თეთნულდს გასძახე 16. მარტო არ ხარ
თოვლი თითქოს არ ფიქრობდა შეჩერებას. ფიფქები ნელა, მოუდრეკლად ეცემოდნენ მიწას და სახლის სახურავს. თითქოს თვითონ ზამთარი ლაპარაკობდა, ოღონდ ისეთ ენაზე, რომელშიც სიტყვების ნაცვლად მხოლოდ მძიმე სუნთქვას და ჩუმ ტკივილს იგრძნობოდა ადამიანის. სიჩუმე იდგა ოთახში სანამ, გაზზე დადებული ჩაიდნის გუგუნმა არ შეცვალა. ანა და გაგი ერთმანეთთან იმდენად ახლოს იდგნენ რომ ჰაერში დარჩენილი სიტყვებიც კი თითქოს მათი სხეულების შორის იჭედებოდა - უხერხულად, შეყოვნებით, გაუბედავად. გაგი ფანჯარასთან მიყრდნობოდა, თუმცა ჭიქა მაგრად ეჭირა ხელში. თითქოს უემოდიოდ იდგა, მაგრამ თვალებში რაღაც სხვა ეტყობოდა - არა ბრაზი, არა ეჭვი... რაღაც უფრო ღრმა, უფრო უხერხული. - ამ თემას რამდენჯერღა უნდა შევეხოთ... - თქვა ბოლოს, თითქოს გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა,- თუ მართლა ვიღაც იყო იმ დღეს იქ...რაღაც არალოგიკურია ჩუმად ყოფნა. მისმა ხმამ ყინულის შეგრძნება დატოვა ჰაერში. - თქვენ თვითონ ამბობთ რომ მთაში ტყუილს არ ამბობენ. რაც ვიცი, იმას ვამბობ,- ანა ცოტა ფერმკრთალი იდგა, მაგრამ თვალები არ დაუხრია. მკერდში თითქოს რაღაც გაეჩხირა, ისე გაუჭირდა ამ სიტყვების მოსმენა. - ზოგჯერ დუმილი ტყუილზე მეტ რაღაცას მალავს, - თქვა ხმადაბლა. მისი სიტყვები ორაზროვნად ჟღერდა,- ზოგჯერ დუმილი უბრალოდ შიშია. გაგიმ თავი ოდნავ გადაწია, თითქოს რაღაც არ მოეწონა. - მე არაფრის მეშინია, - თქვა მტკიცედ. - თავიდან ყველა ეგრე ამბობს. და ბოლოს ნახე - შენც დაკარგე ვიღაც და მეც. გაგიმ თვალები მილულა,- მაშინ მე ბიძას მიწაში ვაწვენდი. - და მე მამას, - უპასუხა ანამ და ეცადა ხმა არ აკანკალებოდა. აი აქ რაღაც გატყდა. გაგი ერთ ადგილზე გაქვავდა. პირველად არ გაუგია, თუმცა არანაკლებ მტკივნეული იყო ამის მოსმენა მესამედაც. ანა რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა. თითქოს მისი ახლოს ყოფნა სულს წვავდა. გაგიმ ნელა ამოისუნთქა, მხოლოდ დაძაბულობას გრძნობდა მკერდში. - თავს ნუ იმართლებ, იმიტომ რომ მეც იგივე გადავიტანე და დამიჯერე ჩემზე მეტად არავის უნდა ნიკას პოვნა,- მკაცრად ამოთქვამს ანა,- შენ არც კი იცი რა მოხდა ჩემს ცხვრებაში და ნუ მაიძულებ ისევ ყველაფრის გახსენებას. - არც მიფიქრია, უბრალოდ მაგიჟებს ის ფაქტი რომ შენ ისევ მას იცავ,- ტონს ადაბლებს გაგი. - მე მკვლელებს არ ვიცავ,- ცრის კბილებში ანა,- რანაირად დაგიმტკიცო რომ არ ვიცავ. იმ ადამიანს როგორ დავიცავ ვინც მამა მომიკლა, ასეა თუ ისე, ის მაინც დამნაშავეა, უბრალოდ ის ფაქტი რომ აქ ეჭვი დადის იმ ღამის შესახებ - არ მასვენებს. იქნებ იქ მართლა სხვა ვიღაც იყო? - არ ვიცი, არაფერი არ ვიცი,- ზურგს აქცევს გაგი მას. - მინდა რომ მამას ორმოცზე იქ ვიყო,- გაგის გადადგმული ნაბიჯი უშეშდება. - წახვალ,- ისმის მისი ხმა,- ოღონდ მარტო არა, წაგიყვან. ანა ჩუმად დგას. გრძნობს როგორ ინგრევა შიგნიდან, როგორ იღლება რაღაცების მტკიცებით და როგორ ღლის ეს გარემო. საკუთარ ხელებს დაჰყურებს, შემდეგ კარადის სარკეში საკუთარ თავს, ნორმალური ფერიც კი აღარ შერჩა სახეზე. ისე ჩამოჭკნა რომ თვითონაც ვერ მიხვდა როდის დაკარგა საკუთარი თავი. გრძელ ოქროსფერ თმებს უსვამს ხელს, რამდენიმე ღერი თმა მოჰყვება ხელს და იატაკზე ეცემა. - მგონი ვკვდები, კიბო მაქ,- ეცინება უადგილოდ და სამზარეულოდან გადის. თბილად იცვამს, თავშალს იფარებს და საჯინიბოში შედის, სადაც მშვენიერი წაბლისფერი ცხენი ელოდება დიდი მოთმინებით. მის დანახვაზე ჭიხვინებს. ანას ეღიმება, ნაზად ეფერება, უნაგირს ადგამს და გამოჰყავს. გაგი შორიდან ადევნებს თვალს. ხვდება რომ ახლა გაყოლას აზრი არ აქვს, რომ ერთმანეთის გასაგებად ჯერ დრო არის საჭირო. ანა ცხენს ახტება და დათოვლილი მდელოსკენ იღებს გეზს, სიცივე სახეზე ხვდება, ლოყებს და ცხვირს უწითლებს, თუმცა არ ჩერდება. გონებას უწმენდს ჯირითი. სადღაც შორს რომ გადის სოფლიდან ნელ - ნელა ჩერდება, მაღლიდან გადაჰყურებს მთებს და სოფელს, დათოვლილი თეთნულდიც იმზირება სადღაც შორიდან, გადათეთრებული, მაგრამ მაინც შავად შეღებილი უშბაც თავზე დაჰყურებს მას. ანა დუმს, ფიქრები არეული აქვს, ცრემლები დამშრალი, ენერგია საერთოდ აღარ შერჩა, ას ოთხმოცი გრადუსით შემოტრიალდა მისი ცხოვრება და აქამდე თუ რამე გეგმები ჰქონდა, ახლა ყველაფერი ერთი ხელის მოსმით წყალში ჩაიყარა, ყველა ოცნება თავზე ჩამოენგრა და დარჩა მხოლოდ ის და მარტოობა. ცხენიდან არ ჩამოდის, რამდენიმე წუთით ჩერდება მდელოზე და შემდეგ წყვეტს დაბლა დაეშვას, სოფლის შემოსასვლელისკენ იღებს გეზს, ხიდზე გადადის და უკვე სოფელში აპირებს შესვლას რომ ეზოდან ცხენზე ამხედრებული ბიჭი გამოდის. ანა კრთება, საბელს ხელს უშვებს, თავს ვეღარ იმაგრებს და მიწაზე ვარდება. მიუხედავად იმისა რომ თოვლში ეცემა - მხარი მაინც სტკივა. - კარგად ხარ?- ესმის ხმა. სახეს ისუფთავებს თოვლისგან რომ თვალებში წესიერად გამოიხედოს, გაჭირვებით იწევა. - მეთვითონ,- ფეხზე დგება ანა და ტანსაცმელს იფერთხავს, მარცხენა ხელი კი ჯერ ისევ სტკივა,- მერამდენედ უნდა მოხდეს ასე. ბურტყუნებს თავისთვის. - ვერ დაგინახე, არ ვიცოდი ვინმე თუ იდგებოდა აქ,- ბიჭი დაბნეული დგას, არ იცის რა გააკეთოს და საერთოდ ამ გოგოს სოფელში პირველად ხედავს,- დაგეხმარები, სად მიდიხარ? მიუდგა უკნიდან როდესაც ანამ ცხენზე ასვლა დააპირა. - ხერგიანების სახლში,- მოკლედ უჭრის და ბიჭის დახმარებით ცხენზე ჯდება. - ხერგიანებთან?- წარბებს კრავს გაკვირვებისგან,- გაგი ხერგიანის სახლში? - კი,- საბელს იჭერს მარჯვენა ხელით. - მიგაცილებ, თან ხელი გტკივა,- ჩაფიქრებული ამოთქვამს და თავის ცხენზე ჯდება. მთელი გზა გოგოს უკნიდან დაჰყურებს და ფიქრობს ვინ შეიძლება ის გაგი ხერგიანისთვის იყოს. - ანა?- ისმის ეზოდან გაგის ხმა,- რა გჭირს? მასთან მირბის და ცხენს ღობეზე აბამს, გოგოს მენჯებზე ეჭიდება და ცხენიდან ჩამოჰყავს, ისე რომ სიტყვის თქმას არ აცდის, ხელში აყვანილი შეჰყავს სახლში და მაშინვე დარიკოს ეძახის. - ვაიმე შვილო,- თავზე იდებს ხელს,- რა დაგემართა? მის წინ მუხლებზე ემხობა და გაწითლებულ ხელს დაჰყურებს. - ჩემი ბრალია,- ისმის კარებში უცხოს ხმა,- ცხენიდან გადმოვარდა. - ანდრია?- დაბნეული კითხულობს გაგი, რადგან საერთოდ არ ელოდა მეგობარს,- როდის ჩამოხვედი? მისკენ მიდის გახარებული და ეხვევა დიდი ხნის უნახავ მეგობარს. - ბოლს როდის გნახე არც მახსოვს,- კიდევ ერთხელ ძლიერ ეხევა გაგი. - წუხელ შუაღამეს. ირინა ამ ბოლო დროს რაღაც ვერ არის კარგად და მარტო ვეღარ დავტოვე, დათოც წასულია ქალაქში უკვე რამდენი დღეა. - გამიხარდა შენი ნახვა,- კიდევ ერთხელ ეუბნება გაგი და ანასკენ ბრუნდება, გოგო ჯერ ისევ შეფუთული ზის ბუხართან,- ხელი ძალიან გტკივა? გინდა ექიმს მოვიყვან. - არა, არ მტკივა ეგრე ძაანაც. მგონი ცუდად დავეცი უბრალოდ,- ოხრავს ანა და მოსაცმელს იხდის რომ დარიკოს საშუალება მისცეს მალამო დაადოს. - შვილო მე მივხედავ, საღამოს უკვე კარგად იქნება,- ამშვიდებს დარიკო. - კარგი,- ჯერ ისევ ანერვიულებული ამბობს,- აღარ დაჯდე მაგ ცხენზე, უკვე მეორედ გადმოვარდი. - გადით თქვენ. ისაუბრეთ, დიდი ხანია არ გინახავთ ერთმანეთი,- უღიმის დარიკო და გაგიც ეზოში გადის ანდრიასთან ერთად. - ვინ არის ეს გოგო?- როგორც კი თვალს ეფარებიან, მაშინვე ახლის სახეში ანდრია. - ჩემი ცოლია. - და მერე არ უნდა...- აპაუზებს ანდრია,- ცოლი? - ჰო,- ხმადაბლა ჰპასუხობს ისევ. - მგონი შევთანხმდით რომ ქორწილში მე უნდა ვყოფილიყავი შენი მეჯვარე, არა?- წუწუნს იწყებს ანდრია. - არა, ყველაფერი სხვანაირად მოხდა,- ოხრავს გაგი,- ალეკო მოკლეს. - ალეკო? ჩვენი ალეკო? ბიძაშენი? - ხო, ნიკა დანელიას მოკლულია. ანა კი მისი ბიძაშვილია. ის ბიჭი რომ ვერ ვიპოვეთ მალხაზიმ ანა წამოიყვანა და დღეიდან შენი ქალიაო გამომიცხადა,- ჯოხით თოვლში იქექება გაგი,- ხოდა ასე ორი კვირაც არაა, რაც ეს გოგო ჩემთანაა. - სიგიჟეა, გოგო მოიტაცეთ? - ზურას და დანარჩენებს საერთოდ ნიკას მოკვლა უნდოდათ, სისხლი სისხლით უნდა გასუფთავდესო გაიძახოდნენ,- ბრაზობს გაგი,- რა ჯანდაბა მექნა, დღემდე არ ვიცი რა მოხდა და ანაც რაღაცებში იქექება, მგონი რაღაც სხვაშია აქ საქმე და ჯერ ვერ ვხვდები ვერაფერს. - შეიძლება ახლა გავჭედო,- თმებში იცურებს ხელს ანდრია,- რა არ მომისმენია, მაგრამ ასეთი რამ არ გამიგია აქამდე. - ადექი და წახვედი ქვეყნიდან, ქალაქელი ბიჭი გახდი და რას გაიგებდი? ამერიკაში არ ხდება ასე,- უბრაზდება გაგი,- სამი წელია წახვედი და სულ ხუთჯერ ველაპარაკეთ ერთმანეთს, ირინა რომ ცუდად არ გამხდარიყო - ვინ იცის როდის ჩამოხვიდოდი. ან თუ ჩამოხვიდოდი საერთოდ. - რაც შენ დაგემართა იგივე რომ არ დამმართნოდა, მაგიტომაც წავედი აქედან,- ბრაზდება ანდრია,- საწყალი გოგო. - იქნებ ჯერ ჩვენზე გვესაუბრა და გოგო მერე შეგეცოდებინა?- წარბებს კრავს გაგი. - გოგო მოიტაცეთ გაგი, ხვდები რაზე ვსაუბრობ? და დიდი ალბათობით ძალით დათანხმდა შენზე ქორწინებას. ამის გამო თბილისში ეგრევე დაგიჭერდნენ. - ახლა თბილისში არ ვართ და ეგ რომ არ გვექნა ახლა მე კი ვერ დამელაპარაკებოდი, ჩემს საფლავზე ამოხვიდოდი დღეს,- ბუზღუნებს გაგი. - აქ ისევ ბნელა? - როდის თენდებოდა ნეტა?- გაგი ფეხზე დგება და ტოტს სადღაც შორს ისვრის,- მოკლედ არ ვიცი. რაც არის არის, ახლა ვერაფერს ვიზამ, ანაც შეეგუა მგონი ყველაფერს. - და ვსო? ანუ ერთად იცხოვრებთ ახლა სიცოცხლის ბოლომდე? სიყვარული? ერთგულება? ნდობა? ეს ყველაფერი არ უნდა არსებობდეს წყვილს შორის? - არ ვიცი, ალბათ ერთად ვიცხოვრებთ და ჩვენს შრის სიყვარული არ იარსებებს, სხვა არ ვიცი რა გავაკაეთო,- მხრებს იჩეჩს გაგი და წამით ანდრიას ნათქვამზე ფიქრდება. - ხვდები არა რომ უბრალოდ ამ კანონების მსხვერპლი ხარ?- წარბებს კრავს ანდრო,- რომ მცოდნოდა, ნეტავ ვინმესგან მაინც გამეგო... - და რას იზამდი?- ეცინება გაგის, მაგრამ ეს უფრო სიმწრის ღიმილია,- კარგი შევეშვათ ამ თემაზე საუბარს, ახლა აზრი არ აქვს, საღამოს ამოდი ჩვენთან. - ჯერ საქმეები მაქვს მოსაგვარებელი, თუ შევძლებ მოვალ,- ოხვრით ამბობს ანდრია, ემშვიდობება და ეზოდან გადის. * * * საღამო ადრე ჩამოწვა. თოვლმა ისევ მოუმატა, ახლა უკვე უფრო მსხვილი ფანტელებით მოდიოდა. სახლს გარედან თითქოს მშვიდობა ედგა, მაგრამ შიგნით ის სიჩუმე იყო, რომელიც საერთოდ არ ამშვიდებს ადამიანს - პირიქით, საკუთარ ფიქრებთან მარტო ტოვებს. ანა ბუხართან იჯდა, პლედში გახვეული. ხელი ისევ ოდნავ სტკიოდა, მაგრამ ტკივილი უკვე მეორეხარისხოვანი იყო. უფრო მძიმე ის იყო, რაც გულში ჰქონდა ჩარჩენილი. თვალს ცეცხლს არ აშორებდა, თითქოს იმ ალში პასუხების დანახვას ცდილობდა. კარები ჭრიალით გაიღო. გაგი შემოვიდა. მარტო. რამდენიმე წამი არაფერი უთქვამს. ქურთუკი ჩამოხსნა, სკამზე გადაკიდა და ანას მოპირდაპირედ დაჯდა, თუმცა ისე რომ ძალიან ახლოს არ მისულიყო. თითქოს ისევ ეშინოდა იმ სივრცის, სადაც სიტყვები ერთმანეთს ეჯახება. - ხელი როგორ გაქვს?- მის წინ ჯდება და შეხვეულ მაჯას ნელა ეხება. ანა ოდნავ კრთება, თუმცა ნებას აძლევს დაათვალიეროს. - დიდად აღარ მტკივა. - მგონი ჯობდა მაინც ექიმს ენახა. - ნუ პანიკობ, კარგად ვარ,- ამჟავებული სახით ეუბნება და ხელებს მუხლებზე იდებს. თოვლმა ღამით უფრო იმატა. დილას ეზო უკვე გადათეთრებული იყო. სახლში ჩვეულებრივზე ადრე გაიღვიძეს. დარიკო ჩუმად მოძრაობდა, ისე, თითქოს ეშინოდა ზედმეტი ხმაურით ვინმესთვის არ დაერღვია ის მყიფე სიმშვიდე, რომელიც ამ დღეებში თავადაც ძლივს უჭერდა. ანა დერეფანში იდგა, ფანჯრიდან იყურებოდა. თოვლი ისევ მოდიოდა, მაგრამ აღარ უყურებდა - უფრო საკუთარ ფიქრებს უსმენდა. ამ სახლში დღეები ერთმანეთის მსგავსი გახდა: დილით ჩაი, შუადღეს სადილი, საღამოს ბუხართან ჯდომა. სიტყვები აღარ იკარგებოდა, უბრალოდ აღარ ითქმებოდა. გაგი ეზოში გადიოდა და ბრუნდებოდა, თითქოს საქმეს ეძებდა რომ თავი აერიდებინა ზედმეტი ფიქრისთვის. ანასთან საუბარს ვერ ბედავდა და არც ანა ცდილობდა. ისინი ერთად იყვნენ, მაგრამ ერთმანეთთან - იშვიათად. დრო ისე გადიოდა, რომ არავის უკითხავს, რა შეიცვალა. ნიკაზე ხმა აღარავის ამოუღია. თითქოს შეთანხმდნენ რომ სიჩუმე უკეთ დაიცავდა ყველას. დღეები კვირებად გადაიქცა. თოვლი ნელ-ნელა დადნა, გზები გაიხსნა, მაგრამ სიმძიმე სახლში დარჩა. ანამ დაიწყო სახლის საქმეებში ჩართვა. საჭმელს აკეთებდა, სახლს ალაგებდა, ცხენებს უვლიდა. თითქოს ცდილობდა ეჩვენებინა რომ აქ იყო, მაგრამ სინამდვილეში საკუთარ თავს ეძებდა. ნელ - ნელა ალეკოს ორმოცის დღე ახლოვდებოდა და დარიკო სრულიად გადართული იყო ამ პროცესზე. გაგისთანაც ხშირად არ საუბრობდა ანა, მხოლოდ ერთხელ უთხრა, "როცა დრო მოვა, ჩხოროწყუში წაგიყვანო." ორმოცამდე დღეები ხმაურის გარეშე მიდიოდა. ყოველი დილა ერთმანეთს ჰგავდა, საღამოც. თოვლი ხან მოდიოდა, ხან დნებოდა, მერე ისევ ბრუნდებოდა, თითქოს თვითონაც ვერ წყვეტდა, დარჩენილიყო თუ წასულიყო. ანა ნელ-ნელა ჩაერთო იმ ცხოვრებაში, რომელსაც ადრე გვერდს უვლიდა. დილაობით დარიკოს ეხმარებოდა, მერე ეზოში გადიოდა, ცხენს უვლიდა. ზოგი დღე ისე გადიოდა რომ არავისთან უთქვამს იმაზე მეტი, ვიდრე საჭირო იყო. სიტყვები აქ ზედმეტად ითვლებოდა. გაგი თავის საქმეში იძირებოდა. ხან ტყეში მიდიოდა, ხან სოფლის საქმეებს აგვარებდა. ხან ანდრიასთან იყო. სახლში დაბრუნებული ჩუმად იყო. ღამით ბუხართან იჯდა ხოლმე და ცეცხლს უყურებდა. თითქოს ელოდა რომ ანაც გამოვიდოდა ოთახიდან, დაუჯდებოდა წინ და ერთ სიტყვას მაინც ეტყოდა, მაგრამ ანა ან ოთახში იყო, ან უბრალოდ საჯინიბოში რჩებოდა გვიანობამდე. დარიკო ხშირად აძლევდა შენიშვნას გაგის, რომ გოგოს საქმე არ იყო ცხენების მოვლა, რომ გაცივდებოდა და სჯობდა სახლში დარჩენილიყო, თუმცა გაგის ანასთვის რა უნდა ეთქვა, როდესაც დღეები ისე გადიოდა, რომ ერთ სახლში ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთმანეთს საერთოდ ვერ ნახულობდნენ. ზოგჯერ ანა გრძნობდა რომ სოფელი აკვირდებოდა. არა ხმამაღლა - ფანჯრებიდან, გზიდან, ჩუმი მზერებით. თითქოს ელოდნენ, როდის მოეშლებოდა, როდის ვერ გაუძლებდა. მაგრამ არაფერი ხდებოდა. და ეს „არაფერი" ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. დარიკო იშვიათად ლაპარაკობდა. როცა ლაპარაკობდა, თითქოს ყოველთვის ერთსა და იმავეს უბრუნდებოდა. - დრო ყველაფერს თავის ადგილას აყენებს, ოღონდ სანამ დააყენებს, ბევრს ითხოვს. ანა ამას უსმენდა და ხვდებოდა რომ დრო აქ მკურნალი არ იყო - მხოლოდ მსაჯი. ალეკოს ორმოცის თარიღი შეუმჩნევლად ახლოვდებოდა. - ამოვალ,- უთხრა ბოლოს ეზოში მყოფმა ანდრიამ და მხარზე ხელი დაარტყა,- უბრალოდ იცოდე, რასაც არ უნდა ფიქრობდე, მარტო არ ხარ. გაგიმ თავი ოდნავ დაუქნია. მეტი აღარ უთქვამს. სახლში რომ დაბრუნდა, ანა ისევ ბუხართან იჯდა. ცეცხლი მშვიდად ენთო, მაგრამ ოთახში სითბო ვერ ავსებდა იმ სიცარიელეს, რომელიც ამ დღეებში გამუდმებით იდგა. დარიკო სამზარეულოში იყო, რაღაცას ალაგებდა, თითქოს ხელით მუშაობა ფიქრებს ამცირებდა. გაგი ცოტა ხანს ჩუმად იდგა კართან. ანას შეხედა - ისე, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ არ იცოდა, საიდან დაეწყო. - დარიკო,- თქვა ბოლოს,- ცოტა ხნით გამოდი. ქალმა თავი ასწია, ანას შეხედა და მერე გაგისკენ წავიდა. ანა მარტო დარჩა, მაგრამ მათი ხმა მაინც ესმოდა ჩუმი, დაძაბული. - ჩხოროწყუში უნდა წავიდეთ,- თქვა გაგიმ პირდაპირ. დარიკო წამით შეჩერდა. მერე ნელა გადაისვა წინსაფარი ხელზე. - ორმოცზე?- ჰკითხა ისე, თითქოს პასუხი წინასწარ იცოდა. - ჰო. - იციან სხვებმა?- ისევ მშვიდად, მაგრამ უკვე უფრო ფრთხილად. - ჯერ არა. დარიკომ ამოისუნთქა. იმ ამოსუნთქვაში ბევრი რამ იყო - შიში, დაღლა და რაღაც ძველი გამოცდილება, რაც სიტყვებში ვერ ეტეოდა. - ადვილი არ იქნება, გაგი. - ვიცი. - მალხაზი რას იტყვის? გაგიმ მხრები ოდნავ აიჩეჩა. - რასაც ყოველთვის. ამ დროს ეზოში ნაბიჯების ხმა გაისმა. კარი გაიღო და მალხაზი შემოვიდა. ქურთუკი ჯერ არ გაეხადა, თოვლის ნაფიფქები ისევ მხრებზე ედო. ზურაბი უკან მოჰყვა - უფრო ჩუმი, უფრო დაკვირვებული. ოთახში უცებ სხვა ჰაერი დადგა. - რა ხდება?- იკითხა მალხაზმა, მზერა ჯერ დარიკოს მოავლო, მერე გაგის. გაგიმ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ. - ჩხოროწყუში მივდივართ. ორმოცზე. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. ისეთი სიჩუმე, რომელიც ხმაურზე მძიმეა. მალხაზმა წარბები შეკრა. - ვინ მიდის? - მე და ანა. ზურაბმა თვალი გადაჰკრა ანას, მერე ისევ მალხაზს შეხედა. ხმა არ ამოუღია, მაგრამ აშკარა იყო - ელოდა მის რეაქციას. - გოგო?- თქვა ბოლოს მალხაზიმ, დაბალი ხმით,- იქ რა ესაქმება? გაგიმ ხმა არ აუწია. არც შეეცადა თავის მართლებას. - მამის ორმოცია. - და მერე?- ზურაბიმ ერთი ნაბიჯი გადმოდგა, - სისხლის სანაცვლოდ მოიყვანე ეს გოგო და ახლა იმ ხალხში უნდა ატარო? იცი, სოფელი რას იტყვის? - სოფელი ყოველთვის ლაპარაკობს,- მშვიდად უპასუხა გაგიმ,- დღესაც ილაპარაკებს, ხვალაც. და ის ხალხი ანასთვის უცხო არ არის. მალხაზი ჩაერია, ოდნავ შერბილებული ტონით. - ზურაბ, მძიმე დროა. გოგოსაც თავისი აქვს გადასატანი. - მე არ ვამბობ რომ არ აქვს,- შეუბრუნდა მალხაზის,- მაგრამ აქ ყველაფერი თავის წესით უნდა იყოს. გაგიმ პირველად შეხედა მამას პირდაპირ თვალებში. - წესებით ცხოვრებამ აქამდე მიგვიყვანა,- მალხაზმა არაფერი უპასუხა. მხოლოდ კბილები ოდნავ შეაჭირა ერთმანეთს. - შენი სახლია,- თქვა ბოლოს,- შენი სიტყვაა. მაგრამ იცოდე, რასაც აკეთებ - არასწორია. - ჩემი სახლია, ჩემი ცოლი და მე თვითონ გადავწყვეტ,- უპასუხა გაგიმ,- არ მიკითხავს აზრი, უბრალოდ გაგაფრთხილეთ რომ მივდივართ. ანა ამ დროს ნელა წამოდგა. ხმა არ ამოუღია, მაგრამ მისი დგომა უკვე საკმარისი იყო. გაგიმ ხელი გაუწოდა. არ მოუჭერია - უბრალოდ მის გვერდით დადგა. და ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ყველასთვის გასაგები გამხდარიყო. ამ გზაზე ანა მარტო აღარ მიდიოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


