მოდული 7: ჩრდილოვანი სისტემა (1-4 თავი)
პროლოგი ქალაქი არასოდეს სვამს კითხვებს მანამ, სანამ საძირკველი არ შეირყევა. წლების განმავლობაში ჩვენ მივეჩვიეთ იმ აზრს, რომ პროგრესი მსხვერპლს მოითხოვს. ჩვენ გვჯეროდა, რომ ხიდები, რომლებიც ჩვენს თავზე იგებოდა, ორ ნაპირს აერთებდა, სინამდვილეში კი ისინი მხოლოდ უზარმაზარი ბეტონის სარქველები იყო, რომლებიც წარსულის ცოდვებსა და მიწისქვეშა სიცარიელეს ფარავდნენ. ამბობენ, რომ ბეტონი ყველაზე საიმედო მოწმეა - ის ყველაფერს ინახავს, რასაც მასში ჩააყოლებენ: ფულს, ღალატს და ადამიანებსაც კი. მაგრამ ბეტონს ერთი თვისება აქვს: დროთა განმავლობაში ის იბზარება. და როცა პირველი ნაპრალი გაჩნდება, სიმართლე, რომელიც იქ ათწლეულების განმავლობაში იხრწნებოდა, გარეთ ისეთი ძალით გამოვარდება, რომ ყველაზე მყარ კონსტრუქციებსაც კი ნანგრევებად აქცევს. თავი 1- გაუჩინარება თბილისის ნოემბრის წვიმა რედაქციის მინებზე ისე ასკდებოდა, თითქოს შიგნით შემოჭრას და იმ მძიმე სიმართლის წაშლას ლამობდა, რომელიც ლუკა ახალაიამ ბოლო თვეებში მოაგროვა. ოთახში მარტო იყო. ჰაერი თამბაქოს კვამლითა და ძველი ქაღალდების სუნით იყო გაჯერებული. მაგიდაზე ყავა უკვე გაცივებულიყო, ზედაპირზე კი თხელი, მუქი აპკი გადაჰკვროდა - ისეთივე გაუმჭვირვალე, როგორიც ის საქმე, რომელსაც ლუკა იკვლევდა. ეკრანზე გახსნილი საქაღალდე - „ხიდი“ - თითქოს შავი ხვრელი იყო. პროექტი „აღორძინება“. ოფიციალური ვერსიით, ეს ხიდი ქალაქის ორ ნაწილს შორის ევროპული სტანდარტის კავშირი უნდა ყოფილიყო, სინამდვილეში კი ლუკას წინაშე გადაშლილი რიცხვები სხვა ამბავს ყვებოდნენ. ციფრები არ ცრუობდნენ: ბეტონის მარკა იმაზე დაბალი იყო, ვიდრე უსაფრთხოების ნორმები მოითხოვდა, ხოლო დაზოგილი მილიონები ფანტომური კომპანიების ანგარიშებზე ილექებოდა. ლუკა არ იყო ემოციური კაცი, მაგრამ იმ საღამოს თითები უკანკალებდა. მან აუდიოჩანაწერი ჩართო, რომელიც თავისთვის შეინახა - როგორც დაზღვევა, ან იქნებ როგორც ანდერძი. - „თუ ამას უსმენ, ესე იგი დრო აღარ მქონდა,“ - ჩურჩულებდა მისი ხმა. - „არავის ენდო ბოლომდე. მათ შორის არც უახლოეს ადამიანებს. სისტემა არ არის მხოლოდ ადამიანები, სისტემა ჩვევაა, რომლის დათმობაც არავის უნდა.“ მან ლეპტოპი დახურა, ქურთუკი აიღო და შენობიდან გავიდა. ეს იყო ბოლო შემთხვევა, როცა ის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს - წვიმაში გაუჩინარებული ლანდი, რომელიც საკუთარ სიმართლეს მიჰყვებოდა. მეორე დილას მარიამი ლუკას ბინაში იდგა. პოლიციამ ბინა უკვე დაათვალიერა, ლეპტოპი წაიღეს და ყველაფერი ისე დატოვეს, თითქოს აქ არაფერი მომხდარა. მარიამი პროგრამისტი იყო, მისი გონება ალგორითმებითა და ლოგიკური ჯაჭვებით მუშაობდა. ის ვერ იჯერებდა, რომ ლუკა, რომელიც ყოველთვის ზედმიწევნით ფრთხილი იყო, უბრალოდ „გაქრა“. მან თვალი მოავლო კედელზე გაკრულ ძველ ფოტოებს. ერთზე ორივენი იყვნენ, ბავშვობაში, მთაში. მარიამი ყოველთვის უფრთხილდებოდა ლუკას, მიუხედავად იმისა, რომ ლუკა უფროსი იყო. ლუკა იდეალისტი იყო, მარიამი კი - პრაგმატიკოსი. ახლა კი ეს იდეალიზმი სასიკვდილო განაჩენს ჰგავდა. მარიამმა იცოდა ერთი რამ, რაც პოლიციას გამორჩა. ლუკას ჰქონდა ძველი ჩვევა - ის არასდროს ენდობოდა ქლაუდ სერვისებს. მან ლუკას ოთახში, საწოლის ქვეშ, იატაკის მოშვებული ფიცრის ქვეშ დამალულ პატარა, მტვრიან ყუთს მიაგნო. შიგნით ძველი, ხელით აწყობილი მინი-სერვერი იდო. სახლში მისულმა, აკანკალებული თითებით შეაერთა მოწყობილობა მონიტორთან. ეკრანზე მწვანე სიმბოლოები აციმციმდა. პირველი ბარიერი - პაროლი. „რა იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ლუკა”- გაიფიქრა მან. პირველი ცდა: მათი ძაღლის სახელი. არასწორია. მეორე ცდა: დედის დაბადების თარიღი. არასწორია. მესამე ცდა: “სისტემა“. ეკრანი გაიხსნა. შიგნით მხოლოდ ერთი ფაილი იდო, სახელად „M“. მარიამს სუნთქვა შეეკრა. „M“ - მარიამი. ეს მას დაუტოვა. ფაილზე დაწკაპუნებისას ეკრანზე კიდევ ერთი პაროლის მოთხოვნა გამოხტა. ამჯერად კითხვა იყო: „ვინ აშენებს ხიდს?“ მარიამმს გაახსენდა ლუკას ერთ-ერთი სტატია ამავე თემაზე და სწრაფად აკრიფა პასუხი: „ჩრდილები“. ფაილი გაიხსნა და ეკრანი ასობით დოკუმენტით აივსო. ტრანზაქციები, ყალბი ტენდერები და ერთი ვიდეოჩანაწერი. მარიამმა ვიდეო ჩართო. ლუკა სარდაფის მსგავს ოთახში იჯდა, სახეზე დაღლილობა ეტყობოდა. - „მარიამ, თუ ამას უყურებ, ესე იგი სიმართლე უფრო ძვირია, ვიდრე მეგონა. ხიდი... ის მხოლოდ ბეტონი და არმატურა არ არის. ეს არის მექანიზმი, რომლითაც ქალაქის მომავალს იპარავენ. დათა გელოვანს დაუკავშირდი. ის ერთადერთია, ვისაც ჯერ კიდევ აქვს სინდისი, თუმცა სისტემა მასაც ახრჩობს.“ კაკუნი კარზე. მძიმე, რიტმული. მარიამმა სასწრაფოდ გამორთო მონიტორი. ზღურბლზე მაღალი, დაღლილი სახის კაცი იდგა. მთავარი გამომძიებელი, დათა გელოვანი. მისი მზერა ისეთივე ცივი იყო, როგორც ნოემბრის დილა. - ქალბატონო მარიამ, თქვენი ძმის საქმეზე მოვედი, - თქვა მან და ბინაში ნებართვის გარეშე შემოვიდა. - უნდა იცოდეთ, რომ საქმეს 'გაუჩინარების' სტატუსი მიენიჭა, მაგრამ ზემოდან უკვე მივიღე მითითება, რომ პროცესი არ დავაჩქარო. ხვდებით, რას ნიშნავს ეს? მარიამმა ირონიულად შეხედა. - ნიშნავს, რომ თქვენც იმ სისტემის ნაწილი ხართ, რომელზეც ლუკა წერდა? თუ იმას, რომ 'ზემოთ' უკვე გადაწყვიტეს, რომ ჩემი ძმა აღარ არსებობს? დათამ პასუხი არ გასცა. მან მხოლოდ ოთახს მოავლო თვალი და მზერა სერვერზე შეაჩერა - მე აქ იმიტომ არ ვარ, რომ თქვენი ძმის ლეპტოპი მეორეჯერ წავიღო. მე აქ იმიტომ ვარ, რომ ლუკამ ერთი კვირის წინ მითხრა: 'თუ რამე მომივა, მარიამი იპოვის გზას'. თუ რამე გაქვთ... ნუ ენდობით პოლიციას. მათ შორის, ნურც მე ბოლომდე. სისტემას ყველგან ყურები აქვს. დათამ მაგიდაზე პატარა ბარათი დატოვა ტელეფონის ნომრით. - ეს ჩემი პირადი ნომერია. არა სამსახურებრივი. თუ გადაწყვეტთ, რომ ბრძოლა გინდათ, დამირეკეთ. როცა დათა წავიდა, მარიამმა კვლავ ჩართო მონიტორი. მან გახსნა დოკუმენტი, რომელიც სიას ჰგავდა. სიის სათავეში ეწერა: „ალექსანდრე ვარდოსანიძე - მთავარი არქიტექტორი“. მაგრამ მარიამს სხვა რამემ უფრო დასცა თავზარი. დოკუმენტის ბოლოში, პატარა შრიფტით ეწერა შენიშვნა: „პროექტის რეალური მფლობელი - მოდული 7“. მარიამმა იცოდა, რა იყო „მოდული 7“. ეს იყო საიდუმლო ფონდი, რომლის უკანაც ქალაქის ყველაზე გავლენიანი ფიგურები იდგნენ. იმ ღამეს მარიამმა პირველად იგრძნო, რომ ეს აღარ იყო მხოლოდ ძმის ძებნა. ეს იყო შესვლა ლაბირინთში, სადაც ყოველი კედელი სიმართლის დასამალად იყო აგებული. მან აიღო ტელეფონი და დათას ნომერი აკრიფა. -დათა, მე ვიპოვე 'მოდული 7'. სიჩუმე ტელეფონის მეორე მხარეს იმაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა, ვიდრე მარიამი ელოდა. - არ გაინძრეთ, - თქვა ბოლოს დათამ დაბალი ხმით. - უკვე გითვალთვალებენ. მარიამმა ფანჯარაში გაიხედა. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, შავი ავტომობილი იდგა, რომლის შიგნითაც სიგარეტის ნაპერწკალი ციმციმებდა. ბრძოლა დაიწყო. თავი 2- მარიამმა ტელეფონი გათიშა. დათას სიტყვები - „უკვე გითვალთვალებენ“ - ოთახში მძიმე ექოსავით დარჩა. მან ფარდა ფრთხილად გასწია. შავი ავტომობილი კვლავ იქ იდგა, ქუჩის ლამპიონის მკრთალ შუქზე მისი კონტურები ძლივს ჩანდა. მარიამი მიხვდა, რომ მის მიერ ფაილების პოვნა ზედმეტად მარტივად ჩანდა. ლუკა, რომელიც თურმე წლების განმავლობაში სისტემურ კორუფციას იკვლევდა, ასე დაუცველს არ დატოვებდა ყველაზე მთავარს. ის კვლავ მიუჯდა სერვერს. როდესაც “Truth”-ის გახსნა სცადა, ეკრანზე წამით გამოჩენილი დოკუმენტები გაქრა და მათ ნაცვლად გაუგებარი კოდების ნაკადი წამოვიდა. -კონტეინერია, - ჩაილაპარაკა თავისთვის და მძიმედ ამოიხვნეშა. - ფაილი კი არ იხსნება, ის შიფრავს საკუთარ თავს ყოველი მცდელობისას. -თამაში გინდა არა ლუკა? კარგი მაშინ ვითამაშოთ ლუკამ ის „სათამაშოდ“ მიიწვია. ეს არ იყო მხოლოდ მონაცემები; ეს იყო გზა, რომელიც მარიამს ფიზიკურად უნდა გაევლო. დილით მარიამი „ხიდის“ საინფორმაციო ცენტრისკენ გაემართა. ეს იყო გრანდიოზული, მინისა და ლითონის ნაგებობა, რომელიც პირდაპირ სამშენებლო მოედანს გადაჰყურებდა. აქ უნდა შეხვედროდა კაცს, რომლის სახელიც სიაში პირველი ეწერა - ალექსანდრე ვარდოსანიძეს - პროექტის მთავარ არქიტექტორს. ცენტრში ხალხმრავლობა იყო. პიარ-მენეჯერები ჟურნალისტებს ხიდის მაკეტებს აჩვენებდნენ. ჰაერში ძვირფასი სუნამოსა და ახლად დასხმული ბეტონის სუნი ერთმანეთში ირეოდა. -მოგესალმებით, მე მარიამ ახალაია ვარ, ლუკა ახალაიას და, ბატონი ალექსანდრე ვარდოსანიძის ნახვა მსურს. - უთხრა იქვე, მიმღებში მგომ გოგონას მარიამმა. -ბატონი ალექსანდრე ძალიან დაკავებულია, - უთხრა ახალგაზრდა ასისტენტმა მარიამს, - მაგრამ რადგან ლუკა ახალაიას და ხართ... ხუთი წუთი გაქვთ. ვარდოსანიძის კაბინეტი ბოლო სართულზე იყო. ლიფტის კარი რომ გაიხსნა, მარიამს პირველად სიჩუმე ეცა თვალში - ისეთი სიჩუმე, რომელიც მხოლოდ ძალიან ძვირიან ოფისებში არსებობს. იატაკზე მუქი ხის პარკეტი იყო დაგებული, კედლებზე კი თანამედროვე არქიტექტურული პროექტების დიდი, შავ-თეთრი ფოტოები ეკიდა. კაბინეტის ცენტრში უზარმაზარი მინის მაგიდა იდგა, ზედ კი ხიდის დეტალური მაკეტი - მინიატურული მანქანებითა და განათებით. მაკეტის ქვეშ პატარა ლითონის დაფა იყო მიმაგრებული: „პროექტი აღორძინება — ქალაქის მომავლის ხიდი.“ მარიამმა მაკეტს თვალები რამდენიმე წამით გაუშტერა. ყველაფერი იდეალურად ჩანდა - სიმეტრიული, ძლიერი, თითქმის სრულყოფილი. მაგრამ ახლა, როცა ლუკას ფაილები უკვე ნანახი ჰქონდა, მისთვის ეს ხიდი უფრო დეკორაციას ჰგავდა, ვიდრე რეალურ კონსტრუქციას. თავად არქიტექტორი, დაახლოებით სამოცი წლის, თმა შევერცხლილი, დახვეწილი მანერების მქონე კაცი, ფანჯარასთან იდგა და მშენებლობას გადაჰყურებდა. -ლუკა ნიჭიერი იყო, მაგრამ ზედმეტად ჯიუტი,- თქვა მან ისე, რომ მარიამისთვის არ შეუხედავს. - ის ეძებდა იმას, რაც არ არსებობს. ხიდი შენდება, მარიამ. ეს ფაქტია. დანარჩენი კი... ჭორებია. -ჭორები, რომლებიც 'მოდულ 7'-ს უკავშირდება? -მარიამმა ხმაში სიმკაცრე შერეული ტონით ჰკითხა. ვარდოსანიძე წამით გაშეშდა. მარიამმა შეამჩნია, როგორ დაეჭიმა არქიტექტორს ხელი მაგიდის კიდეზე. ეს იყო წამიერი რეაქცია, რომელსაც ჩვეულებრივი თვალი ვერ შეამჩნევდა, მაგრამ მარიამი ყველა დეტალს აკვირდებოდა. -არ ვიცი, რაზე ლაპარაკობთ, - ცივად მიუგო ვარდოსანიძემ. - ხიდს აშენებს კონსორციუმი. სახელმწიფო აკონტროლებს ყველაფერს. თქვენს ძმას ალბათ... პირადი პრობლემები ჰქონდა. ხომ იცით, ჟურნალისტებს ხშირად უჭირთ რეალობასთან შეგუება. კაბინეტიდან გამოსულ მარიამს გული გაფანტულად უცემდა. ვარდოსანიძე არ იყო მკვლელი, ის ზედმეტად „სუფთა“ ჩანდა ამისთვის. ის უფრო ნიღაბს ჰგავდა, რომლის უკანაც სხვები იმალებოდნენ. ****************** ვარდოსანიძის კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ მარიამმა იგრძნო, რომ შენობის შუშის კედლები მისკენ ზედმეტად დიდხანს იყო მიმართული. თითქოს თითოეული კამერა მის ნაბიჯებს ითვლიდა. მან სწრაფად გაიარა ფოიე და გარეთ გავიდა. ნოემბრის ცივი ჰაერი სახეში დაეჯახა. მარიამმა ტელეფონი ამოიღო და დათას ნომერი აკრიფა. ორი ზარის შემდეგ გაისმა დათას დაღლილი ხმა. -მარიამ? -ვარდოსანიძეს შევხვდი, - თქვა მან პირდაპირ. მეორე მხარეს რამდენიმე წამი სიჩუმე იყო. -ეგ არ უნდა გაგეკეთებინა, - დაბალი ხმით თქვა დათამ. - ასეთ ხალხთან შეხვედრა ყოველთვის ნიშნავს, რომ შენ უკვე მათ რადარზე ხარ. -უკვე ისედაც ვიყავი - უპასუხა მარიამმა. დათამ მძიმედ ამოისუნთქა. -მაშინ დრო აღარ გვაქვს. აქ არ შეგხვდები. საღამოსკენ ძველ ავტოფარეხებთან მოდი, ავჭალის გზაზე. იქ კამერები აღარ მუშაობს. -და თუ ვიღაც მოგვყვება? - იკითხა მარიამმა. -ნუ გეშინია, შენ წამოდი, დანარჩენზე არ ინერვიულო - უპასუხა დათამ და ზარი გაწყდა. მარიამმა ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და უკან აღარ მოუხედავს. ****************** საღამოს მარიამი და დათა ერთ-ერთ მივიწყებულ ავტოფარეხთა კომპლექსში შეხვდნენ. დათა სამოქალაქო ტანსაცმელში იყო, თვალების ქვეშ უძილობისგან ჩაშავებული უპეებით. -ვარდოსანიძესთან იყავით, - თქვა დათამ არა როგორც კითხვა, არამედ როგორც ფაქტი. - ეს სარისკო იყო. მის კაბინეტში კედლებსაც კი ყურები აქვს. -მან იცის 'მოდულ 7'-ის შესახებ. რეაქცია ჰქონდა, - მიუგო მარიამმა. - დათა, რატომ არ მაძლევთ საშუალებას, რომ პოლიციას გადავცე ფაილები? დათამ მწარედ ჩაიღიმა და სიგარეტს მოუკიდა. - რომელ პოლიციას? ჩემს უფროსს, რომელიც გუშინ ვარდოსანიძესთან ერთად ვახშმობდა? თუ პროკურატურას, რომლის შენობის რემონტიც იმავე კომპანიამ დააფინანსა, რომელიც ხიდს აშენებს? მარიამ, თქვენ გგონიათ, რომ ეს დანაშაულია. სინამდვილეში ეს ეკოსისტემაა. ისინი ერთმანეთს კვებავენ. ცოტახანში დათამ მარიამს ძველი, გაყვითლებული ფოტო მიაწოდა. - ეს ლუკამ მომცა გაქრობამდე ორი დღით ადრე. დახედეთ. ფოტოზე ხიდის საძირკველი იყო აღბეჭდილი. ერთი შეხედვით, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ მარიამმა, რომელსაც გეომეტრიული სიზუსტე უყვარდა, დაინახა, რომ არმატურის განლაგება არ ემთხვეოდა ოფიციალურ ნახაზებს. -ეს ხიდი ვერ გაუძლებს დატვირთვას,- ჩაიჩურჩულა მარიამმა. - ისინი მასალას იპარავენ, მაგრამ არა მხოლოდ ფულისთვის... ეს ხიდი განწირულია ჩამონგრევისთვის. -სწორედ ეგ არის მთავარი, - თქვა დათამ. -დაზღვევა. ხიდი უნდა ჩაინგრეს, რომ მერე კიდევ უფრო მეტი მილიონები გამოიყოს მის აღსადგენად. ეს არის დაუსრულებელი ფულის მანქანა. მაგრამ არის რაღაც უფრო მძიმეც - ლუკამ მიაგნო იმას, თუ ვისი სისხლით არის ეს ბეტონი მორწყული. უცებ, ავტოფარეხის სიახლოვეს ძრავის ხმა გაისმა. დათამ მარიამს ხელი მოჰკიდა და სიბნელეში შეიყვანა. - წადით. აქ აღარ მოხვიდეთ. და კიდევ ერთი - ლუკას რედაქციაში არის ვიღაც, ვინც ინფორმაციას გარეთ ყიდის. ელენეზე მეტრეველზე რას იტყვით? მარიამი გაშეშდა. ელენე ლუკას ყველაზე ახლო მეგობარი იყო. წასვლამდე მარიამი დათას მიუბრუნდა - რატომ მეხმარებით? -ლუკა ჩემი მეგობარი იყო, გარდა ამისა ჩვენ ერთი მიზანი გვამოძრავებდა-სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა. ************** სახლში დაბრუნებულმა მარიამმა კვლავ ჩართო სერვერი. დიდხანს უყურა ფაილს და მასში მოციმციმე კოდების ჯაჭვს, ამჯერად მან სულ სხვა კუთხით შეხედა ფაილს. -“ფოტო” -გაიფიქრა მარიამმა და მან შეიყვანა არა სიტყვები, არამედ იმ ფოტოს კოორდინატები, რომელიც დათამ მისცა. ეკრანზე ახალი ფანჯარა გაიხსნა. ეს აღარ იყო დოკუმენტები. ეს იყო აუდიო-დღიური. „დღე 114-ე,“ - გაისმა ლუკას ხმა, რომელიც ახლა უფრო დაღლილი და შეშინებული ჩანდა. - „დღეს გავიგე, ვინ დგას 'მოდული 7'-ის უკან. ეს ის ადამიანია, ვინც მეგონა, რომ ყველაზე მეტად მიცავდა. თუ ეს ჩანაწერი წყდება, ესე იგი მან გაიგო, რომ მე ვიცი.“ ჩანაწერი ხმაურით შეწყდა. მარიამმა იგრძნო, როგორ აუკანკალდა მუხლები. მან სია გადაშალა. მეხუთე სახელი, რომელიც მანამდე ბუნდოვანი იყო, ახლა მკაფიოდ ჩანდა. ეს იყო მათი ბიძა, გიორგი ახალაია, კაცი, რომელმაც ისინი მშობლების გარდაცვალების შემდეგ გაზარდა. ქუჩაში კი, შავი ავტომობილიდან კაცი გადმოვიდა და მარიამის სადარბაზოსკენ ნელი ნაბიჯით გაემართა. უცნაური იყო მხოლოდ ერთი რამ - მის მოძრაობაში არ ჩანდა დაძაბულობა. ის ისე მიდიოდა, თითქოს ამ სახლს კარგად იცნობდა. თავი 3 ღამე მარიამის ბინაში მძიმე და მახრჩობელი გახდა. ეკრანზე მოციმციმე სახელი - გიორგი ახალაია - თითქოს ოთახიდან ჟანგბადს სრუტავდა. ბიძია გიორგი, კაცი, რომელსაც ყოველ კვირა დღეს სუფრასთან ოჯახურ ამბებს უყვებოდნენ, კაცი, რომელმაც ლუკას პირველი ფოტოაპარატი აჩუქა... როგორ შეეძლო მას ყოფილიყო „მოდული 7“-ის, იმ უხილავი მონსტრის ნაწილი, რომელმაც ლუკა გააქრო? მარიამმა სერვერი გამორთო და კაბელები სასწრაფოდ გადამალა. სწორედ ამ დროს სადარბაზოს მძიმე კარი გაიღო. ნაბიჯების ხმა ლიფტს არ დალოდებია, კიბეებზე ამოვიდა - მძიმე, დარწმუნებული ნაბიჯების ხმა ისმოდა. კარზე კაკუნი არ ყოფილა. გასაღების ჩხაკუნი და ურდულის ხმა გაისმა. მარიამს გული ყელში მოებჯინ. მხოლოდ სამ ადამიანს ჰქონდა ამ ბინის გასაღები: მას, ლუკას და...სამზარეულოში გაიქცა და დანას მოჰკიდა ხელი და კართან მიირბინა. კარი გაიღო… ზღურბლზე გიორგი იდგა. მას სველი ლაბადა ეცვა, ხელში კი პარკით ხილი ეჭირა, თითქოს ჩვეულებრივი, მზრუნველი ნათესავი ყოფილიყო. -ბიძია, შენ ხარ? - ჰკითხა მარიამმა ცოტა არ იყოს აღელვებული ხმით. -მარიამ, შვილო, რატომ არ გძინავს?- მისი ხმა მშვიდი იყო, მაგრამ თვალებში რაღაც უცხო, ფოლადივით ცივი უელავდა. - რათ გინდა ეგ დანა შვილო? -ჰომ იცი, ლუკას გაუჩინარების შემდეგ დაზაფრული ვარ, ყველგან საფრთხე მელანდება. - დამშვიდდი შვილო, საფრთხე სახლში კი არა გარეთ უნდა ეძებო- მიუგო გიორგიმ თითქოს მზრუნველი ტონით - გავიგე, რომ გელოვანი ყოფილა შენთან. არ მომწონს ეს კაცი. პოლიციაში ბევრს ლაპარაკობენ მასზე, ამბობენ, რომ თავისი თამაში აქვს. მარიამმა სცადა ხელების კანკალი დაემალა. ის მაგიდასთან ჩამოჯდა და გიორგის თვალებში ჩახედა. - დათა აქ საქმეზე სასაუბროდ იყო მოსული, აინტერესებდა ვინმეზე ეჭვი ჰომ არ მქონდა, მაგრამ ის ერთადერთია, ვინც რეალურად ეძებს ლუკას, ბიძია. სხვები მხოლოდ საქმის დახურვას ცდილობენ.- მარიამს თითქოს გონება გაუნათდაო - შენ ხომ გაქვს კავშირები სამინისტროში... იქნებ ვინმეს ჰკითხო ამ 'ხიდის' პროექტზე? გიორგიმ პარკი მაგიდაზე დადო. ვაშლები მაგიდაზე ხმაურით გაგორდნენ. მან ნელა გაიხადა ლაბადა და სკამზე გადაკიდა და ხმაურით ამოიხვნეშა. - მარიამ, ზოგჯერ კითხვების დასმა უფრო სახიფათოა, ვიდრე პასუხების არცოდნა. ლუკა ყოველთვის ზედმეტს ქექავდა. შენ მაინც იყავი გონიერი. ეს ქალაქი რთულია და სახიფათო. აქ ადამიანები იმიტომ კი არ ქრებიან, რომ რაღაც დააშავეს, არამედ იმიტომ, რომ ხელი შეუშალეს იმათ, ვინც აშენებს. მან ხელი მარიამს მხარზე დაადო. ხელთათმანი ჯერ კიდევ ცივი და ნესტიანი იყო. - ლეპტოპი ხომ წაიღეს? სხვა არაფერი დაუტოვებია? რამე ჩანაწერი... ან კოდი? ეს არ იყო კითხვა. ეს იყო შემოწმება. მარიამმა იგრძნო, რომ თუ ახლა თვალს აარიდებდა, გიორგი მიხვდებოდა, რომ სერვერი აქ იყო. - არაფერი, - იცრუა მან. - მხოლოდ მოგონებები და ცარიელი ოთახი. გიორგიმ კიდევ რამდენიმე წუთი დაჰყო, რაღაც უმნიშვნელოზე ილაპარაკა და წავიდა. როცა კარი დაიხურა, მარიამი იქვე იატაკზე ჩაიკეცა. მან იცოდა - გიორგიმ არ დაუჯერა. **** გიორგი კორპუსიდან გამოვიდა მანქანაში ჩაჯდა. მან ტელეფონი ამოიღო და მოკლე ტექსტი აკრიფა: “გოგონა მალავს რაღაცას. ლეპტოპი მთავარი არ ყოფილა. სახლი დაამუშავეთ, ოღონდ ისე, რომ კვალი არ დარჩეს.“ მან ფანჯრიდან მარიამის განათებულ ოთახს ახედა და ცივად ჩაეღიმა. ის აღარ იყო მოსიყვარულე ბიძა, ის იყო სისტემის ნაწილი, რომელიც საკუთარ სისხლსაც კი არ დაინდობდა „მოდული 7“-ის გადასარჩენად. *** იმავე დროს, ქალაქის მეორე ბოლოში, დათა გელოვანი თავის კაბინეტში იჯდა, სადაც მხოლოდ ერთი მაგიდის ლამპა ანათებდა. მის წინ იდო ლუკა ახალაიას პირადი საქმე და „ხიდის“ პროექტის ფინანსური აუდიტის ასლი, რომელიც მან ფარულად მოიპოვა. კარზე კაკუნის გარეშე შემოვიდა ელენე მეტრეველი - ლუკას კოლეგა რედაქციიდან. ის აფორიაქებული ჩანდა, თმები აწეწილი ჰქონდა, თვალები კი - დაწითლებული. -დათა, ვიცი, რომ მარიამს ხვდები,- პირდაპირ საქმეზე გადავიდა ის. - უნდა გააფრთხილო. ლუკა რაღაცას მიაგნო, რაც მხოლოდ კორუფცია არ არის. მან ნახა 'მოდული 7'-ის შეხვედრის ჩანაწერი. იქ მხოლოდ ჩინოვნიკები არ იყვნენ. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჩვენ 'ჩრდილებს' ვეძახით. დათამ სკამზე გადაიწია და ელენეს დაჟინებით შეხედა. - ელენე, რატომ მოხვედით ახლა? ლუკას გაქრობიდან სამი დღე გავიდა. აქამდე სად იყავით? -მეშინოდა! - წამოიყვირა ელენემ. - ლუკამ მითხრა, რომ თუ მას რამე დაემართებოდა, მასალები მე უნდა გამომექვეყნებინა. მაგრამ როცა ჩემს სახლთან უცნობი მანქანები დავინახე, მივხვდი, რომ მეც მითვალთვალებენ. დათა, რედაქციაში ვიღაცამ გასცა ლუკა. ვიღაცამ იცოდა, რომ ის იმ ღამეს რედაქციაში რჩებოდა ფაილების დასასრულებლად. დათამ ფურცელზე რაღაც ჩაინიშნა. - შენზეც ამბობენ, რომ ინფორმაციას ყიდი, ელენე. მარიამსაც ჰგონია, რომ შენ ხარ 'ვირთხა'. ელენემ სიმწრით ჩაიცინა. - მარიამს ყველასი ეშინია და მართალიცაა. მაგრამ მე რომ გამყიდველი ვიყო, ახლა აქ კი არ ვიჯდებოდი, არამედ რომელიმე სამთავრობო არხზე ახალ გადაცემას მოვამზადებდი. დათა, მომისმინე... ხიდის საძირკველში, მე-14 ბურჯთან, რაღაც არის დამარხული. ლუკა ამბობდა, რომ იქიდან იწყება 'სიმართლე'. -კარგი, ელენე, გავარკვევთ, შენც თუ ვინმე დაგიკავშირდა ეგრევე ჩემთან მოხვალ, გასაგებია?! - მიუგო დათამ მკაცრი ტონით - ახლა კი შეგიძლია წახვიდე. როცა ელენე წავიდა, დათამ თავის თანაშემწეს, ახალგაზრდა ოფიცერ კახას დაუძახა. - კახა, გადაამოწმე ელენე მეტრეველის ყველა ბოლო ტრანზაქცია, უთვალთვალე ვისთან იყო ბოლო პერიოდში, ვის ელაპარაკა… ყველაფერი მაინტერესებს მაგ ქალის შესახებ. და კიდევ... მინდა ვიცოდე, ვის ეკუთვნის შავი 'ჯიპი', რომელიც მარიამ ახალაიას სახლთან დგას. -ბატონო დათა, - შემოვიდა კახა ცოტახანში და ხმადაბლა უთხრა. - მანქანა, რომელიც მარიამ ახალაიას სახლთან დგას, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეზერვში ირიცხება. ჩვენივე სტრუქტურაა. დათას გულმა რეჩხი უყო. სისტემა არათუ გარს ეხვეოდა მარიამს, არამედ შიგნიდან, პოლიციის სამმართველოდან მართავდა მოქმედებებს. ცოტახანში დათამ კაბინეტიდან გაიხედა. მან დაინახა, როგორ შევიდა სამმართველოს უფროსის კაბინეტში გიორგი ახალაია. დათამ მუშტები შეკრა. ის მიხვდა, რომ სამმართველოშიც აღარ იყო უსაფრთხოდ. მან სასწრაფოდ აიღო პირადი იარაღი და სათადარიგო მჭიდები. - კახა, თუ ნახევარ საათში არ დაგიკავშირდი, იცოდე, რომ ყველაფერი ჩაიშალა, - უჩურჩულა მან თანაშემწეს და შენობიდან უკანა გასასვლელით გავიდა. *** გვიან ღამით მარიამმა კვლავ გახსნა სერვერი. მან გადაწყვიტა, რომ თავდაცვის საუკეთესო გზა თავდასხმა იყო. მან პროგრამა გამოიყენა, რომლითაც ლუკას მიერ მითითებული „მოდული 7“-ის ციფრული კვალი უნდა ეპოვა… ეკრანზე რუკა გაიშალა. წერტილები მთელ ქალაქში იყო მიმოფანტული, მაგრამ ყველაზე დიდი აქტივობა ერთ ადგილას ფიქსირდებოდა - ძველ, მიტოვებულ ქარხანაში, რომელიც ხიდის მშენებლობის ზონის მიღმა მდებარეობდა. მარიამმა აუდიოჩანაწერი ჩართო, რომელიც აქამდე არ მოესმინა. ეს იყო ლუკას ხმა, ჩაწერილი გაქრობამდე რამდენიმე საათით ადრე. - „...ისინი ფიქრობენ, რომ ხიდი მხოლოდ ფულია. არა. ხიდი არის საფარი. მის ქვეშ, ძველ გვირაბებში, ისინი რაღაცას ინახავენ. რაღაცას, რაც უფრო ძვირფასია, ვიდრე ოქრო. მარიამ, თუ ამას ისმენ, იცოდე - ბიძა გიორგი არ არის მთავარი. ის მხოლოდ დარაჯია. ნამდვილი პატრონი ისაა, ვისაც ჩვენი ოჯახის ისტორია კარგად ახსოვს...“ მარიამმა უცებ იგრძნო, რომ ოთახში მარტო არ იყო. მან ნელა მიიხედა ფანჯრისკენ. შავი ავტომობილიდან კაცი გადმოსულიყო და პირდაპირ მის ფანჯარას უყურებდა. კაცმა ტელეფონი ამოიღო და რაღაც დაილაპარაკა. წამებში მარიამის ბინის კართან ისევ გაისმა ნაბიჯების ხმა. ამჯერად ეს არ იყო გიორგი. ეს იყო ძალისმიერი, სწრაფი ნაბიჯები. მარიამმა მოასწრო სერვერიდან მყარი დისკის ამოღება და ფანჯრის რაფაზე გადაძრომა. სახანძრო კიბეზე ჩასვლისას მან დაინახა, როგორ შეანგრიეს მისი ბინის კარი შავ ფორმიანმა კაცებმა. ტელეფონმა დაიწკრიალა. დათა იყო. - გაიქეცი, მარიამ! მათ ბრძანება მიიღეს. ვეღარავინ გიცავს. მარიამი ღამის წვიმიან ქუჩებში გაუჩინარდა. ხელში მხოლოდ ლუკას საიდუმლოებებით სავსე დისკი ეჭირა. ახლა მან იცოდა - ბრძოლა სიმართლისთვის დასრულდა. ბრძოლა გადარჩენისთვის იწყებოდა. 4 თავი წვიმის წვეთები მარიამს სახეზე ეცემოდა. თითქოს ჰაერში სიხარულის ან სიბრაზის არავითარი საზომი არ არსებობდა. ქუჩის ბნელი შესახვევები, სადაც ხის და რკინის ღობის ჩრდილები ერთმანეთში ირეოდნენ, თითქოს პირისპირ იდგნენ მისი საშიშროების გრძნობასთან. მარიამის ჩქარი სუნთქვა წყლის წვეთებთან ერთად სასოწარკვეთის სიმბოლოდ აისახებოდა. ის სირბილით მიჰყვებოდა ბნელ შესახვევებს, სადაც ქუჩის ლამპიონების შუქი ვერ აღწევდა. ხელში მყარად ეჭირა ლუკას სერვერიდან ამოღებული დისკი - ერთადერთი ნივთი, რომელიც მასსა და სრულ დავიწყებას შორის იდგა. ზურგს უკან ხმაც არ წყდებოდა: სადარბაზოს წინ ატეხილი ხმაური, რაციების ხრიწინი და მძიმე ჩექმების ნაბიჯების ხმა. მათ იცოდნენ, რომ მოწმე შორს ვერ წავიდოდა. მარიამი ფიქრობდა, რამდენად სწრაფად დაეწეოდნენ მორბენალნი, თუმცა ინსტინქტი ფიქრზე სწრაფი აღმოჩნდა - გაქცევა არჩია. ტელეფონმა კვლავ დაიწკრიალა. ეკრანის სინათლემ წამით გაანათა მისი სახე - დაღლილი, სველი და შეშინებული. დათა იყო. ხმა მყარად და მკვეთრად გაჟღერდა: -არ გაჩერდე, მარიამ. საბურთალოზე, ძველ იპოდრომთან მიდი. იქ მიტოვებული ავტოგასამართი სადგურია, ლურჯი ჭიშკრით. იქ დაგხვდები. ოღონდ ტელეფონი... გადააგდე. ახლავე. მარიამმა წამით შეხედა ეკრანს, სადაც ლუკასთან ერთად გადაღებული ფოტო ფონად სველდებოდა წვიმაში. ფოტოზე მზე ანათებდა. მთაში იყვნენ. ლუკა იცინოდა. რამდენიმე წამით ყველაფერი გაჩერდა. შემდეგ მარიამმა მთელი ძალით მოისროლა ტელეფონი სანიაღვრე არხში. პლასტმასის ხმა მოკლედ გაისმა და მოწყობილობა ბნელ წყალში გაუჩინარდა. ახლა ის მართლაც მარტო იყო. ქალაქის სუნი უცნაურად მძაფრი გახდა - სველი ასფალტი, ბენზინი, ძველი კედლების ნესტი. სირბილისას მარიამმა იგრძნო, როგორ უცემდა გული ყელში. თავში ისევ და ისევ ის სიტყვები უტრიალებდა, რაც ლუკას ჩანაწერში მოისმინა. „არავის ენდო ბოლომდე.“ მან უკან მოიხედა. ქუჩა ცარიელი ჩანდა. მაგრამ ეს სიჩუმე ბუნებრივი არ იყო. მარიამმა ბავშვობიდან იცოდა ერთი რამ - სიჩუმე ზოგჯერ ყველაზე ხმაურიანი რამ არის. ის კვლავ გაიქცა… *** სამმართველოში კი დათა გელოვანის კაბინეტში ნამდვილი ქარიშხალი ტრიალებდა. მისი უფროსი, პოლკოვნიკი მაისურაძე, მაგიდას მუშტს სცემდა. -შენ მე გამაგიჟებ, გელოვანო! ვინ მოგცა ბრძანება ახალაიას ბინის ჩხრეკისას ჩარეულიყავი? გოგო გაიქცა, ნივთმტკიცება წაიღო. იცი, ზემოდან რა ზარები მოდის? 'ხიდის' პროექტის უსაფრთხოება სახელმწიფო პრიორიტეტია! ოთახში მძიმე სუნი იდგა - სიგარეტის, ძველი ტყავის და ერთმანეთში არეული სუნამოს სუნი. ფანჯარაზე წვიმის წვეთები ნელა მიიწევდნენ ქვემოთ, თითქოს დრო სპეციალურად შენელებულიყო. მაგიდაზე პატარა საათი იდგა. წიკ… წიკ… წიკ… დათას ყურადღება სწორედ ამ ხმაზე იყო მიპყრობილი. ის ყოველთვის დეტალებს ამჩნევდა. მაგალითად: პოლკოვნიკის მარჯვენა ხელი ოდნავ კანკალებდა. მისი ყელთან ვენა ფეთქავდა. მაგრამ თვალებში ბრაზი ნაკლები იყო, ვიდრე შიში. დათას თვალები ცივი ოკეანის სიღრმესავით იყო, მაგრამ ხმა მშვიდი დარჩა. -სახელმწიფო პრიორიტეტი თუ ვიღაცის პირადი ყულაბა? - დათამ მშვიდად აიღო თავისი პიჯაკი. მაისურაძის თვალები წამით გაუფართოვდა. ეს იყო პატარა რეაქცია. მაგრამ დათასთვის საკმარისი. -ჩხრეკა ჩემი ნებართვის გარეშე დაიწყო. ეს უკანონობაა. ლუკა ახალაია ჩემი მეგობარი იყო და სანამ მის გვამს ან ცოცხალს არ ვიპოვი, ამ საქმეს არ დავხურავ. -უკვე დახურე, - მაისურაძემ მაგიდაზე ბრძანება დააგდო. -დღეიდან საგამოძიებო ჯგუფს კახა ჩაუდგება სათავეში. შენ კი... შვებულებაში ხარ. უვადოდ. იარაღი და ჟეტონი აქ დატოვე. დათამ ჟეტონი მაგიდაზე ისე დადო, რომ ხმაც არ ამოუღია. მის სახეზე არ ჩანდა გაბრაზება, მხოლოდ სევდა და შეგნება იმისა, რომ სისტემამ ის ზედმეტ დეტალად მიიჩნია, რომელიც მექანიზმის გამართულ მუშაობას უშლიდა ხელს. ოთახი წამით დაათვალიერა. ფანჯარასთან მდგარი დაცვის თანამშრომელი - ზედმეტად ჩუმი. კუთხეში დადებული შავი ქურთუკი - პოლკოვნიკის არა. მაგიდაზე საქაღალდე. „ხიდი“ დათა მიხვდა. ეს ყველაფერი უკვე დიდი ხნით ადრე გადაწყდა. ის უბრალოდ სცენის ნაწილი იყო. ის სამმართველოდან ისე გამოვიდა, რომ არცერთ კოლეგას არ შეუხედავს მისთვის - შიში გადამდები აღმოჩნდა. დერეფანში ნეონის ნათურები ციმციმებდა. ლიფტის კარი ნელა დაიხურა. და როცა ლიფტი ქვემოთ დაიძრა, დათამ პირველად იგრძნო ის, რაც დიდი ხანია არ ეგრძნო. თავისუფლება… სისტემა მას უკვე აღარ აკონტროლებდა. *** მიტოვებულ ავტოგასამართ სადგურთან მარიამი სიცივისგან კანკალებდა. ლურჯი ჭიშკარი ქარში ჭრიალებდა. რკინის ხმა სიბნელეში უცნაურად ექოდ ბრუნდებოდა. ძველი ბენზინის სვეტები ჟანგით იყო დაფარული. მიწაზე წყალი გუბეებად დაგროვილიყო და ლამპიონების შუქი მათში რყევით ირეკლებოდა. მარიამმა ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. დისკი ისევ მჭიდროდ ეჭირა. მისი თითები გაყინული იყო. და მაინც, ყველაზე მეტად სხვა რამ აშინებდა. ეს იყო სიჩუმე. მან მოულოდნელად იგრძნო, რომ ვიღაც უყურებდა. ის სწრაფად შემობრუნდა. არავინ. მხოლოდ წვიმა. და ქარი. და მაინც, ინსტინქტი არ ცდებოდა. მარიამმა ბავშვობაში ლუკასგან ერთი რამ ისწავლა - როცა გგონია, რომ მარტო ხარ, მაშინ ყველაზე მეტად უნდა დააკვირდე ჩრდილებს. ძველი მანქანის ძრავის ხმა მოულოდნელად გაისმა. ფარები სიბნელეში გამოჩნდა. დათა იყო. მანქანა ნელა გაჩერდა. -ჩაჯექი, - მოკლედ უთხრა მან. მარიამი მანქანაში ჩაჯდა. კარი მძიმე ხმაურით დაიხურა. რამდენიმე წამი ორივე ჩუმად იყო. საქარე მინის საწმენდები ერთფეროვნად მოძრაობდნენ. ჩხრიალი… ჩხრიალი… ჩხრიალი... -მოგდევდნენ? - ჰკითხა დათამ. -არ ვიცი, - თქვა მარიამმა. - მაგრამ ვგრძნობდი, რომ ვიღაც მიყურებდა.“ დათამ თავი ოდნავ დაუქნია. -ეგ ნიშნავს, რომ უკვე თამაშში ხარ. მან მანქანა დაძრა. ქალაქის განათება ნელ-ნელა უკან დარჩა. ისინი ქალაქგარეთ, მცხეთისკენ მიმავალ გზას გაჰყვნენ. სიჩუმე მხოლოდ მანქანის საქარე მინის საწმენდების ხმას მიჰქონდა. -ბიძაჩემი... - ამოთქვა ბოლოს მარიამმა. - ლუკას ჩანაწერში ეწერა, რომ ის მხოლოდ დარაჯია. დათა, როგორ მოხდა, რომ ჩვენს ოჯახში ასეთი რამ ხდებოდა და ჩვენ ვერ ვამჩნევდით? -ბიძაშენი, გიორგი ახალაია, წლების წინ სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტში მუშაობდა, - თქვა დათამ ისე, რომ გზისთვის თვალი არ მოუცილებია. -ის იყო კაცი, რომელიც “კერავდა”. ტენდერებს. მან შექმნა სისტემა, რომელშიც ახლა ხიდი შენდება. მაგრამ ლუკამ რაღაც სხვა იპოვა. კორუფცია მხოლოდ საშუალებაა. მიზანი გაცილებით ბნელია. მანქანამ ტყისკენ გადაუხვია. ბილიკი ვიწრო იყო. ტოტები საქარე მინას ეხთქებოდა. ზოგი ბზინავდა წვიმის წვეთებისგან. -ეს ხე, ეს ტოტები… ყველას სიფრთხილე გვჭირდება, - ჩუმად თქვა დათამ. მარიამმა იგრძნო, როგორ იძაბებოდა კუნთები. ინსტიქტურად დისკი მკერდთან მიიკრა. უცებ მიხვდა - მისი ცხოვრება რამდენიმე საათში მთლიანად შეიცვალა. მანქანაში მარიამი ფრთხილად იჯდა, ხელებს კვლავ დისკს მაგრად უჭერდა. საქარე მინიდან წვიმის წვეთები ჩამოიშლებოდა, რითაც გზის ნათურები კაშკაშა ვარსკვლავებად იბნეოდნენ. „ლუკას ჩანაწერი… რატომ უნდა ყოფილიყო ასე საშიში?“ - ფიქრობდა მარიამი თავისთვის. „ჩვენი ცხოვრება ყოველთვის წესების მიხედვით ვითარდებოდა. მამა, ბიძა… და ახლა ამ საიდუმლოებით მოცული სისტემა. ყველაფერი შეიცვალა ერთ დისკით, ერთ წამში.“ მან გაიხსენა მისი ბავშვობის დღესასწაული, როცა ლუკა მას სიცილით ეკითხებოდა: „როდის გაიზრდები, მარიამ? დაინახავ, რომ სიმართლე ყველაზე რთული თამაშია.“ ახლა ის სიტყვები ყელში უჭერდა. დათა მანქანას ფრთხილად მართავდა. ის ხვდებოდა, რომ მარიამის გულისცემა მისი სიჩქარის მაჩვენებელი იყო. -შეგიძლია დამშვიდდე, მარიამ. მალე ბილიკს მოვრჩებით, იქ შედარებით უსაფრთხოდ იქნებით. - თქვა დათამ ხმადაბლა, მაგრამ ხმა სავსე იყო დამშვიდებით, რომელიც რეალურად მის საკუთარ თავსაც აძლიერებდა მათ მიაღწიეს პატარა, ქვის სახლს ტყის პირას. შიგნით მხოლოდ ერთი მაგიდა, ორი სკამი და რამდენიმე მონიტორი იდო. დათამ მარიამს მიუთითა, რომ დისკი ჩაერთო. მარიამმა გახსნა დაშიფრული ფაილების მეორე შრე. ამჯერად, გეომეტრიული ნახაზების ნაცვლად, ეკრანზე გამოჩნდა ძველი, გაციფრებული დოკუმენტები 90-იანი წლების არქივებიდან. ეს იყო ინფორმაცია იმ ტერიტორიის შესახებ, სადაც ახლა ხიდი შენდებოდა. -შეხედე, - მარიამმა თითი დაადო რუკას. - ხიდის მე-14 ბურჯი ზუსტად იმ ადგილას დგას, სადაც საბჭოთა დროს საიდუმლო ბუნკერი იყო. ოფიციალურად ის ბუნკერი დაიტბორა და დაიკეტა. მაგრამ ნახე ეს ტრანზაქცია... “მოდულმა 7”-მა ხუთი მილიონი გადარიცხა არა მშენებლობისთვის, არამედ 'გათხრებისა და გაწმენდისთვის'. -ისინი რაღაცას ეძებენ, - ჩაილაპარაკა დათამ. -ხიდი მხოლოდ საფარია, რომ მშენებლობის საბაბით მიწისქვეშა სამუშაოები აწარმოონ ისე, რომ არავინ დაეჭვდეს. ლუკამ ალბათ ნახა, რა გამოიტანეს იქიდან. უცებ, მარიამმა ერთ-ერთ დოკუმენტში ნაცნობი ხელწერა დაინახა. ეს იყო მისი მამის ხელმოწერა. მამა ინჟინერი იყო, რომელიც ოცი წლის წინ „უბედური შემთხვევით“ დაიღუპა იმავე ტერიტორიაზე. -ეს... ეს შეუძლებელია, - მარიამს ხმა ჩაუწყდა. -მამაჩემი იმ ბუნკერის პროექტზე მუშაობდა. ლუკამ ეს იცოდა? ამიტომ წერდა 'სიმართლე შენი სისხლიაო'? სწორედ ამ დროს, მონიტორზე წითელი ნათურა აციმციმდა. გარე სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა სამი მანქანა, რომლებიც შუქების გარეშე უახლოვდებოდნენ სახლს. -როგორ გვპოვეს? - წამოიყვირა მარიამმა. -ტელეფონი ხომ გადავაგდე! დათამ მონიტორს შეხედა, მერე მარიამს. მის თვალებში სინანული და გაოგნება ერთდროულად აირეკლა. -დისკი... - თქვა მან. -ლუკამ დისკში “შუქურა” (ე.წ ლოკაციის განმსაზღვრელი) ჩადო. მას უნდოდა, რომ ისინი მოსულიყვნენ. მას უნდოდა, რომ სიმართლე პირისპირ შეხვედროდა სისტემას. მაგრამ მან არ იცოდა, რომ მე შენთან ერთად ვიქნებოდი. დათამ იარაღი გადატენა. -მარიამ, ახლა სხვა გზა არ არის. უნდა გავიგოთ, რა არის მე-14 ბურჯთან. იქ არის ლუკაც. მე ამას ვგრძნობ. ისინი მას ცოცხალს დაიტოვებდნენ, რადგან მხოლოდ მან იცის, როგორ გააღოს ბოლო კარი.“ კარზე პირველი დარტყმა გაისმა. სახლის შუშები ჩაიმსხვრა. დათამ მარიამი იატაკზე დააწვინა და საპასუხო ცეცხლი გახსნა. ომი, რომელიც ციფრულ სამყაროში დაიწყო, ახლა ფიზიკურ ხორცშესხმას იძენდა. —— მოგესალმებით მეგობრებო, ძველი ნიკით ვეღარ შემოვედი და ამ ნიკით ვდებ ამ ისტორიას. ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის. ვერ მოვიცალე სწავლის გამო. მადლობა ვინც კითხულობთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


