შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოდული 7: ჩრდილოვანი სისტემა. (თავი 3)


10-03-2026, 17:41
ავტორი M_stories
ნანახია 94

თავი 3

ღამე მარიამის ბინაში მძიმე და მახრჩობელი გახდა. ეკრანზე მოციმციმე სახელი - გიორგი ახალაია - თითქოს ოთახიდან ჟანგბადს სრუტავდა. ბიძია გიორგი, კაცი, რომელსაც ყოველ კვირა დღეს სუფრასთან ოჯახურ ამბებს უყვებოდნენ, კაცი, რომელმაც ლუკას პირველი ფოტოაპარატი აჩუქა... როგორ შეეძლო მას ყოფილიყო „მოდული 7“-ის, იმ უხილავი მონსტრის ნაწილი, რომელმაც ლუკა გააქრო?


მარიამმა სერვერი გამორთო და კაბელები სასწრაფოდ გადამალა. სწორედ ამ დროს სადარბაზოს მძიმე კარი გაიღო. ნაბიჯების ხმა ლიფტს არ დალოდებია, კიბეებზე ამოვიდა - მძიმე, დარწმუნებული ნაბიჯების ხმა ისმოდა.
კარზე კაკუნი არ ყოფილა. გასაღების ჩხაკუნი და ურდულის ხმა გაისმა. მარიამს გული ყელში მოებჯინ. მხოლოდ სამ ადამიანს ჰქონდა ამ ბინის გასაღები: მას, ლუკას და...სამზარეულოში გაიქცა და დანას მოჰკიდა ხელი და კართან მიირბინა.

კარი გაიღო…
ზღურბლზე გიორგი იდგა. მას სველი ლაბადა ეცვა, ხელში კი პარკით ხილი ეჭირა, თითქოს ჩვეულებრივი, მზრუნველი ნათესავი ყოფილიყო.

-ბიძია, შენ ხარ? - ჰკითხა მარიამმა ცოტა არ იყოს აღელვებული ხმით.

-მარიამ, შვილო, რატომ არ გძინავს?-
მისი ხმა მშვიდი იყო, მაგრამ თვალებში რაღაც უცხო, ფოლადივით ცივი უელავდა. - რათ გინდა ეგ დანა შვილო?

-ჰომ იცი, ლუკას გაუჩინარების შემდეგ დაზაფრული ვარ, ყველგან საფრთხე მელანდება.

- დამშვიდდი შვილო, საფრთხე სახლში კი არა გარეთ უნდა ეძებო- მიუგო გიორგიმ თითქოს მზრუნველი ტონით - გავიგე, რომ გელოვანი ყოფილა შენთან. არ მომწონს ეს კაცი. პოლიციაში ბევრს ლაპარაკობენ მასზე, ამბობენ, რომ თავისი თამაში აქვს.

მარიამმა სცადა ხელების კანკალი დაემალა. ის მაგიდასთან ჩამოჯდა და გიორგის თვალებში ჩახედა. - დათა აქ საქმეზე სასაუბროდ იყო მოსული, აინტერესებდა ვინმეზე ეჭვი ჰომ არ მქონდა, მაგრამ ის ერთადერთია, ვინც რეალურად ეძებს ლუკას, ბიძია. სხვები მხოლოდ საქმის დახურვას ცდილობენ.- მარიამს თითქოს გონება გაუნათდაო - შენ ხომ გაქვს კავშირები სამინისტროში... იქნებ ვინმეს ჰკითხო ამ 'ხიდის' პროექტზე?

გიორგიმ პარკი მაგიდაზე დადო. ვაშლები მაგიდაზე ხმაურით გაგორდნენ. მან ნელა გაიხადა ლაბადა და სკამზე გადაკიდა და ხმაურით ამოიხვნეშა. - მარიამ, ზოგჯერ კითხვების დასმა უფრო სახიფათოა, ვიდრე პასუხების არცოდნა. ლუკა ყოველთვის ზედმეტს ქექავდა. შენ მაინც იყავი გონიერი. ეს ქალაქი რთულია და სახიფათო. აქ ადამიანები იმიტომ კი არ ქრებიან, რომ რაღაც დააშავეს, არამედ იმიტომ, რომ ხელი შეუშალეს იმათ, ვინც აშენებს.

მან ხელი მარიამს მხარზე დაადო. ხელთათმანი ჯერ კიდევ ცივი და ნესტიანი იყო. - ლეპტოპი ხომ წაიღეს? სხვა არაფერი დაუტოვებია? რამე ჩანაწერი... ან კოდი?

ეს არ იყო კითხვა. ეს იყო შემოწმება.

მარიამმა იგრძნო, რომ თუ ახლა თვალს აარიდებდა, გიორგი მიხვდებოდა, რომ სერვერი აქ იყო. - არაფერი, - იცრუა მან. - მხოლოდ მოგონებები და ცარიელი ოთახი.

გიორგიმ კიდევ რამდენიმე წუთი დაჰყო, რაღაც უმნიშვნელოზე ილაპარაკა და წავიდა. როცა კარი დაიხურა, მარიამი იქვე იატაკზე ჩაიკეცა. მან იცოდა - გიორგიმ არ დაუჯერა.


****
გიორგი კორპუსიდან გამოვიდა მანქანაში ჩაჯდა. მან ტელეფონი ამოიღო და მოკლე ტექსტი აკრიფა: “გოგონა მალავს რაღაცას. ლეპტოპი მთავარი არ ყოფილა. სახლი დაამუშავეთ, ოღონდ ისე, რომ კვალი არ დარჩეს.“ მან ფანჯრიდან მარიამის განათებულ ოთახს ახედა და ცივად ჩაეღიმა. ის აღარ იყო მოსიყვარულე ბიძა, ის იყო სისტემის ნაწილი, რომელიც საკუთარ სისხლსაც კი არ დაინდობდა „მოდული 7“-ის გადასარჩენად.


***

იმავე დროს, ქალაქის მეორე ბოლოში, დათა გელოვანი თავის კაბინეტში იჯდა, სადაც მხოლოდ ერთი მაგიდის ლამპა ანათებდა. მის წინ იდო ლუკა ახალაიას პირადი საქმე და „ხიდის“ პროექტის ფინანსური აუდიტის ასლი, რომელიც მან ფარულად მოიპოვა.

კარზე კაკუნის გარეშე შემოვიდა ელენე მეტრეველი - ლუკას კოლეგა რედაქციიდან. ის აფორიაქებული ჩანდა, თმები აწეწილი ჰქონდა, თვალები კი - დაწითლებული.

-დათა, ვიცი, რომ მარიამს ხვდები,- პირდაპირ საქმეზე გადავიდა ის. - უნდა გააფრთხილო. ლუკა რაღაცას მიაგნო, რაც მხოლოდ კორუფცია არ არის. მან ნახა 'მოდული 7'-ის შეხვედრის ჩანაწერი. იქ მხოლოდ ჩინოვნიკები არ იყვნენ. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჩვენ 'ჩრდილებს' ვეძახით.

დათამ სკამზე გადაიწია და ელენეს დაჟინებით შეხედა. - ელენე, რატომ მოხვედით ახლა? ლუკას გაქრობიდან სამი დღე გავიდა. აქამდე სად იყავით?

-მეშინოდა! - წამოიყვირა ელენემ. - ლუკამ მითხრა, რომ თუ მას რამე დაემართებოდა, მასალები მე უნდა გამომექვეყნებინა. მაგრამ როცა ჩემს სახლთან უცნობი მანქანები დავინახე, მივხვდი, რომ მეც მითვალთვალებენ.
დათა, რედაქციაში ვიღაცამ გასცა ლუკა. ვიღაცამ იცოდა, რომ ის იმ ღამეს რედაქციაში რჩებოდა ფაილების დასასრულებლად.

დათამ ფურცელზე რაღაც ჩაინიშნა. - შენზეც ამბობენ, რომ ინფორმაციას ყიდი, ელენე. მარიამსაც ჰგონია, რომ შენ ხარ 'ვირთხა'.

ელენემ სიმწრით ჩაიცინა. - მარიამს ყველასი ეშინია და მართალიცაა. მაგრამ მე რომ გამყიდველი ვიყო, ახლა აქ კი არ ვიჯდებოდი, არამედ რომელიმე სამთავრობო არხზე ახალ გადაცემას მოვამზადებდი. დათა, მომისმინე... ხიდის საძირკველში, მე-14 ბურჯთან, რაღაც არის დამარხული. ლუკა ამბობდა, რომ იქიდან იწყება 'სიმართლე'.

-კარგი, ელენე, გავარკვევთ, შენც თუ ვინმე დაგიკავშირდა ეგრევე ჩემთან მოხვალ, გასაგებია?! - მიუგო დათამ მკაცრი ტონით - ახლა კი შეგიძლია წახვიდე.

როცა ელენე წავიდა, დათამ თავის თანაშემწეს, ახალგაზრდა ოფიცერ კახას დაუძახა. - კახა, გადაამოწმე ელენე მეტრეველის ყველა ბოლო ტრანზაქცია, უთვალთვალე ვისთან იყო ბოლო პერიოდში, ვის ელაპარაკა… ყველაფერი მაინტერესებს მაგ ქალის შესახებ. და კიდევ... მინდა ვიცოდე, ვის ეკუთვნის შავი 'ჯიპი', რომელიც მარიამ ახალაიას სახლთან დგას.

-ბატონო დათა, - შემოვიდა კახა ცოტახანში და ხმადაბლა უთხრა. - მანქანა, რომელიც მარიამ ახალაიას სახლთან დგას, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეზერვში ირიცხება. ჩვენივე სტრუქტურაა.

დათას გულმა რეჩხი უყო. სისტემა არათუ გარს ეხვეოდა მარიამს, არამედ შიგნიდან, პოლიციის სამმართველოდან მართავდა მოქმედებებს.


ცოტახანში დათამ კაბინეტიდან გაიხედა. მან დაინახა, როგორ შევიდა სამმართველოს უფროსის კაბინეტში გიორგი ახალაია. დათამ მუშტები შეკრა. ის მიხვდა, რომ სამმართველოშიც აღარ იყო უსაფრთხოდ. მან სასწრაფოდ აიღო პირადი იარაღი და სათადარიგო მჭიდები. - კახა, თუ ნახევარ საათში არ დაგიკავშირდი, იცოდე, რომ ყველაფერი ჩაიშალა, - უჩურჩულა მან თანაშემწეს და შენობიდან უკანა გასასვლელით გავიდა.






***
გვიან ღამით მარიამმა კვლავ გახსნა სერვერი. მან გადაწყვიტა, რომ თავდაცვის საუკეთესო გზა თავდასხმა იყო. მან პროგრამა გამოიყენა, რომლითაც ლუკას მიერ მითითებული „მოდული 7“-ის ციფრული კვალი უნდა ეპოვა…

ეკრანზე რუკა გაიშალა. წერტილები მთელ ქალაქში იყო მიმოფანტული, მაგრამ ყველაზე დიდი აქტივობა ერთ ადგილას ფიქსირდებოდა - ძველ, მიტოვებულ ქარხანაში, რომელიც ხიდის მშენებლობის ზონის მიღმა მდებარეობდა.
მარიამმა აუდიოჩანაწერი ჩართო, რომელიც აქამდე არ მოესმინა. ეს იყო ლუკას ხმა, ჩაწერილი გაქრობამდე რამდენიმე საათით ადრე.

- „...ისინი ფიქრობენ, რომ ხიდი მხოლოდ ფულია. არა. ხიდი არის საფარი. მის ქვეშ, ძველ გვირაბებში, ისინი რაღაცას ინახავენ. რაღაცას, რაც უფრო ძვირფასია, ვიდრე ოქრო. მარიამ, თუ ამას ისმენ, იცოდე - ბიძა გიორგი არ არის მთავარი. ის მხოლოდ დარაჯია. ნამდვილი პატრონი ისაა, ვისაც ჩვენი ოჯახის ისტორია კარგად ახსოვს...“

მარიამმა უცებ იგრძნო, რომ ოთახში მარტო არ იყო. მან ნელა მიიხედა ფანჯრისკენ. შავი ავტომობილიდან კაცი გადმოსულიყო და პირდაპირ მის ფანჯარას უყურებდა. კაცმა ტელეფონი ამოიღო და რაღაც დაილაპარაკა.
წამებში მარიამის ბინის კართან ისევ გაისმა ნაბიჯების ხმა. ამჯერად ეს არ იყო გიორგი. ეს იყო ძალისმიერი, სწრაფი ნაბიჯები.


მარიამმა მოასწრო სერვერიდან მყარი დისკის ამოღება და ფანჯრის რაფაზე გადაძრომა. სახანძრო კიბეზე ჩასვლისას მან დაინახა, როგორ შეანგრიეს მისი ბინის კარი შავ ფორმიანმა კაცებმა.
ტელეფონმა დაიწკრიალა. დათა იყო. - გაიქეცი, მარიამ! მათ ბრძანება მიიღეს. ვეღარავინ გიცავს.

მარიამი ღამის წვიმიან ქუჩებში გაუჩინარდა. ხელში მხოლოდ ლუკას საიდუმლოებებით სავსე დისკი ეჭირა. ახლა მან იცოდა - ბრძოლა სიმართლისთვის დასრულდა. ბრძოლა გადარჩენისთვის იწყებოდა.



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან საინტერესო და ემოციური ისტორიაა , ისტორია რომელიც რეალობას ასახავს ,ის რის წინაშეც ადამიანები ყველა დროში პირისპირ შიშველი ხელებით რჩებოდნენ .... ბრძოლა გადარჩენისთვის და ადამიანის ძალაუფლების გამოვლენა თუ მანკიერი სახე.... ძალიან საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენებიიი,,, თავები გაზარდე რააა ...

 


№2 სტუმარი

ძალიან საინტერესოა, გთხოვ თავები გაზარდე და გაგრძელებაც მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent