახვია. — იცი, რა ვიფიქრე? იქნებ საერთოდ დაანებო მაგ სამსახურს თავი? ჩემს გაყიდულ ნახატებზე პროცენტს მოგცემ, თუ გინდა. შენი დრო მჭირდება, ელეონორა. შენს გარდა ვერავინ მხედავს ისე, როგორც საჭიროა.
​— ნიკო, ხომ იცი, რომ ეს ჩემი კარიერაა...
— კარიერა თუ რუტინა? — გააწყვეტინა მან და ლოყაზე აკოცა. — მინდა, რომ სულ აქ იყო. ჩემთან. დავიღალე შენი სხვებისთვის შენი განაწილებით.
​ელეონორამ ხმა არ გასცა. იმ წამს ეს ყველაფერი საოცარ სიყვარულად მოეჩვენა. მას ეგონა, რომ ვიღაცას ასე ძლიერად სჭირდებოდა, სინამდვილეში კი ნიკო ნელ-ნელა აჭრიდა იმ ძაფებს, რომლებიც მას რეალობასთან აკავშირებდა.
​ოთხშაბათი საღამო იყო. ელეონორა სარკესთან იდგა და ჩქარა იკეთებდა მაკიაჟს. თათიას, მის ბავშვობის მეგობარს, დაბადების დღე ჰქონდა.
​— ნიკო, მართლა არ წამოხვალ? — გამოსძახა მისაღებში. — ყველა იქ იქნება.
​ნიკო დივანზე იჯდა, ფეხები მაგიდაზე ჰქონდა შემოწყობილი და ლუდს სვამდა. ტელევიზორში რაღაც დოკუმენტური გადიოდა ხმაგამორთული.
​— ელე, ხომ იცი, რომ მაგ ხალხს ვერ ვიტან, — მშვიდად თქვა მან. — ისევ ისეთივე უაზრო ჭორაობა იქნება, როგორიც ყოველთვის. რა უნდა ვთქვა? როგორ მიდის ჩემი გამოფენა? თუ თათიას ახალ ბოიფრენდზე ვილაპარაკო, რომელიც, სავარაუდოდ, ისეთივე იდიოტია, როგორც წინა?
​— ჩემი მეგობარია, ნიკო. ერთხელ მაინც რომ სცადო...
​ნიკო ადგა, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და ზურგიდან მოეხვია. სარკეში ელეონორას თვალებს დაუწყო ძებნა.
— არ გიშლი, წადი. უბრალოდ მართლა არ მესმის, რატომ ხარჯავ დროს მათზე, ვისაც შენი საერთოდ არ ესმის. წახვალ, დალევთ, იჭორავებთ და მერე ისევ ისეთივე გამოფიტული მოხვალ, როგორიც სამსახურიდან ბრუნდები.
​ელეონორამ პომადა დადო. ხალისი დაეკარგა.
— სულ რაღაც ორი საათით წავალ.
— ხო, წადი, — ნიკომ ლოყაზე აკოცა და ხელი გაუშვა. — მე მანამდე იმ ახალ სერიას გადავხედავ. ისეთი მომენტი მქონდა, მინდოდა შენთვის მეჩვენებინა, მაგრამ... არაუშავს, თათიას დაბადების დღე უფრო მნიშვნელოვანია.
წვეულებაზე ელეონორა თავს უცხოდ გრძნობდა. თათია და გოგოები იცინოდნენ, რაღაც ისტორიებს ყვებოდნენ, ის კი სულ ტელეფონს უყურებდა. ნიკოს არაფერი მოუწერია.
​— ელე, რა გჭირს? აქ ხარ საერთოდ? — ჰკითხა თათიამ. — ნიკომ ისევ წუწუნით გამოგიშვა?
— რას ჰქვია გამომიშვა? ჩემი ნებით მოვედი. უბრალოდ... ცოტა დავიღალე, წავალ რა..
​სახლში რომ დაბრუნდა, ნიკოს უკვე ეძინა. ტელეფონი მაგიდაზე ედო. ელეონორამ თავისი აიღო და დაინახა, რომ თათიასთან გადაღებულ ფოტოზე, რომელიც "სთორიში" დადო, ნიკოს არანაირი რეაქცია არ ჰქონია. სამაგიეროდ, დახვდა ერთი მოკლე მესიჯი, რომელიც 11 საათზე იყო მოსული:
"ყავა გადამეღვარა იმ ტილოზე, შენ რომ მოგწონდა. მგონი, ყველაფერი გავაფუჭე. მინდოდა დამერეკა, მაგრამ არ მინდოდა მხიარულება ჩამეშალა."
​ელეონორას გული შეეკუმშა. ეგონა, რომ მეგობრებთან ყოფნით ნიკოს რაღაც დაუშავა.
მეორე დღეს ოფისში ალექსი მიუახლოვდა.
— ელე, ნახაზები მზადაა? გუშინ მეგონა გამომიგზავნიდი.
— უი, ალექს, დამავიწყდა... ნიკოსთან ვიყავი და...
— ისევ ნიკო? — ალექსმა ხმას აუწია. — ელეონორა, გონს მოდი. ბოლო ორი თვეა საერთოდ არ ხარ ჩართული პროექტში. შეცდომებს უშვებ, რაც შენს სტილში არაა. დირექტორმა უკვე მკითხა, რა სჭირსო.
​— ნუ ყვირი, ალექს. ნიკო უბრალოდ მეხმარება, რომ რაღაცები სხვა კუთხით დავინახო.
— სხვა კუთხით? — ალექსმა ჩაიცინა. — ის უბრალოდ გშლის. გუშინ მობილური რატომ გქონდა გამორთული? სამჯერ დაგირეკე კლიენტის გამო.
— გამორთული? — ელეონორამ ტელეფონს დახედა. მართლაც, ელემენტი დამჯდარი იყო, თუმცა ახსოვდა, რომ სახლიდან სავსეთი გავიდა. მერე გაახსენდა, როგორ თამაშობდა ნიკო მის ტელეფონში, სანამ წავიდოდა.
​საღამოს, როცა სახელოსნოში მივიდა, ნიკო ისევ ისეთი თბილი და მშვიდი დახვდა.
— იცი, რა ვიფიქრე? — თქვა მან, როცა ელეონორას მხრებს უზელდა. — ალექსი ზედმეტად გტვირთავს. მე მგონია, რომ მას უბრალოდ შენი შურს. შენ იმაზე მეტი ხარ, ვიდრე ეგ ოფისის ვირთხები. არ გინდა, ერთი კვირით დაიკარგო? ტელეფონი გამორთე და უბრალოდ აქ იყავი. მე და შენ. ნახავ, როგორ დაისვენებ.
​ელეონორამ ამოისუნთქა. იმ წამს ეს იდეა საუკეთესო გამოსავლად მოეჩვენა. მას არ უფიქრია, რომ ეს იყო ნაბიჯი სრული იზოლაციისკენ.


სამშაბათი დილა იყო. ელეონორა უკვე ლამის ერთი კვირაა სამსახურში არ გამოჩენილა. ტელეფონი გამორთული ჰქონდა — ნიკომ დაარწმუნა, რომ „ციფრული დეტოქსი“ სჭირდებოდა, რათა საკუთარი თავი ეპოვა. სინამდვილეში კი, გოგონა სახელოსნოს ჩაკეტილ სივრცეში იყო გამოკეტილი, სადაც ნიკო მას მთელი დღე ხატავდა, აიძულებდა საათობით უძრავად ჯდომას და ყოველგვარ კავშირს უწყვეტდა გარესამყაროსთან.
​სახელოსნოს მძიმე კარზე ბრახუნი გაისმა. ნიკო შეიჭმუხნა, ფუნჯი დადო და ელეონორას შეხედა, რომელიც სავარძელში იჯდა, ფერმკრთალი და დაღლილი.
​— არ გაინძრე, — ჩაილაპარაკა ნიკომ. მისი ხმა აღარ იყო თბილი.
​კარი ისე გაიღო, რომ ნიკოს დაკეტვა არც უცდია. ზღურბლზე ალექსი იდგა. ის სუნთქვააჩქარებული იყო, პიჯაკი დასვროდა და თვალებში ბრაზი ერია. ცოტახმით ელეონორაზე თვალი გაუშეშდა და წამში გამოფხიზლდა.
​— ელეონორა! — იყვირა მან და ნიკოს გვერდი აუარა. — შენ რა, სულ გაგიჟდი? მთელი ოფისი შენ გეძებს! პროექტი ჩავარდა, დირექტორი შენს გაგდებას აპირებს. მობილური რატომ გაქვს გამორთული? სად არ გეძებე იცი?
​ელეონორა წამოხტა, მაგრამ ნიკოს მკაცრმა მზერამ ისევ ადგილზე გაყინა.
​— შენ ვინ ხარ? — ნიკო ალექსისკენ ნელი, მუქარისმომგვრელი ნაბიჯით წავიდა. მისი ირონია ახლა ცივ სიძულვილში იყო გადასული.
​— მე მისი მეგობარი ვარ, შენ კი ის ტიპი ხარ, ვინც მას ცხოვრებას უნგრევს! — ალექსი არ დაიხია. — ელ, წამოდი აქედან. ვერ ხედავ, რა დღეში ხარ? თვალები ჩაგიცვივდა, ხელები გიკანკალებს. ეს კაცი გკლავს!
ნიკომ მოულოდნელად ჩაიცინა. ეს იყო მოკლე, მშრალი ხმა.
— „გკლავს“? რა პათეტიკური ხარ, ალექს. შენ უბრალოდ ბრაზობ, რომ შენი საუკეთესო ნახაზების გამკეთებელი წამოყვანე. ელეონორა აქ სუნთქავს. თქვენთან კი... თქვენთან ის მხოლოდ ფულის შოვნის გზაა.
​— ის აქ ტყვეა! — ალექსმა ელეონორას ხელზე მოჰკიდა ხელი. — ელ, ახლავე წამოდი. მანქანა გარეთ მყავს.
​იმავე წამს ნიკომ ალექსს ხელი უხეშად გააშვებინა. მისი მოძრაობა იმდენად სწრაფი და აგრესიული იყო, რომ ელეონორას შეეშინდა.
​— ხელი გაუშვი! — იღრიალა ნიკომ. — ის არსად არ წამოვა. ის ჩემია. გესმის? ჩემი! შენნაირი ვირთხები მის სიახლოვეს არ უნდა ჭაჭანებდნენ.
​ნიკომ იქვე მდგარი პალიტრა აიღო და კედელს მთელი ძალით ესროლა. საღებავები ყველგან გაიფანტა — ალექსის პიჯაკზე, იატაკზე, ელეონორას ფეხებთან. შემდეგ მაგიდასთან მივარდა და ნახაზების დასტა, რომელიც ელეონორას სამსახურიდან ჰქონდა მოტანილი, ნაფლეთებად აქცია.
​— აი, შენი „პროექტი“! — ყვიროდა ნიკო. — აი, შენი „კარიერა“! ეს ნაგავია! ელეონორა ამაზე მაღლა დგას!
​ელეონორა კუთხეში აიტუზა. მას არასდროს ენახა ნიკო ასეთი — სახეწითელი, ძარღვებდაჭიმული, თითქოს ჭკუიდან გადასული. ეს აღარ იყო ის „მშვიდი ხელოვანი“. ეს იყო ადამიანი, რომელსაც თავისი ნივთის დაკარგვის ეშინოდა.
​— ნიკო, გაჩერდი... გთხოვ, — ტირილით თქვა გოგონამ.
​— ელ, წამოხვალ? — ჰკითხა ალექსმა, რომელიც ახლა უფრო მეტად შეშინებული ჩანდა მეგობრის გამო, ვიდრე საკუთარ თავზე.
​ნიკო ელეონორასთან მივიდა, მხრებში ხელი ჩაავლო და ისე შეხედა, თითქოს მისი სულის ამოგლეჯას ცდილობდა.
— თუ ახლა გაჰყვები, ელეონორა, დაივიწყე, რომ ოდესმე ჩემს ცხოვრებაში იყავი. დაივიწყე ყველაფერი, რაც ერთად შევქმენით. დაბრუნდი შენს ნაცრისფერ ოფისში და იყავი არავინ. გირჩევნია, ჩემი მუზა იყო თუ მაგისი თანამშრომელი?
​ელეონორამ ალექსს შეხედა, მერე ნიკოს. ის გრძნობდა, რომ ნიკო მას ანადგურებდა, მაგრამ ამავე დროს, მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად ეჩვენებოდა. ნიკომ ის დააჯერა, რომ გარეთ მისთვის არაფერი იყო.
​— ალექს... წადი, — თქვა ჩუმად ელეონორამ და თავი დახარა. — მე აქ უნდა დავრჩე.
​— ელ, რას აკეთებ? — ალექსს ხმა ჩაუწყდა.
​— წადი-მეთქი! — იყვირა ნიკომ და ალექსს კარისკენ უბიძგა.
​კარი ხმაურით დაიხურა. სახელოსნოში მძიმე, მახრჩობელა სიჩუმე ჩამოწვა. ნიკო ნელა მობრუნდა ელეონორასკენ. მისი სახე ისევ დამშვიდდა, თითქოს წამის წინ არაფერი მომხდარა.
​— ხედავ? — თქვა მან და გოგონას აკანკალებულ თითებზე აკოცა. — მას არ უყვარხარ. მას მხოლოდ შენი სამუშაო საათები აინტერესებდა. მე კი დაგიცავი. ახლა კი დაჯექი... უნდა დავამთავროთ ეს პორტრეტი. შენს თვალებში ახლა ზუსტად ის ტკივილია, რაც მჭირდებოდა.

ალექსი მაგიდასთან იჯდა და მესამე ყავას სვამდა, როცა თათია შემოვიდა. დაინახა თუ არა ალექსის ალეწილი სახე და დასვრილი პიჯაკი, მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც მოხდა.
​— ალექს, რა გჭირს? რა არის ეს? — თათიამ მის პიჯაკზე ლურჯ საღებავს დაადო ხელი.
​— ეს ნიკოს „შემოქმედებაა“, — ჩაილაპარაკა ალექსმა და სკამი გამოუწია. — თათია, ელეონორა უნდა გამოვიყვანოთ იქიდან. ის ტიპი გიჟია. ჩვეულებრივი მანიაკია.
​თათია ჩამოჯდა და ჩანთა გვერდზე გადადო.
— მოიცა, დამშვიდდი. რა მოხდა? რამდენიმე დღის წინ მელაპარაკა, მითხრა, რომ ცოტა ხნით დასვენება უნდა და მობილურს ვთიშავო. ვიფიქრე, ნიკოსთან ერთად რომანტიკული პერიოდი აქვს-მეთქი.
​— „რომანტიკული პერიოდი“ კი არა, ტყვეობაა! — ალექსმა ხმას აუწია, მერე კი გარშემომყოფებს გახედა და ხმა დაადაბლა. — სახელოსნოში ვიყავი. ელეონორა ისე იჯდა სავარძელში, თითქოს ნებას არ აძლევდნენ, რომ ესუნთქა. ფერმკრთალია, თვალები ჩაწითლებული აქვს. ნიკომ ჩემ თვალწინ დახია მისი ნახაზები. უბრალოდ ნაგავში გადაყარა მთელი მისი შრომა და უყვირა, რომ ის მისი საკუთრებაა.
​თათიამ პირი გააღო.
— არ არსებობს... ნიკო ყოველთვის ისეთი მშვიდი და ყურადღებიანი ჩანდა. ელე სულ იმას ამბობდა, ჩემი ესმისო.
​— ეგ არის მანიპულაცია, თათია. ის მას აჯერებს, რომ მის გარეშე არავინ არის. ელეს თვალებში შიში დავინახე, მაგრამ იცი, რა არის ყველაზე საშინელი? როცა წამოსვლა შევთავაზე, მითხრა, რომ უნდა დარჩეს. თითქოს ჰიპნოზის ქვეშ იყოს. სამსახურიდან უკვე გაუშვეს. დღეს დირექტორმა ბრძანებას მოაწერა ხელი.
​— ღმერთო ჩემო... — თათიამ ტელეფონი ამოიღო და ელეონორას ნომერი აკრიფა. — ისევ გამორთულია.
​— არ უპასუხებს. ნიკო მას ტელეფონს არ აკარებს. ჩვენ რამე უნდა ვიღონოთ. თუ ასე გაგრძელდა, ელეონორა საკუთარ თავს დაკარგავს. ის აღარ იღიმის, აღარ საუბრობს თავის გეგმებზე. ის მხოლოდ ნიკოს მუზაა, რაც სინამდვილეში ნიშნავს, რომ ის ნიკოს უფასო დეკორაციაა.
​თათიამ ნერვიულად დაიწყო თითების მტვრევა.
— პოლიციაში რომ დავრეკოთ?
​— რას იტყვი? ელეონორა თავად იტყვის, რომ იქ თავისი ნებითაა. ნიკო ისე აწყობს ყველაფერს, რომ კანონიერად ვერაფერს დაუშავებ. ჩვენ სხვა გზა გვჭირდება.
ელეონორა სახელოსნოს კუთხეში, დიდ სარკესთან იდგა. ნიკოს ეძინა — ისე მშვიდად და ღრმად, თითქოს რამდენიმე საათის წინ შუშები და ნახაზები არ დაელეწოს. ოთახში საღებავის მძაფრი, თითქმის მახრჩობელა სუნი იდგა.
​გოგონამ სარკეში საკუთარ თავს შეხედა და წამით შეკრთა. იქიდან სრულიად უცხო ადამიანი უყურებდა.
— ვინ ხარ? — ჩაილაპარაკა ძლივს გასაგონად.
​მისი ხმა სუსტი იყო, თითქოს დიდი ხანია არ გამოეყენებინოს. ლოყაზე ნიკოს ნახშირიანი თითების კვალი ისევ ეტყობოდა — შავი, დამღასავით.
​— შეხედე შენს თავს, ელეონორა, — ეუბნებოდა საკუთარ თავს. — სად გაქრა ის გოგო, რომელიც დილით გემრიელად საუზმობდა, გათენება უხაროდა, სეირნობა და გიჟდებოდა თავის პროექტებზე? სად არის ის ადამიანი, რომელსაც ალექსთან კამათი და გამარჯვება უყვარდა? შენ ახლა მხოლოდ ფონი ხარ. ლამაზი, გაუბედურებული ფონი.
​მან ხელები დახედა. თითები, რომლებიც ადრე ფანქარსა და მაუსს ასე თავდაჯერებულად მართავდნენ, ახლა უმიზნოდ კანკალებდნენ.
​— ის მეუბნება, რომ ვუნდივარ... რომ ვჭირდები, — გააგრძელა ფიქრი. — მაგრამ რატომ მგონია, რომ რაც უფრო მეტად ვჭირდები, მით უფრო ნაკლები ვრჩები მე? ნიკო მხატვარია, ის ფერებს იპარავს. მან ჩემი ფერებიც მოიპარა... ყველაფერი შავ-თეთრ ნახშირად აქცია.
​გაახსენდა ალექსის სახე. მის თვალებში დანახული შიში უფრო მეტად სტკენდა გულს, ვიდრე ნიკოს ყვირილი. ალექსმა ის დაინახა — ნამდვილი ელეონორა, რომელიც ამ გალიაში იხრჩობოდა.
​— რატომ არ გავყევი? — ჰკითხა საკუთარ თავს და თვალებიდან ცრემლი ჩამოუგორდა, რომელმაც ლოყაზე ნახშირი ჩამორეცხა. — იმიტომ, რომ მეშინია. მეშინია, რომ ამ კედლებს მიღმა აღარავინ მელოდება. ნიკომ დამაჯერა, რომ გარეთ მხოლოდ სიცივეა. მან ჩემს გარშემო სამყარო დააპატარავა... და ახლა მეშინია ამ პატარა სამყაროდან გასვლის.
მან მაგიდაზე დაგდებულ, დაფლეთილ ნახაზებს შეხედა. ეს იყო მისი კარიერა. მისი შრომა. ნიკომ ის ერთი ხელის მოსმით გაანადგურა და თან უთხრა, რომ ეს „ნაგავია“.
​— ეს ჩემი იყო, ნიკო, — ჩაჩურჩულა მან მძინარე მამაკაცის მიმართულებით. — ეს ჩემი ცხოვრება იყო, სანამ შენს ტილოზე გადავიდოდი. შენ არ გიყვარვარ... შენ გიყვარს ის, რასაც ჩემგან ქმნი. შენ გიყვარს ჩემი სევდა, იმიტომ რომ ის შენს ნახატებს ყიდის.
​ელეონორამ იგრძნო, როგორ გაუჩნდა ყელში ბურთი. მას უნდოდა ეყვირა, ნივთები დაემტვრია, ისევე როგორც ნიკომ გააკეთა, მაგრამ ამის ძალა არ ჰქონდა. ნიკომ მასში ყველაფერი ჩააცხრო, გარდა მორჩილებისა.
​— მე უნდა წავიდე, — თქვა მან მტკიცედ, მაგრამ იქვე მიხვდა, რომ ფეხები არ ემორჩილებოდა. — უნდა წავიდე, სანამ საერთოდ არ გავქრები. სანამ ჩემი ღიმილი მხოლოდ ამ ნახატზე დარჩენილი საღებავი გახდება.
​მან ტელეფონს დახედა, რომელიც ნიკოს მაგიდის უჯრაში ჰქონდა დამალული. იცოდა, რომ თუ ახლა ჩართავდა, იქ თათიას და ალექსის ასობით მესიჯი დახვდებოდა.
​— ისინი მელოდებიან... — გაიფიქრა მან. — მაგრამ მე? მე ველოდები საკუთარ თავს?
​სწორედ ამ დროს ნიკომ ძილში ხელი გაანძრია და ელეონორას სახელი დაუძახა. გოგონა მაშინვე გაშეშდა. შიშმა ისევ გადაფარა პროტესტი. მან ნელა, ფეხაკრეფით მიაშურა თავის ადგილს სავარძელში.
​— ჯერ არა, — გაიფიქრა დანებებით. — ჯერ კიდევ მისი „მუზა“ ვარ.
ხუთშაბათს ნიკოს ერთ-ერთ კოლექციონერთან ჰქონდა შეხვედრა. მან ელეონორას ტელეფონი დაუბრუნა, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით — „დაურეკე ალექსს, უთხარი, რომ მიდიხარ, მოაწერე იმ წყეულ საბუთებს ხელი და სამუდამოდ დაასრულე ეს ისტორია“.
​როდესაც ელეონორა ოფისის შუშის კარებში შევიდა, იგრძნო, რომ აქაური ჰაერი სხვანაირი იყო — ცივი, საქმიანი და ცოცხალი. ის საკუთარ მაგიდასთან მივიდა. იქ უკვე სხვა ადამიანის ნივთები ეწყო.
ალექსმა ის დაინახა თუ არა, მაშინვე მისკენ წამოვიდა. არც მიესალმა, არც კითხა, როგორ იყო — უბრალოდ ხელი ჩაჰკიდა და სწრაფი ნაბიჯით წაიყვანა საკონფერენციო დარბაზისკენ.
​შიგნით შესულმა ალექსმა კარი ზურგსუკან გადაკეტა, ჟალუზები ერთი ხელის მოსმით ჩამოაფარა და ოთახი ნახევრად ჩაბნელდა. მან ელეონორას შეხედა — გოგონა კანკალებდა. ალექსმა ვეღარ გაუძლო და ისე ძლიერად ჩაეხუტა, თითქოს მისი დაცვა უნდოდა მთელი სამყაროსგან.
​— ელ...
- გთხოვ, გონს მოდი, — ჩასჩურჩულა მან, თავი მის მხარზე დადო და უფრო მაგრად მოუჭირა ხელები. — მესმის, როგორ გიჭირს, ვხედავ... მაგრამ ეს შენ არ ხარ.
​გოგონა გაშეშებული იდგა. მას უკვე დავიწყებული ჰქონდა, რას ნიშნავდა ადამიანური სითბო, რომელიც არაფერს ითხოვდა სანაცვლოდ.
​ალექსმა ხელები გაუშვა და მხრებში ჩაავლო ხელი. მისი ხმა ნელ-ნელა უფრო ხმამაღალი და მჭექარე გახდა:
— რას აკეთებ? რატომ უფლებ, რომ იმ ნარცისმა შენი ცხოვრება ფეხქვეშ გათელოს? შენ არქიტექტორი ხარ! შენ ქმნი ქალაქებს, შენ აშენებ მომავალს! ის კი... ის მხოლოდ გშლის, ელე! ის გშლის, რომ თავისი ეგო დაიკმაყოფილოს. ნუთუ მართლა გგონია, რომ თუ იქ დარჩები, რამე დაგრჩება საკუთარი თავისგან? ის შენს ნიჭს ყლაპავს!
​— ალექს, გთხოვ... მას ვჭირდები, — ძლივს ამოილუღლუღა ელეონორამ.
​— „ჭირდები“? — ალექსმა იყვირა, მისი ხმა ოთახის კედლებს მიეხეთქა. — მას სჭირდება ნივთი, რომელიც არ ეწინააღმდეგება! მას სჭირდება მსხვერპლი, რომელსაც თავის წარუმატებლობას დააბრალებს! გაიღვიძე, ელეონორა! თუ ახლა ხელს მოაწერ მაგ საბუთებს, შენ მოკლავ შენს თავს! გესმის? მოკლავ!
​ელეონორამ თვალები დახუჭა. ალექსის სიტყვები შოლტივით ხვდებოდა. სწორედ ამ დროს კარი გაიღო.
დარბაზში მმართველი შემოვიდა, მკაცრი სახით. ხელში საქაღალდე ეჭირა. მან ცივად შეხედა აფორიაქებულ ალექსს და აკანკალებულ ელეონორას.
​— ვწუხვარ, რომ ასეთ ვითარებაში გვიწევს შეხვედრა, ელეონორა, — თქვა მმართველმა და საბუთები მაგიდაზე დადო. — შენი არყოფნა კომპანიას ძვირი დაუჯდა. ალექსი ცდილობდა შენს დაცვას, მაგრამ წესები ყველასთვის ერთია.
​მან კალამი გაუწოდა. ალექსმა ელეონორას თვალებში ჩახედა — მასში უკანასკნელი იმედი კვდებოდა.
​— ნუ იზამ ამას, ელ... — ჩუმად თქვა ალექსმა.
​ელეონორამ მმართველს შეხედა, მერე ალექსს და ბოლოს საკუთარ სახელს საბუთზე. მას ახსოვდა ნიკოს მკაცრი გაფრთხილება: „თუ ხელს არ მოაწერ, ჩვენს შორის ყველაფერი დასრულდება“. შიშმა ისევ გაიმარჯვა.
​მან სწრაფი, ნერვიული მოძრაობით მოაწერა ხელი განთავისუფლების ბრძანებას. კალამი ხელიდან გაუვარდა და იატაკზე გაგორდა.
​— სულ ესაა, — თქვა მმართველმა, საბუთები აიღო და ოთახიდან გავიდა.
​ალექსმა ხელი ჩაიქნია და კედელს მიეყრდნო. ის აღარაფერს ამბობდა. ელეონორა კი ისე გამოვარდა ოფისიდან, თითქოს იქაურობა იწვოდა. ის გარბოდა ნიკოსთან, თავის გალიაში, სადაც ახლა უკვე საბოლოოდ იყო გამოკეტილი.

სახელოსნოში შესულ ელეონორას ნიკო მოლბერტთან დახვდა. ის არც შემობრუნებულა, ისე იკითხა:
— მოაწერე ხელი?
​— კი, — თქვა ელეონორამ და ჩანთა იატაკზე დააგდო. ხმა ჩამწყდარი ჰქონდა.
​ნიკო ნელა მობრუნდა. მის სახეზე კმაყოფილება გამოისახა, თითქოს ელეონორა კი არა, რაღაც რთული ტექნიკური ამოცანა გადაეჭრას.
— კარგია. ახლა უკვე თავისუფალი ხარ, ელე. აღარავინ დაგირეკავს, აღარავინ მოგთხოვს სულელურ ნახაზებს. ახლა მხოლოდ ჩემი ხარ.
​ნიკო მიუახლოვდა, ელეონორას სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა. მან მაშინვე იგრძნო ალექსის სურნელი — უცხო ოდეკოლონი და ის სითბო, რომელიც გოგონას ტანსაცმელს შერჩენოდა. ნიკოს თვალები წამში გამუქდა.
​— ტიროდი? — მისი ხმა ახლა უფრო ჩურჩულს ჰგავდა, რომელიც ცივ იარაღზე მეტად სერავდა. — ისევ იმ იდიოტმა აგატირა, არა? ხომ გითხარი, რომ მათ შენი არ ესმით. მათ მხოლოდ შენი ექსპლუატაცია უნდათ.
​მან ელეონორა ძალით მიიყვანა სარკესთან.
— შეხედე შენს თავს. ეს ტკივილია ის, რაც შენს სახეს სიღრმეს აძლევს. დღეს მთელი ღამე უნდა ვხატოთ. არ დაიძინებ, სანამ ამ მზერას ტილოზე არ გადავიტან.
​ნიკომ სახელოსნოს კარი გასაღებით გადაკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო. ელეონორამ გაიგონა საკეტის ხმა და მიხვდა, რომ იმ წამს მისი უკანასკნელი კავშირი რეალობასთან საბოლოოდ გაწყდა.


გალერეა „მეტამორფოზა“ ხალხით იყო სავსე. ჰაერში შამპანურის, უნამოებისა და ნიკოს საფირმო ნახშირის სურნელი ტრიალებდა. კედლებზე მხოლოდ შავ-თეთრი, გიგანტური ტილოები ეკიდა. ეს იყო ელეონორას სერია — მისი სახის, სხეულის, მისი ტკივილისა და მელანქოლიის ანატომია.
​ხალხის მასაში ნიკო და ელეონორა გამოჩნდნენ. ნიკო, 40 წლის, ჭაღარაშერეული თმითა და მკაცრი, გამარჯვებული მზერით, მუქ პიჯაკში იყო გამოწყობილი. მის გვერდით ელეონორა იდგა — ისეთი, როგორიც ნიკომ შექმნა.
ელეონორა დარბაზის შუაგულში იდგა. მას თეთრი, იატაკამდე დაშვებული აბრეშუმის კაბა ეცვა. კაბა იმდენად თხელი და უმძიმესი იყო, რომ მის ყოველ ნაბიჯზე წყალივით იღვრებოდა. ნიკოს ხელი მის წელზე ჰქონდა მოჭერილი — არა ალერსით, არამედ ისე, როგორც პატრონი ეხება ძვირფას, მყიფე ნივთს, რომლის გატეხვისაც ეშინია.
​ნიკო ხალხს ხვდებოდა, იღიმებოდა, რაღაცებს განმარტავდა. ელეონორა კი მხოლოდ ჩრდილივით მიჰყვებოდა. მისი სახე თითქოს ფაიფურისგან იყო გამოძერწილი — არანაირი ემოცია, არანაირი რეაქცია გარშემო მყოფებზე.
​ნიკოს ხელი ძლიერად, თითქმის მტკივნეულად ჰქონდა მოჭერილი გოგონას წელზე. ის მას აიძულებდა, რომ სწორად მდგარიყო, რომ ყოფილიყო მისი „ექსპონატი“. ყოველ ჯერზე, როცა ვინმე მიუახლოვდებოდა, ნიკო გოგონას თავისკენ მკვეთრად მიიზიდავდა, თითქოს ეუბნებოდა ყველას: „ეს ჩემია. მე შევქმენი ის“.
ხალხის მასაში ალექსი და თათია გამოჩნდნენ. ალექსი პიჯაკში იყო, მაგრამ მისი სახე დაძაბული და ალეწილი ჩანდა. თათიას თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, როცა ელეონორას შეხედა.
​— შეხედე, თათია... — ჩაჩურჩულა ალექსმა. — ის თოვლის დედოფალივითაა, ოღონდ უსულო და ჩვენთვის უცნობი.
​თათიამ ნაბიჯი გადადგა ელეონორასკენ, მაგრამ ნიკოს მკაცრმა, გამაფრთხილებელმა მზერამ ის ადგილზე გაყინა. ნიკომ გოგონას წელზე ხელი უფრო მაგრად მოუჭირა.
​იქვე, შამპანურის ჭიქით ხელში, დავითიც იდგა — ის კაცი, რომელიც პირველ გამოფენაზე ელეონორას ეარშიყებოდა. ის გაოცებული უყურებდა გოგონას.
— ნიკომ მართლა შეუძლებელი შეძლო, — თქვა დავითმა ხმამაღლა, რომ ნიკოს გაეგონა. — მან ამ გოგოსგან სული ამოიღო და ტილოზე გადაიტანა.
​ნიკომ ირონიულად ჩაიღიმა და თავი დაუკრა.
დარბაზის ცენტრში ყველაზე დიდი ნახატი ეკიდა. მასზე ელეონორა იყო გამოსახული — ზურგით, სარკის წინ. ნახატზე მისი სახე სარკეში ჩანდა, მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი ანარეკლი. ტილოზე ელეონორას სახე გამოფიტული იყო, თითქოს ენერგია წვეთ-წვეთად გამოსცლოდა. ის იყო ლამაზი, მაგრამ აბსოლუტურად ცარიელი. მასში აღარ ჩანდა არც არქიტექტორი, არც მეგობარი, არც ქალი. მხოლოდ ნიკოს ხედვა.
​ნიკო ელეონორასთან ერთად ამ ნახატის წინ დადგა.
— ხედავ? — ჰკითხა მან ჩურჩულით, ისე, რომ წელზე ხელი არ გაუშვია. — შენ ახლა იდეალური ხარ. აღარანაირი ზედმეტი ემოცია, აღარანაირი სამსახური, აღარანაირი ალექსი... მხოლოდ ეს სიჩუმე, რომელიც ჩემმა ფუნჯმა მოგცა.
​ელეონორამ ნახატს შეხედა. მას არც გაჰღიმებია და არც უტირია. მან უბრალოდ თავი დახარა, თითქოს ეთანხმებოდა, რომ ის, რაც ტილოზეა, უფრო ნამდვილია, ვიდრე ის, რაც მის შიგნით დარჩა.
​ალექსმა ნაბიჯი გადადგა წინ, უნდოდა რამე ეთქვა, სახელი დაეძახა, მაგრამ დაინახა, როგორ მიაბრუნა ნიკომ ელეონორა სხვა სტუმრებისკენ. გოგონა მექანიკურად მიჰყვებოდა მას, მისი თეთრი კაბის შლეიფი კი იატაკზე მიხოხავდა, როგორც რაღაც დიდი და დასრულებული ისტორიის ბოლო აკორდი.
​ამ დარბაზში, ამ ხალხში, ელეონორა იყო ყველაზე მარტოხელა ადამიანი სამყაროში. ის ნიკოს ყველაზე დიდი ტრიუმფი იყო და მისი ყველაზე დიდი დანაშაულიც.
ელეონორამ იგრძნო, რომ ჰაერი აღარ ჰყოფნიდა. ნიკოს წელზე მოჭერილი ხელი თითქოს მის ნეკნებს აწვებოდა.
— ნიკო, საპირფარეშოში უნდა გავიდე... გთხოვ, — ჩაჩურჩულა მან.
​ნიკომ წამით შეხედა, თვალებში ეჭვი გაუკრთა, მაგრამ გარშემო ხალხი იყო და სკანდალი არ აწყობდა.
— ხუთი წუთი გაქვს, ელეონორა. არ დამაგვიანო, — ხელი ნელა გაუშვა, მაგრამ მზერა ისეთი დაუტოვა, თითქოს უხილავი ძაფით ისევ მასზე ყოფილიყო მიბმული.
​ელეონორა სწრაფი, აფორიაქებული ნაბიჯით გაეშურა დერეფნისკენ. როგორც კი კარს მიეფარა, იგრძნო, რომ ვიღაც უკან მოჰყვებოდა. ეს ალექსი იყო. მან ისარგებლა მომენტით, გოგონას მკლავში ხელი ჩაავლო და კუთხეში, ნახევრად ჩაბნელებულ ნიშაში შეიყვანა.
​— ელ, მომისმინე! — ალექსის ხმა კანკალებდა, მაგრამ მტკიცე იყო. — ახლავე უნდა წამოხვიდე. გარეთ მანქანა მყავს. არაფერზე იფიქრო, საერთოდ არაფერზე.
​— არ შემიძლია, ალექს... ის მიპოვის, ის არ მომასვენებს...
​— ვერ გიპოვის! — ალექსმა მისი ცივი ხელები თავის ხელებში მოიქცია. — ქვეყნიდან წაგიყვან. სადაც გინდა, იქ წავიდეთ. ყველაფერს მოვაგვარებ. საუკეთესო ფსიქოლოგებს მოგიძებნი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისევ ის ადამიანი გახდე, ვინც იყავი. ოღონდ შენ ისურვე, ოღონდ ერთი სიტყვა მითხარი.
​ელეონორა ტიროდა. თეთრი კაბა ამ სიბნელეში მოჩვენებასავით ანათებდა.
— მე აღარაფერი დამრჩა, ალექს. მან ყველაფერი წაიღო.
​— არაფერიც არ წაუღია! — ალექსმა ხმას აუწია, მისი თვალებიდან სასოწარკვეთა და სიყვარული ერთდროულად ჩანდა. — ჩვენი მეგობრობა წლებს ითვლის, ელ. შენ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ ამ სამყაროში. გესმის? მტკივა, როცა ვუყურებ, როგორ ინადგურებ თავს. როგორ აძლევ უფლებას იმ მანიაკს, რომ შენი სული ტილოზე გადაიტანოს და შენგან მხოლოდ ნაჭერი დატოვოს. გთხოვ, მენდე. ერთხელ მაინც მენდე და აქაურობას გავეცალოთ.
​დერეფნის დასაწყისში ნიკოს ნაბიჯების ხმა გაისმა. მისი მძიმე, აუჩქარებელი ნაბიჯები, რომლებიც ელეონორასთვის სასიკვდილო განაჩენივით ჟღერდა.
​— ელეონორა? — გაისმა ნიკოს ხმა. — სად ხარ? ხუთი წუთი გავიდა.
​ელეონორამ ალექსს შეხედა. მის თვალებში წამით გაკრთა ის ძველი ნაპერწკალი, ის არქიტექტორი გოგონა, რომელიც ალექსს ასე ძალიან უყვარდა. მან არჩევანი უნდა გააკეთოს — დარჩეს ნიკოს იდეალურ, შავ-თეთრ ნახატად თუ გაჰყვეს ალექსს გაურკვევლობაში, სადაც ისევ თავიდან უნდა ისწავლოს სუნთქვა.
ნიკოს ნაბიჯები უკვე ახლოს იყო. ელეონორამ ალექსს ხელი ჰკრა და კედლის მიღმა, სიბნელეში დამალა. თვითონ კი, თეთრი კაბის შრიალით, ნიკოსკენ წავიდა. სახეზე ის უემოციო ნიღაბი აიფარა, რომელიც ნიკოს ასე მოსწონდა.
​— აი, სად ხარ, — თქვა ნიკომ და გოგონას მკლავში ხელი ჩაავლო. — რატომ დააგვიანე?
​— ნიკო, პერსონალმა მთხოვა დახმარება... — თქვა ელეონორამ მშვიდი, თითქმის მექანიკური ხმით. — ხუთ წუთში გარეთ ფეიერვერკები იქნება, შენი გამოფენის საპატივცემულოდ. ყველანი გარეთ უნდა გავიდნენ. მეც უნდა მივეხმარო ორგანიზებაში, პერსონალს შევუერთდები. გთხოვ, გადი, სტუმრებს გაჰყევი. მეც მალე მოვალ.
​ნიკომ კმაყოფილებით ჩაიღიმა. მას მოეწონა ეს „გრანდიოზული“ დასასრული.
— კარგი, ელე. დიდხანს ნუ დაჰყოფ. ეს შენი ტრიუმფიცაა.
​როგორც კი ნიკო ხალხში გაერია, ელეონორა მაშინვე ალექსთან დაბრუნდა. ალექსი სიბნელიდან გამოვიდა, დაბნეული და იმედიანი. ელეონორამ მთელი ძალით ჩაიკრა ის გულში. ეს იყო ჩახუტება, რომელშიც მთელი მათი წლები, მეგობრობა და ის დაუკარგავი სითბო იდო. გოგონამ ლოყაზე ნაზად აკოცა.
​— მაპატიე, ალექს... ყველაფრისთვის მაპატიე, — ჩასჩურჩულა მან.
— ელე, წამოხვალ? — ჰკითხა ალექსმა, რომელსაც ეგონა, რომ გეგმა მუშაობდა.
— კი... წავალ. უბრალოდ, იქ უნდა ავიდე, მაღლა. ერთი ბინა ნაქირავები მაქვს რომ გამომეცვალა და კომფორტულად ჩავიცმევ. წადი, მანქანასთან დამელოდე.
ლიფტის კარები გაიღო. სახურავზე ცივი ქარი ქროდა. ელეონორა ნელა მიუახლოვდა კიდეს. თეთრი კაბა ქარში აფრიალდა — ის ახლა აღარ ჰგავდა ნიკოს ნახატს, ის ჰგავდა გალიიდან გამოშვებულ ჩიტს, რომელმაც ფრენა დაივიწყა.
​ქვემოთ, პირველ სართულზე, ხედავდა პატარა წერტილებს — ხალხს, რომელიც მოლოდინით იყურებოდა ცაში. ხედავდა ნიკოს, რომელიც ამაყად იდგა შუაგულში. ხედავდა ალექსის მანქანასაც, რომელიც შორიახლოს იდგა.
​„რა პატარები არიან...“ — გაიფიქრა მან. — „ყველა თავის როლს თამაშობს. ნიკო — გენიოსის, ალექსი — გადამრჩენელის, მე კი... მე უბრალოდ სივრცე ვიყავი, რომელიც სხვებმა შეავსეს.“
​უცებ ცა განათდა. პირველი ფეიერვერკი გასკდა — წითელი, მწვანე, ოქროსფერი. ელეონორას სახეზე ფერებმა იწყეს თამაში. ის პირველად ხედავდა ფერებს ამდენი ხნის შემდეგ.
​„რა ლამაზია,“ — გაეღიმა მას. ეს იყო მისი პირველი გულწრფელი ღიმილი. — „ნიკოს ეს ფერები არ უყვარს. მისთვის სამყარო მხოლოდ შავ-თეთრია. მას ჰგონია, რომ ამ სილამაზეს ფლობს, მაგრამ სინამდვილეში, ის მხოლოდ იმას ხედავს, რაც ტილოზე ეტევა.“
​მან კიდეს გადახედა. 15 სართული სიმაღლე... აქედან ყველაფერი სხვაგვარად ჩანდა. არქიტექტურული ხაზები, შენობების სიმეტრია — ყველაფერი, რაც ოდესღაც უყვარდა, ახლა უმნიშვნელო ეჩვენებოდა.
​„ალექსს ჰგონია, რომ ფსიქოლოგი მიშველის. ჰგონია, რომ ქვეყნიდან გაქცევა მომაშუშებს. მაგრამ როგორ უნდა გაიქცე საკუთარი თავისგან, რომელიც აღარ არსებობს? ნიკომ მე გამომფიტა. მან წაიღო ის ელეონორა, რომელსაც შენობების დაპროექტება შეეძლო. ის, რაც აქ დგას, ამ თეთრ კაბაში... ეს მხოლოდ მისი ფუნჯის კვალია.“
​კიდევ ერთი ფეიერვერკი აფეთქდა, ამჯერად უფრო ახლოს. თეთრი შუქი წამით მთელ სახურავს მოეფინა.
​„ეს ჩემი ბოლო პროექტია,“ — გაიფიქრა მან და კიდეს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. — „სრულყოფილი თავისუფლება. იქ, სადაც აღარ არის საღებავის სუნი, აღარ არის წელზე მოჭერილი ხელები და აღარ არის მოლოდინი. იქ მხოლოდ სიჩუმეა.“
​მან თვალები დახუჭა. ქარმა თმა აუბურდა. ქვემოდან ტაშის ხმა ესმოდა — ხალხი ფეიერვერკებსა და ნიკოს წარმატებას ზეიმობდა. ელეონორამ კი ღრმად ჩაისუნთქა ცივი ჰაერი და პირველად იგრძნო, რომ ის აღარავის ეკუთვნოდა. ის იყო მხოლოდ სინათლე, რომელიც ამ წამს ფეიერვერკივით უნდა გაფანტულიყო ღამის ცაზე.
ცაზე უკანასკნელი ოქროსფერი ნაპერწკლები ქრებოდა. ხალხი ნელ-ნელა გალერეის დარბაზში ბრუნდებოდა, აღფრთოვანებული და აჟიტირებული. ნიკო შუაგულში იდგა, სტუმრების მილოცვებს იღებდა, მაგრამ მისი თვალები გამუდმებით კარებისკენ გარბოდა.
​ხუთი წუთი გავიდა. ათი. თხუთმეტი.
​ნიკომ იგრძნო, როგორ დაეჭიმა ძარღვები. მისი „მუზა“ ადგილზე არ იყო. ის არ შეიძლებოდა გამქრალიყო — ნახატები ხომ აქ ეკიდა? ის ხომ მისი საკუთრება იყო?
​— ელეონორა სად არის? — ჰკითხა მან ერთ-ერთ ოფიციანტს. ისეთი ხმით, რომ ბიჭს ჭიქები აუკანკალდა.
— არ ვიცი, ბატონო ნიკო... ზევით ავიდაო, ასე თქვეს.
​ამ დროს გარეთ, მანქანასთან მიყრდნობილი ალექსი ცას უყურებდა. მასაც აფორიაქებდა ელეონორას დაგვიანება. რაღაც ინსტინქტმა თავი ააწევინა. 15-ე სართულის კიდეზე მან დაინახა თეთრი ლაქა — ისეთი პატარა და ნაზი, როგორც ფურცელი, რომელიც ქარს უნდა წაეღო.
​— არა... — აღმოხდა ალექსს. — ელ, არა!
​ის შენობისკენ გაიქცა, მაგრამ სწორედ იმ წამს, თეთრი ლაქა მოსწყდა კიდეს..
სახურავზე ქარი მძვინვარებდა. ელეონორამ აკანკალებული თითებით ტელეფონი ამოიღო. ეკრანის შუქი მის ფერმკრთალ სახეს ანათებდა. მან ჯგუფური მაილი შეადგინა: ადრესატებში იყვნენ ალექსი, თათია და დედამისი.
​„მაპატიეთ. მაპატიეთ, რომ ვერ ვიყავი ისეთი ძლიერი, როგორსაც მიცნობდით. მაპატიეთ, რომ ნება დავრთე, ჩემი სული საღებავებად ექციათ. ალექს, შენ მართალი იყავი — მე იქ მოვკვდი, იმ სახელოსნოში, პირველივე დღეს. თათია, მადლობა, რომ ბოლომდე გჯეროდა ჩემი. დედა... მაპატიე, რომ შენი გოგო ასე ადვილად გატყდა. მე არ მივდივარ იმიტომ, რომ დავიღალე. მივდივარ იმიტომ, რომ მინდა ისევ ვიგრძნო, რომ საკუთარ თავს ვეკუთვნი. სიკვდილში მაინც ვიქნები თავისუფალი ნიკოს ფუნჯისგან. მიყვარხართ.“
​მან „გაგზავნას“ დააჭირა და ტელეფონი იქვე, ბეტონზე დადო.
ელეონორა კიდეზე დადგა. თეთრი კაბა ქარში აფრიალდა, როგორც დაჭრილი ფრინველის ფრთა. მან ნაბიჯი გადადგა სიცარიელეში.
​ვარდნის პირველი წამები საოცრად მშვიდი იყო. ჰაერი ყურებში უსტვენდა, მაგრამ მის გონებაში სრული სიჩუმე სუფევდა.
„რა უცნაურია,“ — გაიფიქრა მან, — „ნიკოს ეგონა, რომ ჩემი ვარდნაც მისი კომპოზიციის ნაწილი იქნებოდა. მაგრამ ის ვერ ხედავს იმას, რასაც მე ახლა ვხედავ. ის ვერ გრძნობს ამ თავბრუდამხვევ თავისუფლებას.“
​მე-10 სართული... მე-7... მე-4...
„მშვიდობით, ნაცრისფერო კედლებო. მშვიდობით, შავ-თეთრო ნახატებო. მე ახლა ფერებთან მივდივარ. იქ, სადაც არავინ მეტყვის, რომ ჩემი ოცნებები ნაგავია.“
როდესაც დაეცა, ხმა არ ყოფილა ისეთი საზარელი, როგორიც ნიკოს ნახატების მსხვრევა. ეს იყო რბილი, თითქმის ფრთხილი დაშვება, თუმცა დამანგრეველი. თეთრი აბრეშუმის კაბა მოედანზე გიგანტური ყვავილივით გადაიშალა.
​ალექსი პირველი მივიდა. ის მუხლებზე დაეცა და ელეონორას სახე ხელებში მოიქცია. გოგონას თავი გვერდზე ჰქონდა გადახრილი, მისი შავი თმა სისხლის გუბეში ჩაწოლილიყო, რომელიც ნელა, მდინარესავით იკვლევდა გზას თეთრ აბრეშუმზე.
​— ელ... ჩემო პატარა ელ... — ჩურჩულებდა ალექსი და აკანკალებული თითებით მის ლოყებს ეფერებოდა. ის ცდილობდა მოეწმინდა სისხლი, რომელიც გოგონას შუბლიდან მოედინებოდა, მაგრამ წითელი ფერი სულ უფრო მეტად ფარავდა მის თითებს.
​თათია მათთან გაჩნდა. ის ექიმი იყო, მან იცოდა, რომ ასეთი სიმაღლიდან დაცემა წამიერ სიკვდილს ნიშნავს, მაგრამ გული არ უშვებდა. მან ელეონორას მაჯას ხელი დაადო. პულსი არ იყო. არც სუნთქვა. მხოლოდ სიჩუმე.
​თათიამ ელეონორას გაყინულ ხელს ხელი მოუჭირა და თავი დახარა. ალექსი კი მაინც არ უშვებდა — ის ეფერებოდა მის ქუთუთოებს, მის თმას, თითქოს სითბოთი სურდა მისი დაბრუნება.

ნიკო გალერეის ზღურბლზე იდგა. მას ხელი არ გაუნძრევია. ის უყურებდა ამ სცენას და მის თვალებში არა მწუხარება, არამედ რაღაც შემზარავი აღფრთოვანება ჩანდა.
​თეთრი კაბა, შავი თმა და ალისფერი სისხლი მუქ ასფალტზე — ეს იყო სრულყოფილი კომპოზიცია. ისეთი, რომლის შექმნაც მას ყოველთვის უნდოდა, მაგრამ ვერ ბედავდა. მან დაინახა, როგორ ეხებოდა ალექსი ელეონორას და იგრძნო, რომ ამჯერად წააგო. ელეონორამ მას ყველაზე ძვირფასი — თავისი სიცოცხლე წაართვა, რათა აღარასდროს ყოფილიყო მისი ნახატი.
— ის მაინც ჩემია... — ჩაილაპარაკა ნიკომ, მაგრამ მისი ხმა საკუთარმა სიცარიელემ ჩაახშო.
​ალექსმა ელეონორას სისხლიანი ხელი გულზე მიიხუტა და ატირდა. ეს არ იყო უბრალოდ ტირილი, ეს იყო გლოვა იმ სილამაზეზე, რომელიც ნიჭმა გაანადგურა და გულგრილობამ დაასრულა.
ელეონორა იწვა— დამსხვრეული, მაგრამ საბოლოოდ თავისუფალი. ის აღარ იყო მუზა, აღარ იყო ობიექტი. ის იყო ქალი, რომელმაც სიკვდილით დაიბრუნა საკუთარი თავი.
პანიკა სუფევდა, მაგრამ ყველაზე საზარელი სანახაობა ელეონორას სხეულთან დატრიალდა. ნიკო, რომელიც აქამდე შორიდან უყურებდა ყველაფერს, მოულოდნელად, თითქოს რაღაც ძალამ ჰკრაო, ადგილიდან მოწყდა და ალექსისკენ გაიქცა.
​— გაუშვი ხელი! — ღრიალებდა ნიკო, მისი სახე სიგიჟისგან იყო დამახინჯებული. — ის ჩემია! ჩემი შედევრია! ხელი არ შეახო!
​ნიკო ალექსს ეცა და სცადა ელეონორას უსულო, სისხლიანი სხეული მისი მკლავებიდან გამოეგლიჯა. ის ისე ექაჩებოდა გოგონას ხელს, თითქოს ტილო ყოფილიყო და არა ადამიანი. ალექსმა, რომელიც მწუხარებისგან ისედაც გონებადაკარგული იყო, მთელი ძალით ჩაავლო ხელი ნიკოს პიჯაკს.
​— შე ნაძირალა! შენ მოკალი! — უყვიროდა ალექსი.
​სწორედ ამ დროს პოლიციის ეკიპაჟები მოვიდნენ. ოფიცრებმა ძლივს გააშველეს გააფთრებული კაცები. ნიკო ისე იბრძოდა, თითქოს მისთვის ყველაზე ძვირფას ნივთს ართმევდნენ. პოლიციამ ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა, ყველა გააგდო ადგილიდან და ელეონორას სხეული მორგში გადაასვენეს.

პოლიციის განყოფილების ცივ ოთახში ალექსი და თათია ერთმანეთის მიყოლებით ყვებოდნენ იმ საშინელებაზე, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ხდებოდა. ნიკო მეზობელ ოთახში იჯდა, ხელბორკილებით, და ისევ იმავეს იმეორებდა: „ის მე შევქმენი, საოცარი შედევრი!"
​გამომძიებელმა მაგიდაზე ელეონორას ლეპტოპი და პატარა, ტყავისყდიანი დღიური დადო, რომელიც პოლიციამ სახელოსნოში, საღებავების ყუთების ქვეშ იპოვა.
​— აი, თქვენი პასუხები, — თქვა ოფიცერმა და ხმამაღლა დაიწყო ელეონორას ბოლო იმეილის კითხვა, რომელიც მან სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე გააგზავნა.
​ალექსი და თათია ტიროდნენ, როცა ელეონორას სიტყვებს ისმენდნენ — მის თხოვნას პატიებაზე და აღიარებას, რომ ნიკომ მისი სული საღებავებად აქცია.
​შემდეგ გამომძიებელმა დღიური გადაშალა. იქ ელეონორა ყოველდღე, ფარულად აღწერდა ნიკოს „მეთოდებს“:
„დღეს მითხრა, რომ თუ სამსახურში წავალ, ჩემს ყველა ნახაზს დაწვავს...“
„ის მიყურებს, როცა მძინავს და მეუბნება, რომ ჩემი დაღლილობა მისი საუკეთესო ფერია...“
„მეშინია. მე უკვე აღარ ვიცი, სად მთავრდება ჩემი სახე და სად იწყება მისი ნახშირი...“
​დღიურში ხაზგასმული იყო ნიკოს ყოველი მანიპულაცია, ყოველი ფსიქოლოგიური დარტყმა. ეს იყო ქრონიკა იმისა, თუ როგორ კლავდა ერთი ადამიანი მეორეს ყოველდღე, ნელ-ნელა.
ნიკო ოფიციალურად დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, რასაც ელეონორას დღიური და იმეილები უტყუარ მტკიცებულებად აქცევდა.
​როდესაც ნიკო საკანში მიჰყავდათ, მან მხოლოდ ერთი რამ იკითხა:
— ნახატებს რა ბედი ეწევა? მათ დაცვა სჭირდებათ.
​ალექსი და თათია განყოფილებიდან გამთენიისას გამოვიდნენ. ქალაქი იღვიძებდა, მაგრამ მათთვის სამყარო სამუდამოდ შეიცვალა. ელეონორამ თავი შესწირა, რომ ეს დღიური და ეს სიმართლე მზის შუქზე გამოსულიყო. ნიკომ ის უკვდავყო თავის ნახატებში, მაგრამ ელეონორამ საკუთარი სიკვდილით ის ციხეში გამოკეტა.

წლები გავიდა — მთელი სამი ათწლეული. ქალაქი შეიცვალა, შენობები დაძველდა, ახალმა არქიტექტორებმა ახალი კედლები აღმართეს, მაგრამ ერთ პატარა კუთხეში დრო თითქოს გაჩერდა.
სასაფლაოს მყუდრო ხეივანში, იქ, სადაც მზის სხივები ფოთლების მიღმა ძლივს აღწევენ, ერთი საფლავი ყოველთვის გამორჩეულია. ის არ ჰგავს სხვებს — აქ არასდროს არის ჭკნობის სუნი. ყოველ დილით, იქნება ეს მცხუნვარე აგვისტო თუ თოვლიანი იანვარი, აქ ერთი და იგივე კაცი მოდის.
​ალექსი ახლა უკვე ჭაღარაა. წლებმა მის სახეზე ღრმა კვალი დატოვეს, მაგრამ მისი გამოხედვა ისევ ისეთია — თბილი და სევდიანი. მან თავისი ცხოვრება ელეონორას ხსოვნას მიუძღვნა. ის ყოველდღე მოდის აქ, მოაქვს ახალი ყვავილები და ისე ესაუბრება ქვას, თითქოს ელეონორა სადმე ახლოს, ხის ჩრდილში იდგეს.
​საფლავის ქვაზე კი ისევ ის 18-დან 25 წლამდე გოგო იყურება. ის მომღიმარია, ბედნიერი, მისი თვალები კი ისე ციმციმებენ, თითქოს ფოტოს მიღმაც კი ახერხებდნენ სინათლის გამოფრქვევას. ეს ის ელეონორაა, რომელიც ნიკომდე არსებობდა. ის, ვინც სიცოცხლით იყო სავსე.
იქვე, საფლავთან ახლოს, პატარა მარმარილოს მაგიდაზე, ალექსმა ელეონორას დღიურის ასლი დადო — მუდმივად გადაშლილი იმ გვერდზე, რომელიც მათთვის ყველაზე მტკივნეულ კითხვას ინახავდა.
​დღიურის გაცრეცილ ფურცელზე ელეონორას ნაზი კალიგრაფიით ეწერა:
​„ნეტავ, სუიციდი სიძლიერეა თუ სისუსტე?“
​ალექსი ყოველდღე კითხულობდა ამ სტრიქონს და ყოველდღე ერთი და იგივე პასუხი ჰქონდა. ახლა, ოცდაათი წლის გადმოსახედიდან, ეს კითხვა მისთვის აღარ იყო ფილოსოფიური.
​— ეს სისუსტე იყო, ელ... — ჩაილაპარაკა ალექსმა და ქვაზე გამოსახულ მომღიმარ სახეს ხელი გადაუსვა. — ეს იყო შენი ყველაზე დიდი სისუსტე.
​მან ამოიოხრა და იქვე ჩამოჯდა.
— შენ გეგონა, რომ ეს იყო გაქცევა, თავისუფლება... მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ნიკომ სწორედ ამაში გაჯობა. მან გაიძულა გეფიქრა, რომ შენი სიცოცხლე მას ეკუთვნოდა და მხოლოდ მისი განადგურებით შეძლებდი თავის დაღწევას. ეს იყო დანებება. შენ დანებდი იმ შავ-თეთრ სამყაროს, ნაცვლად იმისა, რომ დაგეცადა... დაგეცადა ჩვენთვის. ჩვენ ხომ ერთად შევძლებდით იმ კედლების დანგრევას.
​ალექსმა ყვავილები ლარნაკში ჩააწყო.
— სისუსტეა, როცა ნიჭი საკუთარ თავს ანადგურებს იმიტომ, რომ სხვისმა ბოროტებამ დააბრმავა. შენ იმდენად ძლიერი იყავი, რომ შეგეძლო ქალაქები აგეშენებინა, ელ... მაგრამ იმ წამს, იმ სახურავზე, შენ ყველაზე სუსტი აღმოჩნდი. შენ ნიკოს დაუტოვე გამარჯვება — მან შენი სიცოცხლე წაიღო, მე კი მხოლოდ ეს მოგონება დამიტოვა.
​ქარი წამოუბერა და დღიურის ფურცლები ააშრიალა. ფოტოზე გამოსახული გოგონა კი ისევ ისე იღიმებოდა. ის ვერაფერს პასუხობდა. ის დარჩა იქ, როგორც სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება უდიდესი სიძლიერე ერთ წამში იქცეს საბედისწერო სისუსტედ, რომლის გამოსწორებასაც ოცდაათი წელიც კი არ ჰყოფნის.
​ალექსი ადგა, პიჯაკი შეისწორა და ნელი ნაბიჯით წავიდა ხეივანში. ხვალ ისევ მოვიდოდა. ისევ მოიტანდა ყვავილებს და ისევ შეახსენებდა ამ მომღიმარ გოგოს, რომ სიცოცხლე, რაც არ უნდა მძიმე ყოფილიყო, ყოველთვის უფრო დიდი სიძლიერეა, ვიდრე ყველაზე ლამაზი და პოეტური სიკვდილი.



№1 სტუმარი teo

სამწუხაროა ასეთი დასასრული ,ძალიან კარგი იყო ,მძიმე საკითხავია მაგრამ ცხოვრებაშიც ყოველთვის არ არის კარგი დასასრული და ალბათ სადღაც არსებობენ ასეთი საშინელი ადამიანები როგორიც ნიკო იყო,წარმატებები და გელოდები სიახლით❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent